Henry “Golden Boy” .22

slider-americas-rifle-v3

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში იარაღის ფლობის აუცილებლობა აღარ არის რუტინული აუცილებლობა, აშშ-ში გამოშვებული იარაღების უმეტესობა მაინც გამოირჩევა უფრო  თავისი უტილიტარული თვისებებით, უბრალო შესრულებით და ასევე იმით, რომ როგორც წესი იქმნება უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რეჟიმში “ზავოდ-კრაოტ”. ასეთი იარაღი ყოველთვის მოკლებული იქნება ესთეტიკას, რომელიც ახასიათებს მაგალითად ბრიტანულ ან გერმანულ იარაღებს, სადაც იარაღის ფლობა გარკვეულ წილად პრივილეგია არის, ხოლო ნადირობა და სასროლოსნო სპორტი ხელმისაწვდომია  მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის. მაგრამ არის, ამერიკელ მწარმოებლებს შორის გარკვეული გამონაკლისებიც. მაგალითად თქვენ გსმენიათ კომპანიის შესახებ სახელად Henry Repeating Arms? და ისიც თუ იცით, რომ ეს მწარმოებელი შედის შაშხანების ყველაზე მსხვილი ამერიკული მწარმოებლების ხუთეულში? და რომ ეს კომპანია აწარმოებს პრაქტიკულად ერთი, ტრადიციული ამერიკული შაშხანის ტიპს? მაგრამ ყველაფერზე თანმიმდევრობით…

როდესაც წარმოიდგენთ, რა შეიძლება იყოს ტრადიციული ამერიკული შაშხანა, აზრად უნდა მოგივიდეთ მარტო ერთი იარაღი, 1873 წლის ან 1886 წლის ბერკეტიანი “ვინჩესტერი”. ასეთ “ვინჩესტერებს” ფლობდნენ, ბუფალო ბილი, ენი ოკლი, ტედი რუზველტი და უამრავი სხვა სახელგანთქმული და გამოჩენილი ამერიკელი. ბერკეტიანი “ვინჩესტერი” ასევე შედის იარაღების სიაში, რომლებმაც “დაიპყრეს დასავლეთი”. თუმცა ბერკეტიანი “ვინჩესტერების”  ისტორია იწყება უფრო ადრე, 1860 წელს, როდესაც ბენჯამინ ტაილერ ჰენრიმ შექმნა პირველი ბერკეტიანი შაშხანა, გათვლილი .44 კალიბრის მეტალის ვაზნაზე. დიახ, ბერკეტიანი იარაღები უფრო ადრეც არსებობდნენ, მაგრამ ამ იარაღებს ქონდათ უამრავი ნაკლი და შეზღუდვა, ხოლო ჰენრის შაშხანა იყო სრულფასოვანი, ეფექტური იარაღი, რომელიც ომშიც გამოიცადა. შეგახსენებთ, რომ იმ დროს ამერიკაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ხოლო ყველაზე გავრცელებული შაშხანა ამ ომში იყო ლულიდან დასატენი, სპრინგფილდის 1861 წლის მუშკეტი. ასევე დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა უფრო ადრინდელი შაშხანები, 1812 და 1816 წლის სპრინგფლიდის და 1853 წლის ენფილდის  მუშკეტები. ამ იარაღებთან შედარებით, ჰენრის სწრაფდამტენი 16 ვაზნიანი .44 კალიბრის შაშხანა იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რევოლუციური იარაღი, რომელმაც დიდი თუ არა გადამწყვეტი, როლი ითამაშა ჩრდილოეთის გამარჯვებაში. ამერიკელებმა სათანადოდ შეაფასეს ბერკეტიანი ჰენრი და დღემდე უამრავი კომპანია უშვებს ამ ტიპის იარაღებს. მარტო Henry Repeating Arms უშვებს წელიწადში 300 000 ასეთ შაშხანას. ეს კიდე ცოტა ნამდვილად არ არის.

Henry-rifles-1860-us-civil-war

ორიგინალური 1860 წლის ჰენრის შაშხანა ჩრდილოელი მოხალისეების ხელში. ”ეს წყეული იარაღი შეიძლება დატენო კვირადღეს და ისროლო მთელი მომდევნო კვირა”, ასე ახასიათებდნენ ამ იარაღს კონფედერანტები, ხოლო ჩრდილოეთის ჯარისკაცები თავისი ფულით ყიდულობდნენ ჰენრის შაშხანებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Henry Repeating Arms-ს არ აქვს არანაირ კავშირი ბენჯამენ ტაილერ ჰენრისთან და მის კომპანიასთან. ახალი  კომპანია დაარსდა 1996 წელს ლუის და ენტონი იმპერატოს მიერ, ბრუკლინში, ნიუ იორკი. მათ მოიპოვეს უფლებები ჰენრის სავაჭრო ნიშანზე და დაიწყეს ბერკეტიანი შაშხანების და კარაბინების წარმოება. ამჯერად სათაო ოფისი და საწარმო განლაგებულია ბაიონში, ნიუ ჯერსი და ასევე ერთი საწარმო განლაგებულია რაის ლეიქში, ვისკონსინის შტატში. კომპანიაში დასაქმებულია 400-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის დევიზი თავიდან იყო, “დამზადებული აშშ-ში და თანაც კარგ ფასში” მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა “ან დამზადებულია აშშ-ი ან არ არის დამზადებული საერთოდ”. კომპანია ცნობილია კლიენტების მოსმახურების უნაკლო სერვისით, არც მის ეხლანდელ ხელმძღვანელს ენტონი იმპერატოს არ აკლია ქარიზმა და ამიტომ Henry Repeating Arms სარგებლობს ამერიკელი იარაღის მფლობელების დიდი სიყვარულით, პატივისცემით და გააჩნია ერთგული ფანების მთელი არმია.

საქართველოში ამ მწარმოებელს პრაქტიკულად არ იცნობენ და არც ბერკეტიანი შაშხანები მაინცდამაინც არ არის აქ გავრცელებული, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ, თბილისის ერთ-ერთმა იარაღების მაღაზიამ შემოიტანა ჰენრის შაშხანები და როგორც ჩანს იმ პარტიიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ჩემ ხელებში. ეს არის .22LR კალიბრის შაშხანა სერიიდა “Golden Boy” (გოლდენ ბოი – ოქროს ბიჭი).

81318828_10215362486630822_7904523211025416192_o

თითბერის დეტალები, ამერიკული კაკლის კონდახი და ტიბჟირი, ოქტაგონალური სქელ-პროფილიანი ლულა არის, რაც გამოარჩევს “გოლდენ ბოის” სხვა მოდელებისგან. 

დაახლოებით ერთი წლის წინ მე უკვე მქონდა ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი შაშხანა, წარმოებული Norinco-ს მიერ. იდეა და კონცეფცია მე მომეწონა, მაგრამ შესრულება ისე რა იყო, ამიტომ როდესაც მომეცა შანსი შემეძინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებლის მოდელი, თავი ვერ შევიკავე, მუხედავად იმისა, რომ სეიფში უკვე მიდო იგივე კალიბრის “რუგერ 10/22″. მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნო ახალი იარაღისთვის არ გამიხდა საჭირო ცალკე ვაზნების შეძენა.

P1120087

Henry “Golden Boy” და Ruger 10/22

პირველი რასაც გაიფიქრებს “გოლდენ ბოის” დანახვისას არის მისი ატიპიური ამერიკული იარაღისთვის შესრულება. ამერიკული კაკლის ფურნიტურა, გაპრიალებული ოქროს ფერის რესივერი, უჩვეულოდ ღრმა, მუქი და პრიალა ოქსიდირება და ოქროთ ინკრუსტირებული წარწერები ლულაზე.   შესრულება არის უნაკლო, დეტალების დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალი. მერე მოდის ბერკეტიანი მექანიზმის მუშაობის სრიბილე. წარმოუდგენლად რბილი ბერკეტის სვლა, ძალიან კარგი,  ერთ საფეხურიანი სასხლეტი, ჩახმახი, რომელიც ისე მოძრაობს, თითქოს საერთოდ არ ეხება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის სხვა დეტალებს. დეტალების დამზადების ხარისხი და მათი მორგება არის უნაკლო. ერთს ვფიქრობდი, ნეტა ეს იარაღი ისროდეს ისევე კარგად, როგორც გამოიყურება.

განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ იარაღი არ არის გადატვირთული უაზრო წარწერებით, როგორიც არის ” იარაღის გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია”, “ტყცია გამოფრინებდა აქიდან”, “იარაღი კლავს”, მოკლედ ათასი სისულელით, რითიც კომპანიის იურისტები იმედოვნებენ დააღწიონ თავი საჩივრებს, როდესაც ვიღაცa იდიოტი, მათი იარაღიდან გაიხვრიტავს თავს. იარაღის სერიული ნომერიც კი, დამალულია ბერკეტის ქვეშ.  საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ მისცეს იურისტებმა საშუალება კომპანიას გამოუშვას იარაღი მექანიკური მცველის გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ “გოლდენ ბოის” მექანიკური მცველი არ აქვს და ის მას არც ჭირდება, იმიტომ, რომ ირაღი არის გარედან განლაგებული ჩახმახით და ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. ასეთი კონფიგურაციით, მექანიკური მცველის არსებობას არანაირ აზრი არ აქვს. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების  (უსაფრთხო) პოზიცია, ვინაიდან შაშხანა ტრადიციული კონსტრუქციის არის და არ გააჩნია ე.წ. ტრანსფერ ბარი, ანუ თანამედროვე უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც არ აძლევს ჩახმახს საშუალებას მიწვდეს დამრტყმელს სანამ არ მოხდება სასხლეტზე დაჭერა. ამის წყალობით იარაღის კონსტრუქცია არის ძალზედ მარტივი.

შაშხანა იკვებება ლულის ქვეშ განლაგებული მილისებრი მჭიდიდან, რომელიც იტევს 16 ვაზნას. მჭიდის ვაზნებით ავსებისთვის საჭიროა ვაზმნების მიმმართველი ღერძის ამოღება, მილისებრი მჭიდის ავსება ვაზნებით და მიმმართველის ღერძის მჭიდში მოთავსება. საექსტრაქციო ფანჯარა განლაგებულია რესივერის მარჯვენა მხარეს. ბერკეტის გადაწევისას ხდება მასრის ექსტრაქცია, ჩახმახის შეყენება და ახალი ვაზნის მიწოდება

იარაღის სამიზნი მოწყობილობები შედგება კორასგან თითბერის ჩანართით და “ირმის რქების” (Buckhorn) ტიპის თარაზოთი. ასეთი სამიზნი მოწყობილობები არ არის განკუთვნილი ზე-ზუსტი სროლისთვის შორ მანძილებზე, მაგრამ ადეკვატურია 100 მეტრამდე სასროლად და საკმაოდ სწრაფია. კორა იძლევა საშუალებას ჰორიზონტალური შესწორებების შეტანის, თარაზო ვერტიკალური და ჰორიზონტალურის.

P1120095

P1120093

ძველებურ სტილში შესრულებული კორა, თითბერის ჩანართით. კორაზე შესრულებულია ჭრილები, რომ ის არ ირეკლავდეს მზეს. თარაზოში ჰორიზონტალური შესწორების შეტანა ხდება ხრახნის დაშვებით რომლითაც ის მაგრდება ლულაზე და თარაზოს გადაწევით მარცხნივ ან მარჯვნივ. 

ბუნებრივია ნებისმიერი ტიპის ოპტიკის სამაგრი იქნებოდა არაბუნებრივი ასეთ ირაღზე, მაგრამ ოპტიკის დაყენება შესაძლებელია. კომპანია აწარმოებს და ყიდის სპეციალურ სამაგრს რომელიც დგება უკანა სამიზნი მოწყობილობის ადგილას.

02641

“ჰენრის” ოპტიკის ორიგინალური კრონშტეინი ღირს 30 დოლარამდე. 

იარაღი არ არის მძიმე, მაგრამ ხელში იგრძნობა სქელი 20 ინჩიანი ოქტაგონალური ლულის წონა. შაშხანა იწონის სადღაც 3 კგ-ს და ეს არ არის ცოტა, მცირეკალიბრიანი იარაღისთვის. სამაგიეროდ ეს წონა პრაქტიკულად მთლიანად შთანთქავს უკუცემას და აადვილებს მიზანში სროლას. მაგალითად ბუმბულივით მსუბუქი რუგერ 10/22-ის სტაბილურად ჭერა საკმაოდ რთულია.

ეხლა რა არ მომეწონა. რა გასაკვირია, რომ რესივერის გარსაცმი არ არის თითბერის. სინამდვილეში ის არის მსუბუქი შენადნობისგან ჩამოსხმული დეტალი ოქროს ფერის მდაფარვით. დღეს 2019 წელია და მსუბუქი შენადნობები ყველგან მასიურად გამოიყენება, მათ შორის იარაღებშიც. გამოყენებულ მსუბუქი შენადნობს ქვია “ზამაკი” თუმცა კონკრეტული მარკა მე ვერ დავადგინე. მოპირკეთებული ოქორსფერი დაფარვით, ‘ჰენრიში” ამ მასალას ეძახიან “Brasslite”-ს. თითბერის, “გოლდენ ბოიში” არის მხოლოდ რგოლი, რომელიც კრავს ლულას და ტიბჟირს და კონდახის საზურგე. მეორე, რაც არ მომეწონა არის ის, რომ 500-600 დოლარიან (ამერიკული ფასი) მცირეკალიბრიან შაშხანაზე უნდა იყოს  საღვედეები. მაგრამ საღვედეები არ არის. მეტს ამ იარაღს დიდ ვერაფერს ვერ დაუწუნებ გარდა იმისა, რომ ის იმდენად ლამაზია, რომ არც კი წარმომიდგენია, ამით როგორ უნდა წახვიდე სადმე სახეტიალოდ და დაკაწრო ქვებზე ან ბუჩქებში.

ის ფაქტი, რომ იარაღში გამოიყენება მსუბუქი (იაფი) შენადნობები რაღაცნაირად არ ამართლებს მოლოდინებს, მაგრამ წარმოუდგენელია იფიქრო, რომ დღეს ვინმე შემოგთავაზებს შაშხანას 500 დოლარად რომელსაც ექნება თითბერის ბლოკიდან “გამოთლილი” რესივერი ან თუნდაც მისი გარსაცმი. ვიღაცა, ჩემზე უფრო კრიტიკულად განწყობილი, იტყოდა რომ “გოლდენ ბოი” არის შელამაზებული “მოსბერგ პლინკსტერი”, მაგრამ ორი მიზეზის გამო მე ვერ დავეთანხმები ასეთ შეფასებას. პირველი იქნება მექანიზმის მუშაობის სირბილე დეტალების უნაკლო მორგების წყალობით და მეორე თუ როგორ ისვრის “გოლდენ ბოი” და ის ისვრის ძალიან კარგად.

IMG_20191226_155838370

ხელიდან, წოლიდან,  საყრდენით, საყრდენის გარეშე, 80-90 მეტრზე გონგს არტყავთ მოსაწყენი რეგულარობით.  50 მეტრზეც მიუხედავად იმისა, რომ თითბერის ჩანართი პრაქტიკულად მთლიანად ფარავს სამიზნის 20 სანტიმეტრიან შავ წრეს, მაინც იღებ კარგ ჯგუფებს. მე დარწმუნებული ვარ რომ ოპტიკით, 50  მეტრიდან  ”გოლდენ ბოი” მჭიდის დაცლის შემდეგ დატოვებს სამიზნეში ერთ დიდი ნახვრეტს.  საუკეთესო ჯგუფები ჩვენ მივიღეთ S&B Standard Velocity მუხტით, რომელიც იყენებს 40 გრანიან ტყვიას. 50 მეტრზე თიხის თეფშების განადგურებაც არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას. საშუალო სიზუსტე სხვადასხვა მუხტებით 50 მეტრზე შეადგინა 5-6 სმ. სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, მექანიკური სამიზნი მოწყობილობების გამოყენებით. უფრო დეტალურ ანგარიშს შემოგთავაზებთ “გოლდენ ბოის”  გრძელვადიანი ტესტირების შემდეგ, ეჭვი მაქვს ეს შაშხანა ჩემთან ცოტათი უფრო დიდხანს გაჩერდება.

ჩვენ პირველ ჯერზე  ვისროლეთ ალბათ ასე 80-90 ვაზნა და არანაირ პრობლემას ადგილი არ ქონდა. შაშხანა მუშაობდა როგორც შვეიცარული საათი. ვაზნების მიწოდება და ექსრტრაქცია იყო პოზიტიური და ერთგვაროვანი. რაც მომეწონა იყო ის, რომ ცარიელი მასრები მიუხედავად იმისა, რა ძალით ამოძრავებდით ბერკეტს, მიფრინავდნენ ძალიან შორს. მოკლედ “გოლდენ ბოი” ნამდვილად მუშაობს ისევე კარგად, როგორც გამოიყურება.

რაც შეეძლება მოვლა-მომსახურებას, ეს ძველი იარაღია და მისი დაშლა საკმაოდ ბევრ მანიპულაციას ითხოვს. უნდა მოიხსნას კონდახი რომელიც მაგრდება რესივერში ორი ხრახნით, შემდეგ უნდა მოიხსნას რესივერის გარსაცმი, რომელიც ასევე მაგრდება რესივერზე ოთხი ხრახნით. ხრახმები არ არის რბილი მეტალისგან, მაგრამ იმისთვის რომ გამორიცხოთ მათი დაზიანება უნდა გამოიყენოთ შესაბამისი ზომის სახრახნისი.

P1120131

ასე გამოიყურება არასრულად დაშლილი “გოლდენ ბოი”. აწყობისას რესივერის გარსაცმის ხრახნების ბოლომდე გადაჭერა საჭირო არ არის, უბრალოდ კარგად დაუჭირეთ და საკმარისია. ხრახნები ისე ფიქსირდება რომ სროლის დროს მათი დაშვება არ ხდება. 

გარსაცმის მოხსნის შემდეგ ამოიღეთ საკეტი და პრინციპში მეტი დაშლა საჭირო არც არის. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია ლულის სავაზნის მხრიდან გაწმენდა, ასევე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და საკეტის გაწმენდა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოყენებულია ოქროსფერი დაფარვა და ხის დეტალები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა საწმენდი გამხსნელები, რომლებსაც შეუძლიათ ხის და დაფარვის დაზიანება. ინსტრუქცია აძლევს რეკომენდაციას Breakfree-ს, Kleenbore-ს და Hoppes N9-ს. ჩემი აზრით ასეთ იარაღში, რაიმე ასეთი საშუალების გამოყენება არც არის საჭირო. უბრალოდ გაწმინდეთ დეტალები ჩვრით ნამწვავისგან, გაატარეთ ლულაში ნაჭრის პატჩები, დაზეთეთ ნეიტრალური ზეთით მოძრავი ნაწილები და სულ ეს არის. ლულის არხის ზედაპირის ხარისხი თვალით კარგი ჩანს და არ მგონია ტყვიის ნადების მოსაცილებლად ხშირად მოგიწიოთ თითბერის ჯაგრისის ან ქიმიის გამოყენება. რეალურად არც არის საჭირო, რომ ყოველი სროლის შემდეგ “გოლდენ ბოი” დაშალოთ გასაწმენდათ. .22 კალიბრის ვაზნები არ არის კოროზიული და ჩემი აზრით ეს შაშხანა “შეჭამს” ბევრ კოლოფ ვაზნას სანამ დაბინძურება გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას ან ლულა გაიბიდნება ტყვიის ნადებით. იარაღი იმდენად ლამაზია და ფაქიზი, რომ. მეეჭვება ვინმემ ათრიოს ეს იარაღი ტყეში და მთაში.

ჩემი აზრით ე.წ. gun sock არის აუცილებელი ასეთი იარაღისთვის.  ასეთი შალითები არ ღირს ძვირი, სულ რაღაც 10-15 დოლარი, მაგრამ ისინი პრაქტიკულად არ იკავებენ ადგილს და კარგად იცავენ იარაღს.

სანამ არ მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ გავარდნილხართ ჰენრის შაშხანების საძებნელად, წაიკითხეთ ეს აბზაციც. “გოლდენ ბოი” არის 150 წლის იარაღის პრაქტიკულად ზუსტი ასლი. რას ნიშნავს ეს? იარაღი იყენებს მოძველებულ კვების სისტემას. მჭიდის ავსების ციკლი ხანგრძლივია. თუ მაგალითად მე მინდა განვმუხტო ჩემი რუგერი 10/22, მე უბრალოდ მოვხსნი მას მჭიდს, გადავკრავ საკეტს, ვიზუალურად დავრწმუნდები რომ სავაზნე ცარიელია და ისევ გავუკეთებ მჭიდს. ეს მარტივი ადმინისტრაციული პროცედურა შეუძლებელია “გოლდენ ბოიში”. იმისთვის რომ ის განმუხტოთ, ჯერ უნდა გახსნათ მილისებრი მჭიდი და გადმოყაროთ ვაზნები, რაც ნიშნავს რომ ხელი უნდა მიიტანოთ დატენილი იარაღის ლულის ბოლოსთან. ცხადია ჩახმახი უნდა იყოს დაწეული და იმყოფებოდეს half cock პოზიციაში, შემდეგ ამოაგდოთ ვაზნა სავაზნიდან ბერკეტის მოძრაობით და მერე კიდევ რამდენჯერმე  გადაწიოთ ბერკეტი, იმიტომ რომ ვაზნები შეიძლება რჩებაოდეს იარაღში. მხოლოდ მას მერე რაც დარწმუნდებით რომ მჭიდი ცარიელია და არც იარაღში არ არის ვაზნები, იარაღი ჩაითვლება განმუხტულად. იმისთვის, რომ ჩაცალოთ ვაზნები მჭიდიდან შეიძლება მაგალითად რენჯზე თან ატაროთ რამე პლასტმასის პატარა ჯამი, საველე პირობებში მოგიწევთ ხელში გადმოყრა რაც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების წესებს. გასათვალისწინებელია, რომ იარაღის გასაწმენდად დაშლისთვის მოსახსნელია არც მეტი არც ნაკლები 6 ხრახნი, ერთი არასწორი მოძრაობა და დაიკაწრება ან ხრახნები ან იარაღი. ცვეთის ნიშნები გამოყენებისგან, იარაღს უხდება და ამშვენებს, ესეიგი ხდება იარაღის დანიშნულებისამებრ გამოყენება. ათლილი ხრახნის თავები და ხრახნების ირგვლივ ნაკაწრები ასეთ “კეთილშობილურ” ცვეთის ნიშნებს ნამდვილად არ განეკუთვნება.

ბერკეტიანი გადატენვის სქემა გულისხმობს, რომ იმისთვის რომ იარაღი ეფექტურად და სწრაფად გამოიყენოთ, საჭიროა გამოიმუშავოთ სპეციფიური უნარჩვევები. თუ სხვა ბერკეტიანი შაშხანები არ გაქვთ, ეს უნარჩვევები არ გამოგადებათ, იმიტომ, რომ სხვა და ჩვენთან უფრო გავრცელებული გრძელი იარაღების გამოყენების ფილოსოფია რადიკალურად განსხვავებულია. ასე, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი.

სამაგიეროდ ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი შაშხანა იტენება უფრო სწრაფად ვიდრე კლასიკური “ბოლტი” და გაისვრის ნებისმიერ .22LR კალიბრის მუხტს, რომელზეც გაჭედავს “ნახევრად-ავტომატი”. მაგალითად “გოლდენ ბოიდან” მე უპრობლემოდ ვისროლე Federal Champion-ის ვაზნები, რომლებიც წელზე მეტია მგონი მიდევს სეიფში და რომელსაც ვერ ინელებდა ვერც ერთი ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი კარაბინი. გარდა ამისა “გოლდენ ბოიდან” შესაძლებელია .22 short და .22 long ვაზნების სროლა. უკანასკნელს აქ ალბათ ვერ იშოვით, მაგრამ პირველის სროლა შესაძლებელია. “შორტის” გასროლისას ხმა პრაქტიკულად არ იქნება და ენერგია საკმარისი იქნება რომ “გააგოროთ” მავნებელი მღრნელები. მე შევამოწმე და “გოლდენ ბოი” აწვდის სავაზნეში .22 Short ვაზნებს, მართალია ტყვიის თავი ოდნავ ზიანდება, იმის გამო რომ მოკლე ვაზნა ეჯახება თავით სავაზნის კიდეს, მაგრამ მიწოდება ხდება და სროლა შესაძლებელია. ასე, რომ ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი კარაბინები გთავაზობენ უფრო მეტ უნივერსალურობას ვიდრე “ნახევრად-ავტომატები” და უფრო უკეთეს სწრაფსროლას ვიდრე ტრადიციული “ბოლტები”. როგორც წესი out of the box, მათი მჭიდების ტევადობაც უფრო დიდია,. ასე მაგალითად “გოლდენ ბოი” იტევს 16 ვაზნას.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Henry Golden Boy აერთიანებს თავის თავში კლასიკური “ბოლტების” თვისებას ისროლონ ნებისმიერი .22LR კალიბრის მუხტი და ამავე დროს არის უფრო სწრაფმსროლელი. ბონუსად მოდის შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენოთ .22 Short ვაზნები. შესრულება, ხარისხი, სიზუსტე, საიმედოობა არის საუკეთესო. მეორეს მხრივ იარაღი უბრალოდ ზედმეტად ლამაზი და ფაქიზია ტყეში და მთაში სათრევად, შესაბამისად ის უფრო რენჯის იარაღია ვიდრე პრაქტიკული მცირეკალიბრიანი შაშხანა.  ის ასევე საკმაოდ ძვირიც ღირს, მაგრამ მეორეს მხრივ გაგიჭირდებათ ნახოთ მეორე ასეთი ქარიზმატული და ორიგინალური მცირეკალიბრიანი იარაღი.



კომენტარები გათიშულია.