ჩვენი ტესტი – ВПО-148/”Vepr-1V”

February 29th, 2020

P1120347

2007 წელს, ერთ შაბათ დღეს მე და ჩემი მეგობარი ვვარჯიშობდით კუს ტბაზე. ვარჯიშის მერე გადავწყვიტეთ ვესტუმროთ ჩვენი მეორე მეგობრის  იარაღების მაღაზიას. უბრალოდ გასართობათ და დროის გაყვანის მიზნით. არ ვიცი როგორ, მაგრამ სახლში მე დავბრუნდი 5.45 კალიბრის „ვეპრით“ ჩემი მანქანის საბარგულში. ვისაც არ გახსოვთ ან უბრალოდ ძალიან ახალგაზრდები ხართ, 2007 წელს საქართველოში გრძელი იარაღების არჩევანი იყო ძალიან მოკრძალებული. 99.9% პროცენტით ეს აარჩევანი შედგებოდა ე.წ. „ნზ“-ს ან რუსული წარმოების იარაღებით. მიუხედავად ამისა, 5.45 კალიბრის იარაღი საქართველოში პრაქტიკულად არ იყო გაყიდვაში. პრინციპში ის ეკზოტიკად ითვლებოდა ყველგან რუსეთის ჩათვლით, სადაც 5.45 როგორც საარმიო კალიბრი, იმ დროს იყო აკრძალული სამოქალაქო ბრუნვაში. დნარაჩენი  მსოფლიოც ამ შედარებით ახალგაზრდა კალიბრს პრაქტიკულად არ იცნობდა. საქართველოში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ რამდენიმე ერთეული 5.45 კალიბრის „ვეპრები“ შემოიტანეს და მაღაზიის მეპატრონის სიტყვებით, ყველა ეს იარაღი „დაიტაცეს“ ახლობლებმა. ეს იარაღიც ერთ-ერთ ასეთ ახლობელს ეკუთვნოდა და მერე უკვე მოხვდა ჩემ ხელებში.

მომდვენო წელი მე დავუთმე ამ კალიბრის, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, სიღრმისეულ შესწავალას. ამდენი ომების და კონფლიქტების  შემდეგ  ”აკაესის ტყვიაზე” უამრავი მითი და ლეგენდა დადიოდა. ჩვენ  ვისროდით წინაღობებში, რომ გვენახა რა მოსდის ტყვიას ხეში, რკინაში გავლისას, ვისროდით ბუჩქების გავლით, რომ გვენახა რა გავლენას ახდენდა ტოტები და ფოთლები ტყვიის ტრაექტორიაზე, რა თქმა უნდა ვისროდით სიზუსტეზეც. ერთი წლის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ 5.45 არის კარგი კალიბრი, მყარი ტყვიით, რომელიც კარგად ინარჩუნებდა მასას და ფორმას წინაღობებში გავლისას. ასევე დავადგინეთ, რომ ბუჩქებს ამოფარებულ მოწინააღმდეგეს ტყვია მაინც მიწვდებოდა, თუმცა დაყირავებული და ასევე დავრწმუნდი იმაში რომ ეს კალიბრი არის ძალიან ზუსტი და სროლა, უკუცემის მცირე იმპულსის გამო, ძალიან კომფორტულია. „ვეპრითაც“ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს იარაღი ხარისხით და შესრულებით ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ნებისმიერი “საიგა”.  კარგი დაფარვა, ლამაზად შესრულებული დამღები და წარწერები, კარგი ხარისხის ხის ფურნიტურა და განსხვავებული იერსახე, გამოარჩევდა „ვეპრებს“ ნაჯახით გამოთლილი „საიგებისგან“.  იარაღს მოყვა ПСО-1 ტიპის ოპტიკური სამიზნე და მისი ოთხჯერადი გადიდება საკმარისი იყო რომ ძალიან კარგი ჯგუფები მიგვეღო.  შეძენიდან სადღაც ერთი კვირის მერე იარაღი მე გავასხვისე და ეს კალიბრი დავივიწყე 13 წლით.

არც ისე დიდიხანია, რაც თბილისში ისევ გამოჩნდა “მოლოტის” პროდუქცია. “მოლოტ” ანუ ურო, ასე ქვია ქარხანას, რომელიც განლაგებულია  რუსეთში, კიროვის ოლქის ქალაქ ვიატსკიე პოლიანიში.  მანდ განლაგებული საწარმო კარგახანი უშვებდა საბჭოთა და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, კალაშნიკოვის სისტემის  მსუბუქ ტყვიამფრქვევებს, მას მერე მოყოლებული ამ ქარხნის სამოქალაქო “კალაშნიკოვები”, ისევე როგორც საარმიო РПК, აღჭურვილია უფრო სქელი ფოლადის ფირფიტისგან დამზადებული ნაშტამპი რესივერით და უფრო მასიური “ტრუნიუონით” რომელიც უკეთ შთანთქავს სიცხეს ინტენსიური სროლისგან. ამიტომ  ”ბეჭებიანი” რესივერი იყო ყველაზე თვალში საცემი ნიშანი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა “მოლოტის” შაშხანებს და კარაბინებს.  ქარხანა მრავალი წელია არის გაკოტრების რეჟიმში, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებს პროდუქციის გამოშვებას, რომელიც მიუხედავად ფინანსური და სხვაგვარი პრობლემებისა ასე თუ ისე ინარჩუნებს ხარისხს და მისი პროდუქცია სარგებლობს მოთხოვნით.

განცხადებას  ამ “ვეპრის” გასხვისებაზე, რომელზეც წავა საუბარი ამ სტატიაში მე ორი კვირა ვადევნებდი თვალს, სანამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე მისი შეძენა. ფასი კარგი იყო, იარაღის კომპლექტაციაც საინტერესო, 5.45 ვაზნები ასე თუ ისე იყიდება მაღაზიებში და ამიტომ იარაღი გადმოვიფორმე.

ჩემს მიერ შეძენილი კარაბინის ოფიციალური დასახელება არის ВПО-148 და ის წარმოადგენს საკმაოდ საინეტერესო ქმნილებას, რომელიც საერთოდ არ გავს ტიპიური სამოქალაქო „კალაშნიკოვებს“, რომლებსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. დავიწყოთ ყველაზე თვალში საცემი განსხვავებებით. იარაღი იყენებს 90 გრადუსიან, დენთის აირების კამერას, რაც დამახასიათებელია „კალაშნიკოვის“ შედარებით ახალი მოდელებისთვის. უჩვეულოდ მოკლე 350მმ-ნი ლულა (ბიჯი 1:195, ლულის არხი და სავაზნე ქრომირებულია) არის სქელი პროფილის ხოლო მის ბოლოს დაყენებულია მასიური სამკამერიანი, მიჩულეკის ტიპის ლულის მუხრუჭი. რესივერის ხუფზე, მოქლონების გამოყენებით დაყენებულია პიკატინის სამაგრი, ხოლო ხუფი თავისმხრივ უკავშირდება რესივერს (ტრუნიონს) სახსარით, დაახლოებით ისევე, როგორც  ეს განხორციელებულია AKС-74У-ში. კარაბინზე ასევე დაყენებულია РПК-ს უკანა სამიზნი მოწყობილობა, რომელიც გარდა ვერტიკალური შესწორებებისა ასევე გაძლევს საშუალებას მარტივად შეიატანო ჰორიზონტალური შესწორებები.  განსხვავდება „ვეპრის“ კონდახიც, მასიურ რკინის სახსარზე დაყენებულია სტანდარტული AR-15-ის რესივერის დაგრძელება (ე.წ. ბუფერის მილი), რაც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ AR-15-ზე გათვლილი კონდახები. გარდა ამისა, სახსრის მეშვეობით, კონდახი იკეცება მარჯვნივ. გაშლილ მდგომარეობაში კარაბინის სიგრძე 840მმ-ია, ბოლომდე გაშლილი 6 პოზიციანი კონდახით – 920მმ, გვერძე მოკეცილი კონდახით სულ რაღაც 630მმ.

P1120339

ВПО-148-ის უკანა სამიზნი მოწყობილობა, ასევე კარგად ჩანს რესვიერის. ხუფის სახსარი. სამიზნი მოწყობილობის დოლურა გამოწეულია.

კარაბინი აღჭურვილია ე.წ. “სუხარით”, ნაწილით რომელიც დამაგრებულია რესივერის შიგნით და უზრუნვლეყოფს ვაზნების მიწოდებას სტანდარტული AK-74-ის მჭიდებიდან.  ეს ცალსახად არის უპირატესობა “საიგებთან” შედარებით. როგორც ყველა, რუსული წარმოების სამხედრო იარაღი, ჩვენი “ვეპრიც” დაფარულია სქელი შავი საღებავით.

ამ ნაწილის წაკითხვის შემდეგ უნდა დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ ВПО-148 არის მაგარი იარაღი, რომელიც ქარხნიდან მოდის ისეთ კომპლექტაციაში, რომ საკმარისია მარტო ოპტიკის და ღვედის დაყენება და მიიღებთ პრაქტიკულად “დატუნინგებული” “კალაშნიკოვს”. მაგალითად “საიგა” რომ მოიყვანოთ ანალოგიურ მდგომარეობამდე დაგჭირდებათ ასობით ლარის დახარჯვა. სამწუხაროდ მთლად ასე არ არის. დავიწყოთ იქიდან, რომ ВПО-148 ღირს საკმაოდ ძვირი – 2850 ლარი, რაც უკვე პრაქტიკულად AR-15-ის ტერიტორიაა. მაგრამ მაღალი ფასი მისი ერთადერთი ნაკლი არ არის. ახლოდან გაცნობის შემდეგ, ხვდები რომ პრობლემების ჩამონათვალი გაცილებით გრძელია. მაგალითად პირველი, რასაც ხვდებით ВПО-148-ის ხელში აღებისას არის ის, რომ ეს მოკლე კარაბინი არის ძალიან მძიმე.  მოკლე კარაბინი, გათვლილი დაბალიმპულსიან კალიბრზე,  იწონის არც მეტი არც ნაკლები 4,6 კილოს სავსე მჭიდით. სტანდარტული “საიგის” წონა მაგალითად არის სადღაც 3.3 კგ. 1.3კგ სხვაობა წონაში არის კოლოსალური განსხვავება. როგორც მე მიყვას ხოლმე თქმა, თუ იარაღი არის მსუბუქი, ოპტიკის და სხვა მოწყობილობების დაყენების შემდეგაც თქვენ გექნებათ გოინივრულად მსუბუქი იარაღი.  მთავარი მიზეზი ამხელა სხვაობის წონაში არის სქელი პროფილის ლულა, უფრო სქელი რესივერი და უფრო მასიური ტრუნიონი, მაგრამ მარტო წონით და ფასით ამ იარაღის პრობლემები არ შემოიფარგლება.

ВПО-148-ის ყველა დანარჩენი ნაკლოვანება გამომდინარეობს იქიდან, რომ იარაღი არ არის კარგად ნაფიქრი. დავიწყოთ ჩამოთვლა იმით, რომ იარაღის კონდახი იკეცება მარჯვნივ და თუ გვერდითა სამაგრზე ოპტიკა გიყენიათ, მაინც შეძლებთ კონდახის მოკეცვას, რაც კარგია. მაგრამ კონდახის მოკეცვისას მას ერჭობა მცველზე შესრულებული დამატებითი თარო, რის გამოც FAB Defense-ის კონდახზე გაჩნდა სელექტორით “ამოჭმული” ადგილი. კონდახის სახსარი არის რკინის, რაც კარგია, მაგრამ იმისთვის რომ ის მოკეცოთ, მთლიანად კონდახი უნდა ჩაწიოთ ქვევით, რისთვისაც საჭიროა დაძლიოთ საკმაოდ მძიმე ზამბარის წინააღმდეგობა და ასე, მანამ სანამ კონდახი ბოლომდე არ მოიკეცება. კონდახის გაშლა არ ხდება ერთი მოძრაობით. ამის მაგივრად ის ისევ უნდა ჩაწიოთ დაბლა (რაც ასევე არ გამოდის ადვილად და სწრაფად) და გაშალოთ, თუ პროცესში დაწოლა ქვევით შეწყვიტეთ კონდახი გაიჭედება ან საკეტის ერთი ნაწილი დაარტყავს მეორეს და დააზიანებს მას. ასეთი უცნაური გადაწყვეტილება იწვევს იმას, რომ იარაღის სწრაფად საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია. მცდელობამ ერთი მოძრაობით კონდახის გახსნის, გამოიწვია მისი გაჭედვა ღია მდგომარეობაში, იმიტომ რომ დაზიანდა მცველი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს გასროლას მოკეცილი კონდახით. საჭირო გახდა, ურო, “ბარგალკა” და ქლიბი. შემდგომში ეს ინსტრუმენტები ისევ არაერთხელ გახდა საჭირო…

შემდეგი პუნქტი ჩამონათვალში არის მცველის გადამრთველი და მასზე დაყენებული დამატებითი “თარო”. დიახ ВПО-148 კომპლექტდება “გაუმჯობესებული” მცველით, რაც კარგია, მაგრამ პირდაპირ ყუთიდან მისი გამოყენება შეუძლებელია. თუ ჰალკი არ ხართ ამ თაროს გამოყენებით მცველს ადგილიდან ვერ დაძრავთ. საჭიროა გადამრთველის მოღუნვა, მაგრამ მაშინაც თაროს ფორმა და განლაგება დიდად ხელს არ გიწყობთ სისწრაფეში. ან პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ თაროს დანიშნულებით გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. ეს თარო გერჭობათ ხელში და როგორც ბონუსი, ასეთი გადამრთველი თან დააზიანებს კონდახის პლასტმასას და შეუძლებელს გახდის მის ჩართვა-გამორთვას დაკეცილ კონდახზე. ეს გადაწყვეტილება ანალოგიურია Krebs-ის Ambi Enhanced AK Safety-ის მაგრამ ჩემი აზრით ის მოუხერხებელია, პირდაპირ ყუთიდან არ მუშაობს და რაც უფრო ცუდია, რომც აიძულოთ ის იმუშაოს, ჩამოგიყალიბებთ არასწორ ჩვევას და სხვა AK-ს ხელში აღებისას მოგიწვევთ გადაჩვევა. ამიტომ საჭირო გახდა “დრემელი” და “გაუმჯობესებული” მცველი გაუმჯობესება. მე ეს თარო უბრალოდ მოვჭერი.

ak sel

ასე (მარჯვნივ) გამოიყურება “კალაშნიკოვის” სელექტორის მოდიფიკაცია, რომელიც ხდის მას უფრო მოსახერხებელს, რუსებს მხოლოდ უნდა ეს გაემეორებინათ, ამის მაგივრად მათ შექმნეს სელექტორი, რომელიც უფრო მოუხერხებელი გახდა ვიდრე სტანდარტული.

ასევე თავისებურად არის მოგვარებული „კალაშნიკოვის“ პლატფორმის ტრადიციული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ოპტიკის დაყენების სირთულეს. კარგია, რომ გვერდითა სამაგრი შენარჩუნებულია, ხოლო ხისტი რესივერი უზრუნველყოფს ოპტიკის უფრო საიმედო დაფიქსირებას. გვერდითი სამაგრის გარდა „ვეპრზე“ ასევე არის რესივერის ხუფის მთელ სიგრძეზე დაყენებული “უივერის” სამაგრი. აქამდე ასეთ ხუფებს იყენებდნენ მარტო აირსოფტის იარაღები ან ჩინური ნაკეთობები, რომლებსაც თავმოყვარე ადამიანი არ დააყენებდა ცეცხლსასროლ იარაღზე. ხუფი თხელია, არ წარმოადგენს რესივერის ნაწილს და ამიტომ მასზე ოპტიკის დაყენების შემდეგ “ნოლის” შენარჩუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. „ვეპრში“ ეს პრობლემა „მოგვარებულია“ იმით, რომ ხუფი მაგრდება რესივერზე სახსარის მეშვეობით. ასევე კარგია, რომ  სამაგრი მეტალის არის და ალბათ გამოდგება მცირე ზომის „რედ-დოტის“ დასაყენებლად და 50-100 მეტრზე სასროლად, მაგრამ მე პირადად მეეჭვება ამ კონსტრუქციამ გაუძლოს სრულფასოვან ოპტიკურ სამიზნეს და არ დაკარგოს ზერო, ხუფის გახსნის შემდეგ ან უბრალოდ სროლისგან გამოწვეული ვიბრაციით. მართალი ვარ მე თუ ვცდები, ამ ეტაპზე არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ ოპტიკის ასეთი მონტაჟი ეწინააღმდეგება ჟანრის კანონებს.  მიჭირს ასევე წარმოვიდგინო რა წონასს აარტყავს „ვეპრი“, როდესაც მასზე დააყენებთ, ფარანს, გვერდითა კრონშტეინს და ოპტიკას. ალბათ იარაღის გადასატანად საჭირო გახდება სოკოლოვის ლაფეტი….

კრიტიკას იმსახურებს ასევე „ვეპრის“ ტიბჟირი, რომლის მასალაც გამოიყურება როგორც რაღაც იაფი, დაბალხარისხიანი, თანაც პრიალა, სათამაშო პლასტმასა. ტიბჟირიც და დენთის აირების მილაკის გარსაცმი დაფარულია ღარებით, სადაც გროვდება მტვერი და ჭუჭყი, ჩემი აზრით უბრალო სადა პლასტმასის ფურნიტურა იქნებოდა საკმარისი. კარგი ის არის რომ ტიბჟირის ქვევიდან არის პიკატინის სამაგრი, ხოლო გვერდებიდან პიკატინის სამაგრის სეგმენტების დასაყენებლად გათვლილი შესაბამისი წერტილები. სამაგრი პლასტმასის არის და შესრულებულია ტიბჟირთან ერთად. ტიბჟირის გვერდითა სამაგრები არ მოყვა, ან წინა პატრონს დაავიწყდა გადმოეცა…

vepr furnit

ფურნიტურა გაიწმინდა და შეიღება. 

ქარხნულად „ვეპრი“ კომპლექტდება უცნაური ფორმის სახელურით, რომელიც წინა პატრონმა გამოცვალა Magpul-ით, რისთვისაც მას დიდი მადლობა, იმიტომ რომ ქარხნული ფსევდო-ორთოპედიული სახელური უფრო მოუხდებოდა პაკისტანის მთიან რეგიონებში კუსტარულად დამზადებულ იარაღს.

P1120338

FAB-ის კონდახი არის კარგი ხარისხის, ერგონომიულია, გააჩნია სწრაფად მოსახსნელი საღვედისთვის გათვალისწინებული სამაგრი. ქარხნულად „ვეპრი“ კომპლექტდება მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი თუმცა ჩემი აზრით ზედმეტად რთული და გადატვირთული კონსტრუქციის კონდახით. ზოგი მოდელი კომპლექტდება ასევე დასაკეცი ლითონის დუგლუგით. 

P1120343

ВПО-148-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. კარაბინზე დაყენებულია ე.წ. “ავტოსპუსკი”, რომელიც ბუნებრივია დაყენებულია არა იმიტომ, რომ კარაბინმა ისროლოს ჯერებთ არამედ ამ შემთხვევაში უბრალოდ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როდესაც სანამ საკეტი არ მივა უკიდურესად წინა პოზიციაში ჩაჩხმახი დარჩება ჩაკეტილი.  

საქართველოში “ვეპრები”, როგორც ჩანს იყიდება სტანდარტული 30 ვაზნიანი მჭიდებით. ჩემ იარაღს მოყვა სტანდარტული АК-74-ის მჭიდები, აქიდან ერთი იყო პლასტმასის ორი კიდე ბაკელიტის. მე არ ვიცი ეს მჭიდები წინა პატრონს ეკუთვნოდა თუ მოყვა იარაღს ქარხნიდან (რუსები წერენ, რომ „ვეპრს“ შეიძლება მოყვეს, როგორც ახალი „კომერციული“ მჭიდები ასევე ბაკელიტის) მაგრამ სამივე მჭიდი იყო შეღებილი რაღაც საღებავით, რომელიც გავს ბიტუმის ლაკის ნაირსახეობას, რომლითაც რუსები ღებავენ იარაღს. ეჭვი მაქვს, რომ ეს სამღებრო სამუშაოები „მოლოტში“ ჩატარდა. მეორადი თანაც არც ისე კარგად შენახული მჭიდებით ახალი იარაღის დაკომპლექტება კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს რუსი მწარმოებლების დამოკიდებულებას მათი კლიენტების მიმართ. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ მჭიდის მეტალის დეტალები ატარებდნენ კოროზიის ნიშნებს, რის გამოც მჭიდის საკეტელა ხშირად იჭედებოდა ბჯენზე იმიტომ, რომ უკანასკნელი იყო კოროზიისგან დეფორმირებული. საჭირო გახდა ისევ დრემელის გამოყენება და ბჯენის ზედაპირის გასწორება. სიმართლე გითხრათ, ასეთი მჭიდები მე მაინც მირჩევნია ნებისმიერ “მაგპულებს” ან სხვა თანამედროვე წარმოების მჭიდებს. თანაც 40 წუთი, 1 ლიტრი ბენზინი და მჭიდებს დაუბრუნდათ „ცივი ომის“ ხიბლი.

 vepr diy mods

„ვეპრს“ კომპლექტში ასევე მოყვება საარმიო ზეთის მათარა და რკინის ცილნდრი საწმენდი კომპლექტით, “sneaky russians” გავიფიქრე მე, ვერ მოიფიქრეს კარაბინის ნორმალური ინვენტარით დაკომპლექტება, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ამერიკელების ეკონომიიდან გამომდინარე საღვედეებსაც კი არ უყენებენ იარაღს და ვინმემ რომ ჩაგიდოს საწმენდი ნაკრები საერთოდ წარმოუდგენელია, ასე რომ აქ ჯობია გავჩუმდეთ.

P1120342

ВПО-148-ის მოძრავი ნაწილები.  დამაბრუნებელი ზამბარის მოდულზე დაყენებულია რეზინის ბუფერი, რომელიც ალბათ წინა პატრონმა დააყენა. “ვეპრის” დგუში დამაგრებულია საკეტის ჩარჩოზე ხრახნებით და გვერდებიდან წერტილოვანი პრესით (მრგვალი ჩაღრმავებები ჩარჩოს და დგუშის მიერთების ადგილას). შტიფტით დამატებითი ფიქსაცია რუსეთში კარაგხანია (ასე 90-ების დასაწყისიდან) აღარ გამოიყენება, თუმცა ითვლება, რომ უფრო საიმედოა და შესაბამისად უფრო ძვირიც.

დაშლის, აწყობის და მოვლა/მომსახურების თვალსაზრისით, ВПО-148 არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა “კალაშნიკოვისგან” ამიტომ ამ თემაზე არაფერს აღარ დავწერ.

მე მიჭირს ამ „მონსტრი“ კარაბინის შეფასება. თუ ეს არის ის, როგორც რუსები უყურებენ „კალაშნიკოვის“ პლატფორმის განვითარებას, მაშინ მე კიდე უფრო ვრწმუნდები, რომ რუსებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორი უნდა იყოს პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და საერთოდ რა ტრენდები და ტენდენციებია სამოქალაქო ტაქტიკური იარაღების სეგმენტში.  ან მეორე ვარიანტი, ВПО-148 არის გათვლილი ტიპიურ საშუალო სტატისტიკურ რუსული იარაღის მოყვარულ “სასტავზე”, რომელსაც უდაოდ მოეწონება ასეთი „კალაშნიკოვი“ სტეროიდებზე. მე ყურადღებით შევისწავლე რუსების გამოხმაურებები ВПО-148-ზე და გამოხმაურებები საკმაოდ თავშეკავებულია. იარაღი მუშაობს, მაგრამ ხალხს არ ესმია ამ იარაღის დანიშნულება….

გაგიკვირდებათ და „მოლოტს“ აქვს ჩამოყალიბებული კონცეფცია ამ იარაღისთვის. ოფიციალური ვერსიით, ВПО-148 შექმნეს ”გარკვეულ სპეცდანიშნულების რაზმებთან” თანამშრომლობით. “მოლოტის” განმარტებით ВПО-148 არის მსუბუქი (!!!) მხარდაჭერის იარაღი. ერთგვარი M4 მძიმე SOCOM ლულით ან Stoner 63, გათვლილი ახლო მანძილებზე ინტენსიური ცეცხლის წარმოებისთვის. სქელი ლულა და მასიური ტრუნიონი უკეთ შთანთქავს ლულის ყველაზე საშიშ მტერს – სიცხეს, მაგრამ ნახევრად-ავტომატურ იარაღში ეს საერთოდ არანაირ როლს არ თამაშობს. როგორც მინიშნება იმაზე, რომ ВПО-148 უბრალო კარაბინი არ არის, „მოლოტი“ აკომპლექტებს მათ 45 ვაზნიანი მჭიდებით. ჩვენამდე იარაღმა მოაღწია 30 ვაზნიანი მჭიდებით.

მოკლედ ВПО-148 არის ბრუტალურად ლამაზი, მძიმე როგორც მომაკვდინებელი ცოდვა და როგორც უმეტესობა რუსულ იარაღების, საჭიროებს ქლიბს და ჩაქუჩს ჭკუაზე მოსაყვანად. დადებით მხარეებს უდაოდ განეკუთვნება ხისტი რესივერი და მასიური ტრუნიონი, რის გამოც იარაღი თეორიულად უფრო ზუსტი უნდა იყოს ვიდრე “საიგა”. უფრო ხისტი რესივერის გამო, ოპტიკაც უფრო მყარად უნდა იდგას. სიზუსტეს ასევე ხელს უნდა უწყობდეს სქელი ლულა.

ძალიან ყუარადღებიანმა დაკვირვებამ ვერ გამოავლინა “კალაშნიკოვისთვის” ტიპიური ხარვეზები, როგორიც არის არასწორად ჩასმული ტრუნიონი, ზედმეტად ფართე მჭიდის დასამაგრებელი ადგილი, მორყეული ტიბჟირი ან დენთის აირების მილი/მისი გარსაცმი და ა.შ.  არც დასაკეცი კონდახის მექანიზმში არ არის “ლუფტები”. კონდახი სწორია და არა დახრილი, რაც ასევე კარგია. მთლიანობაში იარაღი ხარისხიანად არის აწყობილი, რასაც ვერ დაუკარგავ.  გვერძე მოკეცილი კონდახით იარაღი ძალიან კომპაქტურია, სულ რაღაც 630მმ სიგრძეში.

მოკლედ „ვეპრმა“ შერეული შთაბეჭდილებები დამიტოვა. ტექნოლოგიურად და ერგონომიულად ის არის ისევ 60-ან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ „მოლოტში“ ეცადნენ აყოლოდნენ თანამედროვე ტენდენციებს, უბრალოდ რაღაცა ბოლომდე ვერ გაიგეს, რაღაცა დაეზარათ, რაღაცა ვერ გათვალეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, 4.6 კგ-ნი მონსტრი. ობიექტურები, რომ ვიყოთ, რაიმე ფატალური ნაკლი იარაღს არ აქვს, ხოლო წვრილმანების გამოსწორება ან მათთან ადაპტირება/თანაცხოვრება რთული არ უნდა იყოს.

20200215_155734

სქელი ლულა, პრაქტიკული თვალსაზრისით სამოქალაქო ტაქტიკურ კარაბინზე და ზოგ სხვა დანიშნულების იარაღზე აბსოლუტურად ზედმეტია. 

დარჩა მხოლოდ პასუხის გაცემა კითხვებზე, როგორ მუშაობს „ვეპრი“, რამდენად საიმედოა ის და რა სიზუსტის ჩვენება შეუძლია. მე ჯერ კიდე 2007 წლიდან მოყოლოებული დავრწმუნდი, რომ 5.45 არის კალიბრი გამოირჩევა ძალიან კარგი თანდაყოლილი სიზუსტით. მოკლე და სქელი ლულა, ხისტი რესივერი, დიდი წონა საკმაოდ კარგ სასხლეტთან ერთად, მაძლევდა იმედს, რომ „ვეპრი“ გვიჩვენებდა ღირსეულ შედეგს სიზუსტეში. საიმედოობაში მე ეჭვი არ მეპარებოდა, ეს პლატფორმა ცნობილია თავისი  საიმედოობით, თუმცა მაინტერესებდა, როგორ მოინელებდა ის მუხტებს ექსპანსიური ტყვიებით.

იარაღი სწრაფად გავასწორეთ 50 მეტრზე და აქ უნდა აღვნიშნო, რომ კარგად იმუშავა РПК-ს თარაზომ, რომელშიც ჰორიზონტალური შესწორებები შედის ძალიან ადვილად. უბრალოდ გამოწიეთ დოლურა-ფიქსატორი მარჯვნივ, გადაწიეთ და დააფიქსირეთ საჭირო მდგომაორეობაში. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებოდათ ჩაქუჩი და შტანგელცირკული ან სპეციალური ხელსაწყო. ვერტიკალური შესწორება არ შემიტანია. მე მირჩევნია 100 მეტრიდან და უფრო შორს დამიზნება სამიზნის ძირში, ამიტომ ვასწორებ ჩემ კარაბინებს შესაბამისად.

ჩემი გამცდილებით, ტიპიური “აკ” ისვრის სადღაც საშუალოდ 12სმ-დან 16სმ-მდე ჯგუფებს 100 მეტრზე ყველაზე ტიპიური მუხტებით. არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა კალიბრის არის (.223, 7,62, 5.45×39). მინახია “კალაშნიკოვები” რომლებიც ამაზე უფრო ზუსტები იყო ან პიქირით მაგრამ საშუალოდ ისე არის, როგორც ზევით დავწერე. ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ ვაზნები 53 გრანიანი FMJ ტყვიით, ბარნაულის წარმოების მუხტი 55 გრანიანი ექსპანსური ტყვიით, ამავე მწარმოებლის მუხტი 60 გრანიანი FMJ ტყვიით და Hornady-ის მუხტი, 60 გრანიანი V-max ტყვიით და რკინის მასრით.

საშუალო სიზუსტემ შეადგინა 7.3 სმ, რაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე უჩვეულოდ კარგი შედეგია “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღისთვის.  გათვლებისას გამოვიყენე ხუთი სამ გასროლიანი ჯგუფი და მხოლოდ ერთი ფლაიერი გამოვრიცხე, რომელიც ძალიან შორს მოხვდა, რაც მსროლელის, ანუ ჩემი ბრალია. თუ ჩავთვლით ორი მსროლელის ყველა ჯგუფს და ფლაიერებს, საშუალო სიზუსტე 100 მეტრზე გამოდის 9,6 სმ, რაც მაინც ძალიან კარგი შედეგია.

P1120363

აღსანიშნავია, რომ სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, სადგარის და ოპტიკის გარეშე. პრაქტიკული სიზუსტე – 9.5სმ 100 მეტრზე ძალიან კარგი შედეგია, “კალაშნიკოვისთვის” 350 მმ-ნი ლულით. სტანდარტული AK-74-ის ლულის სიგრძე 415მმ-ია. არ მგონია 6.5 სმ-ნმა სხვაობამ გამოიწვიოს საწყისი სიჩქარის დრამატული შემცირება.

როგორც მოსალოდნელი იყო, გასროლის ხმა, მოკლე ლულის და სამკამერიანი მუხრუჭის გამო, იყო ძალიან მაღალი. მსროლელის გვერძე დგომა, სროლის დროს, იყო საკმაოდ არაკომფორტული. მეორეს მხრივ უკუცემა პრაქტიკულად არ არსებობს. მასიური ლულის მუხრუჭი და იარაღის  სოლიდური მასა თავისას შვება. სასხლეტი საკმაოდ რბილია, მაგრამ საკმაოდ გრძელი სვლით, რის გამოც ძალიან სწრაფი სპლიტები არ გამოგივათ.

რაიმე დაბრკოლებას სროლის დროს ადგილი არ ქონდა. იარაღმა მოინელა ყველა ვაზნა, მათ შორის ბარნაულის, ექსპანსიური მოკლე ტყვიით. 100 მეტრამდე სროლისას, რაიმე დრამატული სხვაობა სხვადასხვა მუხტებს შორის არ გამოკვეთილა, ტრაექტორია და ჯგუფები პრაქტიკულად იდენტური იყო. ექსტრაქცია იყო როგორც “კალაშნიკოვებს” ზოგადად ჩვევია ძალიან “ენერგიული”, მასრები მიფრინავდნენ 2 საათი მიმართულებით,  4-6 მეტრზე. მასრებს არ ეტყობათ ე.წ. კრიმინალური დამღების კვალი მასრებზე. როგორც ჩანს იმის გამო, რომ იარაღი საექსპორტოა.

კარგმა სიზუსტემ, გარკვეულ წილად დამავიწყებინა “ვეპრის” ჩავარდნები ერგონომიკაში. სხვას იდეაში არც ველოდებოდი, მოკლე, სქელი ე.ი. ხისტი ლულა, ჩასმული უფრო ხისტ რესივერში, გათვლილი კალიბრზე, რომელიც ცნობილია სიზუსტით, მოგცემენ კარგ შედეგს თუ მუშამ “მოლოტში” წინა დღეს არ უყურე ტელევიზორში პუტინის გამოსვლას, კარგად არ გამოთვრა დეპრესიისგან და მეორე დღეს არ მივიდა პახმელიაზე სამსახურში. გარდა ამისა სქელი ლულა, ასევე თეორიულად უფრო რთულია გააფუჭო “არმატურის” არასწორი დაყენებით. ასევე იმის გამო რომ კორა “ვერპზე” შესრულებულია დენთის აირების კამერაზე, ეს ნიშნავს რომ აღარ არის აუცილებელი ლულაზე დამატებით კორის ბაზის დაყენების, რომელიც შეიძლება იყოს გადახრილი ან ლულაზე გადაჭერილი რაც პირველ შემთხვევაში ითხოვს სერიოზული ჰორიზონტალური შესწორების შეტანას ხოლო მეორე შემთხვევაში იწვევს ლულის დეფორმაციას, რაც ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. მართალია მინუსი ასეთი მიდგომის არის შედარებით მოკლე სამიზნი ხაზი, რის გამოც შეცდომა დამიზნებაში იწვევს უფრო დიდ შეცდომას სამიზნეზე.

20200229_094315

ხანდახან ასეთებიც ხდება. რა თქმა უნდა ასეთი შედეგი ანომალიაა, მაგრამ ჩემი აზრით ВПО-148 არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი “კალაშნიკოვი” რომელიც მე მქონია. ჯგუფი მარჯვნივ არის, იმიტომ, რომ იარაღი განულების პროცესში იყო. 

ახლო/თავდაცვით მანძილებზე სროლისას, “ვეპრი” იქცევა, როგორც ტიპიური “კალაშნიკოვი” იმ გამონაკლისით, რომ წონის გამო იარაღს აქვს საკმაოდ დიდი ინერცია, ცეცხლის (სამიზნედან სამიზნეზე) გადატანისას, სიმძიმე გქაჩავს და გაიძულებს უფრო კონცენტრირდე იარაღის კონტროლზე. იმის გამო რომ სასხლეტის სვლა გრძელია და შესაბამისაც სპლიტები ისეთი სწრაფი არ არის, ორმაგი გასროლების დროს სიზუსტეც არის ძალიან მაღალი, მართალია სპლიტების სიგრძის ხარჯზე. მაქსიმალურად სწრაფი ტემპით სროლისას, 5-7 მეტრიდან ყველა მორტყმა ჯდებოდა 6 სმ-ან წრეში.

Shooterscentral.ge-ს დასკვნა: ВПО-148 – “კალაშნიკოვი” სტეროიდებზე, ტოვებს მთლიანობაში ნედლი იარაღის შთაბეჭდილებას, რომელიც თან ფასით ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ძვირადღირებული “კალაშნიკოვის” სისტემის სამოქალაქო იარაღია. პლიუსებს განეკუთვნება დიდი რესურსი და სიზუსტე, რომელიც კლასში ალბათ საუკეთესოა. ასევე პლიუსებს უდაოდ განეკუთვნება ის, რომ ის იყენებს სტანდარტულ AK-74-ის მჭიდებს და პირდაპირ ყუთიდან მას გააჩნია ისეთი ოფციები, რაზეც მის მფლობელს ფულის დახარჯვა აღარ დაჭირდება. იარაღი გათვლილია “მოყვარულზე” (იერსახე, წონა, კომპლექტაცია) ვიდრე სერიოზულ, პრაქტიკულ, მსროლელზე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი, გამძლეა, ზუსტი და საიმედო ის რეკომენდირებულია შეძენისთვის, თუ რა თქმა უნდა მისი წონა თქვენთვის მისაღებია. დასაკეცი კონდახის გამო, ტრანსპორტირებისას “ვეპრი” ასევე ძალიან კომპაქტურია.

Ruger PCC კრიტიკული თვალით

February 9th, 2020

P1120023

რაღაც პერიოდი გავიდა მას მერე, რაც მე შევიძინე Ruger-ის 9მმ-ნი კარაბინი და მოვიდა დრო, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ამ იარაღს და გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები მისი მეტნაკლებად ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ.  დავიწყოთ კარგით. იარაღი გამოდგა საიმედ. ჩვენმა კარაბინმა ისროლა ყველაფერი რაც მას ვაჭამეთ, მათ შორის 115, 124, 147, 158 გრანიანი ვაზნები. გამომდინარე იქიდან რომ კარაბინმა ასევე უპრობლემოდ მოინელა Speer-ის 147 გრანიანი ვაზნები ბრტყელი თავით, როგორც ჩანს მას არ ექნება პრობლემები ექსპანსიური ტყვიებით აღჭურვილი ვაზნების მონელებასთან. 400-მდე ვაზნაზე, რაც ამ იარაღიდან ვისროლეთ ჩვენ არ მივიღეთ არც ერთი დაბრკოლება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას იდეაში უნდა ელოდო იარაღისგან, რომელიც იყენებს მარტივ თავისუფალ საკეტს და Glock-ის მჭიდებს, რომლებიც ცნობილია რესურსით და გამძლეობით. კარაბინის take-down მექანიზმის არ დაჭირვებია რეგულირება და ლულის და რესივერის გადაბმა ისეთივე მყარია, როგორც პირველ დღეს. ეს ასევე ძალიან კარგია და დაამშვიდებს იმათ ვინც ასეთი მექანიზმისგან ელოდება პრობლემებს.

20191208_221717

იარაღი ასევე გამოდგა ზუსტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამიზნი მოწყობილობები პრაქტიკულად Ghost Ring ტიპის არის და უფრო ორინეტირებულია წრაფ სროლაზე ახლო მანძილებზე ვიდრე ზუსტ სროლაზე უფრო შორ მანძილებზე, მაინც, 100-130 მეტრზე ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი შედეგები. აღნიშნული ჯგუფი ნასროლია 130 მეტრზე წოლიდან. კარგად ჩანს რომ 147 გრანიან ტყვიას მეტი ვარდნა აქვს მაგრამ სიზუსტე ბევრად უკეთესია. 

20191207_133420

ჩემი დაკვირვებით, 147გრ ვაზნები გამორჩევიან ყველაზე სტაბილური სიზუსტით, თუმცა ვარდნა ასევე ყველაზე მეტი ასეთ ტყვიებს აქვთ, გასაგები მიზეზების გამო. საინტერესოა რომ “ფედერალის” 124 გრანიან ტყვიას ისეთივე ვარდნა ქონდა, როგორც 147 გრანიან  Speer-ს. როგროც ჩანს 115 გრანიანი ტყვიები რუგერის კარაბინს ყველაზე ნაკლებად მოწონს ასეთ დისტანციებზე. 

ეს შედეგი ძალიან კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ სამიზნი ხაზი საკმაოდ მოკლეა და გარდა ამისა Ghost Ring-ი დაყენებულია თვალისგან საკმაოდ შორს, რაც იდეაში არ არის სწორი, იმიტომ, რომ იდეაში დამიზნებისას რგოლი იმდენად ახლოს უნდა იყოს თვალთან, რომ პრაქტიკულად არ უნდა ჩანდეს სამიზნის ფონზე. ჩემი აზრით “სექტორული” ანუ პარტრიჯის ტიპის სამიზნი მოწყობილობები, კორათი და თარაზოთი იქნებოდა უფრო ადეკვატური ამ იარაღზე. ასევე ჩემი აზრით ოპტიკის დაყენების შემდეგ რუგერის კარაბინი გამოაჩენს სიზუსტის სრულ პოტენციალს, მაგრამ ზუსტი სროლისთვის ეს იარაღი არ არის შექმნილი. მე ვიტყოდი რომ კარგი ოპტიკით, საშუალო მსროლელსაც არ გაუჭირდება მოარტყას სილუეტს 200 მეტრამდე მანძილზე. მეტი ამ იარაღს არც მოეთხოვება.

კარგი ჯგუფების მიღწევაში დიდ როლს თამაშობს PCC-ს ძალიან კარგი, ერთ-საფეხურიანი სასხლეტი. დროთა განმავლობაში ეს სასხლეტი კიდე უფრო გაუმჯობესდება.

ასევე ჩვენ აღმოვაჩინეთ საკმაოდ იშვიათი ფენომენი. აღმოჩნდა, რომ კარაბინს არ უყვარს Sellier&Bellot-ის ვაზნები 115 გრანიანი FMJ ტყვიით (ყვითელი შავით კოლოფი). 50 მეტრზე ეს ვაზნები იძლეოდნენ ქაოტურ გაფანტვას. თავდაპირველად მე მეგონა, რომ საქმე იყო სამიზნ მოწყობილობებში მაგრამ საბედნიეროდ წამოღებული მქონდა Speer-ის 147 გრანიანი ვაზნები და მალევე დავრწმუნდი რომ პრობლემა იყო ვაზნაში და არა იარაღში.  ყველა სსხვა მუხტით რაც ჩვენ ვისროლეთ სიზუსტე იყო კონსისტენტური. ხოლო 147 გრანიანი ვაზნა აღმოჩნდა ყველა სტაბილური. 147 გრანიანი ტყვია 16 ინჩიანი ლულიდან პრაქტიკულად არაფერს არ იგებს საწყის სიჩქარეში და ამიტომ გამოირჩევა სტაბილური სიზუსტით. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ტყვია გაგყავს ისეთ სიჩქარეებზე, რომელზე ის არ არის გათვლილი/შექმნილი, შედეგი შეიძლება იყოს მოულოდნელი. სამწუხაროდ ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არის იმაზე თუ როგორ იქცევა 9მმ-ნი სხვადასხვა კონკრეტული მუხტები, როდესაც მათი საწყისი სიჩქარე ცდება იმ ზღვარს, რომელსაც ისინი აღწევენ პისტოლეტის მოკლე ლულებიდან სროლისას.

IMG_20191226_160557389

ორი ჯგუფი ლურჯად მონიშნული არის ნასროლი 147 გრანიანი ტყვიით, იარაღის გასწორების მიზნით. 6 გასროლა იყო საკმარისი. ირგვლივ ქაღალდის სკოტჩით გადაკრული არის Sellier&Bellot-ის 115 გრანიანიტყვით ნასროლი. ჯგუფები ბევრად დიდია და გაფანტვა არის ქაოტური.

უკუცემა არის საკმაოდ რბილი მაგრამ არა არარსებული, რაც არ არის გასაკვირი. მართალია კარაბინი მძიმეა და იყენებს პისტოლეტის ვაზნას, თავისუფალი საკეტი თავისი მასით ქმნის სკმარის უკუცემას, რომ თუ იარაღი მყარად არ გეჭირებათ სამიზნეს დაკარგავთ. გასროლის ხმა დაბალია, რაც კარგია და ნიშნავს, რომ ამ იარაღის სროლა შეიძლება ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე და ასევე კალიბრიდან გამომდინარე  დახურულ ტირებშიც, სადაც დაშვებულია მარტო პისტოლეტიდან სროლა.

იარაღის მასის და გაბარიტების შესახებ ჩემი პირველი შეფასება უცვლელია. იარაღი გაბარიტულია და მძიმე. კლასიკური სქემის გამოყენება და ასევე 9მმ-ნი ვაზნა, განაპირობებს იმას რომ იარაღი ვერ იქნება კომპაქტური. ლულაც შესაბამისად არის სქელი, თუმცა მასზე ჭრილების შესრულება მის მასას ამცირებს. შორიდან რუგერის კარაბინი გავს აფრიკული საფარის შაშხანას, კომპაქტურს მაგრამ სქელი ლულით რომელიც გათვლილია მსხვილკალიბრიან შაშხანის ვაზნაზე. მეორეს მხრივ ასეთ სქემას აქვს თავისი პლიუსები. პირველ რიგში ძალიან კარგი ერგონომიკა და სროლისუნარიანობა და ასევე იარაღის შედარებით ცივილური იერსახე. ვისაც არ გინდათ ტაქტიკური/სამხედრო იარაღის იერსახის მქონე 9მმ-ნი კარაბინი, PCC თქვენთვის ზედგამოჭრილია. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ის იგივე წონის და გაბარიტების არის, რაც შაშხანის კალიბრის კარაბინი. ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს deal breake-ი და ამიტომ ამჯობინოს რუგერს მაგალითად უფრო კომპაქტური დიზაინები, როგორიც არის თუნდაც Kel-tec SUB2000. უკანასკნელი ასევე “შეკვეცილი” ფორმატიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადადის ნახევარ წამში, რა დროსაც რუგერის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას ჭირდება გაცილებით მეტი დრო. მაგრამ PCC არც იქმნებოდა, როგორც დასაკეცი იარაღი, არამედ როგორც take down იარაღი, აქცენტით მისი ტრანსპორტირების/შენახვის სიმარტივეზე.

openclosebag

არც ისე დიდი ზომის ზურგჩანთა უპრობლემოდ იტევს PCC-ს.  ეს ნიშნავს რომ მისი ტრანსპორტირებისას ის ზედმეტ ყურადღებას არ მიიქცევს. არ არის საჭირო იარაღის გადასატანი ტიპიური ფორმის/ზომის შალითა, რომელიც ყველას ეუბნება ირგვლივ რომ თქვენ იარაღი გადაგაქვთ, გამოდგება ჩვეულებრივი კომპაქტური ზურგჩანთა. 

ეხლა გადავიდეთ იმაზე რა არ მომეწონა. როგორც ვივარაუდე თავდაპირველ მიმოხილვაში, მჭიდის ღილაკის მსუბუქი ზამბარა გახდა სერიოზული პრობლემა. მასზე მსუბუქი შეხებაც საკმარისია, რომ მჭიდმა “დატოვოს” კარაბინი. მოკიდეთ ხელი კარაბინს რესივერის ირგვლივ და მჭიდი ისევ “დატოვებს” კარაბინს. ტყეში ხეტიალისას მე ვერ გავბედავდი ამ კარაბინის ტარებას დაყენებული მჭიდით, მისი დაკარგვის რეალური საშიშროების გამო. ასეთი პრობლემა იშვიათად მაგრამ შეგხვდება ხოლმე. მე მაგალითად ბოლოს შემხვდა ასეთი რამე Lionheart LH-9 პისტოლეტზე, მაგრამ საბედნიეროდ  Ruger-ის კარაბინი პირველისგან განსხვავებით იყენებს სტანდარტულ/ხვეულ ზამბარას.  ძველ შემორჩენილ ჯართში ქექვისას მე აღმოვაჩინე ზამბარის ნაჭერი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა Norinco-ს “TT”-ს  დამაბრუნებელ ზამბარას. 2 წუთიანი მუშაობა დრემელით და ის იდეალურად მოერგო კარაბინს. პრობლემა ზედმეტად მსუბუქ ღილაკთან მარტივად აღმოიფხვრა.

შემდეგი სუსტი წერტილი ან უფრო სწორად ბოლომდე კარგად გაუთვლელი გადაწყვეტილება არის ტიბჟირის წინა ნაწილში შესრულებული პლასტმასის პიკატინის სამაგრი. ის ისეა შესრულებული, რომ ზედ ვერ დაყენდება პისტოლეტზე გათვლილი ფანრების უმეტესობა. საჭიროა ცალკე მაუნთის ყიდვა რომელიც დააშორებს ფანარს ტიბჟირისგან. მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორე პრობლემა ის არის რომ პიკატინის სამაგრთან ზედმეტად ახლოს არის დაყენებული საღვედის სამაგრი, რის გამოც საღვედე, ღვედი და ფანარი ერთმანეთს ედება. ეს იდეაში ადვილი მოსაგვარებელია, ახალი საღვედის სამაგრის ჩახრახნვა პლასტმასის ტიბჟირში არის ტრივიალური ამოცანა, უბრალოდ უმჯობესია, რომ ამაზე იფიქროს მწარმოებელმა.

20200209_143214

ამ ეტაპზე მე კარაბინზე ღვედი საერთოდ არ მიყენია. ხოლო Surefire-ის ფანარი დაყენდა კარაბინზე 30 ლარიანი ალუმინის სამაგრით, რომელიც კი ღირს იაფი მაგრამ მუშაობს უპრობლემოდ. MFT-ს “სამხედრო დონის პოლიმერიანი” მაუნთი არასწორი ზომების და სასაცილო საკეტის მექანიზმის  გამო პიკატინიზე საერთოდ ვერ დაყენდა და ამიტომ ეგრევე აღმოჩნდა სანაგვეში. სურათიდან ასევე კარგად ჩანს, რომ საღვედის სამაგრი “არაკომფორტულად ახლოს არის ფარანთან. 

rpcc

ტიბჟირზე შესრულებული სამაგრი სავარაუდოთ გამოდგება მარტო ბიპოდის დასაყენებლათ, რაც ამ იარაღზე საერთოდ საჭირო არ არის. იმის გამო რომ სამაგრი ღრმად არი შესული ტიბჟირში და მის უკან არ არის თავისუფალი ადგილი,  პისტოლეტზე გათვლილი უმეტესობა ფარნის მოდულების ამ იარაღზე უბრალოდ ვერ დაყენდება.  ამ სამაგრის პლიუსი ის არის რომ ის განლაგებულია უკიდურესად წინა ნაწილში, ფარანი მაქსიმალურად წინ გაწეულია და შესაბამისად ჩრდილი ლულისგან მინიმალურია.

იარაღის დიზაინი …. მოდით ასე ვთქვათ თავისებურია. მაგრამ ის არ ყვირის, თუ ვინმემ სადმე შეგნიშნათ ამ იარაღით, არავინ არ იფიქრებს რომ ვიღაცა ტყეში “ავტამატით” დარბის. ხალხს ამ კარაბინით არ დააფრთხობთ და დიდი ალბათობით არც შეგეკითხებიან თუ არის საქართველოში ასეთი იარაღი საერთოდ ლეგალური.

10 ვაზნიანი გლოკის მჭიდი მაინც რჩება გარეთ გამოშვერილი. სტანდარტული გლოკ 17-ის მჭიდები, შედარებით იაფი დამაგრძელებლით, კიდე უფრო გარეთ არის გამოშვერილი და ტევადობა მაინც შედარებით მოკრძალებულია, 19 ვაზნა. გლოკის 30 ვაზნიანი მჭიდები ძვირია და იარაღის გაბარიტები კიდე უფრო მოუხერხებელი ხდება. იმის თქმა მინდა, რომ რომ თუ გინდათ კომპაქტური მოსახერხებელი იარაღი, ბევრი უფრო სერიოზულ კალიბრიანი კარაბინი იქნება უფრო კომპაქტური, უფრო ძლიერი კალიბრით და უფრო მეტ ვაზნასაც დაიტევს. ამიტომ გადამწყვეტი ფაქტორი PCC-ს შეძენისას უნდა იყოს ორი რამ, აუცილებლად უნდა გინდოდეთ 9×19 კალიბრის კარაბინი, რომლის გადატანა და შენახვა ადვილია, მისი ორად დაშლის გამო. ვაზნების ფასი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ეხლა 9მმ-ნი ვაზნის ფასი მაღაზიებში იწყება ლარიდან, ტაქტიკური კარაბინის ტიპიური კალიბრების ვაზნების ფასი სადღაც 1.30-დან. ეს არც ისე დიდი განსხვავებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ მაინცდამაინც არ გინდათ 9მმ-ნი კარაბინი, მაშინ რა თქმა უნდა აჯობებს იყიდოთ სრულფასოვანი კარაბინი.

ახალი PCC მაღაზიაში ღირს 2000 ლარი, ამ ფასში მოგივათ ნებისმიერი “საიგა”, ზოგი “ვეპრი” და ასევე Vz 58. თუ გინდათ 9მმ-ნი კარაბინი, მგონი PCC არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ასეთ იარაღებს შორის რომლებიც ეხლა იყიდება საქართველოში. ბევრად მძიმე “უზი” ჯდება 2100 ლარი, “საიგა-9″ 2600 ლარი, საქართველოსთვის უფრო ეკზოტიკური დასავლური წარმოების ანალოგიური იარაღები ამაზე ბევრად უფრო მეტი.

როგორც ხედავთ, სიმძლავრის შემცირებას მაინცდამაინც ბიუჯეტის შემცირება არ მოყვება, ამიტომ კიდევ ერთხელ მოკლედ ჩამოვწერ, რატომ პისტოლეტის კალიბრის კარაბინი შეიძლება იყოს უკეთესი არჩევანი ვიდრე კარაბინი შაშხანის კალიბრზე. პირველი იყენებს იგივე ვაზნებს და ხანდახან იგივე მჭიდებს რაც პისტოლეტი, მას აქვს გასროლის დაბალი ხმა და დაბალი უკუცემა. ვაზნა ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს (რიკოშეტი, ზედმეტი შეღწევა, სახიფათო სიშორე). მცირეთი, მაგრამ ვაზნის ფასი ნაკლებია. ჯერჯერობით 9მმ-ნი ვაზნაც ცოტათი მაგრამ ნაკლები ღირს. ხანდახან, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, პისტოლეტის კალიბრის კარაბინი უფრო კომპაქტურია და მსუბუქი.

20200209_143239

რესივერზე პიკატინის სამაგრი დაცულია პლასტმასის ხუფით, კიდევ ერთი მცირე მოდიფიკაცია, PCC-ს  ჩემს მიერ მოდიფიკაციების მოკლე სიიდან.

მთლიანობაში მე იარაღით ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი იმით თუ, როგორ მუშაობს იარაღი და ასევე იმით, როგორ არის აგებული, ხარისხიანად და საფუძვლიანად.  ამ ეტაპზე მე არც ვგეგმავ მის გასხვისებას. ზოგადად, ჩემი აზრით, დღეს, Ruger-ი ფასი-ხარისხით არის სამოქალაქო იარაღის ალბათ საუკეთესო მწარმოებელი.

P1120030

კვირის იარაღი – Schwarzlose MG M.7

January 9th, 2020

SchwarzAccess

დაპატენტებული 1902 წელს მისი შექმნელის გერმანელი ანდრეას ვილჰელმ შვარცლოზეს მიერ 1902 წელს და წარმოებაში გაშვებული ავსტრიული Waffenfabrik Steyr-ის მიერ 1905 წელს, აღნიშნული ტყვიამფრქვევი ითვლება ძლიერ კალიბრზე გათვლილ პირველ წარმატებულ იარაღად რომელიც იყენებს ნახევრად თავისუფალს საკეტს (retarded/delayed blow-back). აღნიშნულ სქემას ანალოგიური წარმატებით გამოყენებას შეძლებს მხოლოდ გერმანული “ხეკლერ&კოხი” თითქმის 50 წლის შემდეგ.  თავისი იერსახით და ასევე იმის წყალობით, რომ ის იყენებს გამაგრილებელ გარსაცმს, შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი გავს მაქსიმის ან ვიკერსის ტყვიამფრქვევებს, მაგრამ გამოყენებული ავტომატიკის სქემის გამო ის იყო ბევრად მარტივი კონსტრუქციის მქონე იარაღი. ავტომატიკის მექანიზმი იყენებს მხოლოდ ერთ ზამბარას  და ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავ სახსარს, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის უნდა იყოს კარგად ცნობილი პირველ რიგში ლუგერის P08 პისტოლეტიდან. ვაზნების ფირიდან მიწოდების მექანიზმიც კი იყენებდა მხოლოდ ორ მოძრავ ნაწილს, ადვილად იხსნება იარაღიდან წმენდისთვის და მომსახურებისთვის.  გამომდინარე იქიდან, რომ ლულა განსხვავებით მაქსიმის ტყვიამფრქვევისგან, შვარცლოზეს იარაღში ასევე არ მოძრაობდა, გასაგრილებელი გარსაცმის კონსტრუქცია ასევე იყო ძალიან მარტივი. 2 წლის განმავლობაში ტყვიამფრქვევი იხვეწებოდა, რის მერეც 1907 წელს ის მიღებულ იქნა შეიარაღებაში ავსტრო-უნგრეთის მიერ.

გამომდინარე ასეთი ავტომატიკის სქემის გამოყენებიდან,  ტყვიამფრქვევის კონსტრუირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა ლულის სიგრძის ოპტიმალურ შერჩევას, რაც უზრუნველყოფდა,  რომ ტყვია დატოვებდა ლულას მანამდე სანამ საკეტი დაიწყებდა მოძრაობას. თავდაპირველი კალიბრის, 8.50.5R-ის შემთხვევაში ლულა უნდა ყოფილიყო ზუსტად 525მმ სიგრძის რაც იმ ეპოქის სტანდარტებით იყო საკმაოდ მოკლე სიგრძე. სხვა ვერსიით ასეთი მოკლე ლულა განპირობებული იყო იმით რომ შვარცლოზეს სურდა მაქსიმალურად მსუბუქი ტყვიამფრქვევის შექმნა.  ტყვიამფრქვევი სადგართან ერთად იწონიდა 41 კგ-ს, სადგარის გარეშე 20 კგ-ს. შედარებისთვის მაქსიმის ტყვიამფრქვევის წონა 27 კგ იყო.

იმისთვის რომ ექსტრაქცია ყოფილიყო საიმედო, ტყვიამფრქვევზე იყო გათვალისწინებული ვაზნების შეზეთვის მექანიზმი, რომელიც შედგებოდა ნახევარლიტრიანი ავზისგან და ტუმბოსგან, რომელიც თავის მხრივ  გადაბმული იყო საკეტთან და ახდენდა ვაზნის დაზეთვას სავზნეში მიწოდებამდე. ნახევარი ლიტრი ზეთი საკმარისი იყო 4500 გასროლისთვის.   შეზეთის მთლიანი მექანიზმი იყო მოთავსებული იარაღის შიგნით, რესივერის ხუფში. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო განსაკუთრებული და უნიკალური იმ პერიოდისთვის და მას იყენებდა ბევრი სხვა ტყვიამფრქვევი.  მოგვიანებით იარაღის კონსტრუქცის მცირე ცვლილებებით საჭოროება დაზეთვაში გაქრა და ეს მექანიზმი ამოღებული იქნა ტყვიამფრქვევის კონსტრუქციიდან.

ზოგადად სიმარტივის, შედარებით მსუბუქი წონის და საიმედოობის წყალობით, აღნიშნული ტყვიამფრქვევი საკმაოდ წარმატებული იყო და გამოიყენებოდა 20-ზე მეტი ქვეყნის მიერ და ასევე გამოდიოდა 7 სხვადასხვა კალიბრში და მის ვარიანტებს ავსტრო-უნგრეთის გარდა უშვებდა კდიე ხუთი ქვეყანა,  მაგრამ შედარებით დაბალი სროლის ტემპის გამო (სულ რაღაც 400 გასროლა წუთში), მოკლე ლულის გამო მოკრძალებული გარე ბალისტიკის და ასევე იმის გამო რომ მისი გამოყენება საავიაციო ტყვიამფრქვევის როლში იყო ძალიან რთული (ავტომატიკის სქემის გამო პრინციპში ტყვიამფრქვევის შეიარაღებიდან ამოღებამდე კოსნტრუქტორებმა ვერ შექმნეს საიმედო სინქრონიზატორი, რომელიც უზრუნველყოფდა შვარცლოზეს ტყვიამფრქვევის ეფექტურ გამოყენებას გამანადგურებლებზე პროპელერის უკნიდან განლაგებით) ის მაინც პოპულარობით, წარმოების ციფრებით ვერ შეედრებოდა მაქსიმის და ვიკერსის ტყვიამფრქვევებს. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება ხდებოდა მრავალი წლის შემდეგ, ტყვიამფრქვევის 1918 წელს წარმოების შეწყვეტის შემდეგაც. მაგალითად 40-ნი წლების ბოლომდე შვარცლოზეს ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ ებრაელი პარტიზანები. პირველი მსოფლიო ომის დროს ხელში ჩაგდებულ ავსტრიულ ტყვიამფრქვევებს წლების განმავლობაში იყენებდა რუსეთი და იტალია. აღნიშნული შესაძლებელი იყო მხოლოდ იმის გამო, რომ შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი  იყო უკიდურესად გამძლე და საიმედო იარაღი.

schwtrigsafety

კიდევ ერთი საინტერესო კონსტრუქციული დეტალი გახლავთ ის, რომ შვარცლოზეს ტყვიამფრქვევი აღჭურვილია სასხლეტის მცველით, რომელიც უნდა გადაწიოთ და მხოლოდ მას მერე გახდება შესაძლებელი სასხლეტზე დაჭერა და სროლის წარმოება, სროლის შეწყვეტის შემდეგ ის ავტომატურად ბრუნდება ჩართულ მდგომარეობაში. 80 წლის მერე ანალოგიური გადაწყვეტილება გაჩნდება გლოკის პისტოლეტებზე. 

Henry “Golden Boy” .22

December 29th, 2019

slider-americas-rifle-v3

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში იარაღის ფლობის აუცილებლობა აღარ არის რუტინული აუცილებლობა, აშშ-ში გამოშვებული იარაღების უმეტესობა მაინც გამოირჩევა უფრო  თავისი უტილიტარული თვისებებით, უბრალო შესრულებით და ასევე იმით, რომ როგორც წესი იქმნება უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რეჟიმში “ზავოდ-კრაოტ”. ასეთი იარაღი ყოველთვის მოკლებული იქნება ესთეტიკას, რომელიც ახასიათებს მაგალითად ბრიტანულ ან გერმანულ იარაღებს, სადაც იარაღის ფლობა გარკვეულ წილად პრივილეგია არის, ხოლო ნადირობა და სასროლოსნო სპორტი ხელმისაწვდომია  მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის. მაგრამ არის, ამერიკელ მწარმოებლებს შორის გარკვეული გამონაკლისებიც. მაგალითად თქვენ გსმენიათ კომპანიის შესახებ სახელად Henry Repeating Arms? და ისიც თუ იცით, რომ ეს მწარმოებელი შედის შაშხანების ყველაზე მსხვილი ამერიკული მწარმოებლების ხუთეულში? და რომ ეს კომპანია აწარმოებს პრაქტიკულად ერთი, ტრადიციული ამერიკული შაშხანის ტიპს? მაგრამ ყველაფერზე თანმიმდევრობით…

როდესაც წარმოიდგენთ, რა შეიძლება იყოს ტრადიციული ამერიკული შაშხანა, აზრად უნდა მოგივიდეთ მარტო ერთი იარაღი, 1873 წლის ან 1886 წლის ბერკეტიანი “ვინჩესტერი”. ასეთ “ვინჩესტერებს” ფლობდნენ, ბუფალო ბილი, ენი ოკლი, ტედი რუზველტი და უამრავი სხვა სახელგანთქმული და გამოჩენილი ამერიკელი. ბერკეტიანი “ვინჩესტერი” ასევე შედის იარაღების სიაში, რომლებმაც “დაიპყრეს დასავლეთი”. თუმცა ბერკეტიანი “ვინჩესტერების”  ისტორია იწყება უფრო ადრე, 1860 წელს, როდესაც ბენჯამინ ტაილერ ჰენრიმ შექმნა პირველი ბერკეტიანი შაშხანა, გათვლილი .44 კალიბრის მეტალის ვაზნაზე. დიახ, ბერკეტიანი იარაღები უფრო ადრეც არსებობდნენ, მაგრამ ამ იარაღებს ქონდათ უამრავი ნაკლი და შეზღუდვა, ხოლო ჰენრის შაშხანა იყო სრულფასოვანი, ეფექტური იარაღი, რომელიც ომშიც გამოიცადა. შეგახსენებთ, რომ იმ დროს ამერიკაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ხოლო ყველაზე გავრცელებული შაშხანა ამ ომში იყო ლულიდან დასატენი, სპრინგფილდის 1861 წლის მუშკეტი. ასევე დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა უფრო ადრინდელი შაშხანები, 1812 და 1816 წლის სპრინგფლიდის და 1853 წლის ენფილდის  მუშკეტები. ამ იარაღებთან შედარებით, ჰენრის სწრაფდამტენი 16 ვაზნიანი .44 კალიბრის შაშხანა იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რევოლუციური იარაღი, რომელმაც დიდი თუ არა გადამწყვეტი, როლი ითამაშა ჩრდილოეთის გამარჯვებაში. ამერიკელებმა სათანადოდ შეაფასეს ბერკეტიანი ჰენრი და დღემდე უამრავი კომპანია უშვებს ამ ტიპის იარაღებს. მარტო Henry Repeating Arms უშვებს წელიწადში 300 000 ასეთ შაშხანას. ეს კიდე ცოტა ნამდვილად არ არის.

Henry-rifles-1860-us-civil-war

ორიგინალური 1860 წლის ჰენრის შაშხანა ჩრდილოელი მოხალისეების ხელში. ”ეს წყეული იარაღი შეიძლება დატენო კვირადღეს და ისროლო მთელი მომდევნო კვირა”, ასე ახასიათებდნენ ამ იარაღს კონფედერანტები, ხოლო ჩრდილოეთის ჯარისკაცები თავისი ფულით ყიდულობდნენ ჰენრის შაშხანებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Henry Repeating Arms-ს არ აქვს არანაირ კავშირი ბენჯამენ ტაილერ ჰენრისთან და მის კომპანიასთან. ახალი  კომპანია დაარსდა 1996 წელს ლუის და ენტონი იმპერატოს მიერ, ბრუკლინში, ნიუ იორკი. მათ მოიპოვეს უფლებები ჰენრის სავაჭრო ნიშანზე და დაიწყეს ბერკეტიანი შაშხანების და კარაბინების წარმოება. ამჯერად სათაო ოფისი და საწარმო განლაგებულია ბაიონში, ნიუ ჯერსი და ასევე ერთი საწარმო განლაგებულია რაის ლეიქში, ვისკონსინის შტატში. კომპანიაში დასაქმებულია 400-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის დევიზი თავიდან იყო, “დამზადებული აშშ-ში და თანაც კარგ ფასში” მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა “ან დამზადებულია აშშ-ი ან არ არის დამზადებული საერთოდ”. კომპანია ცნობილია კლიენტების მოსმახურების უნაკლო სერვისით, არც მის ეხლანდელ ხელმძღვანელს ენტონი იმპერატოს არ აკლია ქარიზმა და ამიტომ Henry Repeating Arms სარგებლობს ამერიკელი იარაღის მფლობელების დიდი სიყვარულით, პატივისცემით და გააჩნია ერთგული ფანების მთელი არმია.

საქართველოში ამ მწარმოებელს პრაქტიკულად არ იცნობენ და არც ბერკეტიანი შაშხანები მაინცდამაინც არ არის აქ გავრცელებული, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ, თბილისის ერთ-ერთმა იარაღების მაღაზიამ შემოიტანა ჰენრის შაშხანები და როგორც ჩანს იმ პარტიიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ჩემ ხელებში. ეს არის .22LR კალიბრის შაშხანა სერიიდა “Golden Boy” (გოლდენ ბოი – ოქროს ბიჭი).

81318828_10215362486630822_7904523211025416192_o

თითბერის დეტალები, ამერიკული კაკლის კონდახი და ტიბჟირი, ოქტაგონალური სქელ-პროფილიანი ლულა არის, რაც გამოარჩევს “გოლდენ ბოის” სხვა მოდელებისგან. 

დაახლოებით ერთი წლის წინ მე უკვე მქონდა ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი შაშხანა, წარმოებული Norinco-ს მიერ. იდეა და კონცეფცია მე მომეწონა, მაგრამ შესრულება ისე რა იყო, ამიტომ როდესაც მომეცა შანსი შემეძინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებლის მოდელი, თავი ვერ შევიკავე, მუხედავად იმისა, რომ სეიფში უკვე მიდო იგივე კალიბრის “რუგერ 10/22″. მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნო ახალი იარაღისთვის არ გამიხდა საჭირო ცალკე ვაზნების შეძენა.

P1120087

Henry “Golden Boy” და Ruger 10/22

პირველი რასაც გაიფიქრებს “გოლდენ ბოის” დანახვისას არის მისი ატიპიური ამერიკული იარაღისთვის შესრულება. ამერიკული კაკლის ფურნიტურა, გაპრიალებული ოქროს ფერის რესივერი, უჩვეულოდ ღრმა, მუქი და პრიალა ოქსიდირება და ოქროთ ინკრუსტირებული წარწერები ლულაზე.   შესრულება არის უნაკლო, დეტალების დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალი. მერე მოდის ბერკეტიანი მექანიზმის მუშაობის სრიბილე. წარმოუდგენლად რბილი ბერკეტის სვლა, ძალიან კარგი,  ერთ საფეხურიანი სასხლეტი, ჩახმახი, რომელიც ისე მოძრაობს, თითქოს საერთოდ არ ეხება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის სხვა დეტალებს. დეტალების დამზადების ხარისხი და მათი მორგება არის უნაკლო. ერთს ვფიქრობდი, ნეტა ეს იარაღი ისროდეს ისევე კარგად, როგორც გამოიყურება.

განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ იარაღი არ არის გადატვირთული უაზრო წარწერებით, როგორიც არის ” იარაღის გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია”, “ტყცია გამოფრინებდა აქიდან”, “იარაღი კლავს”, მოკლედ ათასი სისულელით, რითიც კომპანიის იურისტები იმედოვნებენ დააღწიონ თავი საჩივრებს, როდესაც ვიღაცa იდიოტი, მათი იარაღიდან გაიხვრიტავს თავს. იარაღის სერიული ნომერიც კი, დამალულია ბერკეტის ქვეშ.  საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ მისცეს იურისტებმა საშუალება კომპანიას გამოუშვას იარაღი მექანიკური მცველის გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ “გოლდენ ბოის” მექანიკური მცველი არ აქვს და ის მას არც ჭირდება, იმიტომ, რომ ირაღი არის გარედან განლაგებული ჩახმახით და ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. ასეთი კონფიგურაციით, მექანიკური მცველის არსებობას არანაირ აზრი არ აქვს. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების  (უსაფრთხო) პოზიცია, ვინაიდან შაშხანა ტრადიციული კონსტრუქციის არის და არ გააჩნია ე.წ. ტრანსფერ ბარი, ანუ თანამედროვე უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც არ აძლევს ჩახმახს საშუალებას მიწვდეს დამრტყმელს სანამ არ მოხდება სასხლეტზე დაჭერა. ამის წყალობით იარაღის კონსტრუქცია არის ძალზედ მარტივი.

შაშხანა იკვებება ლულის ქვეშ განლაგებული მილისებრი მჭიდიდან, რომელიც იტევს 16 ვაზნას. მჭიდის ვაზნებით ავსებისთვის საჭიროა ვაზმნების მიმმართველი ღერძის ამოღება, მილისებრი მჭიდის ავსება ვაზნებით და მიმმართველის ღერძის მჭიდში მოთავსება. საექსტრაქციო ფანჯარა განლაგებულია რესივერის მარჯვენა მხარეს. ბერკეტის გადაწევისას ხდება მასრის ექსტრაქცია, ჩახმახის შეყენება და ახალი ვაზნის მიწოდება

იარაღის სამიზნი მოწყობილობები შედგება კორასგან თითბერის ჩანართით და “ირმის რქების” (Buckhorn) ტიპის თარაზოთი. ასეთი სამიზნი მოწყობილობები არ არის განკუთვნილი ზე-ზუსტი სროლისთვის შორ მანძილებზე, მაგრამ ადეკვატურია 100 მეტრამდე სასროლად და საკმაოდ სწრაფია. კორა იძლევა საშუალებას ჰორიზონტალური შესწორებების შეტანის, თარაზო ვერტიკალური და ჰორიზონტალურის.

P1120095

P1120093

ძველებურ სტილში შესრულებული კორა, თითბერის ჩანართით. კორაზე შესრულებულია ჭრილები, რომ ის არ ირეკლავდეს მზეს. თარაზოში ჰორიზონტალური შესწორების შეტანა ხდება ხრახნის დაშვებით რომლითაც ის მაგრდება ლულაზე და თარაზოს გადაწევით მარცხნივ ან მარჯვნივ. 

ბუნებრივია ნებისმიერი ტიპის ოპტიკის სამაგრი იქნებოდა არაბუნებრივი ასეთ ირაღზე, მაგრამ ოპტიკის დაყენება შესაძლებელია. კომპანია აწარმოებს და ყიდის სპეციალურ სამაგრს რომელიც დგება უკანა სამიზნი მოწყობილობის ადგილას.

02641

“ჰენრის” ოპტიკის ორიგინალური კრონშტეინი ღირს 30 დოლარამდე. 

იარაღი არ არის მძიმე, მაგრამ ხელში იგრძნობა სქელი 20 ინჩიანი ოქტაგონალური ლულის წონა. შაშხანა იწონის სადღაც 3 კგ-ს და ეს არ არის ცოტა, მცირეკალიბრიანი იარაღისთვის. სამაგიეროდ ეს წონა პრაქტიკულად მთლიანად შთანთქავს უკუცემას და აადვილებს მიზანში სროლას. მაგალითად ბუმბულივით მსუბუქი რუგერ 10/22-ის სტაბილურად ჭერა საკმაოდ რთულია.

ეხლა რა არ მომეწონა. რა გასაკვირია, რომ რესივერის გარსაცმი არ არის თითბერის. სინამდვილეში ის არის მსუბუქი შენადნობისგან ჩამოსხმული დეტალი ოქროს ფერის მდაფარვით. დღეს 2019 წელია და მსუბუქი შენადნობები ყველგან მასიურად გამოიყენება, მათ შორის იარაღებშიც. გამოყენებულ მსუბუქი შენადნობს ქვია “ზამაკი” თუმცა კონკრეტული მარკა მე ვერ დავადგინე. მოპირკეთებული ოქორსფერი დაფარვით, ‘ჰენრიში” ამ მასალას ეძახიან “Brasslite”-ს. თითბერის, “გოლდენ ბოიში” არის მხოლოდ რგოლი, რომელიც კრავს ლულას და ტიბჟირს და კონდახის საზურგე. მეორე, რაც არ მომეწონა არის ის, რომ 500-600 დოლარიან (ამერიკული ფასი) მცირეკალიბრიან შაშხანაზე უნდა იყოს  საღვედეები. მაგრამ საღვედეები არ არის. მეტს ამ იარაღს დიდ ვერაფერს ვერ დაუწუნებ გარდა იმისა, რომ ის იმდენად ლამაზია, რომ არც კი წარმომიდგენია, ამით როგორ უნდა წახვიდე სადმე სახეტიალოდ და დაკაწრო ქვებზე ან ბუჩქებში.

ის ფაქტი, რომ იარაღში გამოიყენება მსუბუქი (იაფი) შენადნობები რაღაცნაირად არ ამართლებს მოლოდინებს, მაგრამ წარმოუდგენელია იფიქრო, რომ დღეს ვინმე შემოგთავაზებს შაშხანას 500 დოლარად რომელსაც ექნება თითბერის ბლოკიდან “გამოთლილი” რესივერი ან თუნდაც მისი გარსაცმი. ვიღაცა, ჩემზე უფრო კრიტიკულად განწყობილი, იტყოდა რომ “გოლდენ ბოი” არის შელამაზებული “მოსბერგ პლინკსტერი”, მაგრამ ორი მიზეზის გამო მე ვერ დავეთანხმები ასეთ შეფასებას. პირველი იქნება მექანიზმის მუშაობის სირბილე დეტალების უნაკლო მორგების წყალობით და მეორე თუ როგორ ისვრის “გოლდენ ბოი” და ის ისვრის ძალიან კარგად.

IMG_20191226_155838370

ხელიდან, წოლიდან,  საყრდენით, საყრდენის გარეშე, 80-90 მეტრზე გონგს არტყავთ მოსაწყენი რეგულარობით.  50 მეტრზეც მიუხედავად იმისა, რომ თითბერის ჩანართი პრაქტიკულად მთლიანად ფარავს სამიზნის 20 სანტიმეტრიან შავ წრეს, მაინც იღებ კარგ ჯგუფებს. მე დარწმუნებული ვარ რომ ოპტიკით, 50  მეტრიდან  ”გოლდენ ბოი” მჭიდის დაცლის შემდეგ დატოვებს სამიზნეში ერთ დიდი ნახვრეტს.  საუკეთესო ჯგუფები ჩვენ მივიღეთ S&B Standard Velocity მუხტით, რომელიც იყენებს 40 გრანიან ტყვიას. 50 მეტრზე თიხის თეფშების განადგურებაც არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას. საშუალო სიზუსტე სხვადასხვა მუხტებით 50 მეტრზე შეადგინა 5-6 სმ. სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, მექანიკური სამიზნი მოწყობილობების გამოყენებით. უფრო დეტალურ ანგარიშს შემოგთავაზებთ “გოლდენ ბოის”  გრძელვადიანი ტესტირების შემდეგ, ეჭვი მაქვს ეს შაშხანა ჩემთან ცოტათი უფრო დიდხანს გაჩერდება.

update: აღმოჩნდა, რომ უკანა სამიზნ მოწყობილობას აქვს პატარა “ლუფტი” რის გამოც კორა გადაადგილდება ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ამან და უფრო შორ მანძილებზე სროლამ, დამარწმუნა, რომ ასეთი კონფიგურაციით სამიზნი მწოყობილობები გამოდგება მოკლე მანძილებზე პლინკინგისთვის, მაგრამ ზუსტი სროლისთვის უმჯობესია ოპტიკის დაყენება. 

ჩვენ პირველ ჯერზე  ვისროლეთ ალბათ ასე 80-90 ვაზნა და არანაირ პრობლემას ადგილი არ ქონდა. შაშხანა მუშაობდა როგორც შვეიცარული საათი. ვაზნების მიწოდება და ექსრტრაქცია იყო პოზიტიური და ერთგვაროვანი. რაც მომეწონა იყო ის, რომ ცარიელი მასრები მიუხედავად იმისა, რა ძალით ამოძრავებდით ბერკეტს, მიფრინავდნენ ძალიან შორს. მოკლედ “გოლდენ ბოი” ნამდვილად მუშაობს ისევე კარგად, როგორც გამოიყურება.

რაც შეეძლება მოვლა-მომსახურებას, ეს ძველი იარაღია და მისი დაშლა საკმაოდ ბევრ მანიპულაციას ითხოვს. უნდა მოიხსნას კონდახი რომელიც მაგრდება რესივერში ორი ხრახნით, შემდეგ უნდა მოიხსნას რესივერის გარსაცმი, რომელიც ასევე მაგრდება რესივერზე ოთხი ხრახნით. ხრახმები არ არის რბილი მეტალისგან, მაგრამ იმისთვის რომ გამორიცხოთ მათი დაზიანება უნდა გამოიყენოთ შესაბამისი ზომის სახრახნისი.

P1120131

ასე გამოიყურება არასრულად დაშლილი “გოლდენ ბოი”. აწყობისას რესივერის გარსაცმის ხრახნების ბოლომდე გადაჭერა საჭირო არ არის, უბრალოდ კარგად დაუჭირეთ და საკმარისია. ხრახნები ისე ფიქსირდება რომ სროლის დროს მათი დაშვება არ ხდება. 

გარსაცმის მოხსნის შემდეგ ამოიღეთ საკეტი და პრინციპში მეტი დაშლა საჭირო არც არის. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია ლულის სავაზნის მხრიდან გაწმენდა, ასევე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და საკეტის გაწმენდა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოყენებულია ოქროსფერი დაფარვა და ხის დეტალები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა საწმენდი გამხსნელები, რომლებსაც შეუძლიათ ხის და დაფარვის დაზიანება. ინსტრუქცია აძლევს რეკომენდაციას Breakfree-ს, Kleenbore-ს და Hoppes N9-ს. ჩემი აზრით ასეთ იარაღში, რაიმე ასეთი საშუალების გამოყენება არც არის საჭირო. უბრალოდ გაწმინდეთ დეტალები ჩვრით ნამწვავისგან, გაატარეთ ლულაში ნაჭრის პატჩები, დაზეთეთ ნეიტრალური ზეთით მოძრავი ნაწილები და სულ ეს არის. ლულის არხის ზედაპირის ხარისხი თვალით კარგი ჩანს და არ მგონია ტყვიის ნადების მოსაცილებლად ხშირად მოგიწიოთ თითბერის ჯაგრისის ან ქიმიის გამოყენება. რეალურად არც არის საჭირო, რომ ყოველი სროლის შემდეგ “გოლდენ ბოი” დაშალოთ გასაწმენდათ. .22 კალიბრის ვაზნები არ არის კოროზიული და ჩემი აზრით ეს შაშხანა “შეჭამს” ბევრ კოლოფ ვაზნას სანამ დაბინძურება გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას ან ლულა გაიბიდნება ტყვიის ნადებით. იარაღი იმდენად ლამაზია და ფაქიზი, რომ. მეეჭვება ვინმემ ათრიოს ეს იარაღი ტყეში და მთაში.

ჩემი აზრით ე.წ. gun sock არის აუცილებელი ასეთი იარაღისთვის.  ასეთი შალითები არ ღირს ძვირი, სულ რაღაც 10-15 დოლარი, მაგრამ ისინი პრაქტიკულად არ იკავებენ ადგილს და კარგად იცავენ იარაღს.

სანამ არ მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ გავარდნილხართ ჰენრის შაშხანების საძებნელად, წაიკითხეთ ეს აბზაციც. “გოლდენ ბოი” არის 150 წლის იარაღის პრაქტიკულად ზუსტი ასლი. რას ნიშნავს ეს? იარაღი იყენებს მოძველებულ კვების სისტემას. მჭიდის ავსების ციკლი ხანგრძლივია. თუ მაგალითად მე მინდა განვმუხტო ჩემი რუგერი 10/22, მე უბრალოდ მოვხსნი მას მჭიდს, გადავკრავ საკეტს, ვიზუალურად დავრწმუნდები რომ სავაზნე ცარიელია და ისევ გავუკეთებ მჭიდს. ეს მარტივი ადმინისტრაციული პროცედურა შეუძლებელია “გოლდენ ბოიში”. იმისთვის რომ ის განმუხტოთ, ჯერ უნდა გახსნათ მილისებრი მჭიდი და გადმოყაროთ ვაზნები, რაც ნიშნავს რომ ხელი უნდა მიიტანოთ დატენილი იარაღის ლულის ბოლოსთან. ცხადია ჩახმახი უნდა იყოს დაწეული და იმყოფებოდეს half cock პოზიციაში, შემდეგ ამოაგდოთ ვაზნა სავაზნიდან ბერკეტის მოძრაობით და მერე კიდევ რამდენჯერმე  გადაწიოთ ბერკეტი, იმიტომ რომ ვაზნები შეიძლება რჩებაოდეს იარაღში. მხოლოდ მას მერე რაც დარწმუნდებით რომ მჭიდი ცარიელია და არც იარაღში არ არის ვაზნები, იარაღი ჩაითვლება განმუხტულად. იმისთვის, რომ ჩაცალოთ ვაზნები მჭიდიდან შეიძლება მაგალითად რენჯზე თან ატაროთ რამე პლასტმასის პატარა ჯამი, საველე პირობებში მოგიწევთ ხელში გადმოყრა რაც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების წესებს. გასათვალისწინებელია, რომ იარაღის გასაწმენდად დაშლისთვის მოსახსნელია არც მეტი არც ნაკლები 6 ხრახნი, ერთი არასწორი მოძრაობა და დაიკაწრება ან ხრახნები ან იარაღი. ცვეთის ნიშნები გამოყენებისგან, იარაღს უხდება და ამშვენებს, ესეიგი ხდება იარაღის დანიშნულებისამებრ გამოყენება. ათლილი ხრახნის თავები და ხრახნების ირგვლივ ნაკაწრები ასეთ “კეთილშობილურ” ცვეთის ნიშნებს ნამდვილად არ განეკუთვნება.

ბერკეტიანი გადატენვის სქემა გულისხმობს, რომ იმისთვის რომ იარაღი ეფექტურად და სწრაფად გამოიყენოთ, საჭიროა გამოიმუშავოთ სპეციფიური უნარჩვევები. თუ სხვა ბერკეტიანი შაშხანები არ გაქვთ, ეს უნარჩვევები არ გამოგადებათ, იმიტომ, რომ სხვა და ჩვენთან უფრო გავრცელებული გრძელი იარაღების გამოყენების ფილოსოფია რადიკალურად განსხვავებულია. ასე, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი.

სამაგიეროდ ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი შაშხანა იტენება უფრო სწრაფად ვიდრე კლასიკური “ბოლტი” და გაისვრის ნებისმიერ .22LR კალიბრის მუხტს, რომელზეც გაჭედავს “ნახევრად-ავტომატი”. მაგალითად “გოლდენ ბოიდან” მე უპრობლემოდ ვისროლე Federal Champion-ის ვაზნები, რომლებიც წელზე მეტია მგონი მიდევს სეიფში და რომელსაც ვერ ინელებდა ვერც ერთი ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი კარაბინი. გარდა ამისა “გოლდენ ბოიდან” შესაძლებელია .22 short და .22 long ვაზნების სროლა. უკანასკნელს აქ ალბათ ვერ იშოვით, მაგრამ პირველის სროლა შესაძლებელია. “შორტის” გასროლისას ხმა პრაქტიკულად არ იქნება და ენერგია საკმარისი იქნება რომ “გააგოროთ” მავნებელი მღრნელები. მე შევამოწმე და “გოლდენ ბოი” აწვდის სავაზნეში .22 Short ვაზნებს, მართალია ტყვიის თავი ოდნავ ზიანდება, იმის გამო რომ მოკლე ვაზნა ეჯახება თავით სავაზნის კიდეს, მაგრამ მიწოდება ხდება და სროლა შესაძლებელია. ასე, რომ ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი კარაბინები გთავაზობენ უფრო მეტ უნივერსალურობას ვიდრე “ნახევრად-ავტომატები” და უფრო უკეთეს სწრაფსროლას ვიდრე ტრადიციული “ბოლტები”. როგორც წესი out of the box, მათი მჭიდების ტევადობაც უფრო დიდია,. ასე მაგალითად “გოლდენ ბოი” იტევს 16 ვაზნას.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Henry Golden Boy აერთიანებს თავის თავში კლასიკური “ბოლტების” თვისებას ისროლონ ნებისმიერი .22LR კალიბრის მუხტი და ამავე დროს არის უფრო სწრაფმსროლელი. ბონუსად მოდის შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენოთ .22 Short ვაზნები. შესრულება, ხარისხი, სიზუსტე, საიმედოობა არის საუკეთესო. მეორეს მხრივ იარაღი უბრალოდ ზედმეტად ლამაზი და ფაქიზია ტყეში და მთაში სათრევად, შესაბამისად ის უფრო რენჯის იარაღია ვიდრე პრაქტიკული მცირეკალიბრიანი შაშხანა.  ის ასევე საკმაოდ ძვირიც ღირს, მაგრამ მეორეს მხრივ გაგიჭირდებათ ნახოთ მეორე ასეთი ქარიზმატული და ორიგინალური მცირეკალიბრიანი იარაღი.

ჩვენი ტესტი – Ruger PC Carbine

November 24th, 2019

78210100_10215055346352507_1458884748456755200_o

საქართველოდან ამის შემჩნევა ალბათ რთულია, მაგრამ აშშ-ში არის პისტოლეტის კალიბრის კარაბინების “მეორედ მოსვლა”. აშშ-ში იარაღის ეს ტიპი ყოველთვის იყო პოპულარული და ამ ტიპის იარაღს თავისი ნიშა ეკავა, მაგრამ ეხლა მათი პოპულარობის ზენიტია. Sig-Sauer, Grand Power, Beretta, CZ, H&K, Ruger, Kel-Tec, Zenith Arms, Brügger & Thomet, Hi-Point და ბევრი სხვა ნაკლებად ცნობილი მწარმოებლები, უშვებენ თვითდამტენ კარაბინებს ამერიკული ბაზრისთვის. გარდა ამისა, არსებობს მთელი ინდუსტრია პისტოლეტის კალიბრის კარაბინების, რომლებიც აგებულია კოლტის კონსტრუქტორის ჰენრი ტატროს კონსტრუქციის 9მმ-ნი კარაბინის ბაზაზე, რომლის მთავარი თავისებურება იყო, მაქსიმალური თავსებადობა AR-15-თან.

უნდა ვაღიარო, რომ წლების განმავლობაში მე არ ვაქცევდი ყურადღებას ამ ტიპის იარაღს, ვინაიდან როგორც ზოგადად ბევრი სხვა იარაღის მოყვარული, არ მესმოდა რატომ უნდა გქონოდა კარაბინის ზომის იარაღი, რომელიც ისროდა პისტოლეტის, შედარებით სუსტ ვაზნას. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ჯერ ხელში ჩავიგდე 9მმ-ნი “უზი”, შემდეგ მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო ასევე 9მმ-ნი, ფუტურისტული Kel-Tec SUB2000. ხო კიდევ წლების წინ ვისროდი Steyr M9-დან კონდახით. ეხლა მე მესმის, რომ ის თვისებები რაც გააჩნია ასეთი ტიპის იარაღს შეიძლება ბევირსთვის იყოს მიმზიდველი. ეს არის შედარებით დაბალი უკუცემა, მცირე მასა და გაბარიტები. მოკლე 9მმ-ან კარაბინს არ აქვს დამაყრუებელი გასროლის ხმა და ლულის ალი. პისტოლეტის ტყვია ისეთი ძლიერი არ არის და ადგილები სადაც ასეთი იარაღიდან სროლა შეიძლება ბევრად უფრო მეტია. 9მმ-ნი ვაზნის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე შაშხანის კალიბრის ვაზნის. სამწუხაროდ საქართველოს შემთხვევაში ფასი არ არის უპირატესობა, ყველა 9მმ-ნი კარაბინი უფრო მეტი ღირს ვიდრე მაგალითად პოპულარული “საიგა” ან ჩეხური “Vz 58″, რაც არის ყველაზე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ მაინც არის ხალხი რომელსაც ურჩევნია კომპაქტური 9მმ-ნი კარაბინი 7.62 კალიბრის სამოქალაქო  ”კალაშნიკოვს”.

ამჯერად ჩვენი ტესტირების ობიექტია, მორიგი 9მმ-ნი პისტოლეტის კალიბრის კარაბინი, რომელიც განსხვავებით “უზისგან” და “კელ-ტეკისგან”, იყენებს უფრო ტრადიციულ, კლასიკური სანადირო შაშხანის სქემას. წარმოდგენილი 2017 წელს ამერიკული “რუგერის” მიერ ინდექსით  PC, ეს კარაბინი ერგონომიულად გავს ტიპიურ სანადირო შაშხანას მაგრამ ბევრი საინტერესო მე ვიტყოდი უნიკალური თვისებით. კარაბინს აქვს ასეთი ორი თვისება, ის ადვილად იყოფა ორად (take-down) და მარტივი გადაწყობით შესაძლებელია მასში “გლოკის” ორ რიგიანი 9მმ-ნი მჭიდების გამოყენება (ქარხნულ კონფიგურაციაში ის იყენებს Ruger SR-9-ს მჭიდებს).

იმის მიუხედავად, რომ რომ რუგერის კარაბინის გასაყიდი ფასი აშშ-ში არის 500 დოლარზე ოდნავ მეტი (რაც ბევრი არ არის), ეს კარაბინი გარდა იმისა, რომ არის ძალიან ნაფიქრი კოსნტრუქციის, რაზეც ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით, მას ასევე პირდაპირ კოლოფიდან გააჩნია ყველა ის საჭირო წვრილმანი, რომელიც უნდა უფრო მაღალი დონის და ძვირადღირებულ იარაღს. თავად განსაჯეთ, კონდახს აქვს სიგრძის რეგულირების შესაძლებლობა, კომპლექტში კარაბინს მოყვება სამი ჩანართი. რესივერზე და ტიბჟირზე შესრულებულია პიკატინის სამაგრები. უკამა სამიზნე მოწყობილობა რეგულირებადია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიობრტყეში და ადვილად იხსნება, თუ ჩათვლით რომ მისი განლაგება ხელს უშლის ოპტიკის გამოყენებას. წინა სამიზნი მოწყობილობაა გააჩნია დამცავი ყურები (ის ასევე მოხსნადია), ხოლო კორას ზედაპირზე წვრილი ჭრილებია შესრულებულია რომ არ მოხდეს მზის შუქის არეკვლა, რაც ხელს შეგიშლიდათ დამიზნებაში. სამიზნი მოწყობილობები ფოლადის არის “ghost-ring” ტიპის. მჭიდის ღილაკის და საკეტის სახელურის გადაყენება შესაძლებელია.

როდესაც იწყებ იარაღის კონსტრუქციის უფრო სიღრმისეულ შესწავლას, სიურპრიზები არ წყდება. იარაღი არის ძალიან ხარისხიანად შესრულებული. მასიური საკეტის შიგნით იმალება ვოლფრამის ჩანართი, რომელიც ასრულებს იგივე ფუნქციას რაც იგივე მასალის წონები AR-15-ის ბუფერში, “აწყნარებს” საკეტს ჩაკეტვისას. გარდა ამისა რუგერის კარაბინი იყენებს თავისუფალ საკეტს. ამიტომ ის უნდა იყოს საკმარისად მძიმე რომ დარჩეს დახურულ მდგომარეობაში სანამ ტყვია არ დატოვებს ლულას და წნევა შიგნით არ დაეცემა, ხოლო ვოლფრამი მძიმე მეტალია.  ბუნებრივია, რომ კარაბინი ისვრის დახურული საკეტიდან, ხოლო დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იყენებს შიდა ჩახმახს და კონსტრუქციულად ძალიან გავს 10/22-ის მექანიზმს.

სპეციალური ჩანართი, რომელიც ადვილად იცვლება მსროლელის მიერ, გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ რუგერის და გლოკის  პისტოლეტის მჭიდები. საინტერესო ის არის რომ კარაბინის საკეტის თავი მოხსნადია, ის ძალიან ჭკვიანურად ფიქსირდება საკეტში და მის მოსახსნელად არანაირი ინსტრუმენტი არ არის საჭირო. ეს და ასევე მჭიდის ადაპტორის გამოცვლის, იდეაში სხვადასხვა წონის ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა და სწრაფად მოსახსნელი ლულა მიანიშნებს იმაზე, რომ მალე გამოჩნდება კარაბინები და დეტალების ნაკრებები, რომლებიც გადაიყვანენ 9მმ-ან კარაბინს სხვა პოპულარულ კალიბრებზე. ამ ტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ 9×19 და .40S&W კალიბრები, ხოლო საქართველოში შემოტანილია მხოლოდ 9მმ-ნი მოდელი.

77253235_2407021729547531_4348573843678298112_n

კარაბინის მასიური და მძიმე საკეტი. საკეტი სახელური მაგრდება საკეტზე ერთი ხრახნით. მისი გადაყენება ძალიან ადვილია და არ არის საჭირო იარაღის დაშლა. ღია ფერის ჩანართი არის ვოლფრამის ბუფერი. 

ასევე უნდა ცალკე ვახსენო რუგერის კარაბინის მთავარი თავისებურება, შესაძლებლობა სწრაფად, ინსტრუმენტის გარეშე დაშალოთ ის ორ ნაწილად, რაც აადვილებს მის შენახვას და გადატანას. იარაღის გადასატანად გამოდგება ჩვეულებრივი ზურგჩანთა. მექანიზმი, რომელიც ამას უზრუნველყოფს ასევე ძალიან ჭკვიანურია და პრაქტიკულად შეუძლებელია რომ მოირყეს ან დასუსტდეს. სპეციალური სარეგულირებელი რგოლი საშუალებას გაძლევთ მარტივი რეგულირებით უზრუნველყოთ ორივე ნახევრის საიმედო და მყარი გადაბმა. იმისთვის რომ იარაღი განვაცალკევოთ, საკმარისია თითით გადაწიოთ ფიქსატორი, დაატრიალოთ ლულა და ტიბჟირი თავის ღერძის ირგვლივ და იარაღი ორად გაიყოფა. აწყობა ასევე ადვილია და სწრაფი, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დაშლა-აწყობამდე საკეტი დააფიქსიროთ ღია მდგომარეოიბაში. საბრძოლო მდგომარეობაში, კონდახის დასაგრძელებელი ჩანართების გარეშე, კარბინის სიგრძე 87.5 სმ-ია. დაშლილ მდგომარეობაში მისი სიგრძე ზუსტად 50სმ-ია.

კარაბინის მცველის და საკეტის შემაკავებლის ღილილაკების განლაგება რუგერ 10/22-ის ანალოგიურია. განსხვავებით 10/22-სგან ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ PCC-ზე ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი ღია მდგომარეობაში რჩება. ფურნიტურა პლასტმასის არის, მაგრამ ეს პლასტმასა საკმაოდ მყარია და არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დამზადებულია გადამდნარი ცელოფნის პარკებისგან, როგორც ბიუჯეტურ სანადირო კარაბინებზე. კონდახის დაბოლოება მყარი რეზინისგან არის დამზადებული და საკმაოდ კომფორტულია. იმისთვის რომ დააყენოთ, უნდა ჯერ მოხსნათ ორი ხრახნი, რომლითაც მაგრდება კონდახის დაბოლოება.

კიდევ ერთი სიუროპრიზი არის იარაღის ლულა. ის არის შედარებით სქელი პროფილის რაც კარგია, მაგრამ სქელი ლულები მძიმეა, რაც ცუდია. ამიტომ ლულაზე წონის შემცირების მიზნით არის შესრულებული ჭრილები რაც კარგია (და ასევე უხდება იარაღს).  ლულას აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ლულის მოწყობილობების დაყენების (ხრახნის ტიპი 1/2″-28). რაც ასევე კარგია. გამოცდილმა მსროლელებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ ლულებზე დაყენებული დამცავი რგოლები სროლისას თავისთ იშვება, რაც ცუდია. ამიტომ რუგერზე ქარხნულად დაყენებულია რეზინის რგოლი, რის გამოც რამდენიც არ უნდა ისროლოთ დამცავი რგოლი დაშვებას არ იწყებს, რაც კარგია. მაგრამ სულ ეს არ არის. ლულა არის ცივად ნაჭედი, რაც დამეთანხმებით ასევე ძალიან კარგია. ასეთ ლულას მწარმოებელი, რომ აყენებს იარაღზე ეს უკვე სერიოზული განაცხადია და ერთგვარი მინიშნება, რომ ეს იარაღი იქმნება გათვლით ხანგრძლივ და ინტენსიურ ექსპლუატაციაზე. ცნობილი რესურსის, gunblast-ის მფლობელის, ჯეფ ქუინის შვილს მოუვიდა ინციდენტი ასეთ კარაბინთან, რომელზეც ლულა გადაიხსნა. მიზეზი? ერთი მეორეს მიყოლებით შიგნით გაჭედილი 6 ტყვია. კი ლულა გადაიხსნა, მაგრამ “კატასტროფული აფეთქება”, როგორც ასეთი  არ მოხდა, მსროლელიც არ დაშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ გაჭედილ პირველ ტყვიას მიაყოლეს “ცხელი” “Super-Vel” ვაზნები. PC-ს ლულის სიგრძე 16 ინჩია,  ხრახნების ბიჯი არის 1:10.

76695073_413754246196639_8569965721377832960_n

7075-T6 მარკის ალუმინისგან შესრულებული რესივერი. დაზმადების ხარისხი მაღალია, ინსტრუმენტის კვალი არსად არ ეტყობა. რესივერი ანოდირებულია და არა შეღებილი, რაც ასევე კარგია. 

75619068_804814903305984_610579173638930432_n

სარეცელის ჩანართი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მჭიდების გამოყენებას.

იარაღს კომპლექტში მოყვება საკმაოდ ბევრი რამე, უკვე სავლდებულო უსაფრთხოები საკეტი, კონდახის დამაგრძელებელი პლასტმასის ჩანართები, საჭირო სახრახნისები (სამი ცალი), ერთი რუგერ SR-9-ს 17 ვაზნიანი მჭიდი და დამატებითი ჩანართი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ გლოკის მჭიდები. ასევე კარაბინს მოყვება დეტალური ინსტრუქცია. მეტს ასეთ ფასად უბრალოდ ვერ ისურვებ.

კონცეფციიდან გამოდმინარე იარაღი იშლება, როგორც უმეტესობა კლასიკური კარაბინების. ლულა და რესივერი დამაგრებულია პლასტმასის სარეცელში და ტიბჟირში სამი ხრახნით. სამი ხრახნის დაშცვების შემდეგ ხდება შესაძლებელი ლულის და რესივერის მოხსნა. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოხსნა შესაძლ;ებელია რესივერში გაყრილი ორი პინის ამოგდებით (ისევე, როგორც რუგერ 10/22-ში). ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება საკეტის და დამაბრუნებელი ზამბარის ამოღება რესივერიდან.

72206343_533177200863843_8240629420121915392_n

არასრულად დაშლილი კარაბინი.

მე იარაღი მერგო უკვე გადაწყობილი გლოკის მჭიდებზე, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად მისაღები. მე უკვე მაქვს “Glock 17″ და რუგერის კარაბინი იღებს პრაქტიკულად ნებისმიერ 9მმ-ნი გლოკის ორ რიგიან მჭიდს, იქნება ეს 10 ვაზნიანი გლოკ 26-ის თუ გრძელი 33 ვაზნიანი მჭიდი ან უფრო ეკზოტიკური კვების საშუალებები.

ეხლა გადავიდეთ კრიტიკულ ნაწილზე. რა არ მომეწონა “რუგერის” კარაბინში? დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით. მე სასტიკად და კატეგორიულად არ მომწონს მჭიდის მსუბუქი ღილაკები და რუგერის მჭიდის ღილაკი ჩემი გემოვნებით ზედმეტად მსუბუქია. რის გამოც ღილაკზე მსუბუქი დაწოლაც, ეგრევე ათავისუფლებს მჭიდს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ტყეში ხეტიალისას მჭიდი შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ რამდენად მაღალია ამის ალბათობა ჯერ არ დაგვიდგენია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მჭიდის ღილაკის განლაგება, ერგონომიკის თვალსაზრისით არის უნაკლო, ის ადვილად ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს არის დაყენებული, მაგრამ, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ მისი ზამბარა ბევრად უფრო ხისტი ყოფილიყო და უკეთ დაცული შემთხვევითი დაჭერისგან. კრიტიკას ასევე იმსახურებს ტიბჟირზე განლაგებული პიკტინის სამაგრი. ის “ჩაშენებულია” ტიბჟირში ხოლო მის უკან საღვედეს დასაყენებელი სამაგრია, რის გამოც უმეტესობა ტაქტიკური ფანრების მანდ ვერ დაყენდება. საჭირო იქნება ცალკე “ოფ-სეტ” სამაგრი. და ბოლოს, იარაღი მძიმეა (3.1 kg). ბალანსი და წონის გადანაწილება კარგია, მაგრამ მასა მაინც მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ კარაბინიდან სროლა კომფორტულია და უკუცემა მინიმალურია. ბოლო პისტოლეტის კალიბრის კარაბინი, რაც მე მქონდა იყო Kel-Tec SUB 2000 და სროლის წარმოების კომფორტის თვალსაზრისით სხვაობა ამ ორ იარაღს შორის არის უზარმაზარი, მაგრამ  ”კელ-ტეკი” ჩვენ გვიყვარს სხვა სიკეთეების გამო. სულ ბოლოს უნდა ვახსენო, რომ ჩემი აზრით იარაღს აქვს გარკვეული პრობლემა ესთეტიკის მხრივ. გარეთ გამოშვერილი წვრილი მჭიდი იარაღს არ უხდება. ყველაზე მოკლე 10 ვაზნიანი გლოკის მჭიდიც კი გარეთ გამოშვერილია.  ჩემთვის ესთეტიკა დგას სადღაც ბოლოდან მეორე ადგილზე მნიშვნელობით, მაგრამ არის ხალხი, რომელთათვის ესთეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ ეხლა პისტოლეტის კალიბრის კარაბინებში პრაქტიკულობა დგას პირველ ადგილზე და ესთეტიკას იარაღების ამ კლასში არ უნდა დაეძებდე. სრული ბედნიერებისთვის, ასევე საჭირო იქნებოდა წერტილები სწრაფად მოსახსნელი საღვედეებისთვის მაგრამ რაც არის ეს არის.

76706837_457962971588394_3760612766684020736_n

ლულა take-down მექანიზმით

PC არ არის “რუგერის” პირველი პისტოლეტის კალიბრის კარაბინი. 1961 წლიდან 1985 წლამდე გამოდიოდა Model 44, .44 მაგნუმზე გათვლილი  კარაბინი, რომელიც კონსტრუქციულად იმეორებდა 10/22-ს. 1996 წელს რუგერმა გამოუშვა PC9 (9×19) და PC4 (.40S&W). ეს კარაბინები გამოდიოდა 2006 წლამდე მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდნენ ისევე, როგორც მანამდე მოდელი 44. როგორც ჩანს ეს არ ეხება ახალ PC-ს იმიტომ, რომ იარაღი კარგად იყიდება. ორიგინალურ კონცეფციას უბრალოდ ჭირდებოდა რაღაცით “გახალისება”, რაც მოიზიდავდა მყიდველებს და ეს “გახალისება” გახდა take-down-ის შესაძლებლობა და ასევე შესაძლებლობა გამოიყენო ალბათ საუკეთესო და ყველაზე გავრცელებული, გლოკის მჭიდები. თითქმის ყველა მიმოხილვა რაც მე ვნახე არის ძალიან პოზიტიური და ამ იარაღს მაღალ შეფასებას აძლევს. შედარენით კლასიკურ მოდელს, რუგერმა დაუმატა ტაქტიკური მოდელებიც, რომლებიც უფრო “თანამედროვედ” გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით კლასიკური ვარიანტი ბევრად უკეთესია, თან ამ ახალ მოდელებს აღარ გააჩნია მექანიკური სამიზნი  მოწყობილობები. jedem das seine, როგორც იტყოდნენ გერმანელები.

19122-2

Ruger-ის შედარებით ახალი Pistol Caliber Carbine Chassis model

გადავიდეთ ყველაზე საინეტერსო ნაწილზე. როგორ ისვრის იარაღი? სროლა სიზუსტეზე ხორციელდებოდა 30 მეტრიდან, მაგიდიდან. გამოყენებული იყო მუხტები 115 გრანიდან 157 გრანამდე. მიზანი ამისა პირველ რიგში დაგვედგინა, არის თუ არა სხვაობა მოხვედრის წერტილის ცვლილებაში სხვადასხვა წონის ვაზნების გამოყენებისას. სროლისას აღმოჩნდა რომ დახურულ ტირში, სპეციფიური განათებით, სამიზნი მოწყობილობების გამოყენება იყო საკმაოდ რთული. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ პრობლემის წყარო იყო ჩემი პრობლემური თვალები. საქმე იმაშია, რომ სამიზნი მოწყობილობები განლაგებულია ლულაზე (რაც ბუნებრივია take-down იარაღისთვის), დიოპტრი საკმაოდ შორს არის თვალიდან და მიუხედავად იმისა, რომ სამიზნი მოწყობილობების ზომა და პროპორციები იდეალურია, შავ წრეში კორათი შესვლისას, ხდებოდა კორას და შავი წრის შერწყმა, რაც სერიოზულად ართულებდა დამიზნებას. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მივიღეთ ძალიან საინტერესო შედეგები.

74908184_10215057609009072_4164172605395304448_o

ამ სურათიდან ჩანს, რომ სხვაობა მოხვედრის წერტილში დიდი არ არის, ხოლო ყველაზე კარგი ჯგუფი, პრაქტიკულად ერთი ნახვრეტი, მივიღეთ შედარებით იაფი “Blazer”-ით, ალუმინის მასრით. ჩემი აზრით და სურათი ამას ადასტურებს, იარაღი სტაბილურად ზუსტად ისვრის ყველა პოპულარული წონის ტყვიით, რომელიც გამოიყენება 9მმ-ან ვაზნაში. იარაღი საჭიროებდა გასწორებას რის გამოც სამ სამიზნეზე მოხვედრები არის დამიზნების წერტილიდან დაშორებული.

ორი სიტყვა სასხლეტზე. კარგია ის სასხლეტი, რომელიც გაძლევს საშუალებას ისე ისროლო, რომ მასზე არ იფიქრო და კონცენტრირდე სუნთქვაზე, სამიზნი მოწყობილობების ზუსტ გასწორებაზე და ასე შემდეგ. რუგერზე სწორედ ასეთი სასხლეტია. ის არის წარმოუდგენლად კარგი ასეთი კლასის იარაღისთვის, რომელიც იდეაში არ არის შექმნილი ზუსტი სროლისთვის. მისი წონა დაახლოებით 3 კგ-ია და ის ერთ საფეხურიანია.

P1120027

პრაქტიკული სიზუსტე ძალიან მაღალია. 25 მეტრიდან დგომიდან სწრაფი და ზუსტი სროლა ადვილია. ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ეს სილუეტები რეალური ადამიანის სილუეტზე დაახლოებით 30% უფრო პატარაა. 

სროლის დროს ჩვენ ვიყენებდით ორიგინალურ “Glock”-ის და “Magpul”-ის წარმოების მჭიდებს. არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. ექსტრაქცია პოზიტიური. მარცხენა მხრიდან სროლისას მასრები ახლოსაც არ ხვდებოდა სახესთან. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი “ბლოუბექია” ანუ იყენებს თავისუფალ საკეტს, ხოლო მე ვისროდი მარცხენა მხარზე მიობჯენით, დენთის აირები და დენთის ნაწილაკება სახეში არ მხვდებოდა არა და იარაღზე შესაბამისი დეფლექტორი არ არის გათვალისწინებული.

მოკლედ 9მმ-ნი რუგერის კარაბინიდან სროლა ძალიან სასიამოვნოა. კარგი სასხლეტი, სამიზნი მოწყობილობები და ლულა გაძლევთ შესაძლებლობას სრულად გამოიყენოთ 9მმ-ნი ვაზნის პოტენციალი. 16 ონჩიანი ლულიდან ნასროლ 9მმ-ან ტყვიას ექნება 10-20% მეტი საწყისი სიჩქარე ვიდრე სრული ზომის პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიას, რაც არც თუ ისე უმნიშვნელო ციფრია.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

მოსაწონია, როდესაც იარაღზე პირდაპირ ყუთიდან აყენია, როგორც კარგი მექანიკური სამიზნი მოწყობილობები ასევე პიკატინის სამაგრი ოპტიკისთვის. ბევრი კომპანია დღეს ყიდის “შიშველ” იარაღს და აძლევს მფლობელს საშუალებას თავად აირჩიოს  სამიზნი მოწყობილობების კონფიგურაცია ან აყენებს მარტივ, პრიმიტიულ მექანიკურ სამიზნ მოწყობილობებს. პირველი მიდგომა ალბათ კარგია, თუ შეგიძლია გადახვიდე გზაზე, შეხვიდე მაღაზიაში და იყიდო რაც გინდა, მაგრამ მე მირჩევნია იარაღი იყოს მზად გამოყენებისთვის პირდაპირ კოლოფიდან. რუგერის კარაბინის ქარხნული სამიზნი მოწყობილობები ძალიან კარგია, ხოლო თუ გინდათ ოპტიკის დაყენება, პიკატინის ცალკე ყიდვა საჭირო არ იქნება. პიკატინის სამაგრი რუგერის კარაბინში შესრულებულია  რესივერთან ერთად (და არა ცალკე დეტალი დაფიქსირებული ხრახნებით), რაც ასევე კარგია. 

მიმოხილვის ბოლოსკენ მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსზე გავამახვილო ყურდაღება. პისტოლეტის კალიბრის კარაბინებში შედარებით გრძელი ლულებით უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კარგი ხარისხის ვაზნები. გრძელლულიანი “ბლოუბექ” ტიპის იარაღში, როგორც ამობენ ძალიან რთულია მიხვდე, რომ ტყვია გაიჭედა ლულაში და არის რისკი, რომ მსროლელი ვერ მიხვდება, რომ რაღაც წავიდა არასწორად და გააგრძელებს სროლას. ერთი გაჭედილი ტყვია ლულაში არ არის სასიკვდილო პრობლემა და ის ექვემდებარება მოგვარებას, ხდება გაჭედილი ტყვიის ამოღება და იარაღი მზად არის ექსპლუატაციისთვის. გაჭედილი ლულით მეორე გასროლას მოყვება ლულის დაზიანება.

სხვადასხვა რესურსებზე აღმოჩენილი ინფორმაციის მიხედვით, ერთი შეხედვით, 147 გრანიანი ტყვია შეიძლება არ იყოს საუკეთესო არჩევანი 16 ინჩიანი კარაბინიდან სასროლად. საწყისი სიჩქარე იზრდება უმნიშვნელოდ ხოლო 16 ინჩიან ლულაში სიჩქარე იქნება ნაკლები ვიდრე 12 იინჩიან ლულაში. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ დენთის მუხტს არ ყოფნის ენერგია და ტყვია იწყებს შენელებას უკვე ლულის შიგნნით. ეს შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ცუდია რომ სიჩქარეში/ენერგიაში არ იგებ, მაგრამ ცნობილია, რომ პისტოლეტის ტყვიები, იგულისხმება ექსპანსიური ტყვიები, იქმნებიან სიჩქარეების კონკრეტულ დიაპაზონში სამუშაოთ. გაიყვანე ასეთი ტყვია ზედმეტად მაღალ სიჩქარეზე და სამიზნეში მოხვედრისას ის შეიძლება გაიშალოს ზედმეტად ადრე ან საერთოდ მოხდეს მისი ფრაგმენტაცია და ამის გამო შეღწევის სიღრმე არ იყოს ოპტიმალური. ამიტომ ის, რომ 147 გრანიანი ტყვია ინარჩუნებს სტაბილურ სიჩქარეს, შეიძლება კარგიც იყოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მთლიანად გარსით დაფარული 124 გრანიან ტყვიას ექნება მეტი საწყისი სიჩქარე მაგრამ როგორ აისახება ეს მის ტერმინალურ ეფექტურობაზე უცნობია. კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები, მაგრამ 9მმ-ნი კარაბინების პოპულარობის ზრდასთან მეტი ინფორმაცია გაჩნდება და ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ გაჩნდება სპეციალიზირებული მუხტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენებენ ლულის სიგრძეს. 16 ინჩიანი ლულიდან ნასროლი 124 გრანინაი +p კლასის ტყვიას ექნება საწყისი სიჩქარე სადღაც 410-420 მ/წ-ში რაც უკვე .357 “მაგნუმის” ტერიტორიაა. იმის თქმა მინდა, რომ საწყისი სიჩქარის გაზრდა ყოველთვის კარგი არ არის, თუ ტყვია არ არის “მზად” ასეეთი სიჩქარისთვის. ასევე გასარკვევია რესივერზე დაყენებული ოპტიკით, ლულის მოხსნა დაყენება იწვევს თუ არა “ზეროს” დაკარგვას.  ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის შესწავალას რუგერის კარაბინის დახმარებით და შედეგებზე აუცილებლად გიამბობოთ.

ამ ეტაპზე რუგერის PC კარაბინი იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხარისხიანი შესრულებისთვის და ნაფიქრი კონსტრუქციისთვის. ის არ გავს სუპერ ტაქტიკურ “ემოთხს”, არ აქვს ვეტიკალური სახელურები და დასაკეცი კონდახები, მაგრამ ეს არის გამძლე, ხარისხიანი და ძალიან ზუსტი იარაღი, რომელიც არ მიიპყრობს ყურადღებას მის გადატანისას და თუ გადაწყვიტეთ სადმე სადმე გასეირნება, გზად თუ ვინმე შეგხვდათ, “ბოევიკი” არ ეგონებით. იმისთვის რომ ის მოირგოთ ან დააყენოთ მასზე ოპტიკა, ასევე არ დაგჭირდებათ დიდი ინვესტიციები. თბილისში ეს იარაღი იყიდება ახალი, 2000 ლარად და თუ თქვენ გჭირდებათ ის რასაც ეს იარაღი გთავაზობთ, მაშინ წადით და იყიდეთ, ფასი/ხარისხით მას ამ ეტაპზე თბილისში კონკურენტი არ ყავს და რაც მთავარია კარაბინი პირდაპირ კოლოფიდან არის მზად გამოიყენოს 9მმ-ნი ვაზნის სიზუსტის და სიმძლავრის სრული პოტენციალი.

P1120010

იდეალური წყვილი. ერთნაირი ვაზნა, ერთნაირი მჭიდები, ერთნაირი ფერები. 

ჩვენი ტესტი – Akkar Churchill 12ga

November 4th, 2019

P1110939

იყო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, როდესაც მე ძალიან გატაცებული ვიყავი 12 კალიბრის “პომპებით”. ჩემი პირველი პომპა მე შევიძინე ჯერ კიდევ 11 წლის წინ და ეს იყო საკმად კარგი იარაღი, “Winchester” 1300.  მაგას მოყვა ბევრი სხვა ანალოგიური იარაღი, ამერიკული, ევროპული და თურქული წარმოების. ამ წლების განმავლობაში მე მივედი დასკვნამდე რომ ალბათ საუკეთესო “პომპა” არის “Mossberg” 500 და მისი მოდიფიკაციები.  მართალია მოსბერგების ლულა შიგნიდან გავს ჟანგიან წყლის მილს და დეტალების დაზმადების ხარისხიც არის რბილად რომ ვთქვათ საშუალო, ფაქტია რომ მოსბერგები და მათი ბიუჯეტური, (რეალურად კი ისედაც  ბიუჯეტური მოსბერგის კიდე უფრო ბიუჯეტური) Maverick სერიის თოფები, მუშაობენ, მუშაობენ საიმედოდ და არ ფუჭდებიან. მეორეს მხრივ თურქული თოფები (ყოველ შემთხვევაში ის რაც მე მინახია) გამოირჩევიან პრაქტიკულად უნაკლო შესრულებით, ლამაზი იერსახით, მაგრამ არ მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში არ მუშაობენ ხოლმე პირდაპირ კოლოფიდან. არის კიდე ფასის საკითხი. არ ვიცი რატომ მაგრამ ბიუჯეტურ ამერიკულ “პომპებში” ჩვენთან ითხოვენ ძალიან დიდ ფულს. ბოლოს მეორად ბაზარზე ვნახე შემოთავაზება აქ შედარებით ნაკლებად გავრცელებულ  Smith&Wesson-ის თოფზე, რომელიც ამერიკაში 150 დოლარი ღირს. აქ კიდე მასში ითხოვდნენ 2500 ლარს. ანალოგიურ ფასებს ითხოვენ “Winchester “1300-ში და 1500 ლარამდე მოსბერგის თოფებში.  ამის გათვალისწინებით შემოთავაზება, რომელსაც მე წავაწყდი გავდა საჩუქარს. 400 ლარად კაცი ყიდიდა ახალ თურქულ პომპას “Churchill”, თანაც საკმაოდ ლამაზი ხის ფურნიტურით.  400 ლარი ჩვენი “ბრწყინვალე” მთავრობის “გააზრებული” ეკონომიკური პოლიტიკს წყალობით, იქცა 140 დოლარად. 140 დოლარი 12 კალიბრის თოფში პრაქტიკულად ნაჩუქარია.”პოპმა” მე ისედაც კარგახანია მინდოდა და გარდა ამისა, მე ჩავთვალე, რომ ჩემ მკითხველებს დააინტრესებთ თოფის ტესტირება, რომელიც ხელმისაწვდომია და ალბათ სადღაც 15 წელია რაც იყიდება ქართულ ბაზარზე.

“ჩერჩილის” სავაჭრო ნიშანი ამჟამად ეკუთვნის სტამბულთან განლაგებულ კომპანია “Akkar”-ს. ასე იყო ეს 15 წლის წინაც თუ ამ თოფებს ვინმე სხვა უშვებდა მე არ ვიცი. “Akkar”-ი საკმაოდ ცნობილი მწაროებელია და მისი პროდუქცია იყიდება პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საქართველოს ჩათვლით. “Akkar”-ის თოფი მქონდა მეც და სიმართლე გითხრათ იმ თოფით კმაყოფილი არ ვიყავი, ის არ მუშაობდა პირდაპირ ყუთიდან. მეორეს მხრივ “ჩერჩილებზე” მე აქამდე ცუდი არაფერი მსმენია არა და ეს თოფები წლებია იყიდება საქართველოში.

როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტური უმეტესობა, თურქული “პომპების” არის იტალიური Fabarm SDASS-ის ასლი. არც ჩვენი “ჩერჩილი” არ არის განსხვავებული. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მოთავსებულია პლასტმასის კორპუსში. რესივერი ალუმინის არის. ჩაკეტვა ხორციელდება ლულის წაგრძელებაზე განლაგებულ კილოზე, საკეტში ვერტიკალურად მოძრავი ბჯენის მეშვეობით, რომელიც ტიბჟირის გამოწევისას იწევა ქვევით და საკეტიც იხსნება. მილისებრი მჭიდი განლაგებულია ლულის ქვეშ და მასში ეტევა 4 სტანდარტული 70მმ სიგრძის ვაზნა. თუ ვაზნების სიგრძე შედარებით მოკლეა, მჭიდში ჩავა 5 ვაზნა). ლულის სიგრძე 38 სმ-ია. წონა: 2.6კგ. სრული სიგრძე-69სმ.  “ჩერჩილი” გამოდის ორი ტიპის ფურნიტურით, პლასტმასის და ხის. პლას ტმასის ფურნიტურა უფრო პრაქტიკულია, მაგრამ ხის უფრო ლამაზია.

ლულის არხი არის უნაკლოდ დამზადებული და ქრომირებულია, რაც იდეაში უზრუნველყოფს დიდ რესურსს და ასევე ამის წყალობით ლულა ძალიან ადვილად იწმინდება. რესივერი და ლულა დაფარული უნაკლო შავი დაფარვით, რომელიც იარაღს ძალიან უხდება. მცველი ტრადიციულად განლაგებულია სასხლეტის დამცავი კავის უკან. მარჯვნივ გადაწევა მას რთავს, მარცხნივ თიშავს. კავის წინ არის საკეტის გამხსნელის ღილაკი. მჭიდის ავსება ხდება ქვევიდან. ახალი თოფი მოთავსებულია ცელოფნებში და მუყაოს საფირმო ყუთში სადაც ასევე დევს მოკლე ინსტრუქცია და ღვედი .

74227314_756652004809896_193361038278656000_n

დაშლისას ხის ტიბჟირზე აღმოჩნდა რაღაც შავი ზოლი, რომელიც ძალიან გავს შეწეპებულ ბზარს. კიდევ ერთი მიზეზი მოვიხსენიოთ თურქული ხარისხის კონტროლი…

ჩვენი თოფის კომპოლექტაცია არის მარტივი მაგრამ სკმარისი. მას არ აქვს ზედმეტი ან უაზროდ შეთავსებული ელემენტები. მაგალითად მე მინახია ამაზე უფრო მოკლე “პომპები” ჩასახრახნი ჩოკებით, რაც ზედმეტია თოფზე ასეთი მოკლე ლულით. მინახია თოფები მაღალი, შაშხანის სტილში შესრულებული კორათი მაგრამ უკანა სამიზნი მოწყობილობის გარეშე, ან ისეთი ფორმის დასაკეცი კონდახით, რომელიც გარანტირებს გახეთქილ ტუჩს. აღარაფერს ვამბობ თურქული თოფების თითქმის ყოველთვის საკითხავ დეკორატიულ გაფორმებაზე. მოკლედ თურქული თოფის შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი პრინციპი: რაც უფრო მარტივია – მით უკეთესია.

“ჩერჩილის” ლულაზე გრავირებულია უცნაური წარწერა, Kassnar, London, England. რატომ არის ეს გრავირება ლულაზე მე არ ვიცი, ისევე როგორც 99% დარწმუნებული ვარ, რომ ლულას არანაირი კავშირი ინგლისთან არ აქვს. მე მინახია თურქული თოფები იტალიური Fabarm-ის ნაწილებით და იტალიური დამღებით, მაგრამ ეს იყო ძალიან ადრინდელი გამოშვების იარაღები. ძალიან მეეჭვება 400 ლარიან თოფზე იყოს ინგლისში დამზადებული ლულა. მე დამაინტერესა საერთოდ საიდან წამოვიდა სახელი “ჩერჩილი” და რას ნიშნავს ეს დამღა. ინგლისში დღემდე მოქმედებს 1891 წელს დაარსებული კომპანია E.J. Churchill, რომელიც უშვებს უმაღლესი დონის სანადირო თოფებს და მათი ფასი იზომება ხუთნიშნა ციფრებით. გამორიცხულია მათ ქონდეთ რამე კავშირი თურქულ “Akkar-თან”. დამღა სავარაუდოთ უკავშირდება სავაჭრო კომპანია Kassnar International-ს, რომელიც უკვე კარგახანია არ არსებობს. სავარაუდოდ თურქებმა უბრალოდ შემთხვევით აირჩიეს ეს სახელი და გრავირებაც მხოლოდ სულელური მარკეტინგული ხრიკია. ან შეიძლება “აკკარმა” მიყიდა “კასსნარს” თავისი თოფების პარტია და იმ დროიდან მოყოლებული ასვავს ამ დამღას ყველა თოფს.

კარგით ბატონო, დავუწეროთ თურქებს 5-ნი მინუსთი (გაურკვეველი დეფექტისთვის ხის ტიბჟირზე) შესრულებაში და ასევე 5-ნი პლუსით ფასში, მაგრამ როგორ მუშაობს ეს თოფი? “ჩერჩილის” პირველი ტესტირება არ უნდა ყოფილიყო რაღაც “აკადემიური” გამოცდა. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე იყო დავრწმუნებულიყავით, რომ თოფი იმუშავებს, რომ თოფს აქვს მისაღები სიზუსტე ყველაზე გავრცელებული ტიპების 12 კალიბრის მუხტებით სროლისას და ასევე მე მქონდა გარკვეული ეჭვები თოფის ზედმეტად მჭიდროდ მორგებულ გადატენვის მექანიზმთან და ამიტომ გეგმაში ასევე გვქონდა ალბათ პირველი იარაღის წამების ტესტის განხორციელება, რომლის დროსაც ჩვენ სპეციალურად დავაბინძურებდით თოფს ტალახით და მტვერით და ვნახავდით რა მოხდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მე დავხარჯავდი მეტ ფულს სხვადასხვა ტიპის ვაზნებზე, რომ მენახა, რა მუხტებით მივიღებდი საუკეთესო შედეგს. ამიტომ პირველი ტესტისთვის მე ვიყიდე მხოლოდ იაფი YAF-ის ვაზნები და “სარსილმაზის” სლაგები და კარტეჩი.

 

slugchurchill

თურქულ იარაღებზე არის ლულები კარგად შესრულებული ლულის არხებით. მიუხედავად იმისა, რომ ცილინდრული ლულის სიგრძე არის ერთ მტკაველზე ცოტათი მეტი, ხოლო სამიზნი მოწყობილობებიდან გვერგო  მხოლოდ კორა ლულაზე, თოფი ჩემი აზრით კარგად ისვრის. ჰორიზინონტალური შესწორება არ ჭირდება, ხოლო ის რომ ტყვიები ოდნავ მაღლა ხვდება მე ყოველთვის მომწონს, იმიტომ რომ ინსტინქტურად ცოტა დაბლა უჭერ რომ სამიზნეს კარგად ხედავდე. სროლის მანძილი 20 მეტრი, მუხლიდან.

20191103_104909

აღნიშნული იმპოროვიზირებული სამიზნე არ არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, ეს არის (ჩვენი აზრით) აფრენილი მწყერის სილუეტი. ამ მარტივი ტესტის მიზანი იყო უბრალოდ გაგება, შესაძლებელია თუ არა ამ იარაღით მწყერზე ან ტყის ქათამზე ნადირობა.  დაახლოებით 15-20 მტრიდან განხორციელდა ორი სწრაფი გასროლა (ვაზნა YAF Skeet 9 1/2 ნომერი, 24 გრ). ორივე გასროლა მწყერს “მოხსნიდა” და სამიზნეს ჯამში   მოხვდა 12 ცალი საფანტი.  გამოცდილ მონადირეებს გაეღიმებათ ასეთ “ტესტირებაზე”, მაგრამ ჩემი ორი საუკეთესო ნადირობა მწყერზე იყო ნათხოვარი მოკლე პომპებით და ჩემი აზრით ეს თოფი გამოდგება მწყერზე სანადიროდ, მაგრამ ცხადია ვერ იქნება საუკეთესო თოფი ასეთი ნადირობისთვის.

კარტეჩით სროლისას შედეგი იმდენად კარგი არ იყო, თან გასროლიდან გასროლამდე მორტყმების რაოდენობა მცირდებოდა. ჩემი აზრით პრობლემა ვაზნაშია და არა თოფში. 20 მეტრიდან სილუეტს მოხვდა ჯერ 7, შემდეგ 5 და მესამე გასროლაზე 4 ჭურვი. ეს გასაკვირი არ არის. ჩვენმა მეგობრებმა ჩაატარეს ტესტები და YAF-ის კარტეჩმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

38სმ-ნი ლულისგან ცილინდრული გაბურღვით და იაფი თურქული ვაზნებისგან არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ შედეგს, მაგრამ ამ მარტივმა და მოკლე ტესტირებამ დაგვარწმუნა, რომ თოფი ვარგისია გამოყენებისთვის, ხოლო მის რეალურ შესაძლებლობებს დავადგენთ ოდნავ მოგვიანებით და ვაზნების ოდნავ უფრო დიდი ასორტიმენტით.

რაც შეეხება ჩვენ მედია სივრცეში ალბათ პირველ წამების ტესტს, ის განხორციელდა შემდეგნაირად. თოფის ლულა დავხუფეთ ქაღალდის სკოტჩით, იარაღი დავდეთ მიწაზე და დავაყარეთ ზევიდან ფეხებით მტვერი და ნამიანი მიწა. მიზანი იყო იარაღის გონივრული ხარისხით დაბინძურების იმიტირება. იარაღის სავაზნე იყო ცარიელი. მჭიდი სავსე (4 ვაზნა), იარაღი  აყვანილი იყო მცველზე. დაბინძურების შემდეგ, იარაღი ერთი მოძრაობით გავფერთხეთ, მოვხსენით მცველიდან და ვისროლეთ 4 ვაზნა. ეს ციკლი გამეორდა ორჯერ და ყოველ ჯერზე არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადატენვის მექანიზმს პრაქტიკულად არ შეეტყო დაბაინძურება. ტესტირების მერე იარაღი არ გავწმინდეთ და გავაგრძელეთ სროლა და ისევ არანაირი დაბრკოლება არ მოხდა. იარაღმა წარმატებით გაირა წამების ტესტი. უფრო ექსტრემალური ტესტის ჩატარებას აზრი უბრალოდ არ აქვს, ეს არ არის სამხედრო-საბრძოლო იარაღი და მას ბევრი არ მოეთხოვება.

tortcherch

ასეთი ტესტები პოტენციალურად საშიშია და არავის ვურჩევ ასეთი რამის გაკეთებას, თუ კარგად არ გესმით რას აკეთებთ.

მთლიანობაში ვისროლეთ ალბათ 50-60 ვაზნა და თოფით კმაყოფილები დავრჩით. უკუცემა და გასროლის ხმა, რა გასაკვირია იყო მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულად ძნელად ასატანი იყო ძლიერი მუხტები.  24 გრამიან მუხტების სროლა მეორეს მხრივ იყო ძალიან ადვილი. ექსტრაქცია ძალიან პოზიტიურია და ერთგავროვანი, რის გამოც ეგრევე ამუღამებ განმუხტვისას გამოსროლილი მასრების/ვაზნების ამოგდებას და მათ ჰაერში დაჭერას. არც გადატენილი ვაზნების მონელებასთან თოფს არ ქონდა პრობლემები. არც ერთ დაბრკოლებას ან შეყოვნებას ადგილი არ ქონდა. თოფის მექანიზმები კარგად მუშაობენ მაგრამ არის ერთი ნიუანსი….

diferencestch

ორი განსხვავებული მიდგომა ორ თოფში იტალიური ფესვებით. Stoeger SP312 (ბენელის ასლი) ვაზნის ინტერცეპტორი მჭიდიდან ამოგდებულ ვაზნას იჭერს თავისი კუდით და არ აძლევს მოძრაობის საშუალებას. “ჩერჩილში” (Fabarm SDASS-ის კლონი) ვაზნა თავისუფლად დევს მოძრავ ღარზე. რის გამოც თუ თოფი დახრილია წინ, შეიძლება ჩავარდეს თავით მჭიდში და მანდ გაიჭედოს. ეს ხდება თუ მჭიდი ცარიელია, თუ არა მომდევნო ვაზნის ძირი არ აძლევს მას საშუალებას წინ წასვლის ისე რომ ის მერე მიწოდებისას გაიჭედოს. იდეაში ეს პრობლემა არ იარსებებდა, რომ მჭიდის მიმწოდებელს ქონდეს სწორი, უფრო მკვეთრად გამოხატული კონუსის ფორმა. არც Stoeger-ი არ გადაურჩა თურქულ წყევლას. ვაზნების მიწოდება ხდებოდა მხოლოდ ტიბჟირისი ენერგიული მოძრაობით. ტიბჟირის ნელა მოძრაობისას ვაზნა რჩებოდა სავაზნეში და საჭირო გახდა ტიბჟირის საწევზე ღარის (რომელიც ზემოქმედებს ვაზნის ინტერცეოპტორზე)  გაღრმავება. 

აღნიშნული ნაკლი ნამდვილად არ არის ფატალური. უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლებელია ინიცირება ისეთი მდგომარეობის, როდესაც იარაღი მექანიკური გადატენვით გაჭედავს. ამიტომ საჭიროა პრაქტიკა, რომ გადატენვის ციკლი განხორციელდეს, სწრაფად და ეფექტურად ისე, რომ გამოირიცხოს დაბრკოლება. “ჩერჩილის” შემთხვევაში და ალბათ ნებისმიერი სხვა თოფის, რომელიც ანალოგიური კონსტრუქციის არის, გადატენვისას ლულა არ უნდა უყურებდეს დიდი კუთხით მიწას. ეს არის და ეს.

კიდე ერთი თავისებურება გახლავთ, ის რომ ბოლო ვაზნის ხელით ამოღება მჭიდიდან ინტერცეპტორის დაწევით, შეუძლებელია. ის იჭედება რესივერსა და მიმწოდებელ ღარს შორის. შესაძლო გამოსავალია, მიმწოდებლის ქვედა ნაწილის პოლირება ან უბრალოდ ვაზნის ამოგდება ტიბჟირის გადაწევით.  რატომ არის საჭირო ვაზნების ამოღება მჭიდიდან ხელით? იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება არ იყოს შესაძლებელი პომპის განმუხტვა ტიბჟირის მოძრაობით, ხოლო თუ გირჩევნიათ ტიბჟირის გამოყენება, გახსოვდეთ, რომ მცველი უნდა იყოს ჩართული და ლულა მიმართული უსაფრთხო მიმართულებით.

74569275_718489835293447_4594213687740334080_n

ეს პლასტმასის მჭიდის ხუფი კბილებით ცვლის ზამბარიან ბურთულას, რომელიც აფიქსირებს ქანჩს, რომელიც თავისმხრივ აფიქსირებს ლულას რესივერში. ეს მეთოდი უფრო მარტივია და იაფი. მაგრამ ბევრი სროლისგან ქანში იშვება და საჭიროა მისი პერიოდული გადაჭერა. ეს გაიაფებული და გამარტივებული ქანჩის ფიქსაციის მეთოდი გვხვდება ბევრ “ბიუჯეტურ” თანამედროვე თოფზე. 

პრინციპში მეტი პრეტენზია ამ თოფთან მე არ მაქვს. 400 ლარად ასეთი თოფი არის ძალიან მაგარი შენაძენი.. რა თქმა უნდა ღია რჩება თოფის გამძლეობა გრძელვადიანი ექსპლუატაციის პირობებში და მისი რესურსი, მაგრამ არ მგონია აქ რამე პრობლემები იყოს. რესურს რაც შეეხება, ალბათ ის საკმარისია. თანაც რამდენი უნდა ისროლოთ ასეთი თოფიდან? ეს ხომ არ არის სპორტული თოფი ან სანადირო, რომლიდანაც შეიძლება ასობით და ათასობით ვაზნას ისროდეთ? მსუბუქი მუხტების სროლა 2.6კგ-ნი “ჩერჩილიდან” არ არის დამღლელი, მაგრამ უფრო ძლიერი მუხტებით სროლისას უკუცემა არის ძალიან ხისტი და 5-6 გასროლის შემდეგ, სროლის გაგრძელების სურვილი სწრაფად ქრება.  ამ თოფიდან მუხტების სროლა 76მმ-ნი მასრით (ე.წ. მაგნუმების) მე მიმაჩნია, რომ იქნება უკიდურესად არაკომფორტული.

არ ვიცი ეს რატომ ხდება, რომ მიუხედავად დამზადების მაღალი ხარისხისა, თურქული თოფები მუდმივად საჭიროებენ ქლიბით ჩარევას. ასე დაჭირდა ახალ Hatsan-ს, Akkar-ს, Stoeger-ს და რაღაცა უნდა მოვუხერხოთ “ჩერჩილსას” რომ ბოლო ვაზნა მჭიდიდან თავისით ამოდიოდეს და არ იჭედებოდეს ნახევარ გზაზე ღარის ქვეშ.

ალბათ ეს წვრილმანები განასხვავებენ მართლა კარგ თოფს, თურქული ან თუნდაც საშუალო თოფისგან. ჩემი აზრით, ამ წვრილმანებს თურქები არ აქცევენ ყურადღებას იმიტომ, რომ თურქეთში არ არსებობს იარაღის კულტურა, მანდ არ არის განვითარებული სასროლოსნო სპორტი და ნადირობა. ასევე იარაღის კულტურა არ არსებობს იმ ქვეყნებში სადაც იგზავნება თურქული თოფები. ხოლო ქვეყნებში სადაც იარაღის კულტურა მაღალია და მომხმარებელი უფრო განებივრებულია და შეძლებული, თურქული თოფები მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაბალ ფასად იყიდება, მაინც არ სარგებლობენ რაიმე განსაკუთრებული პოპულარობით. თურქები ასევე დიდად არ დარდობენ თურქული თოფის იმიჯის/რეპუტაციის შექმნაზე. ალბათ ისიც ყოფნით, რომ ბევრი მსხვილი მწარმოებელი (CZ, Webley-Scott, Weatherby, Winchester) ყიდიან თურქულ პროდუქციას საკუთარი სავაჭრო ნიშნებით, ხოლო დაბალფასიანი თოფების სეგმენტი (გარდა ჩრდილო ამერიკისა) სრულად აქვთ დაპყრობილი. ჩრდილო ამერიკაში მეორადი კარგად ნაცადი მოსბერგის ან რემინგტონის ყიდვა შეიძლება 250-300 დოლარად ამიტომ თურქული თოფის შეძენას უბრალოდ აზრი არ აქვს.

74801638_719504131864376_1386235299335503872_n

“ჩერჩილის” საკეტი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. დეტალების დამზადების ხარისხი საკმაოდ მაღალია.

ცხადია მაღაზიაში ახალ თურქულ თოფს ამ ფასად უკვე ვერ ნახავ, მაგრამ ფასები იწყება 600 ლარიდან, რაც მაინც ძალიან ხელმისაწვდომია. ზოგადად თურქული თოფების მთელი ასორტიმენტის განხილვა არ შედის ჩვენ მიზნებში, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ თურქეთი უშვებს როგორც, კარგ თოფებს ასევე ნაწარმს, რომელსაც თამამად შეიძლება უწოდო ჯართი. ჩემი აზრით შანსი წააწყდეთ კარგ თოფს, მატულობს თუ აირჩევთ მარტივი კონსტრუქციის მოდელს ყველაზე უბრალო შესრულებით, რაც შეიძლება იაფად. მაშინ რამე პრობლემაც რომ აღმოჩნდეს, ადვილად მოგვარდება და ძალიანაც არ გეწყინებათ. სიმართლე გითხრათ “მდიდრული” შესრულებითაც თურქული თოფები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ესთეტიურობით რომელიც ახასიათებთ ევროპულ თოფებს.

რაც შეეხება “პომპაზე” ჩემ ზოგად მოსაზრებას, ის უცვლელია. პომპა არის must have იარაღი. მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური, უნივერსალური, საიმედო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, მისი ფლობა არ დააწვება თვქენ ჯიბეს. AR-15 რომელიც მე მაქვს ღირს 4000 ლარამდე. წელიწადნახევრის განმავლობაში მე ის მქონდა გატანილი სასროლად ალბათ 6-ჯერ 7-ჯერ სულ. “პომპა” მეორეს მხრივ გააკეთებს ყველაფერს რაც თქვენ დაგჭირდებათ და მინიმალური დანახარჯით. თავდაცვა? თავდაცვით მანძილებზე “პომპა” მრისხანე იარაღია. ახალ წელს მაშხალების გაშვება ცაში? დაგპატიჟეს წელიწადში ერთხელ მწყერზე? გინდა გახვიდე და უბრალოდ სროლით გაერთო? ვიღაცის დრონი გაწუხებს თავისი ზუზუნით? 500 ლარიანი პომპა ყველაფერ ამაში გამოგადგება, ხოლო თუ ვაზნებს თვითონ ტენი ტყვიაწამალიც არ დაგიჯდება ძვირი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: “Churchill”-ის პომპა, ისევე, როგორც თურქული თოფების უმეტესობა, არის უბრალო კაცის იარაღი, რომელიც უფრთხილდება თავის ფულს და არ აქვს ფუფუნება სახლში ედოს ნივთი, რომელიც ძვირი ღირს და რომელსაც იშვიათად იყენებს. “ჩერჩილი” კარგად გამოიყურება, ხოლო თუ მას რამე პრობლემა აღმოაჩნდა, მისი მარტივი კონსტრუქციის და გავრცელებულობის გამო, ამ პრობლემის გადაწყვეტა ადვილი იქნება. ვისაც უნდა სახლში ედოს იარაღი, ისე, “ყოველი შემთხვევისთვის”, რომლითაც რამე იყოს სანადიროდაც წახვალ მწყერის სეზონზე, მარტივი და ეფექტური “ჩერჩილი” იქნება კარგი არჩევანი.

PS

დრონზე ხუმრობა იყო.

კვირის იარაღი – A-Square Hannibal

October 20th, 2019

408

სათაურის წაკითხვის მერე შეიძლება იფიქროთ, რომ ამ იარაღის შესახებ არაფერი აქამდე არ გსმენიათ და არასდროს არ გინახავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ უმეტესობას ვინც ამ სტატიას კითხულობთ ეს იარაღი ბევრჯერ გაქვთ ნანახი. ნანახი ვიდეოში, რომელიც წლებია დევს ინტერნეტში, სადაც არაბი ტურისტები, დახურულ ტირში ისვრიან შაშხანას და ხდებიან მისი ძლიერი უკუცემის მსხვერპლი. შაშხანა, რომლიდანაც ისინი ისვრიან (რამდენადაც მე შევძელი ამის გარკვევა) არის კომპანია A-square-ის დამფუძნებლის და მფლობელის არტურ ალფინის ქმნილება.  არტურ ალფინის ისტორიის მოყოლა საერთოდ ცალკე სტატიას და ალბათ წიგნს იმსახურებს, ამიტომ მოკლედ, რომ მოგიყვეთ, არტურ ალფინი არის ყოფილი სამხედრო, იარაღების და ბალისტიკის ექსპერტი, კონსტრუქტორი და აფრიკული ნადირობის დიდი მოყვარული. ეს ძლიერი შაშხანა მან შექმნა 1993 წელს სპეციალურად გამცილებლებისთვის, რომლებიც დაყვებოდნენ კლიენტებს სახიფათო აფრიკულ ნადირობებზე. გამცილებლის ფუნქცია მოგეხსენებათ არის ასევე კლიენტის დაცვა განრისხებული ცხოველისგან, რომელიც არ დაეცა პირველი გასროლისგან. თავდაპირველი დამკვეთი ნამიბიიდან, სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩავარდა, როდესაც მისმა კლიენტმა ესროლა სპილოს ორლულიანი .460 კალიბრის შაშხანიდან და მოარტყა სპილოს ეშვში და ფეხში, რის შემდეგაც თავს გაქევით უშველა, ხოლო გამცილებელს მოუწია გაცოფებული სპილოს მოგერიება.  ამიტომ მან მოითხოვა უფრო ძლიერი იარაღი ვიდრე აქამდე ოდესმე ვინმეს შეუქმნია, თანაც მას უნდა ქონოდა განმეორებითი გასროლების წარმოების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ არტურ ალფინს ასევე ეკუთვნის მრავალი კალიბრის კონსტრუქცია, შექმნილი სპეციალურად აფრიკული ნადირობისთვის, ამიტომ მან შექმნა ახალი, ზე-მძლავრი ვაზნა 76მმ სიგრძის მასრით და .585 კალიბრის (14.9მმ) 50 გრამიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე 23 ინჩიანი ლულიდან შეადგენდა 750 მ/წ-ს. ამის წყალობით ტყვიის ენერგია აღწევდა ძნელად დასაჯერებელ 14 000 ჯოულს (თითქმის 7-ჯერ უფრო მეტი ვიდრე 7.62х39-ის ენერგია). ვაზნის სახელი შეესაბამებოდა მის მონაცემებს: .577 “ტირანოზავრი”. თუ საკითხში კარგად ერკვკევით, უნდა იცოდეთ რომ აფრიკული ნადირობებისთვის უკვე არსებობდა მძლავრი ვაზნები ანალოგიური და უფრო დიდი კალიბრისაც, გამოწვევა, რომელიც იდგა არტურ ალფინის წინ მდგომარეობდა იმაში, რომ მას უნდა შეექმნა ვაზნა რომელიც გამოდგებოდა შაშხანაში გრძივად მოძრავი საკეტით ხოლო მანამდე ანალოგიური სიმძლავრის ვაზნები შექმნილი იყო ე.წ. “ექსპრესებისთვის”, ცალ ან ორლულიანი “გადასატეხი” შაშხანებისთვის. ახალი ვაზნა ამიტომ იყო ქიმურას (rim) გარეშე, რაც უზრუნველყოფდა მის უპრობლემო და საიმედო მიწოდებას მჭიდიდან სავაზნეში. ბაზად ახალი იარაღისთვის აღებული იქნა “ჰანიბალის” შაშხანა, რომელიც იყენებს 1917 წლის ენფილდის სქემას, რომელიც საკმარისად გამძლეა და საკეტს აქვს საკმარისი სიგრძის სვლა. ძლიერ უკუცემას ამცირებს კონდახში ჩაყენებული სამი უკუცემის შემცირების მექანიზმი ვერცხლისწყალით.  რა თქნა უნდა შაშხანის ყველა მექანიზმი არის გაძლიერებული, იარაღის მჭიდი მზადდება ფოლადის ფილების შედუღებით. შემდეგ ხდება მისი მონტაჟი რესივერში და დამატებით გამყარება შედუღებით. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ძლიერმა უკუცემამ არ დააზიანოს მჭიდი, არ გაააძროს ის შაშხანას და მიწოდება ყოველთვის იყოს საიმედო. ბუნებრივია იარაღის ყველა ელემენტი მზადდება მწარმოებლის მიერ, რაც ერთგვარი გარანტია არის ხარისხის და საიმედოობის. ცხადია ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა იაფი. თითო ვაზნის ფასი მერყეობს 50 დოლარიდან 125 დოლარამდე. შაშხანა ყველაზე სტანდარტული შესრულებით თავდაპირველად ღირდა 4000-4500 დოლარი. მას მერე რაც A-square-მა 2011 წელს შეწყვიტა არსებობა, შაშხანების ფასიც წესით უნდა გაზრდილიყო.

ვიღაცა იტყვის, რომ რა აზრი აქვს ამ კალიბრს და შაშხანას, როდესაც არსებობს .50BMG, მაგრამ თავად დაფიქრდით, უკანასნელის მთლიანი სიგრძე 136მმ-ია, ხოლო .577-ის მხოლოდ 94.2 მმ. ამის წყალობით .577 კალიბრის A-square Hannibal მიუხედავად მძლავრი კალიბრისა, იწონის სადღაც 6 კილოგრამს ხოლო მისი სიგრძე დაახლოებით 110სმ-ია. ანუ იარაღი არის შედარებით კომპაქტური, მანევრირებადი და მისი თრევა საფარიზე არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. უკუცემა სხვა საკითხია, მაგრამ გამოცდილ მსროლელს არ ექნება მისი მოთვინიერების პრობლემა რაც ხსენებულ ვიდეოში (თუ სრულ ვერსიას ბოლომდე უყურებთ) დასტურდება კიდევაც.

maxresdefault

მხოლოდ არაპროპორციულად სქელი ლულით მიხვდებით, რომ თქვენ წინ არა მორიგი უბრალო “ბოლტია” არამედ ზე-მძლავრი შაშხანა.  ასეთ ფორმატში ჩაატიო .50BMG უბრალოდ შეუძლებელია.

მისია შეუძლებელი – Beretta P8000 Cougar

October 12th, 2019

72789071_2444560019133105_7672521730669150208_n

ეს პისტოლეტი ბერეტამ შედარებით გვიან გამოუშვა, 1994 წელს. შექმნილი, როგორც უფრო კომპაქტური კომპანიონი მათი ფლაგმანური ბერეტა92-თვის, ახალი პისტოლეტი მასთან იზიარებდა ბევრ საერთო თვისებას. ისევე როგორც 92-ე მოდელს მას ქონდა ალუმინის ჩარჩო, პრაქტიკულად იდენტური მართვის ელემენტები მათ შორის ტიპიური 92-ემოდელისთვის მცველი, განლაეგბული საკეტზე და ასევე იდენტური ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. ძირითადი განსხვავება იყო ჩაკეტვის სქემა, რომელიც ამჯერად იყენებდა ბრუნავ ლულას და შესაბამისად განსხვავებული მოყვანილობის საკეტი და სახელური, რაც ბერეტას მარკეტოლოგების განმარტებით უფრო მოსახერხებელს ხდიდა ახალ პისტოლეტ სყველა ზომის ხელის პატრონებისთვის.  ახალ პისტოლეტს ასევე გააჩნდა შედარებით მოკლე 92mm-ნი  ლულა, თუმცა სახელურის სიგრძე იყო, როგორც სრული ზომის პისტოლეტში  და მასში თავსდებოდა  ოდნავ გადაკეთებული 92-ე მოდელის, ასევე 15 ვაზნიანი მჭიდი. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი გამოირჩეოდა დამზადების მაღალი ხარისხით, საიმედოობით და სიზუსტით, პისტოლეტი გამოდგა კომერციული თვალსაზრისით არც ისე წარმატებული. ამის მიზეზი იყო ის, რომ ის გაჩნდა შედარებით გვიან, 1994 წელს, ხოლო მაშინ ყველაფერი სწრაფად იცვლებოდა პისტოლეტების სამყაროში. დიახ “კუგარი” (ქართულად პუმა) იყო შედარებით კომპაქტური, დიახ ის თავიდანვე იყო გათვლილი იმ დროს მოდურ .40S&W-ზე, დიახ მას ქონდა დიდი ტევადობის მჭიდი, მაგრამ უკვე იმ დროს სამსახურებრივი და ფარული ტარებისთვის განკუთვნილი პისტოლეტის პარადიგმა სახეს იცვლიდა.  პატარა ავსტრიული კომპანია”გლოკი” იპყრობდა მსოფლიოს ახალი, იაფი პისტოლეტით ინოვაციური დამრტყმელ-სასხლეტიმექანიზმით შიდა დამრტყმელით და პოლიმერის მსუბუქი ჩარჩოთი. 95-ში გამოვიდა “გლოკ 26″, რის შემდეგაც  შესაძლებელი გახდა  გქონოდათ პრაქტიკულად იდენტური სრული ზომის და კომპაქტური “ბექაფ” პისტოლეტები.  2 წლის შემდეგ, 1996-ში წელ სგერმანული “ვალტერი” უშვებს მოდელ P99-ს, ტარის, მსროლელის ხელზე სწრაფი ადაპტაციის შესაძლებლობით ხოლო  ერთი წლით ადრე “კუგარის” გამოშვებამდე სხვა გერმანული მწარმოებელი, “ხეკლერ&კოხ”-ი გამოუშვებს “უნივერსალურ თვით-დამტენ პისტოლეტს” USP-ს, გარე ჩახმახით, მაგრამ პოლიმერის ჩარჩოთი ზედ შესრულებული უნივერსალური სამაგრით. ყველაფერი ზემოხსენებული წლების შემდეგ გახდება გარკვეული”ინდუსტრიის სტანდარტი” და ყველაფერი ეს აკლდა ბერეტტას”ახალ” პისტოლეტს.

800px-mi1a

“კუგარი” იყო იტენ  ხანტის იარაღი პირველ მისი აშეუძლებელში”, თავის მხრივ ბერეტტას მიერ ამერიკული ბაზრის დაპყრობა ”კუგარით” იყო მისია შეუძლებელი. 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “კუგარის” წარუმატებლობაში ასევე როლი ითამაშა აშშ-ში 1994 წლის აკრალვამ მაღალი ტევადობის მჭიდებზე, მართალია ძალოვნებს ეს აკრძალვა არ შეეხო, მაგრამ მათთვის “კუგარი” ზემოხსენებული მიზეზების გამო უკვე ისეთი მიმზიდველი არ იყო, როგოპრც 10 წლის წინ Beretta 92.

საკმარისია ასევე დაკვირვებით შეხედოთ “კუგარს” და მიხვდებით, რომ მისი წარმოება შეუძლებელია დაჯდეს იაფი. რთული გეომეტრიის ნაწილები, ჩაკეტვის სქემა რომელიც ითხოვს ზუსტად დამზადებულ, რთული ფორმის დეტალებს. პისტოლეტში პლასტმასის არის მხოლოდ მჭიდის მიმწოდებელი. 90-ებში”კუგარი” იყიდებოდა 700 დოლარად, რაც დღევანდელ ფასებში არის დაახლოებით 1100 დოლარი რაც არც ისე ცოტა არის, იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა სამსახურებრივი პისტოლეტის ფასი დღეს არის 700 დოლარის ფარგლებში.

მოკლედ, 2004 წელს “ბერეტამ” შეწყვიტა “კუგარის” წარმოება ხოლო ტექნიკური დოკუმენტაცია და დაზგა დანადგარები გადასცა თავის შვილობილ კომპანიას თურქეთში.  აღსანიშნავია, რომ ბერეტტამ დიდი ინვესტიცია ჩადო “კუგარების”  წარმოებაში და წინმსწრებად აქტიურად არეკლამებდა ახალ პისტოლეტს. 2004-წლისთვის “კუგარი” გამოდიოდა 4 კალიბრში (9×19, .357SIG, .40S&W, .45 ACP), სამი ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით,  F - ორმაგი მოქმედების, მცველით და დეკოკერით, G - მხოლოდ დეკოკერით და D - მხოლოდ ორმაგი მოქმედების. ბოლო წლებში მათ დაემატა “T” კონფიგურაცია უნივერსალური სამაგრით.

ზომების მიხედვით პისტოლეტი ხელმისაწვდომი იყო სტანდარტული და კომპაქტური შესრულებით სახელად “Mini Cougar”. უკანასკნელი მოდელი, “მინი კუგარი”  საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ, რომ ალბათ პირველად სწორედ ამ პისტოლეტში იქნა გამოყენებული უფრო გრძელი ვიდრე სახელურის სიგრძის მჭიდი ჩანართით, რომელიც ზრდიდა სახელურის სიგრძეს და პისტოლეტის ტევადობას. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი და მას ჩაენაცვლა უფრო ტექნოლოგიური და შედარებით იაფი “Storm” სერიის პისტოლეტები. კიდ ეუფრო გვიან ბერეტტამ გამოუშვა საკუთარი პოლიმერის “სტრაიკერი” – APX.

wm_4196706

ბოლო გამოშვების კუგარები“ გამოდიოდა განსხვავებული და უფრო მარტივი ფორმის საკაეტით, რომელიც ოდნავ ამცირებდა ამ დეტალის სისქეს და ასევე პისტოლეტის მასასმასა შემცირდა უმნიშვნელოდ, 925 გრამიდან 850 გრამამდე.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, “კუგარი” არ არის ძალიან გავრცელებული პისტოლეტი საქართველოში, როგორც მინიმუმ “ბერეტტას” წარმოების. შეგახსენებთ, რომ ბერეტტას შვილობილი თურქული კომპანია “Stoeger” დღემდე უშვებს “კუგარებს”. “Stoeger”-ის ეს პისტოლეტი საქართველოში საკმაოდ ბევრი შემოიტანეს და მე მასზე არაერთხელ ვწერდი. მე თავად მქონდა ორი ასეთი პისტოლეტი და ვინც ყურადღებით კითხულობს ჩემ სტატიებს უნდა ახსოვდეს, რომ ეს პისტოლეტი ჩემს მიერ აღიარებულია, როგროც ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი ფასი-ხარისხის კრიტერიუმით. ამასთანავე უნდა აღვნიშნო, რომ მე არასდროს აქამდე არ მქონია შეხება ორიგინალურ ბერეტტას “კუგართან”. თითქმის 16 წლის წინ, როდესაც მე ჯერ კიდევ მხოლოდ გამოვხატავდი ჩემ ინტერესს იარაღების მიმართ, მე მომეცა საშუალება ხელში დამეჭირა”კუგარი” შესრულებული უჟანგავი ფოლადისგან. პისტოლეტი დამამახსოვრდა მე როგორც მძიმე, ძალიან ლამაზი და ხარისხიანი იარაღი. ასევე ის დამამხსოვრდა იმით, რომ ჩვენ დავშალეთ ეს პისტოლეტი და მერე ვწვალობდით მის აწყობისას. საქმე იმაშია, რომ აწყობისას ამ პისტოლეტის ლულა, ზამბარა, საკეტი და ჩამკეტი ბლოკი არ არის გადაბმული და თავისუფლად მოძრაობენ, ამიტომ მისი აწყობა შეიძლება გამოდგეს ცოტა “საჩალიჩო” თუ არ იცი ზუსტად რა უნდა გააკეთო. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ 2003 წელს ასეთი პისტოლეტები ჩემთვის იყო მიუწვდომელი ოცნება მათი მაღალი ფასის გამო, ამიტომ როდესაც მეორად ბაზარზე წვავწყდი შეთავაზებას ზუსტად ისეთ “კუგარზე” როგორიც მე ვნახე 16 წლის წინ, გადავწყვიტე მისი შეძენა და მიმოხილვის დაწერა.

71268933_10214676687086262_8832377172212580352_o

ჩვენი ტესტირების ობიექტი 9mm-ნი Beretta 8000 Cougar F Inox. 

ბუნებრივია მე გამიჩნდა კითხვა, რომელ წელს არის გამოშვებული ჩემი იარაღი. ამის გასაგებად უნდა შეხედოთ დამღებ სლულის ქვედა ნაწილში. დამღა ორი ლათინური ასოთი “BI” იუწყება, რომ პისტოლეტი გამოშვებულია 1997 წელს. ბერეტტას გამოშვების თარიღების დამღები არ არის თანმიმდევრული (BD=1994; BF=1995; BH=1996; BI=1997; BL=1998; BM=1999; BN=2000; BP=2001; BS=2002; BT=2003; BU=2004). ჩვენი პისტოლეტი დამზადებულია იტალიაში და შესაბამისი წარწერა made in italy შესრულებულია საკეტის მარცხენა მხარეს. მარჯვენა მხარეს არის წარწერა BERETTA USA CORP, რაც ნიშნავს, რომ იარაღი განკუთვნილია ამერიკული ბაზრისთვის.

პისტოლეტის ტექნიკურ აღწერილობას დავიწყებდი მისი მთავარი თავისებურებით, ჩაკეტვით ლულის ბრუნვით. “ბერეტტა” ბოლო დრომდე პრინცპულად უარს ამბობდა ბრაუნინგის კარგად ნაცადი სქემის გამოყენებაზე და ამას წარმატებით ახორციელებდა, არც “კუგუარი”, არც”სტორმი” და არც რათქმაუნდა მოდელი 92 არ ჩამორჩებიან ბრაუნინგის სქემის პისტოლეტებს არც საიმედოობით და არც რესურსით.

ჩეკტვა საკუთარი ღერძის გარშემო ლულის ბრუნვით, რომელიც პირველად გამოჩნდა როტ-შტეირის პისტოლეტზე. ბრაუნინგის სქემის შემდეგ ჩაკეტვა ბრუნვით არის ალბათ მეორე ყველაზე გავრცელებული ჩაკეტვის სქემა ავტომატურ პისტოლეტებში. ეს სქემა ჩემი აზრით გულისხმობს.

უფრო რთული გეომეტრიის დეტალების გამოყენება, ცხადია ზრდის საბოლოო პროდუქტის ფასს, მაგრამ ამავე დროს სთავაზობს რიგ უპირატესობებს. ლულა მოძრაობს ერთ სიბრტყეში საკეტთან, რაც უზრუნველყოფს უკუცემის შემცირებას და თეორიულად მეტ სიზუსტეს განაპირობებს. ექსპლუატაციური თვისებების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის, პისტოლეტი კონსტრუქციულად პრაქტიკულად ისეთივე მარტივია როგორც ტიპიური პისტოლეტი ბრაუნინგის სქემით და არც მოვლა მომსახურების ციკლი არ განსხვავდება. “კუგარი” ისევ ეადვილად იშლება, როგორც “Beretta 92″.  დარწმუნდით, რომ იარაღი განმუხტულია, დააჭირეთ ღილაკს, რომ გაათავისუფლოთ საკეტის ჩამკეტი, გადაატრიალეთ ის ქვევით და საკეტი ლულით და დამაბრუნებელი ზამბარით მოცილდება ჩარჩოს. ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა ზედ წამოცმული საკეტის ჩამკეტი ბლოკით და შემდეგ განაცალკევეთ საკეტი და ლულა. იარაღი მზად არის გასაწმენდად და ინსპექტირებისთვის. აწყობისას ყურადღება მიაქციეთ საკეტის ჩამკეტი ბლოკი სწორ განლაგებას ზამბარაზე და მალე დაამუღამებთ “კუგარის” სწრაფ აწყობას.

71882971_1453888578119996_2231843136475234304_n

ასე გამოიყურება არასრულად დაშლილი”კუგარი”.ყურადღებას იქცევს ღარი შესრულებული საკეტის  შიგნიდან, რომელიცზემოქმედებს ლულაზე განლაგებულ ბჯენთან. ბერეტტას ახალი თაობის პისტოლეტები PX,იყენებენუფრო მარტივ სქემა, ღარის გარეშე, სოლის გამოყენებით. ჩამკეტ ბლოკზე ისარი მიუთითებს მის სწორ განლაგებას  პისტოლეტში.

“კუგარის” მჭიდი იდენტურია “ბერეტტა 92-ის” მჭიდის, განსხვავდება კილოს განლაგება რომელიც ზემოქმედებს მჭიდის ღილაკის კბილთან. მჭიდის ზამბარა უჟანგავი ფოლადის არის, მიმწოდებელი პლასტმასის, ხუფი მეტალი. მჭიდი გარედან დაფარულია ღია დაფარვით, რომელიც გავს ქრომს.

მართვის ელემენტებით და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაციით ის ასევე იმეორებს 92-ემოდელს. ორმხრივი მცველი/დეკოკერი განლაგებულია საკეტზე. ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გარედან განლაგებული ჩახმახით ასვევე Beretta 92-ის იდენტურია.

როგორც უკვე აღვნიშნე პისტოლეტი გამოირჩევა უნაკლო შესრულებით. ახალი გამოშვების “კლასიკურ” ბერეტტებში, განხორციელდა რიგი ცვლილება ფასის შემცირების მიზნით. Beretta 92-ში მაგალითად სასხლეტი, მცველის კონსტრუქციის ნაწილი, მჭიდის ღილაკი და მჭიდების ხუფები შესრულებულია პლასტმასისგან. ჩვენ პისტოლეტში პლასტმასის არის მარტო მჭიდის მიმწოდებელი. ასევე განსხვავებით ტიპიური 92-ე მოდელისგან “კუგარზე” კორა შესრულებულია როგორც ცალკე დეტალი, რაც ნიშნავს რომ სურვილის არსებობაში სამიზნი მოწყობილობების გამოცვლა ადვილად შესაძლებელია.

72388949_404408553808404_5803619269329551360_n

კუგარის“ სამიზნი მოწყობილობები

როგორც ყველა შედარებით თანამედროვე პისტოლეტი, “კუგარი” აბსოლუტურად უსაფრთხოა. პისტოლეტს გააჩნია, ორმხრივი მექანიკური მცველი, რომელიც როგორც 92SF-ზე “მალავს” დამრტყმელს ჩახმახისგან, ასევე პისტოლეტ სგააჩნია დამრტყმელის ავტომატური მცველი, რომელიც ითიშება სასხლეტზე დაჭერისას. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების შესაძლებლობა, რაც დეკოკერთან ერთად ზრდის პისტოლეტის უსაფრთხოების ხარისხს.

ყურადღებას იქცევს ასევე სახელურის თხელი ხის ზესადებები ბერეტტას საფირმო ლოგოთი. ამ ლოგოს, რომელსაც ხშირად არასწორად ეძახიან “ტრაიდენტს” საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.  ლოგოზე არის ასახული სამი ისარი წრეში და დევიზი “dare in brocca”.  სამი ისარი სიმბოლიზირებს სამ გასროლას, რომელსაც ახორციელებს საბრძოლო ხომალდი პოტენციალური მტრის მიმართულებით, ორი ისარი არის გამაფრთხილებელი გასროლა ჯერ გემის კილის უკან, შემდეგ ცხვირის წინ და ბოლო მესამე გასროლა, უშუალოდ გემში. დევიზი “dare in brocca” ითარგმნება, როგორც “მოარტყი სამიზნეს”. ლოგოს დიზაინი ეკუთვნის იტალიელ მწერალს, პოეტს, მეზღვაურს და ჟურნალისტს გაბრიელ დ’ანუციოს. დ’ანუციო ცხოვრობდა ვილაზე ქალაქ კარგნაჩოში, რომელიც არც ისე შორს არის ვალ ტრომპიასგან, სადაც განლაგებულია ბერეტას საწარმო. ეს ლოგოც არის მაგ ვილაზე განლაგებული, შესრულებული ქვაში. სწორედ დ’ანუციოს ვილაზე სტუმრობისას ეს ლოგო მოეწონა ბერეტას და მან სთხოვა და მიიღო კიდევაც ნებართვა ამ ლოგოს გამოყენებაზე.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ “კუგარმა” არდაიმკვიდრა თავისი ადგილი, მან გარკვეულ წილად რაღაცნაირად დროს გაუსწრო.   მჭიდი ჩანართით, რომელიც ასრულებს სახელურის გაგრძელებას უკვე ვახსენე, მაგრამ გარდა ამისა სტანდარტული “კუგარი” არის თავისებური ჰიბრიდი, სრული ზომის და კომპაქტური პისტოლეტის. ისეთივე როგორიც თითქმის 20 წლისშემდეგ გამოშვებული Steyr&Mannlicher C9A1 და Glock 19x. ორივე ამ პისტოლეტს ისევე როგორც”კუგარს” აქვთ გრძელი სახელურები დიდი ტევადობის მჭიდებით და შედარებით მოკლე ლულები.  პირადად მე არ მესმის რა აზრი აქვს ასეთი ჰიბრიდების გამოშვებას, იმიტომ რომ პისტოლეტის ტარების კომფორტის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პირველ რიგში სახელურის ზომის შემცირება, იმიტომ რომ საკეტის/ლულის სიგრძე იმდენად არ ქმნის პრობლემას იარაღის ფარულად ტარებისას, როგორც ამას აკეთებს გრძელი სახელური. ეს კიდე უფრო აზრს მოკლებული აიმის გათვალისწინებით, რომ როგორც წესი კომპაქტურ მოდელებში მიდის სრული ზომის მოდელების მჭიდები ასე, რომ მოკლე სახელური არ ზღუდავს ავტომატურად პისტოლეტის ტევადობას. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს ასეთ პისტოლეტებს აქვთ კარგი ბალანსი და ისინი გამოირჩევიან კარგი სროლისუნარიანობით. ჯერ-ჯერობით მე ვიხსენებ მარტო ორ ასეთ ჰიბრიდს და როგორც ჩანს ეს კონცეფცია მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, ან ჯერ არ  სარგებლობს.

არ დაგიმალავთ და მე მქონდა მოლოდინი, რომ ჩემი კუგარი ისევე კარგად ისროდა, როგოპრც გამოიყურებოდა. ტესტირებისთვის საფუძვლიანად მოვემზადეთ. ამჯერად ჩვენ განკარგულებაში იყო საკმაოდ ბევრი ტიპის 9მმ-ნი მუხტი. 115 გრანიანი Fiocchi FMJ, 115 გრანიანი S&B FMJ, 147 გრანიანი Speer Lawmen, 147 გრანიანი Federal FMJ და 124 გრანიანი Magtech FMJ.

სასხლეტი კარგია, რბილი და ერთგვაროვანი. ერთმაგ რეჟიმში აქვს საკმაოდგ რძელი თავისუფალი სვლა. რესეტი არარის ძალიან მოკლე, მაგრამ აბსოლუტურად მისაღებია. ორმაგ რეჟიმში სასხლეტი ბუნებრივია უფრო მძიმეა და გრძელი სვლით არის, მაგრამ სწრაფი პირველი გასროლის წარმოება შესაძლებელია თუ საკმარისი დრო დაუთმეთ პრაქტიკას.

სიაზუსტეზე სროლისას აღმოჩნდა, რომ იარაღი ისვრის ოდნავ მარჯვნივ. ბერეტების შემთხვევაში ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ იარაღი არ არის ზუსტად გასწორებული მაგრამ უმნიშვნელოდ. ასევე აღმოჩნდა რომ კორა თავის კილოში ძალიან თავისუფლად მოძრაობდა რაც ასევე შეიძლება ყოფილიყო შეცვლილი მოხვედრის წერტილის მიზეზი, ამიტომ კორა გასწორდა და დაფიქსირდა “ლოქთაითით”.

72322243_2157293057709678_2140560585920610304_n

15 მეტრზე ხელიდან ნასროლი სამიზნე. “მაგტექის” ვაზნებით 124 გრანიანი ტყვიით მოხვედრები იყო ბევრად მაღლა და ოდნავ მარჯვნივ. ასეთ მანძილზე ასეთი სხვაობა ერთი კალიბრის სხვადასხვა მუხტებით საკმაოდ იშვიათია. სიზუსტეს რაც შეეხება ყველა მუხტმა პრაქტიკულად ერთნაირი შედეგი აჩვენა. 

როგორც სურათიდან ხედავთ სიზუსტე არის კარგი. ასევე პისტოლეტს აქვს განსხვავებული უკუცემა. ერთის მხრივ ლულის ღერძი მაღალია მაგრამ ლულის “ხტომა” არ არის გამოხატული და ეს აშკარად იგრძნობა. იარაღის მნიშვნელკოვანი მასა ასევე კარგად ახშობს უკუცემის იმპულს და პისტოლეტიდან სროლა ძალიან კომფორტულია. შეგიძლია დაწვა ვაზნები კოლოფებით და მაჯებში არანაირი დისკომფორტი არ გექნებათ.

ექსტრაქცია იყო საიმედო და ერთგვაროვანი, მასრები მიფრინავდნენ 4 საათზე მსროლელის უკან დაახლოებით 2-3 მეტრზე. მასრებს არ ეტყობოდა შებერილობა ან რამე დაზიანებები. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ  ყველა ელემენტი პისტოლეტის მუშაობს ჰარმონიულად.

 72656316_1226244920909144_8882171274990714880_n

ასე გამოიყურება სამიზნე (სილუეტი რეალურ ზომებზე დაახლოებით 30 პროცენტით პატარაა) ოთხი სწრაფი გასროლის შემდეგ ორმაგ-რეჟიმში 10 მეტრიდან. სიზუსტე ადეკვატურია მაგრამ ოდნავ მარჯვნივ გადაწეული მოხვედრის საშუალო წერტილი ადასტურებს რატომ არის საჭირო მეტი პრაქტიკა სასხლეტის ორმაგ რეჟიმთან.

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი ზუსტი, საიმედო და საკმაოდ ერგონომიულია, იარაღის წონა (950 გრამი) და გაბარიტები (მისი სისქე  38მმ)  ზედმეტია თანამედროვე 9მმ-ნი პისტოლეტისთვის. მითუმეტეს შედარებით მოკლე ლულით და სამიზნი ხაზით. პისტოლეტი ვიზუალურად ჩანს უფრო დიდი იმის გამო რომ აქვს დაკუთხული სასხლეტის დამცავი კავი და სწორი კვეთის საკეტი ყოველგვარი შევიწროების გარეშე. 

ალბათ ვინმეს დაებადება კითხვა რამდენად ახლოს არის თურქული “კუგარი” ორიგინალთან. დავიწყოთ იქიდან, რომ თურქული პისტოლეტის კონსტრუქცია გამარტივებულია. საკეტის კონსტრუქციას აღარ აქვს ზევიდან შესრულებული თამასა, მჭიდის ღილაკი სხვა ფორმის არის და არის პლასტმასის (ორივე პისტოლეტში ღილაკის გადაყენება მეორე მხარეს შესაძლებელია). ყველაზე დიდი განსხვავება არის საკეტის დაფარვა, თურქულ პისტოლეტზე საკეტი დაფარულია სქელი შავი საღებავით, რის გამოც იტალიურ პისტოლეტთან შედარებით თურქი ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება. ასევე განსხვავდება დეტალების მორგება და “შეგრძნება” იარაღისგან, ამას მე ვერ ავხსნი, დაიჭირეთ ხელში ორივე, გადაკარით საკეტები და მიხვდებით ეგრევე რას ვგულისხმობდი. ამან მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მარტო ნახაზები და დაზგა-დანადგარები საკმარისი არ არის. საჭიროა რაღაც ჯადოქრობა და “ბერეტტაში” ეს ჯადოქრობა კარგად გამოსდით.

მიუხედავად ამისა, თურქული ”კუგარი“ ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო თურქული წარმოების პისტოლეტი და ალბათ ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო ფასი-ხარისხის კრიტერიუმით. თურქული “კუგარის” შეძენა მეორად ბაზარზე შეიძლება 1100 ლარის ფარგლებში.

ფასის, წონის და გაბარიტების გამო არ არსებობს არანაირი მიზეზი რის გამოც ადამიანი რომელიც ეძებს ხარისხიან თავდაცვით ინსტრუმენტს, უნდა არჩიოს “კუგარი” რომელიმე “გლოკს” ან ნებისმიერ სხვა თანამედროვე პოლიმერის სტრაიკერს.  ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბუდეების და აქსესუარების არჩევანი იქნება საკმაოდ მწირი. მაგრამ თუ ვინმე ეძებს ხარისხიან იარაღს იმ ეპოქიდან, როდესაც საქართველოს სულ ახლახან ქონდა მოპოვებული დამოუკიდებლოა და ჩვენ ქვეყანაში პირველად მიეცათ ადამიანებს საშუალება თავისუფლად ეყიდათ პირადი იარაღი, მაშინ ასეთი “ბერეტტა” იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი. თუ რა თქმა უნდა გაგიმართლად და წააწყდით მას მეორადი იარაღის ბაზარზე.  ესთეტები განსაკუთრებულად დააფასებენ იმას, რომ პისტოლეტი დამზადებულია იტალიაში და არ გააჩნია პლასტმასის ნაწილები, როგორც თანამედროვე ბერეტას პისტოლეტებს.  მე მიჭირს გამოვაცხადო “კუგარი” საკოლექციო იარაღად, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ თუ რამდენიმე წლის წინ აშშ-ში “კუგარი” ღირდა სასაცილოდ იაფი, ბოლო წლებია მათი ფასი იზრდება და უახლოვდება ახალი თანამედროვე “სტრაიკერის” ფასს. გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “სტოეგერი” უშვებს პისტოლეტს, რომელიც თუ არ ჩავთვლით გაურკვეველი საღებავით შეღებილ საკეტს და წვრილმან განსხვავებებს პრაქტიკულად იდენტური იარაღია და თანაც ახალი ღირს 450-500 დოლარი. თუმცა თუ ადამიანი ბერეტას ფანია, მაშინ მან შეიძლება ბევრად მეტიც გადაიხადოს იტალიურ “კუგარში”.

ჩვენი ტესტი – Kel-Tec SUB2000

September 8th, 2019

P1110736

წლების წინ ამერიკულ ჟურნალში Guns&Ammo-ში პირველად ვნახე ამერიკული “კელ-ტეკის” იარაღი, ეს იყო უჩვეულო იერსახის მქონე კარაბინი SU-16, .223 კალიბრის დასაკეცი კარაბინი და როდესაც ვიძახი დასაკეცს არ ვგულისხმობ დასაკეც კონდახს. კარაბინი ორად იკეცება, რის შედეგაც იარაღის მთლიანი სიგრძე მცირდება 67 სმ-მდე რაც შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ რომ ლულის სიგრძე 47 სმ-ია (18.5 ინჩი).  ასევე კარაბინს ქონდა გასაშლელი ტიბჟირი რომელიც სადგარის როლს ასრულებდა, გადაყწვეტილება ასევე გამოყენებული Steyr-Mannlicher Scout შაშხანაზე. “კელ-ტეკი”, ამერიკული კომპანია შვედური ფესვებით, დაფუძნდა ამერიკაში 1991 წელს შვედი კონსტრუქტორის გეორგ კელლგრენის მიერ. თავისი პირველი იარაღი, მცირე ზომის ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი “კელ-ტეკმა” გამოუშვა 1995 წელს და მას მერე მოყოლებული ”კელ-ტეკი” უშვებს ორიგინალურ, უცნაურ იარაღებს, რომელიც არ გავს არაფერს სხვას, რასაც უშვებენ სხვა მწარმოებლები. ესთეტებს ალბათ არ მოეწონებათ, როგორ ქმნის იარაღებს “კელ ტეკი”. ხდება პლასტმასების ინტენსიური გამოყენება, როგორც წესი ასევე გამოიყენება ხრახნები, რომლის საშუალებითაც ხდება მარტივი და ტექნოლოგიური რესივეწრების ნაწილების გამოყენება. სამაგიეროდ, თითქმის ყოველთვის “კელ-ტეკის” იარაღები ხელმისაწვდომია და იკავებენ უნიკალურ ნიშას. ასე, რომ მოკრძალებულ ფასად, ადამიანს შეუძლია გახდეს უნიკალური ტექნოლოგიური ნაკეთობის მფლობელი.

იარაღი, რომელზეც დღეს წავა საუბარი, არის ამ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი – SUB-2000.  ეს არის კომპაქტური, დასაკეცი 9მმ-ნი კარაბინი და იმის თქმა, რომ ეს იარაღი უცნაურად გამოიყურება იქნება უბრალოდ არასაკმარისი. სახელურში განლაგებული მჭიდით, ორად დაკეცვის შესაძლებლობით ეს კარაბინი-ტრანსფორმერი პირადად მე მაგონებს ულტრა-კომპაქტურ იარაღებს ფილმებიდან შპიონებზე. ეს იარაღი მოუხდებოდა რომელიმე იან ფლემინგის რომელიმე ანტაგონისტს ან “ტურას” ფრედერიკ ფორსაიტის რომანიდან. თხელი, მსუბუქი, ორ ნაწილად დასაკეცი ის არ გავს არაფერს რაც აქამდე მე ხელში მჭერია. არც ისე დიდიხანია, რაც ამ იარაღების პირველი პარტია ჩამოვიდა საქართველოში და მე შესაბამისად მომეცა საშუალება ეს იარაღი ახლოდან გამეცნო და მასზე მიმოხილვა დამეწერა, რომელსაც ეხლა თქვენ გთავაზობთ.

დავიწყოთ იმით, რომ მიუხედავად, იმისა, რომ იარაღი გამოირჩევა უჩვეულო დიზაინით, ტექნიკური გადაწყვეტილებები გამოყენებული მასში არის კარგად ნაცადი, აპრობირებული და გამოცდილი დროით. მაგალითა, ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ მჭიდი თამაშობს კრიტიკულ როლს ნახევრად-ავტომატური იარაღის საიმედოობაში, ამიტომ “კელ-ტეკის” გადაწყვეტილება SUB-2000-ში გამოიყენოს “გლოკის” მჭიდები არის გონივრული. “გლოკის” მჭიდები ცნობილია თავისი რესურსით და გამძლეობით. მე მინახია “ბერეტას”, “CZ”-ეს და “ხეკლერ&კოხის” დაღლილი მჭიდები, მაგრამ ჯერ არასდროს არ მინახია “გლოკის” მჭიდი, რომელიც არ იმუშავებდა. დაუმატეთ ამას ზე-მარტივი და საიმედო ავტომატიკის სქემა ფიქსირებული ლულით და თავისუფალი საკეტით, ასევე დამერტყმელ-სასხლეტი მექანიმზი დახურული ჩახმახით და მიიღებთ იდეაში ტყვიაგაუმტარ იარაღს.

P1110726

როგორც ხვდებით ამ იარაღის ძირითადი თავისებურება არის მისი დაკეცვის შესაძლებლობა. ამის წყალობით მისი სიგრძე მცირდება 40 სმ-მდე (გაშლილ დმგომარეობაში 75 სმ). ამავე დროს იარაღს აქვს საკმაოდ გრძელი 16 ინჩიანი ლულა. იარაღი მსუბუქია და იწონის სულ რაღაც 1.8 კგ-ს. 

სახსარი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გადატეხოთ იარაღი ორად, არის საკმაოდ მასიური დეტალი, რომელიც რომელიც უზრუნველყოფს საიმედო გადაბმას. ჩაკეტვის მექანიზმი იხსნება სასხლეტის დამცავი კავის ქვევით გამოწევით. კავს ზამბარა აწვება ამიტომ საკმარისია გახსნათ იარაღი და სახსარი თავისით ჩაიკეტება. 

SUB-2000 გათვლილი “გლოკის” მჭიდებზე ხელმისაწვდომია ორი ტიპის ჩარჩოთი, უფრო გრძელი და მოკლე ტარით, რომლებიც შესაბამისად გათვლილია 17 და 15 ვაზნიან მჭიდებზე. გარდა ამისა სხვადასხვა მოდიფიკაციები გათვლილია სხვა პოპულარული პისტოლეტების მჭიდებზე. სარგებელი ასეთი გადაწყვეტიულების მარტივი მისახვედრია. თუ გაქვს “ბერეტა 92″, ყიდულობ შესაბამისი მოდიფიკაციის SUB-2000-ს და შენ გაქვს ნახევრად ავტომატური კარაბინი იგივე კალიბრზე და მჭიდებზე, რაც შენი პისტოლეტი. ეს კონცეფცია განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ჯერ კიდევ ველური დასავლეთის ეპოქაში,  როდესაც კოვბოებს ქონდათ გრძელი და მოკლე იარაღი გათვლილი ერთ კალიბრზე.  კომპაქტური იარაღი რევოლვერი, რომელიც სულ თან გაქვს და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია განახორციელო შედარებით შორი და ზუსტი გასროლა, ისე, რომ არ არის საჭირო ატარო და ეძებო ორი კალიბრის ვაზნების მარაგი.  სინამდვილეში ეს კონცეფცია კიდე უფრო ადრე გაჩნდა მაგრამ სწორედ ველური დასავლეთის ათვისების პერიოდში ის გახდა ყველაზე პოპულარული.  ”კელ-ტეკის” იარაღი გათვლილია მუშა კლასზე და ამიტომ თუ სიმწრით ნაშოვნი ფული დახარჯეთ ვაზნების მარაგის შექმნაზე, კარაბინის ყიდვისას ვაზნების ახალი მარაგის შექმნის საჭიროება აღარ არის, თუმცა დამიჯერეთ “კელ-ტეკის” წყალობით თქვენი მარაგები სწრაფად დაიწყებს შემცირებას. რაც შეეხება კალიბრების არჩევანს SUB-2000 ხელმისაწვდომია ორ კალიბრში 9×19 Luger და .40S&W. გასაკვირია მაგრამ .45 ACP კალიბრის SUB-2000 არ არსებობს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ SUB-2000 შედარებით ასაკსრული იარაღია. ეხლა უკვე გამოდის მეორე თაობის კარაბინი, მაგრამ სანამ გაჩნდებოდა პირველი თაობის SUB-2000, არსებობდა SUB-9, იგივე კონცეფციის იარაღი მაგრამ განსხვავებული, ალუმინის რესივერით. ეს ნიშნაბვს იმას, რომ ყველა ნაკლი აღმოჩენილი წინა წლკებში ექსპლუატაციის დროს ახალ იარაღებში უნდა იყოს აღმოფხვრილი.

gfdsf

ზევიდან ქვევით, SUB-9, SUB-2000 Gen1 წარმოდგენილი 2008 წელს, SUB-2000 Gen2 წარმოდგენილი 2015 წლის შოტ შოუზე. SUB-9-თან შედარებით SUB-2000 გამოირჩევა პლასტმასის რესვიერით, მარტივი კონსტრუქციით და ნაკლები შრომატევადობით წარმოებისას. SUB2000 Gen 2-ს გააჩნია გაუმჯობესებული ტიბჟირი, იერსახე და სხვა დეტალები.  

ამ ძველ და ნაცად კონცეფციასთან SUB-2000-ის კავშირი წარსულთან არ წყდება იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი იყენებს რესივერის მილისებრ კონსტრუქციას, როგორც ადრინდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რომლებიც აგებულნი იყვნენ მილის ფორმის რესივერის ირგვლივ.  ასეთი რესივერების წარმოება იაფია, ადვილი და სწრაფი. გამომდინარე იქიდან, რომ SUB-2000-ს მჭიდი აქვს განთავსებული სახელურში, საკეტის სახელური განლაგებულია რესივერის უკანა ქვედა ნაწილში, სახელურსა და სამ პოზიციან კონდახს შორის. ისევე, როგორც მაგალითად MP-40-ზე, შესაძლებელია სახელურის გადაწევით რესივერის ჭრილში, მისი გახსნილ მდგომარეობაში დაფიქსირება. ბოლო ვაზნის გასროლისას, შესაბამისად საკეტი ღია მდგომარეობაში არ რჩება.

ყველაზე დიდი გაუმჯობესება პირველ თაობასთან შედარებით არის ახალი, უფრო თხელი და მსუბუქი ტიბჟირი, ინტეგრირებული ორი პიკატინის და გვერდიდან განლაგებული M-lok სტანდარტის სამაგრებით (5 თითო მხრიდან). ყურადღებას იქცევს ასევე პირველ თაობასთან შედარებით ზომებში გაზრდილი საექსტრაქციო ფანჯარა, რაც თეორიაში ზრდის კარაბინის საიმედოობას. სხვა თავისებურებებს რაც შეეხება, კარაბინს გააჩნია გასაშლელი სამ პოზიციანი კონდახი, ლულის ბოლოზ არის ხრახნით, რაც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ლულის მოწყობილობების გამოყენების. იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ძალიან  სწრაფად შეიძლება. დაკეცილ მდგომარეობაში იარაღი ფიქსირდება კომპაქტური და მოსახერხებელი საკეტით. იარაღის კონტროლის ელემენტები მარტივი და ეფექტურია მექანიკური მცველის ღილაკი განლაგებულია ჩარჩოზე, მჭიდის ღილაკი უფრო ტრადიციულია კონსტრუქციით და მისი განლაგებითაც.

P1110730

საკეტი რომელიც არ აძლევს საშალებას იარაღს თვითნებურად გაიშალოს. 

სამიზნე მოწყობილობები საკმაოდ ეფექტურია, რაც არც თუ ისე უმნიშვნელოა იმის გათვალისწინებით, რომ ოპტიკის დაყენების შემთხვევაში კარაბინი ვეღარ დაიკეცება ანუ უნდა ივარაუდო, რომ მექანიკური სამიზნი მოწყობილობები იქნება ძირითადი. წინა სამიზნე მოწყობილობა არის მეტალის და გავს AR-15-ის სტანდარტულ წინა სამიზნ მოწყობილობას. უკანა სამიზნი მოწყობილობა პლასტმასის არის და წარმოადგენს ზამბარით დატვირთულ პოლასტმასის ენას, ზედ შესრულებული დიოპტრით, რომელიც იარაღის დაკეცვისას ავტომატურად იკეცება და ზამბარის წყალობით გაშლისას უბრუნდება თავის მდგომარეობას. სამიზნი მოწყობილობები ადეკვატურია და უმეტესობა სცენარისთვის საკმარისი. კარაბინის პატრონს დიოპტრი ზედმეტად წვრილი მოეჩვენა და ამიტომ გაზარდა მისი დიამეტრი. დიოპტრის დიამეტრის ზრდა ერთის მხრივ ზრდის დამიზნების შეცდომის მოცულობა, მაგრამ ატარებს მეტ შუქს და შესაბამისად ზრდის დამიზნების სისწრაფეს და ამცირებს  სენსიტიურიობას განათების მიმართ.

P1110732

ვერტიკალური და ჰორიზონტალური შესწორებების შეტანა ხდება მხოლოდ წინა სამიზნე მოწყობილობაში. 1/8 გადატრიალება გადაწევს მოხვედრის წერტლს 100 მეტრზე დაახლოებით 2.7 სმ-ით. 

“კელ-ტეკი” ასევე იმსახურებს ქებას იმისთვის, რომ ამ ტრანსფორმერის დაშლა საკმაოდ ადვილია. დაშლის პროცედურა ასე გამოიყურება, დარწმუნდით ჯერ, რომ იარაღი განმუხტულია და საკეტი არის დახურულ მდგომარეობაში. დაშლას ვიწყებთ შტიფტის ამოღებით, რომლითაც ხდება კონდახის სიგრძის რეგულირება, რაც მოგცემთ საშუალებას მოხსნად საკეტი რომელიც აფიქსირებს იარაღს დაკეტილ მდგომარეობაში და მოხსნათ კონდახი. შემდეგ გამოწიეთ საკეტი უკან და ეს მოგცემთ საშუალებას ჯერ ამოიღოთ დამაბრუნებელი ზამბარა და შემდეგ საკეტის ბოლომდე უკან გამოწევით, გამოაძროთ საკეტის სახელური. ამის შემდეგ შესაძლებელია საკეტის რესივერიდან ამოღება. იარაღი მზად არის გასაწმენდად. ცხადია იმისთვის, რომ ლულა გაწმინდოდ სავაზნის მხრიდან საერთოდ არ არის საჭირო იარაღის დაშლა. საკმარისია უბრალოდ გადაკეცოთ ის და ეს მოგცემთ საშუალებას გაწმინდოთ ლულა, სავაზნე და საკეტის წინა ნაწილი. უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება საკმარისი.

P1110728

ორად დაკეცილი იარაღი შესაძლებელს ხდის გაიწმინდოს ყველაზე კრიტიკული ადგილები, კარაბინის დაშლის გარეშე.

ერგონომიკა რა გასაკვირია და არ არის ამ იარაღის ძლიერი მხარე. სახელურის საკეტის უჩვეულო განლაგების გარდა, საკეტის გადმოსაწევად საკამოდ დიდი ძალის დატანება არის საჭირო, რაც ქალებს და სუსტი აღნაგობის კაცებს არ მოეწონება. მე ასევე ვერ ვიტყოდი, რომ იარაღს აქვს სუსტი უკუცემა, მაგრამ პრობლემა უარესდება იმისთ, რომ სროლის დროს თქვენ ლოყა გიდევთ მეტალის მილზე, ამიტომ ხანმოკლე დროის შემდეგ იგრძნობთ დისკომფორტს სროლისგან. კონდახიც მაინცდამაინც ერგონომიული არ არის, მაგრამ პირველ თაობასთან შედარებით ის გახდა რეგულირებადი (სამ პოზიციანი) რამაც ცოტათი გაზარდა ერგონომიულობის ხარისხი. ჩემი აზრით დიდი ტანის (და თავის) მფლობელებს SUB-2000 მოეჩვენება მოუხერხებელი იარაღი, პირველ რიგში სწორი კონდახის და სამიზნი მოწყობილობების შედარებით დაბალი სიმაღლის გამო. თუ დგომიდან სროლისას ეს დიდ პრობლემას არ ქმნის, წოლიდან სროლისას ამან შეიძლება სერიოზულად ნერვები მოგიშალოთ.  ოპტიკის დაყენება ამ პრობლემას მოაგვარებს. ჩვეულებრივი ტანის პატრონებს არ მგონია საერთოდ რამე დიდი პრობლემები ქონდეთ.

კარაბინის სასხლეტი ასევე არის მძიმე და ნაკლებად ინფორმატიული. მისი წონა თითქმის 4,5კგ-ია რაც კარაბინისთვის არის ძალიან ბევრი. მოკლედ ამ იარაღს აშკარად აკლია ტრადიციული კარბინის ესთეტიკა და ერგონომიულობა, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ის უჩვეულო თვისებები, რაც ამ იარაღს აქვს არ არის უფასო. თუ გინდა კარაბინი ხელმისაწვდომ კალიბრზე მიზანში სასროლად და იდეაში ოპტიკის დასაყენებლად SUB-2000 არ იქნება კარგი არჩევანი, თუ გინდა ზე-კომპაქტრი, ზე-მსუბუქი იარაღი, რომელიც არ დაიკავებს ბვრ ადგილს ზურგჩანთაში ან მანქანაში და გამზადებული იქნება მომენტალური გამოყენებისთვის SUB-20oo-ს მაშინ უბრალოდ არ ყავს კონკურენტი. ერთადერთი მისი ანალოგი რაც იყიდება არის Ruger Take-down კარაბინი, მაგრამ ის უფრო ძვირია და მისი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას მეტი დრო ჭირდება. ის ასევე საგრძნობლად მძიმეა და გაბარიტული “კელ-ტეკის” კარაბინთან შედარებით.

როგორც წესი ნებისმიერ იარაღისთვის, რომელიც პოპულარულია არსებობს აფტერმარკეტ დეტალების დიდი არჩევანი და SUB-2000 არ არის გამონაკლისი. მე გამოვყოფდი შემდეგ აქსესუარებს, რომლებიც ჩემი აზრით გაზრდიდნენ იარაღის ეფექტურობას და ერგონომიულობას და მათ შორის მოგვარებდა ყველა პრობლემას, რომელზეც წინა აბზაცში ვისაუბრე :

1. Bolt tube cover. პლასტმასის გარსაცმი, რომელიც მოგცემთ საშუალებას კომფორტულად ისროლოდ რამდენიც გინდა.

2. მაღალი სამიზნი მოწყობილობა, რაც მოგცემთ საშუალებას უფრო კომფორტულად ისროლოთ (აქტუალურია ჩემსავითი დიდი ტიპებისთვის) ან წახვიდეთ სხვა გზით და შეიძუნოთ სპეციალური კრონშტეინი, რომელიც მოგცემთ საშუალებას გამოიყენოთ ოპტიკა და ამავე დროს არ დაკარგოთ იარაღის დაკეცვის შესაძლებლობა, ასეთი კრონშტეინს მაგალითად უშვებს Midwest Industries ან ოფსეთ მაუნთები დაყენებული გვერდიდან. ორივე მიდგომას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.

3. დაგრძელებული საკეტის სახელური, რაც ეფექტურად მოაგვარებს საკეტის გადაკვრის პრობლემას.

შესაძლებელია უფრო შორს წახვიდეთ, მჭიდის დაგრძელებუკლი ღილაკი, უკეთესი სასხლეტი, ვაზნის მიწოდების რამპა უჟანგავი რკინისგან და ა.შ. უბრალოდ ნაკლებად მოსაწონია, რომ აფტერმარკეტ დეტალები საკმაოდ ძვირი ღირს.

gns-833-048

ის თუ როგორ იკეცება იარაღი, პრაქტიკულად გამორიცხავს მასზე ოპტიკის დაყენებას ტრადიციული მეთოდებით, ამიტომ საჭიროა სპეციალიზირებული მაუნთი, როგორიც Midwest Industries SUB-2ooo Mount.

ეხლა რაც შეეხება კრიტიკულ პარამეტრებს, საიმედოობას და სიზუსტეს. კონკრეტულად ჩვენი იარაღი უკვე საკმაო დრო არის ჩვენთან და ამ პერიოდში განხორციელდა 400-მდე გასროლა. ის გამოდგა აბსოლუტურად საიმედო ყველა ტიპის 9მმ-ნი ვაზნის გამოყენებისას, რაც არ არის არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ იარაღი იყენებს მარტივ ავტომატიკის სქემას ფიქსირებული ლულით, თავისუფალი საკეტით და ასევე ძალიან საიმედო და გამძლე “გლოკის” მჭიდებს. ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ არ განსხვავდება იმისგან, რასაც წერენ ნეტში – SUB-2000 საიმედო იარაღია.

სიზუსტეს რაც შეეხება, ჩვენ ვისროლეთ ჯგუფებზე ორი მუხტით, 124 გრანიანი CBC და 115 გრანიანი Fiocchi, ორივე მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით. რა გასაკვირია Fiocchi გამოდგა უფრო ზუსტი, იმიტომ, რომ ყველა ტესტირებაში  CBC როგორც წესი სიზუსტით ვერ ჯობნის სხვა კარგი მწარმოებლეის 9მმ-ან ვაზნებს, S&B, IMI, Federal და ეხლა უკვე Fiocchi-საც. 124 გრანიანი ტყვიები თანაც ბევრად უფრო მაღლა ხვდებოდა. ჩემი აზრით, ვაზნით, რომელიც SUB-2000-ს მოსწონს, შესაძლებელია მიიღოთ 5-6 სმ-ნი ჯგუფები 50 მტრზე, CBC-თი სადღაც 8სმ-მდე. ოპტიკის, უკეთესი მექანიკური სამიზნი მოწყობილობების და უკეთესი სასხლეტის დაყენების შემდეგ, სიზუსტე უნდა ვივარაუდოთ გაუმჯობესდება, მაგრამ ეს შედეგიც აბსოლუტურად მისაღებია ამ იარაღის გამოყენების ფილოსოფიიდან გამომდინარე.  შეგახსენებთ, რომ სტანდარტული სიგარეტის კოლოფის გაბარიტებია 9×5.5 სმ-ია. ჩემი აზრით 5-6 სმ ჯგუფი ასეთი ტიპის იარაღისთვის, რომელიც მაინცდამაინც არ არის შექმნილი ზუსტი სროლისთვის, არის კარგი კი არა და ძალიან კარგი შედეგი. პისტოლეტით ასე სროლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გარდა იმისა, რომ “კელ-ტეკით” შესაძლებელია უფრო ზუსტად და უფრო შორს სროლა ცხადია გარე ბალისტიკიკის თვალსაზრისით მას ასევე ექნება უპირატესობა პისტოლეტზე, უფრო გრძელი ლულის წყალობით. SUB-2000 აღჭურვილია 41სმ0ნი ლულით (კლასიკური ხრახნებით, ლულის არხი და სავაზნე არ არის ქრომირებული), რისი წყალობით საწყისი სიჩქარე იქნება სადღაც 30-60 მ/წ-ით უფრო მეტი ვიდრე  სრული ზომის პისრტოლეტის შემთხვევაში, გააჩნია მუხტს. ეს უმნიშვნელო სხვაობა არ არის.  აღსანიშნავია, რომ იმის გამო, რომ პისტოლეტის ვაზნებში გამოიყენება დენთი სწრაფი წვით, რომ მოხდეს ენერგიის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება მოკლე ლულაში, 9მმ-ნი ტყვია აღწევს ყველაზე მაღალ სისწრაფეს დაახლოებით 32სმ-ან ლულაში, რის შემდეგაც მატება არის მარგინალური ხოლო 41 სმ-ის ზევით ხდება საწყისი სიჩქარის შემცირება, იმიტომ რომ დენთის მუხტის ენერგია საკმარისი აღარ არის.  ასევე ვერ ვიტყვი, რომ SUB-2000 აქვს განსაკუთრებული პრეფერენციები, რომელიღაც კონკრეტული ტიპის მუხტის მიმართ, იმიტომ რომ კარაბინი საიმედოა და ზუსტი პრაქტიკულად ყველა ტიპის 9მმ-ან ვაზნასთან, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ რაც უფრო გაზრდით სროლის მანძილს სხვაობა სიზუსტეში შეიძლება უფრო ხილვადი გახდეს.

200 მეტრზე 124 გრანიანი ტყვიის ენერგია თითქმის განახევრდება და შეადგენს სადღაც 294 ჯოულს რაც მაინც აღემატება .380 ACP კალიბრის ტყვიის ენერგიას ლულასთან. 25 მეტრზე გასწორების შემთხვევაში ტყვიის ვარდნა 200 მეტრზე იქნება 133 სმ.  ხოლო 100 მეტრამდე, დამიზნებაში პრაქტიკულად არანანირი შესწორებების შეტანის საჭიროება არ არის.

124grbal

ასე გამოიყურება ბალისტიკური ცხრილი 124 გრანიანი Federal American Eagle მუხტისთვის FMJ ტიპის ტყვიით. სამიზნი მოწყობილობების სიმაღლედ აღებულია 5 სმ.  

მე ეჭვი არ მეპარება რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ პისტოლეტის კალიბრის კარაბინის არსებობის მიზანშეწონილობას. კი მესმის, რაზეა საუბარი პისტოლეტის კალიბრები სუსტია და ასეთი კალიბრზე გათვლილი კარაბინის შეძენისას თქვენ კარგავთ მთავარს, მანძილს და ენერგიას, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც თქვენ ეს უბრალოდ არ გჭირდებათ. მე ადრე დაწერილი მაქვს სტატია, პისტოლეტის კალიბრის კარაბინებზე და უბრალოდ აღვნიშნავ, რომ იმისთვის რისთვისაც შეიქმნა SUB-2000 და იმ გამოყენების ფილოსოფიდან გამომდინარე რაც მას გააჩნია, “წყნარი” 9×19 არის აბსოლუტურად საკმარისი, ხოლო 7.63×39, .308 ან 5.5×45, იქნება  ზედმეტი.  9mm-ნი ვაზნა თანაც ნასროლი გრძელი ლულიდან ბევრად ჩუმია ვიდრე ნებისმიერი შაშხანის კალიბრი და თეორიულად ნაკლებად საშიში, შედარებით მცირე ენერგიის გამო. ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია, იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისვრის სპეციალურად მოწყობილი რენჯების გარეთ…. იმ მარტივი მიზეზით, რომ სპეციალურად მოწყობილი რენჯები პრაქტიკულად არ არის.

გამოყენების ფილოსოფიას რაც შეეხება, ის გამომდინარეობს იმ ფაქტებიდან, რომ, ეს იარაღი ფორმდება ტარების უფლებით, გააჩნია მსუბუქი მასა და კომპაქტურიო ზომები. ეს იარაღი არის იდეალური “სალაშქრო იარაღი”, რომელიც შეგიძლია სულ თან გქონდეს. ამ იარაღს არ ყიდულობ რამე კონკრეტული მიზნით ეს იარაღი არის ყოველი შემთხვევისთვის, რომელიც შეგიძლია რომ სულ თან გქონდეს. გარდა ამისა, იქნება ეს თავდაცვა, პლინკინგი თუ ვარჯიში საროლაში ეს იარაღი გამოდგება ყველა ამ როლისთვის, თანაც არ დაგიჯდებათ ძვირი და არ შეგაწუხებთ თავისი წონით ან გაბარიტებით. უბრალოდ ნუ ელოდებით რომ ამ იარაღს ექნება კლასიკური კარაბინის ესთეტიკა და ერგონომიკა. ის იქმნებოდა, როგორც სპეციალიზირებული იარაღი კონკრეტული დანიშნულებით და ამაში SUB-2000-ს დღემდე ანალოგი პრაქტიკულად არ გააჩნია. პირადად მე ველოდები ახალი პარტიის შემოტანას და დიდი ალბათობით შევიძენ SUB-2000-ს ჩემთვის.

დაბრუნება 10/22-თან

July 31st, 2019

ვაჭერ სასხლეტს და უკვე მეხუთეჯერ ვხედავ რომ პლასტმასის ბოთლი ხტება ადგილიდან და სადღაც ვარდება. მორიგი მცდელობა გასროლით  თავსახურის მოხსნის მთავრდება უშედეგოდ. ხუთივე გასროლა მოხვდა პლასტმასის 0.3 ლიტრიანი “ბორჯომის” ბოთლს პირდაპირ ყელში მაგრამ ჩემდა სამწუხარდ არა თავსახურში! ეტყობა ვერტიკალური შესწორება დამიზნებაში შემაქვს არასწორად. მერე მეორე მსროლელი იღებს კარაბინს და იგივე მანძილიდან, 25 მეტრიდან, ორივე გასროლით არტყავს 2 ცარიელ 9მმ-ან ცარიელ მასრას. ერთის მხრივ მე მიხარია, რომ ჩემ მორიგ იარაღს, რუგერ 10/22-ს შეუძლია ასეთი სიზუსტის გამოვლენა, მეორეს მხრივ მშურს და მიწევს აღიარება რომ ასაკთან ერთად მხედველობა არ უმჯობესდება.  და არა, ჩვენი იარაღი არ იყო აღჭურვილი ოპტიკით…..

მე არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ ამერიკელებს ხშირად უყვართ კლასიკური ამერიკული იარაღები არა იმიტომ რომ უკანასკნელები გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებული თვისებებით არამედ უბრალოდ იმიტომ რომ….  ამერიკულია.  ჩემთვის ის ფაქტი, რომ იარაღი ამერიკიდან არის, თავისთავად ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ხანდახან გადამეტებული მოლოდინებიც მაქვს, რასაც მერე მცირე იმედგაცრუება მოყვება, როდესაც იარაღი, რომელზეც ასე “აფანატებს” მთელი ამერიკა, ისეთი კარგი არ აღმოჩნდება.   თუმცა ხანდახან  მჭირდება მეტი დრო რომ იარაღზე შევიქმნა ობიექტური აზრი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკაზე და მცირეკალიბრიან შაშხანებზე, თავში შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ორი იარაღი: მარლინ 60 (მისი მოსახსნელ მჭიდიანი ვარიანტი მარლინ 795) და რუგერ 10/22. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში უამრავი კარგი .22 კალიბრის კარაბინი გამოდიდოდა, ეს ორი (სამი) უდაოდ ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია. პირველად მე რუგერი 10/22 რამდენიმე წლის წინ ჩავიგდე ხელში, მთლიანობაში მოხიბლული დავრჩი ამ იარაღით და პოზიტიური მიმოხილვაც გამოვაქვეყნე.  თუმცა გამიჭირდებოდა მეთქვა, რატომ არის მაინცდამაინც 10/22 ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მცირეკალიბრიანი კარაბინი.  სინამდვილეში, 10/22 არის ალბათ საერთოდ, ყველა დროის ყველაზე პოპულარული სამოქალაქო კარაბინი, რომელიც 1964 წლიდან იქნა 5 მილიონ ერთეულზე მეტი გამოშვებული. ეს კიდე საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია.

ეხლა, გარკვეული დროის მერე და მეორე 10/22-ის გაცნობის შემდეგ, შემიძლია გამოვთქვა, მოსაზრება, რომ ჩემი აზრით 10/22-ის პოპულარობას განაპირობებს არა რაიმე კონკრეტული თვისებები არამედ ამ თვისებების ჰარმონიული შეთავსება ერთ იარაღში. 10/22 არის მარტივი, საიმედო, ერგოინომიული კარაბინი, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. მაგრამ ამის გარდა, მას აქვს ასევე უნიკალური თვისებები რაც გამოარჩევს მას სხვებისგან. ყველაფერი ეს მთლიანობაში, დიდი ალბათობით ხდის მას საუკეთესო .22 კალიბრის ნახევრად-ავტომატურ კარაბინად.

o-matic


ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი კარაბინი გამოირჩევა თავისი უნივერსალურობით, ის გამოდგება სანადიროდ, რეკრეაციული სროლისთვის, სროლის უნარების დასახვეწად ხოლო უკიდურეს შემთხვევაში თავის დასაცავადაც. ეს ყველაფერი მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის,  ხელმისაწვდომობის, ეკონომიურობის და  ეფექტურის სროლის მაღალი  ტემპის წყალობით. 

დიახ, კიდევ ერთხელ, როგორც პირველ მიმოხილვაში აღვნიშნავ, რომ 10/22-ს გააჩნია მარტივი კონსტრუქცია, რაც ეხლა უკვე იშვიათად გვხვდება თანამედროვე .22 კალიბრის იარაღში. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი (შიდა ჩახმახით)  აწყობილია შტიფტებზე, მარტივად იშლება და იწყობა, მისი სრული გაწმენდა ან დეტალის გამოცვლა არის ადვილი. კარაბინი შედარებით ადვილად იშლება, თუმცა ხშირი წმენდა .22 კალიბრის იარაღს არ ჭირდება, ამიტომ დაშლის სიადვილე კრიტიკული არ არის. იარაღი ისეთია, რომ რამე რომც გაფუჭდეს, მის გამოსაცვლელად საჭირო იქნება მხოლოდ ახალი დეტალის ყიდვა. მწყობრიდან გამოსული დეტალის მოხსნას და ახლით შეცვლას არ დაჭირდება რამე რთული ინსტრუმენტები. ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომია. საწერთოდ იმის ალბათობა, რომ რამე გაფუჭდება არის საკმაოდ მცირე.  10/22-ს პრაქტიკულად არ აქვს სუსტი წერტილები, რომლებიც ქმნიან რაიმე  პრობლემას, თუნდაც ხანგრძლივი ექსპლუატაციის დროს. მე მაგალითად არასდროს არ დამავიწყდება, როდესაც ერთხელ გადმოვიღე სეიფიდან მარლინ 795 და შიგნიდან გადმოიყარა რაღაც პლასტმასის ნაფლეთები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა იყო პლასტმასის ბუფერის ნარჩენები, რომელიც დროთა განმავლობაში უბრალოდ დალპა და დაიშალა. 10/22-ში ასეთი რამე არ მოხდება. ზოგი დეტალი საერთოდ ისეთია, რომ მათი დაზმადება კუსტარულად არ იქნება ძალიან რთული, რაც არც თუ ისე უმნიშვნელოა იარაღისთვის, რომლიდანაც ბევრს ისვრიან ქვეყანაში სადაც სათადარიგო დეტალები საერთოდ არ იყიდება. კონსტრუქციული სიმარტივე განაპირობებს საიმედოობას, ხოლო 10/22 ცნობილია თავისი საიმედოობით.  როგორც J.B. Wood-მა დაწერა თავის წიგნში “Troubleshooting your rifle and shotgun”: – “რაც შეეხება შესაძლო პრობლემებს, კონკრეტულად ამ იარაღზე (10/22) რამის დაწერა არ იქნება რთული, იმიტომ რომ, როგორც წესი ამ იარაღს არასდროს არაფერი არ ჭირს. ვაზნის მიწოდების სქემა განსაკუთრებულად კარგია, რის გამოც ეს იარაღი პრაქტიკულდ არასდროს არ ჭედავს”.

ვაზნებით კვების სისტემა ამ იარაღს მართლაც კარგი აქვს და რა თქმა უნდა ყველაზე დიდ როლს აქ თამაშობს როტორული ტიპის მჭიდი, რომელიც გარდა იმისა, რომ მშვენივრად ასრულებს თავის ფუნქციას, საიმდოთ აწვდის ვაზნებს, ასევე გააჩნია გამძლე კონსტრუქცია და სქელი რკინის ტუჩები, რომელიც არასდროს არ იცვითება ან დეფორმირდება. ასევე მისი კონსტრუქცია უზრუნველეყოფს იმას, რომ მჭიდი მთლიანად იმალება იარაღში და არ არის გარეთ გამოშვერილი. კვების ასეთი სისტემა არის ის რაც გამოარჩევს 10/22-ს სხვებისგან. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, ეს არის ამ იარაღის ყველაზე დიდი უპირატესობა.  გამძლე საიმედო კვების სისტემა, რომელიც თან არ არის გარეთ გამოშვერილი, არაფერს არ წამოედება და არ აფუჭებს იარაღის იერსახეს.  ეს სისტემა უკეთესია ვიდრე  მჭიდი რიგში განლაგებული ვაზნებით (უფრო გამძლე, მჭიდი არ არის გარეთ გამოშვერილი) და ბევრად უკეთესია ვიდრე ლულის ქვეშ განლაგებული მილისებრი მჭიდი მარლინ 60-ზე, სადაც იმისთვის რომ კარაბინი განმუხტოთ სროლის შემდეგ (მჭიდი არ არის ბოლომდე დაცლილი) უნდა გადმოყაროთ ვაზნები ხელში, რაც გულისხმობს, რომ უნდა დაუმიზნოთ ხელს დატენილი კარაბინი და მხოლოდ ამის შემდეგ ამოაგდოთ ვაზნა სავაზნიდან. მაგრამ ესეც სულ არ არის, იმიტომ რომ კიდე ერთი ვაზნა რჩება შიგნით გამზადებული მიწოდებისთვის, ამიტომ საკეტი ორჯერ უნდა გადაკრათ რომ ეს მეორე ვაზნაც ამოაგდოთ. რამე აგერევათ და მოხდება არასანქცირებული გასროლა. მარლინის და რუგერის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცირეკალიბრიანი კარაბინი არის რემინგტონ Nylon 66, რომელიც აღარ გამოდის. იქ მილისებრი მჭიდი შეტრიალებულია, და იარაღი იტენება კონდახიდან, ეს ეფექტურად ამცირებს უსფრთხოების პრობლემას მაგრამ არ არსებობს ინდიკატორი, რომელიც გეუბნება როდის არის მჭიდი  სავსე და ამიტომ ყოველთვის ან მეტს ან ნაკლებს ჩადებთ შიგნით, ხოლო ზეპირად დამახსოვრება რამდენი ვაზნა იდო, რამდენი ისროლეთ და რამდენი დაუმატეთ უბრალოდ შეუძლებელია, ასე რომ ვაღიაროთ, რომ 10/22-ის კვების სისტემა არის საუკეთესო. ვიღაცა იტყვის, რომ 10/22-ის მჭიდები უფრო გაბარიტულია, მაგრამ ეს ეხლა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, იმიტომ რომ 3-4 მჭიდისთვის ადგილის პოვნა არ იქნება რთული და მეტი უბრალოდ არც არის საჭირო.

1022rotor

მყარი კონსტრუქციის, სქელი ფოლადის მჭიდის ტუჩების და როტორული მექანიზმის წყალობით ეს მჭიდები პრაქტიკულად უკვდავია და რუგერის გარდა ამ მჭიდებს თავის იარაღებში იყენებენ სხვებიც, მაგალითად Volquartsen და Thompson Center. 

10/22-ის პოპულარობა და გავრცელებულობა განაპირობებს “აფტერმარკეტ” აქსესუარების გართო (ყველაზე ფართო) არჩევანს და 10/22-ის მოდიფიცირების/კასტომიზაციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. თანაც ეს ყველაფერი საერთოდ არ დაგიჯდებათ ძვირი. რამდენად ეს აქტუალურია საქართველოსთვის ეხლა, მე არ ვიცი, მაგრამ ობიექტური ფაქტია, რომ 10/22-ს გააჩნია კასტომაიზინგის შეუზღუდავი შესაძლებლობები. ვიკიპედიას ციტირება, რომ მოვახდინოთ, შესაძლებელია 10/22-ის აწყობა, რომელშიც არ იქნება არც ერთი “რუგერის” წარმოების ნაწილი.

16099

იარაღი, რომელსაც მე დავუყენებდი გვერძე 10/22-ს არის მოსბერგ 702, რომელიც ასეთივე მარტივია, საიმედო და გამძლე, მაგრამ იკვებება კლასიკური კონსტრუქციის მჭიდიდან რომელიც არ არის ისეთი გამძლე და თანაც არის გარეთ გამოშვერილი.  ზოგი თვლის რომ ეს დაბალხარისხიანი იარაღია, მაგრამ ავტორის აზრით ფასი-ხარისხით ის ერთ-ერთი საუკეთესო “პლინკერია”. 

რა თქმა უნდა მე ვერ ვიტყოდი უარს 10/22-ის მსუბუქ კასტომიზაციაზე. წინა პატრონმა გააკეთა საუკეთესო ინვესტიცია და დააყენა კარაბინზე შესანიშნავი დიოპტრიული სამიზნი მოწყობილობები დამზადებული Tech Sight-ის მიერ. ამიტომ მე მხოლოდ დავამოკლე მჭიდის ღილაკი, რომ შემცირებულიყო მჭიდის დაკარგვის ალბათობა ტყეში ხეტიალისას, დამატებით დავაყენე საღვედეს გასაყრელი ხრახნები და შევღებე პლასტმასის კონდახი. კიდე მე გავაპრიალე დამრტყმელ-სასხლეტი დეტალები, თუმცა უნდა დავაკონკრეტო, დეტალების გაპრიალება, როგორც ასეთი იშვიათად იძლევა რაიმე ხილვად შედეგს, თუ არ მოხდა დეტალების იმ ზედაპირების მორგება, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ, ეს კიდე ითხოვს კარგად გაწაფულ ხელს, თვალს და საჭირო ინსტრუმენტებს.  ნებისმიერ შემთხვევაში 10/22-ს აქვს ნორმალური სასხლეტი პირდაპირ ყუთიდან და მისი გაუმჯობესების გადაუდებელი აუცილებლობა უბრალოდ არ არსებობს.

P1110639

ყველაზე კარგი ინვესტიცია, რომელსაც იმსახურებს ნებისმიერი მცირეკალიბრიანი კარაბინი არის კარგი სამიზნი მოწყობილობები. გნებავთ ოპტიკა და გნებავთ კარგი “რკინები”.  Tech Sights-ის მიერ დამზადებული მოდელი TSR200, გაძლევთ საშუალებას ადვილად შეიტანოთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური შესწორებები, ხოლო დიოპტრის დიამეტრი იდეალურია .22lr-თვის ტიპიურ მანძილებზე სასროლად, მათ შორის ცუდი განათების პირობებში. 

ასევე, რაც ძალიან მომწონს მცირეკალიბრიან კარაბინებში, არ არის საჭირო არაფერი განსაკუთრებული იმისთვის, რომ იარაღმა ისროლოს ზუსტად. მე არ გამოვრიცხავ, რომ იქნება ბევრი ადამიანი ვინც ისურვებს სქელპროფილიან ლულებს, ბედინგს, ძცირადღირებულ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულს, ლაპინგს, ჯადოს, ვუდუს და ა.შ. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი არ არის საჭირო, რომ მიიღოთ მაღალი სიზუსტე მცირეკალიბრიანი კარაბინიდან. კარგი ხარისხის ლულა და კარგი სასხლეტი იქნება საკმარისი, რაც პრინციპში დაგიდასტურეთ ამ სტატიის პირველ აბზაცში. ჩვეულებრივი “სტოკ” პლინკერი შეიძლება იყოს საოცრად ზუსტი, იმის გარეშეც რის გარეშე წარმოუდგენელია მაღალი სიზუსტის მიღება ცენტრალური აალების იარაღიდან.

67625612_10214184801629433_4286905109809463296_o

მიუხედავად იმისა, რომ 10/22-ს არ გააჩნია “მიკრო-ღარიანი” ლულის არხი, როგორც მარლინებს, როგორც წესი 10/22 ყოველთვის გამოირჩევა კარგი სიზუსტით, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ყველა გამოცდილმა მსროლელმა იცის, რომ მცირე-კალიბრიანი ნახევრად-ავტომატების პრობლემური საიმედოობა გამომდინარეობს .22lr ვაზნის კონსტრუქციული თავისებურებებიდან. გარდა ამისა საწყისი სიჩქარე, ტყვიის წონა და ფორმა იმდენად განსხვავდება , რომ ადრე თუ  გვიან ეგრევე მიაგნებთ მუხტს, რომელსაც თქვენი კარაბინი არ “მოინელებს”. მაგალითად Federal Champion არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი .22 კალიბრის მუხტი, რომელიც დღეს იყიდება საქართველოში. ის ასევე გამოდგა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, რაც არ არის გასაკვირი. მძიმე (40გრ) და სტანდარტულ სიჩქარიანი მუხტები, ყოველთვის ყველაზე კარგ სიზუსტეს აჩვენებენ. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ, როგორც ჩანს არარსებობს ნახევრად-ავტომატი, რომელიც იმუშავებდა საიმედოდ ამ მუხტთან. დენთის მუხტი იმდენად სუსტია, რომ ერთი მჭიდის დაცლაც არ მოხდა ისე, რომ არ მომხდარიყო დაბრკოლება ექსტრაქციისას ან ვაზნის არ მიწოდება მჭიდიდან, იმის გამო რომ არ იყო საკმარისი ენერგია გადატენვის ციკლის ბოლომდე შესასრულებლად. ასე, რომ ამ მუხტის სიზუსტით სარგებლობა რჩება მექანიკური გადატენვის მექანიზმის მქონე იარაღების პატრონების პრივილეგიად. Federal Champion და LVE “Сурок” შედის შავ სიაში მუხტების, რომლებიც არ არის რეკომენდირებული ნახევრად-ავტომატებისთვის.   სხვა მუხტებით 10/22-მა დაამტკიცა თავისი რეპუტაცია, როგორც უკიდურესად საიმედო იარაღის.

ბოლოში უნდა აღვნიშნო, რომ უბრალოდ დასანანია, რომ 10/22 არ არის ისე გავრცელებული საქართველოში, ჩემი დაკვირვებით მარლინი 60/795 ბევრად უფრო ხშირად გვხვდება ისევე, როგორც სხვა მოდელები, მაგალითად მოსბერგ 702 და ა.შ. მიზეზი ამისა არის, ის, რომ 10/22-ს იმპორტირება საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანიო რაოდენობით პრაქტიკულად არასდროს არ მომხდარა. ასე, რომ ამჯერად შეიძლება ითქვას, რომ 10/22 ნამდვილად არის საუკეთესო მცირეკალიბრიანი ნახევრად-ავტომატური კარაბინი, რომელიც მე ოდესმე მჭერია ხელში და იმის გათვალისიწნებით, რა მიმართულებით მიდის ამ კლასის იარაღების ევოლუცია, მეეჭვება 10/22-მა ეს ტიტული ოდესმე დაკარგოს.