Archive for the ‘ცივი იარაღი’ Category

დასაკეცი დანა/ფოლდერი – როგორც ყველაზე უვარგისი ინსტრუმენტი

Saturday, January 23rd, 2021

ჩემი აზრით დასაკეცი დანა არის ერთ-ერთი ყველაზე არაპრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც კაცმა შეიძლება იყიდოს. ამ ტიპის ინსტრუმენტში არ ღირს დიდი ფულის დახარჯვა ან საერთოდ რამე ფულის დახარჯვა, თუ თქვენ არ ცხოვრობთ ისეთ ადგილას სადაც სხვა ტიპის დანები არის უბრალოდ აკრძალული თავგასული მთავრობის მიერ და თქვენ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვთ. ხაზს გავუსვავ ლაპარაკი მაქვს დასაკეც დანებზე ცალი პირით. ე.წ. “ფოლდერებზე”.

P1120389

წლების განმავლობაში მე ვყიდულობდი ე.წ. “ფოლდერებს”, რომ მერე აღმომეჩინა, რომ არც ერთი მათგანი უბრალოდ არაფერში არასდროს არ მადგება. 

წლების განმავლობაში მე ვხარჯავდი ფულს სხვადასხვა „ფოლდერებზე“ და ვეძებდი საუკეთესოს, სანამ არ მივხვდი რომ საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული „ფოლდერი“ უბრალოდ არ მჭირდება არც მე და ალბათ 99% სხვა ადამიანების. არ მაქვს მნიშვნელობა რა ლამაზი ტარი აქვს მორიგ “ახალ” მოდელს, საოცარი ფიქსატორი თუ ჯადოსნური ფოლადი.

ეხლა შევეცდები ავხსნა ჩემი პოზიცია. წლების წინ მე გავაკეთე დასკვნა, რომ დანა რომელსაც ვიყენებ ყველაზე ხშირად (გარდა სამზარეულო დანებისა) იყო 30 ლარიანია მინიატურული კლასიკური ვიქტორინოქსი. არა „კა-ბარი“, არა „პუკკო“, არა უამრავი „ქოლდ სტილი“, „CRKT”, “Kershaw”, რომლებსაც მე წლების განმავლობაში ვყიდულობდი და მერე ვყიდდი. რატომ ასე? იმიტომ, რომ  ყველაზე პატარა ვიქტორინოქსიც კი არის უნივერსალური ინსტრუმენტი, მაშინ როდესაც „ფოლდერი“ არის ვიწრო-სპეციალიზირებული ინსტრუმენტი. “ფოლდერი” მარტო ჭრის  და მორჩა. ვიქტორინოქსი ასრულებს უამრავ დავალებას და ასევე ჭრის. ხოლო ქალაქში და სახლში, საშუალო სტატისტიკურ კაცს, სახრახნისი და მაკრატელი უფრო ხშირად ჭირდება ვიდრე დანა.

ტყეში ფოლდერი საერთოდ არ გჭირდება. მისი დაზიანება ადვილია, გამძლეობა დაბალია. ვინმეს რომ ათხოვო, ის უეჭველი შეეცდება გამოცადოს, რამდენად გამძლეა სხვისი დანა. მეორეს მხრივ დანა ფიქსირებული პირით ტყეში არის მეფე, ასეთი დანა არის ნამდვილი ტყის მულტიტული, ის გამოდგება ძალიან ბევრ როლში, რა როლშიც ფოლდერი გამოდგება ალბათ ერთხელ სანამ დაკეცვის მექანიზმი არ გამოვა მწყობირდან. გარდა ამისა, საშუალო ფოლდერის ფასად მოგივა კარგი ხარისხის დანა ფიქსირებული პირით. 100 დოლარამდე ფასში არის უამრავი დანა ფიქსირებული პირით, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ დატვრითვას და არც ისე ბევრი „ფოლდერი“ რომელიც გამოდგება მძიმე შრომისთვის. აბსოლუტური უმეტესობა ფოლდერების, რომელთა ფასი არის 100 დოლარამდე, სხვა არაფერია თუ არა ლამაზი ყუთების საჭრელი და არა სერიოზული ინსტრუმენტი. ეს ეხება როგორც ამ დანების კონსტრუქციას ასევე ფოლადის მასალებს, რომლისგანაც მზადდება პირი.

ვიღაცა იტყვის რომ Every Day Carry-ისთვის არ გამოდგება დანა ფიქსირებული პირით და მართალიც იქნება, ამიტომ ჩემი აზრით ერთადერთი ფოლდერი, რომელშიც ღირს ფულის დახარჯვა არის…. ისევ ვიქტორინოქსი ან მისი ანალოგი. ერთი პირობით. პირი უნდა იყოს ფიქსატორით. ან მეორე ვარიანტი, ტადიციული მულტიტული როგორც Leatherman და “ფოლდერი” ანუ ორი ინსტრუმენტი, რომელიც მეტი ღირს და ადგილსაც მეტს იკავებს. ნებისმეირ შემთხვავაში, “ტრადიციულ” მულტიტულს ვერაფერი ვერ შეცვლის და ის მიუხედავად თქვენი პრეფერენციებისა დანებთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში ვიქტორინოქსი ან მისი ხარისხიანი ანალოგი გადაფარვას ყველა თქვენ საჭიროებას და ეს მცირე ფასად და ცოტა ადგილის დაკავებით თქვენ ჯიბეში.

რამდენიმე წლის წინ, ჩვენ „სიცოცხლით სავსე“ შუა ქალაქში, წამოვდე პიკაპის უკანა ბამპერი,  მზრუნველი მუშების მიერ გზაზე დატოვებულ ასფალტის ნატეხებს. შედეგად მანქანას გაძვრა უკანა სანომრე ნიშანი. მანქანაში მედო ორი დანა ერთი Kershaw Secret Agent და მეორე SOG Topo Meridian. ორივე აბსოლუტურად გამოუსადეგარი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. სამაგიეროდ პატარა ვიქტორინოქსის მეშვეობით ადვილად დავამაგრე სანომრე ნიშანი თავის ადგილას. შემიძლია დავასახელო მილიონი საყოფაცხოვრებო სიტუაცია, როდესაც პატარა ვიქტორინოქსი მადგებოდა ხოლო ყველა ჩემი ფოლდერი არა. სიტუაცია სანომრე ნიშნებით გამეორდა და საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ყოველ შემთხვევაში მე, დასაკეცი ცალ პირიანი დანა უბრალოდ არ მჭირდება, და ამტომ აღარ ვაპირებ ამ ტიპის ინსტრუმენტში ფულის ხარჯვას. ერთადერთი “ფოლდერი” რომელსაც ალბათ ვერ შეეველევი იქნება Cold Steel Finn Wolf.

 

P1130909

 

ეს ვიქტორინოქსი მე მაქვს თითქმის 20 წელი და ის მაინც კარგ მუშა მდგომარეობაშია, ხერხი ისეთივე ბასრი და ფუნქციონალურია როგორც 20 წლის წინ. მაკრატელზე გატყდა ბრტყელი ზამბარა, პინცეტი და პლასტმასის ჩხირი დიდიხანია დაიკარგა მაგრამ ინსტრუმენტი სრულად მუშა მდგომარეობაშია და მექანიზმი საერთოდ არ არის მორყეული. გარდა ამისა, საკეტის მექანიზმი ძველ ვიქტორინოქსებზე, გვერძე განლაგებული  ღილაკით გაცილებით უფრო მოსახერხებელია ვიდრე უფრო იაფი, “ლაინერ ლოკის” ტიპის საკეტი ახალ მოდელებზე. 

ასეთი დანა-მულტიტული გამოდგება, როგორც საჭრელი ინსტრუმენტი ასევე დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ უამრავი წვრილმანი საყოფაცხოვრებო გამოწვევა, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ ქალაქში. არასდროს ალბათ არ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ დახარჯეთ ასეთ დანაზე ფული, მაგრამ ბევრჯერ შეაქებთ ასეთი დანის უნივერსალურობას. “ვიქტორინოქსის” დანები ცნობილია თავისი ხარისხით და გამძლეობით და შესაძლებლობებთან შეარებით სულაც არ აქვთ დიდი ფასი. ვიქტორინოქსების სხვადასხვა მოდელები მორგებულია კონკრეტულ გამოყენების სფეროს, აქიდან შესაბამისი ნაკრები ინსტრუმენტების,  ამიტომ არჩევისას ეს გასათვალისწინებელია. ბევრ მოდელს აქვს ერთი ხელით გახსნის ფუნქცია, რაც გაძლევთ საშუალებას გამოიუენოთ ეს დანა ასევე თავდაცვისთვის.

კი, რაზეა საუბარი, კარგი ფოლდერი, კარგი სათამაშოა, კარგად გამოიყურება, საინტერესოა მექანიკური თვალსაზრისით, კარგი აქსესუარია და თუ ძვირიც ღირს, ერთგვარი სტატუსის სიმბოლო და განაცხადია, მაგრამ პრაქტიკული სარგებელი მის ფასთან შედარებით ძალიან მცირეა, თუ თქვენი საქმიანობა არ ითხოვს მუდამ რამის გაჭრას, მაგალითად რავიცი, ყუთების/გზავნილების გახსნა ან ასეთი რამე. სხვა შემთხვევაში, გავმეორდები “ფოლდერი” ასრულებს უფრო აქსესუარის ფუნქციას ვიდრე სასარგებლო ინსტრუმენტის. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს თავდაცვითი ფოლდერი, მაგრამ ნახეთ როგორ გამოიყურება თავდაცვითი დანები, მაგალითად Spyderco Matriarch, Cold Steel Black Talon ან ეხლა უზომოდ პოპულარული კარამბიტები, მათი უტილიტარული გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამ დანებს არაფერი საერთო არ აქვთ მაგალითად კლასიკურ უტილიტარულ Ontario RAT1/2-თან. ეს აბსოლუტურად სხვა კონცეფციაა და ამ შემთხვვაშიც ფიქსირებულ დანას აქვს უპირატესობა გამოყენების სისწრაფეში, სიმარტივეში და ზოგადად გამძლეობაში. გარდა ამისა კარგი დასაკეცი თავდაცვითი დანა ღირს საკმაოდ ძვირი და როგორც წესი მისი ფასი ურტყავს 200 დოლარს.

ყველაფერი რაც მე დავწერე ცხადია ჩემი აზრია, დამოკიდებული ჩემ გამოცდილებაზე. სხვას, შეიძლება სხვა გამოცდილება ქონდეს.

download

 

 დანა რომელსაც ვიყენებ ყველაზე ხშირად არის ყველაზე პატარა და იაფი ჩემი სადღაც 30 დანისგან შემდგარი კოლექციიდან.

 

 

უნივერსალური კომპანიონი – Cold Steel Finn Wolf

Sunday, September 27th, 2020

P1100886

სანამ მიმოხილვას დავიწყებდი, მინდა გითხრათ, რომ მე არ ვარ დანების არც მცოდნე და არც სერიოზული მომხმარებელი. დანა ჩემთვის ყოველთვის იყო უტილიტარული ნივთი, მაგრამ რომლის ხშირი გამოყენება არასდროს არ მიწევდა.  ამიტომ ემ არასდროს არ ვიხდიდი ბევრ ფულს დანებში და მითუმეტეს სალესებში.  ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ ტიპიური,  საშუალო სტატსიტიკური დანის მომხმარებელი, რომელსაც ადარდებს ფუნქციონალურობა, არ უნდა ბევრის გადახდა და იყენებს დანებს ყველაზე ტიპიური სცენარებით. ამიტომ მიმოხილვაც არის ასეთი, უბრალო ადამიანის თვალით დანახული დანა.

დღევანდელ მიმოხილვაში მინდა წარმოგიდგინოთ დანა, რომლის შეძენის შემდეგ მე პრაქტიკულად შევწყვიტე ახალი დანების ყიდვა. მანამდე პერიოდულად ვუკვეთავდი ხოლმე “ამაზონზე” სხვადასხვა მწარმოებლების დანებს, მქონდა ასევე ოსტატის შესრულებული დანები ისრაელიდან და ამერიკიდან. ამ დანებს ვტესტავდი, მერე მბეზრდებოდა და პრაქტიკულად ნახევარ ფასში ვუშვებდი. ამ მომენტისთვის მაქვს ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების დანა.  სწორედ მორიგი ახალი დანის ძიების პროცესში, ერთ დღეს მე წავაწყდი არც მახსოვს  ვის მიმოხილვას Cold Steel-ის შედარებით ახალ დანაზე Finn Wolf და ზედემეტი ფიქრის გარეშე შევუკვეთე. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ Finn Wolf-ის შეძენის შემდეგ მე დანა აღარ გამომიწერია და შევეცდები აგიხსნით რატომ.

დავიწყოთ დანის აღწერით. Cold Steel Finn Wolf კონცეფციით არის დასაკეცი ფინური დანა. რა არის “ფინკა”, წესით ოდნავ მაინც თუ ერკვევით დანებში, ჩემზე უკეთესად კი უნდა იცოდეთ.  დანის ეს დიზაინი პრაქტიკულად ბრინჯაოს ხანიდან არის ცნობილი. pukko ანუ უბრალოდ დანა ხის ტარით, არის ალბათ ყველაზე მარტივი და უტილიტარული დანის დიზაინი, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი არის პირის ფორმა ე.წ. scandi grind, სადაც პირველადი “მონაჭერი” წარმოადგენს დანის პირს.  სწორედ ასეთი პირი აქვს Finn Wolf-ს, რომლის სიგრძე 85 მმ. პირის სისქე ასევე მნიშვნელოვანია 3.5მმ, რაც ისევე როგორც კლასიკურ ფინკაში გაძლევს საშუალებას გამოიყენო ის თითის საყრდენად რომ დამატებითი ძალაა დაატანო გათლისას. დანის პირის მასალა არის AUS8A სპეციალურად დამზადებული იაპონიაში Cold Steel-ისთვის. ეს ფოლადი არის ალბათ საუკეთესო ბიუჯეტური დანებისთვის, ის მდგრადია კოროზიის მიმართ, გამძლეა და კარგად ინარჩუნებს სიბასრეს. მისი თვისებები საკმარისია იმათთვის ვისი, ასე ვთქვათ სიცოცხლე, არ არის დამოკიდებული დანით მუშაობაზე. ის ასევე ადვილად ილესება და ჩემნაირი ადამიანიც, რომელიც საერთოდ ვერ ლესავს დანებს, ადვილად შეძლებს დავიყვანოს პირი ისეთ მდგომარეობამდე რომ შეძლებთ თმის ფეხხე აპარსვას.

P1130540

Finn Wolf-ის ტარი არის პლასტმასის მაგვარი მასალისგან რასაც კომპანიაში უწოიდებენ “გრივ-ექს”-ს, და ტარის ფორმა რა თქმა უნდა არ გავს კლასიკური პუკკოს ტარის ფორმას. აღნიშნული პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ Finn Wolf-ის ტარი არის ძალიან თხელი, სულ რაღაც 12 მმ სისქეშო და კლიფსთან ერთად მხოლოდ 16მმ.   ტარს არ აქვს შიგნიდან ფოლადის ლეინერები და ამიტომ დანა ძალიან ცოტას იწონის, სულ რაღაც 96 გრამს. სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში – 20 სმ, დაკეცილ მდგომარეობაში – 11.1 სმ. დანა თხელია და მსუბუქი რაც მნიშვნელოვანია. ის რაც სულ იდეაში თან უნდა გქონდეს ჯობია რომ იყოს თხელი და მსუბუქი.  Finn Wolf-ზე გამოყენებულია ამ კომპანიის საფირმო საკეტი  Tri-Ad Lock, რომელიც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ასეთი ფასის დანების სეგმენტში. ეს საკეტი არის უკიდურესად გამძლე და მყარი. ახალ დანაზე ის იქნება ოდნავ მოუხერხებელი და ხისტი, მაგრამ დროთა განმავლობაში დარბილდება და მისი გამოყენება გახდება უფრო კომფორტული. დანა იწარმოება ტაივანში, ხოლო ზოგადად ამ კომპანიის დანების წარმოება ხდება შვიდ ქვეყანაში.

Finn Wolf-ი იყო ჩაფიქრებული, როგორც სალაშქრო ან ტყის დანა (რაც უჩვეულოა Cold Steel-ისთვის) და მისი თვისებების გამო, მე ვიტყოდი, რომ ტყეში მე თავს ამ დანით კომფორტულად ვგრძნობ, თუნდაც ის იყოს ერთადერთი საჭრელი ინსტრუმენტი ჩემ განკარგულებაში, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის გამომადგება აბსოლუტურად ყველაფერში, რაშიც შეიძლება რომ დამჭირდეს და ამავე დროს არ შემაწუხებს წონით და გაბარიტებით. დანა უნივერსალურია, რაც ნიშნავს, რომ ყველა ფუნქციას ის შეასრულებს საშუალოდ, მაგრამ ეს “საშუალო” უბრალო მომხმარებლისთვის არის აბსოლუტურად საკმარისი. ის არ არის საუკეთესო “სლაისერი” პირის ფორმის გამო რომელიც ცულივით “ხეთქავს” მაგალითად ვაშლს გაჭრისას, ის არ არის ისეთი მყარი როგორც დანა ფიქსირებული პირით, “ტრიად ლოქი” მოუხერხებელია დანის ერთი ხელით დაკეტვისთვის, მაგრამ როგორც უნივერსალური დასაკეცი დანა ყველაფრისთვის ის არის პრაქტიკულად იდეალური. მისი ფორმა, წონა, გაბარიტები გაძლევთ თქვენ გამძლე უნივერსალურ საჭრელ ინსტრუმენტს, რომელსაც ვერც იგრძნობ რომ თან გაქვს. სქელი პირი და წვერის ფორმა ერთგვარი გარანტიაა, რომ ის გაუძლებს გამოუცდელი მომხმარებლის უხეშ მოპყრობასაც, რომელმაც შეიძლება ითხოვოს თქვენგან ეს დანა. მე რამოდენიმეჯერ წამიკითხავს, რომ Finn Wolf-ის სკანდინავიური პირი და პირზე შესრულებული thumbstud (ქართულად ალბათ სარჭი) ხელს უშლის თლაში და გალესვაში, რეალობაში თლაში ხელს არანაირად არ გიშლით, გალესვისას კი უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოთ.

P1130541

კლიფსის მდებარეობა ტოვებს ჯიბის გარეთ ტარის ნაწილს. კლიფსა გადაყენებადია მეორე მხარეს. 

ბევრი მწარმოებელი ცდილობს შექმნას პროდუქტი, რომელიც მიიპყრობს ყურადღებას უჩვეულო გადაწყვეტილებებით და დიზაინით. Cold Steel Finn Wolf არის უბრალოდ დანა, მის ყველაზე უმწიკლო და ეფექტიან ფორმაში. არაფერი ზედემტი, მხოლოდ ის რაც გჭირდება იმისთვის, რომ კომფორტულად გამოიყენო დანა პისი პირდაპირი დანიშნულებით, ხოლო მონაცრისფრო მომწვანო ტარის და მკრთალი, გაპრიალებული დანის პირის წყალობით Cold Steel ასევე ძალიან კარგად გამოიყურება. ამჟამად ეს დანა სხვადასხვა ფერის ტარით გამოდის.

sfsfsdf223sdfd

ერთადერთო მოდიფიკაცია, რომელიც დანას დაჭირდა იყო Griv-Ex-სგან დამზადებული ტარის შიდა მხარეების გადამრგვალება, რომ ხანგრძლივი გამოყენებისას ბასრ კუთხეებს არ დაეწყო ხელის გულის “ჭამა”. ორი წუთი აბრაზიული ქაღალდის ფირით და პრობლემა მოგვარებულია ერთხელ და სამუდამოდ. 

Cold Steel Finn Wolf არ ღირს ძვირი, ორი წლის წინ მე მასში გადავიხადე 32 დოლარი. ეხლა მისი ფასი “ამაზონზე” 37 დოლარია. მას მერე მოყოლებული მე ვერ ვაიძულე ჩემ თავს რომ მეყიდა ახალი დასაკეცი დანა, იმტიომ, რომ ვერ წარმომიდგენია რითი შეიძლება ის იყოს უკეთესი ჩემ Finn Wolf-ზე. ვიღაცას გაეღიმება, რაის AUS8 ბიჭო, VG10-ზე ნაკლები ჯიბეში არაფერი არ უნდა ჩაიდო, მაგრამ ყველასთვის არ არის პრინციპული ფოლადის მარკა და მაინც და მიანც დანის მაღალი ფასი. ვიღაცას უნდა დანა, რომელიც გამოადგება და რომლის შეძენაც ჯიბეს არ დაარტყავს. ჩემი აზრით Finn Wolf არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური და უნივერსალური დანა, რასაც ასევე ადასტურებს უამრავი პოზიტიური მიმოხილვა, რომელსაც ადვილად ამოაგდებთ გუგლით. “ამაზონზეც” 82% გამოხმაურებების ამ დანაზე არის 5 ვარსკვლავიანი.  ასე, რომ თუ გინდათ უნივერსალური ტყის დანა, რომელიც გამოგადეგბათ სხვა ადგილებშიც, აუცილებლად ცადეთ Cold Steel Finn Wolf.

P1130537

მე ყოველთვის ვიყავი Cold Steel-ის ფანი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ერთ-ერთი პირველი ჩემი ნაყიდი კარგი ხარისხის დანა იყო Cold Steel Scimitar, რომელიც მე თვითონ არ ვიცი რატომ გავყიდე. გარდა ამისა მე მომწონს ამ კომპანიის დამფუძნებელი ლინ ტომპსონი, რომელიც საკმაოდ საინტერესო პირვონებაა ცივი იარაღის სამყაროში. გარდა ამისა, მე მომწონს როგორ წარუდგენს ეს კომპანია თავის პროდუქციას მომხმარებლებს, ვგულისხმობ მათი ტესტირების ვიდეოებს სადაც კარგად ჩანს რა შესაძლებლობები აქვთ მათ დანებს. ბოლოს მე უბრალოდ მომწონს ამ მწარმოებლის დანების დიზაინი და ფასები.

73017968_10214789953157843_5033015124684701696_o

ყოველდღიური დანა “ჰიბრიდი”

Monday, July 30th, 2018

რამდენიმე წლის წინ მე მომივიდა პატარა შემთხვევა, რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა ჩემი შეხედულებები იმაზე თუ როგორი უნდა იყოს დანა “ყოველდღიური ტარებისთვის”. მოხდა კიდე შემდეგი, სამსახურის პიკაპით ვტრიალდებოდი ეზოში და გამომდინარე იქიდან რომ მანქანის გაბარიტებს შეჩვეული არ ვიყავი, ვერ დავინახე ასფალტის პატარა გორაკი და წამოვდე მას უკანა ბამბერი. მანქანამ არ მიიღო დაზიანება მაგრამ ჩამოძვრა სანომრე ნიშანი, რომელიც პირდაპირ პლასტმასის ბამპერზე იყო დამაგრებული. საჭირო გახდა ორი ხრახნით სანომრე ნიშნის უკან თავის ადგილას დაყენება. მანქანში მე მქონდა ორი დანა, Kershaw Secret Agent და SOG Topo Meridian.  ორივე აღმოჩნდა გამოუსადეგარი ამ დავალებისთვის და მიშველა იმან, რომ თან მქონდა პირადი მანქანის გასაღები და ზედ მინიატურული “ვიქტორინოქსი”, რომელსაც არა ერთი არამედ ორი სახრახნისი ქონდა.

როგორ აღმოჩნდა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ამდენი დანა (ამ მომენტში დაახლოებით 20 ცალი) ყველაზე ხშირად გამოყენებული რჩება მინიატურული “ვიქტორინოქსი”? ალბათ იმიტომ რომ თუ თქვენი საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება დანით მუშაობას, რეალურად ქალაქის პირობებში ჯადოსნური ფოლადები რომლებიც არ ბლაგვდება (ბლაგვდება, მართალია ცოტათი უფრო გვიან, მაგრამ გალესვა ასეთი ფოლადისგან დამზადებული პირის მერე ხდება ტანჯვა) , სუპერ გამძლე პირის საკეტები/ფიქსატორები და საკეტების საკეტები (ჩემ СRKT Сasper-ზე ორი საკეტია)  კარგავენ თავის აზრს და ასეთი დანა ხდება სხვა არაფერი თუ არა სათამაშო, აქსესუარი, რომელსაც უბრალოდ ვერ იყენებთ.

რამდენადაც მე არ უნდა მიყვარდეს “ვიქტორინოქსები” უმეტესობას თუ არა ყველა საშუალო და პატარა ზომის დანებს აკლია პირის ფიქსატორი რაც გამოუსადეგარს ხდის მათ მაგალითად თავდაცვით სცენარებში გამოყენებისგან. დიდი შვეიცარული დანები აღჭურვილია ფიქსატორებით, მაგრამ სატარებლად ისეთი კომფორტულები აღარ არიან.

61yQs7Ft2lL._SX466_

Victorinox Hunter XT არის ძალიან კარგი ზომის, გააჩნია ადვილად გასახსნელი პირი ფიქსტორით მაგრამ არ გააჩნია არც ერთი ბრტყელი სახრახნისი. ორი ხერხიც ზედმეტია და ქალაქის პირობებში არაფერში არ გამოგადგებათ.  

ჩემი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ ალბათ დანა, რომელიც იქნებოდა გამოსადეგი თავდაცვისთვის და ამავე დროს ექნება გარკვეული უტილიტარული ფუნქციები იქნებოდა “must have” აქსესუარი ნებისმიერი ადამიანისთვის თუნდაც იმისთვის ვინც ცხოვრობს ქალაქში. ასეთი “ჰიბრიდი” ასევე უნდა იყოს საკმარისად პატარა მისი ყოველდიური კომფორტული ტარებისთვის. გასაგებია რომ სპეიცაილიზირებული ინსტრუმენტი იქნება უფრო გამოსადეგი იმ კოკრეტულ ფუნქციაში, რომლისთვისაც ის არის შექმნილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანს არ აქვს საშუალება თან იქონიოს რამდენიმე ინსტრუმენტი ამიტომ საჭიროა ერთი და უნივერსალური.

ასეთი ჰიბრიდები პრინციპში არსებობდა და არსებობს უბრალოდ მათი რაოდენობა ყოველთვის იყო ძალიან მცირე. მაგალითად Leatherman-ის E33/55 სერიის დანები. ერგონომიული ტარით, სრულფასოვანი პირით, ფიქსატორით და ამავე დროს სახრახნისებით და კარაბინით, ერთგვარი ტრადიციული დასაკეცი დანის და “მულტი-ინსტრუმენტის” ჰიბრიდი. სამწუხაროდ ამ დანების წარმოება ეხლა შეწყვეტილია.

28-c33t

Leatherman E33t Crater

დღეს ძალიან პოპულარულია პატარა ზომის დანები ფიქსირებული პირებით, კონცეფცია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ასეთი დანები ძალიან გამძლე ინსტრუმენტებია მაგრამ ასეთი დანა არაპოლიტკორექტულია. თუნდაც იყოს ძალიან მცირე ზომის. დასაკეცი დანით ვერავის ვერ გააკვირვებ და დანა ფიქსირებული პირით ქარქაშში ქამარზე ალბათ ბევრს გააკვირვებს და შეკითხვებს გაუჩენს. გარდა ამისა მე არ მეგულება ასეთი დანა ინსტრუმენტების ნაკრებით.

ასეთი ჰიბრიდის ძიებამ ბოლოს მომიყვანა კიდევ ერთ საინტერესო დანასთან რომელსაც უშვებს Kershaw. მოდელი Shuffle უკვე მეორე თაობაში გამოდის და ამ პატარა დანას აქვს საკმაოდ საინტერესო კონსტრუქცია და თვისებები. “ამერიკულ ტანტოს” სტილში შესრულებული პირი მოთავსებულია ორი ფოლადის ფირფიტას შორის რაც უზრუნველყოფს კოსნტრუქციის სიმყარეს და გამძლეობას. პირი მოკლე და სქელია. თხელი პლასტმასის სალოყეების და მარტივი ლაინერ ლოქის ტიპის ფიქსატორის წყალობით დანა ასევე არის ძალიან თხელი. ორივე მხრიდან მას ასევე გააჩნია ბოთლების გასახსნელი და საკმაოდ გამძლე ბრტყელი სახრახნისი. პირის სიგრძე 6 სმ-ია, სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში სულ რაღაც 16 სმ. წონა 90 გრ.  პლიუსებს განეკუთვნება ტარის ფორმა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ პატარაა უზრუნველყოფს დანის ძალიან მყარ და საიმედო ჭერას. ორივე ინსტრუმემტი. გასახსნელი და სახრახნისი არ არის იდეალური მაგრამ მყარია, არ ზრდის გაბარიტებს და ხელს არ უშლის დანის ჭერას.

KE-8750TTANBW

Kershaw Shuffle II გამოდის ბევრ ფერში და მისი ფასი არ აღემატება 20 დოლარს. 

 

დანებით გატაცება კარგია იმით, რომ ის ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე გატაცება ცეცხლსასროლი იარაღით, ასე რომ ახალი და საინტერესო კონსტრუქციის დანების ძიება გაგრძელდება.

Ontario RAT3

Monday, January 14th, 2013

დღეს ჩვენი სტუმარია დანა აშშ-დან, Ontario Knife Company-ს მოდელი – RAT 3. მე ადრე მქონდა აღნიშნული მწარმოებლის დანა, მოდელი RAT 5, რომელიც იყო ძალიან კარგი ინსტრუმენტი, უბრალოდ მას ქონდა პირი „სერეიტორით“, რაც ამცირებდა ამ დანის უნივერსალურობას, ან პირდაპირ რომ ვთქვა მაგ დანას მე უბრალოდ ვერაფერში ვერ ვიყენებდი სწორედაც, რომ ასეთი პირის გამო. ამიტომ RAT 5 უკვე კარგახანია ჩემთან არ არის. ამბობენ, რომ მეთევზეებს მოწონთ დანები სერეიტორით, მაგრამ მე მგონია, რომ ასეთი პირის ადგილია მხოლოდ იქ რისთვისაც ის თავიდან შეიქმნა, პარაშუტის „სტროპების“ საჭრელად ან კიდევ საბრძოლო-თავდაცვით დანებში, რომლებიც უტილიტარულ როლში არასდროს არ  გამოიყენება. დანებში, რომელთა გამოყენება იგულისხმება საყოფაცხოვრებო ფუნქციებისთვის სერეიტორს ჩემი აზრით ადგილი არ აქვს. კონკრეტულად ამ RAT 3-ს რაც შეეხება პირი ამ მოდელზე სწორი არის ხოლო ფოლადი არის 1095 მარკის, რომელიც ჩემ საყვარელ Ka-bar-შიც გამოიყენება. ზოგი თვლის, რომ ეს არ არის უმაღლესი კლასის ფოლადი, რომ ის შედარებით ადვილად იჟანგება და ასე შემდეგ, მაგრამ მას აქვს ერთი დიდი უპირატესობა. ის ადვილად და სწრაფად ილესება. ხოლო ჩვეულებრივი გამოყენების პირობებში სიბასრესაც ის კარგად ინარჩუნებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ადრინდელი RAT 3-ების პირის მასალა იყო D2. კოროზიისგან პირი ამ დანაში დაცულია შავი ეპოქსიდური საღებავით.

აბრევიატურა RAT ნიშნავს Randall Adventure & Training (rat ინგლისურად ნიშნავს ვირთხას). ეს არის სასწავლო ორგანიზაციის სახელი, რომელიც სპეციალიზირდება ჯუნგლებში გადარჩენის ხერხების შესწავლაზე და RAT 3-ის დიზაინი მათ ეკუთვნის, ხოლო მზადდება ის აშშ-ში კომპანია Ontario Knife Company-ის მიერ.

ასეთ „კომპლექტაციაში“ იყიდება RAT 3. მუყაოს ყუთი, ქარქაში, Teklok-ის ტიპის სამაგრი, “კლიფსა“, სათადარიგო ხრახნები და დანა.

იუხედავად იმისა, რომ  RAT 3-ს აქვს შედარებით მოკლე ტარი და პრაქტიკულად არ გააჩნია დამცავი „გარდა“, ის ჩაფიქრებულია, როგორც თავდაცვითი. თუმცა ჩემი აზრით ის უფრო არის უტილიტარული, მეტ ნაკლებად უნივერსალური ინსტრუმენტი იმათთვის ვისაც უყვარს ბუნებაში ყოფნა. პირის ფორმა და სიგანე გვეუბნება, რომ დანის გამოყენება მეტ ნაკლებად წარმატებულად შესაძლებელი იქნება ცხოველის გასატყავებლადაც. კატალოგებში და საიტზე მითითებულია, რომ RAT 3-ის პირის სიგრძე არის 3.5 დუიმი მაგრამ ეს არის მხოლოდ საჭრელი პირის სიგრძე. პირის მთლიანი სიგრძე არის 4 დუიმი. ტარი დამზადებულია „მიკარტასაგან“, რომელიც ტარის მასალის როლში მე ძალიან მომწონს. ის ისეთივე „თბილია“, როგორც ხე და ამავე დროს უფრო კარგად უძლებს ნესტის ზემოქმედებას. ტარის ბოლოს არის თოკის გასაყრელი ადგილი.

ტარი მარტივი ფორმის არის და შესაბამისად ერგონომიულია. ის იძლევა საშუალებას დანა ისე დაიჭიროთ, პირთან ახლოს, რომ შეასრულოთ დანით მოძრაობები  „ქირურგიული“ სიზუსტით, თუნდაც მაგალითად ძალიან პატარა ცხოველის გატყავებისას. ჩემი გამოცდილებით რთული ორთოპედიული ფორმის ტარები კარგად გამოიყურება მაგრამ ხმარებაში, როგორც წესი ძალიან მოუხერხებელია. პირის სიგრძე ადეკვატურია ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც, როგორც წესი გამოიყენება ხოლმე დასაკეცი დანები.

RAT 3 ვერ შეცვლის სრული ზომის სანადირო საბრძოლო დანას მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის პატარა ზომის არის, მისი ტარება შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერ დროს და ადგილას. ის უფრო გამძლეც არის ვიდრე დასაკეცი დანა.

ტარებას რაც შეეხება აქ გადავდივართ საინტერესო ნაწილზე. დანას მოყვება ცნობილი კომპანიის Bladetech-ის მიერ დამზადებული ქარქაში და სამაგრი. სინამდვილეში სამაგრი კომპლექტში ორი არის. პირველი მარტივი „კლიფსა“ რომელიც მაგრდება ხრახნებით ქარქაშზე, ხოლო მეორე არის Teklok-ი, რომელიც ასევე მაგრდება ქარქაშზე ორი ხრახნით და შუაში მოყოლებული რეზინის რგოლებით. ეს სამაგრი ელემენტი იძლევა საშუალებას ატაროთ დანა ქამარზე როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. გახსნისას შიგნით დაინახავთ ორ მყარი რეზინის ფირფიტას. შესაძლებელია მათი მოხსნა და დაყენება ისე რომ სამაგრი მოერგოს ნებისმიერი ზომის ქამარს ან ეკიპირების ელემენტს. იმისთვის, რომ გახსნათ ან ჩაკეტოთ სამაგრი უნდა შეასრულოთ ორი მოქმედება. ჯერ გახსნათ ფიქსატორი და შემდეგ თითებით გვერდებიდან შეკუმშოთ საკეტი. ასეთი საკეტის კონსტრუქცია გამორიცხავს მის გახსნას. საკეტის და ქარქაშში დანის ფიქსაციის საიმედოობა შემოწმდა ერთ დღიან ლაშქრობაში, როდესაც დანა ჰორიზონტალურად იყო დამაგრებული ქამარზე. არც საკეტი არ გახსნილა და არც დანა არ ამოვარდნილა ქარქაშიდან. დანა ქარქაშში ფიქსირდება ისევე, როგორც მაგალითად Ka-bar-ის TDI სერიის დანები. ქარქაშის ზედა „ტუჩები“ დრეკადია და იკეტებიან ტარზე. დანის ამოსაღებად უნდა ხელის ენერგიული მოძრაობით გამოაძროთ ის ქარქაშიდან. ტარების ხერხების სიმრავლით RAT 3 ნამდვილად უნივერსალურია. მისი ტარების ოფციები უამრავია. მათ შორის შეგიძლიათ არ დააყენოთ არც „კლიფსა“ და არც Teklok-ი და უბრალოდ გაუყაროთ ქარქაშს თოკი და დანა ისე ჩამოკიდოთ კისერზე.

Teklok გახსნილ მდგომარეობაში დამაგრებული ქარქაშზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სატარებლად. ქარქაში ხელმისაწვდომია, შავ, მწვანე და ქვიშის ფერებში. თუ ის დაბინძურდა უბრალოდ გარეცხავთ მას ცხელი საპნიანი წყლით. 1) საკეტის ფიქსატორი (გახსნილი). 2) საკეტის ელემენტები, რომლებსაც უნდა დააჭიროთ, რომ ის გახსნათ. 3)ქამრის ზომის მიხედვით რეგულირებები. ერთი ცალი მოხსნილია (4).

RAT 3-ის ფასი მერყეობს 120 დოლარიდან  60 დოლარამდე, გააჩნია სად და რა დროს ყიდულობთ. მე ეს დანა შევიძინე, როგორც ახალი ისეთ მდგომარეობაში მონადირისგან, რომლის სიტყვებიდანაც გამომდინარე მან ეს დანა უბრალოდ ვერ იხმარა (ძალიან კარგი იმიტომ, რომ დანა პრაქტიკულად ახალი იყო). ეს გასაკვირი არც არის, RAT 3 უფრო პატარა არის ვიდრე ტიპიური სანადირო დანა ფიქსირებული პირით, ხოლო ანალოგიური დასაკეცი დანა უფრო კომპაქტურიც გამოდის. მონადირის ქამარზე კიდე არ არის საკმარისი ადგილი რომ დამაგრდეს ორი დანა და RAT 3-სმაინც და მაინც ჯიბეში ვერ ჩაიგდებ, როგორც დასაკეც მოდელს. უკვე ნახსენებ ერთ დღიან ლაშქრობაში მე ასევე ვინანე რომ არ წამოვიღე ჩემი Ka-bar-ი 18სმ-ნი პირით. საჭირო გახდა სასიარულო ჯოხის დამზადება და RAT 3 უბრალოდ იყო ძალიან პატარა იმისთვის, რომ ეს ჯოხი ამომეჭრა ეკლიანი ბუჩქიდან და შემდგომ ტოტებისგან და ეკლებისგან გამეწმინდა. დანაში მე 80 ლარი გადავიხადე რაც ძალიან კარგი ფასია, რისთვისაც წინა პატრონს ჩემგან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

როგორც ნაკეთობამ RAT3-მა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამიტოვა, ხოლო Teklok არის საუკეთესო რამ რაც მე აქამდე შემხვედრია, მაგრამ დანის ფუნქციონალურობა კითხვის ქვეშ დგას, იმიტომ, რომ გავიმეორებ ის პატარა არის ფიქსირებულ პირიანი დანისთვის და დიდია დასაკეც დანასთან შედარებით. პრინციპში ამ დანის ავტორებმა ეს გაითვალისწინეს და RAT 3 ხელმისაწვდომია ასევე დასაკეც ფორმატში. მიიჩნევა, რომ „ყოველდღიური“ უტილიტარული დანის პირის სიგრძე უნდა იყოს 3-4 დუიმი ხოლო გინდათ ის თქვენ ფიქსირებული პირით თუ დასაკეცი დანის ფორმატში არჩევანი თქვენზეა.

დასაკეცი RAT3 Model 1. პირის მასალა – AUS8. ტარის მასალა – პლასტმასა Zytel.  ეს მოდელი მზადდება ტაივანში.


RAT3 გამოგადგებათ ყველგან სადაც სრული ზომის დანა იქნება ზედმეტი. ხანმოკლე ლაშქრობა, გასეირნება ტყეში, პიკნიკი ან თუნდაც ქალაქის პირობებში სატარებლად. მისი დაზიანებაც დანის თხოვების შემთხვევაში ვინმე არიფი „ტურისტისთვის“, იქნება საკმაოდ ძნელი. ზევიდან პირველი არის Ka-bar ხოლო ქვევით ბოლოში – SOG Topo Meridian.

 

 

Ka-Bar – ამერიკული ლეგენდა

Sunday, April 10th, 2011

ka bar front

ავტორის კუთვნილი კლასიკური კა-ბარის დანა. 4 წლის ინტენსიურმა ექსპლუატაციამ თითქმის არაფერი დააკლო ამ შესანიშნავ ინსტრუმენტს.

მოვიდა დრო, რომ ცოტა გავამდიდროთ ცივი იარაღის განყოფილება ახალი სტატიით. მე დიდიხანი მინდოდა ერთი ორი სიტყვა დამეწრეა ცნობილ და ჩემ ყველაზე საყვარელ დანაზე და მწარმოებელზეც – Ka-Bar-ზე. ეს არ არის რაიმე სერიოზული კვლევა, ანალიზი ან რაღაც ახალი უნიკლაური მასალა. ეს არის უბრალოდ მადლობის ჟესტი ამ კომპანიის მიმართ ჩემი მხრიდან.

დანების მწარმოებელი ამ ცნობილი ამერიკული კომპანიის ისტორია იწყება 1898 წლიდან, როდესაც ის  დაარსდა სახელით Tidioute Cutlery Company. 1902 წელს გაკოტრების შემდეგ ის შეძენილ იქნა უოლეს ბრაუნის მიერ და ამ კომპანიის შემდგომი ისტორია მთლიანად დაუკავშირდება ამ გვარს. 1952 წელს Union Cutlery Inc-ის (წარსულში ჯერ Tidioute Cutlery Company  და შემდგომ  Union Razor Company ) მფლობელის დანფორტ ბრაუნის სურვილით აქამდე სავაჭრო ნიშანი Ka-Bar გახდა კომპანიის სახელის ნაწილი:  Ka-Bar Knives Inc. 1955 წლიდან კომპანია მდებარეობს ქალაქ ოლინში, ნიუ იორკის შტატი. სახელგანთქმული ეს კომპანია გახდა მას მერე, რაც სამხედორებმა კომერციული კატალოგიდან სწორედ მისი დანა აირჩიეს იმისთვის, რომ შეეცვალათ ძველი საბრძოლო დანა Combat Trench Knive Mark 1. კა ბარის ტრადიციული ამერიკული “ბოუის” სტილის დანა, ოდნავ სახეშეცვლილი სამხედორების მოთხოვნის მიხედვით დიდი რაოდენობით იქნა შეძენილი, რითიც დაიწყო მისი გრძელი და შთამბეჭდავი კარიერა. დანა გამოდგა საკმაოდ გამძლე და ამავე დროს იაფი. მარტივი კონსტრუქცია, ადვილი წარმოებაში, დამზადებული კარგი ხარსხისს მასალებისგან ეს დანა იყო ეფექტური და რაც არაანაკლებ მნიშვნელოვანია იაფი ინსტრუმენტი.

ტექნიკურად კა-ბარის საბრძოლო დანა წარმოადგენს ტრადიციული ამერიკული დიზაინის - ბოუის ვარიაციას. დიზაინის ავტორი გახლავთ პოლკოვნიკი ჯეიმს ბოუი, რომლის სახელსაც ატარებენ ამ სტილის დანები.  კა-ბარის ბოუის პირი მზადდება 1095 მარკის ფოლადისგან (სიმკვრივე HRC 56-58). ქრომის დაბალი შემცველობის გამო, ის კარგად ინარჩუნებს სიბასრეს და ადვილად ილესება მარტივი სალესებით.  თუმცა მეორეს მხრივ ნესტიან პირობებში  შედარებით ადვილად იჟანგება. ამის გამო ახალი კა ბარების ფოლადის დეტალები დაფარულია რამოდენიმე ფენიანი გამძლე შავი საღებავით. მეორე მსოფლიო ომის დროს დაფარვა არ არსებობდა და დანები მალევე იჟანგებოდა, თუმცა წარმოების რაოდენობიდიდან გამომდინარე და იაფის ფასის გამო მათი შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენდა.  ტრადიციული კა ბარის საბრძოლო დანა იწონის 560 გრამს, სრული სიგრძე 28 სმ-ია, პირის სიგრძე 18 სმ. ტარი მზადდება დაპრესილი 22 ტყავის „შაიბებისგან“. პრინციპში ტარი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე სუსტ წერტილად. ნესტი ხვდება ტარის ქვეშ და იწვევს დანის ფოლადის ელემენტების სწრაფ ჟანგვას, თუმცა ეს პრობლემა მეტ ნაკლებად გააჩნია  ალბათ ყველა დანის კონსტრუქციას, რომლის ტარიც ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული.  1995 წლიდან წარმოებაში წავიდა ე.წ. ახალი თაობის კა ბარები.  მათი ტარი დამზადებულია შავი პლასტმასისგან, პირი კი დამზადებულია ინსტრუმენტალური ფოლადისგან. თუმცა კლასიკური მოდელის წარმოება არ შეწყვეტილა.

კა-ბარი, მოდელი რომელიც შესთავაზა სამხედროებს კომანია Union Cutlery Inc-მა, გაიარა საკამოდ მძიმე ტესტირებები და მიეწოდებოდა საბრძოლო ნაწილებს მეორე მსოფლიო ომის დროს ურიცხვი რაოდენობებით. პირველი მიწოდება მოხდა 1942 წლის 27 იანვარს. გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე წარმოებაში ჩაერთნენ სხვა კომპანიებიც. მაგალითად Cattaraugus knives-მა და  Pal-მა გამოუშვეს ორ მილიონზე მეტი კა-ბარის საბრძოლო დანა, რომელიც მიეწოდებოდა ჯარებს სხვა დიზაინის სხვა და სხვა მწარმოებლების დანებთან ერთად. დანის წარმატებული ექსპლუატაციის გამო 1945 წლიდან ის ოფიციალურად მიღებულ იქნა შეიარაღებაში აშშ-ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში და ფლოტში, სახელით USN Fighting Knife Mark II და გახდა სტანდარტული საბრძოლო და უტილიტარული დანა.                                              

მიუხედავათ იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს დანები აღარ შეძენილა ისინი კიდევ დიდხანს რჩებოდნენ პოპულარულ ინსტრუმენტებად სამხედროებს შორის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ მათ. 1976 წელს წარმოება განახლდა და სპეციალური სერიის კა-ბარის კლასიკური საბრძოლო დანა სერიული ნომრით N1 გადეცა საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის მეთაურს და დღემე ინახება კორპუსის მუზეუმში, კუანტიკოში.

საიდან გაჩნდა სახელი Ka-Bar და რას ნიშნავს ის? კომპანიის ვერსიით მათ მიიღეს წერილი ერთი მონადირისგან, რომელიც მადლობას უხდიდა კომპანიას ასეთი კარგი დანისთვის, რომლითაც მან მოკლა დაჭრილი დათვი, როდესაც მისმა იარაღმა გაჭედა. წერილი ცუდ ინგლისურ ენაზე იყო დაწერილია და K A Bar ნიშნავდა სინამდვილეში Kill A Bear ანუ მოვკალი დათვი.  შესაბამისად წერილის ავტორის საპატივცემულოდ არჩეულ იქნა დანის ასეთი ახალი სახელი. მეორე ვერსია ეკუთვნის მწერალს და ყოფილ საზღვაო ფეხოსანს ერლ გორმანს. მისი ვერსიით Ka Bar არის აბრევიატურა და იშიფრება, როგორც “Knife – Attachment, Browning Automatic Rifle”,  ანუ სამაგრი დანა ბრაუნინგის ავტომატური შაშხანისთვის. 

 ka bar sheath

ბონუსი, რომელიც მოყვება კარგი ხარისხის პატიოსანი მწარმოებლის დანას – კარგი ქარქაში. იაფ და უცნობი მწარმოებლის დანებს არასდროს არ მოყვება კარგი ქარქაშები.

მდიდარი საბრძოლო ბიოგრაფია, გამძლეობა, ხელმისაწვდომობა და კარგი სამომხმარებლო თვისებები, ის მიზეზებია, რის გამოც ეს დანა კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას, როგორც სამხედრო მოსამსახურეებში ასევე მონადირეებში და ტურისტებში. კონკრეტულად -პირველ სურათზე ასახული კლასიკური კაბ-არი შეძენილ იქნა ჩემს მიერ ინგლისში 4 წლის წინ. დანა იყო ჩემთან თითქმის ყველა ნადირობაში, ლაშქრობაში და ბუნებაში გასვლისას სასროლად თუ საქეიფოდ. ამ დანით ხსნიდნენ კონსერვებს, თხრიდნენ მიწას, ჩეხავდნენ შეშას, ჭრიდენ ხეებს, აჭედებდნენ ლურსმნებს, ტეხავდნენ კაკალს, ატყავებდნენ ცხვარს, ესროდნენ ხეში ჩასარჭობად, პლუს ათასი სხვა სამსახური რომელშიც დანა შეიძლება დაგჭირდეს.  დანას მე დიდად არ უფრთხილდებოდი, მაგრამ არც მის გაფუჭებას ვცდილობდი. რა თქმა უნდა დანა და ქარქაში ყოველთვის იწმინდებოდა, თუმცა ხანდახან საკმაოდ უხეშად, მაგალითად მეტალის ღრუბელით და გაზქურების სახეხით. რიგორც სურათიდან ჩანს, დანის პირი, ტყავის ტარი და ქარქაში შესანიშნავ მდგომარეობაშია. ასევე შავი დაფარვა დანის პირზე არსად არ გამქრალა. დეკალი დანის პირზე მე თავად შევეცადე მომეშორებინა. არც მინდოდა წარწერიანი უბრალოდ ის 25% ნაკლები ღირდა ვიდრე სუფთა პირიანი. ცოტახანში კლასიკურ კა ბარს შეემატა ორი ახალი ტაქტიკური კა-ბარი. სულ ბოლო შენაძენის არის შესანიშნავი ტაქტიკური და საბრძოლო დანა, რომლის დიზაინი ეკუთვნის პიტერ იანდას.  სამივე დანა შესანიშნავი ხარისხისაა, აქვთ მშვენიერი ქარქაშები და მთლიანობაში ძალიან კარგ ნაკეთობას წარმოადგენენ, რომელთა ფლობა მე სიამოვნებას მანიჭებს.

3 ka bar knive

ავტორის კუთვნილი სამი კა-ბარის დანა. ზევიდან ქვევით: Ka-Bar TDI; Ka-Bar FIN Combat Tanto; Ka-Bar USMC Fighting Knife.

კომპანია დღესაც აგრძელებს წარმატებულ მუშაობას და მისი კატალოგი სთავაზობს საკმაოდ ბევრ სხვა და სხვა ტიპის დანას, როგორც ფიქსირებული პირით ასევე დასაკეცით.  

მე ვთვლი, რომ მე სულ მალე დამრჩება მხოლოდ ორი ტიპი დანები, ვიქტორინოქსი, ერთ ერთი რომლის დანაც მე უკვე 11 წელია მემსახურება და სხვა და სხვა ტიპის კა -არები. ფასის, ხარისხის და საექსპლუატაციო თვისებებით ამ დანებს ჩემი აზრით კონკურენტი არ ყავს. სხვა დანები მე უბრალოდ აღარ მინდა.  ჩემი აზრით თუ თქვენ თვლით თქვენ თავს დანების მოყვარულად, ერთი მაინც  კლასიკური კა-ბარის ბოუი აუცილებლად უნდა გქონდეთ კოლექციაში.

 wer

ეს სურათი ადასტურებს იმას რომ კა-ბარის საბრძოლო ბიოგრაფია ჯერ არ დასრულებულა. ერაყი. 2007 წელი. მე- 3 ქვეითთა დივიზიის ქვედანაყოფი დიალას პროვინციაში.

Ka Bar TDI

Saturday, February 27th, 2010

საკმაოდ დიდიხანია ვფიქრობ ქალაქის დანის კონცეფციაზე. ცხადია მე პირველი არ ვარ ვინც ამაზე ფიქრი დავიწყე და ზოგადად ე.წ. ურბანული დანები დიდიხანია გამოდის. უბრალოდ მე ჩემთვის ჩამოვაყლიბე ის თვისებები რაც ასეთ დანას უნდა ქონდეს. კომპაქტურობა, სიმსუბუქე, ძლიერი და ფართე დანის პირი, რომ მაქსიმალური ზომის ჭრილობა მიაყენოს თავდამსხმელს, ამავე დროს იძლეოდეს ტარის გამოყენებას დასარტყამად და ქონდეს უტილიტარული დანის ამოცანების შესრულების საშუალება. მე ჯერ ასეთი დანა ვერ ვიპოვე. მაგრამ ძიებაში მივაგენი საკმოდ საინეტერესო დანის მოდელს, რომელზეც ცოტა უფრო დაწვრილებით დავწერ, იმიტომ რომ ეს დანა ამას იმსახურებს.

ქალაქის დანა მოკლედ რომ ავღწეროთ, ეს არის დანების მოდლეები, რომლებიც გათვლილია ტარებაზე ქალაქის პირობებში და რომლებიც უნდა გამოდგნენ სხვა და სხვა წვრილმანი დავალებების შესასსრულებლად და ამავე დროს იყვნენ კომპაქტურები და მათი ფარული ტარება უნდა იყოს ადვილი. სხვა და სხვა დანის მწარმოებლების ხედვა ამ პრობლემისა განსხვავდება, შესაბამისად განსხვავდება მათი დანებიც. როგორც წესი, ქალაქის დანები ძალიან მსუბუქებია. მათი ტარები როგორც წესი მთლიანად სინთეტიკური მასალებისგან არის დამზადებული (რაც სავსებით საკმარისია) და აქვთ კლიპსები, ანუ მოწყობილობა, რომლითაც დანა ადვილად ფიქსირდება ტანსაცმლის ელემენტებზე ქარქაშის გამოყენების აუცილებლობის  გარეშე.  მინდა ვთქვა, რომ რამოდენიმე წელია აქტიურად მოვიხმარ ორ ასეთ ტიპიურ ქალაქურ დანას, გერბერის სკელეტონს და სმიტ ვესონის ე.წ. “ამერიკულ ტანტოს”. ორივე კლასიკური გასაშლელი ფიქსატორიანი დანაა. მიუხედავათ იმისა, რომ დანის პირი ზის პლასტმასის ტარში ორივე დანა უძლებს ინტენსიურ ექსპლუატაციას და ორივე შესანიშნავ ფორმაშია.

არსებობს ასევე ქალაქის დანები ფიქსირებული პირებით. ასეთ დანებს ახასიათებთ არასტანდარტული ფორმები, ზოგიერთი მოდელი მაგალითად ერთ ერთი საუკეთესო თავის კლასში Cold Steel Urban Pal განეკუთვნება ე.წ. საჩხვლეტ დანებს და უფრო არის საბრძოლო და თავდაცვის იარაღი ვიდრე უტილიტარული ინსტრუმენტი.

42564108_10180059_full

Cold Steel Urban Pal

უფრო კონვენციონალური დანები ფიქსირებული პირებით აშკარად ატარებენ სამხერთაღმოსავლეთში დაბადებულ კარამბიტების ნიშანთვისებებს. კარამბიტი იმიტირებას უკეთებს დიდი ველური კატების კლანჭებს და შესაბამისად გამოიყენება კიდევაც. ამასთანავე ის არის კომპაქტური და პირის ფორმის მოდიფიცირებისას გამოდგება ერთ დროულად, როგორც თავდაცვის ასევე უტილიტარული დანა. ამასთანავე ის იქნება ძალიან ლამაზი, უჩვეულო და ორიგინალური აქსესუარი.

KARAMBIT-BT

თანამედროვე კარამბიტი დამზადებული Emerson Knives –ის მიერ

ცნობილი ამერიკული კომპანიაKA-BAR Knives Inc განლაგებული ქალაქ ოლინში (ნიუ იორიკი) უფრო შორს წავიდა და 2005 წელს შესთავაზა სამართალდამცავებს და უბრალო მოქალაქეებს ე.წ. “ბოლო შანსის” დანა.  დანის დიზაინის ავტორია ჯონ ბენერი, რომელიც არის თაქტიკური თავდაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი. დანის სახელიც ასე იშიფრება TDI – Tactical Defense Institute. ჯონ ბრენერმა ამ დანის იდეაში ჩადო საკუთარი 30 წლიანი გამცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში.  მისი პარტნიორი, რომელიც გამოუშვებდა ამ დანას გახლდათ უკვე ხსენებული KA-BAR Knives Inc.

b7fb734d91dc

დანა წარმოადგენს ბოლო შანსის იარაღს, და უნდა გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშუ, თუ ოფიცერი აღმოჩნდება სერიოზული და ახლო საფრთხის ქვეშ, მაგალითად, როდესაც ეჭვმიტანილის დაკავებისას უკანასკნელი შეეცდება ოფიცრის იარაღის დაუფლებას ან სხვა და სხვა მიზეზების გამო ოფიცერი ვერ შეძლებს იარაღის გამოყენებას. ანუ ლაპარაკია ახლო და აგრესიულ ხელჩართულ ბრძოლაზე. აღნიშნული ინსტიტუტი ისევე რორორც სხვა სასწავლო ცენტრები ასწავლიან სტუდენტებს ასევე სპეციალურ ილეთებს იმისთვის, რომ დაიცვან თავისი თავი იარაღის წართმევისგან (weapon retention situaton). ჯონ ბრენერის იდეაც ზუსტად ეს იყო. შექმნილიყო ძალიან კომპაქტური დანა, რომელიც გაზრდიდა ოფიცრის გადრჩენის შანსებს ახლო კონტაქტში აგრესიულ დამნაშავეებთან. გამომდინარე აქიდან უზრუნველყოფილია ამ დანის ეკიპირებაზე ან ტანსაცმელზე საიმედო დაფიქსირების საშუალება, ისევე როგორც დანის ტარის და ბუდის ფორმა უზრუნველყოფს მის სწრაფ ამოღებას და კომფორტულ და ძლიერ ჭერას. დანას ბუდეში იჭერს ხახუნის ძალა. ეს ალბათ მიუღებელია ტყის, ჯუნგლების პირობებში მაგრამ ქალაქის პირობებში სავსებით საკმარისია, რომ არ მოხდეს დანის დაკარგვა.

დანის ასეთი ფორმა ასევ უზრუნველყოფს მის სტრესულ პირობებში ეფექტურ გამოყენებას თავდამსხმელის წინააღმდეგ. მუშტით დარტყმა არის კარგად ათვისებული ინსტინქტური მოძრაობა, პრაქტიკულად რეფლექსი, რომელიც სტრესულ სიტუაციაში არ გავიწყდება. მუშტში მოთავსებული ასეთი დანა აძლევს საშუალებას ოფიცერს მიაყენოს თავდამსხმელს სწრაფი და მტკივნეული დარტყმები. ტარის დახრილობა უზრუნველყოფს ჩხვლეტას და ჭრას ერთდროულად, ვინაიდან დარტყმისას დანა ცდილობს დაცილდეს ქსოვილში შეღწევის წერტილს და დამატებით ჭრილობებს აყენებს მოწინააღმდეგეს.

პრაქტიკულად ეს დანა აძლევს საშუალებას ადამინს გამოიყენოს თავისი ბუნებრივი რეფლექსები, იმისთვის, რომ ეფექტურად დააზიანოს მოწინააღმდეგე.  ტაქტიკური თავდაცვის ინსტიტუტში კარგად ესმით სტრესის გავლენა ოფიცრის მოქმედებების ეფექტურობაზე, ამიტომაც ჯონ ბრენერი შეეცადა, რომ დანის დიზანი იძლეოდეს საშუალებას დანის ინსტინქტურ დოენეზე გამოყენების.

Ka Bar TDI–ს დიდი წარმატება ხვდა წილად და ორიგინალურ მოდელს მოყვა უმარავი სხვა მოდიფიკაცია, სხვა და სხვა პირებით და სხვა და სხვა სიგრძის და ფერების.

1170846413911_web-kabartdi1

ka bar–ის სხვა და სხვა მოდიფიკაციები

კონსტრუქციულად დანა მზადდება მაღალი ხარსხის უჟანგავი ფოლადისგან AUS 8A, აქვს შავი ფერის დაფარვა, რომელიც იცავს დანას კოროზიისგან. პირზე აქვს ტაქტიკური თავდაცვის ისნტიტუტის ლოგო. დანის პირი და ტარი მთლიანი  ფოლადის დეტალია, ხოლო ორი ზიტელისგან (აღნიშნული მასალისგან მზადდება ასევე პოლიმერის პისტოლეტების რამკები) დამზადებული  ორი პანელი მაგრდება გვერდიდან ჭანჭიკების საშუალებით.  ბუდე დამზადებულია შავი პოლიმერისგან და აქვს ფოლადის სამაგრი, რომელიც მაგრდება ბუდეზე ოთხი ჭანჭიკის მეშვეობით და შესაძლებელია სამაგრის გადაყენება, იმისთვის, რომ ის ადვილად დამაგრდეს პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას ეკიპირების ელემენტზე ან ტანსაცმელზე. კონსტრუქცია ძალიან ნაფიქრია და მყარი.  ამ დანას ეტყობა, რომ ის შექმნილია პროფესიონალების მიერ და განკუთვნილია ასევე თავისი საქმის პროფესიონალებზე. ის არ წააგავს, რაღაც კომერციულ პროდუქტს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თავისი დიზაინით “დააბოლოს” არიფი და აიძულოს მას მისი ყიდვა.

დანა არ ღირს ძვირი, 30 დოლარიდან 60 დოლარამდე, რაც არც ისე ძვირია ასეთი იარაღისთვის.  ცხადია ჩვენ მაღაზიაში ასეთ დანას თუ ნახავთ სამჯერ მაინც უფრო დიდი ფასი ედება.

პს

რამოდენიმე დღის წინ ერთ ერთ ქართულ არხზე (სულ ასეა, რამდენჯერაც გადავრთავ იმდენჯერ რაღაცა უმზგავსობას უნდა გადავეყარო)  უყურე რაღაც უნიჭო სოციალურ რეკლამას, რომელიც აკრიტიკებდა დანის ტარებას. სამწუხაროდ მიუხედავათ მასშტაბური ცვლილებებისა, ჩვენ დღემდე ვერ ვანვასხვავებთ და უფრო მეტიც ვაიგივებთ დამნაშავეს და კანონმორჩილ ადამიანებს. იმავე დროს ვერ ვხდებით, რომ აკრძალვებს დაემორჩილებიან მხოლოდ კანომორჩილი ადმიანები და შეიზღუდებიან თავის უფლებებში, ხოლო დამნაშავეებს ეს რეკლამაც ფეხზე კიდიათ, ამ რეკლამის დამკვეთებიც, კანონიც და საერთოდ ყველაფერი. გამოდის რაღაც უაზრო სიტუაცია, ერთის მხრივ გვყავს სმართალდამცავები, რომლებიც თვლიან რომ ხმოლოდ ისინი იცავენ კანონს და მეორეს მხრივ ნაცრისფერი ბრბო, რომელიც შედგება პოტენციალური დამნაშავეებისგან. მიეცი ასეთ ბრბოს დანა, ერთმანეთს აკუწავენ, მიეცი ასეთ ბრბოს იარაღი და ერთმანეთს დახოცავენ. ცხადია სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში უკიდურესად სუსტია, მაგრამ თუ ის არ გავაძლიერეთ ის კიდევ უფრო დასუსტდება. სუსტი და შეუარაღებელი (უფლებებით და პირდაპირი გაგებითც) საზოგადოება შიდა და გარე მტრეს ვერ გაუმკლავდება. ვერ გაუმკლავდა….