20 წელი გლოკებთან ერთად

DSC06653

წელს სრულდება 20 წელი რაც მე ვურთიერთობ გლოკებთან. დიახ, იმიტომ რომ ზუსტად 20 წლის წინ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მე შევიძინე ჩემი პირველი გლოკი. მესამე თაობის გლოკ 17. იმ დროს მე ვიყავი გამოქცეული სამსახურიდან, იმიტომ რომ იმდენად ყველაფერი ყელში ამოვიდა, რომ უბრალოდ გამოვიხურე კარი და წავედი ზღვაზე დასასვენებლად. მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება,  რომ “კალიბრში”  ახალი გლოკები ჩამოვიდა თანაც კარგ ფასად. მეც ხომ მეტი არ მინდოდა და დავბრუნდი თბილისში და შევიძინე პისტოლეტი.  მაღაზიაში შესვლისთანავე მოვითხოვე გლოკი ვერცხლისფერი საკეტით….. კითხვა აბსურდული იყო, იმიტომ რომ გლოკს ასეთი მოდელები არ ქონდა, უბრალოდ ზუსტად ასეთი ვნახე Bad Boys II-ში და ვინაიდან ჯერ არ ვიცოდი რა არის კასტომიზირებული იარაღი და არც გლოკებში კარგად არ ვიყავი გარკვეული, მეგონა ეს იყო სტანდარტული მოდელი, კონსულტანტის გაკვირვებული სახე ეხლაც მახსოვს. მოკლედ მომიწია სტანდარტული გლოკ 17-ით დაკმაყოფილება. რაზე ვფიქრობდი როდესაც 1800 ლარს ვიხდიდი  არ ვიცოდი, ვარდების რევოლუციის შედეგად სამსახური დავკარგე, სამსახურიდაბ რომელსაც თავი შევაფარე, წამოსული ვიყავი, პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანი იყო თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ ქვეყანა უდიდესი ტრანსფორმაციის რეჟიმში შედიოდა. გლოკის შეძენის შემდეგ ზღვაზე რომ ვბრუნდებოდი, გზაში დარეკა ტელეფონმა და კახა ბენდუქიძესთან დამიძახეს გასაუბრებაზე, ამიტომ ზღვაზე უკვე დაიმედებული ვბრუნდებოდი, წინ მელოდებოდა ცხოვრების ახალი თავი. ვინმეს მაშინ რომ ეთქვა რომ 20 წელიწადში ქვეყანა რელიგიურ ფანატიზმში და გაუვალ კორუფციაში ჩაძირული კვაზი-სახელმწიფო იქნებოდა,  თანაც ისევ რუსეთისკენ გზას დაადგებოდა, ალბათ არ დავიჯერებდი……

უნდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველი შთაბეჭდილებები გლოკისგან არც ისე კარგი იყო, უბრალო, ასკეტური დიზაინი, ისე რა სასხლეტი. მასთან შედარებით ჩემი Steyr M9 ბევრად უფრო ხარისხიანად და თუ შეიძლება ასე ითქვას საფუძვლიანად გამოიყურებოდა, მაგრამ პისტოლეტი მომწონდა და ინტერესიც იარაღის მიმართ მეზრდებოდა და შესაბამისად იზრდებოდა ინფორმაციის და გამოცდილების მოცულობაც რომელსაც ვიღებდი. ცხადი ხდებოდა, რომ გლოკი გამოირჩეოდა ყველაფრისგან რაც აქამდე არსებობდა და მისი იერსახე აქ არაფერ შუაში არ იყო. ეს დღეს არის რომ ყველა უშვებს გლოკის თავის ვერსიას, მაგრამ 20 წლის წინ პოლიმერის სტრაიკერები ჯერ კიდე განიხილებოდნენ როგორც ეგზოტიკა და უჩვეულო ხილი.

P1050159

იქიდან მოყოლებული დღემდე ჯამში მარტო ჩემ საკუთრებაში იყო ალბათ 15-მდე სხვადასხვა მოდელის გლოკის პისტოლეტი. გლოკი გახდა ჩემი პირადი უდაო ფავორიტი და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პისტოლეტი. სადღაც გაგქრნენ გლოკის კრიტიკოსებიც, არა და წლების წინ გლოკზე “დასხმით” არაერთი თვითმარქვია ექსპერტი იმკვიდრებდა თავს ახლად შექმნილ ინტერნეტ სივრცეში, ფორუმებზე, რომლებიც აერთიანედნენ ერთი და იგივე საკითხით დაინტერესებულ ხალხს, სანამ სოც ქსელებმა ის არ ჩაანაცვლეს. მეც მაქვს დაწერილი არაერთი სტატია ამ პისტოლეტზე, არაერთი გადაცემა და youtube ვიდეო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ პისტოლეტები ჩემი სპეციალიზაციაა, პისტოლეტებს შორის ყველაზე ამომწურავი ცოდნა მე სწორედ გლოკების შესახებ მაქვს. არასდროს ამ დროის განმავლობაში მე არ მქონია არანაირი პრობლემა გლოკის პისტოლეტებთან.

კარგად ცნობილია, რომ გლოკმა შეცვალა არა მარტო თანამედროვე პისტოლეტის იერსახე არამედ ასევე როგორ ხდება ამ პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება. გლოკის ბიზნეს მოდელმა, აგრესიული მარკეტინგით, მათ შორის განაპირობა მათი პისტოლეტების წარმატება. თავის მხრივ პროდუქტიც იყო გამორჩეული. მსუბიქი, (თავდაპირველად) 17 ვაზნიანი ტევადობა, თითქმის ორჯერ ნაკლები ნაწილი, მთელი პისტოლეტი იშლება ბოლომდე, სპეციალური ინსტრუმენტის გარეშე. ამ სიმარტივემ განაპირობა ნაწილების და აქსესუარების უშველებელი ბაზრის შექმნა. გლოკი გახდა როგორც ლეგო დიდი ბავშვებისთვის. ხოლო გლოკის გამძლეობაზე და რესურსზე დადიოდა ლეგენდები. ჩაკ ტეილორის ტესტის შესახებ სადაც გლოკიდან ისროლეს 360 000 ვაზნა, ყველამ იცოდა. 2005 წელს პოპულარული ფორუმის glocktalk-ის წევრმა მეტ სახელით “bigbore” დადო მის მიერ გლოკ 21-ის გამოცდის ანგარიში და ფოტოები. პირობითად ეს იყო პირველი ამ ტიპის კონტენტი ე.წ. torture test-ი, რომელმაც შექმნა მთელი მიმართულება, როდესაც სხვა ადამიანებმა დაიწყეს მიბაძვა. ეს არ იყო ჩაკ ტეილორის ტესტი სადაც უბრალოდ გლოკიდან ისროდნენ რაც შეიძლება ბევრ ვაზნას. ეს იყო სულ სხვა ტიპის გამოცდა. მარილიან ხსნარში შენახვა, ტბაში წყლისქვეშ დატოვება, იარაღის დაცხრილვა მცირეკალიბრიანი პისტოლეტიდან, იარაღის მოთავსება სხვადასხვა ნივთიერებებში მათ შორის საკვებში, გადავლა მანქანით, გადმოგდება სახურავიდან, თვითმფრინავიდან….  გეცნობათ ხო ეს ყველაფერი? პიონერი ამ ტიპის სანახაობის იყო ალბათ ეგ ერთი კაცი ფორუმიდან.  დღეს ასეთი ექპსერიმენტები იუთუბ არხების სტანდარტული რეპერტუარია. აქვე უნდა აღვნიშნო რომ ტეილორმაც დატოვა გლოკი ოკეანეში 6 თვით და დაბრუნებისას წყლიდან ამოღებული პისტოლეტი მზად იყო გამოყენებისთვის, კოროზიის უმიშვნელო ნიშნებით რამდენიმე ადგილას. სიმართლე გითხრათ, გლოკის შესახებ ეს ისტორიები უკვე ისეთია, რომ მეც მიჭირს დაჯერება და მხოლოდ წყაროს ავტორიტერის გამო თუ ვიჯერებ. ყველაფერი ეს ცხადია ამყარებდა გლოკის რეპუტაციას, როგორც უკიდურესად გამძლე იარაღის. შედეგიც სახეზეა,  ყველა მწარმოებელი რომელიც საკუთათ თავს პატივს სცემს, უშვებს გლოკის თავის ვერსიას, პოლიმერის ჩარჩოიან სტრაიკერს დიდი ტევადობის მჭიდით.

P1000385

ეს ყველაფერი ცხადია ასეა და ამზე არავინ არ დაობს მაგრამ ჩემი აზრით გლოკი ასევე იმსახურებს აღიარებას კიდევ ორი რამის გამო.

პირველი: განსხვავებით სხვა მწარმოებლებისგან, გლოკი როგორც კომპანია არასდროს არ ცდილობდა გარიგებოდა სახელმწიფოს გარკვეული პრივილეგიების სანაცვლოდ, რაშიც სამწუხაროდ ბევრი კომპანია იყო გარეული.  კოლტი თავისი “ჭკვიანი” იარაღის კონცეფციით,  რუგერი, თავისი დამფუძნებლის მიერ მჭიდების ტევადობის შემცირების მოთხოვნით, ხეკლერ&კოხი რომელიც ტრადიციულად ვერ იტანს უბრალო ადამიანებს და მხოლოდ სახელმწიფოებთან დიდ კონტრაქტებზე მუშაობს და ამ სიის გაგრძელება შეიძლება კიდევ დიდი ხანი. გლოკის სახელს ვერ დაუკავშირებ ვერც ერთ პოლიტიკურ ინტრიგასთან, რომელიც აზიანებდა უბრალო მოქალაქეების ინტერესებს.  ეს კომპანია სულ მოძრაობდა თავისი გეზით და არასდროს არავის არ მიყვებოდა კუდში.  ამ კომპანიამ მიაღწია იმას რაც არ მიუღწევია არც ერთ უცხოურ კომპანიას, მსოფლიოს ყველაზე დიდ იარაღის ბაზარზე, აშშ-ში.

მეორე: კონსისტენტურობა. არ აქვს მნიშვნელობა რა მოდელი გლოკი, რომელ წელს გამოშვებული, 1986 წელში თუ 2023-ში, ყველა გლოკი ყოველთვის მუშაობს და ერთნაირად გამძლეა. კომპანიას პრაქტიკულად არ ქონია ჩავარდნა ხარისხში ან ხედვაში, რაც წარმოების ამხელა ზრდასთან, ამდენი წლის განმავლობაში, შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, როგორც წესი, ყველა გლოკი პირდაპირ ყუთიდან ისვრის ზუსტად, რამდენჯერ მინახია “ზიგები”, “ბერეტები” და სხვა პისტოლეტები, სადაც მოხვედრის და დამიზნების წერტილებს შორის იყო საკამოდ დიდი სხვაობა. რაღაც მომენტში მე ვიავარაუდე, რომ კომპანიები საერთოდ აღარ აკონტროლებენ როგორ ისვრიან მათი პისტოლეტები, აწყობენ, ფუთავენ და ყიდიან. ყველა გლოკი ყოველთვის იყო გასწორებული.  დიახ,  ქონდა გლოკს თავისი მცირე წარუმატებლობები, აქიდან ყველაზე დიდი ალბათ მოდელი 44, .22lr კალიბრის, რომელიც არის უნიკალური იმით, რომ იყო ერთადერთი გლოკი, რომელიც არ იყო საიმედო.  ისეთი წვრილმანები, როგორც პრობლემები პირველი გამოშვების გლოკ 42-თან, მეოთხე თაობის დამაბრუნებელი ზამბარების მოდულთან, არაფერია პისტოლეტების იმ რაოდენობასთან შედარებით რასაც გლოკი უშვებს.

20190417_195519



დატოვეთ კომენტარი