H&K USP გამადიდებელი შუშის ქვეშ

14724651_2178335599057643_1144398430616544778_n

დიახ, დიახ, ჩვენი მორიგი ტესტირების და შეფასების ობიექტი ამჯერად ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი H&K USP 9 არის, 9მმ-ნი სრული ზომის პისტოლეტი გერმანიიდან. ჩემი პირველი “ხეკლერ&კოხის” წარმოების იარაღი, პისტოლეტი ასევე 9მმ-ნი USP Compact Stainless მე შევიძინე ჯერ კიდევ 2006 წელში და მაშინ არც ვფიქრობდი, თუ ოდესმე დავიწყებდი იარაღებზე წერას. პისტოლეტი მერგო მე 1500 დოლარად. იმ პერიოდისთვის ეს იყო საკმაოდ მოკრძალებული ფასი ასეთ იარაღში. პირველი სტატია (ინტერნეტ ფორუმისთვის) რომელიც მე მიუძღვენი USP-ს პისტოლეტებს მე დავწერე ჯერ კიდევ თუ არ ვცდები 2007-ში, მაშინაც ბლოგი იარაღებზე ჯერ იდეის დონეზეც არ არსებობდა. მას მერე ბევრი დრო გავიდა ისევე, როგორც მე მქონდა ბედნიერება ახლოს გამეცნო “ხეკლერ&კოხის” სხვა პისტოლეტებიც და მოდელ USP-ს და USP Compact-ს დაემატა მოდელები “Expert” .40S&W კალიბრში, “Tactical” .45ACP კალიბრში, ორივე “საასპარეზო” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით, ასევე 9მმ-ნი P2000, “LEM” ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით აღჭურვილი. დაგროვილი გამოცდილების ფონზე დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ წარმოგიდინოთ ამ პისტოლეტის უფრო ობიქტური და ზუსტი შეფასება, რომელიც დააინტერესებს როგორც ამ იარაღის მფლობელებს ასევე ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულებს. კომფორტულად მოთავსდით მონიტორების წინ იმიტომ, რომ ცოტახანში ძალიან ბევრ  საინტერესო რამეს მოისმენთ ამ იარაღზე.

2006-ში, როდესაც მე ჩემი პირველი  ”ხეკლერ&კოხი” შევიძინე ის ჯერ კიდევ ითვლებოდა შედარებით ახალ იარაღად, მაგრამ ეხლა 2016 წელს ის უკვე წარმოადგენს საბრძოლო პისტოლეტის ნამდვილ კლასიკურ მოდელს. რას ნიშნავს კლასიკური პისტოლეტი? ჩემი აზრით ეს ისეთი პისტოლეტია, რომლის საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებები იმდენად კარგი გამოდგა რომ მრავალი წლის შემდეგ ის კვლავ ღირსეულად გამოიყურება უფრო თანამედროვე ანალოგებთან შედარებით და კვლავ შეუძლია შესთავაზოს მსროლელს ისეთი რამე რასაც ვერ ან იშვიათად თუ ნახავთ ბევრ სხვა ისევ და ისევ უფრო თანამედროვე იარაღში.

რაც შეეხება თარიღებს, “ხეკლერ&კოხში” ახალ პისტოლეტზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1989 წელს, იმავე წელს აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა გამოაქვეყნეს მოთხოვნა ახალ პისტოლეტზე ფორმალიზებული OHWS პროგრამის ფორმით (Offensive Handgun Weapon System, თავდასხმითი პისტოლეტის შეიარაღების სისტემა). მუშაობა ორ პროექტზე ხეკლერ&კოხში პარალელურად მიმდინარეობდა და უკვე 1992 წელს USP-ს პისტოლეტმა საბოლოო ფორმა მიიღო, მას მერე რაც  დასრულდა OHWS-ის პროგრამის საგამოცდო ნაწილი, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაბამისად დაიხვეწა USP-ს პროტოტიპის კონსტრუქცია. უკვე 1993 წლის იანვარში, აშშ-ში „შოტ შოუზე“ “ხეკლერ&კოხმა” ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი პისტოლეტი დარქმეული როგორც “USP”   (USP –Universale Selbstlade Pistole, უნივერსალური თვით-დამტენი პისტოლეტი),  ხოლო 1996 წელს მიაწოდა აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობას მათთვის შექმნილი Mk23 Mod 0 ტიპის პისტოლეტები, რომელმაც დაამარცხა კოშმარული “კოლტის” მიერ წარმოდგენილი პროტოტიპი და  გაიმარჯვა კონკურსში.

or70x42

Colt OHWS წარმოადგენდა M1911, All American 2000 და Double Eagle-ის ჰიბრიდს, ერთდროულად საინტერესო და საკითხავი ტექნიკური გადაწყვეტილებებით. 

ეს მნიშვნელოვანი ფაქტი USP-ს შექმნის ისტორიიდან გარკვეულ წილად ხსნის იმ გამოყენების ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ის იყო ჩაფიქრებული, ანუ გამძლე სამსახურეობრივი იარაღი, დიდი რესურსით და მაღალი საიმედოობით. გარდა ამისა დარწმუნებული ვარ “ხეკლერ&კოხის” ხელმძღვანელობას არ ესიამოვნებოდა ავსტრიული “გლოკის” წარმატება, რომელიც იყენებდა ტექნოლოგიას , რომელიც პირველად გამოიყენა სწორედ  ”ხეკლერ&კოხმა”, ვგულისხმობ რა თქმა პისტოლეტის ჩარჩოს დამზადებულს დარტყმა გამძლე პოლიმერისგან. თავისი დროისთვის USP იყო გარკვეულწილად ინოვაციური იარაღი, მაგრამ ამავე დროს ამ კომპანიის სხვა პროდუქტებთან შედარებით უფრო ნაკლებად ორიგინალური და თამამი დიზაინის მქონე. ამჯერად ის იყენებდა მეტ წილად, დროით გამოცდილ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს. ინოვაციურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს იყო პირველი პისტოლეტი კომპოზიტური ჩარჩოთი, რომელიც ამავე დროს იყენებდა დროით გამოცდილ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, გარედან განლაგებული ჩახმახით. ახალი პისტოლეტი იყო ხელმისაწვდომი 9 ვარიანტში, მცველის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და დეკოკერის სხვადასხვა კომბიანციებით, რომელთა დაყენება შესაძლებელი იყო ნებისმიერ USP-ზე შესაბამისი დეტალების გამოცვლით, რაც ასევე იყო ონოვაცია. შექმნილი მეტ წილად ამერიკული ბაზრისთვის პისტოლეტი იყენებდა მექანიკურ მცველს, რომელიც განლაგებული იყო ჩარჩოს მარცხენა უკანა მხარეს, როგორც ამერიკელებისთვის საყვარელ M1911-ზე და ისევე, როგორც M1911-ზე შესაძლებელი იყო მისი ტარება შეყენებული ჩახმახით, მცველზე დაყენებული.  პირველად პისტოლეტის სტანდარტულ ოფციას წარმოადგენდა ჩარჩოზე შესრულებული უნივერსალური სამაგრი, რომელიც გათვლილი იყო ასევე “ხეკლერ&კოხის” წარმოების ფარანზე. მოგვიანებით სხვა კომპანიებმა მიბაძეს “ხეკლერ&კოხს” და ჯერ საკუთარი სტანდარტის და შემდგომ უნიფიცირებული სამაგრები გახდა ტაქტიკური პისტოლეტის განუყრელი ნაწილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქსესუარების დაყენების ოფცია ჩარჩოზე შესრულებული სამაგრის გამოყენებით ერგო USP-ს OHWS პროგრამისგან. განსხვავებით “ხეკლერ&კოხის” სხვა პისტოლეტებისგან (P7, P9, VP70) USP იყენებს ტრადიციულ და ნაცად მოდიფიციფრებულ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას და “ხეკლერ&კოხის” დაპატენტებულ ბუფერს, რომელიც ამცირებს უკუცემას და შესაძლებელს ხდის შეზღუდვების გარეშე გამოიყენოთ ნებისმიერი სიმძლავრის შესაბამისი კალიბრის მუხტები. აღნიშნული ბუფერი მხოლოდ სრული ზომის პისტოლეტებშია, USP Compact იყენებს ზამბარაზე ჩამოცმულ პლასტმასის მრგვალ ბუფერს, რომელიც ისეთი ეფექტურობით არ გამოირჩევა, როგორც მექანიკური. რა თქმა უნდა USP ტრადიციულად გერმანული იარაღისთვის გამოირჩეოდა შესრულების მაღალი ხარისხით.

მე ვერ ვიტყვი რომ USP-ს ოჯახს ხვდა წილად ისეთივე წარმატება, როგორც “გლოკს”.  ვერც იმას ვიტყვი რომ ეს პისტოლეტი თუნდაც ღირსეულ კონკურენცას უწევდეს ავსტრიულ პისტოლეტს. თავიდან “ხეკლერ&კოხმა” სცადა USP-ს აგრესიული რეკლამირება ამერიკულ ბაზარზე მაგრამ იმის თქმა რომ პისტოლეტის დიდი პოპულარობა მოიპოვა იქნებოდა გადამეტება. ამის მიზეზი იყო პისტოლეტის დიდი ფასი (იმ დროს გერმანული მარკის დოლართან მიმართებაში კურსით განპირობებული), პისტოლეტის დიდი ზომები, რის გამოც ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა მსროლელების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ქალებისთვის და ალბათ ასევე მჭიდის ღილაკის უჩვეულო კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ამერიკელების გემოვნებას. გამოყენებული ჩაკეტვის სქემა იყო “ნელი” ხოლო ლულის ღერძი შედარებით მაღალი რაც არ მოეწონა სპორტსმენებს. “ხეკლერ&კოხმა” სცადა ვითარების გამოსწორება კომპაქტური მოდელის გამოშვებით და იმისთვის, რომ პისტოლეტის ტარი შეთხელებულიყო გამოიყენა უფრო თხელი მეტალის მჭიდი. USP Compact მართლაც გამოვიდა უფრო ერგონომიული მაგრამ დაიკარგა მჭიდების თავსებადობა სრული ზომის და კომპაქტურ USP-ეებს შორის. ამერიკელი ძალოვნები ასევე გულგრილად შეხვდნენ ახალ პისტოლეტს და რეალურად “ხეკლერ&კოხმა” მას მერე მიიღო მსხვილი შეკვეთები, რაც წარმოადგინა LEM ტიპის მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. მე მქონდა საშუალება გამომეცადა ეს სასხლეტი და ის მართლაც სთავაზობს ტრადიციულ მხოლოდ ორმაგ მოქმედების სასხლეტებთაბ შედარებით მოკლე სვლას, ის ასევე მსუბუქია და აქვს მოკლე რესეტი. იმ პერიოდში ამერიკელ ძალოვნებს ქონდათ ძლიერი ალერგია “შეყენებული” პისტოლეტების მიმართ და ამიტომაც მოიწონეს “ხეკლერ&კოხის” გადაწყვეტილება და ამ კომპანიის პისტოლეტებმა გაიკვლიეს გზა აშშ-ის ძალოვან სტრუქტურებში. ბედის ირონიით არც Mk23 არ გახდა ფავორიტი სპეცრაზმელებს შორის. “ხეკლერ&კოხმა” ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას და შექმნა ზუსტად ის რაც მას სთხოვეს, “სუპერ პისტოლეტი” მაგრამ ჩაიჭრა თავად დამკვეთი, რომელმაც დაუშვა შეცდომა მოთხოვნების შედგენაში და შედეგად მიიღო იარაღი, რომელიც სპეცრაზმელებს არ ჭირდებოდათ. ზე-გამძლე, ზე-ზუსტი Mk23 გამოდგა ზედმეტად დიდი და მძიმე და ძალიან შეზღუდული გამოყენება ნახა.

დიდი და ძვირი, USP გამოირჩეოდა შესაშური სიზუსტით და საიმედოობით და გერმანელებისთვის ტრადიციული მაღალი ხარისხით, რის გამოც ამერიკაში პისტოლეტს გაუჩნდა ერთგული ფანატების პატარა არმია, რომელიც გაერთიანდა კლუბებში და ფორუმებზე და მათი წყალობით კომპანიამ მოიკიდა ფეხი ამერიკულ ბაზარზე. საქართველოში ხეკლერ&კოხის პისტოლეტების იმპორტი რეგულარულად ხდებოდა და ეს პისტოლეტი ასევე სარგებლობს პოპულარობით ჩვენ ქვეყანაში და მას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. როგორც ამერიკაში, საქართველოშიც “ხეკლერ&კოხის” პისტოლეტები ძალიან ძვირი ღირს.

p1070779

USP-ს „ფარფლებიანი“ მჭიდის ჩამკეტით, გამოყენებული პირველად H&K P7-ზე,  ჯერ გახდა  ხეკლერ&კოხისის და შემდგომ ცალკეული „ვალტერის“ პისტოლეტების საფირმო ნიშანი.

ეხლა მოვიდა დრო  H&K USP შევაფასოთ ჩვენს მიერ შემუშავებული საბრძოლო იარაღის შეფასების 8 კრიტრეუმით, რომლებიცაა: უსაფრთხოება, საიმედოობა, გამძლეობა, კოსნტრუქციული სიმარტივე, სიზუსტე, სროლისუნარიანობა და ნამსახურეობა.

უსაფრთხოების მხრივ USP აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის, მცველის და დეკოკერის კომბინაციების 9 ვარიანტი იძლევა საშუალბას აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კონფიგურაცია.  გარდა ოფციონალური მექანიკური მცველისა, პისტოლეტი აღჭურვილია ასევე დამრტყმელის მცველით, რომელიც გამორიცხავს გასროლას თუ სასხლეტზე არ არის თითი დაჭერილი. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების ფუნქცია (half-cock). პისტოლეტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, რომლებიც მათ შორის გულისხმობდა ყველა მხარით, 1.80 მეტრიდან ბეტონის ზედაპირზე პისტოლეტის დაგდებას შეყენებული ჩახმახით და ვაზნით სავაზნეში. დამატებით პისტოლეტის ექსტრაქტორი მარკირებულია წითელი საღებავით რომელიც ხდება ხილვადი, როდესაც ვაზნა სავაზნეშია თუმცა ამ საკითხავი ეფექტის მქონე “სისტემის” ნდობას არ გირჩევთ, ვინაიდან ნამწვავი და ჭუჭყი შეუძლებელს ხდის ზუსტად დაადგინოთ ცარიელია სავაზნე თუ არა.  პისტოლეტი ასევე დაცულია გასროლისგან თუ საკეტი ბოლომდე არ არის დახურული.  როგორც ხედავთ პისტოლეტის კონსტრუქცია საკმარისად უსაფრთხოა და მას აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტს.

კონსტრუქციული სიმარტივის მხრივ USP ერთის მხრივ ადვილად იშლება რეგულარული მომსახურებისთვის, მაგრამ ამავე დროს საკეტი აწყობილია ხვეული პინებით, რომლების ამოგდებაც ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტს. იგივე ეხება პისტოლეტის მექანიზმს, რომლის ბოლომდე დაშლა სულაც არ არის ადვილი. ჩემი სუბიექტური შეფასებით ამ მხრივ USP ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს გაკეთდა იმ გათვლით, რომ რეგულარულ (მინიმალურ) მომსახურებას მას ჩაუტარებდა მფლობელი ხოლო უფრო სერიოზული მომსახურება ან შეკეთება იქნებოდა მეიარაღის პრეროგატივა, ეს ტიპიური ევროპული მიდგომაა, რომელიც ხშირად გვხვდება დასავლეთ ევროპაში წარმოებულ კომერციულ იარაღში. რა თქმა უნდა ბევრი იტყვის, რომ საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელს შეიძლება არასდროს არ დაჭირდეს იარაღის მექანიზმის ან საკეტის დაშლა, მაგრამ ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ  დღეს მწარმოებლები ცდილობენ გამოუშვან მოდულური პისტოლეტები, რომლებიც გამოირჩევიან აქამდე არნახული კონსტრუქციული სიმარტივიდ ცალსახად მეტყველებს იმაზე რომ ეს თვისება არის მნიშვნელოვანი და სულაც არ არის ურიგო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ USP მექანიზმის (ჩარჩოს) და საკეტის დაშლის სირთულე ცალსახად არის ამ პისტოლეტის მინუსი. რაც შეეხება დეტალების თავსებადობას, USP არ საჭიროებს დეტალების მორგებას მათი გამოცვლისას. სამწუხაროდ კომპაქტური და სრული ზომის პისტოლეტები იყენებენ სხვადასხვა მჭიდებს რის გამოც კომპაქტურ მოდელზე არ მიდის სრული ზომის 15 ვაზნიანი მჭიდი, სამაგიეროდ სრული ზომის მოდელში მიდის “ექსპერტის” 18 ვაზნიანი მჭიდი, რომელიც იქნება ოდნავ გარეთ გამოშვერილი თუ სახელურზე არ დაყენდება მჭიდის “ძაბრი”.

uspdis11

USP დაშლილი გაწმენდისთვის

იარაღის დასაშლელად უნდა მოხსნათ მას მჭიდი, დარწმუნდეთ, რომ იარაღი განმუხტულია, გაწიოთ საკეტი უკან ისე რომ მასში ამოჭრილი ღარი გაუტოლდეს საკეტის შემაკავებელს, დააწექით ტყვიის თავით საკეტის შემაკავებლის ღერძს მარჯვენა მხრიდან და მარცხენა მხრიდან ის გამოაძრეთ. გაწიეთ საკეტი წინ, რომელიც მოცილდება ჩარჩოს. შემდეგ ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა ბუფერით და ღერძით (შესრულებულია როგორც ერთიანი დეტალი). ბოლოს ამოიღეთ ლულა. ბოლო დროს ბერვი მწარმოებელი ირწმუნება რომ მათი პისტოლეტები უფრო ადვილად იშლება ან ისე იშლება რომ საკეტი უკან უნდა გაწიო ისე რომ ვაზნა შიგნით შემთხვევით არ დაგრჩებათ, რაც უფრო უსაფრთხოა და ბლა ბლა ბლა. ეს ყველაფერი არის არიფზე გათვლილი სისულელეები. დაშლამდე ყველა პისტოლეტი უნდა განმუხტოთ და მერე კიდევ ერთხელ ვიზუალურად დარწმუნდეთ რომ ის ნამდვილად განმუხტულია, განურჩევლად იმისა თუ როგორ იშლება ის. ყველა პისტოლეტი რომელიც მე მინახია თუ არ ჩავთვლით ძალიან ძველ მოდელებს ადვილად იშლება და იწყობა, ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის საჭიროა ორი თუ სამი მოძრაობა. გამონაკლისი ალბათ არის სლოვაკური Grand Power K100 რომელიც რთული არ არის უბრალოდ უცნაური ალგორითმი აქვს დაშლის, უფრო სწორედ აწყობის. თუ კონკრეტულად არ იცი როგორ ააწყო, შეიძლება გაგიჭირდეს, თუ წინასწარ არ ნახე ინსტრუქცია ან შესაბამისი რგოლი „იუთუბზე“.

კიდევ ერთი კრიტერიუმია საიმედოობა და ამ მხრივ პისტოლეტს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია. USP უპრობლემოდ ინელებს ყველა ტიპის ტყვიით აღჭურვილ ვაზნებს, არც „ცხელი“ მუხტების გამოყენებაზე შეზღუდვა არ არის (ამაზე ცოტა უფრო ვრცლად მოგვიანებით). შექმნის სტადიაზე და  მისი ყიდვის მსურველების მიერ მოწყობილ მომდევნო გამოცდებში პისტოლეტმა გაიარა მრავალი ტესტი საიმედოობის ხარისხის დადგენის მიზნით. 10 000 – 20 000  გასროლა დაბრკოლების გარეშე არ წარმოადგენს პრობლემას ამ პისტოლეტისთვის, ისევე როგოც ექსპლუატაცია სიცხეში თუ ყინვაში. სამხედრო „ბექგრაუნდის“ იარაღისგან სხვა რამეს გარდა უკიდურესი საიმედოობისა არც უნდა ელოდო. ალბათ ძალიან ცოტა პისტოლეტი მოიძებნება, რომელმაც წარმატებით გაიარა ამდენი ტესტირება და გამოცდა, რომელთა მოთხოვნება ბევრად აღემატებოდა იმ მოთხოვნებს რომლებიც წაყენებულია კომერციული იარაღებისთვის. განიერი საექსტრაქციო ფანჯარა, მასიური ექსტრაქტორი, ვაზნის მიწოდების კუთხე ასევე უზრუნველყოფენ მაღალ საიმედოობას. ჩვენ გავსინჯეთ პისტოლეტში შემცირებული მუხტის მქონე ვაზნებით, რომელზეც მაგალითად არ მუშაობდა საიმედოთ Beretta Px4. USP-მ უპრობლემოდ მოინელა ეს ვაზნები თუმცა მასრები პრაქტიკულად იქვე, მსროლელის ფეხებთან ვარდებოდა.

გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტი შექმნილია პრაქტიკულად ამერიკელი სპეცრაზმელების მოთხოვნით უნდა ვივარაუდოთ რომ გამძლეობაში, რომელიც ჩვენი მორიგი კრიტერიუმია, USP მაღალ შეფასებას მიიღებს და ეს ასეც არის. აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის ერთ-ერთი მოთხოვნა მათ შორის იყო +P კატეგორიის ვაზნების ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა. ამისთვის H&K Mk23  და მისი უმცროსი ძმა USP აღჭურვილია მექანიკური უკუცემის ბუფერით, რომლის დანიშნულებაა უკუცმის იმპულსის შემცირება, რაც ნიშნავს რომ პისტოლეტი უპრობლემოდ გაუძლებს თუნდაც ყველაზე ცხელ მუხტებს და შესაბამისად მისი რესურსი სტანდარტული მუხტებით არის ძალიან დიდი.

რაც შეეხება დაცვას გარემოს ზემოქმედებისგან. პისტოლეტის საკეტი დამუშავებულია “ხეკლერ&კოხის” საფირმო დაფარვით HE (Hostile Environment) რომელიც იცავს პისტოლეტს ძირითად ნაწილებს ცვეთისგან და კოროზიისგან ხოლო საკეტის ზედაპირის სიმკვრივე ბევრად აღემატება დაუმუშავებელ ფოლადის სიმკვრივეს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები დაფარულია კომპანია Dow Corning-ის საფირმო დაფარვით “Molykote” რომელიც იცავს დეტალებს ცვეთისგან, კოროზიისგან და ამცირებს ხახუნის კოეფიციენტს. პისტოლეტის ანტიკოროზიული თვისებების გამოცდაში თავის დროზე მონაწილეობდნენ გერმანელი საბრძოლო მცურავებიც. პისტოლეტის ჩარჩო დარტყმა გამძლე პოლიმერის არის. “ხეკლერ&კოხი” იყო პიონერი პოლიმერების გამოყენებაში და სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის პირველი სერიული პისტოლეტები პოლიმერის ჩარჩოთი, P9 და VP-70.

dsc02984

სპეციფიური დამღა, რომელიც ირმის რქის ფორმის, ადასტურებს რომ პისტოლეტმა გაიარა შემოწმება დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, რომელიც განლაგებულია ულმში (Beschussamt Ulm) და ფუნქციონირებს 1952 წლიდან. ხეკლერ&კოხი ექსკლუზიურად სარგებლობს ამ ლაბორატორიის მომსახურებით, სადაც ყველა მისი პისტოლეტი ასევე გადის ტესტირებას საცდელი მუხტით რომელიც დაახლოებით 30% უფრო ძლიერია ვიდრე ყველაზე „ცხელი“ კომერციული თუ სამხედრო მუხტი. აღნიშნულ პროცედურას მიმართავენ ბევრი მაღალი კლასის მწარმოებლები, რომ დაადასტურონ მათი იარაღის ხარისხი და საიმედოობა. BF არის გამოშვების წელი, სადაც A=0, B=1, C=2 და ასე შემდეგ. შესაბამისად BF ნიშნავს 15-ს, ანუ იარაღი გამოშვებულია 2015 წელში. 

მოგეხსენებათ, როდესაც სცნაზე გამოჩნდა .40 S&W, ბევრმა მწარმოებელმა ცადა 9მმ-ნი პისტოლეტების ადაპტაცია .40 კალიბრისთვის და მალევე სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ. საქმე იმაშია, რომ .40 S&W „ოპერირებს“ გაცილებით მაღალი წნევებით, რაც დიდ დატვირთვას აყენებს პისტოლეტის კონსტრუქციას, მითუმეტეს თუ ის თავიდან იყო გათვლილი უფრო დაბალ წნევიან 9×19-ზე. მალე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის დაყენება არ არის საკმარისი და პისტოლეტების რესურსი და გამძლლეობა საგრძნობლად შემცირებული იყო 9მმ-ან მოდელებთან შედარებით. USP თავისუფალი იყო ამ კონსტრუქციული სისუსტეებისგან ვინაიდან თავიდანვე იყო გათვლილი .40 S&W-ზე (9mm-ნი ვერსიის გაყიდვა დაიწყო 1995 წელს) ხოლო მექანიკური ბუფერი დამატებით იცავდა პისტოლეტს დატვირთვისგან და უზრუნველყოფდა მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას დეტალების ზედმეტი ცვეთის და მათი ნაადრევად მწყობრიდან გამოსვლის გარეშე. ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ პისტოლეტს უნდა ქონდეს რესურსის საუკეთესო მაჩვენებელი კონკურენტებთან შედარებით.

hk-usp-expert-4

ცივად ნაჭედ ლულას (ლულის სიგრძე 108მმ), რომელიც დამზადებულია იგივე ფოლადისგან რომლისგანაც მზადდება ქვემეხების ლულები გააჩნია პოლიგონალური ხრახნები, რაც უზრუნველყოფს მაღალ რესურსს, სიზუსტეს და წმენდის სიადვილეს. ერთ-ერთი ტესტირებისას  USP-ს ლულის არხში  სპეციალურად გაჭედეს ტყვია და განახორციელეს გასროლა. პისტოლეტი დარჩა ფუნქციონალური ხოლო სიზუსტე მისაღები. ასეთი ჩაკეტვის სქემა პირველად გამოყეებული იქნა Peter-Stahl-ის სპორტულ პისტოლეტებში. 

მორგება ადაპტაცია შემდეგი კრიტერიუმია და ამ მხრივ გამომდინარე იქიდან რომ USP-ზე მუშაობა 80-ნი წლების ბოლოს დაიწყო და მისი ჩარჩო „მონოლითურია“,  მას არ გააჩნია ისეთი თანამედროვე მოდური ოფციები როგორიც არის ცვლადი ტარის პანელები ან საზურგეები. ადრე როდესაც პისტოლეტები და რევოლვერები იყენებდნენ ხის სახელურებს და პანელებს, სერიოზული მსროლელები ცვლიდნენ ქარხნულ დეტალებს შეკვეთით დამზადებულზე და ასე ირგებდნენ მათ თავის ხელზე. როდესაც გამოჩნდა პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტები, გარკვეული პერიოდი გავიდა სანამ “ვალტერმა” პირველად 1996 წელს გახადა შესაძლებელი
„პლასტმასის“ პისტოლეტის ადაპტაცია მსროლელის ხელზე, ცვლადი საზურგეების მეშვეობით. ამ ტენდენციას აყვა ბევრი მწარმოებელი ხოლო 2006 წელს ხეკლერ&კოხი კიდევ უფორ შორს წავიდა და წარმოადგინა პისტოლეტი P30 რომელიც იყენებდა როგორც ცვლად საზურგეებს ასევე გამოსაცვლელ გვერდითა პანელებს.

აქსესუარების არჩევანი რომელიც განკუთვნილია ამ პისტოლეტისთვის ძალზედ მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი დიდიხანია გამოდის და საკმაოდ გავრცელებულია. “ხეკლერ&კოხის” ორიგინალური დეტალები ძალიან ძვირიც ღირს.  ამავე დროს პისტოლეტზე ადვილად შესაძლებელია სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა, შესაძლებელია სასურველი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის, მცველის და დეკოკერის საჭირო კონფიგურაციის არჩევა, მაგრამ საქართველოსთვის ეს ნაკლებად აქტუალურია ვინაიდან აქ ჩამოდის წინასწარ შეკვეთილი პისტოლეტები და შესაბამის ნაწილების შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით გარდა სასურველი სამიზნე მოწყობილობებისა, USP-ს პატრონი უნდა დაფიქრდეს პისტოლეტის სამაგრის ადაპტორის შეძენაზე ვინაიდან ეს პისტოლეტი იყენებს ორიგინალური სტანდარტის სამაგრს, რომელიც გათვლილია ორიგინალურ ფარანზე. ასეთი ადაპტორები ღირს 15 დოლარიდან 60 დოლარამდე და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი მოდელის თანამედროვე ფარნები თუ ლაზერები. სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები რკინის არის, სამი თეთრი წერტილით და ამიტომაც მათი გამოცვლა როგორც „გლოკის“ შემთხვევაში გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. სასარგებლო „გააკეთე-თვითონ“ მოდიფიკაცია იქნება წინა წერტილის წითლად შეღებვა რაც ხელს შეგიწყობთ სწრაფ დამიზნებაში. ყოვლთვის სასურველია რომ წინა სამიზნე მოწყობილობა იყოს განსხვავებული ფერის ვიდრე უკანა, რომ კორა ეგრევე გამოარჩიოთ, იმიტომ რომ სწორედ კორა თამაშობს გადამწყვეტ როლს სწრაფ დამიზნებაში.

sdgsdgsdfg55

2005 წლიდან USP გახდა ხელმისაწვდომი “ფერადი” ჩარჩოებით (მწვამე, ქვიშის ფერი, ღია ნაცრისფერი). სამწუხაროდ პისტოლეტებზე არასდროს არ გამოჩნდა უფრო მისაღები და უნივერსალური “პიკატინის” სამაგრი. 

სროლისუნარიანობა. პისტოლეტი ერგონომიულად მოსახერხებელია, მიუხედავად დიდი ზომებისა 9მმ-ნი მოდელი სულაც არ არის მძიმე (წონა მჭიდის გარეშე 730 გრამი) და ჩემ ხელშიც კარგად ზის. სასხლეტის დამცავი განიერი რკალი, გაძლევთ საშუალებას კომფორტულად ისროლოთ ხელთათმანებით. სამიზნე მოწყობილობები დიდია და დამიზნებაც ადვილია. სასხლეტი USP-ზე აბსოლუტურად ადეკვატურია. რესეტი მოკლეა, სვლა ერთგვაროვანია. ასეთი ფასის იარაღზე ალბათ ბევრი ისურვებდა „სპორტულ“ უფრო დახვეწილ სასხლეტს მაგრამ   USP საბრძოლო პისტოლეტია და მას ამისთვის აბსოლუტურად ადეკვატური სასხლეტი აქვს. USP სხვა უფრო ძვირიან მოდიფიკაციებზე (Elite, Expert და ასე შემეგ “საასპარეზო სასხლეტი” სტანდარტულია). ორმაგი მოქმედების რეჟიმზე სათქმელი არაფერია, ჩვუელებრივია არც განსაკუთრებულად კარგი და არც განსაკუთრებულად ცუდი. ერთმაგ რეჟიმში სასხლეტი რბილია, მოკლე ზედმეტი სვლით (“overtravel”). ბუფერი ამცირებს უკუცემას და მიუხედავად შედარებით მაღალი ლულის ღერძისა პისტოლეტი ზომიერად სწრაფად ბრუნდება დამიზნების ხაზზე, თუმცა ლულის ღერძის სიმაღლის გამო ის იმდენად კონტროლირებადი არ არის, იგივე “გლოკთან” შედარებით. რაც მე მომწონს განსაკუთრებულად, მართვის ელემენტები პისტოლეტზე არის დიდი და მუშაობენ ძალიან პოზიტიურად, ხმით და შეგრძნებით ეგრევე ხვდებით, რომ მცველი ჩაირთო ან გამოირთო, მჭიდი ჩაჯდა თავის ადგილას. სტრესულ პირობებში ადამიანის მოტორიკა სმენა და მხედველობა აურესდება, ოპერირება პატარა ღილაკებით და გადამრთველებით ხდება რთული. ამ მხრივ USP ბრწყინავს, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ მართვის ელემენტები იქ არიან სადაც უნდა იყვნენ ისინი დიდი ზომის არიან. ეს ასევე ნაწილობრივ პისტოლეტის სამხედრო „ბექგრაუნდის“ დამსახურებაა. მოგეხსენებათ ამერიკლებემა სწრაფად აღმოაჩინეს რომ შეიარაღებაში მიღებულ ბერეტა 92-ს ქონდა პატარა მართვის ელემენტები, განსაკუთრებით მცველი, რომელიც თან იყო საკეტზე განლაგებული, რის გამოც ბერეტადან სროლა ხელთათმანებში იყო მოუხერხებელი. გერმანელებმა გამოიტანეს დასკვნები და გახადეს მართვის ელემენტები დიდი და რაც მთავარია მცველი შეასრულეს ჩარჩოზე და არა საკეტზე.

სროლისუნარიანობის შეფასებისას უნდა გავხსოვდეს რომ განსხვავებით 7 სხვა კრიტერიუმისგან ეს კრიტერუმი დამოკიდებულია მსროლელის სუბიექტურ შეფასებაზე და ამიტომაც ეს კრიტერიუმი შეიძლება სხვა მსროლელმა სხვაგვარად შეაფასოს და სხვა შედეგი მიიღოს. მე არ მქონდა პრობლემა იარაღის ერთი ხელით ოპერირებაში ჭერის შეცვლის გარეშე, მაგრამ პატარა ხელის მფლობელებს შეიძლება ამ მხრივ ქონდეთ პრობლემები. ასევე ვერ ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ტარის ტექსტურით. ის ზედმეტად აგრესიულია და როგორც ჩანს გათვლილია ხელთათმანების გამოყენებაზე. თუ დისკომფორტი მნიშვნელოვანია ტექსტურის „დარბილება“ აბრაზიული ქაღალდის საშუალეებით არ არის დიდი პრობლემა და პისტოლეტის იერსახე ამით არ დაზარალდება ( რა თქმა უნდა თუ ხელები ტრაკიდან არ გეზრდებათ).

p1070789

დიდი ზომის საკეტის შემაკავებელი და მცველი. ჩვენი პისტოლეტი იყენებს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის პირველ ვარიანტს, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე მოსახერხებულია და ასევე ყველაზე გავრცელებულია. ორმაგი მოქმედების, მექანიკური მცველით და დეკოკერით.

“ხეკლერ&კოხის” პისტოლეტებისთვის მაღალი სიზუსტე ყოველთვის იყო დამახასიათებელი თვისება. P7, P9 ფიქსირებული ლულის წყალობით იყვნენ ძალიან ზუსტი პისტოლეტები, USP-ს ოჯახის პისტოლეტებში იგივე თვისება მიიღწევა მაღალი ხარისხის პოლიგონალური ლულის გამოყენებით, ჩაკეტვის სქემით რომელიც გამოიყენებოდა აქამდე მაღალი კლასის საასპარეზო პისტოლეტებში  და ზოგადად იარაღის დამზადების მაღალი ხარისხით, სადაც ყველა დეტალი იდეალურად არის მორგებული ერთმანეთზე. ყველა USP-ს მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო ძალიან ზუსტი. აქედან გამომდინარე ჩვენ მოთხოვნებს ეს პისტოლეტები გადაჭარბებით ასრულებენ. გნებავთ კომპაქტური USP, გნებავთ მოდიფიკაცია Expert, ყველა გვახარებდა თავისი შესანიშნავი სიზუსტით. USP-დან შესაძლებელია მომაბეზრებელი რეგულარობით მოარტყა 100 მეტრზე განლაგებულ სილუეტს და თანაც ზედმეტი ძალდატანების გარეშე. 15 მეტრიდან პისტოლეტიდან სროლა ძალიან ადვილია. ასე რომ მოთხოვნა 50 მეტრიდან მორტყა სილუეტზე და 15 მეტრიდან განახორციელო brain-shot გადაჭარბებით შესრულებულია.

პისტოლეტი ტოვებს ქარხანას მისროლილი და სიზუსტის გარანტიით, რასაც ადასტურებს სატესტო სამიზნე, რომელიც ყველა ახალ პისტოლეტს მოყვება.

 

p1070865

15 მეტრზე პისტოლეტი კარგად ისროდა, პოპულარული ჩვენთან Magtech-ის და Sellier&Bellot-ის 124 გრანიანი ვაზნებით. 

p1070864

USP არის ორამგი მოქმედების პისტოლეტი, შესაბამისად მფლობემა დრო უნდა დაუთმოს სროლას ორმაგ რეჟიმში (ჩახმახის წინასწარი შეყენების გარეშე), 15 მეტრიდან მხოლოდ ორმაგ რეჟიმში სროლის ეს შედეგი ადასტურებს რომ ავტორი კარგად ფლობს ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

ნამსახურეობა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. იარაღი რომელმაც გაიარა ექსპლუატაცია ჯარში და პოლიციაში, როგორც წესი კარგად მოემსახურება თავის სამოქალაქო პატრონს. „ვიკიპედიას“ რომ მივმართოთ (რომელიც ზოგადად არ არის ყველაზე სანდო წყარო) დავინახავთ, რომ USP მიიღეს შეიარაღებაში მინიმუმ 20 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ სამსახურებში. აშშ-ში USP-ს პისტოლეტებს იყენებს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში გაერთიანებული მთელი რიგი სამსახურების, ისევე როგორც რამდენიმე ცალკეული პოლიციური სამსახური. USP-ს ვარიანტი ინდექსით „P08“ 1994 წლიდან დღემდე არის ბუნდესვერის სტანდარტული პისტოლეტი. მსახურობა ჯარში და პოლიციაში არის საუკეთესო და ყველაზე მკაცრი ტესტი ნებისმიერი იარაღის გარდა იმისა, რომ როგორც წესი ყოველი სამსახური იარაღის შეძენამდე იყენებს ტესტირების საკუთარ რეგლამენტს . ნებისმიერი მცირე სისუსტე ან ნაკლი ეგრევე ხდება სტატისტიკა და მას ეგრევე ექცევა ყურადღება. ამ კრიტერიუმით USP ცხადია იღებს საუკეთესო შეფასებას გამომდინარე იქიდან რომ ეს პისტოლეტი წარმატებით მსახურობს 1993 წლიდან დღემდე და მას პრაქტიკულად არასდროს არ გაუვლია „რესტაილინგი“, დახვეწა, მოდერნიზაცია ან თაობების გამოცვლა რაც მეტყველებს იმაზე რომ თავის დროზე “ხეკლერ&კოხის” ხალხმა დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და მართლაც შესანიშნავი და კლასიკური პისტოლეტი შექმნა.  რა თქმა უნდა ამდენი წლის განმავლობაში პისტოლეტის კონსტრუქციაში შევიდა რიგი ცვლილებების, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება პისტოლეტმა განიცადა 1996 წელს როდესაც მომხმარებლების დაჟინებული მოთხოვნით ლულა ტრადიციული ხრახნებით შეიცვალა პოლიგონალურით. რამდენჯერმე შეიცვალა მცირე დეტალები დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში (ყველა ეს ცვლილება 90-ან წლებში მოხდა როდესაც ჯერ იარაღი იყო ძალიან ახალი). ყველაზე ბოლოს 2005-ში შეცვალა ნემსას ფორმა და მისი მცველი, ამიტომ თუ თქვენი იარაღი 2005 წლამდე არის გამოშვებული მოერიდეთ ხშირ “მშრალ” სროლას, დაუდეთ ჩახმახს რეზინის საფენი ან გამოიყენეთ ვაზნის იმიტატორები (snap-caps). ახალი ნემსა და მისი მცველი პირდაპირ მიდის ძველ პისტოლეტებში.

შემდგომ USP-ს  ბაზაზე გამომდინარე იქიდან რომ მან გაამართლა, “ხეკლერ&კოხმა” შექმნა მთელი ოჯახი პისტოლეტების, რომელიც გარდა USP-ს მოდიფიკაციებისა ასევე მოიცავს P2000-ის, HK45 P30-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის პისტოლეტებს, რაც მეტყველეებს იმაზე რომ ამ კონსტრუქციამ გაამართლა და მართლაც გამძლე გამოდგა.

hk-p30_002

USP-თან სედარებით საგრძნობლად გამხდარი P30 არის USP-ს ოჯახის ყველაზე დახვეწილი წარმომადგენელი და ავტორის აზრით დღეს არის საუკეთესო ხეკლერ&კოხის პისტოლეტი და ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი.

2-usp45-tactical-stilllife-aug-19-2014

.45 კალიბრის USP 45 Tactical. .45 კალიბრის USP რომელიც მხოლოდ 5% გაზრდილია ზომებში სტანდარტულ მოდელთან შედარებით გახდა ნამდვილი გაყიდვების ხიტი აშშ-ს სამოქალაქო ბაზარზე. ჩინებულმა სიზუსტემ, საიმედოობამ და ამერიკელებისთვის საყვარელმა კალიბრმა განაპირობა ამ პისტოლეტის დიდი პოპულარობა.  

ეხლა როდესაც თბილისში შესაძლებელია 1100-1200 ლარად იყიდოთ კარგი 9მმ-ნი პისტოლეტი, ნებისმიერი ადამიანი დგება დილემმის წინაშე, იყიდოს „გლოკი“ ან „ჩეზე“ ხსენებულ ფასად თუ გადაიხადოს ორჯერ სამჯერ და შეიძლება ოთხჯერ მეტი „ზიგში“ ან “USP“-ში. არც ერთი და არც მეორე არ არის ორჯერ და სამჯრ უკეთესი „გლოკზე“ და სიმართლე გითხრათ თუ გაწყობთ “გლოკის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და მექანიკური მცველის არ არსებობა არც უნდა იფიქროთ და იყიდოთ “გლოკი”, მაგრამ თუ გინდათ რამე განსაკუთრებული, რატომაც არა, იყიდეთ USP, რომლის შეძენა მეორად ბაზარზე შესაძლებელია 2500-2000 ლარად. გამომდინარე იქიდან რაც დავწერეთ, შეგიძლიათ პატრონს არ კითხოთ: რამდენია ნასროლი თქვენი იარაღიდან. USP-ს მიმართებაში ეს კითხვა ზედმეტია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს პისტოლეტები არასდროს არ იყვნენ თუნდაც შეზღუდული რაოდენობით შეიარაღებაში მიღებული, ანუ ალბათობა გადააწყდეთ პისტოლეტს რომელსაც იყენებდა რომელიმე სპეცრაზმი და შემდეგ მოხდა მისი გადაცემა საჩუქრად ან გამოსყიდვა, არის ძალიან მცირე. მე არ გეუბნებით, რომ იარაღი არ უნდა შეამოწმოთ შეძენის წინ, უბრალოდ გახსოვდეთ რომ კოსმეტიკური დეფექტების ქვეშ შეიძლება იმალებოდეს პრაქტიკულად ტექნიკურად ახალი იარაღი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: H&K USP არის კლასიკური საბრძოლო პისტოლეტი. მისი საბრძოლო თვისებები არ იწვევნ ეჭვს, მაგრამ პისტოლეტის არის ძალიან გაბარიტული, რის გამოც მისი ფარული ტარება ძალიან მოუხერხებელია, ხოლო მსროლელს პატარა ხელებით გაუჭირდება ამ პისტოლეტით ოპერირება. მნიშვნელოვანი მინუსი არის ხეკლერ&კოხის არასტანდარტული სამაგრი პისტოლეტის ჩარჩოზე, რაც ნიშნავს რომ პატრონს ექნება საყიდელი ადაპტორი რომელიც (თუ ის ხარისხიანია) არ ღირს იაფი. ალბათობა რომ ეს პისტოლეტი გამოვა მწყობრიდან ძალიან მცირეა მაგრამ მისი ნაწილების შეკვეთა შეიძლება რთული გამოდგეს. ასევე მოკრძალებულია მჭიდის ტევადობა, რომელიც შეადგენს 15 ვაზნას რაც დღევანდელი სტანდარტებით ცოტა არის ამხელა პისტოლტისთვის. ჩვენ არ მოგვწონს რომ პისტოლეტის საკეტის დასაშლელად საჭიროა პინების ამოგდება. მიუხედავად ამისა, აღჭურვილი კარგი სამიზნეებით და/ან ტაქტიკური ფარნით ეს იარაღი კარგი სახლის დაცვის იარაღია. თუ თქვენ გქვთ დიდი ხელები, ბევრი ფული და არ გიწევთ იარაღის ყოველიური ტარება ეს პისტოლეტი თქვენთვისაა.  ახალი თაობის საბრძოლო პისტოლეტებთან შედარებით USP გამოიყურება, როგორც სატვირთო მანქანა GT კლასის სედანებთნ შედარებით.  რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ Ford F350-ს ქალაქში მაგრამ თუ გაქვთ საშუალება და არჩევანი ნახეთ H&K P30 ან P2000. თუ არჩევანი არ გაქვთ და USP-ს გაბარიტები არ გიქმნით პრობლემებს, მაშინ შეიძლება იყოთ დარწმუნებულები რომ ეს პისტოლეტი თქვენ არ დაგაღალატებთ. გარდა ამისა “ხეკლერ&კოხის” იარაღები, როგორც არც ერთი სხვა იწვევენ მფლობელში სიამაყეს მათი ფლობისგან.



დატოვეთ კომენტარი