Remington-ის ნახევრად ავტომატური შაშხანები “Woodsmaster”.

740n_p15

რამდენიმე დღის წინ მე მქონდა შესაძლებლობა ძალიან ახლოს გამეცნო Remington 750 Woodsmaster-ი. ვინც არ იცით, ეს არის ნახევრადავტომატური შაშხანა, რომლის ისტორია ჯერ კიდევ 50-ან წლებში დაიწყო და დასრულდა 2015-ში, როდესაც რემინგტონმა შეწყვიტა მისი წარმოება. უნდა აღვნიშნო, რომ რომ ამ ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი (მოდელები 740, 742 და 7400) მაინც და მაინც დიდი პოპულარობით, ყოველ შემთხვევაში ამერიკის გარეთ არ სარგებლობდნენ. იუთუბზე ძალიან ცოტა ვიდეო არის ამ ტიპის იარაღებზე, მუხედავად იმისა, რომ პრინციპში იარაღების ეს ოჯახი არის საკმაოდ მცირერიცხოვანი, ვგულისხმობ რა თქმა უნდა წმინდა სანადირო ნახევრად ავტომატურ შაშხანებს. თავისთავად ცხადია მე დამაინტერესა, რატომ ლაპარაკობენ ასე ცოტას იარაღებზე რომელიც მინიმალური ცვლილებებით 60 წელზე მეტი გამოდის და თანაც ასეთ ცნობილ სახელს ატარებს. სულ მალე მე აღმოვაჩინე, რომ ნომერ პირველი პრობლემა, რომელსაც აწყდებით ამ იარაღზე ინფორმაციის ძიებისას, გახლავთ ის, რომ ეს იარაღები როგორც ჩანს არ გამოირჩევიან საიედოობით,  თვისებით, რომელიც ჩემი აზრით არის კრიტიკული, მათ შორის კრიტიკული ნებისმიერი დანიშნულების ცენტრალური აალების შაშხანისთვის.  ამავე დროს ჩემი გამოცდილებით, დიდი მწარმოებელი იშვიათად უშვებს 60 წელ ნედლ იარაღს, რომელიც უბრალოდ ცუდი კონსტრუქციის არის. ასეთი რამეები შეიძლება მოუვიდეს პატარა/დამწყებ კომპანიებს, მაგრამ ამერიკის უძველესი და უმსხვილესი იარაღების მწარმოებელი 60 წელი არ გამოუშვებდა ცუდი კონსტრუქციის მქონე იარაღს, ესეიგი საქმე არა ზოგადად ცუდ კონსტრუციაშია, არამედ , როგორც წესი რამე ერთ ფაქტორში, რომელიც ხელს უშლის იარაღს იმუშაოს ისე როგორც საჭიროა. თანაც რემინგტონს დაჭირდა 11 წელი ამ იარაღის შესაქმნელად. მე მაინტერესებდა რაში იყო საქმე და   გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა და თანხაც გამოყოფილი ამ იარაღის შესაძენად.

“ვუდსმასტერის” კონსტრუქციას, რომ შევხედოთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ის განიცდიდა მეტ წილად მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს და მცირე ცვლილებებს კონსტრუქციაში. ამ  ოჯახის პირველი წარმომადგენელი, მოდელი 740 წავიდა სერიაში 1955 წელს ხოლო ამ ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენლის, მოდელი 750-ის წარმოება შეწყდა 2015-ში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება და შეიცვალა საკეტის თავის კონსტრუქცია დაწყებული მოდელი 7400-დან. 19 პატარა საბრძოლო ბჯენი შეიცვალა შედარებით უფრო მასიური 4 საბრძოლო ბჯენებიან კონსტრუქციაზე, ეს არის და ეს. დაანრჩენში ეს იარაღები მეტ წილად იდენტურია, მათ შორის მოდიფიკაციებით. მხოლოდ ვარიანტები გრძელი 22 ინჩიანი და მოკლე 18 1/2 ინჩიანი ლულებით (კარაბინი). ცხადია ამდენი წლის განამვლობაში შესრულებების ვარიანტები მრავალია ისევე როგორც სხვადასხვა შეზღუდული სერიის და საიუბილეო მოდელები. ფურნიტურა ძირითადად ორი ვარიანტის იყო,  კაკლის ხის და 1998 წლიდან პლასტმასის, მაგრამ გამოდიოდენს “ვუდსმასტერები” ასევე ლამინირებული ფურნიტურით. შესრულებების ინდექსები იყო ტრადიცული რემინგტონის იარაღებისთვის: A – სტანდარტული შესრულება, ADL – “დე ლუქს” შესრულება, BDL – “დე ლუქს განსაკუთრებული”, C, CDL და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში ეს გრეიდები მოდლიდან მოდელამდე იცვლებოდა ისევე როგორც კონკრეტული გრეიდით შესრულებული მოდელის დასახელებებიც, მაგრამ ძირითადი მოდელებია 740, 742, 7400 და 750.

rem7X

742-მა შეცვალა 740 1960 წელს, 7400 წარმოება დაიწყო 80-ან წლებში, ხოლო 750-ის 2006 წელს.

უნდა ვივარაუდო. რომ საქართველოში ხელმისწვდომია მხოლოდ მოდელი 750, რომელიც მე შემხვედრია ადრეც. “ვუდსმასტერი” უფრო ადრინდელი მოდელები არ მინახავს, მაგრამ შეიძლება დიდი ყურადღებასაც არ ვაქცევდი მათ და ამიტომ არ შემიმჩნევია. ეს იარაღები გამოდიოდნენ ბევრ კალიბრში, მაგრამ ჩვენთან ყველაზე გავრცელებული წესით უნდა იყოს .308 Win, როგორც ეს კონკრეტული შაშხანა, რომელიც მე შევიძინე. რაც დანანმდვილებით ვიცი, ამ იარაღებს რემინგტონი არ უშვებდა მაგნუმ კალიბრებში.

იარაღის კონსტრუქციის ავტორი იყო ლ. რეი კრიტენდონი. კონსტრუირების საწყისი წერტილი იყო რემინგტონის 28 კალიბრის გლუვლულიანი თოფი 11-48, აქიდან “ვუდსმასტერის” თვალში საცემი ვიზუალური და კოსნტრუქციული მსგავსება ტიპიურ ნახევრად-ავტომატურ სანადირო თოფთან. ახალი ნახევრად-ავტომატის და მისი ტყუფისცალი “პომპის” შექმნა პარალელურად მიმდინარეობდა.

გადატენვისთვის ეს იარაღები იყენებენ დენთის აირების ენერგიას ხოლო საკეტი ამ იარაღებში იკეტება ბრუნვით და პირდაპირ ლულაზე განლაგებულ კილოებში, რაც დღემდე მიღებული პრაქტიკაა. დენთის აირების სისტემა განლაგებულია ლულის ქვეშ და რბილად რომ ვთქვათ განსხვავდება ყველაფრისგან, რაც მე აქამდე მქონდა ნანახი. დგუშის როლს ასრულებს მასიური დეტალი, რომელიც ზევით-ქვევით ქანაობს და პინით დამაგრებულია ორ მიმმართველზე, რომლებიც ასრულებენ დგუშის ღერძის როლს. დენთის აირების კამერა, კვადრატული ფორმის მიდუღებულია ლულაზე, ხოლო აირების გამოსასვლელი არის მეტალის მოკლე მილაკი დამაგრებული კამერაში ერთი პატარა ხრახნით. დგუშის შორის, ლულის ქვეშ განლაგებულია დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი. ეს მაგონებს გარანდის/M14-ის კონსტრუქციას.  დგუშის ღერძები დაკავშირებულია საკეტთან, რაც ტექნიკურად ალბათ ამ სისტემას აქცევს დგუშის გრძელ სვლიან სისტემად, რახან პირობითი დგუში, გადის იგივე მანძილს რაც საკეტი.

20210323_150630

ასე გამოიყურება დენთის აირების სისტემა. დგუში არის გადატიხრული მეტალის ნახევრად ცილინდრი. ეს ტიხარი იღებს დენთის აირების დარტყმას და უზრუნველყოფს საკტის მოძრაობას. “რემინგტონში” ამ სისტემას დაარქვეს “power-matic”. 

20210323_152121

დენთის აირების ბლოკი თავისი მილაკით. მინიმალისტური, მარტივი კონსტრუქცია.

დღევანდელი სტანდარტებით, ეს სისტემა უცნაურდ გამოიყურება, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ეს სისტემა რეალურად 50-ანი წლებიდან არის, როდესაც ამერიკაში გარანდის შაშხანა განიხილებოდა, როგორც ტექნოლოგიური საოცრება, ხოლო რემინგტონის წინა თაობის ნახევრად-ავტომატური იარაღი საერთოდ იყენებდა სქემას მოძრავი ლულით და ბევრად უფრო რთული და შესაბამისად ძვირი იყო დამზადებაში. ამიტომ 50-ნი წლების სტანდარტით ეს სქემა იყო ალბათ ფუნქციონალური პრიმიტივიზმის ნიმუში. მარტივი, ადვილად დასამზადებელი დეტალებისგან შემდგარი კონსტრუქცია. ამის შედეგად წარმოების მხოლოდ 2 წელში, “რემინგტონმა” უფრო მეტი “ვუდსმასტერი” გამოუშვა, ვიდრე მისი წინადმორბედი “რემინგტონ 8″ და “81″ 44 წლის განმავლობაში!

ასევე ერთი შეხედვა ამ იარაღზე საკმარისია, რომ მიხვდე: რემინგტონს უნდოდა ნახევრად-ავტომატი, რომელსაც ექნებოდა ისეთივე იარაღის სახელმძღვანელო, როგორც მის პომპებს და ნახევრად ავტომატურ თოფებს. რესივერი, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, კონდახი პრაქტიკულად არ განსხვავდება რემინგტონ 870-სგან. თავისთავად ცხადია, რომ აქ არ გამოდგებოდა გლუვლულიან იარაღში, ლულის რესივერში ფიქსაციის მეთოდი, ამიტომ ლულის ქანჩი აქ პირდაპირ ამაგრებს ლულას რესივერში და გნალგებულია რესივერის წინ, ლულის ქვეშ, დგუშის “ღერძებს” შორის. იარაღის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, აბსოლუტურად კრიტიკულია, რომ ეს ქანჩი იყოს კარგად გადაჭერილი.

20210325_122402

Remington 750 და Remington 870.  აშკარად ჩანს, რემინგტონის მცდელობა ორი მოდელის მაქსიმალური უნიფიკაციის რაც მიანც და მაინც ცუდი არ არის მომხმარებლის თვალსაზრისით. იდენტური იარაღის სახელმძღვანელო და ერგონომიკა ნიშნავს რომ თუ მიეჩვიე ერთს, ეგრევე შეძლებ მეორის გამოყენებასაც.

7600

მსგავსება “პომპასთან” იმდენად აშკარაა, რომ მე არ გამიკვირდა, რომ “რემინგტონი” უშვებდა შაშხანას პომპის მექანიზმით, მოდელ 7600-ს. 

“რემინტონის” შაშხანის ასეთი კონსტრუქცია, განაპირობებს იმას, რომ იმისთვის, რომ ამოიღოთ საკეტი, უნდა მოხსნათ ლულის ქანჩი, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ არის დამაგრებული და თანაც ქარხანაში დაფიქისრებულია ლოქტაიტით, შემდეგ მოხსნათ ლულა. მე ვერ მივხვდი როგორ მივუდგე ამ ქანჩს, სპეც. ინსტრუმენტის გარეშე ისე, რომ არ გავრისკო დგუშის “ღერძების” დაზიანება, ეს ღერძები თხელი მეტალის ფირფიტებია და ერთი მოუხერხებელი მოძრაობა და იარაღი შეიძლება დაზიანდეს. ასეთი რამე დღევანდელი სტანდარტებით, უკვე მიუღებელია, ითვლება, რომ იარაღი ადვილად და ინსტრუმენტების გარეშე უნდა იშლებოდეს ხოლო აქ რეალურად ყველაზე დაბინძურებულ ადგილებს ვერც მიუდგები, თუ ჯერ არ მოხსენი ხრახნი რომელიც ამაგრებს ტიბჟირს, შემდეგ არ ამოაგდე პინი, რომელიც აფიქსირებს დამაბრუნებელი ზამბარის ღერძს დენთის აირების ბლოკზე და უკვე შემდგომ, სპეციალური ინსტრუმენტით არ მოხსენით ლულის ქანჩი, რომლის მოხსნაც მე პირადად ვერ გავბედე. ამის მერეც ყველაფერი არ მთავრდება.  საკეტი რომ ამოიღოთ, უნდა მოხსნათ საკეტის სახელური, დამაგრებული საკეტის მატარებელზე  პატარა პინით, რომელსაც რომ მიუდგეთ დაგჭირდებათ, გამადიდებელი შუშა რომ ჯერ ის იპოვოთ. სხვანაირად უბრალოდ ვერ მიხვდებით სად გამოიყენოთ პანჩი, რომ ის პინი ამოაგდოთ. მოკლედ ამდენი სიტყვების წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით, რომ “ვუდსმასტერის” დაშლა სერიოზული თავის ტკივილია. რემინგტონში ეს ესმოდათ და ჭრილი რესივერში სადაც მოძრაობს საკეტი აღჭურვეს თხელი მოძრავი ფირფიტით, რომელიც იცავს რესივერს შიგნით უცხო სხეულების მოხვედრისგან. ობიექტურად, რომ მოხსნათ იარაღს მჭიდი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული, შესაძლებელია რესივერის და საკეტის ასე თუ ისე გაწმენდა, საკეტის მოხსნის გარეშე. რომ არა ლულის ქანჩის კონსტრუქცია მოდელ 750-ში (ადრინდელ მოდელებში ის სხვა კონსტრუქციის და უფრო ადვილად მოსახსნელი იყო) და მიკროსკოპული პინი, რომელიც იჭერს საკეტის სახელურს, მე ვიტყოდი, რომ ეს იარაღი ადვილი დასაშლელია. მაგრამ გავმეორდები, 50-ნი წლებისთვის, რაციონალური კონსტრუქცია, ტექნოლოგიურობა და სიმარტივე მართლა მაღალ დონეზეა და ვიღაცამ “რემინგტონში” საშინაო დავალება მაინც კარგად შეასრულა.

20210323_151512

ხედი რესივერის ქვევიდან. კარგად ჩანს საკეტის მატარებელი, საკეტი, დამრტყმელი, ჭრილი საკეტში რომელიც უზრუნველყოფს მის ბრუნვას, საბრძოლო ბჯენები და ჭუჭყისგან დამცავი ფირფიტა, რომელიც საკეტთან ერთად მოძრაობს.  რესივერი ფოლადის არის და შესაძლებელია მასზე ოპტიკის სამაგრის დაყენება. სხვათაშორის საკეტის თავი წინიდან ძალიან გავს რემინგტონ 700-ის ანალოგიურ დეტალს, ეჟექტორის კონსტრუქციაც ანალოგიურია.

“ვუდსმასტერის” კონსტრუქციის პლიუსებს განეკუთვნება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც შესრულებულია ერთ მოდულად და მაგრდება რესივერში ორი პინით. მასზევე განლაგებულია მჭიდის საკეტელაც, რომელიც არც თუ ისე მოსახერხებელია და არც თუ ისე გამართულად მუშაობს. ხანდახან ის უბრალოდ იჭედება და მჭიდს ვერ ხსნი. ასევე დღევანდელი სტანდარტებით უჩვეულო გადაწყვეტილებაა, საკეტის შემაკავებლის განლაგება მჭიდზევე. სტანდარტული ტევადობის მჭიდები (4 ვაზნა) ამ მოწყობილობით აღჭურვილია, გაზრდილი ტევადობის (10 ვაზნა) აღარ. მცველი, ასევე არის განლაგებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზის კორპუსზე და წარმოადგენს გაყრილ ღილაკს, ისიც იდენტურია მაგალითად რემინგტონ 870-ზე გამოყენებული ანალოგიური დეტალის.

750 trigger

7400-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. ის იდენტურია ანალოგიური დეტალის ბევრ სანადირო ნახევრად-ავტომატში და “პომპაში”.  წინა ნაწილში განლაგებულია ძალიან პატარა ზომის და საკმაოდ მოუხერხებელი მჭიდის საკეტელა. მცველის ღილაკი სასხლეტის უკან არის განლაგებული. 

მიუხედავად უცნაური კონსტრუქციისა, აქამდე მე ვერ აღმოვაჩინე რამე რაც მეტყოდა, რომ აი ამის გამო ეს იარაღები სარგებლობენ ასეთი არასაიმედო იარაღის რეპუტაციით. როგორც უკვე ხვდებით, პრობლემების წყარო იმალება მჭიდში. პირველი რაც მე შევამჩნიე იყო ის, რომ მჭიდზე არ იყო მარკირებები, არა და ეს იარაღი ბევრ კალიბრში გამოდის, მათ შორის გრძელ და მოკლე საკეტიანი ჯგუფებით. აღმოჩნდა, რომ მჭიდი ერთი ზომის არის ყველასთვის. .308 კალიბრის ვაზნების ჩალაგებისას მე პირველ რიგში გავიფიქრე რომ ეს სხვა იარაღის მჭიდია, იმდენად დიდი ადგილი იყო შიგნით. გარდა ამისა, მჭიდის კორპუსი იყო ძალიან თხელი მეტალისგან დამზადებული. სიმართლე გითხრათ  ასეთი დაბალი ხარისხის მჭიდი მე არ მინახვას მას მერე რაც 10 ვაზნიანი .223 კალიბრის გამჭირვალე DPMS-ის მჭიდი მზეზე დებისგან გახურდა და ისე დარბილდა, რომ  ზამბარამ გარეთ ამოყარა ვაზნები.  მარტივმა ფუნქციონალურმა შემოწმებამ ეგრევე აჩვენა, რომ მჭიდი დეფექტურია, ვაზნები შიგნით უბრალოდ არ ჩერდებოდა და ზამბარას ძალა არ ყოფნიდა რომ ვაზნა აეწია მიწოდების ხაზზე.  ყველაფერი, რაც შეიძლება ცუდი კონსტრუქციის  მჭიდს ჭირდეს, იყო წარმოდგენილი ამ იარაღის 10 ვაზნიან მჭიდში.   არასაიმედო ხუფის ფიქსაცია, თხელი კედლები, სუსტი ზამბარა, მიმწოდებელი რომელიც ადვილად იბრიცებოდა. მჭიდი არის კრიტიკული ნაწილი ნახევრად ავტომატურ იარაღში. ხოლო ასეთი მჭიდით იარაღი უბრალოდ ვერ იმუშავებს.  კვების ცუდი მექანიზმი, გართულებული დაშლა/აწყობა და მიიღებთ იარაღს, რომლის წარმატებული ექსპლუატაცია შეუძლია მსროლელების შედარებით მცირე ჯგუფს, ვინც: ა) მოუვლიან ამ იარაღს და უზრუნველყოფენ მის სრულ ტექნიკურ გამართულობას ბ) უზრუნველყოფენ ფაქიზი მჭიდების სწორ ექსპლუატაციას. რატომ უნდა იტკიო ამაზე თავი? პირველ რიგში იმიტომ, რომ “ვუდსმასტერი” ერგონომიული თვალსაზრისით მართლა კარგი სანადირო იარაღია. ის მოსახერხებელი, თხელი და მსუბუქია. ასეთი იარაღები მონადირეებს უყვართ. მეორე რიგში ის ხელმისაწვდომია. ის უფრო იაფი ღირდა ვიდრე პრაქტიკულად ნებისმიერი მისი ანალოგი. ამერიკაში,  მეორადი “ვუდსმასტერი” შეიძლება იშოვო 300-400 დოლარად, იდეალურ მდგომარეობაში. ასეთი დაბალი ფასი განპირობებულია იმით, რომ ჯამში გამოშვებულია 2.5 მილიონი “ვუდსამასტერი”!

20210323_220415 (1)

მჭიდს ეტყობა რომ გაძვრა ხუფი, რომელიც პერმანენტულად დამაგრებულია მჭიდის კორპუსზე და წინა პატრონმა, როგორც შეეძლო ის დაამაგრა მომძვრალი ხუფი. ერთ ადამიანმა მომიყვა რომ ეს ახალი მჭიდი ეგრევე დაიშალა, როგორც კი ის ამოიღო შეფუთვიდან. 

იყო რემინგტონი ინოვაციური? უდაოდ იყო. ის შეიქმნა 12 წლით ადრე ვიდრე ჯონ ბრაუნინგის შვილიშვილის ბრიუს უორენ ბრაუნნგის მიერ შექმნილი Browning BAR, იარაღი, რომელიც ბევრისთვის დღემდე არის სანადირო ნახევრად-ავტომატური შაშხანის იდეალი. მან ასევე დაასწრო ვინჩესტერ მოდელ 100-ს, რომლის წარმოება დაიწყო 1961 წელს და 70-ან წლებამდე გრძელდებოდა. მოწონებას ასევე იმსახურებს მარტივი, ტექნოლოგიური კონსტრუქცია (მართალია 50-ნი წლებისთის), უნიფიკაცია სანადირო თოფებთან, მცირე მასა (3.4 კგ), ლაკონური/მინიმალისტური დიზაინი, მაგრამ ეს თოფი მორალურად მოძველდა 90-ნი და 2000-ნი წლებისთვის,  როგორც ჩანს მჭიდის დახვეწას დრო არ დაეთმო, რაც უცნაურია იმის ფონზე, რომ მოდელიდან მოდელამდე მჭიდის კონსტრუქციაც იცვლებოდა, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში “რეინგოტნში” ვერ შეძლეს საიმედო კონსტრუქციის მჭიდის შექმნა “ვუდსმასტერისთვის”.  რის გამოც იარაღი, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი 60 წელია უშვებდა, დარჩა მეტ წილად შეუმჩნეველი და აღიარების გარეშე. მე ბევრი იარაღი, შემიძლია დავასახელო, რომელიც აღიარების გარეშეც დიდი რაოდენობით იყიდებოდნენ და მრავალი წელი გამოდიოდნენ მაგრამ აქ არის ერთი დიდი განსხვავება, თუნდაც რუგერის P სერიის პისტოლეტები, რომლებზეც მიუხედავად გამოშვებული რაოდენობისა არ წერდნენ სტატიებს და არ იღებდნენ კინოებში, გამოირჩეოდნენ რესურსით და საიმედოობით, რასაც როგორც მე ვატყობ ვერ იტყვი რემინტონის ამ შაშხანებზე. თუმცა იმ ცოტა ვიდეოს კომენტარებში რაც “იუთუბზეა” მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც წერენ, რომ ისინი ან მათი მამები და ბაბუები წლები და ათწლეულები ნადირობდნენ ამ იარაღებით.

სიზუსტეზე ვერაფერს ვერ დავწერ, იმიტომ რომ ამ იარაღიდან სროლა ვერ მოვახერხე, ნაწილობრივ უამინდობის და ნაწილობრივ იმის გამო, რომ იარაღის მჭიდი იყო მწყობრიდან გამოსული და ვერ აწვდიდა ვაზნებს მიწოდების ხაზზე. ნაწილობრივ იმითაც, რომ გული მქონდა დაწყვეტილი, რომ სრულ მის რესტავრაციას ვერ მოვახერხებდი საკუთარი ძალებით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ იარაღის სიზუსტე იქნება აბსოლუტურად საკმარისი ტყეში სანადიროდ, სადაც სროლის მანძილი იშვიათად აღემატება 100-150 მეტრს. ის ასევე არ არის high-speed low-drag ტაქტიკური იარაღი, მინიატურული მჭიდის ღილაკი, სასაცილოდ პატარა საკეტის სახელური, არანაირად ხელს არ უწყობს მჭიდების სწრაფ გამოცვლას და გადატენვებს. ეს არის ტყის იარაღი, სადაც ადამიანი ერთ გასვლაზე 4-5 ვაზნას ისვრის და დროის დიდი ნაწილი სეირნობს ტყეში. ის არის კლასიკური, თუ გნებავთ ძველი სკოლის სანადირო იარაღი, ქარაქტერით და ისტორიით. ეს არის და ეს.

თქვენ ალბათ შეამჩნევდით სურათებიდან, რომ იარაღზე ზედპირული კოროზიის ნიშნებია. საქმე იმაშია, რომ ეს იარაღი, რაღაც პერიოდი სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ჩემი ნება, რომ იყოს სახელმწიფოს გატეხილ ჭიქასაც არ ვანდობდი. ამ შაშხანასაც არ გაუმართლა და არასათანადო შენახვისას ის ნელ-ნელა ხდებოდა კოროზიის მსხვერპლი. მისი სრული აღდგენის უშედეგო მცდელობის შემდეგ მე მივხვდი, რომ  აღარ მინდოდა დროის და ფულის ხარჯვა ამ იარაღზე, ამიტომ ის გადავეცი სხვა ადამიანს, თუმცა თავიდან სხვა გეგმები მქონდა. რეალობაში აღმოჩნდა, რომ სახლის პირობებში ასეთი იარაღის აღდგენა იყო შეუძლებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში დაფარვის აღდგენას. მოუგვარებელი იყო ასევე მჭიდის საკითხიც, ასე, რომ გადავწყვიტე ეს წარუმატებლობის მწარე აბი გადამეყლაპა და მოძრაობა გამეგრძელებინა.  შეცდომის ფასი? ზუსტად 1000 ლარი რომელიც მე ვიზარალე. შესაბამისად ამ სტატიის ღირებულება, რომელსაც თქვენ ეხლა კითხულობთ,  1000 ლარია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ასეთი ზარალი იშვიათია, უმეტეს წილად იარაღიდან იარაღამდე დანაკარგი არ აღემატება რამდენიმე ასეულ ლარს. რას გააკეთებ? მათ შორის ხანდახან ოთხნიშნა თანხების გადახდაა საჭირო, რაღაცაში მართლა რომ გაერკვიო. აქვე ყველა მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სახელმწიფოს მიერ გასაყიდად გამოტანილი ქონება, ამ შემთხვევაში იარაღი, არის უკეთეს შემთხვევაში სარემონტო, უარეს შემთხვევაში სახიფათო მომხმარებლისთვის, მიუხედავად ამისა წლებია გრძელდება ასეთი იარაღებით ვაჭრობა, ელექტონულ აქუციონზე და საცალო გაყიდვების მაღაზიათა ქსელში. ასევე გვიან მოვიდა ჩემთან გააზრება, რომ სხვისთვის წართმეული ქონების გამოსყიდვა მე მაინც და მაინც არ მხიბლავს. მოკლედ ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე, გაკვეთილი ათვისებულ იქნა და თქვენც ამის შესახებ მოგიყევით.  იმედს ვიტოვებ ამ იარაღის ახალი პატრონი მიანდობს აღდგენის საქმეს პროფესიონალებს და ეს იარაღი მას დიდიხანი მოემსახურება. ასევე მე მომეცა საშუალება ახლოდან მენახა საკმაოდ საინტერესო და ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ საკმაოდ იშციათი იარაღიც და შემდგომ ამის შესახებ თქვენთვის მეამბა.



დატოვეთ კომენტარი