Archive for the ‘რუბრიკა კვირის იარაღი’ Category

კვირის იარაღი – PRC Type 85

Sunday, May 10th, 2020

fa_smg_type85_v2

უკანასკნელი ალბათ 60-70 წლის განმავლობაში, არც ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ მიუღიათ შეიარაღებაში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რისი მიზეზცი გახლავთ ამ იარაღის ტიპიური კალიბრი, რომლის ეფექტური გამოყნების მანძილი არ ცდება 100 მეტრს, მაგრამ თუ გვინდა სპეციალიზირებული იარაღი მოკლე მანძილებზე გამოსაყენებლად, პისტოლეტის კალიბრი შეიძლება გარკვეული უპირატესობაც იყოს, მისი სიჩუმის და კომპაქტურობის გამო. სწორედ ამიტომ ამ კლასის იარაღი ბოლომდე არ ქრება და მაინც ინარჩუნებს თავის ვიწრო ნიშას. ზუსტად ამ დანიშნულებით 80-ნი წლების დასაწყისში ჩინეთში შეიქმნა 7.62X25 კალიბრის სპეციალიზირებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ინტეგრირებული მაყუჩით. ეს იარაღი პირობითად განეკუთვნება მეორე თაობის ჩინურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს და ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ “ტიპი 85″ ბევრად უფრო ტექნოლოგიურია და იაფია წარმოებაში. განსხვავებით Type 64-სგან და Type-79-სგან, რომლებიც როგორც პირველი ამ ტიპის იარაღები გასული საუკუნის დასაწყისში, იყენენებდნენ რესივერებს და სხვა დეტალებს დამზადებულებს ფრეზირებით, ხალი” Type 85 დამზადებულია მარტივად დასამზადებელი ცილინდრული კვეთის დეტალებისგან, შედუღების გამოყენებით და  უმეტესობა დეტალები არის ნაშტამპი, რაც კიდე უფრო ამარტივებს და აიაფებს წარმოებას. ტექნოლოგიურად და მოწყობილობით ის ძალიან წააგავს ბრიტანულ “სტენს’ და როგორც უმეტესობა ადრინდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების იყენებს თავისუფალ საკეტს ფიქსირებული დამრტყმელით ანუ ისვრის ღია საკეტიდან.

მასიური საკეტის წყალობით სროლის ტემპი შეადგენს 800 გასროლას წუთში.  4 ღარიანი 210მმ-ნი ლულა მთლიანად იმალება მაყუჩია ცილინდრული გარსაცმის შიგნით. ლულის წინა ნაწილში განლაგებულია სპირალით ოთხი,  9 ნასვრეტიანი რიგი საიდანაც ხდება დენთის აირების აღება. შესაბამისად მაყუჩის მხოლოდ წინა ნაწილი ასრულებს გასაფართოებელი კამერის როლს. მყუჩი შედგება 11 სეპარატორისგან, რომლებიც მაგრდება შიგნით ორი მეტალის ღერძის გამოყენებით. ლულა შიგნიდან და გარედან ისევე როგორც სეპარატორები, ქრომირებულია.  მყუჩის და ლულის მოხსნაც შესაძლებელია ოპერატორის მიერ. მაყუჩის გარსაცმზე ასევე განლაგებულია სამიზნი მოწყობილობები. ოვალური კვეთის მილისგან დამზადებული მეტალის დუგლუგი იკეცება მარჯვენა მხარეს. სელექტორი-მცველი სამ პოზიციანია და პირიქით მუშაობს, ზედა პოზიცია ერთჯერადი გასროლები, შუა პოზიცია ჯერებით სროლა და ბოლოს ქვედა პოზიცია – მცველი. მეტალის მჭიდი განკუთვნლია სპეციალურად ამ იარაღისთვის და იტევს 30 ვაზნას.

ზოგადად ცნობილია, რომ ამ იარაღში გამოყენებული კალიბრი, 7.62×25 საკმაოდ ძლიერია და ეს მიიღწევა შედარებით მსუბუქი და წვრილი ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარით. ასეთი “ავი” კალიბრის გამოყენებას იარაღში ინტეგრირებული მაყუჩით აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ ლულის დახვრეტით საწყისი სიჩქარის შემცირებას (მაყუჩის ეფექტური მუშაობისთვის) მოყვება ტერმინალური ეფექტურობის შემცირებაც, ამიტომ ჩინელები წავიდნენ სხვა გზით და შექმნეს სპეციალიზირებული მუხტი, რომელიც იყენებს შემცირებული დენთის მუხტს და ამავე დროს მძიმე ტყვიას, რომლის წონა შეადგენს ამჯერად 121 გრანს ნაცვლად სტანდარტული 90 გრანისა. საწყისი სიჩქარე არ აღემატება 300 მ/წ-ში რა უზრუნველყოფს გასროლის ხმის ეფექტურ დახშობას მაყუჩით. ეს ვაზნა შეიქმნა სამოციან წლებში და გამოიყენებოდა Type 64-ში, რომელიც ასევე იყო აღჭურვილი ინტეგრირებული მაყუჩით.

მიუხედავად იმისა, რომ 80-ან წლებში გამოშვებული Type 85 წარმოადგენდა უკვე მორალურად მოძველებული კონცეფციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს (მეტ წილად ღია საკეტიდან სროლის გამო) ეს  იარაღი იყო მარტივი, ტექნოლოგიური, იაფი, მასობრივი წარმოების და საკმაოდ ეფექტური. დაბალი სროლის ტემპი უზრუნველყოფს კონტროლირებადობას ჯერებით სროლის დროს, მიუხედავად ინტეგრირებული მაყუჩისა, იარაღი ასევე არის ძალიან მსუბუქი და იწონის სულ რაღაც 2.5 კილოგრამს. ასევე შეიარაღებაში მიღებულია სტანდარტული მოდელი მაყუჩის გარეშე. ამ ეტაპზე ჩინეთის არმიაში ხდება Type 85-ის ჩანაცვლება ბულპაპის სქემის მქონე ახალი 5.8მმ-ნი QCW-05 ტიპის იარაღით, რომელიც რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს ასევე ისვრის ღია საკეტიდან.

tumblr_o49diecCif1s57vgxo1_1280

Type 64, რომლის ჩანაცვლებაც მოხდა Type 85-ით, წარმოადგენს ბევრად უფრო საინეტერსო და შესაბამისად მოწყობილობით უფრო რთულ იარაღს. მისი ძირითადი ნაწილები დამზადებულია ფრეზირებით, ის ასევე ისვრის ღია საკეტიდან. კონტროლის მექანიზმები ასევე საკმაოდ საინტერესოა, მარჯვენა მხარეს არის AK-ს ტიპის მცველი, რომელიც ასრულებს ასევე დამცავი ხუფის ფუნქციას. რესივერის მეორე მხარეს, ცალკე შესრულებულია ცეცხლი რეჟიმების სელექტორი, დამატებითი მცველი განლაგებულია სასხლეტთან, რომელიც შესრულებით და მუშაობის პრინციპით გავს СКС-ის ანალოგიურ მოწყობილობას.   ამ პისტოლეტ ტყვიამფრქვევში თავი მოიყარა გადაწყვეტილებებმა მრავალი იარაღიდან, მჭიდის და საკეტის კონსტრუქცია წაგავს საბჭოთა ППС-43-ს, დარტყმელ სასხლეტი მექანიზმი ჩეხური ZB-26-ს, დამზადების ტექნოლოგიით და რიგი სხვა ელემენტით გავს AK-ს.

ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი Type 64-ის ეფექტურობის შესახებ, ამერიკულ ჯარში 70-ან წლებში გამოცადეს ეს იარაღი და დაადგინეს, რომ სროლის ტემპი არის ძალიან მაღალი – 1300 გასროლა წუთში და გასროლის ხმა შეადგენდა 157 დეციბელს. ეს აიხსნება იმით, რომ იყენებდნენ სტანდარტულ 7.62 კალიბრის ვაზნებს ხოლო იმის გამო რომ 3მმ-ნი ნასვრეტები განლაგებულია ლულის წინა ნაწილში, ისინი ვერ ახერხებენ ტყვიის საწყისი სიჩქარის და ლულაში წნევის შემცირებას, როდესაც ტყვიას უკვე მიღწეული აქვს მაქსიმალური სიჩქარე. პიტერ კოკალისმა 1987 წელს გამოცადა Type 64, იგივე ინდექსის მქონე ქვებგერით მუხტთან და სროლის ტემპმა შეადგინა 1000 გასროლა წუთში, რაც მაინც საკამოდ მაღალი ტემპია და ამცირებს ჯერებით სროლის ეფექტურობას. არსებული ლიტერატურიდან ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ  Type-64-ის სავაზნეში შესრულებულია იტალიერი რეველის მიერ გამოგონებული ღარები (ამ შემთხვევაში სამი, 10 მილიმეტრი სიგრძის), რომლებიც ხელს უწყოვბენ ექსტრაციას. მიზეზი ასეთი გადაწყვეტილების გამოყენების იარაღში თავისუფალი საკეტით და ინტეგრირებული მაყუჩით, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ვინაიდან მათი ზუსტი ფორმა და განლაგება უცნობია, შეიძლება ეს ღარები იყოს პირიქით, შესრულებული იმისთვის, რომ გაზარდონ წინააღმდეგობა ექსტრაქციისას და “გადავადონ” საკეტის გახსნა, როგორც ეს გაკეთდა მაგალითად სხვა იარაღში თავისუფალი საკეტით – რუსულ ПММ-ში. მაშინ მათი გამოყენება ლოგიკურია და გასაგებია. ან პირიქით ამ ღარების გამოყენებას მოყვა სროლის ტემპის ზრდა? ამ კითხვაზე პასუხი ექნება ალბათ პროფესიონალ კონსტრუქტორს.  ის ფაქტი, რომ კოკალისი აღნიშნავდა რომ სროლის დროს არ იგრძნობოდა წნევის ან დენთის აირების დარტყმა სავაზნიდან ირიბად მეტყველებს რომ ღარები შესრულებულია პირიქით, საკეტის გახსნის გადავადების მიზნით.

მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღვნიშნე Type 85 იყენებს მორალურად მოძველებულ სქემას ღია საკეტით, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას Type 64-თან შედარებით, როგორც ტექნოლოგიურობის და წარმოების სიმარტივის მხრივ (და შესაბამისად ნაკლები ხარჯებით მის წარმოებაზე), ის ასევე არის უფრო მოსახერხებელი მსროლელის თვასაზრისით, სროლის დაბალი ტემპის და უფრო მარტივი მართვის ელემენტების გამო. ის ასევე თითქმის 900 გრამით უფრო მსუბუქია.

კვირის იარაღი – FN 1906

Saturday, March 21st, 2020

bb1

ევროპაში ზოგადად და ჩვენ ქვეყანაში კონკრეტულად ეს პატარა 6.35 კალიბრის პისტოლეტი ცნობილია, როგორც FN 1906 (FN – ბელგიური კომპანია, რომელიც უშვება ამ პისტოლეტს), ამერიკაში მას იცნობენ როგორც 1905 წლის მოდელს, იმ წლის მიხედვით როდესაც ჯონ ბრაუნინგმა დაარეგისტრირა პატენტი, ხოლო ამერიკაში მას ლიცენზიით უშვებდა კოლტი და ამ პისტოლეტს ერქვა 1908 წლის Colt Pocket Hammerless. ამ პისტოლეტს ასევე ეძახდნენ “ჟილეტის პისტოლეტს” უფრო სწორედ ამ პისტოლეტმა წარმოშვა ეს ტერმინი. იმ დროს ჯენტლმენის გარდერობის ნაწილს წარმოადგენდა ჟილეტი ორი პატარა ჯიბით, მონეტებისთვის და ჯიბის საათისთვის, ხოლო პატარა ბრაუნინგი უპრობლემოდ ეტეოდა ასეთ ჯიბეში.  როგორც ყველა ბრაუნინგის იარაღი, 1906 წლის მოდელიც, გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით, ადვილად იშლებოდა და საიმედოდ მუშაობდა. მასში გამოყენებული ავტომატური მცველი უზრუნველყოფდა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ტარებას ვაზნით სავაზნეში. იმის გამო რომ პისტოლეტს არ გააჩნდა ჩახმახი, ხოლო გარედან ყველა მისი კუთხე იყო გადამრგაველბული, პისტოლეტის ჯიბიდან ამოღება და პირველი გასროლის წარმოება იყო ძალიან მარტივი. კალიბრი 6.35 შექმნა ამერიკული Union Metallic Cartridge-ის უილიამ მორგან ტომასმა, ჯონ ბრაუნინგის თხოვნით, სპეციალურად ამ პისტოლეტისთვის. ბრაუნინგის ჩანაფირით, ორ ინჩიანი ლულიდან გასროლილ 6.35 კალიბრის ტყვიას, უნდა ქონოდა იგივე ენერგია, რაც .22lr კალიბრის ტყვიას უფრო გრძელლულიან იარაღში.  6.35×16mmSR (ამერიკული დასახელება .25 ACP) ნიშნავს, რომ 16მმ სიგრძის მასრას აქვს კიდე, რომლის დიამეტრი მასრის დიამეტრზე უფრო დიდია. ასეთი კონსტრუქციის მიზეზი ჩემი აზრით ის იყო, რომ სავაზნის დამზადება ასეთი ვაზნისთვის უფრო ადვილია, როდესაც ვაზნის განლაგება სავაზნეში სრულდება მასრის კიდეს გამოყენებით. ამასთანავე ვაზნა არის ცენტრალური აალების და ამაალებლის გამოყენების კვალობაზე 6.35მმ იყო ყველაზე მცირე ზომის მასრა, რომლის გამოყენებაც ტექნიკურად იყო შესაძლებელი. ამასთანავე მასრაზე შესრულებული წრიული ღარი უადვილებს სამსახურს ექსტრაქტორს. ცენტრალური აალების სქემის და გარსით დაფარული ტყვიის გამოყენებამ ასევე განაპირობა პისტოლეტის მაღალი საიმედოობა გვერდითი აალების ვაზნასთან შედარებით, რომელიც იყენებდა რბილი ტყვიისგან დამზადებულ ჭურვს.

ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო, ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტები წარმოებული კოლტის და FN-ის მიერ, სარგებლობდნენ ძალიან დიდი პოპულარობით. პირველმა გამოუშვა ნახევარი მილიონი, ხოლო მეორემ მილიონზე მეტი პისტოლეტი. ასევე უამრავმა სხვა მწარმოებელმა გამოუშვა მილიონობით ამ პისტოლეტის კოპია და მოდიფიკაცია, ხოლო მათი უმეტესობა რქ თქმა უნდა მოდის ესპანეთის პროვინცია ეიბარზე, სადაც უმრავი წვრილი მწარმოებელი უშვებდა ამ პისტოლეტის უამრავ ნაირსახეობას. ამის გამო ეს პისტოლეტი, ამა თუ იმ შესრულებით, არც ისე იშვიათად გვხვდება საქართველოშიც. მე თავის დროზე, ძალიან დიდი ხნის წინ, გამიმართლა და ჩემ ხელში აღმოჩნდა ორიგინალური ბელგიური ბრაუნინგი თანაც იდეალურთან ახლო მდგომარეობაში. 6 ვაზნიანი 350 გრამიანი პისტოლეტი მიუხედავავდ ასაკისა იდეალურად მუშაობდა, იყო საკმაოდ ზუსტი მიუხედვად წვრილი/რუდიმენტარული სამიზნი მოწყობილობებისა. ჩემი პისტოლეტი ასევე აღჭურვილი იყო მექანიკური მცველით, რომელიც გაჩნდა ბელგიურ პისტოლეტებზე 1909 წელს, ხოლო კოლტის პისტოლეტი თავიდანვე იყო აღჭურვილი ასეთით. ბელგიური პისტოლეტები მექანიკური მცველით განეკუთვნებიან ე.წ. მეორე ტიპის 1906 წლის ბრაუნინგებს. ამ პისტოლეტმა ასევე ერთხელ დამიცვა სერიოზული ხიფათისგან, რომელზეც ადრე თუ გვიან მე აუცილებლად მოგიყვებით.

Baby-Browning-22

პისტოლეტს ჯერ არაფორმალურად ხოლო 30-ნი წლებიდან ოფიციალურად ერქვა “ბები-ბრაუნინგი”. სურათზე არის კიდე უფრო კომპაქტური და მსუბუქი (270 გრ)  1931 წელს წარმოებაში გაშვებული “ბები-ბრაუნინგი”, რომელზეც მუშაობდა დიდიე საივი. 

დღევანდელი სტანდარტებით, არც 6.35 არ არის დამკმაყოფილებელი და არც 6 ვაზნიანი ტევადობა არ არის საკმარისი, მაგრამ ბრაუნინგები დღემდე გამოდის. FN-მა შეწყვიტა მათი წარმოება 70-ნი წლების ბოლოლმდე და მოკლე ვადით უშვებდა საფრანგეთში 80-ან წლებამდე, რაც თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია. რიგი კომპანია დღემდე უშვებს 1906 წლის ბრაუნინგს, აქიდან ამერიკული PSA, Inc. უშვებს “ბები ბრაუნინგის” პრაქტიკულად ზუსტ და თანაც მაღალი ხარისხის ასლებს. მიუხედავად თავისი მოკრძალებული მაჩვენებლებისა, 1906 წლის ბრაუნინგი არის იარაღების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი “ცოცხალი” წარმომადგენელი და ერთგვარი მტკიცებულება ჯონ ბრაუნინგის გამორჩეული ნიჭის.

კვირის იარაღი – Schwarzlose MG M.7

Thursday, January 9th, 2020

SchwarzAccess

დაპატენტებული 1902 წელს მისი შექმნელის გერმანელი ანდრეას ვილჰელმ შვარცლოზეს მიერ 1902 წელს და წარმოებაში გაშვებული ავსტრიული Waffenfabrik Steyr-ის მიერ 1905 წელს, აღნიშნული ტყვიამფრქვევი ითვლება ძლიერ კალიბრზე გათვლილ პირველ წარმატებულ იარაღად რომელიც იყენებს ნახევრად თავისუფალს საკეტს (retarded/delayed blow-back). აღნიშნულ სქემას ანალოგიური წარმატებით გამოყენებას შეძლებს მხოლოდ გერმანული “ხეკლერ&კოხი” თითქმის 50 წლის შემდეგ.  თავისი იერსახით და ასევე იმის წყალობით, რომ ის იყენებს გამაგრილებელ გარსაცმს, შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი გავს მაქსიმის ან ვიკერსის ტყვიამფრქვევებს, მაგრამ გამოყენებული ავტომატიკის სქემის გამო ის იყო ბევრად მარტივი კონსტრუქციის მქონე იარაღი. ავტომატიკის მექანიზმი იყენებს მხოლოდ ერთ ზამბარას  და ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავ სახსარს, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის უნდა იყოს კარგად ცნობილი პირველ რიგში ლუგერის P08 პისტოლეტიდან. ვაზნების ფირიდან მიწოდების მექანიზმიც კი იყენებდა მხოლოდ ორ მოძრავ ნაწილს, ადვილად იხსნება იარაღიდან წმენდისთვის და მომსახურებისთვის.  გამომდინარე იქიდან, რომ ლულა განსხვავებით მაქსიმის ტყვიამფრქვევისგან, შვარცლოზეს იარაღში ასევე არ მოძრაობდა, გასაგრილებელი გარსაცმის კონსტრუქცია ასევე იყო ძალიან მარტივი. 2 წლის განმავლობაში ტყვიამფრქვევი იხვეწებოდა, რის მერეც 1907 წელს ის მიღებულ იქნა შეიარაღებაში ავსტრო-უნგრეთის მიერ.

გამომდინარე ასეთი ავტომატიკის სქემის გამოყენებიდან,  ტყვიამფრქვევის კონსტრუირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა ლულის სიგრძის ოპტიმალურ შერჩევას, რაც უზრუნველყოფდა,  რომ ტყვია დატოვებდა ლულას მანამდე სანამ საკეტი დაიწყებდა მოძრაობას. თავდაპირველი კალიბრის, 8.50.5R-ის შემთხვევაში ლულა უნდა ყოფილიყო ზუსტად 525მმ სიგრძის რაც იმ ეპოქის სტანდარტებით იყო საკმაოდ მოკლე სიგრძე. სხვა ვერსიით ასეთი მოკლე ლულა განპირობებული იყო იმით რომ შვარცლოზეს სურდა მაქსიმალურად მსუბუქი ტყვიამფრქვევის შექმნა.  ტყვიამფრქვევი სადგართან ერთად იწონიდა 41 კგ-ს, სადგარის გარეშე 20 კგ-ს. შედარებისთვის მაქსიმის ტყვიამფრქვევის წონა 27 კგ იყო.

იმისთვის რომ ექსტრაქცია ყოფილიყო საიმედო, ტყვიამფრქვევზე იყო გათვალისწინებული ვაზნების შეზეთვის მექანიზმი, რომელიც შედგებოდა ნახევარლიტრიანი ავზისგან და ტუმბოსგან, რომელიც თავის მხრივ  გადაბმული იყო საკეტთან და ახდენდა ვაზნის დაზეთვას სავზნეში მიწოდებამდე. ნახევარი ლიტრი ზეთი საკმარისი იყო 4500 გასროლისთვის.   შეზეთის მთლიანი მექანიზმი იყო მოთავსებული იარაღის შიგნით, რესივერის ხუფში. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო განსაკუთრებული და უნიკალური იმ პერიოდისთვის და მას იყენებდა ბევრი სხვა ტყვიამფრქვევი.  მოგვიანებით იარაღის კონსტრუქცის მცირე ცვლილებებით საჭოროება დაზეთვაში გაქრა და ეს მექანიზმი ამოღებული იქნა ტყვიამფრქვევის კონსტრუქციიდან.

ზოგადად სიმარტივის, შედარებით მსუბუქი წონის და საიმედოობის წყალობით, აღნიშნული ტყვიამფრქვევი საკმაოდ წარმატებული იყო და გამოიყენებოდა 20-ზე მეტი ქვეყნის მიერ და ასევე გამოდიოდა 7 სხვადასხვა კალიბრში და მის ვარიანტებს ავსტრო-უნგრეთის გარდა უშვებდა კდიე ხუთი ქვეყანა,  მაგრამ შედარებით დაბალი სროლის ტემპის გამო (სულ რაღაც 400 გასროლა წუთში), მოკლე ლულის გამო მოკრძალებული გარე ბალისტიკის და ასევე იმის გამო რომ მისი გამოყენება საავიაციო ტყვიამფრქვევის როლში იყო ძალიან რთული (ავტომატიკის სქემის გამო პრინციპში ტყვიამფრქვევის შეიარაღებიდან ამოღებამდე კოსნტრუქტორებმა ვერ შექმნეს საიმედო სინქრონიზატორი, რომელიც უზრუნველყოფდა შვარცლოზეს ტყვიამფრქვევის ეფექტურ გამოყენებას გამანადგურებლებზე პროპელერის უკნიდან განლაგებით) ის მაინც პოპულარობით, წარმოების ციფრებით ვერ შეედრებოდა მაქსიმის და ვიკერსის ტყვიამფრქვევებს. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება ხდებოდა მრავალი წლის შემდეგ, ტყვიამფრქვევის 1918 წელს წარმოების შეწყვეტის შემდეგაც. მაგალითად 40-ნი წლების ბოლომდე შვარცლოზეს ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ ებრაელი პარტიზანები. პირველი მსოფლიო ომის დროს ხელში ჩაგდებულ ავსტრიულ ტყვიამფრქვევებს წლების განმავლობაში იყენებდა რუსეთი და იტალია. აღნიშნული შესაძლებელი იყო მხოლოდ იმის გამო, რომ შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი  იყო უკიდურესად გამძლე და საიმედო იარაღი.

schwtrigsafety

კიდევ ერთი საინტერესო კონსტრუქციული დეტალი გახლავთ ის, რომ შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი აღჭურვილია სასხლეტის მცველით, რომელიც უნდა გადაწიოთ და მხოლოდ მას მერე გახდება შესაძლებელი სასხლეტზე დაჭერა და სროლის წარმოება, სროლის შეწყვეტის შემდეგ ის ავტომატურად ბრუნდება ჩართულ მდგომარეობაში. 80 წლის მერე ანალოგიური გადაწყვეტილება გაჩნდება გლოკის პისტოლეტებზე. 

კვირის იარაღი – A-Square Hannibal

Sunday, October 20th, 2019

408

სათაურის წაკითხვის მერე შეიძლება იფიქროთ, რომ ამ იარაღის შესახებ არაფერი აქამდე არ გსმენიათ და არასდროს არ გინახავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ უმეტესობას ვინც ამ სტატიას კითხულობთ ეს იარაღი ბევრჯერ გაქვთ ნანახი. ნანახი ვიდეოში, რომელიც წლებია დევს ინტერნეტში, სადაც არაბი ტურისტები, დახურულ ტირში ისვრიან შაშხანას და ხდებიან მისი ძლიერი უკუცემის მსხვერპლი. შაშხანა, რომლიდანაც ისინი ისვრიან (რამდენადაც მე შევძელი ამის გარკვევა) არის კომპანია A-square-ის დამფუძნებლის და მფლობელის არტურ ალფინის ქმნილება.  არტურ ალფინის ისტორიის მოყოლა საერთოდ ცალკე სტატიას და ალბათ წიგნს იმსახურებს, ამიტომ მოკლედ, რომ მოგიყვეთ, არტურ ალფინი არის ყოფილი სამხედრო, იარაღების და ბალისტიკის ექსპერტი, კონსტრუქტორი და აფრიკული ნადირობის დიდი მოყვარული. ეს ძლიერი შაშხანა მან შექმნა 1993 წელს სპეციალურად გამცილებლებისთვის, რომლებიც დაყვებოდნენ კლიენტებს სახიფათო აფრიკულ ნადირობებზე. გამცილებლის ფუნქცია მოგეხსენებათ არის ასევე კლიენტის დაცვა განრისხებული ცხოველისგან, რომელიც არ დაეცა პირველი გასროლისგან. თავდაპირველი დამკვეთი ნამიბიიდან, სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩავარდა, როდესაც მისმა კლიენტმა ესროლა სპილოს ორლულიანი .460 კალიბრის შაშხანიდან და მოარტყა სპილოს ეშვში და ფეხში, რის შემდეგაც თავს გაქევით უშველა, ხოლო გამცილებელს მოუწია გაცოფებული სპილოს მოგერიება.  ამიტომ მან მოითხოვა უფრო ძლიერი იარაღი ვიდრე აქამდე ოდესმე ვინმეს შეუქმნია, თანაც მას უნდა ქონოდა განმეორებითი გასროლების წარმოების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ არტურ ალფინს ასევე ეკუთვნის მრავალი კალიბრის კონსტრუქცია, შექმნილი სპეციალურად აფრიკული ნადირობისთვის, ამიტომ მან შექმნა ახალი, ზე-მძლავრი ვაზნა 76მმ სიგრძის მასრით და .585 კალიბრის (14.9მმ) 50 გრამიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე 23 ინჩიანი ლულიდან შეადგენდა 750 მ/წ-ს. ამის წყალობით ტყვიის ენერგია აღწევდა ძნელად დასაჯერებელ 14 000 ჯოულს (თითქმის 7-ჯერ უფრო მეტი ვიდრე 7.62х39-ის ენერგია). ვაზნის სახელი შეესაბამებოდა მის მონაცემებს: .577 “ტირანოზავრი”. თუ საკითხში კარგად ერკვკევით, უნდა იცოდეთ რომ აფრიკული ნადირობებისთვის უკვე არსებობდა მძლავრი ვაზნები ანალოგიური და უფრო დიდი კალიბრისაც, გამოწვევა, რომელიც იდგა არტურ ალფინის წინ მდგომარეობდა იმაში, რომ მას უნდა შეექმნა ვაზნა რომელიც გამოდგებოდა შაშხანაში გრძივად მოძრავი საკეტით ხოლო მანამდე ანალოგიური სიმძლავრის ვაზნები შექმნილი იყო ე.წ. “ექსპრესებისთვის”, ცალ ან ორლულიანი “გადასატეხი” შაშხანებისთვის. ახალი ვაზნა ამიტომ იყო ქიმურას (rim) გარეშე, რაც უზრუნველყოფდა მის უპრობლემო და საიმედო მიწოდებას მჭიდიდან სავაზნეში. ბაზად ახალი იარაღისთვის აღებული იქნა “ჰანიბალის” შაშხანა, რომელიც იყენებს 1917 წლის ენფილდის სქემას, რომელიც საკმარისად გამძლეა და საკეტს აქვს საკმარისი სიგრძის სვლა. ძლიერ უკუცემას ამცირებს კონდახში ჩაყენებული სამი უკუცემის შემცირების მექანიზმი ვერცხლისწყალით.  რა თქნა უნდა შაშხანის ყველა მექანიზმი არის გაძლიერებული, იარაღის მჭიდი მზადდება ფოლადის ფილების შედუღებით. შემდეგ ხდება მისი მონტაჟი რესივერში და დამატებით გამყარება შედუღებით. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ძლიერმა უკუცემამ არ დააზიანოს მჭიდი, არ გაააძროს ის შაშხანას და მიწოდება ყოველთვის იყოს საიმედო. ბუნებრივია იარაღის ყველა ელემენტი მზადდება მწარმოებლის მიერ, რაც ერთგვარი გარანტია არის ხარისხის და საიმედოობის. ცხადია ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა იაფი. თითო ვაზნის ფასი მერყეობს 50 დოლარიდან 125 დოლარამდე. შაშხანა ყველაზე სტანდარტული შესრულებით თავდაპირველად ღირდა 4000-4500 დოლარი. მას მერე რაც A-square-მა 2011 წელს შეწყვიტა არსებობა, შაშხანების ფასიც წესით უნდა გაზრდილიყო.

ვიღაცა იტყვის, რომ რა აზრი აქვს ამ კალიბრს და შაშხანას, როდესაც არსებობს .50BMG, მაგრამ თავად დაფიქრდით, უკანასნელის მთლიანი სიგრძე 136მმ-ია, ხოლო .577-ის მხოლოდ 94.2 მმ. ამის წყალობით .577 კალიბრის A-square Hannibal მიუხედავად მძლავრი კალიბრისა, იწონის სადღაც 6 კილოგრამს ხოლო მისი სიგრძე დაახლოებით 110სმ-ია. ანუ იარაღი არის შედარებით კომპაქტური, მანევრირებადი და მისი თრევა საფარიზე არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. უკუცემა სხვა საკითხია, მაგრამ გამოცდილ მსროლელს არ ექნება მისი მოთვინიერების პრობლემა რაც ხსენებულ ვიდეოში (თუ სრულ ვერსიას ბოლომდე უყურებთ) დასტურდება კიდევაც.

maxresdefault

მხოლოდ არაპროპორციულად სქელი ლულით მიხვდებით, რომ თქვენ წინ არა მორიგი უბრალო “ბოლტია” არამედ ზე-მძლავრი შაშხანა.  ასეთ ფორმატში ჩაატიო .50BMG უბრალოდ შეუძლებელია.

კვირის იარაღი – АПБ

Thursday, March 28th, 2019

ფსაფსფფსაფაფასტეჩკინის კონსტრუქიის პისტოლეტი АПС იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლის მქონე იარაღი, რომელიც ოდესმე იქნა მიღებული შეიარაღებაში საბჭოთა კავშირში, სულ რაღაც 8 წელი 1950 წლიდან 1958 წლამდე.  ამის მიზეზები იყო პისტლეტის არადამაკმაყოფილებელი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ეს იარაღი შეიქმნა თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი კონცეფციით, რომელიც იმ დროს როდესაც АПС მიიღეს შეიარაღებაში უკვე იყო მოძველებული. 1954 წელს უკვე არსებობდა კომპაქტური ავტომატური იარაღი და საჭიროება პისტოლეტის და კარაბინის ასეთ ჰიბრიდში უკვე აღარ იყო. შედარებით სუსტი, მოკლე, “პოლიციური” 9მმ-ნი ვაზნა, რომელსაც იყენებდა “სტეჩკინი”  მხოლოდ აუარესებდა პრობლემას.  მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ პისტოლეტი გამოვიდა მთლიანობაში საიმედო და თანაც კარგი სიზუსტით, რაც განპირობებული იყო გრძელი სამიზნე ხაზით და ფიქსირებული ლულის გამოყენებით.  მიუხედავად მისი წარმოების შეწყვეტისა “სტეჩკინის” გამოყენება გრძელდებოდა სხვადასხვა უწყებებში. საბოლოო ჯამში რუსებმა ვერ შეძლეს იაფი, საიმედო და მასობრივი წარმოების 9მმ-ნი პისტოლეტის შექმნა, რის გამოც “სტეჩკინის” გამოყენება ხდება დღემდე, იქ სადაც არ აქვთ ფული რომ იყიდონ “გლოკები” (ავსტრიული “გლოკი” უკვე კარგახანია გამოიყენება რუსული სპეც. სამსახურების მიერ) მაგრამ ჭირდებათ უფრო ძლიერი პისტოლეტი ვიდრე “მაკაროვი” და უფრო საიმედო იარაღი ვიდრე 9მმ-ნი “გრაჩი”. რამდენიმე თვის წინ სირიაში ჩამოგდებული СУ-25-ის რუსი მფრინავი იყო შეიარაღებული “სტეჩკინით”.  თავისთავად ის ფაქტი, რომ იარაღი, რომლის წარმოება შეწყდა 1958 წელს 60 წლის შემდეგ კვლავ მწყობრშია, მეტყველებს ამ იარაღის გამძლეობაზე და საიმედო კონსტრუქციაზე.

1972 წელს შეიარაღებაში მიღებულ იქნა მოდიფიცირებული АПС ინდექსით 6П13/АПБ. მოძველებული კონსტრუქციის ხის ბუდე-კონდახი შეცვალა ფოლადის მავთულისგან დამზადებულმა დუგლუგმა, მაგრამ მთავარი განსხვავება სტანდარტული “სტეჩკინისგან” იყო ის რომ ახალი პისტოლეტი უნდა გამოყენებულიყო მაყუჩით.  ოთხკამერიანი ფოლადის მაყუჩი ეცმევა შედარებით დაგრძელებულ ლულას, რომელიც თავის მხრივ განლაგებულია ლითონის მილის შიგნით და მას გააჩნია ნასვრეტები, რომლების “იპარავენ” დენთის აირების ნაწილს. ამის წყალობით ხდება სტანდარტული 9×18 ვაზნის ტყვიის საწყისის სიჩქარის შემცირება 315-330- მ/წ-დან 290 მ/წ-მდე რაც საკამოდ დიდი ზომის მაყუჩთან ერთად ხელს უწყობს გასროლის ხმის ეფექტურ შემცირებას. “სტეჩკინი” გამოვიდა თავისებური ჰიბრიდი, რომელიც ითავსებდა ინტეგრირებულ მაყუჩიანი და მოსახსნელ მაყუჩიანი იარაღის თვისებებს. ჩემთის უცნობია, რატომ გახდა საჭირო სუსტ 9მმ-ნი ვაზნაზე გათვლილი იარაღის აღჭურვა ნასვრეტებიანი ლულით, მაშინ როდესაც სტანდარტული ტყვიის სიჩქარე არ აღემატება ბგერის სიჩქარეს, მაგრამ ალბათ შედარებით გრძელ ლულაში ტყვიის საწყისი სიჩქარე უახლოვდებოდა ან აღემატებოდა ბგერის სიჩქარეს და გამოსავალი იქნებოდა ან უფრო სუსტი მუხტის გამოყენება ან ლულაში ნასვრეტების შესრულება და ასეთი გზით საწყისი სიჩქარის დაწევა. იმისთვის, რომ სტანდარტული პისტოლეტისგან მიგვეღო АПБ საკმარისი იყო ახალი ლულის დაყენება, საკეტის “ცხვირში” ლულის “ღიობის” გაფართოვება და საკეტის შიგნიდან გაჩარხვა რაც საჭიროა იმისთვის რომ შიგნით ჩაეტიოს ლულა თავისი მილაკით და უფრო განიერი დამაბრუნებელი ზამბარა.  სწრაფად მოსახსნელი მაყუჩი ლულის ღერძთან შედარებით დაბლა განლაგებულია რამაც გახადა შესაძლებელის სტანდარტული სიმაღლის სამიზნე მოწყობილობების გამოყენება. როგორც ხედვათ ასეთი გადაწყვეტილებების წყალობით სტანდარტული პისტოლეტის “კონვერსია” იყო სწრაფი და ჯდებოდა იაფი, არც ახალი ვაზნის შექმნა აღარ იყო აუცილებელი.

რა თქმა უნდა ისედაც დიდი პისტოლეტი მიერთებული მაყუჩით გამოვიდა კიდე უფრო მძიმე და გაბარიტული, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ლითონის დუგლუგი ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე ხის ბუდე-კონდახი. დუგლუგის წონა 200 გრამია, მაყუჩის 400, ხოლო АПБ-ს მთლიანი მასა დუგლუგით და მაყუჩუით 1650 გრამია. ცხადია რომ იარაღის დამძიმებამ პოზიტიურად იმოქმედა ჯერებით სროლის ეფექტურობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს განეკუთვნება იმ ქვეყნების ძალიან მცირე ჯგუფს სადაც მოქალაქეს შეუძლია სრულიად ლეგალურად ფლობდეს “სტეჩკინის” პისტოლეტს და რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს არც АПБ არ არის ისეთი იშვიათი იარაღი სამოქალაქო ბრუნვაში, მას ჩვენთან ხშირად ეძახიან АО-44-ს თუმცა ეს ინდექსი მიენიჭა ამ იარაღს მასზე მუშაობის პერიოდში. “სტეჩკინის” პისტლეტების რამდენიმე პარტია შემოტანილ იქნა საქართველოში, როგორც სამოქალაქო იარაღი, ნაწილი მოხვდა კერძო ხელებში საბჭოთა არმიის საქართველოშ განლაგებული ნაწილებიდა. გარკვეული ნაწილი ამ პისტოლეტების და მათ შორის გარკვეული რაოდენობით АПБ-ეები მოხვდა სამოქალაქო ბრუნვაში ლაგოდეხში განლაგებული რუსული არმიის დაზვევრვის მთავარი სამმართველოს მე-12 ბრიგადის არსენალებიდან სადაც მათ შორის ინახებოდა სპეციალური შეიარაღება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შეიარაღების დიდი ნაწილი რუსებმა გაიტანეს, ჩვენი მხრიდან მისი ხელში ჩაგდების არასაკამრისი მცდელობების გამო, თუმცა იყო შემთხვევები საწყობების ძარცვის, რუსი სამხედროებისთვს იარაღის წართმევის და ა.შ. მაგრამ ალბათ ლომის წილი შეიარაღების იქიდან მოხვდა ქართველების ხელში ხარბი რუსი ოფიცრების წყალობით. უკვე შემდეგ АПБ-ს პატრონების ნაწილმა მოახდინა მათი ლეგალიზება, აღრიცხვაზე დაყენება და ალბათ ყველა იარაღის კოლექციონერის ოცნება გახდა ლეგალური სამოქალაქო იარაღი და ხანდახან გვდება კიდევაც გაყიდვაში მაგრამ მაყუჩის გარეშე რომლის გამოყენებაც საქართველოში სამწუხაროდ აკრძალულია.

კვირის იარაღი: Ithaca MAG-10 Roadblocker

Sunday, November 25th, 2018

Roadblock

1975 წელს ამერიკულმა კომპანია Ithaca Gun Company-მ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი 10 კალიბრის ნახევრად-ავტომატური გლუვლულიანი თოფი, რომლის ძირითადი დანიშნულება იყო ბატებზე ნადირობა. შეგახსენებთ, ეს იყო 1975 წელი, და ჯერ 13 წელი იყო დარჩენილი მანამდე სანამ ამერიკული “მოსბერგი” და “ფედერალი” ერთობლივად წარმოადგენდნენ 12 კალიბრის ვაზნას 89მმ-ნი მასრით, ამიტომ ბუნებრივია, რომ იმ პერიოდისთვის თოფებს რომელთა ვაზნის  “სასარგებლო ტვირთამწეობა” 50 გრამზე  მეტი იქნებოდა, ხოლო სროლის მანძილი 50 მეტრზე მეტი, ქონდა ვიწრო მაგრამ თავისი ადგილი მონადირეების არსენალში. შესაბამისად “იტაკას” სურვილი გამოეშვა ნახევრად ავტომატური თოფი ასევე იყო ლოგიკური და გასაგები. ახალი თოფი სახელით MAG-10  გამოვიდა ძალიან მასიური და მძიმე (5.5კგ). მას კონსტრუქციაში გააჩნდა უკუცემის შემცირების მექანიზმი, რომელიც წარმოადგენდა დენთის აირების სისტემის ნაწილს. თოფი მთლიანად იყო დამზადებული მაღალი ხარისხის მათ შორის უჟანგავი ფოლადისგან (მხოლოდ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული იყო ალუმინის). ავტომატიკის სქემა მუშაობდა დენთის აირების ენერგიის გამოყენების ხარჯზე. დენთის აირების ნასვრეტი განლაგებული იყო სულ რაღაც 20 სმ-ში სავაზნისგან, რამაც თვითონ სისტემის კონსტრუქციასთან ერთად განაპირობა ლულისქვეშა მჭიდის დაბალი ტევადობა, რომელიც სულ რაღაც 2 ვაზნას შეადგენდა. საკეტის ჩაკეტვა ხდებოდა ერთი ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავი ბჯენით, რომელიც შედიდოდა შესაბამის კილოში. კილო განლაგებული იყო ლულაზე წამოცმულ მანჟეტზე. მთლიანობაში, თოფი მართვის ელემენტების განლაგებით, მოვლა-შენახვის რეგლამენტით, კონსტრუქციით და გამოყენების პრინციპებით პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდებოდა ტიპიური ნახევრად-ავტომატური თოფისგან, რაც იყო კარგი.  ასეთი სიმძლავრის იარაღები ყოველთვის იყო სპეციალიზირებული იარაღი, რომელიც არ გამოირჩეოდა ისეთი უნივერსალურობით, როგორიც მაგალითად უმეტესობა 12 კალიბრის თოფების, ამიტომ მათი გამოყენება ხდებოდა ძირითადად გარეულ ინდაურზე და ბატებზე სანადიროდ, თანაც მაშინ, როდესაც სროლის დისტანცია აღემატებოდა 50 მეტრს. ასეთ შემთხვევაში მძლავრი 10 კალიბრის ვაზნა ზრდიდა წარმატებული ნადირობის ალბათობას.  იარაღის წონა და და გაბარიტები ბუნებრივია დიდ როლს არ თამაშობდა, ხოლო 10 კალიბრის იარაღი უნდა ყოფილიყო მძიმე, წინააღმდეგ შემთხვევაში უკუცემა ხდებოდა აუტანელი. მსუბუქი მუხტები კიდე  ვერ ახერხებდნენ ამ კალიბრის პოტენციალის სრულ რეალიზებას.

198o წელს MAG-10-ის სანადირო ვარიანტებს 81სმ-ნი ლულებით დაემატა “პოლიციური” მოდელი 56სმ-ნი ლულით, რომელიც არის ცნობილი მეტსახელით “Roadblocker”. რამდენადაც ცნობილია “იტაკას” არასდროს ფორმალურად არ გამოუყენებია სახელი “roadblocker”. ერთ-ერთი ვერსიით ეს სახელი ამ თოფს შეარქვეს ტეხასის გზატკეცილების პატრულის თანამშრომლებმა, რომლებიც ცდიდნენ MAG-10-ის პოლიციურ ვარიანტს, და განიხილავდნენ ამ თოფებს, როგორც ეფექტურ იარაღს მანქანაში მყოფი ბოროტმოქმედების წინააღმდეგ.

იმ პერიოდში გლუვლულიანი თოფები ჯერ კიდევ იყო ყველაზე გავრცელებული “გრძელი” იარაღი პოლიციის შეიარაღებაში ამიტომ MAG-10-ის პოლიციური ვარიანტის გამოჩენა იყო ლოგიკური. ახალი თოფის წონა შემცირდა დაახლოებით 4.8 კგ-მდე მაგრამ თოფი მაინც იყო ბევრად უფრო მძიმე და გრძელი ვიდრე იმ პერიოდის ტიპიური პოლიციური 12 კალიბრის თოფები. გარდა ამისა 2 ვაზნიანი ტევადობა იყო დიდი მინუსი იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ პოლიციური სამსახურები კრძალავდნენ თოფის ტარებას ვაზნით სავაზნეში. ამის შედეგად თქვენ იღებდით პრაქტიკულად ორლულიანი თოფის შესაძლებლობებს უფრო რთულ იარაღში. მაგრამ ეს არ იყო პოლიციური 10 კალიბრის “იტაკას” ერთადერთი ნაკლი. უკუცემა, მიუხედავად ყველაფრისა მაინც იყო დიდი და უბრალოდ აუტანელი იმისთვის ვისაც არ ქონდა გამოცდილება მძლავრი იარაღებიდან სროლის. გარდა ამისა ტესტირებებმა მათ შორის 1985 წელს ჩატარებული ჟურნალ Soldier of Fortune-ის მიერ აჩვენა, რომ იარაღი არ შეესაბამება სამხედრო/პოლიციური იარაღისთვის არსებულ საიმედოობის სტანდარტებს.  ტესტირებისას იარაღმა რამოდენიმეჯერ გაჭედა, ხოლო დაბრკოლების აღმოფხვრას ჭირდებოდა დიდი დრო, რაც განპირობებული იყო იარაღის კონსტრუქციით. ნაწილობირვ ეს იყო იმის ბრალი, რომ 10 კალიბრის იარაღი უფრო სწრაფად ბინძურდებოდა და საჭიროებდა უფრო ხშირ და საფუძვლიან წმენდას. საჭირო იყო უფრო საფუძვლიანი ცვლილებები და არა მხოლოდ ლულის დამოკლება. MAG-10-ის პოლიციური ვარიანტები არ გამოირჩეოდნენ შესრულების მაღალი ხარისხით, თუმცა სანადირო ვარინატების შესრულება იყო უკეთესი. სამაგიერდო MAG-10-ს ქონდა როტაციული ჭედვით დამზადებული ლულა, რომლის არხის პოლირება ხელით ხდებოდა, რისი წყალობითაც ლულის არხი იყო სარეკსავით პრიალა, თვისება, რომელსაც დღეს იშვიათად წააწყდები ამერიკულ თოფებში. “Roadblocker”-ი, კომერცილი თვალსაზრისით იყო წარუმატებელი პროექტი.  ძირითადი მიზეზი რის გამოც ამ თოფმა და ალბათ ზოგადად 10 კალიბრის თოფებმა ვერ ნახეს პოპულარობა იყო შედარებით მარგინალური უპირატესობა 12 კალიბრის თოფებზე, რაშიც ასეთი იარაღის მფლობელს უწევდა მაღალი ფასის გადახდა, როგორც გადატანითი ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. დიდ წონას და უკუცემას ასევე მოყვებოდა გაზრდილი ხარჯები ტყვიაწამალზე. 1985 წელს ერთი 10 კალიბრის ვაზნა ჯდებოდა ერთ დოლარზე მეტი. ფასით ეს ვაზნა უტოლდებოდა სამოქალაქო იარაღისთვის ისეთი ეკზოტიკურ კალიბრებს როგორც არის მაგალითად .50BMG. თვითონ “Roadblocker”-ის ფასი შეადგენდა 700-800 დოლარს, რაც რომ გადმოვანგარიშოთ დღევანდელ ფასებზე გამოდის დაახლოებით 1900 დოლარი, რაც არ არის ცოტა თოფში ასეთი უბრალო შესრულებით.

MAG-10 ის წარმოება შეწყდა 1989 წელს და მხოლოდ განსაკუთრებულ ენთუზიასტებს და ექსპერტებს ახსოვთ რომ “იტაკა” უშვებდა ასეთ იარაღებს. ამერიკულმა “რემინგტონმა” გამოისყიდა წარმოების უფლებები და თვითონ უშვებს MAG-10-ის საკუთარ ვარიანტს სახელწოდებით SP-10, რომელიც კონსტრუქციულად იგივე თოფია, რამდენიმე ცვლილებით, რომლებიც მიზნად ისახავდა პირველ რიგში საიმედოობის გაზრდას. ახალი SP-10 იყიდება დაახლოებით 1000 დოლარად, იდეალურ მდგომარეობაში მეორადი MAG-10, 1400-1800 დოლარად, ხოლო ბევრად უფრო იშვიათი “Roadblocker”-ის ფასი შეიძლება მეტიც იყოს. მიზეზი რის გამოც 10 კალიბრის თოფები ჯერ კიდევ იყიდება არის ის, რომ პირველ რიგში გართობის ფაქტორი დიდია, ეკზოტიკურ და გამორჩეულ იარაღს ყოველთვის ყავს თავისი მყიდველი და ასევე არსებობს მოსაზრება, რომ გასროლისას დიდი კალიბრის ლულაში (10 კალიბრის თოფის ლულის დიამეტრი 19.3 – 20.25 მმ-ს შეადგენს) დიდი მოცულობის საფანტის და კარტეჩის დაჯგუფება იძლევა უკეთეს ჩამონაშალს ვიდრე უფრო ვიწრო 12 კალიბრის ლულაში, რაც ხდის 10 კალიბრს სპეციალიზირებულ ინსტრუმენტად იმათთვის ვისთვისაც ასეთი პატარა უპირატესობაც კი არის მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთი ხალხის წყალობით 10 კალიბრი არ კვდება, ხოლო მწარმოებლები აგრძელებენ ამ კალიბრზე იარაღის გამოშვებას.  მაგალითად 10 კალიბრის ნახევრად-ავტომატს ასევე უშვებს “ბრაუნინგი”.

კვირის იარაღი – Lahti L39

Thursday, May 10th, 2018

1qhYj89

30-ანი წლებში ბევრი პატარა და არც ისე პატარა ქვეყნების შეიარაღებული ძალები გატაცებულები იყვნენ ტანკ-საწინააღმდეგო შაშხანებით. მძლავრ კალიბრზე გათვლილი, ხელით გადასატანი შაშხანები ითვლებოდა კარგ და იაფ საშუალებად გამკლავებოდი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან, რომელიც იმ დროს მეტ წილად შეიარაღებულები იყვნენ მსუბუქი ტანკებით, რომლებსაც მეტი საერთო ქონდათ დაჯავშნულ ტრაქტორებთან ვიდრე თანამედროვე ტანკებთან. ფინელები წავიდნენ განსხვავებული გზით და ნაცვლად ვაზნისა გამოიყენებს 20მმ-ნი ჭურვები (20×113მმ), ვინაიდან ტესტირებისას ჭურვი გამოდგა უფრო ეფექტური ვიდრე 13.1მმ-ნი ტყვია რომელიც გამოიყენებოდა მეორე პროტოტიპში. იარაღის კონსტრუქტორი გახლდათ აიმო ლახტი, ხოლო იარაღს უშვებდა სახელმწიფო საწარმო Valtion Kivääritehdas (VKT), მომავალში “ვალმეტი”. იარაღი სახელწოდებით L-39, მიღებულ იქნა შეიარაღებაში 1939 წელს. იმავე წელს დაიწყო ზამთრის ომი საბჭოთა კავშირთან. საბრძოლო მოქმედებებმა დაადასტურეს რომ 20მ-ნი ვარიანტი იყო უფრო ეფექტური და თანაც საიმედო იარაღი და ომის დასრულებისას უკვე დაიწყო ახალი ქვემეხის მასობრივი წარმოება. არსებული ინფრომაციით სულ იყო გამოშვებული 2000-მდე ერთეული.

ტექნიკური თვალსაზრისით, Lahti L39 არის ნამდვილი შედევრი შექმნილი ზრუნვით მის საბოლოო მომხმარებლებზე და იდეალურად მორგებული იმ გარემოს სადაც იგეგმებოდა მისი გამოყენება. L39 არის ავტომატური იარაღი, სადაც გადატენვის ციკლისთვის გამოიყენება დენთის აირების ენერგია. იარაღი იკვებება 10 ჭურვიანი მჭიდიდან რომელიც თავსდება იარაღზე ზევიდან, შესაბამისად, როგორც ბრიტანულ “ბრენში”, სამიზნე მოწყობილობები განლაგებულია გვერდიდან (იარაღზე ოპტიკური სამიზნე არასდროს არ ყენდებოდა). მჭიდებზე შესრულებული იყო დარჩენილი ვაზნების რაოდენობის ინდიკატორი. სალაშქრო მდგომარეობაში მჭიდის შახტა იხურებოდა ხუფით.   მასრების ექსტრაქცია ხდება ქვევიდან. უკუცემის მძლავრი იმპულსის დახშობას უზრუნველყოფს მასიური ლულის მუხრუჭი, იარაღის დიდი მასა და ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარა. უკანასკნელი დეტალი იმდენად მძიმეა, რომ იარაღის გადატენვისთის, მასზე განლაგებულია ჯალამბარი (როგორც შუა საუკუნეების არბალტებეზე), რომლის დატრიალებითაც ხდებოდა საკეტის გახსნა. საინტრესო თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ყოველი გასროლის შემდეგ საკეტი რჩებოდა ღია მდგომარეობაში. ხოლო ტარზე განლაგებულ მცველის კლავიშაზე დაჭერით საკეტი მიდის წინ და აწვდის სავაზნეში ახალ ვაზნას, უფრო სწორედ ჭურვს. ასე იარაღი მზად არის გასროლისთვის. აღნიშნული განხორციელდა იმისთვის, რომ ალბათ მომხდარიყო იარაღის ლულის სწრაფი გაგრილება და ამავე დროს მსროლელს რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეხარჯა ჯალამბართან სამუშაოდ. იარაღი ასევე იყენებდა კომბინირებულ სადგარს, რომელიც ამ იარაღის დამახასიათებელი ნიშანია. სადგარი არის ორნაირი, გათვლილი თოვლის საფარიდან და მყარი ზედაპირიდან სროლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ იარაღი გამოვიდა მძიმე (50 კგ) ის იყო საიმედო და ზუსტი. მის გათვლა ორი მებრძოლისგან შედგებოდა. ზამთრის ომის დროს მხოლოდ ორი პროტოტიპი იყო მზად გამოყენებისთვის. არსებული ინფომაციით ფინელებმა მოახერხეს ამ პროტოტიპებიდან 4 საბჭოთა ტანკის განადგურება, რამაც დაადასტურა კონცეფციის სისწორე და გზა გაუხსნა მის წარმოებას და შეიარაღებაში მიღებას. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებისას, ცხადია მისი ჯავშანგამტანი თვისებები არ იყო საკმარისი ახალი საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ მაგრამ L-39 გამოუყენებოდა როგორც ანტი-მატერიალური, ჰაერსაწინააღმდეგო და კონტრს-სნაიპერული იარაღი. არსებობს ინფრომაცია რომ L-39 ასევე გამოიყენებოდა, როგორც ტყის ხანძრის გამჩენი იმპროვიზირებული იარაღი, რა დროსაც ხდებოდა მგეზავი, ფოსფორით სავსე ჭურვების გამოყენება, რომლებსაც დიდი კუთხით ისროდნენ მტრის ზურგში (6კმ-მდე მანძილზე)  და აჩენდნენ ასე ცეცხლის კერებს.  

lahti39

მასიური ლულის მუხრუჭი ჯაჭვზე დამაგრებული დამცავი ხუფით, “ციგა-სადგარი”, ზევიდან განლაგებული მსხვილი მჭიდი, ჯალამბარის სახელური და ტყვავის დამცავი “ბალიშები” ეგრევე გამოარჩევენ აიმო ლაჰტის სახელგანთქმულ იარაღს. 

გარდა გადასატანი იარაღის როლისა, Lahti L-39 ასევე გამოიყენებოდა როგორც ჯავშანმანქანის შეიარაღება და ასევე როგორც შეწყვილებული ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემა. ამ როლისთვის იარაღი კომპლექტდებოდა გაზრდილი ტევადობის 15 ჭურვიანი მჭიდებით. გარდა ნახევრად-ავტომატური ვარიანტისა არსებობდა ასევე მოდელი 39/44 რომელიც ჯერებით ისროდა. გარდა ამისა, საიერიშო თვითმფრინავებისგან თავის დასაცავად ხდებოდა კუსტარულად იარაღის გადაკეთება, ისე რომ კლავიშზე დაჭერით ის იწყებდა ღია საკეტიდან ჯერებით სროლას. ასეთი იარაღი დატენილი ჯავშანგამტანი და მგეზავი ჭურვებით მაგრდებოდა ხეებზე და გამოიყენებოდა დაბლა მფრინავი საბჭოთა თვითმფრინავების წინააღმდეგ.

aa3

20 ItK 40 VKT გამოიყენებოდა ფინურ ჯარში 70-ან წლებამდე. 

საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ შეიარაღებიდან მოხსნის შემდეგ ეს იარაღები გაიყიდა კერძო პირებზე, მათ შორის საკმაოდ ბევრი იყო იმპორტირებული აშშ-ში სადაც ამ იარაღებიდან დღემდე ისვრიან. დიახ ამერიკაში შესაძლებელია ასეთი ქვემეხების ფლობა, რომლებიც კლასიფიცირდებიან, როგორც “გამანადგურებელი მოწყობილობა” და რეგისტრირდება, როგორც ეგეთი ალკოჰოლის, თამბაქოს და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროში. ზოგ შტატში აკრძალულია სამოქალაქო პირების მიერ ასეთი მოწყობილობების ფლობა, მაგრამ ბევრ შტატში დასაშვებია.

კვირის იარაღი – Heckler&Koch P7

Wednesday, March 21st, 2018

p71omn

გასული საუკუნის მეორე ნახევარში გერმაული “ხეკლერ&კოხი” იყო დაკავებული ძალიან საინტერესო იარაღების შექმნით. ისინი ექსპერიმენტირებდნენ სხვადასხვა დიზაინებით და ტექნიკური გადაწყვეტილებებით. წარმოებაში გაშვებული უმეტესობა მათი იარაღი დროთა განმავლობაში გამოდიოდა მაგალითად წარმატებული, როგორც პირველი პისტოლეტი პოლიმერის ჩარჩოთი P09, ნაწილი გამოდიოდა არც ისე წარმატებული, როგორც პისტოლეტი VP70, ნაწილი კი დროთა განმავლობაში ხდებოდა უბრალოდ ლეგენდარული, როგორიც მაგალითად  H&K MP-5 ან ამ კვირის ჩვენი იარაღი – 9მმ-ნი ავტომატური პისტოლეტი – PSP/P7M8. მართლაც, რომ დავუფიქრდე მე არ მეგულება სხვა იარაღი, რომელიც თავის კონსტრუქციაში მოიცავდა ამდენ თამამ ტექნიკურ გადაწყვეტილებას და ამავდროულად გახდებოდა კომერციულად წარმატებული. უფრო მეტიც ძალიან ბევრი ავტორიტეტული ექსპერტი თვლის, რომ H&K P7 ყველა დროის ყველაზე საუკეთესო 9მმ-ან პისტოლეტია.

ახალი პისტოლეტი იქმნებოდა გერმანული პოლიციის დაკვეთით და აქიდან მოდის მისი პირველი სახელწოდება – PSP (Polizei Selbstlade Pistole, პოლიციური თვითდამტენი პისტოლეტი). ამ სახელით პისტოლეტი გამოდიოდა ორი წელი, რის შემდეგაც მას დაერქვა P7M8 (M-Magazincapazitat – მჭიდის ტევადობა, ამ შემთხვევაში 8 ვაზნა).   იმისთვის, რომ პისტოლეტი ჩამჯდარიყო მკაცრ მოთხოვნებში, რომლებიც უკავშირდებოდა წონას, გერმანელმა ინჟინერებმა აირჩიეს უჩვეულო ავტომატიკის სქემა, რომელიც იყენებდა დენთის აირების ენერგიას საკეტის დამუხრუჭებისთვის, იმ მომენტამდე სანამ ტყვია დატოვებდა ლულას და წნევა ლულაში დავარდებოდა უსაფრთხო მაჩვენებლებამდე, რის შემდეგაც ხდებოდა საკეტის გახსნა და მასრის ექსტრაქცია. დენთის აირების აღება ხდებოდა ნასვრეტიდან ლულაში, რომელიც პირდაპირ სავაზნის წინ იყო განლაგებული, ხოლო ლულის ქვეშ განლაგებული იყო დგუში რომელსაც დენთის აირები აწვებოდა და არ აძლევდა საკეტს გახსნის საშუალებას. ასეთმა სქემამ გაამარტივა იარაღის კონსტრუქცია და მისი წარმოება (ლულა დაფიქისირებულია ჩარჩოზე და არ მოძრაობს, საკეტი გამოვიდა მსუბუქი და კომპაქტური) ხოლო წონამ მიუხედავად მთლიანად ფოლადის კონსტრუქციისა შეადგინა მხოლოდ 785 გრ. გარდა ამისა P7 ასევე იყო ერთ-ერთი თუ არა ყველაზე პირველი პისტოლეტი ლულის პოლიგონალურ ღარიანი არხით. კიდევ ერთ საინტერესო პისტოლეტის სავაზნის კედლებზე შესრულებული იყო ე.წ. “რეველის ღარები”, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დენთის აირების წნევით მოხვედრას სივრცეში მასრის და სავაზნის კედლებს შორის რაც აადვილებდა ექსტრაქციას.

CCP_P7_PISTONS-900x496

ხეკლერ&კოხის კონკურენტმა „ვალტერმა“ არც ისე დიდიხნის წინ გამოიყენა ანალოგიური ავტომატიკის სქემა თავის უახლეს CCP-ში

ამით უჩვეულო და ინოვააციური გადაწყვეტილებების სია არ მთავრდება. P7-ს გააჩნდა უჩვეულო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც პირველად დააპატენტა ვინმე ალან ვუდროფმა, ჩიკაგოში 1918 წელს. იმისთვის, რომ პისტოლეტიდან განახორციელოთ გასროლა უნდა შეკუმშოთ მისი ტარი, ტარის მოძრავი წინა ნაწილი შეიწევა უკან და ნაწილობრივ შეაყენებს საბრძოლო ზამბარას, ხოლო სასხლეტზე დაჭერა გაათავისუფლებს დამრტყმელს და მოხდება გასროლა. თავისებურება ამ სისტემის ის არის, რომ ტარის შეკუმშვისთვის საჭიროა 6-7 კილოგრამის ტოლი ძალის დატანება, მაგრამ როგორც კი ტარი ბოლომდე შეიკუმშება საჭიროა მხოლოდ 500 გრამის ტოლი ძალა, რომ იარაღი ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში გეჭიროთ ხელში. ხელს გაუშვებთ თუ არა იარაღი ისევ დაბრუნდება უსაფრთხო მდგომარეობაში. თუ საკეტი დაფიქსირებულია ღია მდგომარეობაში, სახელურის შეკუმშვა გამოიწვევს მის გათავისუფლებას და დაკეტვას.  ასე რომ გამოდის, რომ თქვენ გაქვთ იარაღი მშვენიერი ერთმაგი მოქმედების სასხლეტით, რომლის შეყენებისთვის (საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისთვის) საკმარისია ის ხელში აიღოთ და ხელი მოუჭიროთ, ხოლო თუ ხელს აუშვებთ იარაღი ავტომატურად ბრუნდება უსაფრთხო მდგომარეობაში. თუ სტრესში აგერიათ თანმიმდევრობა, პრობლემა არ არის. ჯერ სასხლეტს რომ დააჭიროთ და მერე შეკუმშოთ ტარი, გასროლა მაინც მოხდება (თუ სასხლეტზე თითის დაჭერას განაგრძობთ).  რაიმე სხვა უსაფრთხოების ფუნქცია (მექანიკური მცველი) პისტოლეტს არ გააჩნია და არც ჭირდება. ჰეკლერ&კოხის მარკეტოლოგები ხაზს უსვავდნენ, რომ ახალ პისტოლეტს უნიკალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით არ ჭირდებოდა მექანიკური მცველი იმისთვის რომ ყოფილიყო აბსოლუტურად უსაფრთხო ვაზნით სავაზნეში.

P7_Stripped_Right-730x521

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის მექანიზმი სირთულით საათის მექანიზმს წააგავს, ის გამოდგა მუშა და საიმედო. მასად აიუბი თავის წიგნში აღწერს ტესტირებას, რომლის მიხედვითაც 80-ან წლებში ის თავის კურსებზე იყენებდა P07-ს, რომელმაც წმენდის გარეშე სხვადასხვა სტუდენტის ხელში გაისროლა 10 000 ვაზნა დაბრკოლების გარეშე.

მჭიდის საკეტელა P7-ზე განლაგებულია ტარის ძირში, როგორც მიღებული იყო იმ დროს ევროპულ პისტოლეტებზე, მაგრამ აქაც გერმანელებმა ნახეს ადგილი ინოვაციისთვის და იმისთვის, რომ მჭიდი გაათავისუფლოთ საკეტელა უნდა გაწიოთ არა უკან, როგორც მაგალითად “მაკაროვში”, არამედ მიწიოთ წინ, რაც უფრო მოსახერხებელი და სწრაფია. მოგვიანებით საკეტელა „ჩაიმალა“ ტარის შიგნით, რომ არ მომხდარიყო მჭიდის შემთხვევითი გათავისუფლება.

პისტოლეტის დაშლა ძალიან ადვილია. იმისთვის რომ მოხსნათ მას საკეტი საკმარისია დააჭიროთ პატარა ღილაკს ჩარჩოს უკანა მარცხენა ნაწილში, ოდნავ გამოწიოთ საკეტი უკან და ზევით. იარაღი მზად არის წმენდისთვის. ანალოგიური გადაწყვეტილება მე შემხვედრია გერმანული Ortgis-ის სისტემის პისტოლეტზე, რომელიც გამოვიდა 1919 წელს.

1976 წლიდან 1981 წლამდე ხეკლერ&კოხი დაკავებული იყო გერმანული პოლიციისთვის  ახალი პისტოლეტის მიწოდებით და ის სამოქალაქო ბაზარზე არ იყიდებოდა.  1986 წელს პისტოლეტით დაინტერესდნენ აშშ-ში, კონკრეტულად ნიუ ჯერსის პოლიციის დეპარტამენტმა ისურვა პისტოლეტის შეძენა, მაგრამ იმ პირობით რომ მჭიდის საკეტელას ნაცვლად, გამოყენებული იქნებოდა ტრადიციულ ადგილას განლაგებული ღილაკი. ვინაიდან ტარის მოძრავი წინა ნაწილის გამო ღილაკის განლაგება იყო შეუძლებელი, ჰეკლერ7კოხში გადაწყვიტეს ორმხრივი ბერკეტის მაგვარი ნაწილის ინტეგრირება კონსტრუქციაში. ასე გაჩნდა ხეკლერ&კოხის საფირმო სპეციფიური საკეტის ღილაკი თუ ბერკეტი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბევრ სხვა ამ კომპანიის პისტოლეტში.

PSP იყენებდა ერთ რიგიან 8 ვაზნიან მჭიდს, მოგვიანებით გაჩნდა მოდელი P7M13 13 ვაზნიანი ორ რიგიანი  მჭიდით. ასევე გამოვიდა მოდელი გათვლილი ძლიერ .40S&W-ზე, რომელიც მაინცდამაინც არ გახდა პოპულარული რიგი მიზეზების გამო, რომელთა დასახელება ცდება ამ სტატიის ფორმატს.  სხვა გაუმჯობესებებს რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტის ქვედა ნაწილი ხურდებოდა ინტენსიური ცეცხლის წარმოების დროს, ჩარჩოს დაემატა პლასტმასის დამცავი ფარი, რომელიც იცავდა ხელს სიცხისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტი იყენებდა ფიქსირებულ ლულას, ადვილად იყო შესაძლებელი ამ პისტოლეტის ადაპტაცია სხვადასხვა კალიბრებზე. მოდელი P7K3, პისტოლეტი მარტივი,  თავისუფალი საკეტით გამოდიოდა ქარხნულად სამ  კალიბრზე 9mm Kurz (.380), 7.65mm (.32) და .22 LR და მსროლელს შეეძლო საკუთარი ძალებით პისტოლეტის კონვერტაცია.

მთლიანობაში P7M8 გამოვიდა, კომპაქტური, მსუბუქი, გამძლე, ზუსტი მაგრამ საკმაოდ ძვირი (ამდენი კვლევა-განვითარებისთვის საჭირო იყო ბევრი ფული). გარდა ამისა პისტოლეტი გამოირჩეოდა მშვენიერი სროლისუნარიანობით. ამას განაპირობებდა დაბალი ლულის ღერძი, ოპტიმალური ტარის კუთხე (110 გრადუსი), დაბალი უკუცემა, კარგი ერგონომიკა, კარგი სასხლეტი და უჩვეულოდ (იმ პერიოდისთვის) დიდი და შესაბამისად კარგად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები. ორ რიგიანი P7M13 ასევე იყო პოპულარული, თუმცა  უფრო სქელი ტარის გამო ისეთი სამაგალითო ერგონომიკით არ გამოირჩეოდა.

პისტოლეტი გამოდიოდა არც მეტი არც ნაკლები  32 წელი, 1976 წლიდან 2008 წლამდე და 19 ქვეყანაში იქნა მიღებული ჯარის და პოლიციის შეიარაღებაში. 90-ან წლებში ამ პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა საქართველოშიც იყო შემოტანილი და გაიყიდა სამოქალაქო ბაზარზე.

p7okob

2016 წელს გერმანიაში, ოქტობერფესტზე გადაღებული კადრები, რომლებიც ადასტურებენ რომ P7 ისევ მსახურობს გერმანულ პოლიციაში.

კვირის იარაღი – P-35 “Hi-Power”

Friday, February 9th, 2018

EDMONTON, ALTA.: AUGUST 19, 2010 -- in Edmonton on August 19, 2010. (Ryan Jackson / Edmonton Journal).

წელს „ბრაუნინგმა“ ზედმეტი ხმაურის გარეშე, თავის ვებ-გვერდზე მიაწერა „ჰაი პაუერის“ პისტოლეტს – „ამოღებულია წარმოებიდან“ და ამით აუწყა ყველას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობადი პისტოლეტის წარმოება შეწყვიტა. P-35 იგივე „ჰაი პაუერი“ 1935 წლიდან გამოდიოდა და იყო პირველი დიდი ტევადობის საბრძოლო 9მმ-ნი პისტოლეტი, რომელიც თავისი მაღალი საბრძოლო თვისებების გამო, მიღებულ იქნა შეიარაღებაში 90-ზე მეტ ქვეყანაში.

პისტოლეტი გამოირჩევა მარტივი მოწყობილობით და შედარებით მოკრძალებული გაბარიტებით, რითიც გამოჩენისთანავე განსხვავდებოდა ყველა სხვა ანალოგიური დანიშნულების იარაღებისგან. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის სტანდარტული ორ რიგიანი  მჭიდის ტევადობა შეადგენს 13 ვაზნას, პისტოლეტი მაინც ძალიან თხელია. მიზეზი ამისა არის მისი კონსტრუქციული თავისებურება, საწევი, რომელიც გადაცემს სასხლეტის მოძრაობას განლაგებულია არა ჩარჩოში, არამედ პისტოლეტის საკეტში, როგორც ერთგვარი მხარიხე. ამის წყალობით პისტოლეტის ჩარჩო ძალიან თხელი გამოვიდა. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის, რის გამოც კონსტრუქცია ასევე ძალიან მარტივია.

პისტოლეტი იყენებს ჯონ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას მაგრამ ამჯერად საკიდის გარეშე, როგორც M1911-ში. უკვე შემდგომ გაჩნდება კიდევ უფრო დაწვეწილი  და ტექნოლოგიური ე.წ. „მოდიფიცირებული ბრაუნინგის სქემა“, სადაც ამჯერად  ლულის დაწევა მოხდება არა ჩარჩოში გაყრილი ღერძით და სავაზნის ქვეშ განლაგებული „ყურწით“ არამედ ლულაზე განლაგებული დიდი ზომის შვერილებით და ჩარჩოში განლაგებული მასიური ჩამკეტი ბლოკით. აღნიშნული სქემა იმდენად გამძლე გამოდგა, რომ დღემდე გამოიყენება ავტომატური პისტოლეტების აბსოლუტურ უმეტესობაში.

პისტოლეტი, როგორც ეს მიღებული იყო იმ დროს, მთლიანად ფოლადისგან არის შესრულებული და მისი წარმოების პერიოდში, სამჯერ განიცადა მცირე მოდერნიზაცია და შესაბამისად არსებობს სამი მისი თაობა. მიუხედავად მცირე ცვლილებებისა, მისი ძირითადი ნაწილების მოწყობილობა და კონსტრუქცია პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად სრულყოფილად შეასრულეს კონსტრუქტორებმა მათზე დაკისრებული დავალება.

რაც შეეხება კოსნტრუქტორებს, უნდა აღვნიშნო, რომ მე წავიკითხე რამდენიმე სტატია, რომელიც იუწყებოდა „ჰაი პაუერის“ წარმოების შეწყვეტაზე და ყველგან ახსენეს მხოლოდ გენიალური ჯონ მოზეს ბრაუნინგი, რომელიც უდაოდ იმსახურებს ქებას, მაგრამ „ჰაი პაუერის“ წარამტება არის “FN”-ის სხვა კონსტრუქტორის დამსახურება, ბელგიელი დიდიე სევის, რომელმაც აქცია ბრაუნინგის თავდაპირველი პროტოტიპი ისეთ პისტოლეტად, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ დღეს.  სამწუხაროდ დიდიე სევის სახელი არც ერთ სტატიაში მე არ შემხვდა, არა და მისი როლი „ჰაი პაუერის“ შექმნაში არის ძალიან დიდი.

hpprot

ბრაუნინგის მიერ შექმნილი „ჰაი პაუერის“ პროტოტიპი.

ბრაუნინგის მიერ შექმნილი პისტოლეტი, რომელიც დახვეწა სევიმ, იყო დიდი ტევადობის პისტოლეტი შიდა დამრტყმელით. საოცარია, რომუკვე გასული საუკუნის 20-ან წლებში ბრაუნინგს ესმოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მომავლის პისტოლეტი.

ბუნებრივია ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ შეწყდა ამ პისტოლეტის წარმოება თუ ის ასეთი კარგია? ამის ბევრი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ძნელია აიძულო მყდველს გადაიხადოს 1000 დოლარი პისტოლეტში ფოლადის ჩარჩოთი და ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, სწორედ ამდენი ღირს ის ევროპაში და ამერიკაში. გარდა ამისა,  „ჰაი პაუერს“ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პისტოლეტს ქონდა გარკვეული ნაკლოვანებები. ზოგს არ მოწონდა მჭიდის მცველი (მოხსნილი მჭიდით პისტოლეტი არ გაისვრის), მცველის განლაგება და მისი ზომები. გარდა ამისა 30-ან წლებში გამოშვებული მისი „თხელი“ და მსუბუქი კონსტრუქცია ცუდად იტანდა თანამედროვე „ცხელ“ 9მმ-ან მუხტებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი წესით ქარხნულ კონფიგურაციაშიც უნდა იყოს კარგი და ადვილად კეთდებოდეს საასპარეზო სასხლეტად, გამოყენებული სქემის გამო, საკეტში განლაგებული მხარიხეთი, სასხლეტი არის საკმაოდ მძიმე, ხოლო მისი დაყვანის/გაუმჯობესების საიდუმლოება ცნობილია, თუნდაც ამერიკაში, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ძველი სკოლის ოსტატებისთვის.  ტარის და ჩახმახის ფორმა ისეთია, რომ მსროლელი დიდი ხელებით მიიღებს ტიპიურ „ჰაი პაუერის“ ნაკბენს, როდესაც კანის ნაკეცი მოხვდება ჩარჩოსა და შეყენებულ ჩახმახს შორის. ასე, რომ ბუნებრივია, რომ ამდენი წლის შემდეგ, „ჰაი პაუერმა“ დაუთმო პოზიციები, უფრო ერგონომიულ, გამძლე პისტოლეტებს.

აღსანიშნავია, ისიც.რომ ქარხანა ლიეჟში (სადაც სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა ჯონ ბრაუნინგი) დაიხურა ჯერ კიდევ 2015 წელს. მიუხედავად ამისა „ბრაუნინგს“ დაჭირდა ორი წელი რომ ამოეყიდა დარჩენილი „ჰაი პაუერის“ პისტოლეტები. ეს ნათლად მეტყველებს, რომ, ინტერესი ამ პისტოლეტის მიმართ მკვეთრად შემცირებულია. „ბრაუნინგმა“ ცადა „ჰაი პაუერის“ გაუმჯობესება, მის ბაზაზე შექმნილი პისტოლეტებით, უფრო უკეთესი ერგონომიკით, ორმაგი მოქმედების სამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, მაგრამ არც ერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივიდა „ჰაი პაუერთან“ პოპულარობით და გაყიდული პისტოლეტების რაოდენობით. „ჰაი პაუერი“-ის კონსტრუქცია საფუძვლად ჩაედო უამრავ სხვა პისტოლეტს (СZ 75, Arcus 98). მის კლონებს ასევე ძალიან ბევრი ქვეყანა უშვებს. ასე, რომ ახლო მომავალში “ჰაი პაუერი” და მისი კლონები არსად არ გაქრება. თუ ვინმეს გაქვთ ეს პისტოლეტი, მოუფრთხილდით მას და ნუ იჩქარებთ მის გაყიდვას, იმიტომ, რომ მისმა ფასმა ავტომატურად უკვე მოიმატა.  ასეა თუ ისე ბრაუნინგის და სევის ამ ქმნილებამ დაიკავა თავისი ადგილი ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიაში.

Pic-19

დიდიე სევი თავის მეორე, არანაკლებ ცნობილი ქმნილების ნახაზთან ერთად

კვირის იარაღი “The Dissipator

Tuesday, November 21st, 2017

AR-15 არის, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სპეციალიზაცია და ამ სისტემის იარაღს ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ და ბევრი სტატიაც გვაქვს დაწერილი. ამჯერად კვირის იარაღი ასევე AR-15 ტიპის იარაღია, უბრალოდ საკმაოდ ორიგინალურ კონფიგურაციაში. ასეთი კონფიგურაციის იარაღები ცნობილია შეკრებითი სახელით „Dissipator“ („დისიპეიტორი“) რაც ქართულად ითარგმნება, როგორც გამტვერავი ან გამფანტავი. პირველი „დისიპეიტორი“ თავდაპირველად წარმოადგენდა სტანდარტულ შაშხანას, 12 ინჩიანი დენთის აირების სისტემით მაგრამ 20 ინჩიანი ლულა მოკლდებოდა 16/15 ინჩამდე.  პირველად ასეთი იარაღები დაფიქსირდა ვიეტნმაში 60-ან წლებში. ეს იყო კოლტის მოდელი 605 (პრაქტიკულად კოლტის პირველი მცდელობა ამ სისტემის კარაბინის გამოშვების) და ასევე კუსტარულად გადაკეთებული სტანდარტული M16-ები. ბუნებრივია ლულების დამოკლება ასეთ იარაღზე ხდებოდა მათი გადაჭრით წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზის წინ. აღნიშნული კეთდებოდა იმისთვის, რომ მიღებულიყო უფრო კომპაქტური იარაღი, ახლო მანძილებზე ბრძოლებში გამოსაყენებლად. რა თქმა უნდა ასეთი გადაკეთებები მასიურ ხასიათს არ ატარებდა, ვინაიდან ეს ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ქონების დაზიანებად და გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან რომ ტყვია დენთის აირების ნასვრეტის გავლის შემდეგ მალევე ტოვებდა ლულას, ეს ცვლიდა წნევის მაჩვენებლებს და იარაღი უბრალოდ ვერ იღებდა საჭირო წნევას საჭირო დროის განმავლობაში, რაც ნეგატიურად აისახებოდა მის საიმედოობაზე.

605-22-713x401

Colt 605

უკვე შემდგომ ამერიკულმა „ბუშმასტერმა“ გამოუშვა იგივე კონფიგურაციის იარაღი განკუთვნილი სამოქალაქო ბაზრისთვის, მაგრამ ამჯერად შესრულება იყო განსხვავებული, სტანდარტული სიგრძის სქელი ტიბჟირის ქვეშ იმალებოდა მოკლე 7 ინჩიანი დენთის აირების სისტემა და მის წინ იყო განლაგებული დამატებით სტანდარტული სამიზნე მოწყობილობის ბაზა, რომელიც ამჯერად აღარ ასრულებდა დენთის აირების ბლოკის ფუნქციას და მხოლოდ  ასრულებდა ბაზის ფუნქციას წინა სამიზნე მოწყობილობისთვის.

 Spikes-GMP

ასე გამოიყურება “ბუშმასტერ დისიპეიტორის“ დენთის აირების სისტემა ამჯერად Spike-ის შესრულებით.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა რა უპირატესობებს სთავაზობს ასეთი კონფიგურაცია მსროლელს. რა თქმა უნდა ეს არის მცირედით მაგრამ ამინც შემცირებული იარაღის მასა და სამიზნე ხაზის სიგრძის შენარჩუნება მიუხედავად უფრო მოკლე ლულისა. ბუშმასტერმა თავის იარაღი გამოუშვა 90-ნი წლების დასაწყისში, მაშინ ოპტიკური სამიზნეები ისე ფართოდ არ იყო გავრცელებული და შესაბამისად გრძელი სამიზნე ხაზი ნიშნავდა უფრო მეტ თანდაყოლილ სიზუსტეს რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში. გარდა ამისა ბუშმასტერის „დისიპეიტორები“ იყენებდნენ სქელკედლიან ლულას, სქელ ტიბჟირს მასიური სიცხისგან დამცავი ფარებით რაც ეფექტურად „ფანტავდა“ სიცხეს და ერთ-ერთი ვერსიით ამ თვისებამ განაპირობა სახელწოდების არჩევაც. შემცირებულ მასას რაც შეეხება აღნიშნული აქტუალურია მხოლოდ ნამდვილი „დისიპეიტორებისთვის“ რომლებიც იყენებდნენ ერთ დენთის აირების ბლოკს. კიდევ ერთი უპირატესობა იყო გრძელი ტიბჟირი რომელიც უფრო მოსახერხებელი იყო და ასევე ქონდა მეტი ადგილი სხვადასხვა მოწყობილობების დასაყენებლად.

„დისიპეიტორები“ ორიგინალურ კონფიგურაციაში (ერთი დენთის აირების ბლოკით) დღემდე გამოდის და საიმედოობის პრობლემა მოგვარებულია დენთის აირების ნასვრეტის დიამეტრის გაზრდით. მიუხედავათ ამისა, მომხმარებლების აზრით უკუცემის იმპულსი ასეთ კონფიგურაციაში მაინც გაცილებით ნაკლებია ვიდრე 7 ინჩიანი, კარაბინის სიგრძის დენთის აირების სისტემის გამოყენების შემთხვევაში. ასევე შემცირებულია მოძრავი ნაწილების სიჩქარე რაც დადებითად აისახება იარაღის რესურსზე. მცირე უკუცემის იმპულსის გამო, ასეთი კონფოგურაციის იარაღები გვხვდება სპორტსმენი მსროლელების ხელებში და ეს იარაღების წარმოადგენენ მაღალი კალსის სპეციალიზირებული სპორტული იარაღების ნიმუშებს. როგორც ჩანს „დისიპეიტორებს“ კვლავ ყავს თავისი მოყვარულები და დღემდე ამ კონფიგურაციის იარაღებს უშვებენ მაგალითად იგივე Bushmaster, ასევე Del-Ton, Windham Weaponry, PSA და ასე შემდეგ. კიდე უფრო მეტი კომპანია უშვებს “დისიპეიტორის” კონფოგურაციის ლულებს, რაც ნიშნავს რომ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი იარაღის საკუთარი ძალებით აწყობა.

moderndiss

თანამედროვე “დისიპეიტორი”