Archive for the ‘გრძელლულიანი იარაღი/long guns’ Category

Remington 700PCR – ბიუჯეტური ზუსტი შაშხანა შასის სისტემით

Wednesday, July 14th, 2021

210279557_514877066600476_1835517536911053845_n

და აი როგორც იქნა მოივიდა დრო, როგორც იქნა და მე დავიწყე წერა ლეგენდარულ ამერიკულ შაშხანაზე, Remington 700-ზე. სიმართლე, რომ გითხრათ, მე შემეძლო ამ შაშხანის მიმოხილვის დაწერა ჯერ კიდევ სადღაც 10 წლის წინ, როდესაც შევედი იარაღების მაღაზიაში იმისთვის რომ მეყიდა Remington 700, მაგრამ შაშხანის ხელში აღებისას ეგრევე გადავიფიქრე მისი შეძენა. რატომ? იმიტომ რომ იარაღი უბრალოდ არ მომეწონა. იმიტომ არა, რომ ის ცუდი იყო, უბრალოდ აქამდე მეტ წილად ვიყავი დაკავებული ძველი შაშხანებიდან სროლით, ხოლო ჩემი ფავოროტი იყო ძველი საბრძოლო შაშხანების მეფე, მისი უდუდებულესობა მაუზერი 98. თავისმხრივ Remington 700, იყო კარდინალურად განსხვავებული ყველაფრისგან რაც მე აქამდე მინახავს, მარტივი, პრიმიტიული თუ გნებავთ, თანაც ეს იყო მოდელი SPS (Special Purpose Synthetic), რაც ნიშნავს რომ შაშხანა “იჯდა’ იაფფასიან პლასტმასის კონდახში, რომელთან შედარებით მოსინის შაშხანის კონდახიც კი გამოიყურებოდა უფრო უკეთესად. სხვთაშორის იგივე შეგრძნება მქონდა თავის დროზე, როდესაც 20 წლის წინ ვიყიდე პირველი “გლოკი”. ეს არის თქვენი სახელგანთქმული “რემინგტონ 700″ (“გლოკი”)??? ასეთი რეაქცია განპირობებული იყო იმით, რომ როგორც გლოკმა, რემინგტონმა თავისი მოდელი 700-ით შეცვალა თანამედროვე შაშხანის იერსახი. წარსულს ჩაბარდა რთული გეომეტრიის რესივერები, მასიური ექსტრაქტორები, რთული საკეტები, ყველაფერი რაზეც აქამდე მე პირადად ასე მიჩვეული ვიყავი და ნორმალური მეგონა. სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ უფრო მარტივი, უტილიტარული იარაღი შესანიშნავი საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებებით, მართალია ზოგადი ესთეტიკის ხარჯზე.

შექმნილი 60-ნი წლების დასაწყისში მაიკ ვოკერის მიერ, Remington 700 იყო ტექნოლოგიური და ინოვაციური იარაღი. მრავალი კონსტრუქტორული გადაწყვეტილების წყალობით, მსროლელებმა მიიღეს იაფი, მასიური წარმოების,  საიმედო შაშხანა უდიდესი სიზუსტის პოტენციალით, რაც გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ მაიკ ვოკერი ასევე იყო ბენჩრესტის (ზუსტი სროლის ერთ-ერთი დისციპლინის) პიონერი. ცხადია რომ მისი შექმნილი შაშხანა იქნებოდა ზუსტი, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნებოდა. ახალ შაშხანას ქონდა დამრტყმელ-სასხლეტი მქანიზმი, რომელიც მილიონი წლით უსწრებდა ანალოგიურ მექანიზმებს, რომლებიც გამოიყენებოდა შაშხანებში მანამდე. კონსტრუქცია შაშხანის იყო უმარტივესი მაგრამ გამძლე და საიმედო. რესივერი იყო  ცილინდრული ფორმის, რაც აადვილებდა მის დამზადებას, უკუცემის ბჯენი იყო უბრალო მეტალის ფორფიტა “ჩაპრესილი” ლულასა და რესივერს შორის რაც ასევე ამარტივებდა შაშხანის დამზადებას. საკეტი თავი იყო “ჭიქის” ფორმის რომელშიც “ჯდებოდა” ვაზნა. მიწოდება იყო არაკონტროლირებადი, ანუ ვაზნა ექცეოდა ექსტრაქტორის ქვეშ მხოლოდ საკეტის ბოლომდე დახურვისას. ეჟექტორის როლს ასრულებდა ზამბარიანი “პლუნჟერი” განთავსებული საკეტის თავში.  ეს საკეტის ფორმასთან ერთად უზრუნველყოფდა ვაზნის  ერთგვაროვან პოზიციონირებას სავაზნეში. კონსტრუქციის გათვალისწინებით, რემინგტონმა შეუიმუშავა ახალი სარეკლამო სლოგანი, ფოლადის სამი წრე, იმიტომ რომ ვაზნა იყო მოთავსებული სამი “ფენა” ფოლადის ქვეშ, პირველი იყო სავაზნის კედლები, შემდეგ საკეტის თავი, რომლის შიგნითაც თავსდება ვაზნა და ბოლოს თავად შაშხანის რესივერი. ყველაფერი ამის წყალობით, Remington 700 გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შაშზანა ჯერ ამერიკაში და შემდეგ უკვე დანარჩენ მსოფლიოში. უამრავი ქვეყნის ჯარმა, პოლიციურ სამსახურმა და სამოქალაქო მსროლელებმა სათანადოდ შეაფასეს ახალი შაშხანა. ცოტახანში Remington 700-ის ირგვლივ შეიქმნა მთელი ინდუსტრია, რომელიც დაკავებული იყო ამ შაშხანის დეტალების წარმოებით. შესაძლებელი იყო აგეწყო Remington 700, რომელშიც არ იქნებოდა არც ერთი დეტალი გამოშვებული რემინგტონის ქარხანაში. ყველაფერი ეს ხელს უწყობდა ამ შაშხანის პოპულარობას, მაშინაც კი როდესაც უკვე მოგვიანებით გამოჩნდა უფრო უკეთესი კონსტრუქციის შაშხანები. რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა უკეთეესი შაშხანები, თავად დაფიქრდით, Remington 700 არის იარაღი სამოციანი წლებიდან, უფრო მეტიც, მისი წინადმორბედი, რომელზეც მოდელი 700 არის დაფუძნებული, მოდელი 721 გამოდიოდა 1948 წლიდან. ცხადია რომ ამდენი წლის მერე სხვა მწარმოებლები ერთ ადგილზე არ იდგნენ. გარდა ამისა ბოლო წლებში მას მერე რაც კომპანია “რემინგტონი” გახდა Freedom Group-ის ნაწილი, ამ კომპანიის პროდუქციის ხარისხი დაეცა, რამაც მისცა საშუალება სხვა კომპანიებს “დაეთრიათ” ბაზრის წილი, რომელიც აქამდე მოდელ 700-ს ეკუთვნოდა. დღეს ჩემი აზრით Tikka T3 არის ახალი Remington 700, ფასის, ხარისხის და კასტომიზაციის საუკეთესო კომბინაციით.

რემინგტონ 700-ის შეიარაღებაში მიღებაში, როლი ითამაშა სახელგანთქმულმა სნაიპერმა კარლოს ხესკოკმა და ასევე ვინჩესტერის უარმა/უუნარობამ დაეკმაყოფილებინა საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის მოთხოვნები. 1966 წელს კორპუსმა შეიარაღებაში მიიღოო მოდელი 700-ის მოდიფიკაცია განკუთვნილი ზუსტი სროლისთვის  .308win კალიბრში, ახალი სახელით M40. 

რა თქმა უნდა, როგორც ბლოგერი და კონტენტის შემქნელი, მე ვცდილობ ვიყიდო და დავწერო იარაღზე, რომელიც ჩემ მიზნობრივ აუდიტორიას დააინტერესებს, ამიტომ რამდენიმე კვირა ვუტრიალებდი “ტიკებს” მაგრამ ამ პროცესში მეორადი იარაღების ბაზარზე წავაწყდი შეთავაზებას   “რემინგტონ” 700-ზე,, რომელზეც ამჯერადუარი ვერ ვთქვი. შაშხანა, რომელიც მე ვიყიდე ამჯერად არ იყო უბრალო SPS, არამედ ეს იყო მოდელი PCR (Precision Chassis Rifle). ეს მოდელი იყო “რემინგტონის” მცდელობა შედარებით ახალ სეგნმენტში შეღწევის, შასიზე აწყობილი ქარხნული წარმოების შაშხანების სეგმენტში. შასი ბევრ უპირატესობას სთავაზობს, არ არის საჭირო შრომატევადი ბედინგის პროცედურა, ვინაიდან შასი მეტალის არის. შესაძლებელია მოდულურობის მიღწევა, როდესაც შასიზე რაიმე სტანდარტული სამაგრების (m-lok, picatiny, keymod და ა.შ.) გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა აქსესუარების/მოწყობილობების დაყენება ან უკვე ბაზარზე არსებული ფურნიტურის მარტივი დაყენება, ოსტატის და რთული ინსტრუმენტების გარეშე. მაგალითად PCR-ის პირველი თაობის შასი თავსებადია keymod-თან, ასევე მასზე შესაძლებელია AR-15-ზე გათვლილი კონდახის და სახელურის დაყენება. სანამ “რემინგტონი” დაიხურებოდა, მან მოასწრო მეორე თაობის Enhanced (გაუმჯობესბებული) PCR-ის გამოშვება, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ მე მერგო ამ მოდელის პირველი ვარიანტი.

Rem-700-PCR-2 Remington-700-PCR-Enhanced-1

Remington 700 PCR, პირველი (ზევით) და გაუმჯობესებული მოდელები. გაუმჯობესებულ მოდელში გამოყენებულია განსხვავეებული კონდახი, შეცვლილია ტარის კუთხე, ლულის გარსაცმი შესრულებულია M-lok-ის სამაგრებით, ასევე სხვა განსხვავებებიც არის მაგრამ ლულა, რესივერი საკეტი ერთი და იგივეა. 

მაშ რა მერგო მე? Remington 700 PCR უკვდავ .308win კალიბრში, სახელგანთქმული 5R ტიპის (5 ხრახნიანი) სქელი და მძიმე ლულით, რომელიც სტანდარტულად ყენდება ამ მოდელზე. კონდახი არის Magpul PRS, მძიმე მაგრამ საიმედო დეტალი, ყველა საჭირო რეგულირებით, რაც მსროლელს შეიძლება დაჭირდეს, დაყენებული ალუმინის შასიზე. სახელურიც იგივე კომპანიის არის რაც იდეაში არ არის ცუდი პრაქტიკა, აიღე გამოცდილი და მომხმარებლისთვის ნაცნობი პროდუქტი და დააყენე ის შენ იარაღზე. შეუძლებელია აქ დაუშვა შეცდომა. მჭიდი ასევე Magpul-ის წარმოების არის. 5 ვაზნიანი AICS სტანდარტის, ერთ რიგიანი, ერთ რიგიანი მიწოდებით, რაც მე პირადად მომწონს, იმიტომ რომ ყოველი მომდევნო ვაზნა ერთნაირად, ერთი “გეომეტრიით” თავსდება სავაზნეში, თუმცა რემინგტონის საკეტის ფორმის გათვალისწინებით ეს ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ლულა ნაწილობრივ იმალება ალუმინის, ცილინდრის ფორმის გარსაცმში, რომელიც ორი ხრხნით მაგრდება ალუმინის შასიზე. იარაღის სრული სიგრძე კომპენსატორით არის 116სმ.

საქართველოში Remington 700 ასოცირებულია .308 კალიბრთან, მაგრამ სახელგანთქმული და პოპულარული ეს მოდელი გახდა რემინგტონის ახალი და იმ დროის პირობებში “ცხელი”,  7mm Remington Magnum-ის კალიბრის წყალობით, რომელიც გახდა ერთ-ერთი იმ მცირე “მეტრიკული” კალიბრებიდან, რომელიც ამერიკელებმა შეიყვარეს. 

ისე კი უნდა ვთქვა, რომ ასეთ მეორად იარაღს, რომ ყიდულობ, გიჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ ყიდის პატრონი ამ შაშხანას? იქნებ იმის გამო რომ სიზუსტე არ აქვს კარგი? თუმცა ალუმინის დიდი ზომის კომპენსატორი და ჩინური ბიპოდის სამაგრი (თავად ბიპოდი სადღაც ჩემამდე გზაში დაიკარგა) მაინც მაფიქრებდა, რომ წინა პატრონი კარგად არ ეცადა მაქსიმალური სიზუსტე მიეღო. მე არ ვარ ალუმინის კომპენსატორების, მითუმეტს სტანდარტული ხრახნიანი მოდელების დიდი ფანატი, იმიტომ რომ დიდი ალბათობა არსებობს, რომ თუ მასალა მთლად ხარისხიანი არ არის ერთხელაც გასროლისას ეს მოწყობილობა ლულას მოწყდება. პატარა ხრიკი, თუ ალუმინის აქსესუარი შეღებილია შავი საღებავით და არა ანოდრიებულია, არ გააჩნია დამღები, ის დიდი ალბათობით დამზადებულია არასრულწლოვანი მოხელის მიერ რომელიღაც ჩინურ პროვინციაში, ამიტომ კომპენსატორი, ჩინურ პიკატინის სამგრთან და ბიპოდის ადაპტორთან ერთად წავიდა ეგრევე სანაგვეში. ზუსტ შაშხანაზე ასეთი ნივთების ადგილი უბრალოდ არ არის. 

ოპტიკა შაშხანას არ მოყვა ამიტომ მე მოვხსენი ჩემი Savage A17-ს და გადავაყენე “რემინგტონზე” Primary Arms-ის 4-16 გადიდების მქონე სკოპი, მილ-დოტ ტიპის ბადით. იმ მომენტში სხვა რინგების არქონის გამო, პირველ ეტაპზე დავკმაყოფილდი ჩინური UTG-ით. ისე უნდა ითქვას, რომ ოპტიკის დაყენებისას ამ რინგებს პრაქტიკულად არ დაჭირდა მორგება. კიდევ ერთი რჩევა. აუცილებლად, ოპტიკის დაყენებამდე დარწმუნდით, რომ სამაგრი რესივერზე არის სათანადოდ დამაგრებული, ხრახნები ბოლომდე გადაჭერილია და არც locktite-ის გამოყენება არ იქნება ურიგო.

შესაბამის ადაპტორზე დაყენდა საშუალო სიგრძის “ხარისის” ბიპოდი. რატომ საშუალო? იმიტომ რომ მე ვისვრი საველე პირობებში და არა მაგიდიდან, ხოლო სიმაღლე საჭიროა რომ შევძლო სროლა შედარებით მაღალი ბალახიდან ან უსწორმასწორო რელიეფის პირობებში. უკვე შემდგომ შაშხანაზე დაუენდა “ხარისის” ბიპოდი ინტეგრირებული “საქანელათი”. “ხარისის” ბიპოდები კარგი მოწყობილობაა თავის ფასში და ამიტომ ძალიან პოპულარულია.

დავალება ნომერი ერთი გახლდათ იარაღის გასწორება. ამისთვის ვათავსებ შაშხანას ბიპოდზე და ქვიშის ბალიშზე, ლულიდან ვუმიზნებ სამიზნეს 100 მტრიდან. იარაღის წონა იმხელაა, რომ დამატებითი ფიქსაცია საჭირო არ არის და ადვილად (დოლურების ტრიალით) ვრწმუნდები რომ ბადე და ლულა იყურებიან დაახლოებით ერთ წერტილში. ამით ცივი გასწორება დასრულებულია.

პირველი გასროლა ხვდება მარცხნივ და მაღლა. წლების განმავლობაში სროლამ ას მეტრზე მასწავლა შესწორების შეტანა 1/4MOA სკოპში ყოველგვარი კალკულაციების გარეშე. თავდაპირველად შემაქვს მხოლოდ ჰორიზონტალური შესწორება, შემდეგ ვისვრი, ვრწმუნდები რომ ინტუიციამ არ მიღალატა, შემაქვს ვერტიკალური შესწორება და მესამე გასროლა ხვდება პირდაპირ ათიანის ათიანში. როგორც ჩანს ბიუჯეტური ოპტიკის შესწორების მექანიზმი მუშაობს  იდეალურად. ვაგრძელებთ სროლას სხვადასხვა მუხტებით და პირველივე დღეს იარაღმა გვაჩვენა გარკვეული პოტენციალი. საუკეთესო გამოდგა მუხტები 175 და 170 გრანიანი ტყვიებით. საშუალო სიზუსტე 0.75 MOA. რამდენიმე გასროლა, რომ მიხვდე ბადის რა ელეემნტით უნდა დაუმიზნო კონკრეტულ დისტანციაზე და ტყვიეები უკვე ხვდება გონგს 500 მეტრზე.  აი ასე, იარაღი რომლის ფასი აშშ-ში 1100 დოლარია, ოპტიკა ღირს 200 დოოლარად, 30 ლარიანი ჩინური რინგებით და ეგრევე ისვრი ნახევარ კილომეტრზე.

2-Crosstac-Review-Rear-Bag

ზუსტ სროლას აქვს ბევრი ნიუანსი და ყველაფეერი ისე მარტივად არ არის, როგორც თავიდან ჩანს, მაგრამ ზუსტი/სტაბილური სროლის მთავარი საიდუმლოება არის…. ქვიშის ბალიში. დამიზნება და სტაბილურობის მიღწება ხდება სწორედ ასეთი ბალიშით. ის არის მსროლელის საუკეთესო დამხმარე. სურათი: TFB 

ერთადერთი, რამაც იმ კარგ დღეს დაგვწყვიტა გული ორივე მსროლელს, იყო რემინგტონი ახალი X-mark ტიპის დამრტყმელ-სასხლწტი მექანიზმი. ვინც არ იცით, Remington 700-ის ორიგინალური დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, იყო სკანდალის ცენტრში, იმიტომ რომ დაფიქსირდა გარკვეული რაოდენობა შემთხვევების როდესაც Remington 700 ისროდა მცველიდან მოხსნის შემდეგ. ამ პრობლმის არსის ახსნა ცდება ამ სტატიის თეემას, მაგრამ, საბოლოო ჯამში ამის მიზეზი იყო სასხლსტის არასწორი რეგულირება და შეცდომები დაშვებული რემინგტონის მხარეს, რის გამოც სქელი საფოხი ხვდებოდა დამრტყმელ-სასხლტი მექანიზმის შიგნით და ქმნიდა პრობლემებს. არც ახალი X-mark-ი მაინცდამაინც არ სარგებლობდა უზომო პოპულარობით მსროლელებს შორის. ჩემი აზრით, მწარმოებლებს იმდენად ეშინიათ სარჩელების, რომ აყენებენ იარაღზე მძიმე სასხლეტებს. ამის გამო ხარობს და ვითარდება “აფტერმარკეტ” სასხლეტების ინდუსტრია. ჩვენი X-mark-იც არ იყო გამონაკლისი. წონა 2 კგ! რეგულირების ხრახნი განთავსებულია ისე, რომ სასხლეტზე დაჭერისას ის გერჭობა თითში.  ამიტომ, სასხლეტი შეიცვალა Timney-ს წარმოების Calvin Elite-ით, ერთ საფეხურიანი მოდულით. ახალი სასხლეტი დაყენდა 500 გრამზე. ცხადია ადეკვატურად შემოწმდა კონტაქტი დამშვებთან, ვიბრაცია, დარტყმა, საკეტის მაქსიმალური ძალით დახურვა, მცველის მუშაობის საიმედოობა და ა.შ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ რომ გასროლა არ მოხდება, არც ერთ შემთხვევაში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსროლელი დააჭერს სასხლეტს. UTG რინგები ასევე შეიცვალა Vortex-ის წარმოების რინგებით, რომლის ფასად მოგივიდოდა UTG-ის ორი ოპტიკა. მაგრამ ეს არის რეალობა, ფულს იხდი საიმედოობაში და სტაბილურობაში, რომ იყო დარწმუნებული რომ პრობლემა არის შენში და არა იარაღში ან რომელიმე მის ცალკეულ კომპონენტში.

eng_pl_Magpul-PRS-R-GEN3-Precision-Adjustable-Stock-Black-MAG672-BLK-22581_3

Magpul PRS Gen3 არის მძიმე და გაბარიტული კონდახი, მაგრამ მას აქვს დიდი პლიუსი, რეგულირებების შეტანა არის მარტივი, სიგრძე, სალოყის სიმაღლე, ასევე საზურგის განლაგების შეცვლა (ამჯერად დაგჭირდებათ ალენის ქანჩი). გაუმჯობესებულ მოდელში უკვე სხვა კონდახია გამოყენებული. 

სამწუხაროდ მეორე გასვლისას სროლის პირობები არ იყო ისეთი იდეალური, როგორც პირველი დღეს. ზურგის ქარი, სიცხე, ძლიერი მირაჟი. კარგი ჯგუფების მიღება იყო რთული, მაგრამ სიზუსტე ჩამოვიდა 0.50 MOA-მდე. 300 მეტრზე 0.78MOA. კვლავ საუკეთესო მუხტები იყო Lapua 170gr, BlackHills Match 175gr, Federal 175 gr Gold Medal Match. შედარებით იაფფასიანი Federal-ის 150 გრანიანი მუხტი FMJ ტყვიით, იძლეოდა ადეკვატურ სიზუსტეს, 1MOA-ზე ოდნავ მეტი რაც ალბათ საკმარისია გონგებზე სასროლად.

211576731_826203311370563_7890809731342007046_n

ასე ისვრის entry level შასიზე აწყობილი “რემინგტონ 700″.

211531957_864554650822044_6522524170675566380_n

ჯგუფები ყველაზე იაფი ამერიკული წარმოების ვაზნებით (Federal 150gr FMJ) საშუალოდ მერყეობდა 30-35 მმ ფარგლებში რაც ადეკვატურია საშუალო მანძილებზე გონგზე სასროლად. ქვედა 20მმ-ნი ჯგუფი მიღებულია 168 გრანიანი SMK-ს ტყვიით.

211897910_4381672178510913_7266310945176371638_n (1)

212387088_656510211950858_3769738353889290102_n

მუხტები 170-175 გრანიანი ტყვიით სტაბილურად საუკეთესო შედეგს იძლეოდნენ

ზედმეტია იმის თქმა, რომ იარაღი მუშაობდა უნაკლოდ, მიწოდება, ექსტრაქცია იყო წესრიგში. Magpul-ის PRS (Precision Rifle Stock) მართალია არის მძიმე და არ იკეცება მაგრამ სამაგიეროდ ბეევრი რეგულირება აქვს და კონდახის სიგრძის და სალოყის სიმაღლე რეგულირდება გორგოლაჭების ტრიალით, არ არის საჭირო რამის დაშვება, გახსნა ან ინსტრუმენტის გამოყენება. შაშხანამ დატოვა უკიდურესად კარგი შთაბეჭდილება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ყველა მისი ანალოგი საქართველოში მასზე თითქმის ორჯერ მეტი ღირს.

181372155_5390278817711598_6412476827236441077_n

ასე გამოიყურება შაშხანა ეხლა. რესივერის კამუფლირება ჩემი შესრულებულია. DPMS-ის ლულის მუხრუჭი ადეკვატურად მუშაობს. ოპტიკა ადეკვატურად მუშაობს და მოხსნა დაყენებისას ზერო არ დაიკარგა ამიტომ ამ ეტაპზე მიჭირს მეტი ფულის გადახდა ახალ ოპტიკურ ხელსაწყოში. იარაღის წონა ასეთ კონფიგურაციაში არის 6.3kg

ცალკე ხსენებას იმსახურებს ლულა რომელსაც “რემინგტონში” ეძახიან 5R-ს. ლულების დამზადება 5 ხრახნით, ყოველ შემთხვევაში ჩრდილო ამერიკაში ეკუთვნის ბუთს ობერმაიერს, ოსტატს, რომელიც ამზადებდა ლულებს შეკვეთით. მან ეს პირველად განახორციელა 70-ან წლებში. იდეა მდგომარეობა იმაში, რომ ხრახნები არ იყო ერთმანეთის მიმართ პირისპის განლაგებული ეს ერთი, მეორე, ხრახნების კედლის კუთხე იყო დახრილი და არა 90 გრადუსიანი, რაც უზრუნველყოფს ტყვიის ნაკლებ დეფორმაციას და უკეთეს ობტურაციას. სიმართლე გითხრათ, ლულის ხრახნების იმდენი დიზაინი არსებობს, რომ საკმაოდ ძნელია გაარკვიო სად მთავრდება რაიმე რელაური უკუგება და იწყება მარკეტინგი. 70-ნი წლების შემდეგ, ლულების დამზადების ტექნოლოგიაც წინ წავიდა და არის ეხლა ასეთი კონფიგურაციის ლულა რაიმე რეალური სარგებლის მომტანი ალბათ არავინ დაზუსტებით არ იცის, მაგრამ 5R, როგორც მინიმუმ საქმეს არ გააფუჭებს ეს ერთი და მეორე, ამ დიზაინის ულკან საინტერესო ისტორიაა, რომელიც შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენ მეგობრებს.

ასო R, 5R დასახელებაში არ ნიშნავს Riflings (ხრახნები), ჯონ კრიგერის (Krieger Barrels Inc.-ის დამფუძნებლის) სიტყვებიდან R ნიშნავს Russian-ს (რუსული) იმიტომ რომ იდეა ასეთი ლულის შექმნის მოუვიდა ობერმაიერს, როდესაც ის სახელმწიფოს დაკვეთით, მონაწილეობდა საბჭოთა ნაალაფარი ტყვიაწამლის ტესტირებებში. 

Remington 700-ის უმარტივესი კონსტრუქცია განაპირობებს მისი მოვლა/წმენდის უმარტივეს რეგლამენტს. დააჭირეთ სასხლეტის წინ დამალულ ღილაკს და გამოაძრეთ შაშხანას საკეტი. სულ ეს არის საჭირო რომ იარაღი გაწმინდოთ. აქ ყურადღებას იქცევს საკეტის უმარტივესი კონსტრუქცია, ასევე პატარა ზომის ექსტრაქტორი, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას ადვილად ცვეთადი დეტალის, მაგრამ სინამდვილეში ეგ დეტალი თითქმის არასდროს არ ქმნის პრობლემას. ლულაში  ხრახნების დახრილი კედლები კიდე უფრო ამარტივებენ ლულის წმენდას. მეტი არაფერი განსაკუთრებული ამ იარაღის მოვლაზე არც უნდა იცოდეთ. თავისმხრივ შაშხანის წმენდის რეგლამენტის აღწერა ამ სტატიის მიზნებში არ შედის, ამაზე ოდესმე სხვა დროს ვისაუბრებთ.

მსროლელები ამერიკაში შეხვდნენ ამ შაშხანას ზომიერი ენთუზიაზმით. ამის მიზეზი ბევრია, პირველი ის რომ, ყველა შეეგუა რომ რემინგტონის შაშხანების ხარისხი დაეცა. რა დაგიმალოთ და ბოროსკოპით ლულის შემოწმებისას, მეც დავრწმუნდი, რომ  ლულის არხის დამუშავება ბევრად ჩამოუვარდება ტიკას ლულებს. ცალკე პრობლემები უკავშირდება “გადაბრეცილ” ლულა/რესივერებს იმის გამო რომ ხრახნები არ არის ზუსტად მოჭრილი. ბევრიც თვლის, რომ “რემინგტონს” უნდა ეზრუნა ხარისხის დაბრუნებაზე ან თუნდაც ახალი თაობის შაშხანების შექმნაზე გადართულიყო.

არ ვიცი, ამ სტატიის წამკითხავებიდან, ვინ რას ხედავს რემინგტონ 700-ში, მსოფლიოში საუკეთესო შაშხანას თუ მოძველებულ რელიქტს. პირადად მე, ვხედავ დამსახურებულ ვეტერანს თანამედროვე შესრულებით, რომლის საუკეთესო დღეები უკვე დასრულდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უნდა ეს იარაღი დავიწუნოთ. არ დაგვავიწყდეს, ქარხნული შასიზე აგებულ შაშხანებს შორის PCR-ი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი, დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ რემინგტონი გაკოტრებულია და ამ მომენტისთვის წარმოება გაჩერებულია. ჩემზე იარაღმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება, მიუხედავად “გაუგებარი” სასხლეტისა, მარეგულირებელი ხრახნის უცნაური განლაგებით, მიუხედავად შასის უცნაური დიზაინისა, როდესაც ხელი თითქოს გაჭედილია კონდახსა და სახელურს შორის, მიუხედავად რემინგტონის უცნაური tear drop ტიპის სამაგრებისა ტიბჟირზე, რომელი კიდევ კარგი თავსებადია key mod-თან. მაინც ეს იარაღი აკეთებს იმას, რაც მას მოეთხოვება და კარგი არჩევანია იმისთვის ვისაც სურს შასიზე აგებული ზუსტი შაშხანა, რომ შეაბიჯოს ზუსტი სროლის სამყაროში.  თუ მან ამისთვის აირჩებს PCR გაუმჯობესებულ ვარიანტს, ის კიდე უფრო კმაყოფილი დარჩება. სიზუსტეც 0.60 MOA ქარხნული ვაზნებით ჩემთვის და აბსოლუტური უმეტესობა მსროლელებისთვის იქნება ყელამდე საკმარისი. აქვე დავამატებ რომ მე არ ვთვლი ჩემ თავს გამოცდილ მსროლელად ოპტიკიანი შაშხანიდან.

რას ვისურვებდი მე ამ იარაღში? პრინციპში ყველაფერს რაც უკვე არის გაუმჯობესებულ ვარიანტში და ასევე დასაკეც კონდახს, როგორც M2010-ში, რომელიც “რემინგტონმა” შექმნა აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის. შასის სისტემა, რომელიც რემინგტონმა შექმნა უკვე კარგახანია შეიარაღებაში მყოფი M24-თვის ალბათ ვერ იქნებოდა გამოყენებული PCR-ში, დამზადების მაღალი ხარჯების გამო და PCR-იც ასეთი შასისთი ვერ იქნებოდა ასეთი ხელმისაწვდომი. დასაკეცი კონდახი იმიტომ, რომ იარაღი ძალიან გრძელია და მისი ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია.

მე მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება დამეწერა ამ ლეგენდარულ  ვეტერან იარაღზე და ასევე მადლობა მინდა მოვუხადო ჩემ მეგობრებს, გიორგი ტურიაშვილს და ლუკა ძაგანიას, რომელთა გარეშეც ეს მიმოხილვა ვერ დაიწერებოდა.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Remington 700PCR არის მძიმე და გაბარიტული შაშხანა გათვლილი შორ მანძილებზე სროლისთვის. ის თანაც არის ყველაზე ხელმისაწვდომი ქარხნული, შასიზე აგებული შაშხანა. თუმცა იმისთვის რომ რეალიზდეს ამ შაშხანის სრული პოტენციალი, საჭიროა მისი ქარხნული სასხლეტის შეცვლა და კარგი ხარისხის კომპონენტების გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ ხელმისაწვდომია უამრავი აფტერმარკეეტ დეტალი, ამ შაშხანის აფგრეიდი იქნება ადვილი.

209001358_335980931236828_1873400811770767593_n

Remington 870 – ძველი გამოშვება

Sunday, April 11th, 2021

144924402_10218075622097513_7776795348289237250_n

ხანდახან ხოლმე ადამიანს შეხვდება გაფუჭბული იარაღი, იარაღი რომელმაც დატოვა საწარმო წუნით/დეფექტით და ამ ფაქტმა შეიძლება სამუდამოდ შეუცვალოს მას წარმოდგენა ამ იარაღზე კონკრეტულად და ხანდახამ მწარმოებელზეც ზოგადად. ამავე დროს ცხადია, ერთი იზოლირებული შემთხვევა არ შეიძლება მეტყველებდეს რამე ტენდენციაზე. ყველაზე მაღალი რეპუტაციის მწარმოებლებსაც კი მოსდით შეცდომები, რაც გარდაუვალია.  მაგრამ ალბათ ყველა იარაღის სამყაროში თანხმდება, რომ იარაღის უძველესმა ამერიკულმა მწარმოებელმა შეძლო და უკანასკნელ წლებში პრაქტიკულად დაასამარა სახელგანთქმული თოფის, რემინგტონ 870-ის რეპუტაცია. ნეგატიური გამოხმაურებები ამ იარაღზე იმდენია, რომ ეჭვს არ ტოვებს იმაში, რომ რაღაც სერიოზულ პრობლემებს ქონდა ადგილი. ქონდა იმიტომ, რომ რემინგტონი გაკოტრდა და შეწყვიტა იარაღების წარმოება. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, ეს კომპანია ნაყიდია კერძო ინვესტორის მიერ, რომელიც აპირებს რომ შეინარჩუნოს ბრენდი და განაახლოს იარაღის წარმოება. თქვენ წარმოიდგინეთ, განახლება დაიწყება რემინგტონ 870-ის წარმოებით, რაც გასაკვირი არ არის.  ეს თოფი არის ყველზე პოპულარული ამ ტიპის თოფი მსოფლიოში, 10 მილიონზე მეტი გამოშვებული ერთეულით, ეს არც მეტი არც ნაკლები, 70 წლის განმავლობაში.

იმისთვის რომ უკეთ მოგიყვეთ რა მოუვიდა რემინგტონ 870-ს, უნდა აგიხსნათ რა ევოლუციის გზას გადის ნებისმიერი იარაღი. ეს არის პირობითად ორი განსხვავებული გზა.  ერთი არის ევოლუციის/დახვეწის გზა, როდესაც იარაღის ექსპლუატაციის პერიოდში ხდება სხვადასხვა ხარვეზების გამოვლენა და მწარმოებელი, როგორც წესი კონსტრუქციის უმნიშვნელო შეცვლის ხარჯზე ამ ხარვეზებს ასწორებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება იმაში, რომ იარაღის ყოველი მომდევნო თაობა არის უფრო უკეთესი, ე.ი. საიმედო/რესურსიანი/ეფექტური, ვიდრე წინა თაობა. მეორე გზა არის ე.წ. რაციონალიზაცია, როდესაც მწარმოებელი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს შეამციროს იარაღის წარმოების ხარჯი, საიმედოობის/რესურსის/ეფექტურობის მისაღები დონის შენარჩუნებით.  აღნიშნული კეთდება იმისთვის, რომ გაიზარდოს მოგება ან თუნდაც გაიზარდოს იარაღის წარმოების სიჩქარე. ცხადია რემინგტონ 870-ის კონსტრუქციის განვითარება ამ ორი გზით მიდიოდა. არის კიდევ რა თქმა უნდა ევოლუცია განპირობებული სხვადასხვა როლებით, რაც ეკისრება კონკრეტულ იარაღს რაც გამოიხატება იმაში, რომ იარაღის კონსტრუქცია იცვლება იმ ახალი ფუნქციის მიხედვით რაც მან უნდა შეასრულოს.

აი მაგალითად U ფორმის ჭრილი შესრულებული ჩემი რემინგტონის ელევატორზე (ვაზნის ქერიერზე), იუწყება, რომ მისი კონსტრუქცია შეცვლილია, იმისთვის რომ გამოირიცხოს ვაზნის გაჭედვა საკეტის ქვეშ, სახიფათო მდგომარეობა, რომელიც რომ აღმოფხვრა უნდა იარაღი დაშალო. ეს პოტენციალურად ფატალური ნაკლი, რომელიც იჩენდა თავს თოფებში ხანგრძლივი ექსპლუატაციის ისტორიით, გამოსწორდა ამ იარაღში 80-ან წლებში, ჯერ თოფებში, რომლებიც იყვნენ განკუთვნილები სამართალდამცავებისთვის და შემდგომ უკლებრივ ყველა 870-ის მოდელში. ეს არის მაგალითი იარაღის კონსტრუქციის ევოლუციის/დახვწის.

dasflexi

ყველაზე იოლი გზა დარწმუნდეთ რომ თქვენი რემინგტონ 870 არის გაუმჯობესებული კონსტრუქციის. სულ ამ მოდიფიკაციის შედეგად შეიცვალა სამი დეტალი (bolt, carrier, slide assembly).   

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თოფი 93 წელს არის გამოშვებული, რაციონალიზაციის კვალი მას უკვე ეტყობა. ასე მაგალითად ლულის ფიქსატორი ქანჩი, ფიქსირდება მჭიდის მილზე არა ზამბარიანი ბურთულათი არამედ კბილებიანი მჭიდის პლასტმასის ხუფით. თუმცა ლულაზე მიდუღებულ რგოლზე ნასვრეტი ბურთულასთვის მაინც შესრულებულია. დაფარვა ასევე არის პარკერიზაცია, რომელმაც შეცვალა მოსევადობის/ოქსიდირების მეთოდი. სამაგიეროდ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი ჯერ კიდევ არის მეტალის და არა პლასტმასის, როგორც ახალ მოდელებში. ასევე მაგალითად ექსტრაქტორი ჩემ თოფზე არის ფრეზირებული, ხოლო ახალ მოდელებზე ეს დეტალი დამზადებულია MIM ტექნოლოგიით. მე არ ვარ ამ ტექნოლოგიის წინააღმდეგი და ვთვლი რომ სწორად დამზადებული MIM დეტალს არ უნდა ქონდეს არანაირი პრობლემა.  დამაფიქრებელია, მხოლოდ ის, რომ მაღალი დონის 870-ის მოდელებზე ეს დეტალი წარმოების შეწყვეტამდე იყო მხოლოდ ფრეზირებულია.

remington870_extractor

რემინგტონ 870 ფრეზირებული ექსტრაქტორი და იგივე დეტალი დაზმადებული მეტალის ჩამოსხმის მეთოდით რომელიც ბევრად სწრაფია და ნაკლებ ხარჯიანი. 

მე ადრე უკვე დავწერე, რომ ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ების ხარისხი ძალიან დაეცა, განსაკუთრებულად ეს ეხება ყველაზე იაფ მოდელებს. მე ასევე მქონდა “ბედნიერება” ამაში თავად დავრწმუნებულიყავი, როდესაც შევიძინე სრულიად ახალი და საკმაოდ ძვირადღირებული Remington 870 Tactical. იარაღი პრაქტიკულად გამოტენილი იყო პრობლემებით და თუ ეს არ არის საკმარისი, ანალოგიური პრობლემების შესახებ ჩემთვის გახდა ცნობილი სხვა ადამიანისგან, რომელმაც ასევე იყიდა ახალი გამოშვების 870, თბილისში. ეს ყველაფერი მე კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ეს პრობლემა რეალურია და ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და არა ცალკეულ შემთხვევებთან. ამიტომ ცხადია, როდესაც მე აბსოლუტურად შემთხვევით, მომეცა საშუალება შემეძინა ძველი გამოშვების რემინგტონ 870, მე ერთ დღიანი ფიქრის შემდეგ მაინც გადავწყვიტე მისი ყიდვა, თუმცა არ ვგეგმავდი მორიგი პომპის არსენალში დამატებას.

თოფი რომელიც მე პრაქტიკულად შემთხვევით ჩამივარდა ხელში, არის 1993 წელს გამოშვებული Remington 870 Deer Pump. Deer pump ნიშნავს, რომ იარაღი აღჭურვილია შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობებით, 52-სმ-ნი ლულით (გაუმჯობესებული ცილინდრი) და 4 ვაზნიანი მჭიდით (მაგალითი ევოლუციის ახალი ფუნქციის შესაბამისად). ეს თოფი შეიქმნა ირმებზე სანადიროდ, აქიდან შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობებიც, რაც ხდის მას იდეალურ ბიუჯეტური თავდაცვით “პომპად”. თოფის წონა ოთხი ვაზნით 3.5 კგ. ლულის სიგრძე 51სმ, მთლიანი სიგრძე -103სმ, მანძილი კონდახის ბალიშიდან სასხლეტამდე 36 სმ.  ფურნიტურა ხის.

წარწერა რესივერზე ექსპრეს მაგნუმ და შესაბამისი დამღები ლულაზე, იწუყებიან რომ იარაღი გათვლილია 70 და 76მმ-ან მაგნუმ ვაზნებზე. სახელიდან გამომდინარე, ეს თოფი განკუთვნილია ირმებზე სანადიროდ და არსებობს 870-ის კიდე უფრო სპეციალიზირებული, იგივე დანიშნულების თოფი ხრახნი ლულით. ეს ვიწრო სპეციალიზირებული იარაღია, რომელიც გათვლილია ქვეკალიბრული ტყვიებით სროლაზე და ნებისმიერი სხვა ტიპის ვაზნების გამოყენება, როგორც წესი იძლევა ცუდ შედეგს პირველ რიგში სიზუსტის და ეფექტურობის მხრივ.   გავმეორდები ვსაუბრობ ეხლა თოფებზე გლუვი ლულით. ხრახნლულიანი 12 კალიბრიან თოფებს უნდა მაქსიმალურად აარიდოთ თავი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გჭირდებათ გლუვი იარაღი, რომლიდანაც აპირებთ მხოლოდ ქვეკალიბრული სლაგებით სროლას.

171747691_149411847111875_7261229820113316864_n171729096_762791631100046_4527901722799333766_n

ასეთი ტიპის სამიზნი მოწყობილობები არის must have თავდაცვით თოფზე, განსაკუთრებულად თუ მიჩვეული ხარ შაშხნაბიდან სროლას, ე.ი. ასეთი სამიზნი მოწყობილობების გამოყენებას.

თარაზო ადვილად რეგულირდება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია იარაღის  ზუსტად მისროლა, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ 76მმ-ნი სავანზიდან სლაგების სროლა იძლევა დიდ განსხვავებას მუხტის შეცვლისას (ჩემი დაკვირვებით) და როდესაც ნახავთ მუხტს, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს, გაასწორებთ სამიზნ მოწყობილობებს და მიიღებთ გონივრული დისტანციისთვის საკმაოდ ზუსტ იარაღს. სამიზნი მოწყობილობები რკინის არის და ძალიან მოსახერხებლებია.

მთლიანობაში თოფი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ თოფის ლულის არხი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და კარგი ხარისხის არის რაც მე მინახავს ამერიკულ თოფებზე. ასევე საინტერესოა, რომ თოფზე არ იყო გათვალისწინებული საღვედეები. სპეციალურად 870-თვის საღვედეები იყიდება ამერიკაში და ძვირი არ ღირს. საერთოდ მე რასაც ვატყობ, თუ ევროპაში საღვედეები პრაქტიკულად აუცილებელ ელემენტად ითვლება იარაღის, ამერიკაში ეს ასე არ არის.

დამღები და მათი განმარტება

ლულაზე შემდეგი დამღები გვაძლევენ მნიშვნელოვან ინფორმაციას

171309824_531662088223073_4532840280756489600_n

ეს დამღა გვეუბნება რომ ეს არის ე.წ. “მაგნუმ ლულა”, რომლის სავაზნე გათვლილია 70 და 76 მმ-ან ვაზნებზე. დამატებითუ განმარტება გვახსენებს რომ 76მმ-ნი “მაგნუმ” ვაზნების გამიყენება შესაძლებელია ამ ლულიდან თუ ის ჩაყენებულია თოფში “მაგნუმ” რესივერით.

170703653_442141596852739_2424384988975589340_n

დამღა მარცხენა მხარეს გვეუბნება რომ ლულას აქვს შევიწროება  “გაუმჯობესებული ცილინდრი” – “Improved Cylinder”.

172013076_198982401761552_5078482925820674814_n

ორ ასოიანი დამღა არის დაშიფრული გამოშვების თარიღი, ჩვენ შემთხვევაში XN სადაც X არის დეკემბერი ხოლო N 1993 წელი.

171642587_970755766797768_8969060954511189138_n

მაგნაფლუქსის (MPI) ტესტირების გავლის დამღა (სამკუთხედის ფორმის) და სავარაუდოთ შემოწმების დამღები

171515449_177528767541147_2638318655701008334_n

SAAMI-ს სტანდარტის შესაბამისად შესრულებული სავაზნე (1969 წლის შემდეგ).

 დამღები რესივერზე

171696987_284446816568021_6489798951797597480_n

მოდელი, რაც გვეუბნება რომ ეს არის ექსპრესი, მაგნუმ რესივერით

171816207_4200934806592013_2692251748147214545_n

სერიული ნომერი, რომელშიც დაშიფრულია იარაღის ტიპიც. სუფიქსი M = სრული ზომის 12 კალიბრის რესივერი გათვლილი ლულაზე 70 და 76მმ-ნი სავაზნით.

იარაღის ფურნიტურა დამზადებულია წიფელისგან. პირველივე თოფის “აგდება” და მივხვდი, რომ კონდახის სიმაღლე ზედმეტად დიდია ჩემთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ლაკი ხეზე იყო ალაგალად მოცვეთილი და აქერცლილი ხოლო კონდახის მარცხენა მხარეს იყო დათვის ლაზერული გრავირება, მე გადავწყვიტე ხის ფურნიტურის შეკეთება.  მოხდა კონდახის “დადაბლება”, ძველი ქარხნული ლაკის და გრავირების მოცილება, როგორც აცეტონით ასევე მექანიკური წესით. შემდგომ კონდახი გაპრიალდა, მოხდა მისი დაფერვა ყავის ხსნარით და უკვე შემდგომ ის გაიჟღინთა ზეთებით. წარმოუდგენელია, რამდენად კარგი შედეგის მიღება შეიძლება ხეზე მუშაობით თუ არ ჩქარობ და გაგაჩნია ყველაზე პრიმიტიული, თუნდაც თვითნაკეთი ინსტრუმენტები.

 

stock restoration 870

ხის ფურნიტურის აღდგენის ეტაპები. წიფელი არის ღია ფერის, რემინგტონში ამის გამო ამ დეტალებს ფარავდნენ სქელი ყავისფერი ლაკით, რომ დამსგავსებოდა კაკალს. ამიტომ საჭირო გახდა ზეთებით გაჟღინთვამდე, ხის დაფერვა ყავის ხსნარით, რამაც გამოაჩინა ტექსტურა და ფურნიტურამ მიიღო ბუნებრივი და ბევრად ლამაზი იერსახე. 

რემინგტონ 870 საკმაოდ ხანდაზმული თოფია, მაგრამ დღევანდელი სტანდარტებითაც ის მარტივი და ტექწოლოგიურია. მის დასაშლელად საჭიროა მოხსნად ქანჩი მილისებრ მჭიდზე და მოხსნათ ლულა. შემდეგ დააჭირეთ თითით ქვევიდან ვაზნის დამჭერს მრცხენა მხარეს, რაც მოგცემთ საშუალებას გაწიოთ ტიბჟირი წინ და ამოიღოთ საკეტი რესივერიდან. სულ ეს არის. აწყობისას, ჯერ უნდა დააჭიროთ მარჯვენა, შემდგომ მარცხენა ვაზნის დამჭერებს (რომლებიც რიგ-რიგონით მუშაობენ მჭიდიდან ვაზნის მიწოდებისას) რომ მისცეთ საკეტს, საკეტის ზოლურებს რესივერში შესვლის შესაძლებლობა. ეხლა ასეთი სიმარტივე აღითქმევა, როგორც მოცემულობა მაგრამ 50-ან წლებში, როდესაც დაიწყო 870-ის წარმოება, ეს იყო  ძალიან ინოვაციური.

rem 879 dssmb

დაშლილი რემინგტონ 870. სურათიდან კარგად ჩანს რატომ არის ეს თოფი ასეთი პოპულარული. ფლადის რესივერი, მარტივი და გამძლე ჩაკეტვის სქემა ვერტიალურ სიბრტყეში მოძრავი ერთი ბჯენით. იარაღი ადვილად იშლება წმენდისთვის და მომსახურებისთვის.

საკეტის მოხსნა/დაყენებისას ყურადღება მიაქციეთ, ეჟექტორს რომელიც დამაგრებულია რესივერის შიდა კედელზე. ეს არის ამ თოფის ყველაზე სუსტი წერტილი და მას მოფრთხილება ჭირდება. მისი დაზიანება ნიშნავს, რომ დაგჭირდებათ ახალი ეჟექტორი და ხელოსანი რომელიც შეძლებს მის დაყენებას მოქლონის (заклепка) საშუალებით. ასევე ყოველთვის კარგად გადაამოწმეთ, რომ ქანჩი რომლითა ფიქსირდება ლულა იყოს ბოლომდე გადაჭერილი.

კონსტრუქცია განვიხილეთ და გადავიდეთ სიზუსტეზე. თოფზე დაყენებული სამიზნი მოწყობილობების გათვალისწინებით, ყველზე ძალიან მაინტერესებდა გამერკვია ეამდენად კარგად ისვრის ეს იარაღის ტყვიას.

remtarget1

სამიზნი მოწყობილობები და ლულა გაუმჯობესებული ცილინდრის ტიპის შევიწროებით, მაძლევდა იმედს, რომ იარაღი აჩვენებდა კარ სიზუსტეს ტყვიით სროლისას. თოფმა იმედები არ გამიცრუა და 50 მეტრზე, BPS-ის წარმოებული ვაზნებით აჩვენა შთამბეჭდავი სიზუსტე. მიზეზი რის გამოც ორი ნახვრეტი არის ოვალური ჩემთვის უცნობია, სავარაუდიდ ტყვიას უკან პლასტმასის “პიჟი” მოყვებოდა, იმიტომ რომ ტყვიის აყირავების შემთხვევაში ასეთ სიზუსტეს ალბათ ვერ მივიღებდით.

remtartegt2

00 ტიპის კარტეჩით სროლისას 15 მეტრიდან ყველა მოხვედრა იყო აკუმულირებული სილუეტის ცენტრში. 24 გრამიანი 9 ნომერი საფანტის მუხტით სროლამ, დამარწმუნა რომ ეს იარაღი გამოდგებოდა მწყერზე ან ტყის ქათამზე სანადიროდ. ტყვიის მოხვედრები მრცხნივ და მარჯვნივ არის YAF-ის Turbo Action 33 გრამიანი სლაგით, რომლის ფორმა კოჭს წააგავს.  ეს მუხტი თოფს არ მოუხდა. 15 მეტრიდანაც კი ტყვია სამიზნეს ხვდებოდა ცერად. 50 მეტრიდან სილუტს ტყვიები მოხვდა მაგრამ გაფანტვა იყო ძალიან დიდი.

გაუმჯობესებული ცილინდრი საკმაოდ იშვიათად გვხვდება ეხლა იმ “პომპებში”, რომლებიც იყიდება ეხლა საქართველოში, შევიწროების ეს ტიპი არ გიშლის ხელს ტყვიით სროლაში, ამავე დროს გაძლევს საშუალებას ეფექტურად გამოიყენო კარტეჩი და ინადირო კიდევაც ასეთი თოფით იქ სადაც საჭიროა საფანტით სროლა ახლო მანძილზე.

რემინგტონი არ იქნებოდა რემინგტონი, რომ ყველაფერს თავიდანვე ემუშავა უნაკლოდ. აღმოჩნდა, რომ ამ თოფზეც არის ტრადიციული რემინგტონ 870-თვის პრობლემა, ვიწრო სავაზნე. მართალია ვაზნები არ გაჭედილა სავაზნეში, მაგრამ ხანდახან აშკაარდ საჭირო იყო მეტი ძალა რომ საკეტი გახსნილიყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თოფს აქვს საკმაოდ მკრივი რეზინის ბალიში კონდახზე, რის გამოც განსაკუთრებით BPS-ის 29 გრამიანი სლაგების სროლა იყო აუტანელი, ხისტი უკუცემის გამო. YAF-ის ასევე 29 გრამიანი SpeedSlug-ები აშკარად უფრო კომფორტული იყო სასროლად.

რა შეიძლება დაიწეროს დასკვნის სახით? ბიუჯეტური 870-ები ანუ ექსპრეს მაგნუმი და მისი მოდიფიკაციები, არიან თოფები, რომლებსაც დიდი ალბათობით დაჭირდება მინიმუმ მცირე ხელის შევლება.  თუ ხართ 870-ის ფანი, იყიდეთ თუ იშოვით “ვინგმასტერები” ან “პოლის მაგუმები”, უკანასკნელი პრაქტიკულად “ვინგმასტერის” ნაირსახოებაა. ეს თოფები მზადდება გაცილებით მეტი ყუარადღებით და უკეთესი ხარისხის არიან. ჩემთვის 870 ყოველთვის იქნება კლასიკური ამერიკული იარაღი, მათ შორის ისეთი ამერიკული კლასიკა, რომელსაც ოდნავ გადაჭარბებული რეპუტაცია აქვს,  როგორც ბევრ სხვა კლასიკურ და საკულტო ამერიკულ იარაღს.

 

171704431_3034249380132063_541082305720060372_n

 

Remington-ის ნახევრად ავტომატური შაშხანები “Woodsmaster”.

Friday, March 26th, 2021

740n_p15

რამდენიმე დღის წინ მე მქონდა შესაძლებლობა ძალიან ახლოს გამეცნო Remington 750 Woodsmaster-ი. ვინც არ იცით, ეს არის ნახევრადავტომატური შაშხანა, რომლის ისტორია ჯერ კიდევ 50-ან წლებში დაიწყო და დასრულდა 2015-ში, როდესაც რემინგტონმა შეწყვიტა მისი წარმოება. უნდა აღვნიშნო, რომ რომ ამ ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი (მოდელები 740, 742 და 7400) მაინც და მაინც დიდი პოპულარობით, ყოველ შემთხვევაში ამერიკის გარეთ არ სარგებლობდნენ. იუთუბზე ძალიან ცოტა ვიდეო არის ამ ტიპის იარაღებზე, მუხედავად იმისა, რომ პრინციპში იარაღების ეს ოჯახი არის საკმაოდ მცირერიცხოვანი, ვგულისხმობ რა თქმა უნდა წმინდა სანადირო ნახევრად ავტომატურ შაშხანებს. თავისთავად ცხადია მე დამაინტერესა, რატომ ლაპარაკობენ ასე ცოტას იარაღებზე რომელიც მინიმალური ცვლილებებით 60 წელზე მეტი გამოდის და თანაც ასეთ ცნობილ სახელს ატარებს. სულ მალე მე აღმოვაჩინე, რომ ნომერ პირველი პრობლემა, რომელსაც აწყდებით ამ იარაღზე ინფორმაციის ძიებისას, გახლავთ ის, რომ ეს იარაღები როგორც ჩანს არ გამოირჩევიან საიედოობით,  თვისებით, რომელიც ჩემი აზრით არის კრიტიკული, მათ შორის კრიტიკული ნებისმიერი დანიშნულების ცენტრალური აალების შაშხანისთვის.  ამავე დროს ჩემი გამოცდილებით, დიდი მწარმოებელი იშვიათად უშვებს 60 წელ ნედლ იარაღს, რომელიც უბრალოდ ცუდი კონსტრუქციის არის. ასეთი რამეები შეიძლება მოუვიდეს პატარა/დამწყებ კომპანიებს, მაგრამ ამერიკის უძველესი და უმსხვილესი იარაღების მწარმოებელი 60 წელი არ გამოუშვებდა ცუდი კონსტრუქციის მქონე იარაღს, ესეიგი საქმე არა ზოგადად ცუდ კონსტრუციაშია, არამედ , როგორც წესი რამე ერთ ფაქტორში, რომელიც ხელს უშლის იარაღს იმუშაოს ისე როგორც საჭიროა. თანაც რემინგტონს დაჭირდა 11 წელი ამ იარაღის შესაქმნელად. მე მაინტერესებდა რაში იყო საქმე და   გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა და თანხაც გამოყოფილი ამ იარაღის შესაძენად.

“ვუდსმასტერის” კონსტრუქციას, რომ შევხედოთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ის განიცდიდა მეტ წილად მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს და მცირე ცვლილებებს კონსტრუქციაში. ამ  ოჯახის პირველი წარმომადგენელი, მოდელი 740 წავიდა სერიაში 1955 წელს ხოლო ამ ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენლის, მოდელი 750-ის წარმოება შეწყდა 2015-ში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება და შეიცვალა საკეტის თავის კონსტრუქცია დაწყებული მოდელი 7400-დან. 19 პატარა საბრძოლო ბჯენი შეიცვალა შედარებით უფრო მასიური 4 საბრძოლო ბჯენებიან კონსტრუქციაზე, ეს არის და ეს. დაანრჩენში ეს იარაღები მეტ წილად იდენტურია, მათ შორის მოდიფიკაციებით. მხოლოდ ვარიანტები გრძელი 22 ინჩიანი და მოკლე 18 1/2 ინჩიანი ლულებით (კარაბინი). ცხადია ამდენი წლის განამვლობაში შესრულებების ვარიანტები მრავალია ისევე როგორც სხვადასხვა შეზღუდული სერიის და საიუბილეო მოდელები. ფურნიტურა ძირითადად ორი ვარიანტის იყო,  კაკლის ხის და 1998 წლიდან პლასტმასის, მაგრამ გამოდიოდენს “ვუდსმასტერები” ასევე ლამინირებული ფურნიტურით. შესრულებების ინდექსები იყო ტრადიცული რემინგტონის იარაღებისთვის: A – სტანდარტული შესრულება, ADL – “დე ლუქს” შესრულება, BDL – “დე ლუქს განსაკუთრებული”, C, CDL და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში ეს გრეიდები მოდლიდან მოდელამდე იცვლებოდა ისევე როგორც კონკრეტული გრეიდით შესრულებული მოდელის დასახელებებიც, მაგრამ ძირითადი მოდელებია 740, 742, 7400 და 750.

rem7X

742-მა შეცვალა 740 1960 წელს, 7400 წარმოება დაიწყო 80-ან წლებში, ხოლო 750-ის 2006 წელს.

უნდა ვივარაუდო. რომ საქართველოში ხელმისწვდომია მხოლოდ მოდელი 750, რომელიც მე შემხვედრია ადრეც. “ვუდსმასტერი” უფრო ადრინდელი მოდელები არ მინახავს, მაგრამ შეიძლება დიდი ყურადღებასაც არ ვაქცევდი მათ და ამიტომ არ შემიმჩნევია. ეს იარაღები გამოდიოდნენ ბევრ კალიბრში, მაგრამ ჩვენთან ყველაზე გავრცელებული წესით უნდა იყოს .308 Win, როგორც ეს კონკრეტული შაშხანა, რომელიც მე შევიძინე. რაც დანანმდვილებით ვიცი, ამ იარაღებს რემინგტონი არ უშვებდა მაგნუმ კალიბრებში.

იარაღის კონსტრუქციის ავტორი იყო ლ. რეი კრიტენდონი. კონსტრუირების საწყისი წერტილი იყო რემინგტონის 28 კალიბრის გლუვლულიანი თოფი 11-48, აქიდან “ვუდსმასტერის” თვალში საცემი ვიზუალური და კოსნტრუქციული მსგავსება ტიპიურ ნახევრად-ავტომატურ სანადირო თოფთან. ახალი ნახევრად-ავტომატის და მისი ტყუფისცალი “პომპის” შექმნა პარალელურად მიმდინარეობდა.

გადატენვისთვის ეს იარაღები იყენებენ დენთის აირების ენერგიას ხოლო საკეტი ამ იარაღებში იკეტება ბრუნვით და პირდაპირ ლულაზე განლაგებულ კილოებში, რაც დღემდე მიღებული პრაქტიკაა. დენთის აირების სისტემა განლაგებულია ლულის ქვეშ და რბილად რომ ვთქვათ განსხვავდება ყველაფრისგან, რაც მე აქამდე მქონდა ნანახი. დგუშის როლს ასრულებს მასიური დეტალი, რომელიც ზევით-ქვევით ქანაობს და პინით დამაგრებულია ორ მიმმართველზე, რომლებიც ასრულებენ დგუშის ღერძის როლს. დენთის აირების კამერა, კვადრატული ფორმის მიდუღებულია ლულაზე, ხოლო აირების გამოსასვლელი არის მეტალის მოკლე მილაკი დამაგრებული კამერაში ერთი პატარა ხრახნით. დგუშის შორის, ლულის ქვეშ განლაგებულია დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი. ეს მაგონებს გარანდის/M14-ის კონსტრუქციას.  დგუშის ღერძები დაკავშირებულია საკეტთან, რაც ტექნიკურად ალბათ ამ სისტემას აქცევს დგუშის გრძელ სვლიან სისტემად, რახან პირობითი დგუში, გადის იგივე მანძილს რაც საკეტი.

20210323_150630

ასე გამოიყურება დენთის აირების სისტემა. დგუში არის გადატიხრული მეტალის ნახევრად ცილინდრი. ეს ტიხარი იღებს დენთის აირების დარტყმას და უზრუნველყოფს საკტის მოძრაობას. “რემინგტონში” ამ სისტემას დაარქვეს “power-matic”. 

20210323_152121

დენთის აირების ბლოკი თავისი მილაკით. მინიმალისტური, მარტივი კონსტრუქცია.

დღევანდელი სტანდარტებით, ეს სისტემა უცნაურდ გამოიყურება, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ეს სისტემა რეალურად 50-ანი წლებიდან არის, როდესაც ამერიკაში გარანდის შაშხანა განიხილებოდა, როგორც ტექნოლოგიური საოცრება, ხოლო რემინგტონის წინა თაობის ნახევრად-ავტომატური იარაღი საერთოდ იყენებდა სქემას მოძრავი ლულით და ბევრად უფრო რთული და შესაბამისად ძვირი იყო დამზადებაში. ამიტომ 50-ნი წლების სტანდარტით ეს სქემა იყო ალბათ ფუნქციონალური პრიმიტივიზმის ნიმუში. მარტივი, ადვილად დასამზადებელი დეტალებისგან შემდგარი კონსტრუქცია. ამის შედეგად წარმოების მხოლოდ 2 წელში, “რემინგტონმა” უფრო მეტი “ვუდსმასტერი” გამოუშვა, ვიდრე მისი წინადმორბედი “რემინგტონ 8″ და “81″ 44 წლის განმავლობაში!

ასევე ერთი შეხედვა ამ იარაღზე საკმარისია, რომ მიხვდე: რემინგტონს უნდოდა ნახევრად-ავტომატი, რომელსაც ექნებოდა ისეთივე იარაღის სახელმძღვანელო, როგორც მის პომპებს და ნახევრად ავტომატურ თოფებს. რესივერი, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, კონდახი პრაქტიკულად არ განსხვავდება რემინგტონ 870-სგან. თავისთავად ცხადია, რომ აქ არ გამოდგებოდა გლუვლულიან იარაღში, ლულის რესივერში ფიქსაციის მეთოდი, ამიტომ ლულის ქანჩი აქ პირდაპირ ამაგრებს ლულას რესივერში და გნალგებულია რესივერის წინ, ლულის ქვეშ, დგუშის “ღერძებს” შორის. იარაღის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, აბსოლუტურად კრიტიკულია, რომ ეს ქანჩი იყოს კარგად გადაჭერილი.

20210325_122402

Remington 750 და Remington 870.  აშკარად ჩანს, რემინგტონის მცდელობა ორი მოდელის მაქსიმალური უნიფიკაციის რაც მიანც და მაინც ცუდი არ არის მომხმარებლის თვალსაზრისით. იდენტური იარაღის სახელმძღვანელო და ერგონომიკა ნიშნავს რომ თუ მიეჩვიე ერთს, ეგრევე შეძლებ მეორის გამოყენებასაც.

7600

მსგავსება “პომპასთან” იმდენად აშკარაა, რომ მე არ გამიკვირდა, რომ “რემინგტონი” უშვებდა შაშხანას პომპის მექანიზმით, მოდელ 7600-ს. 

“რემინტონის” შაშხანის ასეთი კონსტრუქცია, განაპირობებს იმას, რომ იმისთვის, რომ ამოიღოთ საკეტი, უნდა მოხსნათ ლულის ქანჩი, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ არის დამაგრებული და თანაც ქარხანაში დაფიქისრებულია ლოქტაიტით, შემდეგ მოხსნათ ლულა. მე ვერ მივხვდი როგორ მივუდგე ამ ქანჩს, სპეც. ინსტრუმენტის გარეშე ისე, რომ არ გავრისკო დგუშის “ღერძების” დაზიანება, ეს ღერძები თხელი მეტალის ფირფიტებია და ერთი მოუხერხებელი მოძრაობა და იარაღი შეიძლება დაზიანდეს. ასეთი რამე დღევანდელი სტანდარტებით, უკვე მიუღებელია, ითვლება, რომ იარაღი ადვილად და ინსტრუმენტების გარეშე უნდა იშლებოდეს ხოლო აქ რეალურად ყველაზე დაბინძურებულ ადგილებს ვერც მიუდგები, თუ ჯერ არ მოხსენი ხრახნი რომელიც ამაგრებს ტიბჟირს, შემდეგ არ ამოაგდე პინი, რომელიც აფიქსირებს დამაბრუნებელი ზამბარის ღერძს დენთის აირების ბლოკზე და უკვე შემდგომ, სპეციალური ინსტრუმენტით არ მოხსენით ლულის ქანჩი, რომლის მოხსნაც მე პირადად ვერ გავბედე. ამის მერეც ყველაფერი არ მთავრდება.  საკეტი რომ ამოიღოთ, უნდა მოხსნათ საკეტის სახელური, დამაგრებული საკეტის მატარებელზე  პატარა პინით, რომელსაც რომ მიუდგეთ დაგჭირდებათ, გამადიდებელი შუშა რომ ჯერ ის იპოვოთ. სხვანაირად უბრალოდ ვერ მიხვდებით სად გამოიყენოთ პანჩი, რომ ის პინი ამოაგდოთ. მოკლედ ამდენი სიტყვების წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით, რომ “ვუდსმასტერის” დაშლა სერიოზული თავის ტკივილია. რემინგტონში ეს ესმოდათ და ჭრილი რესივერში სადაც მოძრაობს საკეტი აღჭურვეს თხელი მოძრავი ფირფიტით, რომელიც იცავს რესივერს შიგნით უცხო სხეულების მოხვედრისგან. ობიექტურად, რომ მოხსნათ იარაღს მჭიდი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული, შესაძლებელია რესივერის და საკეტის ასე თუ ისე გაწმენდა, საკეტის მოხსნის გარეშე. რომ არა ლულის ქანჩის კონსტრუქცია მოდელ 750-ში (ადრინდელ მოდელებში ის სხვა კონსტრუქციის და უფრო ადვილად მოსახსნელი იყო) და მიკროსკოპული პინი, რომელიც იჭერს საკეტის სახელურს, მე ვიტყოდი, რომ ეს იარაღი ადვილი დასაშლელია. მაგრამ გავმეორდები, 50-ნი წლებისთვის, რაციონალური კონსტრუქცია, ტექნოლოგიურობა და სიმარტივე მართლა მაღალ დონეზეა და ვიღაცამ “რემინგტონში” საშინაო დავალება მაინც კარგად შეასრულა.

20210323_151512

ხედი რესივერის ქვევიდან. კარგად ჩანს საკეტის მატარებელი, საკეტი, დამრტყმელი, ჭრილი საკეტში რომელიც უზრუნველყოფს მის ბრუნვას, საბრძოლო ბჯენები და ჭუჭყისგან დამცავი ფირფიტა, რომელიც საკეტთან ერთად მოძრაობს.  რესივერი ფოლადის არის და შესაძლებელია მასზე ოპტიკის სამაგრის დაყენება. სხვათაშორის საკეტის თავი წინიდან ძალიან გავს რემინგტონ 700-ის ანალოგიურ დეტალს, ეჟექტორის კონსტრუქციაც ანალოგიურია.

“ვუდსმასტერის” კონსტრუქციის პლიუსებს განეკუთვნება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც შესრულებულია ერთ მოდულად და მაგრდება რესივერში ორი პინით. მასზევე განლაგებულია მჭიდის საკეტელაც, რომელიც არც თუ ისე მოსახერხებელია და არც თუ ისე გამართულად მუშაობს. ხანდახან ის უბრალოდ იჭედება და მჭიდს ვერ ხსნი. ასევე დღევანდელი სტანდარტებით უჩვეულო გადაწყვეტილებაა, საკეტის შემაკავებლის განლაგება მჭიდზევე. სტანდარტული ტევადობის მჭიდები (4 ვაზნა) ამ მოწყობილობით აღჭურვილია, გაზრდილი ტევადობის (10 ვაზნა) აღარ. მცველი, ასევე არის განლაგებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზის კორპუსზე და წარმოადგენს გაყრილ ღილაკს, ისიც იდენტურია მაგალითად რემინგტონ 870-ზე გამოყენებული ანალოგიური დეტალის.

750 trigger

7400-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. ის იდენტურია ანალოგიური დეტალის ბევრ სანადირო ნახევრად-ავტომატში და “პომპაში”.  წინა ნაწილში განლაგებულია ძალიან პატარა ზომის და საკმაოდ მოუხერხებელი მჭიდის საკეტელა. მცველის ღილაკი სასხლეტის უკან არის განლაგებული. 

მიუხედავად უცნაური კონსტრუქციისა, აქამდე მე ვერ აღმოვაჩინე რამე რაც მეტყოდა, რომ აი ამის გამო ეს იარაღები სარგებლობენ ასეთი არასაიმედო იარაღის რეპუტაციით. როგორც უკვე ხვდებით, პრობლემების წყარო იმალება მჭიდში. პირველი რაც მე შევამჩნიე იყო ის, რომ მჭიდზე არ იყო მარკირებები, არა და ეს იარაღი ბევრ კალიბრში გამოდის, მათ შორის გრძელ და მოკლე საკეტიანი ჯგუფებით. აღმოჩნდა, რომ მჭიდი ერთი ზომის არის ყველასთვის. .308 კალიბრის ვაზნების ჩალაგებისას მე პირველ რიგში გავიფიქრე რომ ეს სხვა იარაღის მჭიდია, იმდენად დიდი ადგილი იყო შიგნით. გარდა ამისა, მჭიდის კორპუსი იყო ძალიან თხელი მეტალისგან დამზადებული. სიმართლე გითხრათ  ასეთი დაბალი ხარისხის მჭიდი მე არ მინახვას მას მერე რაც 10 ვაზნიანი .223 კალიბრის გამჭირვალე DPMS-ის მჭიდი მზეზე დებისგან გახურდა და ისე დარბილდა, რომ  ზამბარამ გარეთ ამოყარა ვაზნები.  მარტივმა ფუნქციონალურმა შემოწმებამ ეგრევე აჩვენა, რომ მჭიდი დეფექტურია, ვაზნები შიგნით უბრალოდ არ ჩერდებოდა და ზამბარას ძალა არ ყოფნიდა რომ ვაზნა აეწია მიწოდების ხაზზე.  ყველაფერი, რაც შეიძლება ცუდი კონსტრუქციის  მჭიდს ჭირდეს, იყო წარმოდგენილი ამ იარაღის 10 ვაზნიან მჭიდში.   არასაიმედო ხუფის ფიქსაცია, თხელი კედლები, სუსტი ზამბარა, მიმწოდებელი რომელიც ადვილად იბრიცებოდა. მჭიდი არის კრიტიკული ნაწილი ნახევრად ავტომატურ იარაღში. ხოლო ასეთი მჭიდით იარაღი უბრალოდ ვერ იმუშავებს.  კვების ცუდი მექანიზმი, გართულებული დაშლა/აწყობა და მიიღებთ იარაღს, რომლის წარმატებული ექსპლუატაცია შეუძლია მსროლელების შედარებით მცირე ჯგუფს, ვინც: ა) მოუვლიან ამ იარაღს და უზრუნველყოფენ მის სრულ ტექნიკურ გამართულობას ბ) უზრუნველყოფენ ფაქიზი მჭიდების სწორ ექსპლუატაციას. რატომ უნდა იტკიო ამაზე თავი? პირველ რიგში იმიტომ, რომ “ვუდსმასტერი” ერგონომიული თვალსაზრისით მართლა კარგი სანადირო იარაღია. ის მოსახერხებელი, თხელი და მსუბუქია. ასეთი იარაღები მონადირეებს უყვართ. მეორე რიგში ის ხელმისაწვდომია. ის უფრო იაფი ღირდა ვიდრე პრაქტიკულად ნებისმიერი მისი ანალოგი. ამერიკაში,  მეორადი “ვუდსმასტერი” შეიძლება იშოვო 300-400 დოლარად, იდეალურ მდგომარეობაში. ასეთი დაბალი ფასი განპირობებულია იმით, რომ ჯამში გამოშვებულია 2.5 მილიონი “ვუდსამასტერი”!

20210323_220415 (1)

მჭიდს ეტყობა რომ გაძვრა ხუფი, რომელიც პერმანენტულად დამაგრებულია მჭიდის კორპუსზე და წინა პატრონმა, როგორც შეეძლო ის დაამაგრა მომძვრალი ხუფი. ერთ ადამიანმა მომიყვა რომ ეს ახალი მჭიდი ეგრევე დაიშალა, როგორც კი ის ამოიღო შეფუთვიდან. 

იყო რემინგტონი ინოვაციური? უდაოდ იყო. ის შეიქმნა 12 წლით ადრე ვიდრე ჯონ ბრაუნინგის შვილიშვილის ბრიუს უორენ ბრაუნნგის მიერ შექმნილი Browning BAR, იარაღი, რომელიც ბევრისთვის დღემდე არის სანადირო ნახევრად-ავტომატური შაშხანის იდეალი. მან ასევე დაასწრო ვინჩესტერ მოდელ 100-ს, რომლის წარმოება დაიწყო 1961 წელს და 70-ან წლებამდე გრძელდებოდა. მოწონებას ასევე იმსახურებს მარტივი, ტექნოლოგიური კონსტრუქცია (მართალია 50-ნი წლებისთის), უნიფიკაცია სანადირო თოფებთან, მცირე მასა (3.4 კგ), ლაკონური/მინიმალისტური დიზაინი, მაგრამ ეს თოფი მორალურად მოძველდა 90-ნი და 2000-ნი წლებისთვის,  როგორც ჩანს მჭიდის დახვეწას დრო არ დაეთმო, რაც უცნაურია იმის ფონზე, რომ მოდელიდან მოდელამდე მჭიდის კონსტრუქციაც იცვლებოდა, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში “რეინგოტნში” ვერ შეძლეს საიმედო კონსტრუქციის მჭიდის შექმნა “ვუდსმასტერისთვის”.  რის გამოც იარაღი, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი 60 წელია უშვებდა, დარჩა მეტ წილად შეუმჩნეველი და აღიარების გარეშე. მე ბევრი იარაღი, შემიძლია დავასახელო, რომელიც აღიარების გარეშეც დიდი რაოდენობით იყიდებოდნენ და მრავალი წელი გამოდიოდნენ მაგრამ აქ არის ერთი დიდი განსხვავება, თუნდაც რუგერის P სერიის პისტოლეტები, რომლებზეც მიუხედავად გამოშვებული რაოდენობისა არ წერდნენ სტატიებს და არ იღებდნენ კინოებში, გამოირჩეოდნენ რესურსით და საიმედოობით, რასაც როგორც მე ვატყობ ვერ იტყვი რემინტონის ამ შაშხანებზე. თუმცა იმ ცოტა ვიდეოს კომენტარებში რაც “იუთუბზეა” მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც წერენ, რომ ისინი ან მათი მამები და ბაბუები წლები და ათწლეულები ნადირობდნენ ამ იარაღებით.

სიზუსტეზე ვერაფერს ვერ დავწერ, იმიტომ რომ ამ იარაღიდან სროლა ვერ მოვახერხე, ნაწილობრივ უამინდობის და ნაწილობრივ იმის გამო, რომ იარაღის მჭიდი იყო მწყობრიდან გამოსული და ვერ აწვდიდა ვაზნებს მიწოდების ხაზზე. ნაწილობრივ იმითაც, რომ გული მქონდა დაწყვეტილი, რომ სრულ მის რესტავრაციას ვერ მოვახერხებდი საკუთარი ძალებით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ იარაღის სიზუსტე იქნება აბსოლუტურად საკმარისი ტყეში სანადიროდ, სადაც სროლის მანძილი იშვიათად აღემატება 100-150 მეტრს. ის ასევე არ არის high-speed low-drag ტაქტიკური იარაღი, მინიატურული მჭიდის ღილაკი, სასაცილოდ პატარა საკეტის სახელური, არანაირად ხელს არ უწყობს მჭიდების სწრაფ გამოცვლას და გადატენვებს. ეს არის ტყის იარაღი, სადაც ადამიანი ერთ გასვლაზე 4-5 ვაზნას ისვრის და დროის დიდი ნაწილი სეირნობს ტყეში. ის არის კლასიკური, თუ გნებავთ ძველი სკოლის სანადირო იარაღი, ქარაქტერით და ისტორიით. ეს არის და ეს.

თქვენ ალბათ შეამჩნევდით სურათებიდან, რომ იარაღზე ზედპირული კოროზიის ნიშნებია. საქმე იმაშია, რომ ეს იარაღი, რაღაც პერიოდი სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ჩემი ნება, რომ იყოს სახელმწიფოს გატეხილ ჭიქასაც არ ვანდობდი. ამ შაშხანასაც არ გაუმართლა და არასათანადო შენახვისას ის ნელ-ნელა ხდებოდა კოროზიის მსხვერპლი. მისი სრული აღდგენის უშედეგო მცდელობის შემდეგ მე მივხვდი, რომ  აღარ მინდოდა დროის და ფულის ხარჯვა ამ იარაღზე, ამიტომ ის გადავეცი სხვა ადამიანს, თუმცა თავიდან სხვა გეგმები მქონდა. რეალობაში აღმოჩნდა, რომ სახლის პირობებში ასეთი იარაღის აღდგენა იყო შეუძლებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში დაფარვის აღდგენას. მოუგვარებელი იყო ასევე მჭიდის საკითხიც, ასე, რომ გადავწყვიტე ეს წარუმატებლობის მწარე აბი გადამეყლაპა და მოძრაობა გამეგრძელებინა.  შეცდომის ფასი? ზუსტად 1000 ლარი რომელიც მე ვიზარალე. შესაბამისად ამ სტატიის ღირებულება, რომელსაც თქვენ ეხლა კითხულობთ,  1000 ლარია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ასეთი ზარალი იშვიათია, უმეტეს წილად იარაღიდან იარაღამდე დანაკარგი არ აღემატება რამდენიმე ასეულ ლარს. რას გააკეთებ? მათ შორის ხანდახან ოთხნიშნა თანხების გადახდაა საჭირო, რაღაცაში მართლა რომ გაერკვიო. აქვე ყველა მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სახელმწიფოს მიერ გასაყიდად გამოტანილი ქონება, ამ შემთხვევაში იარაღი, არის უკეთეს შემთხვევაში სარემონტო, უარეს შემთხვევაში სახიფათო მომხმარებლისთვის, მიუხედავად ამისა წლებია გრძელდება ასეთი იარაღებით ვაჭრობა, ელექტონულ აქუციონზე და საცალო გაყიდვების მაღაზიათა ქსელში. ასევე გვიან მოვიდა ჩემთან გააზრება, რომ სხვისთვის წართმეული ქონების გამოსყიდვა მე მაინც და მაინც არ მხიბლავს. მოკლედ ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე, გაკვეთილი ათვისებულ იქნა და თქვენც ამის შესახებ მოგიყევით.  იმედს ვიტოვებ ამ იარაღის ახალი პატრონი მიანდობს აღდგენის საქმეს პროფესიონალებს და ეს იარაღი მას დიდიხანი მოემსახურება. ასევე მე მომეცა საშუალება ახლოდან მენახა საკმაოდ საინტერესო და ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ საკმაოდ იშციათი იარაღიც და შემდგომ ამის შესახებ თქვენთვის მეამბა.

ავი და ზუსტი – Savage A17

Saturday, December 5th, 2020

ერთადერთი გზა გააუმჯობესო ტრაექტორია, თუ შეზღუდული ხარ მასრის ზომებით და იარაღის კონსტრუქციით, არის რა თქმა უნდა ჭურვის კალიბრის და მასის შემცირება. გარკვეულ მანძილზე ეს მოგცემს უფრო დაფენილ ტრაექტორიას მაგრამ ფიზიკის კანონებს მაინც ვერ გაექცევი და მსუბუქი ჭურვი მალე დაკარგავს ენერგიას და რაღაც ნიშნულის შემდეგ დაიწყებს სწრაფ ვარდნას. ასეთი სწრაფი ტყვია ასევე ცოტათი მეტ ხანს იფრენს ზებგერითი სიჩქარით, რაც ნიშნავს, რომ სტაბილური სიზუსტე ცოტათი უფრო დიდ მანძილზე იქნება შენარჩუნებული. სანამ ამ კონცეფციით შექმნილი სერიული წარმოების .17 კალიბრის წრიული აალების ახალი კალიბრები შეიქმნებოდა  ცალკეული ენთუზიასტები უკვე ექსპერიმენტირებდნენ .22 კალიბრის წრიული აალების მასრებთან, რომლებსაც უვიწროებდნენ ყელს, სადაც ათავსებდნენ 4.5 მმ კალიბრის ტყვიას. ასე ისინი იღებდნენ დაახლოებით იგივე შედეგებს, რაც ბრწყინვალე მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის მქონე რემინგტონის 5mm RRM, რომელიც სულ რამდენიმე წელი გამოდიოდა 70-ნი წლების დასაწყისში. უფრო სწორად რამდენიმე წელი გამოდიოდა ამ კალიბრზე გათვლილი რემინგტონის მოდელ 591 და 592 შაშხანები. ხოლო 8მმ-ნი ვაზნები იწარმოებოდა 80-ნი წლების ბოლომდე, უბრალოდ ნომინალური 5 მმ-ნი კალიბრი იყო იშვიათობა, ლულების და იარაღის წარმოება ასეთ კალიბრზე იყო პრობლემური და რემინგტონის მაგნუმმა ფეხი ვერ მოიკიდა.

საბოლოო ჯამში,  ტყვიაწამლის მსხვილმა ამერიკულმა მწარმოებელმა “ხორნადიმ”, 2000-ნი წლების დასაწყისში გამოუშვა ორი ახალი წრიული აალების 4.5 მმ-ნი კალიბრი. .17 Mach 2 იყო სხვა არაფერი თუ არა .22lr-ის მასრა შევიწროებული ყელით და 4.5 მმ-ნი ტყვიით.  მეორე, წოდებული .17 Hornady Magnum Rimfire (4.5×27mmR) იგივე რეცეპტით დამზადებული იყო, უბრალოდ ამჯერად ბაზად აღებული იყო .22WMR-ის უფრო დიდი მასრა. Hornady-ს, Ruger-ის და Marlin-ის ჩანაფიქრი იყო, შეექმნათ უფრო ეფექტური ვიდრე .22WMR კალიბრი, ნაკლები უკუცემით, უკეთესი ტრაექტორიით, რომლის დამზადება იქნებოდა ადვილი და ვაზნის ფასიც არ იქნებოდა დიდი. ამავე დროს დენთის მუხტის წვისას წარმოშობილი წნევა არ უნდა ყოფილიყო უფრო დიდი ვიდრე .22WMR-ში. შეგახსენებთ 50-ანი წლების ბოლოს გამოშვებული .22WMR იყო პირველი, უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, კომერციულად წარმატებული ახალი წრიული აალების კალიბრი. წამოწყება განწირული იყო წარმატებისთვის, იმიტომ, რომ ორივე ახალი კალიბრი იყენებდა უკვე არსებულს მასრას, რაც ნიშნავდა, რომ მინიმალური ცვლილებები იქნებოდა საჭირო, რომ უკვე წარმოებაში არსებული იარაღების ადაპტირება მომხდარიყო ახალ კალიბრებზე. არც 4.5მმ კალიბრის ტყვიების და ლულების წარმოება არ უნდა ყოფილიყო დიდი პრობლემა.

.17HMR-ის ტიპიური მუხტები იყენებენ 17-20 გრანიან გარსით დაფარულ ტყვიას. გარსი არის სრულფასოვანი რბილი მეტალის და არა “დაფარვა”, როგორც მაღალი სისწრაფის .22LR-ში.  ტყვიის საწყისი სიჩქარე ვარირებს 720-დან 820 მ/წ-მდე რაც ფრიად შთამბეჭდავი სიჩქარეებია. ამის წყალობით ამ კალიბრის ეფექტური გამოყნება შესაძლებელია 200 მეტრამდე მანძილზე რაც ბევრად აღემატება ყველაზე ცხელ .22LR კალიბრის შესაძლებლობებს და უკეთესია ვიდრე .22WMR.

076014-cci-17-hmr-v-max-500-rnds-polymer-tipped-157300

.17HMR კალიბრის მუხტი, V-max ტიპის ტყვიით. ყურადღებას იქცევს არაპროპორციულად დიდი პლასტმასის წვერი. ასეთი ტყვია წინაღობაში მოხვედრისას მომენტალურად ფრაგმენტირდება. ტყვია საკმაოდ რბილია და ადვილად “ტყდება” საკმარისია ოდნავ მოუჭიროთ ტყვიას თავი, რაც მაღალ სიჩქარესთან ერთად, ხელს უწყობს აგრესიულ ფრაგმენტაციას. ამის გამო ზედმეტი შეღწევის და რიკოშეტის რისკი დაბალია, რაც გამოარჩევს ამ კალიბრს სხვა წრიული აალების სხვა კალიბრებისგან. “ნავის კუდის” ტიპის ტყვიის ფორმა უზრუნველყოფს კარგ ბალისტიკას. 

როგორც აღვნიშნე, ახალი ვაზნები ზომებით არ აღემატებოდნენ თავის წინადმორბედებს, რის გამოც უკვე არსებული კონსტრუქციის იარაღების ადაპტირება ახალ კალიბრზე არ უნდა ყოფილიყო დიდი პრობლემა.  პრობლემები დაიწყო, როდესაც მწარმოებლებმა ცადეს ამ კალიბრზე ნახევრად-ავტომატური იარაღების წარმოება. შეგახსენებთ, რომ ტიპიური ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღი იყენებს თავისუფალ საკეტს, რაც ნიშნავს, რომ ერთადერთი რაც მას იჭერს დაკეტილ მდგომარეობაში არის დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც მას აწვება და თვითონ საკეტის მასა. ეს სქემა კარგად მუშაობდა აქამდე პრაქტიკულად ნებისმიერ წრიული აალების ვაზნასთან, მაგრამ .17HMR-ის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მასრის სიმტკიცე არ არის საკმარისი, რომ თავისუფალ საკეტთან ერთად უზრუნველყო დენთის აირების წვის შედეგად წარმოქმნილი წნევის “დახუფვა”, ხოლო საკეტის მასის ზრდა ნეგატიურად აისახებოდა საიმედოობაზე.  2009 წელს, რამდენიმე დიდმა მწარმოებლამ გამოსცა სპეციალური გაფრთხილება და აკრძალა .17 HMR კალიბრის გამოყენება ნახევრად ავტომატურ იარაღებში. “რემინგტონი” წავიდა უფრო შორს და მოხსნა გაყიდვებიდან და დაიბრუნა, გაყიდული როგორც ამ კალიბრის ვაზნები ასევე მოდელი 597 ტიპის .17 კალიბრის ნახევრად ავტომატური შაშხანები.

a17b

ერთ-ერთი პლიუსი წვრილი კალიბრის არის ის რომ შეგიძლია მიიღო სქელკედლიანი ლულა ხოლო გარე დიამეტრი ლულის მაინც იქნება მცირე. კონუსური ჩაღრმავება კარგად იცავს ლულის გამოსასვლელს დაზიანებისგან. 

 Savage-ის წამყვანი ინჟინერი ჯონ ლინსკოტი მიუდგა თემას განსხვავებულად. მათი ნახევრად-ავტომატური A17, რომლის წარმოება დაიწყო  იყენებს გადავედებული უკუცემის პრინციპს. შესრულება მარტივი და ელეგანტურია. ერთი მცირე ზომის ბჯენი განთავსებულუ საკეტის ზედა ნაწილში, მოძრაობს ვერტიკლაურად და ზემომქედებს შესაბამის კილოსთან ფოლადის რესივერის შიგნით. ასეთი სისტემის გამოყენებამ ერთდროულად მოხსნა დატვირთვა მასრაზე და ამავე დროს ჩემი დაკვირვებით პრაქტიკულად გააქრო უკუცემა. A17-ს რომელიც ოპტიკით იწონის 3.6 კგ-ს, უკუცემა არ აქვს პრაქტიკულად საერთოდ. დიახ, მე ზუსტად იმას ვგულისხმობ რაც დავწერე, უკუცემა უბრალოდ არ არის. გასროლის ხმაც გრძელი ლულის წყალობით არის დაბალი.

რა თქმა უნდა მე როგორც წრიული აალების კალიბრების დიდი მოყვარული, ვერ გაუშვებდი ხელიდან შანსს ახლოდან გამეცნო ეს ახალი და ავი კალიბრი და ამიტომაც გადავწყვიტე A17-ის შეძენა. შეიძლება ნახევრად-ავტომატი არ არის საუკეთესო ფორმატი, რომ ნახო კალიბრის სიზუსტის პოტენციალი, მაგრამ პირველ რიგში მე მაინტერესებდა ახალი ავტომატიკის სქემა და ასევე მაინც ნახევრად-ავტომატი უფრო უნივერსალურია. ასეევ გასროლიდან გასროლამდე არ არის საჭირო იარაღის ჭერის შეცვლა, რომ ის გადატენო. ასე რომ ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. ჩემი არჩევანი გავაჩერე შედარებით ბიუჯეტურ მოდელზე, 56-სმ-ნი სქელი პროფილი ლულით და სტანდარტული პლასტმასის კონდახით.

a17 new

ფოლადის რესივერი, ნახევრად გადაბმული საკეტი, Accu-trigger, სქელ-კედლიანი ლულის პროფილი, უკვე დაყენებული უივერის სამაგრები, ლულის სიგრძე 56 სმ, ტვისტი 1:9,  სრული სიგრძე 104 სმ, 10 ვაზნიანი როტორული მჭიდი, წონა ოპტიკის გარეშე 2.7 კგ. ეს არის ძირითადი მახასიათებლები ამ იარაღის. 

მე სპეციალურად ავარჩია უფრო იაფი მოდელი, სტანდარტული პლასტმასის კონდახით.  მე უკვე დამიგროვდა ასეთი კონდახების მოდიფიკაციების გამოცდილება და ვიცი, რომ ცოტა დრო და ფული საკმარისია, რომ მისცე საშუალება იარაღს ისროლოს კარგად თუნდაც ასეთი კონდახით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კონდახი A17-ზე ბევრად უფრო უკეთესია ვიდრე B22-ზე, რომელიც მე მქონდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ რესივერის ბედინგი უფრო ადვილია, მეორე რიგში იმიტომ რომ მას აქვს კარგი რეზინის საზურგე, რომელიც ძალიან მოსახერხებელია, ანალოგიური დეტალი B22-ზე იყო პლასტმასის და თავისუფლად ცურავდა მხარზე.

 A17 იარაღის სახელმძღვანელო საკმაოდ მარტივია. საკეტის გადასატნი სახელური განკაგებულია საკეტზე მარჯვნიდან. მცველის ღილაკი სასხლეტის კავთან არის განლაგებული, იქვე ქვევიდან მექანიკური საკეტის შემაკავებელია. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი შემაკავებელზე არ დგება მაგრამ თუ მოხდა დაბრკოლება, ან ამას ითხოვს უსაფრთხოების პროტოკოლი, შესაძლებელია ქვევიდან განლაგებული ღილაკის მეშვეობით მისი ღია მდგომარეობაში დაფიქსირება.

იარაღის დაშლა და მომსახურება ადვილია მაგრამ არის ნიუანსები. ბევრი ცნობილი და პოპულარული მცირეკალიბრიანი იარაღი ისეა აგებული, რომ მათ გასაწმენდად საჭიროა კონდახის და რესვიერის განცალკევება. ამის შემდეგაც კი, მათ დიდ ნაწილში ლულის წმენდა მაინც ხდება გამოსასვლელის მხრიდან. Savage მიუდგა ამ პრობლე,ას შემოქმედებითად. იმისთვის რომ იარაღი დაშალოთ გასაწმენდად, არ არის საჭირო კონდახის და რესივერის განცალკევება. საკმარისია დააჭიროთ დამაბრუნებელ ზამბარას, რესივერის უკანა ხუფზე განლაგებული ნასვრეტიდან, მოხსნათ ეს ხუფი, ამოიღოთ ზამბარა და საკეტი და იარაღი მზად არის წმენდისთვის. როგორც ხვდებით ასევე შესაძლებელია ლულის გაწმენდა სავაზნის მხრიდან. პლასტმასის ხუფის მოხსნა მოქნილობას ითხოვს და სიმართლე გითხრათ სულ მგონია, რომ ერთხელაც ეს ხუფი მოტყდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სქემა აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია იმ დიზაინებთან შედარებით, რომლებიც გასული საუკუნის 60-ნი წლებიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა შესაძლებელია კონდახის და რესივერიუს განცალკევებაც. ამისთვის უნდა დაუშვათ ორი ხრახნი. ერთი განლაგებულია კონდახის ქვევიდან წინა ნაწილში, მჭიდის წინ, მეორე უკან, მაგრამ ზევიდან, პლასტმასის ხუფის ქვეშ. დაყენებული ოპტიკით ეს ასევე ითხოვს გარკვეულ მოქნილობას.

a17bolt

საკეტი, დიდი ზომის საკეტის სახელური, რესივერის ხუფი და დამაბრუნებელი ზამბარის მოდული. საბრძოლო ბჯენი, რომელიც უზრუნვლეყოფს უკუცემის “გადავადებას” კარგად ჩანს საკეტის ზედა ნაწილში. ყურადღებას ასევე იქცევს საკმაოდ მასიური ექსტრაქტორი და დიდი ზომის, ერგონომიული საკეტის სახელური. 

triggera17

დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი, მაგრდება ერთი პინით რეივერზე. კორპუსი პლასტმასის არის, დანარჩენი დეტალები რკინის.

rearbolta17

როგორც ხედავთ, უკანა ხრახნის მოხსნა შეიძლება საკმაოდ მოუხერხებელი იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეთი დაშლა თქვენ არ დაგჭირდებათ. 

a17

ბედინგი “ბრიკორამაში” ნაყიდი ეპოქსიდით, კაიდექსის ფირფიტისგან დამზადებული რეგულირებადი სალოყე და ე.წ. brush stroke კამუფლირება რომლის შესრულებასაც უნდა 10 წუთი განსხვავებით უფრო შრომატევადი კამუფლირებისა შაბლონების გამოყენებით. 

ოპტიკა დაყენდა UTG ალუმინის რინგებში. ჩემდა გასაკვირად, მათი მორგება საჭირო არ გახდა, მიუხედავად იმისა, რომ პიკატინის სეგმენტები ცალ-ცალკე იყო დაყენებული რესივერზე. ოპტიკა Primary Arms 4-16×44 “Mil-Dot” ბადით. ოპტიკას ქონდა ძალიან კარგი ფოკუსის მანძილი თვალიდან ოკულარამდე და ძალიან თხელი ბადე, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი, თუმცა გადიდება ზედმეტად ძლიერია ჩემი გემოვნებისთვის და ასეთი იარაღისთვის, მაგრამ ხარისხიანი და ბიუჯეტური ოპტიკის არჩევანით ჩვენ არ ვართ განებივრებულები, ამიტომ ავიღე ის, რაც ყველაზე ახლოს იყო იმასთან რაც მე მჭირდებოდა. უკვე შემდგომ ოპტიკა მარტივად გასწორდა და სროლა მიზანში ამ ოპტიკით გამოდგა სასიამოვნო და კომფორტული, კარგი ლინზების, “aye relief”-ის და თხელი ბადის გამო. შესწორების მექანიზმი ასეე უნაკლოდ მუშაობდა. ოპტიკას ასევე აქვს ტაქტიკური დოლურები, რომლებიც უნდა გადმოწიო, რომ შეძლო მათი დატრიალება, ასევე გააჩნია დოლურების რესეტის ფუნქცია, პარალაქსის რეგულირების და ბადის განათების ფუნქცია. თავის ფასში რომელიც შეადგენს სადღაც 640 ლარს ეს არის ძალიან კარგი ოპტიკა.

A17-ის როტორული მჭიდი იგივე კონსტრუქციის არის, რაც B22-ზე. ისევე როგორც B22-ზე ვაზნების მიწოდება არის ძალიან რბილი, შეუძლებელია საკეტის გადაკვრისას მიხვდე ხდება თუ არა ვაზნის მიწოდება, იმდენად დაბრკოლების და ძალის დატანების გარეშე ხდება მიწოდების პროცესი. ის ფაქტი რომ მასრა ბოთლის ფორმის არის, ტყვია წვეტიანი და თანაც ბევრად უფრო მცირე დიამეტრის ვიდრე სავაზნე, ასევე ხელს უწყობს სტაბილურ/საიმედო მიწოდებას.

20181217_160127-700x525

როგორც მინიმუმ ამერიკის კონტინენტზე, Savage იყო პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა როტორული მჭიდი, და კარგია რომ ეს კომპანია უარს იძახის სავაზნე კოლოფებზე და ისევ უბრუნდება როტორულ მჭიდებს. ასეთი მჭიდის კონსტრუქცია უფრო გამძლეა, ის სრულად იმალება იარაღის შიგნით და ტევადობაც 10 ვაზნაა.  სურათის წყარო thetruthaboutguns.com

კარგი მოვყევით, ეხლა გადავიდეთ ცუდზე. როგორც ყველა ტიპიურ ნახევრად-ავტომატში, სასხლეტი A17 არის ძალიან ცუდი. ის არ არის ძალიან მძიმე ან ძალიან გრძელი სვლით ან ოვერ თრეველით. არა. უბრალოდ მასზე დაჭერისას ისეთი შეგრძნებაა თითქოს შიგნით მოძრაობაში მოდის ძცველი, ჟანგიანი მექანიზმი, რომელიც გამოსცემს რაღაც უცნაურ ხმებს. შეიძლება ის ასეთი ცუდიც არ არის, მაგრამ როდესაც უყურებ სამიზნეს 10 გადიდებით, ეს ყველაფერი თითქოს აისახება ბადის მოძრაობაში სამიზნესთან მიმართებაში. სიმართლე გითხრათ პირველი სროლების მერე, მე სერიოზულად დავფიქრდი რომ ეს მექანიზმი დამეშალა და შემეცადა მისი გაუმჯობესება, რასაც იშვიათად ვაკეთებ. მექანიზმი დაიშალა, გაპრიალდა და თავიდან აიწყო. ზოგადად მე არ ვარ მომხრე ხოლმე, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმების სერიოზული გადაკეთების. როგორც წესი უბრალო გაპრიალება არის მაქსიმუმი რასაც ვაკეთებ და უმეტეს შემთხვევაში ეს პროცესი არის ერთგვარი მედიტაცია/რიტუალი, რომელსაც იშვიათად მოყვება რამე ხილვადი/აწონვადი შედეგი. ამ შემთხვევაში ეფექტი უკეთესი იყო, იმიტომ რომ რამდენიმე ნაწილზე ღერძებზე გათვლილი ნასვრეტები იყო საკმაოდ უხეშად დამუშავებული და ამის გამოსწორების და მექანიზმის აწყობის შემდეგ, სასხლეტი არ გახდა უფრო მსუბუქი და მოკლე, მაგრამ ის დარბილდა და სვლაც უფრო ერთგვაროვანი გახდა. იარაღი კი არის აღჭურვილი Accu-trigger-ით, მაგრამ ჩემი აზრით ეს სასხლეტი უფრო ატარებს უსაფრთხოების დამატებითი საფეხურის ფუნქციას ვიდრე რამე კავშირი აქვს სიზუსტესთან. ყველაზე დაბალი წონითაც (რომელიც რეგულირდება იარაღის დაშლის გარეშე, სპეციალური გასაღებით), მისი წონა მაინც არის სადღაც 2.5-3 კილოგრამი. ამ ტიპის სასხლეტის ყველაზე კარგი ფუნქცია ის არის, რომ ის არ მიცემს საშუალებას ჩახმახს მოწყდეს, სასხლეტზე დაჭერის გარეშე, მაგალითად ძლიერი დარტყმის შედეგად, ეს არის და ეს.

ამერიკული Jard-ი უშვევს დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმის A17-თვის, წონებით 400 გრამიდან 2 კგ-მდე, მაგრამ ამერიკაში მისი ფასი ურტყავს 300 დოლარს რაც საკმაოდ ძვირია. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ ზედმეტად მსუბუქი სასხლეტი და მსუბუქი ნახევრად-ავტომატური შაშხანა, კომბინაციაა, რომელსაც შეიძლება მოყვეს ორმაგი გასრლოლები, რაც ალბათ განაპირობებს A17-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაციას და სასხლეტის ასეთ წონას.

groupinga17

პირველი სროლები სატნდარტული სასხლეტით და ნაწილობრივი ბედინგით. ყველა ჯგუფის საშუალო შედეგი 50 მეტრზე, წოლიდან და ზურგჩანთის როგორც საყრდენის გამოყენებით გახლდათ 21მმ (ჯმში შვიდი სამ გასროლიანი ჯგუფი).  

მეორე რენჯ სესიის წინ, სასხლეტი გაპრიალდა და ბედინგი გაუკეთდა სრულად. სამწუხაროდ მეორე სესიის პირობები იყო უარესი. სიცივე, თოვლი და სველი მიწა. მიუხედავად ამისა საშუალო სიზუსტემ 91 მეტრზე შეადგინა 3.5 სმ, საუკეთესო ჯგუფით 2.5სმ). ვიყინებდი ორი ტიპის CCI-ს მუხტს, 20 გრანიან FMJ-ს და 17 გრანიანს V-max ტყვიით. ორივეს ქონდა იდენტური სიზუსტე. უკეთეს პირობებში და უფრო მეტი მუხტით დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლება და რა თქმა უნდა მე შევეცდები კიდე უფრო უკეთესი შედეგი დავდო. მაგრამ 35მმ 100 მეტრზე, მასობრივი წარმოების ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღისთვის ყველაზე ბიუჯეტური, პლასტმასის კონდახით და ძალიან საშუალო სასხლეტით, არის ძალიან კარგი შედეგი. თანაც გაითვალისიწნეთ, სროლის პირობები, რომლებიც შეესაბამება საველე/ნადირობის პირობებს. იარაღი ასევე უნდა ვივარაუდოთ, იქნება უფრო საიმედო ვიდრე .22lr-ის ნახევრად ავტომატური იარაღი. ტყვია წვეტიანია, სრულფასოვანი გარსით დაფარული და უფრო წვრილი დიამეტრის ვიდრე სავაზნე. მე არ მწონდა არც-ერთი დაბრკოლება, მხოლოდ ერთი ვაზნის მტყუნება პირველი რამდენიმე გასროლის დროს, როგორც მანამდე Savage B22-ზე, მაგრამ მას მერე ეს აღარ გამეორებულა არც B22-ში და არც A17-ში.

ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ მეტალის დეტალები (ლულა, რესივერი) დაფარულია შავი ოქსიდირებით. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ნახევარი დღე სველი იყო და სახლში შემოტანის შემდეგ არ გამშრალებულა, ზედაპირული კოროზიის ნიშნები არსად არ გაჩნდა, რაც მეტყველებს ოქსიდირების ხარისხზე.

graph rimfire comparison

დიაგრამიდან კარგად ჩანს ის რაც განასხვავებს .17HMR-ს სხვა წრიული აალების კალიბრებისგან. 

hawkszero

რაც შეეხება განულების ოპტიმალურ მანძილს, მე დავარქვი მას “ჩაკ ხოკსის ზერო” იმიტომ, რომ სწორედ მან გასცა რეკომენდაცია ამ იარაღის გასწორების 130 მეტრზე. ასეთ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ყველაზე ოპტიმალურ ტრაექტორიას. 

რა შეიძლება ითქვას ამ მიმოხილვის ბოლოს? დიახ .17 HMR სამჯერ მეტი ღირს ვიდრე .22LR-ის ვაზნა, მაგრამ იარაღის, ოპტიკის და აქსესუარების ფასი იგივე კატეგორიაში გადის რაც .22lr კალიბრი. თუ ვინმეს სურს ბევრი სროლა სიზუსტეზე, .22LR-ის 40 გრანანი სტანდარტული სიჩქარის მუხტი თქვენ განკარგულებაშია და მოგცემთ საშუალებას ისროლოთ ბევრი, ზუსტად და თუ პირობები ხელს გიწყობთ, შედარებით შორ მანძილებზეც კი. თუ გნებავთ პრაქტიკული ინსტრუმენტი, საიმედო, ზუსტი, ჩუმი, პრაქტიკულად უკუცემის გარეშე, რომლიდანაც შეძლებთ ესროლოთ პატარა ზომის სამიზნეს (+- 4 სმ) 155 მეტრამდე დამიზნებაში ყოველგვარი შესწორების შეტანის გარეშე, მაშინ ეს კალიბრი თქვენთვის არის. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ მსუბუქი ტყვია მკვეთრად რეაგირებს ქარზე. ნუ განიხილავთ .17HMR-ს როგორც .22LR-ის ალტერნატივას.  დანიშნულებით, შესაძლებლობებით და ფასებით ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებულია. .17HMR პირველ რიგში უნდა შეადაროთ .22WMR-ს და ამ უკანასკნელს პლინკინგისთვის არ ყიდულობენ.  რაც შეეხება ფასებს, A17 ფასი არის 1500 ლარის ფარგლებში, გააჩნია მოდელს და კომპლექტაციას. ვაზნის ფასი მერყეობს ლარიდან, სადღაც 2 ლარამდე.

Shooterscentral.ge-ს დასკვნა. ერგონომიული პლასტმასის კონდახი, რომელიც მარტივად მოდიფიცირდება მეტი სიხისტსითვის, ნაწრთობი მეტალისგან დამზადებული რესივერი, მაღალი ხარისხის  “ძირიდან გაბურღული” (bottom rifled) ლულა, ავტომატიკის სქემა რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და საიმედოობას, როტორული მჭიდი,  მარტივი დაშლა/აწყობის სქემა და მისაღები ფასი, გამოარჩევენ ამ იარაღს. ამ იარაღზე რომ იყოს დაყენებული კარგი სასხლეტი, მე ვიტყოდი რომ ის არის დღეს საუკეთესო .17 კალიბრის ნახევრად-ავტომატური შაშხანა. საქართველოში .17 კალიბრის წრიული აალების ვაზნებიც და იარაღიც პრინციპში დღემდე არის ეკზოტიკა. თუმცა შესაძლებელია მაღაზიებში ამ კალიბრის Savage-ის წარმოების შაშხანების შეძენა და ასევე სხვადასხვა მწარმოებლის მუხტებიც არის ხელმისაწვდომი. გაითვალისწინეთ,  ხელმისაწვდომობა ალბათ დროებითია და მზად უნდა იყოთ, რომ ეს კალიბრი პერიოდულად გაქრება ხოლმე დახლებიდან. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, მაგალითად ჩვენ ქვეყანაში შიზოფრენიის პანდემია ძვინვარებს, ამიტომ საერთოდ შეწყვეტილია იარაღების და ტყვიაწამლის ყიდვა-გაყიდვა.  A17 არ არის საასპარეზო/ზუსტი შაშხანა, მაგრამ ვაზნის და ლულის პოტენციალი ტოვებს შესაძლებლობას მცირე ინვესტიციებით მიაღწიოთ 1 MOA სიზუსტეს, რაც ამ კლასის იარაღებში იშვიათობაა.

 20201205_140301

ჩვენი ტესტი – Savage B22 FV-SR Magnum

Saturday, July 4th, 2020

ბოლო დროს საქართველოში Savage-ის შაშხანების ძალიან ბევრი მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს უმეტესობა იმპორტიორების გადავიდა ჩრდილო ამერიკიდან იარაღების შემოტანაზე, ამიტომ საქართველოში გაჩნდა ისეთი ტრადიციული ამერიკული მწარმოებლების იარაღები, რომლებიც აქამდე არასდროს არ შემოტანილა, ყოველ შემთხვევაში ასეთი რაოდენობით და ასორტიმენტით.

მე უკვე კარგახანია მინდოდა ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანა, რომელიც არ იქნებოდა .22lr კალიბრის, შესაბამისად განვიხილავდი .17hmr და .22wmr კალიბრებს. აქიდან უფრო ვიხრებოდით პირველისკენ, მაგრამ სანამ მე ვფიქრობდი, რაღაც ნაწილი იარაღების ამოიყიდა და იმ კონფიგურაციის შაშხანა, რაც მე მინდოდა, დარჩა მხოლოდ ერთი ცალი და მხოლოდ .22wmr კალიბრში.

სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რამდენად სახალისოა მცირეკალიბრიანი ბენჩრესტი/ვარმინტინგი, სადაც ხალისს არ გიკლავს დიდი ხარჯები და არც სასროლეთი არ გაქვს საძებნელი ან შორს სასიარულო. იმის თქმა მინდა, რომ  მცირეკალიბრიანი იარაღის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით ხელმისაწვდომია. ამიტომ მე მინდოდა იარაღი რომელიც გამოდგებოდა, როგორც კარგი პლატფორმა კომპაქტური და ზე-ზუსტი შაშხანის ასაწყობათ მაგრამ ამავე დროს მინიმალური ხარჯებით.

67618049_2883303595044473_3379610096211329024_n

საწყის პლატფორმად არჩეული იქნა Savage B22 FV-SR, გრძივად მოძრავი საკეტით, 16 ინჩიანი სქელი ლულით, როტორული 10 ვაზნიანი მჭიდით და პლასტმასის, ახალი სტილის კონდახით. ეს მოდელი ასევე ქარხნიდან არის აღჭურვილი პიკატისნის სამაგრით, რომელიც რესივერზეა განლაგებული. მისი წონა მოკრძალებული 2.2 კგ-ია. ზომები კომპაქტურია, იარაღის სრული სიგრძე 864მმ-ია. ეს მოდელი გამოდის 2017 წლიდან.

magsavage22

Savage ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანები იყენებენ როტორულ მჭიდს. ეს მჭიდი მიუხედავად 10 ვაზნიანი ტევადობისა მთლიანად იმალება იარაღის შიგნით. აღსანიშნავი, რომ ეს კომპანია როტორულ მჭიდებს იყენებდა ჯერ კიდევ თავის 1895 წლის შაშხანაში. მჭიდი ცოტა რთულად იტენება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პროცესი უფრო ადვილდება. 

სქელი 412მმ სიგრძის ლულა (ბიჯი 1:16) ასევე იძლევა საშუალებას გამოიყენოთ სხვადასხვა ლულის მოწყობილობები (ხრახნის ტიპი 1/2-28). SR შაშხანის დასახელებაში ნიშნავს Supressor Ready, გამზადებული მაყუჩისთვის.  კონდახი ერგონომიული და მოსახერხებელია, თუმცა ზედმეტად მსუბუქია, არამყარი და დიზაინი ჩემი აზრით გადატვირთულია ზედმეტი ელემენტებით. ამავე დროს სასხლეტის დამცავი კავი საკმაოდ სქელი და განიერია რაც გამორიცხვას მის დაზიანებას რამეზე დარტყმისგან.  შაშხანა აღჭურვილია Accu-trigger-ით, რაც გაძლევთ საშუალებას დაარეგულიროთ სასხლეტის სიმძიმე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სტოკის და რესივერის განცალკევება და ერთი ხრახნის გადაჭერა. დამატებითი მცველი განლაგებული სასხლეტზე გამორიცხავს შემთხვევით გასროლას, მაგალითად ძლიერი დარტყმისგან.

 Savage-B17V-22-of-29

მცველი განლაგება ერთნაირად მოსახერხებელია ნებისმიერი მხრიდან სროლისას. ეს და როტორული მჭიდი აშკარა გაუმჯობესებაა Savage-ის წინა თაობის მცირეკალიბრიან შაშხანებთან შედარებით. 

hkhk745

ასე გამოიყურება ფოლადის რესივერი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. რესივერი და როგორც ჩანს საკეტი არის საერთო სამივე კალიბრისთვის (.22lr, .17HMR. .22WMR) ხოლო ლულა მაგრდება რესივერში ქანჩით რომელიც უნდა ეცნოს ამ კომპანიის ცენტრალური აალების შაშხანების მფლობელებს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ლულის და საკეტის თავის გამოცვლით შეცვალოთ შაშხანის კალიბრი.  პიკატინის სამაგრი დამაგრებულია რესივერზე ოთხი ხრახნით და ოპტიკის დაყენებდამდე სასურველია რომ შეამოწმოთ რამდენად მყარად გადაჭერილია ეს ხრახნები. 

ორი სიტყვით უნდა მოვყვე .22wmr (Winchester Magnum Rimfire), რომელიც არის ერთადერთი კომერციულად წარმატებული წრიული აალების .22 კალიბრის ვაზნა, შექმნილი მეოცე საუკუნეში.  ის საკმაოდ ძლიერია, 30 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე არც მეტი არც ნაკლები 700 მ/წ-ს აღწევს და ენერგია შეადგენს 440 ჯოულს. ეს ნიშნავს, რომ .22lr-თან შედარებით მაგალითად 100 მეტრზე .22wmr კალიბრის ტყვიას ექნება ზებგერითი სიჩქარე, უკეთესი შეღწევა და საიმედო ექსპანსია. თავისი გამოჩენის მომენტისთვის, 1959 წელს ის იყო ყველაზე ძლიერი წრიული აალების ვაზნა. მისი დანიშნულება: ზუსტი და ძლიერი წრიული აალების ვაზნა, რომელიც მისცემდა მონადირეებს საშუალებას ესროლათ 125 იარდამდე მანძილზე ისეთ ცხოველებზე, რომელთა წონა აღწევს სადღაც 10 კგ-ს. ამ კალიბრის ტყვიაც ბევრად უფრო ეფექტურია და სრულყოფილი ვიდრე უბრალოდ ტყვიისგან ჩამოსხმული ჭურვი დაფარული სპილენძის თხელი ფენით, როგორც .22lr-ის შემთხვევაში. ამიტომ პირველის შემთხვევაში ტყვიების არჩევანიც უფრო დიდია, გათვლილი ნადირობისთვის, სპორტული სროლისთვის, მეტი შეღწევისთვის და ასევე თავდაცვისთვის. .22 wmr-ის ფასიც შესაბამისად უფრო დიდია და იწყება სადღაც 1 ლარიდან ანუ ორჯერ უფრო ძვირია ვიდრე .22lr.

22lr-vs-22

.22wmr .22lr-თაბ შედარებით

 ერთ-ერთი პლიუსი მცირეკალიბრიანი იარაღის არის ის, რომ ის ნაკლებად მოთხოვნადია “პერიფერიული” მოწყობილობების მიმართ. ნორმნალური ხარისხსი რინგები, ოპტიკა, ბიპოდი ან სხვა მოწყობილობები, გაძლევენ საშუალებას მიაღწიო ძალიან კარგ სიზუსტეს, გაერთო და ამავე დროს არ გაფრინდე კოსმოსში ხარჯების მხრივ. ჩემი ჩანაფიქრიც იყო, მენახა თუ შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით მიიღო ზუსტი მცირეკალიბრიანი იარაღი.

ოპტიკა არჩეულ იქნა UTG 3-9×42 “მილ-დოტ” ბადით. ოპტიკას 280 ლარში მოყვა ასევე ამავე კომპანიის რინგები და flip-up ხუფები. ამ მოდელზე აყენია TF2+ ტიპის დოლურები, რომლებიც არის ძალიან კარგი. გეძლევა საშუალება ეგრევე შეიტანო შესწორებები, ამავე დროს დოლურები ფიქსირდება, რომ არ მოხდეს მათი შემთხვევით დაძრა და ასევე მათ გააჩნია რესეტის ფუნქცია, ანუ განულების შემდეგ დოლურებს დაარესეტებთ (დააყენებთ ნოლებზე) და მერე უკვე თუ დაგჭირდათ, შესწორების შესატანად გამოყენებთ სკალებს. თუმცა ჩემი გამოცდილებით ასეთი ოპტიკის ზედმეტი “წვალება” არ ღირს, ჯობია დააყენოთ საჭირო “სეთინგები” და მერე გამოიყენოთ ერთი და იგივე გადიდება და შესწორებები შეიტანოთ ბადის მეშვეობით.

შაშხანის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა რომ კონდახი არის ძალიან მსუბუქი ხოლო ბედინგი იქნება პრობლემური. რესივერს არ აქვს უკუცემის ბჯენი (recoil lug) ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, რომელსაც “ჩააწვენდით” ეპოქსიდის “საწოლში” (როგორც ცენტრალური აალების შაშხანებში), რაც ასეთი ტიპის სტოკზე ეგრევე გაძლევს ადვილად შესამჩნევ გაუმჯობესებას. ამიტომ ის ნაწილი სადაც რესივერის წინა ნაწილი ჯდება კონდახში ამოივსო ეპოქსიდით. ასევე სტოკის წინა ნაწილი იყო თხელი და ბიპოდის დაყენებისას ეს დეტალი მოქმედებდა, როგორც ზამბარა და იარაღი იწყებს ხტუნაობას სროლის დროს. გარდა ამისა ლულასა და სტოკს შორის ხრახნებით იყო დაყენებული ხუფი რომელი ედებოდა ლულას. ეს ხუფი მე მოვხსენი და გადავაგდე ხოლო სტოკის წინა ნაწილი ამოვავსე ეპოქსიდით და მეტალის ფხვნილით. სტოკის ეს ნაწილი არის აღჭურვილი თხელი ტიხრებით და საჭიროა ამ ტიხრების გახვრეტა რომ ეპოქსიდმა ამოავსოს სტოკი და გაზარდოს მისი სიხისტე. ძირითადი მიზანი ამ გაუმჯობესების არის ერთი, რესვიერი და ლულა მოთავსდეს მყარ “შასიში” და სროლის დროს გამოირიცხოს ვიბრაციები, ლულის კონტაქტი სტოკთან და სტოკის დეფორმაცია. ერთადერთი გზა ამის მიღწევის ახალი სტოკის ყიდვის გარეშე არის, ქარხნულ სტოკში სიცარიელეების ეპოქსიდით ამოვსება. შეიძლება ჩათვალოთ რომ ეს ზედმეტია ასეთი კალიბრის შემთხვევაში, მაგრამ თუ იყიენებთ მაგალითად ბიპოდს დაინახვათ, რომ მცირე დაწოლაც საკმარისია რომ სტოკი გადაიბრიცოს.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მეთოდი როგორ იმუშავებს, იმიტომ რომ მაგალითად მე წამიკითხავს, რომ გლოკის პოლიმერი ცუდად იღებს ეპოქსიდს, მაგრამ .22 კალიბრის შემთხვევაში წესით პრობლემები არ უნდა იყოს. წლების წინ მე გამოვცადე პლასტმასის კონდახის “გაუმჯობესების” ეს მეთოდი .308 კალიბრის Savage Hog Hunter-ზე და შედეგი იყო ძალიან კარგი. ასევე მივიღე საგრძნობი გაუმჯობესება სიზუსტეში 5.56 კალიბრის “Mossberg”-ის შაშხანაზე. მასალების მიხედვით ასეთი მოდიფიკაცია დაგიჯდებათ 18 ლარიდან 50 ლარამდე.

ბიპოდი, რომელიც მე დავაყენე შაშხანაზე არის “ხარისის” ჩინური კოპია. როგორც უკვე აღვნიშნე ჩემი მიზანი იყო ხარჯების აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანა და ამიტომ ორიგინალური “ხარისის” ყიდვა თავიდანვე გამოირიცხა. მისი ჩინური ასლი  არის მყარი კონსტრუქციის და ღირს ორიგინალის მეხუთედი. ბიპოდი არ არის უპრობლემო, ყველაზე მოკლე პოზიციაში ფეხებში არის ლუფტი ამიტომ ფეხები სულ უნდა იყოს გაშლის ბოლოს წინა პოზიციაზე, მაგრამ მთლიანობაში ხარისხი მისაღებია და მცირეკალიბრიანი მსუბუქი შაშხანისთვის საკმარისი.

P1120988

პროექტის დასრულების შემდეგ ხარჯების მხრივ მივიღეთ შემდეგი სურათი. ახალი შაშხანა გაფორმებით 1200 ლარი, ბიპოდი – 70 ლარი, ოპტიკა და რინგები 280 ლარი, ეპოქსიდი და მასალები 25 ლარი. ჯამში სროლისთვის გაზმადებული შაშხანა დაჯდა 1575 ლარი.

იარაღი შედარებით ადვილად გასწორდა, მაგრამ შესწორებების შეტანისას მიუხედავად მოკლე მანძილისა გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები, რაც არ არის გასაკვირი იაფიან ოპტიკაში. ჩემი გამოცდილებით თუ ჩინური სკოპი თავიდანვე არ აღმოჩნდა რაღაც დეფექტით, ის როგორც წესი მუშაობს (მცირეკალიბრიან იარაღზე). UGT-ის ოპტიკა ნორმალური ხარისხის არის და გამოხმაურებები მეტ წილად პოზიტიურია მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი წესი მარტივია, როგორც კი ასეთი ოპტიკა გასწორდება, მისი ხელის ხლება აღარ ღირს და თუ გაგიმართლათ ეს ოპტიკა ზეროს არ დაკარგავს. ასევე აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მომწონს ამ მწარმოებლის სკოპებში, aye relief-ი, რომელიც არის ძალიან მოკლე და თვალი უნდა ძალიან ახლოს მიიტანო ოკულართან რომ მიიღო კარგი გამოსახულება. წინა “ფლიფ-აპი” მზისგან ისე დარბილად რომ თავისით დაიშალა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩინელები ჯერ კიდევ შორს არიან იმისგან რომ გამოუშვან იაფი მაგრამ ხარისხიანი ნივთები….

როგორც ვვარაუდობდი უკუცემა დიდად არ განსხვავდება .22lr-სგან. გასროლის ხმა უტოლდება .22lr კარაბინიდან CCI Stinger-ის გასროლის ხმას, რაც კარგია, იმიტომ რომ ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობთ სროლის დროს.

უნდა აღვნიშნო რომ პირველი სროლა განხორციელდა უკვე ნაწილობრივ “დაბედინგებული” რესვიერით მაგრამ სტოკის ეპოქსიდით ამოვსების და ბიპოდის გარეშე.  სროლა ხორციელდებოდა 50 მეტრზე, საყრდენად იყო გამოყენებული ჩვეულებრიივი მორი. პარალელურად ხდებოდა საწყისი სიჩქარის გაზომვა.

ჯგუფები 50 მეტრზე სროლისას, წოლიდან საყრდენით: CCI V-max, 30gr – 2.3 სმ CCI Gamepoint, 40gr – 2.8 სმ   ყველაზე კარგი ჯფუფი მივიღეთ Fiocchi-ს უცნობი ბრენდისგან, რომლის ჯგუფიც არც კი გავზომეთ იმიტომ რომ ეს იყო ეტალობური სიზუსტე, მორტყმულები პრაქტიკულად ეხებოდა ერთამენთს.

22WMRACC

50 მეტრზე ნასროლი 5 გასროლიანი ჯგუფი Fiochi-ს ვაზნებით.

საწყისი სიჩქარეები: CCI V-max, 30gr – 677 მ/წ  (მწარმოებლის მითითებული სიჩქარე – 670 მ/წ) CCI Gamepoint, 40gr – 568 მ/წ (მწარმოებლის მითითებული სიჩქარე 570 მ/წ ) ყველაზე ნელი გამოდგა უცნობი მუხტი Sellier&Bellot-ისგან, რომელმაც აჩვენა 470 მ/წ. (ჩემი ვარაუდით ეს იყო მუხტი 45 გრანიანი ტყვიით და აქიდან შედარებით დაბალი სიჩქარე). ჯგუფიდან ჯგუფამდე მოხვედრის საშუალო წერტილი ოდნავ იცვლებოდა მაგრამ მე დავაბრალე ეს სხვადასხვა მუხტის გამოყენების ფაქტორს.

104939159_102167237330HG23631_o

ასე გამოიყურება სამიზნე 100 მეტრზე სროლის შემდეგ. უჯიდურესი სიცხის და არაკომფორტული პოზიციის მიუხედავად ჯგუფები მაინც ნორმალური იყო. სროლა ისევ ხორციელდებოდა წოლიდან, საყრდენით (ბიპოდის გარეშე). პრობლემა იმაში იყ, რომ მიუხედავად ჩემი მცდელობებისა შემეტანა ზუსტი შესწორებები, მოხვედრის საშუალო წერტილი არ ხვდებოდა მწვანე წრეში.  ყველა გარდა მარცხება ჯგუფისა ნასროლია CCI Maxi-mag-ით. 

მესამე რენჯ სესიაზე სერიოზული პრობლემები წარმოიშვა სიზუსტის შენარჩუნებასთან.  პირველივე გასროლების შემდეგ (100 მეტრზე) დაფიქსირდა ორი სერიოზული ფლაირი, რომლებიც მოხვდნენ ორივე 30-40 სმ-ით მარჯვნივ და დაბლა. აირია ასევე მოიხვედრის საშუალო წერტილიც, რომელიც არ იყო კონსისტენტური სერიიდან სერიამდე. თავიდან მე ეს დავაბრალე სტანდარტული ა2 ტიპის ალმქრობს, რომელიც დავაყენე ლულაზე, მაგრამ მისი მოხსნის შემდეგაც სიტუაცია არ გამოსწორდა. იმისთვის რომ გამერკვია რა მოხდა, იდეაში 100 მეტრზე განულებული იარაღით მე გადავინაცვლე 50 მეტრიან რენჯზე და ამჯერად მოხვედრის წერტილმა გადაინაცვლა მარჯვნივ თანაც ქარის მიმართულების საპირისპიროდ. ამან დამარწმუნა, რომ პრობლემა იმალებოდა ოპტიკაში. იმიტომ რომ სტანდარტულმა გადამოწმებამ არ გამოავლინა სხვა პრობლემები და მუხტების გამოცვლამაც დიდი ეფექტი ვერ გამოიღო.  საერთდ როდესაც ასეთი ქაოტური გაფანტვა არის, უნდა ეძებო ჯერ ადვილად შესამჩნევი მიზეზები, მაგალითად მორყეული ოპტიკის სამაგრი, ვიზუალური დეფექტი ლულის გამოსასვლელზე, დაშვებული ხრახნები და ა.შ.  შემდეგ უნდა გამოცვალო მუხტი (სასურველია სხვა ტიპის/წონის ტყვიით).  ამიტომ ჩემ შემთხვევაში რჩებოდა მხოლოდ ერთი ვარიანტი, დეფექტური ოპტიკა. მეორე დღეს შაშხანაზე მე დავაყენე Primary Arms-ის კლასიკური სკოპი 3-9 გადიდებით და 30 მილიმეტრიანი მილით.

მეოთხე რენჯ სესიაზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შაშხანა ადვილად გასწორდა, სამი გასროლის შემდეგ უკვე სამიზნეში ვიყავი და საბოლოო გასწორებამაც უპრობლემოდ ჩაიარა. Primary Arms-ის ოპტიკის შესწორების მექანიზმი მუშაობდა ზუსტად.  სიზუსტე დიდად არ განსხვავდებოდა წინა შედეგებისგან, იმ გამონაკლისით, რომ არ იყო ფლაიერები და მოხვედრის საშუალო წერტილი არ იცვლებოდა.

50mmwmr

50 მეტრზე საშუალო სიზუსტემ სხვადასხვა მუხტების გამოყენებით, შეადგინა სადღაც 2 სმ. მოხვედრის საშუალო წერტილი განსხვავდება იმიტომ რომ პროცესში ხდებოდა შაშხანის გასწორება.

100mwmr

100 მეტრზე სროლისას იმპროვიზირებული პოზიციიდან (უბრალოდ გადავიწიე 100 მეტრზე და დავწექი მიწაზე), მივიღე ნორმალური ჯგუფი. 100 მეტრზე ტყვიის ვარდნამ შეადგინა სადღაც 8-9სმ იმ პირობით რომ იარაღი განულებულია 50 მეტრზე. .22lr კალიბრის მაღალი სისწრაფის ვაზნის გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იქნებოდა 20-25 სმ.

ოთხი რენჯ სესია საკმარისია, რომ ჩემი პირველადი აზრი მოგახსენოთ ამ იარაღზე. დავიწყოთ იმით, თუ რა არ მომწონს მასში. ობიექტურად ეს იარაღი ასეთი თხელი და მსუბუქი კონდახითაც გამოდგება რეკრეაციული სროლისთვის და ამასთან მე პრეტენზია არ მაქვს. გინდა შაშხანა ზუსტი სროლისთვის იყიდე B22 “ბოიდის” ან ლამინატის სტოკით.  ”Savage”-ს აქვს სპეციალიზირებული მოდელები ზუსტი სროლისთვის, რომლებიც ბევრად უკეთესია და ფასიც შესაბამისია. ყველაზე ბევრი შენიშვნა მაქვს როტორულ მჭიდთან. მისი დატენვა თავიდან ცოტა მოუხერხებელია. არ მომწონს რომ საკეტელა, რომელიც აფიქსირებს მას იარაღში განლაგებულია მჭიდზე, თანაც ადრინდელ მოდელებზე ეს დეტალი უბრალოდ მოღუნული პლასტმასის ფირფიტაა, რომელიც მუშაობს, როგორც ბრტყელი ზამბარა. ეს ჩემი აზრით ცალსახად არასწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მე ნეტში ვერ ვნახე ჩივილები ამ დეტალზე.  ახალ მჭიდზე (ჩემ იარაღზე ასეთი აყენია) ეს საკეტელა არის პლასტმასის, დამაგრებული შტიფტით. კონსტრუქცია უკეთესია ვიდრე თავდაპირველი, მაგრამ ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა ამ მექანიზმის უფრო სხვანაირად შესრულება და რომ ის ყოფილიყო შაშხანის და არა მჭიდის კოსნტრუქციის ნაწილი, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.

დაშლა აწყობა ადვილია, გახსენი საკეტი, კარგად დააჭირე სასხლეტს და სკაეტი გამოვა უკან. აწყობისას საკეტი უნდა გაასწორო მოათავსო რესივერში და დააჭირო სასხლეტს რომ მისცე საკეტს საშუალება მოთავსდეს რესივერში. თუ საკეტის ორი ნაწილი ერთმანეთს არ გაუსწორე ის რესივერში არ შეეტევა. ითხოვს მიჩვევას და ყურადღებას, მაგრამ განსაკუთრებულად არ გაღიზიანებს. მე მინახია შაშხანები, რომლებიც უფრო მარტივად იწყობოდა….

ეხლა რა მომეწონა. უკვე ქარხნულად დაყენებული ოპტიკის გრძელი სამაგრი, კარგი სასხლეტი რეგულირების ოფციით, მოსახერხებელი მცველი, დიდი ტევადობა და ის ფაქტი რომ მჭიდი გარეთ გამოშვერილი არ არის. ვაზნების მიწოდება იმდენად კარგია, რომ საკეტის დახურვისას ვერ ხვდები ხდება თუ არა ვაზნის მიწოდება თუ ხურავ ცარიელ სავაზნეზე. იარაღმა უპრობლემოდ მოინელა ვაზნები, მრგვალთავიანი,  ჩახვრეტილთავიანი და პლასტმასის წვერიანი ტყვიებით. ექსტრაქცია ასევე პოზიტიურია. დაახლოებით 100 ვაზნაზე არანაირ შეფერხებას ადგილი არ ქონდა. მხოლოდ პირველი რენჯ სესიის დროს მოხდა ორი მტყუნება, არ მოხდა ამაალებლის აალება, რაც მე დავუკავშირე ძველ/საკონსერვაციო ზეთს საკეტის შიგნით. მას მერე ეს პრობლემა არ გამეორებულა.  იარაღი მსუბუქი და შედარებით კომპაქტურია, მეტალის დეტალების დაფარვა ხარისხიანია. დიზაინი ლამაზია და თანამედროვე. დარჩა მხოლოდ მისი შემოწმება ახალი სკოპით.

პრინციპში ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტი ბიუჯეტური და ზე-ზუსტი მცირეკალიბრიანი შაშხანის აწყობის, გამოვიდა წარუმატებელი. მიზეზი პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ არის ჩინური წარმოების დეფექტური ოპტიკა. Primary Arms-ის სკოპმა გადაგვარჩინა, მაგრამ ამან აწია შაშხანის საბოლოო ღირებულება 1800 ლარამდე.  ნებისმიერ შემთხვევაში მკითხველმა უნდა გამოიტანოს მხოლოდ ერთი დასკვნა ამ ისტორიიდან, ჩუნური იაფფასიანი ოპტიკა არის ლატარეა (პირველ ცდაზე მე მერგო ბილეთი მოგების გარეშე) და რომ არ ღირს ოპტიკაზე ეკონომია. ზუსტი სროლა არის მეცნიერება ერთგვაროვნებაზე (c) Flint და უნდა გამოირიცხოს ყველაფერი რაც ამ ერთგვაროვნებას არ უზრუნველყოფს. განიხილავ შაშხანის ყიდვას რომ მერე ზედ ოპტიკური სამიზნე დააყენო? მაშინ გაამრავლე შაშხანის ფასი ორზე, რომ ზუსტად მიხვდე რა ხარჯებთან გექნება საქმე. თუ სერიოზულად ხართ განწყობილი, ოპტიკაც თქვენ განწყობილბას უნდა შეესაბამებოდეს.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Savage B22 FV-SR უპირველეს ყოვლისა არის ბიუჯეტური შაშხანა (აშშ-ში მისი ფასი 300 დოლარია), რომლის დანიშნულებაც არ არის ზე-ზუსტი სროლა. თავის მხრივ .22WMR არის მაგნუმ კლასის სანადირო ვაზნა, რომელიც ასევე არ იქმნებოდა ზე-ზუსტი სროლისთვის. მიუხედავად ამისა, ზომიერი ინვესტიციით, შესაძლებელია მიიღო მსუბუქი, კომპაქტური შაშხანა, 1.5MOA სიზუსტით, თანაც ყველაზე ხელმისაწვდომი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში. იარაღს რამე სერიოზული ნაკლი, როგორც ასეთი არ გააჩნია, ხოლო პლიუსებს განეკუთვნება, როტორული 10 ვაზნიანი მჭიდი, უსაფრთხო და კარგი Accu-trigger, გრძელი პიკატინის სამაგრი, ლულა ხრახნებით სხვადასხვა ლულის მოწყობილობებისთვის, ძალიან კარგი საკეტის მექანიზმი.

19665330_491401234535372_8402991324901793184_n

რას წარმოადგენს ბიუჯეტური “მოსბერგი” – Maverick 88?

Saturday, March 7th, 2020

20200307_165532

საქართველოში 12 კალიბრის თოფი “Maverick 88″ საკმაოდ კარგად ცნობილი იარაღია. მისი იმპორტი მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად ხორციელდება და თუ დააპირებთ მის შეძენას, “მავერიკს” ადვილად იპოვით, როგორც მაღაზიებში ასევე მეორადი იარაღის ბაზარზე.  ამერიკაში ის იყიდება 200-250 დოლარად, საქართველოში მისი ფასი მერყეობს 900-დან 700 ლარამდე. კონსტრუქციულად “მავერიკი” არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “პომპის” Mossberg 500-ის “ბიუჯეტური” ვერსია. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც “მოსბერგ 500″ არ განეკუთვნება ელიტარული იარაღის კატეგორიას, მაშინ რას წარმოადგენს “მავერიკი”, ისედაც ბიუჯეტური თოფის უფრო ბიუჯეტური ვერსია?

დავიწყოთ იმით, რომ თოფს ნამდვილად უშვებს “მოსბერგი”, თუმცა თოფები იწყობა სხვა საწარმოში, იგლ პასში, ტეხასის შტატი, მავერიკის საგრაფოში, საიდანაც წამოვიდა ეს სახელი (Maverick, მავერიკ, ქართულად ნიშნავს არაორდინარულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს), ხოლო ერთ-ერთი მიზეზი დაბალი ფასისა გახლავთ ის, რომ გამოყენებული ნაწილების უმეტესობა დამზადებულია მექსიკაში. ორივე თოფი, “მოსბერგ 500″ და “მავერიკ 88″ მექანიკურად და ვიზუალურად პრაქტიკულად იდენტურებია და მხოლოდ რამდენიმე განსხვავებაა. ყველაზე თვალში საცემი არის მცველი, რომელიც “მავერიკზე” განლაგებულია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე, სასხლეტის წინ. ნაკლებად თვალში საცემი არის ტიბჟირი, რომელიც პერმანენტულად დაფიქისირებულია რკინის ზოლურებთან, რომლებიც თავის მხრივ აკავშირებენ ტიბჟირს და საკეტს. “მავერიკის” რესივერი ასევევ არ არის წინასწარ გაბურღული ოპტიკის სამაგრის დასაყენებლათ. მეტი განსხვავება მექანიკურ მოწყობილობაში არ არის.

გარდა ამისა, ასევე განსხვავდება დეტალების დამუშავების ხარისხი. “მოსბერგთან” შედარებით, “მავერიკის” რკინის დეტალები ბევრად უფრო უხეშად არის დამუშავებული, რის გამოც საკეტის და გადატენვის მექანიზმიც ისე რბილად არ მუშაობს, როგორც ტიპიურ “მოსბერგში”. ყველა “მავერიკი” აღჭურვილია შავი პლასტმასის ფურნიტურით და სულ ახალ მოდელებზე ეს პალსტმასა საკმაოდ იაფფასიანად გამოიყურება. მიუხედავად ვიზუალური და ტექნიკური მსგავსებისა, თუ მაგალითად ლულა და საკეტი თავსებადია ორ თოფს შორის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები თავსებადი არ არის.

ჩვენი ტესტირების ობიექტი არის მოდელი “security”, რომელიც აღჭურვილია 47 სანტიმეტრიანი ცილინდრული არაქრომირებული ლულით. როგორც “მოსბერგ 500″-ზე, ქანჩი რომელიც აფიქსირებს ლულას, შესრულებულია ლულაზე და წინიდან ეჭირება მილისებრ მჭიდს, რომელიც თავის მხრივ იტევს 5 ვაზნას. ლულა ოქსიდირებულია, ალუმინის რესივერი დაფარულია შავი პრიალა დაფარვით. საკეტი მეტალის არის და არ არის დაფარული დამცავი დაფარვით. ჩემი დაკვირვებით “მოსვერგებზე” გამოიყენება უფრო უკეთესი დაფარვები.

20200307_165550

ლულის ფიქსაციის ასეთი მეთოდი გამორიცხავს მჭიდის ტევადობის გაზრდას.

თოფის სამიზნი მოწყობილობები შედგება ტრადიციული, ალტუნის მრგვალი კორასგან.  იარაღის წონა სავსე მჭიდით 2.8 კგ-ია, სიგრძე 97.5სმ, ლულის სიგრძე 47სმ. მოკლედ, როგორც ხვდებით “მავერიკ 88″ არის ყველაზე საბაზისო “პომპა” რომელიც შეიძლება წარმოიდგინოთ. არაფერი ზედმეტი, მაგრამ საჭირო რაღაცეებიც არ არის გათვალისწინებული, მაგალითად საღვედეები, რაც უკვე ტიპიურია ბვერად უფრო ძვირადღირებული ამერიკული იარაღებისთვის.

კონსტრუქციის აღწერილობა, რომ გავაგრძელოთ, თოფის საკეტი ძალიან გავს საქართველოში პოპულარული თურქული პომპების საკეტს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა დაფუძნებულია იტალიური FABARM SDASS-ის კონსტრუქციაზე. ორივე შემთხვევაში საკეტი იყენებს ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავ ბჯენს, რომელიც ზემოქმედებს ლულის კუდზე შესრულებულ კილოსთან. მოძრავ ბჯენს ასევე იყენებს “მავერიკი”. ეს პოპულარული სქემაა და ჯონ მოზეს ბრაუნინგმა პირველმა დააპატენტა თოფი ასეთი მოძრავი ბჯენით ჯერ კიდევ 1897 წელს.

უპირატესობა “ფაბარმის” ტიპის მექანიზმის გამომდინარეობს ჩემი აზრით იმაში, რომ შესაძლებელია ლულის მოხსნის შემდეგ, ტიბჟირი, ზოლურები საკეტის მატრებელი (ეს ყველა გაერთიანებული ერთ მოდულში) და საკეტი, განაცალკევოთ რესივერისგან, რაც მოსახერხებელია წმენდისთვის. “მავერიკის” შემთხვევაში ეს რომ გააკეთოთ ჯერ უნდა მოხსნათ ლულა, შემდეგ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, რის შემდეგაც უნდა ამოიღოთ ქვევიდან საკეტის “მატარებელი” და ვაზნის ინტერცეპტორები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ წინიდან საკეტის ამოღებას რესივერიდან.  ინტუიციურად “მავერიკს” ვერ დაშლით და მითუმეტეს ვერ ააწყობთ, საჭირო იქნება ისნტრუქციის წაკითხვა ან შესაბამისი ვიდეოს ნახვა. დიახ, “მავერიკი” თითქოს უფრო რთულია, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ექვემდებარება რემონტს, რამე რომ გამოვიდეს მწყობრიდან. გამონაკლისი არის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის რესივერში ფიქსაციის მეთოდი. თუ “ფაბარმში” ის ფიქსირდება ორი შტიფტით, “მოსბერგებში ის უკნიდან ფიქსირდება შტიფტით ხოლო წინიდან შესაბამისი ბჯენებით, რესიცერში ამოჭრილ კილოებში. მე პირადად არ მინახავს და არ მსმენია ასეთი შემთხვევის შესახებ, მაგრამ ამბობენ, რომ ეს პლასტმასის ბჯენები ტყდება და თოფის გამოყენება ხდება შეუძლებელი, უნდა გამოიცვალოს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსო. “მოსბერგ 590a1″-ში ეს კორპუსი მაგალითად არის ლითონის.

ისევე როგორც “ფაბარმში”, მჭიდიდან ამოღებული ვაზნის დაფიქსირება მიწოდების პროცესში არ ხდება, მაგრამ “მავერიკში” მაინც გამოირიცხება ვაზნის გაჭედვა საკეტსა და სავაზნის კიდეს შორის, რაც ადვილად მიღწევადია ბევრი თურქული “ფაბარმის” კლონით, თუ ლულას საკმარისად დაბლა დახრით მიწისკენ. მარტივმა ექსპერიმენტმა დაადასტურა ჩემი სიტყვები. თურქული “ჩერჩილი” ვაზნა მიწოდების მცდელობისას გაჭედა, “მავერიკმა” არა.

ზოგადად, რომ გადახედოთ “მავერიკის” მიმოხილვებს დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღი სარგებლობს კარგი რეპუტაციით და საკამოდ გავრცელებულია. ამის მიზეზი პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ფასი. 200 დოლარად თქვენ პრაქტიკულად მართალია იღებთ “მოსბერგ 500″-ის ბიუჯეტურ ვერსიას, მაგრამ მიანც “მოსბერგ 500″-ს. თქვენ განკარგულებაშია ორმაგი საიმედო ექსტრაქტორი, ალუმინის მსუბუქი რესივერი, რომელიც არ იჟანგება, ვაზნების მისაწოდებელ ღია ფანჯარას, რომლის წყალობით მჭიდი ბევრად ადვილად და სწრაფად ივსება ვაზნებით. თოფის კონსტრუქცია ასევე ძალიან მარტივია, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და მჭიდის გარდა ზამბარები არსად აღარ არის. განსხვავებით “რემინგტონ 870″-სგან ეჟექტორი არ არის პერმანენტულად დამაგრებული რესივერში, არამედ დამაგრებულია ხრახნით, რაც უზრუნველყოფს მის მარტივ გამოცვლას. “რემინგტონის” შემთხვევაში დაგჭირდებათ იარაღის ხელოსანი, ისიც იმ პირობით რომ მას ექნება სპეციალური ინსტრუმენტი.  

20200307_164310

დაშლილი “მავერიკის” ყველა დეტალი ხელმისაწვდომია წმენდისთვის და ინსპექტირებისთვის, მათ შორის ვაზნის მიწოდების მექანიზმის ყველა ელემენტი. მეორეს მხრივ “ფაბარმის” სისტემა უფრო სწრაფად და ინტუიციურად  იშლება და იწყობა. 

“მავერიკის” დანიშნულება არის სახლის დაცვა. როგორც მინიმუმ ყველა მოდელის, რომელიც იყენებს შედარებით მოკლე ლულებს. გამოყენების ეს ფილოსოფია გულისხმობს, რომ თოფის გამოყენება მოხდება უკიდურესად ახლო მანძილებზე. ასეთ მანძილებზე “მავერიკი” იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც ყველაზე “დანავაროტებული” თაქტიკური “პომპა” მაგალითად იგივე FABARM-ის წარმოების, რომლის ფასიც სამჯერ ოთხჯერ უფრო მეტია.

ჩვენ შევეცადეთ, რომ გვენახა სად გადის ასეთი ტიპის თოფის ეფექტურობის ზღვარი და საკმაოდ დამაფიქრებელი შედეგები მივიღეთ. 50 მეტრიდან არც ერთი “სლაგი” სამიზნეს არ მოხვდა. აღმოჩნდა, რომ ასეთ მანძილზე ცდომილება დამიზნების და მოხვედრის წერტილებს შორის იმხელაა, რომ ყველა ტყვია ხვდება სამიზნის მარჯვნივ. თუ 7 მეტრიდან სტანდარტული 9-ნი კარტეჩის მთლიანი მუხტი აღმოჩმნდა სილუეტის ცენტრში, რაც ერთგვარი გარანტიაა, რომ სამიზნე გამოვა მწყობრიდან,  25 მწტრიდან 9-დან მხოლოდ სამი ჭურვი მოხვდა სამიზნეს, რაც არც ისე კარგი შედეგია. 50 მეტრზე 24 გრამიანი “ფოსტერები” სტაბილურად ხოლო 34 გრამიანი  ”ბრენეკეს” მაგვარი ტყვიების ნახევარი, ხვდებოდა სამიზნეს აყირავებული, რაც ნიშნავს რომ 50 მეტრის იქით რაიმე სიზუსტეზე საუბარი იქნებოდა ზედმეტი. ასეთ მანძილზე მოხვედრის საშუალო წერტილი იცვლებოდა ვაზნის ცვლილებასთან ერთად მაგრამ ვერტიკლაური ცდომილება იყო მეტ-ნაკლებად სტაბილური და მოხვედრის საშუალო წერტილი იყო დაახლოებით 80სმ-ით მაღლა. სტანდარტული კორა თარაზოს შემთხვევაში ეს ადვილად გამოსწორდებოდა, მაგრამ მრგვალ კორას ვერაფერს ვერ მოუხერხებ.

20200307_141853

00 კარტეჩით სროლის შედეგი, 7 მეტრზე შედეგი კარგია, 25 მეტრზე შედეგი ნაკლებად შთამბეჭდავია.  15 მეტრიდან ტყვიით სროლისას (ხელიდან) სიზუსტე მისაღებია.  კარგად ჩანს, რომ მოხვედრების უმეტესობა მაღლა და მარჯვნიც არის.  

10-15 მეტრიდან დამიზნება ხდებოდა ღვიძლის მიდამოში რომ მოხვედრები ყოფილიყო სილუეტის მასის ცენტრში. აქ ასევე თავს იჩენს პრობლემა, რომელიც უკავშირდება მარტივი მრგვალი ლატუნის კორის გამოყენებას. თოფზე შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობების გამოყენება გაძლევთ საშულებას ადვილად მიაღწიოთ ერთგვაროვან დამიზნებას, რაც ძნელად მისაღწევია მხოლოდ მრგავლი კორას გამოყენების დროს. დაუმატეთ ამას საშუალო ლულა, საშუალო სასხლეტი და მიიღებთ თოფის ეფექტური გამოყენების 25 მეტრიან ზღვარს, რაც მეორეს მხრივ სრულად შეესაბამება თოფის დანიშნულებას. სახლის დასაცავად 25 მეტრიანი ეფექტური სროლის მანძილი საკმარისზე მეტია.  თოფის შესაძლებლობების ტესტირებისას ჩვენ სპეციალურად ვიყენებდით ყველაზე ხელმისაწვდომ თურქულ ვაზნებს, ამიტომ განსხვავებული/უკეთესი ხარისხის ვაზნებით შედეგი იქნება ალბათ უფრო უკეთესი.

თავისებურება გლუვლულიანი თოფების იმაში მდგომარეობს, რომ მუხტის ცვლილებას მოყვება რადიკალური ცვლილებების მოხვედრის საშუალო წერტილში, შეღწევაში და გაშლაში, ამირტომ თუ სერიოზულად ხართ განწყობილი და გინდათ სროლა 25 მეტრის იქით, მოიმარაგეთ ფული და დრო, იმიტომ რომ ბევრი ექსპერიმენტირება შეიძლება დაგჭირდეთ, სანამ იპოვით ოპტიმალურ კომბინაციას. ეს არ ეხება მარტო ბიუჯეტურ თოფებს, ეს ეხება ყველა თოფს ზოგადად.

რაც შეეხება ნადირობას, მე არაერთხელ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, ჩემი ყველაზე საინტერესო და რეზულტატიური ნადირობები მწყერზე იყო ყველაზე უბრალო “პომპებით”. ერთხელ სადღაც წალკასთან, ვიყავით სანადიროთ და მე თან მქონდა ჩემი საბჭოთა წარმოების ИЖ-58, თუ არ ვცდები ტრადიციული ჩოკ+ნახევარჩოკი ლულებით. ეს ძალიან კარგი თოფია, მსუბუქი და გამძლე. ეს იყო ჩემი პირველი ნადირობა მწყერზე და თოფიც მქონდა კლასიკური, სანადირო იარაღი. პირველივე გასროლით მწყერი პირდაპირი გაგებით დაიშალა ჰაერში და მარტო მისი ერთი თათი ვიპოვე, მერე რამდენიმე აცილებაც იყო. მეორე დღეს “იჟი” დავტოვე ბანაკში და წავიღე ზუსტად ასეთი “მავერიკი”. ნადირობაც ბევრად უფრო რეზულტატიური მქონდა. ვიცი ეხლა გამოცდილ მონადირეებს გაეღიმებათ ამის წაკითხვაზე მაგრამ, რა გინდათ? შორს ვერ გაისვრით მაგრამა ხლო მანძილებზე მწყერს ცოტა შანსი ექნება. თავდაცვა, პრაქტიკა და შესაძლებლობა იარო ყველაზე პოპულარულ ნადირობებზე, ჩემი აზრით კარგი ნაკრებია ბიუჯეტური იარაღისთვის. ვისაც არ აქვს საშუალება ყველაფრისთვის ცალკე იარაღი იქონიოს, ასეთი “პომპა” სთავაზობს გარკვეულ მოქნილობას. მოთხოვნა პომპებზე ჩემ სიტყვებს ადასტურებს, ყველა მაღაზიას ასორტიმენტში აქვს ასეთი თოფები.

“მავერიკის” ტესტირებისას მოხდა ერთი ნაკლებად სასიამოვნო ინციდენტი. თურქული მუხტით სროლისას, რომელიც იყენებს სამ სფერულ ჭურვს პლასტმასის კონტეინერში (Yaf Tripple Slug), საკეტი იჭედებოდა (არ ვიცი რატომ). როდესაც საკეტი არ იხსნება, გამოსავალი არის კონდახის მიწაზე დარტყმა, რომ დარტყმისგან ინერციამ გახსნას საკეტი. ინერციამ გახსნა საკეტი და ამოატეხა პლასტმასის ნაწილი ტიბჟირზე. ეს მასიური ფეილი ადასტურებს, რომ პლასტმასა “მავერიკებზე” არის საკმაოდ საშუალო და ამიტომ მას ჭირდება მოფრთხილება. დაზიანება მეტ წილად კოსმეტიკურია,  მაგრამ მაინც საწყენია, მითუმეტეს იმის გამო რომ, ჩამოტყდა პლასტმასა ყველაზე სქელ ადგილას. მე გადავამოწმე და სათადარიგო ტიბჟირი არ ღირს ძვირი, ფურნიტურის მთელი კომპლექტი ჯდება სადღაც  40 დოლარი.

20200307_164328

დაზიანებული ტიბჟირი. 

ასევე გადატენვისას მოხდა ისეთი ტიპის დაბრკოლება, რომლის ახსნა საკმაოდ ძნელია. საკეტის გახსნისას ვაზნა მჭიდიან ამოხტა გარეთ. როგორც არ ვეცადე შემდგომ, ასეთი რამე ვერ გავიმეორე. ვაზმა ან ამოხტა საექსტრაქციო ფანჯრიდან ან ვაზნის მისაწოდებელმა ხონჩამ ვერ მოასწრო ჩამოწევა და მჭიდმა ვაზნა გარეთ გადმოაგდო. როგორც აღვნიშნე იგივე დაბრკოლების იმიტირება მე ვერ შევძელი და არც მომდევნო გასროლების დროს ასეთი რამე აღარ გამეორებულა. გარდა ხსენებული თურქული “სამ ტყვიანი” მუხტისა იარაღმა მოინელა ყველა ვაზნა მათ შორის გადატენილი. სავაზნე 76მმ-ნია, მაგრამ მეეჭვება ვინმემ შეძლოს ე.წ. “მაგნუმ” ვაზნების გამოყენება აუტანელი უკუცემის გამო. სტანდარტული 34 გრამიანი ვაზნების გამოყენებისას უკუცემა ატანის ზედა ზღვარზეა თოფის მცირე წონის გამო და ძალიან რბილი “ბალიში” კონდახზე საქმეს დიდად არ შველის.

ბოლოს ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რომელია უფრო უკეთესი, რომელიმე თურქული “ფაბარმის” კლონი 500-600 ლარად თუ “მავერიკი” 700-900 ლარად?  მე მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თურქული თოფების შესრულება ბევრად უკეთესია, ლულა და სავაზნეც ქრომირებულია, ზოგი მოდელი ასეთ ფასში მოდის შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობებით და სხვა რამეებით რაც “მავერიკს” არ გააჩნია, მაგალითად თუნდაც საღვედეებით (ჩემ 400 ლარად ნაყიდ “ჩერჩილს” საღვედეები უყენია). ამავე დროს თურქული თოფები გამოდგომაზეა, მაგრამ მათი ხარისხი  წლიდან წლამდე უმჯობსდება. “მავერიკი” მეორეს მხრივ გამოცდილი კონსტრუქციაა, თუმცა თოფის ტესტირებამ და ინციდენტმა ტიბჟირთან დაგვიდასტურა, რომ “მავერიკს” ბევრი აკლია ეტალონურ 590A1-მდე, რომელიც ჩემი აზრით არის საუკეთესო 12 კალიბრის პომპა.  ასევე მე არ მომწონს რომ “ფაბარმის” სქემაში შესაძლებელია ადვილად ინიცირება მდგომარეობის, რომლის დროსაც ვაზნა გაიჭედება. ის, რომ “ფაბარმის” კლონები უფრო ადვილად იშლება, არ არის კრიტიკული ასეთი ტიპის იარაღებისთვის, რომლებსაც ხშირი წმენდა არ ჭირდებათ.  მოკლედ ყველა ფაქტორი მე ჩამიგითვალეთ, ხოლო საბოლოო არჩევანი თქვენზეა.

20200307_165440

“მოსბერგის” სისტემის საფირმო “ღია” დასატენი ფანჯარა.

dg9009

პრაქტიკულად ერთი და იგივე ტიპის და რაოდენობის ვაზნების გასროლის შემდეგ არ არის ძნელი მიხვდეთ, რომელი ლულა არის ქრომირებული და რომელი არა.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. “Maverick 88″ არის ყველაფერში მინიმალისტური თოფი, რომელიც იყენებს კარგად გამოცდილ “მოსბერგ 500″-ის კონსტრუქციას. სამწუხაროდ მისი ფასი საკმაოდ მაღალია, იმის გამო რომ თოფი იწყობა ამერიკაში. ვინც არ ენდობით თურქულ მწარმოებლებს, მაშინ “მავერიკი” იქნება ფასით თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი. უბრალოდ დარწმუნდით რომ თოფი მუშაობს და დააკვირდით რა შედეგს იღებთ იმ ვაზნებით, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. “Maverick 88″ არის თოფი რომელსაც, როგორც წესი ყიდულობენ ყოველი შემთხვევისთვის და ამიტომ არ უნდათ ბევრის დახარჯვა.

o-matic

ჩვენი ტესტი – ВПО-148/”Vepr-1V”

Saturday, February 29th, 2020

P1120347

2007 წელს, ერთ შაბათ დღეს მე და ჩემი მეგობარი ვვარჯიშობდით კუს ტბაზე. ვარჯიშის მერე გადავწყვიტეთ ვესტუმროთ ჩვენი მეორე მეგობრის  იარაღების მაღაზიას. უბრალოდ გასართობათ და დროის გაყვანის მიზნით. არ ვიცი როგორ, მაგრამ სახლში მე დავბრუნდი 5.45 კალიბრის „ვეპრით“ ჩემი მანქანის საბარგულში. ვისაც არ გახსოვთ ან უბრალოდ ძალიან ახალგაზრდები ხართ, 2007 წელს საქართველოში გრძელი იარაღების არჩევანი იყო ძალიან მოკრძალებული. 99.9% პროცენტით ეს აარჩევანი შედგებოდა ე.წ. „ნზ“-ს ან რუსული წარმოების იარაღებით. მიუხედავად ამისა, 5.45 კალიბრის იარაღი საქართველოში პრაქტიკულად არ იყო გაყიდვაში. პრინციპში ის ეკზოტიკად ითვლებოდა ყველგან რუსეთის ჩათვლით, სადაც 5.45 როგორც საარმიო კალიბრი, იმ დროს იყო აკრძალული სამოქალაქო ბრუნვაში. დნარაჩენი  მსოფლიოც ამ შედარებით ახალგაზრდა კალიბრს პრაქტიკულად არ იცნობდა. საქართველოში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ რამდენიმე ერთეული 5.45 კალიბრის „ვეპრები“ შემოიტანეს და მაღაზიის მეპატრონის სიტყვებით, ყველა ეს იარაღი „დაიტაცეს“ ახლობლებმა. ეს იარაღიც ერთ-ერთ ასეთ ახლობელს ეკუთვნოდა და მერე უკვე მოხვდა ჩემ ხელებში.

მომდვენო წელი მე დავუთმე ამ კალიბრის, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, სიღრმისეულ შესწავალას. ამდენი ომების და კონფლიქტების  შემდეგ  ”აკაესის ტყვიაზე” უამრავი მითი და ლეგენდა დადიოდა. ჩვენ  ვისროდით წინაღობებში, რომ გვენახა რა მოსდის ტყვიას ხეში, რკინაში გავლისას, ვისროდით ბუჩქების გავლით, რომ გვენახა რა გავლენას ახდენდა ტოტები და ფოთლები ტყვიის ტრაექტორიაზე, რა თქმა უნდა ვისროდით სიზუსტეზეც. ერთი წლის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ 5.45 არის კარგი კალიბრი, მყარი ტყვიით, რომელიც კარგად ინარჩუნებდა მასას და ფორმას წინაღობებში გავლისას. ასევე დავადგინეთ, რომ ბუჩქებს ამოფარებულ მოწინააღმდეგეს ტყვია მაინც მიწვდებოდა, თუმცა დაყირავებული და ასევე დავრწმუნდი იმაში რომ ეს კალიბრი არის ძალიან ზუსტი და სროლა, უკუცემის მცირე იმპულსის გამო, ძალიან კომფორტულია. „ვეპრითაც“ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს იარაღი ხარისხით და შესრულებით ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ნებისმიერი “საიგა”.  კარგი დაფარვა, ლამაზად შესრულებული დამღები და წარწერები, კარგი ხარისხის ხის ფურნიტურა და განსხვავებული იერსახე, გამოარჩევდა „ვეპრებს“ ნაჯახით გამოთლილი „საიგებისგან“.  იარაღს მოყვა ПСО-1 ტიპის ოპტიკური სამიზნე და მისი ოთხჯერადი გადიდება საკმარისი იყო რომ ძალიან კარგი ჯგუფები მიგვეღო.  შეძენიდან სადღაც ერთი კვირის მერე იარაღი მე გავასხვისე და ეს კალიბრი დავივიწყე 13 წლით.

არც ისე დიდიხანია, რაც თბილისში ისევ გამოჩნდა “მოლოტის” პროდუქცია. “მოლოტ” ანუ ურო, ასე ქვია ქარხანას, რომელიც განლაგებულია  რუსეთში, კიროვის ოლქის ქალაქ ვიატსკიე პოლიანიში.  მანდ განლაგებული საწარმო კარგახანი უშვებდა საბჭოთა და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, კალაშნიკოვის სისტემის  მსუბუქ ტყვიამფრქვევებს, მას მერე მოყოლებული ამ ქარხნის სამოქალაქო “კალაშნიკოვები”, ისევე როგორც საარმიო РПК, აღჭურვილია უფრო სქელი ფოლადის ფირფიტისგან დამზადებული ნაშტამპი რესივერით და უფრო მასიური “ტრუნიუონით” რომელიც უკეთ შთანთქავს სიცხეს ინტენსიური სროლისგან. ამიტომ  ”ბეჭებიანი” რესივერი იყო ყველაზე თვალში საცემი ნიშანი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა “მოლოტის” შაშხანებს და კარაბინებს.  ქარხანა მრავალი წელია არის გაკოტრების რეჟიმში, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებს პროდუქციის გამოშვებას, რომელიც მიუხედავად ფინანსური და სხვაგვარი პრობლემებისა ასე თუ ისე ინარჩუნებს ხარისხს და მისი პროდუქცია სარგებლობს მოთხოვნით.

განცხადებას  ამ “ვეპრის” გასხვისებაზე, რომელზეც წავა საუბარი ამ სტატიაში მე ორი კვირა ვადევნებდი თვალს, სანამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე მისი შეძენა. ფასი კარგი იყო, იარაღის კომპლექტაციაც საინტერესო, 5.45 ვაზნები ასე თუ ისე იყიდება მაღაზიებში და ამიტომ იარაღი გადმოვიფორმე.

ჩემს მიერ შეძენილი კარაბინის ოფიციალური დასახელება არის ВПО-148 და ის წარმოადგენს საკმაოდ საინეტერესო ქმნილებას, რომელიც საერთოდ არ გავს ტიპიური სამოქალაქო „კალაშნიკოვებს“, რომლებსაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. დავიწყოთ ყველაზე თვალში საცემი განსხვავებებით. იარაღი იყენებს 90 გრადუსიან, დენთის აირების კამერას, რაც დამახასიათებელია „კალაშნიკოვის“ შედარებით ახალი მოდელებისთვის. უჩვეულოდ მოკლე 350მმ-ნი ლულა (ბიჯი 1:195, ლულის არხი და სავაზნე ქრომირებულია) არის სქელი პროფილის ხოლო მის ბოლოს დაყენებულია მასიური სამკამერიანი, მიჩულეკის ტიპის ლულის მუხრუჭი. რესივერის ხუფზე, მოქლონების გამოყენებით დაყენებულია პიკატინის სამაგრი, ხოლო ხუფი თავისმხრივ უკავშირდება რესივერს (ტრუნიონს) სახსარით, დაახლოებით ისევე, როგორც  ეს განხორციელებულია AKС-74У-ში. კარაბინზე ასევე დაყენებულია РПК-ს უკანა სამიზნი მოწყობილობა, რომელიც გარდა ვერტიკალური შესწორებებისა ასევე გაძლევს საშუალებას მარტივად შეიატანო ჰორიზონტალური შესწორებები.  განსხვავდება „ვეპრის“ კონდახიც, მასიურ რკინის სახსარზე დაყენებულია სტანდარტული AR-15-ის რესივერის დაგრძელება (ე.წ. ბუფერის მილი), რაც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ AR-15-ზე გათვლილი კონდახები. გარდა ამისა, სახსრის მეშვეობით, კონდახი იკეცება მარჯვნივ. გაშლილ მდგომარეობაში კარაბინის სიგრძე 840მმ-ია, ბოლომდე გაშლილი 6 პოზიციანი კონდახით – 920მმ, გვერძე მოკეცილი კონდახით სულ რაღაც 630მმ.

P1120339

ВПО-148-ის უკანა სამიზნი მოწყობილობა, ასევე კარგად ჩანს რესვიერის. ხუფის სახსარი. სამიზნი მოწყობილობის დოლურა გამოწეულია.

კარაბინი აღჭურვილია ე.წ. “სუხარით”, ნაწილით რომელიც დამაგრებულია რესივერის შიგნით და უზრუნვლეყოფს ვაზნების მიწოდებას სტანდარტული AK-74-ის მჭიდებიდან.  ეს ცალსახად არის უპირატესობა “საიგებთან” შედარებით. როგორც ყველა, რუსული წარმოების სამხედრო იარაღი, ჩვენი “ვეპრიც” დაფარულია სქელი შავი საღებავით.

ამ ნაწილის წაკითხვის შემდეგ უნდა დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ ВПО-148 არის მაგარი იარაღი, რომელიც ქარხნიდან მოდის ისეთ კომპლექტაციაში, რომ საკმარისია მარტო ოპტიკის და ღვედის დაყენება და მიიღებთ პრაქტიკულად “დატუნინგებული” “კალაშნიკოვს”. მაგალითად “საიგა” რომ მოიყვანოთ ანალოგიურ მდგომარეობამდე დაგჭირდებათ ასობით ლარის დახარჯვა. სამწუხაროდ მთლად ასე არ არის. დავიწყოთ იქიდან, რომ ВПО-148 ღირს საკმაოდ ძვირი – 2850 ლარი, რაც უკვე პრაქტიკულად AR-15-ის ტერიტორიაა. მაგრამ მაღალი ფასი მისი ერთადერთი ნაკლი არ არის. ახლოდან გაცნობის შემდეგ, ხვდები რომ პრობლემების ჩამონათვალი გაცილებით გრძელია. მაგალითად პირველი, რასაც ხვდებით ВПО-148-ის ხელში აღებისას არის ის, რომ ეს მოკლე კარაბინი არის ძალიან მძიმე.  მოკლე კარაბინი, გათვლილი დაბალიმპულსიან კალიბრზე,  იწონის არც მეტი არც ნაკლები 4,6 კილოს სავსე მჭიდით. სტანდარტული “საიგის” წონა მაგალითად არის სადღაც 3.3 კგ. 1.3კგ სხვაობა წონაში არის კოლოსალური განსხვავება. როგორც მე მიყვას ხოლმე თქმა, თუ იარაღი არის მსუბუქი, ოპტიკის და სხვა მოწყობილობების დაყენების შემდეგაც თქვენ გექნებათ გოინივრულად მსუბუქი იარაღი.  მთავარი მიზეზი ამხელა სხვაობის წონაში არის სქელი პროფილის ლულა, უფრო სქელი რესივერი და უფრო მასიური ტრუნიონი, მაგრამ მარტო წონით და ფასით ამ იარაღის პრობლემები არ შემოიფარგლება.

ВПО-148-ის ყველა დანარჩენი ნაკლოვანება გამომდინარეობს იქიდან, რომ იარაღი არ არის კარგად ნაფიქრი. დავიწყოთ ჩამოთვლა იმით, რომ იარაღის კონდახი იკეცება მარჯვნივ და თუ გვერდითა სამაგრზე ოპტიკა გიყენიათ, მაინც შეძლებთ კონდახის მოკეცვას, რაც კარგია. მაგრამ კონდახის მოკეცვისას მას ერჭობა მცველზე შესრულებული დამატებითი თარო, რის გამოც FAB Defense-ის კონდახზე გაჩნდა სელექტორით “ამოჭმული” ადგილი. კონდახის სახსარი არის რკინის, რაც კარგია, მაგრამ იმისთვის რომ ის მოკეცოთ, მთლიანად კონდახი უნდა ჩაწიოთ ქვევით, რისთვისაც საჭიროა დაძლიოთ საკმაოდ მძიმე ზამბარის წინააღმდეგობა და ასე, მანამ სანამ კონდახი ბოლომდე არ მოიკეცება. კონდახის გაშლა არ ხდება ერთი მოძრაობით. ამის მაგივრად ის ისევ უნდა ჩაწიოთ დაბლა (რაც ასევე არ გამოდის ადვილად და სწრაფად) და გაშალოთ, თუ პროცესში დაწოლა ქვევით შეწყვიტეთ კონდახი გაიჭედება ან საკეტის ერთი ნაწილი დაარტყავს მეორეს და დააზიანებს მას. ასეთი უცნაური გადაწყვეტილება იწვევს იმას, რომ იარაღის სწრაფად საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია. მცდელობამ ერთი მოძრაობით კონდახის გახსნის, გამოიწვია მისი გაჭედვა ღია მდგომარეობაში, იმიტომ რომ დაზიანდა მცველი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს გასროლას მოკეცილი კონდახით. საჭირო გახდა, ურო, “ბარგალკა” და ქლიბი. შემდგომში ეს ინსტრუმენტები ისევ არაერთხელ გახდა საჭირო…

შემდეგი პუნქტი ჩამონათვალში არის მცველის გადამრთველი და მასზე დაყენებული დამატებითი “თარო”. დიახ ВПО-148 კომპლექტდება “გაუმჯობესებული” მცველით, რაც კარგია, მაგრამ პირდაპირ ყუთიდან მისი გამოყენება შეუძლებელია. თუ ჰალკი არ ხართ ამ თაროს გამოყენებით მცველს ადგილიდან ვერ დაძრავთ. საჭიროა გადამრთველის მოღუნვა, მაგრამ მაშინაც თაროს ფორმა და განლაგება დიდად ხელს არ გიწყობთ სისწრაფეში. ან პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ თაროს დანიშნულებით გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. ეს თარო გერჭობათ ხელში და როგორც ბონუსი, ასეთი გადამრთველი თან დააზიანებს კონდახის პლასტმასას და შეუძლებელს გახდის მის ჩართვა-გამორთვას დაკეცილ კონდახზე. ეს გადაწყვეტილება ანალოგიურია Krebs-ის Ambi Enhanced AK Safety-ის მაგრამ ჩემი აზრით ის მოუხერხებელია, პირდაპირ ყუთიდან არ მუშაობს და რაც უფრო ცუდია, რომც აიძულოთ ის იმუშაოს, ჩამოგიყალიბებთ არასწორ ჩვევას და სხვა AK-ს ხელში აღებისას მოგიწვევთ გადაჩვევა. ამიტომ საჭირო გახდა “დრემელი” და “გაუმჯობესებული” მცველი გაუმჯობესება. მე ეს თარო უბრალოდ მოვჭერი.

ak sel

ასე (მარჯვნივ) გამოიყურება “კალაშნიკოვის” სელექტორის მოდიფიკაცია, რომელიც ხდის მას უფრო მოსახერხებელს, რუსებს მხოლოდ უნდა ეს გაემეორებინათ, ამის მაგივრად მათ შექმნეს სელექტორი, რომელიც უფრო მოუხერხებელი გახდა ვიდრე სტანდარტული.

ასევე თავისებურად არის მოგვარებული „კალაშნიკოვის“ პლატფორმის ტრადიციული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ოპტიკის დაყენების სირთულეს. კარგია, რომ გვერდითა სამაგრი შენარჩუნებულია, ხოლო ხისტი რესივერი უზრუნველყოფს ოპტიკის უფრო საიმედო დაფიქსირებას. გვერდითი სამაგრის გარდა „ვეპრზე“ ასევე არის რესივერის ხუფის მთელ სიგრძეზე დაყენებული “უივერის” სამაგრი. აქამდე ასეთ ხუფებს იყენებდნენ მარტო აირსოფტის იარაღები ან ჩინური ნაკეთობები, რომლებსაც თავმოყვარე ადამიანი არ დააყენებდა ცეცხლსასროლ იარაღზე. ხუფი თხელია, არ წარმოადგენს რესივერის ნაწილს და ამიტომ მასზე ოპტიკის დაყენების შემდეგ “ნოლის” შენარჩუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. „ვეპრში“ ეს პრობლემა „მოგვარებულია“ იმით, რომ ხუფი მაგრდება რესივერზე სახსარის მეშვეობით. ასევე კარგია, რომ  სამაგრი მეტალის არის და ალბათ გამოდგება მცირე ზომის „რედ-დოტის“ დასაყენებლად და 50-100 მეტრზე სასროლად, მაგრამ მე პირადად მეეჭვება ამ კონსტრუქციამ გაუძლოს სრულფასოვან ოპტიკურ სამიზნეს და არ დაკარგოს ზერო, ხუფის გახსნის შემდეგ ან უბრალოდ სროლისგან გამოწვეული ვიბრაციით. მართალი ვარ მე თუ ვცდები, ამ ეტაპზე არ ვიცი, უბრალოდ ვიცი რომ ოპტიკის ასეთი მონტაჟი ეწინააღმდეგება ჟანრის კანონებს.  მიჭირს ასევე წარმოვიდგინო რა წონასს აარტყავს „ვეპრი“, როდესაც მასზე დააყენებთ, ფარანს, გვერდითა კრონშტეინს და ოპტიკას. ალბათ იარაღის გადასატანად საჭირო გახდება სოკოლოვის ლაფეტი….

კრიტიკას იმსახურებს ასევე „ვეპრის“ ტიბჟირი, რომლის მასალაც გამოიყურება როგორც რაღაც იაფი, დაბალხარისხიანი, თანაც პრიალა, სათამაშო პლასტმასა. ტიბჟირიც და დენთის აირების მილაკის გარსაცმი დაფარულია ღარებით, სადაც გროვდება მტვერი და ჭუჭყი, ჩემი აზრით უბრალო სადა პლასტმასის ფურნიტურა იქნებოდა საკმარისი. კარგი ის არის რომ ტიბჟირის ქვევიდან არის პიკატინის სამაგრი, ხოლო გვერდებიდან პიკატინის სამაგრის სეგმენტების დასაყენებლად გათვლილი შესაბამისი წერტილები. სამაგრი პლასტმასის არის და შესრულებულია ტიბჟირთან ერთად. ტიბჟირის გვერდითა სამაგრები არ მოყვა, ან წინა პატრონს დაავიწყდა გადმოეცა…

vepr furnit

ფურნიტურა გაიწმინდა და შეიღება. 

ქარხნულად „ვეპრი“ კომპლექტდება უცნაური ფორმის სახელურით, რომელიც წინა პატრონმა გამოცვალა Magpul-ით, რისთვისაც მას დიდი მადლობა, იმიტომ რომ ქარხნული ფსევდო-ორთოპედიული სახელური უფრო მოუხდებოდა პაკისტანის მთიან რეგიონებში კუსტარულად დამზადებულ იარაღს.

P1120338

FAB-ის კონდახი არის კარგი ხარისხის, ერგონომიულია, გააჩნია სწრაფად მოსახსნელი საღვედისთვის გათვალისწინებული სამაგრი. ქარხნულად „ვეპრი“ კომპლექტდება მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი თუმცა ჩემი აზრით ზედმეტად რთული და გადატვირთული კონსტრუქციის კონდახით. ზოგი მოდელი კომპლექტდება ასევე დასაკეცი ლითონის დუგლუგით. 

P1120343

ВПО-148-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. კარაბინზე დაყენებულია ე.წ. “ავტოსპუსკი”, რომელიც ბუნებრივია დაყენებულია არა იმიტომ, რომ კარაბინმა ისროლოს ჯერებთ არამედ ამ შემთხვევაში უბრალოდ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როდესაც სანამ საკეტი არ მივა უკიდურესად წინა პოზიციაში ჩაჩხმახი დარჩება ჩაკეტილი.  

საქართველოში “ვეპრები”, როგორც ჩანს იყიდება სტანდარტული 30 ვაზნიანი მჭიდებით. ჩემ იარაღს მოყვა სტანდარტული АК-74-ის მჭიდები, აქიდან ერთი იყო პლასტმასის ორი კიდე ბაკელიტის. მე არ ვიცი ეს მჭიდები წინა პატრონს ეკუთვნოდა თუ მოყვა იარაღს ქარხნიდან (რუსები წერენ, რომ „ვეპრს“ შეიძლება მოყვეს, როგორც ახალი „კომერციული“ მჭიდები ასევე ბაკელიტის) მაგრამ სამივე მჭიდი იყო შეღებილი რაღაც საღებავით, რომელიც გავს ბიტუმის ლაკის ნაირსახეობას, რომლითაც რუსები ღებავენ იარაღს. ეჭვი მაქვს, რომ ეს სამღებრო სამუშაოები „მოლოტში“ ჩატარდა. მეორადი თანაც არც ისე კარგად შენახული მჭიდებით ახალი იარაღის დაკომპლექტება კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს რუსი მწარმოებლების დამოკიდებულებას მათი კლიენტების მიმართ. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ მჭიდის მეტალის დეტალები ატარებდნენ კოროზიის ნიშნებს, რის გამოც მჭიდის საკეტელა ხშირად იჭედებოდა ბჯენზე იმიტომ, რომ უკანასკნელი იყო კოროზიისგან დეფორმირებული. საჭირო გახდა ისევ დრემელის გამოყენება და ბჯენის ზედაპირის გასწორება. სიმართლე გითხრათ, ასეთი მჭიდები მე მაინც მირჩევნია ნებისმიერ “მაგპულებს” ან სხვა თანამედროვე წარმოების მჭიდებს. თანაც 40 წუთი, 1 ლიტრი ბენზინი და მჭიდებს დაუბრუნდათ „ცივი ომის“ ხიბლი.

 vepr diy mods

„ვეპრს“ კომპლექტში ასევე მოყვება საარმიო ზეთის მათარა და რკინის ცილნდრი საწმენდი კომპლექტით, “sneaky russians” გავიფიქრე მე, ვერ მოიფიქრეს კარაბინის ნორმალური ინვენტარით დაკომპლექტება, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ამერიკელების ეკონომიიდან გამომდინარე საღვედეებსაც კი არ უყენებენ იარაღს და ვინმემ რომ ჩაგიდოს საწმენდი ნაკრები საერთოდ წარმოუდგენელია, ასე რომ აქ ჯობია გავჩუმდეთ.

P1120342

ВПО-148-ის მოძრავი ნაწილები.  დამაბრუნებელი ზამბარის მოდულზე დაყენებულია რეზინის ბუფერი, რომელიც ალბათ წინა პატრონმა დააყენა. “ვეპრის” დგუში დამაგრებულია საკეტის ჩარჩოზე ხრახნებით და გვერდებიდან წერტილოვანი პრესით (მრგვალი ჩაღრმავებები ჩარჩოს და დგუშის მიერთების ადგილას). შტიფტით დამატებითი ფიქსაცია რუსეთში კარაგხანია (ასე 90-ების დასაწყისიდან) აღარ გამოიყენება, თუმცა ითვლება, რომ უფრო საიმედოა და შესაბამისად უფრო ძვირიც.

დაშლის, აწყობის და მოვლა/მომსახურების თვალსაზრისით, ВПО-148 არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა “კალაშნიკოვისგან” ამიტომ ამ თემაზე არაფერს აღარ დავწერ.

მე მიჭირს ამ „მონსტრი“ კარაბინის შეფასება. თუ ეს არის ის, როგორც რუსები უყურებენ „კალაშნიკოვის“ პლატფორმის განვითარებას, მაშინ მე კიდე უფრო ვრწმუნდები, რომ რუსებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორი უნდა იყოს პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და საერთოდ რა ტრენდები და ტენდენციებია სამოქალაქო ტაქტიკური იარაღების სეგმენტში.  ან მეორე ვარიანტი, ВПО-148 არის გათვლილი ტიპიურ საშუალო სტატისტიკურ რუსული იარაღის მოყვარულ “სასტავზე”, რომელსაც უდაოდ მოეწონება ასეთი „კალაშნიკოვი“ სტეროიდებზე. მე ყურადღებით შევისწავლე რუსების გამოხმაურებები ВПО-148-ზე და გამოხმაურებები საკმაოდ თავშეკავებულია. იარაღი მუშაობს, მაგრამ ხალხს არ ესმია ამ იარაღის დანიშნულება….

გაგიკვირდებათ და „მოლოტს“ აქვს ჩამოყალიბებული კონცეფცია ამ იარაღისთვის. ოფიციალური ვერსიით, ВПО-148 შექმნეს ”გარკვეულ სპეცდანიშნულების რაზმებთან” თანამშრომლობით. “მოლოტის” განმარტებით ВПО-148 არის მსუბუქი (!!!) მხარდაჭერის იარაღი. ერთგვარი M4 მძიმე SOCOM ლულით ან Stoner 63, გათვლილი ახლო მანძილებზე ინტენსიური ცეცხლის წარმოებისთვის. სქელი ლულა და მასიური ტრუნიონი უკეთ შთანთქავს ლულის ყველაზე საშიშ მტერს – სიცხეს, მაგრამ ნახევრად-ავტომატურ იარაღში ეს საერთოდ არანაირ როლს არ თამაშობს. როგორც მინიშნება იმაზე, რომ ВПО-148 უბრალო კარაბინი არ არის, „მოლოტი“ აკომპლექტებს მათ 45 ვაზნიანი მჭიდებით. ჩვენამდე იარაღმა მოაღწია 30 ვაზნიანი მჭიდებით.

მოკლედ ВПО-148 არის ბრუტალურად ლამაზი, მძიმე როგორც მომაკვდინებელი ცოდვა და როგორც უმეტესობა რუსულ იარაღების, საჭიროებს ქლიბს და ჩაქუჩს ჭკუაზე მოსაყვანად. დადებით მხარეებს უდაოდ განეკუთვნება ხისტი რესივერი და მასიური ტრუნიონი, რის გამოც იარაღი თეორიულად უფრო ზუსტი უნდა იყოს ვიდრე “საიგა”. უფრო ხისტი რესივერის გამო, ოპტიკაც უფრო მყარად უნდა იდგას. სიზუსტეს ასევე ხელს უნდა უწყობდეს სქელი ლულა.

ძალიან ყუარადღებიანმა დაკვირვებამ ვერ გამოავლინა “კალაშნიკოვისთვის” ტიპიური ხარვეზები, როგორიც არის არასწორად ჩასმული ტრუნიონი, ზედმეტად ფართე მჭიდის დასამაგრებელი ადგილი, მორყეული ტიბჟირი ან დენთის აირების მილი/მისი გარსაცმი და ა.შ.  არც დასაკეცი კონდახის მექანიზმში არ არის “ლუფტები”. კონდახი სწორია და არა დახრილი, რაც ასევე კარგია. მთლიანობაში იარაღი ხარისხიანად არის აწყობილი, რასაც ვერ დაუკარგავ.  გვერძე მოკეცილი კონდახით იარაღი ძალიან კომპაქტურია, სულ რაღაც 630მმ სიგრძეში.

მოკლედ „ვეპრმა“ შერეული შთაბეჭდილებები დამიტოვა. ტექნოლოგიურად და ერგონომიულად ის არის ისევ 60-ან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ „მოლოტში“ ეცადნენ აყოლოდნენ თანამედროვე ტენდენციებს, უბრალოდ რაღაცა ბოლომდე ვერ გაიგეს, რაღაცა დაეზარათ, რაღაცა ვერ გათვალეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, 4.6 კგ-ნი მონსტრი. ობიექტურები, რომ ვიყოთ, რაიმე ფატალური ნაკლი იარაღს არ აქვს, ხოლო წვრილმანების გამოსწორება ან მათთან ადაპტირება/თანაცხოვრება რთული არ უნდა იყოს.

20200215_155734

სქელი ლულა, პრაქტიკული თვალსაზრისით სამოქალაქო ტაქტიკურ კარაბინზე და ზოგ სხვა დანიშნულების იარაღზე აბსოლუტურად ზედმეტია. 

დარჩა მხოლოდ პასუხის გაცემა კითხვებზე, როგორ მუშაობს „ვეპრი“, რამდენად საიმედოა ის და რა სიზუსტის ჩვენება შეუძლია. მე ჯერ კიდე 2007 წლიდან მოყოლოებული დავრწმუნდი, რომ 5.45 არის კალიბრი გამოირჩევა ძალიან კარგი თანდაყოლილი სიზუსტით. მოკლე და სქელი ლულა, ხისტი რესივერი, დიდი წონა საკმაოდ კარგ სასხლეტთან ერთად, მაძლევდა იმედს, რომ „ვეპრი“ გვიჩვენებდა ღირსეულ შედეგს სიზუსტეში. საიმედოობაში მე ეჭვი არ მეპარებოდა, ეს პლატფორმა ცნობილია თავისი  საიმედოობით, თუმცა მაინტერესებდა, როგორ მოინელებდა ის მუხტებს ექსპანსიური ტყვიებით.

იარაღი სწრაფად გავასწორეთ 50 მეტრზე და აქ უნდა აღვნიშნო, რომ კარგად იმუშავა РПК-ს თარაზომ, რომელშიც ჰორიზონტალური შესწორებები შედის ძალიან ადვილად. უბრალოდ გამოწიეთ დოლურა-ფიქსატორი მარჯვნივ, გადაწიეთ და დააფიქსირეთ საჭირო მდგომაორეობაში. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებოდათ ჩაქუჩი და შტანგელცირკული ან სპეციალური ხელსაწყო. ვერტიკალური შესწორება არ შემიტანია. მე მირჩევნია 100 მეტრიდან და უფრო შორს დამიზნება სამიზნის ძირში, ამიტომ ვასწორებ ჩემ კარაბინებს შესაბამისად.

ჩემი გამცდილებით, ტიპიური “აკ” ისვრის სადღაც საშუალოდ 12სმ-დან 16სმ-მდე ჯგუფებს 100 მეტრზე ყველაზე ტიპიური მუხტებით. არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა კალიბრის არის (.223, 7,62, 5.45×39). მინახია “კალაშნიკოვები” რომლებიც ამაზე უფრო ზუსტები იყო ან პიქირით მაგრამ საშუალოდ ისე არის, როგორც ზევით დავწერე. ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ ვაზნები 53 გრანიანი FMJ ტყვიით, ბარნაულის წარმოების მუხტი 55 გრანიანი ექსპანსური ტყვიით, ამავე მწარმოებლის მუხტი 60 გრანიანი FMJ ტყვიით და Hornady-ის მუხტი, 60 გრანიანი V-max ტყვიით და რკინის მასრით.

საშუალო სიზუსტემ შეადგინა 7.3 სმ, რაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე უჩვეულოდ კარგი შედეგია “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღისთვის.  გათვლებისას გამოვიყენე ხუთი სამ გასროლიანი ჯგუფი და მხოლოდ ერთი ფლაიერი გამოვრიცხე, რომელიც ძალიან შორს მოხვდა, რაც მსროლელის, ანუ ჩემი ბრალია. თუ ჩავთვლით ორი მსროლელის ყველა ჯგუფს და ფლაიერებს, საშუალო სიზუსტე 100 მეტრზე გამოდის 9,6 სმ, რაც მაინც ძალიან კარგი შედეგია.

P1120363

აღსანიშნავია, რომ სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, სადგარის და ოპტიკის გარეშე. პრაქტიკული სიზუსტე – 9.5სმ 100 მეტრზე ძალიან კარგი შედეგია, “კალაშნიკოვისთვის” 350 მმ-ნი ლულით. სტანდარტული AK-74-ის ლულის სიგრძე 415მმ-ია. არ მგონია 6.5 სმ-ნმა სხვაობამ გამოიწვიოს საწყისი სიჩქარის დრამატული შემცირება.

როგორც მოსალოდნელი იყო, გასროლის ხმა, მოკლე ლულის და სამკამერიანი მუხრუჭის გამო, იყო ძალიან მაღალი. მსროლელის გვერძე დგომა, სროლის დროს, იყო საკმაოდ არაკომფორტული. მეორეს მხრივ უკუცემა პრაქტიკულად არ არსებობს. მასიური ლულის მუხრუჭი და იარაღის  სოლიდური მასა თავისას შვება. სასხლეტი საკმაოდ რბილია, მაგრამ საკმაოდ გრძელი სვლით, რის გამოც ძალიან სწრაფი სპლიტები არ გამოგივათ.

რაიმე დაბრკოლებას სროლის დროს ადგილი არ ქონდა. იარაღმა მოინელა ყველა ვაზნა, მათ შორის ბარნაულის, ექსპანსიური მოკლე ტყვიით. 100 მეტრამდე სროლისას, რაიმე დრამატული სხვაობა სხვადასხვა მუხტებს შორის არ გამოკვეთილა, ტრაექტორია და ჯგუფები პრაქტიკულად იდენტური იყო. ექსტრაქცია იყო როგორც “კალაშნიკოვებს” ზოგადად ჩვევია ძალიან “ენერგიული”, მასრები მიფრინავდნენ 2 საათი მიმართულებით,  4-6 მეტრზე. მასრებს არ ეტყობათ ე.წ. კრიმინალური დამღების კვალი მასრებზე. როგორც ჩანს იმის გამო, რომ იარაღი საექსპორტოა.

კარგმა სიზუსტემ, გარკვეულ წილად დამავიწყებინა “ვეპრის” ჩავარდნები ერგონომიკაში. სხვას იდეაში არც ველოდებოდი, მოკლე, სქელი ე.ი. ხისტი ლულა, ჩასმული უფრო ხისტ რესივერში, გათვლილი კალიბრზე, რომელიც ცნობილია სიზუსტით, მოგცემენ კარგ შედეგს თუ მუშამ “მოლოტში” წინა დღეს არ უყურე ტელევიზორში პუტინის გამოსვლას, კარგად არ გამოთვრა დეპრესიისგან და მეორე დღეს არ მივიდა პახმელიაზე სამსახურში. გარდა ამისა სქელი ლულა, ასევე თეორიულად უფრო რთულია გააფუჭო “არმატურის” არასწორი დაყენებით. ასევე იმის გამო რომ კორა “ვერპზე” შესრულებულია დენთის აირების კამერაზე, ეს ნიშნავს რომ აღარ არის აუცილებელი ლულაზე დამატებით კორის ბაზის დაყენების, რომელიც შეიძლება იყოს გადახრილი ან ლულაზე გადაჭერილი რაც პირველ შემთხვევაში ითხოვს სერიოზული ჰორიზონტალური შესწორების შეტანას ხოლო მეორე შემთხვევაში იწვევს ლულის დეფორმაციას, რაც ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. მართალია მინუსი ასეთი მიდგომის არის შედარებით მოკლე სამიზნი ხაზი, რის გამოც შეცდომა დამიზნებაში იწვევს უფრო დიდ შეცდომას სამიზნეზე.

20200229_094315

ხანდახან ასეთებიც ხდება. რა თქმა უნდა ასეთი შედეგი ანომალიაა, მაგრამ ჩემი აზრით ВПО-148 არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი “კალაშნიკოვი” რომელიც მე მქონია. ჯგუფი მარჯვნივ არის, იმიტომ, რომ იარაღი განულების პროცესში იყო. 

ახლო/თავდაცვით მანძილებზე სროლისას, “ვეპრი” იქცევა, როგორც ტიპიური “კალაშნიკოვი” იმ გამონაკლისით, რომ წონის გამო იარაღს აქვს საკმაოდ დიდი ინერცია, ცეცხლის (სამიზნედან სამიზნეზე) გადატანისას, სიმძიმე გქაჩავს და გაიძულებს უფრო კონცენტრირდე იარაღის კონტროლზე. იმის გამო რომ სასხლეტის სვლა გრძელია და შესაბამისაც სპლიტები ისეთი სწრაფი არ არის, ორმაგი გასროლების დროს სიზუსტეც არის ძალიან მაღალი, მართალია სპლიტების სიგრძის ხარჯზე. მაქსიმალურად სწრაფი ტემპით სროლისას, 5-7 მეტრიდან ყველა მორტყმა ჯდებოდა 6 სმ-ან წრეში.

Shooterscentral.ge-ს დასკვნა: ВПО-148 – “კალაშნიკოვი” სტეროიდებზე, ტოვებს მთლიანობაში ნედლი იარაღის შთაბეჭდილებას, რომელიც თან ფასით ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ძვირადღირებული “კალაშნიკოვის” სისტემის სამოქალაქო იარაღია. პლიუსებს განეკუთვნება დიდი რესურსი და სიზუსტე, რომელიც კლასში ალბათ საუკეთესოა. ასევე პლიუსებს უდაოდ განეკუთვნება ის, რომ ის იყენებს სტანდარტულ AK-74-ის მჭიდებს და პირდაპირ ყუთიდან მას გააჩნია ისეთი ოფციები, რაზეც მის მფლობელს ფულის დახარჯვა აღარ დაჭირდება. იარაღი გათვლილია “მოყვარულზე” (იერსახე, წონა, კომპლექტაცია) ვიდრე სერიოზულ, პრაქტიკულ, მსროლელზე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი, გამძლეა, ზუსტი და საიმედო ის რეკომენდირებულია შეძენისთვის, თუ რა თქმა უნდა მისი წონა თქვენთვის მისაღებია. დასაკეცი კონდახის გამო, ტრანსპორტირებისას “ვეპრი” ასევე ძალიან კომპაქტურია.

Ruger PCC კრიტიკული თვალით

Sunday, February 9th, 2020

P1120023

რაღაც პერიოდი გავიდა მას მერე, რაც მე შევიძინე Ruger-ის 9მმ-ნი კარაბინი და მოვიდა დრო, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ამ იარაღს და გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები მისი მეტნაკლებად ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ.  დავიწყოთ კარგით. იარაღი გამოდგა საიმედ. ჩვენმა კარაბინმა ისროლა ყველაფერი რაც მას ვაჭამეთ, მათ შორის 115, 124, 147, 158 გრანიანი ვაზნები. გამომდინარე იქიდან რომ კარაბინმა ასევე უპრობლემოდ მოინელა Speer-ის 147 გრანიანი ვაზნები ბრტყელი თავით, როგორც ჩანს მას არ ექნება პრობლემები ექსპანსიური ტყვიებით აღჭურვილი ვაზნების მონელებასთან. 400-მდე ვაზნაზე, რაც ამ იარაღიდან ვისროლეთ ჩვენ არ მივიღეთ არც ერთი დაბრკოლება. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამას იდეაში უნდა ელოდო იარაღისგან, რომელიც იყენებს მარტივ თავისუფალ საკეტს და Glock-ის მჭიდებს, რომლებიც ცნობილია რესურსით და გამძლეობით. კარაბინის take-down მექანიზმის არ დაჭირვებია რეგულირება და ლულის და რესივერის გადაბმა ისეთივე მყარია, როგორც პირველ დღეს. ეს ასევე ძალიან კარგია და დაამშვიდებს იმათ ვინც ასეთი მექანიზმისგან ელოდება პრობლემებს.

20191208_221717

იარაღი ასევე გამოდგა ზუსტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამიზნი მოწყობილობები პრაქტიკულად Ghost Ring ტიპის არის და უფრო ორინეტირებულია წრაფ სროლაზე ახლო მანძილებზე ვიდრე ზუსტ სროლაზე უფრო შორ მანძილებზე, მაინც, 100-130 მეტრზე ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი შედეგები. აღნიშნული ჯგუფი ნასროლია 130 მეტრზე წოლიდან. კარგად ჩანს რომ 147 გრანიან ტყვიას მეტი ვარდნა აქვს მაგრამ სიზუსტე ბევრად უკეთესია. 

20191207_133420

ჩემი დაკვირვებით, 147გრ ვაზნები გამორჩევიან ყველაზე სტაბილური სიზუსტით, თუმცა ვარდნა ასევე ყველაზე მეტი ასეთ ტყვიებს აქვთ, გასაგები მიზეზების გამო. საინტერესოა რომ “ფედერალის” 124 გრანიან ტყვიას ისეთივე ვარდნა ქონდა, როგორც 147 გრანიან  Speer-ს. როგროც ჩანს 115 გრანიანი ტყვიები რუგერის კარაბინს ყველაზე ნაკლებად მოწონს ასეთ დისტანციებზე. 

ეს შედეგი ძალიან კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ სამიზნი ხაზი საკმაოდ მოკლეა და გარდა ამისა Ghost Ring-ი დაყენებულია თვალისგან საკმაოდ შორს, რაც იდეაში არ არის სწორი, იმიტომ, რომ იდეაში დამიზნებისას რგოლი იმდენად ახლოს უნდა იყოს თვალთან, რომ პრაქტიკულად არ უნდა ჩანდეს სამიზნის ფონზე. ჩემი აზრით “სექტორული” ანუ პარტრიჯის ტიპის სამიზნი მოწყობილობები, კორათი და თარაზოთი იქნებოდა უფრო ადეკვატური ამ იარაღზე. ასევე ჩემი აზრით ოპტიკის დაყენების შემდეგ რუგერის კარაბინი გამოაჩენს სიზუსტის სრულ პოტენციალს, მაგრამ ზუსტი სროლისთვის ეს იარაღი არ არის შექმნილი. მე ვიტყოდი რომ კარგი ოპტიკით, საშუალო მსროლელსაც არ გაუჭირდება მოარტყას სილუეტს 200 მეტრამდე მანძილზე. მეტი ამ იარაღს არც მოეთხოვება.

კარგი ჯგუფების მიღწევაში დიდ როლს თამაშობს PCC-ს ძალიან კარგი, ერთ-საფეხურიანი სასხლეტი. დროთა განმავლობაში ეს სასხლეტი კიდე უფრო გაუმჯობესდება.

ასევე ჩვენ აღმოვაჩინეთ საკმაოდ იშვიათი ფენომენი. აღმოჩნდა, რომ კარაბინს არ უყვარს Sellier&Bellot-ის ვაზნები 115 გრანიანი FMJ ტყვიით (ყვითელი შავით კოლოფი). 50 მეტრზე ეს ვაზნები იძლეოდნენ ქაოტურ გაფანტვას. თავდაპირველად მე მეგონა, რომ საქმე იყო სამიზნ მოწყობილობებში მაგრამ საბედნიეროდ წამოღებული მქონდა Speer-ის 147 გრანიანი ვაზნები და მალევე დავრწმუნდი რომ პრობლემა იყო ვაზნაში და არა იარაღში.  ყველა სსხვა მუხტით რაც ჩვენ ვისროლეთ სიზუსტე იყო კონსისტენტური. ხოლო 147 გრანიანი ვაზნა აღმოჩნდა ყველა სტაბილური. 147 გრანიანი ტყვია 16 ინჩიანი ლულიდან პრაქტიკულად არაფერს არ იგებს საწყის სიჩქარეში და ამიტომ გამოირჩევა სტაბილური სიზუსტით. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ტყვია გაგყავს ისეთ სიჩქარეებზე, რომელზე ის არ არის გათვლილი/შექმნილი, შედეგი შეიძლება იყოს მოულოდნელი. სამწუხაროდ ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არის იმაზე თუ როგორ იქცევა 9მმ-ნი სხვადასხვა კონკრეტული მუხტები, როდესაც მათი საწყისი სიჩქარე ცდება იმ ზღვარს, რომელსაც ისინი აღწევენ პისტოლეტის მოკლე ლულებიდან სროლისას.

IMG_20191226_160557389

ორი ჯგუფი ლურჯად მონიშნული არის ნასროლი 147 გრანიანი ტყვიით, იარაღის გასწორების მიზნით. 6 გასროლა იყო საკმარისი. ირგვლივ ქაღალდის სკოტჩით გადაკრული არის Sellier&Bellot-ის 115 გრანიანიტყვით ნასროლი. ჯგუფები ბევრად დიდია და გაფანტვა არის ქაოტური.

უკუცემა არის საკმაოდ რბილი მაგრამ არა არარსებული, რაც არ არის გასაკვირი. მართალია კარაბინი მძიმეა და იყენებს პისტოლეტის ვაზნას, თავისუფალი საკეტი თავისი მასით ქმნის სკმარის უკუცემას, რომ თუ იარაღი მყარად არ გეჭირებათ სამიზნეს დაკარგავთ. გასროლის ხმა დაბალია, რაც კარგია და ნიშნავს, რომ ამ იარაღის სროლა შეიძლება ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე და ასევე კალიბრიდან გამომდინარე  დახურულ ტირებშიც, სადაც დაშვებულია მარტო პისტოლეტიდან სროლა.

იარაღის მასის და გაბარიტების შესახებ ჩემი პირველი შეფასება უცვლელია. იარაღი გაბარიტულია და მძიმე. კლასიკური სქემის გამოყენება და ასევე 9მმ-ნი ვაზნა, განაპირობებს იმას რომ იარაღი ვერ იქნება კომპაქტური. ლულაც შესაბამისად არის სქელი, თუმცა მასზე ჭრილების შესრულება მის მასას ამცირებს. შორიდან რუგერის კარაბინი გავს აფრიკული საფარის შაშხანას, კომპაქტურს მაგრამ სქელი ლულით რომელიც გათვლილია მსხვილკალიბრიან შაშხანის ვაზნაზე. მეორეს მხრივ ასეთ სქემას აქვს თავისი პლიუსები. პირველ რიგში ძალიან კარგი ერგონომიკა და სროლისუნარიანობა და ასევე იარაღის შედარებით ცივილური იერსახე. ვისაც არ გინდათ ტაქტიკური/სამხედრო იარაღის იერსახის მქონე 9მმ-ნი კარაბინი, PCC თქვენთვის ზედგამოჭრილია. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ის იგივე წონის და გაბარიტების არის, რაც შაშხანის კალიბრის კარაბინი. ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს deal breake-ი და ამიტომ ამჯობინოს რუგერს მაგალითად უფრო კომპაქტური დიზაინები, როგორიც არის თუნდაც Kel-tec SUB2000. უკანასკნელი ასევე “შეკვეცილი” ფორმატიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადადის ნახევარ წამში, რა დროსაც რუგერის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას ჭირდება გაცილებით მეტი დრო. მაგრამ PCC არც იქმნებოდა, როგორც დასაკეცი იარაღი, არამედ როგორც take down იარაღი, აქცენტით მისი ტრანსპორტირების/შენახვის სიმარტივეზე.

openclosebag

არც ისე დიდი ზომის ზურგჩანთა უპრობლემოდ იტევს PCC-ს.  ეს ნიშნავს რომ მისი ტრანსპორტირებისას ის ზედმეტ ყურადღებას არ მიიქცევს. არ არის საჭირო იარაღის გადასატანი ტიპიური ფორმის/ზომის შალითა, რომელიც ყველას ეუბნება ირგვლივ რომ თქვენ იარაღი გადაგაქვთ, გამოდგება ჩვეულებრივი კომპაქტური ზურგჩანთა. 

ეხლა გადავიდეთ იმაზე რა არ მომეწონა. როგორც ვივარაუდე თავდაპირველ მიმოხილვაში, მჭიდის ღილაკის მსუბუქი ზამბარა გახდა სერიოზული პრობლემა. მასზე მსუბუქი შეხებაც საკმარისია, რომ მჭიდმა “დატოვოს” კარაბინი. მოკიდეთ ხელი კარაბინს რესივერის ირგვლივ და მჭიდი ისევ “დატოვებს” კარაბინს. ტყეში ხეტიალისას მე ვერ გავბედავდი ამ კარაბინის ტარებას დაყენებული მჭიდით, მისი დაკარგვის რეალური საშიშროების გამო. ასეთი პრობლემა იშვიათად მაგრამ შეგხვდება ხოლმე. მე მაგალითად ბოლოს შემხვდა ასეთი რამე Lionheart LH-9 პისტოლეტზე, მაგრამ საბედნიეროდ  Ruger-ის კარაბინი პირველისგან განსხვავებით იყენებს სტანდარტულ/ხვეულ ზამბარას.  ძველ შემორჩენილ ჯართში ქექვისას მე აღმოვაჩინე ზამბარის ნაჭერი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა Norinco-ს “TT”-ს  დამაბრუნებელ ზამბარას. 2 წუთიანი მუშაობა დრემელით და ის იდეალურად მოერგო კარაბინს. პრობლემა ზედმეტად მსუბუქ ღილაკთან მარტივად აღმოიფხვრა.

შემდეგი სუსტი წერტილი ან უფრო სწორად ბოლომდე კარგად გაუთვლელი გადაწყვეტილება არის ტიბჟირის წინა ნაწილში შესრულებული პლასტმასის პიკატინის სამაგრი. ის ისეა შესრულებული, რომ ზედ ვერ დაყენდება პისტოლეტზე გათვლილი ფანრების უმეტესობა. საჭიროა ცალკე მაუნთის ყიდვა რომელიც დააშორებს ფანარს ტიბჟირისგან. მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორე პრობლემა ის არის რომ პიკატინის სამაგრთან ზედმეტად ახლოს არის დაყენებული საღვედის სამაგრი, რის გამოც საღვედე, ღვედი და ფანარი ერთმანეთს ედება. ეს იდეაში ადვილი მოსაგვარებელია, ახალი საღვედის სამაგრის ჩახრახნვა პლასტმასის ტიბჟირში არის ტრივიალური ამოცანა, უბრალოდ უმჯობესია, რომ ამაზე იფიქროს მწარმოებელმა.

20200209_143214

ამ ეტაპზე მე კარაბინზე ღვედი საერთოდ არ მიყენია. ხოლო Surefire-ის ფანარი დაყენდა კარაბინზე 30 ლარიანი ალუმინის სამაგრით, რომელიც კი ღირს იაფი მაგრამ მუშაობს უპრობლემოდ. MFT-ს “სამხედრო დონის პოლიმერიანი” მაუნთი არასწორი ზომების და სასაცილო საკეტის მექანიზმის  გამო პიკატინიზე საერთოდ ვერ დაყენდა და ამიტომ ეგრევე აღმოჩნდა სანაგვეში. სურათიდან ასევე კარგად ჩანს, რომ საღვედის სამაგრი “არაკომფორტულად ახლოს არის ფარანთან. 

rpcc

ტიბჟირზე შესრულებული სამაგრი სავარაუდოთ გამოდგება მარტო ბიპოდის დასაყენებლათ, რაც ამ იარაღზე საერთოდ საჭირო არ არის. იმის გამო რომ სამაგრი ღრმად არი შესული ტიბჟირში და მის უკან არ არის თავისუფალი ადგილი,  პისტოლეტზე გათვლილი უმეტესობა ფარნის მოდულების ამ იარაღზე უბრალოდ ვერ დაყენდება.  ამ სამაგრის პლიუსი ის არის რომ ის განლაგებულია უკიდურესად წინა ნაწილში, ფარანი მაქსიმალურად წინ გაწეულია და შესაბამისად ჩრდილი ლულისგან მინიმალურია.

იარაღის დიზაინი …. მოდით ასე ვთქვათ თავისებურია. მაგრამ ის არ ყვირის, თუ ვინმემ სადმე შეგნიშნათ ამ იარაღით, არავინ არ იფიქრებს რომ ვიღაცა ტყეში “ავტამატით” დარბის. ხალხს ამ კარაბინით არ დააფრთხობთ და დიდი ალბათობით არც შეგეკითხებიან თუ არის საქართველოში ასეთი იარაღი საერთოდ ლეგალური.

10 ვაზნიანი გლოკის მჭიდი მაინც რჩება გარეთ გამოშვერილი. სტანდარტული გლოკ 17-ის მჭიდები, შედარებით იაფი დამაგრძელებლით, კიდე უფრო გარეთ არის გამოშვერილი და ტევადობა მაინც შედარებით მოკრძალებულია, 19 ვაზნა. გლოკის 30 ვაზნიანი მჭიდები ძვირია და იარაღის გაბარიტები კიდე უფრო მოუხერხებელი ხდება. იმის თქმა მინდა, რომ რომ თუ გინდათ კომპაქტური მოსახერხებელი იარაღი, ბევრი უფრო სერიოზულ კალიბრიანი კარაბინი იქნება უფრო კომპაქტური, უფრო ძლიერი კალიბრით და უფრო მეტ ვაზნასაც დაიტევს. ამიტომ გადამწყვეტი ფაქტორი PCC-ს შეძენისას უნდა იყოს ორი რამ, აუცილებლად უნდა გინდოდეთ 9×19 კალიბრის კარაბინი, რომლის გადატანა და შენახვა ადვილია, მისი ორად დაშლის გამო. ვაზნების ფასი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ეხლა 9მმ-ნი ვაზნის ფასი მაღაზიებში იწყება ლარიდან, ტაქტიკური კარაბინის ტიპიური კალიბრების ვაზნების ფასი სადღაც 1.30-დან. ეს არც ისე დიდი განსხვავებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ მაინცდამაინც არ გინდათ 9მმ-ნი კარაბინი, მაშინ რა თქმა უნდა აჯობებს იყიდოთ სრულფასოვანი კარაბინი.

ახალი PCC მაღაზიაში ღირს 2000 ლარი, ამ ფასში მოგივათ ნებისმიერი “საიგა”, ზოგი “ვეპრი” და ასევე Vz 58. თუ გინდათ 9მმ-ნი კარაბინი, მგონი PCC არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ასეთ იარაღებს შორის რომლებიც ეხლა იყიდება საქართველოში. ბევრად მძიმე “უზი” ჯდება 2100 ლარი, “საიგა-9″ 2600 ლარი, საქართველოსთვის უფრო ეკზოტიკური დასავლური წარმოების ანალოგიური იარაღები ამაზე ბევრად უფრო მეტი.

როგორც ხედავთ, სიმძლავრის შემცირებას მაინცდამაინც ბიუჯეტის შემცირება არ მოყვება, ამიტომ კიდევ ერთხელ მოკლედ ჩამოვწერ, რატომ პისტოლეტის კალიბრის კარაბინი შეიძლება იყოს უკეთესი არჩევანი ვიდრე კარაბინი შაშხანის კალიბრზე. პირველი იყენებს იგივე ვაზნებს და ხანდახან იგივე მჭიდებს რაც პისტოლეტი, მას აქვს გასროლის დაბალი ხმა და დაბალი უკუცემა. ვაზნა ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს (რიკოშეტი, ზედმეტი შეღწევა, სახიფათო სიშორე). მცირეთი, მაგრამ ვაზნის ფასი ნაკლებია. ჯერჯერობით 9მმ-ნი ვაზნაც ცოტათი მაგრამ ნაკლები ღირს. ხანდახან, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, პისტოლეტის კალიბრის კარაბინი უფრო კომპაქტურია და მსუბუქი.

20200209_143239

რესივერზე პიკატინის სამაგრი დაცულია პლასტმასის ხუფით, კიდევ ერთი მცირე მოდიფიკაცია, PCC-ს  ჩემს მიერ მოდიფიკაციების მოკლე სიიდან.

მთლიანობაში მე იარაღით ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი იმით თუ, როგორ მუშაობს იარაღი და ასევე იმით, როგორ არის აგებული, ხარისხიანად და საფუძვლიანად.  ამ ეტაპზე მე არც ვგეგმავ მის გასხვისებას. ზოგადად, ჩემი აზრით, დღეს, Ruger-ი ფასი-ხარისხით არის სამოქალაქო იარაღის ალბათ საუკეთესო მწარმოებელი.

P1120030

Henry “Golden Boy” .22

Sunday, December 29th, 2019

slider-americas-rifle-v3

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში იარაღის ფლობის აუცილებლობა აღარ არის რუტინული აუცილებლობა, აშშ-ში გამოშვებული იარაღების უმეტესობა მაინც გამოირჩევა უფრო  თავისი უტილიტარული თვისებებით, უბრალო შესრულებით და ასევე იმით, რომ როგორც წესი იქმნება უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რეჟიმში “ზავოდ-კრაოტ”. ასეთი იარაღი ყოველთვის მოკლებული იქნება ესთეტიკას, რომელიც ახასიათებს მაგალითად ბრიტანულ ან გერმანულ იარაღებს, სადაც იარაღის ფლობა გარკვეულ წილად პრივილეგია არის, ხოლო ნადირობა და სასროლოსნო სპორტი ხელმისაწვდომია  მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის. მაგრამ არის, ამერიკელ მწარმოებლებს შორის გარკვეული გამონაკლისებიც. მაგალითად თქვენ გსმენიათ კომპანიის შესახებ სახელად Henry Repeating Arms? და ისიც თუ იცით, რომ ეს მწარმოებელი შედის შაშხანების ყველაზე მსხვილი ამერიკული მწარმოებლების ხუთეულში? და რომ ეს კომპანია აწარმოებს პრაქტიკულად ერთი, ტრადიციული ამერიკული შაშხანის ტიპს? მაგრამ ყველაფერზე თანმიმდევრობით…

როდესაც წარმოიდგენთ, რა შეიძლება იყოს ტრადიციული ამერიკული შაშხანა, აზრად უნდა მოგივიდეთ მარტო ერთი იარაღი, 1873 წლის ან 1886 წლის ბერკეტიანი “ვინჩესტერი”. ასეთ “ვინჩესტერებს” ფლობდნენ, ბუფალო ბილი, ენი ოკლი, ტედი რუზველტი და უამრავი სხვა სახელგანთქმული და გამოჩენილი ამერიკელი. ბერკეტიანი “ვინჩესტერი” ასევე შედის იარაღების სიაში, რომლებმაც “დაიპყრეს დასავლეთი”. თუმცა ბერკეტიანი “ვინჩესტერების”  ისტორია იწყება უფრო ადრე, 1860 წელს, როდესაც ბენჯამინ ტაილერ ჰენრიმ შექმნა პირველი ბერკეტიანი შაშხანა, გათვლილი .44 კალიბრის მეტალის ვაზნაზე. დიახ, ბერკეტიანი იარაღები უფრო ადრეც არსებობდნენ, მაგრამ ამ იარაღებს ქონდათ უამრავი ნაკლი და შეზღუდვა, ხოლო ჰენრის შაშხანა იყო სრულფასოვანი, ეფექტური იარაღი, რომელიც ომშიც გამოიცადა. შეგახსენებთ, რომ იმ დროს ამერიკაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ხოლო ყველაზე გავრცელებული შაშხანა ამ ომში იყო ლულიდან დასატენი, სპრინგფილდის 1861 წლის მუშკეტი. ასევე დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა უფრო ადრინდელი შაშხანები, 1812 და 1816 წლის სპრინგფლიდის და 1853 წლის ენფილდის  მუშკეტები. ამ იარაღებთან შედარებით, ჰენრის სწრაფდამტენი 16 ვაზნიანი .44 კალიბრის შაშხანა იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რევოლუციური იარაღი, რომელმაც დიდი თუ არა გადამწყვეტი, როლი ითამაშა ჩრდილოეთის გამარჯვებაში. ამერიკელებმა სათანადოდ შეაფასეს ბერკეტიანი ჰენრი და დღემდე უამრავი კომპანია უშვებს ამ ტიპის იარაღებს. მარტო Henry Repeating Arms უშვებს წელიწადში 300 000 ასეთ შაშხანას. ეს კიდე ცოტა ნამდვილად არ არის.

Henry-rifles-1860-us-civil-war

ორიგინალური 1860 წლის ჰენრის შაშხანა ჩრდილოელი მოხალისეების ხელში. ”ეს წყეული იარაღი შეიძლება დატენო კვირადღეს და ისროლო მთელი მომდევნო კვირა”, ასე ახასიათებდნენ ამ იარაღს კონფედერანტები, ხოლო ჩრდილოეთის ჯარისკაცები თავისი ფულით ყიდულობდნენ ჰენრის შაშხანებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Henry Repeating Arms-ს არ აქვს არანაირ კავშირი ბენჯამენ ტაილერ ჰენრისთან და მის კომპანიასთან. ახალი  კომპანია დაარსდა 1996 წელს ლუის და ენტონი იმპერატოს მიერ, ბრუკლინში, ნიუ იორკი. მათ მოიპოვეს უფლებები ჰენრის სავაჭრო ნიშანზე და დაიწყეს ბერკეტიანი შაშხანების და კარაბინების წარმოება. ამჯერად სათაო ოფისი და საწარმო განლაგებულია ბაიონში, ნიუ ჯერსი და ასევე ერთი საწარმო განლაგებულია რაის ლეიქში, ვისკონსინის შტატში. კომპანიაში დასაქმებულია 400-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის დევიზი თავიდან იყო, “დამზადებული აშშ-ში და თანაც კარგ ფასში” მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა “ან დამზადებულია აშშ-ი ან არ არის დამზადებული საერთოდ”. კომპანია ცნობილია კლიენტების მოსმახურების უნაკლო სერვისით, არც მის ეხლანდელ ხელმძღვანელს ენტონი იმპერატოს არ აკლია ქარიზმა და ამიტომ Henry Repeating Arms სარგებლობს ამერიკელი იარაღის მფლობელების დიდი სიყვარულით, პატივისცემით და გააჩნია ერთგული ფანების მთელი არმია.

საქართველოში ამ მწარმოებელს პრაქტიკულად არ იცნობენ და არც ბერკეტიანი შაშხანები მაინცდამაინც არ არის აქ გავრცელებული, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ, თბილისის ერთ-ერთმა იარაღების მაღაზიამ შემოიტანა ჰენრის შაშხანები და როგორც ჩანს იმ პარტიიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ჩემ ხელებში. ეს არის .22LR კალიბრის შაშხანა სერიიდა “Golden Boy” (გოლდენ ბოი – ოქროს ბიჭი).

81318828_10215362486630822_7904523211025416192_o

თითბერის დეტალები, ამერიკული კაკლის კონდახი და ტიბჟირი, ოქტაგონალური სქელ-პროფილიანი ლულა არის, რაც გამოარჩევს “გოლდენ ბოის” სხვა მოდელებისგან. 

დაახლოებით ერთი წლის წინ მე უკვე მქონდა ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი შაშხანა, წარმოებული Norinco-ს მიერ. იდეა და კონცეფცია მე მომეწონა, მაგრამ შესრულება ისე რა იყო, ამიტომ როდესაც მომეცა შანსი შემეძინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებლის მოდელი, თავი ვერ შევიკავე, მუხედავად იმისა, რომ სეიფში უკვე მიდო იგივე კალიბრის “რუგერ 10/22″. მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნო ახალი იარაღისთვის არ გამიხდა საჭირო ცალკე ვაზნების შეძენა.

P1120087

Henry “Golden Boy” და Ruger 10/22

პირველი რასაც გაიფიქრებს “გოლდენ ბოის” დანახვისას არის მისი ატიპიური ამერიკული იარაღისთვის შესრულება. ამერიკული კაკლის ფურნიტურა, გაპრიალებული ოქროს ფერის რესივერი, უჩვეულოდ ღრმა, მუქი და პრიალა ოქსიდირება და ოქროთ ინკრუსტირებული წარწერები ლულაზე.   შესრულება არის უნაკლო, დეტალების დამუშავების ხარისხი ძალიან მაღალი. მერე მოდის ბერკეტიანი მექანიზმის მუშაობის სრიბილე. წარმოუდგენლად რბილი ბერკეტის სვლა, ძალიან კარგი,  ერთ საფეხურიანი სასხლეტი, ჩახმახი, რომელიც ისე მოძრაობს, თითქოს საერთოდ არ ეხება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის სხვა დეტალებს. დეტალების დამზადების ხარისხი და მათი მორგება არის უნაკლო. ერთს ვფიქრობდი, ნეტა ეს იარაღი ისროდეს ისევე კარგად, როგორც გამოიყურება.

განსაკუთრებულად დასაფასებელია, რომ იარაღი არ არის გადატვირთული უაზრო წარწერებით, როგორიც არის ” იარაღის გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია”, “ტყცია გამოფრინებდა აქიდან”, “იარაღი კლავს”, მოკლედ ათასი სისულელით, რითიც კომპანიის იურისტები იმედოვნებენ დააღწიონ თავი საჩივრებს, როდესაც ვიღაცa იდიოტი, მათი იარაღიდან გაიხვრიტავს თავს. იარაღის სერიული ნომერიც კი, დამალულია ბერკეტის ქვეშ.  საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ მისცეს იურისტებმა საშუალება კომპანიას გამოუშვას იარაღი მექანიკური მცველის გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ “გოლდენ ბოის” მექანიკური მცველი არ აქვს და ის მას არც ჭირდება, იმიტომ, რომ ირაღი არის გარედან განლაგებული ჩახმახით და ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. ასეთი კონფიგურაციით, მექანიკური მცველის არსებობას არანაირ აზრი არ აქვს. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების  (უსაფრთხო) პოზიცია, ვინაიდან შაშხანა ტრადიციული კონსტრუქციის არის და არ გააჩნია ე.წ. ტრანსფერ ბარი, ანუ თანამედროვე უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც არ აძლევს ჩახმახს საშუალებას მიწვდეს დამრტყმელს სანამ არ მოხდება სასხლეტზე დაჭერა. ამის წყალობით იარაღის კონსტრუქცია არის ძალზედ მარტივი.

შაშხანა იკვებება ლულის ქვეშ განლაგებული მილისებრი მჭიდიდან, რომელიც იტევს 16 ვაზნას. მჭიდის ვაზნებით ავსებისთვის საჭიროა ვაზმნების მიმმართველი ღერძის ამოღება, მილისებრი მჭიდის ავსება ვაზნებით და მიმმართველის ღერძის მჭიდში მოთავსება. საექსტრაქციო ფანჯარა განლაგებულია რესივერის მარჯვენა მხარეს. ბერკეტის გადაწევისას ხდება მასრის ექსტრაქცია, ჩახმახის შეყენება და ახალი ვაზნის მიწოდება

იარაღის სამიზნი მოწყობილობები შედგება კორასგან თითბერის ჩანართით და “ირმის რქების” (Buckhorn) ტიპის თარაზოთი. ასეთი სამიზნი მოწყობილობები არ არის განკუთვნილი ზე-ზუსტი სროლისთვის შორ მანძილებზე, მაგრამ ადეკვატურია 100 მეტრამდე სასროლად და საკმაოდ სწრაფია. კორა იძლევა საშუალებას ჰორიზონტალური შესწორებების შეტანის, თარაზო ვერტიკალური და ჰორიზონტალურის.

P1120095

P1120093

ძველებურ სტილში შესრულებული კორა, თითბერის ჩანართით. კორაზე შესრულებულია ჭრილები, რომ ის არ ირეკლავდეს მზეს. თარაზოში ჰორიზონტალური შესწორების შეტანა ხდება ხრახნის დაშვებით რომლითაც ის მაგრდება ლულაზე და თარაზოს გადაწევით მარცხნივ ან მარჯვნივ. 

ბუნებრივია ნებისმიერი ტიპის ოპტიკის სამაგრი იქნებოდა არაბუნებრივი ასეთ ირაღზე, მაგრამ ოპტიკის დაყენება შესაძლებელია. კომპანია აწარმოებს და ყიდის სპეციალურ სამაგრს რომელიც დგება უკანა სამიზნი მოწყობილობის ადგილას.

02641

“ჰენრის” ოპტიკის ორიგინალური კრონშტეინი ღირს 30 დოლარამდე. 

იარაღი არ არის მძიმე, მაგრამ ხელში იგრძნობა სქელი 20 ინჩიანი ოქტაგონალური ლულის წონა. შაშხანა იწონის სადღაც 3 კგ-ს და ეს არ არის ცოტა, მცირეკალიბრიანი იარაღისთვის. სამაგიეროდ ეს წონა პრაქტიკულად მთლიანად შთანთქავს უკუცემას და აადვილებს მიზანში სროლას. მაგალითად ბუმბულივით მსუბუქი რუგერ 10/22-ის სტაბილურად ჭერა საკმაოდ რთულია.

ეხლა რა არ მომეწონა. რა გასაკვირია, რომ რესივერის გარსაცმი არ არის თითბერის. სინამდვილეში ის არის მსუბუქი შენადნობისგან ჩამოსხმული დეტალი ოქროს ფერის მდაფარვით. დღეს 2019 წელია და მსუბუქი შენადნობები ყველგან მასიურად გამოიყენება, მათ შორის იარაღებშიც. გამოყენებულ მსუბუქი შენადნობს ქვია “ზამაკი” თუმცა კონკრეტული მარკა მე ვერ დავადგინე. მოპირკეთებული ოქორსფერი დაფარვით, ‘ჰენრიში” ამ მასალას ეძახიან “Brasslite”-ს. თითბერის, “გოლდენ ბოიში” არის მხოლოდ რგოლი, რომელიც კრავს ლულას და ტიბჟირს და კონდახის საზურგე. მეორე, რაც არ მომეწონა არის ის, რომ 500-600 დოლარიან (ამერიკული ფასი) მცირეკალიბრიან შაშხანაზე უნდა იყოს  საღვედეები. მაგრამ საღვედეები არ არის. მეტს ამ იარაღს დიდ ვერაფერს ვერ დაუწუნებ გარდა იმისა, რომ ის იმდენად ლამაზია, რომ არც კი წარმომიდგენია, ამით როგორ უნდა წახვიდე სადმე სახეტიალოდ და დაკაწრო ქვებზე ან ბუჩქებში.

ის ფაქტი, რომ იარაღში გამოიყენება მსუბუქი (იაფი) შენადნობები რაღაცნაირად არ ამართლებს მოლოდინებს, მაგრამ წარმოუდგენელია იფიქრო, რომ დღეს ვინმე შემოგთავაზებს შაშხანას 500 დოლარად რომელსაც ექნება თითბერის ბლოკიდან “გამოთლილი” რესივერი ან თუნდაც მისი გარსაცმი. ვიღაცა, ჩემზე უფრო კრიტიკულად განწყობილი, იტყოდა რომ “გოლდენ ბოი” არის შელამაზებული “მოსბერგ პლინკსტერი”, მაგრამ ორი მიზეზის გამო მე ვერ დავეთანხმები ასეთ შეფასებას. პირველი იქნება მექანიზმის მუშაობის სირბილე დეტალების უნაკლო მორგების წყალობით და მეორე თუ როგორ ისვრის “გოლდენ ბოი” და ის ისვრის ძალიან კარგად.

IMG_20191226_155838370

ხელიდან, წოლიდან,  საყრდენით, საყრდენის გარეშე, 80-90 მეტრზე გონგს არტყავთ მოსაწყენი რეგულარობით.  50 მეტრზეც მიუხედავად იმისა, რომ თითბერის ჩანართი პრაქტიკულად მთლიანად ფარავს სამიზნის 20 სანტიმეტრიან შავ წრეს, მაინც იღებ კარგ ჯგუფებს. მე დარწმუნებული ვარ რომ ოპტიკით, 50  მეტრიდან  ”გოლდენ ბოი” მჭიდის დაცლის შემდეგ დატოვებს სამიზნეში ერთ დიდი ნახვრეტს.  საუკეთესო ჯგუფები ჩვენ მივიღეთ S&B Standard Velocity მუხტით, რომელიც იყენებს 40 გრანიან ტყვიას. 50 მეტრზე თიხის თეფშების განადგურებაც არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას. საშუალო სიზუსტე სხვადასხვა მუხტებით 50 მეტრზე შეადგინა 5-6 სმ. სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, მექანიკური სამიზნი მოწყობილობების გამოყენებით. უფრო დეტალურ ანგარიშს შემოგთავაზებთ “გოლდენ ბოის”  გრძელვადიანი ტესტირების შემდეგ, ეჭვი მაქვს ეს შაშხანა ჩემთან ცოტათი უფრო დიდხანს გაჩერდება.

update: აღმოჩნდა, რომ უკანა სამიზნ მოწყობილობას აქვს პატარა “ლუფტი” რის გამოც კორა გადაადგილდება ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ამან და უფრო შორ მანძილებზე სროლამ, დამარწმუნა, რომ ასეთი კონფიგურაციით სამიზნი მწოყობილობები გამოდგება მოკლე მანძილებზე პლინკინგისთვის, მაგრამ ზუსტი სროლისთვის უმჯობესია ოპტიკის დაყენება. 

ჩვენ პირველ ჯერზე  ვისროლეთ ალბათ ასე 80-90 ვაზნა და არანაირ პრობლემას ადგილი არ ქონდა. შაშხანა მუშაობდა როგორც შვეიცარული საათი. ვაზნების მიწოდება და ექსრტრაქცია იყო პოზიტიური და ერთგვაროვანი. რაც მომეწონა იყო ის, რომ ცარიელი მასრები მიუხედავად იმისა, რა ძალით ამოძრავებდით ბერკეტს, მიფრინავდნენ ძალიან შორს. მოკლედ “გოლდენ ბოი” ნამდვილად მუშაობს ისევე კარგად, როგორც გამოიყურება.

რაც შეეძლება მოვლა-მომსახურებას, ეს ძველი იარაღია და მისი დაშლა საკმაოდ ბევრ მანიპულაციას ითხოვს. უნდა მოიხსნას კონდახი რომელიც მაგრდება რესივერში ორი ხრახნით, შემდეგ უნდა მოიხსნას რესივერის გარსაცმი, რომელიც ასევე მაგრდება რესივერზე ოთხი ხრახნით. ხრახმები არ არის რბილი მეტალისგან, მაგრამ იმისთვის რომ გამორიცხოთ მათი დაზიანება უნდა გამოიყენოთ შესაბამისი ზომის სახრახნისი.

P1120131

ასე გამოიყურება არასრულად დაშლილი “გოლდენ ბოი”. აწყობისას რესივერის გარსაცმის ხრახნების ბოლომდე გადაჭერა საჭირო არ არის, უბრალოდ კარგად დაუჭირეთ და საკმარისია. ხრახნები ისე ფიქსირდება რომ სროლის დროს მათი დაშვება არ ხდება. 

გარსაცმის მოხსნის შემდეგ ამოიღეთ საკეტი და პრინციპში მეტი დაშლა საჭირო არც არის. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია ლულის სავაზნის მხრიდან გაწმენდა, ასევე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და საკეტის გაწმენდა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოყენებულია ოქროსფერი დაფარვა და ხის დეტალები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა საწმენდი გამხსნელები, რომლებსაც შეუძლიათ ხის და დაფარვის დაზიანება. ინსტრუქცია აძლევს რეკომენდაციას Breakfree-ს, Kleenbore-ს და Hoppes N9-ს. ჩემი აზრით ასეთ იარაღში, რაიმე ასეთი საშუალების გამოყენება არც არის საჭირო. უბრალოდ გაწმინდეთ დეტალები ჩვრით ნამწვავისგან, გაატარეთ ლულაში ნაჭრის პატჩები, დაზეთეთ ნეიტრალური ზეთით მოძრავი ნაწილები და სულ ეს არის. ლულის არხის ზედაპირის ხარისხი თვალით კარგი ჩანს და არ მგონია ტყვიის ნადების მოსაცილებლად ხშირად მოგიწიოთ თითბერის ჯაგრისის ან ქიმიის გამოყენება. რეალურად არც არის საჭირო, რომ ყოველი სროლის შემდეგ “გოლდენ ბოი” დაშალოთ გასაწმენდათ. .22 კალიბრის ვაზნები არ არის კოროზიული და ჩემი აზრით ეს შაშხანა “შეჭამს” ბევრ კოლოფ ვაზნას სანამ დაბინძურება გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას ან ლულა გაიბიდნება ტყვიის ნადებით. იარაღი იმდენად ლამაზია და ფაქიზი, რომ. მეეჭვება ვინმემ ათრიოს ეს იარაღი ტყეში და მთაში.

ჩემი აზრით ე.წ. gun sock არის აუცილებელი ასეთი იარაღისთვის.  ასეთი შალითები არ ღირს ძვირი, სულ რაღაც 10-15 დოლარი, მაგრამ ისინი პრაქტიკულად არ იკავებენ ადგილს და კარგად იცავენ იარაღს.

სანამ არ მიმოხილვის წაკითხვის შემდეგ გავარდნილხართ ჰენრის შაშხანების საძებნელად, წაიკითხეთ ეს აბზაციც. “გოლდენ ბოი” არის 150 წლის იარაღის პრაქტიკულად ზუსტი ასლი. რას ნიშნავს ეს? იარაღი იყენებს მოძველებულ კვების სისტემას. მჭიდის ავსების ციკლი ხანგრძლივია. თუ მაგალითად მე მინდა განვმუხტო ჩემი რუგერი 10/22, მე უბრალოდ მოვხსნი მას მჭიდს, გადავკრავ საკეტს, ვიზუალურად დავრწმუნდები რომ სავაზნე ცარიელია და ისევ გავუკეთებ მჭიდს. ეს მარტივი ადმინისტრაციული პროცედურა შეუძლებელია “გოლდენ ბოიში”. იმისთვის რომ ის განმუხტოთ, ჯერ უნდა გახსნათ მილისებრი მჭიდი და გადმოყაროთ ვაზნები, რაც ნიშნავს რომ ხელი უნდა მიიტანოთ დატენილი იარაღის ლულის ბოლოსთან. ცხადია ჩახმახი უნდა იყოს დაწეული და იმყოფებოდეს half cock პოზიციაში, შემდეგ ამოაგდოთ ვაზნა სავაზნიდან ბერკეტის მოძრაობით და მერე კიდევ რამდენჯერმე  გადაწიოთ ბერკეტი, იმიტომ რომ ვაზნები შეიძლება რჩებაოდეს იარაღში. მხოლოდ მას მერე რაც დარწმუნდებით რომ მჭიდი ცარიელია და არც იარაღში არ არის ვაზნები, იარაღი ჩაითვლება განმუხტულად. იმისთვის, რომ ჩაცალოთ ვაზნები მჭიდიდან შეიძლება მაგალითად რენჯზე თან ატაროთ რამე პლასტმასის პატარა ჯამი, საველე პირობებში მოგიწევთ ხელში გადმოყრა რაც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების წესებს. გასათვალისწინებელია, რომ იარაღის გასაწმენდად დაშლისთვის მოსახსნელია არც მეტი არც ნაკლები 6 ხრახნი, ერთი არასწორი მოძრაობა და დაიკაწრება ან ხრახნები ან იარაღი. ცვეთის ნიშნები გამოყენებისგან, იარაღს უხდება და ამშვენებს, ესეიგი ხდება იარაღის დანიშნულებისამებრ გამოყენება. ათლილი ხრახნის თავები და ხრახნების ირგვლივ ნაკაწრები ასეთ “კეთილშობილურ” ცვეთის ნიშნებს ნამდვილად არ განეკუთვნება.

ბერკეტიანი გადატენვის სქემა გულისხმობს, რომ იმისთვის რომ იარაღი ეფექტურად და სწრაფად გამოიყენოთ, საჭიროა გამოიმუშავოთ სპეციფიური უნარჩვევები. თუ სხვა ბერკეტიანი შაშხანები არ გაქვთ, ეს უნარჩვევები არ გამოგადებათ, იმიტომ, რომ სხვა და ჩვენთან უფრო გავრცელებული გრძელი იარაღების გამოყენების ფილოსოფია რადიკალურად განსხვავებულია. ასე, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი.

სამაგიეროდ ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი შაშხანა იტენება უფრო სწრაფად ვიდრე კლასიკური “ბოლტი” და გაისვრის ნებისმიერ .22LR კალიბრის მუხტს, რომელზეც გაჭედავს “ნახევრად-ავტომატი”. მაგალითად “გოლდენ ბოიდან” მე უპრობლემოდ ვისროლე Federal Champion-ის ვაზნები, რომლებიც წელზე მეტია მგონი მიდევს სეიფში და რომელსაც ვერ ინელებდა ვერც ერთი ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი კარაბინი. გარდა ამისა “გოლდენ ბოიდან” შესაძლებელია .22 short და .22 long ვაზნების სროლა. უკანასკნელს აქ ალბათ ვერ იშოვით, მაგრამ პირველის სროლა შესაძლებელია. “შორტის” გასროლისას ხმა პრაქტიკულად არ იქნება და ენერგია საკმარისი იქნება რომ “გააგოროთ” მავნებელი მღრნელები. მე შევამოწმე და “გოლდენ ბოი” აწვდის სავაზნეში .22 Short ვაზნებს, მართალია ტყვიის თავი ოდნავ ზიანდება, იმის გამო რომ მოკლე ვაზნა ეჯახება თავით სავაზნის კიდეს, მაგრამ მიწოდება ხდება და სროლა შესაძლებელია. ასე, რომ ბერკეტიანი მცირეკალიბრიანი კარაბინები გთავაზობენ უფრო მეტ უნივერსალურობას ვიდრე “ნახევრად-ავტომატები” და უფრო უკეთეს სწრაფსროლას ვიდრე ტრადიციული “ბოლტები”. როგორც წესი out of the box, მათი მჭიდების ტევადობაც უფრო დიდია,. ასე მაგალითად “გოლდენ ბოი” იტევს 16 ვაზნას.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Henry Golden Boy აერთიანებს თავის თავში კლასიკური “ბოლტების” თვისებას ისროლონ ნებისმიერი .22LR კალიბრის მუხტი და ამავე დროს არის უფრო სწრაფმსროლელი. ბონუსად მოდის შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენოთ .22 Short ვაზნები. შესრულება, ხარისხი, სიზუსტე, საიმედოობა არის საუკეთესო. მეორეს მხრივ იარაღი უბრალოდ ზედმეტად ლამაზი და ფაქიზია ტყეში და მთაში სათრევად, შესაბამისად ის უფრო რენჯის იარაღია ვიდრე პრაქტიკული მცირეკალიბრიანი შაშხანა.  ის ასევე საკმაოდ ძვირიც ღირს, მაგრამ მეორეს მხრივ გაგიჭირდებათ ნახოთ მეორე ასეთი ქარიზმატული და ორიგინალური მცირეკალიბრიანი იარაღი.

ჩვენი ტესტი – Ruger PC Carbine

Sunday, November 24th, 2019

78210100_10215055346352507_1458884748456755200_o

საქართველოდან ამის შემჩნევა ალბათ რთულია, მაგრამ აშშ-ში არის პისტოლეტის კალიბრის კარაბინების “მეორედ მოსვლა”. აშშ-ში იარაღის ეს ტიპი ყოველთვის იყო პოპულარული და ამ ტიპის იარაღს თავისი ნიშა ეკავა, მაგრამ ეხლა მათი პოპულარობის ზენიტია. Sig-Sauer, Grand Power, Beretta, CZ, H&K, Ruger, Kel-Tec, Zenith Arms, Brügger & Thomet, Hi-Point და ბევრი სხვა ნაკლებად ცნობილი მწარმოებლები, უშვებენ თვითდამტენ კარაბინებს ამერიკული ბაზრისთვის. გარდა ამისა, არსებობს მთელი ინდუსტრია პისტოლეტის კალიბრის კარაბინების, რომლებიც აგებულია კოლტის კონსტრუქტორის ჰენრი ტატროს კონსტრუქციის 9მმ-ნი კარაბინის ბაზაზე, რომლის მთავარი თავისებურება იყო, მაქსიმალური თავსებადობა AR-15-თან.

უნდა ვაღიარო, რომ წლების განმავლობაში მე არ ვაქცევდი ყურადღებას ამ ტიპის იარაღს, ვინაიდან როგორც ზოგადად ბევრი სხვა იარაღის მოყვარული, არ მესმოდა რატომ უნდა გქონოდა კარაბინის ზომის იარაღი, რომელიც ისროდა პისტოლეტის, შედარებით სუსტ ვაზნას. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ჯერ ხელში ჩავიგდე 9მმ-ნი “უზი”, შემდეგ მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო ასევე 9მმ-ნი, ფუტურისტული Kel-Tec SUB2000. ხო კიდევ წლების წინ ვისროდი Steyr M9-დან კონდახით. ეხლა მე მესმის, რომ ის თვისებები რაც გააჩნია ასეთი ტიპის იარაღს შეიძლება ბევირსთვის იყოს მიმზიდველი. ეს არის შედარებით დაბალი უკუცემა, მცირე მასა და გაბარიტები. მოკლე 9მმ-ან კარაბინს არ აქვს დამაყრუებელი გასროლის ხმა და ლულის ალი. პისტოლეტის ტყვია ისეთი ძლიერი არ არის და ადგილები სადაც ასეთი იარაღიდან სროლა შეიძლება ბევრად უფრო მეტია. 9მმ-ნი ვაზნის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე შაშხანის კალიბრის ვაზნის. სამწუხაროდ საქართველოს შემთხვევაში ფასი არ არის უპირატესობა, ყველა 9მმ-ნი კარაბინი უფრო მეტი ღირს ვიდრე მაგალითად პოპულარული “საიგა” ან ჩეხური “Vz 58″, რაც არის ყველაზე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ მაინც არის ხალხი რომელსაც ურჩევნია კომპაქტური 9მმ-ნი კარაბინი 7.62 კალიბრის სამოქალაქო  ”კალაშნიკოვს”.

ამჯერად ჩვენი ტესტირების ობიექტია, მორიგი 9მმ-ნი პისტოლეტის კალიბრის კარაბინი, რომელიც განსხვავებით “უზისგან” და “კელ-ტეკისგან”, იყენებს უფრო ტრადიციულ, კლასიკური სანადირო შაშხანის სქემას. წარმოდგენილი 2017 წელს ამერიკული “რუგერის” მიერ ინდექსით  PC, ეს კარაბინი ერგონომიულად გავს ტიპიურ სანადირო შაშხანას მაგრამ ბევრი საინტერესო მე ვიტყოდი უნიკალური თვისებით. კარაბინს აქვს ასეთი ორი თვისება, ის ადვილად იყოფა ორად (take-down) და მარტივი გადაწყობით შესაძლებელია მასში “გლოკის” ორ რიგიანი 9მმ-ნი მჭიდების გამოყენება (ქარხნულ კონფიგურაციაში ის იყენებს Ruger SR-9-ს მჭიდებს).

იმის მიუხედავად, რომ რომ რუგერის კარაბინის გასაყიდი ფასი აშშ-ში არის 500 დოლარზე ოდნავ მეტი (რაც ბევრი არ არის), ეს კარაბინი გარდა იმისა, რომ არის ძალიან ნაფიქრი კოსნტრუქციის, რაზეც ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით, მას ასევე პირდაპირ კოლოფიდან გააჩნია ყველა ის საჭირო წვრილმანი, რომელიც უნდა უფრო მაღალი დონის და ძვირადღირებულ იარაღს. თავად განსაჯეთ, კონდახს აქვს სიგრძის რეგულირების შესაძლებლობა, კომპლექტში კარაბინს მოყვება სამი ჩანართი. რესივერზე და ტიბჟირზე შესრულებულია პიკატინის სამაგრები. უკამა სამიზნე მოწყობილობა რეგულირებადია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიობრტყეში და ადვილად იხსნება, თუ ჩათვლით რომ მისი განლაგება ხელს უშლის ოპტიკის გამოყენებას. წინა სამიზნი მოწყობილობაა გააჩნია დამცავი ყურები (ის ასევე მოხსნადია), ხოლო კორას ზედაპირზე წვრილი ჭრილებია შესრულებულია რომ არ მოხდეს მზის შუქის არეკვლა, რაც ხელს შეგიშლიდათ დამიზნებაში. სამიზნი მოწყობილობები ფოლადის არის “ghost-ring” ტიპის. მჭიდის ღილაკის და საკეტის სახელურის გადაყენება შესაძლებელია.

როდესაც იწყებ იარაღის კონსტრუქციის უფრო სიღრმისეულ შესწავლას, სიურპრიზები არ წყდება. იარაღი არის ძალიან ხარისხიანად შესრულებული. მასიური საკეტის შიგნით იმალება ვოლფრამის ჩანართი, რომელიც ასრულებს იგივე ფუნქციას რაც იგივე მასალის წონები AR-15-ის ბუფერში, “აწყნარებს” საკეტს ჩაკეტვისას. გარდა ამისა რუგერის კარაბინი იყენებს თავისუფალ საკეტს. ამიტომ ის უნდა იყოს საკმარისად მძიმე რომ დარჩეს დახურულ მდგომარეობაში სანამ ტყვია არ დატოვებს ლულას და წნევა შიგნით არ დაეცემა, ხოლო ვოლფრამი მძიმე მეტალია.  ბუნებრივია, რომ კარაბინი ისვრის დახურული საკეტიდან, ხოლო დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იყენებს შიდა ჩახმახს და კონსტრუქციულად ძალიან გავს 10/22-ის მექანიზმს.

სპეციალური ჩანართი, რომელიც ადვილად იცვლება მსროლელის მიერ, გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ რუგერის და გლოკის  პისტოლეტის მჭიდები. საინტერესო ის არის რომ კარაბინის საკეტის თავი მოხსნადია, ის ძალიან ჭკვიანურად ფიქსირდება საკეტში და მის მოსახსნელად არანაირი ინსტრუმენტი არ არის საჭირო. ეს და ასევე მჭიდის ადაპტორის გამოცვლის, იდეაში სხვადასხვა წონის ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა და სწრაფად მოსახსნელი ლულა მიანიშნებს იმაზე, რომ მალე გამოჩნდება კარაბინები და დეტალების ნაკრებები, რომლებიც გადაიყვანენ 9მმ-ან კარაბინს სხვა პოპულარულ კალიბრებზე. ამ ტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ 9×19 და .40S&W კალიბრები, ხოლო საქართველოში შემოტანილია მხოლოდ 9მმ-ნი მოდელი.

77253235_2407021729547531_4348573843678298112_n

კარაბინის მასიური და მძიმე საკეტი. საკეტი სახელური მაგრდება საკეტზე ერთი ხრახნით. მისი გადაყენება ძალიან ადვილია და არ არის საჭირო იარაღის დაშლა. ღია ფერის ჩანართი არის ვოლფრამის ბუფერი. 

ასევე უნდა ცალკე ვახსენო რუგერის კარაბინის მთავარი თავისებურება, შესაძლებლობა სწრაფად, ინსტრუმენტის გარეშე დაშალოთ ის ორ ნაწილად, რაც აადვილებს მის შენახვას და გადატანას. იარაღის გადასატანად გამოდგება ჩვეულებრივი ზურგჩანთა. მექანიზმი, რომელიც ამას უზრუნველყოფს ასევე ძალიან ჭკვიანურია და პრაქტიკულად შეუძლებელია რომ მოირყეს ან დასუსტდეს. სპეციალური სარეგულირებელი რგოლი საშუალებას გაძლევთ მარტივი რეგულირებით უზრუნველყოთ ორივე ნახევრის საიმედო და მყარი გადაბმა. იმისთვის რომ იარაღი განვაცალკევოთ, საკმარისია თითით გადაწიოთ ფიქსატორი, დაატრიალოთ ლულა და ტიბჟირი თავის ღერძის ირგვლივ და იარაღი ორად გაიყოფა. აწყობა ასევე ადვილია და სწრაფი, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დაშლა-აწყობამდე საკეტი დააფიქსიროთ ღია მდგომარეოიბაში. საბრძოლო მდგომარეობაში, კონდახის დასაგრძელებელი ჩანართების გარეშე, კარბინის სიგრძე 87.5 სმ-ია. დაშლილ მდგომარეობაში მისი სიგრძე ზუსტად 50სმ-ია.

კარაბინის მცველის და საკეტის შემაკავებლის ღილილაკების განლაგება რუგერ 10/22-ის ანალოგიურია. განსხვავებით 10/22-სგან ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ PCC-ზე ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი ღია მდგომარეობაში რჩება. ფურნიტურა პლასტმასის არის, მაგრამ ეს პლასტმასა საკმაოდ მყარია და არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დამზადებულია გადამდნარი ცელოფნის პარკებისგან, როგორც ბიუჯეტურ სანადირო კარაბინებზე. კონდახის დაბოლოება მყარი რეზინისგან არის დამზადებული და საკმაოდ კომფორტულია. იმისთვის რომ დააყენოთ, უნდა ჯერ მოხსნათ ორი ხრახნი, რომლითაც მაგრდება კონდახის დაბოლოება.

კიდევ ერთი სიუროპრიზი არის იარაღის ლულა. ის არის შედარებით სქელი პროფილის რაც კარგია, მაგრამ სქელი ლულები მძიმეა, რაც ცუდია. ამიტომ ლულაზე წონის შემცირების მიზნით არის შესრულებული ჭრილები რაც კარგია (და ასევე უხდება იარაღს).  ლულას აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ლულის მოწყობილობების დაყენების (ხრახნის ტიპი 1/2″-28). რაც ასევე კარგია. გამოცდილმა მსროლელებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთ ლულებზე დაყენებული დამცავი რგოლები სროლისას თავისთ იშვება, რაც ცუდია. ამიტომ რუგერზე ქარხნულად დაყენებულია რეზინის რგოლი, რის გამოც რამდენიც არ უნდა ისროლოთ დამცავი რგოლი დაშვებას არ იწყებს, რაც კარგია. მაგრამ სულ ეს არ არის. ლულა არის ცივად ნაჭედი, რაც დამეთანხმებით ასევე ძალიან კარგია. ასეთ ლულას მწარმოებელი, რომ აყენებს იარაღზე ეს უკვე სერიოზული განაცხადია და ერთგვარი მინიშნება, რომ ეს იარაღი იქმნება გათვლით ხანგრძლივ და ინტენსიურ ექსპლუატაციაზე. ცნობილი რესურსის, gunblast-ის მფლობელის, ჯეფ ქუინის შვილს მოუვიდა ინციდენტი ასეთ კარაბინთან, რომელზეც ლულა გადაიხსნა. მიზეზი? ერთი მეორეს მიყოლებით შიგნით გაჭედილი 6 ტყვია. კი ლულა გადაიხსნა, მაგრამ “კატასტროფული აფეთქება”, როგორც ასეთი  არ მოხდა, მსროლელიც არ დაშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ გაჭედილ პირველ ტყვიას მიაყოლეს “ცხელი” “Super-Vel” ვაზნები. PC-ს ლულის სიგრძე 16 ინჩია,  ხრახნების ბიჯი არის 1:10.

76695073_413754246196639_8569965721377832960_n

7075-T6 მარკის ალუმინისგან შესრულებული რესივერი. დაზმადების ხარისხი მაღალია, ინსტრუმენტის კვალი არსად არ ეტყობა. რესივერი ანოდირებულია და არა შეღებილი, რაც ასევე კარგია. 

75619068_804814903305984_610579173638930432_n

სარეცელის ჩანართი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მჭიდების გამოყენებას.

იარაღს კომპლექტში მოყვება საკმაოდ ბევრი რამე, უკვე სავლდებულო უსაფრთხოები საკეტი, კონდახის დამაგრძელებელი პლასტმასის ჩანართები, საჭირო სახრახნისები (სამი ცალი), ერთი რუგერ SR-9-ს 17 ვაზნიანი მჭიდი და დამატებითი ჩანართი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ გლოკის მჭიდები. ასევე კარაბინს მოყვება დეტალური ინსტრუქცია. მეტს ასეთ ფასად უბრალოდ ვერ ისურვებ.

კონცეფციიდან გამოდმინარე იარაღი იშლება, როგორც უმეტესობა კლასიკური კარაბინების. ლულა და რესივერი დამაგრებულია პლასტმასის სარეცელში და ტიბჟირში სამი ხრახნით. სამი ხრახნის დაშცვების შემდეგ ხდება შესაძლებელი ლულის და რესივერის მოხსნა. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოხსნა შესაძლ;ებელია რესივერში გაყრილი ორი პინის ამოგდებით (ისევე, როგორც რუგერ 10/22-ში). ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება საკეტის და დამაბრუნებელი ზამბარის ამოღება რესივერიდან.

72206343_533177200863843_8240629420121915392_n

არასრულად დაშლილი კარაბინი.

მე იარაღი მერგო უკვე გადაწყობილი გლოკის მჭიდებზე, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად მისაღები. მე უკვე მაქვს “Glock 17″ და რუგერის კარაბინი იღებს პრაქტიკულად ნებისმიერ 9მმ-ნი გლოკის ორ რიგიან მჭიდს, იქნება ეს 10 ვაზნიანი გლოკ 26-ის თუ გრძელი 33 ვაზნიანი მჭიდი ან უფრო ეკზოტიკური კვების საშუალებები.

ეხლა გადავიდეთ კრიტიკულ ნაწილზე. რა არ მომეწონა “რუგერის” კარაბინში? დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით. მე სასტიკად და კატეგორიულად არ მომწონს მჭიდის მსუბუქი ღილაკები და რუგერის მჭიდის ღილაკი ჩემი გემოვნებით ზედმეტად მსუბუქია. რის გამოც ღილაკზე მსუბუქი დაწოლაც, ეგრევე ათავისუფლებს მჭიდს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ტყეში ხეტიალისას მჭიდი შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ რამდენად მაღალია ამის ალბათობა ჯერ არ დაგვიდგენია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მჭიდის ღილაკის განლაგება, ერგონომიკის თვალსაზრისით არის უნაკლო, ის ადვილად ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს არის დაყენებული, მაგრამ, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ მისი ზამბარა ბევრად უფრო ხისტი ყოფილიყო და უკეთ დაცული შემთხვევითი დაჭერისგან. კრიტიკას ასევე იმსახურებს ტიბჟირზე განლაგებული პიკტინის სამაგრი. ის “ჩაშენებულია” ტიბჟირში ხოლო მის უკან საღვედეს დასაყენებელი სამაგრია, რის გამოც უმეტესობა ტაქტიკური ფანრების მანდ ვერ დაყენდება. საჭირო იქნება ცალკე “ოფ-სეტ” სამაგრი. და ბოლოს, იარაღი მძიმეა (3.1 kg). ბალანსი და წონის გადანაწილება კარგია, მაგრამ მასა მაინც მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ კარაბინიდან სროლა კომფორტულია და უკუცემა მინიმალურია. ბოლო პისტოლეტის კალიბრის კარაბინი, რაც მე მქონდა იყო Kel-Tec SUB 2000 და სროლის წარმოების კომფორტის თვალსაზრისით სხვაობა ამ ორ იარაღს შორის არის უზარმაზარი, მაგრამ  ”კელ-ტეკი” ჩვენ გვიყვარს სხვა სიკეთეების გამო. სულ ბოლოს უნდა ვახსენო, რომ ჩემი აზრით იარაღს აქვს გარკვეული პრობლემა ესთეტიკის მხრივ. გარეთ გამოშვერილი წვრილი მჭიდი იარაღს არ უხდება. ყველაზე მოკლე 10 ვაზნიანი გლოკის მჭიდიც კი გარეთ გამოშვერილია.  ჩემთვის ესთეტიკა დგას სადღაც ბოლოდან მეორე ადგილზე მნიშვნელობით, მაგრამ არის ხალხი, რომელთათვის ესთეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ ეხლა პისტოლეტის კალიბრის კარაბინებში პრაქტიკულობა დგას პირველ ადგილზე და ესთეტიკას იარაღების ამ კლასში არ უნდა დაეძებდე. სრული ბედნიერებისთვის, ასევე საჭირო იქნებოდა წერტილები სწრაფად მოსახსნელი საღვედეებისთვის მაგრამ რაც არის ეს არის.

76706837_457962971588394_3760612766684020736_n

ლულა take-down მექანიზმით

PC არ არის “რუგერის” პირველი პისტოლეტის კალიბრის კარაბინი. 1961 წლიდან 1985 წლამდე გამოდიოდა Model 44, .44 მაგნუმზე გათვლილი  კარაბინი, რომელიც კონსტრუქციულად იმეორებდა 10/22-ს. 1996 წელს რუგერმა გამოუშვა PC9 (9×19) და PC4 (.40S&W). ეს კარაბინები გამოდიოდა 2006 წლამდე მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდნენ ისევე, როგორც მანამდე მოდელი 44. როგორც ჩანს ეს არ ეხება ახალ PC-ს იმიტომ, რომ იარაღი კარგად იყიდება. ორიგინალურ კონცეფციას უბრალოდ ჭირდებოდა რაღაცით “გახალისება”, რაც მოიზიდავდა მყიდველებს და ეს “გახალისება” გახდა take-down-ის შესაძლებლობა და ასევე შესაძლებლობა გამოიყენო ალბათ საუკეთესო და ყველაზე გავრცელებული, გლოკის მჭიდები. თითქმის ყველა მიმოხილვა რაც მე ვნახე არის ძალიან პოზიტიური და ამ იარაღს მაღალ შეფასებას აძლევს. შედარენით კლასიკურ მოდელს, რუგერმა დაუმატა ტაქტიკური მოდელებიც, რომლებიც უფრო “თანამედროვედ” გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით კლასიკური ვარიანტი ბევრად უკეთესია, თან ამ ახალ მოდელებს აღარ გააჩნია მექანიკური სამიზნი  მოწყობილობები. jedem das seine, როგორც იტყოდნენ გერმანელები.

19122-2

Ruger-ის შედარებით ახალი Pistol Caliber Carbine Chassis model

გადავიდეთ ყველაზე საინეტერსო ნაწილზე. როგორ ისვრის იარაღი? სროლა სიზუსტეზე ხორციელდებოდა 30 მეტრიდან, მაგიდიდან. გამოყენებული იყო მუხტები 115 გრანიდან 157 გრანამდე. მიზანი ამისა პირველ რიგში დაგვედგინა, არის თუ არა სხვაობა მოხვედრის წერტილის ცვლილებაში სხვადასხვა წონის ვაზნების გამოყენებისას. სროლისას აღმოჩნდა რომ დახურულ ტირში, სპეციფიური განათებით, სამიზნი მოწყობილობების გამოყენება იყო საკმაოდ რთული. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ პრობლემის წყარო იყო ჩემი პრობლემური თვალები. საქმე იმაშია, რომ სამიზნი მოწყობილობები განლაგებულია ლულაზე (რაც ბუნებრივია take-down იარაღისთვის), დიოპტრი საკმაოდ შორს არის თვალიდან და მიუხედავად იმისა, რომ სამიზნი მოწყობილობების ზომა და პროპორციები იდეალურია, შავ წრეში კორათი შესვლისას, ხდებოდა კორას და შავი წრის შერწყმა, რაც სერიოზულად ართულებდა დამიზნებას. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მივიღეთ ძალიან საინტერესო შედეგები.

74908184_10215057609009072_4164172605395304448_o

ამ სურათიდან ჩანს, რომ სხვაობა მოხვედრის წერტილში დიდი არ არის, ხოლო ყველაზე კარგი ჯგუფი, პრაქტიკულად ერთი ნახვრეტი, მივიღეთ შედარებით იაფი “Blazer”-ით, ალუმინის მასრით. ჩემი აზრით და სურათი ამას ადასტურებს, იარაღი სტაბილურად ზუსტად ისვრის ყველა პოპულარული წონის ტყვიით, რომელიც გამოიყენება 9მმ-ან ვაზნაში. იარაღი საჭიროებდა გასწორებას რის გამოც სამ სამიზნეზე მოხვედრები არის დამიზნების წერტილიდან დაშორებული.

ორი სიტყვა სასხლეტზე. კარგია ის სასხლეტი, რომელიც გაძლევს საშუალებას ისე ისროლო, რომ მასზე არ იფიქრო და კონცენტრირდე სუნთქვაზე, სამიზნი მოწყობილობების ზუსტ გასწორებაზე და ასე შემდეგ. რუგერზე სწორედ ასეთი სასხლეტია. ის არის წარმოუდგენლად კარგი ასეთი კლასის იარაღისთვის, რომელიც იდეაში არ არის შექმნილი ზუსტი სროლისთვის. მისი წონა დაახლოებით 3 კგ-ია და ის ერთ საფეხურიანია.

P1120027

პრაქტიკული სიზუსტე ძალიან მაღალია. 25 მეტრიდან დგომიდან სწრაფი და ზუსტი სროლა ადვილია. ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ეს სილუეტები რეალური ადამიანის სილუეტზე დაახლოებით 30% უფრო პატარაა. 

სროლის დროს ჩვენ ვიყენებდით ორიგინალურ “Glock”-ის და “Magpul”-ის წარმოების მჭიდებს. არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. ექსტრაქცია პოზიტიური. მარცხენა მხრიდან სროლისას მასრები ახლოსაც არ ხვდებოდა სახესთან. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი “ბლოუბექია” ანუ იყენებს თავისუფალ საკეტს, ხოლო მე ვისროდი მარცხენა მხარზე მიობჯენით, დენთის აირები და დენთის ნაწილაკება სახეში არ მხვდებოდა არა და იარაღზე შესაბამისი დეფლექტორი არ არის გათვალისწინებული.

მოკლედ 9მმ-ნი რუგერის კარაბინიდან სროლა ძალიან სასიამოვნოა. კარგი სასხლეტი, სამიზნი მოწყობილობები და ლულა გაძლევთ შესაძლებლობას სრულად გამოიყენოთ 9მმ-ნი ვაზნის პოტენციალი. 16 ონჩიანი ლულიდან ნასროლ 9მმ-ან ტყვიას ექნება 10-20% მეტი საწყისი სიჩქარე ვიდრე სრული ზომის პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიას, რაც არც თუ ისე უმნიშვნელო ციფრია.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

მოსაწონია, როდესაც იარაღზე პირდაპირ ყუთიდან აყენია, როგორც კარგი მექანიკური სამიზნი მოწყობილობები ასევე პიკატინის სამაგრი ოპტიკისთვის. ბევრი კომპანია დღეს ყიდის “შიშველ” იარაღს და აძლევს მფლობელს საშუალებას თავად აირჩიოს  სამიზნი მოწყობილობების კონფიგურაცია ან აყენებს მარტივ, პრიმიტიულ მექანიკურ სამიზნ მოწყობილობებს. პირველი მიდგომა ალბათ კარგია, თუ შეგიძლია გადახვიდე გზაზე, შეხვიდე მაღაზიაში და იყიდო რაც გინდა, მაგრამ მე მირჩევნია იარაღი იყოს მზად გამოყენებისთვის პირდაპირ კოლოფიდან. რუგერის კარაბინის ქარხნული სამიზნი მოწყობილობები ძალიან კარგია, ხოლო თუ გინდათ ოპტიკის დაყენება, პიკატინის ცალკე ყიდვა საჭირო არ იქნება. პიკატინის სამაგრი რუგერის კარაბინში შესრულებულია  რესივერთან ერთად (და არა ცალკე დეტალი დაფიქსირებული ხრახნებით), რაც ასევე კარგია. 

მიმოხილვის ბოლოსკენ მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსზე გავამახვილო ყურდაღება. პისტოლეტის კალიბრის კარაბინებში შედარებით გრძელი ლულებით უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კარგი ხარისხის ვაზნები. გრძელლულიანი “ბლოუბექ” ტიპის იარაღში, როგორც ამობენ ძალიან რთულია მიხვდე, რომ ტყვია გაიჭედა ლულაში და არის რისკი, რომ მსროლელი ვერ მიხვდება, რომ რაღაც წავიდა არასწორად და გააგრძელებს სროლას. ერთი გაჭედილი ტყვია ლულაში არ არის სასიკვდილო პრობლემა და ის ექვემდებარება მოგვარებას, ხდება გაჭედილი ტყვიის ამოღება და იარაღი მზად არის ექსპლუატაციისთვის. გაჭედილი ლულით მეორე გასროლას მოყვება ლულის დაზიანება.

სხვადასხვა რესურსებზე აღმოჩენილი ინფორმაციის მიხედვით, ერთი შეხედვით, 147 გრანიანი ტყვია შეიძლება არ იყოს საუკეთესო არჩევანი 16 ინჩიანი კარაბინიდან სასროლად. საწყისი სიჩქარე იზრდება უმნიშვნელოდ ხოლო 16 ინჩიან ლულაში სიჩქარე იქნება ნაკლები ვიდრე 12 იინჩიან ლულაში. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ დენთის მუხტს არ ყოფნის ენერგია და ტყვია იწყებს შენელებას უკვე ლულის შიგნნით. ეს შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ცუდია რომ სიჩქარეში/ენერგიაში არ იგებ, მაგრამ ცნობილია, რომ პისტოლეტის ტყვიები, იგულისხმება ექსპანსიური ტყვიები, იქმნებიან სიჩქარეების კონკრეტულ დიაპაზონში სამუშაოთ. გაიყვანე ასეთი ტყვია ზედმეტად მაღალ სიჩქარეზე და სამიზნეში მოხვედრისას ის შეიძლება გაიშალოს ზედმეტად ადრე ან საერთოდ მოხდეს მისი ფრაგმენტაცია და ამის გამო შეღწევის სიღრმე არ იყოს ოპტიმალური. ამიტომ ის, რომ 147 გრანიანი ტყვია ინარჩუნებს სტაბილურ სიჩქარეს, შეიძლება კარგიც იყოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მთლიანად გარსით დაფარული 124 გრანიან ტყვიას ექნება მეტი საწყისი სიჩქარე მაგრამ როგორ აისახება ეს მის ტერმინალურ ეფექტურობაზე უცნობია. კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები, მაგრამ 9მმ-ნი კარაბინების პოპულარობის ზრდასთან მეტი ინფორმაცია გაჩნდება და ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ გაჩნდება სპეციალიზირებული მუხტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენებენ ლულის სიგრძეს. 16 ინჩიანი ლულიდან ნასროლი 124 გრანინაი +p კლასის ტყვიას ექნება საწყისი სიჩქარე სადღაც 410-420 მ/წ-ში რაც უკვე .357 “მაგნუმის” ტერიტორიაა. იმის თქმა მინდა, რომ საწყისი სიჩქარის გაზრდა ყოველთვის კარგი არ არის, თუ ტყვია არ არის “მზად” ასეეთი სიჩქარისთვის. ასევე გასარკვევია რესივერზე დაყენებული ოპტიკით, ლულის მოხსნა დაყენება იწვევს თუ არა “ზეროს” დაკარგვას.  ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის შესწავალას რუგერის კარაბინის დახმარებით და შედეგებზე აუცილებლად გიამბობოთ.

ამ ეტაპზე რუგერის PC კარაბინი იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხარისხიანი შესრულებისთვის და ნაფიქრი კონსტრუქციისთვის. ის არ გავს სუპერ ტაქტიკურ “ემოთხს”, არ აქვს ვეტიკალური სახელურები და დასაკეცი კონდახები, მაგრამ ეს არის გამძლე, ხარისხიანი და ძალიან ზუსტი იარაღი, რომელიც არ მიიპყრობს ყურადღებას მის გადატანისას და თუ გადაწყვიტეთ სადმე სადმე გასეირნება, გზად თუ ვინმე შეგხვდათ, “ბოევიკი” არ ეგონებით. იმისთვის რომ ის მოირგოთ ან დააყენოთ მასზე ოპტიკა, ასევე არ დაგჭირდებათ დიდი ინვესტიციები. თბილისში ეს იარაღი იყიდება ახალი, 2000 ლარად და თუ თქვენ გჭირდებათ ის რასაც ეს იარაღი გთავაზობთ, მაშინ წადით და იყიდეთ, ფასი/ხარისხით მას ამ ეტაპზე თბილისში კონკურენტი არ ყავს და რაც მთავარია კარაბინი პირდაპირ კოლოფიდან არის მზად გამოიყენოს 9მმ-ნი ვაზნის სიზუსტის და სიმძლავრის სრული პოტენციალი.

P1120010

იდეალური წყვილი. ერთნაირი ვაზნა, ერთნაირი მჭიდები, ერთნაირი ფერები.