კვირის იარაღი – Colt Python

April 28th, 2017

Python_1

1955 წელს სამი მნიშვნელოვანი რამ მოხდა რევოლვერის მოყვარლთათვის, კოლტმა განაახლა ლეგენდარული „პისმეიკერების“ წარმოება, სმიტ&ვესონმა გამოუშვა .44 მაგნუმის კალიბრის რევოლვერი მოდელი 29 და მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა ისევ კოლტს უკავშირდება, რომელმაც ამ წელს გამოუშვა რევოლვერი, რომელიც ისევე არის ასოცირებული .357 მაგნუმთან როგორც სმიტ&ვესონის მოდელი 29 არის ასოცირებული .44 მაგნუმთან. თუ ჯერ ვერ მიხვდით, 1955 წელს კოლტმა დაიწყო სახელგანთქმული კოლტ „პიტონის“ წარმოება.  წოდებული იარაღის მოყვარულების მიერ, როგორც „როლს&როისი“ რევოლვერებს შორის სინამდვილეში კოლტის ისტორიკოსმა რ.ლ. ვილსონმა მას უფრო მოკრძალებულად უწოდა „როლს&როისი“ კოლტის რევოლვერებს შორის, ხოლო  იარაღების ცნობილი ისტორიკოსი იენ ჰოგი მას უწოდებდა საერთოდ ყველა დროის ყველაზე საუკეთესო რევოლვერი.  

იდეა „პიტონის“ შექმნის ეკუთვნის კოლტის ერთ-ერთ მსხვილ დილერს, რომელიც აკვირდებოდა როგორ აუმჯობესებდნენ მსროლელები არსებული კოლტის რევოლვერებს და მან ჩათვალა, რომ მძიმე, ძლიერი მაღალი ხარისხის სერიული წარმოების რევოლვერი საასპარეზო იარაღის თვისებებით კარგად გაიყიდებოდა თუნდაც, ძალიან მაღალი ფასის მიუხედავად. კოლტში იდეა მიჩნეულ იქნა როგორც პერსპექტიული და ახალი რევოლვერის შექმნაზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა კოლტის გამოცდილი კონსტრუქტორ ელ გიუნტერი.   აგებული .38 კალიბრის ოფიცრის საასპარეზო მოდელის (Officers Match Model) ბაზაზე, „პიტონის“ („პიტონი“ იყო მეორე რევოლერი კოლტის რევოლვერების სიაში გველის სახელწოდებით, .38 კალიბრის „კობრას“ შემდეგ და ლეგენდის თანახმად ამ სახელის იდეა ეკუთვნოდა კოლტის იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს ფილ შვარცს) კონსტრუქცია იყო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და გაძლიერებული იმისთვის, რომ რევოლვერს გაეძლო უფრო ძლიერი კალიბრისთვის, რომელიც უნდა ყოფილიყო ავი .357 მაგნუმი, ხოლო ის ფაქტი რომ ასევე შეასძლებელი იქნებოდა უფრო სუსტი და იაფი .38 „სპეშელის“  გამოყენება კოლტის მარკეტოლოგების აზრით გაზრდიდა რევოლვერის უნივერსალურობას და შესაბამისად ხელს შეუწყობდა კარგ გაყიდვებს. გაძლიერდა ჩარჩოს კონსტრუქცია, ფირფიტა რომელშიც გადიოდა დამრტყმელი (ამჯერად განთავსებული ჩარჩოში და არა ჩახმახზე) ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან და გახდა ჩარჩოს განუყრელი ნაწილი, გასქელდა ლულა, რომელზეც შესრულდა დოლურას ღერძის სრული სისქის გარსაცმი და დამატებით ლულის ზევიდან, სპეციფიური იერსახის თამასა სავენტილაციო ნასვრეტებით, რაც გახდა „პიტონის“ დიზაინის ყველაზე თვალში საცემი ელემენტი. აღნიშნული თამასის გაჩენა რევოლვერზე მისი კონსტრუქტორების განმარტებით გაჩნდა მხოლოდ, როგორც ესთეტიური დეტალი და არანაირი პრაქტიკული დატვირთვა მას არ ქონდა.  ცხადია როლს&როისის სტატუსს ეს რევოლვერი ასე ტყვილ-უბრალოდ ვერ დაიმსახურებდა. რევოლვერი იყო დახვეწილი კონსტრუქციის და უმაღლესი შესრულებით. კოლტს დაჭირდა ახალი დაზგების შეძენაც, რომლებიც შეძლებდნენ რევოლვერის რთული გეომეტრიის დეტალების დამზადებას უჟანგავი ფოლადის ნაჭრებისგან, იმიტომ რომ არსებული დაზგები ნაადრევად იცვითებოდნენ. ყველა დეტალი იყო გაპრიალებული, როგორც გარედან ისე შიგნიდან. „პიტონებს“ აწყობდნენ მხოლოდ საუკეთესო ოსტატები, რომლებსაც ჭირდებოდათ ჩვულებრივზე უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ აეწყოთ და შეემოწმებინათ ეს რევოლვერი. პირველი ორი წლის განმავლობაში „პიტონებს“ აწყობდა მხოლოდ ორი ოსტატი, რის გამოც 1955 წელს აიწყო მხოლოდ ერთი, ხოლო მომდევნო წელს მხოლოდ 300 რევოლვერი. ასევე „პიტონზე“ კოლტმა პირველად გამოიყენა დაფარვა, რომელსაც მათ უწოდეს “Colt Royal Blue”. რევოლვერი პრიალდებოდა მანამდე სანამ ზედაპირი არ ხდებოდა სარკესავით პრიალა, ისევე როგორც მაშინ როდესაც ხდებოდა იარაღის ნიკელით დაფარვის დროს მაგრამ ამის ნავლად ხდებოდა პიტონების ოქსიდირება. ყველაფერი ამის შედეგად, „პიტონი“ გახდა პრაქტიკულად სერიული წარმოების შეკვეთით დამზადებული იარაღი, შეუდარებელი ყურადღებით დეტალებისადმი. ოქსიდირებას მალევე დაემატა ნიკელით დაფარვა, ხოლო უკანასკნელი შემდგომ შეიცავალა უჟანგავი ვარიანტით სამი შესრულებით, „მქრქალი“, „გაპრიალებული“ და „ელიტარული გაპრიალება“. ლულების სიგრძის მიხედვით გამოდიოდა 2.5-ინჩიანი (6.4 cm), 3-ინჩიანი  (7.6 cm), 4-ინჩიანი  (10 cm), 6-ნინჩიანი  (15 cm) და 1980 წლიდან 8-ინჩიანი (20 cm) მოდელები საიდანაც 3 ინჩიანი მოკლე „პიტონი“ არის შედარებით იშვიათი. ხელმისწვდომი იყო ასევე გრავირებული მოდელები, ყველაზე უბრალოს ფასი ორჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე სტანდარტული შესრულების რევოლვერის და შემდგომ ფასი უკვე შეზღუდული იყო დამკვეთის ფანტაზიით. კოლტი სხვადასხვა დროს ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა კალიბრის „პიტონებით“, მაგრამ სერულად ის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ორ კალიბრში, თავდაპირველ „.357 მაგნუმში“ და შემდგომ მოკრძალებულ „.38 სპეშელში“.  საასპარეზო იარაღის „ჟანრის ტრადიციებიდან“ გამომდინარე „პიტონს“ ასევე ქონდა საუკეთესო სასხლეტი, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ მხოლოდ შეკვეთით, ინდივიდუალური წესით დამზადებულ იარაღში. ყველაფერი ამის წყალობით „პიტონი“ გარდა იმისა, რომ გახდა კომერციულად წარმატებული კოლტის პროექტი, ის ასევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი იარაღი ისტორიაში.

ცნობილი ექსპერტი და რევოლვერების დიდი ქომაგი მასად აიუბი ხსნის „პიტონის“ პოპულარობას სამი ფაქტორით: სიზუსტე; ბალანსი; შესრულება. მისი აზრით „პიტონი“ იყო (და ალბათ არის), ყველაზე ზუსტი .357 კალიბრის ხელის იარაღი, რაც მიღწევა მაღალი ხარისხის ლულით და ოპტიმალური ტვისთით (1:14), რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ სიზუსტეს, როგორც „რბილ“ საასპარეზო ასევე „ცხელ“ თავდაცვით მუხტებთან. გარდა ამისა კოლტის მექანიზმი უზურნველყოფდა დოლურას საიმედო ფიქსაციას ლულასთან მიმართებაში და ტყვიის “გადასვლას” სავაზნიდან ლულაში ერთნაირად გასროლიდან გასროლამდე.  წონის განაწილება და ქარხნულად დაყენებული მძიმე ლულა, უზრუნველყოფს კარგ ბალანსს და წონის გადანაწილებას, რომელიც კარგად შთანთქავს უკუცემას. რევოლვერის შესრულებაზე უკვე გიამბეთ და რამის დამატება ზედმეტია.

მიუხედავად მაღალი ფასისა, რის გამოც მხოლოდ რამდენიმე პოლიციიის სამსახურმა შეიძინა „პიტონები“, მოთხოვნა ამ რევოლვერზე სამოქალაქო ბაზარზე იყო იმდენად მაღალი, რომ კოლტის პრეზდიდენტის ელ ვერნერის სიტყვებით, მოთხოვნა „პიტონზე“ ვერ დაკმაყოფილდებოდა, თუნდაც კომპანიას ორჯერ გაეზარდა მისი წარმოება.

„პიტონის“ წარმოება გრძელდებოდა 2000-ან წლებამდე, სანამ კოლტის ახალი ხელმძღვანელი არ გახდა ყოფილი გენერალი უილიამ კეისი. მან  (შეცდომით) გადაწყვიტა გადაეტანა მთელი ფოკუსი სამხედრო და სახელმწიფო კონტრაქტებზე და ამიტომაც მნიშვნლოვნად შეამცირა სამოქალაქო იარაღების ნომენკლატურა. „პიტონის“, „ანაკონდას“ და „პისმეიკერის“ წარმოება შეწყდა.  თუმცა მას მერე, რაც „პიტონის“ სერიული წარმოება შეწყდა, ის 2004 წლამდე კვლავ მზადდებოდა შეკვეთით, მცირე რაოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც 50-ნი წლების სტანდარტებით, როდესაც ხელით მუშაობა იყო ნორმამ  „პიტონი“ითხოვდა მეტ შრომას და მაღალი კვალიფიკაციის ოსტატებს, ნაკლებად სავარაუდოა როდესმე აღდგეს ამ რევოლვერის წარმოება, ამიტომ დღეს ეს რევოლვერი არის საკოლექციო იარაღი და მისი ფასი აშშ-ში იწყება 2000 დოლარიდან ყველაზე გავრცელებულ მოდელებში და ადის 7-8 ათასამდე შედარებით იშვიათ სტანდარტულ მოდელებზე. ცხადია გრავირებული და არასტანდარტული მოდელების ფასი გაცილებით მაღალია.  

კოლტ „პიტონი“ უდაოდ არის ლეგენდარული ისტორიული იარაღი და კარგი მაგალითი, რისი მიღწევის შესაძლებლობა ქონდა ამერიკის იარაღის წარმოებას გასული საუკუნის 50-ან, 60-ან წლებში  და რამდენად მაღალი იყო წარმოების კულტურა ამ ქვეყანაში და თუ გნებავთ განასახიერებს, იმას რაც ასე ძალიან აკლია იარაღის თანამედროვე წარმოებას.

rickclint

 

თუ .44 მაგნუმი ყოველთვის იქნება ასოცირებული სმიტ&ვესონის მოდელ 29-თან და კლინტ ისტვუდის განსახირებულ ბინძურ გარისთან, .357 მაგნუმი ასოცირებულია კოლტ „პიტონთან“ და ალბათ რიკ გრაიმსთან სერიალიდან Walking Dead.

სამოქალაქო იარაღი სახელმწიფო სამსახურში

April 27th, 2017

შეიარაღების უნიფიკაცია ყოველთვის იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ყველა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის და ისტორიის ნებისმიერ პერიოდში. რაც უფრო მცირეა შეიარაღების სისტემების რაოდენობა და კალიბრების ნომენკლატურა მით უფრო მარტივი და იაფია ჯარის მომარაგება და ამ სისტემების ათვისება.  მეირაღეების, ინსტრუქტორების და სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაც ნაკლებ დროს და ფულს ითხოვს. ახალი შეირაღების და კალიბრის მიღება ან თუნდაც არსებული მოდიფიცირება ხშირად უკავშირდება,  როგორც დიდი ხარჯებს ასევე მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას, იმიტომ რომ ახალი იარაღი უნდა გამოიცადოს ყველა პირობებში, სათანადოდ შემოწმდეს და ამის შემდეგ იწყება იარაღის მიწოდება საბრძოლო ნაწილებში. ყველაფერი ეს ემსახურება ორ მიზანს, მოხდეს თანხების მაქსიმალური დაზოგვა ხოლო ჯარისკაცმა მიიღოს მუშა სისტემა, რაც მისცემს მას საშუალებას შეასრულოს საბრძოლო დავალებები იმ პირობებში რა პირობებშიც ქვეყანა გეგმაბს მომავალი ომების წარმოებას. ამიტომაც როგორც წესი სამხედრო იარაღი ხასიათდება სიმარტივით, გამძლეობით და უნივერსალურობით. სწორედ ასეთი მიდგომა ასევე განაპირობებს სამხედროების ტრადიციულ კონსერვატიზმს, როდესაც საქმე ეხება ახალ შეიარაღებას. რატომ უნდა შეცვალო რამე თუ ის ისედაც მუშაობს? როგორც წესი ჯარში ცეცხლსასროლი იარაღი მსახურობს რამდენიმე ათწლეული.  მაგალითისთვის გადახედეთ აშშ-ის შეიარაღებული ძალების  ცეცხლსასროლი იარაღის   ნომენკლატურას. ძირითადი მსხვილკლაიბრიანი ტყვიამფრქვევი ბრაუნინგის კონსტრუქციის M2,  შეიარაღებაშია 1918 წლიდან. M16/M4 შეიარაღებაშია ნახევარ საუკენეზი მეტი, ბერეტტა 92, შეიარაღებაშია პრაქტიკულად ცვლილებების გარეშე 30 წელზე მეტი და მხოლოდ ეხლა იცვლება ზი-ზაუერის წარმოების პისტოლეტით.  რუსული ჯარი? იგივე მდგომარეობა. პრაქტიკულად ნებისმერ ჯარში ეს ტენდეცნია სახეზეა. თუ ჯარი რამეს ყიდულობს ის ამას ყიდულობს ბევრს და დიდიხნით. ამის უკან დგას როგორც უკვე აღვნიშნე სერიოზული არგუმენტები მათ შორის ფინანსური. ცხადია ამის გამო ჯარისკაცი ყოველთვის არ იღებს საუკეთესო იარაღს რაც არსებობს, ხანდახან ის იარაღი არ არის საკმარისი იმისთვის რომ საბრძოლო დავალებები შესრულდეს იმ პირობებში რა პირობებზეც სამხედრო ანალიტიკოსებს არ უფიქრიათ და მაშინ ჯარისკაცი იძულებულია მიმართოს იმპროვიზაციას იმისთვის რომ გადარჩეს.

საჭირო იარაღის დამზადება ხდება საკუთარი ძალებით არსებული საშუალებებისგან ან საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში ხდება სამოქალაქო იარაღის გამოყენება. უმეტეს წილად ბრძოლის ველზე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა ხდება ტაქტიკის შეცვლით/ადაპტაციით და უფრო იშვიათად ადგილზე „ჰიბრიდული“ შეიარაღებების შექმნით. კიდე უფრო იშვიათად ხდება სამოქალაქო იარაღის შეძენა და სწორედ რამდენიმე ასეთ ისტორიაზე მოგიყვებით ამ სტატიაში. ცხადია ჩვენ არ შევეხებით იმ დროს როდესაც ჯერ შეიარაღება არ იყო უნიფიცირებული და მისი მიწოდება იყო დივერსიფიცირებული და არ არსებობდა მკაფიო ზღვარი სამოქალაქო და სახმედრო იარაღს შორის. ამ სტატიის შინაარსიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადეგსნ ის შემთხვევები, როდესაც ხდებოდა გამონაკლისების დაშვება და სამოქალაქო იარაღის სახელმწიფო სამსახურში აყვანა, ვინაიდან ყოველი ასეთი შემთხვევა განპირობებული იყო უნიკლაური გარემოებებით და ეს ისტორები ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ყველასთვის ვინც დაინტერესებულია იარაღის ისტორიით და ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღით.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ სამოქალაქო იარაღის არსენალიდან სამხედროებს პირველ რიგში დააინტერესებდათ იარაღი, რომელიც იქმნება ზუსტი სროლისთვის. სნაიპინგი შეიარაღებულ ძალებში ყოველლთვის იყო არასასურველი თემა განხილვისთვის და ხშირად მშვიდობიან და ომის დროსაც სარდლობა და სამხედრო ბიუროკრატია განგებ გვერდს უვლიდა ამ თემას. სნაიპერებს იმ დროს მეტ წილად გაწვეული უბრალო გლეხებით თუ მუშებით დაკომპლექტებულ ჯარებში უყურებდნენ, როგორც მკვლელებს. სნაიპერების როლი საბრძოლო მოქმედებებში არ იყო სათანადოდ შეფასებული, შესაბამისად შეიარაღების და ტაქტიკის განვითარების მხრივ სამხედრო სნაიპინგი ისე განვითარებული არ იყო როგორც თუნდაც ზუსტი სპორტული სროლა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, პირველად წარმოიშვა სერიოზული მოთხოვნა მსროლელებზე, რომლებიც შეძლებდნენ პრიორიტეტული სამიზნეების განადგურებას ისევე როგორც დაუპირისპირდებოდნენ უფრო კარგად მომზადებულ და გაწვრთნილ გერმანელს სნაიპერებს. გერმანელები აღმოჩდნენ უკეთ მომზადებულები ასეთი ტიპის საბრძოლო მოქმედებებისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ნადირობა ცხოველზე გაცილებით უფრო გავრცელებული იყო გერმანიაში ვიდრე დიდ ბრიტანეთში (სადაც ნადირობა იყო ზედა/მდიდარი კლასის პრივილეგია) და საფრანგეთში. გარდა ამისა გერმანიას ქონდა შედარებით განვითარებული ოპტიკური წარმოება, რამაც მისცა მათ საშუალება მიეწოდებინა ჯარისთვის საკმარისი რაოდენობით ოპტიკით აღჭურვილი შაშხანები. გერმანელები ასევე იყენებდნენ დახვეწილ და ეფექტურ ტაქტიკას, მათ შორის ისეთ, რომელიც გულისხმობდა ფოლადის სქელი ფილების გამოყენებას, რომელსაც ამოფარებულა იყო სნაიპერი. ეს ფილები თავსდებოდა სხვადასხვა ადგილებში თავდაცვითი ნაგებობებებზე და სნაიპერები იყენებდნენ მათ სასურველ დროს. ხანდახან ფილის შუაში იყო შესრულებული ნასვრეტი მოძრავი დამცავი ფარით, რომელშიც ეტეოდა შაშხანის ლულა. ასეთ ფილას შაშხანის ტყვია ვერ ხვრიტავდა, ხოლო ზუსტად ნასვრეტში სროლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუ არა მხოლოდ ძალიან ახლო მანძილიდან. სნაიპერები და ფილები განლაგებულები იყვნენ ისე რომ ცეცხლის წარმოების კუთხეებით ფარავდნენ ერთმანეთის პოზიციებს. საარტილერიო ჭურვები იყო დეფიციტში ორივე მხარეს და ამიტომაც „ფილების“ გამოყენება ძალიან ეფეტქური გამოდგა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად ბრიტანეთის ომის სამინისტრომ შეიძინა 62 მსხვილკალიბრიანი სანადირო შაშხანა. .450 დან .600 კალიბრამდე შექმნილი მსხვილ ცხოველებზე სანადიროდ (ე.წ. „აფრიკული ან სპილოს შაშხანები). ნაწილი სანადირო შაშხანების გადასცეს ჯარს სამოქალაქო პირებმა, ზოგი ოფიცერი ომობდა საკუთარი შაშხანით მათ შორის მაიორი ფრედერიკ კრუმი, სამხედრო სნაიპინგის ერთ-ერთი პიონერი, რომელიც ხელმძღვანელობდა მის მიერ შექმნილ სნაიპერების სპეციალურ დანაყოფს. კრუმი შეიარაღებული იყო .333 Jefrey კალიბრის შაშხანით, რომელიც მან იყიდა საკუთარი სახსრებით ლონდონში ხოლო მისი სნაიპერები იყენებდნენ მსხვილკალიბრიანი „სპილოს შაშხანების“ მთელ ასორტიმენტს. ტყვია ნასროლი ასეთი იარაღიდან უპრობლემოდ ხვრიტავდა გერმანულ რკინის ფილებს. დროებით პრობლემა გადაწყვეტილი იყო, მანამ სანამ გერმანელები არ მიხვდნენ რომ მათ წინააღმდეგ ხდებოდა ახალი იარაღის გამოყენება და არ შეცვალეს ფილების გამოყენების ტაქტიკა რა დროსაც იყენებდნენ ორ ფილას და მათ შორის სიცარიელე ივსებოდა მიწით. ბუნებრივია „სპილოს შაშხანების“ გამოყენების ეფექტურობაც შემცირდა. იმავე პერიოდში ოფცრები აგრძელებდნენ ძველ ტრადიციებს და ომობდნენ საკუთარი იარაღით. პირველი სნაიპერები იყენებდნენ კომერციულ სანადირო კარაბინებს, ამჯერად მტრის ჯარისკაცებზე სანადიროდ. ხდებოდა ასევე სანადირო კარაბინებსი და განსაკუთრებულად ოპტიკური სამიზნეებით აღჭურვილი კარაბინების რეკვიზირება მოსახლეობიდან და ეს იარაღები პირდაპირ იგზავნებოდა ფრონტზე. ასე გერმანელებმა პირველი მსოფლიო ომის პირველ ნახევრაში შეაგროვეს 10 000-ზე მეტი სანადირო მათ შორის ოპტიკით აღჭურვილი შაშხანები, მაგრამ მათი უმეტესობა ვერ უძლებდა საბრძოლო პირობებში ექსპლუატაციას და სიცოცხლე მათი საბრძოლო ნაწილებში არ იყო ხანგრძლივი. თავისთავად ცხადია იარაღების ჩაბარება ხდებოდა ასევე ნებაყოფლობით, შეძლებული მოქალაქეების მხრიდან. პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებების პირობებმა წარმოშვეს უნიკალური მოთხოვნები, რაც დაკმაყოფილდა ასეთივე უნიკალური ტექნიკის, აღჭურვილობის, შეიარაღების და ტაქტიკის გამოგონებით. შეიძლება ითქვას რომ უშუალოდ ამ კონფლიქტმა წარმოშვა მოთხოვნდა და დაადასტურა სამხედრო სნაიპინგის  სარგებლიანობა. გამომდინარე კულტურიდან, ტრადიციებიდან და იმ ფაქტიდან რომ ევროპაში მხოლოდ გერმანიას გააჩნდა განვითარებული ოპტიკური წარმოება, ეს ქვეყანა შედარებით მომზადებული აღმოჩნდა და კარნახობდა მოდას სამხედრო სანიპინგის ტაქტიკაში და შეიარაღებაში. ასევე აღსანიშნავია ის რომ დიდი ბრიტანეთი თავის მხრივ აღმოჩნდა მოუმზადებელი, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდიხნის წინ ბურებთან ომში მათ განიცადეს დიდი დანაკარგები ბურების ზუსტი მსროლელებისგან. ფრედერიკ კრუმი მონაწილეობდა ბურების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში და დაიჭრა კიდევაც.

drawing_of_british_officers

ბრიტანელი ოფიცრის ნახატი, ხელში მას უკავია სავარაუდოთ ჯეფრი ფარქუარსონის ცალ მუხტიანი სანადირო შაშხანა.

1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონური ავიაცია თავს დაესხა აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მთავას ბაზას, პირლ ჰარბორში, ჰავაის კუნძულებზე. თავდასხმა იყო მოულოდნელი, მას მოყვა დიდი მსხვრპლი და ზიანი ამერიკელების მხრიდან და აშშ იძულებულია გახდა უშუალოდ ჩართულიყო მეორე მსოფლიო ომში. საჰაერო თავდასხმის და კუნძულების აკვატორიაში წყალქვეშა ნავების გამოჩენის შემდეგ, მოსახლეობა შიშით ელოდებოდა იაპონელების დესანტს. სწორედ ამ დროს საჭირო გახდა სანაპირო დაცვის პერსონალის შეიარაღება და ამიტომაც სასწრფაო წესით შესყიდულ იქნა 12 კალიბრის „პომპები“, რომლებიც იყიდებოდა კუნძულებზე იარაღის მაღაზიებში. აღნიშნული ტიპის იარაღს ამერიკული ჯარი და პოლიცია წარმატებით იყენებდა უკვე საკმაოდ დიდი ხანი და ამიტომაც იარაღის ათვისებასთან არანაირი პრობლემა არ იყო. მოთხოვნა 12 კალიბრის თოფებზე ომის მომდევნო თვეებში და წლებში იმდენად გაიზარდა, რომ მწარმოებლები საჭირო კონფიგურაციის იარაღებს აწყობდნენ საწყობებში სამოქალაქო ბაზრისთვის განკუთვნილი დეტალების მარაგების გამოყენებით, რის გამოც ფრონტზე მოხდა საკმაოდ ბევრი თოფი გრავირებული სალულე კოლოფებით და ხის, სანადირო ფურნიტურით. რაიმე კონკრეტულ მოდელს უპირატესობა არ ენიჭებოდა, თავდაცვის უწყება ყიდულობდა ყველაფერს რაზეც ხელი მიუწვდებოდა, მაგრამ ოფიციალურად დართული იყო ნება „ვინჩესტერების“, „რემინგტონების“, „იტაკების“ და „სტივენსების“ შეძენაზე. აღსანიშნავია, რომ საბრძოლო მოქმედებების თეატრზე თოფი დამხმარე იარაღის როლს ასრულებდა და ხშირად ამ იარაღებით იარაღდებოდნენ დამხმარე, არასაბრძოლო ან სადარაჯო ნაწილები მაშინ როდესაც წყნარი ოკეანეს საბრძოლო თეატრზე, ტროპიკული ჯუნგლებში ბრძოლისას 12 კალიბრის თოფი ისევე ინტენსიურად გამოიყენებოდა, როგორც სხვა ცეცხლსასროლი იარაღის სისტემები.

1987 წელს პალესტინური ინტიფადას დროს, ისრაელის შეიარაღებულ ძალებს დაჭირდა იარაღი, რომლითაც ის საპროტესტო აქციების დაშლისას გაუმკლავდებოდა ყველაზე აქტიურ და აგრესიულ მომიტინგეებს და მეამბოხეებს. ამ მიზნებისთვის ჩაითვალა, რომ გაამოდგებოდა .22lr კალიბრის იარაღი და შესაბამისად შესყიდულ იქნა სამოქალაქო Ruger 10/22-ების პარტია. კარაბინები იყო აღჭურვილი საპრესორით, 4x ოპტიკით და Harris-ის ორფეხათი. თავდაპირველად იარაღს მიენიჭა „ნაკლებად ლეტალური“ იარაღის სტატუსი (რამაც დააყენა ცეცხლსასროლი იარაღი ერთ რიგში მაგალითად პნევმატურ იარაღთან რომელიც რეზინის ბურთებს ისროდა), მაგრამ სულ მალე აღმოჩნდა, რომ .22lr-ის მოხვედრის შედეგად სიკვდილიანობა პალესტინელებს შორის საკამოდ მაღალი იყო. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს რომ ამ კალიბრის ტყვია შეღწევისას ტოვებს ძალიან უმნიშვნელო ჭრილობას, მაგრამ უკვე შიგნით განიცდის დეფორმაციას და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ქსოვილებს რაც იწვევს ინტენსიურ შიდა სისხლდენას. როგროც ჩანს პალესტინლებისთვის  და მათი ექიმებისთვის ამ ახალი იარაღის გამოყენება ერთგვარი არასასიამოვნო სიურპრიზი იყო და სწორი მკურნალობის არ არსებობის პირობებში მსხვერპლიც დიდი იყო. ამის გამო ჯერ იარაღს „ჩამოერთვა“ „ნაკლებად ლეტალური“ იარაღის სტატუსი და ერთი პერიოდი მისი გამოყენება საერთოდ შეწყდა, მაგრამ შემდგომ ისევ განახლდა და ამჯერად ისრაელის ჯარი და პოლიცია იყენებს რუგერის ტაქტიკურ, SR-22 ტიპის 10/22-ის მოდიფიკაციას.

sr22isr

“ტაქტიკური” რუგერით შეიარაღებული ებრაელი ჯარისკაცი.

1997 წელს აშშ-ში მოხდა შემთხვევა რომელმაც ძირეულად შეცვალა ხედვა პოლიციურ შეიარაღებაზე. 28 თებერვალს, ორი კარგად შეიარაღებული მძარცველი თავს დაესხა ლოს-ანჯელესში „ამერიკის ბანკის“ ფილიალს. როდესაც ფილიალს ალყა შემოარტყა გამოძახებაზე მოსულმა  პოლიციამ, მძარცველებმა მიიღეს არასტყანდარტული გადაწყვეტილება და იმის მაგივრად რომ მძევლად აეყვანათ ბანკის პერსონალი და კლიენტები ან უბრალოდ დანებებულიყვნენ, ისინი უბრალოდ გამოვიდნენ გარეთ და პირდაპირ შეუტიეს პოლიციელებს. ორივე მძარცველი იყო ჩაცმული ხელნაკეთ ჯავშანში, რომელიც იცავდა ზედა ტანის უმეტეს ნაწილს და იწონიდა 18 კილოგრამს. მძარცველები ასევე შეიარაღებულები იყვნენ ავტომატური შაშხანებით და დიდი ტევადობის მჭიდებით. მათი შეტავა დასრულდა 40 წუთში, რა დროსაც ორივე მხრიდან გასროლი იყო 2000-მდე ვაზნა. ორივე მძარცველი მოკლულ იქნა, დაიჭრა 20 ადამიანი. ჯავშანმა დაიცვა ორივე მძარცველი პოლიციელების ცეცხლისგან, რომლებიც ისროდნენ სტანდარტული 9მმ-ნი პისტოლეტებიდან, .38 კალიბრის რევოლვერებიდან და 12 კალიბრის თოფებიდან. ნაწილი პოლიციელების იძულებული იყო შევარდნილიყვნენ ახლომდებარე იარაღების მაღაზიაში და გამოეტანათ იქიდან სამოქალაქო AR-15-ები და სხვა კარაბინები, მაგრამ ამასობაში ერთმა დაჭრილმა მძარცველმა თავი მოიკლა ხოლო მეორე მოკლეს SWAT-ის ოპერატორებმა, რომლებმაც მანამდე რეკვიზირება გაუკეთეს დაჯავშნულ სატვირთო მანქანას. ზუსტად ერთ თვეში ამ შემთხვევიდან, ომაჰას პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიციელების AR-15-ით შეიარაღებაზე. სახსრების უქონლობის გამო ომაჰას პოლიციელებმა იყიდეს შაშხანები და ვაზნები თავისი ფულით. ამ ინციდენტიდან 7 თვის შემდეგ უკვე აშშ-ის თავდაცვის უწყებამ გადასცა ლოს-ანჯელესის პოლიციას 600 M-16A1 ტიპის შაშხანა, რომელიც განაწილდა საპატრულო ეკიპაჟებს შორის. მას შემდეგ .223 კალიბრის შაშხანა გახდა სტანდარტული შეიარაღება პრაქტიკულად ყველა პოლიციურ სამსახურში აშშ-ში.

90-ნი წლები დასაწყისში, არასრულყოფილად მომზადებული და ეკიპირებული რუსული სპეც-დანიშნულების რაზმები მოხვდნენ ჩეჩენ მეამობოხეების წინააღმდეგ მათთვის უჩვეულო ტიპის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული. სულ მალე საბრძოლო მოქმედებებმა გადაინაცვლა მიმდებარე რესპუბლიკებზე, სადაც ერთი მეორეს მიყოლებით მასშტაბური ტერორისტული აქტები მოხდა. სპეც-დანიშნულების რაზმებს სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ნამდვილი სნაიპერული სისტემა და არა მისი ერზაც-ვარიანტი СВД-ს სახით. ადგილობრივი წარმოებები ცდილობდნენ ახალი სისტემის შექმნას მაგრამ დიდ წარმატებას ამ პროცესში ვერ მიაღწიეს ვინაიდან ზუსტი და საიმედო შაშხანის მასობრივი წარმოება მოძველებული მანქანა-დანადგარებით, მაღალი კვალიფიკაციის ოსტატების ნაკლებობის და დაბალი წარმოების კულტურის გამო იყო შეუძლებელი. ისევე შეუძლებელი გამოდგა სნაიპერული, გაუმჯობესებული სიზუსტის ვაზნის მასობრივი წარმოება საშტატო СВД-თვის, რის გამოც ჩეჩნეთში სნაიპერებს ამ ვაზნების არსებობის შესახებ არც სმენიათ ხოლმე. გარდა ამისა კორუფციის მაღალი დონის გამო სულაც არ იყო გარანტირებული, რომ თუნდაც წარმატებული პროექტი მიღებული იქნებოდა შეიარაღებაში. არა და  იარაღი საჭირო იყო უკვე ეხლა და დრო ბიუროკრატიული, კორუფციული და სხვა ბარიერების დასაძლევად უბრალოდ არ იყო. სწორედ ამ დროს ჯარში “გაწვეულ” იქნა საბჭოთა სპორტული ცალმუხტიანი შაშხანა МЦ-13, რომელიც საბრძოლო დანაყოფებში საკუთარი ძალებით ადაპტირებული იყო სნაიპინგისთვის. ბუნებრივია ცალმუხტიანი სპორტული შაშხანის გამოყენება იყო იძულებითი ზომა და ეს არ გადაწყვიტავდა პრობლემას ისევე, როგორც მცირე რაოდენობით პრაქტიკულად ცალობით შეიარაღებაში მიღებული CВ-98 და МЦ-116 და ამიტომაც მალე სპეც-დანიშნულების ნაწილებში ჩნდება კომერციული ზუსტი შაშხანები, რომლებსაც მებრძოლები ყიდულობდნენ იარაღის მაღაზიებში საკუთარი სახსრებით ან მაგალითად შაშხანებს ჩუქნიდნენ ნაწილებს მათი წარმატებული ფინანსური თვალსაზრისით ვეტერანები. ეს გასაკვირი არ არის, რუსეთში სამართალდამცავები და მათი სპეცრაზმები  იყვნენ მჭიდრო კავშირში კრიმინალურ წრეებთან, სადაც ძალოვნების მხრიდან მფარველობა ძალიან ფასობდა. იყო ისეთი შემთხვევებიც როდესაც სპეც-დანიშნულების რაზმების მებრძოლები ასრულებდნენ კრიმინალური ავტორიტეტების პირადი დაცვის ფუნქციას ან მონაწილეობდნენ კრიმინალურ გარჩევებში. ბუნებრივია ამ ნაწილების დატოვებისას ნაწილი ვეტერანების აგრძელებდა „სამეწარმეო“ საქმიანობას და გამდიდრების შემდეგ თავის „ალმა მატერს“ არ ივიწყებდა. პრაქტიკა სამოქალაქო იარაღების შეძენის ფართოდ იყო გავრცელებული სპეც-დანიშნულების ნაწილებში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილებში რომლებიც შედიოდნენ შინაგან-საქმეთა სამინისტროს და სპეც-სამსახურების დაქვემდებარებაში. შეიარაღებულ ძალებში არსებული რეგულაციების და შეზღუდვების გამო კვლავ ხმარობდნენ სნაიპინგისთვის გამოუსადეგარ СВД-ს და წლების გაანმავლობაში იკავებდნენ ბოლო პოზიციებს რუსეთში უწყებებს შორის ჩატარებულ ზუსტი სროლის შეჯიბრებებში. 2011 წელს თავდაცვის უწყებამ ოფიციალურად შეიძინა რამდენიმე ერთეული ავსტრიული Steyr-Mannlicher-ის წარმოების მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა, თუმცა ძვირადღირებული უცხოური წარმოების შაშხანებით ყველაზე განებივრებული იყო რუსეთის წამყვანი სპეც-დანიშნულების რაზმი „ალფა“. „ალფას“ დანაყოფებს ასევე ამარაგებდა ამ ნაწილის ვეტერანთა ასოციაცია. უპირატესობა ენიჭებოდა SAKO TRG-ს, თუმცა სხვა ტიპის შაშხანებიც ხვდებოდა სპეც-რაზმებში.  მოგვიანებით სხვა გამოსავლის არ არსებობის გამო, რუსეთი იძულებული გახდა პრაქტიკულად შეიარაღებაში მიეღო დასავლური წარმოების შეიარაღების მთელი სპექტრი, რომელშიც შედიოდა როგორც ზუსტი შაშხანების ასევე პისტოლეტები და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები.  დიდი ნაწილი ამ იარაღის უწყებებების არსენალებიდან პირდაპირ მოხვდა შავ ბაზარზე. მაგალითად რუსეთის ცენტრალურ ოლქებში შესაძლებელია გლოკის სისტემის პისტოლეტის შეძენა 1500-2500 დოლარის ფარგლებში, H&K MP-5 დაჯდება 5000 დოლარამდე, გააჩნია რამდენი შუამავალი იქნება ჩართული ამ იარაღის შეძენის პროცესში, მაგრამ თუ იცნობ საჭირო ხალხს, იყიდი ნებისმიერ იარაღს, რომელიც დგას რუსეთის ჯარის, პოლიციის ან სპეცსამსახურების შეიარაღებაში მათ შორის უცხოური წარმოების. ცხადია ასეთმა დივერსიფიკაციამ იარაღის მიწოდებაში წარმოშვა სერიოზული პრობლემა სათადარიგო ნაწილებით და ტყვიაწამლით მომარაგებაში. ბიუროკრატიული პრობლემების გამო სახელმწიფო შესყიდვების სისტემასთან, უწყებები ყიდულობენ ან უკვეთავენ ამ ნაწილებს პირდაპირ იარაღების მაღაზიებიდან სადაც „შოპინგობენ“ უბრალო მონადირეები და სპორტსმენები. ხოლო სახელმწიფო შესყიდვების რეესტრებში ამოღებული ფასები იარაღზე, ტყვიაწამალზე და მაკომპლექტებელ ნაწილებზე ხდება იარაღის მოყვარულთა წრეებში ბოროტი ხუმრობების საგანი. ასე მაგალითად ჟურნალისტ ვასილი შურიგინის ინფორმაციით თავდაცვის უწყების მირ შეძენილი ერთი Steyr HS 460 ტიპის სნაიპერული სისტემის ფასად 300 ვაზნით, იყო მითითებული 69 000 დოლარი.

huisvintovkoi

რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი პოზირებს ავსტრიული Stey-Mannlicher SSG 06 ტიპის შაშხანით

პისტოლეტის როლის დიდი არმიის შეიარაღების სისტემაში ყოველთვის იწვევდა ცხარე კამათებს. ზოგის აზრით პისტოლეტი აუცილებელია, როგოროც სათადარიგო (დამხმარე) იარაღი, ზოგის აზრით პისტოლეტი თანამედროვე ბრძოლის ველზე აბსოლუტურად გამოუსადეგარია და სხვა არაფერია თუ არა მხოლოდ (ოფიცრის) სტატუსის სიმბოლო. მაშინ როდესაც “ცეცხლსასროლი რევოლუცია” მხოლოდ იწყებოდა, ოფიცრები, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა მდიდარ ოჯახებიდან მოდიოდნენ პირად იარაღს და მათ შორის პისტოლეტებს საკუთარი ფულით ყიდულობდნენ.  მოგვიანებით, როდესაც დაიწყო შეიარაღების და მათ შორის  პისტოლეტების უნიფიცირება, ზოგი გამოჩენილი და ქარიზმატული სამხედრო მეთაურები ატარებდნენ პირად საკუთრებაში მყოფ პისტოლეტებს, რომლებიც ხაზს უსვავდნენ მათ განსაკუთრებულ სტატუსს. ჩვენ მოგივყვებით რამდენიმე ასეთ მაგალითზე. 1898 წელს ახალგაზრდა უინსტონ ჩერჩილმა შეიძინა ვესტლი&რიჩარდსის მაღაზიაში მაუზერ с96 ტიპის პისტოლეტი, ფულით რომელიც მას მისმა დედამ გადასცა. ჩერჩილი იმ დროს იყო კავალერიის ახალგაზრდა ოფიცერი და მიემგზავრებოდა სუდანში საომრად. ომდურმანის ბრძოლაში მან წარმატებით გამოიყენა  ეს პისტოლეტი დერვიშებთან შეტაკებისას რა დროსაც მან მოკლა ან დაჭრა სამი მოწინააღმდეგე. ჩერჩილი ძალიან მაღლად შეაფასა იმ დროისთვის რევოლუციური კონსტრუქციის ხელის იარაღი, რომლის წყალობითაც ის ცოცხალი გადარჩა და ამ შემთხვევამ მისცა მას რწმენა ახალ ტექნოლოგიებში და უკვე მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრობისას ის დიდ ყუარღებას აქცევდა პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარებას, რამაც აქცია დიდი ბრიტანეთი წამყვან ქვეყნად ამ მიმართულებით.

შემდეგი მაგალითი ისევ უკავშირდება მაუზერის პისტოლეტებს და ცარის რუსეთს. რუსეთის საწარმოო პოტენციალი ვერასდროს ვერ უსწრებდა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ამბიციებს და რუსული ჯარი მუდამ განიცდიდა თანამედროვე იარაღის და აღჭურვილობის დეფიციტს. ამიტომაც ოფიცრები სარგებლობდნენ რეკომენდირებული იარაღების სიით, რომლის შეძენაც მათ შეეძლოთ საკუთარი სახსრებით. მაუზერი С96 შედიოდა ამ სიაში და დიდი პოპულარობით სარგბელობდა რუსეთში. მოგვიანებით მისი 7.62 კალიბრის ვაზნა ოფიციალურად მიღებულ იქნა შეიარაღებაშიც და გამოიყენებოდა ტოკარების კონსტრუქციის პისტოლეტში და ადგილობირივ წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში. მაუზერი С96 უდაოდ იყო რევოლუციური იარაღი და მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღი არ იყო არც გერმანიაში, არც რუსეთში და არც უმეტესობა სხვა ევროპული ქვეყნის ოფიციალურ შეიარაღებაში მიღებული მისი თვისებები იმდენად მოთხოვნადი იყო რომ ეს პისტოლეტი მასიურად გამოიყენებოდა უამრავი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.

ყველაზე უფრო პირადი და ინდივიდუალური იარაღი - პისტოლეტი ყოველთვის იყო და იქნება სტატუსის სიმბოლო როგორც მეომრებში ასევე უბრალო ადამიანებში და ბევრი გამოჩენილი მხედართმთავარი ისევე როგორც უფრო დაბალი რანგის ოფიცერი იყენებდა არასაშტატო პისტოლეტს, არჩეულს საკუთარი პრეფერენციების მიხედვით. ასეთი ყველაზე ცნობილი მაგალითი არის ამერიკელი გენერალი ჯორჯ პატონი. გამორჩეული თავისი ქარიზმით და ხასიათით, ის ასევე ცნობილია იმით, რომ მეორე მსოფლიო ომში ის ატარებდა .45 კალიბრის კოლტის რევოლვერს ე.წ. Peacemaker-ს. ნაკლებად ცნობილია, რომ ის ასევე ატარებდა სპეციალურად მისთვის დამზადებულ “სმიტ&ვესონის” .357 მაგნუმ კალიბრის რევოლვერს, რომელიც მას გადასცეს 1935 წელს და იმ დროს ეს იყო ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ძლიერი მოკლელულიანი იარაღი. ორივე რევოლვერს გააჩნდა სპილოლ ძვლის სახელურები. პატონს სურდა რომ განსაუთრებული უნიფორმის და იარაღის წყალობით მის ჯარისკაცებს ადვილად ეცნოთ თავისი გენერალი, რომელიც მეტ წილად მათთან ერთად იყო ფრონტის წინა ხაზზე. აღნიშნული მისი აზრით ხელს შეუწყობდა მორალის და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას მესამე არმიაში, რომელსაც ის მეთაურობდა. თავისი კარიერის განმავლობაში ის ფლობდა და იყენებდა ბევრ იარაღს, რომელსაც ის თავად ყოდულობდა. მათ შორის იყო .22 კალიბრის “კოლტ ვუდსმენი”, .32 კალიბრის 1903 წლის კოლტის ავტომატური პისტოლეტი და .38 კალიბრის კოლტის მოკლეცხვირიანი რევოლვერი “დეტექტივ სპეშელ”. ამჟამად შეიარაღებულ ძალებში მკაცრი წესები მოქმედებს, რომლებიც პრაქტიკულად კრძალავენ არასაშტატო იარაღის გამოყენებას მაგრამ გამონაკლისები ყოველთვის არის და იქნება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ისრაელის არმიაში ერთ-ერთი გენერალი ატარებდა “დეზერტ იგლის” ტიპის პისტოლეტს. მსხვილი, მძიმე, გათვლილი ძლიერ სანადირო კალიბრებზე ის არანაირად არ გამოდგება, როგორც საბრძოლო იარაღი მაგრამ, როდესაც საქმე სტატუსს ეხება……

45patt

ჯორჯ პატონი თავის საფირმო “პისმეიქერით” და სპილოს ძვილსგან დამზადებული სახელურით, რომელიც მას ასე ძალიან მოწონდა.

იარაღის არჩევის და შეძენის ნიუანსები

April 7th, 2017

დღეს ბაზარი გადავსებულია იაფი იარაღებით, მეტ წილად თურქეთიდან და ასევე რიგი სხვა ქვეყნებიდან. ცხადია ბევრში ეჭვს იწვევს ამ იარაღის ხარისხი, რესურსი და საბრძოლო თვისებები. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ როდესაც გთავაზობენ იტალიურ თოფს 4000 ლარად და იქვე მის თურქულ ანალოგს რომელსაც გააჩნია იგივე შესაძლებლობები, კარგი შესრულება მაგრამ ღირს სამჯერ ნაკლები, გიჩნდება კითხვა რით არის განპირობებული ამხელა სხვაობა ფასში.

ამ თემაზე სტატიის დაწერის იდეა მე გამიჩნდა მას მერე, რაც მომიყვეს ისტორია, რომელიც უკავშირდება იდეაში პატიოსანი თურქული მწარმოებლის თოფს. აღნიშნული ორლულიანი თოფი ლულების ვერტიკალური განლაგებით, ნაყიდი ახალი, მაღაზიაში, ჩაკეტვისას ისროდა თავისით. არ არის საჭირო იმის ახსნა რამდენად სახიფათოა ასეთი მდგომარეობა. ერთია, როდესაც თოფს არ აქვს გასროლის ისეთი თვისებები (სიზუსტე, ჭრა, გაშლა), რომელიც აკმაყოფილებს პატრონის მოთხოვნებს, მეორეა, როდესაც იარაღი არ მუშაობს საიმედოთ და სულ სხვა არის თუ იარაღი არ არის უსაფრთხო.  ეს არის ყვლაზე საშიში და სახიფათო მდგომარეობა. თუ პირველი ორი შემთხვევა გამოიწვევს პატრონის მსუბუქ ნერვულ აშლილობას, უკანასკნელ შემთხვევას შეიძლება მოყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის ზიანი, რაც გულისხმობს სერიოზულ პრობლემებს ასეთი არაუსაფრთხო იარაღის მფლობელისთვის. გარდა უსაფრთხოებისა არის კიდევ ათასი სხვა ნიუანსი, რომელსაც იდეაში ყუარადღება უნდა მიაქციოთ. დიახ საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში იყიდოს სამი-ოთხი იარაღი, რომელიც მას გამოადგება და რომლებსაც არ ექნებათ არანაირი პრობლემა. ჩემი სტატისტიკაც ადასტურებს,რომ პრობლემები ახალ  იარაღთან კარგი რეპიუტაციის მქონე მწარმოებლისაგან, საკმაოდ იშვიათია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მე ამ სტატტის ავტორს გაცილებით მეტი იარაღი მაქვს შეძენილი ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, შესაბამისად მე მქონდა ასეთი შემთხვევები და სტატისტიკა მიდასტურებს, რომ რომ პრობლემების აბსოლუტური უმეტესობა უკავშირდება ბიუჯეტურ (თურქულ, ჩინურ, ბრაზილიურ) იარაღს და ასევე უბრალოდ ძალიან ძველ და ნაცვეთ იარაღებს.

რა თქმა უნდა დეფექტური (ბრაკი) იარაღი შეიძლება გამოეპაროს ნებისმიერ მწარმოებელს მათ შორის ძალიან კარგი რეპუტაციის მქონეს. ასეთი შემთხვევები უხვად არის აღწერილი უამრავ ფორუმზე და გაყიდული/მიწოდებული იარაღის პერიოდული გამოთხოვებიც ადასტურებს რომ სერიოზული და მსხვილი მწარმოებლებიც არ არიან დაზღვეულები შეცდომებისგან. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იარაღის ღირებულება დაბალია, ეს მიიღწევა ეკონომიით, თანხების დაზოგვით, დაბალკვალიფიციური მუშა ხელის გამოყენებით, ეკონომიით მასალებზე და ხარისხის კონტროლზე. ასევე მოდით ასე ვთქვათ წუნის/ბრაკის მიმართ მაღალი ტოლერანტობით, როდესაც ნორმალური სპეციფიკაციებიდან გადახრის ზღვარი გაცილებით მაღალია. შესაბამისად თუ ერთ იარაღში მოხვდება ნაწილები ნორმებისგან გადახრებით, შეიძლება მივიღოთ გაუმართავი იარაღი სადაც ნაწილები ისე არ ურთიერთ-მოქმედებენ, როგორც საჭიროა. დაუმატეთ ამას არასაკმარისი ხარისხის კონტროლი და მიხვდებით რომ ალბათობა მიიღოთ წუნიანი იარაღი შედარებით მაღალია, ვიდრე იმ იარაღის შეძენისას, რომლის მწარმოებელიც იყენებს ხარისხის კონტროლის განსაკუთრებულ ზომებს, აგზავნის იარაღს შესამოწმებლად დამოუკიდებელ „პრუფ-ჰაუსებში“ და იყენებენ წარმოების მართვის და კონტროლის დახვეწილ პროცედურებს, მაგალითად როგორც წამყვანი ევროპული მწარმოებლები.

უნდა გაითვალისწინოთ რომ, როგორც წესი იარაღის შეძენისას თქვენ იღებთ იმდენს, რამდენსაც იხდით და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ ღირს ეკონომია ისეთ ნივთზე, რომელზეც დამოკიდებულია შენი და შენთვის საყვარელი ხალხის უსაფრთხოება და სიცოცხლე, ან თუნდაც თუ გნებავთ ნადირობის წარმატება. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, იაფი იარაღი ყველაზე კარგად იყიდება. მითუმეტეს თუ ეს იარაღი ვიზუალურად კარგად გამოიყურება და თურქული იარაღის შემთხვევაში ეს თითქმის ყოველთვის ასე არის. ვიზუალს თურქი მწარმოებლები აქცევენ დიდ ყუარადღებას, იმდენად დიდს რომ ხანდახან თოფი გავს არაბულ ხალიჩას ან რაღაც ბ კატეეგორიის მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმის რეკვიზიტს.

დავიწყოთ მაღაზიებით და გარანტიებით. ყველას უყვარს გამოცხადება, რომ ამის და იმის ოფიციალური წარმომადგენელები არიან, მაგრამ როგორც კი საქმე მივა ოფიციალურ გარანტიამდე (და ეს გულისხმობს, როგორც წესი საგარანტიო ფურცლის შევსებას), აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი და გამყიდველი არანაირ გარანტიას არ იძლევა. დიახ, არის რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევა, როდესაც წუნიან იარაღს გამყიდველი არ იბრუნებდა. ასე, რომ მაღაზიაში ახალი იარაღის შეძენისას, მიიღეთ გარანტია, რომ პრობლემების შემთხვევაში მაღაზია იარაღს დაიბრუნებს, მოგცემთ იგივე იარაღს, დაგიბრუნებთ ფულს, ან თავის თავზე აიღებს იარაღის შეკეთებას. იდეალურ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი ფურცელზე და დამოწმებული. თუ ეს არ ხდება, ესეიგი თქვენ გარანტია პრაქტიკულად არ გაქვთ და პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა დამოკიდებულია გამყიდველის მოდით ასე ვთქვათ შინაგან კეთილსინდისიერებაზე, ხოლო რამდენად იშვიათია ეს თვისება ჩვენ საზოგადოებაში ალბათ თავად მოგეხსენებათ.

თუ ყიდულობთ მეორად იარაღს ხელიდან, წინასწარ მორიგდით რა პირობებით ყიდულობთ იარაღს და რა გარანტიები გაქვთ. თუ პატრონი იხსნის პასუხისმგებლობას და არაფერს არ ამბობს თავის იარაღზე ეს თავისთავად საეჭვოა, თუმცა შესაძლებელია ის უბრალოდ არც ერკვევა იარაღში და არ სურს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ცხადია შეძენისას ხელიდან რისკები უფრო მეტია მაგრამ შეიძლება თანხების მნიშვნელოვანი დაზოგვაც ან ისეთი იარაღის შეძენა რომელიც არ არის გაყიდვაში მაღაზიებში. უნდა გაითვალისწინოთ, რომ იარაღი როგორც ნებისმიერი მექანიზმი შეიძლება გაფუჭდეს. ამაზე პასუხს მეორადი იარაღის გამყიდველს ვერ მოთხოვთ, მაგრამ თუ იყიდეთ მაგალითად ნახევრად ავტომატური თოფი, რომელიც რეგულარულად ჭედავს, ცხადია რომ წინა პატრონს ეს უნდა ცოდნოდა თუ ამ იარაღს ხმარობდა. იარაღის გასხვისებისას კარგია, რომ ეს ასევე აუხსნათ მყიდველსს, რომ მერე რამე გაუგებრობა არ წარმოიშვას.

კიდევ ერთხელ გახსენებთ რომ არსებობს ასეთი რამე, როგორც Google, უფასო საძიებო სისტემა და სისულელეა ამ რესურსის არ გამოყენება იარაღის არჩევის ან შეძენის პროცესში. აკრიფეთ იმ იარაღის სახელი, რომლის შეძენა გინდათ და ნახეთ რას განახებთ ძიების შედეგები. კონკრეტული იარაღის გაუმართაობის შესახებ მფლობელის პოსტები დააიგნორეთ. იარაღი იცვითება და ბუნებრივია რომ ფუჭდება და იმედგაცრუებული პატრონი გარბის ინტერნეტში რჩევის საძიებლად ან უბრალოდ რომ გამოლანძღოს მწარმოებელი/გამყიდველი და გული მოიფხანოს. უფრო ეძებეთ ინფორმაცია იარაღის გამოთხოვებზე დეფექტების გამო, პრობლემებზე ახალ ნაყიდ იარაღთან და ასე შემდეგ. კარგი წყაროა რეიტინგები იარაღის, რომელიც იყიდება დიდ ონლაინ მაღაზიებში. ორი და სამი გამოხმაურება არაფერია, მაგრამ თუ 20-30 გამოხმაურებების ორი სამი ონლაინ მაღაზიებიდან მეტ წილად ნეგატიურია ესეიგი რაღაც პრობლემა იარაღთან მართლა არსებობს.  ეძებეთ ინფორმაცია რას და სად უყუროთ. რა მეტყველებს რომ იარაღი კარგად არის შესრულებული და რა მეტყველებს რომ პირიქით, შეიძლება გქონდეთ პრობლემები. მე უკვე ვწერდი გლოკ 42-ზე რომლის კონსტრუქცია ზედმეტი გახმაურების გარეშე რამდენჯერმე შეიცვალა. შეიარაღებული ამ ინფორმაციით მე მივედი მაღაზიაში და ავარჩიე ის პისტოლეტი, რომელიც იყო ყველაზე ბოლო ვერსიის და შემდგომ სტატიის მეშვეობით ავუხსენი ყველას რას უყურონ რომ იყიდონ უპრობლემო გლოკ42. ეს არის კარგი მაგალითი, რომელიც ადასტურებს რომ პატარა გამოძიება ინტერნეტის გამოყენებით არის კარგი იდეა.

ცხადია მნიშვნელოვანია იმის გარკვევა მოხდა თუ არა იარაღის გამოთხოვა გაყიდვიდან იმის გამო, რომ აღმოჩნდა რომ იარაღებს აქვს რაღაც ტექნიკური წუნი. სულ ბოლოს ასეთი გამოთხოვა მოხდა Walther-ის მიერ, იმიტომ რომ დადგინდა, რომ მათი CCP მოდელის პისტოლეტებს აღმოაჩნდათ დეფექტ რომლის გამოც პისტოლეტმა დავარდნისას შეიძლება გაისროლოს. როგორც წესი ასეთ განცხადებაში კონკრეტულად მითითებულია რომელი სერიული ნომრის მქონე იარაღი ექვემდებარება გამოთხოვას. ცხადია, თუ იარაღი ნაყიდია საქართველოში და მოხდა მისი შემდგომი გამოთხოვა, თქვენ ამით ვერ ისარგებლებთ იგივე მიზეზების გამო რის გამოც არ სარგეებლობთ ქარხნული გარანტიით. „რუხი“ დილერების მიერ გაყიდულ იარაღზე ასე თუ ისე მაინც არ ვრცელდება ქარხნული გარანტია. თუ ასეთი რამე მოხდა, გამოსავალი არის ზუსტად გაერკვიოთ რაშია პრობლემა და შეეცადოთ გამოასწოროთ ის თავისით, მაგალითად ახალი დეტალის შეძენით და გამოცვლით. ამიტომ რამე ახალ, ეკზოტიკურ იარაღს თუ ყიდულობთ უნდა ივარაუდოთ რომ კონსტრუქცია არის ნედლი და შესაძლებელია იყოს პრობლემები. ამჟამად მოთხოვნა იარაღზე არის ძალიან გაზრდილი, როგორც არასდროს აქამდე და მწარმოებლებს შორის კონკურენცია არის ძალიან გამწვავებული. ისინი ცდილობნ გამოუშვან რაც შეიძლება ბევრი და ახალი იარაღი და სწრაფად ზრდიან საწარმოო სიმძლავრეებს ან მიმართავენ აუთსორსინგს რაც ნეგატიურად ან სავალალოდ აისახება ხარისხზე და იარაღის საბრძოლო-სამომხმარებლო თვისებებზე. ასეთი მაგალითები არის უხვად, მაგალითად „კოლტის“ წარმოებული „Expanse” ტიპის ბიუჯეტური შაშხანები, რომლებიც როგორც  აღმოჩნდა სულაც არ არის კოლტის წარმოების, ან რემინგტონის 9მმ-ნი პისტოლეტი R-51, რომელიც იმდენად ნედლი, უხარისხო და არასაიმედო აღმოჩნდა რომ ის უბრალოდ მოხსნეს წარმოებიდან.   დამატებით უნდა აღინიშნოს რომ ბიუჯეტური იარაღის მწარმოებლები დიდად არ ზრუნავენ გამოვლენილი დეფექტების გამო იარაღის გამოთხოვაზე ან მომხმარებელთან კომუნიკაციაზე. ძალიან ბევრი თურქული მწარმოებელს, როგორც ბრენდს არანაირი სახელი, პოპულარობა და ცნობადობა არ გააჩნია და როგორც წესი მათი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება სხვადასხვა სავაჭრო ნიშნებით. თუ უხარისხობის გამო რომელიმე სავაჭრო ნიშნის რეპუტაცია დაზარალდება, უბრალოდ იარაღს გადაარქმევენ და ხელახლა დაიწყებენ გაყიდვებს ახალი სავაჭრო ნიშნით.

პოპულარული ფრაზა, რომელსაც მოისმენთ ხოლმე ბიუჯეტური იარაღის შეძენისას არის მაგალითად: ‘ეს კომპანია ამზადებს იარაღებს „აქ უნდა ეწეროს რომელიმე ცნობილი მწარმოებლის სახელი“ და ამიტომ ის კარგია”.  კარგი ახსნაა მაგრამ ის შეიძლება არ იყოს ბოლომდე ზუსტი. იარაღი რომელიც მზადდება დამკვეთის სპეციფიკაციებით შეიძლება განსხვავდებოდეს იარაღისგან რომელსაც მწარმოებელი უშვებს თავისი სახელით. მაგალითად ჩეხური CZ და ამერიკული Weatherby და Winchester ყიდიან თურქულ წარმოების თოფებს თავისი სახელით. უნდა ვივარაუდოთ რომ მიღებისთანავე ეს იარაღები გადიან შემოწმებას, ისევე როგორც მასალები და ადგილზე ხარისხის კონტროლი შეიძლება იყოს განსხვავებული იგივე მწარმოებლის სხვა იარაღებისგან.

ნუ ენდობით მწარმოებლის რეპუტაციას, ან იმას თუ რამდენიხანი გამოდის კონკრეტული მოდელის იარაღი. მწარმოებელმა შეიძლება შეცვალოს იარაღის დამზადების ტექნოლოგია ან მასალები და მიიღოს შედეგად ბევრად უფრო ცუდი იარაღი. იშვიათად მაგრამ ასეც ხდება, როდესაც მომდევნო თაობის იარაღი არა უკეთესი არამედ უარესია. კლასიკური ამის მაგალითი არის რემინგტონ 870. კლასიკური ამერიკული „პომპა“ რომელიც რემინგტონმა უბრალოდ გააფუჭა. მე არ ვუჯერებდი იმ უამრავ ნეგატივს რომელიც ახალი წარმოების რემინგტონ 870-ზე იწერებოდა და  დახუჭული თვალებით ვიყიდე ძვირიანი ტაქტიკური მოდელი. ანუ ვენდე მწარმოებელს და თავი დავიზღვიე და ვიყიდე ძვირიანი როგორც მე მეგონა უფრო დახვეწილი მოდიფიკაცია. მე შევცდი. თოფს ქონდა ვიწრო სავაზნე რომელიც ქარხნულ ვაზნებსაც „არ იტევდა“, მჭიდის დამაგრძელებელი იყო დეფორმირებული რის გამოც ის არ ივსებოდა ბოლომდე ვაზნებით. იარაღს ასევე ქონდა პრობლემური ექსტრაქცია იმიტომ რომ რემინგტონი გადავიდა ზუსტი ჩამოსხმის მეთოდით დამზადებულ ექსტრაქტორებზე ნაცვლად უფრო ძვირიანი ფრეზირების მეთოდით დამზადებულისა. გარდა ამისა რემინგტონ 870-ის ეჟექტორის გამოცვლა ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტებს, და შემდგომ რესივერის დაფარვის აღდგენას რომელიც ზიანდება ეჟექტორის გამოცვლისას. ეს დეტალი არის ამ თოფის აქილევსის ქუსლი და ერთ-ერთი მიზეზი რატომ მოდელი 870 ჩემთვის მოკვდა. გინდათ ვირივით მუშა პომპა? იყიდეთ „მოსბერგი“…. კიდევ ერთი მაგალითი არის ამერიკული „კიმბერი“. ერთი პერიოდი კიმბერი გადავიდა გარე ექსტრაქტორის გამოყენებაზე თავის 1911 მოდელის პისტოლეტებზე. ამას მოყვა საიმედოობის მკვეთრი შემცირება და კომპანია იძულებული იყო გადასულიყო ისევ შიდა ექსტრაქტორზე. ბუნებრივია რომ თუ ყიდულობ „კიმბერს“ გარე ექსტრაქტორით ალბათობა შეგრჩეს ცუდი იარაღი საკმაოდ დიდია. გარდა ამისა კარგ მწარმოებელსაც შეიძლება ყავდეს თავის მახინჯი იხვის ჭუკი.  იარაღი რომელიც განსხვავებით სხვა ამ მწარმოებლის იარაღებიდან უბრალოდ არ მუშაობს კარგად ან აქვს ცუდი კონსტრუქცია.

დიდი კომპანიები ისეთები როგორიც არის „გლოკი“, „ხეკლერ&კოხი“ ან „ბერეტა“, იშვიათად ყიდიან სხვა წარმოების იარაღს თავისი სახელით, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის, თუნდაც „კოლტის“ და “Expanse”-ის მაგალითზე. იგივე ხეკლერ&კოხი მაგალითად ამერიკაში ყიდიდა იტალიური „ფაბარმის“ თოფებს თავისი სახელით. ცხადია „ხეკლერ&ფაბარმის“ თოფი კარგი იარაღია და მომხმარებელს დიდი ალბათობით არ ექნება არანაირი პრობლემა მაგრამ არის ცუდი მაგალითებიც, ისევ და ისევ Expanse-ის შემთხვევაში. სამწუხაროდ არის უბრალო თაღლითობის შემთხვევებივ როდესაც აქაური გამყიდვეელი იყენებს იარაღის ვიზუალურ მსგავსებას ცნობილი მწარმოებლის იარაღთან და ასაღებს მათ ასეთად. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები წარწერების და დამღების გაყალბების ასე, რომ კარგად გამოიძიეთ რას ყიდულობთ და ნუ ენდობით ბრმად გამყიდველს, ეხლა ამ მომენტში როდესაც მე ვარედაქტირებ ამ სტატიას, პოპულარულ ონლაინ მაღაზიის გვერდზე, განყოფილებაში სადაც იყიდება მეორადი იარაღები დევს მინიმუმ ორი იარაღი, რომელზეც არის დამღები და წარწერები გაყალბებული. ასე რომ  იქნება ეს მაღაზია თუ კერძო პირი. გამოიყენეთ მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა – ინტერნეტი, რომელიც თან პრაქტიკულად უფასოა. მე ერთხელ ასე ვიყიდე „თურქული“ თოფი, საკმაოდ დაბალ ფასად, იმიტომ რომ დავინახე ევროპული დამღები რესივერზე და ვიფიქრე რომ არ ღირდა ამ იარაღის ხელიდან გაშვება. საბოლოო „ექსპერტიზამ“ „გუგლის“ დახმარებით დაადგინა, რომ მე მოკრძალებულ ფასად შევიძინე იტალიური „ფაბარმი“, რომელიც დამზადდა იტალიაში, გერმანული ბაზრისთვის. ერთხელაც რეგისტრირებული როგორც „სარსილმაზის“ თოფი მე შევიძინე ისევ იტალიური „ფაბარმი“, რომელიც იმპორტირებულ იქნა თურქეთში „სარსილმაზის“ მიერ სადაც მოხდა მისი უშნო პრიმიტიული გრავირება და იქიდან უკვე თოფი მოხდა „სარსილმაზის“ სახელით საქართველოში და ასეთად დარეგისტრირდა. ასე რომ იშვიათად, მაგრამ არც იარაღის რეგისტრაციის საბუთში მითითებული ინფორმაცია შეიძლება არ იყოს ზუსტი.

არასდროს არ დაუჯეროთ მაღაზიის გამყიდველების რჩევებს. არასდროს. არასდროს. და კიდევ ერთხელ არასდროს არ მოუსმინოთ მაღაზიის გამყიდველების რჩევებს და აზრს. მოვა დრო როდესაც ჩვენ მაღაზიაში შესვლისას ყოველთვის დაგვხვდებიან კვალიფიციური, კეთილსინდისიერი პროფესიონალი კონსულტანტები, მაგრამ სანამ ეს დრო არ მოვიდა, ჯობია მათ იმედზე არ იყოთ. ცხადია მე არ ვიძახი რომ ყველა ერთნარია, მარგამ, ინტერესთა კონფლიქტი არის და ეს უნდა გაითვალისწინოთ. გამყიდველი დაინტერესებულია გაყიდვაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ გაიძულოთ იყიდოთ ის რისი გაყიდვაც მას უნდა, ან უფრო სწორედ ჯერ იმის გაყიდვას შეეცდება რაც ყველაზე ცუდათ ეყიდება. მეორადი მანქანის შეძენისას ვინმე ბრმად უჯერებს მანქანის მეპატრონეს? თუ ასეა მაშინ 99% ავარიაში ნამყოფი მანქანა გადაღებილია იმიტომ რომ პატრონმა უბრალოდ გაკრა კარები ან ფრთა ავტოფარეხის კარებს, ხოლო საქართველოში ექსკლუზიურად შემოდის მხოლოდ ექიმების და პროფესორების ნაქონი მეორადი მანქანები.

მოკლედ როგორც მიხვდით მაღაზიაში იარაღის შეძენა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რისკი იყიდოთ ის რაც არ გინდათ ან აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში სადაც არ გინდათ რომ აღმოჩნდეთ, არ არსებობს. მითუმეტეს როდესაც კონკურენცია გამძარფრებულია და ყველა ცდილობს მაქსიმალურად დაზოგოს ფული იარაღზე და გაყიდოს ის მაქსიმალურად ძვირად. მე პირადად, თითქმის ყოველთვის მირჩევნია მეორადი იარაღის შეძენა კერძო პირებისგან და ფულის ასე დაზოგვა.

ვთქვათ და ინტერნეტში ძიებამ არ მოგცათ რამე საგანგაშო შედეგი და არც რაიმე ცნობა ამ ტიპის იარაღის გამოწვევაზე ვერ მოიპოვეთ. გამყიდველმაც დაგარწმუნათ, რომ რაიმე პრობლემის შემთხვევაში მარტო არ დაგტოვებთ და იარაღს დაიბრუნებს, გამოცვლის ან შეაკეთებს. იარაღიც, რომელიც თქვენ გინდათ, აგერ დევს თქვენ წინ, დახლზე. მოვიდა დრო იარაღის პირველადი დათვალიერების. იარაღის ზუსტი ტქნიკური მდგომარეობის დადგენა არის ექსპერტის საქმე, დამოკიდებულია ცოდნაზე და გამოცდილებაზე და ასევე შესაბამისი საზომი მოწყობილობების და სხვა ტექნიკურის საშულებების გამოყენებაზე. ამაზე ჩვენ საუბარი არ გვაქვს ეხლა. ეხლა ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, როგორ შეამციროს რისკი ახალი იარაღის შეძენისას უბრალო ადამიანმა. ეს არ არის ოფიციალური და ზუსტი ინსტრუქცია ან პროცედურა, რომელსაც უნდა მიყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს არის რჩევების ნაკრები, რომლებიც დაფუძნებულია ავტორის პირად ცოდნაზე და გამოცდილებაზე. რაც მინახია მე არ მინდა რომ ნახოთ თქვენ, რაც ვიზარალე მე არ მინდა რომ იზარალოთ თქვენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩემი პირადი დაკვირვებით ალბათობა შეიძინოთ ახალი და გაუმართავი იარაღი საკმაოდ მცირეა, მაგრამმ ამის ალბათობა არსებობს. ამიტომ მე გთავაზობთ რჩევებს, როგორ ეს ალბათობა მინიმუმამდე შეამციროთ.

გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაათვალიეროთ ის იარაღი, რომელსაც იძენთ და არა სადემონსტრაციო იარაღი. კარგი განათების პირობებში (მიდით საკუთარი ფარანით) დაათვალიერეთ იარაღი გარედან. თუ კარგად მოემზადეთ და წინასწარ შეისწავლეთ იარაღი ან იარაღები, რომელთა შეძენას გეგმავთ, წესით უნდა იცოდეთ რას და სად უყუროთ. არის შემოწმების სტანდარტული პროცედურა კონკრეტული იარაღის ტიპისთვის, რომელბსაც ადვილად იპოვით ინტერნეტით, პისტოლეტისთვის, თოფისთვის და ა.შ. ასევე შეიძლება შეამოწმოთ კონკრეტული იარაღის კონკრეტული მექანიზმების შესრულება/ფუნქციონირება, როდესაც ცნობილია რომ მანდ შეიძლება იყოს პრობლემები. მაგალითად ცნობილია, რომ ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ის სავაზნე ხშირად არ ჯდება სპეციფიკაციებში და ზედმეტად ვიწროა ხოლო ლულის შევიწროებები დამზადებულია უხარისხოთ. ამიტომ უნდა შეამოწმოთ მაგალითად გადატენილი (ანუ ოდნავ განიერი) ვაზნა შედის თუ არა სავაზნეში და ყველა შევიწროების (ჩოკის) დაყენებისას ხომ არ ჩანს გადახრები, ანუ „ჩოკი“ ზის კარგად და არ ქმნის დაბრკოლებას ლულის არხში. თუ ვიწრო სავაზნის პრობლემის მოგვარება შედარებით ადვილია (რემინგტონ 870-ის სავაზნე და ლულ არ არის ქრომირებული), ზომებში აცდენილი შევიწროებების გამოყენება სახიფათოა. განსაკუთრებულად ფანატური მყიდველები იყენებენ ლულის და სავზნის საზომ კალიბრებს, ბოროსკოპებს და ასე შემდეგ.   არის ხალხის კატეგორიაც, რომელიც ჯერ ყიდულობს და მერე არკვევს რა იყიდა. ასე რომ ბალანსის დაცვა აუცილებელია, რომ რომელიმე უკიდურესობებში არ გადავარდეთ. თავისთავად ცხადია იარაღს რომელსაც ყიდულობთ ზუსტი სროლისთვის მოწმდება სხვაგვარად ვიდრე ვარშავის ბლოკში გამოშვებული საიერიშო შაშხანა, კონვერტირებული სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვისთვის.

ასევე უნდა შეამოწმოთ იარაღის მექანიზმების მდგომარეობა და მუშაობა. ამის განხორციელება უნდა უპრობლემოდ შეძლოთ იარაღის დათვალიერებისას შეძენის დროს. ლულა და სავაზნე უნდა იყოს სუფთა, ვიზუალური დეფექტების გარეშე. თუ ლულა გავსებულია ზეთით ან მტვერით ან თუნდაც ნამწვავით, მოითხოვეთ ლულის და სავაზნის გაწმენდა. დიახ არის შემთხვევები, როდესაც ზეთის/საფოხის სქელი ფენის ქვეშ იმალებოდა დეფექტები. დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაღაზიამ უარი განაცხადა წუნიანი იარაღის გამოცვლაზე. ასე რომ დარწმუნდით, რომ ლულა და სავაზნე სუფთაა.

 რაოდენ შელახული და ნაცვეთი არ უნდა იყოს იარაღი, თუ მას კარგი ლულა აქვს ის უკვე იმსახურებს აღდგენას/შეკეთებას ანუ დროის და ფულის ინვესტიციას და პირიქით თუ ლულა არ ვარგა იარაღს ფასიც მკვეთრად კლებულობს.  შაშხანის შეძენისას კარგი იქნება იარაღის ლულის არხის ბოროსკოპით დათვალიერება. განსაკუთრებულად ეს ეხება ძველ იარაღებს. ბოროსკოპით ინსპექტირება გაძლევთ სრულ სურათს იარაღის ლულის მდგომარეობის შესახებ. მე ერთხელ ასე შევიძინე სპარსული მაუზერი, რომელსაც ქონდა იდეალური ლულა და გარედანაც შაშხანა მიუხედავად ასაკისა იყო ახალივით (რაც უკვე საეჭვო უნდა ყოფილიფყო). სინამდვილეში იარაღს ლულა ადრე ქონდა გაბურღული სამ ადგილას მისი დეაქტივაციის მიზნით და უკვე შემდგომ  ლულა შედუღდა და დაფარვა აღდგენილ იქნა. იარაღი პრაქტიკულად განადგურებული იყო და მისი ექსპლუატაცია იყო დაუშვებელი.  ეს იარაღი იყო ჩემი ყველაზე დიდი დანაკარგი, როგორც მორალური ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ბოროსკოპით ინსპექტირება ადვილად გამოავლენდა დეფექტებს და მე შეცდომას აღარ დავუშვებდი.

დააკვირდით მექანიზმების მუშაობას. მცველი ირთვება თუ არა და რეალურად ასრულებს თუ არა თავის ფუნქციას, ანუ გასროლას ხდის შეუძლებელს. როგორ მუშაობს საკეტი, სასხლეტი, მოძრავი ნაწილები. პატარა ხარვეზები დეტალების მორგებაში, მძიმე სასხლეტი ან უხეში საკეტი ახალ იარაღში მისაღებია. მიუღებელია თუ საკეტი გახსნისას ან ჩაკეტვისას იჭედებე ან/და ხელით არ იხსნება, ან თუ არ ხდება ჩახმახის შეყენება.

დააკვირდით რამდენად მყარად არის დამაგრებული კონდახი და ტიბჟირი. ფიქსირებული კონდახი არ უნდა მერყეეობდეს. დასაკეც, გასაშლელ კონდახებში პატარა „ლუფტი“ მისაღებია. თოფში არამყარად და არაზუსტად დამაგრებული კონდახი შედარებით მალე გაიბზარება. გაითვალისწინეთ ყველაფერი რაც არის არამყარად დამაგრებული დიდი ალბათობით კიდე უფრო „არამაყარი“ გახდება ექსპლუატაციის პირობებში. ჩემი დაკვირვებით საქართველოში იარაღის საშუალო-სტატისტიკურ მომხმარებელს აქვს შთაბეჭდილება, რომ  „ლუფტი“ არის ცუდი და რაც უფრო დიდი ლუფტებია მით უფრო ეს ცუდია. როგორც უკვე გითხარით, „ლუფტი“ სანადირო თოფის ფიქსირებულ კონდახში არის ცუდი, ლუფტი „სკს“-ის ტიპის კარაბინის დენთის აირების მილის და რესივერს შორის არაფერი საგანგაშო არ არის. ლუფტი პისტოლეტი საკეტსა და რესივერს შორის არის ნორმა. თავისთავად ცხადია ფიქსირებული ლულის ლუფტი იარაღის რესივერში შეიძლება მეტყველებდეს სერიოზულ პრობლემაზე.  ცხადია რომ ლუფტი სამიზნე მოწყობილობებში ასევე არის მიუღებელი. სამიზნე მოწყობილობებს რაც შეეხევა, ისინი ასევე არ უნდა იყოს გადახრილი ერთმანეთის მიმართ. ლუფტები დამიზნების მექანიზმში გარანტირებულად გამოიწვევს სიზუსტის დეგრადაციას. მათი არაზუსტმა განლაგებამ იარაღზე (თვალით ხილვადი გადახრები, დეფორმაციები) შეიძლება შეუძლებელი გახადოს იარაღის მისროლა, როდესაც გადახრა მათ შორის იმდენად დიდია რომ შესწორების მარაგი ამის კომპენსირებისთვის უბრალოდ არ არის საკმარისი.

თავისთავად ცხადია, რომ იარაღი ბზარებით უნდა ეგრევე გადადოთ. კოსმეტიკური დეფექტები შეიძლება გამოიყურებოდეს საშინლად, მაგრამ რეალურად არანაირ გაველნას არ ახდენდეს იარაღის საიმედოობაზე და შეიძლება ფასი მნიშვნელოვნად შეამციროს. მინახია მე მაღაზიაში იარაღი „სასიკვდილო“ დეფექტით? კი მინახია. მაგალითად მეორადი ბრაუნინგი „ჰაი პაუერი“ გაბზარული საკეტით.

თუ იარაღის ვიზუალურმა დათვალიერებამ და ფუნქციონალურმა შემოწმებამ არ გამოავლინა რამე საგანგაშო პრობლემები, შესაძლებელია მისი შეძენა. უბრალოდ დარწმუნდით რომ მიმართვაში მომსახურების სააგენტოსთვის, რის საფუძველზეც მოხდება იარაღის გაფორმება ჩაიწერება ის იარაღი, რომელიც თქვენ შეამოწმეთ და არა იგივე მოდელის სხვა იარაღი. იყო მცდელობა იარაღის ჩანაცვლების? კი ესეც იყო.

შესაბამისად იარაღიც შეიძინეთ და იფიქრეთ რომ ყველაფერი კარგად არის. ნუ აჩქარდებით. ეხლა იწყება  შემოწმების მეორე ფაზა – ტესტირება სროლით. ეს ნაწილი აქტუალურია, როგორც ბიუჯეტური ასევე ძვირადღირებული იარაღისთვის მაგრამ ბიუჯეტური იარაღისთვის, მე რომ მკითხოთ აუცილებელია.

ტესტები სიზუსტეზე და საიმედოობაზე დაიცდიან, ჯერ დაიწყეთ იარაღის ელემენტების ფუნქციონალურობის შემოწმებით. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ იარაღის მცველები, მექანიკური თუ ავტომატური მუშაობენ გამართულად. თანამედროვე იარაღები ისეა აგებული, რომ გასროლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ გამორთული მცველის და სასხლეტზე დაჭერის შემთხვევაში, მაგრამ ტექნიკურმა გაუმართაობამ ან ქარხნულმა ბრაკმა შეიძლება ნახაზზე ზე-უსაფრთხო იარაღი აქციოს სახიფათო ნივთად. და დიახ, მე ვნახე პისტოლტი ნაყიდი მაღაზიაში, რომელზეც მცველი დგებოდა დაკეტილ მდგომარეობაში, მაგრამ გასროლის წარმოება მაინც იყო შესაძლებელი. საკეტის გახსნა ჩაკეტვა (მაქსიმალურად ენერგიულად და უხეშად), იარაღის შენჯღრევა, მაგალითად თოფი დამუხტეთ (არ არის აუცილებელი ვაზნების ჩადება) და კონდახით დაარტყით მიწას (ცხადია ისე არა რომ კონდახი დააზიანოთ) დამრტყმელები/ჩახმახი არ უნდა დაეცეს. არც მცველი არ უნდა ჩაირთოს ან გამოირთოს თავისით. თუ მიგაჩნიათ რომ იარაღის შენჯღრევა არაფერს არ გამოიწვევს, თქვენ ალბათ არ გინახიათ ვიდეო როგორ ისვრის თავისით ბრაზილიური „ტაურუსის“ პისტოლეტი, მას მერე რაც მას უბრალოდ შეანჯღრევენ. ასეთი ტესტის მიზანია დარწმუნდეთ რომ მაქსიმალურად უხეში მოპყრობისას, იარაღის დავარდნისას ან სხვა მანიპულაციების შესრულებისას ის არ გაისვრის თავისით.

იმისთვის რომ დარწმუნდეთ, რომ იარაღი არ ისვრის თავისით, დაშალეთ ერთი ან ორი ვაზნა და დატოვეთ მართო ამაალებეელი (ან გამოიყენეთ ფუჭი ვაზნები). ტყვია თუ ჩატოვეთ მასრაში, ამაალებლის ენერგია საკმარისი იქნება რომ ტყვია გაჭედოს ლულის არხში ასე, რომ მასრა უნდა იყოს ცარიელი. უსაფრთხოების ყველა ზომების დაცვით (იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით იმიტომ რომ ფუჭი ვაზნის გასროლა ადამიანის მიმართულბით გამოიწვევს დამწვრობას და სხვა ტრავმებს) ენერგიულად მიაწოდეთ ვაზნა სავაზნეში. ცხადია გასროლა არ უნდა მოხდეს. ზოგ იარაღში ნორმალურია თუ ამაალებელზე რჩება პატარა კვალი დამრტყმელისგან (მაგალითად AR-15-ში). ალბათ ისევ დაგებადათ კუთხვა თუ მინახია მე ასეთი შემთხვევა, როდესაც იარაღმა გაისროლა ვაზნის მიწოდებისას. დიახ მინახია. იმის გამო რომ მსროლელი იცავდა უსაფრთხოების ტექნიკას, არავინ არ დასავდა. იარაღში ნემსა ჩაიჟანგა და დარჩა გამოშვერილ მდგომარეობაში, ვაზნის მიწოდებისას, საკეტის ზამბარის ენერგია საკმარისი გამოდგა იმისთვის რომ მომხდარიყო გასროლა. დიახ ეს იარაღი იყო მეორადი, მაგრამ მაღაზიებშიც იყიდება მეორადი იარაღი.

პრინციპში ამის მერე შეიძლება იარაღის თამამად წაღება სროლით ტესტირებაზე, რაც უკვე ცალკე სტატიის თემაა და ახლო მომავალში ამ თემასაც ჩვებ მივუძღვნით სტატიას.

ცხადია ამ სტატიის წაკითხვის მერე ვიღაცა იფიქრებს, რომ მე ზედმეტად ვართულებ ყველაფერს, მაგრამ ჩინური, თურქული, ბრაზილიური და სხვა იაფი/ძველი იარაღის შეძენისას მე სწორედ ასე მოვიქცეოდი. მე არ ვენდობი ამ ქვეყნებიდან შემოსულ იარაღებს, იმიტომ რომ აბსოლუტური უმეტესობა პრობლემების რაც მე მინახია უკავშირდება სწორედ მათ და ამიტომ გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრებები. მეც ნუ მენდობით ბრმად, მეც ვარ ადამიანი და ვუშვებ შეცდომებს ამიტომ ყველაფერი თავად გადაამოწმეთ.

კვირის იარაღი – “როდეზიული ბრაუნინგი”

March 20th, 2017

ალბათ უმეტესობას ვინც ჩემ ბლოგს კითხულობს და მონადირეების აბსოლუტურ უმეტესობას გაგონილი აქვს ბრაუნინგ აუტო-5-ის შესახებ. პირველი წარმატებული და მასობრივად წარმოებული თვითდამტენი თოფი, რომლის კონსტრუქციის ავტორი, ჯონ ბრაუნინგი თვლიდა მას თავის საუკეთესო ქმნილებად. უკიდურესად გამძლე, საიმედო და დახვწილი კონსტრუქციის აუტო-5 გამოდიოდა თითქმის 100 წელი. თოფის მთავარი დანიშნულება იყო ნადირობა, ის იყენებდა გადატენნვისთვის ლულის უკუცემის ენერგიას და შესაბამისად არ გააჩნდა დენთის აირების სისტემა. მისი გამძლეობის და სიმარტივის გამო ეს იარაღი ასევე აქტიურად გამოიყენებოდა როგორც პოლიციის ასევე სამხედროების მიერ. 60-ნი წლების ბოლოს ბელგიურმა FN-მა მიაწოდა სამხრეთ აფრიკას აუტო-5-ის ტიპის 12 კალიბრის თოფების პარტია, რომლებიც განსხვავდებოდა სხვა მოდიფიკაციებისგან უჩვეულოდ გრძელი მჭიდით, რომელიც იტევდა 7 (ზოგი წყაროს მიხედვით 8) ვაზნას და ბოლომდე დაფარული/დაცული იყო მასიური ხის ტიბჟირით რაც აძლევდა ამ იარაღს სპეციფიურ იერსახეს. ასევე თოფის განსაკუთრებულ თვისებებს განეკუთვნეებოდა მჭიდის ბლოკირატორით (ნაჩვენებია სურათში), რომელიც იძლეოდა საშუალებას თოფიდან სროლის, საექსტრაქციო ფანჯარაში ცალი ვაზნის ხელით მოთავსებით. ბლოკირატორის მოხსნა ათავისუფლებდა მჭიდს და მსროლელის განკარგულებაში ჩნდებოდა 7/8 დამატებითი ვაზნა. ეს თოფები მოგვიანებით მოხვდა როდეზიაში სადაც აქტიურად გამოიყენებოდა ე.წ. ბუშის ომებში (bush wars), რომლებიც მიმდინარეობდა 1964 წლიდან 1979 წლამდე არაღიარებულ როდეზიას (ეხლანდელი ზიმბაბვე) შორის რომელიც სარგებლობდა სამხრეთ აფრიკის მხარდაჭერით და ორი ნაცინალისტური პარტიის სახმედრო ფრთებს შორის რომლებიც სარგებლობდნენ მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით და იყენებდნენ მათ ტერიტორიას, როგორც პლაცდარმს როდეზიის ტერიტორიაზე ოპერაციების განხორციელებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ 12 კალიბრის თოფების გამოყენება მცირე ზომის შენაერთებში და ახლო მანძილზე საბრძოლო მოქმედებებში უკვე კარგად იყო დაცდილი ბევრად ადრე, მაგრამ როდეზიელებმა გადმოიღეს აღნიშნული ტაქტიკა ინგლისებელისგან რომლებიც წარმატებულად იყენებდნენ 12 კალიბრის იარაღებს (მათ შორის გადაჭრილ აუტო5-ებს) სამხრეთ აზიაში, მალაიას კამპანიაში, რომელიც დამთავრდა 1960 წელს კომუნისტების დამარცხებით. მიღებული საბრძოლო გამოცდილების თანახმად, მცირე ქვეითი პატრულის პირველი ჯარისკაცები იარაღდებოდნენ 12 კალიბრის თოფით, რომელიც დატენილი იყო კარტეჩით. ასეთი იარაღი უზრუნველყოდა დიდ საცეცხლე ძალას უეცარი კონტაქტისას ჯუნგლებში, რომელიც ხდებოდა უკიდურესად მოკლე დისტანციებზე. შესაბამისად როდეზიელები, რომლებიც აღმოჩდნენ იგივე მდგომარეობაში დაინტერესებულები იყვნენ მიეღოთ შეიარაღებაში გამძლე 12 კალიბრის თოფები, რომლებიც გაუძლებდნენ ქსპლუატაციას საბრძოლო მოქმედებების პირობებში და მოითხოვდნენ მინიმლაურ მომსახურებას და შეკეთებას. გამომდინარე იქიდან რომ არაღიარებულ როდეზიაში იარაღის იმპორტი იყო ძალიან რთული, სწორედ სამხრეთ-აფრიკიდან, პრაქტიკულად არალეგალურად, აუტო-5-ები განკუთვნილი სამხრეთ-აფრიკის უსაფრთხოების სამსახურებისთვის მოხვდა როდეზიაში, სადაც ის წარმატებულად გამოიყენებოდა როდეზიელების მიერ და ომის შემდეგ ეს თოფები დაბრუნდა საწყობებში და გაიყიდა. გრძელი და მასიური მუხისგან დამზადებული ხის ტიბჟირი კარგად იცავდა მილისებრი ფორმის მჭიდს დაზიანებებისგან, ხოლო თოფი იმდენად გამძლე გამოდგა, რომ ხანგრძლივი ომის შემდეგ მათი ნაწილი დაბრუნდა სამოქალაქო მიმოქცევაში. კონკრეტულად 500-მდე ერთეული გაიყიდა აშშ-ში და რამდენადაც ცნობილია თოფები მიუხედავად იმისა რომ ატარებენ ცვეთის ნიშნებს და გარეგნულად შელახულებია, მაინც იდეალურად მუშაობენ, ხის კონდახი და ტიბჟირი პრაქტიკულად ყოველთვის ორიგინალია და როგორც წესი არ არის დაბზარული. ასევე იარაღები როგორც წესი მთლიანად ორიგინალურ მდგომარეობაშია რაც ერთის მხრივ მეტყველებს დამზადების ხარისხზე რომელიც უკვე იშვიათად გვხვდება დღეს და მეორეს მხრივ იმათ მომზადებაზე და დისციპლინაზე ვინც იყენებდა ომში ამ იარაღს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდეზიული სამხედრო ნაწილები, განსაკუთრებით სკაუტები და ე.წ. როდეზიული მსუბუქი ფეხოსნები გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით და მომზადებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ქონდათ არც რაოდენობრივი უპირატესობა და არც უპირატესობა საცეცხლე ძალაში, მათ მიაღწიეს შთამბეჭდავ ეფექტურობას. დაახლოებით 1600 დაღუპულ როდეზიელ ჯარისკაცზე მოდიოდა 10 000-ზე მეტი მოკლული მოწინააღმდეგე. ტაქტიკა რომელსაც იყენებდნენ როდეზიელები იმდენად წარმატებული გახდა რომ გავლეენა სხვა ქვეყნების მიერ მცირე ზომის შენაერთების ტაქტიკის ევოლუციაზე და გარდა ამისა შექმნა ახალი ტიპის შეიარაღების სისტემები, კონკრეტულად სპეციალური ჯავშან-მანქანები, ნაღმებისგან დაცვის მაღალი ხარისხით. ცხადია, რომ იარაღის დეფიციტის პირობებში, მის მოვლასაც ექცეოდა სათანადო ყუარადღება, რისი წყალობითაც ეს გარკვეულწილად უნიკალური იარაღი, ცნობილი როგორც “როდეზიული ბრაუნინგი” შემორჩა ჩვენ დღემდე და აქტიურად გამოიყენება მათი იღბლიანი მფლობელების მიერ.

ps ერთადერთი რასაც ვერ ვხვდები, ჯუნგლებში ომის დროს როგრო არ გარკავდნენ იმ პაწაწინა ხრახნებს რომლებითაც აწყობილია თოფი. როგორც ჩანს იმ დროს თოფებსაც სხვანაირად აწყობდნენ და ხალხიც სხვანაირი იყო….

fder07

ჩვენი ტესტი – Norinco M54

March 8th, 2017

რა შეიძლება იყიდო 350 ლარად თბილისში? ფეხსაცმელების წყვილი ალბათ, ქურთუკი ან ძალიან საბაზისო „სმარტფონი“. იარაღის მოყვარულისთვის 350 ლარი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ამ ფასად მეორად ცალ-ლულიან თოფს თუ იყიდი ან თუ გაგიმართლა ნაწვალებ, ჩამოწერილ „მაკაროვს“, რომელსაც დაფარვის აღდგენის პროცესში ორიგინალური წარწერებიც კი არ ექნება შენარჩუნებული.  მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელი აღმოჩნდა ამ ფასად, ბევრად უფრო საინტერესო რამის შეძენა. კონკრეტულად კი „ნორინკოს“, ჩინური წარმოების საბჭოთა “TT”-ს კლონის, რომლებიც ჩვენთან იშოვება როგორც ორიგინალურ კალიბრში 7.62×25, ასევე 9×19-ზე გათვლილი. როგორც კლასიკური „TT“-ს ზუსტი ასლი ასევე ე.წ. „ტოკეჯიპტის“ კონფიგურაციაში, შედარებით უფრო კომფორტული სახელურით და საშინლად მოუხერხებელი და არაესთეტიური მექანიკური მცველით. სწორედ ეს პისტოლეტი ვიყიდეთ ჩვენ 350 ლარად და სწორედ მას კონკრეტულად და ასევე ზოგადად ტოკარევის სისტემის სხვა პისტოლეტებს ეძღვნება ეს სტატია.

ეგრევე უნდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში, რაც მე ვწერ იარაღებზე და კიდე უფრო ადრეც, სანამ ამას ყველაფერს დავიწყებდი, მე მქონდა შესაძლებლობა მესროლა ბევრი “ტოკარევიდან”. მქონდა პირად საკუთრებაში სამი ასეთი პისტოლეტი, საბჭოთა, იუგოსლავიური და ჩინურიც, უკანასკნელი 9მმ-ან ვარიანტში. მე ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვიყავი იმით თუ როგორ მუშაობდნენ “ტოკარევები” ზოგადად და კონკრეტულად ჩემი ამ სისტემის პისტოლეტები. ასე გამოდის რომ “ტტ”-ზე მოდის ლომის წილი პრობლემების, რომლებიც მე მინახია ავტომატურ პისტოლეტებში. პირადი შთაბეჭდილება, რომელიც მე შემექმნა “ტოკარევებთან” ურთიერთობისას ისეთია, რომ ეს პისტოლეტი არის ნედლი და გარკვეულწილად პრიმიტიული იარაღიც კკი, რომელიც თანაც არ არის უსაფრთხო. მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიარო, არის ამ პისტოლეტებში ისეთი რამე, რაც მაინც მიზიდავს და მაიძულებს ვიყიდო მორიგი “ტოკარევის”. ეს არის მაგალითად უკიდურესად კომპაქტური ზომები ასეთი ძლიერი იარაღისთვის, ასკეტური ფორმა და შესრულება, მარტივი მოწყობილობა, საკმადო საინტერესო ვაზნა და ჩინური პისტოლეტის შემთხვევაში ყველაზე დაბალი ფასი. ამიტომაც როდესაც მორიგი “ტოკარევი” გაჩნდა იმ ფასად რა დროსაც ლარი “ლარობდა” მე ზედმეტი ფიქრების გარეშე ვიყიდე ის, Norinco M54, ორიგინალურ კალიბრში და ორ მჭიდით, 350 ლარად.

ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტებს უშვებდა უამრავი ქვეყანა, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩრდილო კორეა, პაკისტანი და ასე შმდეგ,  ხოლო ჩინური „ტოკარევების“ ისტორია იწყება 1951 წელს, როდესაც ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაში მიიღეს შენგიანგში განლაგებული ნომერ 66 ქარხნის მიერ წარმოებული პისტოლეტი, მოდელი „მ51“. ეს პისტოლეტი იყო საბჭოთა TT-33-ის ზუსტი ასლი და მისი წარმოებისას გამოიყენებოდა, როგორც ადგილობრივი ასევე საბჭოთა წარმოების ნაწილები. 1954 წელს დაიწყო გაუმჯობესებული პისტოლეტის წარმოება ინდექსით M54, რომელიც ამჯერად იყენებდა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ნაწილებს. ლიტერატურაში და ვებ-რესურსებზე წერენ რომ მოდელი 54 იყო გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ რაში მდგომაროებდა გაუმჯობესება მე ვერ დავადგინე ვინაიდან მოდელი 54 ერთი შეხედვით საბჭოთა “ტტ”-ს პრაქტიკულად ზუსტი ასლია. მოდელი 54 ასევე გამოდიოდა შეზღუდული რაოდენობით 9მმ-ან ვარიანტშიც, გათვლილი 9×19 Luger ვაზნაზე.  იმისთვის რომ “ტტ” გახადოთ 9მმ-ნი, მინიმუმ საჭიროა უბრალოდ ლულის და ალბათ დამაბრუნებელი ზამბარის გამოცვლა.

მოდელი 54 კალიბრში 7.62, იყო და შეზღუდულად დღემდე არის, სტანდარტული სამხედრო პისტოლეტი ჩინეთის სახალხო-გამანთავისუფლებელ არმიაში. გარდა ამ მოდელებისა სახელმწიფო საწარმო NORINCO დღემდე უშვებს ანალოგიური კონსტრუქციის კომერციულ 9მმ-ან პისტოლეტებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ინდექსები NORINCO Model 201C, NORINCO Model 213, NORINCO TU-90, NORINCO NP-10, NP-17 და M20, გააჩნია რომელ ქვეყანაში და რა დროს იყიდებოდა. სულ ყველა აგებულია M54-ის ბაზაზე და ცვლილებები მათ შორის ძალიან უმნიშვნელოა. პრაქტიკულად პისტოლეტს დაემატა მხოლოდ მექანიკური მცველი და შედარებით უფრო ერგონომიული სახელურის პანელები. ამ ინდექსებით ეს პისტოლეტები იყიდება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში და 1993 წლამდე აშშ-იც, სანამ „ნორინკო“ არ მოექცა სანქციების ქვეშ ირანისთვის აკრძალული ტიპის პროდუქციის მიყიდვისთვის და შესაბამისად მისი პროდუქციის იმპორტი აშშ-ში შეწყდა. გარდა ამისა “ნორინკო” აღმოჩნდა ჩართული სკანდალში, რომელიც უკავშირდებოდა ავტომატური იარაღით ამერიკული კრიმინალური ორგანიზაციების მომარაგებას. 1996 წელს ამერიკაში დააკავეს რამდენიმე იარაღით მოვაჭრე, რომელბსაც უპოვეს “ნორინკოს” წარმოების ავტომატური იარაღის მსხვილი პრტიები, რომლის მიყიდვასაც ისინი აპირებდნენ მაფიისთვის და სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებებისთვის. მინიმუმ ერთმა დაკავებულმა დილერმა განუცხადა აგენტებს, რომ ჩინეთის მთავრობა ფლობდა სრულ ინფორმაციას ამ უკანონო გარიგებებზე. მოგეხსენებათ China Northern Industrial Corp. ან შემოკლებულად Norinco, არის ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმო. საწარმო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გიგანტური, მასში დასაქმებულია 270 000 მეტი ადამიანი. რა თქმა უნდა ეს ხალხი არ არის მარტო სხვადასხვა იარაღების კლონების წარმოებით დაკავებული და ასევე უშვებს მძიმე შეიარაღებას, ტანკებს და ა.შ.

fa_psl

უნგრული TT-58 გათვლილი 9×19 Luger-ზე  და ცნობილი სახელით “Tokegypt” იყო პირველი 9მმ-ნი ტოკარევი, დამზადებული სპეციალურად ეგვიფტესთვის. „ნორინკოს“ 213-ე  მოდელი პრაქტიკულად „ტოკეჯიპტის“ ასლია.  ერთ-ერთი ვერსიით 213-ე მოდელზე მცველის გაჩენა უკავშირდება აშშ-ში მისი გაყიდვის უფლების მოპოვებასაც. 9მმ-ნი მოდელი 213 ყველაზე გავრცელებული ჩინური “ტოკარევია” საქართველოში. 7.62 კალიბრის M54 გაცილებით უფრო იშვიათია.  

„ნორინკოს“ პისტოლეტები მოხდა ასევე საქართველოში.  ჩვენთან ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი მოდელი არის „213“, 9მმ-ან ვარიანტში, ‘ტოკეჯიპტის“ სტილის სახელურით და მექანიკური მცველით. სამი-ოთხი წლის წინ ასეთი პისტოლეტი შეძენა შესაძლებელი იყო სულ რაღაც 319 ლარად. ამ ფასში მოგივიდოდათ ახალი პისტოლეტი, ერთი მჭიდით, მოთავსებული მუყაოს და პენოპლასტის ყუთში, შომპოლთან და ინსტრუქციასთან ერთად.

003-5

9მმ-ნი Norinco 213 გაყიდული აშშ-ში. “KSI Pomona” არის კალიფორნიული იმპორტიორი კომპანიის დამღა. 

ჩინური კლონების გარდა, საქართველოში ასევე იყო ხელმისაწვდომი, როგორც ორიგინალური საბჭოთა „ტოკარევები“ (ფასი ამ სტატიის დაწერის პერიოდში, 700-900 ლარი ნორმალურ/კარგ მდგომაროებაში მყოფ მოდელში) ასევე იუგოსლავიური წარმოების კლონები, საიდანაც იუგოსლავიური Zastava Arms-ის პისტოლეტები (M57 და მისი მოდიფიკაციები) ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მეორად ბაზარზე, 900-1300 ლარის ფარგლებში. შესაძლებელია საქართველოში მოხდა „ტოკარევების“ კლონები სხვა ქვეყნებიდანაც მაგრამ მე ასეთები არ შემხვედრია. ალბათ ასეთი სხვაობა ფასებში ითხოვს ჩვენგან დეტალურ ახსნას თუ არა კომენტარის გაკეთებას მაინც. საბჭოთა „ტოკარევები“ ბოლო 10 წელი არასდროს არ იყიდებოდა საქართველოში 600 ლარზე ნაკლებად. ბუნებრივია, რომ წარმოშობის გამო ყველაზე დიდი მოთხოვნა და ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ საბჭოთა წარმოების პისტოლეტებს ერგოთ, რომლის იმპორტირებაც საქართველოში ხდებოდა რუსეთიდან და უკრაინიდან. ამავე დროს ვიზუალურად ყველაზე ლამაზი და დახვეწილი პისტოლეტები იუგოსლავიური ‘ზასტავებია“, რაც შედარებითი იშვიათობასთან ერთად განაპირობებს მაგათ მაღალ ფასს. შესრულების მხრივ, საბჭოთა „ტოკარევები“ ძალიან მოიკოჭლებენ. ომის დროს გამოშვებული პისტოლეტი ზოგადად საშინლად დაბალი ხარისხის არიან და ძალიან ცუდათ არიან შესრულებულები. თავის მხრივ ომამდე გამოშვებული და ომის შემდეგ გამოშვებულებს შესრულება აქვთ კარგი, საიდანაც ბოლო წლების (51-52) იჟევსკის გამოშვებები ხარისხით და შესრულებით არიან საუკეთესო საბჭოთა გამოშვების „ტოკარევებს“ შორის (სულ საბჭოთა კავშირში „TT”-ს სამი ქარხანა უშვებდა, ტულის, იჟევსკის და კოვროვის). გამომდინარე იქიდან რომ საბჭოთა ‘ტოკარევები“ „სურპლუსია“ ანუ ყოფილი სამხედრო იარაღებია მათი მდგომარეობა შეიძლება იყოს როგორც კარგი ასევე ნაცვეთი ან უბრალოდ უვარგისი. ჩემი გამოცდილებით საბჭოთა  „ტოკარევები“ ყველაზე პრობლემური პისტოლეტებია საიმედოობის მხრივ, იმიტომ რომ მათი დიდი პროცენტი სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია, ხოლო ომის დროს გამოშვებულები ძალიან დაბალი დონის შესრულებით ხასიათდებიან. ყველაფერი ეს ცხადია პირდაპირ მოქმედებს მათ საიმედოობაზე.

DSC08292

იუგოსლავიური „ზასტავა მ57“, კარგი პისტოლეტია, მაგრამ არასტანდარტული ტარი ითხოვს შესაბამის უფრო გრძელ მჭიდებს, რომლებსაც აქ ვერ იშოვით. შედარებით გრძელი და ამის გამო უფრო ერგონომიულ ტარში თავსდება 9 ვაზნიანი მჭიდი. 

IMG_1482

 1952 წელს იჟევსკში გამოშვებული „TT“ გამოირჩეოდა ძალიან მაღალი შესრულების დონით, კარგი სიზუსტით და აბსოლუტური საიმედოობით.

side

ომის დროს გამოშვებული საბჭოთა „TT“. დააკვირდით რამდენად არაზუსტად არის დეტალები დამზადებული. შიგნიდან პისტოლეტი კიდე უფრო უარესად გამოიყურება. ასეთ თუნდაც პრაქტიკულად ახალი პისტოლეტები ხასიათდებიან პრობლემური საიმედოობით და შედარებით ცუდი სიზუსტით.

საქართველოში ცხადია ჩინურ TT-ს არ აქვს განსაკუთრებული სიმბოლური ღირებულება,  მაგრამ ის არის ახალი, ის არის იაფი, ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება  და ის არის როგორც 7.62 ასევე 9მმ-ან კალიბრში. მაგრამ როგორ მუშაობს ის? არის ის კარგი შენაძენი თუ “ჩინური ნაგავია” რომელსაც არ უნდა გაეკარო? სიმართლე გითხრათ ნებისმიერი “ტტ”-ს შეძენისას არ არის არანაირი გარანტია რომ იარაღი უპრობლემოდ იმუშავებს და ამიტომ “ტტ”-ს კაცი თუ იყიდისს, მხოლოდ იმისთვის რომ შეავსოს კოლექცია და/ან იშვიათად ისროლოს მიზანში და დატკბეს გასროლის ხმამაღალი ხმით, იმიტომ რომ ჩემი აზრით სხვა როლში ამ პისტოლეტის წარმოდგენა რთულია. იქნება ბევრი “ტტ”, რომელიც ნორმალურად იმუშავებს მაგრამ იმ “ტოკარევების” რიცხვიც ბევრია, რომელიც არ მუშაობს. როდესაც საუბარია ნებისმიერ ბიუჯეტურ იარაღზე არის შესაძლებლობა რომ გერგოს გაუმართავი პისტოლეტი, ტექნიკური წუნებით ან პირიქით გაგიმართლოს და მიიღო მუშა პისტოლეტი, ასე რომ ასეთი იარაღის შეძენისას ლოტოს პრინციპი ნამდვილად მოქმედებს. ჩვენც გადავწყვიტეთ მეცნიერების და თქვენი ცნობის მოყვარეობის ხათრით ეს ლატარეა გვეთამაშა და ხანმოკლე გაფორმების პროცედურის შემდეგ ჩინური “ტოკარევი” გადმოვიდა ჩვენ საკუთრებაში და ამიტომ სტატია გავაგრძელოთ სწორედ ამ პისტოლეტის აღწერით.

P1080209

ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტი, ჩინური წარმოების „კლასიკური“ კონფიგურაციის Norinco M54. ჩემი აზრით ასეთი პისტოლეტი უკვე გადის საკოლექციო იარაღში, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ კონფოგურაციაში “ნორინკოს” პისტოლეტები ძალიან იშვიათია.

როგორც უკვე აღვნიშნე, მოდელი M54 არის ყველაზე სასურველ, კლასიკურ კონფიგურაციაში, საბჭოთა ტიპის სახელურით და მექანიკური მცველის გარეშე. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ დეტალების გარკვეული თავსებადობაც უნდა იყოს. პისტოლეტი უპრობლემოდ იღებს საბჭოთა წარმოების მჭიდებს, რაც კარგია იმის გათვალისწინებით, რომ ის იყიდება როგორც წესი ერთი მჭიდით. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ერთი მოდელის პისტოლეტებს შორის სრულად თავსებადი დეტალების წარმოება პრობლემური იყო ასე, რომ თუ “ნორინკოს” რამე გაფუჭდა წავა საბჭოთა წარმოების დეტალი, რომელსაც შეიძლება მცირე მორგება დაჭირდეს. პისტოლეტი მარცხენა მხარეს დატანილია საკმაოდ ლამაზად შესრულებული სერიული ნომრები და საფირმო წარწერები “ნორინკოს” ლოგოთი. სავაზნე გარედან ასევე მარკირებულია შესაბამისი კალიბრით. მეტი მარკირებები ან დამღები პისტოლეტზე არ არის.

ტექნიკურად „ტტ“ აგებულია კოლტ-ბრაუნინგის სქემით, საიდანაც მას ერგო ჩაკეტვის სქემა ლულის ირგვლივ  განლაგებულ ორი საბრძოლო ბჯენის და საყურის გამოყენებით, რომელშიც გაყრილია საკეტის შემაკავებლის ღერძი. საკეტის წინა ნაწილში განლაგებულია “ბუშინგი”, რის გამოც “ტოკარევს” ერგო “კოლტ-ბრაუნინგის” დაშლის შედარებით რთული ალგორითმი. მოსახსნელ მჭიდში ჩადის 8 ვაზნა და ის ადვილად იშლება გასაწმენდად. ჩვენ პისტოლეტს მოყვა ორი მჭიდი, ერთი ორიგინაკური ჩინური და ერთიც საბჭოთა წარმოების. პისტოლეტი დაფარულია თხელი შავი ოქსიდირებით ხოლო ლულა რომლის სიგრძე 116მმ-ია ოქსიდირებული არ არის. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ტრადიციული, ერთმაგი მოქმედების არის. პისტოლეტს აქვს მხოლოდ ერთი მცველის ფუნქცია, ანუ ნახევრად-შეყენების შესაძლებლობა. ეს პისტოლეტი 1933 წელს დაიბადა, ხოლო იმ დროს ავტომატური მცველები დიდი იშვიათობა იყო ამიტომაც დიდი სიფრთხილე გმართებთ ასეთ იარაღებთან ურთიერთობისას. არსებული ლეგენდის თანახმად სემიონ ბუდიონიმ უბრძანა ტოკარევს ამოეღო კონსტრუქციიდან ავტომატური მცველი, რომელიც ჩაკეტავდა დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, თუ ტარს ხელს გაუშვებდი. ეს საკმაოდ საინტერესო მოთხოვნაა, იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ში 1911 წლის „კოლტზე“ ასეთი მცველი გაჩნდა სწორედ კავალერისტების მოთხოვნით, როგორც უსაფრთხოების აუცილებელი ელემენტი. მე ვერ მოვიპოვე „ტოკარევის“ სურათი ავტომატური ტარის მცველით. შეიძლება ეს ისტორია უბრალოდ ლამაზი ლეგენდაა და მცდელობა მისი კონსტრუქტორის ფიოდორ ტოკარევის აშკარა შეცდომის სხვაზე გადაბრალების. ასე რომ გაითვალისწინეთ, “ტოკარევი” არ არის უსაფრთხო იარაღი! ხოლო ჩახმახი უნდა იუოს ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში თუ ვაზნა სავაზნეშია, თუ ის ბოლომდე დაშვებულია, მსუბუქი დარტყმაც საკმარისია რომ იარაღმა გაისროლოს. ნახევრად შეყენებული ჩახმახით პისტოლეტზე იბლოკება საკეტი და მისი გამოწევა უკან შეუძლებელია. ეს ნორმალურია. თუ ნახევრად-შეყენებულ ჩახმახზე საკეტის გახსნა შესაძლებელია ესეიგი პისტოლეტი გამოსულია მწყობრიდან.  ტყვიის გავარდნის საფრთხის გამო იქ სადაც აღელვებდათ ადამიანის სიცოცხლე „ტოკარევის“ ტარება ვაზნით სავაზნეში იყო აკრძალული. არსებული ლეგენდის თანახმად კრიმინალისტიკის საბჭოთა სახელმძღვანელოში აღწერილი იყო “ტტ”-თან დაკავშირებული უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ტიპიური ჭრილობის და განგებ მიყენებული (самострел) ჭრილობის იდენტიფიცირების და გამორჩევის მეთოდოლოგია. არც სამეგობროში არ აღმოჩნდა პრობლემა მომეძებნა ხალხი, რომელიც გახდნენ მომსწრეები როგორ გაისროლა დავარდნილმა “ტოკარევმა” “თავისით”. სწორედ ამიტომ მე არავის არ ვაძლევ რეკომენდაციას განიხილოს ეს პისტოლეტი როგორც თავდაცვის ან სამსახურეობრივი იარაღი.

მიუხედავად ამისა მაინც, თავისი დროისთვის „ტოკარევი“ ითვლებოდა კარგ პისტოლეტად. კოლტ-ბრაუნინგის ავტომატიკის სქემის და 1903 წლის ბრაუნინგის ერგონომიკის დიზაინის გამოყენებით, ის გამოირჩეოდა სიმარტივით, ლაკონური ფორმებით, იყო თხელი და ვაზნების გარეშე იწონიდა 850 გრამს (სავსე მჭიდით 940 გრამს) და იყენებდა ძლიერ ვაზნას. კონსტრუქციის თავისებურებებს ასევე განეკუთვნებოდა ცალკე შესრულებული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული, რომლის ამოღება და გაწმენდა ადვილი იყო. ასევე საბრძოლო ზამბარა განთავსებული ჩახმახის შიგნით, ხოლო ტარში დარჩა მასიური ბრტყელი ზამბარა რომელიც ასრულებდა სასხლეტის დამაბრუნბლის ფუნქციას. პისტოლეტის აქილევის ქუსლიც სწორედ საბრძოლო ზამბარა არის, განთავსებული ჩახმახის შიგნით, ის დიდ დატვირთვებს განიცდის და მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები არც ისე ცოტაა.  არ არის რეკომენდირებული მშრალად სროლაც, რომ არ გატყდეს დამრტყმელი ან ის ღერძი, რომელიც მას საკეტში აქვს გაყრილი და დამრტყმელს იჭერს.

P1080197

პისტოლეტის შესრულება არის დამაკმაყოფილებელი. შიგნიდან პისტოლეტი უხეშად არის დამუშავებული მაგრამ დეტალების მორგება კარგია, არაფერი არ თამაშობს, არ ხმაურობს, საკეტის და ლულის მორგება კარგია, მჭიდი მჭიდროდ ზის ტარში, ტარის პანელებიო მყარად არის დამაგრებული. პისტოლეტი ტოვებს “მყარი” საიმედო იარაღის შთაბეჭდილებას.  

ორი სიტყვით მინდა ასევე შევეხო პისტოლეტის შესრულების ხარისხს. ის ნამდვილად ვერ შეედრება „ზასტავის“ მიერ წარმოებულ პისტოლეტებს. ყველგან ეტყობა ინსტრუმენტის კვალი, დაფარვა არ არის საუკეთესო, შეიძლება სულ ახალ პისტოლეტს ქონდეს ნაკაწრები ან თუნდაც დაფარვის დეფექტები, მაგრამ ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია, რაც ასეთი ფასის იარაღზე დასაშვებია. რაც მთავარია როგორც წესი ეს პისტოლეტები მუშაობენ პირდაპირ კოლოფიდან და ქლიბით დამუშავებას არ ითხოვენ. ასევე ეს პისტოლეტები გაცილებით უფრო უკეთესად გამოიყურებიან ვიდრე ომის დროს გამოშვებული საბჭოთა „ტოკარევები“. ასე რომ შესრულებით “ნორინკო” დგას „ზასტავას“ და ომის დროინდელ საბჭოთა „ტოკარევებს“ შორის და თითქმის ისეთივე კარგია როგორც ბოლო წლების საბჭოთა „ტოკარევები“. აღსანიშნავია, რომ  „ნორინკოს“ ძალიან კარგი ხარისხის ლულები აქვთ. რაც მე მინახია, უმეტესობას სუფთა პრიალა ლულის არხები და სავაზნეები ქონდა.  ასეთ ლულებს საბჭოთა „ტოკარევებზე“ იშვიათად თუ წააწყდებით ამიტომ ხშირად მფლობელს გონია რომ ჩინური “ტტ”-ს ლულები ქრომირებულია მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. არსებობს ინფორმაცია რომ ლულები იმ პისტოლეტებზე რომლებიც მიეწოდება ჩინეთის არმიას ქრომირებულია, მაგრამ ამის მყარი მტკიცებულება მე ვერ მოვიპივე. ასევე არსებობს მონაცემები რომ უახლესი 9მმ-ნი “ტოკარევების” ლულებიც ქრომირებულია, ყოველ შემთხვევაში ასე წერია კანადაში ნორინკოს იმპორტიორი კომპანიის ვებ-გვერდზე მაგრამ ყველა “ნორინკოს”, რაც მე მინახია ქონდა სუფთა პრიალა ლულა და არ ქონდა ქრომირება.

დანარჩენში „ნორინკო“ არის ტიპიური „იმ” ეპოქის პისტოლეტი. იმ ეპოქის, როდესაც სწრაფი გადატენვები და ტაქტიკურ-პრაქტიკული სროლის ტექნიკები ჯერ არ იყო გამოგონილი. პისტოლეტი ცოტათი უხეშია, ვიწრო და მოკლე ტარი ხელში არ ზის კარგად, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი მუშაობს მკაფიოდ. მჭიდის ღილაკი, საკეტის შემაკავებელი, ჩახმახი, მკაფიო „კლიკით“ გატყობინებენ თავიანთი მდგომარეობის შესახებ. მჭიდები თავისუფლად თავსდება პისტოლეტში და ასევე თავისუფლად ვარდება გარეთ მჭიდის ღილაკზე დაჭერის შემდეგ. კი კუთხეები პისტოლეტს ბასრი აქვს, დიახ სახელური ისეთი ერგონომიული არ არის, ცოტა მეტი ძალა გინდა რომ საკეტი უკან გამოწიო, მაგრამ მერე მაინც გახსენდება რა დაგიჯდა ეს პისტოლეტი და ასევე ის, რომ 7.62×25 ფოლადის გულით ხვრეტს სტანდარტულ რბილ ჯავშან-ჟილეტებს. ხვდები რომ ეს არ არის “ჯიბის” კალიბრის პიტოლეტი.  უყურებ მის სუფთა, ლაკონურ ფორმებს და ჩამოთვლილ ნაკლოვანებები უკვე ისე არ იქცევენ ყურადღებას. დიახ, ლაკონურობა, სიმარტივე და მცირე გაბარიტები, უფრო სწორედ პისტოლეტის სითხელე, არის ის რაც ყოველთვის მხიბლავდა “ტოკარევის” პისტოლეტში. გარდა ამისა მხილავს ისიც რომ ასეთ იაფ იარაღში ყველა დეტალი დამზადებულია ფრეზირების მეთოდით რაც დღეს ბიუჯეტურ იარაღში უბრალოდ აღარ ხდება. ძალიან ბევრს ხიბლავს ასევე 7.62×25 კალიბრის ვაზნაც, რომელიც “ტოკარევის” ორიგინალური და ალბათ ყველაზე გავრცელებული კალიბრია. ის პრაქტიკულად ზუსტი ასლია გერმანული 7.63×25 ვაზნის, იგივე .30 Mauser Automatic-ის, რომლის შემქმნელებიც არიან ძმები ფედერლეები, და შექმნეს მათ ეს ვაზნა 1896 წელს C96 ტიპის, მაუზერის კონსტრუქციის პისტოლეტისთვის. ბოთლის ფორმის მასრაში მოთავსებული იყო 86 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვია, რომელსაც გააჩნდა საწყის სიჩქარე 440 მ/წ-ის ოდენობით და ენერგია 545 ჯოულის ოდენობით. იმ დროისთვის და ეხლაც, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები იყო. რუსეთში და შემდგომ საბჭოთა კავშირში მაუზერის პისტოლეტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და ამიტომაც  ეს ვაზნა აარჩიეს, როგორც სტანდარტული პერსპექტიული პისტოლეტ-ტყვიამფრვევისთვის და პისტოლეტებისთვის, რომლებიც საბჭოთა არმიას უნდა მიეღო მომავალში შეიარაღებაში. გარდა ამისა ამ არჩევანს ქონდა ასევე კონკრეტული ეკონომიკური მიზეზებიც. პისტოლეტის, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების, ტყვიამფრქვევბის და შაშხანების ლულების წარმოება შესაძლებელი იქნებოდა ერთი და იგივე დაზგა-დანადგარებზე რაც ამცირებდა დიდი ჯარის გადაიარაღების და მომარაგების ხარჯებს. არსებული მონაცემებით ახალი ვაზნის წარმოებისთვის საბჭოთა კავშირმა შეიძინა აუცილებელი დანადგარები და ლიცენზია გერმანიაში, პირდაპირ DWM-სგან. 30-ან წლებში, ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ამ ვაზნას ეძახდნენ 7.62 კალიბრის მაუზერის ვაზნას. ზომებით ის პრაქტიკულად იდნეტურია მაუზერის ვაზნის, უბრალოდ იყენებს ბერდანის ამაალებლებს. უკვე 1953 წლიდან სსრკ-ში შეიარაღებაში მიიღეს ახალი ტიპის უფრო “ეკონომიური” ვაზნა, ბიმეტალის მასრით და ფოლადის გულით, ხოლო 53 წლამდე გული ტყვიის იყო. ითვლება რომ საბჭოთა ვაზნები შედარებით ძლიერი მუხტით არიან და შესაბამისად მეტი ენერგია აქვთ, ამიტომ მათი გამოყენება მაუზერის ვაზნაზე გათვლილ, განსაკუთრებულად ძველ იარაღებში არ არის რეკომენდირებული. ამის მიზეზი ჩემი აზრით გარდა უფრო დიდი წნევისა, ასევე არის ის რომ მასრა ბიმეტალის არის რაც მეტად ტვირთავს ექსტრაქტორს, ხოლო საბჭოთა დენთი არასტაბილურობით გამოირჩევა და შესაძლებელია წნევა კიდე უფრო მაღალ მაჩვენებელზე ადიოდეს ვიდრე ეს მითითებულია სპეციფიკაციებში, ასე რომ აქაც მოქმედებს დაუწრელი კანონი: საბჭოთა ვაზნები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ საბჭოთა იარაღში. ვისაც გაქვთ ორიგინალურ მაუზერის ვაზნაზე გათვლილი იარაღი, თუ ვერ შოულობთ ორიგინალურ ვაზნებს, გამოიყენეთ კომერციული, ახალი გამოშვების „ტოკარევის“ ამუნიცია და ისიც თუ იარაღი კარგ მდგომარეობაშია. შესაბამისად მაუზერის ვაზნების გამოყენება უპრობლემოდ შესაძლებელია „ტოკარევებში“, თუმცა ჩემი რჩევა იქნება თუ გაქვთ ორიგინალური მაუზერის ვაზნები, იპოვეთ C96-ის პატრონი და გადაუცვალეთ ეს ვაზნები მას.

რუსები რატომღაც თვლიან რომ 7.62TT-მ ჯერ კიდევ არ ამოწურა თავის პოტენციალი მაგრამ ჩემი აზრით ეს ასე არ არის. როგორ შეიძლება ვაზნამ, რომელიც დაიბადა 1896 წელს და დიდი ხნის წინ მოიხსნა შეიარაღებიდან, უწოდო პერსპექტიული? ბალისტიკაში არაფერი მუქთად არ არის. პირველ რიგში ტყვიის პატარა წონა ზღუდავს ამ ვაზნის ეფექტურობას, მისი დიდი სიგრძე ითხოვს შესაბამისად დიდ სახელურს. “ტტ-ს ვაზნის” ნაქები შეღწევის და გახვრეტის უნარი საერთოდ არასასურველი პარამეტრია სამოქალაქო იარაღისთვის.  ”ტოკარევი” ვაზნებით ფოლადის გულებით არის უბრალოდ სახიფათო ქალაქში. გასროლის ხმა და უკუცემა სუბიექტური შეფასებით უფრო დიდი ვიდრე 9×19 ვაზნის შემთხვევაში.  თანამედროვე მუხტები ექსპანსიური ტყვიით პრაქტიკულად არ იწარმოება. alloutdoor-მა ჩაატარა ტესტები იუგოსლავიური ექსპანსიური ვაზნებით და დაადგინა, რომ ჟელატინში 7.62 კალიბრის ტყვია ისეთივე ჭრილობის არხს ქმნიდა როგორც  .45 კალიბრის მთლიანად გარსით დაფარული ტყვია, მაგრამ შეღწევა იყო ნაკლები (რაც ბუნებრივია ექსპანსიური ტყვიისთვის რომელიც ამ კალიბრის შემთხვევაში თანაც ძალიან მსუბუქია). ხსენებულმა გამოცემამ ჩათვალა, რომ ეს ვაზნა ასეთ კონფიურაციაში ადეკვატურია თავდაცვისთვის. სამწუხაროდ ამ კალიბრის ექსპანსიური ვაზნის შოვნა საქართველოში და ალბათ დანარჩენ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია. მთლიანად გარსით დაფარული ტყვიის ტერმინალური ეფექტურობა თუნდაც ტყვიის გულით, არის საკმადო მცირე, რაც დასტურდება მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილებით.ყველაფერი ამის გამო ეს კალიბრი დღეს პრაქტიკულად მკვდარია. რომ არა მეორადი „ტოკარევების“ დიდი რაოდენობა, მისი წარმოებაც საერთოდ დიდიხანია შეწყდებოდა.

ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს, რაღაც გაძლიერებულ ვაზნებზე, რომლებიც გამოიყენებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში და თუ გაისროდი მას პისტოლეტიდან ის გაიბზარებოდა, აფეთქდებოდა, გაფუჭდებოდა, გააჩნია ამ მითის რომელ რედაქციას კითხულობთ.  ოფიციალურად ასეთი განსაკუთრებული ვაზნა საბჭოთა კავშირში არასდროს არ არსებობდა, რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით П-41 ტიპის ჯავშან-გამტან ვაზნას, მაგრამ ასეთი ვაზნა აღჭურვილია შესაბამისად მარკირებული ტყვიით, რომლის თავი შეღებილია შავად წითელი ზოლით და ის არ აგერევათ სტანდარტულ ვაზნებში. ბევრად უფრო არეული მდგომარეობაა სხვა ქვეყნენში წარმოებულ ვაზნებთან. წერდნენ ბულგარულ და ჩეხურ ვაზნებზე ძალიან მაღალი წნევებით, რომელთა ტყვიის საწყისის სიჩქარე აღწევდა 500 და 560 მეტრს წამში. დეტალური ექსკურსი „ტოკარევის“ ამუნიციაში ცალკე სტატიის თემაა, მითუმეტეს თუ ეს ვაზნა ამდენიხანი არსებობს, ამიტომ ერთი რჩევით შემოვიფარგლები მხოლოდ, თუ იარაღს და პრინციპში საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, გაურკვეველი წარმოშობის ძველი ვაზნების გამოყენება არ არის კარგი იდეა. თუ სერიოზულად ხართ განწყობილები გამოიყენეთ ქრონოგრაფი, რომ დაადგინოთ ტყვიის საწყისი სიცქარე მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძველი გამოშვების ვაზნებში პარტიებს ან თუნდაც ერთი და იგივე პარტიის ვაზნებში სხვაობა საწყის სიჩქარეში შეიძლება იყოს ძალიან დიდი.  ინტერნეტი სავსეა “ხორორ ისტორიებით” დანგრეულ, გაბზარულ და აფეთქებულ 7.62 კალიბრის პისტოლეტებზე (ძირითადად “ტტ” და CZ52, ორი ყველაზე გავრცელებული პისტოლეტი ამ კალიბრში). ჩემი დაკვირვებით ყველაზე მეტი ასეთი ისტორია უკავშირდება ბულგარეთში გამოშვებულ ვაზნებს.

ბუნებრივია ამ სტატიისს მკითხველს აინტერესებს ამართლებს ჩინური “ტოკარევი” თუ არა, ანუ როგორ ისვრის ის? არის ის საიმედო? იდეაში გრძელი სამიზნე ხაზი (156მმ), სწრაფი ტყვია სწორი ტრაექტორიით და ერთმაგი მოქმედების სასხლეტი ქმნიან კარგ კომბინაციას შორს მსროლელი და ზუსტი პისტოლეტისთვის, მაგრამ პისტოლეტის შესრულების ხარისხი ამას ხელს უშლი. მოუხერხებელი ტარი და მძიმე სასხლეტი არ უწყობენ ხელს ზუსტ სროლას. საიმედოობას რაც შეეხება, სამწუხაროდ ასევე დადასტურდა, რომ უფასო (ან იაფი) ყველი მარტო ხაფანგში თუ მოიძებნება. პირველი გასროლებიდან ცხადი გახდა რომ პისტოლეტს პრობლემები აქვს.  ყოველ 6-7 გასროლაზე, არ ხდებოდა მასრის ბოლომდე ექსტრაქცია. სხვა პრობლემა მას არ ქონდა. პისტოლეტი უნდა აღინიშნოს რომ არ ითხოვდა გასწორებას, ზომიერად ზუსტად ისროდა და რომ არა პრობლემები საიმდოობასთან მე ვიტყოდი რომ პისტოლეტი დამაკმაყოფილებლად მუშაობდა. სამიზნე მოწყობილობები იმ ეპოქისთვის ტიპიურია, პარტრიჯის ტიპის, საკმაოდ მაღალი თარაზოთი და თხელი კორით. ბუნებრვივია ცუდი განათების პირობებში მათი გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მიზანში სროლისას განათებულ ტირში მათი ზომები და ფორმა არ ქმნიდა დიდ პრობლემას. უკუცემა იყო დიდი, არაკომფორტული და მისი მოთვინიერება მოუხერხებელი, მოკლე ტარის გამო იყო ძნელი,  ხოლო გასროლის ხმა იყო ძალიან მაღალი. ამის გამო ერთი ხელიდან ზუსტი სროლა ასევე იყო საკმაოდ რთული.  ჩინურ პისტოლეტს ოდნავ შეცვლილი აქვს ჩარჩოს ფორმები რის გამო სროლისას პისტოლეტი იკბინებოდა, ანუ კანი ყვებოდა ჩახმახის ქვეშ. ეს დამახასიათებელია ბევრი “ტტ-ს” კლონისთვის, რომელზეც ტარი ისეა შესრულებულია რომ პისტოლეტი ოდნავ ღრმად იჯდეს ხელში.

17193771_432461823762647_20757258_o

ასე გამოიყურება სამიზნე 15 მეტრიდან ორი ხელით სროლის შემდეგ.  დიდი არაფერი შედეგი არ არის მაგრამ საბრძოლო ან თუნდაც თავდაცვითი იარაღისთვის ასეთი შედეგიც მისაღებია. (ვაზნები S&B 90gr FMJ)

უნდა ითქვას, რომ მორალურად ჩვენ მზად ვიყავით პრობლემებისთვის, ამიტომ დიდად არ გაგვიკვირდა როდესაც “ნორინკომ” შემოგვთავაზა გამოცანა, რომლის ამოხსნაც მოგივწევდა. როდესაც პისტოლეტი ჭედავს, უნდა დავრწმუნდეთ პირვლ რიგში, რომ ეს არ არის ვაზნის ან დეფექტური მჭიდის ბრალი. გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტი ჭედავდა ორივე მჭიდზე და ორივე ვაზნით რაც ჩვენ გვქონდა (უკრაინული და ჩეხური S&B), შეგვეძლო თამამად გამოგვერიცხა ეს ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზი რომელიც იწვევს დაბრკოლებებს ავტომატურ პისტოლეტში. შემდეგ უნდა დააკვირდეთ პისტოლეტიდან გასროლის და გადატენვის ციკლის კონკრეტულად რა ეტაპზე ხდება  დაბრკოლება. ჩვენ შემთხვევაში მასრა ან ბოლომდე ან ნაწილობრივ ტოვებდა სავაზნეს, მაგრამ არ ხდებოდა მისი ეჟექცია, ანუ რაღაც მიზეზის გამო საკეტს, ექსტრაქტორის საშუალებით ვერ “მიქონდა” მასრა ეჟექტორამდე და შესაბამისად ის რჩებოდა პისტოლეტში. ჩემი აზრით საქმე იყო ან ზედმეტად ვიწრო სავაზნეში, ან ექსტრაქტორის სუსტ ზამბარაში ან უბრალოდ საკეტი ბოლომდე უკან ვერ მიდიოდა და მასრას ვერ “აჯახებდა” ეჟექტორს. იმისთვის რომ დაგვედგინა სავაზნის მდგომარეობა ჩვენ დავათვალიერეთ მისი ზედაპირი რაიმე დეფექტის არსებობის საგანზე, დეფორმაცია, ღრმა ნაკაწრი, კოროზია. არაფერი ისეთი რაც შეიშლიდა ვაზნის ექსტრაქციას ჩვენ არ აღმოვაჩინეთ. გასროლილი მასრებიც ჩვეულებრივად თავსდებოდა სავაზნეში. მასრები არ იყო გაბერილი, არც რკალზე არ ქონდა დაზიანებები რაც მიგვანიშნებდა რომ ექსტრაქტორი ახტებოდა მას ან გლიჯავდა, გაჭედილი მასრის ამოღების მცდელობისას. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ზომიერად გავაპრიალეთ სავაზნის ზედაპირი. თუ რამის გამოსწორების აუცილებლობა არ არის დადასტურებული, ჯობია ეს არ გააკეთოთ, მაგრამ ჩვენ შეზღუდულები ვიყავით ვაზნების რაოდენობაში რომელიც 2 ლარი ღირს და ასევე ტესტირების ამბავშიც, რომელიც უნდა მოხმდარიყო უკვე იარაღის ახალ მფლობელზე გადაფორმების შემდეგ, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიგვეღო ზომები დაბრკოლების ყველა შესაძლო მიზეზის აღმოსაფხვრელად. ასე, რომ სავაზნე გაპრიალდა. შემდეგ მოვხსენით იარაღს ექსტრაქტორი რომელიც დამაგრბულია საკეტში ერთი ვერტიკალური შტიფტით. სიმართლე გითხრათ როდესაც ვნახეთ მისი ზამბარა, უბრალოდ სიცილი აგვიტყდა. ეს იყო მინიატურული, იმდენად პატარა და სუსტი ხვეული ზამბარა რომ ალბათ მოუხდებოდა საათის მექანიზმს და არა საბრძოლო იარაღს. ამიტომ ზამაბარა შეიცვლა უფრო ხისტი და ძლიერით. ძლიერი ზამბარა ახშობს ექსტრაქტორის ვიბრაციას გასროლის მომენტში და ამცირებს ალბათობას რომ ის ამ ვიბრაციისას უბრალოდ აცდება მასრის რკალს და საკეტი დაიძვრება უკან უკვე მასრის გარეშე. ზამბარის გამოცვლის შემდეგ მოვიდა ჯერი გაგკვერვკია, მიდის თუ არა საკეტი ბოლომდე და აღწევს თუ არა მასრა ეჟექტორამდე.

tteje

“ტოკარევში” ეჟექტორის როლს ასრულებს ეს ადგილი დამრტყმე;-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე. იაფი და ტექნოლოგიური გადაწყვეტილება, რომელიც მეორეს მხრივ ართულებს მის “ტუნინგს” ეჟექციის სასურველი ხასიათის მისაღწევად.

შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მე მომეჩვენაб რომ ზამბარა “ნორინკოში” იყო მეტის-მეტად გრძელი. ამის გამო მისი მოთავსება პისტოლეტში იყო ძალიან რთული და ხელი რომ აგეშვათ ის თუნდაც ბოლომდე მოთავსებული შიგნით , მაინც აიხვეოდა და ამოხტებოდა გარეთ. ჩემი ვარაუდით გასროლის მომენტში ის ისე იხვეოდა შიგნით, რომ არ აძლევდა საკეტს ბოლომდე მისვლის საშუალებას. ამ პრობლემის შესახებ მე ნეტში ადრეც წამიკითხავს და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ხდებოდა ორი სამი ნახვევით ზამბარის დამოკლება. ჩვენც იგივე გავაკეთეთ. ამით ჩვენ ვუპასუხეთ პრაქტიკულად ყველა მიზეზს, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ასეთი ტიპის დაბრკოლება.

არ ვიცი რა იყო ზედმეტი და რა იყო საჭირო, იმიდან რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ პისტოლეტი “ჯადოსნურად” ამუშავდა.  ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რასაც ჩვენ არაერთხელ გვითქვავს ბლოგის “ფეისბუქის” გვერდზე და ასევე სტატიებში. ასეთი იაფი იარაღების შეძენისას მყიდველი უნდა მორალურად მზად იყოს პრობლემებისთვის და იცოდეს როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები. თუ თქვენ არ გესმით კარგად, როგორ მუშაობს იარაღი, თუ გეზარებათ ამაში გარკვევა, არ გაქვთ სათადარიგო ზამბარების, ხრახნების, შტიფტების მარაგი და ინსტრუმენტების მინიმალური ნაკრები, ჯობია იყიდოთ თანამედროვე  იარაღი მწარმოებლისგან კარგი რეპუტაციით ან იარაღი გარანტიით,  დარწმუნდით, რომ ის მუშაობს და თუ არა, დააბრუნეთ და აიღეთ სხვა. ასევე მინდა გითხრათ, რომ იარაღის საკუთარი ძალებით რემონტი ყოველთვის არის სერიოზული რისკი, ამიტომ შეხედეთ ამ მონაყოლს, როგორც საინტერესო და სახალისო ისტორიას და არა როგორც ინსტრუქციას “ტოკარევის” შეკეთების ან “ტუნინგის” ან თუნდაც, როგორც მოწოდებას ჩაძვრეთ იარაღის შიგნით, ქლიბოთ და აპრიალოთ ყველაფერი. თუ იარაღი მუშაობს, მისი ხელის ხლება არ შეიძლება. საუკეთესო არის კარგის მტერი, როგორც რუსები იტყვიან და ამაში მე თავად არაერთხელ დავრწმუნდი როგორც თავად ასევე სხვის მაგალითებზე.  ასე “გაუმჯობესებული” და შედეგად გაფუჭებული იარაღიც ბევრი მინახია, ასე რომ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილბელობა არ არის და კარგად არ გემსით რას აკეთებთ, იარაღს ხელს ნუ ახლებთ. იმ მცირე რაოდენობით წარმოდგენილი იარაღის ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ერკვევიან იარაღების მოწყობილობაში და აქვთ უნარები მექანიზმების შეკეთების და რკინასთან მუშაობის, ასეთი “ნორინკო” ცხადია იქნება ნამდვილი საჩუქარი. იაფად ყიდულობ საინტერესო პროექტს, “project gun”, როგორც ასეთ იარაღს უწოდებენ ამერიკაში და იღებ სიამოვნებას მის წესრიგში მოყვანით. ხელზე კბენის პრობოლემის მოგვარებაც იყო შესაძლებელი ჩარჩოზე კუთხის დაქლიბვით მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტის დატოვებას არ ვაპირებდით გადავწყვითეთ ეს აღარ გაგვეკეთებინა.

tthammerbite

სურათიდან კარგად ჩანს სხვაობა საბჭოთა (მარცხნივ) და მის რუმინულ კლონს შორის. გამომდინარე იქიდან რომ “ნორინკოზე” ისევე როგორც რუმინულ “ტოკარევზე” ჩახმახი ექცევა ხელათან უფრო ახლოს, ადგილი აქვს მსუბუქ “კბენას”. ჩარჩოს ან თუნდაც ჩახმახის მცირე დაქლიბვით ადვილად შესაძლებელია ხელზე კბენის პრობლემის მოგვარება. 

გამომდინარე იქიდან, რაც მე უკვე დავწერე, ვგულისხმობ კალიბრის თავისებურებებს და ასევე იმას, რომ “ტტ” არ არის უსაფრთხო, მე ვერ გაუწევ მას რეკომენდაციას, როგორც იარაღს რომელსაც შეიძლება ანდო თავისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს პისტოლეტი ასევე არ გამოირჩევა დიდი რესურსით. რამდენადაც ჩვენ დავადგინეთ 7.62 კალიბრის ნორინკოს ინსტრუქციაში ლულის  მითითებული რესურსი შეადგენდა 8 000 გასროლას რაც ძალიან ცოტა არის თუმცა ცხადია რომ გარანტირებულ და რეალურ რესურს შორის შეიძლება იყოს უშველებელი სხვაობა. პირადად ჩემი აზრით “ტოკარევი” მექანიკურად პრობლემურია, მისი შესრულება და ხარისხის კონტროლი არ გამორიცხავს ალბათობას, რომ თქვენ ხელში მოხვდება იარაღი წუნით. პისტოლეტს აქვს ძალიან საშუალო ერგონომიკა. ჩინური, საბჭოთა და იუგოსლავიური “ტოკარევები” არ არიან საიმედო პისტოლეტები, იმიტომ რომ ბევრი მინახია რომელიც არ მუშაობდა, თუმცა ვიზუალურად პისტოლეტებს არ ეტყობოდა ცვეთა. ჭედავდა ასევე სულ ახალი და ლამაზი “ზასტავაც”. შედარებისთვის, მე პრაქტიკულად არ მინახია “მაკაროვი”, რომელიც არ მუშაობდეს. ჩემმა მეგობარმა ერთხელ იყიდა ასეთი “დაფეხვილი” “მაკაროვი”, უხეშად აღდგენილი დაფარვით, მჭიდი იყო დეფორმირებული, ამობურცული წინა მხარეს, რაც მეტყველებდა რომ ის ძალიან დიდი ხანი გამოიყენებოდა. სავაზნეს უკანა ნაწილი დაჭეჭყილი იყო საკეტის დარტყმისგან, რაცუკვე მეტყველებდა, რომ პისტოლეტიდან მრავალი  ათასი ვაზნა იყო ნასროლი და მაინც, ის მუშაობდა. ასე, რომ ჩვენი აზრით “ტოკარევი” 7.62 კალიბრში არის, საკოლექციო, გასართობი ე.წ. “range gun” და თუ სხვა გამოსავალი არ არის პატრონსაც დაიცავს, რა თქმა უნდა თუ გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაშია. თუ გინდათ იარაღი თავდაცვის მიზნით, იგივე “მაკაროვი” დაჯდება 100-200 ლარით მეტი, მაგრამ ბერვად უკეთესი იარაღიც იქნება. თავის ფასში “მაკაროვს” საერთოდ ალტერნატივა არ აქვს.

საბოლოო ჯამში ჩვენი პატარა თავგადასავალი “ნორინკოსთან” დასრულდა “ხეპი ენდით”, იმედია სტატიაც მოგეწონათ. ბოლოს ჩვენ მივიღეთ მუშა იარაღი, იდეალურ მდგომარეობაში, რომელიც დაამშვენებდა ნებისმიერ კოლექციას. თუ ვინმს უყვარს “ტტ”-დან სროლა და გააჩნია ამის საშუალება, ის ასევე დააფასებს იმ ფაქტს რომ პისტოლეტი ახალია, ანუ მისი ბიოგრაფია ცნობილია და რომ მისი ლულა აბსოლუტურად საღია და გაუძლებს ინტენსიურ ექსპლუატაციას. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, იარაღი ეგრვე გაწმინდოთ სროლის შემდეგ, იმიტომ რომ კოროზიული ვაზნები სულ ახალ ლულას შეჭამენ უფრო მალე ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.

DSC09954

ბერდანის ამაალებელი კოროზიულია, რის გამო სროლის შემდეგ იარაღი სათანადოდ უნდა გაიწმინდოს. სურათზე არის იუგოსლავიური „ზასტავას“ ლულა რომელიც გაფუჭდა მხოლოდ იმის გამო რომ პატრონმა დროზე არ გაწმინდა პისტოლეტი.

კვირის იარაღი – Colt Z40.

February 27th, 2017

ეს ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი არის შედეგი ორი ცნობილი მწარმოებლის „ალიანსის“ რომელიც იმ დროს არც ისდე დიდიხნის წინ ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ შეთანხმება რომელზეც ვსაუბრობთ დაიდო 1998 წელს ამერიკულ კოლტსა და ჩეხურ CZ-ს შორის. სულ რაღაც 8 წლის წინ კაპიტალისტური კოლტი ვერასდროს ვერ იმუშავებდა ერთად სოციალისტური ბანაკის ქვეყნის იარაღების მწარმოებელთან, მაგრამ მადლობა ღმერთს საბჭოთა კავშირი დაიშალა და მასთან ერთად სოციალისტური ბანაკიც, ჩეხოსლოვაკია ორ დამოუკიდებელ ქვეყანად გაიყო, და CZ-ს მიეცა საშუალება ძალები მოესინჯა თავისუფალ ბაზარზე. როგორც ხვდებით ამ დავალებას ჩეხებმა წარმატებით გაართვეს თავი და დღეს CZ-ს ადგილი უკავია ცეცხლსასროლი იარაღების მსხვილ და ცნობილ მწარმოებლებს შორის.  ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ საკმაოდ იშვიათ და ნაკლებად ცნობილ პისტოლეტს. მიზეზი ამ პისტოლეტის გაჩენის იყოს “კოლტის” ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ის ჩავარდა 90-ან წლებში. მოგეხსენებათ “კოლტის” წინა მცდელობები შეექმნა თანამედროვე ორმაგი მოქმედების პისტოლეტი სრული კრახით დასრულდა და არც Double Eagle და არც All American არ გახდა კომერციულად წარმატებული პროექტები და უნდა ითქვას, რომ მექანიკური თვალსაზრისითაც ეს პისტოლეტები არაფრით არ გამოირჩეოდნენ. ამას დაემატა წარუმატებლობა OHWS-ს პროგრამაში, რომელიც შეგახსენებთ მიზნად ისახავდა სპეციალური დანიშნულების ნაწილისთვის ახალი პისტოლეტის შექმნას და სადაც გერმანულმა ხეკლერ&კოხმა დაამარცხა კოლტი. სწორედ ამიტომ კოლტმა მიმართა CZ-ს, დახმარებისთვის, იმიტომ, რომ საკუთარი რესურსი შეექმნა კიდევ ერთი ახალი პისტოლეტი მას უბრალოდ აღარ ქონდა. რეალურად “კოლტის” ერთადერთი შემოწირულობა ამ ახალ პროექტში იყო სიტყვიერი თხოვნა CZ-ს გუნდისთვის, რომ ახალი პისტოლეტის ვიზუალი ყოფილიყო M1911-ის მსგავსი. მეტი არაფერი. ახალ პისტოლეტზე მუშაობა მთლიანად და დამოუკიდებლად მიმდინარეობდა CZ-ს წარმოებაზე. პისტოლეტის დიზაინის ავტორი იყო ვოიტეკ ანდერლე, რომელსაც ეკუთვნის CZ 100-ის დიზაინი, ხოლო პისტოლეტის „შიგნეულობაზე“ მუშაობდა რადეკ ჰაუერლანდი მომავალში CZ2075 Rami-ს ერთ-ერთი კონსტრუქტორი. ახალი პისტოლეტის ავტომატიკის სქემა და მოწყობილობა მთლიანად იყო აღებული СZ-75-სგან. იერსახით პისტოლეტი უფრო გავდა ზომაში გაზრდილ Rami-ს ვიდრე კოლტის რომელიმე პისტოლეტს, თუმცა სამაგიეროდ Z-40-ს ქონდა M1911-ის ტარის კუთხე. პისტოლეტი იყენებდა მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, ორ რიგიან თორმეტ ვაზნიან მჭიდს და რაც მთავარია მისი კალიბრი იყო .40S&W, რომელიც იმ დროს ახალ და პერსპექტიულ კალიბრად ითვლებოდა. შესაბამისად თავიდან გათვლილი ძლიერ ვაზნაზე, პისტოლტი საკმაოდ დიდი და მძიმე გამოვიდა. სულ 800-მდე პისტოლეტის გამოშვება მოხერხდა, როდესაც “კოლტმა” გააუქმა შეთანხმება და ცალმხრივად დატოვა პროექტი. პროექტის შეწყვტის მიზეზი იყო, ის რომ Z-40-ს არ გაუმართლა გამხდარიყო “კოლტის” პარალელური პროგრამის სატესტო იარაღი. პროგრამის რომელიც ითვალისწინებდა „ჭკვიანი“ იარაღის შექმნას, რომელიც მოახდენდა მსროლელის იდენტიფიცირებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდოდა საბრძოლო მდგომარეობაში. ბუნებრივია წავიდა შეტევა ჩვეულებრივ იარაღზე და არ ვიცი, ალბათ “კოლტში” ჩათვალეს რომ იდეა კანონით აეკრძალად ჩვეულებრივი იარაღები და შემდგომ შეეთავაზებინა სხვებს თავისი „გამოსავალი“, “ჭკვიანი” Z-40-ის სახით, უზრუნველყოფდა კომპანიის ნათელ მომავალას. რა გასაკვირია სასროლოსნო საზოგადოებამ პირიქით ჩათვალა და “კოლტის” ამ მცდელობას მოყვა ძალიან ცუდი გამოხმაურება. ვის უნდა რომ მისი იარაღი კონტროლირდებოდეს რაღაც უხილავი რადიო ტალღებით? ამის გამო “კოლტმა” დახურა ეს პროგრამა და რადგანაც Z-40 იყო ამ პროგრამის სახე (კოლტის „ჭკვიანი“ იარაღის პროტოტიპად გამოყენებული იყო Z-40) მიახურა ისიც. ასე შეეწირა სხვაგვარად ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული იარაღი “კოლტის”, მოდით ასე ვთქვათ ტრაკის თამაშს. კოლტმა არ გაანადგურა პისტოლეტების პირველი პარტიები და მთლიანად გადასცა ის გასაყიდათ სადილეროს ABN Sports. პისტოლეტები იყიდებოდა კოლტის ინსტრუქციებით, კოლტის საფირმო ლურჯ პლსტმასის კეისებში დაახლოებით 500 დოლარად. უნდა ვივარაუდოთ რომ, რაც უფრო მეტი ხალხი იგებს ამ პისტოლეტზე მათი ფასი ბევრად გაიზრდება. CZ თავის მხრივ 2000 წლამდე უშვებდა ამ პისტოლეტს ინდექსით CZ40b და ამჯერად დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იყო კლასიკური, ორმაგი მოქმედების, როგორც უმეტესობა სხვა CZ-75 პისტოლეტებზე.

 

16938762_2282002508690951_560070620502515119_n

16864413_2282002518690950_2340343153367161785_nუკანა პლანზე არის CZ40b

 

 

ჩვენი ტესტი – Marlin XT-22VR

February 21st, 2017

რა არის მიზეზი იმისა, რომ ყველა დღევანდელი სტანდარტით აშკარად მოძველებული .22lr, კალიბრის ვაზნა, დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ სამოქალაქო კალიბრად მსოფლიოში?  წებოვანი პარაფინით დაფარული რბილი გარსის გარეშე ტყვია, განთავსებული თხელ ლატუნის მასრაში, ვაზნა რომელიც შეგიძლია თითებით გადატეხო, სუსტი დაცვა ნესტისგან და „ანტიკვარული“ გვერდიდან ააალების სქემა, ეს ვაზნა არის პატარა დინოზავრი, რომლის წარმოება ჯერ კიდევ 1887 წელს ანუ 130 წლის წინ დაიწყო.  წესით ეს ვაზნა აღარ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში, სადაც ყველა ცდილობს ამოიღოს ჯოულების მაქსიმუმი ყოველი კონკრეტული კალიბრიდან და მოხსნას მაქსიმალური რაოდენობის მეტრი წამში, მაგრამ .22lr კვლავ რჩება მეფედ თავის სეგმენტში, სეგმენტში რომელსაც ქვია ვაზნები პლინკინგისთვის ანუ არაფორმალური, გასართობი სროლისთვის. ნომერ პირველი ამის მიზეზი არის  რა თქმა უნდა ფასი, პატარა ვაზნა იაფია წარმოებაში და თუ არ ჩავთვლით ეკზოტიკურ ზე-სწრაფ მუხტებს, .22lr ძალიან იაფი ღირს, რაც ხდის მას ხელმისაწვდომს პრაქტიკულად ყველასთვის. შემდეგ უკვე მოდის ამ კალიბრზე გათვლილი იარაღის უდიდესი ასორტიმენტი, დაწყებული ჯიბის პისტოლეტებიდან, რომელიც ხელის გულზე ეტევა და დამთავრებული ზუსტი შაშხანებით, რომლებიც რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. პრაქტიკულად ნებისმიერი სისტემის ხრახნილულიანი იარაღი არსებობს მცირეკალიბრიან ფორმატში, გრძივად მოძრავი საკეტი, “პომპა”, ჰენრის სისტემა, ნახევრად-ავტომატი, რევოლვერი, პისტოლეტი, ცალმუხტიანი, დერინჯერი, მოკლედ რაც თქვენ გულს გაუხარდება შეიძლება იშოვოთ ამ კალიბრში.  თუ თქვენ გლუვლულიანი იარაღი გაქვთ, ამისთვისაც არსებობს ლულაში ჩასაყენებელი ადაპტორები და შესაძლებელია გლუვლულიანი იარაღიდან მცირეკალიბრიანი ვაზნის სროლა. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზნას აქვს დაბალი გასროლის ხმა და პატარა უკუცემა, .22lr ასევე რჩება საუკეთესო არცევნად დამწყბები მსროლელებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე პატარა ვაზნა ნიშნავს, რომ იარაღიც მასზე გათვლილი შეიძლება იყოს მსუბუქი და შესაბამისად იაფი. ასეთი იარაღის კასტომიზაციაც არ ითხოვს დიდ ინვესტიციებს. არ არის საჭირო ზე-გამძლე ბიპოდები, დარტყმა გამძლე  ოპტიკა და ასე შემდეგ. ასე რომ .22 შეიძლება იყოს ყველაფერი რაც თქვენ გინდათ, გასართობი „პლინკერი“, სასარგებლო სავარჯიშო ინსტრუმნტი უნარების შენარჩუნება/დახვეწისთვის, სანადირო იარაღი, სპორტული ინსტრუმენტი და რც მთავარია რომლის გამოყენებაც თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. უკიდურეს შემთხვევაში .22lr გამოდგენა თავდაცვისთვისაც, იმიტომ, რომ .22lr-ს აქვს საკმარისი ენერგია რომ სიცოცხლეს გამოასალმოს ორფეხა მტაცებელიც, მაგრამ უმჯობესია რა თქმა უნდა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ანდოთ უფრო ძლიერ კალიბრს.

თავისი პოპულარობის და გავრცელებულობის გამო, .22lr კალიბრზე გათვლილი იარაღი იყო, არის და იქნება ჩვენი ბლოგის ყუარდღების ცენტრში ხოლო ამჯერად ჩვენი მორიგი მიმოხილვა ეხება Marlin XT-22VR ტიპის მცირეკალიბრიან შაშხანას.

P1080083

ამერიკული წარმოების Marlin XT-22VR, მძიმე ლულიანი ხელმისაწვდომი მცირეკალიბრიანი შაშხანა, ჩვენი მორიგი ტესტირების გმირია. 

მე დიდიხანია მინდოდა ახალი .22 კალიბრის შაშხანა, რაც შეიძლება იაფად, რომელსაც უნდა ქონოდა პოტენციალი გამხდარიყო იარაღი ზე-ზუსტი სროლისთვის. ცხადია ზუსტი იარაღი იდეაში არ შეიძლება რომ იყოს იაფი, მაგრამ შესაძლებელია ასეთი “ამბიციური” მიზნის მიღწევა, პირველ რიგში ძველი მაგრამ კარგ მდგომარეობაში საბჭოთა წარმოების სპორტული მცირეკალიბრიანი იარაღის შეძენით და კასტომიზაციით ან მეორად ბაზარზე სასურველი შემოთავაზების პოვნით. ბევრი ვარიანტი განიხილებოდა ჩემს მიერ, საკმაოდ დიდი ხანი და გაიმარჯვა სწორედ ამ იარაღმა, რომელიც მე კარგ ფასად ჩავიგდე ხელში. ამჯერად ახალი ის იყიდება 1200 ლარად და ეს ფასი მე არ მიმაჩნია სამართლიანი იარაღში, რომელიც ამერიკაში 200 დოლრის ფარგლებში ღირს, მაგრამ მეორად ბაზარზე შესაძლებელია მისი შეძენა 700-800 ლარად.

ჩვნი შაშხანის საყიდლათ მე გავემგზავრე გორში. ყიდვამდე სწრაფად მოვიძიე მასალები ამ მოდელის შაშხანაზე და დავრწმუნდი, რომ პროდუქციის გამოთხოვაზე ან რამე სისტემატურ პრობლემებზე არავინ არსად არ წერდა. მოველაპარაეკ გამყიდველს, დილით გავიარე “ვენდისში” ვიყიდე ყავა და დავადექი გზას. ჩასვლისთანავე, სწრაფი ვიზუალური დათვალიერებისას მე დავრწმუნდი რომ იარაღს ქონდა სუფთა ლულა, შევამოწმე იარაღის მექანიზმების ფუნქციონალურობა და წყნარი გულით იქვე გავიფორმე ეს იარაღი. წინა პატრონმა ასევე გადმომცა საჩუქრად ერთი კოლოფი ვაზნები, მოვუხადე მას მადლობა და გავემგზავრე თბილისისკენ. ეს არის მოკლე ისტორია როგორ მოხვდა ეს იარაღი ჩემთან.

მოგეხსენებათ მე არ ვარ „მარლინის“ და „რემინგტონის“ პროდუქციის (ორივე კომპანიას ერთი მფლობელი ყავს) დიდი მოყვარული, გამომდინარე იქიდან, რომ „რემინგტონის“ პროდუქციის ხარისხი ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა და ამაში მე თავად დავრწმუნდი, როდესაც ვიყიდე ახალი და საკმაოდ ძვირადღირებული რემინგტონ 870-ის ტაქტიკური მოდელი, რომელიც გაძეძგილი აღმოჩნდა დეფექტებით და უბრალოდ არ მუშაობდა. ინტერნეტიც სავსეა ჩივილებით „მარლინის“ და “რემინგტონის” პროდუქციის ხარისხზე, რომელიც მკვეთრად დაეცა მას მერე, რაც ეს კომპანიები გადავიდა Freedom Group-ის საკუთრებაში. მე არ მინდა ავყვე შეთქმულების თეორიებს მაგრამ ფაქტია, რომ ორივე კომპანიას აქვს ხარისხის კონტროლთან სერიოზული პრობლემები, ხოლო “რემინგტონი” საერთოდ გაყიდვაში უშვებს “ნედლ” და დეფექტურ იარაღს.

რას წარმოადგენს Marlin XT-22VR? ეს არის შაშხანა გრძივად მოძრავი საკეტით, 7 ვაზნიანი მჭიდით, სქელი პროფილიანი  ლულით და სინთეტიკური შავი კონდახით. ლულის სიგრძე ამ იარაღში 550მმ-ია. ტვისტი – 1:16 და  რა თქმა უნდა მასში გამოყენებულია მარლინის საფირმო micro-groove  ხრახნები. პრინციპში შედარებით ახალი XT-22 სერიის შაშხანები იგივეა რაც ძველი „მარლინები“ მცირე ტქნიკური და კოსმეტიკური ცვლილებებით, ხოლო მთავარი განსხვავება არის ის რომ XT სერიის იარაღებში გამოყენებულია რეგულირებადი სასხლეტი, რომელსაც “მარლინმა” დაარქვა „Pro Fire”. XT-22 სერიის შაშხანები განეეკუთვნება ბიუჯეტურ იარაღს და მათი ფასი დაახლოებით 170 დოლარიდან იწყება. აქიდან გამომდინარე ზედმეტია ელოდო განსაკუთრებულ დახვეწილობას, ესთეტიკას, ყურადღებას დეტალებისადმი და სხვა სასიამოვნო რამეებს რაც მოყვება “Anshchutz”-ის, “Weatherby”-ს ან თუნდაც “CZ”-ს მცირეკალიბრიან იარაღს.

იარაღის აღწერა დავიწყოთ კონდახით, რომელიც არის სინთეტიკური და ძალიან მსუბუქი. მასზე განთავსებულია სქელი პლასტმასის „ყურები“,განკუთვნილი საღვედეების დასაყენებლად და რომლებიც შესრულებულია კონდახთან ერთად. უმჯობესია ცხადია, რომ ეს დეტალები იყოს მოსახსნელი, რკინისგან დამზადებული მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ბიუჯეტურ მცირეკალიბრიან იარაღზე ესეც არ არის ხოლმე.  აქიდან გამომდინარე კონდახზე ასევე შეუძლებელია ბიპოდის დაყენება. გამოსავალი არის სპეციალური დეტალის ცალკე შეძენა და კონდახზე დაყენება. თვითონ პლასტმასის ყურები საკმაოდ სქელია და ჩემი დაკვირვებით ნორმალურ ექსპლუატაციას უნდა უპრობლემოდ გაუძლონ. კონდახის წინა ნაწილი, გაფართოებულია და ბრტყელი ძირი აქვს, რაც ქვიშის ტომარაზე ან სხვა საყრდენზე იარაღს საიმედოთ დააფიქსირებს.

rqwrw8043

კონდახი ლამაზია და ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მე შემხვედრია ბიუჯეტურ .22 კალიბრის იარაღზე.

p_550000693_1

7 ვაზნიანი მჭიდი არის ფოლადის, თხელი და მსუბუქი, წითელი პლასტმასის მიმწოდებლით. ის ფიქსირდება იარაღში ღილაკით, რომელიც გარეთ არის გამოშვერილი და ამიტომაც მისი დაკარგვის საშუალება, ტყეში, ბუჩქებში ხეტიალისას საკმაოდ დიდია. იარაღს კომპლექტში ერთი მჭიდი მოყვება.

8812541

იარაღის მარჯვენა მხარეს დაყენებულია მექანიკური მცველი, რომელიც პოზიტიურად და მკაფიოდ მუშაობს და ადვილად ხელმისაწვდომია. სასხლეტის დამცავი რკალი შესრულებულია კონდახთან ერთად. 

mardril

სალულე კოლოფის (რესივერის) ზედა ნაწილში შესრულებულია „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრი, რომელიც გახვრეტილია ხრახნებისთვის რაც სავარაუდოთ გაკეთდა იმისთვის, რომ მასზე დაყენდეს „პიკატინის“ ტიპის სამაგრი. იარაღი არ არის აღჭურვილი რკინის სამიზნე მოწყობილობებით.

იარაღი აღჭურვილია სქელ-კედლიანი 55სმ-ნი 16 ღარიანი ლულით. ღარების ბიჯი (ტვისტი) 1:16-ია.  ლულის გამოსასვლელი ოდნავ ჩაღრმავებულია და დაცულია დაზიანებისგან. ლულის პროფილს რაც შეეხება, ჩემი აზრით .22lr-ს არ აქვს ისეთი წნევა და ენერგია რომლის დასახშობათ საჭირო იქნებოდა სქელ კედლიანი ლულა, ამიტომ ასეთი ლულის დაყენება განპირობეებულია ალბათ მოდით და ერთგვარად ხაზს უსვავს იარაღის დანიშნულებას, როგორც მიზანში სროლისთვის განკუთვნილს. სქელი ლულის გამო ის ასევე ლამაზად (ტაქტიკუარდ) გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა ის ამძიმებს იარაღს და არღვევს მის ბალანსს. როგორც წესი ასეთი ლულით აღჭურვილ იარაღზე არ ყენდება საკმაოდ პრაქტიკული და საჭირო რკინის სამიზნე მოწყობილობებიც. გრძელ ლულას ამ კალიბრში აქვს ის პლიუსი რომ დაბალ სიჩქარიანი ვაზნის გამოყენებისას გასროლის ხმა არ აღემატება სუსტი პნევმატური თოფიდან გასროლის ხმას.

საკეტის მოხსნა-დაყენება ხდება სასხლეტზე დაჭერით. დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია, გახსენით საკეტი და გამოწიეთ უკან სასხლეტზე თითის დაჭერასთან ერთად. საკეტი თავისუფლად ამოვა თავის ადგილიდან. დაყენება პირიქით ხდება. შესაძლებელია დაჭერილ სასხლეტზე დახუროთ საკეტი და მოხდება მისი ავტომატური დაშვება, ანუ საჭირო არ იქნება საკონტროლო სასხლეტის დაშვება ცარიელ სავაზნეზე. ორი ხრახნის საშუალებით სალულე კოლოფი მაგრდება კონდახში, გაუფრთხილდით ამ ხრახნებს და გამოიყენეთ მათთვის გათვლილი ქანჩები. ხრახნები რბილია და მათი დაზიანება ადვილია.

საკეტის სვლა რბილია და სწრაფია. ინტერნეტში ბევრს წერენ XT-22-ის საკეტებზე, რომლების გახსნა ითხოვს დიდი ძალის დატანებას და ასევე იმაზე, რომ ვაზნების მიწოდებისას ხდება ტყვიის თავების დეფორმაცია, მაგრამ ჩვენი იარაღის საკეტი იხსნებოდა-იკეტებოდა იდეალურად და ტყვიის თავებზე არანაირი დეფორმაცია ასევე არ შეინიშნებოდა.

dasdas

XT-22-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექამიზმი არ გამოირჩევა სირთულით. „ProFire” ტიპის რეგულირებადი ერთ საფეეხურიანი სასხლეტი წონის რეგულირება შესაძლეებელია შესაბამისი მარეგულირებელი ხრახნის საშუალებით და ამისთვის საჭირო იქნება კონდახის მოხსნა. “ProFire” არის „მარლნის“ პასუხი მისი კონკურენტი „სევიჯის“ “Accu Trigger”-ზე და ძალიან კარგია რომ ის სტანდარტულია XT-22 სერიის იარაღებზე. მოგეხსენებათ .22 კალიბრის იარაღი ძალიან მსუბუქია და შესაბამისად მსროლელის მიერ ნებისმიერი ხარვეზი სასხლეტის დამუშავებისას  ეგრევე აისახება ხოლმე ჯგუფების სიგანეზე. “ProFire” არ არის კლასიკური გაგებით წმიდა სისხლის საასპარეზო სასხლეტი, მაგრამ ის იძლევა მინიმალური რეგულირების საშუალებას რაც კარგია 150 დოლარიან იარაღში. ასევე „მარლინის“ სასხლეტი აღჭურვილია მცველით და თუ არ მოხდა ჯერ მასზე დაჭერა, სასხლეტი ადგილიდან არ დაიძვრება.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო პოზიტიური ექსტრაქცია. ხელით გადასატენ იარაღში პოზიტიური ექსტრაქცცია ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფს იარაღის საიმედო მუშაობას. XT-22-ზე თუნდაც შედარებით ნელა საკეტის გახსნისას, თუნდაც გაუსროლელ ვაზნის ექსტრაქცია იყო ძალიან პოზიტიური და მასრა შორს მიფრინავდა . ალბათობა რომ მსროლელი არასაკმარისად ენერგიულად გადატენის საკეტს და მასრა გაიჭედება, ძალიან მცირეა. როგორც კლინტ სმიტი იტყოდა, იარაღის საკეტი არ არის თქვენი მეგობარი და ამიტომ ზედმეტად მას ნუ გაუფრთხილდებით. ყოველთვის ენერგიული და სწრაფი მოძრაობით გადატენეთ იარაღი.

დამზადების ხარისხი, დეტალების მორგების ხარისხი  XT-22-ზე არის სავსებით დამაკმაყოფილებელი. ერგონომიკა თუ არ ჩავთვლით მოუხერხებელ მჭიდის ღილაკს ასევე ძალიან კარგია. მარლინმა უარი უნდა თქვას მჭიდის ღილაკის ამ კონსტრუქციაზე, ხოლო მჭიდის ფიქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი გამოყენებულია რემინგტონ 597-ზე. ის ერთდროულად სწრაფია და ამავე დროს ღილაკი დაცულია უნებლიე დაჭერისგან. რაღაც ამდაგვარი მარლინმაც უნდა გამოიყენოს. მანამდე ფრთხილად იყავით არ დაკარგოთ მჭიდი ტყეში, რომელიც თან მარტო ერთი ცალი მოყვება.

მთლიანობაში პირველი შთაბეჭდილებები აღმოჩნდა როგორც ხვდებით საკმაოდ პოზიტიური. იდეაში ბიუჯეტური XT-22 არ ტოვებდა ზედმეტად „ბიუჯეტური“ იარაღის შთაბეჭდილებას. რეგულირებადი  სასხლეტის ქარხნული მდგომარეობაც იყო ძალიან კარგი. იარაღს მოყვა ჩინური წარმოების „Bauer“-ის 4×32 ძალიან საბაზისო ოპტიკური სამიზნე მარტივი “დუპლექსის” ტიპის ბადით. პრინციპში მე მირჩევნია იაფი ოპტიკა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რომ ნაკლები იყოს პრობლემების ალბათობაც. გარდა ამისა ასეთი სუსტი ოპტიკა გამოირჩევა დაბალი წონით და მცირე გაბარიტებით, ამიტომაც პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ ამ „სკოპის“ დატოვება. თანაც ეხლა როდესაც სამწუხაროდ საქართველოში შეიზღუდა ოპტიკის და აქსესუარების იმპორტი, შესაძლბლობა იარაღის კასტომიზაციის მნიშვნელოვნად შემცირდა.  მეორადი იარაღის აქსესუარების ბაზარი საქართველოში ძალიან მცირეა, ხოლო გადამყიდველები ან თუნდაც მაღაზიები ვინც ვაჭრობენ ასეთი პროდუქციით, ძალზედ მცირე ასორტიემნტი აქვთ და როგორც წესი ფასი ძალიან გაბერილია. ეხლა „მაიმარკეტზე“ იყიდება ჩინური „ხარისის“ ბიპოდის ასლი 250 ლარად, მაშინ როდესაც „ამაზონზე“ ის 25-30 დოლარი ღირს. არაკეთილსინდისიერი გადამყიდველებისთვის ხუთმაგი ფასის გადახდაზე მსროლელმა ჩემი აზრით უნდა უარი თქვას და ამიტომაც ბიპოდის შეძენაზე უარი თქმა მოგვიწია. სამაგიეროდ სინთეტიკური კონდახი შევღებეთ და გამოვიყენეთ ლეგეენდარული „რემინგტონ M40A1“-ის „მაკმილანის“ კონდახის კამუფლირების სქემა. ეს იარაღი მე მახსოვს ჯერ იმ დროიდან, როდესაც „Delta Force”-ს ვთამაშობდი და იმ დროს ეს იარაღი ალბათ იყო ერთადერთი, სტანდარტული კამუფლირებით. კამუფლირება, გარდა იმისა, რომ ემსახურება პრაქტიკულ მიზნებს ასევე მნიშვნელოვნად გაალამაზა ჩვენი „მარლინი“. ჩვენ მოვიმარაგეთ სხვადასხვა ტიპის ვაზნები და როგოც კი ამინდები გამოვიდა, გავეშურეთ სასროლეთზე.

16776874_424821551193341_1878301149_o

სინთეტიკური კონდახის დიდი პლიუსი. მას არ ეშინია ნესტის და სიცივის. გარდა ამისა სინთეტიკური კონდახის მოდიფიცირება ძალიან ადვილია. 

სურათიდან როგორც ხედავთ, ადგილზე დაგვხდა ძალიან ცუდი პირობები. თოვლი. ყინვა. სასროლოსნო პოზიცია თოვლში ამოვთხარეთ. როგროც შეგვეძლო კომფორტულად მოვაწყვეტ და დავიწყეთ სროლა. ჩინური წარმოების გერმანული სახელით “ბაუერის” ოპტიკა სამწუხაროდ ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ფოკუსის და ბადის სიმკვეთრის დარეგულირება მაგრად გართულდა. ლინზები ნორმალური იყო და ოპტიკა მსუბუქია, ეს არის მისი პლიუსები, შემდეგ მხოლოდ მინუსები წამოვიდა. 50 მეტრზე სროლა კიდე შესაძლებელი იყო, 100 მეტრზე უკვე ეს ოპტიკა პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ეს უკვე მეორე ამ მოდელის “სკოპია” რომელიც გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მის სანაცვლოდ “მარლინზე” დავაყენეთ ასეთივე ბიუჯეტური “სკოპი” Bushnell 3×9. ეს ოპტიკა კარგია, იაფია, თუმცა გაბარიტული და შედარებით მძიმე. ის “ბაუერის” ოპტიკაზე 2-ჯერ ნაკლები ღირს და აქვს უფრო დიდი გადიდება, ბადის განათება და შესწორების მექანიზმიც მუშაობს უფრო ზუსტად. მისი ბადე იძლევა საშუალებას გამოიყენოთ მისი ელემენტები დამიზნებაში შესწორებებისთვის, მაგრამ ჯვარი ზედმეტად სქელია. მიუხედავად ამისა შაშხანა რასაც იტყვიან ამუშავდა და დაგვანახა თავის პოტენციალი. სამიზნედ ჩვენ ვიყენებდით ფერად საკანცელარიო  ფურცლებს 70×75 მმ-ზე. მათი განადგურება 100 მეტრის მანძილიდან და არც ისე მდგრადი პოზიციიდან არ წარმოადგენდა არანაირ პრობლემას იმ პირობით, რომ ვისროდით იმ ვაზნას რა ვაზნითაც იარაღი იყო მისროლილი. ვაზნის შეცვლისას თუ არ ვიცოდით რა შესწორება უნდა შეგვეტანა, ტყვია სამიზნეს არ ხვდებოდა. განსხვავება საწყის სიჩქარეში და ტყვიის წონაში 100 მეტრზე საგრძნობ სხვაობას იძლევა და ასეთ მანძილზე ასეთ სამიზნეზე სროლა შესაძლებელია იმ ვაზნით რა ვაზნაზეც იარაღი იყო გასწორებული, ან დამახსოვრება როგორ იცვლება მორტყმის საშუალო წერტილი კონკრეტული მუხტის გამოყენებისას. აქაც მოქმედებს მარტივი წესი: ნახე მუხტი, რომელიც ყველაზე ზუსტი და საიმედოა და შექმენი ამ ვაზნების მარაგი. ყველაზე კარგი ჯგუფი 100 მეტრზე იყო შთამბეჭდავი 25მმ მიღწეული იაფი Eley Sport ვაზნებით (ერთი “ფლაიერის” დამატებით ჯგუგი გაიზრდება 41მმ-მდე რაც მაინც კარგი შედეგია). კიდევ ერთი ჯგუფი იყო 46მმ, და ბოლოს 67მმ. სროლის პირობების და ოპტიკის შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს არის ძალიან კარგი შედეგი.  სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გავტესტოთ იარაღი ლაბორატორიულ პირობებში. უამინდობის გამო ამ სტატიის პუბლიკაციაც გადაიდო თითქმის სამი კვირით. მიუხედავად ამისა ჩვენი აზრით “მარლინმა” დაგვანახა თავისი პოტენციალი და ის ნამდვილად იმსახურებს ხარისხიან ოპტიკას და არა ჩინურ სუროგატს. კარგი ოპტიკით ამ იარაღით შესაძლებელია .22lr-ის თანდაყოლილი სიზუსტის სრული ათვისება.

rwrwe78912

ვის როგორი მოსაზრებები აქვს სიზუსტეზე, მაგრამ იარაღი რომელიც ჯდება ათას ლარამდე და გაძლევს საშუალებას ყველაზე იაფი ვაზნით 100 მეტრზე მოარტყა სათამაშო კარტის ხელა სამიზნეს, ჩემი აზრით არის კარგი იარაღი.  კარგი ოპტიკით და ბიპოდით კიდე უფრო უკეთესი შედეგის მიღება არის შესაძლებელი. 

რას შევცვლიდი იარაღში? პირველ რიგში “მარლინმა” უნდა უარი თქვას ამ იდიოტურ გარეთ გამოშვერილ მჭიდებზე და მჭიდის ღილაკის ასეთ კონსტრუქციაზე. არანაირი აუცილებლობა არ არის რომ მჭიდი იყოს გარეთ გამოშვრილი. არის საფრთხე მჭიდის დაზიანების და ზარალდება იარაღის იერსახე. ღილაკი უნდა იყოს ისეთი რომ შესაძლებელი იყოს მჭიდის ერთი ხელის გამოყენებით მოხსნა. იარაღს ჭირდება ნამდვილი საღვედეები და ადგილი ბიპოდის დასაყენებლად. დანრჩენში ეს იარაღი არის ახლოს იდეალურთან. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს ახალი სასხლეტი, პირველად ბიუჯეტურ იარაღზე ჩვენ დავინახეთ სასხლეტი, რომელიც არ ქმნიდა პრობლემებს, არ იყო ზედმეტად მძიმე და არ ქონდა “ხრაშუნის” შეგრძნება.

Marlin XT22VR არ ღირს იაფი. მაგრამ თუ გინდათ ზუსტი შაშხანის აწყობა ის არის კარგი ბაზა ამისთვის. მას არ ჭირდება გადაკეთებები, ჩარხვა და ბურღვა, როგორც ძველ საბჭოთა შაშხანებს. საკმარისია იყიდოთ კარგი “რინგები” და ოპტიკა და თქვენ გაქვთ ზუსტი შაშხანა. არც ბიპოდის დასაყენებელი ხრახნის დაყენება პლასტმასის კონდახზე არ არის დიდი პრობლემა. ნაკლებ ფასში შესაძლებელია საბჭოთა “ტოზის” ან “მც”-ს მოდიფიცირება მაგრამ საჭირო გახდება იარაღის კონსტრქუციის გადაკეთება თუნდაც ოპტიკის დასაყენებლად და ეს უკვე ითხოვს ოსტატის ჩარევას და გაცილებით მეტი დროც იქნება საჭირო.

Glock 21 Gen2 და სხვა .45 კალიბრის გლოკები

December 12th, 2016

1990 წელს გლოკმა წარმოადგინა თავისი პირველი .45 კალიბრის პისტოლეტი დარქმეული როგორც “გლოკ 21″. შექმნილი 10მმ-ნი გლოკ 20-ის ბაზაზე (“გლოკ 21″ რამდენიმე თვით გვიან “დაიბადა” “გლოკ 20″-ზე) რაქტიკულად სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის ახალი სრული ზომის .45 კალიბრის “გლოკი” აგებული იყო უფრო დიდი ზომის ჩარჩოს და საკეტის გამოყენებით. ასევე ახალი პისტოლეტი იყენებდა ორ-რიგიან მჭიდს, რომელშიც ჩადიოდა 13 ვაზნა და როგორც ყველა „გლოკი“ მანამდე, გამოირჩეოდა ტრადიციული სიმარტივით და საიმედოობით. რა გასაკვირია, ეს პისტოლეტი ეგრევე გახდა კომერციულად წარმატებული პროექტი.

glock-21-and-glock-17

ამ სურათიდან კარგად ჩანს სხვაობა ზომებში სტანდარტულ 9×19, .357SiG და .40S&W კალიბრის და .45ACP, 10mm Auto “გლოკებს” შორის.  

უნდა აღინიშნოს, რომ .45ACP არასდროს არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით აშშ-ის საზღვრებს გარეთ, ის პრაქტიკულად არსად არ იყო შეიარაღებაშიც მიღებული, ხოლო სამოქალაქო ბაზარზე სარგებლობდა პოპულარობით იარაღის მოყვარულების ძალიან ვიწრო წრეში. მეორეს მხრივ აშშ-ში, .45ACP ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ პოპულარული და გავრცელებული კალიბრი. ის იყო ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილი, ეროვნული სიამაყე თუ შეიძლება ასე ითქვას. „გლოკ 21-ის“ გამოჩენამდე, აშშ-ში ამ კალიბრში მხოლოდ M1911 ტიპის პისტოლეტი და მისი მოდიფიკაციები იყო პოპულარული და გავრცელებული. M1911 იყო თხელი, ერგონომიული, მაგრამ ვაზნების გარეშე იწონიდა 1100 გრამს და იტევდა 7+1 ვაზნას. „გლოკ 21“ იწონიდა იგივეს მაგრამ 13+1 ვაზნასთან ერთად. დაუმატეთ ამას ტრადიციული გლოკისთვის სიმარტივე, გამძლეობა, საიმედოობა და მიხვდებით რატომ გახდა მოდელი 21 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „გლოკი“ და ყველაზე ფართოდ გავრცელებული .45 კალიბრის პოლიციური იარაღი აშშ-ში.

ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გაგვეცნო ეს იარაღი როდესაც ერთ დღეს ჩვენ პრაქტიკულად შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში სწორედ ისეთი „გლოკი“, რომელმაც ასე მოხიბლა ამერიკელები 90-ნი წლების დასაწყისში, საქართველოსთვის იშვიათი,  მეორე თაობის „გლოკ 21“. ისტორია როგორ მოხვდა ეს პისტოლეტი ჩვენთან იმსახურებს მოყოლას. ამ იარაღს მე წავაწყდი თბილისის ერთ-ერთ იარაღების პატარა მაღაზიაში სადაც შემთხვევით შევიარე. რა თქმა უნდა დიდმა გლოკმა ეგრევე მიიპყრო ჩემი ყუარდღება. ის ფაქტი რომ ის მეორე თაობის იყო დამარწმუნა, რომ ეს პისტოლეტი უნდა აუცილებლად ჩემი გამხდარიყო, თანაც მე ყოველთვის ვთვლიდი რომ ერგონომიკის თვალსაზრისით მეორე თაობის „გლოკებს“ საუკეთესო ფორმის ტარები აქვთ. იარაღი არ იყო ახალი არამედ იყო, რასაც ჩვენ ვეძახით „ხელებში ნაწვალები“ თანაც კარგად ნაწვალები. მას აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა, ჩარჩოზე ამოკაწრული იყო, როგორც ჩანს წინა მფლობელის სახელი – „იკა“, ასევე ხელში აღებისთანავე აღმოჩნდა რომ საკეტი ბოლომდე უკან არ მიდიოდა და რაღაც ხრაშუნი ისმოდა, რაც მეტყველებდა იმაზე რომ დიდი ალბათობით ან დამაბრუნებელი ზამბარა ან მისი ღერძი იყო გატეხილი. როდესაც როგორც იქნა საკეტი მოვხსენი და შევამოწმე იარაღის მდგომარეობა დავრწმუნდი რომ გარდა გატეხილი დამაბრუნებელი ზამბარის ღერძისა პისტოლეტის ძირითადი მექანიზმები იდეალურ მდგომარეობაში იყო და ნასროლი ამ იარაღიდან სავარაუდოთ იყო ძალიან ცოტა ვაზნა.  ხანმოკლე და გაცხარებული ვაჭრობის შემდეგ (როგორ ძმაო, პისტოლეტი გაფუჭებულია და დააკელი!) მე ეს იარაღი მერგო 1300 ლარად რაც იმ დროისთვის იყო ძალიან კარგი ფასი “გლოკში” ასე, რომ ცალკე მადლობა იმ მაღაზიის ხელგაშლილ მეპატრონეს.

p1000231

ჩვენი “გლოკ 21″, რომელიც მიუხედავად ცვეთის ნიშნებისა, ჩვენ თვალში ისეთივე ლამაზი იყო, როგორც სულ ახალი ხელუხლებელი იარაღი

სახლში მიტანის თანავე დავიწყე ფიქრი რა მექნა გატეხილი ზამბარის რერძისთვის. „გლოკ 21“ იყო პირველი “გლოკი” რომელშიც დამაბრუნებელ ზამბარა და ღერძი ერთ მოწყობილობაში იყო გაერთიანებული, შემდგომში ასეთი მოწყობილობები გახდა სტანდარტული დანარჩენი “გლოკებისთვის”. ვინაიდან ზამბარა საღი იყო მე უბრალოდ გადავწყვიტე, პირველ ეტაპზე ფოლადის ღერძის დამზადება და მორგება საკუთარი ძალებით. ნახევარ საათში პისტოლეტი უკვე იყო პირობითად საბრძოლო მდგომაროებაში. პირობითად იმიტომ, რომ მას კვლავ აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა.

hf8900

პისტოლეტის მწყობრში დაბრუნების პროცესი. მეტალის ღერძში ითხოვენ 20-30 დოლარს. მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით ეს ღერძი ნახევარ საათში დამზადდა რკინის ჯართისგან. 

კიდევ პისტოლეტს ქონდა დაკაწრული საკეტის ხუფი. როგორც ჩანს მისი ამოძრობით ცდილობდნენ პისტოლეტის დაშლას და ამ პროცესში ხუფი სერიოზულად დაკაწრეს. ახალი ხუფი მე ისედაც მქონდა გადანახული და ამიტომაც ეს დეტალიც ეგრევე გამოვცვალეთ. უკანა სამიზნე მოწყობილობის „გამოთლა“ და „გაშავება“ არ იყო დიდი პრობლემა, საჭირო იქნებოდა ქლიბით ბევრი მუშაობა, ამიტომაც ჩვენ წავედით იოლი გზით. უბრალოდ შევუკვეთეთ უკანა სამიზნე მოწყობილობა და ბარემ ახალი ზამბარაც თავისი ღერძით. ჩვენ ავირჩიეთ გლოკის რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც გლოკი აყენებს სპორტულ მოდელებზე. ჩვენ არ ვიცოდით რა სიმაღლის იყო უკანა სამიზნე მოწყობილობა და ამიტომაც რეგულირების შესაძლებლობა მოგვცემდა საშუალებას პისტოლეტი ზუსტად მიგვესროლა.ჯამში ეს ყველაფერი დაჯდა 45 დოლარი რაც იმ დროს შეადგენდა 70 ლარს. დამატებით ჩვენ ასევე ამოვიყვანეთ ნაკაწრები და გავაქრეთ „იკა“. სანამ ახალ ნაწილებს ველოდებოდით საკეტი დავფარეთ შავი ფერის Duracoat-ის საღებავით. ორ კვირაში როდესაც ნაწილები ჩამოვიდა, დიდი გლოკი ბზინავდა როგორც ახალი.

twoglocks21

აღდგენის პროცესი კარგი შედეგით დასრულდა. 

გლოკების დიდი უპირატესობა არის ის რომ წლების განმავლობაში მოდელიდან მოდელმადე ამ პისტოლეტების კონსტრუქცია დიდად არ იცვლებოდა. ამიტომ ახალი დამაბრუნებელი ზამბარა და უკანა სამიზნე მოწყობილობა ეგრევე დადგნენ თავის ადგილას.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პისტოლეტი იყო მეორე თაობის, ის ოდნავ განსხვავდებოდა უფრო თანამედროვე გლოკებისგან.

ჩარჩოს გარდა ასევე ყურადღებას იქცევდა 90 გრადუსიანი ექსტრაქციის ფანჯარა, ექსტრაქტორი სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორის გარეშე და ასევე საკეტის დაფარვა, რომელიც არ იყო ტიპიური შავი ფერის დაფრქვევა, არამედ უფრო გავდა ე.წ. პარკერიზაციას. თხელი, ხავერდოვანი და მუქი რუხი ფერის. მიუხედავად ასაკისა პისტოლეტს არსად არ ქონდა ჟანგის კვალი, რამაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ თუ საქმე გვაქვს „ტენიფერთან“ შეიძლება კოროზიაზე არ ვიდარდოთ ხოლო ზედაპირის შავი დაფარვა გლოკებზე არის სუფთა კოსმეტიკური დეტალი.

p1000190

პისტოლეტის ძირითადი მექანიზმები იყო იდეალურ მდგომარეობაში. ოქტაგონალური ლულა იყო სარკესავით სუფთა. .45 კალიბრის გლოკებში პოლიგონალური ხრახნები არის ოქტაგონალური და არა ჰექსაგონალური რისი მიზეზიც არის ლულის გაზრდილი დიამეტრი და ოქტაგონალური (ანუ რვა) ხრახნები საჭიროა რომ მოხდეს ტყვიის საკმარისი ობტურაცია ლულის არხში. დანარჩენში, როგორც სურათიდან ხედავთ .45 კალიბრის გლოკი არაფრით არ განსხვავდება სხვა “გლოკებისგან”. 

როდესაც იარაღი დაბრუნდა მწყობრში და სრულად შეკეთდა ჩვენ მოგვეცა საშუალება იარაღი სათანადოდ შეგვეფასებინა.  დიახ, ნამდვილად „გლოკ 21“ მსხვილი იარაღია მაგრამ არც 13+1 .45 კალიბრის ვაზნა არ არის სახუმარო, თანაც პისტოლეტში, რომელიც ადვილად შთანთქავს .45 კალიბრისთვის დამახასიათებელ ისედაც დინჯ მაგრამ ძლიერ უკუცემას. დანარჩენში ის ტიპიური “გლოკია”. მარტივი, უბრალო, არაფერი ზედმეტი. მეორე თაობის გლოკ 21-ს სახელური მე მომეჩვენა იდეალური, თუმცა ჩემი აზრით სისქით ის დასაშვების ზედა ზღვარზეა და არ მოეწონება ადამიანებს პატარა ხელებით. “გლოკში” ამის შესახებ იცოდნენ და მესამე თაობის გლოკ 21-ის ჩარჩო უფრო დათხელდა, დაემატა პიკატინის სამაგრი. შემდეგ გამოჩნდა მოდელი SF კიდე უფრო თხელი ჩარჩოთი პიკატინის სტანდარტის სამაგრით და ორმხრივი მჭიდის ღილაკით. ეს ორივე ოფცია წარსულს ჩაბარდა და ახალი მესამე თაობის გლოკ 21SF, რომლის გამოცდის საშუალბა ჩვენ მოგვიანებით მოგვეცა, შერჩა მხოლოდ შეთხელებული სახელური.  21-ე მოდელის ევოლუციის უკანასკნელ საფხურს წარმოადგენს მეოთხე თაობის მოდელი 21, რომელიც ამჯერად იყენებს ტარის ცვლად პანელებს, უფრო დიდი ზომის მჭიდის ღილაკს და ორ ზამბარიან დამაბრუნებელ მექანიზმს. გარდა მოდელი 21-სა, გლოკმა გამოუშვა კომპაქტური მოდელებიც. 1997 წელს როდესაც დაიწყო “გლოკის” ახალი სათაო ოფისის მშენებლობა დოიჩ-ვაგრამში, გლოკმა გამოუშვა გლოკ 21-ის სუბ-კომპაქტური ვარიანტი, მოდელი 30. ეს იყო კომპაქტური ორ რიგიანი . 45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც იწონიდა სულ რაღაც 750 გრამს ცარიელი, ქონდა 96მმ-ნი ლულა და იტევდა 10 .45 კალიბრის ვაზნას. “გლოკ 30″ ასევე გახდა ძალიან პოპულარული იარაღი და ცნობილმა ექსპერტმა პიტერ კოკალისმა უწოდა მას იდელაური თვდაცვითი პისტოლეტი. მისი სტატია “გლოკ 30″-ზე, რომელიც გამოქვეყნდა “Soldier of Fortune” ჟურნალში, იყო ის სტატია საიდანაც მე პირველად გავიგე “გლოკის” არსებობაზე, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალაზრდა ვიყავი. მას მერე “გლოკ 30″ რჩება ჩემი სურვილების სიაში და ოდესმე მე მას შევიძენ და ამჯერად თვითონ დავწერ მასზე სტატიას.

შემდეგი .45 კალიბრის სიახლე გლოკისგან გამოჩნდა 1999 წელს, როდესაც გამოშვებული  გლოკის პისტოლეტების  რაოდენობამ  2 მლნ ცალს მიაღწია. ეს იყო “თხელი” მოდელი 36, ერთ რიგიანი მჭიდით, რომელიც იტევდა 6 .45 კალიბრის ვაზნას. ის იყო 4მმ-ით უფრო თხელი ვიდრე “გლოკ 30″, ქონდა პროპორციულად თხელი სახელური იწონიდა სულ რაღაც 635 გრამს ცარიელი ხოლო ლულის სიგრძე “გლოკ 30″-ის იდენტური იყო (96მმ). მოდელ 42/43-ის გამოჩენამდე ეს პისტოლეტი იყო კონსტრუქციულად ყველაზე განსხვავებული “გლოკი”.  ეს მოდელი არ იყო ისეთი გავრრცელებული, როგორც მოდელი 21 ან 30, მაგრამ მას გაუჩნდა თავისი ერთგული ფანატების ვიწრო წრე. 2012 წელს ჟურნალ “American Rifleman”-ის სტატიაში, რომელიც მიეძღვნა ამ პისტოლეტს, მას უწოდეს გლოკის მარკეტინგული გამოცანა.

g3611

სანამ 2015 წელს დიდი ზარ-ზეიმით გლოკი წარმოადგენდა ულტრა-კომპაქტურ მოდელებს 42 და 43-ს, გლოკს უკვე კარგახანია ქონდა იგივე კონცეფციით შექმნილი “გლოკ 36″.  

.45ACP კალიბრის “გლოკების” ოჯახის უახლესი წარმომადგენელი არის მხოლოდ მეოთხე თაობის ვარიანტში წარმოდგენილი “ტაქტიკურ/პრაქტიკული” მოდელი 41, რომელიც შექმნილია იგივე კონცეფციით რაც კარგად ცნობილი მოდელები 34 და 35. ეს არის გრძელ-საკეტიანი მოდელი რომელიც იყენებს სტანდარტულ 21-ის ჩარჩოს მაგრამ გრძელ საკეტს შესაბამისად გრძელი ლულით, რომლის სიგრძე შეადგენს 135მმ-ს ნაცვლად 117 მმ-სა “გლოკ 21″-ში. ის ასევე ხელმისაწვდომა MOS კონფიგურაციაში, ანუ მასზე შესაძლებელია ოპტიკის დაყენება.

g41-hero-mos

MOS (Modular Optic System) წარმოდგენილი 2015 წელს არის გლოკის პასუხი პისტოლეტებზე ოპტიკური სამიზნეების დაყენების ტრენდზე. ის გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ პისტოლეტი ქარხნულად შესრულებული ოპტიკის სამაგრით.  

გლოკში მუდმივად ცდილობდნენ .45 კალიბრის პისტოლეტების ზომების შემცირებას მაგრამ პისტოლეტი აგებული დიდი .45 კალიბრის ვაზნის ირგვლივ ვერ იქნებოდა ისეთივე კომპაქტური როგორც 9მმ-ნი პისტოლეტი. ამიტომაც  2004-ში ტყვიაწამლის მწარმოებელმა Speer-მა გლოკის დაკვეთით შექმნა ახალი „დამოკლებული“ .45 კალიბრის ვაზნა, .45 GAP, რომლის ბალისტიკა იყო პრაქტიკულად იდენტური .45ACP-სი, მაგრამ ის იყო უფრო მოკლე და შესაბამისად შესაძლებელი იყო მისი ჩატევა სტანდარტული ზომის გლოკში, თეორიულად….. სინამდვილეში ახალი “გლოკები” (37, 38, 39) კი იყენებდნენ უფრო თხელ სტანდარტულ ჩარჩოებს, მაგრამ საკეტი იყო მსხვილი. დამატებითი საფასური ჩარჩოს ზომების შემცირებაში გახდა მჭიდის ტევადობის შემცირება, რომელიც სრული ზომის “გლოკ 37″-ის შემთხვევაში შეადგენს 10 ვაზნას. თავდაპირველად ახალ ვაზნას და პისტოლეტებს დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ,  მგრამ ახალი “გლოკები” ბოლომდე არ იმეორებდნენ სტანდარტუული “გლოკების” ზომებს შეუძლებელი ხდებოდა ერთნაირი ბუდეების გამოყენება. ესეიგი ვერ მოხდებოდა პოლიციური სამსახურებისთვის 9მმ-ნი და .40 კალიბრის პისტოლეტების გამოსყიდვა და ჩანაცვლება .45 კალიბრის ახალი გლოკებით (ბიზნეს მოდელი რომელიც გლოკმა დანერგა და რომლის წყალობითაც ამ კომპანიამ შეიარაღა ამერიკელი სამართალდამცავების 65%). გასტონ გლოკის ამბიციური იდეა, შეექმნა სტანდარტული გლოკის ზომის .45 კალიბრის პისტოლეტი რომლის ვაზნაც ატარებდა მის სახელს პრინციპში დასრულდა წარუმატებლობით. გლოკის მორიგი მინი-რევოლუცია არ შედგა. ფიზიკის კანონების წინააღმდეგ ვერ წახვალ. დიდი და შესაბამისად მძიმე საკეტი იყო აუცილებელი რომ მისი მოძრაობის სიჩქარე დარჩენილიყო დასაშვებ ფარგლებში შედარებით მაღალწნევიანი ვაზნის გამოყენებისას. ინტერესი ახალი ვაზნის და ახალი გლოკების მიმართ მალევე გაქრა. ამჯერად მხოლოდ გლოკი აგრძელებს ამ კალიბრის იარაღის გამოშვებას, ხოლო დანარჩენმა მწარმოებლებმა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია უკვე შეწყვიტეს ამ კალიბრზე გათვლილი იარაღების წარმოება.  რას იზამ? მხოლოდ ის ვინც არაფერს არ ცდილობს არასდროს არ მარცხდება.  გლოკის წარუმატებლობამ ახალ ვაზნასთან მეტ წილად შეუმჩნევლად ჩაიარა, მითუმეტეს ახალი ულტრა-კომპაქტური გლოკების (42, 43) ხმაურიანი და წარმატებული ბენეფისის ფონზე.

45gapvs45acp

.45GAP დარჩა ჩვენი მზერის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობა ამ პისტოლეტების საქართველოში გაიყიდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარის, რომ ჩვენ დაგვეხარჯა ფული ამ ეგზოტიკის მიმოხილვაზე.  მეორეს მხრივ ჩვენ გვქონდა საშუალება შეგვედარებინა .45ACP კალიბრის G21 Gen2 და G21SF Gen 3. ჩემი აზრით დიდი ხელებისთვის მეორე თაობის გლოკი იდეალურია, მაგრამ მესამე თაობის SF მოდელი უფრო კომპაქტურია, მოერგება უფრო მეტ ადამიანს და ამასთანავე სამაგრი ჩარჩოზე კარგი ოფციაა. ოცნებებში ბოლომდე რომ გადავარდეთ, მეორე თაობის G21SF სამაგრით ჩარჩოზე იქნებოდა ჩემთვის იდეალური გლოკის პისტოლეტი, მაგრამ სად არის რომ ეგეეთი გლოკი?

სროლისუნარიანობა .45 კალიბრის გლოკების არის ის რამაც ასევე განაპირობა ამ პისტოლეტების წარმატება. .45-ის რბილი, დროში გაწელილი უკუცემა დამატებით დარბილებული გლოკის პოლიმერის ჩარჩოთი და გადაცემული მსროლელის ხელში შედარებით სქელი ტარით, აქცევს სროლას ამ პისტოლეტიდან უკიდურესად კომფორტულ მე ვიტყოდი სასიამოვნო პროცესად. .45ACP ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის პოტენციალით, დაუმატეთ ამას პოლიგონალური ლულა, კონსტრუქციის სიმარტივე, დამზადების მაღალი ხარისხი და თქვენ მიიღებთ მასობრივი წარმოების პისტოლეტს რომელსაც აქვს საბრძოლო იარაღის საიმედოობა და  საასპარეზო იარაღის სიზუსტე.

p1220724

ჩვენი მეორე დიდი “გლოკი”, Glock 21SF, ოდნავ დათხელებული ჩარჩოთი გამოირჩევა შესაშური ერგონომიკით, ამასთანავე უნივერსალური სამაგრი ჩარჩოზე შესაძლებელს ხდის ფარნის ან ლაზერული სამიზნის გამოყენების. წარწერა ჩარჩოზე SF ადვილად იძლევა ამ მოდელის პისტოლეტის იდენტიფიკაციის საშუალებას. 

ჩვენი ორივე .45 კალიბრის გლოკი გამოდგა ძალიან ზუსტი. 15 მეტრიდან ჯგუგები შეადგენდა 2.5-3 სმ-ს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებეელია, მიუხედავად იმისა, რომ გლოკის სტანდარტული სასხლეტი და სამიზნე მოწყობილობები არ არის შექმნილი ზუსტი/საასპარეზო სროლისთვის. აღსანიშნავია, რომ პატარა .45 კალიბრის “გლოკები” ისეთივე ზუსტი იარაღების რეპუტაციით სარგებლობენ როგორც დიდი “გლოკები”.

მე შეგნებულად არ ვწერ .45 კალიბრის ვაზნების ეფექტურობაზე. ამ მხრივ .45-ის შესაძლებლობები სხვადასხვა მითების წყალობით ზედმეტად გადაფასებულია. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პისტოლეტის კალიბრი .45 ხანდახან მუშაობს კარგად სამიზნის წინააღმდეგ და ხანდახან ამას ვერ ახერხებს. როგორც უკვე მე ადრე ვიძახდი, ნომინალურ კალიბრს არ აქვს გადამწყვეტი გავლენა ვაზნის ეფექტურობაზე თუ საქმე გვაქვს ტიპიურ პისტოლეტის კალიბრებთან. მთავარია ტყვიის კონსტრუქცია და რამდენად კარგად ეს კონსტრუქცია  გარდაქმნის ენერგიას დაზიანების მექანიზმში. თუმცა ამავე დროს უნდა დავამატო, რომ თუ ხელმისაწვდომია მხოლოდ გარსით დაფარული ტყვიები, მაშინ ალბათ უმჯობესია ასეთი ტყვია იყოს მაქსიმალური დიამეტრის. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის კარგი ხარისხის .45 კალიბრის ვაზნა ჯდება ორჯერ უფრო ძვირი ვიდრე 9×19 კალიბრის ვაზნა. პისტოლეტისთვის, რომელიც ინახება სახლში ასეთი სხვაობა არ არის გადამწყვეტი.

დამატებით რამის დაწერა “გლოკებზე” შეუძლებელია, რომ არ დავიწყო იმის გამეორება რაც ისედაც არაერთხელ მაქვს დაწერილი ჩემი ბლოგის ვირტუალურ ფურცლებზე. გლოკი გლოკია. იაფი, გამძლე, მუშა. თუ “დიდი” ჩარჩოს ერგონომიკა და შედარებით მსხხვილი გაბარიტები  არ გიქმნით უხერხულობას, .45 კალიბრის გლოკი იქნება საუკეთესო გლოკი რომელსაც თქვენ ხელში აიღებთ. ჩვენმა მეორე თაობის “გლოკ 21″-მა მალე იპოვა ახალი პატრონი, რომელიც შემოთავაზებული ფასით არ დარჩა უკმაყოფილო, მაგრამ პერიოდულად მე მახსენდება ეს შესანიშნავი იარაღი და ვნანობ, რომ ცოტათი უფრო დიდხანს არ გავიჩერე.

კვირის იარაღი – H&K Mk23 Mod 0

November 14th, 2016

mk23123

Mk23-ის კომერციული ვარიანტი  

შექმნილი აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის მოთხოვნების და სპეციფიკაციების მიხედვით, გერმანული სუპერ პისტოლეტი არის უნიკალური და ყოველმხრივ შთამბეჭდავი იარაღი. ამასთანავე ის არის პირველი .45 კალიბრის იარაღი რომელიც მიიღეს შეიარაღებაში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში M1911-ის შემდეგ. ჩაფიქრებული, როგორც “თავდასხმითი შეიარაღების სისტემა” კომპლექტი შედგებოდა თავად პისტოლეტისაგან, საპრესორისგან და ლაზერული დამიზნების მოდულისგან. მისი მიწოდება საბრძოლო ნაწილებში დაიწყო 1996 წელს. Mk23-ის უნიკალურობას განსაზღვრავს პირველ რიგში ის რომ ეს პისტოლეტი თავიდანვე იქმნებოდა იმ პირობით რომ გაუძლებდა ექსპლუატაციას მხოლოდ “ცხელი” +p კატეგორიის .45 ACP ვაზნების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში მისი რესურსი გეგმიურ შეკეთებამდე უნდა ყოფილიყო და არის არანაკლებ 30 000 გასროლა. გეგმიური რემონტის შემდეგ (რაც გულისხმობს გარკვეული დეტალების გამოცვლას) მისი ძირითადი ნაწილების რესურსი კვლავ უნდა ყოფილიყო 30 000 გასროლა. ტესტირებებმა დაადგინეს რომ პისტოლეტის სიზუსტე 30 000 გასროლის შემდეგ კვლავ იყო უკეთესი ვიდრე ამას დამკვეთი ითხოვდა. 25 მეტრის მანძილზე ქარხნული წესით დამზადებული პისტოლეტი ისროდა პრაქტიკულად ტყვიას ტყვიაში, საპრესორით და მის გარეშე. მოთხოვნა, 2000 გასროლა დაბრკოლებებს შორის გადაჭარბებით შესრულდა და შეადგინა 6027 გასროლა. Mk 23-ის კონსტრუქციულ თავისებურებებს წარმოადგენდა დაპატენტებული უკუცემის იმპულსის შემცირების მექანიზმი, რომელიც წარმოადგენდა მექანიკურ ბუფერს და ამცირებს უკუცემის იმპულსს, შესაბამისად დატვირთვას იარაღზე და ამავე დროს ხდიდა სროლას უფრო კომფორტულს. ამ მექანიზმის წყალობით Mk23-ის და მისი უმცროსი ძმის USP-ს ჩარჩოს რესურსი პრაქტიკულად ამოუწურავი გახდა. შესანიშნავ სიზუსტეს უზრუნველყოფდა, როგორც დამზადების უმაღლესი ხარისხი, ასევე ლულაზე წამოცმული რეზინის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფდა გასროლიდან გასროლამდე ლულის ზუსტ განლაგებას საკეტთან მიმართებაში. აღნიშნული რგოლის რესურსი 20 000 გასროლაა და მის შეცვლას უნდა სულ რამდენიმე წამი. ასევე პისტოლეტი იყო აღჭურვილი ღილაკით რომელიც უზრუნველყოფდა ჩახმახის უხმო შეყენება-დაშვებას. მიუხედავად იმისა, რომ ხეკლერ&კოხმა წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და დაამარცხა კონკურსში ერთადერთი კონკურენტი “კოლტის” სახით, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩაისვარა საბიუჯეტო ორგანიზაციამ, რომელმაც მოითხოვა იარაღი, რომელიც ჯარისკაცს სინამდვილეში არ ჭირდებოდა. მიჩვეულები 9მმ-ან “ზიგებს” და “ბერეტებს”, რომლებიც Mk23თან შედარებით კომპაქტური იარაღებია, უკანასკნელმა დაიმსახურა “ჯგუფური იარაღის” სტატუსი თავისი გაბარიტების გამო და მხოლოდ შეზღუდული გამოყენება ნახა. ხეკლერ&კოხში მიხვდნენ რომ იგივე თვისებების მქონე მაგრამ უფრო კომპაქტურ იარაღზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა 1998 წელს გამოუშვეს H&K USP 45 Tactical, რომელიც აკეთებდა ყველაფერს რასაც Mk23, მათ შორის ქარხნული კომპლექტაციით ეგრევე მზად იყო საპრესორის გამოყენებისთვის და ამავე დროს ბევრად უფრო კომპაქტური იყო. მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს რომ არც Mk 23 Mod 0-ის სამოქალაქო ვერსია არ იყიდებოდა ცუდათ. დიდი ფასის მიუხედავად (1800 დოლარი და ის ბუნებრივია იყიდებოდა საპრესორის და ლაზერული დამიზნების მოდულის გარეშე) ხეკლერ&კოხი ყიდდა სამოქალაქო ბაზარზე იმდენ Mk23-ს რამდენის გამოშვებასაც ასწრებდა. უდაოდ შეიძლება ჩაითვალოს რომ Mk23 არის დღეს ყველაზე ზუსტი, გამძლე, საიმედო და გამოცდილი სერიული წარმოების პისტოლეტი მსოფლიოში.

 

H&K USP გამადიდებელი შუშის ქვეშ

November 12th, 2016

14724651_2178335599057643_1144398430616544778_n

დიახ, დიახ, ჩვენი მორიგი ტესტირების და შეფასების ობიექტი ამჯერად ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი H&K USP 9 არის, 9მმ-ნი სრული ზომის პისტოლეტი გერმანიიდან. ჩემი პირველი “ხეკლერ&კოხის” წარმოების იარაღი, პისტოლეტი ასევე 9მმ-ნი USP Compact Stainless მე შევიძინე ჯერ კიდევ 2006 წელში და მაშინ არც ვფიქრობდი, თუ ოდესმე დავიწყებდი იარაღებზე წერას. პისტოლეტი მერგო მე 1500 დოლარად. იმ პერიოდისთვის ეს იყო საკმაოდ მოკრძალებული ფასი ასეთ იარაღში. პირველი სტატია (ინტერნეტ ფორუმისთვის) რომელიც მე მიუძღვენი USP-ს პისტოლეტებს მე დავწერე ჯერ კიდევ თუ არ ვცდები 2007-ში, მაშინაც ბლოგი იარაღებზე ჯერ იდეის დონეზეც არ არსებობდა. მას მერე ბევრი დრო გავიდა ისევე, როგორც მე მქონდა ბედნიერება ახლოს გამეცნო “ხეკლერ&კოხის” სხვა პისტოლეტებიც და მოდელ USP-ს და USP Compact-ს დაემატა მოდელები “Expert” .40S&W კალიბრში, “Tactical” .45ACP კალიბრში, ორივე “საასპარეზო” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით, ასევე 9მმ-ნი P2000, “LEM” ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით აღჭურვილი. დაგროვილი გამოცდილების ფონზე დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ წარმოგიდინოთ ამ პისტოლეტის უფრო ობიქტური და ზუსტი შეფასება, რომელიც დააინტერესებს როგორც ამ იარაღის მფლობელებს ასევე ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულებს. კომფორტულად მოთავსდით მონიტორების წინ იმიტომ, რომ ცოტახანში ძალიან ბევრ  საინტერესო რამეს მოისმენთ ამ იარაღზე.

2006-ში, როდესაც მე ჩემი პირველი  ”ხეკლერ&კოხი” შევიძინე ის ჯერ კიდევ ითვლებოდა შედარებით ახალ იარაღად, მაგრამ ეხლა 2016 წელს ის უკვე წარმოადგენს საბრძოლო პისტოლეტის ნამდვილ კლასიკურ მოდელს. რას ნიშნავს კლასიკური პისტოლეტი? ჩემი აზრით ეს ისეთი პისტოლეტია, რომლის საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებები იმდენად კარგი გამოდგა რომ მრავალი წლის შემდეგ ის კვლავ ღირსეულად გამოიყურება უფრო თანამედროვე ანალოგებთან შედარებით და კვლავ შეუძლია შესთავაზოს მსროლელს ისეთი რამე რასაც ვერ ან იშვიათად თუ ნახავთ ბევრ სხვა ისევ და ისევ უფრო თანამედროვე იარაღში.

რაც შეეხება თარიღებს, “ხეკლერ&კოხში” ახალ პისტოლეტზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1989 წელს, იმავე წელს აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა გამოაქვეყნეს მოთხოვნა ახალ პისტოლეტზე ფორმალიზებული OHWS პროგრამის ფორმით (Offensive Handgun Weapon System, თავდასხმითი პისტოლეტის შეიარაღების სისტემა). მუშაობა ორ პროექტზე ხეკლერ&კოხში პარალელურად მიმდინარეობდა და უკვე 1992 წელს USP-ს პისტოლეტმა საბოლოო ფორმა მიიღო, მას მერე რაც  დასრულდა OHWS-ის პროგრამის საგამოცდო ნაწილი, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაბამისად დაიხვეწა USP-ს პროტოტიპის კონსტრუქცია. უკვე 1993 წლის იანვარში, აშშ-ში „შოტ შოუზე“ “ხეკლერ&კოხმა” ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი პისტოლეტი დარქმეული როგორც “USP”   (USP –Universale Selbstlade Pistole, უნივერსალური თვით-დამტენი პისტოლეტი),  ხოლო 1996 წელს მიაწოდა აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობას მათთვის შექმნილი Mk23 Mod 0 ტიპის პისტოლეტები, რომელმაც დაამარცხა კოშმარული “კოლტის” მიერ წარმოდგენილი პროტოტიპი და  გაიმარჯვა კონკურსში.

or70x42

Colt OHWS წარმოადგენდა M1911, All American 2000 და Double Eagle-ის ჰიბრიდს, ერთდროულად საინტერესო და საკითხავი ტექნიკური გადაწყვეტილებებით. 

ეს მნიშვნელოვანი ფაქტი USP-ს შექმნის ისტორიიდან გარკვეულ წილად ხსნის იმ გამოყენების ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ის იყო ჩაფიქრებული, ანუ გამძლე სამსახურეობრივი იარაღი, დიდი რესურსით და მაღალი საიმედოობით. გარდა ამისა დარწმუნებული ვარ “ხეკლერ&კოხის” ხელმძღვანელობას არ ესიამოვნებოდა ავსტრიული “გლოკის” წარმატება, რომელიც იყენებდა ტექნოლოგიას , რომელიც პირველად გამოიყენა სწორედ  ”ხეკლერ&კოხმა”, ვგულისხმობ რა თქმა პისტოლეტის ჩარჩოს დამზადებულს დარტყმა გამძლე პოლიმერისგან. თავისი დროისთვის USP იყო გარკვეულწილად ინოვაციური იარაღი, მაგრამ ამავე დროს ამ კომპანიის სხვა პროდუქტებთან შედარებით უფრო ნაკლებად ორიგინალური და თამამი დიზაინის მქონე. ამჯერად ის იყენებდა მეტ წილად, დროით გამოცდილ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს. ინოვაციურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს იყო პირველი პისტოლეტი კომპოზიტური ჩარჩოთი, რომელიც ამავე დროს იყენებდა დროით გამოცდილ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, გარედან განლაგებული ჩახმახით. ახალი პისტოლეტი იყო ხელმისაწვდომი 9 ვარიანტში, მცველის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და დეკოკერის სხვადასხვა კომბიანციებით, რომელთა დაყენება შესაძლებელი იყო ნებისმიერ USP-ზე შესაბამისი დეტალების გამოცვლით, რაც ასევე იყო ონოვაცია. შექმნილი მეტ წილად ამერიკული ბაზრისთვის პისტოლეტი იყენებდა მექანიკურ მცველს, რომელიც განლაგებული იყო ჩარჩოს მარცხენა უკანა მხარეს, როგორც ამერიკელებისთვის საყვარელ M1911-ზე და ისევე, როგორც M1911-ზე შესაძლებელი იყო მისი ტარება შეყენებული ჩახმახით, მცველზე დაყენებული.  პირველად პისტოლეტის სტანდარტულ ოფციას წარმოადგენდა ჩარჩოზე შესრულებული უნივერსალური სამაგრი, რომელიც გათვლილი იყო ასევე “ხეკლერ&კოხის” წარმოების ფარანზე. მოგვიანებით სხვა კომპანიებმა მიბაძეს “ხეკლერ&კოხს” და ჯერ საკუთარი სტანდარტის და შემდგომ უნიფიცირებული სამაგრები გახდა ტაქტიკური პისტოლეტის განუყრელი ნაწილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქსესუარების დაყენების ოფცია ჩარჩოზე შესრულებული სამაგრის გამოყენებით ერგო USP-ს OHWS პროგრამისგან. განსხვავებით “ხეკლერ&კოხის” სხვა პისტოლეტებისგან (P7, P9, VP70) USP იყენებს ტრადიციულ და ნაცად მოდიფიციფრებულ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას და “ხეკლერ&კოხის” დაპატენტებულ ბუფერს, რომელიც ამცირებს უკუცემას და შესაძლებელს ხდის შეზღუდვების გარეშე გამოიყენოთ ნებისმიერი სიმძლავრის შესაბამისი კალიბრის მუხტები. აღნიშნული ბუფერი მხოლოდ სრული ზომის პისტოლეტებშია, USP Compact იყენებს ზამბარაზე ჩამოცმულ პლასტმასის მრგვალ ბუფერს, რომელიც ისეთი ეფექტურობით არ გამოირჩევა, როგორც მექანიკური. რა თქმა უნდა USP ტრადიციულად გერმანული იარაღისთვის გამოირჩეოდა შესრულების მაღალი ხარისხით.

მე ვერ ვიტყვი რომ USP-ს ოჯახს ხვდა წილად ისეთივე წარმატება, როგორც “გლოკს”.  ვერც იმას ვიტყვი რომ ეს პისტოლეტი თუნდაც ღირსეულ კონკურენცას უწევდეს ავსტრიულ პისტოლეტს. თავიდან “ხეკლერ&კოხმა” სცადა USP-ს აგრესიული რეკლამირება ამერიკულ ბაზარზე მაგრამ იმის თქმა რომ პისტოლეტის დიდი პოპულარობა მოიპოვა იქნებოდა გადამეტება. ამის მიზეზი იყო პისტოლეტის დიდი ფასი (იმ დროს გერმანული მარკის დოლართან მიმართებაში კურსით განპირობებული), პისტოლეტის დიდი ზომები, რის გამოც ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა მსროლელების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ქალებისთვის და ალბათ ასევე მჭიდის ღილაკის უჩვეულო კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ამერიკელების გემოვნებას. გამოყენებული ჩაკეტვის სქემა იყო “ნელი” ხოლო ლულის ღერძი შედარებით მაღალი რაც არ მოეწონა სპორტსმენებს. “ხეკლერ&კოხმა” სცადა ვითარების გამოსწორება კომპაქტური მოდელის გამოშვებით და იმისთვის, რომ პისტოლეტის ტარი შეთხელებულიყო გამოიყენა უფრო თხელი მეტალის მჭიდი. USP Compact მართლაც გამოვიდა უფრო ერგონომიული მაგრამ დაიკარგა მჭიდების თავსებადობა სრული ზომის და კომპაქტურ USP-ეებს შორის. ამერიკელი ძალოვნები ასევე გულგრილად შეხვდნენ ახალ პისტოლეტს და რეალურად “ხეკლერ&კოხმა” მას მერე მიიღო მსხვილი შეკვეთები, რაც წარმოადგინა LEM ტიპის მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. მე მქონდა საშუალება გამომეცადა ეს სასხლეტი და ის მართლაც სთავაზობს ტრადიციულ მხოლოდ ორმაგ მოქმედების სასხლეტებთაბ შედარებით მოკლე სვლას, ის ასევე მსუბუქია და აქვს მოკლე რესეტი. იმ პერიოდში ამერიკელ ძალოვნებს ქონდათ ძლიერი ალერგია “შეყენებული” პისტოლეტების მიმართ და ამიტომაც მოიწონეს “ხეკლერ&კოხის” გადაწყვეტილება და ამ კომპანიის პისტოლეტებმა გაიკვლიეს გზა აშშ-ის ძალოვან სტრუქტურებში. ბედის ირონიით არც Mk23 არ გახდა ფავორიტი სპეცრაზმელებს შორის. “ხეკლერ&კოხმა” ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას და შექმნა ზუსტად ის რაც მას სთხოვეს, “სუპერ პისტოლეტი” მაგრამ ჩაიჭრა თავად დამკვეთი, რომელმაც დაუშვა შეცდომა მოთხოვნების შედგენაში და შედეგად მიიღო იარაღი, რომელიც სპეცრაზმელებს არ ჭირდებოდათ. ზე-გამძლე, ზე-ზუსტი Mk23 გამოდგა ზედმეტად დიდი და მძიმე და ძალიან შეზღუდული გამოყენება ნახა.

დიდი და ძვირი, USP გამოირჩეოდა შესაშური სიზუსტით და საიმედოობით და გერმანელებისთვის ტრადიციული მაღალი ხარისხით, რის გამოც ამერიკაში პისტოლეტს გაუჩნდა ერთგული ფანატების პატარა არმია, რომელიც გაერთიანდა კლუბებში და ფორუმებზე და მათი წყალობით კომპანიამ მოიკიდა ფეხი ამერიკულ ბაზარზე. საქართველოში ხეკლერ&კოხის პისტოლეტების იმპორტი რეგულარულად ხდებოდა და ეს პისტოლეტი ასევე სარგებლობს პოპულარობით ჩვენ ქვეყანაში და მას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. როგორც ამერიკაში, საქართველოშიც “ხეკლერ&კოხის” პისტოლეტები ძალიან ძვირი ღირს.

p1070779

USP-ს „ფარფლებიანი“ მჭიდის ჩამკეტით, გამოყენებული პირველად H&K P7-ზე,  ჯერ გახდა  ხეკლერ&კოხისის და შემდგომ ცალკეული „ვალტერის“ პისტოლეტების საფირმო ნიშანი.

ეხლა მოვიდა დრო  H&K USP შევაფასოთ ჩვენს მიერ შემუშავებული საბრძოლო იარაღის შეფასების 8 კრიტრეუმით, რომლებიცაა: უსაფრთხოება, საიმედოობა, გამძლეობა, კოსნტრუქციული სიმარტივე, სიზუსტე, სროლისუნარიანობა და ნამსახურეობა.

უსაფრთხოების მხრივ USP აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის, მცველის და დეკოკერის კომბინაციების 9 ვარიანტი იძლევა საშუალბას აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კონფიგურაცია.  გარდა ოფციონალური მექანიკური მცველისა, პისტოლეტი აღჭურვილია ასევე დამრტყმელის მცველით, რომელიც გამორიცხავს გასროლას თუ სასხლეტზე არ არის თითი დაჭერილი. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების ფუნქცია (half-cock). პისტოლეტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, რომლებიც მათ შორის გულისხმობდა ყველა მხარით, 1.80 მეტრიდან ბეტონის ზედაპირზე პისტოლეტის დაგდებას შეყენებული ჩახმახით და ვაზნით სავაზნეში. დამატებით პისტოლეტის ექსტრაქტორი მარკირებულია წითელი საღებავით რომელიც ხდება ხილვადი, როდესაც ვაზნა სავაზნეშია თუმცა ამ საკითხავი ეფექტის მქონე “სისტემის” ნდობას არ გირჩევთ, ვინაიდან ნამწვავი და ჭუჭყი შეუძლებელს ხდის ზუსტად დაადგინოთ ცარიელია სავაზნე თუ არა.  პისტოლეტი ასევე დაცულია გასროლისგან თუ საკეტი ბოლომდე არ არის დახურული.  როგორც ხედავთ პისტოლეტის კონსტრუქცია საკმარისად უსაფრთხოა და მას აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტს.

კონსტრუქციული სიმარტივის მხრივ USP ერთის მხრივ ადვილად იშლება რეგულარული მომსახურებისთვის, მაგრამ ამავე დროს საკეტი აწყობილია ხვეული პინებით, რომლების ამოგდებაც ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტს. იგივე ეხება პისტოლეტის მექანიზმს, რომლის ბოლომდე დაშლა სულაც არ არის ადვილი. ჩემი სუბიექტური შეფასებით ამ მხრივ USP ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს გაკეთდა იმ გათვლით, რომ რეგულარულ (მინიმალურ) მომსახურებას მას ჩაუტარებდა მფლობელი ხოლო უფრო სერიოზული მომსახურება ან შეკეთება იქნებოდა მეიარაღის პრეროგატივა, ეს ტიპიური ევროპული მიდგომაა, რომელიც ხშირად გვხვდება დასავლეთ ევროპაში წარმოებულ კომერციულ იარაღში. რა თქმა უნდა ბევრი იტყვის, რომ საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელს შეიძლება არასდროს არ დაჭირდეს იარაღის მექანიზმის ან საკეტის დაშლა, მაგრამ ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ  დღეს მწარმოებლები ცდილობენ გამოუშვან მოდულური პისტოლეტები, რომლებიც გამოირჩევიან აქამდე არნახული კონსტრუქციული სიმარტივიდ ცალსახად მეტყველებს იმაზე რომ ეს თვისება არის მნიშვნელოვანი და სულაც არ არის ურიგო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ USP მექანიზმის (ჩარჩოს) და საკეტის დაშლის სირთულე ცალსახად არის ამ პისტოლეტის მინუსი. რაც შეეხება დეტალების თავსებადობას, USP არ საჭიროებს დეტალების მორგებას მათი გამოცვლისას. სამწუხაროდ კომპაქტური და სრული ზომის პისტოლეტები იყენებენ სხვადასხვა მჭიდებს რის გამოც კომპაქტურ მოდელზე არ მიდის სრული ზომის 15 ვაზნიანი მჭიდი, სამაგიეროდ სრული ზომის მოდელში მიდის “ექსპერტის” 18 ვაზნიანი მჭიდი, რომელიც იქნება ოდნავ გარეთ გამოშვერილი თუ სახელურზე არ დაყენდება მჭიდის “ძაბრი”.

uspdis11

USP დაშლილი გაწმენდისთვის

იარაღის დასაშლელად უნდა მოხსნათ მას მჭიდი, დარწმუნდეთ, რომ იარაღი განმუხტულია, გაწიოთ საკეტი უკან ისე რომ მასში ამოჭრილი ღარი გაუტოლდეს საკეტის შემაკავებელს, დააწექით ტყვიის თავით საკეტის შემაკავებლის ღერძს მარჯვენა მხრიდან და მარცხენა მხრიდან ის გამოაძრეთ. გაწიეთ საკეტი წინ, რომელიც მოცილდება ჩარჩოს. შემდეგ ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა ბუფერით და ღერძით (შესრულებულია როგორც ერთიანი დეტალი). ბოლოს ამოიღეთ ლულა. ბოლო დროს ბერვი მწარმოებელი ირწმუნება რომ მათი პისტოლეტები უფრო ადვილად იშლება ან ისე იშლება რომ საკეტი უკან უნდა გაწიო ისე რომ ვაზნა შიგნით შემთხვევით არ დაგრჩებათ, რაც უფრო უსაფრთხოა და ბლა ბლა ბლა. ეს ყველაფერი არის არიფზე გათვლილი სისულელეები. დაშლამდე ყველა პისტოლეტი უნდა განმუხტოთ და მერე კიდევ ერთხელ ვიზუალურად დარწმუნდეთ რომ ის ნამდვილად განმუხტულია, განურჩევლად იმისა თუ როგორ იშლება ის. ყველა პისტოლეტი რომელიც მე მინახია თუ არ ჩავთვლით ძალიან ძველ მოდელებს ადვილად იშლება და იწყობა, ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის საჭიროა ორი თუ სამი მოძრაობა. გამონაკლისი ალბათ არის სლოვაკური Grand Power K100 რომელიც რთული არ არის უბრალოდ უცნაური ალგორითმი აქვს დაშლის, უფრო სწორედ აწყობის. თუ კონკრეტულად არ იცი როგორ ააწყო, შეიძლება გაგიჭირდეს, თუ წინასწარ არ ნახე ინსტრუქცია ან შესაბამისი რგოლი „იუთუბზე“.

კიდევ ერთი კრიტერიუმია საიმედოობა და ამ მხრივ პისტოლეტს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია. USP უპრობლემოდ ინელებს ყველა ტიპის ტყვიით აღჭურვილ ვაზნებს, არც „ცხელი“ მუხტების გამოყენებაზე შეზღუდვა არ არის (ამაზე ცოტა უფრო ვრცლად მოგვიანებით). შექმნის სტადიაზე და  მისი ყიდვის მსურველების მიერ მოწყობილ მომდევნო გამოცდებში პისტოლეტმა გაიარა მრავალი ტესტი საიმედოობის ხარისხის დადგენის მიზნით. 10 000 – 20 000  გასროლა დაბრკოლების გარეშე არ წარმოადგენს პრობლემას ამ პისტოლეტისთვის, ისევე როგოც ექსპლუატაცია სიცხეში თუ ყინვაში. სამხედრო „ბექგრაუნდის“ იარაღისგან სხვა რამეს გარდა უკიდურესი საიმედოობისა არც უნდა ელოდო. ალბათ ძალიან ცოტა პისტოლეტი მოიძებნება, რომელმაც წარმატებით გაიარა ამდენი ტესტირება და გამოცდა, რომელთა მოთხოვნება ბევრად აღემატებოდა იმ მოთხოვნებს რომლებიც წაყენებულია კომერციული იარაღებისთვის. განიერი საექსტრაქციო ფანჯარა, მასიური ექსტრაქტორი, ვაზნის მიწოდების კუთხე ასევე უზრუნველყოფენ მაღალ საიმედოობას. ჩვენ გავსინჯეთ პისტოლეტში შემცირებული მუხტის მქონე ვაზნებით, რომელზეც მაგალითად არ მუშაობდა საიმედოთ Beretta Px4. USP-მ უპრობლემოდ მოინელა ეს ვაზნები თუმცა მასრები პრაქტიკულად იქვე, მსროლელის ფეხებთან ვარდებოდა.

გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტი შექმნილია პრაქტიკულად ამერიკელი სპეცრაზმელების მოთხოვნით უნდა ვივარაუდოთ რომ გამძლეობაში, რომელიც ჩვენი მორიგი კრიტერიუმია, USP მაღალ შეფასებას მიიღებს და ეს ასეც არის. აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის ერთ-ერთი მოთხოვნა მათ შორის იყო +P კატეგორიის ვაზნების ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა. ამისთვის H&K Mk23  და მისი უმცროსი ძმა USP აღჭურვილია მექანიკური უკუცემის ბუფერით, რომლის დანიშნულებაა უკუცმის იმპულსის შემცირება, რაც ნიშნავს რომ პისტოლეტი უპრობლემოდ გაუძლებს თუნდაც ყველაზე ცხელ მუხტებს და შესაბამისად მისი რესურსი სტანდარტული მუხტებით არის ძალიან დიდი.

რაც შეეხება დაცვას გარემოს ზემოქმედებისგან. პისტოლეტის საკეტი დამუშავებულია “ხეკლერ&კოხის” საფირმო დაფარვით HE (Hostile Environment) რომელიც იცავს პისტოლეტს ძირითად ნაწილებს ცვეთისგან და კოროზიისგან ხოლო საკეტის ზედაპირის სიმკვრივე ბევრად აღემატება დაუმუშავებელ ფოლადის სიმკვრივეს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები დაფარულია კომპანია Dow Corning-ის საფირმო დაფარვით “Molykote” რომელიც იცავს დეტალებს ცვეთისგან, კოროზიისგან და ამცირებს ხახუნის კოეფიციენტს. პისტოლეტის ანტიკოროზიული თვისებების გამოცდაში თავის დროზე მონაწილეობდნენ გერმანელი საბრძოლო მცურავებიც. პისტოლეტის ჩარჩო დარტყმა გამძლე პოლიმერის არის. “ხეკლერ&კოხი” იყო პიონერი პოლიმერების გამოყენებაში და სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის პირველი სერიული პისტოლეტები პოლიმერის ჩარჩოთი, P9 და VP-70.

dsc02984

სპეციფიური დამღა, რომელიც ირმის რქის ფორმის, ადასტურებს რომ პისტოლეტმა გაიარა შემოწმება დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, რომელიც განლაგებულია ულმში (Beschussamt Ulm) და ფუნქციონირებს 1952 წლიდან. ხეკლერ&კოხი ექსკლუზიურად სარგებლობს ამ ლაბორატორიის მომსახურებით, სადაც ყველა მისი პისტოლეტი ასევე გადის ტესტირებას საცდელი მუხტით რომელიც დაახლოებით 30% უფრო ძლიერია ვიდრე ყველაზე „ცხელი“ კომერციული თუ სამხედრო მუხტი. აღნიშნულ პროცედურას მიმართავენ ბევრი მაღალი კლასის მწარმოებლები, რომ დაადასტურონ მათი იარაღის ხარისხი და საიმედოობა. BF არის გამოშვების წელი, სადაც A=0, B=1, C=2 და ასე შემდეგ. შესაბამისად BF ნიშნავს 15-ს, ანუ იარაღი გამოშვებულია 2015 წელში. 

მოგეხსენებათ, როდესაც სცნაზე გამოჩნდა .40 S&W, ბევრმა მწარმოებელმა ცადა 9მმ-ნი პისტოლეტების ადაპტაცია .40 კალიბრისთვის და მალევე სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ. საქმე იმაშია, რომ .40 S&W „ოპერირებს“ გაცილებით მაღალი წნევებით, რაც დიდ დატვირთვას აყენებს პისტოლეტის კონსტრუქციას, მითუმეტეს თუ ის თავიდან იყო გათვლილი უფრო დაბალ წნევიან 9×19-ზე. მალე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის დაყენება არ არის საკმარისი და პისტოლეტების რესურსი და გამძლლეობა საგრძნობლად შემცირებული იყო 9მმ-ან მოდელებთან შედარებით. USP თავისუფალი იყო ამ კონსტრუქციული სისუსტეებისგან ვინაიდან თავიდანვე იყო გათვლილი .40 S&W-ზე (9mm-ნი ვერსიის გაყიდვა დაიწყო 1995 წელს) ხოლო მექანიკური ბუფერი დამატებით იცავდა პისტოლეტს დატვირთვისგან და უზრუნველყოფდა მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას დეტალების ზედმეტი ცვეთის და მათი ნაადრევად მწყობრიდან გამოსვლის გარეშე. ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ პისტოლეტს უნდა ქონდეს რესურსის საუკეთესო მაჩვენებელი კონკურენტებთან შედარებით.

hk-usp-expert-4

ცივად ნაჭედ ლულას (ლულის სიგრძე 108მმ), რომელიც დამზადებულია იგივე ფოლადისგან რომლისგანაც მზადდება ქვემეხების ლულები გააჩნია პოლიგონალური ხრახნები, რაც უზრუნველყოფს მაღალ რესურსს, სიზუსტეს და წმენდის სიადვილეს. ერთ-ერთი ტესტირებისას  USP-ს ლულის არხში  სპეციალურად გაჭედეს ტყვია და განახორციელეს გასროლა. პისტოლეტი დარჩა ფუნქციონალური ხოლო სიზუსტე მისაღები. ასეთი ჩაკეტვის სქემა პირველად გამოყეებული იქნა Peter-Stahl-ის სპორტულ პისტოლეტებში. 

მორგება ადაპტაცია შემდეგი კრიტერიუმია და ამ მხრივ გამომდინარე იქიდან რომ USP-ზე მუშაობა 80-ნი წლების ბოლოს დაიწყო და მისი ჩარჩო „მონოლითურია“,  მას არ გააჩნია ისეთი თანამედროვე მოდური ოფციები როგორიც არის ცვლადი ტარის პანელები ან საზურგეები. ადრე როდესაც პისტოლეტები და რევოლვერები იყენებდნენ ხის სახელურებს და პანელებს, სერიოზული მსროლელები ცვლიდნენ ქარხნულ დეტალებს შეკვეთით დამზადებულზე და ასე ირგებდნენ მათ თავის ხელზე. როდესაც გამოჩნდა პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტები, გარკვეული პერიოდი გავიდა სანამ “ვალტერმა” პირველად 1996 წელს გახადა შესაძლებელი
„პლასტმასის“ პისტოლეტის ადაპტაცია მსროლელის ხელზე, ცვლადი საზურგეების მეშვეობით. ამ ტენდენციას აყვა ბევრი მწარმოებელი ხოლო 2006 წელს ხეკლერ&კოხი კიდევ უფორ შორს წავიდა და წარმოადგინა პისტოლეტი P30 რომელიც იყენებდა როგორც ცვლად საზურგეებს ასევე გამოსაცვლელ გვერდითა პანელებს.

აქსესუარების არჩევანი რომელიც განკუთვნილია ამ პისტოლეტისთვის ძალზედ მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი დიდიხანია გამოდის და საკმაოდ გავრცელებულია. “ხეკლერ&კოხის” ორიგინალური დეტალები ძალიან ძვირიც ღირს.  ამავე დროს პისტოლეტზე ადვილად შესაძლებელია სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა, შესაძლებელია სასურველი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის, მცველის და დეკოკერის საჭირო კონფიგურაციის არჩევა, მაგრამ საქართველოსთვის ეს ნაკლებად აქტუალურია ვინაიდან აქ ჩამოდის წინასწარ შეკვეთილი პისტოლეტები და შესაბამის ნაწილების შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით გარდა სასურველი სამიზნე მოწყობილობებისა, USP-ს პატრონი უნდა დაფიქრდეს პისტოლეტის სამაგრის ადაპტორის შეძენაზე ვინაიდან ეს პისტოლეტი იყენებს ორიგინალური სტანდარტის სამაგრს, რომელიც გათვლილია ორიგინალურ ფარანზე. ასეთი ადაპტორები ღირს 15 დოლარიდან 60 დოლარამდე და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი მოდელის თანამედროვე ფარნები თუ ლაზერები. სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები რკინის არის, სამი თეთრი წერტილით და ამიტომაც მათი გამოცვლა როგორც „გლოკის“ შემთხვევაში გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. სასარგებლო „გააკეთე-თვითონ“ მოდიფიკაცია იქნება წინა წერტილის წითლად შეღებვა რაც ხელს შეგიწყობთ სწრაფ დამიზნებაში. ყოვლთვის სასურველია რომ წინა სამიზნე მოწყობილობა იყოს განსხვავებული ფერის ვიდრე უკანა, რომ კორა ეგრევე გამოარჩიოთ, იმიტომ რომ სწორედ კორა თამაშობს გადამწყვეტ როლს სწრაფ დამიზნებაში.

sdgsdgsdfg55

2005 წლიდან USP გახდა ხელმისაწვდომი “ფერადი” ჩარჩოებით (მწვამე, ქვიშის ფერი, ღია ნაცრისფერი). სამწუხაროდ პისტოლეტებზე არასდროს არ გამოჩნდა უფრო მისაღები და უნივერსალური “პიკატინის” სამაგრი. 

სროლისუნარიანობა. პისტოლეტი ერგონომიულად მოსახერხებელია, მიუხედავად დიდი ზომებისა 9მმ-ნი მოდელი სულაც არ არის მძიმე (წონა მჭიდის გარეშე 730 გრამი) და ჩემ ხელშიც კარგად ზის. სასხლეტის დამცავი განიერი რკალი, გაძლევთ საშუალებას კომფორტულად ისროლოთ ხელთათმანებით. სამიზნე მოწყობილობები დიდია და დამიზნებაც ადვილია. სასხლეტი USP-ზე აბსოლუტურად ადეკვატურია. რესეტი მოკლეა, სვლა ერთგვაროვანია. ასეთი ფასის იარაღზე ალბათ ბევრი ისურვებდა „სპორტულ“ უფრო დახვეწილ სასხლეტს მაგრამ   USP საბრძოლო პისტოლეტია და მას ამისთვის აბსოლუტურად ადეკვატური სასხლეტი აქვს. USP სხვა უფრო ძვირიან მოდიფიკაციებზე (Elite, Expert და ასე შემეგ “საასპარეზო სასხლეტი” სტანდარტულია). ორმაგი მოქმედების რეჟიმზე სათქმელი არაფერია, ჩვუელებრივია არც განსაკუთრებულად კარგი და არც განსაკუთრებულად ცუდი. ერთმაგ რეჟიმში სასხლეტი რბილია, მოკლე ზედმეტი სვლით (“overtravel”). ბუფერი ამცირებს უკუცემას და მიუხედავად შედარებით მაღალი ლულის ღერძისა პისტოლეტი ზომიერად სწრაფად ბრუნდება დამიზნების ხაზზე, თუმცა ლულის ღერძის სიმაღლის გამო ის იმდენად კონტროლირებადი არ არის, იგივე “გლოკთან” შედარებით. რაც მე მომწონს განსაკუთრებულად, მართვის ელემენტები პისტოლეტზე არის დიდი და მუშაობენ ძალიან პოზიტიურად, ხმით და შეგრძნებით ეგრევე ხვდებით, რომ მცველი ჩაირთო ან გამოირთო, მჭიდი ჩაჯდა თავის ადგილას. სტრესულ პირობებში ადამიანის მოტორიკა სმენა და მხედველობა აურესდება, ოპერირება პატარა ღილაკებით და გადამრთველებით ხდება რთული. ამ მხრივ USP ბრწყინავს, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ მართვის ელემენტები იქ არიან სადაც უნდა იყვნენ ისინი დიდი ზომის არიან. ეს ასევე ნაწილობრივ პისტოლეტის სამხედრო „ბექგრაუნდის“ დამსახურებაა. მოგეხსენებათ ამერიკლებემა სწრაფად აღმოაჩინეს რომ შეიარაღებაში მიღებულ ბერეტა 92-ს ქონდა პატარა მართვის ელემენტები, განსაკუთრებით მცველი, რომელიც თან იყო საკეტზე განლაგებული, რის გამოც ბერეტადან სროლა ხელთათმანებში იყო მოუხერხებელი. გერმანელებმა გამოიტანეს დასკვნები და გახადეს მართვის ელემენტები დიდი და რაც მთავარია მცველი შეასრულეს ჩარჩოზე და არა საკეტზე.

სროლისუნარიანობის შეფასებისას უნდა გავხსოვდეს რომ განსხვავებით 7 სხვა კრიტერიუმისგან ეს კრიტერუმი დამოკიდებულია მსროლელის სუბიექტურ შეფასებაზე და ამიტომაც ეს კრიტერიუმი შეიძლება სხვა მსროლელმა სხვაგვარად შეაფასოს და სხვა შედეგი მიიღოს. მე არ მქონდა პრობლემა იარაღის ერთი ხელით ოპერირებაში ჭერის შეცვლის გარეშე, მაგრამ პატარა ხელის მფლობელებს შეიძლება ამ მხრივ ქონდეთ პრობლემები. ასევე ვერ ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ტარის ტექსტურით. ის ზედმეტად აგრესიულია და როგორც ჩანს გათვლილია ხელთათმანების გამოყენებაზე. თუ დისკომფორტი მნიშვნელოვანია ტექსტურის „დარბილება“ აბრაზიული ქაღალდის საშუალეებით არ არის დიდი პრობლემა და პისტოლეტის იერსახე ამით არ დაზარალდება ( რა თქმა უნდა თუ ხელები ტრაკიდან არ გეზრდებათ).

p1070789

დიდი ზომის საკეტის შემაკავებელი და მცველი. ჩვენი პისტოლეტი იყენებს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის პირველ ვარიანტს, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე მოსახერხებულია და ასევე ყველაზე გავრცელებულია. ორმაგი მოქმედების, მექანიკური მცველით და დეკოკერით.

“ხეკლერ&კოხის” პისტოლეტებისთვის მაღალი სიზუსტე ყოველთვის იყო დამახასიათებელი თვისება. P7, P9 ფიქსირებული ლულის წყალობით იყვნენ ძალიან ზუსტი პისტოლეტები, USP-ს ოჯახის პისტოლეტებში იგივე თვისება მიიღწევა მაღალი ხარისხის პოლიგონალური ლულის გამოყენებით, ჩაკეტვის სქემით რომელიც გამოიყენებოდა აქამდე მაღალი კლასის საასპარეზო პისტოლეტებში  და ზოგადად იარაღის დამზადების მაღალი ხარისხით, სადაც ყველა დეტალი იდეალურად არის მორგებული ერთმანეთზე. ყველა USP-ს მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო ძალიან ზუსტი. აქედან გამომდინარე ჩვენ მოთხოვნებს ეს პისტოლეტები გადაჭარბებით ასრულებენ. გნებავთ კომპაქტური USP, გნებავთ მოდიფიკაცია Expert, ყველა გვახარებდა თავისი შესანიშნავი სიზუსტით. USP-დან შესაძლებელია მომაბეზრებელი რეგულარობით მოარტყა 100 მეტრზე განლაგებულ სილუეტს და თანაც ზედმეტი ძალდატანების გარეშე. 15 მეტრიდან პისტოლეტიდან სროლა ძალიან ადვილია. ასე რომ მოთხოვნა 50 მეტრიდან მორტყა სილუეტზე და 15 მეტრიდან განახორციელო brain-shot გადაჭარბებით შესრულებულია.

პისტოლეტი ტოვებს ქარხანას მისროლილი და სიზუსტის გარანტიით, რასაც ადასტურებს სატესტო სამიზნე, რომელიც ყველა ახალ პისტოლეტს მოყვება.

 

p1070865

15 მეტრზე პისტოლეტი კარგად ისროდა, პოპულარული ჩვენთან Magtech-ის და Sellier&Bellot-ის 124 გრანიანი ვაზნებით. 

p1070864

USP არის ორამგი მოქმედების პისტოლეტი, შესაბამისად მფლობემა დრო უნდა დაუთმოს სროლას ორმაგ რეჟიმში (ჩახმახის წინასწარი შეყენების გარეშე), 15 მეტრიდან მხოლოდ ორმაგ რეჟიმში სროლის ეს შედეგი ადასტურებს რომ ავტორი კარგად ფლობს ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

ნამსახურეობა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. იარაღი რომელმაც გაიარა ექსპლუატაცია ჯარში და პოლიციაში, როგორც წესი კარგად მოემსახურება თავის სამოქალაქო პატრონს. „ვიკიპედიას“ რომ მივმართოთ (რომელიც ზოგადად არ არის ყველაზე სანდო წყარო) დავინახავთ, რომ USP მიიღეს შეიარაღებაში მინიმუმ 20 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ სამსახურებში. აშშ-ში USP-ს პისტოლეტებს იყენებს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში გაერთიანებული მთელი რიგი სამსახურების, ისევე როგორც რამდენიმე ცალკეული პოლიციური სამსახური. USP-ს ვარიანტი ინდექსით „P08“ 1994 წლიდან დღემდე არის ბუნდესვერის სტანდარტული პისტოლეტი. მსახურობა ჯარში და პოლიციაში არის საუკეთესო და ყველაზე მკაცრი ტესტი ნებისმიერი იარაღის გარდა იმისა, რომ როგორც წესი ყოველი სამსახური იარაღის შეძენამდე იყენებს ტესტირების საკუთარ რეგლამენტს . ნებისმიერი მცირე სისუსტე ან ნაკლი ეგრევე ხდება სტატისტიკა და მას ეგრევე ექცევა ყურადღება. ამ კრიტერიუმით USP ცხადია იღებს საუკეთესო შეფასებას გამომდინარე იქიდან რომ ეს პისტოლეტი წარმატებით მსახურობს 1993 წლიდან დღემდე და მას პრაქტიკულად არასდროს არ გაუვლია „რესტაილინგი“, დახვეწა, მოდერნიზაცია ან თაობების გამოცვლა რაც მეტყველებს იმაზე რომ თავის დროზე “ხეკლერ&კოხის” ხალხმა დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და მართლაც შესანიშნავი და კლასიკური პისტოლეტი შექმნა.  რა თქმა უნდა ამდენი წლის განმავლობაში პისტოლეტის კონსტრუქციაში შევიდა რიგი ცვლილებების, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება პისტოლეტმა განიცადა 1996 წელს როდესაც მომხმარებლების დაჟინებული მოთხოვნით ლულა ტრადიციული ხრახნებით შეიცვალა პოლიგონალურით. რამდენჯერმე შეიცვალა მცირე დეტალები დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში (ყველა ეს ცვლილება 90-ან წლებში მოხდა როდესაც ჯერ იარაღი იყო ძალიან ახალი). ყველაზე ბოლოს 2005-ში შეცვალა ნემსას ფორმა და მისი მცველი, ამიტომ თუ თქვენი იარაღი 2005 წლამდე არის გამოშვებული მოერიდეთ ხშირ “მშრალ” სროლას, დაუდეთ ჩახმახს რეზინის საფენი ან გამოიყენეთ ვაზნის იმიტატორები (snap-caps). ახალი ნემსა და მისი მცველი პირდაპირ მიდის ძველ პისტოლეტებში.

შემდგომ USP-ს  ბაზაზე გამომდინარე იქიდან რომ მან გაამართლა, “ხეკლერ&კოხმა” შექმნა მთელი ოჯახი პისტოლეტების, რომელიც გარდა USP-ს მოდიფიკაციებისა ასევე მოიცავს P2000-ის, HK45 P30-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის პისტოლეტებს, რაც მეტყველეებს იმაზე რომ ამ კონსტრუქციამ გაამართლა და მართლაც გამძლე გამოდგა.

hk-p30_002

USP-თან სედარებით საგრძნობლად გამხდარი P30 არის USP-ს ოჯახის ყველაზე დახვეწილი წარმომადგენელი და ავტორის აზრით დღეს არის საუკეთესო ხეკლერ&კოხის პისტოლეტი და ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი.

2-usp45-tactical-stilllife-aug-19-2014

.45 კალიბრის USP 45 Tactical. .45 კალიბრის USP რომელიც მხოლოდ 5% გაზრდილია ზომებში სტანდარტულ მოდელთან შედარებით გახდა ნამდვილი გაყიდვების ხიტი აშშ-ს სამოქალაქო ბაზარზე. ჩინებულმა სიზუსტემ, საიმედოობამ და ამერიკელებისთვის საყვარელმა კალიბრმა განაპირობა ამ პისტოლეტის დიდი პოპულარობა.  

ეხლა როდესაც თბილისში შესაძლებელია 1100-1200 ლარად იყიდოთ კარგი 9მმ-ნი პისტოლეტი, ნებისმიერი ადამიანი დგება დილემმის წინაშე, იყიდოს „გლოკი“ ან „ჩეზე“ ხსენებულ ფასად თუ გადაიხადოს ორჯერ სამჯერ და შეიძლება ოთხჯერ მეტი „ზიგში“ ან “USP“-ში. არც ერთი და არც მეორე არ არის ორჯერ და სამჯრ უკეთესი „გლოკზე“ და სიმართლე გითხრათ თუ გაწყობთ “გლოკის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და მექანიკური მცველის არ არსებობა არც უნდა იფიქროთ და იყიდოთ “გლოკი”, მაგრამ თუ გინდათ რამე განსაკუთრებული, რატომაც არა, იყიდეთ USP, რომლის შეძენა მეორად ბაზარზე შესაძლებელია 2500-2000 ლარად. გამომდინარე იქიდან რაც დავწერეთ, შეგიძლიათ პატრონს არ კითხოთ: რამდენია ნასროლი თქვენი იარაღიდან. USP-ს მიმართებაში ეს კითხვა ზედმეტია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს პისტოლეტები არასდროს არ იყვნენ თუნდაც შეზღუდული რაოდენობით შეიარაღებაში მიღებული, ანუ ალბათობა გადააწყდეთ პისტოლეტს რომელსაც იყენებდა რომელიმე სპეცრაზმი და შემდეგ მოხდა მისი გადაცემა საჩუქრად ან გამოსყიდვა, არის ძალიან მცირე. მე არ გეუბნებით, რომ იარაღი არ უნდა შეამოწმოთ შეძენის წინ, უბრალოდ გახსოვდეთ რომ კოსმეტიკური დეფექტების ქვეშ შეიძლება იმალებოდეს პრაქტიკულად ტექნიკურად ახალი იარაღი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: H&K USP არის კლასიკური საბრძოლო პისტოლეტი. მისი საბრძოლო თვისებები არ იწვევნ ეჭვს, მაგრამ პისტოლეტის არის ძალიან გაბარიტული, რის გამოც მისი ფარული ტარება ძალიან მოუხერხებელია, ხოლო მსროლელს პატარა ხელებით გაუჭირდება ამ პისტოლეტით ოპერირება. მნიშვნელოვანი მინუსი არის ხეკლერ&კოხის არასტანდარტული სამაგრი პისტოლეტის ჩარჩოზე, რაც ნიშნავს რომ პატრონს ექნება საყიდელი ადაპტორი რომელიც (თუ ის ხარისხიანია) არ ღირს იაფი. ალბათობა რომ ეს პისტოლეტი გამოვა მწყობრიდან ძალიან მცირეა მაგრამ მისი ნაწილების შეკვეთა შეიძლება რთული გამოდგეს. ასევე მოკრძალებულია მჭიდის ტევადობა, რომელიც შეადგენს 15 ვაზნას რაც დღევანდელი სტანდარტებით ცოტა არის ამხელა პისტოლტისთვის. ჩვენ არ მოგვწონს რომ პისტოლეტის საკეტის დასაშლელად საჭიროა პინების ამოგდება. მიუხედავად ამისა, აღჭურვილი კარგი სამიზნეებით და/ან ტაქტიკური ფარნით ეს იარაღი კარგი სახლის დაცვის იარაღია. თუ თქვენ გქვთ დიდი ხელები, ბევრი ფული და არ გიწევთ იარაღის ყოველიური ტარება ეს პისტოლეტი თქვენთვისაა.  ახალი თაობის საბრძოლო პისტოლეტებთან შედარებით USP გამოიყურება, როგორც სატვირთო მანქანა GT კლასის სედანებთნ შედარებით.  რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ Ford F350-ს ქალაქში მაგრამ თუ გაქვთ საშუალება და არჩევანი ნახეთ H&K P30 ან P2000. თუ არჩევანი არ გაქვთ და USP-ს გაბარიტები არ გიქმნით პრობლემებს, მაშინ შეიძლება იყოთ დარწმუნებულები რომ ეს პისტოლეტი თქვენ არ დაგაღალატებთ. გარდა ამისა “ხეკლერ&კოხის” იარაღები, როგორც არც ერთი სხვა იწვევენ მფლობელში სიამაყეს მათი ფლობისგან.