—- Welcome to ShootersCentral—-

May 14th, 2011

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მე გადავწყვიტე განვაახლო ბლოგზე სტატიების გამოქვეყნება და მივუძღვნა ეს შრომა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს 

ГЕРОЯМ СЛАВА! - Борцовский портал "Самсон"

Грузия-Украина: друзья, но не больше - SOVA

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Shooter-ის ბლოგზე. ბლოგი ეხება ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს, იარაღის ისტორიას და სხვა დაკავშირებულ თემებს. 

სტატიების სრული ჩამონათვალი განყოფილებების მიხედვით იხილეთ ამ ბმულზე.

ბლოგი შემეცნებითი ხასიათის არის და არ წარმოადგენს სამოქმედო ინსტრუქციას ან სახელმძღვანელოს. ბლოგის გუნდი ვერ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე რაც გამოწვეული იქნება წაკითხულის არასწორი ინტერპრეტაციით. 

ჩემი კომენტარი ე.წ. “სატელევიზიო არხებზე” გასულ ე.წ. “სიუჟეტზე”

May 11th, 2023

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტურმა ფრთამ (ტვ იმედი) გაავრცელა სიუჟეტი სადაც იყო მოყოლილი “გირჩის” ვითომ მზადებაზე, რაღაც ძალადობრივი კამპანიისთვის, “გირჩის” მიერ ორგანიზებულ ბანაკებში. თავისთავად ეს წარმოუდგენელი სისულელეა, ეს ბანაკები არის “გასვლით” ლექციების კურსი, სადაც ქალაქ გარეთ, იკრიბებიან მსმენელები და ლექტორები და ჩვეულებრივი ლექციები, დისკუსიებია მილიონ თემაზე, მათ შორის სამხედრო თემებზე. მაგაზე უკვე საკმარისად ითქვა, ყველაფერი რაც იქ ხდება არის სრულიად ტრანსპარენტული და მე აღარაფერს არ დავამატებ.  პროპაგანდისტების ჯგუფმა მანდ გაატარა მთელი დღე, ამაში თავად დარწმუნდნენ და მაინც გააკეთეს ის რაც გააკეთეს.

მე მინდა შევეხო ნაწილს ამ სიუჟეტის, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ჩემ თავს. ორი რამე გაჟღერდა (მე რაც მითხრეს, სიუჟეტისთვის არ მიყურებია): მე ვარ ნაციონალური მოძრაობის დროს, უშიშროების საბჭოს თანამშრომელი და ვატარებ იარაღის გამოყენების პრაქტიკულ კურსებს ამ ბანაკებში.  ეხლა რეალურად რა ხდება. უშიშროების საბჭოში მე ვმუშაობდი შევარდნაძის დროს, როდესაც საბჭოს თავმჯდომარე იყო თედო ჯაფარიძე. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საბჭოს მდივანი გახდა ვანო მერაბიშვილი და მეორე დღეს ვანო მერაბიშვილმა გამიშვა მე ამ სამსახურიდან.  აღნიშნული დასტურდება ადვილად, მათ შორის ჩანაწერით ჩემ შრომის წიგნაკში. ეს იცოდნენ პროპაგანდისტებმა მაგრამ მაგათ ეტყობა ჭირდებოდათ ვინმე ვინც დააკავშირებდა გირჩს ნაციონალურ მოძრაობასთან და ეს ვიღაცა მე აღმოვჩნდი. ბედის ირონია, “ნაცები” მეძახდნენ “რეჟიმის გადმონაშთს”,  “ქოცები” კიდე “ნაცს”.  “ნაციონალური მოძრაობის” დროს მე ვიყავი კახა ბენდუქიძეს მრჩეველი, სულ მიკვირდა რა ნახა კახამ საერთო “ნაციონალურ მოძრობასთან”, სავარაუდოდ ამის გამო მე ისევ მოვხვდი ვანო მერაბიშვილის ყურადღების ქვეშ და დიდი ალბათობით კახამ სერიოზული შარი ამარიდა თავიდან, რაზეც ერთხელ თვითონ ირიბად მიმანიშნა. მერე დაამატა, ძალიან შეშინებულები არიაონო, ხომ ხვდებიო. რეალურად მაშინ რატომ, როგორ და რისთვის მოხდა, იცოდა მარტო კახამ და ალბათ ეხლაც იციან რამდენიმე მასთან დაახლოებულმა ადამიანმა. 9 წლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი მეორეჯერ გამიშვებს სამსახურიდან, როდესაც პრემიერის რანგით მოვა სახელმწიფო კანცელარიაში. რანაირად შეიძლება ჩემი აფილირება ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩემთვის გაუგებარია

რაც შეეხება ბანაკებს, ანუ რეალობა ის გახლავთ, რომ მე არასდროს არ ვიყავი ამ ბანაკების პროექტის მონაწილე. იმიტომ რომ უბრალოდ დრო არ მქონდა. ბანაკში ვიყავი ერთხელ, ქობულეთში წინა ზაფხულს, სადაც ნახევარი დღე გავატარე, თემატიკა ტრადიციული: კანონი იარაღის შესახებ, რეგულაციები და იარაღის ბრუნვის კონტროლი, მითები იარაღების სამყაროდან  და ა.შ. არანაირი იარაღის პრაქტიკული კურსი მანდ არ ყოფილა არც იმ ბანაკში და ვერც იქნებოდა სხვა ბანაკებშიც, პრაქტიკული კურსი ნიშნავს იარაღიდან სროლას, ვარჯიშს რაც ქობულეთის სასტუმროში და არც სხვა ლოკაციებზე ფიზიკურად ვერ მოხდებოდა.  თავისთავად ასეთ კურსებში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ასეთი რამე უბრალოდ ამ ბანაკებში არ ყოფილა. სხვები ზუსტად რას ყვებოდნენ და რაზე ლაპარაკობდნენ, ჩემთვის უცნობია, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ არავის მომზადება ირაღის გამოყენებაში მანდ არ ხდებოდა.  “მილიტარისტული”, სამხედრო კომპონენტი, როგორც ყველა ლექცია ასეთ ბანაკში, არის ზოგადი თეორიული ღონისძიება, იმიტომ რომ ინტერესი ამ თემის მიმართ ცხადია დიდია და ვისაც რა შეეძლო რომ მოეყოლა ამ თემაზე იმას უყვებოდა დამსწრეებს. არანაირი კურსი, სისტემური მიდგომა ან ორგანიზებული ხასიათი ამას არ ქონია.  თავისი საკუთარი, ლეგალური იარაღის, აღჭურვილობის გამოყენება მომხსენებლების მიერ თუ ხდებოდა, ეს ხდებოდა დემონსტრირებისთვის ან როგორც ლექციის ანტურაჟი/დეკორაცია. არანაირი კანონდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმიანობას ეს არ წარმოადგენდა. ეს პრაქტიკულად იგივეა, რასაც მაგალითად მე თითქმის სამი წელია ვაკეთებ, როგორც გადაცემა “იარაღი და თავისუფლების” წამყვანი. ყველაფერი ეს კარგად იცოდნენ ამ სიუჟეტის დამკვეთებმაც, შემსრულებლებმაც და “ქართულმა ოცნებამაც” რომლის სახეები ეხლა ამ სისულელეს ავრცელებენ. დარწმუნებული ვარ იგივე ცნობილია შსს-თვის და სუს-ისთვის. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ თავის დროზე “ნაცებიც”, თხზავდნენ რაღაც “ხორორ სთორებს”, რომ დაეშინებინათ ყველა. არაფერი არ იცვლება, ჩვეულებრივი ადამიანები იჭყლიტებიან შუაში.

ეხლა ასეთი რამე, რომ გაგიკეთოს მტერმა, გასაკავირი არ არის, ომის ნაწილი არის პროპაგანდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პროპაგანდას ერთი ჯგუფი იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს არის მახინჯი რეალობა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ 2023 წელს.  როგორც ჩანს არასდროს ეს ქვეყანა არ განიცდიდა ნაკლებობას ადამიანებში, რომლებიც მოკრძალებული ანზღაურებისთვის ყველანაირ სიბინძურეს იკადრებდნენ. სად მიგვიყვანს ეს გზა კაცმა არ იცის.

ესეც მტკიცებულება “ტვ იმედის” სიცრუის.

დავიწყებული .41 Action Express

April 1st, 2023

ერთი საინტერესო ისტორია გამახსენდა, რომელიც მინდა გიამბოთ. სადღაც 80-ნი წლების ბოლოს, გამოჩნდა კალიბრი, რომელსაც ერთი შეხედვით ქონდა საკმაოდ დიდი პოტენციალი. ეს კალიბრი იყო .41 Action Express. ის განკუთვნილი იყო ავტომატური პისტოლეტებისთვის და მისი იდეის ავტორის, ამერიკელი ევან უილდინის აზრით, ამ კალიბრს უნდა ქონოდა .41 მაგნუმის იდენტური მაჩვენებლები, მაგრამ ავტომატურ პისტოლეტში და არა რევოლვერში. კონცეფცია იდეაში უნდა გეცნოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთი კალიბრი შეიქმნა მსგავსი ჩანაფიქრით, ვგულისხმობ .357 SIG-ს, რომელიც თავის მხრივ იმეორებდა .357 მაგნუმის ბალისტიკას, მაგრამ ასევე განკუთვნილი იყო ავტომატური პისტოლეტებისთვის. .357 SIG გაჩნდა .41AE-ზე თითქმის 10 წლით გვიან და განსხვავებით უკანასკნელისგან, დღემდე ცოცხალი კალიბრია, მაშინ როდესაც .41AE პრაქტიკულად აღარავის ახსოვს, თუმცა ამის მიზეზებზე ცოტა გვიან მოგიყვებით, ეხლა კიდე დავუბრუნდეთ თავდაპირველ იდეას და ტექნიკურ დეტალებს. ახალი კალიბრის პირველი პროტოტიპები, დამზადდა პირდაპირ .41 მაგნუმის მასრებისგან. .41AE-ს მასრის  სიგრძე იყო 22მმ, ტყვიის დიამტერი 10მმ.  180 გრანიან ტყვიას გააჩნდა საწყისი სიჩქარე სადღაც 300 მ/წ-ში და ენერგია 500 ჯოულზე მეტი, რაც ფრიად შთამბეჭდავი მაჩვენებლებია, მაგრამ სულ ეს არ იყო. მასრას გააჩნდა თავისებურება, მისი ძირის ან ტექნიკურად უფრო სწორად, თავის (case head) დიამეტრი იყო მასრის ნომინალურ დიამეტრზე მცირე და იყო 9×19 ლუგერის მასრის თავის იდენტური, რაც თავის მხრივ ნიშნავდა, რომ იმისთვის, რომ 9მმ პისტოლეტი გამხდარიყო .41 კალიბრის საკმარისი იყო მხოლოდ ლულის გამოცვლა. საკეტის და არც მჭიდის გამოცვლა საჭირო არ იყო, რაც დამეთანხმებით ძალიან მოსახერხებელი და იაფი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩაფიქრებუყლი.

ივან უილდინი იმ დროს მუშაობდა Action Arms-ში, ეს კომპანია კი თანამშრომლობდა Israel Military Industries-თან, ამიტომ ამ კომპანიამ დაიწყო როგორც ამ კალიბრის ამუნიციის წარმოება ასევე მოგვიანებით გარკვეული მოდელების იარაღების. მე შემიძლია დავიფიცო რომ 2005-ში როდესაც ვიყიდე ჩემი Jericho 941, ინსტრუქციაში ჯერ კიდევ იყო მითითებული, რომ ეს პისტოლეტი ასევე ხელმისაწვდომია კალიბრში .41AE.  მოპოვებული IMI-ს წარმოებული მუხტის მონაცემებით, 170 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე იყო 380 მ/წ-ში ხოლო ენერგია 790 ჯოული, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებლებია, ალბათ ცოტა საეჭვოც. მიუხედავად ამისა, დღეს .41AE აღარ ახსოვს არავის. რატომ?

 სახელდება ორი მიზეზი, რის გამოც .41AE გამოდგა წარუმატებელუი. პირველი არის ბალკისტიკურად .41AE-სთან ახლოს მყოფი .40 S&W, რომელიც გამოჩნდა .41-ზე რამდენიმე წლით გვიან, მაგრამ ეგრევე  იყო მხარდაჭერილი მწარმოებლებით, რომლებიც უშვებდნენ როგორც ვაზნებს ასევე პისტოლეტებს გათვლილს ამ კალიბრზე.  FBI მიხვდა რომ მიქარა ზედმეტად ძლიერი “10მმ აუტოს” შეიარაღებაში მიღებით და ამიტომ გადაიარაღდა .40S&W-ზე და ანალოგიურად მოიქცა უამრავი სხვა პლიციური სამსახური, იმიტომ რომ “ბიურო” კარნახობდა და კარნახობს მოდას ამ სფეროში.  დიდი ნაწილი სამოქალაქო მსროლელებისთვის, სახელმწიფო ბიუროკრატია ავტორიტეტია, რაც მათ არჩევანზეც აისახება.

41ae

.41AE კალიბრის ვაზნები. კარგად ჩანს შედარებით მცირე დიამეტრის მასრის თავი. 

მიზეზი მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ 80-ნი წლების ბოლოზე. აბსოლუტური უმეტეესობა პისტოლეტების იქმნება კონკრეტულ კალიბრებზე და .41 იყო ცოტა მეტი 9მმ-ნი პისტოლეტისთვის. პისტოლეტები გათვლილები უფრო ძლიერ ვაზნებზე და შესაბამისად გამძლეობის დიდი რესურსით უფრო სუსტ 9მმ-ან ვერსიაში ჯერ მგონი საერთოდ არ არსებობდნენ. ამის გარდა დაპირებების დიდმა ნაწილმა, რეალურ სამყაროში უბრალოდ არ იმუშავა. 9მმ-ნი მჭიდების გამოყენება გამოიხატებოდა დაბალ საიმედოობაში, იმიტომ რომ მასრის თავი იჯდა უფრო დაბლა მჭიდში საკეტთან მიმართებაში, რაც ნიშნავდა, რომ საკეტს “უჭირდა” ასეთი ვაზნის მიწოდება მჭიდიდან სავაზნეში. ცალსახად ცხადი იყო რომ არც 9მმ-ზე გათვლილი დამაბრუნებელი ზამბარა არ გამოდგებოდა და საჭირო იყო უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის გამოყენება.

41_AE-1

 მოკლე ბრტყელცხვირიანი ტყვიის წყალობით, .41AE საერთო სიგრძე არ აღემატება 9×19 კალიბრის ვაზნის სიგრძეს.

გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა 9მმ-ნი 1911-ების კონვერტაცია .41 კალიბრზე, მაგრამ ეს კომბინაცია არ გამოდგა ბოლომდე წარმატებული, საიმედოობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უკავშირდებოდა ისევ და ისევ მჭიდებს, საჭირო იყო 45 კალიბრის მჭიდების გადაკეთება. Olympic Arms-ი უშვებდა ნაკრებს, რომელსაც გადაყავდა ბრაუნინგ “ჰაი პაუერი”  .41 კალიბრზე. ნაკრები შედგებოდა ლულისგან, დამაბრუნებელი ზამბარისგან და მჭიდებისგან, რომლის წაროება შეწყდა 99-ში. მაგრამ თუ გნებავთ ისტორიულა, ასეთი საკონვერტაციო ნაკრებები არასდროს არ სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით, არც მოკლე და არც გრძელ ლულიან იარაღში. ასეთი პროდუქტები, ყოველთვის იყო მცირე ჯგუფებში პოპულარული, სადაც უფრო სხვა ტიპის მსროლელები არიან, ვიდრე ტიპიური საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელები, რომლებიც ახალი კალიბრის საჭიროებას თარგმნიან ახალი იარაღის შეძენის გამართლებაში.

კონვერტაციების გარდა,  მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელმა დაიწყო .41 კლიბრის იარაღების წარმოება, მაგრამ ეს იყო დაგვიანებული და არა საკმარისი, რომ ახალ კალიბრს ფეხი მოეკიდა და გაეწია კონკურენცია .40S&W-თვის. სადღაც ასე, 2000-ნი წლების დასაწყისიდან .41 პრაქტიკულად საერთოდ გაქრა.

sams41

Tanfoglio TZ-75 კალიბრში .41AE. სურათი Combat Handguns-ის 1990 წლის იანვარ/თებერვლის გამოცემიდან. 

ეხლა ჩნდება კითხვა, დღეს როდესაც უმეტესობა 9მმ-ან პისტოლეტებს აქვთ საკამოდ დიდი გამძლეობის რესურსი, მოხდება თუ არა .41AE-ის მკვდრედით აღდგომა? პასუხი ამ კითხვაზე მე ნამდვილად არ მაქვს და პროგნოზის გაკეთებაც გამიჭირდება. შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო, რომ იდეა შემცირებული დიამეტრის მასრის თავის არსად არ გამქრალა. AE-ს სახელს ატარებს ზე-მძლავრი .50AE, რომელიც ამ გადაწყვეტილების წაყლობით თავსებადია .44 მაგნუმთან, ორივე ეს კალიბრი გამოიყენება IMI-ს და Magnum Research-ის წარმოებულ Desert Eagle-ში. აქ უილდინისი იდეამ გაამართლა და “დეზერტ იგლი” .50 კალიბრში კომერციულად წარმატებული და ძალიან პოპულარულია, ლამის აკულტო სტატუსით.  ანალოგიური კონცეფციით ასევე შექმნილია .450 ბუშმასტერი, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას AR-15 ტიპის შაშხანაში.

გაცილებით პატარა კვალი დატოვა 9mm AE-მ (.41AE შევიწროებული მასრის ყელით, 9მმ-ნი ტყვიისტვის), რომელმაც ვერ მიაღწია წარმოებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში “AE” კალიბრების ოჯახი, წარმოადგენს ვაზნების ევოლუციის ისტორიის საინტერესო და მნიშვნელოვან ნაწილს.

20 წელი გლოკებთან ერთად

February 19th, 2023

DSC06653

წელს სრულდება 20 წელი რაც მე ვურთიერთობ გლოკებთან. დიახ, იმიტომ რომ ზუსტად 20 წლის წინ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მე შევიძინე ჩემი პირველი გლოკი. მესამე თაობის გლოკ 17. იმ დროს მე ვიყავი გამოქცეული სამსახურიდან, იმიტომ რომ იმდენად ყველაფერი ყელში ამოვიდა, რომ უბრალოდ გამოვიხურე კარი და წავედი ზღვაზე დასასვენებლად. მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება,  რომ “კალიბრში”  ახალი გლოკები ჩამოვიდა თანაც კარგ ფასად. მეც ხომ მეტი არ მინდოდა და დავბრუნდი თბილისში და შევიძინე პისტოლეტი.  მაღაზიაში შესვლისთანავე მოვითხოვე გლოკი ვერცხლისფერი საკეტით….. კითხვა აბსურდული იყო, იმიტომ რომ გლოკს ასეთი მოდელები არ ქონდა, უბრალოდ ზუსტად ასეთი ვნახე Bad Boys II-ში და ვინაიდან ჯერ არ ვიცოდი რა არის კასტომიზირებული იარაღი და არც გლოკებში კარგად არ ვიყავი გარკვეული, მეგონა ეს იყო სტანდარტული მოდელი, კონსულტანტის გაკვირვებული სახე ეხლაც მახსოვს. მოკლედ მომიწია სტანდარტული გლოკ 17-ით დაკმაყოფილება. რაზე ვფიქრობდი როდესაც 1800 ლარს ვიხდიდი  არ ვიცოდი, ვარდების რევოლუციის შედეგად სამსახური დავკარგე, სამსახურიდაბ რომელსაც თავი შევაფარე, წამოსული ვიყავი, პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანი იყო თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ ქვეყანა უდიდესი ტრანსფორმაციის რეჟიმში შედიოდა. გლოკის შეძენის შემდეგ ზღვაზე რომ ვბრუნდებოდი, გზაში დარეკა ტელეფონმა და კახა ბენდუქიძესთან დამიძახეს გასაუბრებაზე, ამიტომ ზღვაზე უკვე დაიმედებული ვბრუნდებოდი, წინ მელოდებოდა ცხოვრების ახალი თავი. ვინმეს მაშინ რომ ეთქვა რომ 20 წელიწადში ქვეყანა რელიგიურ ფანატიზმში და გაუვალ კორუფციაში ჩაძირული კვაზი-სახელმწიფო იქნებოდა,  თანაც ისევ რუსეთისკენ გზას დაადგებოდა, ალბათ არ დავიჯერებდი……

უნდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველი შთაბეჭდილებები გლოკისგან არც ისე კარგი იყო, უბრალო, ასკეტური დიზაინი, ისე რა სასხლეტი. მასთან შედარებით ჩემი Steyr M9 ბევრად უფრო ხარისხიანად და თუ შეიძლება ასე ითქვას საფუძვლიანად გამოიყურებოდა, მაგრამ პისტოლეტი მომწონდა და ინტერესიც იარაღის მიმართ მეზრდებოდა და შესაბამისად იზრდებოდა ინფორმაციის და გამოცდილების მოცულობაც რომელსაც ვიღებდი. ცხადი ხდებოდა, რომ გლოკი გამოირჩეოდა ყველაფრისგან რაც აქამდე არსებობდა და მისი იერსახე აქ არაფერ შუაში არ იყო. ეს დღეს არის რომ ყველა უშვებს გლოკის თავის ვერსიას, მაგრამ 20 წლის წინ პოლიმერის სტრაიკერები ჯერ კიდე განიხილებოდნენ როგორც ეგზოტიკა და უჩვეულო ხილი.

P1050159

იქიდან მოყოლებული დღემდე ჯამში მარტო ჩემ საკუთრებაში იყო ალბათ 15-მდე სხვადასხვა მოდელის გლოკის პისტოლეტი. გლოკი გახდა ჩემი პირადი უდაო ფავორიტი და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პისტოლეტი. სადღაც გაგქრნენ გლოკის კრიტიკოსებიც, არა და წლების წინ გლოკზე “დასხმით” არაერთი თვითმარქვია ექსპერტი იმკვიდრებდა თავს ახლად შექმნილ ინტერნეტ სივრცეში, ფორუმებზე, რომლებიც აერთიანედნენ ერთი და იგივე საკითხით დაინტერესებულ ხალხს, სანამ სოც ქსელებმა ის არ ჩაანაცვლეს. მეც მაქვს დაწერილი არაერთი სტატია ამ პისტოლეტზე, არაერთი გადაცემა და youtube ვიდეო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ პისტოლეტები ჩემი სპეციალიზაციაა, პისტოლეტებს შორის ყველაზე ამომწურავი ცოდნა მე სწორედ გლოკების შესახებ მაქვს. არასდროს ამ დროის განმავლობაში მე არ მქონია არანაირი პრობლემა გლოკის პისტოლეტებთან.

კარგად ცნობილია, რომ გლოკმა შეცვალა არა მარტო თანამედროვე პისტოლეტის იერსახე არამედ ასევე როგორ ხდება ამ პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება. გლოკის ბიზნეს მოდელმა, აგრესიული მარკეტინგით, მათ შორის განაპირობა მათი პისტოლეტების წარმატება. თავის მხრივ პროდუქტიც იყო გამორჩეული. მსუბიქი, (თავდაპირველად) 17 ვაზნიანი ტევადობა, თითქმის ორჯერ ნაკლები ნაწილი, მთელი პისტოლეტი იშლება ბოლომდე, სპეციალური ინსტრუმენტის გარეშე. ამ სიმარტივემ განაპირობა ნაწილების და აქსესუარების უშველებელი ბაზრის შექმნა. გლოკი გახდა როგორც ლეგო დიდი ბავშვებისთვის. ხოლო გლოკის გამძლეობაზე და რესურსზე დადიოდა ლეგენდები. ჩაკ ტეილორის ტესტის შესახებ სადაც გლოკიდან ისროლეს 360 000 ვაზნა, ყველამ იცოდა. 2005 წელს პოპულარული ფორუმის glocktalk-ის წევრმა მეტ სახელით “bigbore” დადო მის მიერ გლოკ 21-ის გამოცდის ანგარიში და ფოტოები. პირობითად ეს იყო პირველი ამ ტიპის კონტენტი ე.წ. torture test-ი, რომელმაც შექმნა მთელი მიმართულება, როდესაც სხვა ადამიანებმა დაიწყეს მიბაძვა. ეს არ იყო ჩაკ ტეილორის ტესტი სადაც უბრალოდ გლოკიდან ისროდნენ რაც შეიძლება ბევრ ვაზნას. ეს იყო სულ სხვა ტიპის გამოცდა. მარილიან ხსნარში შენახვა, ტბაში წყლისქვეშ დატოვება, იარაღის დაცხრილვა მცირეკალიბრიანი პისტოლეტიდან, იარაღის მოთავსება სხვადასხვა ნივთიერებებში მათ შორის საკვებში, გადავლა მანქანით, გადმოგდება სახურავიდან, თვითმფრინავიდან….  გეცნობათ ხო ეს ყველაფერი? პიონერი ამ ტიპის სანახაობის იყო ალბათ ეგ ერთი კაცი ფორუმიდან.  დღეს ასეთი ექპსერიმენტები იუთუბ არხების სტანდარტული რეპერტუარია. აქვე უნდა აღვნიშნო რომ ტეილორმაც დატოვა გლოკი ოკეანეში 6 თვით და დაბრუნებისას წყლიდან ამოღებული პისტოლეტი მზად იყო გამოყენებისთვის, კოროზიის უმიშვნელო ნიშნებით რამდენიმე ადგილას. სიმართლე გითხრათ, გლოკის შესახებ ეს ისტორიები უკვე ისეთია, რომ მეც მიჭირს დაჯერება და მხოლოდ წყაროს ავტორიტერის გამო თუ ვიჯერებ. ყველაფერი ეს ცხადია ამყარებდა გლოკის რეპუტაციას, როგორც უკიდურესად გამძლე იარაღის. შედეგიც სახეზეა,  ყველა მწარმოებელი რომელიც საკუთათ თავს პატივს სცემს, უშვებს გლოკის თავის ვერსიას, პოლიმერის ჩარჩოიან სტრაიკერს დიდი ტევადობის მჭიდით.

P1000385

ეს ყველაფერი ცხადია ასეა და ამზე არავინ არ დაობს მაგრამ ჩემი აზრით გლოკი ასევე იმსახურებს აღიარებას კიდევ ორი რამის გამო.

პირველი: განსხვავებით სხვა მწარმოებლებისგან, გლოკი როგორც კომპანია არასდროს არ ცდილობდა გარიგებოდა სახელმწიფოს გარკვეული პრივილეგიების სანაცვლოდ, რაშიც სამწუხაროდ ბევრი კომპანია იყო გარეული.  კოლტი თავისი “ჭკვიანი” იარაღის კონცეფციით,  რუგერი, თავისი დამფუძნებლის მიერ მჭიდების ტევადობის შემცირების მოთხოვნით, ხეკლერ&კოხი რომელიც ტრადიციულად ვერ იტანს უბრალო ადამიანებს და მხოლოდ სახელმწიფოებთან დიდ კონტრაქტებზე მუშაობს და ამ სიის გაგრძელება შეიძლება კიდევ დიდი ხანი. გლოკის სახელს ვერ დაუკავშირებ ვერც ერთ პოლიტიკურ ინტრიგასთან, რომელიც აზიანებდა უბრალო მოქალაქეების ინტერესებს.  ეს კომპანია სულ მოძრაობდა თავისი გეზით და არასდროს არავის არ მიყვებოდა კუდში.  ამ კომპანიამ მიაღწია იმას რაც არ მიუღწევია არც ერთ უცხოურ კომპანიას, მსოფლიოს ყველაზე დიდ იარაღის ბაზარზე, აშშ-ში.

მეორე: კონსისტენტურობა. არ აქვს მნიშვნელობა რა მოდელი გლოკი, რომელ წელს გამოშვებული, 1986 წელში თუ 2023-ში, ყველა გლოკი ყოველთვის მუშაობს და ერთნაირად გამძლეა. კომპანიას პრაქტიკულად არ ქონია ჩავარდნა ხარისხში ან ხედვაში, რაც წარმოების ამხელა ზრდასთან, ამდენი წლის განმავლობაში, შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, როგორც წესი, ყველა გლოკი პირდაპირ ყუთიდან ისვრის ზუსტად, რამდენჯერ მინახია “ზიგები”, “ბერეტები” და სხვა პისტოლეტები, სადაც მოხვედრის და დამიზნების წერტილებს შორის იყო საკამოდ დიდი სხვაობა. რაღაც მომენტში მე ვიავარაუდე, რომ კომპანიები საერთოდ აღარ აკონტროლებენ როგორ ისვრიან მათი პისტოლეტები, აწყობენ, ფუთავენ და ყიდიან. ყველა გლოკი ყოველთვის იყო გასწორებული.  დიახ,  ქონდა გლოკს თავისი მცირე წარუმატებლობები, აქიდან ყველაზე დიდი ალბათ მოდელი 44, .22lr კალიბრის, რომელიც არის უნიკალური იმით, რომ იყო ერთადერთი გლოკი, რომელიც არ იყო საიმედო.  ისეთი წვრილმანები, როგორც პრობლემები პირველი გამოშვების გლოკ 42-თან, მეოთხე თაობის დამაბრუნებელი ზამბარების მოდულთან, არაფერია პისტოლეტების იმ რაოდენობასთან შედარებით რასაც გლოკი უშვებს.

20190417_195519

“ცხვირით დამიზნება”

February 19th, 2023

დიოპტრიული სამიზნი მოწყობილობები ბევრ უპირატესობას სთავაზობს მსროლელს და ერთ-ერთი არის მოხერხებულობა გამოყენებაში. საკმარისია გაიხედო დიოპტრში, გაუსწორო კორა სამიზნეს და შეგიძლია გააკეთო გასროლა. არ არის საჭირო ერთმანეთს გაუსწორო სამი ელემენტი, კორა, თარაზო და მიზანი. დიოპტრით სროლა უფრო სწრაფია, ადვილია და უკეთესი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი.

მოდით პირველ რიგში გავერკვიოთ რა არის ე.წ. “დიოპტრი”. თვალის შეუძლია ფოკუსირება მხოლოდ ერთ ობიექტზე, ხოლო ტრადიციულ სამიზნე მოწყობილობებში ჩვენ გვაქვს სამი ერთმანეთისგან დაშორებული ობიექტი, რომელიც მსროლელმა ზუსტად უნდა გაუსწოროს ერთმანეთს. ეს არის თარაზო, შემდეგ კორა და უკვე შემდეგ მიზანი. დიოპტრი ისევე როგორც კლასიკური მაგ. ე.წ. პარტრიჯის ტიპის სამიზნი მოწყობილობები, განეკუთვნება მექანიკურ სამიზნ მოწყობილობებს იმ განსხვაბებით, რომ თარაზო ამოგდებულია ამ განტოლებიდან და მსროლელი უყურება დიოპტრში და უსწორებს კორას მიზანს. კონსტრუქციდან გამომდინარე დიოპტრული სამიზნე აქრობს ან ახშობს პარალაქსის ეფექტს რაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ ცდებით კარგად აღწერა დუგლას კერმა სტატიაში “parallax suppression with a target rifle aperture sight”, მაგრამ რამდენად და რამდენად მნიშვნელოვანია თვალის ზუსტი გასწორება დიოპტრთან მიმართებაში სხვადასხვა კონსტრუქციის დიოპტრების შემთხვევაში, ალბათ მაინც რჩეაბა ღია საკითხად. ნებისმიერ შემთხვევაში, სტაბილური სროლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღის განლაგება სხეულთან მიმართებაში იყოს ერთნაირი.

M16A2_rear_sight_in_front_side_P1010034

ა2 ტიპის სამიზნი მოწყობილობა რომელიც გამოიყენება AR-15 ტიპის იარაღზე. ამ მოწყობილობას გააჩნია ორი დიოპტრი დიდი და პატარა, კარგი და ცუდი განათების/ხილვადობის პირობებში სასროლად (და არა სხვადასხვა მანძილებზე სასროლად, როგორც ეს შეიძლება ხანდახან მოისმინოთ). ორივე დიოპტრი საკმაოდ დიდია რაც ზრდის შეცდომის მოცულობას დამიზნებისას. დიოპტიურლი სამიზნი მოწყობილობების აბსოლუტური უმეტესობა იძლევა როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური შესწორებების შეტანის საშუალებას. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ  ასეთი სამიზნი მოწყობილობების შემთხვევაში, ცდომილებაც მეტია, დიოპტრის ზომებიდან გამომდინარე ამიტომ სწორი დამიზნების ტექნიკა კიდე უფრო მნიშვნელოვანია.

მე ჩემდა გაუთვითცნობიერებლად AR-15-დან სროლისას, კარგახანია ვიყენებ ტექნიკას, რომელიც ყოფილა აღწერილი და ოფიციალურად გამოყენებული, როგორც მინიმუმ აშშ-ს ჯარში და მას ქვია NTCH (Nose To  Charging Handle, ცხვირი გადასატენ სახელურზე).

oYcXjYp

ტექნიკა მარტივი და ეფექტურია. დამიზნებისას ცხვირით (მისი ერთი კონკრეტული) ნაწილით ეხებით AR-15-ის სახელურს ისე რომ თვალიც იყოს გასწორებული დიოპტრთან  მიმართებაში. იმახსოვრებთ ამ პოზიციას და გასროლიდან გასროლამდე ცდილობთ მიიღოთ ისეთი პოზიცია სადაც  სახელურს გამოიყენება როგორც „ათვლის წერტილი“ და ცხვირით შეხებისას ხვდებით რომ თავი/თვალი ყოველთვის ერთი და იგივე მდგომარეობაშია დიოპტრთან მიმართებაში. მშრალი ვარჯიშები და მრავლობითი გამეორებები უზრუნველყოფენ ჩვევის გამომუშავებას რა დროსაც შაშხანის მხარზე შეგდება ავტომატურად სრულდება ზუსტი გასროლისთვს გამზადებული მდგომარეობით.

Screenshot 2023-01-17 164531

ამ ტექნიკის ანალოგს იყენებენ ყველა გამოცდილი და პროეფესიონალი მშვილდოსანი. სადაც ტუჩი, ნიკაპი, ყბა, შვილდის ელემენტები და ხელი განოიყენება როგორც ერთგვარი „კოორდინატების სისტემა“ რაც უზრუნველყოფს შვილდის ერთნაირ განლაგებას მშვილდოსნის ხელებში და უზრუნველყოფს კონსისტენტურ დამიზნებას.

აღჭურვილი ამ და სხვა ტექნიკებით, მსროლელმა აბსოლუტურად სტანდარტული AR-15-ით შეიძლება აჩვენოს ძალიან კარგი შედეგები. 100 მეტრამდე მანძილზე შედეგი არ იქნება უარესი ვიდრე მაგალითად ოპტიკის გამოყენებისას. 300 მეტრზე შეუძლებელია ააცილო სილუეტს. 450 მეტრამდე სილუეტზე სროლაც შესაძლებელია თუ განათება გიწყობს ხელს და ცხადია სხვა ფაქტორებს ითვალისწინება, მაგალითად ქარს.

მე უკვე 42 წლის ვარ და ბავშვობიდან პრობლემური მხედველობა მაქვს,  ჩემზე უკეთესი მსროლელი, უკეთესი თვალებით, ბევრად მაღალი შედეგის ჩვენებას შეძლებს ვიდრე მე ავღწერე.

ცხადია ადამიანის ანატომიაც განსხვავებულია და უნდა მოერეიდოთ კისერის გაწელვას და არაკომფორტული არაბუნებრივი მდგომარეობიდან სროლას, რაც გამოიწვევს სწრაფ გადაღლას და ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. როდესაც მიიღებ სხეული მდგომარეობას რომ განახორციელო ზუსტი გასროლების სერია, ასეთ პოზაში უნდა შეძლო კომფორტულად იყო ერთი საათი ისე რომ არ დაგეწყოს გადაღლილობა. უმეტესობა არ-15-ების დღეს აღჭურვილია ტელესკოპური კონდახებით და ამ ტექნიკის გამოყენება არ უნდა იყოს პრობლემური.

ცხადია ოპტიკური სამიზნეების მასიური გავრცლეება, მათი ფასის შემცირება ხოლო ხარისხის ზრდა, აქცევს დიოპტრებს უკეთეს შემთხვევაში დამხმარე/სარეზერვო მოწყობილობად, თუ მთავარი სამიზნი საშუალება, ოპტიკა გამოვა მწყობრიდან.  მე ვთვლი, რომ ღია სამიზნეების გამოყენების უნარი უნდა იყოს მსროლელის არსენალში, რომ ოპტიკის მწყობრიდან გამოსვლისას მან მაინც შეძლოს შაშხანის ეფექტური გამოყენება.

მიუხედავად ამისა, მე რგორც ვიცი ამ ტექნიკის აღწერილობა ამ ეტაპზე ამოღებულია აშშ-ს არმიის საველე ინსტრუქციიდან. რისი მიზეზიც უნდა იყოს სხვადასხვა ოპტიკური სამიზნეების გამოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მოსაზრება. თითქოს Trijicon ACOG-ისთვის დამახასიათებელი უჩვეულოდ მოკლე ფოკუსის მანძილი (aye relief) განპირობებული იყო სროლის ამ ტექნიკით რომელსაც ჯარი იყენებდა, სადაც თვალი საკმაოდ ახლოს არის სამიზნ მოწყობილობასთან.  ACOG-ი თავის მხრივ იყო პირველი მცირე გადიდებიანი ოპტიკა, რომელიც აშშ-ს ჯარმა მიიღო შეიარაღებაში, როგორც სტანდარტული ყველა ჯარისკაცისთვის.

როგორც ყველა ტექნიკის შემთხვევაში უნდა გვესმოდეს რომ ყოველი ტექნიკა, მხოლოდ საწყისი წერტილია და უფრო გამოცდილი მსროლელები ცხადია თავისუფლები არიან უფრო მოსახერხებელი ტექნიკების ათვისებაში, მაგრამ NTCH შეიძლება იყოს ის რაც მსროლელმა უნდა გაითვალისწინოს დამიზნებისას და ამით თავი აარიდოს ზემდეტ “ჭყეტას” სამიზნეში და იდეალური პოზიციის მიღწევას რომელიც შეიძლება მიაღწიო მარტივი ტექნიკის გამოყენებით. ეს ტექნიკა არის ჩემი აზრით სწრაფი კონსისტენტურობის მიღწევისთვის, რომ შემდეგ მთელი კონცენტრაცია მიმართო კორას გამოყენებით ზუსტ დამიზნებაზე და შესაბამისად მიაღწიო კარგ შედეგს.

ჩემი მოსაზრება შაშხანის პრაქტიკულ სიზუსტეზე

January 8th, 2023

P1050043

მადლობა სოც მედიას, ჩვენ მსროლელებმა, თავი ამოვყავით წარმოუდგენლად ტოქსიკურ გარემოში, რომელიც არის “იუთუბ სელებრითების” შექმნილი ჰაიპის, ტაქტიკური “ლარპინგის” და “ელიტიზმის” ნაზავი. უფსკრული პრაქტიკულ მიზანშეწონილობასა და მედია სივრცეში პოპულარულ ტრებდებს შორის არის დიდი, როგორც არასდროს. და ვინაიდან ჩვენი “იარაღის კულტურა” ასე თუ ისე, კუდში მიყვება დასავლურ იარაღის კულტურას და მას იმიტირებს,  ეს ტოქსიკური გარემო ასევე გარკვეულ წილად აისახება ჩვენ ისედაც ჩამოუყალიბებელ, მწირ და უმეტესად უინტერესო იარაღის კულტურაზე.

ამ დომხალში, განსაკუთრებით ახალბედასთვის, რთულია გაერკვიოს/განასხვავოს რა არის ლეგიტიმური კონტენტი და რა არის უბრალოდ შოუ და თაღლითობა. წლების წინ, როდესაც მე ვიწყებდი ამ პროექტს მე მეგონა, რომ სტარტს მივცემდი ახალ ტრენდს და სცენაზე გამოვიდოდნენ ნამდვილი იარაღის პროფესიონალები, რომლებსაც აუცილებლათ უნდა ეარსებათ ამ ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა ამდენი კონფლიქტი და კრიზისი. მე მეგონა ისინი გააზიარებდნენ თავის ცოდნას იმ ახალი პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც გამოჩნდა. ვებ-გვერდები, ბლოგები, პოდკასტები, ფორუმები, იუთუბ არხები და ა.შ. მაგრამ აგერ გავიდა ლამის 20 წელი და ეს ხალხი არ ჩანს. რაც ჩანს, მე პირადად მაგრად მთრგუნავს.  ისევე როგროც ბოლო მოვლენებმა კანონში ცვლილებებთან დაკავშირების კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკიდურესად არაჯანსაღ პროცესებთან გვაქვს საქმე და ეს არ უჩენს არავის არც დისკომფორტს და არც კრიტიკული კითხვებიც არავის არ უჩნდება.

ეს ყველაფერი დიდ იმედგაცრუებას იწვევს ჩემში, იმიტომ რომ მე სხვა რამის იმედი მქონდა და ეხლა ვხედავ რომ ეს იმედები არ მართლდება. რატომ არის ასე, ამაზე შეიძლება მრავალი საათი იმსჯელო და ეს არ არის ამ ბლოგპოსტის მიზანი.  სინამდვილეში ეხლა მე მინდა გავამახვილო ყურადღება საკითხზე, რომელიც ითხოვს დეტალურ განმარეტბას და ახსნას. ეს არის შაშხანის პრაქტიკული სიზუსტე. ამ ბლოგპოსტის დაწერის იდეა მე თავში მიტრიალებს, რომ არ მოვიტყუო, სადღაც 10 წელი. დაახლოებით ამდენიხანი საქართველოში გაჩნდა და ერთგვარი პოპულარობა მოიპოვა სროლის ერთ-ერთმა მიმართულებამ, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “ზუსტი სროლა შაშხანიდან”, ეს მოძრაობა საქართველოში დაიბადა ჩემ თვალწინ სადღაც ლისის ტბის მიდამოებში და მთელი ეს პერიოდი მე  მის განვითარებას ვაკვირდები. ბევრი პიონერი და მაგარი მსროლელი  და იარაღის ენთუზიასტები ამ ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ, ხოლო 10 წლიან პერიოდს და ლისს ვახსენებ იმიტომ, რომ სწორედ მაშინ და ასეთი ფორმით ეს მიმდინარეობა გახდა მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის, რასაც პარალელურად დაემთხვა ინტერნეტში სოციალური პლატფორმების გამოჩენა, რამაც ხელი შეუწყო ასეთი გაერთიანებების გამოჩენას. რატომ ლისის ტბა? მისი განლაგების და ლანდშაფტური თავისებურებების გამო. ეს არის ერთადერთი ადგილი, პრაქტიკულად თბილისის შიგნით  სადაც ჯერ კიდევ დღემდე, შესაძლებელია უსაფრთხოდ სროლა საკმაოდ დიდ მანძილებზე.

თავიდანვე გამოიკვეთა ამ მიმდინარეობის ტრენდები და ტენდენციები, რომელიც მე არასდროს არ მომწონდა, თუმცა სიტყვა არ მოწონება იქნება არაზუსტი. უფრო ზუსტი იქნება, არ მაინტერესებდა ან ნაკლებად მაინტერესებდა.  იყო დრო, როდესაც შენ ყიდულობდი ძვირიან შაშხანას ყველაზე სქელი და გრძელი ლულით, ზედ ყველაზე გრძელი და დიდი გადიდების ოპტიკით და ავტომატურად ხდებოდი ზუსტი სროლის გურუ. იყო დრო როდესაც ეს მიმდინარეობა ექსკლუზიურად ასოცირდებოდა ბრაკონიერობასთან. ამის გარდა “ელიტიზმი”, ეგო, უაზრო ხმაური, ზედმეტი “ჩაციკლულობა” მატერიალურ ნაწილზე და კულტივირება ამ მიმართულების როგორც ერთგვარი სროლის ალფა დისციპლინის  სხვა მიმართულებებს შორის, მე არასდროს არ მხიბლავდა. უკანასკნელი განსაკუთრებით ღიმილის მომღვრელია იმის ფონზე, რომ ქვეყანაში გვყავდა და გვყავს მართლა მსოფლიო დონის სპორტსმენი მსროლელები, მათ შორის უნიკალური ბიოგრაფიით, მრავალი ჯილდოთი საერთაშორისო ასპარეზზე და ყოველი მათგანი ფეისბუქის გაცილებით უფრო მშვიდი და თავმდაბალი მომხმარებელია. ობიექტურად უნდა ითქვას რომ ზოგადად სოცმედია და პოპ-კულტურა ერთნაირად წამლავს იარაღის კულტურას ყველგან, პლიუს რა თქმა უნდა ლოკალური სპეციფიკა. მოკლედ ჩემი და ფეხბურთის ისტორია არის ერთი ერთში, არც თამაში მომწონს და არც მოთამაშეები. გარდა ამისა მე ყოველთვის მესმოდა, რომ ინფრასტრუქტურის არ არსებობა, არასტაბილური სიტუაცია ვაზნებით, რეალურად შეუძლებელს ხდის ეს მიმდინარეობა განავითარო და შენი თავი განავითარო იმ დონემდე, რომელიც ოდნავ მაინც მიუახლოვდება სხვა ქვეყნების დონეს. საოცრებები აქ ვერ მოხდება და არც მომხდარა.  იმიტომ რომ არ არის ამისთვის საჭირო წინაპირობები.  არიან ჩვენთან შორ დისტანციებზე ზუსტი სროლის ასები, თავისი საქმის ჭეშმარიტი ენთუზიასტები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ერთ ეგეთზე მოდის 50, რომელსაც ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობები მაგრამ გაბერილი თვითშეფასება აქვთ.

კიდევ ერთი ჩემი საინტერესო დაკვირვება. არსებობს, ზუსტი სროლის უფრო ხელმისაწვდომი დისციპლინები. მაგალითად მცირეკალიბრიანი იარაღი. დასავლეთში ზუსტი სროლა მცირეკალიბრიანი იარაღიდან არის საკმაოდ პოპულარული.  მართალია ზედა დონის იარაღები შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს მაგრამ შეიძლება იყიდოთ  CZ457 500 დოლარად, რომელსაც პირდაპირ ყუთიდან ექნება საასპარეზო დონის სიზუსტე. შემდეგ პნევმატური იარაღი, რომელიც ასევე პოპულარულია საზღვარგარეთ. რატომ არ განვითარდა ჩვენთან ეს შედარებით უფრო ხელმისაწვდოი დისციპლინები? იმიტომ რომ ეგო არის აქ მამოძრავებელი ძალა და ეგოს .22lr და პნევმატიკა ვერ კვებავს. ეგოს კვებავს დიდი კალიბრები, ხმამაღალი “ბაბახი”, დიდი “ცენნიკები”, გრძელი ლულები და დიდი ოპტიკები.  მცირეკალიბრიანი ვარმინტი და ბენჩრესტი, ისევე როგროც ზუსტი პნევმატიკა საქართველოში ძალიან მცირერიცხოვანი ენთუზიასტების ჯგუფების არის. ასე იყო, არის და იქნება, იმიტომ რომ აქაც არანაირი წინაპირობა არ არის რომ რამე შეიცვალოს. ამიტომ ყოველთვის მომწონდა პისტოლეტები. ან ხარ კარგი მსროლელი პისტოლეტიდან ან არა და ვერანაირი დოლარების ბღუჯა და გაჯეტი ამაზონიდან, ვერ გაგხდის უკეთეს მსროლელად პისტოლეტიდან და ვერ ჩაანაცვლებს შრომას და ინდივიდუალურ ოსტატობას.

მძიმე და გრძელი ლულები, ალუმინის “შასები” მილიარდი რეგულირების შესაძლებლობით,  მასიური მუხრუჭ-კომპენსატორები, ზე-მსუბუქი სასხლეტები, მასიური ოპტიკები დიდი გადიდებით.  ყველაფერი ეს ღირს ძალიან ძვირი და ლამაზად გამოიყურება პროფილის სურათებზე, მაგრამ იმისთვის რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან ეს ყველაფერი აუცილებელი არ არის. მთელი ინდუსტრია არის აგებული მითის ირგვლივ, რომელიც აჯერებს ადამიანებს რომ იმისთვის, რომ მიაღწიონ მაღალ შედეგს მათ ჭირდებათ უახელის, უძვირფასესი აღჭურვილობა, ახალი ჯადოსნური კალიბრი/ტყვია, ახალი ჯადოსნური ოპტიკა და ა.შ.  ბევრ ტრენდს სროლაში დღეს კარნახობს სპორტი, რაც ცუდია, იმიტომ რომ სპორტი ვითარდება თავისი კანონებით და ამ კანონებს არ აქვს არაფერი საერთო იმ გარემოსთან სადაც ხდება იარაღის რეალური გამოყენება.

ჯიმ სირილო, ნიუ იორკის პოლიციის ვეტერანი განფაიტერი: მე მივარდი ბარიკადასთან და ვესროლე სამ სამიზნეს. რენჯ ოფიცერმა დამადო ხელი მხარზე და მითხრა რომ ყველა ჩემი გასროლა ანულირებულია. მიზეზი იყო ის რომ მე ფეხის წვერით შევეხე ზოლს რომლითაც მონიშნული იყო სასროლოსნო პოზიცია. ყველა ჩემ შეიარაღებულ შეტაკებაში მე არასდროს არ დამიხედი ძირს რომ მენახა გამაფრთხილებელი ზოლი, ვუპასუხე გაბრაზებულმა, ავკრიფე ჩემი ნივთები და არასდროს არ დავბრუნებულვარ IPSC-ს მატჩზე. ასო პ, “პრაქტიკული” ამ სათაურში ზედმეტია, ეს სპორტია და მანდ არაფერი არ არის პრაქტიკული. 

ადამიანებს უნდათ სროლა როგორც იუთუბზე. და იწყება ეს გაუთავებელი რბოლა. უფრო ძლიერი კალიბრები, უფრო მძიმე იარაღი, უფრო სქელი და გრძელი ლულა, უფრო დიდი ოპტიკა, უფრო მეტი რეგულირებები კონდახზე, ახალი ჯადოსნურ ბიპოდი, მესამე ფეხი, ახალი უფრო ეფექტური კომპნენსატორი, უფრო უკეთესი მაუნთი და სია არ სრულდება. ბოლო-ბოლო ამით იკვებება უშეველებელი ინდუსტრია რომელიც იკვებება “ზუსტი მსროლელების” ქრაუდის ფულით.  საბოლოო ჯამში ვისი რა საქმეა ვინ როგრო ერთობა და რაში ხარჯავს ფულს (სანამ ალბათ ყურში ყვირილს არ გიწყებენ თავის განსაკუთრებულობაზე), მაგრამ რაზეც მე მინდა ვილაპარაკო ამ პოსტში უფრო სხვა განზომილებას განეკუთვნება. დავივიწყოთ ბენჩები, ქვიშის ტომარები და ტელესკოპური ტრიპოდები, რომელსაც ვერავინ ვერ ათრევს ზურგჩანთით. მე ვლაპარაკობ პრაქტიკულ სიზუსტეზე, რომელიც მიღწევადია საველე პირობებში, იარაღიდან რომელიც არის მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური და არ შეზღუდავს თქვენი გადაადგილების უნარს.  რაღაცა რაც არ იქნება ძვირადღირებული სათამაშო ან სპორტული ინვენტარი. რაღაცა რასაც ექნება პრაქტიკული გამოყენება ჩვენ არასტაბილურ სამყაროში და რეალობაში.

1984 წელს ალასკაზე მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციელებსა და მკვლელობებში ეჭვმიტანილ მაიკლ სილკას შორის. უკანასკნელი იყო გამოცდილი მსროლელი. ორივე მხარემ ერთმანეთს ცეცხლი ერთდროულად გაუხსნა, ორმა პოლიციელმა ვერტმფრენიდან და სილკამ მიწიდან. პოლიციელებს (SWAT რაზმიდან) ქონდათ ორი M-16, სილკას ცალმუხტიანი 30-06 კალიბრის რუგერი N1. ორ წამში სილკამ განახორციელა ორი გასროლა ცალმუხტიანი რუგერიდან, დაჭრა ერთი და მოკლა მეორე პოლიციელი სანამ საპასუხო ცეცხლმა ის არ მოკლა.  მთელი შეტაკება გაგრძელდა 2 წამი. 25 გასროლა, ორი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი. 

ზოგადად იარაღს აქვს ორი ტიპის სიზუსტე. პირველი არის პირობითად ტექნიკური სიზუსტე, რომლის ჩვენება ამ იარაღს შეუძლია იდეალურ პირობებში. მეორე სიზუსტე არის პრაქტიკული სიზუსტე, რომელიც შეუძლია აჩვენოს შაშხანამ საველე პირობებში, კონკრეტული მსროლელის ხელებში.  პრაქტიკული სიზუსტის დასადგენად არის ტესტი, რომლის ავტორიც ჯეფ კუპერია. თუ ადამიანს შეუძლია 100 მეტრიდან დასვას ათი გასროლა 5 ინჩიან წრეში, ორ გასროლიანი სერიებით (დამჯდარი, ფეხზე მდგომი) თითო სერიაზე ათ წამიან დროის მონაკვეთში, ის უნდა ჩაითვალოს რომ არის შესანიშნავი მსროლელი შაშხანიდან. შაშხანის ტექნიკური სიზუსტე, იქნება ეს 1MOA თუ 2.5MOA, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უმნიშვნელოა.  პირადად მე ძალიან მინდა ვიყო სწორედ ასეთი, უფრო პრაქტიკული და შესაბამისად ეფექტური მსროლელი.

არც ისე დიდიხნის წინ 1MOA (2.9 სმ 100 მეტრზე) ითვლებოდა სიზუსტის სტანდარტად, დღეს 1MOA რომ კითხო ზუსტი სროლის ტიპიურ ადეპტს, ის გეტყვის რომ ეს არაფერი არ არის.  არა და რეალობა თუ გავიმეორებთ ერთი ბრძენი კაცის სიტყვებს, შემდეგია: თუ შენ შეგიძლია სტაბილურად შეინარჩუნო 1MOA სიზუსტე სროლის ყველა მანძილზე, შენ მოიგებ უმეტესობა შეჯიბრს სროლაში.  კარგი ამბავი კი ის არის რომ 1MOA დღეს ღირს უფრო იაფი ვიდრე ოდესმე აქამდე, ხოლო განსხვავება 1MOA-ს და 0.5MOA-ს შორის შეიძლება იყოს სადღაც ასე 5 000 ლარი. კითხვა ისმის ასეთი, დახარჯოთ 5 000 ლარი ამ 0,5MOA-ზე თუ ამის ნაცვლად იყიდოთ 5 000 ლარის ვაზნები და მეტი ივარჯიშოთ?

ჯეკ ოკონორი: როგორი უნდა იყოს იდეალური სამთო შაშხანა? კარგად დაბალანსებული, გონივრულად მსუბუქი შაშხანა 21-22 ინჩიანი ლულით, ოთხჯერადი ოპტიკა, საიმედო მყარი სამაგრით, ტყავის ღვედი რომელიც გამოდგება სასროლად და იარაღის გადასატანად, კარგი კალიბრი დაფენილი ტრაექტორიით. 

  ბევრი სხვა გამოცდილი შაშხანიდან მსროლელი, ისევე როგორც ჯეფ კუპერი, გამოვიდნენ თავისი იდეებით პრაქტიკულ შაშხანაზე და მის სიზუსტეზე. ჯეფ კუპერს მაგალითად ეკუთვნის სკაუტ შაშხანის კონცეფცია, მსუბუქი, მოსახერხებელი საშუალო კალიბრის ზოგადი დანიშნულების  შაშხანა, მოგვიანებით გაჩნდა ე.წ. სანადირო/სახეტიალო შაშხანის კონცეფცია,  “კატრინას შაშხანა” რომელიც შთაგონებული იყო 2005 წლის ქარიშხლით, რომელიც თავს დაატყდა აშშ-ის სამხრეთ ნაწილს და დიდი ზიანი მოიტანა.   ყველა ელემენტი ამ კონცეფციების პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მოთხოვნებთან და ტრენდებთან, რომლებიც დღეს დომინირებენ შაშხანების სამყაროში. მათ შორის სიზუსტის თვალსაზრისით.  ღვედი და მისი გამოყენება, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ხდება დავიწყებული ოსტატობა, რაც ძალიან არასწორია და ესეც ეხლა არსებული ტრენდების გამო.

4938128005_0cfb7b85cd_z (1)

“მე აქ ვარ და მაქვს იარაღი”. წარწერა ახალი ორლეანის ერთ-ერთ მაღაზიაზე, რომელიც დაზარალდა ქარიშხალ კატრინას შედეგად.

ნაწილობრივ მე მესმის რატომ არის ეს ყველაფერი ისე როგორც არის. ადამიანების უმეტესობა გადასახლდა დიდ ქალაქებში. ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის იარაღი და მისი ეფექტური გამოყენება არ განეკუთვნება უნარს, რომელზეც არის დამოკიდებული მისი გადარჩენა და სიცოცხლე. იარაღის ფუნქცია ურბანიზირებულ საზოგადოებაში არ არის ისეთი, როგორც საზოგადოებაში 50-100 წლის წინ. იარაღი აუცილებელი ინსტრუმენტისგან გადაიქცა ფეტიშად, სათამაშოდ, რომელმაც უნდა გაართოს მფლობელი შაბათ-კვირას, უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება სტუმრებზე, უნდა იყოს მისი მფლობელის სტატუსის სიმბოლო. მე მგონია რომ იმ მოვლენების ფონზე რაც ჩვენ ირგვლვი ხდება, ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა უკვე ეხლა უნდა ვიყოთ მზად სიკვდილისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის მოწყვლადი მისი სათამაშო ჯარით და ბუტაფორიული უსაფრთხოების სამსახურებით. უკრაინის მაგალითი გვასწავლის რომ ჩვენ მოგვაკითხავენ სახლში და ჩვენ გვექნება ერთადერთი არჩევანი მოვკვდეთ სადმე სარდაფში თუ შევეცადოთ გაუწიოთ წინააღმდეგობა და როგორ ვაპირებთ ამ წინააღმდეგობის გაწევას, როდესაც ეს დრო დადგება. ვიღაცას გაეღიმება ამ აბზაცის წაკითხვაზე მაგრამ აგერ ჩვენს გვერდით ცოცხალი მაგალითია. ყველა იარაღის მფლობელი საქართველოში აღრიცხულია მათი ლოკაციის ჩათვლით რაც ეფექტურად ყველა იარაღის მფლობელს აქცევს სამიზნედ. შეხედეთ ამ ფაქტებს, თვალებზე ვარდისფერი ფილტრის გარეშე. რეალისტურად.

  ანატოლი კულგეიკო, ჩერნიგოვოს ოლქის მონადირეების კავშირის ხელმძღვანელი დაიღუპა როდესაც მას სახლში შეუვარდნენ რუსი ოკუპანტები, მონადირეების სიების მოსაპოვებლად, ვინიიდან რამდენიმე დღით ადრე, ვიღაცამ სანადირო თოფით ჩამოაგდო რუსების დრონი.  ჩხუბში კულგეიკომ მოახერხა ხელმყუმბარის წართმევა და აფეთქება რასაც შეეწირა თვითონ და ერთი ოკუპანტი. 

შაშხანით ინდივიდუალური ოსტატობის მაგალითი არის ისტორია რომელიც მოხდა ოჰაიოს შტატში განლაგებული სასროლეთ კემპ-პერიში. ეს არის სახელგანთქმული ადგილი და ერთგვარი მეკკა მსროლელებისთვის. რეკორდი რომელიც მანდ დამყარდა 1921 წელს არის დღემდე მიუხსნელი. ზედიზედ 71 მორტყმა 90სმ-ან “ხარის თვალში” 910 მეტრიდან (1000 იარდი). რეკორდი ეკუთვნის ჯორჯ ფარს, რომელიც მან დაამყარა, სტანდარტული 30-06 კალიბრის 1903 წლის სპრინგფილდის შაშხანით, რომელიც იქვე ათხოვეს, სტანდარტული “სამხედრო” ვაზნების გამოყენებით. ეს ისტორია უნდა იყოს ინსპირაცია, მსროლელებისთვის და რისი მიღწევა შეიძლება შედარებით მოკრძალებული ინსტრუმენტით.  

farr_r10

ჯორჯ ფარის შაშხანა და უკან მისი 36 ინჩიანი 1000 იარდიანი სამიზნის სურათი. სად არის მძიმე, დაკიდული ლულა? ტელესკოპი 30 გადიდებით? ან იქნებ ატლასის ბიპოდი? მას მერე მიშენის დიამეტრი გაიზარდა 40 ინჩამდე და ეხლაც 20 მორტყმა ზედიზედ არის იშვიათი, არა თუ 71. 

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან სულაც არ არის საჭირო ფულის ტომარები. ტექნოლოგიები წავიდა წინ და დღეს ხელმისაწვდომია ბევრი კარგი შაშხანა, გამძლე და საიმედო და ბევრი მათგანი გამოდგება კარგი შედეგის დასადებად.  კიდევ ერთი თვისება ასოცირებული ახალ შაშხანებთან, რაც არც ისე დიდი ხნის წინ იყო ფუფუნება,  არის კარგი სასხლეტები.  დამიჯერეთ არ არის საჭირო თირკმელის ჩაბარება, რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან, უბრალოდ შეხედეთ სხვაგვარად იმას თუ რა ქმნის მაგარ მსროლელს შაშხანიდან. ნუ აყვებით უაზრო ჰაიპს და ეგოს ძახილებს. ადამიანები იუთუბზე დებენ ვიდეოებს რომ მოიპოვონ ნახვები, არეკლამონ ათასი პროდუქტი, ეს არის რაც მათ აჭმევს. ყველა ასე არ არის ცხადია მაგრამ უმეტესობა არის.

არც ისე დიდიხნის წინ მე მივიღე გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ  დამაფიქრა რამდენად სწორი გზით ვითარდება შაშხანიდან სროლა როგორც ორთაბრძოლის ხელოვნება. მე მომეცა შანსი შემეძინა საქართველოსთვის ძალიან იშვიათი შაშხანა, Steyr-Mannlicher Scout-ი, .308 კალიბრში. ერთადერთი ქარხნული წარმოების შაშხანა, რომელიც ჯეფ კუპერმა აღიარა, როგორ სრულად შესაბამისი მისი სკაუტ შაშხანის კონცეფციასთან.  ეს მაღალტექნოლოგიური შაშხანა, არანაირი გაგებით არ ღირს იაფი, მაგრამ ამავე დროს ის ასევე არ ჯდება ზუსტი შაშხანის ტიპიურ კონცეფციაში. ჩვენ გვაქვს მსუბუქი პლასტმასის კონდახი, დასაკეცი ბიპოდით, რომელიც კონდახის კონსტრუქციის განუყრელი ნაწილია. ბიპოდის ფეხები იკეცება უკან რაც ნიშნავს, რომ ბიპოდი რომ “დატვირთო” ფეხები უბრალოდ აიკეცება და შაშხანა დავარდება. მას ასევე აქვს ზე-მსუბუქი  “ფანქრის პროფილის” ლულა, ჭრილებით წონის კიდე უფრო შემცირებისთვის. ლულის სიგრძე შედარებით მოკლე, 19 ინჩია (48სმ), შაშხანს მთლიანი სიგრძე 100სმ-ზე ნაკლები. ვაზნებით კვება ხდება ორ რიგიანი მჭიდიდან, ორ რიგიანი მიწოდებით.

დაინტერესებული რა შდეგის მიღება შეიძლება ასეთი მსუბუქი, პრაქტიკული შაშხანიდან მე დავაყენე მასზე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ოპტიკა, რომლის ნახვაც მოვახერხე თბილისში. ეს აღმოჩნდა Primary Arms 4-ჯერადი გადიდებით.  ყველანაირი გაგებით ეს არის პრაქტიკული შაშხანა, რომლითაც შეგიძლია უპრობლემოდ გადაადგილდე შორ დისტანციებზე, ის გამძლეა, მსუბუქია, მანევრირებადი, ის არაფერს არ წამოდება არ გამოიყენება ქვიშით და ფოთლებით, მაგრამ რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს ასეთი კონფიგურაცია?

პირველი სროლები საველე პირობებში, წვიმაში და სიცივეში, საკმაოდ მოულოდნელი შედეგით, 100 იარდზე (91მ)

scout 13

პირველი გასვლისას იარაღი გასწორდა და სულ სამი ჯგუფი ვისროლეთ, სამივე ჯგუფი გამოვიდა sub-MOA. 

“იარაღის და თავისუფლების” გადაღებისას, ძლიერმა ქარმა და რიგ სხვა ფაქტორებმა, განაპირობეს ჩემი როგორც მსროლელის დაბალი ფოკუსირება სროლაზე, მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში სიზუსტე 100 მეტრზე არ იყო ცუდი, ვინაიდან კონცეფციის ავტორი მიიჩნევდა, რომ 2.5MOA არის სავსებით საკმარისი სკაუტ შაშხანისთვის. ჩვენი შედეგი ოდნავ უკეთესი გამოვიდა რამდენიმე ფლაიერის გამოკლებით.

scout11

მესამე გასვლისას ჯგუფები თავიდან 1.7 MOA-ს ფარგლებში იყო. თანაც ხშირი ფლაიერებით. მერე როგორც იქნა მივხვდი, რომ ადგილი ქონდა პარალაქსის ეფექტს და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დავიწყე თავის/თვალის განლაგებისთვის ოპტიკის ცენტრთან მიმართებაში. ფლაიერები ჯადოსნურად გაქრნენ და ჯგუფები შემცირდა,  სტაბილურად 30მმ-ზე ქვევით.

scout 12

90% შემთხვევაში სროლა ხდებოდა ქარხნული პლასტმასის ბიპოდის გამოყენებით და მაგტექის მუხტით რომელიც არანაირად არ ასოცირდება საასპარეზო დონის ამუნიციასთან. კიდე უფრო მეტი სიზუსტის ამოწურვა შეიძლება. 

არც ისე ცუდი შედეგია 3.6 კილოგრამიანი კომპაქტური შაშხანისთვის თავისუფლად გამოკიდული ფანქრის პროფილის ლულით და 4-ჯერადი ოპტიკით.  სინამდვილეში ალბათ ძალიან კარგი შედეგია. თან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მართალია სროლა ზედმეტად ინტენსიური არ იყო, მაგრამ ლულის გახურების  ეფექტი ვერ დავინახეთ. შაშხანა სტაბილურად ისროდა. 30მმ 100 მეტრზე ნიშნავს 30 სმ-ს 1000 მეტრზე. ასეა ტექნიკურად, დანარჩენი დამოკიდებულია მსროლელზე და მის უნარებზე. რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ შაშხანას ქონდა კარგი სასხლეტი, და კარგი სასხლეტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი შაშხანის. ეს ჭეშმარიტება ეჭვგარეშეა.

დიახ, Steyr-Mannlicher Scout არანაირად არ არის ბიუჯეტური იარაღი, მაგრამ ეს მაგალითი გამოდგება იმის დასადასტურებლად რომ თუ შენ შენ ნაწილს კარგად შეასრულებ თანამედროვე შაშხანა, რომელიც არანაირად არ პასუხობს ზუსტი შაშხანის ახალ პარადიგმას, სინამდვილეში საკმარისზე მეტად ზუსტია.  არავინ არ ყიდულობს მსუბუქ მოკლე შაშხანას თხელი ლულით ჯგუფებზე სასროლად მაგრამ რა გინდათ, ისვრის.  რეალურ სამყაროში ჩვენ არ დაგვჭირდება 10 გასროლიანი სერია და სქელი ლულა რომელიც ამ ათი გასროლისას არ შეიცვლის მოხვედრის წერტილს.  შაშხანიდან ჩვენ დაგვჭირდება ერთი გასროლა, მოუმზადებელი პოზიციიდან და მეტის ფუფუნება შეიძლება არც გვქონდეს. დაფიქრდით ამაზე.

საბოლოო ჯამში ეს ხელოვენბაც მოკვდება, როდესაც მოხდება სროლის პირობების ავტომატური წაკითხვა და გათვლის ავტომატიზაცია. ასეთი კომპლექსები უკვე არსებობს და საჭიროა მხოლოდ დაუმიზნო ოპტიკის ჯვარი სამიზნეს და ყველა გათვლა მოხდება ავტომატურად, შაშხანიდან სროლა ისევე გაქრება როგორც ხმლით ბრძოლის ხელოვნება, მაგრამ მანამდე ჯერ ბევრი დროა. ალბათ.

ttmos250

Mossberg MVP 5.56, Vortex Spitfire ოპტიკით და სამოყვარულო ბედინგით. ბიუჯეტური კომბინაცია ყველანაირი გაგებით და შედეგი 250 მეტრზე. გავმეორდები, კარგი სიზუსტე არასდროს არ იყო ასე ხელმისაწვდომი, როგორც დღეს.

დედააზრი ამ არაერთგაროვანი ბლოგპოსტის გახლავთ ის, რომ არ უნდა დაითრგუნოთ “იუთუბის” არხების სიზუსტის სტანდარტით და ფასის ბირკებით ზუსტ შაშხანებზე. უმეტესობა რაც ხდება “იუთუბზე” თქვენთვის ნაკლებად რელევანტურია. უმეტესობა თანამედროვე, ზოგადი დანიშნულების შაშხანას აქვს საკმარისზე მეტი პოტენციალი, რომ გაგხადოთ ტოპ მსროლელი შაშხანიდან.  საჭიროა მხოლოდ გაიაზროთ, რა სიზუსტეს აქვს რეალური გამოყენება და რამდენი სიზუსტის გამოყენების ტრაკი გაქვთ თქვენ. ჯამური ჯგუფი არ აღემატება სიგარეტის კოლფის ზომებს 100 მეტრზე, ე.ი. შაშხანა წესრიგშია და გამოდგება ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც ადამიანს შეიძლება დაჭირდეს შაშხანის პრაქტიკული გამოყენება.  კი ამ უნარს ვერ გამოფენთ პროფილის სურათზე, კი მოსბერგის დანახვაზე სხვებს გული არ გაუჩერდებათ, მაგრამ სიამოვნება მიღებული მაღალი შედეგის ჩვენებით და საკუთარი თავის განვითარება, როგორც კომპეტენტური მსროლელის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ვიყოთ გულუბყვილოები. ჩვენ გვიწევს ცხოვრება ძალიან სახიფათო დროში და ეს კარგად უნდა გავიაზროთ.

P1050055

რა არის მექანიკური ზერო

December 22nd, 2022
20220209_142750
კორა ჩემ AR-15-ზე არის გასწორებული ბაზასთან. უკანა დიოპტრი ვერტიკალი 6/3-ზე მინუს 4 კლიკი, როგორც ამას ითვალისწინებს A2 ტიპის სამიზნის განულების გაუმჯობესებუი მეთოდოლოგია.  ჰორიზონტალურ სიბრტყეში, დიოპტრი ასევე ზუსტად ცენტრშია. ყველანაირი გაგებით მექანიკური ზერო ამ ტიპის იარაღზე ასეთი არის, ანუ კორაც და დიოპტრიც ნულებზეა ან რა ვიცი, ცენტრებში, ვისაც როგორც მოგწონთ. პირველი გასროლა 25 მეტრზე და მორტყმა პრაქტიკულად ზუსტად დამიზნების წერტილშია, შავი წრის ძირში. 50 მეტრზე ყველა მოხვედრა უკვე შავი წრის ცენტრში იყო.
ვინც არ იცით, ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს, მექანიკური ზერო და მოხვედრის წერტილი ერთმანეთს არ ემთხვევა. პატარა გადაცდომები დეტალების დამზადებისას, აწყობისას და როგორც წესი ტყვია სხვაგან ხვდება და საჭიროა შესწორებები, რომ ირაღი გაანულოთ, ანუ თქვენი დამიზნების ადგილი და მოხვედრის ადგილი იყოს ერთი და იგივე წერტილში. როგორც წესი ამის მიღწევის შემდეგ საჭიროა სამიზნი მოწყობილობების კორექტირება.
მექანიკური ზერო საწყისი წერტილია იარაღის განულებისას თუ იყენებთ რკინის სამიზნ მოწყობილობებს. აყენებთ კორას და თარაზოს საწყის პოზიციაზე, ისვრით და შედეგის მიხედვით შეგაქვთ შესწორებები სანამ მოხვედრის წერტილი არ დაემთხვევა დამიზნების წერტილს. როგორც კი ეს მოხდება ითვლება რომ იარაღი განულებულია.
20210822_082043
ოპტიკით აღჭურვილი იარაღის შემთხვევაში მექ. ზერო შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო გააჩნია რამხელა აცდენაა. ოპტიკა, რინგები, მაუნთი და იარაღი, ცალკე დეტალებია “შეკრული” სხვადასხვა ხრახნებით, ყოველი კომპონენტის მწარმოებელი შეიძლება იყოს განსხვავებული. ამიტომ შეიძლება მიიღო საკმაოდ დიდი აცდენა როცა ოპტიკა ერთ ადგილას იყურება და ლულა მეორეს და ამის კომპენსაციისათვის იყენებ ოპტიკის შესწორებების მარაგს, ე.ი. ამცირებ შენ განკარგულებაში მყოფ შესწორებების მარაგს, რომელიც გჭირდება რომ დააკომპენსიორ ქარი და ტყვიის ვარდნა სროლის დისტანციის ზრდასთან ერთად. როგორც წესი უმეტესობა ადამიანების ოპტიკას პირდაპირ აყენებნ და იწყებენ განულებას, იმის გარეშე რომ ბადე ზუსტად ცენტრში მოათავსონ. ამისთვის საჭიროა ბოლომდე დაატრიალოთ დოლურა რომელიმე მიმართულებით, შემდგომ დაიწყო ტრიალი საპირისპირო მხარეს და დათვალოთ კლიკები. შემდეგ გაყოთ ორზე და მაგდენი კლიკით დაბრუნდეთ “უკან”. ეს გააკეთოთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური დოლურებისთვის. მოსაბეზრებელი პროცედურაა და ამის გამო ბევრი ამას არ აკეთებს, მაგრამ სხვანაირად განულებისას შესწორებებს რომ შეიტანა, უბრალოდ ვერ გაიგებ რამდენი კლიკი დაგრჩა მარაგში.
უმეტესობა ამაზე არც ფიქრობს, უბრალოდ აყენებს ოპტიკას, ცივად ასწორებს და მერე იმის მიხედვით სად ხვდება ტყვიები, შეაქვს შესწორება, რწმუნდება რომ იქ ხვდება სადაც ისვრის და მორჩა გათავდა. მაგალითად მე ასე ვაკეთებ.  მაგრამ შორ მანძილებზე სროლისას ეს აცდენა შეიძლება იყოს პრობლემა, როგორც შესწორებების მარაგების თვალსაზრისით, ასევე მაგალითად შესწორებების მარაგის ზედა ზღვარზე თუ მანამდე მაგალითად დააკომპენსირეთ ჰორიზონტალური აცდენა, შეიძლება მიიღოთ მდგომარეობა როდესაც ვერტიკალურ შესწორებებს მოყვება ჰორიზონტალური, იმიტომ რომ შიდა მილი ოპტიკის (მოძრავი) შიგნიდან ედება ოპტიკის გარე მილს. ასე რომ ცოტა მისაღებია, ბევრი ნიშნავს რომ შეიძლება იყოს პრობლემები. გააჩნია ოპტიკას და სროლის მანძილს. მხოლოდ მოკლე მანძილებზე თუ ისვრით, თამამად შეგიძლიათ ეს თემა დააიგნორიროთ.
ჩემი აზრით ყველაზე ცუდია როცა ვერტიკალური შესწორების მარაგს “ჭამ” ანუ დისტანციებზე სროლისას შეიძლება მარაგი გამოგელიოს ან პირიქით მოგემატოს, გააჩნია სად იყურება ოპტიკა, ზევით თუ ქვევით. სანამ გაგიხარდებათ ასეთი შემთხვევა, უნდა გითხრათ, რომ დიდი აცდენა მექანიკურ ზეროსა და მოხვედრის წერტილს შორის შეიძლება მეტყველებდეს პრობლემაზე, რომელიმე ერთ ამ რამდენიმე კომპონენტთან ერთდროულად (ოპტიკა, რინგები, მაუნთი/”რელსი”, ან თუნდაც თვითონ იარაღი).
ამჯერად მექნიკური ზერო პრაქტიკულად დაემთხვა სასურველ ზეროს, რაც კარგია და fine tuning-იც იქნება მარტივი.
მე ასევე არასდროს პირველი სროლისას არ ვისვრი ჯგუფს, ეს ვაზნების ხარჯვაა, განსაკუთრებით როდესაც მიდიხარ სამიზნესთან და ხედავ რომ ააცილე და სამიზნე სუფთაა და იწყებ მიწაში კვალის ძებნას რომ მიხვდე საით ისვრის იარაღი. 25 მეტრზე, დიდი მიშენი, ერთი გასროლა. თუ მოხვედრა არის, მიახლოებითი შესწორება რომ გარანტირებულად ვიყო მიშენში. შემდეგ უკვე ვისვრი ჯგუფს სასურველ დისტანციაზე და ვიწყებ ზუსტ გასწორებას.
20211014_124308

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი იაფფასიანი პისტოლეტიდან

November 20th, 2022

30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო კვლავ რჩება უღარიბესი ქვეყნების სიაში, ხოლო კარგი იარაღი, კონკრეტულად კი პისტოლეტები არ ღირს იაფი. მითუმეტეს პატარა ქვეყანაში, რომლის ბაზარიც პატარა არის და არავის არ აინტერესებს. ასეთ ქვეყანაში არაფერი არ იშოვება და რაც იშოვება ყოველთვის ღირს ძვირი. ამიტომ ბევრისთვის ერთადერთი ალტერნატივა არის იაფფასიანი, ბიუჯეტური პისტოლეტების შეძენა. ბლოგპოსტის დაწერის მომენტისთვის, საქართველოში ფასი/ხარისხის საუკეთესო კომბინაცია ან უფრო სწორად best buy იარაღი არის “გლოკი”. გლოკები ჩვენ ქვეყანაში ბევრია, ბევრ იმპორტიორს შემოაქვს და ფასიც შედარებით დაბალია. ეს რომ გესმოდეთ რატომ ნაკლები რეგულაცია და ღია საზღვრები არის კარგი, იმიტომ რომ ყველაფერი ბევრია და რაც ბევრია ის იაფია.  გლოკს რომ ყოლოდა საქართველოში ერთი იმპორტიორი, მისი ფასი იქნებოდა არა 2500 ლარი, არამედ 4500 ლარი. მეორადი “გლოკის” შეძენა შესაძლებელია 2000 ლარზე ოდნავ დაბალ ფასშიც კი. იგივე ფასის კატეგორიაში გადის ჩეხური CZ-ს პოლიმერის პისტოლეტები (P07, 09, 10), მაგრამ ზოგისთვის ესეც ბევრია და მაშინ თქვენი არჩევანია თურქული, ბრაზილიური, ჩინური პისტოლეტები და ბულგარული წარმოების Arcus 98.

არის მიზეზი რატომ ეს პისტოლეტები ღირს იაფი და იმისთვის რომ მიიღოთ ამ პისტოლეტებისგან მაქსიმუმი, საჭიროა ეს ნიუანსები იცოდეთ. პირველ რიგში ფასი დაბალია იაფი (ე.ი. ნაკლებად კვალიფიციური/პროფესიონალური) მუშა ხელის გამო. როგორც წესი ხარისხის კონტროლიც ან დაბალია ან არ არსებობს. აქ ასევე იგულისხმება რომ პისტოლეტი იწყობა, იდება კოლოფში და იყიდება. არავინ, მათ შორის დამოუკიდებელი სასერტიფიკაციო უწყება არ ამოწმებს საბოლოო პროდუქტს, ხოლო ხარისხის კონტროლის როლს ასრულებს თავად მყიდველი. ამიტომ ასეთი პისტოლეტის შეძენისას საჭიროა უფრო დაწვრილებითი ინსპექტირება. მათ შორის ბოროსკოპით ლულის და სავაზნის შემოწმება. ფუნქციონალური შემოწმება, დეტალების ინსპექტირება რაიმე დაიზიანებებზე, ანომალიური ცვეთის ნიშნებზე. ყველაფერი ეს იმისთვის, რომ თავიდანვე გამოვრიცხოთ რაიმე “სტრუქტურული” პრობლემები. მე მინახია ბევრი ლულა და სავაზნე ქარხნული დეფექტებით შედარებით დაბალხარისხიან იარაღებზე, ამიტომ ყველას ვურჩევ შეძენამდე ასეთ იარაღზე ლულის და სავაზნის ბოროსკოპით შემოწმებას.

folowerin reverse

CZ-75-ის თურქული წარმოების  მჭიდები. ახალ გაუხსნელ მჭიდში მიმწოდებელი ზის უკუღმა. ესეც თქვენ მაგალითი არაპროფესიონალური მუშახელის და ხარისხის კონტროლის არ არსებობის.

ba galling

დიდი ალბათობით უჟანგავი ლულის ქარხნული წუნით გამოწვეული ლულის არხის მნიშვნელოვანი დეფექტი, ამერიკული წარმოების “დერინჯერში” უმნიშვნელო რაოდენობის გასროლებით.

შემდეგ არის გამოყენებული მასალები. სახლის პირობებში, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელია დაადგინოთ მასალების ხარისხი, რომლისგანაც არის დამზადებული იარაღი. ფოლადის ან პოლიმერის მარკის გარკვევაც აქ ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ხარისხი შეიძლება იყოს განსხვავებული. შეიძლება ფოლადი იყოს ხარისხიანი და წრთობა იყოს უხარისხო.  მეორად იარაღზე უხარისხო ფოლადის ნიშნებია, პლასტუკური დეფორმაცია გამოწვეული ექსპლუატაციით. ახალ იარაღში ცხადია ამის ნიშნები არ იქნება. მეორე პრობლემა არის ე.წ. “galling”.  ეს არის როდესაც ორი განსხვავებული ფოლადი ურთიერთზემოქმედებისას იწყებენ დაჩქარებულ ჩვეთას და/ან ხდება მათი “ცივი შედუღება”.  ეს პრობლემა მეტ წილად უკავშირდებოდა მაგალითად იარაღებში უჟანგავი ფოლადების გამოყენების საწყის ეტაპს, სანამ ფოლადის “რეცეპტურა” არ დაიხვეწა და ეს პრობლემაც მეტ წილად არ გაქრა.  ამიტომ მე ალბათ თავს შევიკავებდი იაფფასიანი პისტოლეტის შეძენისგან რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მე ასევე არ ვიყიდიდი მეორად პისტოლეტს მეტალის პლასტიკური დეფორმაციის ნიშნებით.

galing example

ე.წ. “გალინგის” მაგალითი ბრაუნინგის თოფზე. აქ მიზეზი შეიძლება იყოს როგორ დეტალების ზედმეტად მჭიდრო მორგება ასევე ექსპლუატაციის წესების დარღვევა. (სურათი ინტერნეტიდან)

saigaisshit

აქ ბევრს ვერაფერს გაარჩევთ, მაგრამ მეტალის დეფორმაცია “საიგას” ჩახმახზე იწვევს მის კონტაქტს დისკონექტორთან და გაჭედვას.  სასხლეტზე დაჭერისას ჩახმახი რჩება გაჭედილი.

naklep

საკეტის ნაწილის დეფორმაცია, საკეტის შემაკავებლის არასწორი მუშაობის გამო სლოვაკური წარმოების პისოლეტზე. კარგად ჩანს “ათლილი” კუთხე. მიზეზები შეიძლება მათ შორის იყოს საკეტის შემაკავებლის არასოწირ პოზიციონირება, საკეტის არადამაკმაყოფილებელი წრთობა ან მისი საერთოდ არ არსებობა.  (სურათი ინტერნეტიდან)

თუ ყიდულობთ იაფფასიან პისტოლეტს, იყიდეთ პისტოლეტი რომელშიც გამოყენებულია ნაცადი გადაწყვეტილებები ან პისტოლეტი რომელიც კლონია სხვა გამოცდილი კონსტრუქციის. ეგ დაგაზღვევთ საკითხავი კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებისგან და როგორც მინიმუმ ეგ ნიშნავს, რომ არ უნდა ელოდოთ რაიმე სიურპრიზებს. Stoeger STR არის “გლოკის” კლონი, ეს ნიშნავს, რომ თუ მანდ წარმოებისას რამე უხეში შეცდომა არ დაუშვეს, ამ პისტოლეტისგან არ უნდა ელოდო პრობლემებს.  დღეს თურქული Canik ასოცირებულია ხარისხიან თურქულ პისტოლეტებთან მაგრამ თავის დროზე Canik-ის პისტოლეტი გამოვიდა პრაქტიკულად გლოკის მექანიზმით და ორმაგი მოქმედების Walther P99-ის დეკოკერით, როგორც ამ ორი დიზაინის ჰიბრიდი, იმ განსხვავებით რომ “გლოკში” დეკოკერის არსებობას აზრი არ აქვს და ის არის ე.წ. kill switch-ი, რომელიც გადაყავს პისტოლეტი მდგომარეობაში, როდესაც ვაზნა სავაზნეშია და გასროლის წარმოება შეუძლებელია. რაც აბსურდული გადაწყვეტილებაა და ერთვარი შეხსენებაა რომ ხანდახან იაფი იარაღის მწარმოებლებს ბოლომდე არ ესმით რას აკეთებენ. ყველა ახალ კონსტრუქციას აქვს “კბილების წამოჭრის”, “დაღვინების” პერიოდი, როდსაც მისი კონსტრუქცია იხვეწება, ექსპლუატაციიდან მიღებული გამოცდილების მიხედვით, ამიტომ ნაცად კონსტრუქციას ექნება უპირატესობა ახალ კონსტრუქციაზე.  ეს ერთნაირად აქტუალურია, როგორც მაღალი ხარისხის ასევე იაფიან პისტოლეტებთან მიმართებაში. მე უფრო ვიყიდიდი იაფფასიან კლონს რომელიმე ცნობილი გამოცდილი პისტოლეტის, ვიდრე იაფ ფასიან პისტოლეტს ორიგინალური კონსტრუქციით.

მერე მოდის მჭიდები.  მჭიდი თამაშობს კრიტიკულ როლს პისტოლეტის საიმედო ფუნქციონირებაში. მჭიდი ერთის მხრივ მარტივი კონსტრუქციის მექანიზმია მეორეს მხრივ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დაშვებებს და მასალებს. პატარა აცდენა და ჩვენ მივირებთ პრობლემურ კვების მექანიზმს და ე.ი.  არასაიმედო პისტოლეტს. ამის გამო ბევრი სერიოზული მწარმოებელი მჭიდებს თვითონ არც ამზადებენ და უკვეთავენ მათ სხვას.  ზოგი თურქი მწარმოებელი უკვეთავს მჭიდებს ისეთ სერიოზულ მწარმოებლებთან, როგორიც არის იტალიური Mec-gar. კარგია თუ პისტოლეტი იყენებს სხვა მაღალი ხარისხის პისტოლეტის მჭიდებს და მაშინ შესაძლებელია ამ მჭიდების ყიდვა და მხოლოდ მათი გამოყენება, რაც დადებითად აისახება საიმედოობაზე.

two magsit

ბერეტა 92-ის თურქული წარმოებული მჭიდი, იტალიურთან შედარებით. დააკვირდით ზამბარის სიგრძეს და მავთულის სისქეს. აშკარად ჩანს, რომელი მჭიდისგან უნდა ელოდო პრობლემებს.

იაფფასიანი პისტოლეტისგან არ უნდა ელოდო როგორც გლოკისგან ისეთ საიმედოობას, როდესაც პირდაპირ ყუთიდან იღებ პისტოლეტს და ისვრი 10 000-ჯერ ყოველგვარი მომსახურების გარეშე ნებისმიერ მუხტებს. იაფფასიანი პისტოლეტი ყოველთვის უნდა იყოს იდეალურად სუფთა, კარგად დაზეთილი და მჭიდი უნდა იყოს სავსე ვაზნებით, რომლებიც გატესტილია და იცით რომ ამ ვაზნებზე პისტოლეტი კარგად მუშაობს.

20221029_153910

Arcus 98DA/DAC არის ბიუჯეტური პისტოლეტის კარგი მაგალითი, მაგრამ ამ პისტოლეტმა შეწყვიტა მუშაობა ექსტრაქტორის ქვეშ დაგროვილი უმნიშვნელო რაოდენობის ჭუჭყის გამო. “არკუსი” დაფუძნებულია “ჰაი პაუერის” კონსტრუქციაზე და ამ შემთხვევაში ქარხნული მჭიდის ნაცვლად გამოიყენება Mec-gar-ის მჭიდი, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის არის და ასევე იგივე სიგრძის პირობებში 13 ვაზნის ნაცვლად იტევს 15 ვაზნას.

იაფფასიანი პისტოლეტის მომსახურების რეგლამენტი უნდა იყოს ბევრად ხისტი. დაიჭირეთ თადარიგი. ყველამ იცის, რომ მე არ ვარ ბრაზილიური “ტაურუსების” მოყვარული, მაგრამ როდესაც მომეცა შანსი მეყიდა იაფად მათი წარმოების 1911, მე ის ვიყიდე. გამოვიკვლიე ინტერნეტში, რომ ამ პისტოლეტს აქვს პრობლემური ექსტრაქტორი. შევუკვეთე და ჩამოვიტანე ეგ დეტალი დამზადებული Wilson Combat-ის მიერ. კიდევ ერთი მიზეზი რატომ კლონის ყიდვა კარგია, შესაძლებელია პრემიუმ ხარისხის დეტალების შეძენა. ქარხნული ექსტრაქტორი “ტაურუსზე” გატყდა პირველი ორი მჭიდის შემდეგ….  ერთხელაც ჩვენ მოგვიწია ისრაელის წარმოების 1911 გადაწყობა Wilson Combat-ის დეტალებზე იმიტომ რომ ახალი პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არ მუშაობდა.

არც ერთ პისტოლეტს არ აწყენს პერიოდული ინსპექტირება და სერიოზული მსროლელები ზუსტად ასე უდგებიან საქმეს მაგრამ იაფფასიანი პისტოლეტისთვის დეტალური ინპსექტირება კრიტიკული ადგილების არის სავალდებულო. პისტოლეტში ესენია, საკეტის სარკე, ექსტრაქტორი, დამრტყმელი, ჩახმახი, უსაფრთხოების მექანიზმები, მცველები, მჭიდის ყველა ელემენტი.

პრევენციული მომსახურება მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ რომ, იაფფასიან პისტოლეტებზე არ გვხვდება ისეთი მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვები, როგორც მაღალი კლასის პისტოლეტებზე. პერიოდული გაწმენდა მეტალის დეტალების ზეთიანი ტილოთი, დაიცვას დაფარვას და რკინის დეტალებს კოროზიისგან. ამავე დროს გახსოვდეთ, რომ გაცილებით მეტი იარაღი ფუჭდება ზედმეტი და არასწორი მოვლით ვიდრე სროლით გამოწვეული ექპსლუატაციისგან, ასე რომ დაიცავით ბალანსი.

 რომ გავაკეთოთ დაწერილის შეჯამება, იაფფასიან პისტოლეტებთან მიმართებაში მიყევით შემდეგ წესებს:

1. გამოიკვლიეთ ინტერნეტით რას ყიდულობთ

2. აირჩიეთ უკვე გამოცდილი პისტოლეტების კლონები

3. მოერიდეთ უჟანგავ ფოლადს და ეკზოტიკურ მასალებს.

4. ყიდვამდე ყველაფერი კარგად შეამოწმეთ

5.  თუ შესაძლებელია გამოიყენეთ უკეთესი ხარისხის მჭიდები

6. პისტოლეტი უნდა იყოს ყოველთვის სუფთა და კარგად დაზეთილი.

Walther PPK .22lr გამადიდებელი შუშის ქვეშ

September 25th, 2022

lhfhfhfg

ჯეიმს ბონდის როლის შესმრულებელი ჯონ ლაზენბი. იან ფლემინგის და მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციები სამუდამოდ დააკავშირებენ WaltherPPK-ს ყველაზე სახელგანთქმული შპიონის სახელთან.  

უხერხულია ამის აღიარება, მაგრამ მე არასდროს აქამდე არ მქონია შესაძლებლობა, მესროლა Walther PPK-დან. პისტოლეტი, რომელმაც შექმნა არა თუ კლასი არამედ იერსახე და კონცეფცია კომპაქტური პისტოლეტის, რომელიც დღემდე არსებობს, ცოცხალი და პოპულარულია. პისტოლეტი, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი იარაღი, “კალაშნიკოვთან”, “გლოკთან”, “უზისთან” ერთად.  ბოლო ბოლო PKK ლეგენდარული აგენტ 007-ის პისტოლეტია. მიზეზი რის გამოც “ვალტერი”  ამდენი ხანი ვერ ჩავიგდე ხელში,  ყოველთვის იყო მისი ფასი და ხელმისაწვდომობა. მრავალი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში გახდა შესაძლებელი ფლობდე მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღს, PPK არასდროს არ იშოვებოდა და გადიოდა პრაქტიკულად საკოლექციო იარაღში, რაც თავისთავად განაპირობებდა მის მაღალ ფასს. რამდენიმეჯერ საქართველოში იმპორტირებული იყო ახალი გამოშვების “ვალტერები” მაგრამ ეს იყო უკვე მოდელები PPK/S, წარმოებული ლიცენზიით ამერიკაში “სმიტ&ვესონის” მიერ.

ppk-0113_78-25674_t1000

მოდელი PPK/S  PPK-ს და PP-ს ერთგვარი ჰიბრიდია, სადაც პირველისგან მას ერგო საკეტი და მეორესგან შედარებით დიდი ჩარჩო. ეს “ჰიბრიდი” გაჩნდა მას შემდეგ რაც ამერიკაში 1968 წელეს დაწესდა შეზღუდვები იმპორტირებული იარაღის ტიპებზე და ამ შზღუდვების აცილების მიზნით საჭირო გახდა პისტოლეტის ასეთი კონსტრუქციის ცვლილება, რომ მას დაერგორვა საჭირო ქულები და შესაძლებელი გამხდარიყო მისი ექსპორტი ამერიკაში.

PP და PPK ყოველთვის წარმოადგენდნენ დიდი ინტერესს კოლექციონერებისთვის, რისი მიზეზი გარდა ადგილისა რომელიც მას უკავია ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიაში, არის ასევე ის, რომ მას აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი წარმოების ისტორია. ის გამოდიოდა ორ კონტინენტზე, ჩრდილო ამერიკაში და ევროპაში. მაგალითად ევროპაში წლების განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, PPK-ს უშვებდა ფრანგული კომპანია Manuhrin ხოლო საბოლოო აწყობა პისტოლეტების ხდებოდა სენტ-ეტიენის არსენალში. ნაწილი პისტოლეტების მიდიოდა გერმანიაში სადაც, როგორც ვხვდები მათი მარკირება ხდებოდა, როგორც ვალტერის მიერ გამოშვებული პროდუქციის. ეს სიტუაცია დიდი ალბათობით გაგრძელდა 80-ნი წლების ბოლომდე, როდესაც “ვალტერმა” დაიწყო პისტოლეტების გამოშვება ულმში განლაგებულ ქარხანაში.   პატარა “ვალტერების” წარმოება დაიწყო მოგვიანებით უკვე აშშ-ს ტერიტორიაზე. 1980 წლიდან Ranger Manufacturing ინტერარმსისთვის (შეთანხმება გაფორმდა 1978 წელს მაგრამ 2 წელი გახდა საჭირო წარმოების დაწყებისთვის). 1999-2001 წლამდე Smith&Wesson-მა და “ვალტერმა” დაარსეს კომპანია Walther  USA LLC, რომლის საშუალებითაც გაყიდეს ინტერარმსის დახურვის შედეგად დარჩენილი დეტალებისგან აწყობილი პისტოლეტები, ხოლო 2001 წლიდან  Smith&Wesson, რომელიც უშვებდა ამ პისტოლეტებს 2013 წლამდე. როგორც ვხვდები 2018 წლიდან, PPK და PPK/S გამოდის ამერიკაში, არკანზასის შტატში განლაგებული “ვალტერის” ახალ საწარმოში. წარმოების დირექტორმა ბრეტ ვორჰეესმა ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ მხოლოდ “ვალტერის” საწარმოს გახსნით აშშ-ში ისინი იქნებოდნენ დარწმუნებულნი, რომ შეინარჩუნებდნენ მაღალ ხარისხს. ეს ერთგვარი აღიარება იყოს იმისი რაც ცნობილი იყო აშშ-ში ყველასთვის, რომ ამერიკული წარმოების “ვალტერები” ხანდახან არ გამოირჩეოდნენ ისეთი უნაკლო შესრულებით, როგორც ევროპაში წარმოებულები.

რაც მე ეხლა დავწერე, მხოლოდ ზოგადი სურათია ვალტერების ამ სერიის პისტოლეტების წარმოების საკმაოდ ჩახუჭუჭებული ისტორიიდან, რაც საბოლოო ჯამში სერიოზულ და საინტერესო გამოცანად აქცევს კონკრეტული პისტოლეტების იდენტიფიკაციას. როგორც აღვნიშნე ეს ხსნის იმას თუ რატომ უყვართ ასე კოლექციონერებს ეს პისტოლეტები.

საქართველოში, სადაც PPK იყო საკმაოდ იშვიათი,  სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერთ-ერთმა იმპორტიორმა დაიწყო მეორადი “ვალტერების” შემოტანა და უცბად შესაძლებელი გახდა, შედარებით დაბალ ფასად ორიგინალური, ევროპული წარმოების PP და PPK-ს შეძენა. თანაც სამ ყველაზე გავრცელებულ კალიბრში, რომელშიც ეს (PPK) პისტოლეტი გამოდიოდა, 7,65, .380 და .22lr. მეოთხე კალიბრზე, 6.35-ზე (.25 ACP) გათვლილი ვალტერები ძალიან ცოტა იქნა გამოშვებული და მათი ფასი დღეს ძალიან მაღალია.

15401977763

PPK, PolizeiPistole Kriminal, კრიმინალური პოლიციის პისტოლეტი არის მინიშნება ამ იარაღის გამოყენების სფეროზე. პატარა, კომპაქტური პისტოლეტი გათვლილი ფარულ ტარებაზი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირის მიერ. მისი წარმოება დაიწყო 1931 წელს. 

საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად შემთხვევით ჩემ ხელებში მოხვდა PPK კალიბრში .22lr. დიახ მართალია ეს არ არის .380 და ალბათ ამ ზომის პისტოლეტში უფრო სასურველი .32 კალიბრი მაგრამ ეს არის ორიგინალური PPK გამოშვებული 1975 წელს ჯერ კიდევ დასავლეთ გერმანიაში. კონსტრუქციულად ის ასევე პრაქტიკულად იდენტურია ცენტრალური აალების PPK-ებთან.

ტექნიკურად PPK არის ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, გარედან განლაგებული ჩახმახით, ლულა ფიქსირებულია ჩარჩოში და ასრულებს დამაბრუნებელი ზამბარის ღერძის როლს, რომელიც ჩამოცმულია ლულაზე. პისტოლეტი იკვებება ერთ რიგიანი მჭიდიდან. საკეტი ბუნებრივია თავისუფალია და არ არის გადაბმული ლულასთან. მართვის ელემენტებს განეკუთვნება, გარედან განლაგებული ჩახმახი, მჭიდის ღილაკი განლაგებული ახალ უკვე უჩვეულ ადგილში, ჩარჩოს ზედა ნაწილში, ხოლო საკეტზე განლაგებულია მექანიკური მცველი რომელიც ერთდროულად ასრულებს ჩახმახის უსაფრთხოდ დამშვების ფუნქციას. პისტოლეტის ყველა დეტალი მეტალის არის, გარდა სახელურის პანელებისა, რომლებიც დამზადებულია ყავისფერი პლასტმასისგან. სამიზნი მოწყობილობები ფიქსირებულია. პისტოლეტი დაფარულია დამცავი შავი ოქსიდირებით.

20220823_111452

სავარაუდოთ არწივი “N”-ით, ხოლო ასეთი მისი ფორმა განპირობებულია ლულის მრგვალი კვეთით. 

20220823_111419

 სერიული ნომერი,  ციფრები LR ჩარჩოზე ნიშნავს, რომ ეს ჩარჩო განკუთვნილია .22 კალიბრის პისტოლეტისთვის.

20220823_111403

გამოშვების წელი, ულმში განლაგებული გამოსაცდელი უწყების დამღა, სადაც ვალტერი გადავიდა ცელა-მელისიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოექცა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ,  და არწივი “N” რაც ნიშნავს რომ იარაღიდან გასროლილი იქნა ორი ვაზნა უკვამლო დენთით, სადაც მუხტი 30%-ით უფრო მაღალია ვიდრე დაშვებული სტანდარტული სპეციფიკაციებით.

20220823_112830

 მართალია დამღები გვეუბნებიან რომ პისტოლეტი დამზადებულია დასავლეთ გერმანიაში, რეალურად ის დამზადებული საფრანგეთში, “Manuhrin”-ის მიერ. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დამღები არ იუწყებიან სიმართლეს. განსხვავება დაფარვებში საკეტსა და ჩარჩოს შორის განპირობებულია იმით, რომ საფრანგეთში ჩარჩო იყო დასრულებული ფორმით, ხოლო საკეტი იგზავნებოდა გერმანიაში დამღების გარეშე, სადაც უკვე “ვალტერის” მიერ ხდებოდა საკეტის დასრულებულ დეტალად ქცევა და მათ შორის ცხადია დადამღვა და დამცავი ფენის შექმნა რკინის ზედაპირზე. 

რახან პისტოლეტი მეორადია, მას არ მოყვება არაფერი, მხოლოდ პისტოლეტია და ერთი მჭიდი. ცოტა უფრო გამოცდილ ტიპებს უნდა გაგიჩნდეთ კითხვა, თუ კალიბრი .22-ია, ხოლო მასალა და  გაბარიტები იგივეა, როგორ ახერხებს შედარებით სუსტი .22 ამ პისტოლეტის გადატენვის უზრუნველყოფას? პასუხი არის მარტივი, რადიკალურად შეთხელებული საკეტის წყალობით.

შეიძლება ჩეხმა ალოიშ ტომაშეკმა პირველმა გამოიყენა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი თავის “ლიტლ ტომში” მაგრამ ფრიც ვალტერმა გახადა ის პოპულარული, თავისი PP და PPK პისტოლეტების მეშვეობით. ანალოგიური კონფიგურაციის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები, მცველით/დეკოკერით და ჩახმახის მცველით გამოიყენებოდა უამრავ სხვა პისტოლეტში. მექანიზმი მარტივი, ელეგანტური და ეფექტურია, მისი ერთადერთი ნაკლი არის ზედმეტად მძიმე სასხლეტი ორმაგი მოქმედების რეჟიმში, თვისება რომელიც ახასიათებს ადრინდელი ორმაგი მოქმედების პისტოლეტების უმეტესობას.  მაგრამ ობიექტურად PP 1929 წელს პირველად წარდგენილი და შემდგომ PPK, ორივე იყო იმ დროისთვის საკმაოდ ინოვაციური პისტოლეტები. ბევრი რამე რაც იყო მათ კონსტრუქციაში გათვალისწინებული, უკვე იმ დროს იყო სტანდარტული, მაგრამ დიდი ზომის პისტოლეტებში და არასდროს ასეთ კომპაქტურში. ვალტერის კომპაქტურ პისტოლეტში თავმოყრილი იყო ღილაკიანი მჭიდის საკეტელას კონსტრუქცია, დეკოკერი, ჩახმახის მცველი, ბოლო გასროლისას საკეტის შემაკავებელი. .22 კალიბრის “PPK”-ს არ გააჩნია სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი, რაც ალბათ ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ დამრტყმელის არხი განლაგებულია უფრო მაღლა, რადგან დამრტყმელი ურტყავს მასრას კიდეში და არა ცენტრში.

20220823_11211720220823_112103

 

განსხვავებით პოპულარული მოსაზრებისგან, ვალტერის მექანიზმის მოწყობილობას არ აქვს ბევრი საერთო მაკაროვთან. უკანასკნელი არ შეიძლება ჩაითვალოს ვალტერის კლონად, უფრო ვალტერის იდეების გაგრძელებად საბჭოთა სპეციფიკის გათვალისწინებით. პისტოლეტები არ არიან იდენტურები, მაგრამ ვალტერის გავლენა მაკაროვის კონსტრუქციაზე აშკარაა. 

ppk mag

მჭიდის კონსტრუქცია ცალკე ყურადღებას იმსახურებს. ტევტონური ტრადიციებიდან გამომდინარე, მის კონსტრუქციაში ბევრი დეტალია, მაგრამ ეს დეტალები უზრუნველყოფენ ამ მოწყობილობის უნაკლო ფუნქციონირებას. ყურადღებას იქცევს დიდი ალბათობით ნიკელირებული მიმწოდებელი (უკეთესი საიმედოობისთვის), ასევე შესაძლებელია ზამბარის ხელით შეკუმშვა რაც აადვილებს მჭიდის შევსებას მცირე ზომის .22 კალიბრის ვაზნებით. 

20220823_112552

20220823_112504

მექანიკური მცველი/დეკოკერი ირთვება ქვევით დაწევისას და ითიშება ზევით აწევისას. ეს უფრო მოსახერხებელია ვიდრე “მაკაროვში” პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი კონფიგურაცია უფრო სწრაფია. ქვედა სურათში მცველი ჩართულია და ჩანს როგორ დაცულია დამრტყმელი ჩახმახის დაცემისგან. ზედა სურათში მცველი გამორთულია. 

პისტოლეტის მოვლა მომსახურება ადვილია. არასრული დაშლა ხორციელდება სასხლეტის დამცავი კავის ჩამოწევით და მისი ღია მდგომარეობაში დაფიქსირებით (გამოდგება სავიზიტო ბარათიც). საკეტის ბოლომდე უკან გამოწევით და მაღლა აწევით შესაძლებელია საკეტის და ჩარჩოს განცალკევება. მოხსენით ლულას ზამაბა რა პისტოლეტი მზად არის წმენდისთვის. ელეგანტურად მარტივად იშლება საკეტი. ჩააჭირეთ დამრტყმელს ბოლომდე, გამოწიეთ გვერძე მცველი და მოხსენით ის საკეტს, შემდეგ შესაძლებელი გახდება დამრტყმელის, ექსტრაქტორის და მათი ზამბარების ამოღება. ამ მხრივ ის ცოტათი უფრო მოსახერხებელია ვიდრე იგივე “მაკაროვის” საკეტის დაშლის თანმიმდევრობა. აწყობისას ყურადღება უნდა მიაქციოთ დამაბრუნებელი ზამბარის სწორი მიმართულებით დაყენებას ლულაზე, ვიწრო ნაწილით სავაზნის მიმართულებით.

20220823_113554

განსხვავებით მაკაროვისგან, კავის დაფიქსირება ღია მდგომარეობაში შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა რამე საგნის გამოყენება. ეს ნაკლებად მოსახერხებელია მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე კავის თითით დაფიქსირება როდესაც ის მიბჯენილია ჩარჩოზე ღია მდგომარეობაში და მიბჯენის ადგილას ჩარჩოზე ჩნდება ნაკაწრი/ცვეთა.   

PPK-ს სახელურის ტარი დამზადებულია პლასტმასისგან, რამდენადაც შევძელი დადგენა, Cellidor მარკის. მასალა გამძლეა და ფერით წააგავს ხეს.  ყველა მეორად პისტოლეტზე ამ მასალისგან სახელურები იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში. 

11-73

პერიოდულად აუცილებლად უნდა მოხსნათ ჩარჩოს ტარის ლაოყეები და გაწმინდოთ როგორც სალოყეები ასევე ჩარჩო შიგნიდან და ხრახნი რომელიც იჭერს მათ თავის ადგილას. სალოყეების ქვეშ ხშირად გროვდება ჭუჭყი, ნესტი, ოფლი და იწყება კოროზია. ეს რომ არ მოხდეს რეკომენდირებულია ამ ადგილების რეგულარული წმენდა და ზეთის დამცავი თხელი ფირით დაფარვა.

20220524_183611

რა ხდება როდესაც არ აქცევ ყურადღებას სალოყეებს და მათ დამჭერ ხრახნებს. ჩარჩო ამ CZ P07-ში ალუმინის არის და ამან გადაარჩინა ის დაზიანებისგან. 

20220823_113044

პისტოლეტის სამიზნი მოწყობილობები მარტივი კორა და თარაზოა. ერთი შეხედვით ისინი მცირე ზომის არიან მაგრამ ნორმალური განათების პირობებში ადეკვატურ სამიზნ სურათს  ქმნიან. 

1933 წლისთვის, პისტოლეტი გამოირჩევა შესანიშნავი ერგონომიკით, კარგი იარაღის სახელმძღვანელოთი, რომელიც დღესაც ადეკვატურია, ერთი გამონაკლისით, მჭიდის ღილაკი უჩვეულოდ მაღლა არის განთავსებული, რაც მთლად მოსახერხებელი არ არის მსროლელისთვის, რომელიც მიჩვეულია რომ ეს დეტალი არის დამცავ კავთან და არა იქ სადაც, როგორც წესი საკეტის შემაკავებელია. საკეტის შემაკავებელს რაც შეეხება ის დახურულია ანუ ის არის, მაგრამ გარედან მისი ხელით აქტივირება შეუძლებელია, ის აქტივირდება მხოლოდ ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. ეს და მჭიდის ღილაკის განლაგება არის ის რაც დღევანდელი სტანდარტით უჩვეულოა, დანარჩენში ამ პისტოლეტის ათვისებაში თანამედროვე მსროლელს პრობლემა არ უნდა ქონდეს. მათ შორის საიმედოობის და გამძლეობის თვალსაზრისით.  ეს დღეს ჩვენ ვართ მიჩვეული ერგონომიკის, საიმედოობის და გამძლეობის ასეთ სტანდარტებს თუნდაც ბიუჯეტურ პისტოლეტებში,  მაგრამ თითქმის 100 წლის, როდესაც ავტომატური პისტოლეტები ჯერ ახალი ხილი იყო, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო.

სანამ გადავალთ სროილს ნაწილზე, მე მოგიყვებით თქვენ ასეთი პისტოლეტის ექსპლუატაციის წესებზე, რომელიც უნდა დაიცვათ, რომ იარაღმა საიმედოდ იმუშაოს და არ გაუჩნდეს რაიმე მექანიკური პრობლემა. ასეთ იარაღში ვგულისხმობ 50 წელს გადაცილებულ მცირეკალიბრიან პისტოლეტზე, რომელზეც ჩვენ არ ვიცით რამდენი ვაზნა აქვს გასროლილი, რა მდგომარეობაშია ზამბარები და როგორ უვლიდნენ მას წინა პატრონები. ამიტომ აქედან წესი პირველი: ეს იარაღი ყოველთვის უნდა იყოს გაწმენდილი და დაზეთილი. წესი მეორე: გამორიცხეთ თანამედროვე სწრაფი და ზე-სწრაფი მუხტები. იმ დროს როდესაც ამ იარაღს უშვებდნენ წარმოებაში, ასეთი მუხტები არ არსებობდა და მიუხედავად თითქმის ყოველთვის მთლიანად ფოლადის კონსტრუქციისა, ასეთი მუხტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პისტოლეტის დაზიანება. წესი მესამე, რომელიც მე ვისწავლე ბატონი სოსოსგან, რომელიც წლებია მოღვაწეობს “სკა”-ს ტირში. როდესაც ის მომაწვდიდა მარგოლინის მცირეკალიბრიან პისტოლეტს, ყოველთვის დააყოლებდა, 5 ვაზნა ჩადე მჭიდში მეტი საჭირო არ არის. ვიღაცას გაეცინება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პისტოლეტებზე რომელთა ექსპლუატაცია, ყოველდღიურ რეჟიმში ათწლეულები გრძელდება, ასეთი წესის დაცვა ინახავს მჭიდს და მის ზამბარას. ამიტომ ორი მარგოლინი რომლიდანაც კაცმა არ იცის რამდენი ვაზნა იყო ნასროლი, მუშაობდნენ საათივით. განსაკუთრებულ ყურადღებას სოსო აქცევდა ასეევ ჩახმახს, რომ მისი დაშვება არ მომხდარიყო ცარიელ სავაზნეზე. თქვენც იგივეს გირჩევთ. ჩვენი PPK-ს მჭიდი იტევდა 9 ვაზნას, მაგრამ ხანდახან ამის გამო პირველი ვაზნა საიმედოდ არ მიეწოდებოდა. 8 ვაზნის ჩადების შემთხვევაში საიმედოობა იყო იდეალური. ჩადეთ 5 ვაზნა და პისტოლეტის მჭიდი გაძლებს საუკუნეს.

სროლისთვის ჩევნ მოვიმარაგეთ სამი მუხტი: Blazer,  40 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვიით, Sellier&Bellot Club, ასევე  40 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვიით და Eley Contact Subsonic, 42 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვიით. გავიმეორებ, ასეთი მოკლე ლულიდან არანაირ განსაკუთრებულ შედეგს სიჩქარის და შესაბამიად ენერგიის მხრივ არ უნდა ელოდოთ. შესაბამისად ექსპანსიური ტყვიების გამოყენებასაც აზრი არ აქვს. ზე-სწრაფი მუხტებიც დიდი ალბათობით ვერ განავითარებენ ზებგერით საწყის სიჩქარეს, PPK-ს მოკლე ლულის გამო. ამიტომ საუკეთესო შედეგეისთვის გამოდგება მუხტი სტანდარტული ან ქვებგერითი სიჩქარით და მრგვალთავიანი ტყვიით. ეს ოპტიმალური იქნება საიმედოობის მხრივ და ასევე ზედმეტად არ დატვირთავს პისტოლეტის კონსტრუქციას.

ჩვენ ვისროლეთ პისტოლეტიდან სადღაც ჯამში 150 ვაზნამდე. 8 ვაზნით მჭიდში (ან ნაკლები) და სწორი ჭერით (როდესაც ხელი არ უშლის საკეტს) პისტოლეტი გამოდგა ძალიან საიმედო. მხოლოდ ერთი ამაალებლის მტყუნება ორმაგ რეჟიმში სროლისას და ერთი გაჭედილი მასრა სავაზნეში, სულ პირველი გასროლის დროს.  უკუცემა მინიმალურია, სასხლეტი კარგია და მხოლოდ მცირე ზომის სამიზნი მოწყობილობები საჭიროებდნენ მიჩვევას. როგორც კი მე დავადგინე ოპტიმალური სამიზნი სურათი, ჯგუფები დაპატარავდა ისე, რომ ჩვენ გაოცებას ვეღარ ვმალავდით.

10m standing PPK

ჯიბის პისტოლეტისთვის, პატარა ზომის სამიზნი მოწყობილობებით 10 მეტრიდან ასეთი სიზუსტე, ძალიან კარგი შედეგეგია. 7 გასროლა,  მუხტი: Eley Contact Subsonic. 

sum PPK

ჯამური სიზუსტე. ახალი სამიზნეები მაგრდება ზუსტად ერთი მეორეზე და სროლის დასრულების შემდეგ იღებ პირველ დაკრულ სამიზნეს, რომელზეც ასახულია ყველა გასროლა რენჯ სესსის დროს ამ ფარში და შესაბამისად ჩამს ყველა შეცდომაც. 

20220924_190406

და ბოლოს ყველზე უცნაური სამიზნე, ყველა გასროლა აქ განხორციელებულია ორმაგ რეჟიმში, ყოველი გასროლის შემდეგ ჩახმახის დაწევით. მანძილი 10 მეტრი. 5 გასროლა, 10 მეტრი. 

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება? .22 კალიბრის Walther PPK არის ჩინებული პატარა პისტოლეტი. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ პისტოლეტი იდეალურად იყო გასწორებული ქარხნიდან.  დიდი იშვიათობა ჩვენ დროს. მიუხედავად ასაკისა მან იმუშავა იდეალურად, აჩვენა ასეთი ტიპის იარაღისთვის შესანიშნავი სიზუსტე. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიზაინი ცოტახანში 100 წლის გახდება, PPK კონსტრუქციის, ერგონომიკის და უსაფრთხოების მხრივ აკმაყოფილებს ეხლა არსებულ სტანდარტებსაც. ფანტასტიური პატარა პისტოლეტი საკმაოდ დიდი შესაძლებლობებით. ხარისხიანი, ჭეშმარიტად “გერმანული” იარაღი, რომლიდანაც სროლამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, მასთან ერთად ვისროლეთ კიდევ ერთი დასავლეთ გერმანიაში გამოშვებული პისტოლეტი, SigSauer P226, რომელმაც ასევე შესანიშნავი შედეგი მოგვცა მაგრამ ამაზე მომდევნო ბლოგპოსტში მოგიყვებით. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ  დამაფიქრა იმაზე, რომ მართალია პისტოლეტებმა ევოლუციის გრძელი გზა გაიარეს და დღეს უამრავი მწარმოებელი უშვებს უამრავ საიმედო და ერგონომიულ პისტოლეტს, მაგრამ ეს ყველაფერი იმის წყალობით რომ თავის დროზე ფრიც ვალტერის ნაირი პიონერები ქმნიდენენ ბაზას რომლის მეშვეობითაც ჩვენ ეხლა გვაქვს ეს ყველაფერი რაც ძალიან ჩვეულებრივად გვეჩვენება ეხლა და რაც ძალიან უჩვეულო იყო არც ისე დიდიხნის წინ.

.22 კალიბრის Walther PPK, ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი და სასიამოვნო ნაცნობობა, შემიძლია მხოლოდ ვინანო რომ ეს ნაცნობობა არ შედგა უფრო ადრე.

20220713_153126

SS MR920 Combat – რენჯის სათამაშო თუ სერიოზული იარაღი?

August 8th, 2022

20220726_202844

მოემზადეთ ბევრი კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს ბლოგპოსტი იქნება ძალიან გრძელი. ამჯერად ჩვენი მიმოხილვის საგანია, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პისტოლეტი, რომელიც ოდესმე ჩემ ხელში მოხვედრილა. ეს არის ამერიკული კომპანიის Shadow Systems-ის “გლოკის” კლონი, მოდელი MR920 Combat.

pic-slides

MR იშიფრება როგორც მულტი-როლური, 9 არის კალიბრი 9×19 ხოლო 20 არის 2020 წელი, როდესაც ეს მოდელი წავიდა წარმოებაში. Combat არის პისტოლეტის კონფიგურაცია, გათვლილი სამსახურებრივ გამოყენებაზე. მოდელი Elite მაგალითად უფრო გათვლილია სპორტულ სროლაზე და დინამიური სროლის დისციპლინებზე. გაბარიტებით და კონსტრუქციით MR920 არის Glock 19-ის იდენტური. ზევიდან ქვევით DR920 Elite და Combat, MR920 Eliete და Combat. 

ტეხასის შტატში დაფუძნებული კომპანია Shadow Systems შედარებით ახალი მოთამაშეა ბაზარზე მაგრამ უნდა ითქვას რომ ამ კომპანიის პისტოლეტების უამრავი მიმოხილვაა და თავად კომპანიას აქვს საკუთარი youtube არხი რომელიც არაჩვეულებრივად ინფორმატიულია და რაც დღეს დიდი იშვიათობაა კომპანიის წარმომადგენლებს არ ერიდებათ ღრმა ტექნიკურ ნიუანსებში ჩაძიება. წლების განმავლობაში კომპანია უშვებდა დეტალებს პისტოლეტებისთვის და სულ რაღაც 4 წელია დაიწყო პისტოლეტების წარმოება. ის პირველი არ არის, ცოტახნით ადრე Lone Wolf-ი იგივე გზით წავიდა, დეტალებიდან მთლიან პისტოლეტებამდე.  კონცეფცია რომლის მიხედვით ისინი ქმნიან თავის პისტოლეტებს თავის დროზე შექმნეს Zev Technologies, Salient Arms-მა და Agency Arms-მა.  ეს არის გლოკის კონსტრუქციაზე დაფუძნებული სპეციალიზირებული პისტოლეტები, კომპლექტაციით და კონფიგურაციით, რომელიც იყო ხელმისაწვდომი მხოლოდ იმათთვის ვისაც ქონდა ბევრი დრო და ფული. თქვენ იღებდით სტანდარტულ გლოკს, როგორც ცუფთა ფურცელს და აგზავნიდით ოსტატებთან, რომლებიც ახორციელებდნენ ყველანაირი ტიპის სამუშაოებს. დაწყებული დეტალების გამოცვლით, საასპარეზო ლულების მორგებით, კასტომიზაციით, ოპტიკის დაყენებით, სასხლეტის დამუშავებით და დამთავრებული  ტარის პროფილის ცვლილებით. სამიზნი მოწყობილობების შეცვლაზე ხომ საერთოდ აღარც ვსაუბრობთ.  ხსენებული სამი კომპანია კი დაკავდა იმით რომ ყველაფერი ეს მოათავსეს სერიული წარმოების იარაღში, სადაც მეტ წილად იყენებდნენ საკუთარი წარმოების დეტალებს.  გლოკის პატენტებს გაუვიდათ ვადა, ასე რომ არანაირი იურიდიული დაბრკოლება არ იყო ასეთი პისტოლეტების გამოშვების წინ. ცოტათი წინ რომ გავიქცეთ, Shadow Systems-ის პროდუქცია განსხვავდება იმით, რომ განსხვავებით ამ ხსენებული კომპანიების პისტოლეტებისგან, მათი პისტოლეტების ფასი არ აღემატება 1000 დოლარს. 900-1000 დოლარად თქვენ  (ამერიკაში) მოგდით კასტომიზირებული “გლოკი” ისეთი ოფციებით რაც სტანდარტულ გლოკს უბრალოდ არ აქვს, მაგრამ აქვს სხვა ანალოგებს, რომლებიც უბრალოდ ორჯერ მეტი ღირებულების არიან. ასე რომ ჩემი წინ დგას ამოცანა გავარკვიოთ რა არის MR920? ეხლა მოდური, რენჯის ტაქტიკური სათმაშო თუ რეალურად სერიოზული იარაღი და ღირს თუ არა მასში მეტის გადახდა ვიდრე სტანდარტულ გლოკში.

~297624419_1110713512943886_550266659055081415_n

რა მოყვება ახალ პისტოლეტს? მუყაოს ყუთში დევს ნეილონის ჩანთა, სადაც მოთავსებულია პისტოლეტი, ორი მჭიდი, ჩანართების კომპლექტი, მაგველი, ისნტრუმენტი პინების ამოსაგდებად, მოკლე ინსტრუქცია, უსაფრთხოების საკეტი.

MR920 მასით და გაბარიტებით Glock 19-ის იდენტურია. პისტოლეტის წონა სავსე 15 ვაზნიანი მჭიდით 820 გრამია ცოტათი ნაკლები ვიდრე სტანდარტული გლოკ 19. ლულის სიგრძე 102 მმ-ს შეადგენს.  პირველივე შეხედვით ცხადი ხდება, რომ MR920 დამზადებულია დეტალებისადმი დიდი ყურადღებით. დავიწყოთ საკეტით. ის არ არის დაფარული “სერაკოუტით”, რომელსაც ხშირად იყენებენ პატარა მწარმოებლები, საკეტი დაფარული ნიტრიდის/ტენიფერის მსგავსი დაფარვით, რომელიც უკიდურესად გამძლეა. ჭრილები საკეტზე არის წინ და უკან და საპირისპირო მიმართულების არის. კუთხეები “ჩამოთლილია” ყველა მხრიდან რაც ვიზუალურად ამცირებს მის გაბარიტებს. სამიზნი მოწყობილობები რკინის არის, Ameriglo-ს წარმოების. კორა არის მწვანე ტრიტიუმის ელემენტით, თარაზო შავი, მეტალის. საკეტში მოთავსებულია საასპარეზო 102მმ სიგრძის ლულა, დამზადებულია 416R მარკის უჟანგავი ფოლადისგან,  დაფარულია  მოწითალო ბრინჯაოს ფერის ტიტანის ნიტრიდით (ტრენდი რომელიც თავის დროზე პოპულარული გახადა  Salient Arms-მა). ლულის გარე ზედაპირზე შესრულებულია სპირალური ჭრილები. ლულის არხი არის კლასიკური ხრახნებით ხოლო ბიჯი გახლავთ 1:10-ზე. დამაბრუნებელი ზამბარა არის არის ერთიანი მოდული, თავისი მეტალის ღერძით. ექსტრაქტორი, დამტყმელის მცველი და სტრაიკერის მოდული აშკარად გლოკის იდენტურია მაგრამ ყველა დეტალი როგორც ჩანს არის ფრეზირებული და არა MIM როგორც მე-4 მე-5 და ნაწილობირვ მე-3 თაობის გლოკებში.

mr parts

ფრეზირებული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის დეტალები. 

ჩარჩო არის ძალიან კომფორტული და ეფექტური ტექსტურით, შესამჩნევი გაუმჯობესება გლოკის მე-4 და მე-5 პისტოლეტებთან შედარებით, რომლებსაც ტექსტურა გინდა ქონია და გინდა არა. ისევე როგორც გლოკზე აქაც არის გლოკის სტანდარტის უნივერსალური სამაგრი და მჭიდის ღილაკი მისი გადაყენების შესაძლებლობით. საკეტის ჩამკეტი აშკარად არის უფრო დიდი ზომის ვიდრე გლოკზე, რომ ადვილი იყოს პისტოლეტის დაშლა. საკეტის წინა ნაწილში გათვალისწინებულია “თაროები” დამხმარე ხელის დიდი თითისთვის.  პისტოლეტი აღჭურვილია ნამდვილი ადაპტირებადი ტარის ჩანართებით და არა იმ “ერზაც” ჩანართებით რაც მოყვება გლოკს, მე-4 თაობიდან მოყოლებული. ჩანართი პისტოლეტს სამი მოყვება და მაგრდება ზუსტად ისე როგორც Walther P99-ში, მერცხალის კუდის ტიპის სამაგრით და ფიქსირდება ქვევიდან პინით. ძალიან მოსახერხებელია, ესთეტიურად უნაკლოდ შესრულებული გადაწყვეტილებაა. 1911 თუ გლოკის მსროლელი, ტარი და ჩანართები ისეთი დიზაინის არის, რომ ორივე ბანაკის წარმომადგენელი უპრობლემოდ მოირგებს იარაღს. თუ აქამდე პისტოლეტიდან არ გისვრიათ, უბრალოდ დააყენეთ რომელიმე ჩანართი, აირჩიეთ ოთახში რაიმე წერტილი, დახუჭეთ თვალები და დაუმიზნეთ იარაღი მაგ წერტილს დახუჭული თვალებით, შემდეგ გაახილეთ თვალები და ნახეთ საით უყურება ლულა, თუ პირდაპირ ე.ი. ეს ჩანართი თქვენთვისაა თუ არა დააყენეთ ის რომლითაც ასეთ შედეგს მიაღწევთ. MR920 იმიტირებს გლოკს, 1911-ს და გლოკს მაგრამ დამახასიათებელი კუზის გარეშე, რომელსაც ხშირად აცლიან ქარხნული ჩარჩოს გადაკეთებისას. ერთი პერიოდი გლოკის ჩარჩოს ასეთი მოდიფკაცია ეპოქსიდის გამოყენებით იყო საკმაოდ პოპულარული. ასეთ მოდიფიკაციას ცოტა კომპანია აკეთებდა და ძვირიც ჯდებოდა. ეხლა ეს MR920-ის შემთხვევაში ხელმისაწვდომია პირდაპირ ყუთიდან.  MR920 ჩარჩო არის ის რასაც აქამდე წლებია აკეთებდნენ ოსტატები და პროფესიონალი მსროლელები, ოღონდ ამჯერად ეს ყველაფერი თქვენია პირდაპირ ყუთიდან. 

ss grip parts

გარდა ამ სამი ჩანართისა პისტოლეტს მოყვება ასევე Grip plug და საკუთარი “მაგველი”, რომელიც ადვილად ყენდება პისტოლეტზე თანაც ნებისმიერი ჩანართის გამოყენებისას.  ამ პისტოლეტთან შედარებით გლოკის ევოლუცია მე-3-დან მე-5 თაობამდე უკვე გამოიყურება როგორც მომხმარებლების დაცინვა.  “მაგველის” დამატება კომპლექტში კარგია, იმიტომ რომ უნიკალური ჩარჩოს გამო, აქამდე არსებული სხვა მწარმოებლების “მაგველები” ამ პისტოლეტზე ვერ დაყენდებოდა. 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ Shadow Systems-ის პისტოლეტებს საფუძვლად უდევს მე-4 თაობის გლოკების კონსტრუქცია. ასეთი არჩევანი განპირობებულია იმით, რომ ამ თაობის გლოკი იყენებს უფრო მოკლე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსს, რამაც მისცა მათ საშუალება გამოიყენონ სახელურის ისეთი ფორმა რომელიც უფრო ღრმად ჯდება ხელში.  გლოკმა ეს გააკეთა როგორც ჩანს იმისთვის რომ გამოეყენებინა სახელურის ცვლადი ჩანართები რამაც როგორც ვხვდები ასევე გახადა ყველა მე-4 მე-5 თაობის გლოკის სახელური ოდნავ  უფრო თხელი ვიდრე წინა თაობებში. მეოთხე თაობის ჩარჩოს ასევე აქვს უფრო მოსახერხებელი მჭიდის ღილაკი, თანაც მისი გადაყენების ოფციით რაც აქამდე წინა თაობებში არ იყო შესაძლებელი. MR920-ს არ აქვს ორმხრივი საკეტის დამშვები როგორც მეხუთე თაობის გლოკებში, რაც კომპანიის დამფუძნებლის ტრევორ როს განმარტებით არ გაკეთდა იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ეს ოფცია ზედმეტია და უმჯობესია საკეტი დაუშვა მისი უკან გაწევით და შემდგომ წინ გაშვებით ვიდრე მცირე ზომის ღილაკზე დაჭერით. თანაც ამით ხდება დამაბრუნებელი ზამბარის ბოლომდე შეკუმშვა და საკეტი წინ მიდის მეტი ენერგიით, რაც უზრუნველყოფს მეტ საიმედოობას ვაზნის მიწოდებიასას.

20220804_100555

წარსულ ჩაბარდა ნაკაწრები და ნაკბენები ხელზე, ჩარჩოს ისეთი ფორმა აქვს, რომ გამორიცხულია საკეტის და ხელის კონტაქტი. ყურადღება მიაქციეთ, რომ საკეტი პრაქტიკულად არა ატარებს ცვეთის ნიშნებს, რისი მიზეზიც არის ძალიან გამძლე დაფარვა. 

ჩარჩოს დაშლისას ვხედავთ, რომ აქ ყველაფერი გლოკის იდენტურია. ჩამკეტი ბლოკი დამზადებულია ასევე ფრეზირებით. სასხლეტი სწორი ფორმის არის. არ ვიცი ვისი და რა კომპონენტებია გამოყენებულია, მაგრამ სასხლეტი ცოტათი უკეთესია ვიდრე მე-5 თაობაზე და ბევრად უკეთესი ვიდრე  წინა თაობის გლოკებზე, პირველ რიგში რომ ის უფრო ინფორმატიულია და “ხრაშუნის” შეგრძნება არ გაქვს როდესაც სასხლეტს აჭერ. ეს არის საასპარეზო სასხლეტი, მაგრამ ის კარგი და ადეკვატურია საბრძოლო პისტოლეტისთვის.  კომპანია ირწმუნება, რომ სასხლეტს მათ პისტოლეტებზე აქვს ოდნავ მოკლე თავისუფალი სვლა, მაგრამ ისე რომ ერთ-ერთი შიდა დაცვის მექანიზმი კვლავ მუშაობდეს ეფექტურად, რომელიც არ აძლევს საშუალებას დამრტყმელის გამშვებს დაიძრას ადგილიდან სანამ არ დაიწყება სასხლეტზე დაჭერა. როდესაც თქვენ აჭერთ სასხლეტს გლოკს, გამშვები იწყებს უკან მოძრაობას, ცდება დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კორპუსის იმ ნაწილს რომელიც არ აძლევს მას საშუალებას დაიწიოს (დავარდნისას ან ძლიერი დარტყმისას) და გაათავისუფლოს დამრტყმელი. მხოლოდ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ის იწყებს ქვევით მოძრაობას რაც საბოლოო ჯამში აძლევს საშუალებას დამრტყმელს გამოვიდეს მასთან კონტაქტიდან, რომ  “გავარდეს” წინ რომ დაარტყას სავაზნეში მოთავსებული ვაზნის ამაალებელს.

MRpmagმჭიდებს რაც შეეხება, პისტოლეტს მოყვება ორი ცალი 15 ვაზნიანი მაგპულის “პიმაგი”. “პიმაგს” სტანდარტულ მჭიდზე უფრო სქელი ხუფი აქვს, რომელიც კარგად მუშაობს მაგველთან. ხანდახან მჭიდი “იკარგება” მაგველის შიგნით და მისი დაბრკოლების შემთხვევაში ხელით ამოძრობა ხდება შეუძლებელი. აქ ასეთი პრობლემა არ იქნება. ცხადია პისტოლეტზე წავა გლოკის ქარხნული მჭიდები. 

ვიზუალური დათვალიერებით მეტ წილად კმაყოფილი დავრჩი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს პისტოლეტი სულ რაღაც ალბათ 1 წელი იმყოფებოდა საქართველოში და მას უკვე დაეტყო უხეში/არასწორი მოპყრობის კვალი. ტიტანის ნიტრიდით დაფარვას ეტყობოდა დაზიანებები გამოწვეული რაღაც ქიმიის ზემოქმედებით.  იმაზე რომ რაღაც აგრესიული ქიმია იყო გამოყენებული ასევე მეტყველებდა ფერ გადასული ექსტრაქტორი და დამარუნებელი ზამბარის მოდულის ნაწილები. ჩემი ვარაუდით ეს ამიაკის გამოყენების ნიშნებია. მადლობა ღმერთს, ლულის არხი და პრინციპში ყველა სხვა დეტალი იყო მეტ წილად უნაკლო. საკეტის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა რომ დამრტყმელი დაზეთილია რაღაც მწვანე საფოხით, რაც არავითარ შემთხვევაში დასაშვები არ არის. ასევე როგროც ჩანს შიგნით მოხვდა დამრტყმელის მცველის დამცავი ფენის ნაწილაკები. არ ვიცი შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ როგორც მივხვდი ეს დეტალი რაღაც დაფარვას ატარებდა რომელიც მას ჩამოცვივდა. დიდი არაფერი ეს არ არის მაგრამ შეიძლება მე უბრალოდ ვცდები. სხვა ასეთი პისტოლეტი მე არ მინახავს და შედარებაც არ შემიძლია.  დამტყმელი ასევე დაფარულია რაღაც დამცავი დაფარვით, რომელიც მოწითალო ფერის არის მაგრამ ამჯერად რამე დაზიანების, აქერცვლის ნიშნები მე ვერ ვიპოვე.

პისტოლეტი დამრტყმელი იდენტურია მე-4 და წინა თაობებში გამოყენებული გლოკის იგივე დეტალთან. ბევრმა არ იცის რომ მისი ასეთი ფორმა განპირობებულია იმით თუ როგორ მუშაობს გლოკის პისტოლეტი. ვაზნის მიწოდებისას დამრტყმელი გამოშვერილია და მას მიწოდების ციკლის დროს ხვდება მასრა, რომელიც უნდა შეცურდეს ექსტრაქტორის ქვეშ. დახრილი კონუსური ფორმა არ აძლევს დარმტყმელს საშუალებას წამოედოს მასრის კიდეს და გამოწვიოს დაბრკოლება.  ეს დახრა ასრულებს ტრამპლინის როლს და აძლევს მასრას საშუალებას ის გაწიოს გზიდან ისე რომ არ მოხდეს გაჭედვა. მე-5 თაობის გლოკებში და ახალი თაობის Shadow Systems-ის პისტოლეტების გამოიყენება განსხვავებული გადაწყვეტილებები, გაუმჯობესებული ფორმის დამრტყმელი გლოკში და ზამბარით აღჭურვილი დამრტყმელი Shadow Systems-ის პისტოლეტებში, რომელიც არ აძლევს საშუალებას დამრტყმელს იყოს გარეთ გამოშვერილი.  რატომ ამდენი წვალება იკითხავთ? პირველ რიგში ტექნოლოგიურობა, მრგვალი ნასვრეტის გაკეთება საკეტში ბევრად მარტივია ვიდრე მართკუთხედის ფორმის ჭრილის გაკეთება. აქვე დავამატებ რომ ორივე კი არა და სამივე სისტემა აბსოლუტურად საიმედოა და გამძლე და საბოლოო მომხმაარებლისთვის არც ერთი არაა რომელიმეზე უკეთესი.

20220719_125428

მიზეზი რის გამო დამრტყმელი და არხი რომელშიც ის მოძრაობს არასდროს არ იზეთება. ზეთი იკრავს ჭუჭყს (ჩანს სურათში) ხოლო რამე უფრო ბლანტი საფოხის გამოყენება მხოლოდ ზრდის დაბრკოლებების ალბათობას. 

არ შეიძლება არ ვახსენო, რომ Shadow Systems-ი იყენებს უნიკალურ ოპტიკის დაყენების სქემას თავის პისტოლეტებზე, რომელიც არ საჭიროებს “პლატას” და გამოსადეგია პრაქტიკულად ნებისმიერი პოპულარული რედ დოტის დაყენებისთვის. მიღწეულია ეს საკეტის კონსტრუქციის შეცვლით, რომელის შესაძლებელს ხდის გამოიყენოთ შედარებით გრძელი ხრახნები და ასევე შესაბამისი სპეისერები (მოყვება პისტოლეტს კომპლექტში). აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ დაიცვა პატენტით. მე დიდიხანია თვალს ვადევნებ პისტოლეტის ოპტიკების და მათი დაყენების მეთოდების ევოლუციას და უნდა აღვნიშნო რომ დღეისთვის, Shadow Systems-ის გადაწყვეტილება არის ალბათ საუკეთესო ყველაფერზე რაც აქამდე არსებობდა.  ჩვენ MR920-ს  რა თქმა უნდა არ აქვს ოპტიკის დაყენების ოფცია.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი როგორც ნებისმიერი “კასტომიზირებული” გლოკი გამოირჩევა უფრო “გადატვირთული” დიზაინით რაც მათ გამოარჩევთ უფრო ასკეტური სტანდარტული გლოკისგან. ხანდახან ეს დიზაინი ზედმეტად გადატვირთულია. ჩემი აზრით Shadow Systems-ის პისტოლეტებში ბალანსი დაცულია და პისტოლეტი გამოიყურება როგორც პისტოლეტი დამზადებული სპეც შეკვეთით მაგრამ ზედმეტობების გარეშე. თანაც პისტოლეტზე არის წარწერების მინიმალური რაოდენობა. აქ არ არის არც “ტყვია გამოფრინდება აქიდან” ან “წაიკითხეთ ინსტრუქცია გამოყენებამდე” და არც საკითხავი მარკირებები როგორც Springfield Armory-ის ავად სახსენებლი “Grip Zone” წარწერა სახელურზე, რაც თავის დროზე გახდა უამრავი ხუმრობის და მემის თემა.

ეხლა მთავარი კითხვა, როგორია ეს იარაღი სროლაში? პისტოლეტი მე ვიყიდე მეორადი და ყველანაირად ეტყობოდა რომ რაღაც რაოდენობა ვაზნების, დიდი ალბათობით რამდენიმე ასეული, უკვე იყო ამ პისტოლეტიდან ნასროლი, რაც ნიშნავდა რომ აუცილებელი 200 გასროლიანი ციკლი ამ პისტოლეტმა უკვე გაიარა. იკითხავთ რა ციკლზეა საუბარი და გიპასუხებთ, რომ საქმე იმაშია, რომ კომპანია Shadow Systems იძლევა რეკომენდაციას ან უფრო გაფრთხილებას, რომ საჭიროა ისროლოთ 200 ვაზნა, რომ ყველა დეტალი “მოჯდეს” და პისტოლეტმა დაიწყოს საიმედოდ ფუნქციონირება. ამ პერიოდში პისტოლეტი უნდა იყოს კარგად დაზეთილი და მოსალოდნელია შეფერხებები. 200 გასროლის მერე მწარმოებელი ირწმუნება რომ პისტოლეტი იმუშავებს საიმედოდ და უპრობლემოდ. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ შევამჩნიე რომ MR920 გამოირჩევა დეტალების უფრო ზუსტი მორგებით ვიდრე სტანდარტული გლოკი და არც ამ “აბკატკების” თეორიის მომხრე არ ვარ. ეს დაკვირვება ეხება როგორც ლულის და საკეტის ასევე საკეტის და ჩარჩოს გადაბმას.

ჯამში ჩვენ ვისროლეთ 150-მდე ვაზნა, სამი წონის ტყვიით. 115 გრანი – Federal Syntech, 124 გრანი – Magtech FMJ, 147 გრანი – Speer law Enforcement TMJ ტყვიის ბრტყელი ცხვირით. სროლის დროს იყო ზუსტად 0 დაბრკოლება. ექსტრაქცია იყო პოზიტიური, მხოლოდ მჭიდში ბოლო ვაზნის გასროლისას, ექსტრაქციის მიმართულება იცვლებოდა და ერთხელ მასრა საკეტზეც დაეცა.

20220730_174741 20220730_175507 20220730_182841

სიზუსტეს რაც შეეხება ის იყო ადეკვატური, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული რაც ჩემთვის პირადად ერთგვარი იმედგაცრუებაც იყო, იმის მერე რაც სტანდარტული Glock 34 ისროდა პრაქტიკულად ტყვიას ტყვიაში. აქ რეალურად ჩვენ მივიღეთ მე ვიტყოდი ტიპიური სტანდარტული გლოკისთვის სიზუსტე.

ნაწილობრივ ასეთი შედეგი, რომელიც სულაც არ არის ცუდი საბრძოლო პისტოლეტისთვის, აიხსნება საკმაოდ მაღალი სამიზნი მოწყობილობებით და საკმაოდ მძიმე სასხლეტით. სანამ ამ პისტოლეტზე ეხლა ხელს ჩაიქნევთ, მე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი, რომლის გამოყენების ფილოსოფია მინიშნებულია მის დასახელებაში – Combat. ეს პისტოლეტი არ არის საასპარეზო “სარბოლო” იარაღი, იგულისხმება, რომ ეს იარაღი უნდა ატარონ სამხედროებმა, პოლიციელებმა და ა.შ.  შესაბამისად სასხლეტი არ შეიძლება იყოს მსუბუქი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. სხვათაშორის სასხლეტი კარგია, შედარებით ახალი, გლოკის ტიპის იარაღისთვის. ის ინფორმატიულია, ზუსტად იცი, როდის მოხდება გასროლა, არ აქვს ხრაშუნი და აქვს ძალიან მოკლე რესეტი. უბრალოდ წონის გამო ის ითხოვს მიჩვევას, რომ აჩვენო მართლა კარგი სიზუსტე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პისტოლეტი გასწორებულია (უნდა ვივარაუდოთ ქარხნიდან) და დამიზნების და მოხვედრის წერტილები ემთხვევა, რაც ყოველთვის სასიამოვნოა. მოხვედრის წერტილი პრაქტიკულად დიდად არ შეცვლილა სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას რაც ასევე კარგია.

უნდა აღინიშნოს, რომ პისტოლეტს აქვს ძალიან დაბალი უკუცემა, განსაკუთრებით 115 გრანინი “ფედერალით” სროლისას. ლულის ხტომა პრაქტიკულად არ არის, რისი მიზეზიც არის უკიდურესად ერგონომიული სახელურის და ზოგადად ჩარჩოს ფორმა. სწრაფი სროლა ამ პისტოლეტიდან ძალიან ადვილია. შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ MR920 ყველაზე სწრაფი პისტოლეტია რაც მე შემიძლია გავიხსენო. ეს მიიღწევა ჩარჩოს ჭკვიანური დიზაინით, ცოტათი უფრო მსუბუქი საკეტით (ნაკლები მასა მოძრაობს იქეთ აქით) და ალბათ დამაბრუნებელი ზამბარის წონით.

სამიზნი მოწყობილობები კარგად ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ მაღალია, შუქს კარგად ატარებენ და მათი დანახვა ადვილია. მაგველის წყალობით მჭიდის გამოცვლები ელვასავით სწრაფია. ამ პისტოლეტზე საასპარეზო სასხლეტის და სამიზნი მოწყობილობების დაყენება გადაიყვანს ამ პისტოლეტს აბსოლუტურად სხვა დონეზე.

საბოლოო ჯამში ეს კარგი იარაღია, მაგრამ ალბათ უნდა გესმოდეთ რას ყიდულობთ. დიდი მწარმოებლები ხარჯავენ მილიონებს რომ მიღწეულ იქნას კონსისტენტური ხარისხი მათი პროდუქციის, მათ შეუძლიათ იქონიონ ნაწილების და მასალების დიდი მარაგი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორებზე, რომლებიც ახდენენ გავლენას ხარისხზე. მეორეს მხრივ, როდესაც ყიდულობთ ასეთი ტიპის არასტანდარტულ პროდუქტს შედარებით პატარა მწარმოებლისგან, მაინც უნდა იცოდეთ რომ ყიდულობთ პატარა სერიით გამოშვებულ პროდუქტს. ასეთი მწარმოებლები ბევრად უფრო მოწყვლადები არიან იმ ფაქტორების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ იქონიონ გავლენა პროდუქტის ხარისხზე. ასევე პარტიიდან პარტიამდე იქნება განსხვავებები მცირე დეტალებში (დაფარვებში და ა.შ.).  მე კარგად მახსოვს როდესაც ერთ გადაცემაში “დისქავერის” არხზე, მოტოციკლისტს გაუფუჭდა ახალი, ოსტატის აწყობილი ბაიკი. გაჟონა ბენზინმა ავზიდან. ხდება ხოლმე, როდესაც საქმე გაქვს ქასტომ ბაიკებთან, აღნიშნა მეპატრონემ.  ეს ავზი დაამზადა ხელით ხელოსანმა და მას შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, როგორც ყველა ადამიანს. ავზი ჩემ სუზუკიზე შეადუღა რობოტმა და მერე მეორე რობოტმა შეამოწმა ნაკერები ჰერმეტულობაზე. ეს არის დაახლოებით რისი თქმაც მინდა მაგალითად Shadow Systems-ის პისტოლეტების და გლოკების შედარებაზე. ისიც ვიცი რომ MR920-ის მერე მე გამიჭირდება სტანდარტულ გლოკებზე “გადაჯდომა”, იმიტომ რომ ერგონომიულობის და სროლისუნარიანობის კუთხით MR920 ძალიან შორს არის წასული. გამომდინარე იქიდან, რომ MR920 ტექნიკურად პრაქტიკულად გლოკია, უნდა ვივარაუდოთ რომ საიმედოობა და რესურსი უნდა იყოს მინიმუმ გლოკის ტოლფასი, რაც მისაღები იქნება ნებისმიერი მსროლელისთვის.  ასე რომ პასუხი კითხვაზე რა არის MR920 არის ალბათ უფრო სერიოზული იარაღი ვიდრე რენჯის სათამაშო, ალბათ იმიტომ რომ ასეთ მოკლე პერიოდში პასუხის გაცემა ასეთ კითხვაზე იქნებოდა ცოტა არასერიოზული. თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად შეგატყობინებთ.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Shadow Systems MR920 Combat არის სერიული წარმოების კასტომიზირებული პისტოლეტი, რომელიც არის ის რაც უნდა ყოფილიყო გლოკი, უკანასკნელს რომ მეტი ყურადღება მიექცია პროდუქტის რეალური განვითარებისთვის და იმ ტრენდებისთვის რაც არსებობს ბაზარზე.  ასეთი პისტოლეტების სპეციფიკიდან გამომდინარე, მფლობელმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გატესტოს ეს პისტოლეტი და დააკვირდეს მის ფუნქციონირებას, რომ დარწმუნდეს რომ შეიძლება ამ იარაღს ანდო სიცოცხლე, იმიტომ რომ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, გაყიდული ასეთი იარაღების 99% საბოლოო ჯამში რენჯის სათამაშოს როლს უფრო ასრულებს ვიდრე საბრძოლო ინსტრუმენტის. ამ მწარმოებელმა შძეძლო და შექმნა გლოკის კლონი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეინარჩუნა დეტალების თავსებადობის მაღალი ხარისხი ორიგინალურ გლოკთან, ამავე დროს წარმოადგენს ხარისხობრივად ბევრად უფრო უკეთეს პლატფორმას ვიდრე ორიგინალური პისტოლეტი. ფასთან ერთად ამ კატეგორიაში ეს პისტოლეტი რეალურად უკონკურენტოა.

297769646_5308777082545792_4633760747471101495_n

საუკეთესო 9მმ-ნი პისტოლეტი რომელზეც არავინ არ საუბრობს

July 10th, 2022

CZ-75 და მისი ვარიანტები უკვე ათწლეულებია არიან ერგონომიკის და სროლისუნარიანობის ჩემპიონები.  არც ერთი სხვა პისტოლეტიდან, დამწყები მსროლელი არ აჩვენებს უკეთეს შედეგს სროლაში ვიდრე CZ-75-დან.  რთული ფორმის ნახევრად ანატომიური ტარი,  დაბალი ლულის ღერძი, შესანიშნავი სასხლეტი, კარგი სამიზნი მოწყობილობები, ამას დამატებული გამოყენებული ჩაკეტვის სქემა, ჩარჩოს შიგნით მოძრავი საკეტი და პისტოლეტის მთლიანად ფოლადის კონსტრუქცია უზრუნველყოფენ შეუდარებელ სროლისუნარიანობას.  პისტოლეტი იმდენად წარმატებული გამოდგა რომ სანამ რამდენიმე წლის წინ არ გაჩნდებოდა ახალი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი “Omega” CZ-75 პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე რჩებოდა წარმოებაში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე რომ CZ-75 ყველაზე კოპირებადი პისტოლეტია მსოფლიოში, ალბათ 1911-ის გარდა, რომელიც თავისთავად ცალკე კლასია პისტოლეტების..  რა თქმა უნდა ამ პისტოლეტს ქონდა თავისი მინუსებიც, პირველ რიგში მისი წონა. ვაზნებით ის 1.2 კგ-ზე მეტს იწონის.  ის ასევე დიდია, ლულის სიგრძე 120მმ-ია. თავის კლასიკურ ვარიანტში, ეს მთლიანად ფოლადის სრული ზომის 9მმ-ნი პისტოლეტია, რომელიც არ ჯდება თანამედროვე თავდაცვითი პისტოლეტის კონცეფციაში, რომელიც არის მსუბუქი და კომპაქტური, თანაც აბსოლუტურ უმეტესობა შემთხვევაში დახურული დამრტყმელით, ნაცვლად ერთ დროს სტანდარტული გარედან განლაგებული ჩახმახისა. თუმცა უნდა ითქვას რომ რიგი მიზეზების გამო ტრადიციული ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არსად არ აპირებს წასვლას, პირველ რიგში იმიტომ რომ ვის არ უყვარს სასხელტი ერთმაგ რეჟიმში, მსუბუქი და მოკლე სვლით, რაც ხდის ზუსტ სროლას საკამოდ იოლს? მეორე რიგში, ასეთი პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში და დაშვებული ჩახმახით აბსოლუტურად უსაფრთხოა.

maxresdefault

CZ-75-ის ევოლუციის პიკს წარმოადგენს პისტოლეტი CZ Shadow 2. მისი დანიშნულებაა სწრაფი და ზუსტი სროლა,  მასა და გაბარიტები მეორადია. ეს პისტოლეტი ასევე ხშირად გამოიყენება როგორც ბაზა სერიოზული საასპარეზო პისტოლეტისთვის.  CZ ასევე თვითონ უშვებს მოდელებს რომლებიც გათვლილია საასპარეზო სროლისთვის. 

რა თქმა უნდა ჩეხებს ესმოდათ ეს ყველაფერი და ამიტომ გამოუშვეს CZ-75-ის კომპაქტური ვერსია.  შედარებით მოკლე ლულით და ტარით, რომელიც გათვლილი იყო 14 ვაზნიან მჭიდზე, ამ პისტოლეტი წონა მაინც ცდება კილოგრამს. შედარებისთვის, სრული ზომის გლოკ-17, 17 ვაზნით იწონის 920 გრამს. ნუ იყო კიდე “ნახევრად-კომპაქტური” CZ-75,  პრაქტიკულად სრული ზომის ჩარჩოზე მოთავსებული კომპაქტური საკეტი ლულით. არაფერს არ გაგონებთ? იგივე კონცეფცია რაც ბევრად გვიან გამოყენებული, უზომოდ პოპულარულ Glock 19X-ში, რომელზეც ჩვენ ადრე უკვე ვწერდით. ცხადია ეს ვარიანტი კიდე ურო მძიმე იყო ვიდრე კომპაქტური ვერსია. არსებობს კიდე ძალიან იშვიათი, პრაქტიკულად უცნობი CZ-75-ის ვერსია შესაბამისი სახელით “Phantom”. ეს არის იგივე რაც სრული ზომის CZ-75 მაგრამ პოლიმერის ჩარჩოთი. მისი წარმოება შეწყდა 2019 წელს, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ CZ უკვე უშვებდა P09 და P-10-ს და სამი სრული ზომის პისტოლეტი პოლიმერის ჩარჩოთი იყო მეტის მეტი, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა. წლების წინ მე და ჩემმა მეგობარმა შემოვიტანეთ საქართველოში პირველი Phantom-ი და ორივე ფრიად მოხიბლულები დავრჩით პისტოლეტით.  მისი წონა რადიკალურად შემცირებული იყო, ვაზნების გარეშე ის 730 გრამს შეადგენდა. მაგრამ ის იყო მხოლოდ ერთ ვარიანტში, სრული ზომის. ეს პისტოლეტი მიღებულ იქნა შეიარაღებაში ჩეხეთის არმიის მიერ და მისი ამერიკაშიც კი ექსპორტი იყო ძალიან უმნიშვნელო, რაზეა საუბარი დანარჩენ მსოფლიოში მას პრაქტიკულად არც იცნობენ წესიერად.

cz-usa-75-sp-01-phantom-pistol-f

ყველაზე უცნობი CZ-75-ის ვარიანტი, CZ-75 Phantom. 

“ფანტომი” უდაოდ იყო ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ საჭირო  იყო კომპაქტური CZ-75 მსუბუქი ჩარჩოთი და ასეთი პისტოლეტი CZ-მ წარმოადგინა პირველად ჩეხური პოლიციისთვის. ახალი პისტოლეტი იყო კომპაქტური ზომების და ქონდა ჩარჩო დამზადებული ალუმინისგან. ამის წყალობით მსროლელებმა მიიღეს CZ-75 უფრო კომპაქტურ და მსუბუქ ფორმატში, თანაც ვარინატით სადაც ჩარჩოზე იყო შესრულებული უნივერსალური სამაგრი, როგორც ამას ითხოვდა მოდა. ახალი პისტოლეტის წონა შეადგენდა მისაღებ 780 გრამს (ცარიელი), ხოლო გაბარიტებით ის ახლოს იყო გლოკ 19-თან. ეს პისტოლეტი ეგრევე გახდა გაყიდვების ხიტი, იმიტომ, რომ ნახოთ ამ პისტოლეტის ძველი მიმოხილვები, ყველაში ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ამ პისტოლეტის პოვნა საკმაოდ ძნელია.

აქ უნდა აღინიშნოს რომ გარკვეული გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას ამ პისტოლეტების სახელის და კონფიგურაციის იდენტიფიცირებაში. მაგალითად ჩემ პისტოლეტს (გამოშვებული 2003 წელში) აქვს წარწერა საკეტზე CZ-75D Compact, D ნიშნავს რომ მექანიკური მცველის ნაცვლად ჩვენ გვაქვს დეკოკერი. ამასთანავე საკეტზე დაყენებულია სტანდარტული სამიზნი მოწყობილობები.  არის ვარიანტები სხვა ტიპის, დაბალ-პროფილიან სამიზნე მოწყობილობებით და სხვა დამღებით, CZ 75 P01. ითვლება რომ P01 არის მოდელი ჩარჩოთი რომელზეც არის უნივერსალური სამაგრი მაგრამ ჩემსას საკეტზე P01 არ აწერია მაგრამ ჩარჩო არის სამაგრით.  მოდელი სახელწოდებით PCR (Police Czech Republic) არის პისტოლეტი შექმნილი ჩეხური პოლიციისთვის, რომლის ჩარჩოზე სამაგრი არ არის და სამიზნი მოწყობილობებიც დაბალპროფილიანია. მათი ყველასი შეკრებითი სახელი ალბათ უნდა იყოს P01. ამის გარდა გაურკვევლობები ასევე უკავშირდება ამ პისტოლეტის ტევადობის დადგენას. ზოგ რესურსზე მითითებულია როგროც 14 ვაზნა და ჩემი 2003 წელს გამოშვებულ პისტოლეტს ნამდვილად მოყვა 14 ვაზნიანი მჭიდი, მაგრამ როგორც ჩანს ახალი მოდელები იყენებნ გაუმჯობესებულ მჭიდს რომელშიც ჩადის უკვე 15 ვაზნა.

compact d variants

სამი სხვადასხვა P01. აღსანიშნავია, რომ CZ უშვებს ამ პისტოლეტის ვერსიას ფოლადის ჩარჩოთი და ასევე მოდელს “ომეგას” ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით. 

დამღების გარჩევას თავი რომ დავანებოთ, უნდა აღინიშნოს რომ P01-ს გადმოყვა CZ-75-ის ყველა პლიუსი, მაგრამ პისტოლეტი გახდა კომპაქტური, მსუბუქი და ადვილი სატარებლად.  სროლისუნარიანობაც არსად არ წავიდა, დაბალი მასის გამო უკუცემა მეტია ვიდრე სრული ზომის ფოლადის CZ-75-ში მაგრამ პისტოლეტის კონტროლირებადია და ძალიან ზუსტი. ასეთი კომბინაციის დამარცხება ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩემსავით მოგწონთ პისტოლეტები გარედან განლაგებული ჩახმახით. ბევრი ადამიანისთვის “სტრაიკერი” მიუღებელია, მსუბუქი სასხლეტის გამო, რომელსაც თანაც მოკლე სვლა აქვს.  პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში და ომაგი დმარტყმელ სასხლეტი მექანიზმით, დაშვებული ჩახმახით პრაქტიკულად ისეთივე უსაფრთხოა როგორც რევოლვერი, რომელზეც არასრდროს არ ყენდებოდა მექანიკური მცველი, იმიტომ რომ სასხლეტი მძიმე გრძელი სვლით ორმაგ რეჟიმში ყოველთვის იყო ადეკვატური და საკმარისი დაცვის მექანიზმი უნებლიე გასროლებისგან. P-01-ში “ჩაშენებული” დეკოკერი გაძლევთ საშუალებას დაუშვათ სასხლეტი სწრაფად და უსაფრთხოდ, რის გამოც მთლიანობაში პისტოლეტს აქვს ძალიან მაღალი უსაფრთხოების ხარისხი. ამავდროულად გაქვს საშუალება განახორციელო სწრაფი გასროლა ორმაგი მოქმედების რეჟიმში. დღესაც, “სტრაიკერების” ეპოქაში  ბევრი ადამიანისთვის ეს ყველაზე მისაღები და უსაფრთხო პისტოლეტის ფორმატია. მასის და გაბარიტების მიხედვით ეს პისტოლეტი იდეალური ზომის არის ყოველდღიური ტარებისთვის და არც რენჯზე ის არ დაგაღალატებთ, მოგცემთ საშუალებას ისროლოთ როგორც სრული ზომის პისტოლეტიდან. თანაც განსხვავებით კლასიკური CZ-75-ისგან არი შესაძლებლობა დააყენოთ ფარანი/ლაზერული დამზინების მოდული MIL-STD 1913 სტანდარტის სამაგრზე. სამწუხაროდ CZ არაფრით არი იძახის უარს 75 სერიის პისტოლეტების ღებვაზე სპეციალური დამცავი საღებავით, რომელიც დროთა განმავლობაში იქერცლება და პისტოლეტი იღებს ნაცვეთ/ნათრევ იერსახეს. მაგრამ სრულყოფილების პოვნა ჩვენ სამყაროში შეუძლებელია და P01-იც გამონაკლისი არ არის.

იყო დრო როდესაც CZ-ს პრაქტიკულად ერთადერთი პისტოლეტი იყო მოდელი 75 და ითვლებოდა რომ ეს პისტოლეტი გადიოდა ბიუჯეტურ კატეგორიაში. ქონდა CZ-ს პრობლემები ხარისხის კონტროლთან და შესრულების ხარისხთან, მაგრამ დღეს ეს სულ სხვა კომპანიაა. ის გაიზარდა, იყიდა ორი მსხვილი მაერიკული კომპანია Dan Wesson და ისეთი ლეგენდარული და წმიდა ამერიკული ბრენდი როგორიც არის კოლტი, მათი თანამედროვე P სერიის პისტოლეტები (07, 09, 10) ხარისხის თვალსაზრისით და შესრულებით სხვა დონის იარაღებია.  CZ დღეს რეალურად არის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მაღალი ხარისხის ცეცხლსასროლი იარაღის.

საქართველოში P01 შედარებით იშვიათია და კლასიკური CZ-75-ის შოვნა თუ არ წარმოადგენს პრობლემას, P01-ის პოვნა ადვილი არ არის თანაც იმპორტიორები რატომღაც მას შედარებით მაღალ ფასად ყიდიან.