ზუსტი, ერგონომიული, იტალიური და ხელმისაწვდომი – Tanfoglio TA95

არავინ არ დაობს, რომ Heckler&Koch, Walther, SiG, Glock და რიგი სხვა მწარმოებლების უშვებს უმაღლესი ხარისხის ცეცხლსასროლ იარაღს, უფრო კონკრეტულად პისტოლეტებს. მაგრამ მაგათი ფასი იწყება მინიმუმ 600 დოლარიდან. 600 დოლარი პრემიუმ კლასის პისტოლეტში ჩემი აზრით არ არის ბევრი. თუმცა ტოპ-კლასის თავდაცვითი იარაღის ფასი ჩემი აზრით იწყება კიდე უფრო მაღალი ნიშნულიდან – 800 დოლარიდან სერიულ მოდელში. ზოგი სისტემის პისტოლეტისთვის არც 1000 დოლარი არ არის მინიმალური ფასი. მაგალითად მაღალი კლასის სტანდარტული (ანუ სერიული წარმოების) M1911A1 ტიპის პისტოლეტის ფასი იწყება საშუალოდ 1000 დოლარიდან 2500 დოლარამდე. ეს საკმაოდ ბევრია თუნდაც საკმაოდ მდიდარი ქვეყნის მოსახლეობისთვისაც. იგივე აშშ-ში სწორედ დაბალი ფასის გამო ბრაზილიური ტაურუსი ყიდის უამრავ რევოლვერს, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხით ის ბევრად ჩამოუვარდება სმიტებს ან რუგერებს. (ტაურუსის პისტოლეტები ჩემი აზრით გაცილებით უფრო უკეთესი იარაღია თავის ფასში ვიდრე მათ მიერ გამოშვებული რევოლვერები). ჩვენთან სიტუაცია გაცილებით უფრო უარესია და პრემიუმ კლასის იარაღის ფასი კიდე უფრო მაღალია, ხოლო მისი ხელმისაწვდომობა კიდე უფრო დაბალია.  ახალი ნორმალური პისტოლეტის ფასი იწყება მინიმუმ 2000 დოლარიდან და შეიძლება 3500-ს 4000 დოლარს აღწევდეს. სწორედ ამ მიზეზის გამო განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყავს იაფი და ამავდროულად ხარისხიანი და მუშა მოკლე ლულიანი იარაღის მოდელების. იმიტომ, რომ თუ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს გაუჩნდა სურვილი იარაღის შეძენის შეიძლება სასურველ რეზულტატს მან მიაღწიოს ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევით.  კარგი პისტოლეტები, რომლებიც ღირს 1000 ლარზე ნაკლები საკმაოდ ცოტაა და მათ შორის კიდე უფრო ცოტა არიან მართლაც კარგი იარაღები. ჩემი აზრით დღეს საუკეთესო არჩევანს მეორადი 9მმ-ნი პისტოლეტების ბაზარზე წარმოადგენს თურქული Stoeger P8000.  მისი შოვნა შეიძლება 800-დან 900 ლარამდე (ახალი ის 1600 ლარი ღირს). ეს პისტოლეტი არის ბერეტა 8000-ის კოპია, მას აქვს ბერეტას ნაწილები შიგნით, ორივე მჭიდი ასევე იტალიურია ბერეტასთვის განკუთვნილი. დახვეწილი კონსტრუქცია, გამძლე დაფარვა, ძალიან კარგი ხარისხი და ქრომირებული ლულა 1000 ლარზე ნაკლებ ფასში არის მართლაც ჩემი აზრით საუკეთესო შემოთავაზება. კომპანია შტოეგერი შედის ბერეტას ხოლდინგში და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხარისხის კონტროლი ამ წარმოებაში უნდა იყოს მაღალი, რაც ამცირებს ქარხნული ბრაკის ალბათობას.

ბულგარულ არკუსზეც მე უკვე ვწერდი ადრე. პისტოლეტი არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა აქვს ნაკლოვანებებიც, ცუდი ხარისხის დაფარვა, საკმაოდ არაკომფორტული პატარა სამიზნე მოწყობილობები, საკმაოდ უხეში და მძიმე სასხლეტი  და ტარის მასალა მე პირადად არ მომწონს. მაგრამ იარაღი არის მუშა და თავის საქმეს ის აკეთებს კარგად.

კიდევ ერთი პისტოლეტი, რომელსაც მე პრაქტიკულად შემთხვევით გადავაწყდი ასევე იშოვება 1000 ლარზე ნაკლებ ფასში და ამ ფასად საკმაოდ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. ლაპარაკი მაქვს იტალიური წარმოების ტანფოლიოს პისტოლეტებზე.

კომპანია Fratelli Tanfoglio S.N.C. (წარსულში ცნობილი როგორც Fabbrica d’armi Tanfoglio Giuseppe, დაფუძნებული 1940 წელს) მდებარეობს იტალიაში, ქალაქ გარდონე ვალ ტრომპიაში, ქალაქში, რომელიც კარგად არის ცნობილი იარაღის მოყვარულთათვის, იმიტომ, რომ იგივე ქალაქში მდებარეობს ბერეტას წარმოება და არა მარტო. კომპანია ტანფოლიო სპეციალიზირდება მხოლოდ და მხოლოდ პისტოლეტებზე და 1980-ების დასაწყისიდან მათი საფირმო პროდუქტია სპორტული პისტოლეტები დაფუძნებული კარგად ცნობილ ჩეხური CZ-75-ის კონსტრუქციაზე. კომპანია წელიწადში დაახლოებით 90 000 პისტოლეტს უშვებს და მათი 80% მიდის ექსპორტზე. ტანფოლიოს კატალოგი მოიცავს თავდაცვით მოდელებს ფოლადის და პოლიმერის ჩარჩოთი და ასევე მოდელებს, რომლებიც პირდაპირ არიან მზად სასროლოსნო შეჯიბრებებისთვის. ფასის და ვარიანტების დიდი რაოდენობის გამო, ისევე გამომდინარე CZ-75-ის შესანიშნავი სროლის უნარიანობიდან, ტანფოლიოს პისტოლეტები ძალიან პოპულარულია სპორტსმენებს შორის ევროპაში და ასევე პოპულარობას იძენს აშშ-ში, სადაც სტანდარტული ტანფოლიოს მოდელები (ტანფოლიოს პისტოლეტები იყიდება აშშ-ში, როგორც EEA Witness მოდელები) ღირს 350-450 დოლარი, ხოლო სპორტული მოდელები 1000 დოლარის ფარგლებში. აშშ-ში ამავე კომპანიის მეორადი სტანდარტული (თავდაცვითი) მოდელების ფასი შეადგენს 200-250 დოლარს. ეს ძალიან დაბალი ფასია იარაღში, რომელიც ხელმისაწვდომია არც მეტი არც ნაკლები 6 კალიბრში (9x19mmParabellum, 9x21mm, .40 S&W, 10mmAuto, .45ACP და .22 Long Rifle). აშშ-ში გამოდის საკონვერსიო ნაკრებიც გათვლილი .357SiG-ზე. ადვილია ერთმანეთში მათი გამოცვლაც, თუ ემთხვევა პისტოლეტის წონითი კატეგორია, რომელიც წარმოდგენილია დიდი და სტანდარტული ზომის ჩარჩოებით. .22 კალიბრის საკონვერსიო ნაკრები ხელმისაწვდომია ორივე ტიპის ჩარჩოებისთვის. პოლიმერის ჩარჩოიან ტანფოლიო Force-ში ეს შეზღუდვა აღარ არის და კალიბრის გამოცვლა კიდე უფრო ადვილია. გარდა ამისა სტანდარტული და კომპაქტური მოდელების საკეტიც და ჩარჩოც ურთიერთცვლადია. შესაძლებელია კომპაქტზე სტანდარტული სიგრძის საკეტის და ლულის დაყენება.

ფრანგი ერიკ გრაუფელი არის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი პრაქტიკულ სროლაში და ის ასპარეზობს ტანფოლიოს პისტოლეტებით. პისტოლეტი არის მოდიფიცირებული Tanfoglio Limited Custom.

ტანფოლიოს TA სერიის პისტოლეტები დაფუძნებულია, როგორც უკვე ვთქვი CZ-75-ის კონსტრუქციაზე (ტექნიკურად ორივე პისტოლეტი პრაქტიკულად იდენტურია) და ფოლადის მოდელები იზიარებენ ყველა იმ დადებით მხარეს, რაც ჩეხურ პროტოტიპს გააჩნია. მართვის ორგანოების განლაგებაც და ფუნქციონირებაც პრაქტიკულად  იგივეა. სხვანაირად მუშაობს მხოლოდ მცველი, რომელიც როგორც ისრაელის Jericho-ში ირთვება მაშინაც, როდესაც ჩახმახი დაწეულია. ადრინდელ მოდელებზე მცველი იყო განლაგებული საკეტზე, შემდგომ მან გადაინაცვლა ჩარჩოზე სადაც ის წესით უნდა იყოს. მოდელები პოლიმერის ჩარჩოთი (მოდელები Force) შესაბამისად უფრო მეტს იზიარებენ Jericho-ს პოლიმერის მოდელებთან, და პირველი “იერიხოებიც” მზადდებოდნენ ტანფოლიოს წარმოებული დეტალებისგან.

ერთი შეხედვით ტანფოლიო არის CZ-ს ზუსტი კოპია. ორივე ერთნაირად იშლება მაგრამ სხვაობები მაინც არის.

ჩვენ შესწავლის მიზნით ხელთ გვაქვს მეორადი მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი ტანფოლიო მოდელი T95 Compact. ის წარმოადგენს ავტომატურ პისტოლეტს ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, ორ რიგიანი მჭიდით, რომელიც იტევს 14 ვაზნას. იარაღი აღჭურვილია არაავტომატური მცველით. ავტომატიკის სქემა იგივეა რაც CZ-75-ის შემთხვევაში. ბრაუნინგის სისტემა, რომელიც იყენებს საბრძოლო ბჯენებს ლულის ზედაპირზე და შესაბამის ღარებს საკეტის შიგნით. ვიზუალურად ტანფოლიო ნაკლებად გავს ჩეხურ პისტოლეტს, ხოლო ტექნიკურადაც გარკვეული „უხილავი“ სხვაობები არის. პირველ რიგში წინა სამიზნე მოწყობილობა შესრულებულია საკეტთან ერთად, რაც შესაბამისად შეუძლებელს ხდის მის გამოცვლას და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან ღამის სამიზნე მოწყობილობის დაყენებას. საჭირო გახდება ხელოსნის ჩარევა, რომელიც ჩვენ პირობებში ან მოკიდებს ასეთ საქმეს ხელს ან არა. მცველი, როგორც აღვნიშნე ირთვება დაწეულ ჩახმახზეც.  უკანა სამიზნე მოწყობილობა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით, როგორც რუსულ ტტ-ზე, რის გამოც მისი საშუალებით ვიწრო და დაბალი საკეტის გადატენა საკამოდ ადვილია.

უკანა სამიზნე მოწყობილობა დამზადებული ფოლადისგან საკმაოდ ვიწრო ღარით არის, ხოლო წინა სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენს საკეტის ნაწილს. ამის გამო მათი გამოცვლა არის ძნელი. არც სხვა მწარმოებლების სამიზნე მოწყობილობების დიდი არჩევანი ამ პისტოლეტისთვის არ არის.

შიგნიდან ასევე გარკვეული სხვაობები სახეზეა. მცველის ღილაკის ფიქსატორმა გადაინაცვლა უშუალოდ ღილაკზე და ის მიკროსკოპული ზამბარა და რკინის ფიქსატორი, რომელიც თავსდებოდა CZ-75-ის ჩარჩოში უკვე არ წარმოადგენს ტანფოლიოს კონსტრუქციის ნაწილს. ასევე გაქრა სასხლეტის ბერკეტის ზამბარა. ეხლა ნაწილი, რომელიც იჭერს ადგილზე მჭიდის ღილაკს ამავ დროულად ასრულებს ბერკეტის ზამბარის ფუნქციასაც. მიღწეულია ეს ხვეული ზამბარის გამოყენებით, რომელიც ჩზ-ში არსებული ორი ზამბარის ფუნქციას ასრულებს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ჩარჩოზე ამოჭრილია ღარი, რომელშიც თავსდება ზამბარის წვერი დაშლის დროს. ის უკვე აღარ ხტება უკან და აწყობაც შესაბამისად გაადვილდა. ჩახმახის, სასხლეტის და სასხლეტის ბერკეტის შტიფტები არის ხვეული რაც ჩემი აზრით არც ისე კარგია, მთლიანი შტიფტები CZ-ზე ჩემი აზრით უკეთესია. ბოლოს ტანფოლიოში დამრტყმელი ფიქსირდება საკეტში მოსახსნელი დეტალით, რომელიც საკეტის უკანა ნაწილში არის განლაგებული (როგორც ადრინდელ CZ-75-ში). ამის გამო დამრტყმელის ამოღება და გაწმენდა უფრო ადვილია.

დეტალების დამუშავებით ტანფოლიო ჯობნის CZ-ს პისტოლეტებს, განსაკუთრებით გარედან, როდესაც კარგად ჩანს, რომ საკეტის და ჩარჩოს ფორმები უკეთესად და უფრო კარგად არის გამოყვანილი. გარედან ტანფოლიო იდეალურად არის დამუშავებული და არ ტოვებს იაფი უხარისხო პისტოლეტის შთაბეჭდილებას. შთაბეჭდილებებს მხოლოდ აფუჭებს თხელი ბინძური ნაცრისფერი დაფარვა.

საკმაოდ დიდი ზომის მჭიდის ერთმხრივი ღილაკი კომპაქტს ერგო სპორტული მოდელებისგან.

დაფარვას რაც შეეხება, ჩვენ ტანფილიოზე გამოყენებულია ოქსიდირება, რომელიც აშკარად ნაკლებად უძლებს ცვეთას ვიდრე CZ-ეების კომბინირებული დაფარვა. თუმცა ამავე დროს ის  ბევრად უფრო მდგრადი ჩანს ვიდრე მაგალითად ბულგარული არკუსის დაფარვა. უფრო ძვირიანი მოდელები იფარებიან ქრომით, რომელიც უფრო გამძლეა და ბევრად უფრო უკეთესადაც გამოიყურება.

ხელში იარაღი კარგად ზის. მას აქვს კარგად გამოხატული კუზი სახელურის ზურგის ქვედა ნაწილში (როგორც პოლიმერის „იერიხოს“ კომპაქტურ პისტოლეტში). ამ მხრივ ის „ებრაელთან“ უფრო ახლოს დგას ვიდრე CZ-75 კომპაქტთან. ტარის პანელები მყარი მაგრამ რბილი რეზინისგან არის დამზადებული და ძალიან კომფორტულია. საერთოდ კომპაქტურ და სუბკომპაქტურ პისტოლეტებში ტარის დიზაინი ჩემი აზრით თავისუფალი უნდა იყოს ზედმეტი „ორთოპედიულობისგან“, მაგრამ ამავე დროს უნდა იტოვებდეს მისი მორგების საშუალებას, ტარის პანელების, ჩამოსაცმელი რეზინის სახელურების და მჭიდის ქუსლების გამოცვლის მეშვეობით.

იარაღის 14 ვაზნიანი მჭიდები მაღალი ხარისხის არის, აქვთ პლასტმასის დიდი ზომის ხუფები და პრიალა ანტი-ფრიქციული დაფარვა. ამ შემთხვევაში მე ვისურვებდი მხოლოდ ფოლადის ხუფებს, ვინაიდან თუ ეს დეტალი თავიდანვე არ არის გათვლილი დარტყმებზე ის შეიძლება შედარებით ადვილად გამოვიდეს მწყობრიდან თუ სავსე მჭიდი დავარდება მყარ ზედაპირზე. მე მინახია რამდენიმე CZ-ს და მისი კლონების მჭიდები გაბზარული პლასტმასის მჭიდის ხუფებით. და ეს იყო ერთადერთი ასეთი ტიპის დაზიანება, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია. თუმცა არაერთხელ მსმენია, რომ ჩვენი პოლიციის შეიარაღებაში მყოფ HS-9-ს იგივე პრობლემები აღენიშნებოდა (დაუდასტურებელია).

ლულა არის ქრომირების გარეშე, კლასიკური ხრახნებით. მისი სიგრძე 97მმ-ია.

მთლიანობაში იარაღი ტოვებს ძალიან დადები შთაბეჭდილებებს. ხარისხიანად დამზადებული, მას აქვს კარგი ერგონომიკა, ადეკვატური ტარი, დიდი ზომის სასხლეტის დამცავი რკალი. საკეტი მოძრავი ჩარჩოს შიგნით და ლულის დაბალი ღერძი ყველაფერ ზემოაღნიშნულთან ერთად მთლიანობაში ხელს უწყობს პისტოლეტის შესანიშნავ სროლის უნარიანობას. იარაღი მძიმეა ამ კლასის იარაღისთვის (1000 გრამი), მაგრამ წონის და ერგონომიკის გამო მისი სროლა გაცილებით უფრო კომფორტულია ვიდრე პოლიმერის ჩარჩოიან ანალოგებისგან. მე ალბათ ვისურვებდი საკეტის შეთხელებულ წინა მხარეს, მაგრამ მიუხედავად ამისა იარაღი ერგონომიკის, სიზუსტის და დამზადების ხარისხის მხრივ საუკეთესო შეფასებებს იმსახურებს.

მოდიფიკაციები. იმისთვის, რომ იარაღის სროლის უნარიანობა გაზრდილიყო, მე გადავწყვიტე მთლიანად დამეშალა დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და ყველა ნაწილის შეხების ადგილები გამეპრიალებინა. დაახლოებით საათნახევრიანი მუშაობის შედეგად სასხლეტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა მანამდეც ის ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ბევრ სხვა პისტოლეტზე მათ შორის რამდენიმე CZ-ზე, რომელიც მე მქონდა. ეს ნაწილობირვ იმის ბრალია, რომ დამრტყმელიც მცველი სხვაგვარად მუშაობს და არ ამძიმებს სასხლეტს.  ასევე გადაკეთდა მჭიდის ერთი ხუფი, რის გამოც იარაღის ჭერა კიდევ უფრო კომფორტული გახდა.

ავტორის მიერ „მოდიფიცირებული“ მჭიდის ხუფი.

დამატებით გაპრიალდა ლულის ზედაპირი და ლულის „რამპა“, იმისთვის, რომ შემცირდეს კოროზიის ალბათობა, ვაზნების მიწოდება გაადვილდეს  და გარდა ამისა პისტოლეტმა მოიგო ესთეტიურების მხრივ.  ნებისმიერი გაპრიალება/პოლირება გულისხმობს რკინის ფენის მოხსნას ასე, რომ აქ სიფრთხილეა საჭირო რომ იარაღმა არ მიიღოს დაზიანება. ჩემ შემთხვევაში არანაირ მნიშვნელოვან გადაკეთებებს ადგილი არ ქონდა, იმიტომ, რომ ამის საჭიროება უბრალოდ არ იყო.

დაშლილი ტანფოლიო, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები დამუშავებისას.

რა შეიძლება ითქვას კრიტიკული ტანფოლიოს პისტოლეტების მიმართ ზოგადად და იმ პისტოლეტის მიმართ, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს? სიმართლე გითხრათ მე არ მგონია ამ იარაღს შეექმნას რაიმე სერიოზული პრობლემები. ადრინდელი გამოშვების მოდელებისთვის ხანგრძლივი და ინტენსიური ექსპლუატაციის შედეგად ცდება დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის დეტალები არადამაკმაყოფილებელი თერმული დამუშავების შედეგად. დამრტყმელი ფუძე იჭეჭყება ჩახმახის დარტყმებისგან. ხანდახან პისტოლეტები საჭიროებენ ლულის „რამპის“ და საკეტის „სარკის“ პოლირებას, იმისთვის, რომ საიმედოდ მოხდეს  ვაზნების მიწოდება. პრინციპში უკანასკნელი შენიშვნა მართებულია „იერიხოს“ პისტოლეტების მიმართაც.  შედარებით ახალ Force-ში მჭიდი 2 მმ-ით უფრო მაღლა ზის რამაც გაზარდა იარაღის საიმედოობა.  გარკვეულ სირთულეებს იწვევს სამიზნე მოწყობილობების პროპორციები. წინა სამიზნე მოწყობილობა მთლიანად ავსებს ღარს უკანა სამიზნე მოწყობილობაში, რაც არც ისე მოსახერხებელია.

ნუ შეგექმნებათ ილუზიები. პისტოლეტი, რომლის ფასი 4 -ჯერ დაბალია კონკურენტებზე ვერ ქინება ყოველთვის უნაკლო. მექანიკური პრობლემების ალბათობაც მეტია. ბიუჯეტური იარაღი არ გამოდგება ინტენსიური ექსპლუატაციისთვის (იგულისხმება ათასობით გასროლა ხანმოკლე პერიოდში) მაგრამ ტიპიური თავდაცვის იარაღი საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის ხელში გაცილებით მეტ დროს გაატარებს სეიფში ვიდრე სასროლეთზე ასე, რომ დიდი რესურსი და სხვა ნიუანსები, რომლებიც ახასიათებს ტოპ-კლასის პისტოლეტებს მაინც არ იქნება გამოყენებული. ამავე დროს ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ბიუჯეტური პისტოლეტის შეძენა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არანაირი საშუალება არ გაქვთ იყიდოთ ტოპ-კლასის იარაღი. საქმე ეხება თქვენ პირად უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ასე, რომ თავდაცვითი იარაღის არჩევისას მე მინდა მთელი საიმედოობა, სიზუსტე და ყველაფერი საუკეთესო რაც შეიძლება ქონდეს ტოპ-კლასის იარაღს. თუ ფასი წარმოადგენს გადაულახავ სირთულეს მაშინ თქვენი არჩევანია კარგი „ბიუჯეტური“ იარაღი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ტანფოლიო კომპაქტი ისვრის კარგად, ისვრის ზუსტად, არის მოსახერხებელი და ერგონომიული, ის ღირს ძალიან იაფი და ის გამოდგება თავდაცვითი იარაღის როლში. დავამატებ მხოლოდ, რომ კარგი იქნება მის ყიდვამდე გარკვეული გარანტიები მიიღოთ ან წინასწარ შეამოწმოთ პისტოლეტის ფუნქციონირება თუ ამის საშუალება გაქვთ.

„ბიუჯეტური“ 9მ-ების სამეული. მარცხნიდან მარჯვნივ: Arcus 98DAC, Zastava CZ99, Tanfoglio TA95 Compact.

 



One Response to “ზუსტი, ერგონომიული, იტალიური და ხელმისაწვდომი – Tanfoglio TA95”

  1. Gilgamesh says:

    როგორც ყოველთვის საინტერესო იყო. რისთვისაც მადლობას გიხდით, ბატონო ლევან!

    აქვე კითხვა: რითი აპრიალებდით?

დატოვეთ კომენტარი