Remington-ის ნახევრად ავტომატური შაშხანები “Woodsmaster”.

March 26th, 2021

740n_p15

რამდენიმე დღის წინ მე მქონდა შესაძლებლობა ძალიან ახლოს გამეცნო Remington 750 Woodsmaster-ი. ვინც არ იცით, ეს არის ნახევრადავტომატური შაშხანა, რომლის ისტორია ჯერ კიდევ 50-ან წლებში დაიწყო და დასრულდა 2015-ში, როდესაც რემინგტონმა შეწყვიტა მისი წარმოება. უნდა აღვნიშნო, რომ რომ ამ ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი (მოდელები 740, 742 და 7400) მაინც და მაინც დიდი პოპულარობით, ყოველ შემთხვევაში ამერიკის გარეთ არ სარგებლობდნენ. იუთუბზე ძალიან ცოტა ვიდეო არის ამ ტიპის იარაღებზე, მუხედავად იმისა, რომ პრინციპში იარაღების ეს ოჯახი არის საკმაოდ მცირერიცხოვანი, ვგულისხმობ რა თქმა უნდა წმინდა სანადირო ნახევრად ავტომატურ შაშხანებს. თავისთავად ცხადია მე დამაინტერესა, რატომ ლაპარაკობენ ასე ცოტას იარაღებზე რომელიც მინიმალური ცვლილებებით 60 წელზე მეტი გამოდის და თანაც ასეთ ცნობილ სახელს ატარებს. სულ მალე მე აღმოვაჩინე, რომ ნომერ პირველი პრობლემა, რომელსაც აწყდებით ამ იარაღზე ინფორმაციის ძიებისას, გახლავთ ის, რომ ეს იარაღები როგორც ჩანს არ გამოირჩევიან საიედოობით,  თვისებით, რომელიც ჩემი აზრით არის კრიტიკული, მათ შორის კრიტიკული ნებისმიერი დანიშნულების ცენტრალური აალების შაშხანისთვის.  ამავე დროს ჩემი გამოცდილებით, დიდი მწარმოებელი იშვიათად უშვებს 60 წელ ნედლ იარაღს, რომელიც უბრალოდ ცუდი კონსტრუქციის არის. ასეთი რამეები შეიძლება მოუვიდეს პატარა/დამწყებ კომპანიებს, მაგრამ ამერიკის უძველესი და უმსხვილესი იარაღების მწარმოებელი 60 წელი არ გამოუშვებდა ცუდი კონსტრუქციის მქონე იარაღს, ესეიგი საქმე არა ზოგადად ცუდ კონსტრუციაშია, არამედ , როგორც წესი რამე ერთ ფაქტორში, რომელიც ხელს უშლის იარაღს იმუშაოს ისე როგორც საჭიროა. თანაც რემინგტონს დაჭირდა 11 წელი ამ იარაღის შესაქმნელად. მე მაინტერესებდა რაში იყო საქმე და   გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა და თანხაც გამოყოფილი ამ იარაღის შესაძენად.

“ვუდსმასტერის” კონსტრუქციას, რომ შევხედოთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ის განიცდიდა მეტ წილად მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს და მცირე ცვლილებებს კონსტრუქციაში. ამ  ოჯახის პირველი წარმომადგენელი, მოდელი 740 წავიდა სერიაში 1955 წელს ხოლო ამ ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენლის, მოდელი 750-ის წარმოება შეწყდა 2015-ში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება და შეიცვალა საკეტის თავის კონსტრუქცია დაწყებული მოდელი 7400-დან. 19 პატარა საბრძოლო ბჯენი შეიცვალა შედარებით უფრო მასიური 4 საბრძოლო ბჯენებიან კონსტრუქციაზე, ეს არის და ეს. დაანრჩენში ეს იარაღები მეტ წილად იდენტურია, მათ შორის მოდიფიკაციებით. მხოლოდ ვარიანტები გრძელი 22 ინჩიანი და მოკლე 18 1/2 ინჩიანი ლულებით (კარაბინი). ცხადია ამდენი წლის განამვლობაში შესრულებების ვარიანტები მრავალია ისევე როგორც სხვადასხვა შეზღუდული სერიის და საიუბილეო მოდელები. ფურნიტურა ძირითადად ორი ვარიანტის იყო,  კაკლის ხის და 1998 წლიდან პლასტმასის, მაგრამ გამოდიოდენს “ვუდსმასტერები” ასევე ლამინირებული ფურნიტურით. შესრულებების ინდექსები იყო ტრადიცული რემინგტონის იარაღებისთვის: A – სტანდარტული შესრულება, ADL – “დე ლუქს” შესრულება, BDL – “დე ლუქს განსაკუთრებული”, C, CDL და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში ეს გრეიდები მოდლიდან მოდელამდე იცვლებოდა ისევე როგორც კონკრეტული გრეიდით შესრულებული მოდელის დასახელებებიც, მაგრამ ძირითადი მოდელებია 740, 742, 7400 და 750.

rem7X

742-მა შეცვალა 740 1960 წელს, 7400 წარმოება დაიწყო 80-ან წლებში, ხოლო 750-ის 2006 წელს.

უნდა ვივარაუდო. რომ საქართველოში ხელმისწვდომია მხოლოდ მოდელი 750, რომელიც მე შემხვედრია ადრეც. “ვუდსმასტერი” უფრო ადრინდელი მოდელები არ მინახავს, მაგრამ შეიძლება დიდი ყურადღებასაც არ ვაქცევდი მათ და ამიტომ არ შემიმჩნევია. ეს იარაღები გამოდიოდნენ ბევრ კალიბრში, მაგრამ ჩვენთან ყველაზე გავრცელებული წესით უნდა იყოს .308 Win, როგორც ეს კონკრეტული შაშხანა, რომელიც მე შევიძინე. რაც დანანმდვილებით ვიცი, ამ იარაღებს რემინგტონი არ უშვებდა მაგნუმ კალიბრებში.

იარაღის კონსტრუქციის ავტორი იყო ლ. რეი კრიტენდონი. კონსტრუირების საწყისი წერტილი იყო რემინგტონის 28 კალიბრის გლუვლულიანი თოფი 11-48, აქიდან “ვუდსმასტერის” თვალში საცემი ვიზუალური და კოსნტრუქციული მსგავსება ტიპიურ ნახევრად-ავტომატურ სანადირო თოფთან. ახალი ნახევრად-ავტომატის და მისი ტყუფისცალი “პომპის” შექმნა პარალელურად მიმდინარეობდა.

გადატენვისთვის ეს იარაღები იყენებენ დენთის აირების ენერგიას ხოლო საკეტი ამ იარაღებში იკეტება ბრუნვით და პირდაპირ ლულაზე განლაგებულ კილოებში, რაც დღემდე მიღებული პრაქტიკაა. დენთის აირების სისტემა განლაგებულია ლულის ქვეშ და რბილად რომ ვთქვათ განსხვავდება ყველაფრისგან, რაც მე აქამდე მქონდა ნანახი. დგუშის როლს ასრულებს მასიური დეტალი, რომელიც ზევით-ქვევით ქანაობს და პინით დამაგრებულია ორ მიმმართველზე, რომლებიც ასრულებენ დგუშის ღერძის როლს. დენთის აირების კამერა, კვადრატული ფორმის მიდუღებულია ლულაზე, ხოლო აირების გამოსასვლელი არის მეტალის მოკლე მილაკი დამაგრებული კამერაში ერთი პატარა ხრახნით. დგუშის შორის, ლულის ქვეშ განლაგებულია დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი. ეს მაგონებს გარანდის/M14-ის კონსტრუქციას.  დგუშის ღერძები დაკავშირებულია საკეტთან, რაც ტექნიკურად ალბათ ამ სისტემას აქცევს დგუშის გრძელ სვლიან სისტემად, რახან პირობითი დგუში, გადის იგივე მანძილს რაც საკეტი.

20210323_150630

ასე გამოიყურება დენთის აირების სისტემა. დგუში არის გადატიხრული მეტალის ნახევრად ცილინდრი. ეს ტიხარი იღებს დენთის აირების დარტყმას და უზრუნველყოფს საკტის მოძრაობას. “რემინგტონში” ამ სისტემას დაარქვეს “power-matic”. 

20210323_152121

დენთის აირების ბლოკი თავისი მილაკით. მინიმალისტური, მარტივი კონსტრუქცია.

დღევანდელი სტანდარტებით, ეს სისტემა უცნაურდ გამოიყურება, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ეს სისტემა რეალურად 50-ანი წლებიდან არის, როდესაც ამერიკაში გარანდის შაშხანა განიხილებოდა, როგორც ტექნოლოგიური საოცრება, ხოლო რემინგტონის წინა თაობის ნახევრად-ავტომატური იარაღი საერთოდ იყენებდა სქემას მოძრავი ლულით და ბევრად უფრო რთული და შესაბამისად ძვირი იყო დამზადებაში. ამიტომ 50-ნი წლების სტანდარტით ეს სქემა იყო ალბათ ფუნქციონალური პრიმიტივიზმის ნიმუში. მარტივი, ადვილად დასამზადებელი დეტალებისგან შემდგარი კონსტრუქცია. ამის შედეგად წარმოების მხოლოდ 2 წელში, “რემინგტონმა” უფრო მეტი “ვუდსმასტერი” გამოუშვა, ვიდრე მისი წინადმორბედი “რემინგტონ 8″ და “81″ 44 წლის განმავლობაში!

ასევე ერთი შეხედვა ამ იარაღზე საკმარისია, რომ მიხვდე: რემინგტონს უნდოდა ნახევრად-ავტომატი, რომელსაც ექნებოდა ისეთივე იარაღის სახელმძღვანელო, როგორც მის პომპებს და ნახევრად ავტომატურ თოფებს. რესივერი, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, კონდახი პრაქტიკულად არ განსხვავდება რემინგტონ 870-სგან. თავისთავად ცხადია, რომ აქ არ გამოდგებოდა გლუვლულიან იარაღში, ლულის რესივერში ფიქსაციის მეთოდი, ამიტომ ლულის ქანჩი აქ პირდაპირ ამაგრებს ლულას რესივერში და გნალგებულია რესივერის წინ, ლულის ქვეშ, დგუშის “ღერძებს” შორის. იარაღის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, აბსოლუტურად კრიტიკულია, რომ ეს ქანჩი იყოს კარგად გადაჭერილი.

20210325_122402

Remington 750 და Remington 870.  აშკარად ჩანს, რემინგტონის მცდელობა ორი მოდელის მაქსიმალური უნიფიკაციის რაც მიანც და მაინც ცუდი არ არის მომხმარებლის თვალსაზრისით. იდენტური იარაღის სახელმძღვანელო და ერგონომიკა ნიშნავს რომ თუ მიეჩვიე ერთს, ეგრევე შეძლებ მეორის გამოყენებასაც.

7600

მსგავსება “პომპასთან” იმდენად აშკარაა, რომ მე არ გამიკვირდა, რომ “რემინგტონი” უშვებდა შაშხანას პომპის მექანიზმით, მოდელ 7600-ს. 

“რემინტონის” შაშხანის ასეთი კონსტრუქცია, განაპირობებს იმას, რომ იმისთვის, რომ ამოიღოთ საკეტი, უნდა მოხსნათ ლულის ქანჩი, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ არის დამაგრებული და თანაც ქარხანაში დაფიქისრებულია ლოქტაიტით, შემდეგ მოხსნათ ლულა. მე ვერ მივხვდი როგორ მივუდგე ამ ქანჩს, სპეც. ინსტრუმენტის გარეშე ისე, რომ არ გავრისკო დგუშის “ღერძების” დაზიანება, ეს ღერძები თხელი მეტალის ფირფიტებია და ერთი მოუხერხებელი მოძრაობა და იარაღი შეიძლება დაზიანდეს. ასეთი რამე დღევანდელი სტანდარტებით, უკვე მიუღებელია, ითვლება, რომ იარაღი ადვილად და ინსტრუმენტების გარეშე უნდა იშლებოდეს ხოლო აქ რეალურად ყველაზე დაბინძურებულ ადგილებს ვერც მიუდგები, თუ ჯერ არ მოხსენი ხრახნი რომელიც ამაგრებს ტიბჟირს, შემდეგ არ ამოაგდე პინი, რომელიც აფიქსირებს დამაბრუნებელი ზამბარის ღერძს დენთის აირების ბლოკზე და უკვე შემდგომ, სპეციალური ინსტრუმენტით არ მოხსენით ლულის ქანჩი, რომლის მოხსნაც მე პირადად ვერ გავბედე. ამის მერეც ყველაფერი არ მთავრდება.  საკეტი რომ ამოიღოთ, უნდა მოხსნათ საკეტის სახელური, დამაგრებული საკეტის მატარებელზე  პატარა პინით, რომელსაც რომ მიუდგეთ დაგჭირდებათ, გამადიდებელი შუშა რომ ჯერ ის იპოვოთ. სხვანაირად უბრალოდ ვერ მიხვდებით სად გამოიყენოთ პანჩი, რომ ის პინი ამოაგდოთ. მოკლედ ამდენი სიტყვების წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით, რომ “ვუდსმასტერის” დაშლა სერიოზული თავის ტკივილია. რემინგტონში ეს ესმოდათ და ჭრილი რესივერში სადაც მოძრაობს საკეტი აღჭურვეს თხელი მოძრავი ფირფიტით, რომელიც იცავს რესივერს შიგნით უცხო სხეულების მოხვედრისგან. ობიექტურად, რომ მოხსნათ იარაღს მჭიდი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული, შესაძლებელია რესივერის და საკეტის ასე თუ ისე გაწმენდა, საკეტის მოხსნის გარეშე. რომ არა ლულის ქანჩის კონსტრუქცია მოდელ 750-ში (ადრინდელ მოდელებში ის სხვა კონსტრუქციის და უფრო ადვილად მოსახსნელი იყო) და მიკროსკოპული პინი, რომელიც იჭერს საკეტის სახელურს, მე ვიტყოდი, რომ ეს იარაღი ადვილი დასაშლელია. მაგრამ გავმეორდები, 50-ნი წლებისთვის, რაციონალური კონსტრუქცია, ტექნოლოგიურობა და სიმარტივე მართლა მაღალ დონეზეა და ვიღაცამ “რემინგტონში” საშინაო დავალება მაინც კარგად შეასრულა.

20210323_151512

ხედი რესივერის ქვევიდან. კარგად ჩანს საკეტის მატარებელი, საკეტი, დამრტყმელი, ჭრილი საკეტში რომელიც უზრუნველყოფს მის ბრუნვას, საბრძოლო ბჯენები და ჭუჭყისგან დამცავი ფირფიტა, რომელიც საკეტთან ერთად მოძრაობს.  რესივერი ფოლადის არის და შესაძლებელია მასზე ოპტიკის სამაგრის დაყენება. სხვათაშორის საკეტის თავი წინიდან ძალიან გავს რემინგტონ 700-ის ანალოგიურ დეტალს, ეჟექტორის კონსტრუქციაც ანალოგიურია.

“ვუდსმასტერის” კონსტრუქციის პლიუსებს განეკუთვნება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც შესრულებულია ერთ მოდულად და მაგრდება რესივერში ორი პინით. მასზევე განლაგებულია მჭიდის საკეტელაც, რომელიც არც თუ ისე მოსახერხებელია და არც თუ ისე გამართულად მუშაობს. ხანდახან ის უბრალოდ იჭედება და მჭიდს ვერ ხსნი. ასევე დღევანდელი სტანდარტებით უჩვეულო გადაწყვეტილებაა, საკეტის შემაკავებლის განლაგება მჭიდზევე. სტანდარტული ტევადობის მჭიდები (4 ვაზნა) ამ მოწყობილობით აღჭურვილია, გაზრდილი ტევადობის (10 ვაზნა) აღარ. მცველი, ასევე არის განლაგებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზის კორპუსზე და წარმოადგენს გაყრილ ღილაკს, ისიც იდენტურია მაგალითად რემინგტონ 870-ზე გამოყენებული ანალოგიური დეტალის.

750 trigger

7400-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. ის იდენტურია ანალოგიური დეტალის ბევრ სანადირო ნახევრად-ავტომატში და “პომპაში”.  წინა ნაწილში განლაგებულია ძალიან პატარა ზომის და საკმაოდ მოუხერხებელი მჭიდის საკეტელა. მცველის ღილაკი სასხლეტის უკან არის განლაგებული. 

მიუხედავად უცნაური კონსტრუქციისა, აქამდე მე ვერ აღმოვაჩინე რამე რაც მეტყოდა, რომ აი ამის გამო ეს იარაღები სარგებლობენ ასეთი არასაიმედო იარაღის რეპუტაციით. როგორც უკვე ხვდებით, პრობლემების წყარო იმალება მჭიდში. პირველი რაც მე შევამჩნიე იყო ის, რომ მჭიდზე არ იყო მარკირებები, არა და ეს იარაღი ბევრ კალიბრში გამოდის, მათ შორის გრძელ და მოკლე საკეტიანი ჯგუფებით. აღმოჩნდა, რომ მჭიდი ერთი ზომის არის ყველასთვის. .308 კალიბრის ვაზნების ჩალაგებისას მე პირველ რიგში გავიფიქრე რომ ეს სხვა იარაღის მჭიდია, იმდენად დიდი ადგილი იყო შიგნით. გარდა ამისა, მჭიდის კორპუსი იყო ძალიან თხელი მეტალისგან დამზადებული. სიმართლე გითხრათ  ასეთი დაბალი ხარისხის მჭიდი მე არ მინახვას მას მერე რაც 10 ვაზნიანი .223 კალიბრის გამჭირვალე DPMS-ის მჭიდი მზეზე დებისგან გახურდა და ისე დარბილდა, რომ  ზამბარამ გარეთ ამოყარა ვაზნები.  მარტივმა ფუნქციონალურმა შემოწმებამ ეგრევე აჩვენა, რომ მჭიდი დეფექტურია, ვაზნები შიგნით უბრალოდ არ ჩერდებოდა და ზამბარას ძალა არ ყოფნიდა რომ ვაზნა აეწია მიწოდების ხაზზე.  ყველაფერი, რაც შეიძლება ცუდი კონსტრუქციის  მჭიდს ჭირდეს, იყო წარმოდგენილი ამ იარაღის 10 ვაზნიან მჭიდში.   არასაიმედო ხუფის ფიქსაცია, თხელი კედლები, სუსტი ზამბარა, მიმწოდებელი რომელიც ადვილად იბრიცებოდა. მჭიდი არის კრიტიკული ნაწილი ნახევრად ავტომატურ იარაღში. ხოლო ასეთი მჭიდით იარაღი უბრალოდ ვერ იმუშავებს.  კვების ცუდი მექანიზმი, გართულებული დაშლა/აწყობა და მიიღებთ იარაღს, რომლის წარმატებული ექსპლუატაცია შეუძლია მსროლელების შედარებით მცირე ჯგუფს, ვინც: ა) მოუვლიან ამ იარაღს და უზრუნველყოფენ მის სრულ ტექნიკურ გამართულობას ბ) უზრუნველყოფენ ფაქიზი მჭიდების სწორ ექსპლუატაციას. რატომ უნდა იტკიო ამაზე თავი? პირველ რიგში იმიტომ, რომ “ვუდსმასტერი” ერგონომიული თვალსაზრისით მართლა კარგი სანადირო იარაღია. ის მოსახერხებელი, თხელი და მსუბუქია. ასეთი იარაღები მონადირეებს უყვართ. მეორე რიგში ის ხელმისაწვდომია. ის უფრო იაფი ღირდა ვიდრე პრაქტიკულად ნებისმიერი მისი ანალოგი. ამერიკაში,  მეორადი “ვუდსმასტერი” შეიძლება იშოვო 300-400 დოლარად, იდეალურ მდგომარეობაში. ასეთი დაბალი ფასი განპირობებულია იმით, რომ ჯამში გამოშვებულია 2.5 მილიონი “ვუდსამასტერი”!

20210323_220415 (1)

მჭიდს ეტყობა რომ გაძვრა ხუფი, რომელიც პერმანენტულად დამაგრებულია მჭიდის კორპუსზე და წინა პატრონმა, როგორც შეეძლო ის დაამაგრა მომძვრალი ხუფი. ერთ ადამიანმა მომიყვა რომ ეს ახალი მჭიდი ეგრევე დაიშალა, როგორც კი ის ამოიღო შეფუთვიდან. 

იყო რემინგტონი ინოვაციური? უდაოდ იყო. ის შეიქმნა 12 წლით ადრე ვიდრე ჯონ ბრაუნინგის შვილიშვილის ბრიუს უორენ ბრაუნნგის მიერ შექმნილი Browning BAR, იარაღი, რომელიც ბევრისთვის დღემდე არის სანადირო ნახევრად-ავტომატური შაშხანის იდეალი. მან ასევე დაასწრო ვინჩესტერ მოდელ 100-ს, რომლის წარმოება დაიწყო 1961 წელს და 70-ან წლებამდე გრძელდებოდა. მოწონებას ასევე იმსახურებს მარტივი, ტექნოლოგიური კონსტრუქცია (მართალია 50-ნი წლებისთის), უნიფიკაცია სანადირო თოფებთან, მცირე მასა (3.4 კგ), ლაკონური/მინიმალისტური დიზაინი, მაგრამ ეს თოფი მორალურად მოძველდა 90-ნი და 2000-ნი წლებისთვის,  როგორც ჩანს მჭიდის დახვეწას დრო არ დაეთმო, რაც უცნაურია იმის ფონზე, რომ მოდელიდან მოდელამდე მჭიდის კონსტრუქციაც იცვლებოდა, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში “რეინგოტნში” ვერ შეძლეს საიმედო კონსტრუქციის მჭიდის შექმნა “ვუდსმასტერისთვის”.  რის გამოც იარაღი, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი 60 წელია უშვებდა, დარჩა მეტ წილად შეუმჩნეველი და აღიარების გარეშე. მე ბევრი იარაღი, შემიძლია დავასახელო, რომელიც აღიარების გარეშეც დიდი რაოდენობით იყიდებოდნენ და მრავალი წელი გამოდიოდნენ მაგრამ აქ არის ერთი დიდი განსხვავება, თუნდაც რუგერის P სერიის პისტოლეტები, რომლებზეც მიუხედავად გამოშვებული რაოდენობისა არ წერდნენ სტატიებს და არ იღებდნენ კინოებში, გამოირჩეოდნენ რესურსით და საიმედოობით, რასაც როგორც მე ვატყობ ვერ იტყვი რემინტონის ამ შაშხანებზე. თუმცა იმ ცოტა ვიდეოს კომენტარებში რაც “იუთუბზეა” მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც წერენ, რომ ისინი ან მათი მამები და ბაბუები წლები და ათწლეულები ნადირობდნენ ამ იარაღებით.

სიზუსტეზე ვერაფერს ვერ დავწერ, იმიტომ რომ ამ იარაღიდან სროლა ვერ მოვახერხე, ნაწილობრივ უამინდობის და ნაწილობრივ იმის გამო, რომ იარაღის მჭიდი იყო მწყობრიდან გამოსული და ვერ აწვდიდა ვაზნებს მიწოდების ხაზზე. ნაწილობრივ იმითაც, რომ გული მქონდა დაწყვეტილი, რომ სრულ მის რესტავრაციას ვერ მოვახერხებდი საკუთარი ძალებით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ იარაღის სიზუსტე იქნება აბსოლუტურად საკმარისი ტყეში სანადიროდ, სადაც სროლის მანძილი იშვიათად აღემატება 100-150 მეტრს. ის ასევე არ არის high-speed low-drag ტაქტიკური იარაღი, მინიატურული მჭიდის ღილაკი, სასაცილოდ პატარა საკეტის სახელური, არანაირად ხელს არ უწყობს მჭიდების სწრაფ გამოცვლას და გადატენვებს. ეს არის ტყის იარაღი, სადაც ადამიანი ერთ გასვლაზე 4-5 ვაზნას ისვრის და დროის დიდი ნაწილი სეირნობს ტყეში. ის არის კლასიკური, თუ გნებავთ ძველი სკოლის სანადირო იარაღი, ქარაქტერით და ისტორიით. ეს არის და ეს.

თქვენ ალბათ შეამჩნევდით სურათებიდან, რომ იარაღზე ზედპირული კოროზიის ნიშნებია. საქმე იმაშია, რომ ეს იარაღი, რაღაც პერიოდი სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ჩემი ნება, რომ იყოს სახელმწიფოს გატეხილ ჭიქასაც არ ვანდობდი. ამ შაშხანასაც არ გაუმართლა და არასათანადო შენახვისას ის ნელ-ნელა ხდებოდა კოროზიის მსხვერპლი. მისი სრული აღდგენის უშედეგო მცდელობის შემდეგ მე მივხვდი, რომ  აღარ მინდოდა დროის და ფულის ხარჯვა ამ იარაღზე, ამიტომ ის გადავეცი სხვა ადამიანს, თუმცა თავიდან სხვა გეგმები მქონდა. რეალობაში აღმოჩნდა, რომ სახლის პირობებში ასეთი იარაღის აღდგენა იყო შეუძლებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში დაფარვის აღდგენას. მოუგვარებელი იყო ასევე მჭიდის საკითხიც, ასე, რომ გადავწყვიტე ეს წარუმატებლობის მწარე აბი გადამეყლაპა და მოძრაობა გამეგრძელებინა.  შეცდომის ფასი? ზუსტად 1000 ლარი რომელიც მე ვიზარალე. შესაბამისად ამ სტატიის ღირებულება, რომელსაც თქვენ ეხლა კითხულობთ,  1000 ლარია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ასეთი ზარალი იშვიათია, უმეტეს წილად იარაღიდან იარაღამდე დანაკარგი არ აღემატება რამდენიმე ასეულ ლარს. რას გააკეთებ? მათ შორის ხანდახან ოთხნიშნა თანხების გადახდაა საჭირო, რაღაცაში მართლა რომ გაერკვიო. აქვე ყველა მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სახელმწიფოს მიერ გასაყიდად გამოტანილი ქონება, ამ შემთხვევაში იარაღი, არის უკეთეს შემთხვევაში სარემონტო, უარეს შემთხვევაში სახიფათო მომხმარებლისთვის, მიუხედავად ამისა წლებია გრძელდება ასეთი იარაღებით ვაჭრობა, ელექტონულ აქუციონზე და საცალო გაყიდვების მაღაზიათა ქსელში. ასევე გვიან მოვიდა ჩემთან გააზრება, რომ სხვისთვის წართმეული ქონების გამოსყიდვა მე მაინც და მაინც არ მხიბლავს. მოკლედ ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე, გაკვეთილი ათვისებულ იქნა და თქვენც ამის შესახებ მოგიყევით.  იმედს ვიტოვებ ამ იარაღის ახალი პატრონი მიანდობს აღდგენის საქმეს პროფესიონალებს და ეს იარაღი მას დიდიხანი მოემსახურება. ასევე მე მომეცა საშუალება ახლოდან მენახა საკმაოდ საინტერესო და ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ საკმაოდ იშციათი იარაღიც და შემდგომ ამის შესახებ თქვენთვის მეამბა.

ყველაზე უჩვეულო გლოკი – Glock 19X

March 5th, 2021

20210213_112531

წლების, შეიძლება ითქვას ათწლეულების განმავლობაში, ავსტრიული მწარმოებლის, გლოკის ყველა პისტოლეი მეტ წილად იყო ერთნაირი და ყველა იყო პირდაპირი შთამომავალი პირველი გლოკის, გლოკ 17-ის, რომლისგანაც ყველა დანარჩენ გლოკს ერგო პრაქტიკულად უცვლელი კონცეფცია და კონსტრუქცია, პოლიმერის ჩარჩო, ჩაკეტვის სქემა, დიდი ტევადობის ორ-რიგიანი მჭიდი და სხვა თვისება, რაც გამოარჩევდა ყველა გლოკის პისტოლეტს. დროთა განმავლობაში იზრდებოდა კალიბრების ნომენკლატურა, ჩნდებოდა ახალი ვარიანტები ჩარჩოს და საკეტის ზომების მიხედვით, მაგრამ უმეტესობა გლოკების იყო ოთხ ვარიანტში, სუბ-კომპაქტური, კომპაქტური, სტანდარტული, ტაქტიკურ-სპორტული და ორი ტიპის ჩარჩოთი, დიდი ჩარჩო გათვლილი .45ACP-ზე და .10mm Auto-ზე და სტანარტული ჩარჩო გათვლილი დანარჩენ კალიბრებზე. არსებობდა მხოლოდ ერთი „არასტანდარტული“ გლოკი, 2000 წელს გაშვებული წარმოებაში და ეს იყო .45 კალიბრის მოდელი 36, რომელიც იყენებდა ერთ რიგიან მჭიდს და არასტანდარტულ ჩარჩოს. ეს მოდელი არასდროს არ სარგებლობდა განსაკუთრებული პოპულარობით განსხვავებით დანარჩენი მოდელებისა.

პრაქტიკულად 4 თაობის და 4 ათწლეულის განმავლობაში, ეს მოცემულობა იყო უცვლელი. თავის მხრივ მომხმარებლები ეხვეწებოდნენ გლოკს გამოეშვა პისტოლეტები სხვა შესრულებით, მაგრამ ისეთივე მარტივი, გამძლე და საიმედო, როგორც გლოკის დანარჩენი პისტოლეტები აქიდან ალბათ ყველაზე მეტი ხვეწნა და მუდარა მოდიოდა ცალრიგიან .45 კალიბრის გლოკზე.

ყველაფერმა დაიწყო რადიკალურად ცვლილება 2014 წელს, როდესაც გლოკმა წარადგინა პირველი თავის ისტორიაში, ნამდვილად განსხვავებული პისტოლეტი, .380 კალიბრის სუბ-კომპაქტური გლოკ 42, რომელიც არ გავდა არაფერს რასაც გლოკი აქამდე უშვებდა. პისტოლეტი იყენებდა უნიკალურ ჩარჩოს, რომელიც იყო გათვლილი ერთ-რიგიან 6 ვაზნიან მჭიდზე და ამიტომაც იყო ძალიან თხელი და შესაბამისად იყენებდა არასტანდარტულ ჩარჩოს. ასევე მიუხედავად კალიბრისა, ახალი გლოკი მაინც იყენებდა სქემას გადაბმული ლულით. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი რაც განასხვავებდა ახალ პისტოლეტს. ალბათ პირველად თავის ისტორიაში მოხდა გლოკის კონსტრუქციის მნიშვნელოვანი გადახედვა. გლოკ 42-ში იყო განსხვავებული კონსტრუქციის დამრტყმელის მცველი, ასევე შეიცვალა დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქცია, სადაც დამშვების ზამბარა მუშაობდა არა გაწელვაზე, არამედ შეკუმშვაზე. შეიცვალა ასევე საკეტის დამჭერის ზამბარა, V ფორმის ბრტყელი ზამბარა შეიცვალა ხვეული ზამბარით. გლოკ 42-ს დახვდნენ ძალიან დიდი თავშეკავებით, მაგრამ მცირე დროში, მსროლელებმა შეაფასეს ახალი პისტოლეტის თვისებები, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო ძალიან კომპაქტური, ის ასევე იყო ძალიან ზუსტი და კომფორტული სროლაში. რაც მათ შორის აღვნიშნე მე, როდესაც დავწერე რომ ეს არის ჯიბის პისტოლეტი, რომლიდანაც სროლა ისეთივე ადვილი და კომფორტულია როგორც სრული ზომის პისტოლეტიდან.

გლოკ 42-ის გამოჩენიდან 3 წლის შემდეგ, 2017 წელს,  სერიაში წავიდნენ მე-5 თაობის გლოკის პისტოლეტები, რომლებშიც შენარჩუნებული იყო ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე იყო აპრობირებული გლოკ 42-ში. გარდა ამისა ისევე როგორც გლოკ 42-ში, მე-5 თაობა დაემშვიდობა ამობურცულ ადგილებს თითებისთვის სახელურის წინა ნაწილზე, რომლებიც თავდაპირველად გაჩნდნენ მე-3 თაობის გლოკებზე. მე-5 თაობაზე ასევე გაჩნდა ახალი ტიპის ლულები, რომლებსაც გლოკმა დაარქვა “Marksman” ლულა, აქცენტით  იმაზე, რომ ახალი ლულები გამოირჩევიან უფრო მეტი სიზუსტით.  რამდენად ეს სიმართლეს შეესაბამება, გვიჩვენებს დრო, დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ვიღაცა შეეცდება ეს შეამოწმოს ისე რომ მიიღოს ზუსტი პასუხი.

gen5 vs gen4 barrel

ახალი ლულები პოლიგონალურია, განსხვავება იმაშია, რომ ლულებში ხრახნები უფრო მკვეთრად გამოხატული კუთხეებით არის და ასევე შეცვლილია სავაზნის შიდა გეომეტრია. ამ ლულებში კვლავ აკრძალულია გარსის გარეშე ტყვიების სროლა. ლულის ბოლოს შესრულებულია გვირგვინი, რომელიც მათ შორის იცავს ლულის არხს დაზიანებისგან თუ პისტოლეტი ლულით დაეცა მყარ ზედაპირზე.  ერთ-ერთი ვერსიით ეს ლულები გაჩნდა იმ მოთხოვნების მიხედვით რაც ქონდა ჯარს, რაც ნიშნავდა რომ საჭირო იყო მეტი სიზუსტე და შესაბამისად ახალი უფრო ზუსტი ლულები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სავაზნეც უფრო მჭიდროა რაც ხელს უწყობს სიზუსტეს.

update: ამ სტატიის დაწერის შემდეგ მე გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა მე-5 თაობის გლოკების ლულის კონსტრუქცია. კრის ბარტოქი აღნიშნავს, რომ ახალი ლულის გამოყენება იყო განპირობებული აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებით, ხოლო არსებული ლულა ვერ აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას და გაჩნდა ლულა, რომელიც ოპტიმიზირებული იყო მეტი სიზუსტისთვის. გეიბ სუარესი ირწმუნება რომ ეს მხოლოდ ამრკეტინგია, და მთავარი მიზეზი ამ ლულების გამოჩენის არის ის რომ ბალისტიკური ექსპერტიზის დროს ასეთი ლულებიდან ნასროლი ტყვიები უფრო ადვილად იდენტიფიცირდებიან რაც ნამდვილად ასე იქნება თუ გავითვალისწინებთ რომ ხრახნების კუთხეები გამოხატულია განსხვავებით წინა თაობების გლოკებთან შედარებით. ასევე ფაქტია, რომ როგორც ჩანს სავაზნე და ადგილი რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის გადასვლას ლულის ხრახნიან ნაწილში უფრო მჭიდროა რაც წესით უნდა დადებითად აისახოს სიზუსტეზე. შეიძლება ახალი ლულების გამოჩენა გამოწვეულია ყველა ზემოაღნიშნული მიზეზებით.

ცვლილებები (ჯამში 20-ზე მეტი წინა თაობსთან შედარებით), რომლებიც შევიდა მე-5 თაობის გლოკის კონსტრუქციაში თვალით ძნელად შესამჩნევი იყო მაგრამ ამ ცვლილებებმა გახადეს გლოკი კიდე უფრო საიმედო და გაზარდეს დეტალების რესურსი. ის დეტალები, რომლებიც ყველაზე ხშირად ითხოვდა შეცვლას მწყობრიდან გამოსვლის გამო, შეიცვალა დეტალებით, რომლებიც პირდებიან მსროლელებს გაცილებით უფრო ხანგრძლივ სიცოცხლის ციკლს. პისტოლეტები გახდნენ უფრო საიმედო, ზუსტი და მაღალ რესურსიანი. მიუხედავად ჩემი სიმპატიებისა ძველი თაობის გლოკებისადმი, უნდა აღვნიშნო, რომ მე-5 თაობის გლოკები ალბათ საუკეთესო გლოკებია, რომლებიც ოდესმე გამოსულა.

გლოკი მოდელი 19X, რომელსაც ეხება ეს მიმოხილვა დე-იურე არ არის მე-5 თაობის თუმცა სერიაში წავიდა ერთი წლით გვიან, 2018 წელს. ეს პისტოლეტი არის ჩემი აზრით ყველაზე უჩვეულო გლოკის პისტოლეტი, რომელიც აქამდე ამ კომპანიას გამოუშვია. ითვლება, რომ ის არის ის პისტოლეტი, რომელიც გლოკმა წარადგინა როგორც კონკურსანტი MHS (Modular Handgun System, მოდულური ხელის იარაღის სისტემა) პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავდა Beretta 92FS/M9-ს ჩანაცვლებას აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. როგორც ცნობილია ეს პროგრამა დასრულდა SIG Sauer P320-ის შეიარაღებაში მიღებით. საპასუხოდ გლოკმა გადაწყვიტა ამ პისტოლეტის სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვა. იმ მომენტისთვის ეს იდეა ჩანდა როგორც არც ისე კარგი, იმიტომ, რომ ახალი პისტოლეტი შეიძლება მისაღები იყო ჯარისთვის, მაგრამ არც ისე მისაღები ჩანდა სამოქალაქო მსროლელის თვალსაზრისით. აგიხსნით რატომ. 19X, ასეთი ინდექსი მიენიჭა ახალ მოდელს, არის მარტივი ენით, რომ ავხსნა, კომპაქტური გლოკ 19-ის საკეტი, სრული ზომის გლოკ 17-ის ჩარჩოზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სრული ზომის ჩარჩოს, შედარებით გრძელი სახელურით, ანუ დეტალით რომელიც ყველაზე რთულად იმალება ფარული ტარების დროს და ამავე დროს ვამოკლებთ ლულას, საკეტს და შესაბამისად სამიზნი ხაზის სიგრძეს, მაშინ როდესაც ფარული ტარებისთვის საკეტის/ლულის სიგრძე ისეთ დიდ როლს არ თამაშობს. გარდა ამისა, 19X-ს არ გადმოყვა MHS-ის ყველაზე განსხვავებუი ოფცია, ორმხრივი მექანიკური მცველი, რის გამოც ეს პისტოლეტი არ შეიძლება ჩაითვალოს რომ არის „იმ“ გლოკის სამოქალაქო ვერსია და შესაბამისად მას შეიძლება ქონდეს გარკვეული საკოლექციო/ისტორიული ღირებულება. ჩემი აზრით, 19X არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოდელი და ყველაზე უჩვეულო გლოკი. ის ასევე აბსოლუტურად უნიკალური იყო, იმიტომ რომ ასევე იყო პირველი გლოკი, რომელიც ქარხულად გამოდიოდა არა შავი ფერის საკეტით. ყველა 19X-ის საკეტი, ჩარჩო და მჭიდები არის ქვიშის ფერის. ის ქარხნულად კომპლექტდებოდა სამი მჭიდით აქიდან ორი ცალი იყო დამაგრძელებლით, რაც ზრდიდა მათ ტევადობას 19 ვაზნამდე. ყველა 19X ასევე არის აღჭურვილი Meprolight-ის წარმოების რკინის სამიზნი მოწყობილობებით ტრიტიუმის მწავნე ფერის მანათობელი ელემენტებით. როგორც ბონუსი,  მას ასევე ერგო თამასის გასაყრელი ტარის ძირში, რომლის მოხსნაც შესაძლებელია. მოწყობილობა და იარაღის სახელმძღვანელო მას ისეთივე აქვს, როგროც მე-5 თაობის გლოკებს მაგრამ ის არ არის მეხუთე თაობის გლოკი, როგორც ეს ბევრს შეცდომით გონია, თუნდაც იმიტომ რომ 19X-ში შეუძლებელია მოათავსო ქარხნული გლოკის მე-5 თაობის მჭიდი, იმიტომ რომ ტარის ძირი არის განსხვავებული ფორმის.  გლოკ 19X არის დამოუკიდებელი მოდელი ისევე როგორც ბევრი სხვა ახალი გლოკი, რომელიც ყველა იყენებს მე-5 თაობის გადაწყვეტილებებს. 

frames45x

 

ტარის ფორმის გამო, მე-5 თაობის მჭიდები არ მიდის 19X-ში. წინა თაობების მჭიდები 19X-ში მუშაობს უპრობლემოდ.

წარსულს ჩაბარდა გლოკის ნაქები დეტალების თავსებადობაც, რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ გლოკს დაემატა ახალი განსხვავებული მოდელები და ასევე კონსტრუქცია რადიკალურად გაუმჯობესდა/შეიცვალა დაწყებული 42 მოდელიდან. ამიტომ დეტალების და აქსესუარების შეკვეთისას უნდა დარწმუნდეთ რომ ის მიდის კონკრეტულად თქვენ გლოკზე. იმიტომ, რომ საკმარისია დაშალოთ 19X და მიხვდებით რომ ძალიან ბევრი დეტალი შიგნით განსხვავდება წინა თაობებში გამოყენებული დეტალებისგან.

 wrwewe54654

გადარგვალებული საკეტი, ორმხრივის საკეტის შემაკავებელი, ერთი პინი გაყრილი ჩარჩოში ნაცვლად ორისა, ტარი ამობურცულობების გარეშე, ტიპიური ელემენტებია რაც ახასიათებს მე-5 თაობის გლოკებს და ასევე გადმოყვა 19X-ს. შიგნით პისტოლეტმა განიცადა არანაკლები ცვლილებები.  მეხუთე თაობაში შენარჩუნებილია ტარის ჩანართების დაყენების შესაძლებლობა და ასევე მჭიდის ღილაკი მისი გადაყენების ოფციით. 

პირადად მე, სანამ ვიყიდიდი ჩემ 19X-ს, რამდენჯერმე ვისროლე ამ პისტოლეტიდან ტირში და რა დასამალია დეტალი, რომელიც ყველაზე უფრო მომწონდა ამ პისტოლეტში იყო საკეტის დაფარვა, რომელიც არის ე.წ. „დამწვარი ბრინჯაოს“ ფერი. ეს დაფარვა არ გავს არაფერს რასაც გლოკი აქამდე ან მას მერე იყენებდა და ის აკეთილშობილებს ამ პისტოლეტს და უფრო ესთეტიურად, ჩემთვის მაინც მომხიბვლელია ვიდრე გლოკების ტრადიციული შავი დაფარვა. პლასტმასის „სტრაიკერები“ არ არის ის ტიპის იარაღი სადაც შენ ეძებ სილამაზეს და ესთეტიკას, მაგრამ საკეტის ასეთი დაფარვას, კონტრასტულ შავ დეტალებს, ქვიშის ფერის ჩარჩოს და რკინის „ტრიტიუმებს“ გადაყავთ ეს პისტოლეტი out of the box ტაქტიკური პისტოლეტების კატეგორიაში, სადაც ასევე იმყოფებიან მაგალითად FNX 45 Tactical და Beretta 92A3, თუმცა ფასი 19X -ზე საქართველოში თითქმის ორჯერ ნაკლებია, მართალია იმის ხარჯზე რომ 19X-ზე არ გვაქვს დაგრძელებული ლულა გარე ხრახნებით.   ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის 19X-ის ფასი უკვე გაცდა 2500 ლარს მაგრამ ჩემი აზრით კომპლექტაციის გათვალისწინებით 19X არის ყველაზე ხელმისაწვდომი „პირდაპირ ყუთიდან“ ტაქტიკური პისტოლეტი, ტრენდულ ქვიშის ფერში. ყველა ამ მიზეზის გამო მე ჩავთვალე რომ 19X იქნებოდა კარგი არჩევანი მორიგი მიმოხილვისთვის.

156810851_159739105877397_4684774383221856591_n

ასე გამოიყურება კომპლექტაცია, რა კომპლექტაციითაც  19X იყიდება საქართველოში. მჭიდის მიმწოდებლები არ არის ნარინჯის ფერი როგორც მე-5 თაობაში, არამედ შავია. 

წარწერა USA საკეტზე და სხა დამღები იუწყება, რომ ეს პისტოლეტი გამოშვებულია აშშ-ში, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ქარხანა ამერიკაში არის ზუსტი ასლი ავსტრიული ქარხნის, იგივე დაზგები, იგივე პროცედურები, იგივე ხარისხის კონტროლი, მასალებიც კი რომლისგანაც მზადდება პისტოლეტები (ყველა დეტალი გამოყენებული გლოკებში მზადდება საკუთარი ძალებით და გლოკი არაფერს არ უკვეთავს გარე მიმწოდებლებს) ასევე არის ავსტრიიდან იმპორტირებული აშშ-ში.  ასე, რომ თუ ვინმე ცდის შეგტენოთ ასვტრიული გლოკი უფრო ძვირად, თამამად შეგიძლიათ უარით გაისტუმროთ.

ეხლა რაც შეეხება 19X-ის „ჰიბრიდულ“ კონსტრუქციას. ასეთი გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა სრული ზომის ჩარჩოზე მოკლე საკეტის დაყენებაში, განპირობებული იყო მოთხოვნებით, რაც წაყენებული იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა კონცეფცია ახალი არ არის, პირველ რიგში ვიხსენებ Steyr-ის თანამედროვე C9-A1-ს და თუნდაც უფრო ადრინდელ Colt 1911 Commander-ს. ორივე ეს იარაღი იყენებდა სრული ზომის ჩარჩოს და მოკლე საკეტს, მოკლე ლულით. უფრო ადრე განფაიტერები აშშ-ში უპირატესობას ანიჭებდნენ მათ შორის კოლტის 1873 წლის რევოლვერს, დამოკლებული ლულით, იმიტომ რომ ამის გამო მათი ამოღება ბუდიდან უფრო სწრაფი იყო.   პირადად ჩემთვის გლოკ 19 ბევრ რამეში იყო იდეალური გარდა იმისა, რომ მისი ტარი თავისი ამოაბურცული ადგილებით უბრალოდ საერთოდ არ იყო მორგებული ჩემ ხელზე, რის გამოც წლების განმავლობაში მე ვექსპერიმენტირებდი მჭიდის ხუფებით, ტარის მოდიფიკაციით და პრინციპში ვფიქრობდი, რომ ალბათ მე-5 თაობის გლოკ 19 იქნებოდა საუკეთესო გლოკი, რომელიც ოდესმე გამოსულა და ჩემთვის იდეალური არჩევანი. მაგრამ საბოლოო ჯამში ბლოგის ინტერესებიდან გამომდინარე მე ავირჩიე უფრო საინტერესო გლოკის მოდელი.

19x vs 19

19X-ის წონა ცარიელი მჭიდის გარეშე – 625 გრამია, ხოლო 20 115 გრანიანი ვაზნით ზუსტად 945 გრამი. ეს საერთოდ არ არის ბევრი ასეთი ზომების პისტოლეტისთვის ამხელა ტევადობით. მე მესმის რატომ არის 19X ასეთი პოპულარული, გარდა იმისა, რომ ის არის ყველაზე განსხვავებული ის ასევე არის საკმაოდ პრაქტიკული იარაღია და გამოირჩევა ძალიან კარგი სროლისუნარიანობით.

რაც შეეხება საკეტის დაფარვას, როგორც ვხვდები ეს არის PVD  (Physical Vapor Deposition) ტიპის დაფარვა.  ეს არის საკმაოდ მაღალტექნოლოგიური პროცესი, რომლის ახსნა ქართულად მე გამიჭირდება, მაგრამ ამ ტიპის დაფარვა უზრუნველყოფს ძალიან გამძლე დამცავი ფენის წარმოშობას რკინის ზედაპირზე, რომელიც გამოირჩევა კარგი მდგრადობით ცვეთის და კორიზიის მიმართ. მე ნანახი მაქვს ეს პისტოლეტები ტირში და მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ამ პისტოლეტებიდან მრავალ ათას ვაზნას ისროდნენ დიდი ხნის განმავლობაში, საკეტებს ცვეთა/ნაკაწრები არ ეტყობოდა.

სროლაზე და ფუნქციონირებაზე რამის დაწერა ზედმეტია. ეს ტიპიური გლოკია, საიმედო, ცოტათი მძიმე სასხლეტით, მაგრამ ამ პისტოლეტიდან პირველი 5 გასროლა 15 მეტრიდან იყო ტყვია ტყვიაში. 5-ვე გასროლა არა თუ ახლოს იყო ერთმანეთთან არამედ  გააკეთეს ერთი ნახვრეტი სამიზნეში, მართალია ოდნავ მარცხნივ და დაბლა, რაც ერთი შეხედვით არის ტიპიური სურათი ახალბედა მსროლელის შემთხვევაში. ჩვენ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პისტოლეტი მართლაც ისვრის პატარა აცდენით და საჭირო გახდა თარაზოს რეგულირება. პისტოლეტმა უპრობლემდ მოინელა 115 და 124 გრანიანი ვაზნები, ასევე საკმაოდ ცხელი Black Hills-ის +P მუხტები Hornady-ის XTP ექსპანსიური ტყვიით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხტს აშკარად ქონდა მკვეთრად გამოხატული გაზრდილი გასროლის ხმა, ლულის ალი და უკუცემა, მოხვედრის წერტილი არ შეცვლილა. Magtech-ის ვაზნებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ამ მწარმოებლის 9მმ-ნი მუხტი 124 გრანიანი FMJ ტყვიით არ გამოირჩევა კარგი სიზუსტით, სიზუსტე აბსოლუტურად მისაღებია მაგრამ უბრალოდ ბევრი სხვა ჩეხური და ამერიკული მუხტი უფრო ზუსტია. დანარჩენში შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩით. არანაირ დაბრკოლებას ან პრობლემას ადგილი არ ქონია, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი გლოკების შემთხვევაში.

რა შეიძლება თქვა ამ პისტოლეტზე ჩვენი ქვეყნის კონტექსტში? ის ეხლა ალბათ არის ყველაზე ძვირადღირებული გლოკი, რომელიც იყიდება საქართველოში, მაგრამ ამ ფასში თქვენ მოგდით გლოკი, რომელიც არის პრაქტიკულად უნიკალური, მოყვება სამი მჭიდი აქიდან ორი გაზრდილი ტევადობის და არ უნდა იდარდოთ სამიზნი მოწყობილობების გამოცვლაზე. სასხლეტი ამ პისტოლეტებზე არის უფრო „,მკაფიო“ რაც არის ახალი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დამსახურება და ასევე ალბათ დამცავი დაფარვის, რომლითაც დაფარულია ამ მექანიზმის  დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის დეტალები (რაც არ გვხვდება სხვა პისტოლეტებზე). 19X იყენებს ნებისმიერ მჭიდებს გარდა მე-5 თაობის გლოკის მჭიდებისა, რაც პრინციპში გამოსწორებადია ქლიბით და დიდი ნაკლი არც არის. ჩემი აზრით 19X იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. შეიძლება ის შექმნილია ერთი შეხედვით არალოგიკური კონცეფციით, მაგრამ სროლა ამ პისტოლეტიდან ნამდვილად კომფორტული, ადვილი და სასიამოვნოა.

4343x

X სერიას მოყვა გაგრძელება Glock 43X-ის სახით. კონცეფცია უცვლელია, სუბ-კომპაქტური პისტოლეტი, შედარებით გრძელი ტარით. 

ასე, რომ მიუხედავად ფასისა ის რჩება ყველაზე ხელმისაწვდომ combat ready ტაქტიკურ პისტოლეტად საქართველოში, ყველა მისი ანალოგი მინიმუმ 1500 ლარით მეტი ღირს. ერთადერთი რაც ამ პისტოლეტს არ აქვს არის ლულა მაყუჩის დაყენების ოფციით რაც ალბათ ჩვენ პირობებში ნაკლებად კრიტიკულია. თუ თქვენ პრობლემა არ გაქვთ ქვიშის ფერთან,  პისტოლეტის არჩევის შემთხვევაში ნამდვილად არ შეცდებით. თუ არ მოგწონთ ფერი, ანალოგიური პისტოლეტი არის გლოკ 45, რომელიც თითქმის იგივეა რაც 19X, მაგრამ მცირე განსხვავებებით და რკინის სამიზნი მოწყობილობების გარეშე.  ჩემი აზრით 19X იმსახურებს მაღალ შეფასებას. ამ მოცემულობით, ჩემი აზრით ეს დღეს საუკეთესო გლოკია.

დასაკეცი დანა/ფოლდერი – როგორც ყველაზე უვარგისი ინსტრუმენტი

January 23rd, 2021

ჩემი აზრით დასაკეცი დანა არის ერთ-ერთი ყველაზე არაპრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც კაცმა შეიძლება იყიდოს. ამ ტიპის ინსტრუმენტში არ ღირს დიდი ფულის დახარჯვა ან საერთოდ რამე ფულის დახარჯვა, თუ თქვენ არ ცხოვრობთ ისეთ ადგილას სადაც სხვა ტიპის დანები არის უბრალოდ აკრძალული თავგასული მთავრობის მიერ და თქვენ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვთ. ხაზს გავუსვავ ლაპარაკი მაქვს დასაკეც დანებზე ცალი პირით. ე.წ. “ფოლდერებზე”.

P1120389

წლების განმავლობაში მე ვყიდულობდი ე.წ. “ფოლდერებს”, რომ მერე აღმომეჩინა, რომ არც ერთი მათგანი უბრალოდ არაფერში არასდროს არ მადგება. 

წლების განმავლობაში მე ვხარჯავდი ფულს სხვადასხვა „ფოლდერებზე“ და ვეძებდი საუკეთესოს, სანამ არ მივხვდი რომ საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული „ფოლდერი“ უბრალოდ არ მჭირდება არც მე და ალბათ 99% სხვა ადამიანების. არ მაქვს მნიშვნელობა რა ლამაზი ტარი აქვს მორიგ “ახალ” მოდელს, საოცარი ფიქსატორი თუ ჯადოსნური ფოლადი.

ეხლა შევეცდები ავხსნა ჩემი პოზიცია. წლების წინ მე გავაკეთე დასკვნა, რომ დანა რომელსაც ვიყენებ ყველაზე ხშირად (გარდა სამზარეულო დანებისა) იყო 30 ლარიანია მინიატურული კლასიკური ვიქტორინოქსი. არა „კა-ბარი“, არა „პუკკო“, არა უამრავი „ქოლდ სტილი“, „CRKT”, “Kershaw”, რომლებსაც მე წლების განმავლობაში ვყიდულობდი და მერე ვყიდდი. რატომ ასე? იმიტომ, რომ  ყველაზე პატარა ვიქტორინოქსიც კი არის უნივერსალური ინსტრუმენტი, მაშინ როდესაც „ფოლდერი“ არის ვიწრო-სპეციალიზირებული ინსტრუმენტი. “ფოლდერი” მარტო ჭრის  და მორჩა. ვიქტორინოქსი ასრულებს უამრავ დავალებას და ასევე ჭრის. ხოლო ქალაქში და სახლში, საშუალო სტატისტიკურ კაცს, სახრახნისი და მაკრატელი უფრო ხშირად ჭირდება ვიდრე დანა.

ტყეში ფოლდერი საერთოდ არ გჭირდება. მისი დაზიანება ადვილია, გამძლეობა დაბალია. ვინმეს რომ ათხოვო, ის უეჭველი შეეცდება გამოცადოს, რამდენად გამძლეა სხვისი დანა. მეორეს მხრივ დანა ფიქსირებული პირით ტყეში არის მეფე, ასეთი დანა არის ნამდვილი ტყის მულტიტული, ის გამოდგება ძალიან ბევრ როლში, რა როლშიც ფოლდერი გამოდგება ალბათ ერთხელ სანამ დაკეცვის მექანიზმი არ გამოვა მწყობირდან. გარდა ამისა, საშუალო ფოლდერის ფასად მოგივა კარგი ხარისხის დანა ფიქსირებული პირით. 100 დოლარამდე ფასში არის უამრავი დანა ფიქსირებული პირით, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ დატვრითვას და არც ისე ბევრი „ფოლდერი“ რომელიც გამოდგება მძიმე შრომისთვის. აბსოლუტური უმეტესობა ფოლდერების, რომელთა ფასი არის 100 დოლარამდე, სხვა არაფერია თუ არა ლამაზი ყუთების საჭრელი და არა სერიოზული ინსტრუმენტი. ეს ეხება როგორც ამ დანების კონსტრუქციას ასევე ფოლადის მასალებს, რომლისგანაც მზადდება პირი.

ვიღაცა იტყვის რომ Every Day Carry-ისთვის არ გამოდგება დანა ფიქსირებული პირით და მართალიც იქნება, ამიტომ ჩემი აზრით ერთადერთი ფოლდერი, რომელშიც ღირს ფულის დახარჯვა არის…. ისევ ვიქტორინოქსი ან მისი ანალოგი. ერთი პირობით. პირი უნდა იყოს ფიქსატორით. ან მეორე ვარიანტი, ტადიციული მულტიტული როგორც Leatherman და “ფოლდერი” ანუ ორი ინსტრუმენტი, რომელიც მეტი ღირს და ადგილსაც მეტს იკავებს. ნებისმეირ შემთხვავაში, “ტრადიციულ” მულტიტულს ვერაფერი ვერ შეცვლის და ის მიუხედავად თქვენი პრეფერენციებისა დანებთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში ვიქტორინოქსი ან მისი ხარისხიანი ანალოგი გადაფარვას ყველა თქვენ საჭიროებას და ეს მცირე ფასად და ცოტა ადგილის დაკავებით თქვენ ჯიბეში.

რამდენიმე წლის წინ, ჩვენ „სიცოცხლით სავსე“ შუა ქალაქში, წამოვდე პიკაპის უკანა ბამპერი,  მზრუნველი მუშების მიერ გზაზე დატოვებულ ასფალტის ნატეხებს. შედეგად მანქანას გაძვრა უკანა სანომრე ნიშანი. მანქანაში მედო ორი დანა ერთი Kershaw Secret Agent და მეორე SOG Topo Meridian. ორივე აბსოლუტურად გამოუსადეგარი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. სამაგიეროდ პატარა ვიქტორინოქსის მეშვეობით ადვილად დავამაგრე სანომრე ნიშანი თავის ადგილას. შემიძლია დავასახელო მილიონი საყოფაცხოვრებო სიტუაცია, როდესაც პატარა ვიქტორინოქსი მადგებოდა ხოლო ყველა ჩემი ფოლდერი არა. სიტუაცია სანომრე ნიშნებით გამეორდა და საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ყოველ შემთხვევაში მე, დასაკეცი ცალ პირიანი დანა უბრალოდ არ მჭირდება, და ამტომ აღარ ვაპირებ ამ ტიპის ინსტრუმენტში ფულის ხარჯვას. ერთადერთი “ფოლდერი” რომელსაც ალბათ ვერ შეეველევი იქნება Cold Steel Finn Wolf.

 

P1130909

 

ეს ვიქტორინოქსი მე მაქვს თითქმის 20 წელი და ის მაინც კარგ მუშა მდგომარეობაშია, ხერხი ისეთივე ბასრი და ფუნქციონალურია როგორც 20 წლის წინ. მაკრატელზე გატყდა ბრტყელი ზამბარა, პინცეტი და პლასტმასის ჩხირი დიდიხანია დაიკარგა მაგრამ ინსტრუმენტი სრულად მუშა მდგომარეობაშია და მექანიზმი საერთოდ არ არის მორყეული. გარდა ამისა, საკეტის მექანიზმი ძველ ვიქტორინოქსებზე, გვერძე განლაგებული  ღილაკით გაცილებით უფრო მოსახერხებელია ვიდრე უფრო იაფი, “ლაინერ ლოკის” ტიპის საკეტი ახალ მოდელებზე. 

ასეთი დანა-მულტიტული გამოდგება, როგორც საჭრელი ინსტრუმენტი ასევე დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ უამრავი წვრილმანი საყოფაცხოვრებო გამოწვევა, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ ქალაქში. არასდროს ალბათ არ გაგიჩნდებათ კითხვა რატომ დახარჯეთ ასეთ დანაზე ფული, მაგრამ ბევრჯერ შეაქებთ ასეთი დანის უნივერსალურობას. “ვიქტორინოქსის” დანები ცნობილია თავისი ხარისხით და გამძლეობით და შესაძლებლობებთან შეარებით სულაც არ აქვთ დიდი ფასი. ვიქტორინოქსების სხვადასხვა მოდელები მორგებულია კონკრეტულ გამოყენების სფეროს, აქიდან შესაბამისი ნაკრები ინსტრუმენტების,  ამიტომ არჩევისას ეს გასათვალისწინებელია. ბევრ მოდელს აქვს ერთი ხელით გახსნის ფუნქცია, რაც გაძლევთ საშუალებას გამოიუენოთ ეს დანა ასევე თავდაცვისთვის.

კი, რაზეა საუბარი, კარგი ფოლდერი, კარგი სათამაშოა, კარგად გამოიყურება, საინტერესოა მექანიკური თვალსაზრისით, კარგი აქსესუარია და თუ ძვირიც ღირს, ერთგვარი სტატუსის სიმბოლო და განაცხადია, მაგრამ პრაქტიკული სარგებელი მის ფასთან შედარებით ძალიან მცირეა, თუ თქვენი საქმიანობა არ ითხოვს მუდამ რამის გაჭრას, მაგალითად რავიცი, ყუთების/გზავნილების გახსნა ან ასეთი რამე. სხვა შემთხვევაში, გავმეორდები “ფოლდერი” ასრულებს უფრო აქსესუარის ფუნქციას ვიდრე სასარგებლო ინსტრუმენტის. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს თავდაცვითი ფოლდერი, მაგრამ ნახეთ როგორ გამოიყურება თავდაცვითი დანები, მაგალითად Spyderco Matriarch, Cold Steel Black Talon ან ეხლა უზომოდ პოპულარული კარამბიტები, მათი უტილიტარული გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამ დანებს არაფერი საერთო არ აქვთ მაგალითად კლასიკურ უტილიტარულ Ontario RAT1/2-თან. ეს აბსოლუტურად სხვა კონცეფციაა და ამ შემთხვვაშიც ფიქსირებულ დანას აქვს უპირატესობა გამოყენების სისწრაფეში, სიმარტივეში და ზოგადად გამძლეობაში. გარდა ამისა კარგი დასაკეცი თავდაცვითი დანა ღირს საკმაოდ ძვირი და როგორც წესი მისი ფასი ურტყავს 200 დოლარს.

ყველაფერი რაც მე დავწერე ცხადია ჩემი აზრია, დამოკიდებული ჩემ გამოცდილებაზე. სხვას, შეიძლება სხვა გამოცდილება ქონდეს.

download

 

 დანა რომელსაც ვიყენებ ყველაზე ხშირად არის ყველაზე პატარა და იაფი ჩემი სადღაც 30 დანისგან შემდგარი კოლექციიდან.

 

 

რევოლვერის უნარებზე

December 16th, 2020

w2342342

ის ფაქტი, რომ რევოლვერი შედარებით ტექნიკურად რთული იარაღია და ასევე მისი გადატენვა ითხოვს ბევრ მანიპულაციებს, იმისთვის, რომ ეს იარაღი ეფექტურად გამოიყენოთ უნდა გამოიმუშავოთ რიგი უნარების, რომელზეც შეიძლება არასდროს არც დაფიქრდეთ სანამ გვიანი არ იქნებ.  პირველ რიგში, ცხადია უნდა იცოდეთ/გესმოდეთ  რევოლვერის კონსტრუქცია, ასევე სიმპტომების ამოცნობა და პრობლემების გამოსწორება, მანამ სანამ ეს პრობლემა გამოიწვევს დაბრკოლებას ან უარესი, რევოლვერის მწყობრიდან გამოყვანას. უბრალოდ ეხლა  რევოლვერის ზუსტი ტექნიკური დიაგნოსტიკის პროცედურების ახსნა არ შედის ამ შემთხვევაში ჩემ ამოცანაში. რა თქმა უნდა მე გავაგრძელებ ამ თემაზე წერას, მანამდე კიდე უბრალოდ გირჩევთ, რომ იმისთვის, რომ იყოთ დარწმუნებულები, რომ თქვენი რევოლვერი კარგ ფორმაშია, ზედაპირული ცოდნის მიღებას, ჯობია უბრალოდ ერთხელ დახარჯოთ თქვენო დრო და დატალურად შეისწავლოთ რევოლვერის კონსტრუქცია, რაც მოგცმთ წარმოდგენას იმაზე თუ როგორ მუშაობენ მისი მექანიზმები და შესაბამისად ზუსტად გეცოდინებათ, სად უნდა ელოდოთ პრობლემებს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. კიდევ ერთი “ჰინტი” ჩემგან,  გამოიწერეთ ამერიკელი ავტორების ძველი წიგნები, სადაც დეტალურად არის მიმოხილული რევოლვერის კონსტრუქციები და მათი მოვლა მომსახურების პროცედურები. დღეს თანამედროვე იარაღი არის როგორც თანამედროვე მანქანა, საიმედოობის ხარისხი მაღალია და მომსახურების საჭიროება არის მინიმალური, მაგრამ ადრე ასე არ იყო და გამოცდილი პისტოლერო, ასევე უნდა ყოფილიყო იარაღების საკმაოდ კარგი ოსტატი და ბევრი მათგანი  საბოლოო ჯამში გახდა კიდევაც იარაღების ოსტატი/მწარმოებელი, როგორც  ჯიმ კლარკი ან ბილ უილსონი. ამიტომ იმ ეპოქის ავტორების წიგნები გაჯერებულია ტექნიკური ინფორმაციით, მაშინ როდესაც დღეს მწარმოებელი პრაქტიკულად გიკრძალავს იარაღის დაშლას და შეკეთებას, ამის ნაცვლად გიბრძანებს მიიტანო იარაღი ავტორიზირებულ სახელოსნოში ან გაუგზავნო მათ ქარხანაში.  ჩვენ პირობებში, სადაც იარაღის ხელოსნებს ერთი ხელის თითებზე დაითვლი და იარაღს მწარმოებელს ვერ გაუგზავნი, უნარი თავად მოუარო შენ იარაღს არც თუ ისე ურიგოა. თუ ინგლისური არ იცით, დამელოდეთ, იმიტომ, რომ ახალი სტატიები რევოლვერებზე კიდე იქნება.

ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თემას, რომელზეც მე მინდოდა დამეწერა, ანუ კონკრეტული უნარები, რომელიც უნდა გამოიმუშავოს ადამიანმა, რომელიც ანდობს სიცოცხლეს რევოლვერს.

უნარი პირველი: გადატენვის პროცედურები.  გარდა სტანდარტული გადატენვის პროცედურისა, რომელიც გულისხმობს ცალკეული ვაზნებით დოლურას ავსებას და ასევე ე.წ. სპიდ სტრიპების ან სპიდლოადერების გამოყენების, უნდა აითვისოთ დოლურას სელექტიური გადატენვა და ასევე არასრული დატენვა.

revreloadoptions

სამი გავრცელებული ოფცია რევოლვერის გადატენვისთვის, “ნაყარი” ვაზნები, სპიდ სტრიპები და სპიდლოდერები. 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სპიდლოადერები მნიშვნელოვნად აადვილებენ რევოლვერის გადატენვას.  რამდენიმე მოძრაობაში ვაზნები ერთდროულად ვარდებიან სავაზნეებში და რევოლვერი მზად არის სროლისთვის, მაგრამ სპიდლოდერები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის და ასევე სპიდლოდერის გამოყენება გულისხმობს რომ ყველა დოლურა უნდა იყოს ცარიელი. რა მოხდება თუ გაირსოლე მხოლოდ 2-3 ვაზნა და გინდა დოლურას შევსება? დაცალო დოლურა და აავსო სპიდლოდერით, ანუ გადაყარო გაუსროლელი ვაზნები დოლურადან?  სწორედ ამიტომ სელექტიური გადატენვა არის საჭირო უნარი. გახსენით დოლურა, ნაწილობრივ ეჟექტორზე დაწოლით გამოწიეთ ვაზნები დოლურადან, თითით ამოაგდეთ გასროლილი მასრები და შეავსეთ დოლურა ახალი ვაზნებით.  ჟღერს ადვილდ, მაგრამ ეს პროცედურა ითხოვს ზუსტ და სწრაფ მოძრაობებს და შეტაკების პირობებში, ცეცხლის ქვეშ,  მისი განხორციელება იქნება რთული, საკმარისი პრაქტიკის გარეშე. ამის საპირწონედ არის FBI-ს ტექნიკა, რომელიც გასწავლის გასროლილი მასრების და ვაზნების ჩაცლა მარჯვენა ხელში და მათ შენახვას, იმის იმედით რომ თუ არ გეყო სპიდლოდერებში ვაზნები, მერე დარჩენილ ვაზნებს ინდივიდუალურად მოათავსებ რევოლვერში.  ცხადია ეს ყველაფერი რთულდება თუ სიბნელეში ხარ და ვერ ხედავ რას აკეთებ.

20201108_133846

მოკლე ეჟექტორი მოკლეცხვირიან რევოლვერებზე აადვილესბ სელექტიურ გადატენვას, იმიტომ რომ მისი სვლა არ არის საკმარისი, რომ მასრები ბოლომდე ამოაგდოს დოლურადან. უბრალოდ წყნარად დააჭირეთ ეჟექტორის ღერძს და შეცვალეთ გასროლილი მასრები ახალი ვაზნბებით. 

ეხლა შემდეგი კითხვა, ვთქვათ გადატენვის დრო არ გაქვთ? გასროლილი მასრების ექსტრაქცია მოახდინეთ, მაგრამ ასწრებთ მხოლოდ ერთი ან ორი ვაზნის მოთავსებას, იმიტომ რომ სიტუაცია ითხოვს სწრაფი გასროლის განხორციელებას? ამიტომ უნარი მოათავსო ვაზნა სავაზნეში და დახურო დოლურა ისე, რომ სასხლეტზე დაჭერისას ლულასთან გასწორდეს სავაზნე ვაზნით და არა ცარიელი, არის მეორე აუცილებელი უნარი, რომელზეც მინდოდა მომეყოლა. უყურეთ, სმიტ&ვესონის და კოლტის რევოლვერის დოლურები, მოძრაობენ განსხვავებული მიმართულებით, სმიტის დოლურა საათის მიმართულების საწინააღმდეგოდ, ხოლო კოლტის პირიქით. ეს უნდა იცოდეთ რომ დოლურა ერთი ვაზნით ისე დახუროთ, რომ სასხლეტზე დაჭერისას მოხდეს გასროლა და არა “კლიკი”, ხმა როდესაც დამრტყმელი ეცემა ცარიელ დოლურაზე . ეს ტექნიკა დაგჭირდებათ უკიდურესი განსაცდელის შემთხვევაში და ამიტომ დიდი ალბათობით სასხლეტზე დაჭერის ფუფუნება, იმდენჯერ სანამ გასროლა არ მოხდება თქვენ შეიძლება არც გქონდეთ.

რევოლვერების ტევადობა და გადატენვის დრო/სირთულე არის სერიოზული შეზღუდვა. ტყვილად არ გაჩნდა ე,წ. “ნიუ იორკული გადატენვა”, რაც სხვა არაფერია, რაც დაცლილი რევოლვერის “გადაგდება” და მეორე რევოლვერის მომარჯვება. ამიტომ მსროლელმა რევოლვერით გადატენვის პროცედურების ათვისებას უნდა დაუთმოს მეტი დრო ვიდრე Glock 17-ის პატრონმა.

და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ორმაგ რეჟიმში სროლის უნარის მნიშვნელობაზე.  ორმაგი მოქმედების რევოლვერის შემთხვევაში, ორმაგი რეჟიმი არის ძირითადი. როგორც კი დაამუღამებთ ამ რეჟიმს, თქვენ მიხვალთ მარტივ დასკვნამდე: ერთმაგი რეჟიმი თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ტიპიურ დისტანციებზე სწრაფი სროლა ორმაგ რეჟიმში მაღალი სიზუსტით საკმაოდ ადვილია.

ავი და ზუსტი – Savage A17

December 5th, 2020

ერთადერთი გზა გააუმჯობესო ტრაექტორია, თუ შეზღუდული ხარ მასრის ზომებით და იარაღის კონსტრუქციით, არის რა თქმა უნდა ჭურვის კალიბრის და მასის შემცირება. გარკვეულ მანძილზე ეს მოგცემს უფრო დაფენილ ტრაექტორიას მაგრამ ფიზიკის კანონებს მაინც ვერ გაექცევი და მსუბუქი ჭურვი მალე დაკარგავს ენერგიას და რაღაც ნიშნულის შემდეგ დაიწყებს სწრაფ ვარდნას. ასეთი სწრაფი ტყვია ასევე ცოტათი მეტ ხანს იფრენს ზებგერითი სიჩქარით, რაც ნიშნავს, რომ სტაბილური სიზუსტე ცოტათი უფრო დიდ მანძილზე იქნება შენარჩუნებული. სანამ ამ კონცეფციით შექმნილი სერიული წარმოების .17 კალიბრის წრიული აალების ახალი კალიბრები შეიქმნებოდა  ცალკეული ენთუზიასტები უკვე ექსპერიმენტირებდნენ .22 კალიბრის წრიული აალების მასრებთან, რომლებსაც უვიწროებდნენ ყელს, სადაც ათავსებდნენ 4.5 მმ კალიბრის ტყვიას. ასე ისინი იღებდნენ დაახლოებით იგივე შედეგებს, რაც ბრწყინვალე მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის მქონე რემინგტონის 5mm RRM, რომელიც სულ რამდენიმე წელი გამოდიოდა 70-ნი წლების დასაწყისში. უფრო სწორად რამდენიმე წელი გამოდიოდა ამ კალიბრზე გათვლილი რემინგტონის მოდელ 591 და 592 შაშხანები. ხოლო 8მმ-ნი ვაზნები იწარმოებოდა 80-ნი წლების ბოლომდე, უბრალოდ ნომინალური 5 მმ-ნი კალიბრი იყო იშვიათობა, ლულების და იარაღის წარმოება ასეთ კალიბრზე იყო პრობლემური და რემინგტონის მაგნუმმა ფეხი ვერ მოიკიდა.

საბოლოო ჯამში,  ტყვიაწამლის მსხვილმა ამერიკულმა მწარმოებელმა “ხორნადიმ”, 2000-ნი წლების დასაწყისში გამოუშვა ორი ახალი წრიული აალების 4.5 მმ-ნი კალიბრი. .17 Mach 2 იყო სხვა არაფერი თუ არა .22lr-ის მასრა შევიწროებული ყელით და 4.5 მმ-ნი ტყვიით.  მეორე, წოდებული .17 Hornady Magnum Rimfire (4.5×27mmR) იგივე რეცეპტით დამზადებული იყო, უბრალოდ ამჯერად ბაზად აღებული იყო .22WMR-ის უფრო დიდი მასრა. Hornady-ს, Ruger-ის და Marlin-ის ჩანაფიქრი იყო, შეექმნათ უფრო ეფექტური ვიდრე .22WMR კალიბრი, ნაკლები უკუცემით, უკეთესი ტრაექტორიით, რომლის დამზადება იქნებოდა ადვილი და ვაზნის ფასიც არ იქნებოდა დიდი. ამავე დროს დენთის მუხტის წვისას წარმოშობილი წნევა არ უნდა ყოფილიყო უფრო დიდი ვიდრე .22WMR-ში. შეგახსენებთ 50-ანი წლების ბოლოს გამოშვებული .22WMR იყო პირველი, უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, კომერციულად წარმატებული ახალი წრიული აალების კალიბრი. წამოწყება განწირული იყო წარმატებისთვის, იმიტომ, რომ ორივე ახალი კალიბრი იყენებდა უკვე არსებულს მასრას, რაც ნიშნავდა, რომ მინიმალური ცვლილებები იქნებოდა საჭირო, რომ უკვე წარმოებაში არსებული იარაღების ადაპტირება მომხდარიყო ახალ კალიბრებზე. არც 4.5მმ კალიბრის ტყვიების და ლულების წარმოება არ უნდა ყოფილიყო დიდი პრობლემა.

.17HMR-ის ტიპიური მუხტები იყენებენ 17-20 გრანიან გარსით დაფარულ ტყვიას. გარსი არის სრულფასოვანი რბილი მეტალის და არა “დაფარვა”, როგორც მაღალი სისწრაფის .22LR-ში.  ტყვიის საწყისი სიჩქარე ვარირებს 720-დან 820 მ/წ-მდე რაც ფრიად შთამბეჭდავი სიჩქარეებია. ამის წყალობით ამ კალიბრის ეფექტური გამოყნება შესაძლებელია 200 მეტრამდე მანძილზე რაც ბევრად აღემატება ყველაზე ცხელ .22LR კალიბრის შესაძლებლობებს და უკეთესია ვიდრე .22WMR.

076014-cci-17-hmr-v-max-500-rnds-polymer-tipped-157300

.17HMR კალიბრის მუხტი, V-max ტიპის ტყვიით. ყურადღებას იქცევს არაპროპორციულად დიდი პლასტმასის წვერი. ასეთი ტყვია წინაღობაში მოხვედრისას მომენტალურად ფრაგმენტირდება. ტყვია საკმაოდ რბილია და ადვილად “ტყდება” საკმარისია ოდნავ მოუჭიროთ ტყვიას თავი, რაც მაღალ სიჩქარესთან ერთად, ხელს უწყობს აგრესიულ ფრაგმენტაციას. ამის გამო ზედმეტი შეღწევის და რიკოშეტის რისკი დაბალია, რაც გამოარჩევს ამ კალიბრს სხვა წრიული აალების სხვა კალიბრებისგან. “ნავის კუდის” ტიპის ტყვიის ფორმა უზრუნველყოფს კარგ ბალისტიკას. 

როგორც აღვნიშნე, ახალი ვაზნები ზომებით არ აღემატებოდნენ თავის წინადმორბედებს, რის გამოც უკვე არსებული კონსტრუქციის იარაღების ადაპტირება ახალ კალიბრზე არ უნდა ყოფილიყო დიდი პრობლემა.  პრობლემები დაიწყო, როდესაც მწარმოებლებმა ცადეს ამ კალიბრზე ნახევრად-ავტომატური იარაღების წარმოება. შეგახსენებთ, რომ ტიპიური ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღი იყენებს თავისუფალ საკეტს, რაც ნიშნავს, რომ ერთადერთი რაც მას იჭერს დაკეტილ მდგომარეობაში არის დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც მას აწვება და თვითონ საკეტის მასა. ეს სქემა კარგად მუშაობდა აქამდე პრაქტიკულად ნებისმიერ წრიული აალების ვაზნასთან, მაგრამ .17HMR-ის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მასრის სიმტკიცე არ არის საკმარისი, რომ თავისუფალ საკეტთან ერთად უზრუნველყო დენთის აირების წვის შედეგად წარმოქმნილი წნევის “დახუფვა”, ხოლო საკეტის მასის ზრდა ნეგატიურად აისახებოდა საიმედოობაზე.  2009 წელს, რამდენიმე დიდმა მწარმოებლამ გამოსცა სპეციალური გაფრთხილება და აკრძალა .17 HMR კალიბრის გამოყენება ნახევრად ავტომატურ იარაღებში. “რემინგტონი” წავიდა უფრო შორს და მოხსნა გაყიდვებიდან და დაიბრუნა, გაყიდული როგორც ამ კალიბრის ვაზნები ასევე მოდელი 597 ტიპის .17 კალიბრის ნახევრად ავტომატური შაშხანები.

a17b

ერთ-ერთი პლიუსი წვრილი კალიბრის არის ის რომ შეგიძლია მიიღო სქელკედლიანი ლულა ხოლო გარე დიამეტრი ლულის მაინც იქნება მცირე. კონუსური ჩაღრმავება კარგად იცავს ლულის გამოსასვლელს დაზიანებისგან. 

 Savage-ის წამყვანი ინჟინერი ჯონ ლინსკოტი მიუდგა თემას განსხვავებულად. მათი ნახევრად-ავტომატური A17, რომლის წარმოება დაიწყო  იყენებს გადავედებული უკუცემის პრინციპს. შესრულება მარტივი და ელეგანტურია. ერთი მცირე ზომის ბჯენი განთავსებულუ საკეტის ზედა ნაწილში, მოძრაობს ვერტიკლაურად და ზემომქედებს შესაბამის კილოსთან ფოლადის რესივერის შიგნით. ასეთი სისტემის გამოყენებამ ერთდროულად მოხსნა დატვირთვა მასრაზე და ამავე დროს ჩემი დაკვირვებით პრაქტიკულად გააქრო უკუცემა. A17-ს რომელიც ოპტიკით იწონის 3.6 კგ-ს, უკუცემა არ აქვს პრაქტიკულად საერთოდ. დიახ, მე ზუსტად იმას ვგულისხმობ რაც დავწერე, უკუცემა უბრალოდ არ არის. გასროლის ხმაც გრძელი ლულის წყალობით არის დაბალი.

რა თქმა უნდა მე როგორც წრიული აალების კალიბრების დიდი მოყვარული, ვერ გაუშვებდი ხელიდან შანსს ახლოდან გამეცნო ეს ახალი და ავი კალიბრი და ამიტომაც გადავწყვიტე A17-ის შეძენა. შეიძლება ნახევრად-ავტომატი არ არის საუკეთესო ფორმატი, რომ ნახო კალიბრის სიზუსტის პოტენციალი, მაგრამ პირველ რიგში მე მაინტერესებდა ახალი ავტომატიკის სქემა და ასევე მაინც ნახევრად-ავტომატი უფრო უნივერსალურია. ასეევ გასროლიდან გასროლამდე არ არის საჭირო იარაღის ჭერის შეცვლა, რომ ის გადატენო. ასე რომ ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. ჩემი არჩევანი გავაჩერე შედარებით ბიუჯეტურ მოდელზე, 56-სმ-ნი სქელი პროფილი ლულით და სტანდარტული პლასტმასის კონდახით.

a17 new

ფოლადის რესივერი, ნახევრად გადაბმული საკეტი, Accu-trigger, სქელ-კედლიანი ლულის პროფილი, უკვე დაყენებული უივერის სამაგრები, ლულის სიგრძე 56 სმ, ტვისტი 1:9,  სრული სიგრძე 104 სმ, 10 ვაზნიანი როტორული მჭიდი, წონა ოპტიკის გარეშე 2.7 კგ. ეს არის ძირითადი მახასიათებლები ამ იარაღის. 

მე სპეციალურად ავარჩია უფრო იაფი მოდელი, სტანდარტული პლასტმასის კონდახით.  მე უკვე დამიგროვდა ასეთი კონდახების მოდიფიკაციების გამოცდილება და ვიცი, რომ ცოტა დრო და ფული საკმარისია, რომ მისცე საშუალება იარაღს ისროლოს კარგად თუნდაც ასეთი კონდახით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კონდახი A17-ზე ბევრად უფრო უკეთესია ვიდრე B22-ზე, რომელიც მე მქონდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ რესივერის ბედინგი უფრო ადვილია, მეორე რიგში იმიტომ რომ მას აქვს კარგი რეზინის საზურგე, რომელიც ძალიან მოსახერხებელია, ანალოგიური დეტალი B22-ზე იყო პლასტმასის და თავისუფლად ცურავდა მხარზე.

 A17 იარაღის სახელმძღვანელო საკმაოდ მარტივია. საკეტის გადასატნი სახელური განკაგებულია საკეტზე მარჯვნიდან. მცველის ღილაკი სასხლეტის კავთან არის განლაგებული, იქვე ქვევიდან მექანიკური საკეტის შემაკავებელია. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი შემაკავებელზე არ დგება მაგრამ თუ მოხდა დაბრკოლება, ან ამას ითხოვს უსაფრთხოების პროტოკოლი, შესაძლებელია ქვევიდან განლაგებული ღილაკის მეშვეობით მისი ღია მდგომარეობაში დაფიქსირება.

იარაღის დაშლა და მომსახურება ადვილია მაგრამ არის ნიუანსები. ბევრი ცნობილი და პოპულარული მცირეკალიბრიანი იარაღი ისეა აგებული, რომ მათ გასაწმენდად საჭიროა კონდახის და რესვიერის განცალკევება. ამის შემდეგაც კი, მათ დიდ ნაწილში ლულის წმენდა მაინც ხდება გამოსასვლელის მხრიდან. Savage მიუდგა ამ პრობლე,ას შემოქმედებითად. იმისთვის რომ იარაღი დაშალოთ გასაწმენდად, არ არის საჭირო კონდახის და რესივერის განცალკევება. საკმარისია დააჭიროთ დამაბრუნებელ ზამბარას, რესივერის უკანა ხუფზე განლაგებული ნასვრეტიდან, მოხსნათ ეს ხუფი, ამოიღოთ ზამბარა და საკეტი და იარაღი მზად არის წმენდისთვის. როგორც ხვდებით ასევე შესაძლებელია ლულის გაწმენდა სავაზნის მხრიდან. პლასტმასის ხუფის მოხსნა მოქნილობას ითხოვს და სიმართლე გითხრათ სულ მგონია, რომ ერთხელაც ეს ხუფი მოტყდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სქემა აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია იმ დიზაინებთან შედარებით, რომლებიც გასული საუკუნის 60-ნი წლებიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა შესაძლებელია კონდახის და რესივერიუს განცალკევებაც. ამისთვის უნდა დაუშვათ ორი ხრახნი. ერთი განლაგებულია კონდახის ქვევიდან წინა ნაწილში, მჭიდის წინ, მეორე უკან, მაგრამ ზევიდან, პლასტმასის ხუფის ქვეშ. დაყენებული ოპტიკით ეს ასევე ითხოვს გარკვეულ მოქნილობას.

a17bolt

საკეტი, დიდი ზომის საკეტის სახელური, რესივერის ხუფი და დამაბრუნებელი ზამბარის მოდული. საბრძოლო ბჯენი, რომელიც უზრუნვლეყოფს უკუცემის “გადავადებას” კარგად ჩანს საკეტის ზედა ნაწილში. ყურადღებას ასევე იქცევს საკმაოდ მასიური ექსტრაქტორი და დიდი ზომის, ერგონომიული საკეტის სახელური. 

triggera17

დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი, მაგრდება ერთი პინით რეივერზე. კორპუსი პლასტმასის არის, დანარჩენი დეტალები რკინის.

rearbolta17

როგორც ხედავთ, უკანა ხრახნის მოხსნა შეიძლება საკმაოდ მოუხერხებელი იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეთი დაშლა თქვენ არ დაგჭირდებათ. 

a17

ბედინგი “ბრიკორამაში” ნაყიდი ეპოქსიდით, კაიდექსის ფირფიტისგან დამზადებული რეგულირებადი სალოყე და ე.წ. brush stroke კამუფლირება რომლის შესრულებასაც უნდა 10 წუთი განსხვავებით უფრო შრომატევადი კამუფლირებისა შაბლონების გამოყენებით. 

ოპტიკა დაყენდა UTG ალუმინის რინგებში. ჩემდა გასაკვირად, მათი მორგება საჭირო არ გახდა, მიუხედავად იმისა, რომ პიკატინის სეგმენტები ცალ-ცალკე იყო დაყენებული რესივერზე. ოპტიკა Primary Arms 4-16×44 “Mil-Dot” ბადით. ოპტიკას ქონდა ძალიან კარგი ფოკუსის მანძილი თვალიდან ოკულარამდე და ძალიან თხელი ბადე, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი, თუმცა გადიდება ზედმეტად ძლიერია ჩემი გემოვნებისთვის და ასეთი იარაღისთვის, მაგრამ ხარისხიანი და ბიუჯეტური ოპტიკის არჩევანით ჩვენ არ ვართ განებივრებულები, ამიტომ ავიღე ის, რაც ყველაზე ახლოს იყო იმასთან რაც მე მჭირდებოდა. უკვე შემდგომ ოპტიკა მარტივად გასწორდა და სროლა მიზანში ამ ოპტიკით გამოდგა სასიამოვნო და კომფორტული, კარგი ლინზების, “aye relief”-ის და თხელი ბადის გამო. შესწორების მექანიზმი ასეე უნაკლოდ მუშაობდა. ოპტიკას ასევე აქვს ტაქტიკური დოლურები, რომლებიც უნდა გადმოწიო, რომ შეძლო მათი დატრიალება, ასევე გააჩნია დოლურების რესეტის ფუნქცია, პარალაქსის რეგულირების და ბადის განათების ფუნქცია. თავის ფასში რომელიც შეადგენს სადღაც 640 ლარს ეს არის ძალიან კარგი ოპტიკა.

A17-ის როტორული მჭიდი იგივე კონსტრუქციის არის, რაც B22-ზე. ისევე როგორც B22-ზე ვაზნების მიწოდება არის ძალიან რბილი, შეუძლებელია საკეტის გადაკვრისას მიხვდე ხდება თუ არა ვაზნის მიწოდება, იმდენად დაბრკოლების და ძალის დატანების გარეშე ხდება მიწოდების პროცესი. ის ფაქტი რომ მასრა ბოთლის ფორმის არის, ტყვია წვეტიანი და თანაც ბევრად უფრო მცირე დიამეტრის ვიდრე სავაზნე, ასევე ხელს უწყობს სტაბილურ/საიმედო მიწოდებას.

20181217_160127-700x525

როგორც მინიმუმ ამერიკის კონტინენტზე, Savage იყო პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა როტორული მჭიდი, და კარგია რომ ეს კომპანია უარს იძახის სავაზნე კოლოფებზე და ისევ უბრუნდება როტორულ მჭიდებს. ასეთი მჭიდის კონსტრუქცია უფრო გამძლეა, ის სრულად იმალება იარაღის შიგნით და ტევადობაც 10 ვაზნაა.  სურათის წყარო thetruthaboutguns.com

კარგი მოვყევით, ეხლა გადავიდეთ ცუდზე. როგორც ყველა ტიპიურ ნახევრად-ავტომატში, სასხლეტი A17 არის ძალიან ცუდი. ის არ არის ძალიან მძიმე ან ძალიან გრძელი სვლით ან ოვერ თრეველით. არა. უბრალოდ მასზე დაჭერისას ისეთი შეგრძნებაა თითქოს შიგნით მოძრაობაში მოდის ძცველი, ჟანგიანი მექანიზმი, რომელიც გამოსცემს რაღაც უცნაურ ხმებს. შეიძლება ის ასეთი ცუდიც არ არის, მაგრამ როდესაც უყურებ სამიზნეს 10 გადიდებით, ეს ყველაფერი თითქოს აისახება ბადის მოძრაობაში სამიზნესთან მიმართებაში. სიმართლე გითხრათ პირველი სროლების მერე, მე სერიოზულად დავფიქრდი რომ ეს მექანიზმი დამეშალა და შემეცადა მისი გაუმჯობესება, რასაც იშვიათად ვაკეთებ. მექანიზმი დაიშალა, გაპრიალდა და თავიდან აიწყო. ზოგადად მე არ ვარ მომხრე ხოლმე, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმების სერიოზული გადაკეთების. როგორც წესი უბრალო გაპრიალება არის მაქსიმუმი რასაც ვაკეთებ და უმეტეს შემთხვევაში ეს პროცესი არის ერთგვარი მედიტაცია/რიტუალი, რომელსაც იშვიათად მოყვება რამე ხილვადი/აწონვადი შედეგი. ამ შემთხვევაში ეფექტი უკეთესი იყო, იმიტომ რომ რამდენიმე ნაწილზე ღერძებზე გათვლილი ნასვრეტები იყო საკმაოდ უხეშად დამუშავებული და ამის გამოსწორების და მექანიზმის აწყობის შემდეგ, სასხლეტი არ გახდა უფრო მსუბუქი და მოკლე, მაგრამ ის დარბილდა და სვლაც უფრო ერთგვაროვანი გახდა. იარაღი კი არის აღჭურვილი Accu-trigger-ით, მაგრამ ჩემი აზრით ეს სასხლეტი უფრო ატარებს უსაფრთხოების დამატებითი საფეხურის ფუნქციას ვიდრე რამე კავშირი აქვს სიზუსტესთან. ყველაზე დაბალი წონითაც (რომელიც რეგულირდება იარაღის დაშლის გარეშე, სპეციალური გასაღებით), მისი წონა მაინც არის სადღაც 2.5-3 კილოგრამი. ამ ტიპის სასხლეტის ყველაზე კარგი ფუნქცია ის არის, რომ ის არ მიცემს საშუალებას ჩახმახს მოწყდეს, სასხლეტზე დაჭერის გარეშე, მაგალითად ძლიერი დარტყმის შედეგად, ეს არის და ეს.

ამერიკული Jard-ი უშვევს დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმის A17-თვის, წონებით 400 გრამიდან 2 კგ-მდე, მაგრამ ამერიკაში მისი ფასი ურტყავს 300 დოლარს რაც საკმაოდ ძვირია. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ ზედმეტად მსუბუქი სასხლეტი და მსუბუქი ნახევრად-ავტომატური შაშხანა, კომბინაციაა, რომელსაც შეიძლება მოყვეს ორმაგი გასრლოლები, რაც ალბათ განაპირობებს A17-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაციას და სასხლეტის ასეთ წონას.

groupinga17

პირველი სროლები სატნდარტული სასხლეტით და ნაწილობრივი ბედინგით. ყველა ჯგუფის საშუალო შედეგი 50 მეტრზე, წოლიდან და ზურგჩანთის როგორც საყრდენის გამოყენებით გახლდათ 21მმ (ჯმში შვიდი სამ გასროლიანი ჯგუფი).  

მეორე რენჯ სესიის წინ, სასხლეტი გაპრიალდა და ბედინგი გაუკეთდა სრულად. სამწუხაროდ მეორე სესიის პირობები იყო უარესი. სიცივე, თოვლი და სველი მიწა. მიუხედავად ამისა საშუალო სიზუსტემ 91 მეტრზე შეადგინა 3.5 სმ, საუკეთესო ჯგუფით 2.5სმ). ვიყინებდი ორი ტიპის CCI-ს მუხტს, 20 გრანიან FMJ-ს და 17 გრანიანს V-max ტყვიით. ორივეს ქონდა იდენტური სიზუსტე. უკეთეს პირობებში და უფრო მეტი მუხტით დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლება და რა თქმა უნდა მე შევეცდები კიდე უფრო უკეთესი შედეგი დავდო. მაგრამ 35მმ 100 მეტრზე, მასობრივი წარმოების ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღისთვის ყველაზე ბიუჯეტური, პლასტმასის კონდახით და ძალიან საშუალო სასხლეტით, არის ძალიან კარგი შედეგი. თანაც გაითვალისიწნეთ, სროლის პირობები, რომლებიც შეესაბამება საველე/ნადირობის პირობებს. იარაღი ასევე უნდა ვივარაუდოთ, იქნება უფრო საიმედო ვიდრე .22lr-ის ნახევრად ავტომატური იარაღი. ტყვია წვეტიანია, სრულფასოვანი გარსით დაფარული და უფრო წვრილი დიამეტრის ვიდრე სავაზნე. მე არ მწონდა არც-ერთი დაბრკოლება, მხოლოდ ერთი ვაზნის მტყუნება პირველი რამდენიმე გასროლის დროს, როგორც მანამდე Savage B22-ზე, მაგრამ მას მერე ეს აღარ გამეორებულა არც B22-ში და არც A17-ში.

ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ მეტალის დეტალები (ლულა, რესივერი) დაფარულია შავი ოქსიდირებით. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი ნახევარი დღე სველი იყო და სახლში შემოტანის შემდეგ არ გამშრალებულა, ზედაპირული კოროზიის ნიშნები არსად არ გაჩნდა, რაც მეტყველებს ოქსიდირების ხარისხზე.

graph rimfire comparison

დიაგრამიდან კარგად ჩანს ის რაც განასხვავებს .17HMR-ს სხვა წრიული აალების კალიბრებისგან. 

hawkszero

რაც შეეხება განულების ოპტიმალურ მანძილს, მე დავარქვი მას “ჩაკ ხოკსის ზერო” იმიტომ, რომ სწორედ მან გასცა რეკომენდაცია ამ იარაღის გასწორების 130 მეტრზე. ასეთ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ყველაზე ოპტიმალურ ტრაექტორიას. 

რა შეიძლება ითქვას ამ მიმოხილვის ბოლოს? დიახ .17 HMR სამჯერ მეტი ღირს ვიდრე .22LR-ის ვაზნა, მაგრამ იარაღის, ოპტიკის და აქსესუარების ფასი იგივე კატეგორიაში გადის რაც .22lr კალიბრი. თუ ვინმეს სურს ბევრი სროლა სიზუსტეზე, .22LR-ის 40 გრანანი სტანდარტული სიჩქარის მუხტი თქვენ განკარგულებაშია და მოგცემთ საშუალებას ისროლოთ ბევრი, ზუსტად და თუ პირობები ხელს გიწყობთ, შედარებით შორ მანძილებზეც კი. თუ გნებავთ პრაქტიკული ინსტრუმენტი, საიმედო, ზუსტი, ჩუმი, პრაქტიკულად უკუცემის გარეშე, რომლიდანაც შეძლებთ ესროლოთ პატარა ზომის სამიზნეს (+- 4 სმ) 155 მეტრამდე დამიზნებაში ყოველგვარი შესწორების შეტანის გარეშე, მაშინ ეს კალიბრი თქვენთვის არის. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ მსუბუქი ტყვია მკვეთრად რეაგირებს ქარზე. ნუ განიხილავთ .17HMR-ს როგორც .22LR-ის ალტერნატივას.  დანიშნულებით, შესაძლებლობებით და ფასებით ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებულია. .17HMR პირველ რიგში უნდა შეადაროთ .22WMR-ს და ამ უკანასკნელს პლინკინგისთვის არ ყიდულობენ.  რაც შეეხება ფასებს, A17 ფასი არის 1500 ლარის ფარგლებში, გააჩნია მოდელს და კომპლექტაციას. ვაზნის ფასი მერყეობს ლარიდან, სადღაც 2 ლარამდე.

Shooterscentral.ge-ს დასკვნა. ერგონომიული პლასტმასის კონდახი, რომელიც მარტივად მოდიფიცირდება მეტი სიხისტსითვის, ნაწრთობი მეტალისგან დამზადებული რესივერი, მაღალი ხარისხის  “ძირიდან გაბურღული” (bottom rifled) ლულა, ავტომატიკის სქემა რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და საიმედოობას, როტორული მჭიდი,  მარტივი დაშლა/აწყობის სქემა და მისაღები ფასი, გამოარჩევენ ამ იარაღს. ამ იარაღზე რომ იყოს დაყენებული კარგი სასხლეტი, მე ვიტყოდი რომ ის არის დღეს საუკეთესო .17 კალიბრის ნახევრად-ავტომატური შაშხანა. საქართველოში .17 კალიბრის წრიული აალების ვაზნებიც და იარაღიც პრინციპში დღემდე არის ეკზოტიკა. თუმცა შესაძლებელია მაღაზიებში ამ კალიბრის Savage-ის წარმოების შაშხანების შეძენა და ასევე სხვადასხვა მწარმოებლის მუხტებიც არის ხელმისაწვდომი. გაითვალისწინეთ,  ხელმისაწვდომობა ალბათ დროებითია და მზად უნდა იყოთ, რომ ეს კალიბრი პერიოდულად გაქრება ხოლმე დახლებიდან. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, მაგალითად ჩვენ ქვეყანაში შიზოფრენიის პანდემია ძვინვარებს, ამიტომ საერთოდ შეწყვეტილია იარაღების და ტყვიაწამლის ყიდვა-გაყიდვა.  A17 არ არის საასპარეზო/ზუსტი შაშხანა, მაგრამ ვაზნის და ლულის პოტენციალი ტოვებს შესაძლებლობას მცირე ინვესტიციებით მიაღწიოთ 1 MOA სიზუსტეს, რაც ამ კლასის იარაღებში იშვიათობაა.

 20201205_140301

კიდევ ერთხელ მოკლეცხვირიან რევოლვერებზე

November 24th, 2020

drawing-revolver

მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური პისტოლეტები დღეს როგორც არასდროს დახვეწლია კონსტრუქციულად, იტევენ მეტ ვაზნას და იწონიან ცოტას, რევოლვერი, როგროც პისტოლეტის ერთ-ერთი სახეობა უბრალოდ არ ქრება. არ ქრება მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტების მხარეს არის, საცეცხლე ძალა (გადატენვის სისწრაფე, ტევადობა), უფრო მოსახერხებელი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები, მცირე წონა და გაბარიტები. მაშ რა განაპირობებს ამას? ტრადიცია? მსროლელების ნაწილს უბრალოდ უნდა განსხვავებული სათამაშო? თუ რამე სხვა ფაქტორებია?

მე წლებია დავეძებ რევოლვერებს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში რევოლვერებს დიდად არ წყალობენ. მაინც მოვახერხე და თავის დროზე ჩავიგდე ხელებში საკმაოდ ბევრი სხვადასხვა რევოლვერი. მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური პისტოლეტები ყოველთვის იყვნენ ჩემი ყურადღების ცენტრში, იყო რაღაცა რაც რევოლვერებში მხიბლავდა და მაიძულებდა ყოველ ახალ შეძენილ რევოლვერთან ერთად უფრო ღრმად შემესწავალ ეს იარაღი, მისი გამოყენების ფილოსოფია და ისტორია, მისი ტექნიკური მოწობილობა და ევოლუციის ისტორია. ეს სტატიაც არის ერთგვარი შეჯამება ამ მოგზაურობის და მცდელობა ჩემი მხრიდან ავხსნა რატომ რევოლვერი, უფრო კონკრეტულად კი მოკლეცხვირიანი რევოლვერი არ კვდება და ალბათ დიდიხანი კიდე არ მოკვდება. მე ფოკუსირებული ვიქნები რევოლვერზე როგორც თავდაცვის ინსტრუმენტზე და არა სანადირო, საასპარეზო, მიზანში სასროლ იარაღზე.

პრობლემა რევოლვერის მდგომარეობს იმაში, რომ გამძლეობის მათ შორის უხეში მოპყრობისადმი გამძლეობის თვასლაზრისით რევოლვერი არ გამოიყურება კარგად პისტოლეტთან შედარებით. რევოლვერი არ არის განკუთვნილი ექსტრემალურ პირობებში საიმედოდ ფუნქციონირებისთვის, მაგალითად ჩაძირული ტალახში ან ქვიშაში, ან დაზეთვის გარეშე 20 000 გასროლის შემდეგ. თუ რევოლვერი გაფუჭდა, მისი მწყობრში დასაბრუნებლად საჭირო იქნება ოსტატი, რომელიც კარგად ერკვევა რევოლვერების მოწყობილობაში. რევოლვერებს ჭირდება როგორც აზრზე მოსული, მოაზროვნე მსროლელი, ასევე  მოაზროვნე და მაღალკვალიფიციური ხელოსანი. სმიტ&ვესსონის მეიარაღის სახელმძღვანელოში იყო 50-ზე მეტი პუნქტი სადაც იყო აღწერილი პოტენციალური პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები. გლოკის მეიარაღის სერტიფიკატი გაიცემა ერთ დღიანი კურსის შემდეგ. ერთ დღეში წაიკითხავ სმიტ&ვესსონის სახელმღვანელოს მცირე ნაწილს და იმისთვის, რომ ისწავლო ამ რევოლვერებზე მუშაობა შეიძლება დაგჭირდეს წლები. რევოლვერების ოსტატები, ამერიკაშიც კი, უკვე არიან დინოზავრები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რევოლვერები გამოშვებული 60 წლის წინ და რევოლვერები გამოშვებულები დღეს დიდად სურათებიდან არ განსხვავდებიან, მაგრამ ტექნიკურად მათი კონსტრუქცია ევოლუციონირებდა. უბრალოდ ეს ასე თვალნათლივ არ ჩანს, როგორც პისტოლეტის შემთხვევაში. რევოლვერები დღეს უფრო გამძლე და საიემედო არიან ვიდრე ადრე, რაც გამოწვეულია იმით, რომ შესაძლებელი გახდა რთული გეომეტრიის დეტალების მასობრივი წარმოება სტაბილურად მაღალი ხარისხით და ასევე გამოიყენება უკეთესი მასალები, რამაც ერთდროულად: გაამარტივა რევოლვერების კონსტრუქცია, გაზარდა რესურსი და გამძლეობა, გაამარტივა მათი მომსახურება და შეკეთება, შესაძლებელი გახადა მცირე ზომის რევოლვერებში ძლიერი კალიბრების გამოყენება,  გაამარტივა და შესაბამისად გააიაფა მათი წარმოება რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ დღეს შეგიძლია იყიდო რევოლვერი, რომელიც უფრო იაფი ღირს და უფრო უკეთესია ვიდრე ოდესმე აქამდე. ეს არის ფაქტი. 

smith screw

სახრახნისი არის მულტი ტული რევოლვერებისთვის, იმიტომ რომ რევოლვერის კონსტრუქცია შედგება ხრახნებისგან, პისტოლეტში ხრახნების გამოყენება ითვლება მოვეტონად. რევოლვერში ხრახნების გადაჭერა რეგულარულად არის საჭირო, იმიტომ რომ სროლით გამოწვეული ვიბრაციისგან ხდება მათი დაშვება. 

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ “მოხმარების კომფორტის” თვალსაზრისით პისტოლეტი უკეთესია რევოლვერზე, მაგრამ რატომ, მიკლეცხვირიანი რევოლვერი კვლავ ითვლება აქტუალურ/გამოსადეგ თავდაცვის ინსტრუმენტად და არა უბრალოდ ეგზოტიკად, როდესაც არსებობს მცირე ზომის საიმედო პისტოლეტები უფრო მეტი ვაზნით შიგნით?

 დავიწყოთ მთავრით, სად ხდება ამ ორი ტიპის იარაღის შეადრება და დასკვნის გამოტანა, რომ რევოლვერი მოძველდა და ავტომატური პისტოლეტი უფრო უკეთესი ისნტრუმენტია. ეს მოსაზრება იბადება რენჯებზე სადაც ხალხი ვარჯიშობს, ასპარეზობს და ერთობა. რა არის რენჯი? რენჯი არის კონტროლირებადი გარემო და მათ შორის კონტროლირებადი არის თუნდაც სპორტული შეჯიბრი. შენ ზუსტად იცი, რა და როდის უნდა გააკეთო, უფრო მეტიც შენ გაქვს დრო მოემზადო, გაიარო რეპეტიცია ან თუნდაც თავში წარმოიდგინო როგორ გაირბენ ვარჯიშს. რა ხდება ქუჩაში მეტ წილად არის ყურადღების მიღმა, როდესაც მიდის ამ პლატფორმების შედარება. როგორც დერილ ბოლკემ ახსნა, ქუჩაში ხდება: იარაღის სუსტი ჭერა,  თავისუფალი მაჯები, ასიმეტრიული სასროლოსნო პოზიციები,  სხვადასხვა ხელისშემშლელი დაბრკოლებები, მაგალითად ტანსაცმელი ან სხვა ბარიერები,  სხლეულებით ახლო კონტაქტი, სროლის დროს ხელისშემშლელი ფაქტორები, დარტყმები, არასწორად შესრულებული ადმინისტრაციული პროცედურები. ეს ყველაფერი განიხილება, როგორც ექსტრაორდინარული რამე რენჯზე, მაგრამ არის ჩვეულებრივი რამე  ქუჩაში, როდესაც ხდება იარაღის თავდაცვის მიზნით გამოყენება.

პისტოლეტს ამუშავებს ვაზნა, რევოლვერს ამუშავებს მსროლელი. რევოლვერის ყველა ვაზნა უკვე დატენილია ანუ ზის თავის ინდივიდუალური სავაზნეში. პისტოლეტში გადატენვა ხდება ყოველი გასროლის შემდეგ.  გარდა ამისა, იმისთვის რომ გადატენვის ციკლი შესრულდეს წარმატებით საჭიროა რომ: მჭიდი იყოს კარგი, იარაღი იყოს კარგი, ვაზნას ქონდეს საკამრისი ენერგია და ტყვიის ფორმა/წონა არ უნდა ქმნიდეს პრობლემას, ასევე იარაღი უნდა მყარად გეჭიროთ ხელში, არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი საკეტს და შეაფერხოს მისი მოძრაობა ან შეცვალოს მისი მდგომარეობა გასროლამდე. გამორიცხე აქიდან ერთ-ერთი ფაქტორი და მიიღებ დაბრკოლებას. ყველაფერი ეს შეიძლება მოხდეს რეალური შეტაკებისას. მიბჯენით სროლის მცდელობისას, საკეტი შეიძლება საკმარისი მანძილით დაიძრას უკან და გასროლა უბრალოდ არ მოხდება. თავისუფალი მაჯები და ცუდი ჭერა გამოიწვევს იმას, რომ საკეტი საკამრისად უკან არ მივა და არ მოხდება გადატენვა. დაბრკოლება საკეტის მოძრაობისას ასევე ხელს შეუშლის გადატენვას. მჭიდების და ზამბარების მონიტორინგიც აუცილებელია. მეორეს მხრივ რევოლვერი, სუფთა, კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში, საიმედო ვაზნებით ქუჩაში გამოყენებისას იქნება უფრო საიმედო ვიდრე პისტოლეტი. ის გაისვრის იმ ვაზნებს რაც ალაგია შიგნით და ასევე იმ ვაზნებს რაც თან გაქვთ თუ საჭირო გახდა გადატენვა. ასი ვაზნის შემდეგ მას დაჭირდება წმენდა და ალბათ ხრახნების გადაჭერა, ათასი სრულმუხტიანი ვაზნის შემდეგ შეიძლება მას დაჭირდეს ვიზიტი ხელოსანთან.  მაგრამ იმ წამებში რა წამებშიც თქვენ იქნებით სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის რევოლვერი თქვენ ვერ გიღალატებთ.

მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე არის ის რომ, მცირე ზომის/კომპაქტური პისტოლეტები ისეთი საიმედოები არ არიან, როგორც სრული ზომის პისტოლეტები. საკეტი მოძრაობს უფრო სრაფად, ყველაფერი ჩქარდება და იმისთვის რომ კომპაქტურმა ან სუბ კომპაქტურმა პისტოლეტმა გამართულად იმუშაოს ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად. მეორეს მხრივ რევოლვერი იქნება ერთნაირად საიმედო მიუხეადავად მისი ზომისა. რევოლვერისთვის სულ ერთია რა მუხტია და რა წონა ან ფორმა აქვს ტყვიას. სულ ერთია რამდენხანს შეინახავ დატენილს.

გინდა იარაღი რომლიდანაც შეგიძლია ისროლო წმენდის გარეშე 5000 ვაზნა?  იყიდე გლოკი. გინდა მიკრო პისტოლეტი, ჯერ ისროლე ძვირადღირებული თავდაცვითი მუხტები, ასე 100-200 ცალი და დარწმუნდი რომ პისტოლეტი მუშაობს ამ მუხტით. გინდა იარაღი რომელიც ყოველთვის გაისვრის მიუხედავად იმისა, მიაბჯინე ის ვინმეს სახეზე ან უნდა ისროლო ჯიბიდან, რევოლვერი ამას გააკეთებს. ის არის საიმედო თავდაცვის ინსტრუმენტი, საიმედოობის ისეთი ხარისხით, რომელსაც პისტოლეტი როგორც ჩანს ჯერ ვერ უტოლდება. თუ დაუჯერებთ საცეცხლე მომზადების გურუებს, რომლებსაც ალაპარაკებთ ათწლეულები გამოცდილების ქუჩაში და არა რენჯზე.

რევოლვერის ეფექტური გამოყენება და ასევე უზრუნველყოფა მისი კარგი ტექნიკური მდგომარეობის ითხოვს მიდგომებს, რომლებიც დღევანდელ სამყაროში ჩაბარდა წარსულს. რამდენიმე დღის წინ ხაკან სპურმა ატვირთა სურათი თავის FB გვერდზე, სურათი იყო წარწერა: თუ გგონია რომ დღევანდელი თაობა წინაზე ჭკვიანია, გაიხსენე რომ ადრე კაცები თვითონ არეგულირებდნენ სარქველებს თავიანთი მანქანების ძრავებში, დღეს კიდე მანქანები გამოდიან აკუმულატოებით, რომლებზეც აკრია გაფრთხილება: ნუ დალევთ სითხეს.  ტექნოლოგიები წინ მიდის, მაგრამ ვისაც შეუძლია, რომ ისროლოს და მოუაროს რევოლვერს, არსენალში ექნება უღალატო/საიმედო ინსტრუმენტი იმ ერთადერთი მომენტისთვის, რომელიც ჩვენ ვნატრულობთ, რომ არასდროს არ დადგეს.

გამორჩეული “მოკლეცხვირიანებს” შორის – S&W Mod 40 “Centennial”

November 8th, 2020

download

ამერიკელებისთვის  საყვარელ მოკლეცხვირიან რევოლვერებში ბევრია ტექნიკურად ან ისტორიით გამორჩეული მოდელი, მაგალითად კოლტის “Detective Special”, 25 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული თავდაცვითი იარაღი აშშ-ში ან S&W Mod 60, პირველი რევოლვერი მთლიანად დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული რევოლვერი ასევე არის  .38 კალიბრის S&W “Centenial”, რომლის წარმოებაც დაიწყო 1952 წელს. ამ რევოლვერის ისტორია, უფრო სწორად კონცეფციის ისტორია, რომლის მიხედვითაც ეს რევოლვერი შეიქმნა, იწყება ჯო ვესსონის (სმიტ&ვესონის დამფუძნებლის დ.ბ. ვესსონის შვილი) კონსტრუქციის S&W  Safety Hammerless Double Action-იდან, რომელიც იყო ალბათ პირველი რევოლვერი შექმნილი სპეციალურად ფარული ტარებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ქონოდა დეტალები, რომლებიც რამეს წამოედებოდა და მის სწრაფ ამოღებას ხელს შეუშლიდა და ასევე მისი კონსტრუქცია ითვალისწინებდა ავტომატურ მცველს, რომელიც გამორიცხავდა გასროლას თუ მსროლელს არ ეჭირა რევოლვერი ხელში. ტიპიურ რევოლვერში ყველაზე გამოშვერილი დეტალი, ჩახმახი, მთლიანად იყო დამალული ჩარჩოში.  ევროპაში ასევე გამოდიოდა “ბულდგოგის” და “ველოდოგის” სახელებით ცნობილი რევოლვერები დამალული ჩახმახებით, მაგრამ მათი წარმოება დაიწყო 1890-ან წლებში ხოლო სმიტ&ვესონმა გამოუშვა თავისი რევოლვერი 1887 წელს და ამიტომ პირველობა სწორედ მას უნდა ეკუთვნოდეს.

14553357_1S&W  Safety Hammerless Double Action. სახელიდან გამომდინარე ეს იყო, ორმაგი მოქმედების რევოლვერი, დამალული ჩახმახით და რევოლვერისთვის უჩვეულო მცველით, რომელიც განლაგებული იყო ტარზე. 

მოგვიანებით, როდესაც სმიტ&ვესონმა შეწყვიტა “გადასატეხი” რევოლვერების წარმოება და გადავიდე რევოლვერებზე მთლიანი ჩარჩოთი, ჯო ვესონის კონცეფცია დავიწყებას მიეცა, მანამ სანამ ერთხელ, სადღაც ლათინურ ამერიკაში  მოხდა ინციდენტი თავდასხმით ამერიკელზე, სახელად   რექს ეფლგეითი. თუ აქამდე მისი სახელი არ გაგიგონიათ, მოკლედ მოგიყვებით, რომ თავისი მნიშვნელობით იარაღის და მისი თავდაცვისთვის გამოყენების განვითარების პროცესში, ეფლგეითის  როლი, დიდად არ ჩამოუვრადება ჯეფ კუპერის როლს. სახელგნათქმული სტრატეგიული ოპერაციების სამსახურის (დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს წინადმორბედი) ინსტრუქტორი საბრძოლო მომზადებაში, რექს ეფლგეითი იყო ხელჩართული ბრძოლების, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ექსპერტი. ინციდენტი მასზე თავდასხმით მოხდა ლათინური ამერიკის რომელიღაცა ქვეყანაში ყოფნისას  (დიდი ალბათობით მექსიკააში) მისი ყოფნის დროს, მას თავს დაესხა მაჩეტეთი შეიარაღებული ყაჩაღი. იარაღი, რომელიც ეფლგეითმა გამოიყენა იყო .38 S&W კალიბრის ჯო ვესონის “სეიფთი ჰამმერლესი”. ის გადაურჩა თავდასხმას, მაგრამ იმედგაცრულებული დარჩა ვაზნის დაბალი ეფექტურობით. შეგახსენებთ, რომ  .38 S&W იყენებდა 146 გრანიან მრგვალთავიან ტყვიას საწყისი სიჩქარით სულ რაღაც 200 მ/წ-ში. ამის შედეგად  რექს ეპლგეითი დაუკავშირდა კარლ ხელსტრომს, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობდა კომპანია სმიტ&ვესსონს და სთხოვა მას, რომ შეექმნა კომპაქტური რევოლვერი კალიბრში .38 Special იგივე კონცეფციით რაც მისი ძველი რევოლვერი. იდეა მოწონებულ იქნა და ახალი რევოლვერი წავიდა წარმოებაში 1952 წელს. ეს იყო სმიტ&ვესსონის არსებობის მეასე წელი, ამიტომ იარაღს მიენიჭა სახელი “ცენტენიალ” (ასწლეული).  ბაზად აღებული იყო სმიტ&ვესონის  რევოლვერი Chiefs Special, რომელიც იყენებს ე.წ. J ზომის ჩარჩოს. ეს რევოლვერი უკვე 2 წელია რაც გამოდიოდა და აქვე უნდა ითქვას, რომ სმიტ&ვესონმა საკმაოდ დააგვიანა J-frame-ის გამოშვება, რითიც 25 წელის სარგებლობდა კოლტი, რომელიც წარმატებით ყიდდა კომპქტურ “Detective Special”-ს. დიდი დაგვიანებით გამოჩენილ J-frame-ის რევოლვერებს უნდა გაეწიათ კონკურენცია კოლტის რევოლვერისთვის. J-frame-ის ოჯახის რევოლვერების საფირმო ნიშნები იყო მოკლე ლულა (48მმ), მცირე ზომები და 5 ვაზნიანი დოლურა, რის გამოც ეს რევოლვერი იყო უფრო მსუბუქი და კომპაქტური ვიდრე კოლტის ანალოგიური ტიპის “დეტექტივ სპეშელი”, თუმცა იმის ხარჯზე რომ დოლურა ერთით ნაკლებ ვაზნას იტევდა, ხუთი სმიტ&ვესონში, კოლტის 6 ვაზნის საწინააღმდეგოდ.

m40centenial

Smith&Wesson Mod 40 .38 Special კონცეფტუალურად ზუსტად იმეორებდა S&W  Safety Hammerless Double Action-ს. 1957 წლიდან, როდესაც სმიტ&ვესონი გადავიდა მოდელების ციფრულ დასახელებებზე და “ცენტენიალი” გახდა Mod 40 ხოლო მისი ალუმინის ჩარჩოიანი ვარიანტი Mod 42.

ახალი რევოლვერი იყენებდა მთლიანად ფოლადის კონსტრუქციას. მისი ცარიელი წონა 600 გრამია და 650 გრმი 5 ვაზნით ალუმინისი მასრით.  დოლურა როგორც უკვე აღვნიშნე 5 ვაზნიანია, რის გამოც კილოები დოლურას საკეტისთვის ამოჭრილია არა სავაზნეების ზევიდან არამედ მათ შორის, რაც განაპირობებს დოლურას გამძლეობას. დამატებით რევოლვერის ძალოვანი კონუსი, ის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს გასროლილი ტყვიის “მიღებას” მთლიანად ჩამალულია ჩარჩოში რაც უზრუნველყოფს ამ დეტალის დიდ რესურსს. რევოლვერი გამოვიდა კომპაქტური, საიმედო და ძალიან მოსახერხებელი. მისი წარმოება გაგრძელდა 1974 წლამდე მაგრამ წარმოების პერიოდში ის მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. რისი მიზეზიც იყო მხოლოდ ორმაგი მოქმედების სასხლეტი, მისი შეყენების ფუნქციის გარეშე და ასევე მცველი, რომელიც უჩვეულო იყო რევოლვერებზე.

swcolt

კოლტმა, სმიტ&ვესონის კონკურენტმა გაიაზრა ასეთი კონცეფციის პოტენციალი მაგრამ მიუდგა მას განსხვავებულად. “დეტექტივ სპეშელი” აღიჭურბა გარსაცმით, რომელიც ხრახნებით მაგრდებოდა ჩარჩოზე, შენარჩუნებული იყო ჩახმახის შეყენების ფუნქციაც. სმიტ&ვესონმა ჩაინიშნა ეს და გამოუშვა საპასუხოდ თავისი “Bodyguard”-ი, სახეშეცვლილი ჩარჩოთი და ასევე ჩახმახის შეყენების შესაძლებლობით. 

რაც შეეხება მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, იმ დროისთვის მხოლოდ რექს ეფლგეიტს ესმოდა, რომ ორმაგი მოქმედების რეჟიმი არის ერთადერთი, რომლიც გამოყენებაც იყო შესაძლებელი ახლო შეტაკებაში…. პოლიცია და ჯარი კვლავ ასწავლიდა სპორტული ტიპის სროლას ჩახმახის წინასწარი შეყენებით და დანარჩენებიც იგივეს იმეორებდნენ.

“ცენტენიალის” წარმოება შეწყდა 1974 წელს. მაგრამ მოგვიანებით, უკვე 80-ებში, პისტოლეტების გამოყენების ტაქტიკა სწრაფად ვითარდებოდა და იხვეწებოდა, ყველა ხვდებოდა, რომ რეალურად ერთადერთი რეჟიმი სროლის რევოლვერებიდან იყო ორმაგი და მხოლოდ ორმაგი მოქმედების რეჟიმი. ამან ბუნებრვია გამოიწვია ინტერესის გაღვივება “ცენტენიალთან” მიმართებაში, რომელიც უცბად გახდა ყველაზე სასურველი რევოლვერი ყველა სერიოზული მსროლელისთვის, უბრალოდ ის აღარ გამოდიოდა. მასად აიუბის მიხედვით, 80-ების ბოლოს, სმიტ&ვესონმა მოიწვია მცირე ჯგუფი ადამიანების, რომლებიც წერდნენ იარაღებზე, იმისთვის რომ მოესმინა მათი აზრი იმის შესახებ თუ რა იარაღების წარმოებაზე უნდა ეფიქქრა სმირ&ვესსონს. ამ შეხვედრაზე ყველამ ერთხმად მოითხოვა “ცენტენიალის” დაბრუნება. 1990 წელს სმიტ&ვეესონმა გამოუშვა მოდელი 640. წარსულს ჩაბარდა სახელურის მცველი, ხოლო გაუმჯობესებული ფოლადის წყალობით, რევოლვერიდან შესაძლებელი გახდა +p კატეგორიის მუხტების გამოყენება. ეს რევოლვერი დღემდე გამოდის და პირველ “ცენტენიალთან” ერთად ითვლებიან ერთ-ერთ საუკეთესო, პრაქტიკულ, მოკლეცხვირიან რევოლვერებად.

image13-1024x1024

სამწუხაროდ, საქართველოში არასდროს არ ხდებოდა დიდი სამეულის, კოლტის, რუგერის და სმიტ&ვესსონის რევოლვერების იმპორტი, მეტ ნაკლებად დიდი რაოდენობით ან ასორტიმენტით. ამან განაპირობა ჩემი არაჯანსაღი ინტერესი რევოლვერების მიმართ, რის გამოც მე შანს არ ვუშვებდი მეყიდა ნებისმიერი რევოლვერი, რომელზეც მე ხელი მიმიწვდებოდა. მაგრამ “სმიტი” არასდროს არ მქონია, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვიხსენებ, როდესმე მენახა ის აქ გაყიდვაში ახალის ან მეორადის. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ერთ დღეს შევიარე იარაღების მაღაზია “დიანაში” და ჯერ დავინახე უამრავი ძველი გამოშვების კომპაქტური პისტოლეტი და რევლვერი და მათ შორის “გამოვიჭირე” “ცენტენიალის” ნაცნობი ფორმები. იქვე იდო მსუბუქი “ბოდიგარდები”, პირველი რევოლვერი ალუმინის ჩარჩოთი – კოლტ “კობრა” და სხვა საინტერესო იარაღი მაგრამ ჩემი ყურადღება იყო მიჯაჭვული “ცენტენიალზე”.  ფასიც კარგი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ რევოლვერი მეორადი იყო და ატარებდა ცვეთის ნიშნებს. სწრაფი შემოწმება ლულის არხის და სავაზნეების დამარწმუნა რომ იარაღიდან ბევრი ნასროლი არ იყო. მერე ტიპიური მოკლე “ჩეკ ლისტი” მეორადი რევოლვერის შემოწმების. რა თქმა უნდა ფუნქციონალური შემოწმება და დათვალიერება აშკარა დეფექტების აღმოსაჩენად. რევოლვერი ატარებდა ტარებისგან ცვეთის კვალს მაგრამ მექანიკურად ნაკლი ვერ ვუპოვე, ამიტომ საღამოს უკვე ეს რევოლვერი მედო მაგიდაზე დაშლილი და გაზმადებული წმნენდისთვის

P1130628

გამომდინარე იქიდან, რომ რევოლვერი ყოფილი პოლიციური იარაღია (როგორც მე განმიმარტეს მაღაზიაში) მას არ მოყვა არც ყუთი და არც ინსტრუქცია. იარაღს ეტყობა ცვეთა მაგრამ ეს ცვეთა “ბუნებრივია” და არა უხეში მოპყრობის შედეგი. 

რევოლვერი კარკად გამოიყურებოდა, ყველა კუთხე იყო “გადათეთრებული” ტარებისგან, ცოტა ნაკაწრებიც ქონდა მაგრამ, ყველაზე მეტად მადარდებდა სალოყეების მდგომარეობა და ასევე რა იამლებოდა მათ ქვეშ. სალოყეები კაკლისგან არის დამზადებული, სმიტ&ვესონის მედალიონებით, რომლებიც პრაქტიკულად ბოლომდე გადაპრიალდნენ ტარებისგან.  ლაკი იქერცლებოდა, მცირე დაზიანებებიც იყო და პატარა ბზარი ერთი სალოყის ზედა ნაწილში. მაგრამ ასაკიდან გამომდინარე (რევოლვერის სერიულ ნომერს აქვს  L პრეფიქსი რაც ნიშნავს რომ რევოლვერი გამოშვებულია 1968 წლიდან 1974 წლამდე ) და იმის გათვალისიწნებით, რომ რევოლვერი აშკარად არ იდო სეიფში და მას სულ ატარებდნენ, სალოყეებმა ექსპლუატაციას კარგად გაუძლეს. რაც მთავარია მათი მოხსნის შემდეგ მე ვერ ვიპოვე მათ ქვეშ ჟანგის კვალი. სალოყეების ქვეშ ხდება ჭუჭყის აკუმულირება რომელიც იწოვს ნესტს და ოფლს ხელიდამ და ეს ყველააფერი  ხელს უწყობს სალოყების ქვეშ  ჩარჩოზე კოროზიის გაჩენას. ის ფაქტი, რომ კოროზია არ იყო, მეტყველებდა იმაზე, რომ იარაღიდან ინტენსიურად არ ისროდნენ და გარეგანი ცვეთის ნიშნები იყო მხოლოდ ტარებისგან. ჩემი აზრით რევოლვერს ბევრს ატარებდნენ მაგრამ ძალიან ცოტას ისროდნენ, იმიტომ რომ ასევე ლულის და სავაზნეების არხები იყო როგორც ახალ რევოლვერში. მე ნამდვილად გამიმართლა, იმიტომ რომ დახლზე მხოლოდ ერთი “ცენტენიალი” იდო და არჩევანიც არ იყო. რევოლვერში მე გადავიუხადე 1650 ლარი და უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში ასეთი “ცენტენიალები” როგორც წესი მეტი ღირს, კარგ მდგომარეობაში და ორიგინალური ყუთით მისი ფასი 800-900 დოლარს აღწევს, ხოლო ვარიანტი ნიკელის დაფარვით 1500 დოლარამდეც შეიძლება ღირდეს .

P1130813

“ცენტენიალის” მინიმალისტური სამიზნი მოწყობილობები.  

gripscentenial

ტარებისგან მთლიანად გადაპრიალდა სმიტ&ვესონის მედალიონებიც ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე მე მოვაცილე ძველი ლაკი და დავამუშავე სალოყები სპეციალური ზეთით. შედეგით კმაყოფილი დავრჩი. 

P1130644

სახელურის მცველი, რომელიც ითიშება, როგორც კი კარგად მოკიდებთ ხელს რევოლვერს. საინტერესოა, რომ სახელურის სალოყეების მოხსნის შემდეგ აღმოაჩენთ რომ ჩარჩო და მცველი გაბურღულია ისე, რომ სურვილის შემთხვევაში შეიძლება მანდ პინის მოთავსება და მცველის “გაუქმება”. ასეთი რამე დღეს წარმოუდგენელია სამყაროში, სადაც იარაღები გალამაზებულია გამაფრთხილებელი წარწერებით და ათასნაირი დაცვის მექანიზმებით. ეს მცველი და დამახასიათებელი კუზიანი ჩარჩო, რომელშიც ჩამალულია ჩახმახი განაპირობებს ამ რევოლვერის დამახასიათებელ ადვილად ცნობად იერსახეს. 

P1130814

ბოლოსკენ შევიწორებული (tappered) ლულა, რომელიც ჩარჩოში დამატებით დაფიქსირებულია პინით. ეს პინი 80-ან წლებში შეეწირა წარმოების “რაციონალიზაციას” და ეხლა ახალი სმიტ&ვესსონის რევოლვერების ლულები პინით ჩარჩოში აღარ ფიქსირდება.

რევოლვერი გაიწმინდა, აიწყო, განახლებულმა სალოყეებმა დაიკავეს თავისი ადგილი და დაგვრჩა მხოლოდ დაგვედგინა რამდენად ადეკვატურია მოკლეცხვირიანი რევოლვერი და რა პოტენციალი გააჩნია მას, როგორც თავდაცვით იარაღს. დავიწყოთ ერგონომიკით. კუზიანი ჩარჩოს ფორმის გამო, იარაღი ძალიან ღრმად ზის ხელში და ეს ხელს უწყობს კონტროლს უკუცემაზე. სახელურის მცველი საერთოდ არ გაწუხებს და მუშაობს როგორც საჭიროა. სასხლეტი გრძელი სვლით არის და ნამდვილად არ არის ბუმბულივით მსუბუქი, მაგრამ ის არის რბილი და ერთგვაროვანი, რაც მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სასხლეტის წონა და სვლა, როგორც მინიმუმ პისტოლეტებში….

უნდა იცოდეთ რომ მიუხედავად მარტივი კონცეფციისა, რევოლვერიდან სროლა მიჩვევის გარეშე რთულია. სასხლეტზე დაჭერისას მოძრაობაშიმ მოდის უამრავი დეტალი, რომელიც უზრუნველყოფს, დოლურას საკეტის გახსნას, დოლურას გადატრიალებას და ისევ ჩაკეტვას, ჩახმახის შეყენებას და შემდგომ მის გათავისუფლებას რომ მან დაარტყას ამაალებელს. ამიტომ სასხლეტი არის შედარებით მძიმე და გრძელი სვლით. რა თქმა უნდა შესაძლებელია ყოველი გასროლის წინ ჩახმახის შეყენება, მაგრამ რეალურ თავდაცვით სიტუაციაში ამის ფუფუნება არ გექნებათ, თანაც “ცენტენიალი” მხოლოდ ორმაგი მოქმედების არის და ჩახმახის შეყენებაც ვერ მოხდება.

ჯგუფებზე სროლას აზრი არ ქონდა, ამ ეტოაზე  საჭირო იყო დაგვედგინა რამდენად ეფექტური იარაღი არის თავდაცვით დისტანციებზე და შესაძლებელია თუ არა ისროლო სწრაფად და მიიღო ადეკვატური მორტყმები სილუეტის ტიპის სამიზნეებზე. 7 მეტრიდან სიზუსტე იყო ადეკვატური, თუმცა მორტყმები დაჯგუფდა მარჯვნივ. სიზუსტემ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. რევოლვრმა უპრობლემოდ ისროლა როგორც 158 გრანიანი მუხტები ასევე CCI-ს +p ტიპის მხტები 139 გრანიანი ექსპანსიური ტყვიით. თანაც განსხვავება მოხვედრის წერტილში პრაქტიკულად არ იყო. რევოლვერები, განსაკუთრებით მოკლეცხვირიანები გამოირჩევიან იმით, რომ მუხტის ცვლილებისას იცვლება მოხვედრის საშუალო წერტილიც.  საშუალო სიზუსტე 7 მეტრიდან იყო 3.9 სმ რაც ადეკვატურია.

მიუხეადავად ასაკისა და ნამსახურეობისა “ცენტენილი” მუშაობს, ისვრის და ისვრის ზუსტად და ნახევარი საუკკუნის მერეც  მზად არის  ემსახუროს პატრონს. ერთადერთი რაც გასათვალისწინებელია, ალუმინის მასრები იცვლიან ფორმას გასროლის შემდეგ და მათი ექსტრაქციისთვის საჭიროა ენერგიული დარტყმა ეჟექტორ ღერძზე ან შეიძლება საჭირო გახდეს ხელით მათი ექსტრაქცია. უკუცემა იყო რბილი.  თუნდაც +p მუხტის გამოყენებისას უკუცემა ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ იყო მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში სასხლეტიც ეტყობა დარბილდა, იმიტომ რომ სროლა იყო საკმაოდ კომფორტული და ადვილი.

reloadm40

მოკლე ლულით განპირობებულ მოკლე ეჟექტორ ღერძს სვლა არ ყოფნის, რომ ბოლომდე ამოაგდოს მასრები. რევოლვერის მოკრძალებულ გაბარიტებთან ერთად ეს ართულებს მის სწრაფ გადატენვას.

უფრო დეტალურ მიმოხილვას მოკლელულიანი რევოლვერების ექსპლუატაციის შესახებ მე შემოგთავაზებთ ცალკე სტატიაში, სადაც უფრო დეტალურად და სიღრმისეულად გავაანალზიბეთ მოკლეცხვირიან რევოლვერებს, ბალისტიკას, მუხტებს და გამოყენების ტაქტიკას. იმიტომ, რომ მოკლეცხვირიანი რევოლვერი და ვაზნები რომლებსაც ის იყენებს აბსოლუტურად განსხვავებული ხილია და ამიტომ ითხოვს აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის .38 კალიბრის ვაზნები არც დეფიციტშია და არც ძვირი ღირს. ვაზნების ფასი მერყეობს 1.5 ლარიდან კლასიკურ მუხტებში, 4 ლარამდე მაღალი ხარისხის თავდაცვით მუხტებში.

სტატია ამ რევოლვერზე იქნებოდა არასრული, რომ არ მეთქვა ორი სიტყვა კალიბრზე, რომელზეც არის გათვლილი “ცენტენიალი” – .38 Special-ზე. წლების წინ .38 Special იყო მთავარი “პოლიციური” კალიბრი და სხვათაშორის არა მარტო ამერიკაში. წლების წინ ტიპიური მუხტი იყო 158 გრანინაი მრგვალთავიანი ტყვია გარსის გარეშე, საწყისი სიჩქარით ცოტათი უფრო მეტით ვიდრე 250 მ/წ-ში. ეს მუხტი იყო სუსტი 4 ინჩიან რევოლვერებისთვისაც ხოლო მოკლეცხვირიანებში  საერთოდ არ იყო ადეკვატური, დაბალი საწყისი სიჩქარის და ტყვიის ფორმის გამო, რომელიც კარგად ხვრიტავდა სამიზნეს და აგრძელებდა ფრენას. დაბალი ტერმინალური ეფექტურობა და ზედმეტი შეღწევა იყო სერიოზული პრობლემა, რომლის გააზრებას სამართალდამცავებს პრაქტიკულად დაჭირდათ ათწლეულები.

ნიუ იორკის პოლიციის ვეტერანი ჯიმ სირილო იხსენებს შემთხვევას, როდესაც ბოროტმოქმედს ესროლეს თავში 5 ვაზნა, მოკლეცხვირიანიდან და  ახლო მანძილიდან. მართალია მან შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე საკუთარი ფეხით მივიდა სასწრაფო მანქანასთან. სირილო ასევე აღწერს როგორ მოიხოცა არშემდგარმა ყაჩაღმა ცხვირი საიდანაც გადმოვარდა .38 კალიბრის ტყვია. არც ერთ ტყვიას არ ეყო ენერგია, რომ გაეხვრიტა თავის ქალა. ამის მიზეზი თავისთავად ნაწილობრივ იყო სროლის კუთხეც, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა, ტყვიის თავის ფორმა და დაბალი ენერგია. ის ასევე იხსენებს, რომ ხელმღვანელობის ბრძანების დარღვევით იყენებდა ცხელ მუხტებს ექსპანსიური ტყვიებით, რომლებიც მაშინ განიხილებოდა როგორც ეგზოტიკა და აკრძალული/არაჰუმანური ტექნოლოგია.

ელმერ კიტი, ჯეი.დ. ჯონსი,  ჯიმ ხარვი, ლი ჯურასი იყვნენ პიონერები, რომლებიც მუშაობდნენ ახალი, უფრო ეფექტუირ კონსტრუქციის ტყვიებზე. მაგრამ პირველმა ლი ჯურასმა აქცია ეს ყველაფერი წარმატებულ კომერციულ პროექტად. მან პირველმა შექმნა მაღალი ეფექტურობის სპეციალიზირებული თავდაცვითი მუხტები პოპულარული კალიბრებისთვის მათ შორის .38-თვის. რეცეპტი არ იყო მარტივი. მეტი დენთი/მეტი წნევა, მსუბუქი ექსპანსიური ტყვია “აყირავებული” გარსით, სადაც ტყვიის ძირი მთლიანად დაფარულია გარსით ხოლო ტყვიის ცხვირი ღია არის. ჯურასმა და  მის მიერ დაარსებულმა “super vel”-მა მოახდინეს მინი რევოლუცია თავდაცვითი მუხტების წარმოებაში და მალე მას აყვნენ მსხვილი კომპანიებიც. დღეს პრემიუმ კლასის ვაზნების განუყოფელი ნაწილი არის მაღალტექნოლოგიური ტყვია კონტროლირებადი ექსპანსიით, მაგრამ არც ისე დიდიხნის წინ ეს ასე არ იყო და ვისაც ესმოდა ტყვიის კონსტრუქციის მნიშვნელობა ოპტიმალური ტერმინალური ეფექტურობისთვის, პრაქტიკულად კუსტარულად ამზადებდნენ და ცდიდნენ ვაზნებს, მათ შორის როგორც სირილო, თავისი ნიუ იორკის ბინის  სარდაფში.

პირველი სპეციალიზირებული და მაღალმაჩვენებლიანი .38 Special მუხტები შექმნილი ამერიკელი ძალოვანი სტრუქტურებისთვის, ცნობილია როგორც “treasury load” შექმნილი ამარიკის სახელმწიფო ხაზინისთვის  და  ასევე “FBI load” შექმნილი გამოძიებათა ფედერალური ბიუროსთვის. აქიდან პირველი იყო ალბათ ყველაზე პირველი ოფიციალური +p+ კატეგორიის ვაზნა დამზადებული ქარხნული წესით და ლი ჯურასის რეცეპტით. ორივე მუხტს ქონდა იდენტური დანიშნულება, რადიკალურად გაზრდილიყო ვაზნის ეფექტურობა და შემცირებულიყო ზედმეტი შეღწევა, რომელიც ახასიათებდა მრგვალთავიან ტყვიას. პირველი იყო მაღალ წნევიანი მუხტი 110 გრანიანი ექსპანსიური ტყვიით (ორ ინჩიან ლულაში 300 მ/წ-მდე სიჩქარით და ენერგიით 325 ჯოული) მეორე იყო პირველთან შედარებით დაბალწნევიანი და იყენებდა შედარებით ნელ და მძიმე 158 გრანიან ექსპანსიურ ტყვიას. ორივე ეს მუხტი წარმატებით გამოიყენებოდა მრავალი წელი და დღემდე წარმოადგენენ ერთგვარ სტანდარტს.  მოგვიანებით სხვა მწარმოებლებმაც დაიწყეს ანალოგიური, მაღალტექნოლოგიური მუხტების გამოშვება, მათ შორის ოპტიმიზირებულების კომპაქტური რევოლვერებისთვის.

olin+p+

სახელმწიფო ხაზინა  და მასში შემავალი საბაჟო და საიდუმლო სამსახურების .38 კალიბრის სპეციალურ ამუნიციას ამზადებდა ვინჩესტერი. ამ მუხტის წნევები ცილდებოდა დასაშვებ ნორმებს და ამ ვაზნების გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ ახალი გამოშვების ფოლადის რევლვერებში. მსუბუქი, ალუმინის ჩარჩოიანი რევოლვერები უბრალოდ ვერ უძლებდნენ დატვირთვას. ფოლადის რევოლვერები ასევე შედარებით მალე გამოდიოდნენ მწყობრიდან. გამაფრთხილებელი წარწერა ვაზნის ყუთებზე ამომწურავ ახსნას და გაფრთხილებას მოიცავდა. ეს ვაზნები განკუთვნილი იყო მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის. 

ცხელი მუხტების გამოჩენამ უფრო დახვეწილი კონსტრუქციის ტყვიებით ეგრევე დაუბრუნა აქტუალურობა მოკლეცხვირიან რევოლვერს. თავად დაფიქრდით, კომპაქტური იარაღი, რომელიც პრაქტიკულად. იმალება ხელში, საიმედო, ვაზნით, რომლის ტყვიის საწყისი სიჩქარე მინიატურული ლულიდან იქნება სადღაც 280 მ/წ-ში და ენერგიით 315 ჯოული, მაგალითად CCI Blazer 130gr JHP +P, რომელიც ეხლა ღირს  სულ რაღაც 1.90 ლარი. არსებობს კიდე უფრო ცხელი მუხტებიც. ასევე .38 Special არის ცნობილი თავისი თანდაყოლილი სიზუსტით, მაგრამ ასეთი ფორმატის იარაღში ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

დიახ 5 ვაზნა არის ცოტა, ასევე რევოლვერს აქვს უამრავი შეზღუდვა, ნელი გადატენვა, სასხლეტი გრძელი სვლით, რუდიმენტარული სამიზნი მოწყობილობები, მაგრამ რამდენიმე კვირა “ცენტენიალთან” და ხვდები, რატომ არის ამ ფორმატის იარაღი დღემდე ასეთი პოპულარული, პოპულარული პოლიმერული პისტოლეტების ეპოქაში სადაც პრაქტიკულად ჯიბის პისტოლეტებიც 15 ვაზნას იტევენ და აქვთ დიდი, კარგად ხილვადი სამიზნი მოწყობილოები. მიზეზი პირველი არის საიმედოობა. თუ რამე ეტევა დოლურაში “ცენტენიალი” მას გაისვრის. ტყვიის წონას, ფორმას, მასრის სიგრძეს, მუხტის სიმძლავრეს მნიშვნელობა არ აქვს.  ავტომატური პისტოლეტები, განსაკუთრებით მიკრო მოდელები, ძალიან სენსიტიურები არიან მუხტებთან მიმართებაში, რევოლვერის შემთხვევაში ეს პრობლემა არ არის. რევოლვერი მარტივია, მხოლოდ ორ რამეზე უნდა იფიქროთ, დოლურას საკეტელა და სასხლეტი. მარტივი კიდე ნიშნავს ეფექტურს. რევოლვერი მუდამ მზად არის გამოყენებისთვის და იქნება ასე ერთი საუკუნე თუ ჟანგი მას ფიზიკურად არ გაანადგურებს. არ უნდა იდარდო ზამბარების და მჭიდის კონდიციაზე. უფრო ელეგანტუი იარაღი უფრო ცივილეზბული ხანისთვის თუ გნებავთ. რა თქმა უნდა ამერიკელეები ძალიან დიდი პატივს ცემენ ისტორიას და ტრადიციებს და მოკლეცხვირიანი რევოლვერი არის ისეთივე ტრადიციული ამერიკული იარაღი როგორიც არის ბერკეტიანი ვინჩესტერი, რაც ყველაფერ ზემოაღნიშნულთან ერთად განაპირობებს სტაბილურ მოთხოვნას მოკლეცხვირიან რევოლვერებზე.

სხვათაშორის ასევე მივხვდი რატომ აქამდე მეშლებოდა სულ ამ რევოლვერის სახელი, რომელსაც მე ჯიუტად მოვიხსენიეებდი, როგორც “სენტინელს” (ინგლ. მცველი) და არა, როგოც “ცენტენიალ”. საქმე იმაშია, რომ ჩემ პირველ წიგნში იარაღებზე, ჟუკის ენციკლოპედიაში ამ რევოლვერის სახელი არის შეცდომით მითითებული, როგორც “სენტინელი”. ასევე მე დავაკვირდი, რომ ბევრ არაამერიკულ რესურსზე ამ მოდელის რევოლვერების ლულის სიგრძე არის მითითებული არასწორად, როგორც 54 მმ. სინამდვილეში რევოლვერის ლულის სიგრძე არის 48მმ, გაზომილი ისე როგორც ეს ხდება რევოლვერში, დახურული დოლურას წინა ზედაპირიდან ლულის ბოლომდე.

ტრადიციული დასკვნისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, ვინაიდან დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ რევოლვერი ერგონომიულია, კომპაქტური, როგორც ჩანს საიმედო და სიზუსტით რომელიც შეესაბამება და ალბათ აღემატება კიდევაც მის დანიშნულებას.  მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი რევოლვერი აშკარად არ ისვენებდა სეიფში, ის მაინც ბრწყინვალე ტექნიკურ მდგომარეობაშია, რაც ადასტურებს ჩემ სიტყვებს, რომ რევოლვერების ერთადერთი მტერი ჟანგია.

P1130667

უნივერსალური კომპანიონი – Cold Steel Finn Wolf

September 27th, 2020

P1100886

სანამ მიმოხილვას დავიწყებდი, მინდა გითხრათ, რომ მე არ ვარ დანების არც მცოდნე და არც სერიოზული მომხმარებელი. დანა ჩემთვის ყოველთვის იყო უტილიტარული ნივთი, მაგრამ რომლის ხშირი გამოყენება არასდროს არ მიწევდა.  ამიტომ ემ არასდროს არ ვიხდიდი ბევრ ფულს დანებში და მითუმეტეს სალესებში.  ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ ტიპიური,  საშუალო სტატსიტიკური დანის მომხმარებელი, რომელსაც ადარდებს ფუნქციონალურობა, არ უნდა ბევრის გადახდა და იყენებს დანებს ყველაზე ტიპიური სცენარებით. ამიტომ მიმოხილვაც არის ასეთი, უბრალო ადამიანის თვალით დანახული დანა.

დღევანდელ მიმოხილვაში მინდა წარმოგიდგინოთ დანა, რომლის შეძენის შემდეგ მე პრაქტიკულად შევწყვიტე ახალი დანების ყიდვა. მანამდე პერიოდულად ვუკვეთავდი ხოლმე “ამაზონზე” სხვადასხვა მწარმოებლების დანებს, მქონდა ასევე ოსტატის შესრულებული დანები ისრაელიდან და ამერიკიდან. ამ დანებს ვტესტავდი, მერე მბეზრდებოდა და პრაქტიკულად ნახევარ ფასში ვუშვებდი. ამ მომენტისთვის მაქვს ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების დანა.  სწორედ მორიგი ახალი დანის ძიების პროცესში, ერთ დღეს მე წავაწყდი არც მახსოვს  ვის მიმოხილვას Cold Steel-ის შედარებით ახალ დანაზე Finn Wolf და ზედემეტი ფიქრის გარეშე შევუკვეთე. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ Finn Wolf-ის შეძენის შემდეგ მე დანა აღარ გამომიწერია და შევეცდები აგიხსნით რატომ.

დავიწყოთ დანის აღწერით. Cold Steel Finn Wolf კონცეფციით არის დასაკეცი ფინური დანა. რა არის “ფინკა”, წესით ოდნავ მაინც თუ ერკვევით დანებში, ჩემზე უკეთესად კი უნდა იცოდეთ.  დანის ეს დიზაინი პრაქტიკულად ბრინჯაოს ხანიდან არის ცნობილი. pukko ანუ უბრალოდ დანა ხის ტარით, არის ალბათ ყველაზე მარტივი და უტილიტარული დანის დიზაინი, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი არის პირის ფორმა ე.წ. scandi grind, სადაც პირველადი “მონაჭერი” წარმოადგენს დანის პირს.  სწორედ ასეთი პირი აქვს Finn Wolf-ს, რომლის სიგრძე 85 მმ. პირის სისქე ასევე მნიშვნელოვანია 3.5მმ, რაც ისევე როგორც კლასიკურ ფინკაში გაძლევს საშუალებას გამოიყენო ის თითის საყრდენად რომ დამატებითი ძალაა დაატანო გათლისას. დანის პირის მასალა არის AUS8A სპეციალურად დამზადებული იაპონიაში Cold Steel-ისთვის. ეს ფოლადი არის ალბათ საუკეთესო ბიუჯეტური დანებისთვის, ის მდგრადია კოროზიის მიმართ, გამძლეა და კარგად ინარჩუნებს სიბასრეს. მისი თვისებები საკმარისია იმათთვის ვისი, ასე ვთქვათ სიცოცხლე, არ არის დამოკიდებული დანით მუშაობაზე. ის ასევე ადვილად ილესება და ჩემნაირი ადამიანიც, რომელიც საერთოდ ვერ ლესავს დანებს, ადვილად შეძლებს დავიყვანოს პირი ისეთ მდგომარეობამდე რომ შეძლებთ თმის ფეხხე აპარსვას.

P1130540

Finn Wolf-ის ტარი არის პლასტმასის მაგვარი მასალისგან რასაც კომპანიაში უწოიდებენ “გრივ-ექს”-ს, და ტარის ფორმა რა თქმა უნდა არ გავს კლასიკური პუკკოს ტარის ფორმას. აღნიშნული პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ Finn Wolf-ის ტარი არის ძალიან თხელი, სულ რაღაც 12 მმ სისქეშო და კლიფსთან ერთად მხოლოდ 16მმ.   ტარს არ აქვს შიგნიდან ფოლადის ლეინერები და ამიტომ დანა ძალიან ცოტას იწონის, სულ რაღაც 96 გრამს. სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში – 20 სმ, დაკეცილ მდგომარეობაში – 11.1 სმ. დანა თხელია და მსუბუქი რაც მნიშვნელოვანია. ის რაც სულ იდეაში თან უნდა გქონდეს ჯობია რომ იყოს თხელი და მსუბუქი.  Finn Wolf-ზე გამოყენებულია ამ კომპანიის საფირმო საკეტი  Tri-Ad Lock, რომელიც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ასეთი ფასის დანების სეგმენტში. ეს საკეტი არის უკიდურესად გამძლე და მყარი. ახალ დანაზე ის იქნება ოდნავ მოუხერხებელი და ხისტი, მაგრამ დროთა განმავლობაში დარბილდება და მისი გამოყენება გახდება უფრო კომფორტული. დანა იწარმოება ტაივანში, ხოლო ზოგადად ამ კომპანიის დანების წარმოება ხდება შვიდ ქვეყანაში.

Finn Wolf-ი იყო ჩაფიქრებული, როგორც სალაშქრო ან ტყის დანა (რაც უჩვეულოა Cold Steel-ისთვის) და მისი თვისებების გამო, მე ვიტყოდი, რომ ტყეში მე თავს ამ დანით კომფორტულად ვგრძნობ, თუნდაც ის იყოს ერთადერთი საჭრელი ინსტრუმენტი ჩემ განკარგულებაში, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის გამომადგება აბსოლუტურად ყველაფერში, რაშიც შეიძლება რომ დამჭირდეს და ამავე დროს არ შემაწუხებს წონით და გაბარიტებით. დანა უნივერსალურია, რაც ნიშნავს, რომ ყველა ფუნქციას ის შეასრულებს საშუალოდ, მაგრამ ეს “საშუალო” უბრალო მომხმარებლისთვის არის აბსოლუტურად საკმარისი. ის არ არის საუკეთესო “სლაისერი” პირის ფორმის გამო რომელიც ცულივით “ხეთქავს” მაგალითად ვაშლს გაჭრისას, ის არ არის ისეთი მყარი როგორც დანა ფიქსირებული პირით, “ტრიად ლოქი” მოუხერხებელია დანის ერთი ხელით დაკეტვისთვის, მაგრამ როგორც უნივერსალური დასაკეცი დანა ყველაფრისთვის ის არის პრაქტიკულად იდეალური. მისი ფორმა, წონა, გაბარიტები გაძლევთ თქვენ გამძლე უნივერსალურ საჭრელ ინსტრუმენტს, რომელსაც ვერც იგრძნობ რომ თან გაქვს. სქელი პირი და წვერის ფორმა ერთგვარი გარანტიაა, რომ ის გაუძლებს გამოუცდელი მომხმარებლის უხეშ მოპყრობასაც, რომელმაც შეიძლება ითხოვოს თქვენგან ეს დანა. მე რამოდენიმეჯერ წამიკითხავს, რომ Finn Wolf-ის სკანდინავიური პირი და პირზე შესრულებული thumbstud (ქართულად ალბათ სარჭი) ხელს უშლის თლაში და გალესვაში, რეალობაში თლაში ხელს არანაირად არ გიშლით, გალესვისას კი უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოთ.

P1130541

კლიფსის მდებარეობა ტოვებს ჯიბის გარეთ ტარის ნაწილს. კლიფსა გადაყენებადია მეორე მხარეს. 

ბევრი მწარმოებელი ცდილობს შექმნას პროდუქტი, რომელიც მიიპყრობს ყურადღებას უჩვეულო გადაწყვეტილებებით და დიზაინით. Cold Steel Finn Wolf არის უბრალოდ დანა, მის ყველაზე უმწიკლო და ეფექტიან ფორმაში. არაფერი ზედემტი, მხოლოდ ის რაც გჭირდება იმისთვის, რომ კომფორტულად გამოიყენო დანა პისი პირდაპირი დანიშნულებით, ხოლო მონაცრისფრო მომწვანო ტარის და მკრთალი, გაპრიალებული დანის პირის წყალობით Cold Steel ასევე ძალიან კარგად გამოიყურება. ამჟამად ეს დანა სხვადასხვა ფერის ტარით გამოდის.

sfsfsdf223sdfd

ერთადერთო მოდიფიკაცია, რომელიც დანას დაჭირდა იყო Griv-Ex-სგან დამზადებული ტარის შიდა მხარეების გადამრგვალება, რომ ხანგრძლივი გამოყენებისას ბასრ კუთხეებს არ დაეწყო ხელის გულის “ჭამა”. ორი წუთი აბრაზიული ქაღალდის ფირით და პრობლემა მოგვარებულია ერთხელ და სამუდამოდ. 

Cold Steel Finn Wolf არ ღირს ძვირი, ორი წლის წინ მე მასში გადავიხადე 32 დოლარი. ეხლა მისი ფასი “ამაზონზე” 37 დოლარია. მას მერე მოყოლებული მე ვერ ვაიძულე ჩემ თავს რომ მეყიდა ახალი დასაკეცი დანა, იმტიომ, რომ ვერ წარმომიდგენია რითი შეიძლება ის იყოს უკეთესი ჩემ Finn Wolf-ზე. ვიღაცას გაეღიმება, რაის AUS8 ბიჭო, VG10-ზე ნაკლები ჯიბეში არაფერი არ უნდა ჩაიდო, მაგრამ ყველასთვის არ არის პრინციპული ფოლადის მარკა და მაინც და მიანც დანის მაღალი ფასი. ვიღაცას უნდა დანა, რომელიც გამოადგება და რომლის შეძენაც ჯიბეს არ დაარტყავს. ჩემი აზრით Finn Wolf არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური და უნივერსალური დანა, რასაც ასევე ადასტურებს უამრავი პოზიტიური მიმოხილვა, რომელსაც ადვილად ამოაგდებთ გუგლით. “ამაზონზეც” 82% გამოხმაურებების ამ დანაზე არის 5 ვარსკვლავიანი.  ასე, რომ თუ გინდათ უნივერსალური ტყის დანა, რომელიც გამოგადეგბათ სხვა ადგილებშიც, აუცილებლად ცადეთ Cold Steel Finn Wolf.

P1130537

მე ყოველთვის ვიყავი Cold Steel-ის ფანი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ერთ-ერთი პირველი ჩემი ნაყიდი კარგი ხარისხის დანა იყო Cold Steel Scimitar, რომელიც მე თვითონ არ ვიცი რატომ გავყიდე. გარდა ამისა მე მომწონს ამ კომპანიის დამფუძნებელი ლინ ტომპსონი, რომელიც საკმაოდ საინტერესო პირვონებაა ცივი იარაღის სამყაროში. გარდა ამისა, მე მომწონს როგორ წარუდგენს ეს კომპანია თავის პროდუქციას მომხმარებლებს, ვგულისხმობ მათი ტესტირების ვიდეოებს სადაც კარგად ჩანს რა შესაძლებლობები აქვთ მათ დანებს. ბოლოს მე უბრალოდ მომწონს ამ მწარმოებლის დანების დიზაინი და ფასები.

73017968_10214789953157843_5033015124684701696_o

Ruger Mk III – წარჩინება მესამე თაობაში

September 26th, 2020

P1130446

მე ისევე როგორც ალბათ ყველა იარაღის მოყვარულს, მაქვს ჩემი სია იარაღების, რომლებიც მინდა რომ ვიქონიო. ამ სიაში შედის მეტ წილად ის იარაღები, რომლებიც ჩვენთან პრაქტიკულად არ იშოვება. გრძელ-ლულიან იარაღში ეს მაგალითად არის FN FAL, რომელიც მე შემხვდა საქართველოში მხოლოდ ორი და ისიც მრავალი წლის წინ. მოკლელულიან იარაღებში, ეს არის Heckler&Koch P7, რომელიც მე აქ გაყიდვაში არასდროს არ მინახავს არც ახალი და არც მეორადი, ასევე .44 კალიბრის Smith&Wesson M29, “ყველაზე ძლიერი პისტოლეტი მსოფლიოში”, როგორც იტყოდა ჰარი კალახანი. ამ სიაში ასევე კარგახანია იყო პისტოლეტი რომელიც არ არის ყველაზე ძლიერი, როგორც “სმიტ&ვესონის” მაგნუმი და ისეთი იშვიათი, როგორც “ხეკლერ&კოხის” P7. ეს არის მცირეკალიბრიანი, Ruger Mk სერიის პისტოლეტები. არ ვიცი რატომ მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამ ტიპის პისტოლეტი, რომელიც გამოდის არც მეტი არც ნაკლები 1949 წლიდან, რამდენადაც მე მახსოვს არასდროს არ იყო შემოტანილი საქართველოში და არც ერთხელ არ შემხვედრია მეორადი იარაღების ბაზარზეც.

ზოგადად, მცირეკალიბრიანი პისტოლეტები მე ძალიან მომწონს და მიყვარს, იმ მიზეზის გამო, რომ გაქვთ საშუალება გატესტოთ თქვენი რეალური შესაძლებლობები, როგორც მსროლელის. კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტით შეიძლება წარმოუდგენელი სიზუსტის გასროლების წარმოება. რა თქმა უნდა ნებისმიერი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი ამის საშუალებას არ მოგცემთ, ალბათ საქართვეელოში გავრცელებული Walther P22 ამისთვის ნაკლებად გამოდგება, ისევე როგორც ბევრი სხვა ანალოგიური “პლინკერი”, მაგრამ არიან მოდელები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას სრულად გამოიყენოთ .22lr-ის სტანდარტულ სიჩქარიანი მუხტის უდიდესი სიზუსტის პოტენციალი. მაგალითად საბჭოთა МЦМ, რომელიც პირდაპირ კოლოფიდან წარმოადგენს სრულყოფილ საასპარეზო მოდელს. МЦМ-ის შემთხვევაში ჩვენ განკარგულებაშია შესანიშნავი ხარისხის ლულა, ერგონომიკა, კარგი სასხლეტი, კარგი რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობები. ამ პისტოლეტის ერთადერთი მინუსია, ნაკლები პრაქტიკულობა – ბევრი გამოშვერილი დეტალის გამო და პისტოლეტი არ არის გათვლილი თანამედროვე “ცხელ” მუხტებზე, მიუხედავად იმისა რომ ის მთლიანდ არის ფოლადისგან დამზადებული.  თუ არ ჩავთვლით რამდენიმე იშვიათ მოდელს, მეტი საქართველოში კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი უბრალოდ არ იშოვება, რასაც მე მათ შორის ამ ბლოგზე არაერთხელ აღვნიშნავდი.

წლების წინ მე მქონდა BrowninG Buckmark, ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი თავის კლასში, მაგრამ კონკრეტულად ამ მოდელს ქონდა ძალიან გრძელი და სქელი ლულა და არც ისე მოსახერხებელი ტარი, რომელიც უფრო გვიან მოდელებში უკვე განსხვავებულად არის შესრულებული. პისტოლეტს ქონდა ასევე კარგი სამიზნი მოწყობილობები და კარგი სასხლეტიც. ამ პისტოლეტმა პრაქტიკულად “შემიყვანა” შორ მანძილებზე სროლაში და უკვე მაშინ, მრავალი წლის წინ სანამ ალბათ მე დავიწყებდი იარაღებზე წერას დამანახა, რამდენად შორს შეიძლება სროლა მოკლელულიანი იარაღიდან.

სამწუხაროდ, რიგი მიზეზის გამო, საქართველოში ყოველთვის იყო ერთგვარი დეფიციტი ხარისხიანი .22 კალიბრის პისტოლეტების. Browning Buckmark, Ruger Mk, Colt Woodsman, High Standard, Smith&Wesson 41, ასევე ევროპული ანალოგები, არასდროს საქართველოში არ იშოვებოდა. ამიტომ, როდესაც შანსი მომეცა რომ ხელში ჩამეგდო სახელგანთქმული მცირეკალიბრიანი “რუგერი”, ერთი წამით არ მიფიქრია, მიუხედავად მისი საკმაოდ მაღალი ფასისა.

რატომ არის რუგერის “მკ” სერიის პისტოლეტები ასეთი, შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იყო პირველი პისტოლეტი, საიდანაც დაიწყო ისტორია Sturm, Ruger & Co-მ, მეორე მსოფლიო ომის შემეგ შექმნილმა ყველაზე წარმატებულმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ. პისტოლეტის კონსტრუქციის ავტორი გახლდათ თავად ბილ რუგერი, რომელმაც საფუძვლად გამოიყენა იაპონური, კიჯირო ნამბუს კონსტრუქციის 8მმ-ნი პისტოლეტი. ასევე რუგერის პისტოლეტი, მიუხედავად იმისა, რომ იყო იაფი (იყიდებოდა სულ რაღაც 37 დოლარად) მან ეგრევე დაუწყო კონკურენციის გაწევა სპორტულ შეჯიბრებებში ისეთი მოდელებისთვის, როგორიც არის High-Standard Citation და Colt Woodsman-ის საასპარეზო მოდელები. ორივე ეს პისტოლეტი კარგახანი იყიდებოდა ამერიკაში და დამსახურებულად სარგებლობდნენ  მსროლელების სიყვარულით. უკვე 1953 წელს, სახელგანთქმულმა მსროლელმა და იარაღების ოსტატმა ჯიმ კლარკმა, მოიგო ეროვნული ჩემპიონატი კემპ პერიში რუგერის ქარხნული პისტოლეტით.   ”რუგერი” პისტოლეტი ასევე პრაქტიკულად უცვლელი გამოდიოდა 1982 წლამდე, როდესაც გამოვიდა გაუმჯობესებული ვარიანტი Mk2. ასევე თუ არ ჩავთვლით ადრინდელი Mk4  სერიის პისტოლეტების გამოთხოვას, მცველის მექანიზმში დეფექტის გამო, მთელი ეს წლები ამ პისტოლეტს ასეთი გამოთხოვები არ ქონდა, რაც ადასტურებს მისი კონსტრუქციის საიმედოობას და წარმოების ხარისხს.  და ბოლოს, პისტოლეტი დღემდე გამოდის და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის კლასში, რაც ასევე შთამბეჭდავი მიღწევაა. თავად ბილ რუგერი აღნიშნავდა, რომ მისი ყველაზე საყვარელი იარაღი, რომელსაც მისი კომპანია უშვებდა იყო Ruger Standard, იმიტომ რომ ამ პისტოლეტმა მოუტანა მის კომპანიას წარმატება და მისცა საშუალება გაეზარდა და განევითარა თავისი ბიზნესი.  ამის გამო, ჩემი აზრით ნებისმიერი იარაღის მოყვარულს გაუჩნდება სურვილი თავად გაეცნოს ამ უდაოდ განსაკუთრებულ იარაღს.

3795

Ruger Standard, ამ პისტოლეტით დაიწყო რუგერის კომპანიის ისტორია. მალევე მას დაემატა Mk I Target. მიაქციეთ ყურადღება წითელ ლოგოს, 1952 წელს ბილ რუგერის ბიზნეს პარტნიორი, მეგობარი და ამ ლოგოს დიზაინის ავტორი ალექსანდერ შტურმი გარდაიცვალა და ამის გამო რუგერმა შეცვალა ლოგოს ფერი, რომელიც გახდა შავი. 1949 წლიდან 52 წლამდე გამოშვებულ რუგერებს წითელი ლოგოთი აქვთ დიდი საკოლექციო ღირებულება. 

მიზეზი რუგერის პისტოლეტის ასეთ სწრაფ წარმატებაში არის რამდენიმე. პირველ რიგში ფასი, რომელიც იყო და ეხლაც არის საკმაოდ დაბალი. დაბალი ფასი მიღწეული იყო ტექნოლოგიურობით. პისტოლეტის ჩარჩო იყო დამზადებული ორი ერთმანეთთან შედუღებული ნახევრისგან. მე ვიხსენებ მარტო ერთ პისტოლეტს, გერმანულ H&K P9-ს რომელშიც  გამოყენებული იყო ასეთი ტექნოლოგიას. ასევე პისტოლეტის, პირობითად სალულე კოლოფი, არის მარტივი ცილინდრული ფორმის, რომელშიც მოძრაობს ცილინდრული ფორმის საკეტი. ლულა ჩახრახნილია ცილინდრული ფორმის სალულე კოლოფში, ხოლო საკეტის გადაკვრა ვაზნის მიწოდებისთვის ხდება ისევე როგროც იაპონურ ნამბუს პისტოლეტებში, საკეტის უკანა ნაწილზე შესრულებული შვერილების გამოყენებით. პისტოლეტი ასევე იყო საიმედო, და გამძლე. სიზუსტე საკმარისი იყო პირდაპირ კოლოფიდან, იმისთვის რომ მოგეგოთ პრიზები შეჯიბრებებზე.

კონსტრუქციულად Ruger Mk არის მარტივი “ბლოუბექი”, თავისუფალი საკეტით. მარტივი კონსტრუქციის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი განლაგებულია ჩარჩოში, არის ერთმაგი მოქმედების და იყენებს დახურულ ჩახმახს. პისტოლეტი იკვებებოდა 9 ვაზნიანი მჭიდიდან, რომელიც ფიქსირდებოდა ტარში, ტარის ძირში განლაგებული საკეტელას მეშვეობით. 1982 წლამდე სანამ პირველ მოდელს შეცვლიდა მოდელი MkII  1 250 000 ცალი პისტოლეტი იყო გამოშვებული დაახლოებით 30 ვარიანტში.  Mk II-ში, რომლის წარმოება დაიწყო 1982 წელს, პისტოლეტს დაემატა საკეტის შემაკავებელი და 10 ვაზნიანი მჭიდები. 1991 წელს  იწყება განსხვავებული Ruger 22/45 მოდელის წარმოება, რომლის კონსტრუქციის ავტორი იყო ჯიმ მაკგარი. ახალი პისტოლეტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ადრინდელი მოდელებისგან, იმით რომ იყენებდა პოლიმერის ჩარჩოს შეცვლილი ტარის კუთხით, რომელიც იყო კოლტის 1911 წლის მოდელის ანალოგიური.  ასევე მჭიდის ფიქსაციის მეთოდიც შეიცვალა, ტარის ძირში შესრულებული საკეტელა ჩაანაცვლა უფრო ტრადიციულმა ღილაკმა ტარის ზედა მარცხენა ნაწილში. 2004 წელს სერიაში წავიდა მოდელი Mk III, რომელიც განსხვავდებოდა Mk II-სგან იმით, რომ გააჩნდა 22/45-ის მაგვარი მჭიდის ღილაკი, დამატებითი დაცვის მექანიზმები, ინტეგრირებული უსაფრთხოების საკეტი, სავაზნეში ვაზნის ინდიკატორი, მჭიდის მცველი (იარაღი არ გაისვრის მოხსნილი მჭიდით), ყველა მოდელი რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობებით არის გამზადებული უივერის ან პიკატინის სამაგრის დასაყენებლად, რომელიც კომპლექტში მოყვებათ.

უახლესი Mk IV იყენებს ფრეზირებულ ჩარჩოს, მცირედით განსხვავებულ დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმის, გაუმჯობესებულ მართვის ელემენტებს და რაც მთავარია იშლება მარტივად ერთ ღილკაზე დაჭერით, რომელიც აცალკევებს ჩარჩოს და სალულე კოლოფს ლულით და საკეტით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, იმის გათვალისწინებით, რომ რუგერის ამ მოდელის პისტოლეტების ყველაზე დიდი ნაკლი იყო მათი დაშლა-აწყობის სირთულე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა, Mk IV-ში მჭიდები თავისუფლად ტოვებენ იარაღს, მაშინ როდესაც Mk III-ში მჭიდის მცველის გამო, ღილაკზე დაჭერისას მჭიდი მხოლოდ ნაწილობრივ გამოდის გარეთ და მერე ხელით უნდა ამოიღოთ. ყველაზე დიდი ნაკლი რუგერის პისტოლეტების ის არის, რომ მჭიდები თაობებს შორის თავსებადი არ არის ამიტომ თუ საქმე არჩევნამდე მივიდა, უმჯობესია იყიდოთ უახლესი მოდელები იმიტომ, რომ ადრინდელი თაობის მჭიდები საკამოდ ძვირი ღირს.

ეხლა რაც შეეხება ჩვენ პისტოლეტს. მე მერგო Mk III Target რაც ნიშნავს, რომ პისტოლეტი აღჭურვილია რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობით, გრძელი სქელი ლულით და ის ასევე დაკომპლექტებულია პიკატინის სამაგრით, რომელიც ყენდება სალულე კოლოფზე. ლულის სიგრძე 137 მმ-ია. ტვისტი 1:16. წონა შთამბეჭდავი 1100 გრ. დაფრავა: შავი ოქსიდირება.

P1130486

ასე გამოიყურება Ruger Mk III-ის ქარხნული კომპლექტაცია. პისტოლეტს მოყვება ორი 10 ვაზნიანი მჭიდი, რაც კარგია, იმიტომ რომ მაგალითად ბრაუნინგის “ბაკმარკს” მგონი დღემდე მოყვება მხოლოდ ერთი.

მოდით პისტოლეტის მიმოხილვას დავიწყებ იმით, რომ გეტყვით რამდენად ლამაზია ეს პისტოლეტი. მუხედავად იმისა, რომ ის გამოშვებულია 2000-ან წლებში, ის ტოვებს ძველი, კლასიკური იარაღის შთაბეჭდილებას. მეტალი გაპრიალებულია და ოქსიდირებულია, რის გამოც პისტოლეტის ზედაპირი ლამაზი პრიალა შავი ფერის არის.  დეტალების დამუშავება არის პრაქტიკულად უნაკლო, გარედანაც და შიგნიდანაც. ტარის პლასტმასის პანელები ასეთივე უნაკლოა და ენა არ მოგიტრიალდება თქვა, რომ ეს პისტოლეტი არის იაფიანი იარაღი (ეხლა ის ამერიკაში იყიდება სადღაც 360 დოლარად). ასეთი შეგრძნება ბოლოს მქონდა, როდესაც ხელში ავიღე ფინური ლახტის კონსტრქუციის პისტოლეტი L-35. სოლიდური, ხარისხიანი, საკმაოდ მძიმე იარაღი, რომელიც კარდინალურად განსხვავდება ყველაფრისგან რაც მე მქონდა აქამდე. ყველაზე ახლოს ამ “რუგერთან” არის ბრაუნინგი “ბაკმარკი” მაგრამ მისი ხაოიანი მონაცრისფრო პარკერიზაციის მაგვარი დაფარვა ახლოს ვერ მოვა რუგერის პრიალა, შავ ოქსიდირებასთან. პისტოლეტი საკმაოდ მძიმეა, რისი მიზეზიც პირველ რიგში არის მთლიანად მეტალის კონსტრუქცია და სქელკედლიანი ლულა. გარკვეული სიმძიმე კარგია საასპარეზო პისტოლეტისთვის, ის შთანთქავს უკუცემას ეს ერთი და მეორე, წონა გაძლევთ საშუალებას პისტოლეტი უკეთ დაუმიზნოთ. იერსახე ამ პისტოლეტის იყო სასიამოვნო სიურპრიზი და ჩემთვის ნაწილობრივ გასაგები გახდა, რატომ უყვართ ამერიკელებს ასე ეს პისტოლეტი. ის უბრალოდ ძალიან ლამაზია.

მართვის ელემენტების განლაგება “რუგერზე” სტანდარტულია. თუ არ ჩავთვლით საკეტს, დანარჩენში ეს პისტოლეტი არაფრით არ განსხვავდება სხვა პისტოლეტებისგან. საკეტის შემაკავებელი, ერთმხრივი მცველი, მჭიდის ღილაკი, იქ არის სადაც მიჩვეულები ვართ.

sightsmk3

სამიზნი მოწყობილობები საასპარეზო ტიპის არის. თარაზო რეგულირდება ვერტიალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში. როგორც მიღებულია, კორაც და თარაზოც შავია.  

P1130379

შავი პლასტმასის ტარის პანელები რუგერის ლოგოთი აგრესიული ჩეკერინგით არის და პისტოლეტის ჭერისას არ გაქვს შეგრძნება რომ პისტოლეტი თითქოს ცდილობს ამოცურდეს ხელებიდან. 

“რუგერს” აქვს ერთი უპირატესობა ბევრ კონკურენტთან, კერძოდ გამოყენებული კონსტრუქცია გაძლევს საშუალებას წინა და უკანა სამიზნი მოწყობილობები განლაგდეს ლულაზე და სალულე კოლოფზე, რომლებიც მყარად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. მანამდე “რუგერის” ორი ძირითადი კონკურენტი კოლტის “ვუდსმენი” და ჰაი-სტანდარდის სხვადასხვა მოდელები, იყენებდნენ კონსტრუქციას, რომელშიც კორა იყო შესრულებული ჩარჩოზე განლაგებულ ლულაზე, ხოლო თარაზო მოძრავ საკეტზე, გასროლიდან გასროლამდე საკეტი ან დაბრუნდებოდა იგივე მდგომარეობაში ან არა. ასევე, ტექნიკურად “რუგერი” რომ დაშალო არ არის საჭირო ინსტრუმენტები და არ არის საჭირო ხრახნების დაშვება. მაგალითად “ბაკმარკი” რომ დაშალოთ, საჭიროა ორი ხრახნის მოხსნა. ხშირი მოშვება-დაჭერის ციკლის შემდეგ ჩნდება რისკი რომ დაზიანდება ან ხრახნები ან პისტოლეტი. ასევე განსხვავებით МЦМ-სგან, “რუგერიდან” შეიძლება ისროლო ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ცხელი მუხტები. ერთადერთი იარაღი, რომელიც ჩემი გამოცდლებით ახლოს დგას “რუგერთან” არის Beretta U22 Neos, რომელშიც ორიგინალურად არის გადაწყვეტილი მარტივი დაშლა/აწყობის საკითხი მაგრამ ის ასევე იყენებს ხრახნს, პისტოლეტის დიზაინი ძალიან თავისებურია და მისი სასხლეტი ნაკლებად გამოდგება მართლა ზუსტი სროლისთვის. ამ მოცემულობით “რუგერი” ჯერ-ჯერობით არის საუკეთესო მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, რაც მე მქონია.  მასში დაბალანსებულია კარგი ერგონომიკა, კონსტრუქციული სიმარტივე, სიზუსტე, საიმედოობა, რაც ხდის მას უნივერსალურ პისტოლეტად, რომელიც გამოდგება მიზანში სროლისთვის და ასევე, როგორც ზოგდი დანიშნულების მცირეკალიბრიანი პისტოლეტი.

P1130388

ასეთი კონსტრუქცია, სქელი ლულა და მასზე “გადაბმული” ფოლადის მილისებრი რესივერი (მხოლოდ ამ დეტალზე არის დატანილი სერიული ნომერი) უნდა უზრუნველყოფდნენ კარგ სიზუსტეს. 

სამწუხაროდ ტექნოლოგიურობაში და სხვა ოფციებში რაც ამ პისტოლეტს ერგო, გარკვეული ფასია გადახდილი და ეს გამოიხატება იმაში, რომ პისტოლეტი დაშლა-აწყობა რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან რაც მე აქამდე მქონდა ნანახი. პირველ რიგში იარაღს უნდა მოცილდეს მოდული საბრძოლო ზამბარით, ამისთვის ჩახმახი უნდა იყოს დაშვებული და უნდა ამოწიოთ ბერკეტი რომელიც განლაგებულია ტარის უკანა ნაწილში. ახლა პისტოლეტებში ამას ინსტრუმენტის გარეშე ვერ შეძლებთ. ამ მოდულს რომ ამოიღებთ, შესაძლებელი ხდება საკეტის ამოღება, ამისთვის ჩახმახი უნდა იყოს დაწეული ქვევით. ახალ ან დაბინძურებულ პისტოლეტში ის თავისი წონით არ დაიწევა, ამიტომ ტარის უკნიდან რაიმე რკინის ღერძით ის უნდა დაბლა ჩამოწიოთ რაც მისცემს საკეტს საშუალებას დატოვოს სალულე კოლოფი. იმისთვის რომ განაცალკევოთ სალულე კოლოფი და ჩარჩო (თუ პისტოლეტი ახალია) დაგჭირდებათ რეზინის ჩაქუჩი. რამდენიმე მსუბუქი დარტყმა და ეს ორი დეტალიც განცალკევდება. აწყობა რთულდება იმით, რომ ა) სალულე კოლოგი და ჩარჩო უნდა გაუსწორდეს ერთმანეთს იდეალურად და ამისთვის ის არა მარტო ბოლომე (ისევ რეზინის ჩაქუჩის დახმარებით)  ჩასვად არამედ დამატებით ხელით ჩაატრიალოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საკეტის შემდეგ საბრძოლო ზამბარიანი მოდულის რომ მოათვასოთ უკან პისტოლეტში. აქაც საჭირო გახდება ყურადღება რომ პინი რომელი ეყრება სალულე კოლოფს ქვევიდან ჩაჯდეს თავის ადგილას და ასევე ჩახმახის კუდი მოექცეს შესაბამის კილოში საბრძოლო ზამბარის მოდულზე. იმისთვის რომ აწყობისას არ გაგიჟდეთ, უყურეთ რაც შეიძლება ბევრ ვიდეოს სადაც ეს პროცესი დეტალურად აღწერილია, დახარჯეთ ნახევარი საათი, რომ ზუსტად გაერკვიოთ მოწყობილობაში და იმაში თუ როგორ ზემოქმედებენ პისტოლეტის დეტალები ერთმანეთთან და მხოლოდ ამის მერე დაიწყოთ აწყობა. დროთა განმავლობაში ეს პროცესი გამარტივდება.

P1130378

ასე გამოიყურება გასაწმენდად დაშლიკი Mk III

იმის გათვალისწინებით, რომ Mk IV სერიის რუგერები იშლებიან ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, ჩემ თვალში Mk IV საუკეთესო მცირეკალიბრიანი პისტოლეტია.

24462_688_2017Mk IV როგორც მინიმუმ, არის ყველაზე ლამაზი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი.

“Ruger Mk III” არ არის ტაქტიკური/საბრძოლო იარაღი, მისი დანიშნულება არის განსხვავებული, ამიტომ პირველ პლანზე გამოდის სხვა მოთხოვნები. კონსტრუქციული სიმარტივე, მარტივი დაშლა/აწყობა, drop-free მჭიდები კარგია, მაგრამ ჩემი აზრით მცირეკალიბრიან პისტოლეტს უნდა ქონდეს ორი მნიშვნელოვანი თვისება, პისტოლეტი უნდა საიმედოდ მუშაობდეს ყველა ტიმის .22 კალიბრის მუხტთან და უნდა იყოს ზუსტი. დანარჩენი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ორი პარამეტრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

“რუგერის” სიზუსტე მოცემულია ცხრილში, ხოლო საიმედოობას რაც შეეხება იარაღმა მოინელა 40-42 გრანიანი ვაზნები და ასევე ქვებგერითი საწყისი სიჩქარის მქონე მუხტები, მრგვალთავიანი და ჩახვრეტილთავიანი ტყვიებით. რაიმე დაბრკოლებას ადგილი არ ქონია.  პისტოლეტმა იდეალურად იმუშავა.

ტრდიციულად შევამოწმე, ვაზნის მიწოდებისას ხდება თუ არა რბილი ტყვიის თავის დეფორმაცია/აპარსვა, ორი-სამი მიწოდების შემდეგ ვაზნაზე რამე დაზიანებები ვერ აღმოვაჩინე. ვაზნების მიწოდების კუთხე მცირეა და ვაზნა საკმაოდ ახლოს არის სავაზნესთან რაც ერთ-ერთი წინაპირობაა საიმედოობის.

rugaacc

ყველაზე საინტერესო ის არის რომ ეს შედეგი (საშუალო სიზუსტე) ერთი-ერთში იმეორებს მასად აიუბის წიგნში “Greatest Handguns of the World” მოცემულ რუგერიდან (Mk I Target) სროლის შედეგებს. საუკეთესო სამი გასროლის ცალკე გამოყოფა გაძლევთ საშუალებას დაინახოთ პისტოლეტის რეალური სიზუსტე მინუს მსროლელის შეცდომები. როგორც წესი დაზგიდან სროლისას მიღებული სიზუსტე შეესაბამება ხელიდან საუკეთესო სამი გასროლის კალკულაციით მიღებულ სიზუსტეს.  

რაც შეეხება ერგონომიკას, პისტოლეტი კარგად ზის ხელში, ტარის ფორმა, კუთხე და ტარის პანელების ტექსტურა ადეკვატურია და ერგონომიკის თვალსაზრისით შენიშვნები მე არ მაქვს. მცველი ერთი შეხედვით მოუხერხებელია, მაგრამ სინამდვილეში მისი ჩართვა გამორთვა შესაძლებელია დიდი თითით, ჭერის შეცვლის გარეშე და ის ძალიან მოსახერხებელია, ირთვება და ითიშება მკაფიოდ, კარგად გასაგონი “კლიკით”. ანალოგიურად ადვილად ხელმისაწვდომია საკეტის შემაკავებლის და მჭიდის ღილაკები. მანძილი სასხლეტამდე ჩემი ხელისთვის კარგია. სასხლეტი განიერია, ნაჭდევებით რაც იდეაში მისაღებია პისტოლეტისთვის ერთმაგი მოქმედების სამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. სასხლეტი კარგია, დაჭერისას არის სადღაც 2მმ-ნი თავისუფალი სვლა, შემდეგ ხდება მოულოდნელი ჩახმახის გათავისუფლება და რესეტიც არის მოკლე. მასობრივი წარმოების პისტოლეტისთვის ეს არის კარგი სასხლეტი. კარგია, რომ პისტოლეტის მჭიდები ადვილად იშლება გასაწმენდად. სხვათაშორის როდესაც დავაპირე მჭიდების დანომრვა, აღმოვაჩინე რომ ორივე მჭიდის მიმწოდებელი ქარხნულად დანომრილია ციფრებით “1″ და “2″, არ ვიცი შეიძლება ეს ციფრები რამე სხვას აღნიშნავენ მაგრამ მე მგონია რომ მწარმოებელმა ისინი თავიდანცე დანომრა.

P1130375

მჭიდები არის ხარისხიანი, ადვილად იშლება, პატარა გორგოლაჭი გვერდიდან გაძლევთ საშუალებას თითით შეკუმშოთ ზამბარა და ადვილად აავსოთ მჭიდი, რომელიც უპრობლემოდ ივსება სრულ ტევადობამდე.  

ნაკლოვანებებში პირველ რიგში ჩავწერდი მჭიდის მცველს რის გამოც მჭიდები თავისუფლად არ ვარდება. ჩემი აზრით ასევე ზედმეტია სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი და ინტერგირებული უსაფრთხოების საკეტი. იმისთვის რომ Mk III Target გახდეს ჭეშმარიტი target პისტოლეტი მას ჭირდება ჭეშმარიტი საასპარეზო სასხლეტი, იმიტომ რომ სტანდარტული კარგია მაგრამ ცოტა მძიმეც არის.  რათქმა უნდა პისტოლეტში ასეთი მასით უკუცემა პრქტიკულად არ არის. მთლიანობაში პისოტოლეტმა დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილება.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Ruger MkIII Target არის სერიოზული მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, რომელიც გამოდგება როგორც საასპარეზო, სანადირო ან თუნდაც თავდაცვითი იარაღი, მისი მაღალი საიმედოობის და სიზუსტის გამო. კონსტრუქციით და დამზადების ხარისხით ის ორი საფეხურით მაღლა დგას ფსევდო-ტაქტიკურ პლინკერებზე, როგორების არიან Walther P22, SIG Mosquito, GSG 1911. დამზადებული მთლიანად ფოლადისგან ეს არის იარაღი რომელსაც ყიდულობენ სამუდამოდ და რომელიც მოემსახურება მსროლელების რამდენიმე თაობას. თუ გინდათ კარგი თუ არა საუკეთესო .22 კალიბრის პისტოლეტი, იყიდეთ Ruger Mk თუ რა თქმა უნდა შეძლებთ მის პოვნას საქართველოში.

P1130459

პირველი სუბ-კომპაქტური 1911 – Detonics Combat Master

September 23rd, 2020

classics-detonics-combat-master-pistol-f

როგორც მე არაერთხელ აღვნიშნავდი კოლტის 1911 დიზაინის დახვეწა და განვითარება თავის თავზე აიღო უამრავმა ნიჭიერმა ადამიანმა არაორდინარული ბიოგრაფიებით. დღეს რომ აიღოთ თანამედროვე 1911, ორმხრივი მცველით, ჩამოჭრილი სახელურით, კარგად ხილვადი სამიზნი მოწყობილობებით, განიერი მიოსახერხებელი ტარის მცველით, ყოველი ამ გაუმჯობესების უკან დგანან კონკრეტული ადამიანი, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ პისტოლეტის განვითარებაში, რისი წყალობითაც 1911 ერთი საუკუნის შემდეგაც რჩება აქტუალურ ინსტრუმენტად ყველა ტიპის მსროლელისთვის. სვენსონი, კლარკი, ხოაგი, სტოუნი, უილსონი, ბაერი, ნოვაკი, მათი ინოვაციური გადაწყვეტილებები შეგხვდებათ უმეტესობა მაღალი დონის თანამედროვე 1911-ზე, აქიდან მაგალითად ჯიმ კლარკის სახელი ყოველთვის იქნებ ასოცირებული ე.წ. გრძელ საკეტიან 1911-ებთან. ჯიმ კლარკი, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მსროლელი და იარაღების ოსტატი აშშ-ში, იღებდა ორ სტანდარტულ საკეტს, ჭრიდა, ადუღებდა და აწყობდა “გრძელ საკეტიან” (Long Slide) 1911-ებს. თავის მხრივ სუბკომპაქტური 1911-ის “მამა” გახლდათ სიდ ვუდკოკი, რომელმაც პირველმა მისცა მსროლელებს სერიული სუბკომპაქტური 1911.  დღეს სუბკომპაქტური 1911 არ არის რაიმე განსაკუთრებული, ასეთ პისტოლეტებს უშვებს პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომელიც უშვებს 1911-ებს მაგრამ მაშინ, 70-ან წლებში,  ეს იარაღი იყო შეიძლება ითქვას რევოლუციური.  სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვანაირად არის აღწერილი სიდ ვუდკოკის როლი ამ პისტოლეტის შექმნაში, ერთი ვერსიით ის თავად იყო ამ პისტოლეტის იდეის და კონსტრუქციის ავტორი, მეორე ვერსიით მან უბრალოდ ხელი შეუწყო ამ პისტოლეტის შექმნას და შემდგომ იყიდა მისი წარმოების უფლებები პატრიკ იეიტსისგან. სხვდასხვა წყაროების ანალიზით მე მრჩება შთაბეჭდილება რომ იდეა ეკუთვნის პატრიკ იეიტს ხოლო იდეის დახვეწა და სერიულ იარაღად ქცევა სიდნი ვუდკოკის დამსახურებაა.

პატრიკ იეიტსმა დაიწყო ექსპერიმენტები პრაქტიკულად ჯიბის პისტოლეტებზე, რომლებიც ამავე დროს იქნებოდნენ სერიოზული კალიბრის, ჯერ კიდევ 70-ნი წლების დასაწყისში და აკეთებდა ამას თავისი ხარჯებით და თავისუფალ დროს.  საბოლოო ჯამში მან იყიდა სამი .45 კალიბრის 1911 და რადიკალურად გადააკეთა ისინი. მეორე პროტოტიპში მოხდა სახელურის, საკეტის, მჭიდის და ლულის რადიკალური დამოკლება. პისტოლეტის კონსტრუქციიდან იყო ამოღებული სახელურის მცველი და მექანიკური მცველი. “ჩამოჭრილი” საკეტი (და ამის გამო წინ გადაწეული უკანა სამიზნი მოწყობილობა) აადვილებდა ჩახმახის შეყენება-დაშვებას. ვინც ისვრის 1911-ებიდან ადვილად მიხვდება ამ მოდიფიკაციის სარგებელს. ასევე შეცვლილი იყო ჩახმახის ფორმა, რომ გამორიცხული ყოფილიყო ხელის კბენა გასროლის დროს. კონუსური ფორმის ლულა არ ხდიდა საჭიროდ ბუშინგის გამოყენებას. პისტოლეტის შიგნით ასევე იმალებოდა ჭკვიანური უკუცემის მექანიზმი სამი ზამბარით, რაც აუცილებელი იყო, რომ ასეთ მოკლე პისტოლეტში პატარა და მსუბუქ საკეტს არ “დაენგრია” ჩარჩო და ამავე დროს ქონოდა საკმარისი ენერგია, რომ გადატენვის ციკლი ყოფილიყო საიმედო.  პისტოლეტს ასევე ქონდა სახეშეცვლილი (უკან გვერდიდან ჩამოთლილი) საექსტრაქციო ფანჯარა, რომ მასრის ექსტრაქცია ყოფილიყო უპრობლემო. დამრტყმელის ზამბარა იყო უფრო ხისტი რომ გამორიცხულიყო გასროლა პისტოლეტის დავარდნის შედეგად.    ყველაფერი ეს იყო საკმარისი და სიდ ვუდკოკმა დაარწმუნა პატრიკ იეტსი (ეს ორი მანამდე ერთად მუშაობდნენ კომპანიაში, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს უშვებდა) ამ პისტოლეტის წარმოების იდეის წარმატებაში. მანამდე სიდ ვუდკოკი არც ფიქრობდა იარაღების გამოშვებას და დაარსა კომპანია სადაც აპირებდა ასაფეთქებელი ნივთირებების წარმოებას და სახელიც შესაბამისი შეარჩია: Detonics.

sw1

სიდ ვუდკოკი იყო უნიკლური პიროვნება, OSS-ის ვეტერანი, აღმოსავლური ორთაბრძოლების, იარაღების და ასაფეთქებლების ექსპერტი, ასევე მესაათე, ასწავლიდა აშშ-ის სპეციალური ძალების დანაყოფების შემადგენლობას და თავად ბრიუს ლის. OSS-ის შექმნის პირველი დღიდან იყო ლაბორატორია სპეციალური იარაღების და ტაქტიკის და ბუნებრივია რომ ამ ორგანიზაციის ვეტერანი დაინახავდა პოტენციალს ულტრა კომპაქტურ .45 კალიბრის პისტოლეტში.

პატენტი ახალ პისტოლეტზე გაიცა 1978 წელს. შესაბამისად Combat Master იყო პირველი სერიული სუბ-კომპაქტური 1911. უნდა აღინიშნოს რომ იმ პროტოტიპიდან, რომელიც შექმნა პატრიკ იეიტსმა, ისროლეს 20 000 ვაზნა სანამ Detonics-ის ინჟინერები არკვევდნენ, როგორ ექციათ პატრიკის “გადაჭრილი” 1911 სერიულ პისტოლეტად და ის კვლავ იყო მუშა მდგომარეობაში. სერიული პისტოლეტი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა პროტოტიპისგან ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება  იყო მექანიკური მცველის დაბრუნება კონსტრუქციაში.  ასევე უარი ითქვა იეტსის ძვირადღირებულ მოდიფიკაციებზე, როგორებიც იყო სახელურის პროფილის შეცვლა, დადაბლებული მჭიდის ღილაკი, დათხელებული ტარის პანელები და ასევე ჩახმახის ფორმა სერიულ “დეტონიქსებზე” მოგვიანებით იყო განსხვავებული. ამავე დროს პისტოლეტი გამოდიოდა სხვადასხვა დროს ორ და სამ ზამბარიანი  უკუცემის მექანიზმით.

ysxomk5xaqd31

სავარაუდოდ Mk1  Combat Master, რაზეც მეტყველებს ჩახმახის ფორმა და “დაწეული” საექსტრაქციო ფანჯარა. სულ გამოდიოდა 7 მოდიფიკაცია ამ პისტოლეტის. 

ასევე პისტოლეტი იყო განკუთვნილი ექსპანსიური ვაზნების გამოყენებისთვის და ამისთვის მისაწოდებელი რამპა და სავაზნე იყო ოპტიმიზირებული ფორმის, რაც ასევე იყო ინოვაციური გადაწყვეტილება სერიულ 1911-ში. მიუხედავად პატარა ზომისა მჭიდი იტევს 6 ვაზნას. ეს შესაძლებელია იმის წყალობით, რომ მჭიდის ხუფში არის შესრულებული ჭრილი. 6 ვაზნის მოთავსების შემდე ამ ჭრილში გადის მიმწოდებელის “ფეხი” და აძლევს მიმწოდებელს შესაძლებლობას უფრო დაბლა დაიწიოს. გარეთ გამოშვერილ მიმწოდებელს ეწოდა მჭიდის სრული დატენვის ინდიკატორი.

ინოვაციურმა უკუცემის მექანიზმმა მოაგვარა ორი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა სუბ-კომპაქტურ 1911-ებს. ზამბარების რესურსი გაიზარდა 5000 გასროლამდე ნაცვლად 800-1000 გასროლისა. ასევე ეს სისტემა უზრუნველყოფდა უკეთეს საიმედოობას სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას მათ შორის +p ტიპის. ტიპიურ სუბ-კომპაქტურ 1911-ში ასეთი ცხელი მუხტები აძლევენ საკეტს ისეთ სიჩქარეს რომ მჭიდი უბრალოდ ვერ ასწრებს ვაზნის მიწოდებას და საკეტი იკეტება ცარიელ სავაზნეზე. 2010 წელს ჟურნალ Handguns-ისთვის, უოლტ რაუხმა გატესტა ახალი გამოშვების Detonics Combat Master და დარწმუნდა, რომ ეს პისტოლეტი საიემედოდ მუშაობს მათ შორის +P ტიპის მუხტებით. თუმცა პატრიკ იეიტსი 2002 წლის თავის სტატიაში ამინც აღნიშნავდა რომ მისი პროტოტიპიც და სერიული Combat Master-ები არ იყვნენ “ყველაფრის მჭამელები”, რაც ბუნებრივია, ასეთ პისტოლეტებში ადვილია იპოვო მუხტი რომელიც დაარღვევს დეტალების ჰარმონიულ მუშაობას რასაც მოყვება დაბრკოლებები, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი ვინც ერკვევა საკითხში გირჩვეთ იპოვოთ მუხტი რომელიც ზუსტიც იქნება და საიმედოც თქვენ სუბ-კომპაქტში და შემდგომ ეს მუხტი მოიმარაგოთ საკმარისი რაოდენობით. ბევრისთვის ასეთი წინაპირობა მიუღებელი აღმოჩნდა და პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა დაუბრუნდა Detonics-ს პრობლემური საიმედოობის გამო. მაგრამ რაც არის ეს არის, ასეთი ფორმატის პისტოლეტები უბრალოდ ვერ იქნება ისეთი როგორიც სრული ზომის პისტოლეტები. პისტლეტიდან სერიოზული მსროლელები ადიდებდნენ Combat Master-ს, თავად ჯეფ კუპერმა უწოდა მას “საბრძოლო დიზაინის შედევრი” და “საუკეთესო თავდაცვითი პისტოლეტი მსოფლიოში”. სახელგანთქმული აღჭურვილობის მწარმოებელი Alessi უშვებდა მთელ სერიას ბუდეების, რომელიც განკუთვნილი იყო სპეციალურად ამ პისტოლეტისთვის.

D-CM-Fieldstripped

დაშლილი Combat Master. მიაქციეთ ყურადღება დამაბრუნებელი ზამბარის ღერძს და იმას თუ როგორ  “ზის”  ის ლულაზე. ამის წყალობით შესაძლებელი გახდა ზამბარის დაგრძელება. 

სიდ ვუდკოკის კომპანიამ იარსება 1976 წლიდან 1986 წლამდე რა პერიოდშიც გამოუშვა სადღაც 17 000 პისტოლეტი. კომპანიამ მას მერე მრავალჯერ შეიცვალა მფლობელები და ადგილმდებარეობა და ეხლა როგორც ჩანს აღარ მოქმედებს. ნაწილობრივ ამის მიზეზი ალბათ არის ისიც, რომ “დეტონიქსის” ეს პისტოლეტები ღირდა ძალიან ძვირი. 90-ების დასაწყისში,  კოლტის “კომანდერი” იყიდებოდა 250 დოლარად ხოლო Combat Master-ი 450 დოლარად ხოლო “სასაჩუქრე” MkVI ღირდა სტანდარტულზე ორჯერ უფრო ძვირი.  არ უშველა კომპანიას სრული ზომის Servicemaster და Scoremaster-ის გამოშვებამაც. ნაწილობრივ შეიძლება იმიტომ რომ ბაზრის წილი მას წაართვეს უფრო მსხვილმა მწარმოებლებმა მაგრამ სუბ-კომპაქტური 1911-ები ყოველთვის იქნება ასოცირებული სიდ ვუდკოკთან და Detonics-თან, რომლის Combat Master გახდა საკულტო იარაღი და შექმნა ახალი კლასი 1911 ტიპის პისტოლეტებში.

Combat Master-ის წარმოება განახლდა 2004 წლიდან 2007 წლამდე მაგრამ შემდეგ ისევ შეიცვალა მფლობელები და ადგილმდებარეობა და 2017 წლიდან შეწყვიტა პისტოლეტების გამოშვება, კომპანიის საიტიც გათიშულია. დარწმუნებული ვარ ამით Combat Master-ის ისტორია არ დასრულდა და ადრე თუ გვიან ვინმე საკმარისად მოტივირებული განაახლებს მის წარმოებას.