მფლობელის თვალით – Glock 26

P1020690

ხშირად მიწევს ასეთი წინადადებით სტატიის დაწყება: ვინც ჩემ ბლოგს დიდი ხანია კითხულობს იცის, რომ მე განსაკუთრებულად მომწონს  …. იარაღი. ამ შემთხვევაშიც ასეთი წინადადებით მომიწევს ამ სტატიის დაწყებაც, იმიტომ, რომ ვინც ყურადღებით კითხულობს ჩემ ბლოგს იცის, რომ მე განსაკუთრებული გრძნობები გამაჩნია გლოკის პისტოლეტების მიმართ. მესმის რატომ არის ამ პისტოლეტების ირგვლივ ასეთი არმია ერთგული ფანატების, რომლებმაც ეს ერთი შეხედვით პრიმიტიული პისტოლეტი აქცია კულტად, ბრენდად, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. გლოკი უდაოდ არ არის სრულყოფილი, მაგრამ ჩემი აზრით ის ყველაზე ახლოს არის სრულყოფილებასთან. შექმნილი ერთ ოთახში სადაც ავსტრიელმა მეწარმემ გასტონ გლოკმა შეკრიბა კონსტრუქტორები, სამხედროები და პოლიციელები, ამ პისტოლეტმა შეცვალა წარმოდგენა პირად იარაღზე და დააწესა საიმედოობის და გამძლეობის სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილებას ცდილობს დღეს ყველა იარაღის მწარმოებელი.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის გლოკის პისტოლეტების ოჯახის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, სუბ-კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი გლოკ 26, რომელიც იყო პირველი სუბ-კომაქტურ გლოკებს შორის (წარმოება დაიწყო 1995 წელს), რომელსაც პრაქტიკულად ეგრევე მოყვა მოდელი 27 კალიბრში .40Smith&Wesson. უფრო მოგვიანებით ამ კლასს დაემატება 10mm Auto, .357 SiG, .45ACP და .45GAP კალიბრის სუბ-კომპაქტები.

წოდებული როგორც ჯიბის გლოკები, ორივე ეს პისტოლეტი რადიკალურად განსხვავდებოდა ყველა იმ იარაღისგან, რომელიც მანამდე შედიოდა ჯიბის პისტოლეტების კლასში. წარსულს ჩაბარდა რუდიმენტარული/ერზაც სამიზნე მოწყობილობები, არაადეკვატურად სუსტი კალიბრები და რაც მთავარია არც ისე მაღალი საიმედოობა და სროლისუნარიანობაც. პატარა გლოკებს ქონდათ შესანიშნავი ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები, ძლიერი კალიბრები და საიმედოობის დონე, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდებოდა დიდ გლოკებს, რომლებიც თავისთავად წარმოადგენდნენ სტანდარტს საიმედოობის.

სუბ-კომპაქტური გლოკები კარგახანი იყვნენ ჩრდილში თავისი დიდი ძმების, მანამ სანამ სასროლოსნო საზოგადოებამ არ აღმოაჩინა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ამ პატარა პისტოლეტებს ეხებოდა. გლოკ 26-იც და გლოკ 27-იც, ორივე იყვნენ უფრო ზუსტები ვიდრე მათი სრული ზომის და კომპაქტური მოდიფიკაციები (მოდელები 17 და 19). მოგეხსნებეათ, რომ გლოკის პისტოლეტებთან არის ასოცირებული ასევე ცალკე სასროლოსნო ფედერაცია, სახელად GSSF (Glock Sport Shooting Foundation). ამ ფედერაციის მიერ ორგანიზებული მატჩები იყოფა კლასებად გლოკის პისტოლეტების ტიპების მიხედვით. ცალკე სუბ-კომპაქტების კლასი, კომპაქტების, სრული ზომის და ტაქტიკურ-სპორტული მოდელებისთვის. ცხადია ნებადართულია მხოლოდ გლოკის პისტოლეტების გაოყენება.  ფედერაციის სტატისტიკის მიხედვით გლოკ 26, როგორც წესი დომინირებს არა მარტო სუბ-კომპაქტების კლასში არამედ ასევე იმარჯვებს საერთო მატჩში, რომელსაც ფედერაციაში უწოდებენ „მატჩმაისტერს“. ეს ფაქტი მით უფრო გასაკვირია, რომ ძალიან იშვიათად ხდება მატჩის მოგება სხვა დისციპლინებში იარაღით, რომელიც ტექნიკური მონაცემებით ჩამორჩება სხვა იარაღებს. წარმოუდგენელია რომ ბიანკის თასის რევოლვერის კლასში მოგებული სპორტსმენი იყოს შეიარაღებული მოკლე-ცხვირიანი რევოლვერით, მაგრამ GSSF-ის მიერ ორგანიზებულ მატჩებში სუბ-კომპაქტური გლოკ 26 ხშირად ფიგურირებს გამარჯვებულთა შორის. ეს ცხადია არის, როგოც მსროლელის დამსახურება, მაგრამ ამავდროულად მეტყველებს პატარა გლოკის შესანიშნავ საბრძოლო თვისებებზე. და ამაში ამ სტატიის ავტორი თავად დარწმუნდა და უფრო მეტიც გაოცებულიც დარჩა ამ პატარა პისტოლეტით, მაგრამ ამაზე უფრო ვრცლად ცოტა მოგვიანებით.

რას წარმოადგენს გლოკ 26. ეს არის კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი, რომელიც მასისა და გაბარიტების გარდა არაფრით არ განსხვავდება სხვა გლოკებისგან. თუმცა ერთი სხვაობა არის, გლოკ 26 თავიდანვე იყო აღჭურვილი ორი დამაბრუნებელი ზამბარით (მეოთხე თაობის გლოკებზე ორმაგი ზამბარა უკვე სტანდარტულია ყველა მოდელზე) , რომელიც აუცილებელი იყო რომ უზრუნველყოფილიყო საკეტის მოძრაობის ადეკვატური სიჩქარე. სწორედ ასეთი ზამბარის გამოყენებას „აბრალებდნენ“ სუბ-კომპაქტური გლოკების უპირატეს სიზუსტეს. უფრო ხისტი, ის უზრუნველყოფდა უფრო საიმედო ერთგვაროვან ჩაკეტვას და ამავე დროს ახშობდა ვიბრაციას, რომელიც წარმოიქმნებოდა გასროლის დროს. მე არ ვარ იარაღის კონსტრუქტორი და გამიჭირდება პროფესიონალურად ავხსნა ეს ფენომენი, ამიტომ უნდა მოვიმარჯვო არსებული ახსნები, რომლებიც მოვიპოვე სპეციალიზირებული ლიტერატურიდან. დავამატებ მხოლოდ, რომ აღნიშნული არ ეხება დიდ .45 კალიბრის გლოკებს, სადაც დიდი სრული ზომის მოდელი 21 იკავებს პირველ ადგილს სიზუსტეში ყველა სხვა გლოკს შორის. ამის ხელშემწყობი ფაქტორებია .45ACP-ის დიდი თანდაყოლილი სიზუსტე და ასევე ის ფაქტი, რომ .45 კალიბრის გლოკის ლულები სხვანაირი არხებით არის სადაც ტყვიას მეტი მოდების ფართე აქვს ლულის არხის ზედაპირთან. მე მისვრია გლოკ 21 და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს არის არა თუ ყველაზე ზუსტი გლოკი არამედ საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პისტოლეტი, რომელიც მე ოდესმე მისვრია. მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენი სტატიის გმირს. მესამე თაობის გლოკ 26  შეძენილი იყო ახალი თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში და განსხვავებით სხვა გლოკებისგან, რომელიც ავსტრიული წარმოების იყო, ეს კონკრეტული პისტოლეტი იყო ამერიკიდან, რაზეც მეტყველებდა შესაბამისი წარწერები და დამღები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენთან „ამერიკული“ გლოკები რატომღაც ითვლება უფრო დაბალი ხარსხის  ვიდრე ავსტრიულები. ჩემთვის უცნობია რამე სხვაობის შესახებ, მაგრამ დაფიქრდით, გლოკმა შეიქმნა რეპუტაცია, სწორედ ჩრდილო ამერიკაში და არა ევროპაში. მე არ ვთვლი, რომ გლოკის ამერიკული წარმოშობა არის ნაკლი.

g26my

ჩვენი ტესტის გმირი. მესამე თაობის გლოკ 26, ჩარჩო შეღებილია Flat Dark Earth ფერში, მჭიდზე დაყენებულია Pearce +2 mag extension, საკეტზე ჩაწეპებულია აბრაზიული სკოტჩი, რომელიც ჩამალულია ღარებში და არ ცვითავს ტანსაცმელს მაგრამ უზრუნველყოფს საკეტის საიმედო ჭერას გადატენვის დროს. ასევე გასაკვირია რატომ ასეთი ფორმის საკეტი (მომრგვალებული “ცხვირით” ) არ არის სტანდარტული ყველა გლოკზე. 

ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება,. გლოკ 26-ის მასა არის  სულ რაღაც 590 გრამი და ის იტევს 10 9X19 კალიბრის ვაზნას (დატენილის წონა 740 გრამს შეადგენს).  შედარებისთვის მაგალითად ადრე მიჩნეული როგორც ეტალონური ჯიბის პისტოლეტი, ვალტერ პპკ გათვლილი გაცილებით უფრო სუტს კალიბრზე 9X17-ზე იწონის 560 გრამს, იტევს 7 ვაზნას და ცნობილია თავისი დაბალი ერგონომიულობით და სროლისუნარიანობით. გლოკის სიგრძე შეადგენს 160მმ-ს, სიგანე 30მმ-ს, სიმაღლე სულ რაღაც 106მმ-ს. ლულის სიგრძე 88მმ-ია. გლოკის დიზაინის ეფექტიანობიდან გამომდინარე სამიზნე ხაზის სიგრძე არის 144მმ. მოკლე ლულა ნუ შეგაშინებთ, პოლიგონალური ხრახნების გამო, ტყვიის საწყისი სიჩქარე არის შედარებით მაღალი და პრაქტიკულად შეესაბამება საწყის სიჩქარეს კომპაქტური პისტოლეტებისთვის კლასიკური ხრახნებით.

გლოკების უმეტესობა სტანდარტულად კომპლექტდება პლასტმასის სამიზნე მოწყობილობებით, რომელიც უნდა გამოიცვალოს. მინიმუმ უნდა გამოიცვალოს წინა სამიზნე მოწყობილობა რომელიც ძალიან სუსტია და პატარა დარტყმაც სკმარისია, რომ ის მოტყდეს. ჩვენ გლოკში წინა სამიზნე მოწყობილობის კონსტრუქცია ოდნავ განსხვავებულია და ის იყენებს ხრახნს, მაგრამ ის მაინც პლასტმასისგან არის დამზადებული. გამოცვლა თუ მოინოდმეთ ამ ხრახნის დასაშვებად დაგჭირდებათ სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც დაახლოებით 15 დოლარი ღირს.

Glock-G26SWM60

გლოკ 26 პრაქტიკულად მთლიანად დაიმალა .38 კლიბრის მოკლე-ცხვირიანი რევოლვერის ქვეშ. უკანასკნელი ატწლეულების განმავლობაში ითვლებოდა საუკეთესო იარაღად ფარული ტარებისთვის. გლოკი ასეთივე კომპაქტურია, იტევს 4(5)-ით მეტ უფრო ძლიერ ვაზნას და გაცილებით უფრო სწრაფია გადატენვისას. 

გაბარიტებს, რაც შეეხება პისტოლეტი ნამდვილად არის ძალიან კომპაქტური, მაგრამ რა უყოთ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც უფრო პატარა პისტოლეტი უფრო უარესად ისვრის? სწორედ აქ იმალებოდა დიდი სიურპრიზი. გლოკ 26-ის სროლისას ერთადერთი რაც თქვენ რეალურად გაწუხებთ ან გზღუდავთ არის მცირე ტევადობის მჭიდი. და ეს ძალიან გაწუხებთ, იმიტომ რომ პისტოლეტი ითხოვს სწრაფ და ზუსტ სროლას.  ვათავსებთ პისტოლეტში გაზრდილი ტევადობის მჭიდს (სტანდარტულ მჭიდზე დაყენებული +2 დამაგრძელებელი), დამატებით ერთი ვაზნა სავაზნეშია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ განკარგულებაშია 13 ვაზნა. ვიწყებთ სროლას სწრაფი სერიით, მიყოლებით 13 ტყვია ხვდება სამიზნეს და ჯგუფი 10 მეტრიდან არ აღემატება 8 სმ-ს. „ჩაფიქრებული“, ნელი სროლა იგივე მანძილიდან და ნახვრეტები პრაქტიკულად ეხება ერთმანეთს.  წყვილი გასროლები სამიზნეში 10 მეტრზე, გადატანა 12 მეტრზე და გასროლა 15 მეტრზე სამიზნეში, რომელიც ადამიანის თავის ნახევარის ტოლია.  ყველა ტყვია ხვდება სამიზნეს, მანძილი ნახვრეტებს შორის არ აღემატება 10სმ-ს. სამი გასროლა 40 მეტრიდან  და სამივე ტყვია ხვდება სილუეტის ცენტრში. მერე იყო პირველივე გასროლით 8 მეტრიდან ნიზლავზე წატეხილი თავსახური 2 ლიტრიანი „კოკა-კოლის“ ბოთლიდან, რომელიც „ბუნების მოყვარულებმა“ დატოვეს ბუნებაში, რომელიც სუფრაზე ასე უყვართ და აფასებენ.

+2ext

სტანდარტული მჭიდის გამოყენებისას (1) ტარზე ეტევა მხოლოდ ორი თითი, შესაძლებელია არასტანდარტული ხუფის გამოყენება (2) ან საუკეთესო ვარიანტია +2 დამაგრძელებლის დაყენება (3), რომელიც უმნიშვნელოზ ზრდის გაბარიტებს მაგრამ ასევე ზრდის მჭიდის ტევადობას 2 ვაზნით და უზრუნველყოფს უკეთეს ჭერას.

მთელი „სესიის“ განმავლობაში ღიმილი არ გვეშლებოდა სახიდან და 2300 ლარი გადახდილი ამ პატარა პისტოლეტში აღარ გვეჩვენებოდა ძალიან დიდ თანხად. გლოკი არის გლოკი, დიდი, პატარა ის ერთნაირად მრისხანე და ეფექტურია პროფესიონალის ხელში. ამაში ჩვენ იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ემოციები რომ „გადავდოთ“ გვერძე რა შეიძლება დავამატოთ? პირველ რიგში სასხლეტი, რომელიც ოდნავ განსხვავდება სასხლეტისგან, რომელიც არის დიდ გლოკებზე თუმცა წონა სტანდარტულია, 2.5კგ და აქვს ასეთივე მოკლე „რესეტი“ რომელიც ასე ძალიან მიყვარს გლოკებში. ამავდროულად ის უფრო  „ტკაცუნაა“. მომიტევეთ მაგრამ სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვპოულობ. იგივეს აღნიშნავდა ბევრი ვინც გლოკ 26-ს ისროდა და ჩემ შემთხვევაშიც ასე მომეჩვენა. შემდეგ ტარის ფორმა. ამობურცული ზურგი უფრო მაღლა არის განლაგებული და ის ღრმად ზის ხელში. ამის დამადასტურებელი იყო წითელი ლაქა ხელზე სადაც ეს ზურგი „ურტყავდა“ ხელის გულს. ასეთი ტარის განლაგება უზრუნველყოფს იარაღის გაუმჯობესებულ კონტროლს.  ლეგენდარული „ცხრა მილიმეტრი ლუგერი“ კი უზრუნველყოფს დაბალ უკუცემას და შემცირებულ ლულის ხტომას. შედარებით მოკლე  საკეტზე განლაებული „მუშკა-ცელიკის“ „დაჭერა“ ადვილია. გლოკ 26 არის ძალიან, ძალიან კომფორტული სასროლად, არის ძალიან ზუსტი და სწრაფი.

ჩემი გამოცდილება და აზრები თუ არ არის საკმარისად სანდო თქვენთვის და თქვენ გგონიათ რომ მე უბრალოდ ემოციებს ავყევი  და დავკარგე კავშირი რეალობასთან, მოგიყვანთ ალბათ დღესდღეისობით ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტის აზრს აღნიშნულ საკითხზე. მასად აიუბი ალბათ იყო პირველი ვინც დაიწყო ყურადღების გამახვილება იმ ფაქტზე, რომ პატარა გლოკები გაცილებით უფრო უკეთესად ისროდნენ ვიდრე დიდი მოდელები. ექსპერიმენტის ფარგლებში მან თავად იასპარეზა  GSSF-ის მატჩებში სადაც მან ერთხელ იასპარეზა გლოკ 26-ით „კომპეტიშენ“ კლასში სადაც ყველაზე გრძელლულიანი გლოკებია დაშვებული, „მასტერ სტოკ“ კლასში სადაც სრული ზომის გლოკებია წარმოდგენილი და სუბ-კომპაქტურ დივიზიონში სხვა სუბ-კომპაქტური გლოკების წინააღმდეგ. მისი შედეგი ამ მატჩებში იყო უფრო მაღალი ვიდრე მაშინ, როდესაც ის იყენებდა დიდ გლოკებს. ასე, რომ გლოკ 26-ის არაჩვეულებრივი სროლისუნარიანობა არ არის მითი, ეს არის ფაქტი.

გარდა ამისა გლოკ 26-ს აქვს დიდი უპირატესობა, რომელიც განასხვავებს და გამოარჩევს მას სხვა ანალოგებისგან. ის „იკვებება“ ნებისმიერი ზომის მჭიდიდან, რომელიც გათვლილია 9მმ-ან გლოკზე. იქნება ეს 15, 17 თუ 33 ვაზნიანი მჭიდები. გლოკ 26 სტანდარტული მჭიდით ადვილად იმალება ტანზე, ხოლო ხელთ შეიძლება გქონდეთ სათადარიგო დიდი მჭიდი. თუ ეს არ არის საკმარისი შესაძლებელია დიდი მჭიდზე ადაპტორის დაყენება, რომელიც გახდება პატარა გლოკის ტარის გაგრძელება. მოსახერხებელია არა? მეც ასე ვთვლი. დაუმატეთ ამას გლოკისთვის ტრადიციული კონსტრუქციის სიმარტივე, გამძლეობა, რესურსი და მიიღებთ ყველაზე ჩემი აზრით საოცარ გლოკს, გლოკის პისტოლეტების დიდი ოჯახიდან.

 xgr

გლოკ 26, გლოკ 19-ის 15 ვაზნიანი მჭიდით და X-grip-ის ადაპტორით.



One Response to “მფლობელის თვალით – Glock 26”

  1. Vakho says:

    Levan gaumarjos!

    gadavatvaliere Glockze arsebuli statiebi da kargi iqneba tuki ert statias moamzadeb sadac Glockis taobebis detalebi iqneba ganxiluli anu Gen1 dan bolo taobamde ra cvlilebebi ganicada :) sakmaod saintereso da mculobiti tema gamova :)

    pativiscemit vakho

დატოვეთ კომენტარი