Archive for August 2nd, 2017

თავდაცვის მითები და რეალობები

Wednesday, August 2nd, 2017

ამ სტატიაში მე მინდა შევეხო ისეთ თემებს, რომლებიც არ არის ჩვენთან პოპულარული და ხშირად განხილვადი. შეიძლება იმ არგუმენტებმა, რომლებსაც მე მოვიყვან დიდ დიკსომფორტი გამოიწვიოს მკითხველის მხრიდან ან თუნდაც პროტესტის გრძნობა, მაგრამ ჩემი აზრით ამ თემებზე საუბრის დრო დიდიხანია მოსულია. ქვეყანაში უამრავი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის არის კერძო საკუთრებაში და  ამ იარაღის გამოყენების უფლება თავდაცვის მიზნით არის ტაბუ დადებული თემა, ხოლო ის შემთხვევები რომლების შესახებ ჩემთვის ცნობილია მეტყველებს იმაზე, რომ არც საზოგადოება არც სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა არ არიან მზად ობიექტურად განიხილონ ასეთი შემთხვევები.  მე შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ ჩემი ბლოგი ქმნის საზოგადოებრივ აზრს ან მით უმეტეს გამოიწვევს, რაიმე ცვლილებებს ქვეყანაში ან საზოგადოებაში, მე უბრალოდ დავწერ იმას რაც ვფიქრობ  და გავამყარებ ჩემ ნათქვამს მყარი არგუმენტებით, იმის იმედით რომ ეს გამოიწვევს დისკუსიის გაგრძელებას და ადამიანები დაფიქრდებიან ამ თემაზე.  მკითხველმა თავად გამოიტანოს დასკვნები წაკითხულიდან. ყურადღება: სტატია შეიცავს ბმულებს კადრებზე სადაც ასახულია ძალადობის და სიკვდილის სცენები.

რა არის თავდაცვა ცეცხლსასროლი იარაღით? ეს არის სიტუაცია, როდესაც მოქალაქემ მიიღო გადაწყვეტილება დაიცვას თავისი თავი ლეტალური ძალის გამოყენებით, იმიტომ რომ მას ან სხვა მის გარშემო მაგ მომენტში მყოფ პირებს დაემუქრა საფრთხე. ცხადია ვისაც არ უნდა კითხო ყველას თავისი აზრი აქვს, როგორ უნდა მოიქცეს (რა თქმა უნდა სხვა იმიტომ რომ თავის თავს ვერ წარმოიდგენენ) ადამიანი ასეთ სიტუაციაში და როგორია საფრთხე, რომელიც გაამართლებდა ლეტალური ძალის გამოყენებას.  თავისთავად იდეა, აზრი დაიცვა შენი თავი იარაღით, ბევრისთვის უხერხული და როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოში საერთოდ ტაბუ დადებული თემაა. ბევრს ურჩევნია ჩვენთან გახდეს დაყაჩაღებული, გაძარცვული, შელახული ღირსებით და მერე აბრალოს ეს ყველაფერი პოლიციას და სახელმწიფოს ვიდრე აიღოს თავის თავზე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ნაწილში, ფიზიკური დაპირისიპირება, ლანძღვა-გინება, სხვისი ქონების დაუფლება არის როგორ გითხრათ ყოველ დღიური ცხოვრების ნაწილი. ჩხუბი ქორწილში ან სუფრაზე ჩვეულებრივი ამბავია, ვინმეს ცემაც არ ითვლება აქ მძიმე დანაშაულად ან საერთოდ არ ითველბა დანაშაულად. მე ეხლა ცოტას ვუტრირებ, მაგრამ უდაოდ ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში “რიტუალური დაჭრის” ტრადიციაც არსებობს რასაც კრიმინალური ქრონიკა ადასტურებს, რა მუხლით აღიძრება საქმე? ჯანრთელობისთვის ზიანის მიყენება? როდესაც დასტურდება რომ განზრახ იქნა ჩადენილი იარაღის გამოყენება ხდება დამძიმება კვალიფიკაციის თუ რახან ბედმა გაუღიმა დაზარალებულს და ის გადარჩა მუხლი რჩება უცვლელი? პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, საჯარო მოხელეებს ისე ცემენ, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. ან როგოგ გადმოცემს მას-მედია თავდაცვის შემთხვევებს, შელაპარაკებას სროლა მოყვა, ბანდიტური გარჩევები მაგრამ მე არ მახსოვს მომესმინოს რეპორტაჟი ან წამეკითხოს სტატია სადაც იქნებოდა აღწერილი როგორ დაიცვა მოქალაქემ თავი, იმიტომ რომ ჟურნალისტები და საზოგადოება უყურებს იარაღის გამოყენებას (მიუხედავად მიზეზისა) როგორც რაღაცა ცუდს რაც არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ საზოგადოებას ეუხერხულება აღიაროს რომ ნორმალურ საზოგაოებაში კარგი ადამიანები ხანდახან ესვრუან ცუდ ადამიანებს. ამის მაგივრად საზოგადოება აყოლილია უტოპიურ რწმენას, რომ არსებობს ისეთი საზოგადოება სადაც არ არსებობენ მტაცებლები, რომლებიც ნადირობენ მსხვერპლზე.  გამომდინარე აქიდან უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფოს თვალში ჩვენ აპრიორი ეჭვმიტანილები ვართ ყველა და, რომ  იარაღის გამოყენებით თავის დაცვა პრაქტიკულად გვაქცევს ჩვენ პრობლემის ნაწილად და მოგვიევს დაპირისიპირება პირდაპირი გაგებით მთელ სამყაროსთან, მოკლული თავდამსხმელის ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, სახელმწიფოსთან გამოძიების და სასამართლოს სახით და საზოგადოებასთან, რომელიც თვლის რომ იარაღი ცუდია და არვისზე სროლა არ შეიძლება. მაგალითად ქართულ ენაში არც არის განსხვავება kill-სა და murder-ს შორის. პირველი ნიშნავს  სიცოცხლის წართმევას, რომელიც შეიძლება იყოს სრულად ლეგიტიმიური და გამართლებული, მაგალითად როდესაც ჯარისკაცი კლავს მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცს, ან როდესაც ადამიანი თავის დაცვის მიზნით კლავს თავდამსხმელს და murder, ანუ “არამართლზომიერი”, მკვლელობა რომელსაც არ გააჩნია გამამართლებელი გარემოებები, “არალეგიტიმური” სიცოცხლის უფლების წართმევა. ჩვენთან ასევე პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი ცნება როგორიც არის “კანონმორჩილი ადამიანი” ანუ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კანონების და წესების დაცვით რაც მას განასხვავებს იმათგან ვინც ასე არ ცხოვრობს ანუ კრიმინალური ელემნეტებისგან, “პრობლემების შემქნელებისაგან”. სახელმწიფოს და ასე გამოდის რომ საზოგადოების თვალშიც ყველა მოქალაქე არის ეჭვმიტანილი ნარკომანიაში, კრიმინალურ საქმიანობაში და ასევე ითვლება უნარშეზღუდულად სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს ცნობების წარდგენით, რის შემდეგაც სახელმწიფო აღიარებს, რომ ასეთ პიროვნებას აქვს უფლება დაიწყოს სამსახური, მართოს მანქანა ან შეიძინოს იარაღი. ჩვენი საყოველთაო გატაცება გამოცდებით, ტესტირებებით, ატესტაციებით, ნებართვების გაცემით ყველაფერზე  და სურვილით შევზღუდოთ სხვისი უფლებები (მათ შორის იარაღის ტარების უფლება) ასევე ადასტურებს, რომ როგორც სახელმწიფო ვერ ახერხებს გაყოს ადამიანები კანონმორჩილებად და “პრობლემების გამომწვევებად” ისევე საზოგადოება ვერ ახერხებს იგივეს და ყველა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებს.  ასეთი საზოგადოება ეძებს დაცვას თავისი შიშებისგან ,რაღაც ადმინისტრაციულ ბარიერებში მიუხედავად იმისა რომ კეთილი განზარხვებით შექმნილი ასეთი ბარიერები უბრალოდ არ მუშაობენ. ჩვენ გვირჩევნია დავიჯეროთ, რომ ჯანმრთელობის ცნობებს გაცემს კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი პროფესორებით, რომლებიც ყოველმხრივ აფასებენ ადამიანს და აკეთებენ ყველაფერს, რომ იარაღი არ მოხდეს გიჟის ხელში, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ეს ცნობა პრაქტიკულად  ავტომაურად გაიცემა ერთი საკითხავი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ექიმის მიერ, რომელიც უყურებს ამ პროცედურას, როგორც აუცილებელ პირობას მიიღოს რამდენიმე ლარი და არა როგორც ვალდებულბას დაიცვას საზოგადოება გიჟებისგან. შესაბამისად გიჟები, კრიმინალები და “პრობლემების გამომწვევები” თავისუფლად დადიან ქუჩებში და უტოპიაში მცხოვრები საზოგადოება ვერ ხვდება რომ მათგან დაცვა ყოველი კონკრეტული საზოგადოების წევრის ვალდებულებაა. სხვათაშორის კიდევ ერთი ფაქტი, რომ ეს ბარიერები არ მუშაობს არის ქაოსი და განუკითხაობა ჩვენ გზებზე, რომელსაც ქმნიან გამოცდა ჩაბარებული “ცნობა მოტანილი” ხალხი, რომელმაც მოიპოვეს პრივილეგია მართონ მანქანა ისე რომ  მანქანის მართვა არ იციან და ამის გამო ყოველ დღე ვიღაცა კვდება და სახიჩრდება.  სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ გამოცდების და ტესტირებების, იმიტომ, რომ სახელმწიფო აქცევს ამას ფორმალურ პროცედურად, რომლის მიზანია საფასურის მიღება და არა მოქალაქეების დაცვა და ამ პროცედურებს შედეგი არ მოყვება. გარდა ამისა ასეთი პროცედურები ყოველთვის ტრადიცულად არის კორუფციის წყარო.

სახელმწიფო და საზოგადოება რომელიც ცხოვრობს ასეთ ილუზიებში, ბუნებრივია ასეთივე ილუზიებით უყურებს აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის იმას თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავისი თავი. მოდით დავასახელოთ და გავარჩიოთ ის მცდარი სტერეოტიპები, რომლებიც ასე ძალიან გავრცელებულია და ხშირად მეორდება ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დიასახლისი, პოლიციელი თუ კიდე ვინ: რატომ ესროლა შეუარაღებელ ადამიანს? რატომ არ გააფრთხილა წინასწარ? რატომ არ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა? რატომ ჯერ ფეხში არ ესროლა? რატომ ესროლა ორჯერ, მოკვლა უნდოდა ალბათ ხო? რატომ ქონდა ვაზნა სავაზნეში? რატომ იანახავდა დატენილ იარაღს?  მაგრამ ერთია როგორ გაგნსჯის საზოგადოება და მეორეა როდესაც ამას გამოიყენებს სახელმწიფო შენს წინააღმდეგ ან როდესაც შენ ხარ სამართალდამცავი და გაიძულებენ გამოიყენო ეს მიდგომები  მოვალეობის განხორციელების დროს. ხელმძღვანელობას ეშინია არ გაგივარდეს იარაღი და გიკრძალავს ვაზით სავაზნეში იარაღის ტარებას, სამსახურის რეპუტაცია შელახულია და შენ გიკრძალავენ შეუიარაღებელი საფრთხის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას და არ შესრულების შემთხვევაში  ჩვენ ვემუქრებით პოლიციელს (ან თუნდაც უბრალო მოქალაქეს)  სამართლებრივი დევნით, სამართალდამცავის კარიერის დასრულებით, იარაღის ფლობის უფლების წართმევით. ეს უაზრო ვალდებულებები შეიძლება იყოს გაწერლი კანონში, ცალკეულ კანონქვემდებარე აქტში, სამსახურეობრივ ინსტრუქციაში ან უფრო უარესი, წარმოადგენდეს არაფორმალურ პოლიტიკას, ხელმძღვანელობის ნებას, რომელიც უნდა შესრულდეს თუ რა მაშინ პრობლემები გექნება. ადამიანი რომელზეც ეს ვალდებულებები ვრცელდება ვიმეორებ შეიძლება იყოს უბრალო მოქალაქე რომელიც გახდა თავდასხმის ობიექტი ან პოლიციელი რომელსაც მოუწია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღის გამოყენება. ასეთი “პროცედურის” დაწესება, სწავლება, წახალისება არის უდიდესი სისულელე და უსამართლობა და სახელმწიფო ამით უტოვებს ასეთ ადამიანებს ორ ალტერნატივას ან დიდი ალბათობთ მოკვდნენ ან დასახიჩრდნენ ან გახდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, მხოლოდ იმიტომ რომ ამ ვალდებულების ავტორები (აპოლოგეტები) არიან იდიოტები, რომელბსაც წარმოდგენა არ აქვთ რა არის ახლო მანძილზე შეიარაღებული დაპირისპირება მოტივირებულ აგრესორთან. ასეთი შეხედულებებიდან გამომდინარეობენ ისეთი მცდარი, სახიფათო და სამწუხაროდ გავრცელებულ პრაქტიკები როგორებიც არის: სიტყვიერი გაფრთხილება, იარაღის დემონსტრირება, გამაფრთხილებელი გასროლა, არასასიკვდილო გასროლა (როგორც წესი კიდურებში).  განვითარებულ ქვეყნებში არც მოქალაქეს და არც სამართალდამცავს არ გააჩნია ვალდებულება გამოიყენონ რომელიმე ზემოხსენებული, მანამდე სანამ იქნება გამოყენებული ლეტალური ძალა საფრთხის მიმართ. ხდება გარჩევა მხოლოდ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერების და არა იმის რა საშულებით და ფორმით იქნა გამოყენებული ეს ძალა. რა თქმა უნდა არსებობს აუცილებელი მოგერიების გადამეტება, მაგრამ მოგერიების გადამეტებაში არ შედის შაშხანის გამოყენება ან განმეორებითო გასროლები. რა თქმა უნდა მე იმის თქმა არ მინდა რომ თავდაცვის შემთხვევების გარჩევა განვითარებულ ქვეყნებში საათის მექანიზმივით მუშაობს, იქაც უამრავი პრობლემაა მაგრამ ჩვენთან უბრალოდ პრობლემის მასშტაბი ბევრად უფრო დიდია. სასამართლო გარჩევის დროს ასეთ ქვეყნებში არაკეთილსინდისიერი ადვოკატები, მაგალითად ცდილობენ გამოიყენონ ფაქტორები, იმისთვის რომ გაამტყუნონ მსროლელი და გამოიყვანონ ის აგრესორად რომელიც შარს ეძებდა, მაგრამ როგორც წესი ეს მთავრდება უშედეგოდ, იმიტომ რომ გამომძიებლები, იურისტები და მოსამართლეები კარგად ერკვევიან თავდაცვის ასპექტებში და გარდა ამისა არიან უამრავი ექსპერტები, რომლებსაც იწვევენ სასამართლო გარჩევებზე და მათ ექსპერტულ აზრს იყენებნ სიმართლის დასადგენად. ჩვენთან ეს ასე არ არის და ეს სერიოზული პრობლემაა.

როდესაც სახელმწიფო ან სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობა ცდილობს თავი დააღწიოს იმ ნეგატიურ ეფექტს, რაც მოყვება სამართალდამცავის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს  სიცოცხლის მოსპობას, მაშინ მათ შემოაქვთ ფორმალური თუ არაფორმალური შეზღუდვები, რომლებიც ხელს უკრავენ პოლციელებს, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ. გადავხედოთ ჩვენ რეალობას. რამდენჯერ მოხდა პოლიციის მიერ იარაღის გამოყენება? მართებული თუ არა, ამას ყოველთვის მოყვა ნეგატიური რეაქცია საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რატომ? მიზეზი ისევ იგივეა. ჩვენ ვერ ვასხვავებთ ცუდ და კარგ ტიპებს და ვინმეს რომ კლავენ ჩვენ ეგერევ ვარდებით ეჭვებში, იქნებ ისინი “უდანაშაულო ბიჭები” იყვნენ და მერე თავს კიდევ ერთხელ ვიტყუებთ როდესაც ვიწყებთ სამართალდამცავების განსჯას. რა თქმა უნდა მიზეზი არის პოლიციის დაზარალებული რეპუტაციაც, გახმაურებული უბედური შემთხვევების გამო. ცოტა სხვა შემთხვევაა მაგალითად დაუდევრობის შეეგად გასროლები და ამას მოყოლილ მსხვერპლი, ან როდესაც საქმე გვაქვს  არაკომპეტენტური სამართალდამცავების ქცევასთან,  რომელიც ეწინააღმდეგება მოდით ესე ვთქვათ პოლიციელის ქცევის კოდექს და რასაც ხანდახან მოყვება არამართლზომიერი იარაღის გამოყენება და მსხვერპლი. არავის არ გაგვიჭირდება დავასახელოთ ბევრი ასეთი შემთხვევა და ასეთ შემთხვევებს ხელისუფლებები გადაყოლია.  ნორმალურ ქვეყნებში ასეთი შემთხვევების დადგომის რისკის შემცირება შესაძლებელია ადეკვატური მომზადებით, პროცედურების შეცვლით და კადრების უკეთესი შერჩევით, მაგრამ ეს რთული გზაა, რომელიც ითხოვს დროს, ფულს და შრომას.  გაცილებით ადვილია მაგალითად შეუზღუდო პოლიციელებს წვდომა იარაღზე და ასე შეამცირო რისკი, რომელიც უკავშირდება იარაღის გამოყენებას და ამით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტს. ცხადია ეს ხდება სამართალდამცავების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ალბათ ყველას გავხსოვს გახმაურებული შემთხვევა, რომელიც მოხდა რამდენიმე წლის წინ თბილისში, როდესაც დანით შეიარაღებულმა ნარკომანმა, რომელიც სხვათაშორის იყო სუსტი აგებულების, მძიმედ დაჭრა სამი შეუიარაღებელი პოლიციელი, რომელიც მის დაშოშმინებას ცდილობდნენ და მგონი ერთი პოლიციელი გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობებისგან. აღმოჩნდა, რომ პოლიციელებს აიძულეს იარაღი ჩაებარებინად სახლში წასვლამდე. ბევრი სხვა შემთხვევის დასახელება შემიძლია, როდესაც სამართალდამცავებს უბრალოდ ართმევდნენ იარაღს და ისინი გადიოდნენ დავალებებზე და გადიან პატრულირებაზე იარაღის გარეშე, იმიტომ რომ ბერვი იარაღის „გავარდნის“ შემთხვევა მოხდა, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო და სროლა არ უნდა მოხმდარიყო ან რაღაც უაზრო წესებია სადღაც მიღებული. ან რად ღირს ის ფაქტი რომ ჩვენი პოლიციელები დღემდე არ არიან აღჭურვილები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – რბილი ტიპის ჯავშანჟილეტები. ეკიპირების ეს ელემენტი აუცილებელია ლამის ყველაზე ჩამორჩენილი და ღარიბი ქვეყნების პოლიციურ სამსახურებში, მაგრამ ჩვენთან რატომღაც ეს ასე არ არის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. რატომ ვახსენე ნარკომანის სუსტი აგებულება?  იმიტომ, რომ ხშირად გვესმის და გვხდება ასეთი მოსაზრება, პოლიციამ (შეიარაღებულმა მოქალაქემ) არ უნდა გამოიყენოს იარაღი შეუარაღებელი საფრთხის წინააღმდეგ, მოდით ამ სტერეოტიპის განხილვით დავიწყოთ დანარჩენი მავნე სტერეოტიპების და პრაქტიკების განხილვა. მოსაზრება, რომ არ შეიძლება ესროლო შეუიარაღებელ ადამიანს არის მცდარი, რასაც სამი პოლიციელის დაჭრა ადასტურებს.  სუსტი აღნაგობის ნარკომანმა, რომელიც არ უნდა გამოირჩეოდეს ნინძას უნარებით, არ ქონდა მოულოდნელობის ეფექტი მაინც  შეძლო დაეჭრა სამი პოლიციელი.   140 კილოგრამიანი აგრესიული ყაზილარს შიშველი ხელებით თავისუფლად შეუძლია სასტიკად გაუსწორდეს მაგალითად ქალ პოლიციის ოფიცერს ან თუნდაც სტანდარტული აღნაგობის კაც ოფიცერს.  შეიარაღებული ბლაგვი საგნით და ნარკოტიკული საშუალების ქვეშ მყოფი ის უკვე არის განრისხებულ მტაცებელზე უარესი საფრთხე. იგივე ეხება ადამიანებს, რომლებიც არიან მომზადებულები ორთაბრძოლაში და მათ ერთი  კარგად დაყენებული დარტყმით შეუძლიათ დაასახიჩრონ ან მოკლან ადამიანი ერთი თვალის დახამხამებაში. ვიდეო გადაღებული პოლიციის მანქანიდან, სადაც შეუიარაღებელი მამაკაცი შიშველი ხელებით სასტიკად უსწორდება ქალ პოლციელს, რომელიც ცდილობდა მის გაჩხრეკას თვალნათვლივ ადასტურებს, რომ იარაღი არ არის საჭირო, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება ლეტალური ძალის გამოყენებაზე. სამწუხაროდ ასეთივე მიამიტური შეხედულებები ბევრს გააჩნია დანასთან მიმართებაში არა და დანა არის ზესახიფათო და ეფექტური იარაღი იმ სივრცეებში სადაც, როგოც წესი  ხდება კონფლიქტები ადამიანებს შორის, ვგულისხმობ სასაუბრო დისტანციებს.  1983 წელს ამერიკელმა პოლიციის ინსტრუქტორმა ჯონ ტულერმა შეიმუშავა ვარჯიში, როდესაც 6 მეტრის მანძილიდან შეიარაღებული დანით “თავდამსხმელი” იწყებს მოძრაობას ოფიცერზე, რომელმაც უნდა მოასწროს ირაღის ამოღება და ზუსტი გასროლის წარმოება. ეს ვარჯიში მოგვიანებით გახდა პრაქტიკულად მთელი არაფრომალური დოქტრინა სახელწოდებით “21 ფუტის წესი” და ის გავრცელდა მთელ სამართალდამცავ საზოგადოებაში. მე არ ვიცი ამ ვარჯიშის დოქტრინად  ქცევა კარგია თუ ცუდი, მაგრამ ცადეთ თქვენც ეს ვარჯიში, და სანამ დანით შეიარაღებული “თავდამსხმელი” დაფარავს 6 მეტრს და დაგარჭობთ დანას თავის ქალაში, ცადეთ და გააფრთხილეთ ის ან ეცადეთ ესროლოთ ფეხში ან განახორციელეთ გამაფრთხილებელი გასროლა, მაგრამ მანამდე დარმწუნდით რომ რა მიმართულებითაც ახორციელებთ გამაფრთხილებელ გასროლას, არავინ არ დგას და რიკოშეტიც არავის არ ემუქრება. მომზადების გარეშე უმეტესობა იარაღის ამოღებასაც ვერ მოასწრებს ქამარზე გარედან დამაგრებული არა თუ პერანგის ქვეშ დამალული ბუდიდან. ეს ვიდეო მძიმე სანახავია და საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს დანა აგრესიული და მოტივიებული ადამიანის ხელში.  ეს ყველაფერი ხდება არა დახურულ სივრცეში, არამედ გაშლილ ღია ადგილას, ერთ პოლიციელს ხელში „კალაშნიკოვი“ უჭირავს დანარჩენები შეიარაღებულები არიან პისტოლეტებით. რამდენიმე წუთი ისინი ცდილობენ დააწყნარონ კაცი და აიძულონ მას დააგდოს დანა და ჩაბარდეს მათ, რაღაც მომენტში ისინი მოდუნდნენ და აღმოჩდნენ მასთან ახლოს, ის თავს ესხმის მათ და წამებში ორი პოლიციელი იღებს სასიკვდილო ჭრილობებს და კვდებიან ადგილზე კამერების წინ. ასე, რომ დანა და ნებისმიერი მძიმე ბლაგვი საგანი სერიოზული საფრთხეა და სრულად ამართლებს ლეტალური ძალის გამოყენებას.

ეხლა რაც შეეხება გაფრთხილებას (ვერბალური ან გასროლით) და სროლას კიდურებში.  20 წლის წინ როდესაც ვიდეო კამერები დიდი იშვიათობა იყო, კასეტები შეიარაღებული დაპირისპირებებით და სიკვდილის სცენების ჩანაწერებით არალეგალურად იყიდებოდა შავ ბაზარზე. ეხლა ასეთი ჩანაწერები უხვად დევს ინტერნეტში და ხელმისაწვდომია ყველასთვის. არის რესურსებიც რომლებიც აანალიზებენ ასეთ ჩანაწერებს. ჩანაწერების ნახვისას დაინახავთ, რომ ძალიან ხშირად ეს შეტაკებები ისე იწყება და მთავრდება, რომ გიწევს უკან გადახვევა და მეორედ ყურება რომ მიხვდე რა მოხდა. ამ ჩანაწერებში ხალხი კვდება იმიტომ რომ ვერ ასწრებენ იარაღის ამოღებას, ვაზნის მიწოდებას სავაზნეში, კვდებიან ისე რომ ვერც ხვდებიან რა მოხდა. ასეთ სიტუაციაში გაფრთხილება გინდა ყვირილით გინდა სროლით სისულელეა ისევე როგორც იგივე მიზეზის გამო სისულელეა ეს მოთხოვნები აქციო ვალდებულებად.

როგორც ერთი ლიტერატურული ნაწარმოების გმირი იძახდა: „არ არსებობს არმია, რომელიც გაუძლებდა თავდასხმას ზურგიდან და თანაც ღამით“. მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება უკიდურესად ძნელია,  და თავდასხმის ობიექტს აქვს ძალიან ცოტა შანსი გამოვიდეს უვნებელი ასეთი სიტუაციიდან. თავდასხმა ხდება წამებში, ამ დროს ადამიანმა უნდა მიიღოს თავის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე უმნივნელოვანესი გადაწყვეტილება, დაიცვას თავი და წაართვას სხვა ადამიანს სიცოცხლე. მან უნდა მოასწროს სიტუაციის გაანალიზება, იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება, იარაღის ამოღება და ზუსტი გასროლის განხორციელება რაც თავისთავად უკვე სერიოზული გამოწვევაა და ითხოვს მომზადებას, წვრთნას, მენტალურ მდგრადობას. ამას კიდე დაუმატო ვერბალური გაფრთხილება, გამაფრთხილებელი გასროლა (სად? ჰაერში, მეზობლის იავანში? ასფალტში? და რიკოშეტის საფრთხე?) არის აბსურდი და სისულელე. სამართალდამცავი უწყება ან სახელმწიფო რმელიც ავალდებულებს ამას თავის მოსამსახურეებს/მოქალაქეებს პრაქტიკულად მათ წირავს.

სამწუხაროდ რიგ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს აკრძალვა იარაღის ტარებაზე ვაზნით სავაზნეში. აბსურდული შეზღუდვა, რომელმაც უნდა დაგვაჯეროს, რომ სახელმწიფოს სურს დაუდევრობით გამოწვეული იარაღის გავარდნების შემცირება. ანალოგიურად აბსურდული მოთხოვნებია ვალდებულება იარაღის შენახვის სეიფში ან იარაღის და ვაზნების ცალკე შენახვა.  თავდაცვის იარაღი უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში გამოყენებისთვის. ეს არის აქსიომა. ვაზნის მიწოდება სავაზნეში შეიძლება ბევრისთვის იყოს უკვე რეფლექსური მოძრაობა, მაგრამ ბევრისთვის შეიძლება არ იყოს. თუ ვინმეს სურს იარაღის და ვაზნების შენახვა ცალცალკე ან იარაღის ტარება ცარიელი სავაზნით ეს მისი პასუხისმგებლობაა, სახელმწიფო ან ხელმძღვანელობა, ამას არ უნდა ავალდებულებდეს.

კიდურებში გასროლას, რაც შეეხება ეს ტექნიკა ჩემი აზრით წამოვიდა იმ დროიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნათელი კომნიზმისკენ სიარულის პროცესში აღმოჩნდა ციხეში და ბანაკებში,  ამიტომ გუშაგები გაქცეულებს ჯერ ფეხებში ესროდნენ და მერე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკვე ესროდნენ მოსაკლავად. ეს ტაქტიკა მუშაობს, როდესაც ხარ გუშაგი ტუნდრაში და ესვრი ადამიანს, რომელიც გაგირბის და წინააღმდეგობას არ/ვერ გიწევს. ხოლო თუ გასროლისას იარაღი ახტა და შემდეგი ტყვია გაქცეულს კეფაში მოხვდა, დიდი არაფერი, პარტია ჩამოწერს დანაკარგებს.  შეიარაღებული დაპირისიპირების დროს საერთოდ როგორ წარმოგიდგეიათ ფეხში გასროლა? ფეხი არის პატარა, მოძრავი სამიზნე, მასში მორტყმა ერთი გასროლით ძალიან ძნელია. ფეხში მორტყმა თითქმის არასდროს არ იწვევს საფრთხის ნეიტრალიზაციას. მიწაზე დავარდნილი აგრესორს კვლავ შეუძლია საპასუხო ცეცხლის გახსნა.  ამიტომ კიდურებში გასროლა თავდაცვის მიზნით არის არაეფექტური, სახიფათო ტაქტიკა. მე არ ვიძახი რომ არასდროს არ უნდა ესროლოთ საფრთხეს ფეხებში, გააჩნია სიტუაციას, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ სროლას ფეხებში როგორც წესი არ გამოყავს მწყობრიდან ადამიანი.

ერთხელ მე ერთ ყოფილ სპეცრაზმელს ვანახე ვიდეო, სადაც პოლიციელები გამოიყვანენ არაფხიზელ ადამიანს რესტორნიდან, რა დროსაც ის ამოიღებს  უბიდან, თუ სწორედ მახსოვს პნევმატურ პისტოლეტს. ორივე პოლიციელი ხსნის ცეცხლს რა დროსაც, რაღაც წამებში დამნაშავის მიმართულებით ხორციელდება 20-მდე გასროლა. სპეცრაზმელმა გაკვირვებულმა ამომხედა და მკითხა, ამდენი რა პონტში ესროლესო?  თუ სპეცრაზმელმა ჩათვალა, რომ ადგილი ქონდა არაპროპორციულ ძალის გამოყენებას, რას ჩათვლის საზოგადოება ან სასამართლო? არ არის ძნელი მიხვდე, პოლიციელები, რომლებიც აკეთებდნენ თავის საქმეს გახდებიან ცუდი ტიპები. რეალობა კი ის არის,რომ  პისტოლეტის კალიბრების 99.9% სუსტია და არ უზრუნველყოფს ადეკვატურ ტერმინალურ ეფექტს,  ძალიან ბევრი პოლიციელი იღუპება საპასუხო ცეცხლისგან, რომლებსაც ხსნიან დამნაშავეები, მათ შორის დაჭრილები არაერთი ტყვიით. დიახ, არასასიამოვნო საყურებელია მაგრამ საფრთხეს ესვრიან მანანმდე სანამ ის მოძრაობს. ხოლო მერე მას ჩხრიკავენ და ადებენ ბორკილებს. იმიტომ, რომ ხანდახან მათ გონება უბრუნდებათ და ისინი ზურგში ესვრიან იმათ ვინც ჩათვალა, რომ რახან სამიზნე დაეცა და არ ინძრევა ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ასე რომ აგრესორი/დამნაშავე წარმოადგენს საფრთხეს მანამ სანამ არ იქნება გაჩხრეკილი და ბორკილებ დადებული. დიახ ასეთი ვიდეოები არ არის სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ პოლიცია იძულებულია მოახდინოს თავისი ქმედებების დოკუმენტირება მათ შორის გადაღება, დამერწმუნეთ კრიმინალებმა რომ დაიწყონ იგივეს კეთება, მათი ვიდეოები ათასჯერ უფრო საზარელი სანახოაბა იქნებოდა, ეს უნდ აგავხსოვდეს ყოველთვის სანამ დავიწყებთ განსჯას პოლიციის მხრიდან იარაღის გამოყენების ესთეტიურ მხარეზე. არ არსებობს ლამაზი და სუფთა ომი, ისევე როგორცს სასიკვიდლო შეტაკება ვერ დაემზგავსება რინგზე შერკინებას. ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა, არის ვინ არის მტყვანი და ვინ არის მართალი.

ასევე მინდა შევეხო იარაღის დემონსტრირებას.  იმის იმედზე ყოფნა, რომ აგრესორი იარაღის დანახვაზე  შეშინდება და უკან დაიხევს, დიდი სისულელია. ეს კიდე უფრო დიდი სისულელეა თუ ასეთი “დემონსტრატორი” არ აპირებს ან არ არის მზად იარაღი გამოიყენოს თუ იარაღის დემონსტრირებას ეფექტი არ მოყვება. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი რომ ეს ტექნიკა არ მუშაობს, როდესაც “ბნელი და საშინელი” 90-ნი წლების დროს, დისკოტეკის დაცვის წევრის მიერ დაშინების მიზნით იარაღის ამოღებას ხალხით გადაჭედილ საცეკვაო დარბაზში, მოყვა კოლექტიური აგრესიულობა დისქოტეკის სტუმრების მხრიდან და დაცვის წევრს თავისივე იარაღით თავი გაუტეხეს. გადაჭედილ დისკოთეკაში , მარტო, უპირისპირდები ნასვამ ახალგაზრდებს. იღებ იარაღს იქ სადაც გასროლა საფრთხის მიმართულებით 99% ალბათობით გამოიწვევს უდანაშაულო ადამიანის დაჭრას. თანაც მოწინააღმდეგე არა ერთი, არამედ რამდენიმეა, ესეიგი სროლა მოგიწევს ინტენსიური. და ბოლოს კარგავ შენ იარაღს. არასწორ გადაწყვეტილებას მოყვა სამწუხარო შედეგიც. რა იქნებოდა გამოსავალი? მე არ ვარ ექსპერტი თავდაცვაში მაგრამ დაპირისპირების დეესაკალაცია არის აუცილებელი  თუ ამის შანსი არსებობს.  გამოდი გარეთ, გამოიძახე სხვა დაცვის წევრები ან პოლიცია. ბოლო-ბოლო თუ საქმე მივიდა სროლამდე,  ეს სროლა მოხდება იქ სადაც შანსი მოარტყა უდანაშაულოს ნაკლებია. იარაღის ამოღება უნდა მოხდეს მაშინ როდესაც შენ მორალურად მზად ხარ გახსნა ცეცხლი. თუ არ ხარ მხად ჯობია სხვა რამე მოიფიქრო. იარაღის დემონსტრირება შეიძლება გახდეს დაპირისპირების ესკალაციის მიზეზი. არ დაგვავიწყდეს რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დროით გამოცდილი მეთოდი საფრთხისგან თავის დაღწევის არის – გაქცევა.

მე კარგდ მესმის, რომ ეს სტატია ბევრში გამოიწვევს პროტესტს, ბევრისთვის იქნება მიუღებელი ის რაც აქ წაიკითხა, ბევრი დამიწუნებს გამოყენებულ ტერმინოლოგიას და რავიცი კიდე რას არ იპოვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ განვითარებულ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ძალადობა არის მიუღებელი. თუ შენ დააპირე ვინმეს ცემა შენ შეიძლება გესროლონ და სახელმწიფო და საზოგადოება ჩათვლის რომ მსროლელის იყო მართალი, შენ შეძვრები სხვის სახლში შენ მოგხვდება ტყვია, შენ დააპირებ ვინმეს “დაჩმორებას” შენ შეიძლება მოგხვდეს ტყვია.  ძალადობა და ხელისუფლების წარმომადგენლისადმი არდამორჩილება არის საკმარისი მიზეზი ლეტალური ძალის გამოყენებისთვის. ასეა ნორმალურ ქვეყანაში. არანორმალურ ქვეყანაში შეიძლება კამერების წინ გცემონ და ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. რა მოხდა კაცები არიან და იჩხუბეს…. ვის არ მოსვლია? ან კარგი მაგალითია ბოლოდროინდელი სკანდალი სადაც საზოგადოების ცნობილი წევრები ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ იმათ ვინც არ იზიარებდა მათ შეხედულებებს. ეს როდესაც ხდება რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც სამწუხაროდ ხშირად ვერ აცნობიერებენ რას აკეთებენ ეს ერთია, ეს ხდება ყველგან, როდესაც იგივეს ჩადიან საჯარო პირები, რომელბსაც გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მოეკითხებათ ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ეს ნიშნავს, ჩემი აზრით იმას, რომ მათ არ ეშინიათ პასუხისმგებლობის და არ ელოდებიან წინააღმდეგობას. სწორედ ამიტომ შეიარაღებული საზოგადოება არის თავაზიანი და წყნარი საზოგადოება. როდესაც ყველას ესმის რომ სხვაზე თავდასხმას დიდი ალბათობით ადეკვატური მოყვება პასუხი და გარდაუვალი სასჯელი.

სტატიის ბოლოს, მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანო, რა ხდება როდესაც ერთი მხარე იყენებს არაეფექტურ ტაქტიკას და თავდაცვის საშუალებებს. ეს შემთხვევა მოხდა ბალიზე, ინდონეზია, სადაც დასახლდა შერეული ორთაბრძოლების ფრანგი ოსტატი ამოკრან საბეტი. არსებული ინფორმაციით ის სარგებლობდა ხულიგნის და აგრესიული ადამიანის რეპუტაციით, ხშირად ახდენა კონფლიქტების პროვოცირებას და უპირისპირდბოდა როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტებს. როდესაც საბეტის ვიზას ვადა გაუვიდა ადგილობრივ პოლიციას მიეცა შანსი კონფლიქტური სპორტსმენი გაეძევებინა ქვეყნიდან.  მის დასაკავებლად საკმაოდ დიდი პოლიციელების ჯგუფიც გამოიყო. საბეტის დაკავების მცდელობა აღბეჭდილია ვიდეოზე.  ამოკრანი თავიდანვე აგრესიულად იქცეოდა და იყო საკამოდ დიდი დანით შეიარაღებული, ის არ ემორჩილებოდა პოლიციას. პოლიციელებმა გამოიყენეს ყველაფერი, სიტყვიერი გაფრთხილება, სროლა ჰაერში, და მათ შორის ნაკლებად ლეტალური საშუალებები (რეზინის ტყვიები). არაფერმა არ იმოქმედა. მას მერე რაც ამოკრანს მოხვდა პირველი რეზინის ტყვიები, ნასროლი სავარაუდოთ 12 კალიბრის “პომპებიდან” ის თავს დაესხა პოლციელებს და დაჩეხა დანით ერთი თანამშრომელი, სანამ მას ესროდნენ ფეხებში, ესროდნენ რეზინის ტყვიებს და სავარაუდოთ პისტოლეტებიდან. ყველაფერი დასრულდა 5,56 კალიბრის შაშხანიდან რამდენიმე გასროლით, მაგრამ საბეტის მიერ დაჭრილი პოლციელი ადგილზე გარდაიცვალა.  რა მოხდებოდა ამერიკაში? რამდენიმე მკაფიო გაფრთხილების და არდამორჩილების შემთხვევაში მას უბრალოდ ცეცხლს გაუხსნიდნენ და ადგილზე მოკლავდნენ.  ვიღაცა იტყოდა იარაღი არ ქონდა რატომ ესროლესო, იქნება ფეხში დაეჭრათ და დაეკავებინათო, მაგრამ რეალური ცხოვრება ყოველთვის ადასტურებს ამ “მანტრების” მცდარ ხასიათს. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

არც ერთი სერიოზული ინსტრუქტორი ან სკოლა რომელიც ასწავლის თავდაცვას იარაღის გამოყენებით არ ასწავლის უკონტროლო აგრესიის გამოყენებას. საფრთხისთვის თავის არიდება, კონფლიქტის დეესკალაცია და პასიური თავდაცვა (სიგნალიზაცია, რკინის კარები, ძაღლი, კამერები, უსაფრთხო რაიონის არჩევა) არის თავდასხმის რისკის შემცირების და იარაღის გამოყენების აცილებლობის თავიდან არიდების პირობები. არ მინდა შეგექმნათ წარმოდგენა თითქოს აშშ-ში ასწავლიან კილერებს, რომლებიც ღამე კარებს ღია ტოვებენ რომ იქ შესული მძარცველი მერე დაცხრილონ. ეს ასე არ ხდება. შეიარაღებული მოქალაქე ხვდება რომ თუ მან იარაღი გამოიყენა ის გახდება გამოძიების ობიექტი, მას მოუწევს ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცედურა ამ სიტყაციიდან თავის დაღწევის, დაუმატეთ ამას ფსიქოლოგიური ტვირთი და მიხვდებით რომ ნებისმიერი შეიარაღებული ადამიანი ყველანაირად შეეცდება თავი აარიდოს კონფლიქტს. ეს ძნელად ესმით იმ საზოგადოებაში სადაც ცემა-ტყეპა, გაწევა-გამოწევა და დაჭრები არის ჩვეულებრივი ამბავი და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. სწორედ ამიტომ გვესმის ხშირად: ყველა დაიწყებს იარაღით სიარულს და სროლას. არა არ დაიწყებს და ვინც დაიწყებს წავა ციხეში ან მიიღებს ტყვიას.

დიახ, იარაღს გააჩნია თანდაყოლილი საფრთხე. ხანდახან კარგ კაცს დაუდევრობით გაუვარდება იარაღი და მოხდება ტრაგედია, დიახ ხანდახან პოლიცია ესვრის ბავშვს რომელსაც ქონდა ხელში სათამაშო პისტოლეტი. შეიარაღებულ საზოგადოებაში ეს გარდაუვალია, ისევე როგორც “მოტორიზირებულ” და ელექტრიფიცირებულ საზოგადოებაში ვიღაცა მოკვდება ავტო-ავარიაში ან დენის დარტყმისგან ან ავიაკატასტროფაში, ბერვად უფრო მეტი ადამიანი იხრჩობა ბასეინში ვიდრე კვდება იარაღთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებში მაგრამ არავინ არ ითხოვს ბასეინში მოცურავეთა ლიცენზირებას და გაოცდის ჩაბარებას ბასეინში ჩახტომამდე. ჩვენ მივიდვართ რისკებზე ყოველ დილა როდესაც სახლიდან გამოვდივართ და ამ რისკებს ვეგუებით იმიტომ, რომ გვინდა სწრაფად მივიდეთ სამსახურში მანქანით ან გადავფრინდეთ თვითმფრინავით სხვა ქვეყანაში. ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს იმიტომ, რომ მას ირაციონალური შიშების და მცდარი სტერეოტების გამო წაართვეს ან შეუზღუდეს თავდაცვის უფლება.