Mossberg-ის შთამბეჭდავი დებიუტი – პისტოლეტი MC1

20211013_211306

როდესაც ჩემმა მეგობარმა ალეკო ლუხავამ მითხრა რომ აპირებდა Mossberg-ის პისტოლეტების ჩამოტანას, მე ეგრევე ვუთხარი რომ ერთ ცალს უეჭველი მე ავიღებდი და პირველი დავწერდი ამ იარაღზე მიმოხილვას. მაგ საუბრის მერე თვეები გავიდა და როდესაც გავიგე, რომ ეს პისტოლეტები ჩამოვიდა საქართველოში, წავედი მათ სანახავად, თუმცა საერთოდ არ ვიყავი დარწმუნებული რომ რომელიმეს ვიყიდიდი.  პროგრამაში იყო Beretta 92X-ის მიმოხილვა, შემდეგ რიგში იდგა Glock 34, მოკლედ გაცილებით ნაკლები ენთუზიაზმით ვიყავი განწყობილი ვიდრე თავიდან. მაგრამ პისტოლეტების ნახვა მაინტერესებდა.  პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იყო რეალურად პირველი თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა და მეორე პისტოლეტი ზოგაგადად “მოსბერგის” ისტორიაში. თავისი პირველ პისტოლეტს ეს კომპანია უშვებდა გასული საუკუნის 20-ან წლებში და ეს იყო 4 ლულიანი .22lr კალიბრის “დერინჯერის” ტიპის პისტოლეტი. 2019 წელს, ზუსტდ თავისი ასი წლისთავზე, “მოსბერგმა” შესთავაზა მომხმარებლებს  თვით-დამტენი პისტოლეტი კალიბრში 9X19 Para ე.წ. “მიკრო 9 მილიმეტრიანი”. ასეთი პისტოლეტები ძალიან პატარა გაბარიტების, ერთ-რიგიანი მჭიდებით ეხლა ძალიან პოპულარულია და იკავებენ ნიშას, რომელიც აქამდე ათწლეულები ეკავა .38 კალიბრის “მოკლეცხვირიან” რევოლვერებს.

mosbrow

Mossberg Brownie, არა მხოლოდ პირველი პისტოლეტი იყო მოსბერგისთვის, არამედ ზოგადად პირველი იარაღი, რომელიც ამ კომპანიამ გამოუშვა და მიღებულმა შემოსავალმა მისცა შესაძლებლობა ემიგრანტს შვედეთიდან ოსკარ მოსბერგს გაეგრძელა იარაღების კონსტრუირება და წარმოება. 

საფირმო მუყაოს ყუთის გახსნის შემდეგ, ჩემ თვალწინ იდო მოკრძალებული ზომების, ყავისფერი ფერის პისტოლეტი, მოდელი MC1, რომელიც არის Glock 43-ის პირდაპირი კონკურენტი. მიკრო პისტოლეტი, ერთ რიგიანი მჭიდით, დახურული დამრტყმელით (“სტრაიკერი”). ნანახი იმდენად მომეწონა, რომ გადაწყვეტილება შეძენაზე ეგერევე მივიღე.

20210828_124252

ასეთ კომპლექტაციაში იყიდება მოსბერგის პისტოლეტები. მუყაოს ყუთი, ორი მჭიდი, ინსტრუქცია, პლასტმასის chamber flag-ი და უსაფრთხოების საკეტი. 

MC1 ძალიან თხელია, მხოლოდ 2.5 სმ სიგანეში და გარდა იმისა, რომ არ გააჩნია არანაირ გამოშვერილი დეტალები, ყველა კუთხე საკეტზე და ჩარჩოზე გადამრგვალებულია, რაც იცავს ხელებს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სწრაფ, დაბრკოლების გარეშე ამოღებას გინდა ბუდიდან, გინდა ჯიბიდან. ეგრევე ყურადღებას იქცევს სწორი სასხლეტი, რომელიც ეხლა ძალიან მოდაშია და ეს ტრენდი სახეზეა, ბევრი მწარმოებელი ცდილობს მოიზიდოს მყიდველი იმით, რომ პირდაპირ ყუთიდან სთავაზობს ისეთ რამეებს, რაც ადრე იყო ხელმისაწვდომი მხოლოდ შეკვეთით დამზადებულ ან კასტომიზირებულ პისტოლეტებში.  პისტოლეტის მასა 6 ვაზნით 617 გრამია. ჩარჩო პოლიმერის არის. ლულის სიგრძე 87მმ-ია, ხრახნების ბიჯი: 1:16, 6 ღარით. ლულა ქრომირებული არ არის მაგრამ დაფარულია დამცავი დაფარვით, რომელიც ძალიან წააგავს ტენიფერს. ლულაც და საკეტიც დამზადებულია 416 მარკის უჟანგავი ფოლადისგან. საკეტი დაფარულია გამძლე DLC ტიპის დაფარვით, რომელიც პრაქტიკულად არც ფერით და არც ზედაპირით არ განსხვავდება Glock 19X-სგან. აქაც არ ჩანს ეკონომია მასალებზე ან დაფარვის ტიპებზე.  პისტოლეტი ასევე აღჭურვილია მექანიკური მცველით. ექსტრაქტორი არის გარედან განლაგებული.

ავტომატიკის სქემა არის კარგდ ნაცადი და გამოცდილი მიდიფიცირებული ბრაუნინგის სქემა, რომელიც გამოიყენება ალბათ თანამედორვე პისტოლეტების 99%-ში. დამაბრუნებელი ზამბარა ორმაგი არის. გაბარიტებით ის ზუსტად იმეორებს თავის ძირითად კონკურენტს Glock-43-ს. უფრო მეტიც, მასში შესაძლებელია Glock 43-ის მჭიდების გამოყენებაც.

mosmc3

რკინის სამიზნი მოწყობილობები, დიდი თეთრი წერტილებით, ძალიან მოსახერხებელი და ასევე გადამრგვალებული რომ რამეს არ წამოედონ. სამიზნი მოწყობილობები თავსებადია SIG P365-თან. ზოგი მოდელი რაც საქართველოში ჩამოვიდა აღჭურვილია Tru-glo-ს “ტრიტიუმებით”, მაგრამ ასეთი მოდელების ფასიც შესაბამისად უფრო მაღალია. 

mosmc2

კარგი პისტოლეტი შედგება ბევრი დეტალისგან, რომელიც არ უნდა გამორჩეს მწარმოებელს. მათ შორის არის ჭრილები საკეტზე, რომელიც აადვილებენ მის გადაკვრას. ჭრილები არის როგორც უკან ასევე საკეტის წინა ნაწილში, საკმაოდ აგრესიული და აადვილებენ საკეტის გადაკვრას.

Mosmc7

პისტოლეტი აღჭურვილია cross-bolt მცველით, რომელიც არის “გაყრილი” ჩარჩოში.  

Mosmc8

ლულის არხის ხარისხი ძალიან კარგია, რაც დადასტურდა ბოროსკოპით დათვალიერებისას. 

მოკლედ, პირველი შთაბეჭდილება იყოს ასეთი: ეს არის ხარისხიანი იარაღი. უწოდო მას “ბიუჯეტური” ენა არ მიტრიალდება. მასალების არჩევანი, დიზაინი და კონსტრუქცია არის ისეთი, როგორსაც ელოდები ტოპ მწარმოებლისგან. თან რაც მთავარია ფასი, რომელიც იწყება 1780 ლარიდან. გასაკვირია მაგრამ სწორედ ის მოდელი, რომელიც მე ყველაზე მომეწონა და შევიძინე, ღირდა ყველაზე იაფი, ანუ 1780 ლარი.

ჩემი აზრით, როდესაც ცდილობ დაიმკვიდრო ადგლი ბაზრის ნიშაში სადაც უკვე ბევრი მოთამაშეა, თავს ზევით უნდა ახტე რომ შენ პროდუქტს ყურადღება მიაქციონ. არ ვიცი ეს “მოსბერგს” რამდენად გამოუვიდა მაგრამ MC1-ს აქვს ბევრი რამ რასაც ისურვებდა მსროლელი და რაც არ გვხვდება იგივე Glock 43-ზე. მათ შორის მექანიკური მცველი (იშვიათი “სტრაიკერებზე”),  შესაძლებელია მცველის და მჭიდი ღილკაის მხარის შეცვლა, სწორი სასხლეტი, რკინის სამიზნი მოწყობილობები, შესაძლებლობა გამოიყენო Glock 43-ის მჭიდები და უბრალოდ კარგი დიზაინი.  რაც შეეხება მჭიდებს მოდელი MC1 დაკომპლექტბეულია ETS-ის წარმოების მჭიდებით, რომლებიც დამზადებულია გამჭირვალე პლასტმასისგან. უფრო დიდი ზომის მოდელი MC2,  კომპლექტდება იტალიაში დამზადებული 15 ვაზნიანი (!!!) მჭიდებით. ეს კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც ქმნი პისტოლეტს აპროპირებული მჭიდის კონსტრუქციის ირგვლივ და იყენებ მჭიდებს მწარმოებლებისგან, რომლებიც სპეციალიზირდებიან მათ წარმოებაზე.  საკუთარი ძალებით მჭიდების გამოშვება, სუფთა ფურცლიდან, საკამოდ სარისკო წამოწყებაა. ამიტომ პირველ ეტაპზე “დააუთსორსება” მჭიდების წარმოების არის სწორი გადაწყვეტილება “მოსბერგის” მხრიდან.

ETS-ის მჭიდებს რაც შეეხება მე ეგრევე ვიტყვი რომ არ ვარ გამჭირვალე მჭიდების დიდი მოყვარული.  მიზეზი პირველი, რასაც ვუყურებ ასეთი მჭიდები არ გამოირჩევიან ისეთი გამძლეობით, როგორც არაგამჭირვალე მასალებისგან დამზადებული მჭიდები. მიზეზი მეორე: თქვენ ხედავთ დაბრეცილ შეკუმშულ ზამბარას, ოდნავ გადახრილ მიმწოდებელს, ვაზნები მჭიდში იდელაური თანწყობით არ ზიან ხოლმე. ყველაფერი ეს კონტრასტში მოდის სხვაგავრად პროპორციულ/მოწესრიგებულ, იდეალურად მორგებულ პისტოლეტის მექნიზმთან. ეს ყველაფერი ქმნის რაღაც მოუწესრიგებლობის შეგრძნებას და იწყებ ფიქრს, რამე ზამბარას ხომ არ ჭირს? ვაზნები სწორად არის ჩალაგებული? რატო მეჩვენება რომ მიმწოდებელი გადახრილია? მოკლედ ჩემი აზრით ეს სულელუი ტრენდია, რომელიც იმედია მალე ჩაბარდება წარსულს. ჭრილები ან ანსვრეტები მჭიდზე საკმარისია რომ ჩანდეს რამდენი ვაზნა არის შიგნით.

241166990817_n

ასე გამოიყურება ETS-ის მჭიდი. პისტოლეტი კომპლექტდება 2 ცალით, 6 და 7 ვაზნაზე. ETS არ განეკუთვნება ტოპ-მწარმოებლებს, მაგრამ თუ არ მოგწონთ ესენი, პისტოლეტი იდეალურად მუშაობს Glock 43-ის მჭიდებთან.  ნარინჯის ფერი მიმწოდებელი, Federal Syntech-ის წითელი თავები, ქვიშის ფერი მჭიდის ხუფი და “შუშის” მჭიდის კორპუსი, უფრო გავს რაღაც სათამაშო იარაღის ნაწილს, ძველი თაობის და კონსერვატიულ იარაღის მოყვარულებს ის ნამდვილად არ მოეწონება. ზამბარის არათანაბარი შეკუმშვა კითხვებს აჩენს, მაგრამ ვინ იცის არაგამჭირვალ მჭიდებში ეს ზამბარები როგორ გამოიყურება. 

იმისთვის რომ ჩავიხედოთ პისტოლეტის შიგნით ის უნდა დავშალოთ და აქ გველოდება პირველი სიურპრიზი. პისტოლეტს არ აქვს რამე ჩამკეტი ან ღილაკი რომელზე დაჭერით უნდა დაიწყოთ მისი დაშლა. ასეთი რამ ამ პისტოლეტს არ გააჩნია. უბრალოდ გამოწიეთ საკეტი უკან, დააყენეთ შემაკავებელზე, დააჭირეთ საკეტის ხუფს და მოხსენით ის. შემდეგ ამოიღეთ  დამრტყმელის მოდული და მოხსენით საკეტი ჩარჩოდან.    საკეტის ხუფი ზემოქმედებს ჩარჩოს უკანა ნაწილში შესრულებულ ბჯენთან, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას წავიდეს წინ და მოძვრეს ჩარჩოს. ხუფს ადგილზე იჭერს დამრტყმელის ზამბარა. შესაბამისად ხუფზე დაჭერა და მისი მოხსნა საკეტიდან, გაძლევთ საშუალებას განაცალკევოთ საკეტი და ჩარჩო და ასევე ამოიღოთ დამრტყმელი რომ გაწმინდოთ მისი არხი.ამის შემდეგ ყველაფერი ტრადიციულად არის, მიოხსენით დამაბრუნებელი ზამბარა და განაცალკევეთ ლულა და საკეტი. პისტოლეტი მზად არის წმენდისთვის და მომსახურებისთვის. გენიალურად მარტივი სქემაა.

mosmc6

არასრულდ დაშლილი Mossberg MC1. 

დაშლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ MC1 არის Glock-ის პრაქტიკულად ზუსტი ასლი. რაიმეს დამატებით აქ თქმა შეუძლებელია. მექანიზმი პრაქტიკულად ერთი-ერთში იმეორებს გლოკის safe-action-ს, აქაც “მოსბერგის” კონსტრუქტორებმა არ დაიწყეს ბორბლის ხელახლა გამოგონება. სხვათაშორის ამ პისტოლეტის კონსტრუქციის ავტორი არის კოლტის ყოფილი ინჟიენერი გრეგ როუსემი.

mosmc4 ხედი “მოსბერგის” დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმზე, რომელიც პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდევა ავსტრიული “გლოკისგან”. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი მეტალის არის.

mosmc5

MC1-ის საკეტი ძალიან სუფთად არის დამზადებული, არსად არ ეტყობა ინსტრუმენტის კვალი. დამრტყმელის მცველი და ექსტრაქტორი დამაგრებულია საკეტში ხვეული პინით, რომელიც ზევიდან არის გაყრილი.

დეტალური შესწავლის შემდეგ, შემიძლია დაზუსტებით გამოვაცხადო, რომ MC1 არ ტოვებს ნედლი იარაღის შთაბეჭდილებას. პირიქით, კარგად ჩანს რომ კონსტრუქტორებამ საშინაო დავალება კარგად შეასრულეს.   დარწმუნებული ვარ, “მოსბერგი” მალე გამოუშვებს გაუმჯობესებულ ვერსიას, თუმცა მე მიჭირს ვთქვა, რა საჭიროებს გაუმჯობესებას, მე მგონია რომ მექანიკურ მცველზე უარს იტყვიან, ალბათ სხვა მჭიდებზე გაკეთდება არჩევანი, შეიძლება შეიცვალოს პლასტმასის ჩარჩოს ფორმა და ტექსტურა. დანარჩენში ეს პისტოლეტი არის კარგი უკვე თავის პირველივე თაობაში. მე მინახავს ახალი პისტოლეტები, რომლებსაც ეტყობათ რომ მწარმოებლებმა იჩქარეს და მერე იგებ რომ გამოჩნდა “ახალი” და “გაუმჯობესებული” ვარიანტი სადაც ყველა “ბაგი” აღმოფხვრილია, ეს აშკარად არ ეხება MC1-ს.

ეხლა რაც შეეხება სროლას და სიზუსტეს. როგორც უნდა ელოდებოდე ასეთი პატარა პისტოლეტისგან, სროლის დროს უკუცემა მნიშვნელოვანია, თუმცა მაგალითად მუხტებით 115 გრანიანი მსუბუქი ტყვიით, უკუცემის კონტროლი არ არის რთული.  პისტოლეტი ასევე გამოდგა ძალიან ზუსტი, არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ტიპიურ კომპაქტებს, როგორიც არის მაგალითად Glock 19.  რაც არ მომეწონა, მოხვედრის წერტილი იყო საკმაოდ დაბლა რაც სურათებიდანაც ჩანს. უმეტესობა პისტოლეტების ტესტირება სიზუსტეზე როგორც ვხვდები აღარ ხდება, ეს არის მოცემულობა რომელიც გვაქვს და ცხადია ეს არ არის კარგი. ჩვენ შემთხვევაში გამოსავალი არის დამიზნების წერტილის ან ტექნიკის ცვლილება. მძიმე ტყვიების გამოყენება ოდნავ წევს მაღლა მოხვედრის წერტილს მაგრამ აცდენა დამიზნების და მოხვედრის საშუალო წერტილებს შორის მაინც მნიშვნელოვანია.  პისტოლეტით უნდა შეძლო მცირე “წერტილოვანი” სამიზნეების დაზიანება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხვედრის და დამიზნების წერტილები იყოს ახლოს ერთმანეთთან ან იდეალში ზუსტად ერთმანეთს ემთხვეოდეს. სამწუხაროდ ახალ პისტოლეტებში სულ უფრო ხშირად მე ვხედავ, რომ ამას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ამავე დროს სამიზნი მოწყობილობები კარგად ხილვადია და შუქს კარგად ატარევბენ რის გამოც კარგი დამიზნება და ზუსტი სროლა ადვილია. MC1 არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი თუ არა ყველაზე ზუსტი მიკრო 9მმ-ნი პისტოლეტი რომელიც მე ოდესმე შემხვედრია, ვგულისხმობ ჯგუფების ზომებს.

20211011_192359

ნორმალური შედეგი 15 მეტრზე, ყველაზე იაფი Blazer 115gr FMJ მუხტით, რომელიც იყენებს ალუმინის მასრას. 

mc1 fiocchi

Fiochi 123 gr FMJ (წითელი კოლოფი) გამოდგა ყველაზე ზუსტი. (15მ)

20211011_193016 (1)

10 მეტრიანი სამიზნე შედარებით სწრაფი ტემპით სროლის შემდეგ სხვადასხვა მუხტებით.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ტესტები არის ზედაპირული და “არამეცნიერული” და მათი მიზანია შეგიქმნათ ზოგადი წარმოდგენა რამდენად კარგად ისვრის ესა თუ ის პისტოლეტი. რაც მთავარია, მთლიანად გარსით დაფარული (FMJ) სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა.  ტესტირების დროს ჩვენ ვიყენებდით მეტ წილად მხოლოდ გლოკის 6 ვაზნიან მჭიდებს, თუმცა არც ETS-ის მჭიდების ეპიზოდური გამოყენებისას რაიმე დაბრკოლებებს ადგილი არ ქონდა. ექსტრაქცია იყო პოზიტიური, მხოლოდ ალუმინის მასრიანი Blazer-ის გამოყენებისას, აშკარად შესამჩნევი იყო რომ მასრები იმდენას შორს არ მიფრინავდნენ. შეიძლება ითქვას რომ პისტოლეტს უჭირდა მასრების ექსტრაქცია, იქიდან გამომდინარე რომ მასრები პირდაპირ ფეხებთან ვარდებოდა. მოსალოდნელი იყო რომ ხანდახან საკეტი არ დგებოდა შემაკავებელზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კარგად ჩამალულია ჩარჩოში მაინც მას ედება ხელი და არ აძლევს საშუალებას აიწიოს ზევით, რომ საკეტი გააჩეროს ღია მდგომარეობაში.

ეხლა კრიტიკული ნაწილი. მარტო კარგზე ლაპარაკობენ ისინი ვინც ყიდიან იარაღებს და ხანდახან მეც მინდა ვიყო პოზიტიური და არ ვუყურებ საკმარისად კრიტიკულად იმ იარაღებს რომლებსაც მიმოვიხილავ. MC1-ის შემთხვევაში კრიტიკას იმსახურებს მჭიდების არჩევა და ამაზე უკვე დავწერე, ამიტომ აღარ გავმეორდები.  შემდეგი რაც არ მომეწონა ამ პისტოლეტში, არის ის რომ ლულა დახურულ საკეტზეც ცოტათი მოძრაობს როგორც მივხვდი პატარა ჰორიზონტალური “ლუფტი” აქვს  და ამიტომ გამოსცემს კაკუნის ხმას. ზოგადად ავტომატურ პისტოლეტებში დაშვებები დეტალებს შორის ნორმალურია და აუცილებელია საიმედო ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ჯერ აქამდე მე ვერ ვიხსენებ, რომ დახურულ საკეტზე ლულა გამოსცემდეს ხმებს, იმიტომ რომ ჩაკეტილ მდგომარეობაში მას აწვება საკეტი დამაბრუნებელი ზამბარით და იქ თავისუფლად არაფერი არ დადის. თუ დააწექი თითით ლულას ნებისმიერ პისტოლეტზე (გარდა საასპარეზო მოდელებისა) დაინახავ, რომ ის მოძრაობს მაგრამ ასე ხმას გამოსცემდეს, მაგალითად სიარულისას, მე ვერ ვიხსენებ რამე ესეთი მენახოს. რატომ არის ასე არ ვიცი, შეიძლება კონსტრუქციული თავისებურებაა, მაგრამ ფაქტია რომ პისტოლეტი ზუსტად ისვრის და ამ თავისებურებას შესამჩნევი გავლენა სიზუსტეზე არ აქვს.  სასხლეტი თავიდან არ მომეწონა მაგრამ საბოლოო ჯამში მასთან დიდი პრეტენზიები არ მაქვს, ის ნორმალური და ადეკვატურია. პისტოლეტი მსუბუქი მუხტებით ისვრის ოდნავ ქვემოთ, მაგრამ უფრო მძიმე ტყვიიანი მუხტით, დამიზნების წერტილი უფრო ახლოს არის მოხვედრის წერტილთან. მცველის უჩვეულო განლაგება ითხოვს მიჩვევას, მაგრამ მგონი ჩემი რჩევა უნდა იყოს, თუ აუცილებლობა არ არის და მაინცდამაინც არ გინდათ მექანიკური მცველი, ჯობია იყიდოთ მოდელი მცველის გარეშე. მიაქციეთ ყურადღება, როგორც ჩანს ქარხნულ კონფიგურაციაში, ის დაყენებულია ისე რომ ითიშებოდეს მარჯვნიდან დაჭერით (საჩვენებელი თითით) და ირთვებოდეს შესაბამისად მარცხნიდან დაჭერით (დიდი თითით). რეალურად, ჩემი აზრით უმჯობესია ის ითიშებოდეს მარცხნიდან დაჭერით დიდი თითით (თუ იარაღი გიჭირავთ მარჯვენა ხელში) რაც ბევრად უფრო მოსახერხებელია. რაც მთავარია მცველის მიმართულების შეცვლა საერთოდ არ არის რთული. ეს დეტალი (მცველი) ითხოვს მიჩვევას და ტესტირებას, რომ დარწმუდნეთ რომ ისე არ მოხდეს, რომ ის “თავისით” ჩაირთოს ან გამოირთოს რაიმე მანიპულაციების დროს. პრაქტიკა არის ყველაფერი და იმისთვის რომ ასეთი მიკრო 9მმ-ნი პისტოლეტები ეფექტურად გამოიყენოთ, პრაქტიკა არის აუცილებელი.

საბოლოო ჯამში “მოსბერგის” ეს ახალი პისტოლეტი, უდაოდ არის ჩემთვის პირადად წლის მოულოდნელობა და სასიამოვნო სიურპრიზი. როგროც წესი ასეთი დებიუტები მწარმოებლებს არ გამოსდით ხოლმე და როგორც კი გადაივლის სარეკლამო აურზაური აღმოჩნდება, რომ ახალ იარაღს აქვს სერიოზული პრობლემები და საჭიროა მისი კონსტრუქციის გაუმჯობესება, მოსბერგმა როგორც ჩანს ეს “ტრადიცია” დაარღვია რაც ძალიან კარგია. მე დარწმუნებული ვარ, რომ პისტოლეტი გამოდგება როგორც საიმედო იარაღი თუმცა იმის გამო რომ ის ახალია, არ არის ბევრი აქსესუარი და “აფტერმარეტ” დეტალი და ჯერ ჯერობით მხოლოდ ორი მოდელი და ერთი კალიბრია ხელმისაწვდომი, შეიძლება ის არ იყოს ისეთი “გაპიარებული” და მასობრივად გავრცელებული, როგორც მისი კონკურენტი – Glock 43. ამ ეტაპზე ცალახად მე ეს პისტოლეტი ერგონომიულობის თვალსაზრისით მირჩევნია Glock 43-ს, მაგრამ გასარკვევია როგორ აჩვენებს ეს პისტოლეტი თავს, გრძელვადიან ექსპლუატაციაში, ჯერ-ჯერობით გამოხმაურებები პოზიტიურია მაგრამ საჭირო არის დრო, რო ყველაფერი ბოლომდე გაირკვეს.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. MC1  არის მიკრო 9მმ-ნი პისტოლეტი, რომელიც პირდაპირ კოლოფიდან პრაქტიკულად არ საჭიროებს არაფერს, რომ დაიწყოთ მისი გამოყენება. ის იყენებს გამოცდილ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და კარგ მასალებს, დამზადების ხარისხი მაღალია და აქიდან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაშიც მას არ უნდა ქონდეს რაიმე პრობლემა. სასურველია ასევე მოიმარაგოთ ორიგინალური გლოკის წარმოების მჭიდები, რომ იყოთ დარწმუნებული, რომ გაქვთ საუკეთესო ქარხნული წარმოების მჭიდები (MC2 იყენებს იტალიური წარმოების მეტალის ორ რიგიან მჭიდებს). ფასით ის სტატიის დაწერის მომენტისთვის არის ყველაზე ხელმისაწვდომი ამერიკული/ევროპული წარმოების პისტოლეტი, რომელიც იყიდება საქართველოში, ფასები მერყეობს 1800 ლარიდან 2500 ლარამდე, გააჩნია მოდელს და კომპლექტაციას.

20211008_002312



დატოვეთ კომენტარი