Archive for May, 2023

ჩემი კომენტარი ე.წ. “სატელევიზიო არხებზე” გასულ ე.წ. “სიუჟეტზე”

Thursday, May 11th, 2023

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტურმა ფრთამ (ტვ იმედი) გაავრცელა სიუჟეტი სადაც იყო მოყოლილი “გირჩის” ვითომ მზადებაზე, რაღაც ძალადობრივი კამპანიისთვის, “გირჩის” მიერ ორგანიზებულ ბანაკებში. თავისთავად ეს წარმოუდგენელი სისულელეა, ეს ბანაკები არის “გასვლით” ლექციების კურსი, სადაც ქალაქ გარეთ, იკრიბებიან მსმენელები და ლექტორები და ჩვეულებრივი ლექციები, დისკუსიებია მილიონ თემაზე, მათ შორის სამხედრო თემებზე. მაგაზე უკვე საკმარისად ითქვა, ყველაფერი რაც იქ ხდება არის სრულიად ტრანსპარენტული და მე აღარაფერს არ დავამატებ.  პროპაგანდისტების ჯგუფმა მანდ გაატარა მთელი დღე, ამაში თავად დარწმუნდნენ და მაინც გააკეთეს ის რაც გააკეთეს.

მე მინდა შევეხო ნაწილს ამ სიუჟეტის, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ჩემ თავს. ორი რამე გაჟღერდა (მე რაც მითხრეს, სიუჟეტისთვის არ მიყურებია): მე ვარ ნაციონალური მოძრაობის დროს, უშიშროების საბჭოს თანამშრომელი და ვატარებ იარაღის გამოყენების პრაქტიკულ კურსებს ამ ბანაკებში.  ეხლა რეალურად რა ხდება. უშიშროების საბჭოში მე ვმუშაობდი შევარდნაძის დროს, როდესაც საბჭოს თავმჯდომარე იყო თედო ჯაფარიძე. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საბჭოს მდივანი გახდა ვანო მერაბიშვილი და მეორე დღეს ვანო მერაბიშვილმა გამიშვა მე ამ სამსახურიდან.  აღნიშნული დასტურდება ადვილად, მათ შორის ჩანაწერით ჩემ შრომის წიგნაკში. ეს იცოდნენ პროპაგანდისტებმა მაგრამ მაგათ ეტყობა ჭირდებოდათ ვინმე ვინც დააკავშირებდა გირჩს ნაციონალურ მოძრაობასთან და ეს ვიღაცა მე აღმოვჩნდი. ბედის ირონია, “ნაცები” მეძახდნენ “რეჟიმის გადმონაშთს”,  “ქოცები” კიდე “ნაცს”.  “ნაციონალური მოძრაობის” დროს მე ვიყავი კახა ბენდუქიძეს მრჩეველი, სულ მიკვირდა რა ნახა კახამ საერთო “ნაციონალურ მოძრობასთან”, სავარაუდოდ ამის გამო მე ისევ მოვხვდი ვანო მერაბიშვილის ყურადღების ქვეშ და დიდი ალბათობით კახამ სერიოზული შარი ამარიდა თავიდან, რაზეც ერთხელ თვითონ ირიბად მიმანიშნა. მერე დაამატა, ძალიან შეშინებულები არიაონო, ხომ ხვდებიო. რეალურად მაშინ რატომ, როგორ და რისთვის მოხდა, იცოდა მარტო კახამ და ალბათ ეხლაც იციან რამდენიმე მასთან დაახლოებულმა ადამიანმა. 9 წლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი მეორეჯერ გამიშვებს სამსახურიდან, როდესაც პრემიერის რანგით მოვა სახელმწიფო კანცელარიაში. რანაირად შეიძლება ჩემი აფილირება ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩემთვის გაუგებარია

რაც შეეხება ბანაკებს, ანუ რეალობა ის გახლავთ, რომ მე არასდროს არ ვიყავი ამ ბანაკების პროექტის მონაწილე. იმიტომ რომ უბრალოდ დრო არ მქონდა. ბანაკში ვიყავი ერთხელ, ქობულეთში წინა ზაფხულს, სადაც ნახევარი დღე გავატარე, თემატიკა ტრადიციული: კანონი იარაღის შესახებ, რეგულაციები და იარაღის ბრუნვის კონტროლი, მითები იარაღების სამყაროდან  და ა.შ. არანაირი იარაღის პრაქტიკული კურსი მანდ არ ყოფილა არც იმ ბანაკში და ვერც იქნებოდა სხვა ბანაკებშიც, პრაქტიკული კურსი ნიშნავს იარაღიდან სროლას, ვარჯიშს რაც ქობულეთის სასტუმროში და არც სხვა ლოკაციებზე ფიზიკურად ვერ მოხდებოდა.  თავისთავად ასეთ კურსებში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ასეთი რამე უბრალოდ ამ ბანაკებში არ ყოფილა. სხვები ზუსტად რას ყვებოდნენ და რაზე ლაპარაკობდნენ, ჩემთვის უცნობია, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ არავის მომზადება ირაღის გამოყენებაში მანდ არ ხდებოდა.  “მილიტარისტული”, სამხედრო კომპონენტი, როგორც ყველა ლექცია ასეთ ბანაკში, არის ზოგადი თეორიული ღონისძიება, იმიტომ რომ ინტერესი ამ თემის მიმართ ცხადია დიდია და ვისაც რა შეეძლო რომ მოეყოლა ამ თემაზე იმას უყვებოდა დამსწრეებს. არანაირი კურსი, სისტემური მიდგომა ან ორგანიზებული ხასიათი ამას არ ქონია.  თავისი საკუთარი, ლეგალური იარაღის, აღჭურვილობის გამოყენება მომხსენებლების მიერ თუ ხდებოდა, ეს ხდებოდა დემონსტრირებისთვის ან როგორც ლექციის ანტურაჟი/დეკორაცია. არანაირი კანონდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმიანობას ეს არ წარმოადგენდა. ეს პრაქტიკულად იგივეა, რასაც მაგალითად მე თითქმის სამი წელია ვაკეთებ, როგორც გადაცემა “იარაღი და თავისუფლების” წამყვანი. ყველაფერი ეს კარგად იცოდნენ ამ სიუჟეტის დამკვეთებმაც, შემსრულებლებმაც და “ქართულმა ოცნებამაც” რომლის სახეები ეხლა ამ სისულელეს ავრცელებენ. დარწმუნებული ვარ იგივე ცნობილია შსს-თვის და სუს-ისთვის. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ თავის დროზე “ნაცებიც”, თხზავდნენ რაღაც “ხორორ სთორებს”, რომ დაეშინებინათ ყველა. არაფერი არ იცვლება, ჩვეულებრივი ადამიანები იჭყლიტებიან შუაში.

ეხლა ასეთი რამე, რომ გაგიკეთოს მტერმა, გასაკავირი არ არის, ომის ნაწილი არის პროპაგანდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პროპაგანდას ერთი ჯგუფი იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს არის მახინჯი რეალობა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ 2023 წელს.  როგორც ჩანს არასდროს ეს ქვეყანა არ განიცდიდა ნაკლებობას ადამიანებში, რომლებიც მოკრძალებული ანზღაურებისთვის ყველანაირ სიბინძურეს იკადრებდნენ. სად მიგვიყვანს ეს გზა კაცმა არ იცის.

ესეც მტკიცებულება “ტვ იმედის” სიცრუის.