Archive for August, 2018

დაუბერებელი კლასიკა – Beretta 92

Wednesday, August 22nd, 2018

fdsfs35612

Beretta 92 ალბათ ჩემი ცხოვრების ბოლომდე დარჩება ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელ იარაღად. რამდენადაც მე არ უნდა ვუჭერდე მხარს ჯერ კიდევ სამურაების წავლებას, რომ არ შეიძლება მეომარი იყოს ზედმეტად ემოციურად მიჯაჭვული რომელიმე იარაღზე, უნდა ვაღიარო რომ მე მიყვარს ზოგადად იარაღი, უფრო მეტად ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი და ბუნებრივია მაქვს ჩემი პრეფერენციები და მათ შორის არის ეს იტალიური და ალბათ უკვე კლასიკური პისტოლეტიც.  თავდაპირველად მე აქ გავრცელებული ხმების გამო თავს ვიკავებდი ამ პისტოლეტის შეძენისგან, ჭედავსო, ისაო ესაო, მაგრამ მას მერე რაც 2009-ში ვიყიდე კარგად ნაცვეთი 92FS Stainless, მე ვიცოდი რომ ეს იარაღი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა ჩემი ფავორიტი იარაღების სიაში. გარდა ამისა ჩემი როგორც 80-90 წლების თაობის წარმომადგენლისთვის ეს პისტოლეტი ასოცირდება VHS ეპოქასთან, ნაქირავებ ვიდეო კასეტებთან, “სმერწელნი არუჟიესთან” და “კრეპკი არეშეკთან”, სადაც მთავარი გმირები “ბერეტებით” დარბოდნენ და ისროდნენ ხოლო სპეციფიური დიზაინის გამო არავის არ გაუჭირდებოდა ამ პისტოლეტის ამოცნობა თუნდაც ცალი თვალით, ერთ კადრში.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მე მქონდა ამ მოდელის რამდენიმე პისტოლეტი: შესანიშნავი 92FS Stainless; რამდენიმე სტანდარტული 92FS; M9A1 და ორი 92FS Trident Edition, აქიდან ერთი „ტრაიდენტი“ ეხლაც მაქვს. ასევე ამ პისტოლეტს მე მივუძღვენი რამდენიმე სტატია ჩემ ბლოგზე და ეს ნაშრომიც არის ერთგვარი ჯეროვანი დაფასება ამ შესანიშნავი იარაღის, იმის ფონზე, რომ 30 წლიანი სამსახურის შემდეგ ეს იარაღი მოხსნილ იქნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებიდან.

ბევრისთვის უცნობია, ბევრიც არ დამეთანხმება, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცეცხლსასროლი იარაღების ისტორია არის ერთი გრძელი სია სულელური და აბსურდული გადაწყვეტილებების, რის შედეგადაც იხარჯებოდა გადასახადის გადამხდელების მილიონები უპერსპექტივო და ხანგრძლივ პროგრამებში, მორალურად მოძველებული, უვარგისი იარაღი ხვდებოდა შეიარაღებაზე და ყველაზე მაღალ ფასს ამ შეცდომებში იხიდიდა ამერიკელი ჯარისკაცი რომელიც ბრძოლაში მიდიოდა ნედლი იარაღით ან საერთოდ საჭირო იარაღის გარეშე. ამის კარგი მაგალითია 1886 წელს დანიური კრაგ-იორგენსენის შაშხანის შეირაღებაში მიღება, რომელიც საბრძოლო თვისებებით ჩამოუვარდებოდა კონკურსში მონაწილე მაუზერის და ლის შაშხანებს, მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სროლა ცალი ვაზნის ჩადებით, მჭიდის „გამოთიშვით“, დაზოგავდა ტყვიაწამალს და არჩევანიც გაკეთდა მორალურად მოძველებულ იარაღზე. პირველივე საომარმა კონფლიქტმა ესპანეთთან აჩვენა, რომ კრაგის შაშხანა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა საბრძოლო თვისებებით ესპანელების შეიარაღებაში მყოფ მაუზერებს. კრაგმა გასტანა შეიარაღებაში სულ რაღაც 12 წელი, რაც არ არის ბევრი ფეხოსნის ძირითადი საბრძოლო იარაღისთვის. 1959 წელს ამერიკამ მიიღო შეიარაღებაში მორიგი „ახალი“ საბრძოლო შაშხანა M14 (პრაქტიკულად გაუმჯობესებული 30-ნი წლების M1 Garand), რომელიც უკვე იმ დროს იყო მორალურად მოძველებული და საბრძოლო თვისებებით ჩამოუვარდებოდა სტოუნერის რევოლუციურ AR-10-ს და ბელგიურ FN FAL-ს, რომლებიც ასევე განიხილებოდნენ ჯარის მიერ. M-14 შეიარაღებაში მიღებამდე და მიღების შემდეგაც ჯარი წარმატებით საბოტირებდა AR-10-ის პროგრამას და ასევე ახალი პერსპექტიული მცირეკალიბრიან ვაზნის შექმნის მცდელობებს. შედეგად M-14 გახდა შაშხანა რომელიც რეკორდულად მოკლე პერიოდი იმყოფებოდა შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. სულ რაღაც 5 წელი.  შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოჩენილი დაუდევრობის და გულგრილობის გამო, პერსპექტიული შაშხანის და მცირეკალიბრიანი ვაზნის (5.56 კალიბრის M16) შეიარაღებაში მიღებაც გაიწელა და დაშვებული უმრავი შეცდომის გამო,  ჯარისკაცები წავიდნენ ომში ნედლი იარაღით, თანაც ისე რომ არავის მათთვის არ უსწავლია ახალი იარაღის მოვლა-მომსახურება (შეცდომა რომელსაც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიმეორებს ჩვენი საკუთარი თავდაცვის უწყება).  მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ დადებით მხარეს განეკუთვნებოდა ის, რომ ამერიკელები საქმიანად უდგებოდნენ ურთიერთობებს სხვა ქვეყნის მწარმოებლებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობას მიიღებდნენ.ანალოგიური ისტორიების მოყოლა შეიძლება ძალიან ბევრ იარაღზე, რომელიც მიღებული იყო ამერიკელების მიერ შეიარაღებაში და უფრო მეტზე, რომელიც მიღებული არ იყო, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ცილდება ამ სტატიის მიზნებს.

არ აცდა თავისი წილი პრობლემების ჩვენი სტატიის გმირსაც, Beretta 92FS-ს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი, რომელიც წინ უძღვოდა ამ პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებას, პრინციპში ჩატარდა სამართლიანად და შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს მართლაც საუკეთესო პისტოლეტი კონკურსზე წარმოდგენილებს შორის, პროცესი გამოდგა ხანგრძლივი და ძვირადღირებული. პისტოლეტის ჯარში ათვისებასაც არ ჩაუვლია უპრობლემოდ. პისტოლეტის მსახურობის ადრინდელ ეტაპზე ორი რამე მოხდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა Beretta 92-ის რეპუტაცია, მაგრამ იარაღი და მისი მწარმოებელი არაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ თავისი როლი ითამაშა შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულმა კორუფციამ, ბიუროკრატიამ და თანდაყოლილმა არაეფექტურობამ. პირველი პრობლემა უკავშირდებოდა პისტოლეტის საკეტის დაზიანების შემთხვევებს, რაც გამოწვეული იყო არასტანდარტული (ზედმეტად მაღალ წნევიანი) ვაზნების გამოყენებით, რომელიც შეძენილი იქნა ცალკე, სანამ დაზუსტდებოდა მოთხოვნები ახალი ტიპის ტყვიაწამლის მიმართ. შეგახსენებთ, რომ იტალიური პისტოლეტი იყო პირველი 9მმ-ნი პისტოლეტი მიღებული შეიარაღებაში ამერიკაში. ასევე გარკვეულ სპეც-დანიშნულების ნაწილებში პისტოლეტებზე კუსტარულად მაყუჩების დაყენებამ ზედმეტად დაამძიმა პრობლემის ხარისხი და სწორედ ამნდ მოხდა რამდენიმე შემთხვევა რასაც მოყვა მსროლელების ტრავმირება საკეტის ნამსხვრევებით. რა თქმა უნდა ასეთი რამეები (კონსტრუქციის თვითნებური ცვლილება, ექსპლუატაციის წესების დარღვევა, ზედმეტად ცხელი ვაზნები) ცილდებოდა იმ პარამატრებს რაზეც გათვლილი იყო პისტოლეტი და ბუნებრივია წარმოიშვა პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი არაფერ შუაში არ იყო, Beretta-მ შიატანა ცვლილებები კონსტრუქციაში. ასე რომ საკეტის გატეხვის შემთხვევაშიც მსროლელის დაზიანება უკვე გამორიცხული იყო. ასევე გამოვიდა მოდელები გაძლიერებული, ვიზუალურად გასქელებული საკეტებით, მაგრამ ეს მეტ წილად იყო სარეკლამო ხრიკი ვიდრე პრაქტიკული საჭიროებით განპირობებული ცვლილება. პისტოლეტები ასეთი საკეტით არასდროს არ იყო შეძენელი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ.

berettam9787

როდესაც ჯარი როგორც იქნა ჩამოყალიბდა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს 9მმ-ნი ვაზნა მას მერე პრობლემა საკეტების დაზიანებასთან არასდროს კვლავ აღარ წარმოჩენილა. მეორე შემთხვევა უკავშირდება ჯარის „თანხების დაზოგვის“ მცდელობას რის შედეგადაც მოხდა შესყიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალების (მაგალითად ლულის ჩამკეტი ბჯენის და მჭიდების) სხვა მწარმოებლებისგან. თანხების დაზოგვას თავდაპირველად ადგილი ნამდვილად ქონდა, მაგრამ რის ფასად? პისტოლეტებმა უბრალოდ შეწყვიტეს მუშაობა. აღმოჩნდა, რომ მჭიდების რესურსი შემცირებულია, ქვიშიან ჰავაში ეს მჭიდები არ მუშაობდნენ საიმედოთ, ხოლო ბჯენები ნაადრევად გამოდიოდნენ მწყობრიდან. პრობლემის იდენტიფიკაციის და გამოსწორების შემდეგ, საჩივრებიც საიმედოობაზე და რესურსზე შეწყდა. Beretta 92FS/M9 30-წელზე მეტი იყო შეიარაღებაში და ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯარი საბოლო ჯამში მიმხვდარიყო რა არის საჭირო იმისთვის, რომ პისტოლეტების „პარკი“ ყოფილიყო მუშა მდგომარეობაში, მაგრამ ამ პერიოდისთვის პისტოლეტები უკვე იმდენად დაძველდნენ, რომ მათი შენახვა სახელმწიფოს სულ უფრო ძვირი უჯდებოდა, ამიტომ მიღებული იყო ლოგიკური გადაწყვეტილება ახალ პისტოლეტზე კონკურსის გამოცხადების. თავის მხრივ „ბერეტაც“ პატარ-პატარა ცვლილებებით კიდე უფრო ხვეწავდა პისტოლეტის კონსტრუქციას, რომელმაც საბოლოო ჯამში მიიღო რეპუტაცია  ზუსტი იარაღის უმაღლესი შესრულებით, რომელიც პრაქტიკულად არასდროს არ ჭედავდა. ვიზუალურად ეს ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევი იყო, მაგრამ პირველ რიგში ამ ცვლილებების წყალობით რადიკალურად იზრდებოდა პისტოლეტის რესურსი. რა თქმა უნდა ბერეტაში იცოდნენ იმ პრეტენზიების შესახებ, რომლებიც ქონდათ მომხმარებლებს მისი პისტოლეტების მიმართ. მათი უმეტესობა უკავშირდებოდა პისტოლეტის ზომას, წონას, ერგონომიკას, უნივერსალური სამაგრის არ არსებობას და ასე შემდეგ ამიტომ დროდადრო სპეციალურ საიუბილეო მოდელებთან ერთად გამოდიოდა პისტოლეტებს სხვადასხვა შესრულებით, ზოგი წარმატებული როგორც Elite II ან Vertec, ზოგიც არც ისე როგორიც მაგალითად სპეციფიური დიზაინის მქონე 90-two . სპეციალურად აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის გარდა FS მოდელისა ბერეტამ შექმნა ორი განსაკუთრებული იარაღი Beretta M9A1, წვრილმანებში დახვეწილი შესანიშნავი იარაღი, რომლის ძირითადი ვიზუალური განსხვავება იყო ჩარჩოზე შესრულებული MIL-STD 1913 ტიპის სამაგრი და ასევე რადიკალურად განახლებული M9A3, რომელიც უნდა გამხდარიყო ახალი პისტოლეტი რომელიც შეცვლიდა M9-ს (ასეთი ინდექსი მიენიჭა მას შეიარღებაში მიღების შემდეგ). M9A3 იყო ბერეტას მცდელობა ეპასუხა ყველა იმ საჩივარზე, რომელიც ოდესმა გამოთქმულია Beretta 92-ის მიმართ და ასევე მოერგო ის ახალ მოთხოვნებს რომელიც წამოაყენა ჯარმა. ცვლილებების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა: შეთხელებული ტარი, რომელიც ერგებოდა უმეტესობა მსროლელის ხელს; ადვილად ხილვადი ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობები; ლულა მაყუჩის დაყენების შესაძლებლობით. მცველი საკეტზე შენარჩუნებულ იქნა, მაგრამ შეიცვალა მისი გამორთლ მდგომარეობაში განლაგების კუთხე, რაც გამორიცხავდა მის შემთხვევით ჩართვას საკეტის გადაკვრის დროს.  რა თქმა უნდა პისტოლეტი აღჭურვილი იყო უნივერსალური სამაგრით და ასევე კომპლექტდებოდა 17 ვაზნიანი გაზრდილი საიმედოობის მჭიდებით. ყველაფერი ეს შეფუთული ლამაზ ქვიშის ფერ დაფარვაში. ჩემი აზრით M9A3 არის კვინტესენციური იარაღი, რომელშიც თავმოყრილია Beretta 92-ის ექსპლუატაციის მრავალწლიანი გამოცდილება და როგორც სხვა მოდელებში ნაცადი ასევე ახალი გადაწყვეტილებები. ბერეტას ჩანაფიქრით M9A3 უნდა ყოფილიყო ლოგიკური არჩევანი რომელიც ჩაანაცვლებდა მოძველებულ M9-ებს ზედმეტი დამატებითი ხარჯების გარეშე, რომელიც უკავშირდებოდა მეიარაღეების გადამზადებას, ტექნიკური/სასწავლო მასალების განახლებას და ასე შემდეგ.  მაგრამ  ჯარმა უარი თქვა ამ პისტლეტის განხილვაზეც კი და მიიღო შეიარაღებაში SIG P320. თანამედროვე პისტოლეტი, შექმნილი ყველა „მოდური“ ტრენდის შესაბამისად.  მოდულური, პლასტმასის ჩარჩოთი, შიდა დამრტყმელით…. და ქვიშის ფერში.

m9a3111

ბერეტა უშვებდა 92-ე მოდელის სხვადასხვა მოდიფიკაციებს, სადაც ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა ტექნიკური და დიზაინერული გადაწყვეტილებებით, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილებებმა თავი მოიყარეს სწორედაც რომ M9A3-ში.

Lucky Gunner-ის “Beretta 92″-თვის მიძღვნილ ვიდეოში აღნიშნეს ზუსტი ტენდენცია, რომელიც ასახავს ამ პისტოლეტის ამჟამინდელ მდგომარეობას. რეპუტაციის, იერსახის და ფასის გამო 92-ე მოდელი მოწონთ დამწყები მსროლელების გარკვეულ რაოდენობას, მისი პოპულარობა კლებულობს თანამედროვე „ფეშენ-ტაქტიკურ-იუთუბ“ წრეებში და უკვე შემდგომ აღმოაჩენთ, რომ ბევრი ავტორიტეტული ადამიანი იარაღების და სროლის სამყაროდან ძალიან აფასებს ამ კლასიკურ იტალიურ პისტოლეტს და უპირატესობას ანიჭებს მას სხვა ანალოგიური ტიპის 9მმ-ან პისტოლეტებთან შედარებით. მათ შორის არიან მასად აიუბი, კენ ჰაკატორნი, ერნსტ ლანგდონი, ბილ უილსონი (Willson Combat-ის დამფუძნებელი და ბერეტას იარაღების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კოლექციონერი).  ბერეტას ფასიც არ არის ტყუილა ნახსენები. აშშ-ში ახალი სტანდარტული ბერეტა 92 ღირს 500-600 დოლარის ფარგლებში. მეორადები შეასაბამისად კიდე უფრო ნაკლები. მე მეეჭვება 500 დოლარად ნახოთ იარაღი უკეთესი შესრულებით ან თუნდაც უკეთესო საბრძოლო თვისებებით ან საბრძოლო ბიოგრაფიით ვიდრე Beretta 92. ფასი დაბალია იმიტომ, რომ როდესაც ამდენიხანი უშვებ იარაღს და ყიდი ასეთი რაოდნეობით, მისი შექმნის და წარმოების ათვისების ხარჯები დიდიხანია ამოღებულია და ამიტომაც შესაძლებელია ფასის დაწევა. საქართველოში ახალი ბერეტას ფასი იწყება 1900-2000 ლარიდან და ანალოგიურად მე გამიჭირდება დავასახელო ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, რომელიც ამ ფასში იქნებოდა მასზე უკეთესი.

მაგრამ ამავე დროს რამდენადაც მე, სხვა მსროლელებს და კიდე ძველი სკოლის იარაღის გურუებს არ უნდა მოგვწონდეს ეს პისტოლეტი, ეჭვგარეშეა, რომ თუნდაც რადიკალურად განახლებული, “Beretta 92″ მაინც არის 60-ნი 70-ნი წლების იარაღი. მთლიანად მეტალის, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, გარედან განლაგებული ჩახმახით, საკეტზე განლაგებული მექანიკური მცველით. არაფერი ეს უკვე აღარ გვხვდება იარაღებში, რომლებსაც ეხლა უშვებენ მწარმოებლები. თუნდაც პისტოლეტის იერსახეც არის მოძველებული, უამრავი კუთხით, ღილაკებით და ბრკეტებით. დიახ, ნებისმიერი იარაღის მოყვარულისთვის “Beretta 92″-ის დიზაინი ისეთივე ნაცნობი და საყვარელი იქნება, როგორც ავტომოყვარულისთვის 60-ნი ლების ფორდ მუსტანგის ან პორშე 911 ფორმები, მაგრამ რეალობა ის არის, რომ უმეტესობა მაინც წავა და იყიდის ჰიუნდაი ელანტრას.

ასე, რომ P320-ის გამარჯვება იქნებოდა ლოგიკური და სამართლიანი, რომ არა ერთი ნიუანსი. ამჯერად ჯარმა ისევ მიქარა და მიიღო ნაჩქარები გადაწყვეტილება, კონკურსის ბოლომდე დასრულების გარეშე. ეტაპი, რომელიც გულისხმობდა კონკურსანტი პისტოლეტების გამოცდას, იმის დასადგენად თუ რომელი პისტოლეტის არის საუკეთესო იარაღი, უბრალოდ არ ჩატარდა. როგორც ჩანს გადამწყვეტი გახდა SIG Sauer-ის რადიკალურად დაბალი ფასი. ასე, რომ ჯარი როგორც ხედავთ „ტრადიციას“ არ ღალატობს. ერთის მხრივ გადაწყვეილება მიღებულ იქნა სწრაფად, დაიზოგა ასევე საკმაოდ ბევრი ფული, დრო  მაგრამ ამავე დროს კონკურსის ძალიან მნიშვნელოვან  ეტაპზე ითქვა უარი. დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად შეძლებს SIG Sauer-ი ასეთ დაბალ ფასში კონტრაქტის პირობების შესრულებას.

ზემოთ ხსენებულ ბილ ვილსონს და ერნსტ ლანგდონს უკავშირდება ისტორია, რომელმაც თუ შეიძლება ასე ითქვას გააღვიძა ინტერესი ამ კლასიკური პისტოლეტის მიმართ. 2014 წელს ბილ ვილსონი დაუკავშირდა ერნსტ ლანგდონს და ორივემ გადაწყვიტეს კასტომიზირებული “Beretta 92″-ების გამოშვება, რომლებსაც ექნებოდათ ერნსტ ლანგდონის მიერ დახვეწილი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები (უკანასკნელი სპეციალიზირდებოდა ამ პისტოლეტების გაუმჯობესებაზე და საასპარეზო იარაღის დონემდე მიყვანაზე) და ასევე რიგი სხვა დამატებითი ოფციების. პირველი პისტოლეტი, რომელიც მათ გამოუშვეს იყო მოდელი Brigadier Tactical, სრული ზომის მოდელი 92, უნივერსალური სამაგრით, გაძლიერებული საკეტით და დეკოკერით ნაცვლად მცველისა, როგრც G მოდელებში. მას მოყვა მოდელი 92G Compact Carry, კომპაქტური პისტოლეტი ასევე დეკოკერით ნაცვლად მცველისა.  2017 წელს მათ დაემატა ალბათ „Beretta“-ს და „Willson Combat“-ის  საუკეთესო პრაქტიკული მოდელი “Сenturion Tactical”, რომელიც არის ერთგვარი ჰიბრიდი, Brigadier Tactical-ის სრული ზომის ჩარჩო, კომპაქტური საკეტით და მოკლე ლულით.

BerrettaCenturion123

WC-ის საფირმო დაფარვა, კასტომიზირებული საასპარეზო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, კენ ჰაკატორნის დიზაინის გაუმჯობესებული სამიზნე მოწყობილობები, ხელით მორგებული დეტალები, ახალი ქრომ-სილიკონის ზამბარების კომპლექტი, დამოკლებული ლულით დამცავი გვირგვინით, დამშვენებული WC-ის საფირმო ტარის  G-10-გან დამზადებული სალოყეებით Сenturion Tactical ალბათ არის 92-ე მოდელის ევოლუციის პიკი.

ახალ პისტოლეტებს WC-ს აწვდის Beretta, და WC-ს საწარმოში ხდება მათი „გადაკეთება“, გარდა ამისა ნებისმიერს შეუძლია გაუგზავნოს თავისი პისტოლეტი „გადასაკეთებლად“ და ასევე WC ყიდის დეტალებს, რომლის საშუალებით შეგიძლიათ თავად გააუმჯობესოთ თვქენი პისტოლეტი. ფასიდან გამომდინარე, რომელიც არ ცდება 1200-1300 დოლარს მთლიანად WC-ის მიერ გაუმჯობესებულ ახალ პისტოლეტში, ამ სერიის პისტოლეტები ალბათ არიან ერთ-ერთი თუ არა ყველაზე საუკეთესო 9მმ-ნი ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმიანი პისტოლეტები მსოფლიოში.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ Beretta 92-ის ევოლუცია წავიდა სწორი გზით, როდესაც აქცენტი კეთდებოდა პისტოლეტის ერგონომიკის და საბრძოლო თვისებების გაზრდაზე, რასაც თან ახლდა პისტოლეტის იერსახის გაუმჯობესებაც. ეს განსაკუთრებულად ნათლად ჩანს მისი “ისტორიული” კონკურენტის P226-ის ევოლუციასთან შედარებით, სადაც აქცენტი პირველ რიგში კეთდებოდა ვიზუალურ მხარეზე, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ე.წ. ლეგიონის სერიის პისტოლეტებამდე, რომლებიც უფრო “ტირის  სათამაშოების” კატეგორიას განეკუთვნებიან ვიდრე საბრძოლო იარაღს. რად ღირს თუნდაც რაღაც “ელიტარულ” კლუბში წევრობის ბილეთი, რომელიც ამ პისტოლეტებს მოყვებათ. ვერც ერთი სერიოზული ადამიანი ამ ამრკეტინგულ სვლას ვერ შეაფასებს ღიმილის გარეშე.  ნაწილობრივ ეს ალაბთ იმის ბრალია, რომ ორივე კომპანიამ აირჩია  განვითარების განსხვავებული გზები (SIG-ს სათავეში ჩაუდგა დევიდ კოენი, რომელიც მანამდე იყო “ტაურუსის” თავკაცი)  და ასევე იმით, რომ “ბერეტას” დახვეწაში ბოლოს ჩაერთო მძიმე არტილერია, ძველი სკოლის ექსპერტების, ერნსტ ლანგდონის და ბილ ვილსონის სახით და ბუნებრივია საბოლოო პროდუქტი უნდა ვივარაუდოთ არის ახლოს იდეალთან.

7e07c28fd7fcac1c78dad276e7aa

DA/SA VS Striker

Tuesday, August 14th, 2018

არც ისე დიდიხნის წინ პისტოლეტები ორმაგი მოქმედების (DA/SA) ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით დომინირებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. “სტრაიკერები” არსებობენ ერთ საუკუნეზე მეტი, მხოლოდ 80-ნი წლების ბოლოს, “გლოკის” პისტოლეტების გამოჩენამ წარმოშვა თავისებური ტრენდი, როგორც მექანიზმზე შიდა დამრტყმელით ასევე რა თქმა უნდა პოლიმერის ჩარჩოზე. ამჟამად სწორედ პოლიმერის ჩარჩოიანი “სტრაიკერი” არის თანამედროვე სამსახურებრივი/თავდაცვითი პისტოლეტის ახალი პარადიგმა, მაშინ როდესაც სულ უფრო ნაკლები ახალი ორმაგი მქომედების პისტოლეტები ჩნდება ბაზარზე. მიუხედავად ამისა, მაინც ჯერ კიდევ დიდია რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც კვლავ უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ DA/SA ტიპის მექანიზმს ისევე, როგორც მწარმოებლები ჯერ კიდევ უშვებენ საკმარისი რაოდენობის პისტოლეტებს ასეთი მექანიზმებით. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით შევადაროთ ორივე ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები და შევეცდებით დავადგინოთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები.

ჯერ გავერკვიოთ ტექნიკურ ნიუანსებში. ჩახმახიანი DA/SA (Double Action/Single Action) მექანიზმი (რუსულად механизм двойного действия, ქართულად ორმაგი მოქმედების მექანიზმი) გულისხმობს  გარედან განლაგებულ ჩახმახს, პირველი გასროლის წარმოებას მისი წინასწარი შეყენებით (ერთმაგი რეჟიმი) ან შეყენების გარეშე (ორმაგი მოქმედება) მომდევნო გასროლებით ერთმაგ რეჟიმში. მეორეს მხრივ “სტრაიკერი” არის პისტოლეტი, როგორც წესი შიდა დამრტყმელით, ჩახმახის გარეშე. დამრტყმელის შეყენება ხდება საკეტის მოძრაობით. უნდა აღინიშნოს რომ “სტრაიკერში” იგულისხმება კონკრეტული კონსტრუქცია შიდა დამრტყმელით, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი შეიძლება იყოს რამოდენიმე ტიპის, წინასწარი შეყენებით როგორც “გლოკი”, ერთმაგი მოქმედების როგორც Springfield XD, ან ჰიბრიდული როგორც Walther P99-ში სადაც გასროლის წარმოება შესაძლებელია დაშვებული დამრტყმელით და ასევე შესაძლებელია დამრტყმელის უსაფრთხო დაშვება ღილაკზე დაჭერით, როგორც დეკოკერის გამოყენებისას კლასიკურ DA/SA მექანიზმიან პისტოლეტში და უკვე ამის შემდეგ პირველი გასროლის წარმოება მხოლოდ სასხლეტზე დაჭერით, როგორც ტიპიურ DA/SA პისტოლეტში.

dasastriker1

“სტრაიკერში” საბრძოლო ზამბარის ფუნქციას ასრულებს დამრტყმელის ზამბარა, რომელიც უკანასკნელთან ერთად მოთავსებულია საკეტში. ტიპიურ  DA/SA პისტოლეტში საბრძოლო ზამბარა, რომელიც გადაცემს ძალას ჩახმახს განლაგებულია ტარში და აწვება ჩახმახს ქვევიდან, უფრო იშვიათად ის შეიძლება იყოს განლაგებული პირდაპირ ჩახმახის შიგნით (მაგალითად Grand Power K100, TT). (სურათი ჩასწორებულია).

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ან უფრო სწორედ თავისებურება, რომელიც გააჩნია DA/SA პისტოლეტებს არის მათი სასხლეტის მოქმედების პრინციპი. მარტივად, რომ ავხსნა, თქვენ გაქვთ პისტოლეტი ორი სასხლეტით, მძიმე და გრძელი სვლით  ორმაგი მოქმედების რეჟიმში, მსუბუქი და მოკლე სვლით ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. ეს წარმოშობს პრობლემას, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა DA/SA  პისტოლეტების პატრონებს ურჩევნიათ ისროლონ მხოლოდ ერთმაგ რეჟიმში და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას სროლას ორმაგი მოქმედების რეჟმში, სწრაფი მომდევნო გასროლით ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც უკავშირდება DA/SA  ტიპის პისტოლეტის ეფექტურ გამოყენებას. უნარი განახორციელოთ ზუსტი და სწრაფი გასროლა ორმაგ რეჟიმში და სწრაფი მომდევნო გასროლა ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. ამ ილეთის ათვისება არ არის რთული, უბრალოდ ის ითხოვს დროს და პრაქტიკას.  თუ ასეთი სროლის ტექნიკას თქვენ არ ფლობთ, თქვენ არ იცით სროლა DA/SA პისტოლეტიდან, სტრაიკერებს, მეორეს მხრივ პირველიდან ბოლო გასროლამდე სასხლეტი აქვთ ერთნაირი და ეს პრობლემაც არ არსებობს.

სტატიის კონტექსტიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს გერმანული პისტოლეტი Walther P99, რომელიც წარმოადგენს სტრაიკერის და DA/SA პისტოლეტის ჰიბრიდს. სროლა ამ პისტოლეტიდან შეიძლება როგორც “შეყენებული” დამრტყმელით ასევე “დაშვებული” დამრტყმელით, როგორც ტიპიური SA/DA პისტოლეტის შემთხვევაში. აღნიშნულ პისტოლეტს ასევე გააჩნია “დეკოკერი”. მაგრამ გარდა ამისა ამ ყველაფერისა მას აქვს სასხლეტი უნიკალური ფუნქციით, ვაზნის მიწოდების შემდეგ სასხლეტი რჩება უკიდურესად წინა მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ დამრტყმელი “შეყენებულია”. იმისთვის რომ განახორციელოთ გასროლა მას უნდა დააწვეთ რის შემდეგ ის გადადის უკან და იკავებს პოზიციას როგოროც შეყენებული დამრტყმელის შემთხვევაში, მათ შორის უკვე ყოველი მომდევნო გასროლის შემდეგაც. “ვალტერში ასეთ სასხლეტს დაარქვეს “Anti Stress”. ამ ჩემი აზრით ზედმეტი უსაფრთხოების მექანიზმის გადალახვა წააგავს DA/SA პისტოლეტის სასხლეტთან მუშაობის ტექნიკას, როდესაც გასროლის წინ სანამ აიტანთ პისტოლეტს სამიზნე ხაზზე თითით იწყებთ სასხლეტზე დაჭერას, იმისთვის რომ პისტოლეტის სამიზნე ხაზზე მოთავსების შემდეგ სასხლეტი “ვალტერზე” მოვიდეს “ნორმალურ” მდგომარეობაში ხოლო სასხლეტი DA/SA პისტოლეტზე იყოს ნაწილობრივ უკან მისული და საჭირო იყოს სულ ცოტათი ბოლომდე მასზე დაჭერა რომ მოხდეს გასროლა. ეს ტექნიკა არის განხილული რამდენიმე რესურსზე და არ გამოვრიცხავ, რომ არიან ინსტრუქტორები, რომლებიც ამ ტექნიკას ასწავლიან, მაგრამ ჩემი აზრით ასეთ ტექნიკას აქვს პოტენციალურად საშიში ნაკლი. სასხლეტთან იწყებთ მუშაობას სანამ პისტოლეტის მიმართულია სამიზნეზე. სტრესის პირობებში სასხლეტთან ასეთი ნატიფი მუშაობა შეიძლება არ გამოვიდეს და მოხდეს უნებლია გასროლა, მაგრამ ალბათ გააჩნია მსროლელის მომზადების დონეს.

რა თქმა უნდა არის სხვა მიზეზებიც რომლებმაც განაპირობეს “სტრაიკერების” დომინირება. პირველ რიგში ტიპიური “სტრაიკერი” შედგება ნაკლები დეტალისგან.  მაგალითად “გლოკი” შედგება სულ 32 დეტალისგან და აბსოლუტური უმეტესობა დეტალების (გარდა დამრტყმელისა და დამრტყმელის მცველისა) არის ნაშტამპი ან პლასტმასის რაც ბუნებრვია ამცირებს ასეთი პისტოლეტის ფასს. შედარებისთვის Beretta 92SF, კლასიკური DA/SA პისტოლეტი, შედგება 75 დეტალისგან.  შესაბამისად მწარმოებლისთვის ახალი სტრაიკერის შექმნაც და გამოშვებაც უფრო ადვილი და იაფია.

სტრაიკერების კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სასხლეტი ასეთ პისტოლეტებზე, როგორც წესი შედარებით მოკლე და მსუბუქია, ხოლო პირველი გასროლიდან ბოლო გასროლამდე, სასხლეტის სვლა და წონა არ იცვლება.  DA/SA პისტოლეტებს მეორეს მხრივ იმისთვის რომ განახორციელოთ პირველი გასროლა ორმაგი მოქმედების რეჟიმში უნდა შეკუმშოთ საკმაოდ მძიმე საბრძოლო ზამბარა და სასხლეტის სვლაც გრძელია, რაც ბუნებრივია საგრძნობლად ართულებს სწრაფ და ზუსტ სროლას. ყოველი შემდეგი გასროლა რა თქმა უნდა უკვე განხორციელდება უფრო “კომფორტულ” და მოსახერხებელ ერთმაგ რეჟიმში, მსუბუქი სასხლეტით და მისიმოკლე სვლით. რა თქმა უნდა შესაძლებელია DA/SA პისტოლეტის ტარება სულ შეყენებული ჩახმახით და მცველზე. ამის შესაძლებლობა გააჩნია მაგალითად CZ-75-ს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი და აბსოლუტურად ყველა უწყება, თვლის (სამართლიანად), რომ პისტოლეტი შეყენებული ჩახმახით არის ზედმეტი პასუხისმგებლობა. თუნდაც ეს პისტოლეტი იყოს აყვანილი მცველზე, ამიტომ ცხადია პისტოლეტის ტარება როგორც წესიყოველთვის ხდება დაშვებული ჩახმახით.  უშუალოდ იარაღის გამოყენებამდეც კი ჩახმახის შეყენება, მაგალითად ამერიკის პოლიციურ სამსახურებში განიხილებოდა, როგორც პოტენციალურად საფრთხის შემცველი მოქმედება, რამაც მათ შორის ასევე განაპირობა ამ ქვეყნის პოლიციურ სამსახურებში უარის თქმა პისტოლეტებზე ერთმაგი რეჟიმით, რომლებსაც ჩაენაცვლა ან “სტრაიკერები” ან პისტოლეტები გარეთ განლაგებული ჩახმახებით მაგრამ მისი შეყენების შესაძლებლობის გარეშე. ე.წ. DAO (Double Action Only, ქართულად მხოლოდ ორმაგი მოქმედების). პისტოლეტები ასეთი მექანიზმებით ჩადგნენ სადღაც შუაში “სტრაიკერებსა” და DA/SA პისტოლეტებს შორის.  მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პისტოლეტებიდან პრინციპში შესაძლებელია სწრაფი და ზუსტი სროლა მათ აქვთ უფრო ცუდი სასხლეტები ვიდრე “სტრაიკერებს” და ამავე დროს არ აქვთ ერთმაგი სროლის რეჟიმი, როგორც DA/SA პისტოლეტებს.  პისტოლეტებს ასეთი “პოლიციური” სასხლეტებით უშვებდნენ მაგალითად Para-Ordnance (LDA), Sig-Sauer (DAK), H&K (LEM).  ყველა ეს სისტემა იყო გათვლილი იმაზე, რომ მოხსნილიყო შეყენებული ჩახმახის ფაქტორი, როგორც დამატებითი პასუხისმგებლობის ფაქტორი პოლიციური სამსახურებისთვის. შეყენებული ჩახმახი განიხილებოდა, როგორც ზედმეტად სახიფათო მდგომარეობა გაუწვრთნელი პოლიციელებისთვის და გარდა ამისა ის გამოიყენებოდა როგორც სამხილი პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოიყენეს იარაღი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.  დიახ, 80-ნი წლების დასაწყისში იყო რამდენიმე პრეცენდენტი, როდესაც გასროლა დაბრალდა შეყენებულ ჩახმახს, რომლის შეყენებაც ჩაითვალა სასამართლოს მიერ, როგორც  ქმედება, რომელმაც მოყვანა იარაღი “პოტენციალურად საშიშ” მდგომარეობაში. ვიღაცას გაეცინება მაგრამ ასეთ პრეცენდნენტებს მოყვა ძალიან შორს მიმავალი შედეგები. აშშ-ში, 70-ან წლებში ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლიდი მხოლოდ ორმაგი მოქმედების რევოლვერებს და ანალოგიური პისტოლეტები პრაქტიკულად არ არსებობდა. 2000-ან წლებში ასეთი პისტოლეტები და რევოლვერები ქონდა პრაქტიკულად ყველა მეტ ნაკლებად  მსხვილმწარმოებელს. “სტრაიკერების” გამოჩენიდან და მათი მოდელების რიცხვის ზრდასთან ერთად “მხოლოდ ორმაგი” მოქმედების პისტოლეტების პოპულარობამ და გავრცელებამ მკვეთრად იკლო. მხოლოდ ორმაგი მოქმედების ჩახმახიანი პისტოლეტები ჩემი აზრით არის ის იარაღი, რომელზეც ადამიანმა არჩევანი არ უნდა გააკეთოს. ასეთი იარაღის გამოჩენა განპირობებული იყო იურიდიული ნუანსებით და არა იმით, რომ გაუადვილოს ადამიანს იარაღის ეფექტური გამოყენება ან თუნდაც გაზარდონ იარაღის უსაფრთხოების ხარისხი.

P1030574

ავტორის კუთვნილი H&K P2000LEM არის ტიპიური 2000-ნი წლების დასაწყისის პოლიციური იარაღი. LEM (Law Enforcement Module)  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის თავისებურება იყო ის რომ შესაძლებელი იყო ჩახმახის შეყენება მისი ვიზუალური შეყენების გარეშე. ეს მიიღწეოდა ორიგინალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გამოყენებით, რომელიც პრაქტიკულად იეყნებდა ორად გაყოფილ ჩახმახს, შიდა ჩახმახი შეყენდებოდა მაგრამ გარე ჩახმახი ბრუნდებოდა ისევ უკიდურესად წინა მდგომარეობაში. როგორც წესი ყიველთვის, როდესაც იგონებ რთულ/უცნაურ იურიდიულ ბარიერებს  იბადება ასეთივე  რთული და უცნაური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ბარიერებს გვერდს უვლიან. 

ერთი შეხედვით “სტრაიკერი” უპირობოდ უკეთესია ვიდრე მხოლოდ ორმაგი ან DA/SA პისტოლეტები და გაყიდვებიც და მწარმოებლების კატალოგებიც ამას ადასტურებენ მაგრამ ჩემი აზრით თუ მხოლოდ ორმაგი მოქმედების პისტოლეტები უნდა ჩაბარდნენ წარსულ,  DA/SA პისტოლეტების ჩამოწერა ჯერ აშკარად ნაადრევია. ასეთ პისტოლეტებს გააჩნიათ თვისებები, რომლებიც არ აქვთ “სტრაიკერებს” და ეს თვისებები ვიღაცისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი და მან ჩათვალოს, რომ DA/SA პისტოლეტი მისთვის უფრო მისაღებია.  მაგალითად DA/SA პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში, მცველზე აყვანის გარეშეც არის ისეთივე უსაფრთხო, როგორც მაგალითად დატენილი რევოლვერი. ჩახმახის წონის და გრძელი სვლის გამო ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე “სტრაიკერი” ვაზნით სავაზნეში. გასაგებია, რომ “სტრაიკერი” არ გაისვრის ჩახმახზე დაჭერის გარეშე, მაგრამ ადამიანი არის ძალზედ არასრულყოფილი არსება, რომელიც უშვებს შეცდომებს და ამიტომ ცხადია ალბათობა უბედური შემთხვევის პირველ შემთხვევაში იქნება უფრო ნაკლები ვიდრე მეორეში. ხშირად ამას იყენებენ იმისთვის, რომ გააკრიტიკონ “სტრაიკერები” როგორც სახიფათო იარაღი და რახან “გლოკი” ყველაზე პოპულარული “სტრაიკერია” ყველაზე მეტი ხვდება სწორედ მას. რეალობა ის არის რომ ნებისმიერი პისტოლეტი არის პოტენციურად სახიფათო ინსტრუმენტი, ამიტომ  უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა აუცილებელია. თუ ტექნიკის დარღვევას მოყვა გასროლა, ეს არ არის იარაღის ბრალი, ეს არის მსროლელის ბრალი. მე პირადად მოხარული ვიქნები თუ ეს მარტივი ჭეშმარიტება დავა იმ ადამიანებამდე ვინც ყვებიან საზარელ ისტორიებს სახიფათო “გლოკებზე”, რომლებიც თურმე თავისით ისვრიან. დიახ, თეორიულად პისტოლეტის ოთხი მცველით იქნება უფრო უსაფრთხო ვიდრე პისტოლეტი მცველის გარეშე, სადაც თითო მცველი იქნება თავისებური ბარიერი რომელიც ამოქმედდება უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევის შემთხევაში და შეამცირებს უნებლიე გასროლის ალბათობას, მაგრამ ამავე დროს ყოველი დამატებითი მცველი არის დამატებითი დეტალები, რაც ართულებს კონსტრუქციას და არის დამატებითი მანიპულაციები, რაც საჭიროა რომ პისტოლეტი მოვიყვანოთ საბრძოლო მდგომარეობაში. სახელგანთქმულ შეხვედრაზე სადაც გასტონ გლოკი შეხვდა პოლიციის და ჯარის წარმომადგენლებს გადაწყდა რომ მექანიკური მცველი მომავალ პისტოლეტზე საერთოდ იქნებოდა ზედმეტი. გარდა ამისა ფაქტი ჯიუტია, ორ ალბათ ყველაზე გავრცელებულ პისტოლეტზე მსოფლიოში – “სტრაიკერ” “გლოკზე” და DA/SA SIG Sauer P226-ზე მექანიკური მცველი საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

ზოგადად ითვლება, რომ “სტრაიკერი” ვაზნით სავაზნეში აუცილებლად უნდა იდოს კარგი ხარისხის ბუდეში. პირადად მე მაგალითად თავს ვიგრძნობ არაკომფორტულად, თუ მექნება “გლოკი” ვაზნით სავაზნეში, გაყრილი “მექსიკურად” ქამარში ან უბრალოდ იდება ჯიბეში ან ეგდება ზურგჩანთაში. დამეთანხმებით პისტოლეტი ყოველთვის არ შეიძლება რომ იყოს მოთავსებული ბუდეში. ასეთ მდგომარეობაში “გაშიშვლებული” სასხლეტი, რომელსაც აქვს მოკლე სვლა და საჭიროა მხოლოდ 2.5-3 კგ ძალა რომ ის ამოქმედდეს არის პირადად ჩემთვის პოტენციალურად სახიფათო სიტუაცია. მეორეს მხრივ Beretta 92FS ვაზნით სავაზნეში, დაშვებული ჩახმახით, სასხლეტის  გრძელი სვლით და წონით 6კგ-ის ფარგლებში გაცილებით ნაკლები ალბათობით გამოიწვევს რაიმე სახიფათო სიტუაციის წარმოშობის ალბათობას. ვისთვის როგორ,მაგრამ ჩემთვის ასეა და ბევრი იფიქრებს ჩემნაირად.

tgholster1

ე.წ. “trigger holster”არის საკმაოდ პოპულარული უსაფრთხოების სისტემა “სტრაიკერისთვის”, რომელიც ნაწილობირვ პასუხობს სტრაიკერის შენახვა-ტარების პრობლემას ბუდის გარეშე. ის უფრო კომპაქტური და მსუბუქია ვიდრე ბუდე და ამავე დროს უფრო იაფიც ღირს.   

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი N1. ადამიანს საძინებელთან, მაღვიძარას გვერძე უდევს “გლოკი” ვაზნით სავაზნეში. მაღვიძარა რეკავს, კაცი ცდილობს ნახევრად ძილში, ხელით მიაგნოს მაღვიძარას და შემთხვევით აჭერს ხელს სასხლეტს. ისმის გასროლა, ტყვია ხვდება კაცს ხელში და მძიმე ჭრილობას აყენებს მას.

პრაქტიკული მაგალითი N2. ქალი პოლიციელი ბრუნდება სახლში. სთხოვს თავის ქმარს რაღაცა ამოიღოს ჩანთიდან. რამდენიმე წამში ისმის გასროლა და ქმარი კვდება ადგილზე. ჩანთაში იდო პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში. აღარ მახსოვს ეს იყო “გლოკი” თუ .38 კალიბრის რევოლვერი. ასეთი რამე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი იარაღით. “გლოკიც” და “ბერეტაც” გაისვრის ჩახმახზე დაჭერისას. უბრალოდ “ბერეტას” შემთხვევაში დაჭირდება უფრო ძლიერი დაჭერა, რაც ამცირებს უნებლიე გასროლის ალბათობას.ეს არის და ეს. შედარებით ხისტი სასხლეტი გრძელი სვლით ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას თუ ხელზე კიკეთიათ სქელი ხელთათმანები.

ასეთი შემთხვვა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი იარაღით, მაგრამ ცხადია რაც უფრო მეტი ძალა არის საჭირო სასხლეტზე დასაჭერად მით უფრო მცირდება ასეთი შემთხვევის დადგომის ალბათობა. სწორედ ამიტომ ყველაზე პოპულარლ “სტრაიკერზე” “გლოკზე” ერთი დრო იყო პოპულარული სასხლეტის დამძიმება, როგორც მცდელობა თავის დაზღვევის უნებლიე გასროლებისგან. მოგვიანებით, როდესაც მოხდა სასწავლო პროგრამების ადაპტაცია, გამოჩნდა ახალი ტიპის და ახალი მასალების ბუდეები, მომხმარებლებმა უკეთ შეისწავლეს პისტოლეტი, საჭიროება ხელოვნურად დამძიმებულ სასხლეტებში პრაქტიკულად გაქრა.

. აქვე უნდა დავძინო, რომ DA/SA პისტოლეტზე, ჩახმახის ხელით დაწევა არის პოტენციურად სახიფათო მოქმედება. სწორედ ამიტომ ბევრი მწარმოებელი იყენებს “დეკოკერს”, მოწყობილობას, რომელიც გაძლევს საშუალებას დაუშვა ჩახმახი უსაფრთხოდ ცალკე ღილაკზე დაჭერით. ზოგ პისტოლეტზე დეკოკერი ოფციონალურია (მაგალითად СZ-75-ზე), ზოგზე სტანდარტული ოფცია (მაგალითად SIG Sauer P226 ან Beretta 92FS-ზე).  თუ გაქვთ DA/SA პისტოლეტი დეკოკერის გარეშე, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ჩახმახის უსაფრთხო დაშვების ტექნიკა, რომელიც გულისხმობს ჯერ ჩახმახის საიმედო დაფიქსირებას, შემდეგ სასხლეტზე დაჭერას მისი გათავისუფლების მიზნით და როგორც კი ის გათავისუფლდება აუშვათ თითი სასხლეტს, რითიც გააქტიურდება დაცვის მექანიზმები რომლებიც გამორიცხავენ გასროლას თუ ჩახმახი გაგისსხლტად. ყველა თანამედროვე პისტოლეტი არის დაცული ამისგან, ერთი პირობით, სასხლეტზე არ უნდა იყოს დაჭერილი თითი. წინააღმდეგ შემთხვევაში პისტოლეტი “ჩათვლის” რომ თქვენ გინდათ სროლა და გაისვრის კიდევაც.  DA/SA პისტოლეტის მაღალ თანდაყოლილ უსაფრთხოების დონეს ასევე უზრუნველყოფს მაგალითად ის, რომ ბუდეში მოთავსებისას, სწორი ტექნიკის გამოყენებით (დიდი თითი კეტავს ზევიდან ჩახმახს) შეუძლებელია მოხდეს გასროლა, არა და იარაღის ბუდეში მოთავსება არის ასევე პოტენციურად 0 სახიფათო მოქმედება რა დროსაც სტატისტიკურად ძალიან ბევრი შემთხვევითი გასროლა ხდება

gdfgdf

დიდი თითი კეტავს ჩახმახს, სასროლი თითი არის შორს სასხლეტისგან. სწორედ ასე უნდა მოათავსოთ ჩახმახიანი პისტოლეტი ბუდეში. როგორც ავიაციაში თვითმფრინავის აფრენა-დაშვებისას ისე სროლაში, უმეტესობა უბედური შემთხვევების ხდება იარაღის ამოღება-ჩადებისას.

ეხლა რაც შეეხება სასხლეტებს. გასაგებია, რომ “სტრაიკერებს” სასხლეტი აქვთ ერთნაირი, პირველიდან ბოლო გასროლამდე, მაგრამ ამავე დროს, ჩემი აზრით პირდაპირ ყუთიდან, უმეტესობა DA/SA პისტოლეტს ერთმაგი მოქმედების რეჟიმში აქვს შესანიშნავი სასხლეტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბევრად ჯობია “სტრაიკერის” სასხლეტს. ეს ყოველგვარი ჩარევის, ტუნინგის, კასტომიზაციის და ნაწილების გამოცვლის გარეშე. ეს გემოვნების და მიჩვევის ამბავია მაგრამ ალბათ ამაშიც ბევრი დამეთანხმება.

რაც შეეხება პირველ გასროლას ორმაგ რეჟიმში, ეს თავისებურება დაიძლევა მხოლოდ პრაქტიკით. უმეტესობა კარგი ხარისხის პისტოლეტებზე ორმაგი მოქმედების რეჟიმში სასხლეტი არ არის იმდენად მძიმე და უხეში, რომ სროლა გახადოს შეუძლებელი. უბრაოდ არის საჭირო პრაქტიკა. ბევრი მსროლეი და წლების განმავლობაში მეც, ვერ უძლებენ ცდუნებას და ყოველთვის პირველ გასროლამდე წინასწარ აყენებდნენ ჩახმახს. რეალურ ცხოვრებაში, როდესაც მოგიწევთ იარაღის გამოყენება, ამის ფუფუნება შეიძლება არ გქონდეთ, ამიტომ უნდა გამოიმუშავოთ უნარი განახორციელოთ სწრაფი პირველი გასროლა ორმაგი მოქმედების რეჟიმში და სწრაფი დაყოლილი გასროლა უკვე ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. როგორც აღვნიშნე ეს უნარი მიიღწევა ვარჯიშით.

მას მერე რაც დახვეწავთ ორმაგი მოქმედების რეჟიმში სროლას, გაოცებულები დარჩებით რამდენად სწრაფად და ზუსტად შესაძლებელია ასე სროლა, რასაც ეს სამიზნე ადასტურებს. არსებობს კიდევ დამატებითი საიდუმლოებები, როგორ გააუმჯობესოთ DA/SA პისტოლეტის სასხლეტი ორმაგი მოქედების რეჟიმში. მაგალითად DA/SA Beretta 92-ზე მხოლოდ ორმაგი მოქმედების მოდელიდან აღებული საბრძოლო ზამბარის დაყენება და ა.შ. 

უმეტესობა DA/SA პისტოლეტების (და ნაწილი “სტრაიკერების”) აღჭურვილია მექანიკური მცველებით. მექანიკური მცველი არის დამატებითი უსაფრთხოების საფეხური, მაგრამ ამავე დროს დამატებითი საფეხური, რომელიც უნდა გადალახოთ რომ შეძლოთ გასროლის წარმოება. ამიტომ იარაღის ამოღებისას მცველის მდგომარეობის შემოწმება უნდა გახდეს ავტომატური მოქმედება. მცველს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა.  თუ მოხდა საშინელება და თქვენ იარაღი წაგართვეს, თავდამსხმელს ასევე მოუწევს ჯერ გარკვევა როგორ მოხსნას იარაღი მცველიდან. მაგალითად Beretta 92-ზე მცველი ირთვება მისი გადაწევით ზევით, მაშინ როდესაც საქართველოში ბევრად უფრო გავრცელებულ “მაკაროვზე” პირიქით, ღილაკის გადაწევით ქვევით. სანამ თავდამსხმელი გაერკვევა რატომ ვერ ისვრის თქვენი პისტოლეტიდან, ეს მოგცემთ პატარა, მაგრამ შანს, თავი დააღწიოთ საფრთხეს გაქცევით ან შეეცადოთ დაიბრუნოთ იარაღი ან თუ უკიდურესად კარგად ხართ მომზადებულები გამოიყენოთ დამხმარე (მეორე) იარაღი.

czcl

მექანიკური მცველი СZ-75-ზე ირთვება მხოლოდ შეყენებულ ჩახმახზე. ჩემი აზრით ყველა პისტოლეტზე მექანიკური მცველი უნდა იზიარებდეს ამ თავისებურებას.

ჩვენ პოლიციაში ერთმაგი მოქმედების “სტრაიკერების” და შეიარაღებულ პროფესიონალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული მოდელის (Blackhawk SERPA) ბუდეების გამოჩენას მოყვა ტალღა უნებლიე გასროლების და რამდენიმე შემთხვევაში ამას მოყვა სიცოცხლის მოსპობა. წლების წინ ბევრმა ამერიკულმა პოლიციის სამსახურმა ანალოგიური შეცდომები დაუშვა “სტრაიკერებზე” გადაიარაღებისას, ან თუნდაც უფრო ადრე, როდესაც რევოლვერებს ჩაენაცვლა მცველიანი პისტოლეტები, რის გამოც გახშირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები აყოვნებდნენ ცეცხლის გახსნას, იმიტომ რომ ავიწყდებოდათ მცველის გამორთვა. ვერანაირი მცველი და უსაფრთხოების სხვა სისტემები, ვერ დაიცავენ ადამიანს თუ ის არ იცავს უსაფრთხოების წესებს და არ იცნობს თავის იარაღს.  იარაღის მოწყობილობის და უსაფრთხოების წესების ცოდნა, უსაფრთხოების წესების დაცვა, კარგი ხარისხის აღჭურვილობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ უბედური შემთხვევის ალბათობა დავიდეს მინიმუმამდე.  თუ ლაპარაკი გვაქვს უწყებებზე, შესაბამისად თანამშრომლების ადეკვატური ტრენინგი და კარგი ხარისხის აღჭურვილობით უზრუნველყოფა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

როგორც ხედავთ ძირითად განსხვავებები “სტრაიკერებსა” და DA/SA პისტოლეტებს შორის მეტ წილად უკავშირდება უსაფრთხოებას და სასხლეტის “ხასიათს” და ეს ნამდვილად ასე არის, მაგრამ არის კიდე სხვა ნიაუნსები, რომლებსაც მე მინდა, რომ თქვენ ყურადღება მიაქციოთ და ამჯერად ეს ნიუანსები გამომდინარეობეს უფრო ორივე ტიპის პისტოლეტების კონსტრუქციულ თავისებურებებიდან. როგორც აღვნიშნე, სტრაიკერები უფრო მარტივი კონსტრუქციის არიან და იყენებნ უფრო მარტივ დეტალებს. ეს ნიშნავს რომ თეორიულად “სტრაიკერები” უფრო იშვიათად უნდა ფუჭდებოდნენ ხოლო თუ რომელიმე დეტალი გამოვიდა მწყობრიდან მისი ღირებულება იქნება ნაკლები. იგივე “გლოკის” დამრტყმ;-სასხლეტი მექანიზმის დეტალები პრაქტიკულად კაპიკები ღირს. ასევე “სტრაიკერები” წარმოადგენენ დახურულ კონსტრუქციას. საკეტი როგორც წესი დახურულია ხუფით და ყველა მოძრავი დეტალი არის საკეტის ან ჩარჩოს ქვეშ მოთავსებული. მეორეს მხრივ ნებისმიერი რამ (ტანსაცმლის ნაწილი, თითი, ტალახი) მოთავსებული გარედან განლაგებულ ჩახმახსა და დამრტყმელს შორის, პრაქტიკულად გამორიცხავს გასროლას. უკიდურესად კომპაქტურ პისტოლეტებში, რომელთა ტარება მოისაზრება ჯიბეში, გარედან გნლაგებული ჩახმახი შეიძლება რამეს წამოედოს მაშინ როდესაც უფრო გარსშემოდენილი “სტრაიკერის” შემთხვევაში ეს არ მოხდება.  თავის მხრივ ხშირად მესმის მოსაზრება, რომ განსხვავებით “სტრაიკერისგან”, DA/SA პისტოლეტის შემთხვევაში თუ მოხდა ვაზნის მტყუნება, შესაძლებელია სასხლეტზე ხელმეორედ დაჭერით მაინც მოახდინოთ გასროლა. თეორიულად ეს ასე არის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვაზნის მტყუნება არის იმდენად იშვიათი, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ისროლოთ პისტოლეტებიდან და ასეთი მტყუნება არ განიცადოთ.

იმედია აღნიშნულ სტატიაში თქვენ იპოვეთ პასუხები შეკითხვებზე, რომლებიც გაწუხებდათ და  დაგეხმარეთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.