ჩვენი ტესტი – Marlin XT-22VR

რა არის მიზეზი იმისა, რომ ყველა დღევანდელი სტანდარტით აშკარად მოძველებული .22lr, კალიბრის ვაზნა, დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ სამოქალაქო კალიბრად მსოფლიოში?  წებოვანი პარაფინით დაფარული რბილი გარსის გარეშე ტყვია, განთავსებული თხელ ლატუნის მასრაში, ვაზნა რომელიც შეგიძლია თითებით გადატეხო, სუსტი დაცვა ნესტისგან და „ანტიკვარული“ გვერდიდან ააალების სქემა, ეს ვაზნა არის პატარა დინოზავრი, რომლის წარმოება ჯერ კიდევ 1887 წელს ანუ 130 წლის წინ დაიწყო.  წესით ეს ვაზნა აღარ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში, სადაც ყველა ცდილობს ამოიღოს ჯოულების მაქსიმუმი ყოველი კონკრეტული კალიბრიდან და მოხსნას მაქსიმალური რაოდენობის მეტრი წამში, მაგრამ .22lr კვლავ რჩება მეფედ თავის სეგმენტში, სეგმენტში რომელსაც ქვია ვაზნები პლინკინგისთვის ანუ არაფორმალური, გასართობი სროლისთვის. ნომერ პირველი ამის მიზეზი არის  რა თქმა უნდა ფასი, პატარა ვაზნა იაფია წარმოებაში და თუ არ ჩავთვლით ეკზოტიკურ ზე-სწრაფ მუხტებს, .22lr ძალიან იაფი ღირს, რაც ხდის მას ხელმისაწვდომს პრაქტიკულად ყველასთვის. შემდეგ უკვე მოდის ამ კალიბრზე გათვლილი იარაღის უდიდესი ასორტიმენტი, დაწყებული ჯიბის პისტოლეტებიდან, რომელიც ხელის გულზე ეტევა და დამთავრებული ზუსტი შაშხანებით, რომლებიც რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. პრაქტიკულად ნებისმიერი სისტემის ხრახნილულიანი იარაღი არსებობს მცირეკალიბრიან ფორმატში, გრძივად მოძრავი საკეტი, “პომპა”, ჰენრის სისტემა, ნახევრად-ავტომატი, რევოლვერი, პისტოლეტი, ცალმუხტიანი, დერინჯერი, მოკლედ რაც თქვენ გულს გაუხარდება შეიძლება იშოვოთ ამ კალიბრში.  თუ თქვენ გლუვლულიანი იარაღი გაქვთ, ამისთვისაც არსებობს ლულაში ჩასაყენებელი ადაპტორები და შესაძლებელია გლუვლულიანი იარაღიდან მცირეკალიბრიანი ვაზნის სროლა. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზნას აქვს დაბალი გასროლის ხმა და პატარა უკუცემა, .22lr ასევე რჩება საუკეთესო არცევნად დამწყბები მსროლელებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე პატარა ვაზნა ნიშნავს, რომ იარაღიც მასზე გათვლილი შეიძლება იყოს მსუბუქი და შესაბამისად იაფი. ასეთი იარაღის კასტომიზაციაც არ ითხოვს დიდ ინვესტიციებს. არ არის საჭირო ზე-გამძლე ბიპოდები, დარტყმა გამძლე  ოპტიკა და ასე შემდეგ. ასე რომ .22 შეიძლება იყოს ყველაფერი რაც თქვენ გინდათ, გასართობი „პლინკერი“, სასარგებლო სავარჯიშო ინსტრუმნტი უნარების შენარჩუნება/დახვეწისთვის, სანადირო იარაღი, სპორტული ინსტრუმენტი და რც მთავარია რომლის გამოყენებაც თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. უკიდურეს შემთხვევაში .22lr გამოდგენა თავდაცვისთვისაც, იმიტომ, რომ .22lr-ს აქვს საკმარისი ენერგია რომ სიცოცხლეს გამოასალმოს ორფეხა მტაცებელიც, მაგრამ უმჯობესია რა თქმა უნდა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ანდოთ უფრო ძლიერ კალიბრს.

თავისი პოპულარობის და გავრცელებულობის გამო, .22lr კალიბრზე გათვლილი იარაღი იყო, არის და იქნება ჩვენი ბლოგის ყუარდღების ცენტრში ხოლო ამჯერად ჩვენი მორიგი მიმოხილვა ეხება Marlin XT-22VR ტიპის მცირეკალიბრიან შაშხანას.

P1080083

ამერიკული წარმოების Marlin XT-22VR, მძიმე ლულიანი ხელმისაწვდომი მცირეკალიბრიანი შაშხანა, ჩვენი მორიგი ტესტირების გმირია. 

მე დიდიხანია მინდოდა ახალი .22 კალიბრის შაშხანა, რაც შეიძლება იაფად, რომელსაც უნდა ქონოდა პოტენციალი გამხდარიყო იარაღი ზე-ზუსტი სროლისთვის. ცხადია ზუსტი იარაღი იდეაში არ შეიძლება რომ იყოს იაფი, მაგრამ შესაძლებელია ასეთი “ამბიციური” მიზნის მიღწევა, პირველ რიგში ძველი მაგრამ კარგ მდგომარეობაში საბჭოთა წარმოების სპორტული მცირეკალიბრიანი იარაღის შეძენით და კასტომიზაციით ან მეორად ბაზარზე სასურველი შემოთავაზების პოვნით. ბევრი ვარიანტი განიხილებოდა ჩემს მიერ, საკმაოდ დიდი ხანი და გაიმარჯვა სწორედ ამ იარაღმა, რომელიც მე კარგ ფასად ჩავიგდე ხელში. ამჯერად ახალი ის იყიდება 1200 ლარად და ეს ფასი მე არ მიმაჩნია სამართლიანი იარაღში, რომელიც ამერიკაში 200 დოლრის ფარგლებში ღირს, მაგრამ მეორად ბაზარზე შესაძლებელია მისი შეძენა 700-800 ლარად.

ჩვნი შაშხანის საყიდლათ მე გავემგზავრე გორში. ყიდვამდე სწრაფად მოვიძიე მასალები ამ მოდელის შაშხანაზე და დავრწმუნდი, რომ პროდუქციის გამოთხოვაზე ან რამე სისტემატურ პრობლემებზე არავინ არსად არ წერდა. მოველაპარაეკ გამყიდველს, დილით გავიარე “ვენდისში” ვიყიდე ყავა და დავადექი გზას. ჩასვლისთანავე, სწრაფი ვიზუალური დათვალიერებისას მე დავრწმუნდი რომ იარაღს ქონდა სუფთა ლულა, შევამოწმე იარაღის მექანიზმების ფუნქციონალურობა და წყნარი გულით იქვე გავიფორმე ეს იარაღი. წინა პატრონმა ასევე გადმომცა საჩუქრად ერთი კოლოფი ვაზნები, მოვუხადე მას მადლობა და გავემგზავრე თბილისისკენ. ეს არის მოკლე ისტორია როგორ მოხვდა ეს იარაღი ჩემთან.

მოგეხსენებათ მე არ ვარ „მარლინის“ და „რემინგტონის“ პროდუქციის (ორივე კომპანიას ერთი მფლობელი ყავს) დიდი მოყვარული, გამომდინარე იქიდან, რომ „რემინგტონის“ პროდუქციის ხარისხი ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა და ამაში მე თავად დავრწმუნდი, როდესაც ვიყიდე ახალი და საკმაოდ ძვირადღირებული რემინგტონ 870-ის ტაქტიკური მოდელი, რომელიც გაძეძგილი აღმოჩნდა დეფექტებით და უბრალოდ არ მუშაობდა. ინტერნეტიც სავსეა ჩივილებით „მარლინის“ და “რემინგტონის” პროდუქციის ხარისხზე, რომელიც მკვეთრად დაეცა მას მერე, რაც ეს კომპანიები გადავიდა Freedom Group-ის საკუთრებაში. მე არ მინდა ავყვე შეთქმულების თეორიებს მაგრამ ფაქტია, რომ ორივე კომპანიას აქვს ხარისხის კონტროლთან სერიოზული პრობლემები, ხოლო “რემინგტონი” საერთოდ გაყიდვაში უშვებს “ნედლ” და დეფექტურ იარაღს.

რას წარმოადგენს Marlin XT-22VR? ეს არის შაშხანა გრძივად მოძრავი საკეტით, 7 ვაზნიანი მჭიდით, სქელი პროფილიანი  ლულით და სინთეტიკური შავი კონდახით. ლულის სიგრძე ამ იარაღში 550მმ-ია. ტვისტი – 1:16 და  რა თქმა უნდა მასში გამოყენებულია მარლინის საფირმო micro-groove  ხრახნები. პრინციპში შედარებით ახალი XT-22 სერიის შაშხანები იგივეა რაც ძველი „მარლინები“ მცირე ტქნიკური და კოსმეტიკური ცვლილებებით, ხოლო მთავარი განსხვავება არის ის რომ XT სერიის იარაღებში გამოყენებულია რეგულირებადი სასხლეტი, რომელსაც “მარლინმა” დაარქვა „Pro Fire”. XT-22 სერიის შაშხანები განეეკუთვნება ბიუჯეტურ იარაღს და მათი ფასი დაახლოებით 170 დოლარიდან იწყება. აქიდან გამომდინარე ზედმეტია ელოდო განსაკუთრებულ დახვეწილობას, ესთეტიკას, ყურადღებას დეტალებისადმი და სხვა სასიამოვნო რამეებს რაც მოყვება “Anshchutz”-ის, “Weatherby”-ს ან თუნდაც “CZ”-ს მცირეკალიბრიან იარაღს.

იარაღის აღწერა დავიწყოთ კონდახით, რომელიც არის სინთეტიკური და ძალიან მსუბუქი. მასზე განთავსებულია სქელი პლასტმასის „ყურები“,განკუთვნილი საღვედეების დასაყენებლად და რომლებიც შესრულებულია კონდახთან ერთად. უმჯობესია ცხადია, რომ ეს დეტალები იყოს მოსახსნელი, რკინისგან დამზადებული მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ბიუჯეტურ მცირეკალიბრიან იარაღზე ესეც არ არის ხოლმე.  აქიდან გამომდინარე კონდახზე ასევე შეუძლებელია ბიპოდის დაყენება. გამოსავალი არის სპეციალური დეტალის ცალკე შეძენა და კონდახზე დაყენება. თვითონ პლასტმასის ყურები საკმაოდ სქელია და ჩემი დაკვირვებით ნორმალურ ექსპლუატაციას უნდა უპრობლემოდ გაუძლონ. კონდახის წინა ნაწილი, გაფართოებულია და ბრტყელი ძირი აქვს, რაც ქვიშის ტომარაზე ან სხვა საყრდენზე იარაღს საიმედოთ დააფიქსირებს.

rqwrw8043

კონდახი ლამაზია და ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მე შემხვედრია ბიუჯეტურ .22 კალიბრის იარაღზე.

p_550000693_1

7 ვაზნიანი მჭიდი არის ფოლადის, თხელი და მსუბუქი, წითელი პლასტმასის მიმწოდებლით. ის ფიქსირდება იარაღში ღილაკით, რომელიც გარეთ არის გამოშვერილი და ამიტომაც მისი დაკარგვის საშუალება, ტყეში, ბუჩქებში ხეტიალისას საკმაოდ დიდია. იარაღს კომპლექტში ერთი მჭიდი მოყვება.

8812541

იარაღის მარჯვენა მხარეს დაყენებულია მექანიკური მცველი, რომელიც პოზიტიურად და მკაფიოდ მუშაობს და ადვილად ხელმისაწვდომია. სასხლეტის დამცავი რკალი შესრულებულია კონდახთან ერთად. 

mardril

სალულე კოლოფის (რესივერის) ზედა ნაწილში შესრულებულია „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრი, რომელიც გახვრეტილია ხრახნებისთვის რაც სავარაუდოთ გაკეთდა იმისთვის, რომ მასზე დაყენდეს „პიკატინის“ ტიპის სამაგრი. იარაღი არ არის აღჭურვილი რკინის სამიზნე მოწყობილობებით.

იარაღი აღჭურვილია სქელ-კედლიანი 55სმ-ნი 16 ღარიანი ლულით. ღარების ბიჯი (ტვისტი) 1:16-ია.  ლულის გამოსასვლელი ოდნავ ჩაღრმავებულია და დაცულია დაზიანებისგან. ლულის პროფილს რაც შეეხება, ჩემი აზრით .22lr-ს არ აქვს ისეთი წნევა და ენერგია რომლის დასახშობათ საჭირო იქნებოდა სქელ კედლიანი ლულა, ამიტომ ასეთი ლულის დაყენება განპირობეებულია ალბათ მოდით და ერთგვარად ხაზს უსვავს იარაღის დანიშნულებას, როგორც მიზანში სროლისთვის განკუთვნილს. სქელი ლულის გამო ის ასევე ლამაზად (ტაქტიკუარდ) გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა ის ამძიმებს იარაღს და არღვევს მის ბალანსს. როგორც წესი ასეთი ლულით აღჭურვილ იარაღზე არ ყენდება საკმაოდ პრაქტიკული და საჭირო რკინის სამიზნე მოწყობილობებიც. გრძელ ლულას ამ კალიბრში აქვს ის პლიუსი რომ დაბალ სიჩქარიანი ვაზნის გამოყენებისას გასროლის ხმა არ აღემატება სუსტი პნევმატური თოფიდან გასროლის ხმას.

საკეტის მოხსნა-დაყენება ხდება სასხლეტზე დაჭერით. დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია, გახსენით საკეტი და გამოწიეთ უკან სასხლეტზე თითის დაჭერასთან ერთად. საკეტი თავისუფლად ამოვა თავის ადგილიდან. დაყენება პირიქით ხდება. შესაძლებელია დაჭერილ სასხლეტზე დახუროთ საკეტი და მოხდება მისი ავტომატური დაშვება, ანუ საჭირო არ იქნება საკონტროლო სასხლეტის დაშვება ცარიელ სავაზნეზე. ორი ხრახნის საშუალებით სალულე კოლოფი მაგრდება კონდახში, გაუფრთხილდით ამ ხრახნებს და გამოიყენეთ მათთვის გათვლილი ქანჩები. ხრახნები რბილია და მათი დაზიანება ადვილია.

საკეტის სვლა რბილია და სწრაფია. ინტერნეტში ბევრს წერენ XT-22-ის საკეტებზე, რომლების გახსნა ითხოვს დიდი ძალის დატანებას და ასევე იმაზე, რომ ვაზნების მიწოდებისას ხდება ტყვიის თავების დეფორმაცია, მაგრამ ჩვენი იარაღის საკეტი იხსნებოდა-იკეტებოდა იდეალურად და ტყვიის თავებზე არანაირი დეფორმაცია ასევე არ შეინიშნებოდა.

dasdas

XT-22-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექამიზმი არ გამოირჩევა სირთულით. „ProFire” ტიპის რეგულირებადი ერთ საფეეხურიანი სასხლეტი წონის რეგულირება შესაძლეებელია შესაბამისი მარეგულირებელი ხრახნის საშუალებით და ამისთვის საჭირო იქნება კონდახის მოხსნა. “ProFire” არის „მარლნის“ პასუხი მისი კონკურენტი „სევიჯის“ “Accu Trigger”-ზე და ძალიან კარგია რომ ის სტანდარტულია XT-22 სერიის იარაღებზე. მოგეხსენებათ .22 კალიბრის იარაღი ძალიან მსუბუქია და შესაბამისად მსროლელის მიერ ნებისმიერი ხარვეზი სასხლეტის დამუშავებისას  ეგრევე აისახება ხოლმე ჯგუფების სიგანეზე. “ProFire” არ არის კლასიკური გაგებით წმიდა სისხლის საასპარეზო სასხლეტი, მაგრამ ის იძლევა მინიმალური რეგულირების საშუალებას რაც კარგია 150 დოლარიან იარაღში. ასევე „მარლინის“ სასხლეტი აღჭურვილია მცველით და თუ არ მოხდა ჯერ მასზე დაჭერა, სასხლეტი ადგილიდან არ დაიძვრება.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო პოზიტიური ექსტრაქცია. ხელით გადასატენ იარაღში პოზიტიური ექსტრაქცცია ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფს იარაღის საიმედო მუშაობას. XT-22-ზე თუნდაც შედარებით ნელა საკეტის გახსნისას, თუნდაც გაუსროლელ ვაზნის ექსტრაქცია იყო ძალიან პოზიტიური და მასრა შორს მიფრინავდა . ალბათობა რომ მსროლელი არასაკმარისად ენერგიულად გადატენის საკეტს და მასრა გაიჭედება, ძალიან მცირეა. როგორც კლინტ სმიტი იტყოდა, იარაღის საკეტი არ არის თქვენი მეგობარი და ამიტომ ზედმეტად მას ნუ გაუფრთხილდებით. ყოველთვის ენერგიული და სწრაფი მოძრაობით გადატენეთ იარაღი.

დამზადების ხარისხი, დეტალების მორგების ხარისხი  XT-22-ზე არის სავსებით დამაკმაყოფილებელი. ერგონომიკა თუ არ ჩავთვლით მოუხერხებელ მჭიდის ღილაკს ასევე ძალიან კარგია. მარლინმა უარი უნდა თქვას მჭიდის ღილაკის ამ კონსტრუქციაზე, ხოლო მჭიდის ფიქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი გამოყენებულია რემინგტონ 597-ზე. ის ერთდროულად სწრაფია და ამავე დროს ღილაკი დაცულია უნებლიე დაჭერისგან. რაღაც ამდაგვარი მარლინმაც უნდა გამოიყენოს. მანამდე ფრთხილად იყავით არ დაკარგოთ მჭიდი ტყეში, რომელიც თან მარტო ერთი ცალი მოყვება.

მთლიანობაში პირველი შთაბეჭდილებები აღმოჩნდა როგორც ხვდებით საკმაოდ პოზიტიური. იდეაში ბიუჯეტური XT-22 არ ტოვებდა ზედმეტად „ბიუჯეტური“ იარაღის შთაბეჭდილებას. რეგულირებადი  სასხლეტის ქარხნული მდგომარეობაც იყო ძალიან კარგი. იარაღს მოყვა ჩინური წარმოების „Bauer“-ის 4×32 ძალიან საბაზისო ოპტიკური სამიზნე მარტივი “დუპლექსის” ტიპის ბადით. პრინციპში მე მირჩევნია იაფი ოპტიკა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რომ ნაკლები იყოს პრობლემების ალბათობაც. გარდა ამისა ასეთი სუსტი ოპტიკა გამოირჩევა დაბალი წონით და მცირე გაბარიტებით, ამიტომაც პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ ამ „სკოპის“ დატოვება. თანაც ეხლა როდესაც სამწუხაროდ საქართველოში შეიზღუდა ოპტიკის და აქსესუარების იმპორტი, შესაძლბლობა იარაღის კასტომიზაციის მნიშვნელოვნად შემცირდა.  მეორადი იარაღის აქსესუარების ბაზარი საქართველოში ძალიან მცირეა, ხოლო გადამყიდველები ან თუნდაც მაღაზიები ვინც ვაჭრობენ ასეთი პროდუქციით, ძალზედ მცირე ასორტიემნტი აქვთ და როგორც წესი ფასი ძალიან გაბერილია. ეხლა „მაიმარკეტზე“ იყიდება ჩინური „ხარისის“ ბიპოდის ასლი 250 ლარად, მაშინ როდესაც „ამაზონზე“ ის 25-30 დოლარი ღირს. არაკეთილსინდისიერი გადამყიდველებისთვის ხუთმაგი ფასის გადახდაზე მსროლელმა ჩემი აზრით უნდა უარი თქვას და ამიტომაც ბიპოდის შეძენაზე უარი თქმა მოგვიწია. სამაგიეროდ სინთეტიკური კონდახი შევღებეთ და გამოვიყენეთ ლეგეენდარული „რემინგტონ M40A1“-ის „მაკმილანის“ კონდახის კამუფლირების სქემა. ეს იარაღი მე მახსოვს ჯერ იმ დროიდან, როდესაც „Delta Force”-ს ვთამაშობდი და იმ დროს ეს იარაღი ალბათ იყო ერთადერთი, სტანდარტული კამუფლირებით. კამუფლირება, გარდა იმისა, რომ ემსახურება პრაქტიკულ მიზნებს ასევე მნიშვნელოვნად გაალამაზა ჩვენი „მარლინი“. ჩვენ მოვიმარაგეთ სხვადასხვა ტიპის ვაზნები და როგოც კი ამინდები გამოვიდა, გავეშურეთ სასროლეთზე.

16776874_424821551193341_1878301149_o

სინთეტიკური კონდახის დიდი პლიუსი. მას არ ეშინია ნესტის და სიცივის. გარდა ამისა სინთეტიკური კონდახის მოდიფიცირება ძალიან ადვილია. 

სურათიდან როგორც ხედავთ, ადგილზე დაგვხდა ძალიან ცუდი პირობები. თოვლი. ყინვა. სასროლოსნო პოზიცია თოვლში ამოვთხარეთ. როგროც შეგვეძლო კომფორტულად მოვაწყვეტ და დავიწყეთ სროლა. ჩინური წარმოების გერმანული სახელით “ბაუერის” ოპტიკა სამწუხაროდ ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ფოკუსის და ბადის სიმკვეთრის დარეგულირება მაგრად გართულდა. ლინზები ნორმალური იყო და ოპტიკა მსუბუქია, ეს არის მისი პლიუსები, შემდეგ მხოლოდ მინუსები წამოვიდა. 50 მეტრზე სროლა კიდე შესაძლებელი იყო, 100 მეტრზე უკვე ეს ოპტიკა პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ეს უკვე მეორე ამ მოდელის “სკოპია” რომელიც გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მის სანაცვლოდ “მარლინზე” დავაყენეთ ასეთივე ბიუჯეტური “სკოპი” Bushnell 3×9. ეს ოპტიკა კარგია, იაფია, თუმცა გაბარიტული და შედარებით მძიმე. ის “ბაუერის” ოპტიკაზე 2-ჯერ ნაკლები ღირს და აქვს უფრო დიდი გადიდება, ბადის განათება და შესწორების მექანიზმიც მუშაობს უფრო ზუსტად. მისი ბადე იძლევა საშუალებას გამოიყენოთ მისი ელემენტები დამიზნებაში შესწორებებისთვის, მაგრამ ჯვარი ზედმეტად სქელია. მიუხედავად ამისა შაშხანა რასაც იტყვიან ამუშავდა და დაგვანახა თავის პოტენციალი. სამიზნედ ჩვენ ვიყენებდით ფერად საკანცელარიო  ფურცლებს 70×75 მმ-ზე. მათი განადგურება 100 მეტრის მანძილიდან და არც ისე მდგრადი პოზიციიდან არ წარმოადგენდა არანაირ პრობლემას იმ პირობით, რომ ვისროდით იმ ვაზნას რა ვაზნითაც იარაღი იყო მისროლილი. ვაზნის შეცვლისას თუ არ ვიცოდით რა შესწორება უნდა შეგვეტანა, ტყვია სამიზნეს არ ხვდებოდა. განსხვავება საწყის სიჩქარეში და ტყვიის წონაში 100 მეტრზე საგრძნობ სხვაობას იძლევა და ასეთ მანძილზე ასეთ სამიზნეზე სროლა შესაძლებელია იმ ვაზნით რა ვაზნაზეც იარაღი იყო გასწორებული, ან დამახსოვრება როგორ იცვლება მორტყმის საშუალო წერტილი კონკრეტული მუხტის გამოყენებისას. აქაც მოქმედებს მარტივი წესი: ნახე მუხტი, რომელიც ყველაზე ზუსტი და საიმედოა და შექმენი ამ ვაზნების მარაგი. ყველაზე კარგი ჯგუფი 100 მეტრზე იყო შთამბეჭდავი 25მმ მიღწეული იაფი Eley Sport ვაზნებით (ერთი “ფლაიერის” დამატებით ჯგუგი გაიზრდება 41მმ-მდე რაც მაინც კარგი შედეგია). კიდევ ერთი ჯგუფი იყო 46მმ, და ბოლოს 67მმ. სროლის პირობების და ოპტიკის შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს არის ძალიან კარგი შედეგი.  სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გავტესტოთ იარაღი ლაბორატორიულ პირობებში. უამინდობის გამო ამ სტატიის პუბლიკაციაც გადაიდო თითქმის სამი კვირით. მიუხედავად ამისა ჩვენი აზრით “მარლინმა” დაგვანახა თავისი პოტენციალი და ის ნამდვილად იმსახურებს ხარისხიან ოპტიკას და არა ჩინურ სუროგატს. კარგი ოპტიკით ამ იარაღით შესაძლებელია .22lr-ის თანდაყოლილი სიზუსტის სრული ათვისება.

rwrwe78912

ვის როგორი მოსაზრებები აქვს სიზუსტეზე, მაგრამ იარაღი რომელიც ჯდება ათას ლარამდე და გაძლევს საშუალებას ყველაზე იაფი ვაზნით 100 მეტრზე მოარტყა სათამაშო კარტის ხელა სამიზნეს, ჩემი აზრით არის კარგი იარაღი.  კარგი ოპტიკით და ბიპოდით კიდე უფრო უკეთესი შედეგის მიღება არის შესაძლებელი. 

რას შევცვლიდი იარაღში? პირველ რიგში “მარლინმა” უნდა უარი თქვას ამ იდიოტურ გარეთ გამოშვერილ მჭიდებზე და მჭიდის ღილაკის ასეთ კონსტრუქციაზე. არანაირი აუცილებლობა არ არის რომ მჭიდი იყოს გარეთ გამოშვრილი. არის საფრთხე მჭიდის დაზიანების და ზარალდება იარაღის იერსახე. ღილაკი უნდა იყოს ისეთი რომ შესაძლებელი იყოს მჭიდის ერთი ხელის გამოყენებით მოხსნა. იარაღს ჭირდება ნამდვილი საღვედეები და ადგილი ბიპოდის დასაყენებლად. დანრჩენში ეს იარაღი არის ახლოს იდეალურთან. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს ახალი სასხლეტი, პირველად ბიუჯეტურ იარაღზე ჩვენ დავინახეთ სასხლეტი, რომელიც არ ქმნიდა პრობლემებს, არ იყო ზედმეტად მძიმე და არ ქონდა “ხრაშუნის” შეგრძნება.

Marlin XT22VR არ ღირს იაფი. მაგრამ თუ გინდათ ზუსტი შაშხანის აწყობა ის არის კარგი ბაზა ამისთვის. მას არ ჭირდება გადაკეთებები, ჩარხვა და ბურღვა, როგორც ძველ საბჭოთა შაშხანებს. საკმარისია იყიდოთ კარგი “რინგები” და ოპტიკა და თქვენ გაქვთ ზუსტი შაშხანა. არც ბიპოდის დასაყენებელი ხრახნის დაყენება პლასტმასის კონდახზე არ არის დიდი პრობლემა. ნაკლებ ფასში შესაძლებელია საბჭოთა “ტოზის” ან “მც”-ს მოდიფიცირება მაგრამ საჭირო გახდება იარაღის კონსტრქუციის გადაკეთება თუნდაც ოპტიკის დასაყენებლად და ეს უკვე ითხოვს ოსტატის ჩარევას და გაცილებით მეტი დროც იქნება საჭირო.



დატოვეთ კომენტარი