Gabbet-Fairfax Mars (Webley Mars)

გთავაზობთ ვახო მეზურნიშვილის ახალ სტატიას, რომელიც  ყოველგვარი შესწორებების გარეშე ქვეყნდება. 

პატივისცემით Shooter

მე-19-ე საუკუნის მიწურულს ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუქტორებმა თითქმის ყველა ქვეყანაში დაიწყეს  მუშაობა თვითდემტენ (ავტომატურ) პისტოლეტებზე. სწორედ ამ პერიოდში იქმნებოდა სხვადასხვა განსხვავებული კონსტრუქციები და კეთდებოდა  უჩვეულო მექანიზმები. იმდროინდელი პისტოლეტების უმეტესობა აღარც შემორჩა და ძირითადად მუზეუმების სტენდებზე თუ შევხვდებით. ჩემი ინტერესის და კვლევის ყველაზე დიდ ობიექტებს ზუსტად მსგავსი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მათი ვაზნები წარმოადგენს.

ამჯერად მინდა შევეხო იმ პერიოდის ბრიტანულ პისტოლეტს „Mars“-ს, რომლის შესახებ ინფორმაციას უკვე წლებია ვაგროვებ. სამწუხაროდ აღნიშნულ პისტოლეტზე ინფორმაცია ძალიან მწირია, რადგანაც იგი თითქმის აღარ არსებობს და მხოლოდ რამოდენიმე ცალის ვინაობაა ცნობილი. გადავწყვიტე ქართველ მკითხველს სტატიის სახით მივაწოდო ის მცირედი ინფორმაცია, რომლის მოგროვებაც წლების მანძილზე სხვადასხვა წყაროებიდან წვეთ-წვეთ შევძელი,  თავი მოვუყარე და დავამუშავე.

პისტოლეტის შექმნის ისტორია და გამოცდების არქივი

1890-ანი წლების მიწურულს იარაღის გამომგონებელმა Hugh W. Gabbet-Fairfax-მა  (ქართულად სავარაუდოდ ჰუ გაბეტ ფეირფექსი – ასე უნდა ჟღერდეს) მუშაობა დაასრულა თვითდამტენ პისტოლეტზე და 1900 წელს დააპატენტა იგი სხელით „Mars”  მისი ვრცელი სახელი კი ცნობილია, როგორც „Gabbet-Fairfax Mars“ ან „Webley Mars“.

პისტოლეტის კონსტრუქციაზე გაბეტ ფეირფექსი მუშაობდა რამოდენიმე წლის მანძილზე.  იმ დროსათვის კონსტრუქტორების უმეტესებო დაინტერესებულნი იყვნენ იმით, რომ  მათ შექმნილ პისტოლეტს სამხედროები მოიწონებდნენ და შეუკვეთავდნენ.  1898 წელს გაბეტმა პისტოლეტის პირვანდელი ვარიანტი შესთავაზა ბრიტანეთის იარაღის  საწარმოს «Webley & Scott»-ს. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტს ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა გამოცდებისას და არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა, «Webley & Scott»-მა გამოიჩინა ინიციატივა და გადაწყვიტა მაინც დაემზადებინა პისტოლეტები.  ალბათ ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ  იგი დაინტერესებული იყო არმიის შესაფერისი პისტოლეტების ძებნით. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, არსებობს ორნაირი მოსაზრება 1. რომ ვებლეი და სკოტმა პისტოლეტების წარმოების პასუხსიმგებლობა მთლიანად გაბეტ ფეირფექსს დააკისრა. 2. თავად აიღო პასუხისმგებლობა პისტოლეტებზე.  ფაქტი ისაა, რომ 1899 წელს საწარმომ დაამზადა პისტოლეტის პირველი ეგზემპლარები სამ განსხვავებულ ვაზნაზე (11.2მმ, 9მმ და 8,5მმ). ვაზნებზე დეტალურად შემდგომ ვისაუბრებთ.  1900 წელს კომპანია „ვებლეი“ მთლიანად გადაერთო ცნობილი ავტომატური რევოლვერის, „Fosbery“ -ს წარმოების საკითხებზე.

1901 წლის მარტის თვიდან  1903წლის აპრილის ჩათვლით რვაჯერ ჩატარდა  საგამოცდო სროლები რათა ბრიტანეთის არმიას გამოეცადა პისტოლეტი. ცნობილია ის ფაქტიც, რომ გარდა ბრიტანეთისა ჰიუ გაბეტი ცდილობდა პისტოლეტით დაეინტერესებინა საფრანგეთი. არსებობს სამხედრო უწყების ერთერთი დოკუმნტი, სადაც მოხსენიებულია ფაქტი, რომ გაბეტ ფეირფაქსი ოფიციალური წერილით მიმართავს საფრანგეთის ერთერთ წარმომადგენელს მ.გინარს მისამართზე „8 Avenue de l’Opéra“. უხარისხო ვაზნების გამოყენების გამო ეს მცდელობა კრახით დასრულდა. წარუმატებელი აღმოჩნდა აგრეთვე მისი პისტოლეტის გამოცდები ჰოლანდიაში, რომლის ხელისუფლებაც იმ პერიოდში ეძებდა მათთვის მისაღებ თვითდამტენ პისტოლეტს. პისტოლეტ „მარსის“ ყველაზე ინტენსიური გამოცდები რათქმაუნდა მის სამშობლოში (ბრიტანეთში) მიმდინარეობდა.

hughgabbetfairfax

მარსის შემქმნელი Hugh Gabbett-Fairfax

ბრიტანეთის სამხედრო სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღის კომიტეტის პროტოკოლებში არსებობს ჩანაწერი ნომრით 415, რომელიც შეეხება პისტოლეტის სტანდარტული ვარიანტების საკონსულტაციო საკითხებს  და თარიღდება  11.3.1901 რიცხვებით.

ჩანაწერებში გაბეტ ფეირფაქსი დამაჯერებლად აღწერს აგრეთვე სროლის შედეგებს 12 დუიმიანი ლულით და მიმაგრებული კონდახით 600 იარდამდე.  იქვე მითითებულია შეთავაზება, რომ ყველა პისტოლეტი აღიჭურვება გრძელი და მოკლე ლულით. გარდა ამისა გაბეტი სთავაზობს არმიას  თვითდამტენ შაშხანებს, რომლებიც ლონდონში ხელით დამზადებულ ორლულიან თოფებს არ ჩამოუვარდება ხარისხით და მათი ღირებულება 20%-თ უფრო ნაკლებია.

მას შემდეგ რაც ფეირფექსმა  დამარწმუნებლად გადმოსცა მისი პისტოლეტის საიმედოობა და თან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ლულის გრძელ  უკუსვლას“ გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობები, კომიტეტის მდივნებმა მიიღეს მითითება რათა წასულიყვნენ მოლაპარაკებაზე იარაღის გამომგონებელთან გამოსაცდელ სროლებზე, რომელიც გაიმართებოდა „ენფილდ ლოკში“ სამეფო იარაღის ქარხნის (RSAF- Royal Small Arms Factory) სუპერინტენდანტის თანდასწრებით.

1901 წლის 25 მარტის პროტოკოლის ჩანაწერი #427  შეიცავს დადებით გამოხმაურებებს შემდეგი სახით:  „როგორც ყველა თვითდამტენ (ავტომატურ) პისტოლეტს გააჩნია რთული მექანიზმი, თუმცა საცდელმა გასროლებმა აჩვენა, რომ პისტოლეტი ძალიან კარგად მუშაობს და ღირს გაგრძელდეს გამოცდები“. შემდგომ ჩანაწერებში გამოჩნდა გარკვეული პრობლემები, რომლებიც შეეხებოდა საბრძოლო მასალების გამოყენებას.  „პისტოლეტიდან განხორციელდა გასროლები 250 გრანიანი ტყვიით და 10 გრანიანი დენთის მუხტით „კორდიტი“ ( საჭირო ვაზნები 12 გრანიანი მუხტით „კორდიტი“ არ იქნა დროულად მიწოდებული გამოცდებისათვის) შესაბამისად დაბალი დენთის მუხტის გამო (10 გრანი 12 გრანის ნაცვლად) მოხდა სიმძლავრის შესუსტება და შეიქმნა რამოდენიმე შეფერხება პისტოლეტის გადატენვისას.

გამოხმაურება სრულდება შეთავაზებით გაბეტის მიმართ, რომ დამზადდეს პისტოლეტი უფრო მსხვილი კალიბრით 0,47 (.470) საწყისი სიჩქარით 310მ/წამი (1000 ფუტი წამში). აგრეთვე კომიტეტმა შეკვეთა გააკეთა ორცალ ახალ პისტოლეტზე კალიბრით .45,  რომლებიც უნდა გაგზავნილიყო გამოსაცდელათ ჰიტის ქვეითთა სასწავლებელში და ქვეითთა გადამყვან გემ „ექსილენტ“-ზე.  (HMS – His Majesty’s Ship „Excellent“).

1901 წლის 15 აპრილის პროტოკოლში ჩანაწერი ნომრით 441 ნახსენებია გაბეტ ფეირფექსის წერილი, რომელიც პასუხობს მიმართვას. კერძოდ: იგი უჩივის ფინანსურ მდგომარეობას და ამბობს, რომ „ახალი ექსპერიმენტალური იარაღის“ (კალიბრით 0,45) დამზადება ჯდება 100 ფუნტი  (დაახლოებით 21 000 გერმანული მარკა 1990-იანი წლების კურსით), მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მზადაა წარმოადგინოს იარაღები მისი ხარჯებით, იმ პირობით, რომ როდსაც გამოცდები მივა იარაღის დაშლამდე (აქ იგულისხმება იარაღის ცვეთისგან დაშლა და დანგრევა) დარჩენილ დეტალებს უკან მიიღებდა არაუგვიანეს ექვსი თვისა საცდელად ჩაბარების განაცხადიდან.  კომიტეტი არ დაეთანხმა ამ პირობას და მის სანაცვლოდ მოითხოვა ორი პისტოლეტი კალიბრით 0,47( .470).

1901 წლის 6 მაისი პროტოკოლის ჩანაწერი ნომრით 450 იუწყება, რომ გებეტმა უპასუხა შეთავაზებას:  0,45 კალიბრის პისტოლეტები დამზადდა და გადმოგეცემათ შემოწმების შემდეგ, რომელიც მოხდება 220 გრანიანი ტყვიით და 12 გრანიანი დენთის მუხტით „კორდიტი“.  წერილის თანახმად გაბეტი იღებდა პასუხისმგებლობას, მიეწოდებინა იარაღი 15 ივნისს და პირველ ივლისს. იარაღის თითოეულ ეგზემპლართან ერთად მიწოდებულ უნდა ყოფილიყო 500 ვაზნა (ჩანაწრში მოყვანილია ვაზნების ღირებულებაც -1000 ცალი ვაზნის ღირებულება არ გადააჭარბებს 5 ფუნტს).  შემდგომ გაბეტი წერს, რომ არ უწევს რეკომენდაციას საერთოდ განხილულ იქნას 0,47 კალიბრიანი პისტოლეტები, სანამ გამოცდებს არ გაივლის 0,45 კალიბრიანი პისტოლეტები, რადგანაც 0,45 კალიბრიან იარაღზე უკვე საკმაოდ დიდი თანხაა დახარჯული.

პირველი ორი ეგზემპლარი 0,45 კალიბრში მიწოდებულ იქნა დაგვიანებით ოქტომბრის ბოლოს, თითო პისტოლეტი 450 ცალი ვაზნით.

1901 წლის 4 ნოემბრის პროტოკოლის ჩანაწერი ნომრით 553.  ცეცხლსასროლი იარაღის კომიტეტის მთავარი ინსპექტორი პირველი გამოცდების შედეგებს ახასიათებს დადებითად.  ამავე ჩანაწერში მოყვანილია გარკვეული მონაცემები:

  • ცარიელი იარაღის წონა (მასა)  1390 გრამი (1615 გრამი სავსე სავაზნე კოლოფით);
  • ტყვიის საწყისი სიჩქარე პისტოლეტის ლულიდან 30 მეტრზე 350მ/წამი.

აქვე მოყვანილია მონაცემი, რომ 25 მეტრზე ტყვია ხვრეტს ნახევარდუიმიან (1,27 სანტიმეტრი) 16-18 ცალ  ხის დაფას.

აგრეთვე მთავარი ინსპექტორი იწერება, რომ პირველი 50 გასროლა მოხდა შეფერხებების გარეშე, სიზუსტე 25-50 მეტრზე არის კარგი, პისტოლეტთან მოპყრობა არის მოსახერხებელი. ძირითადი ჩივილები გამოცდებისას იყო იარაღის ძლიერ უკუცემასთან დაკავშირებით.  გამოცდებმა აჩვენეს, რომ იარაღს გააჩნია ძალიან ბევრი დეტალი და მისი კონსტრუქცია ზედმეტად რთულია. იარაღის დაშლა ინსტრუმენტების გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია. საგამოცდო სროლისას გამოვლინდა კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტი, გასროლის დროს პისტოლეტიდან ამოგდებული მასრა მიფრინავს მსროლელისკენ და ზოგჯერ სახეშიც კი ხვდება მას.  მეორე გამოცდებისას გასროლილ იქნა 31 ცალი ვაზნა და ბოლო გასროლისას გატყდა შემაერთებელი რგოლი, რამაც გამოიწვია იარაღის პარალიზება და ვეღარ მოხერხდა საცდელი სროლების გაგრძელება. ამის შემდგომ იარაღი დააბრუნეს სარემონტოდ, რომლის დროსაც შეამცირეს სასხლეტ კავზე დაწოლის სიძლიერე და შეცვალეს მასრის ამოგდების კუთხე.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პისტოლეტების შემდგომი გამოცდები ჩატარებულიყო ვულვიჩის საგამოცდო ცენტრში, რათა იგი შეედარებინათ ბორხარდის (Borchardt) სისტემის პისტოლეტს. (თუ ზუსტად ჩავეძიებით ამ საკითხს, ბორხარდის პისტოლეტების წარმოება შეწყდა 1898 წელს, შესაბამისად არავინ დაიწყებდა გაბეტის პისტოლეტის შედარებას მასთან. სავარაუდოდ შედარება უნდა მომხდარიყო გეორგ  ლუგერის  „პარაბელუმ 1900“ მოდელთან, რომელსაც იმდროს ხშირად „ბორხარდ-ლუგერს“ უწოდებდნენ).

გარდა ზემოთ აღნიშნულისა იგეგმებოდა პისტოლეტის ხელახალი შემოწმება სიზუსტეზე და საიმედოობაზე, რომელიც გემ  „ექსილენტზე“ უნდა გამართულიყო.

ექსილენტის კაპიტანმა გამოცადა პისტოლეტი 1901 წლის 17 დეკემბერს და მიაწოდა  შედეგები კომიტეტს. აგრეთვე ჰიტის ქვეითთა სასწავლებელმა (სასროლო სკოლამ)  გამოცადა პისტოლეტი 1902 წლის იანვარში.

1902 წლის 3 თებერვლის პროტოკოლის ჩანაწერის პუნქტი ნომერი 587.

სასროლო სკოლაში დადგინდა, რომ სიზუსტე და სწრაფსროლა უფრო მაღალია ვიდრე სამსახურეობრივ რევოლვერ ვებლეის (Webley) (გათვლილი ვაზნებზე Mark III ტყვიით “Manstopper”) გააჩნია.

Mk III Man stopper

სურათზე მოცემულია ვაზნა .455  Mk III  ტყვიით  “Mannstopper”. ბრიტანეთში  შეიარაღებაში მიიღეს 1898 წელს. განკუთვნილი იყო პოლიციისათვის. ტყვიის წონა 218 გრანი. ტყვია იყო გარსის გარეშე hollowpoint”  ცილინდრისებული ფორმით და წინა მხრიდან გააჩნდა ნახევარსფეროსებური ნასვრეტი უკეთესი დეფორმაციისათვის.  1899 წელს ჰააგის კონვენციის თანახმად სამხედროებს აეკრძალათ მსგავსი ტიპის ტყვიების გამოყენება  და 1900 წელს Mk III შეცვალეს მისი წინამორბედი ვაზნით Mk II.  

მიუხედავად ამისა საერთო შეფასებით იარაღი არაა დამაკმაყოფილებელი. სასხლეტ კავზე დაწოლის სიძლიერე განისაზღვრა 4,5 კილოგრამით, იარაღის უკუცემა ძალიან ძლიერია, იარაღის წონა ზედმეტად მაღალია, მასრის ამოგდების ტრაექტორია კვლავ უარყოფითია. ჩამკეტი ზამბარა მიუხედავად შემსუბუქებისა მაინც ზედმეტად მძიმეა.

გემზე ჩატარებული გამოცდების  შედეგები:

მეზღვაურები რომლებმაც გემ „ექსილენტზე“  გამოცადეს იარაღი, წერდნენ, რომ პისტოლეტი არაა საიმედო თუმცა, მაინც კმაყოფილნი იყვნენ.

ოფიციალური შედეგები: უკუცემა არცისე მაღალია, პირველი 100 გასროლისას სულ წარმოიქმნა 5 შეფარხება, რომლებიც უხარისხო ვაზნებიდან გამომდინარეობდა, ხოლო სასროლო სერიის დასრულებისას რეგულარულად ხდებოდა შეფერხებები გადატენვისას  და არ სრულდებოდა მასრის ექსტრაქცია.  დეფექტებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს გაეზომათ დეტალების ცვეთა და გაეგზავნათ პისტოლეტები დამამზადებელთან სარემონტო სამუშაობისათვის. რემონტიდან დაბრუნების შემდგომ გასროლებზე ზედიზედ 14 შეფერხება აჩვენა პისტოლეტმა. აღნიშნულიდან გამომდინარე საცდელი სროლების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.  გარდა ამისა მსროლელები კვლავ უჩივოდნენ იმ ფაქტს, რომ მასრები ხვდებოდათ სახეში, მეზღვაურებს არ მოსწონდათ სამიზნე და აქვე პირველად ალაპარაკდნენ კონსტრუქციის ნაკლოვანებებზე. პისტოლეტი არასაიმედოდ იტენებოდა და სასხლეტ კავზე უცებ უნდა მომხდარიყო თითის გაშვება, რათა ლულას მოესწრო საწყის პოზიციაში დაბრუნება. კომიტეტმა მიიღო სარეკომენდაციო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე 0,45 კალიბრიანი პისტოლეტ „მარსის“  გამოცდები უნდა შეჩერებულიყო და გაბეტ ფეირფაქს გაუგზავნეს შენიშვნების ჩამონათვალი. აქვე მოითხოვეს, რომ გაბეტს გამოეგზავნა პისტოლეტები 0,36 კალიბრში (9მმ). აღნიშნული კალიბრის პისტოლეტები მანამდე უკვე გამოცადა RSAF-ის სუპერინტენდანტმა და მისი თვისებები აღწერილი იყო გასული წლის პროტოკოლის 427 პუნქტში.

გაბეტ ფეირფაქსის პასუხი თარიღდება 1902 წლის 10 მარტით. ჩანაწერი ნომერი 603, სადაც ბოდიშს იხდის იარაღის დეფექტის გამო და უკავშირებს მას უხრისხო ვაზნებს.  იგი იძლევა პირობას რომ შეამცირებს სასხლეტ კავზე დაწოლის ძალას 2,7 კილოგრამამდე და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ  მის პისტოლეტს გააჩნია უფრო ნაკლები უკუცემა ვიდრე .455 კალიბრიან კვამლიან დენთზე (შავი დენთი) გათვლილ სამსახურეობრივ რევოლვერს, ხოლო სახეში მასრის მორტყმა გამომდინარეობს იქიდან, რომ მსროლელი ძალიან მყარად იჭერს პისტოლეტს ხელში (თუმცა არანაირ რეკომენდაციას არ იძლევა ამ საკითხის აღმოფხვრასთან დაკავშირებით).

1902 წლის 21 აპრილი.  ჩატარდა შემდგომი გამოცდები 0,36 კალიბრიანი პისტოლეტის ხელში დაჭერასთან დაკავშირებით, სადაც ეტალონად აღებული იქნა 0,45 კალიბრიანი ვარიანტი.  ცეცხლსასროლი იარაღის პროტოკოლის 615 პუნქტში არსებობს ჩანაწერი, რომ  მოდიფიცირებული იქნა საკეტის მექანიზმი რათა აღარ მომხდარიყო არასრული ჩაკეტვა და და საკეტის ნაადრევი განთავისუფლება. თუმცა დეტალურად არაა აღწერილი თუ კონკრეტულად რა შეიცვალა საკეტის მექანიზმში.

პისტოლეტის გამოცდების შედეგი:  0,36 კალიბრიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე პისტოლეტის ლულიდან 30 მეტრში 450მ/წამი  ხოლო 0,45 კალიბრიანი ტყვიის 350მ/წამი;

0,36 კალიბრიანმა ტყვიამ 25 მეტრზე გახვრიტა ნახევარდუიმიანი (1,27სმ) 22 ცალი ხის დაფა და პლუს დამატებით 25,4მმ დაფა. აქვე გამოცდილ იქნა სპეციალური გარსით დაფარული ტყვია, რომელსაც გააჩნდა ბლაგვი (ოდნავ დაბრტყელებული) თავი. აღნიშნულმა ტყვიამ გახვრიტა 17-20 ცალი  ხის დაფა. მსგავსი შედეგი აჩვენა 0,45 კალიბრიანმა ტყვიებმაც 18-19 ცალი ნახევარდუიმიანი ხის დაფა.

სიზუსტე ვებლეის რევოლვერთან შედარებით იყო უკეთესი, თუმცა მსროლელები მაინც უჩივოდნენ ძლიერ უკუცემას, სასხლეტ კავზე დაჭერისას საჭირო იყო კვლავ დიდი ენერგია, ვაზნები კი კვლავ უხარისხო და არასაიმედო იყო  (ნაწილობრივ ეს უკავშირდებოდა მასრაში კაფსულ-მაალებლის რღმად ჩამაგრებას). სპეციალურად ქვიშით დაბინძურებულმა პისტოლეტმა გამოცდებზე აჩვენა 8 გასროლიდან 50-75% შეფერხება.

კომიტეტი ითხოვდა 0,45 კალიბრიანი პისტოლეტში გამოყენებულიყო უფრო სუსტი ვაზნები ტყვიის საწყისი სიჩქარით 240მ/წამი გარსის გარეშე (მთლიანად ტყვიისაგან დამზადებული) ისეთი, როგორციც გამოიყენებოდა ვებლეის რევოლვერებში.

აქედან გამომდინარე 1902 წლის მაისში ჩატარდა ახალი გამოცდები. (ჩანაწერი ნომრით 635 23.6.1902).  0,45კალიბრიანი პისტოლეტი, ვაზნები ვებლეის დენთის მუხტით 9, 8 და 7 გრანი, ტყვიის წონით 220 გრანი. ტყვიის საწყისი სიჩქარე 295, 255 და 230 მ.წამი. გახვრეტილ იქნა 12, 9 და 8 ცალი ნახევარდუიმიანი ხის დაფა. ეს ყველაფერი აკმაყოფილებდა კომიტეტის მოთხოვნებს. სიზუსტე აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი ყველა ჩამოთვლილი დენთის მუხტით, ხოლო უკუცემა განსაკუთრებით 8 და 7 გრანიანი დენთის მუხტით არ აღემატებოდა რევოლვერის უკუცემას. ვაზნები ამ ეტაპზეც არ იყო ხარისხიანი, რადგანაც მათი დამზადება ნაჩქარევად მოხდა. ზოგი მასრა იყო უფრო მოგრძო, რაც იწვევდა შეფერხებებს მიწოდებისას, საკეტის არასრულ დახურვას და რიგ შემთხვევებში მასრის გახეთქვას.

ჩანაწერის დანამატში გაბეტ ფეირფექსი წერს, რომ მან პირადად განახორციელა ზედიზედ 100 გასროლა, ხოლო მისი სახელოსნოს ხელმძღვანელმა 300 გასროლა. იგი დეტალურად აღწერს შედეგებს, რომელიც სუსტი დენთის მუხტის შედეგად მიიღო და გამოაქვს დასკვნები, რომ პისტოლეტი საიმედოდ მუშაობს 9 გრანიანი დენთის მუხტით „კორდიტი“, ტყვიის საწყისი სიჩქარით 275მ/წამი და ამავდროულად მისი მექანიზმი უნდა იყოს სუფთა. გარდა ამისა იგი უარყოფს, ტყვიების გამოყენებას გარსის გარეშე, რადგანაც იგი ადვილად დეფომირდება და გამოიწვევს შეფერხებებს საკეტის დახურვისას. ალტერნატივად გაბეტმა შესთავაზა ხელსაყრელ ფასში დაემზადებინა მთლიანად გარსიანი ტყვიები, რომელსაც ცხვირის ნაწილში ექნებოდა თხელი გარსი.

შეიარაღების დეპარტამენტის (DGO) გენერალურმა დირქტორმა ცეცხლსასროლი იარაღის კომიტეტს (SAC) გადასცა ანგარიში და აქვე აღნიშნა, რომ აზრი არ ჰქონდა დაეხარჯათ დრო და ენერგია ახალ ვაზნაზე, რომლის ტყვიის საწყისი სიჩქარე იქნებოდა  275მ/წამი თუკი იგი გარანტირებულად არ უზრუნველყოფს პისტოლეტის საიმედოდ მუშაობას.  გარდა ამისა მან შესთავაზა კომიტეტს გაეგრძელებინათ მუშაობა საზღვაო ქვეითთა სასროლეთში, რაზეც უარი მიიღო კომიტეტისგან იმ მიზეზით, რომ იმ ობიექტზე მომუშავე პესრსონალს არ ჰქონდა მარსის პისტოლეტთან მუშაობის გამოცდილება. კომიტეტის რეკომენდაცია იყო შემდეგი სახის, რომ გაგრძელებულიყო მუშაობა 0,45 კალიბრიანი ვაზნებით და ახლიდან გადაეხედათ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები რომლითაც უარს ამბობდნენ 0,45 კალიბრზე.  კომიტეტი ითხოვდა შესრულებულიყო კიდევ 1000 საცდელი გასროლა, რომლის ტყვიის საწყისი სიჩქარე იქნებოდა 350/წამზე ნაკლები. სროლები უნდა განხორციელებულიყო სასროლოსნო სკოლა ჰიტში გემ ექსელენტის ბორტზე. ხოლო მის შემდეგ კი დაიწყებოდა სამხედრო გამოცდები.

1902 წლის ზაფხულში ჩატარდა ცდები,  რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს პისტოლეტ მარსის ასპარეზი ბრიტანეთის სამხედრო სამსახურში.  საზღვაო ქვეითთა შეიარაღების დეპარტამენტის (DNO)  დირექტორმა მოამზადა ანგარიში რომელიც თარიღდება 1902 წლის 23 ოქტომბრით (ჩანაწერი 691). ანგარიში იუწყება, რომ გემ „ექსილენტზე“გასროლილ იქნა 140 ვაზნა  ორი სხვადასხვა პარტიიდან. ვაზნებს არ ჰქონიათ არცერთი „ასეჩკა“ თუმცა გადატენვის დროს ხდებოდა ბევრი შეფერხებები. კერძოდ: მჭიდიდან ამოსვლისას ხდებოდა მათი გაჭედვა და მისი აღმოფხვრა შეიძლებოდა მხოლოდ იარაღის დაშლის შემდეგ.  გემის კაპიტანი წერილში ამბობდა, რომ ვინც ისროლა პისტოლეტი არცერთს აღარ უნდოდა მეორე გასროლის შესრულება. ვთვლი რომ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მარსის პისტლეტის გამოცდები რადგანაც აზრი აღარ აქვს… ეს პისტოლეტი უვარგისია საზღვაო ქვეითებსათვის.  საზღვაო ქვეითთა შეიარაღების დეპარტამენტმა (DNO) უარი განუცხადა გაბეტ ფეირფაქსს გამოცდების გაგრძელებაზე.

ჰიტის სასროლოსნო სკოლის ხელმძღვანელმა 1903 წლის 12 იანვარს კომიტეტს აცნობა  გამართული სროლის შედეგების შესახებ (ჩანაწერი 707)  სპეციალური დენთით „მარს“ დამზადებული კომპანია „ნობელის“ მიერ  დამუხტული ვაზნებით სროლისას, პისტოლეტმა არ აჩვენა განსაკუთრებული უპირატესობა სიზუსტეში ვებლეის რევოლვერთან Mark III ტიპის ვაზნებით.  ნელი სროლისას 25 და 50 მეტრ დისტანციაზე პისტოლეტი ცოტათი ჩამოუვარდებოდა სიზუსტით ვებლეის რევოლვერს ხოლო 100 მეტრზე სროლისას პისტოლეტი უფრო ზუსტი გამოდგა ვიდრე რევოლვერი  „ ვებლეი“ .  ჩქაროსნული სროლის დროს უპირატესობა იყო პისტოლეტის მხარეს.  როგორც ადრინდელ ჩანაწერებში, ამჟამადაც ფიგურირებდა საკეტის გაჭედვის ფაქტები. საკეტი არ იკეტებოდა ბოლომდე და კვლავ წარმოიქმნებოდა პრობლემები მასრის ექსტრაქციისას. 345 გასროლის შემდეგ ქარხნის წარმომადგენელი იძულებული იყო პისტოლეტის საკეტიდან და ლულიდან მოეშორებინა წარმოქმნილი გამონაზარდები.  შემდგომ მოხდა „დამტენი ბერკეტის“ გატეხვა და იძულებულები გავხდით პისტოლეტი გაგვეგზავნა სარემონტო სამუშაოებზე.  რემონტის შემდეგ პისტოლეტმა გაისროლა 410 ვაზნა, რასაც მოჰყვა მარცხენა ღილაკის გატეხვა, ხოლო  817 გასროლის შემდგომ მოტყდა მარჯვენა ღილაკი, ამიტომ ვეღარ ხდებოდა პისტოლეტის გადატენვა, სასხლეტ კავზე დაწოლა კვლავ დიდ სირთულეს მოითხოვდა, მასრები კვლავ მსროლელს ხვდებოდა სახეში, ხოლო უკუცემა კი აუტანელი იყო.

დამტენი ღილაკები

სავარაუდოდ „დატენვის ღილაკებში“ იგულისხმება სურათზე მოყვანილი ორი მრგვალი დეტალი მარჯვნივ და მარცხნივ, რომელზეც თითების მოჭიდებით ხდებოდა პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა (გადატენვა). 

ხშირი შეფერხებები გასროლისას განპირობებლი იყო საკეტის მგრძნობიარობით. თუკი გასროლის შემდეგ მსროლელი აგრძელებდა თითის დაწოლას სასხლეტ კავზე, საკეტის თავი ვერ ახერხებდა ლულასთან ბოლომდე გადაბმას.  გაბეტ ფეირფაქსი დაესწრო კომიტეტის თათბირს, სადაც მან შესთავაზა „შემცირებული მოდელი“ კალიბრით 0,45 ტყვიის წონით 220 გრანი და საწყისი სიჩქარით 290მ/წამი. კომიტეტმა ამ მოდელთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო და გადაწყვიტეს დაეცადათ ახალი მოდელის გამოცდამდე.

ჩანაწერი 02.02.1902 პუნქტი #719.  გაბეტ ფეირფაქსი წერილობით მიმართავს DGO-ს 1902 წლის იანვარს და აცნობებს, რომ ახალი საცდელი მოდელის და მისი ვაზნების (0.45 კალიბრი) დასამზადებლად ესაჭიროება 2000 ფუნტზე მეტი (დღევანდელი მდგომარეობით 140 000  ინგლისური ფუნტი). შემდეგ იგი წერს, რომ არ გააჩნია არანაირი ფულადი რესურსი რათა დაამზადებინოს პისტოლეტები. მან მოითხოვა სუბსიდია 1000 ფუნტზე, რომელიც ვერ მიიღო.  27 იანვარს იგი კვლავ იწერება და სთავაზობს „მარსის“ დემონსტრირებას კომიტეტის წევრების თანდასწრებით, ითხოვს მისი პისტოლეტების გამოცდების წრილობით მოწმობებსა და ხარვეზების ჩამნათვალს, თან ხელმეორედ თხოვს დახმარებას სახელმწიფოს..

1903 წლის 16 თებერვალს კომიტეტმა მიიწვია გაბეტ ფეირფაქსი, რათა კომიტეტის წევრებისათვის წარმოედგინა ახალი პისტოლეტი სახელწოდებით  «P.P. pattern». აღნიშნულმა დემონსტრაციამ წარმატებით ჩაიარა.  1903 წლის 2 მარტს გაბეტმა შესთავაზა კომიტეტს 500 ცალი პისტოლეტის მიწოდება.

პროტოკოლის პუნქტი #730. კომიტეტს არ შეუძლია დაამტკიცოს და გასცეს თანხმობა გაბეტის მიერ  შემოთავაზებულ 500 ცალ პისტოლეტზე. კომიტეტს შეუძლია განაგრძოს ახალი პისტოლეტების გამოცდა თუკი მოწოდებულ იქნება დამატებითი პისტოლეტები «P.P. pattern».

1903 წლის 30 მარტი პროტოკოლის პუნქტი #745. DGO სასწრაფოდ და მკაცრად ითხოვს კომიტეტის პრეზიდენტისაგან ახალი პისტოლეტის შერჩევის ანგარიშის ჩაბარებას, რადგანაც პროცესი ძალიან გაიწელა და არანაირ შედეგებს არ იძლევა.

პროტოკოლი პუნქტი #759 საბოლოო ანგარიში. ანგარიშში აღწერილია პისტოლეტ მარსის 8 გამცდა ორი წლის მანძილზე. სადაც ძირითადად მოყვანილია მანამდე არსებულ პუნტქებში ჩამოთვლილი შედეგები.

პისტოლეტის გამოცდების მთავარი მინუსების ჩამონათვალი

  • ძალიან რთული მექანიზმი და აგებულება;
  • სირთულეები პისტოლეტის წმენდასთან დაკავშირებით;
  • ზედმეტი წონა;
  • მექანიზმი არ მუშაობდა სტაბილურად;
  • მსროლელისათვის გაუსაძლისი უკუცემა;
  • მასრის ექსტრაქციისას მისი არაკონტროლირებადი ტრაექტორია;
  • უხარისხო საბრძოლო მასალები (ვაზნები).

კომიტეტის დასკვნა სრულდება რეკომენდაციით გაბეტის მიმართ, რომ მან უნდა შეძლოს ამ მინუსების აღმოფხვრა.

პროტოკოლებიდან ნათლად ჩანს, რომ კომიტეტი ცდილობდა მაქსიმალურად მიეცა შანსი გაბეტისათვის რათა გამოესწორებინა პისტოლეტის პირვანდელი გამოცდების შედეგები. თუ გადავხედავთ ამავე კომიტეტის სხვა გამოცდებს ვიპოვით ინფორმაციას, რომ გეორგ როტის პისტოლეტი მხოლოდ ერთხელ გამოცადეს, მარისს გამოცდა კი წლობით გაგრძელდა და ჩატარდა 8 საგამოცდო ეტაპი, ხოლო აქედან 5ჯერ გაბეტ ფეირფექსმა სხვადასხვა ვარიანტის პისტოლეტი შესთავაზა კომიტეტს.

მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა დიდი რესურსი და ძალისხმევა დახარჯა პისტოლეტის გამოცდებზე, გაბეტ ფეირფექსი მაინც არ ცდილობდა ბოლომდე აღმოეფხვრა ის მინუსები, რომლებიც საცდელი სროლებისას წარმოიქმნებოდა. იგი არ ცვლიდა კონსტრუქციას და ჯიუტად აგრძელებდა ერთიდაიგივე კონსტრუქციის შეთავაზებას, რამაც იგი სავალალო შედეგამდე მიიყვანა.

პისტოლეტ მარსის ვაზნები

ვაზნების ზუსტი შემქმნელი და კონსტრუქტორი ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია და ვერ შევძელი მომეპოვებინა ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ შეიმუშავა იგი. რიგ წყაროებში ვაზნების კონსტრუქტორად თავად გაბეტ ფეირფექსი სახელდება. ყველა ვაზნა გამოშვებულ იქნა ფირმა <<Kynoch>>-ის მიერ 1898 წლიდან მცირე პარტიებად. ხოლო 1907 წელს მათი წარმოება საერთოდ შეწყდა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პისტოლეტები დამზადდა სამ განსხვავებულ ექსპერიმენტალურ ვაზნაზე.  იმ დროისათვის მარსის ვაზნები იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პისტოლეტის ვაზნები და თუ შევადარებთ მათ ენერგიას თანამედროვე ვაზნებს დავინახავთ, რომ მათი ენერგია დღესაც საკმაოდ სოლიდურია.

 

Mars

 

მარცხნიდან მარჯვნივ .360 (9მმ) მარსის ვაზნა; .45(11,2) მარსი მოკლე; .45 მარსი გრძელი.

.450 Mars Long (11,2×28მმ) 

- სხვა აღნიშვნები რომლითაც ცნობილია იგი:

.450 Mars Long Case; .450 Mars Long; .45 Gabbett-Fairfax.

კოდური სახელწოდებები:

SAA 7630;

ECRA-ECDV 11 028 TGC 010.

ვაზნა იყო ცენტრალური აალების ტიპის, გააჩნდა ლატუნის ცილინდრული მასრა, რომელიც ოდნავ კონუსისებური ფორმის იყო და ბლაგვი ტყვია. რიგ წყაროებში მითითებულია, რომ ტყვია დამზადებული იყო გარსის გარეშე, თუმცა მე ვერსად ვერ მოვიძიე ვაზნის ფოტოსურათი ასეთი ტყვიით. ყველა ფოტოზე გამოსახულია ვაზნები მთლიანად გარსიანი ტყვიებით.  2012 წელს ერთერთ უცხოურ ინტერნეტ აუქციონზე გასაყიდად დაიდო  ერთიცალი ვაზნა .450 Mars Long, რმლის საწყისი ღირებულება იყო 300ევრო.

ცნობილია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები:

  • ტყვიის წონა(მასა): 14 გრამი (220გრანი);
  • ტყვიის საწყისი სიჩქარე: 370 მ/წამი;
  • ტყვიის ენერგია: 950-959 ჯოული.

 

.450 Mars Short (11,2×20მმ)

- სხვა აღნიშვნები რომლითაც ცნობილია იგი:

.450 Mars Short Case; .450 Mars Short; .45 Gabbet-Fairfax

კოდური სახელწოდებები:

ECRA-ECDV 11 020 CGC 010.

წარმოადგენდა ზუსტად იგივე ვაზნას, რომელიც ზევით განვიხილეთ. სხვაობა მდგომარებდა მასრის სიგრძეში. ამ შემთხვევაში იგი 8მმ-ით იქნა შემოკლებული. ჩემი აზრით გრძელი ვაზნა იმდენად ძლიერი იყო, რომ გამოსაცდელი სროლების შედეგად გადაწყვიტეს შეექმნათ უფრო სუსტი ვაზნა იმ იმედით, რომ შემცირდებოდა უკუცემა, სროლა გახდებოდა ნაკლებ დისკომფორტული, პისტოლეტის რესურსი გაიზრდებოდა და მებრძოლი შეძლებდა აღჭურვილობაში უფრო მეტი ვაზნის ტარებას.

ვაზნის მონაცემები სავარაუდოდ იყო:

  • ტყვიის წონა(მასა): 14 გრამი (220გრანი);
  • ტყვიის საწყისი სიჩქარე: 275 მ/წამი;
  • ტყვიის ენერგია: 530 ჯოული.

.360 Mars (9×26მმ)

- სხვა აღნიშვნები რომლითაც ცნობილია იგი:

9 mm Mars; 9×26 Mars; .354 Gabbet-Fairfax; .35 Mars; 9.15 Mars Gabbet-Fairfax.

კოდური სახელწოდებები:

SAA 5220;

XCR 09 026 BGC 010.

ვაზნა იყო ცენტრალური აალების ტიპის, გააჩნდა ლატუნის ბოთლისებური მასრა, რომელიც .450 Mars Long ვაზნისაგან აიღეს და ყელი შეუვიწროვეს ისე, რომ მასში მოთავსებულიყო 9მმ-ანი ბლაგვი ტყვია. ვაზნის მასრა დამოკლდა 2მილიმეტრით.

360 mars

ცნობილია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები:

  • ტყვიის წონა(მასა): 10,1 გრამი;
  • ტყვიის საწყისი სიჩქარე: 500 მ/წამი;
  • ტყვიის ენერგია: 1262 ჯოული.  სავარაუდოდ არსებობდა აგრეთვე ვაზნა შემცირებული საწყისი სიჩქარით 420მ/წამი და უფრო მძიმე ტყვიით 10,4 გრამი (160გრანი), რომლის ენერგიაც შეადგენდა 915 ჯოულს.

 

.330 Mars (8,5×26მმ)

- სხვა აღნიშვნები რომლითაც ცნობილია იგი:

8.5×26 Mars;  8.5 Mars ; .330 Gabbet-Fairfax; 8.35 Gabbet-Fairfax 1900; 8.5 Mars Auto Pistol.

კოდური სახელწოდებები:

XCR 08 026 BGC 010.

 

ვაზნა წარმოადგენდა 9მმ-ანის ანალოგს განსხვავება იყო ტყვიის დიამეტრში. ცნობილია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები:

  • ტყვიის წონა(მასა): 9 გრამი;
  • ტყვიის საწყისი სიჩქარე: 530 მ/წამი;
  • ტყვიის ენერგია: 1264 ჯოული. რიგ წყაროებში სახელდება ენერგია 1290ჯოული.

.330 marsჩანაწერებიდან ცნობილია, რომ მარსის ყველა ვაზნაში გამოიყენებოდა ბურბუშელისებური დენთი „კორდიტი“ (Cordite) (11,2მმ და 9მმ ვაზნებში 12 გრანი, ხოლო 8,5მმ ვაზნებში 10 გრანი). ზუსტად ასეთი დენთით იმუხტებოდა ბრიტანული შაშხანის ენფილდის ვაზნები .303 British.  იყო მცდელობა როდესაც ვაზნები დამუხტეს ვებლეის რევოლვერის ვაზნებში Mk III გამოყენებული შავი დენთით. ჩანაწერებში მოხსენიებულია აგრეთვე სპეციალური დენთი მარკით „მარსი“. კონკრეტულად რა დენთზეა საუბარი ვერ შევძელი ინფორმაციის მოპოვება.

cordite-303

სურათზე მოყვანილია დაშლილი ბრიტანული ვაზნა .303, რომელზეც კარგად ჩანს ბურბუშელისებური დენთი „კორდიტი“.

ბრიტანეთის სამხედრო სამინისტროს დოკუმენტებში ინახება ჩანაწერი, სადაც ფიგურირებს 10მმ კალიბრის ვაზნა .394 Mars, ტყვიის წონა 175 გრანი (11,3 გრამი).  უკვე რამოდენიმე წელია უშედეგოდ ვეძებ ინფორმაციას 10მმ ვაზნასთან დაკავშირებით.  თითქოს გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს და 2007 წლის 14 იანვარს  ვაზნების ერთერთ უცხოურ ფორუმზე, კოლექციონერმა გახსნა თემა, სადაც ამბობდა რომ აქვს 10მმ კალიბრის მქონე მარსის ვაზნა. თემის ავტორმა სურათიც დადო, რომელიც სამწუხაროდ ისე იყო ატვირთული ვერანაირად ვერ შევძელი მენახა. რამოდენიმე პოსტის და კამათის შემდეგ ერთმა ფრანგმა კოლექციონერმა გამოთქვა თავის მოსაზრება, რომ ეს იყო 10მმ ვაზნა, მხოლოდ არა მარსი არამედ 10mm MAS (Manufacture d’Armes de Saint Etienne), რომელიც 1901-1910 წლებში საფრანგეთში შექმნეს საცდელი ავტომატური (თვითდამტენი) პისტოლეტისათვის.

Mars matrix

პისტოლეტის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი და აგებულება

 მარს სქემა

Webley Mars-ს გააჩნია ერთერთი საინტერესო მუშაობის პრინციპი, რომელიც  „ლულის გრძელ  უკუსვლაზეა“ დაფუძნებული. მსგავის ტიპის პრინციპები თითქმის აღარ გამოიყენება მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღში. რატომ შეაჩერა არჩევანი გაბეტ ფეირფექსმა ავტომატიკის ამ პრინციპზე? ალბათ შეკითხვაზე ლოგიკური პასუხი იქნება ის, რომ მასში გამოყენებული ვაზნები ძალიან ძლიერი იყო. ზოგადად ბრიტანეთს იმ პერიოდში ახასიათებდა ტენდენცია, რომ ჰქონოდა მოკლელულიანი იარაღი გათვლილი მსხვილ კალიბრზე.

შევეცდები გადმოგცეთ მისი მუშაობის პრინციპი:

გასროლის დროს დენთის აირები უბიძგებს ტყვიას, რათა გაისროლოს იგი ლულიდან. შესაბამისად წნევა აწვება მასრის ფსკერს. ვინაიდან მასრა მოთავსებულია ლულის სავაზნეში (პატრონნიკში), წნევა ცდილობს მასრა გააგდოს უკან. აღნიშნული ენერგით ლულა და საკეტი რომელიც ერთმანეთთან არის შეჭიდებული (გადაბმული) საკეტის თავზე არსებული 4 ცალი საბრძოლო გამოშვერილი ბჯენით, გადაადგილდება უკან. გადაადგილებისას საკეტს გზად  სავაზნე კოლოფიდან ამოაქვს ვაზნა მიაქვს უკან როგორც ეტლს და ათავსებს სპეციალურ მიმწოდებელ მოძრავ  ლიფტზე (ელევატორზე). თანამედროვე პისტოლეტებში სავაზნე კოლოფიდან ვაზნის მიწოდება ხდება საკეტის უკანა პოზიციიდან წინ დაბრუნებისას. პისტოლეტ მარსის შემთხვევაში ეს ასე არაა. მისი სავაზნე კოლოფი წინა მხრიდან (სადაც ტყვიის თავია) არის დახურული რკინის დეტალით.

 Savazne Kolofi

პისტოლეტის სავაზნე კოლოფის ფოტოზე ჩანს თუ როგორ არის მისი წინა ნაწილი დახურული.

UPOR

სურათზე ჩანს საკეტის მბრუნავი თავი 4 ცალი საბრძოლო ბჯენით

უკანა პოზიციაზე გადაადგილებისას  საკეტის მბრუნავი თავი თავისუფლდება ლულისგან. ამდროს ხდება საკეტის ფიქსაცია უკიდურეს უკანა წერტილში, ხოლო ლულა შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიით მიემართება ისევ წინ საწყის პოზიციისკენ. ამდროს ხდება მასრის ამოგდება (ექსტრაქცია) ლულიდან, რომელიც მიმწოდებელ ლიფტზე განთავსებული ვაზნის მეშვეობით ზევით ვარდება (აირეკლება) რადგანაც მიმწოდებელი ლიფტის ზამბარა შეკუმშულია და ზევით უბიძგებს ვაზნას.  იმ მომენტში, როდესაც ლულა მიაღწევს უკიდურეს საწყის წერტილს, საკეტი იწყებს წინსვლას და მიმწოდებელი ლიფტიდან (ელევატორიდან)  ვაზნას აწვდის ლულის სავაზნეს, საკეტის ბოლომდე დაბრუნებისას ხდება მისი მბრუნავი თავის მეშვეობით ჩაკეტვა (ლულასთან გადბმა). პისტოლეტს გააჩნია ღია ტიპის ჩახმახი, რომლის შეყენებაც ხდება საკეტის უკან გადაადგილებისას. პისტოლეტის ლულას გააჩნია 7 მარჯვენამხრივი ხრახნი (ჭრილი).  სამიზნე მოწყობილობები არის არარეგულირებადი ღია ტიპის. პისტოლეტის ტარის ლოყები  მზადდებოდა ხისგან. რიგ ეგზემპლარს ტარზე გააჩნდა კონდახისებური ბუდის (კაბურის) სამაგრი. პისტოლეტს არ გააჩნია მცველი. პისტოლეტი იკვებება ერთრიგიანი სავაზნე კოლოფით, რომელშიც ჩადის 8 ცალი .45 კალიბრიანი და 10 ცალი 9მმ/8,5მმ ვაზნა. კოლოფის გამოსაღები ღილაკი განთავსებულია პისტოლეტის მარცხენა მხარეს. პისტოლეტი ვაზნებით იწონიდა დაახლოვებით 1,5კილოგრამს.

როგორც ჩანს მუშაობის პრინციპი საკმაოდ რთულია განსაკუთრებით ვაზნის მიწოდების სისტემა. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ მასრის ექსტრაქციისას არაფერი არ აკონტროლებს მისი ფრენის მიმართულებას და მასრა მიფრინავს ზევით შემთხვევითი ტრაექტორიით.  გარდა ამისა ვაზნა სანამ მოთავსდება ლულის სავაზნეში გადის რამოდენიმე გზას. 1. საკეტის მეშვეობით უკან გადაინაცვლებს; 2. თავსდება მიმწოდებელ ლიფტზე; 3. საკეტი წინსვლისას აწვდის მას ლულის სავაზნეში. როგორც ხედავთ მექანიზმია რთულ მოქმედებებს ასრულებს, რაც იარაღის სააიმედოობას ეჭვქვეშ აყენებს. ვაზნის მიწოდების ამდაგვარ ოპერაციას აგრეთვე ესაჭიროება გარკვეული სივრცე (ადგილი). ზსუტად ამიტომ პისტოლეტის ლულა ტარიდან საკმაოდ ზევითაა აწეული. ეს უკანასკნელი კი ზრდის უკუცემისას ლულის ზევით აწევას.  ამ სირთულეებთან ერთად პისტოლეტში კიდევ ერთი უცნაურობაა მას გააჩნია ორი დამაბრუნებელი ზამბარა. ერთი ლულისათვის და მეორე საკეტისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ზამბარა ლულის ქვეშაა კომპაქტურად განთავსებული, მაინც იწვევს შეკითხვებს თუ რამდენად  რაციონალურია მსგავსი სქემის გამოყენება პისტოლეტში.

Ian V. Hogg-ის და John S. Weeks-ის  წიგნში, სახელწოდებით „ Pistols of the World“ წერია, რომ პისტოლეტიდან სროლა მოუწია აწ. განსვენებულ პოლკოვნიკ რ.კ. უილსონს, რომელმაც გასროლის შემდეგ თქვა: „სროლისას ლულა ღრუბლებში მიხტის, რომ არა მსროლელის თითი, რომელიც პისტოლეტს იჭერს სასხლეტი კავით, პისტოლეტი ხელიდან გაფრინდებოდა“.

ტექნიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ბუნებრივია პისტოლეტის მექანიზმი და აგებულება იმ პერიოდისათვის იყო ზედმეტად რთული. მითუმეტეს როდესაც პისტოლეტს ქმნი არმიისათვის. როგორც კი გაბეტ ფეირფექსმა დაიწყო ამ სქემის შემუშავება პისტოლეტი განწირული იყო სიკვდილისთვის. ექსპერტები მას უწოდებენ „მკვდრად დაბადებულ პისტოლეტს“,  მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“! მარსის გამოგონებიდან ამ სიძლიერის თვითდამტენი პისტოლეტი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანი არ არსებობდა დედამიწის ზურგზე.

შევეცადე გამეკეთებინა პატარა ცხრილი სადაც თვალსაჩინოდ იქნებოდა მოცემული რევოლვერების და პისტოლეტების ძლიერი ვაზნების ენერგია, რომლის მეშვეობითაც მკითხველი შეძლებს შეადაროს იგი მარსის ვაზნებს:

Vaznebis cxrili

 

*ცხრილში მოყვანილი ენერგია არის აღებული სხვადასხვა მწარმოებლის და ტიპის ტყვიების მონაცემებზე დაყრდნობით (შევეცადე ამეღო ყველაზე დაბალი ენერგიის და ყველაზე მაღალი ენერგიის მქონე ვაზნები).

დღეს ცეცხლსასროლი იარაღის თანამედროვე ბაზარზე არსებობს რამოდენიმე ძლიერი თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც მსგავსი კლასის პისტოლეტებში პოპულარობით სარგებლობს.  ეს პისტოლეტებია:

LAR Grizzly Mark I - გათვლილია  ვაზნაზე .45 Winchester Magnum - მუშაობის პრინციპი ლულის მოკლე სვლა.  ჩაკეტვა ხდება ლულის დაბლა დამწევი ქანქარას (ბრაუნინგის საყურის) მეშვეობით. ანუ ეს არის კოლტის 1911 წლის მოდელის ასლი გათვლილი უფრო ძლიერ ვაზნაზე.

Auto Mag model 180 და Auto Mag model 280 – გათვლილი ვაზნებზე  .357AMP .44AMP -იყენებს ლულის მოკლე სვლის პრინციპს, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდება მბრუნავი საკეტის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია რადიალური ფორმის ბჯენები.

Automag IIგათვლილია წრიული ალების ვაზნაზე  22 მაგნუმი (.22 WMR) – იყენებს თავისუფალი საკეტის პრინციპს, სადაც საკეტის გახსნა შენელებულია სავაზნეში არსებული ჭრილების ხარჯძზე. გასროლისას მასრა იწყებს ხრახნებში  ვიბრაციას (ბუქსაობას) რაც ანელებს, მასრის ამოგდების პროცესს და უზრუნველყოფს საკეტის ნაადრევად გაღების აღმოფხვრას. საკეტი იხსნება მას შემდეგ, როდესაც ტყვია დატოვებს ლულას. (სხვათაშორის ანალოგიური სქემა გამოიყენება მაკაროვის სისტემის მოდერნიზირებულ პისტოლეტში ПММ).

Automag III – გათვლილია ვაზნაზე .30 Carbine რომელიც გარანდის მოიერიშე თვითდამტენ M1 შაშხანებში გამოიყენება; Automag IV – გათვლილია ვაზნაზე 45 Win Mag;    Automag V – გათვლილია ვაზნაზე .50AE სამივე პისტოლეტის მუშაობის სქემა ეფუძნება იგივე კოლტის 1911 წლის მოდელის სქემას (ბრაუნინგის სქემა).

Kel-Tec PMR-30 – გამოიყენება ვაზნა  .22 მაგნუმი – იყენებს ნახევართავისუფალ საკეტს ლულა ოდნავ გადაადგლდება უკან სავაზნეში წარმოქმნილი მასრის ხახუნის შედეგად.

Wildey – გამოიყენება ვაზნები .44 Auto Mag; .45 Wildey Magnum; .45 Winchester Magnum; .475 Wildey Magnum –  იყენებს ლულის არხიდან აირების გადაყვანის პრინციპს. სავაზნესთან არსებული 6 ცალი ნასვრეტიდან ხდება აირების გადინება დგუშისაკენ. წრიული აირის დგუში უკან გადაადგილდება 2 სმ-ით. ლულა იკეტება მბრუნავი საკეტის თავით, რომელსაც 3 საბრძოლო ბჯენი გააჩნია.

Desert Eagle – იყენებს ლულის არხიდან აირების გადაყვანის პრინციპსю ლულა იკეტება მბრუნავი საკეტის თავით, რომელსაც 4 საბრძოლო ბჯენი გააჩნია.

თუ დავუკვირდებით ზევით ჩამოთვლილი პისტოლეტების მუშაობის პრინციპებს, Auto Mag180, 280 მოდელებს, Wildey-ს და ცნობილ „უდაბნოს არწივს“, რომლებიც მარსთან შედარებით თითქმის 70-80 წლის შემდეგ შეიქმნა დავინახავთ, რომ მათი საკეტი რაღაცით წააგავს მარსის პისტოლეტის საკეტს და იყენებენ უფრო ძლიერ ვაზნებს ვიდრე მარსში გამოიყენებოდა. მარსისგან განსხვავებით ჩამოთვლილი პისტოლეტები კარგად მუშაობენ, თუმცა არ წარმოადგენენ საარმიო კლასის იარაღს და ძირითადად სამოქალაქო დანიშნულებისათვის გამოიყენება (სპორტული სროლა რკინის სილუეტებზე, ნადირობა მსხვილ ცხოველზე და ა.შ.). რამ განაპირობა ის ფაქტორი, რომ მარსის პისტოლეტი ვერ ფუნქციონირებდა სათანადოდ? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს:

  1. ვაზნების ცუდი ხარისხი და დენთის ტიპი;
  2. მაშინდელი ჩარხები, დანადგარები და ტექნოლოგიები  ვერ უზრუნველყოფდა მაღალი ხარისხით და სიზუსტით საჭირო დეტალების დამზადებას;
  3. დღეს თანამედროვე პისტოლეტებში ვაზნების მიწოდება ხდება სტანდარტულად საკეტის წინ გადაადგილებით და მიუხედავად ამისა შეფერხებების უმეტესობა სწორედ ვაზნის მიწოდებას უკავშირდება. მთავარი მინუსი რომელიც ჭირვეულს ხდიდა მარსის მექანიზმს ჩემი აზრით იყო ზუსტად ვაზნის მიწოდების არასწორი და ზედმეტად გართულებული სისტემა.

პისტოლეტების საერთო რაოდენობა

1904 წლის იანვარში შეიქმნა კომპანია «Mars Automatic Pistol Sindikat», რომელმაც ბირმინგემის ერთერთ ფირმას შეუკვეთა მარსის პისტოლეტების დამზადება. აღნიშნულ ოპერაციაში გაბეტ ფეირფექსი აღარ იღებდა მონაწილეობას. სინდიკატმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია და 1907 წელს დაიშალა, ხოლო მარსის პისტოლეტების გამოშვება საბოლოოდ შეწყდა.  ზუსტად არ არის ცნობილი რამდენი პისტოლეტი დამზადდა ვარაუდობენ რომ სულ ჯამში 60-80 პისტოლეტი იქნა დამაზდებული,  რომლიდანაც დაახლოებით 15-18 ცალი ვებლეის ქარხანაში დამზადდა. არსებობს კოლექცინერი რომელსაც გააჩნია პისტოლეტი სერიული ნომრით 195. შესაძლოა ეს იყოს უკვე სინდიკატის მიერ სხვადასხვა დარჩენილი დეტალებით აწყბილი პისტოლეტი.  მე მინახავს ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე მარსი სერიული ნომრით 47, რომლის საწყისი ღირებულება იყო 50 000$.

47 auqcionze iyideba 8,5mm

აუქციონზე წარმოდგენილი 8,5მმ-ანი პისტოლეტი სერიული ნომრით ‘“47“.

რაც შეეხება სხვაობებს (გარდა კალიბრისა 8,5; 9 და 11,2მმ), ინტერნეტში სხვადასხვა ვებ გვერდებზე არსებული რამოდენიმე ფოტოდან , შესაძლებელია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არსებობდა ვიზუალურად მცირედად განსხვავებული სახის ორი ძირითადი ტიპის პისტოლეტი.  ვარიანტი რომელიც ზევით არის მოცემული და მეორე, რომელიც აღნიშნულ ფოტოზეა მოცემული. ამ პისტოლეტს მარცხენა მხრიდან გააჩნია დამღა „8 Avenue de l’Opéra Paris“, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ გაბეტი  ცდილობდა მისი  პისტოლეტებით საფრანგეთის დაინტერესებას.

Mars01

საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, რაც   პისტოლეტი „მარსი“ ისტორიის ნაწილად იქცა და წარსულს ჩაბარდა. კოლექციონერები მსოფლიოს მასშტაბით „ნადირობენ“ რომ ხელთ ჩაიგდონ იგი. ამბობენ მარსი არის პისტოლეტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა  ისეთი ძლიერი თვითდამტენი პისტოლეტების შექმნას, რომლებიც ზევით ჩამოვთვალეთ (Auto Mag, Wildey, Desert Eagle).  ფაქტია  თითქმის 70 წელი პისტოლეტი მარსი ითვლებოდა ყველაზე ძლიერ თვითდამტენ პისტოლეტად, ხოლო მისი ვაზნები კი ყველაზე ძლიერ პისტოლეტის ვაზნებად.

არ მაქვს იმედი, რომ ოდესმე მარსზე გავფრინდები, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომეცემა შესაძლებლობა რეალურად  ვიხილო პისტოლეტი „მარსი“ და ახლოს გავიცნო იგი.

 



One Response to “Gabbet-Fairfax Mars (Webley Mars)”

  1. jurkha says:

    დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა

დატოვეთ კომენტარი