ყველაზე უჩვეულო გლოკი – Glock 19X

20210213_112531

წლების, შეიძლება ითქვას ათწლეულების განმავლობაში, ავსტრიული მწარმოებლის, გლოკის ყველა პისტოლეი მეტ წილად იყო ერთნაირი და ყველა იყო პირდაპირი შთამომავალი პირველი გლოკის, გლოკ 17-ის, რომლისგანაც ყველა დანარჩენ გლოკს ერგო პრაქტიკულად უცვლელი კონცეფცია და კონსტრუქცია, პოლიმერის ჩარჩო, ჩაკეტვის სქემა, დიდი ტევადობის ორ-რიგიანი მჭიდი და სხვა თვისება, რაც გამოარჩევდა ყველა გლოკის პისტოლეტს. დროთა განმავლობაში იზრდებოდა კალიბრების ნომენკლატურა, ჩნდებოდა ახალი ვარიანტები ჩარჩოს და საკეტის ზომების მიხედვით, მაგრამ უმეტესობა გლოკების იყო ოთხ ვარიანტში, სუბ-კომპაქტური, კომპაქტური, სტანდარტული, ტაქტიკურ-სპორტული და ორი ტიპის ჩარჩოთი, დიდი ჩარჩო გათვლილი .45ACP-ზე და .10mm Auto-ზე და სტანარტული ჩარჩო გათვლილი დანარჩენ კალიბრებზე. არსებობდა მხოლოდ ერთი „არასტანდარტული“ გლოკი, 2000 წელს გაშვებული წარმოებაში და ეს იყო .45 კალიბრის მოდელი 36, რომელიც იყენებდა ერთ რიგიან მჭიდს და არასტანდარტულ ჩარჩოს. ეს მოდელი არასდროს არ სარგებლობდა განსაკუთრებული პოპულარობით განსხვავებით დანარჩენი მოდელებისა.

პრაქტიკულად 4 თაობის და 4 ათწლეულის განმავლობაში, ეს მოცემულობა იყო უცვლელი. თავის მხრივ მომხმარებლები ეხვეწებოდნენ გლოკს გამოეშვა პისტოლეტები სხვა შესრულებით, მაგრამ ისეთივე მარტივი, გამძლე და საიმედო, როგორც გლოკის დანარჩენი პისტოლეტები აქიდან ალბათ ყველაზე მეტი ხვეწნა და მუდარა მოდიოდა ცალრიგიან .45 კალიბრის გლოკზე.

ყველაფერმა დაიწყო რადიკალურად ცვლილება 2014 წელს, როდესაც გლოკმა წარადგინა პირველი თავის ისტორიაში, ნამდვილად განსხვავებული პისტოლეტი, .380 კალიბრის სუბ-კომპაქტური გლოკ 42, რომელიც არ გავდა არაფერს რასაც გლოკი აქამდე უშვებდა. პისტოლეტი იყენებდა უნიკალურ ჩარჩოს, რომელიც იყო გათვლილი ერთ-რიგიან 6 ვაზნიან მჭიდზე და ამიტომაც იყო ძალიან თხელი და შესაბამისად იყენებდა არასტანდარტულ ჩარჩოს. ასევე მიუხედავად კალიბრისა, ახალი გლოკი მაინც იყენებდა სქემას გადაბმული ლულით. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი რაც განასხვავებდა ახალ პისტოლეტს. ალბათ პირველად თავის ისტორიაში მოხდა გლოკის კონსტრუქციის მნიშვნელოვანი გადახედვა. გლოკ 42-ში იყო განსხვავებული კონსტრუქციის დამრტყმელის მცველი, ასევე შეიცვალა დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქცია, სადაც დამშვების ზამბარა მუშაობდა არა გაწელვაზე, არამედ შეკუმშვაზე. შეიცვალა ასევე საკეტის დამჭერის ზამბარა, V ფორმის ბრტყელი ზამბარა შეიცვალა ხვეული ზამბარით. გლოკ 42-ს დახვდნენ ძალიან დიდი თავშეკავებით, მაგრამ მცირე დროში, მსროლელებმა შეაფასეს ახალი პისტოლეტის თვისებები, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო ძალიან კომპაქტური, ის ასევე იყო ძალიან ზუსტი და კომფორტული სროლაში. რაც მათ შორის აღვნიშნე მე, როდესაც დავწერე რომ ეს არის ჯიბის პისტოლეტი, რომლიდანაც სროლა ისეთივე ადვილი და კომფორტულია როგორც სრული ზომის პისტოლეტიდან.

გლოკ 42-ის გამოჩენიდან 3 წლის შემდეგ, 2017 წელს,  სერიაში წავიდნენ მე-5 თაობის გლოკის პისტოლეტები, რომლებშიც შენარჩუნებული იყო ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე იყო აპრობირებული გლოკ 42-ში. გარდა ამისა ისევე როგორც გლოკ 42-ში, მე-5 თაობა დაემშვიდობა ამობურცულ ადგილებს თითებისთვის სახელურის წინა ნაწილზე, რომლებიც თავდაპირველად გაჩნდნენ მე-3 თაობის გლოკებზე. მე-5 თაობაზე ასევე გაჩნდა ახალი ტიპის ლულები, რომლებსაც გლოკმა დაარქვა “Marksman” ლულა, აქცენტით  იმაზე, რომ ახალი ლულები გამოირჩევიან უფრო მეტი სიზუსტით.  რამდენად ეს სიმართლეს შეესაბამება, გვიჩვენებს დრო, დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ვიღაცა შეეცდება ეს შეამოწმოს ისე რომ მიიღოს ზუსტი პასუხი.

gen5 vs gen4 barrel

ახალი ლულები პოლიგონალურია, განსხვავება იმაშია, რომ ლულებში ხრახნები უფრო მკვეთრად გამოხატული კუთხეებით არის და ასევე შეცვლილია სავაზნის შიდა გეომეტრია. ამ ლულებში კვლავ აკრძალულია გარსის გარეშე ტყვიების სროლა. ლულის ბოლოს შესრულებულია გვირგვინი, რომელიც მათ შორის იცავს ლულის არხს დაზიანებისგან თუ პისტოლეტი ლულით დაეცა მყარ ზედაპირზე.  ერთ-ერთი ვერსიით ეს ლულები გაჩნდა იმ მოთხოვნების მიხედვით რაც ქონდა ჯარს, რაც ნიშნავდა რომ საჭირო იყო მეტი სიზუსტე და შესაბამისად ახალი უფრო ზუსტი ლულები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სავაზნეც უფრო მჭიდროა რაც ხელს უწყობს სიზუსტეს.

update: ამ სტატიის დაწერის შემდეგ მე გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა მე-5 თაობის გლოკების ლულის კონსტრუქცია. კრის ბარტოქი აღნიშნავს, რომ ახალი ლულის გამოყენება იყო განპირობებული აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებით, ხოლო არსებული ლულა ვერ აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას და გაჩნდა ლულა, რომელიც ოპტიმიზირებული იყო მეტი სიზუსტისთვის. გეიბ სუარესი ირწმუნება რომ ეს მხოლოდ ამრკეტინგია, და მთავარი მიზეზი ამ ლულების გამოჩენის არის ის რომ ბალისტიკური ექსპერტიზის დროს ასეთი ლულებიდან ნასროლი ტყვიები უფრო ადვილად იდენტიფიცირდებიან რაც ნამდვილად ასე იქნება თუ გავითვალისწინებთ რომ ხრახნების კუთხეები გამოხატულია განსხვავებით წინა თაობების გლოკებთან შედარებით. ასევე ფაქტია, რომ როგორც ჩანს სავაზნე და ადგილი რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის გადასვლას ლულის ხრახნიან ნაწილში უფრო მჭიდროა რაც წესით უნდა დადებითად აისახოს სიზუსტეზე. შეიძლება ახალი ლულების გამოჩენა გამოწვეულია ყველა ზემოაღნიშნული მიზეზებით.

ცვლილებები (ჯამში 20-ზე მეტი წინა თაობსთან შედარებით), რომლებიც შევიდა მე-5 თაობის გლოკის კონსტრუქციაში თვალით ძნელად შესამჩნევი იყო მაგრამ ამ ცვლილებებმა გახადეს გლოკი კიდე უფრო საიმედო და გაზარდეს დეტალების რესურსი. ის დეტალები, რომლებიც ყველაზე ხშირად ითხოვდა შეცვლას მწყობრიდან გამოსვლის გამო, შეიცვალა დეტალებით, რომლებიც პირდებიან მსროლელებს გაცილებით უფრო ხანგრძლივ სიცოცხლის ციკლს. პისტოლეტები გახდნენ უფრო საიმედო, ზუსტი და მაღალ რესურსიანი. მიუხედავად ჩემი სიმპატიებისა ძველი თაობის გლოკებისადმი, უნდა აღვნიშნო, რომ მე-5 თაობის გლოკები ალბათ საუკეთესო გლოკებია, რომლებიც ოდესმე გამოსულა.

გლოკი მოდელი 19X, რომელსაც ეხება ეს მიმოხილვა დე-იურე არ არის მე-5 თაობის თუმცა სერიაში წავიდა ერთი წლით გვიან, 2018 წელს. ეს პისტოლეტი არის ჩემი აზრით ყველაზე უჩვეულო გლოკის პისტოლეტი, რომელიც აქამდე ამ კომპანიას გამოუშვია. ითვლება, რომ ის არის ის პისტოლეტი, რომელიც გლოკმა წარადგინა როგორც კონკურსანტი MHS (Modular Handgun System, მოდულური ხელის იარაღის სისტემა) პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავდა Beretta 92FS/M9-ს ჩანაცვლებას აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. როგორც ცნობილია ეს პროგრამა დასრულდა SIG Sauer P320-ის შეიარაღებაში მიღებით. საპასუხოდ გლოკმა გადაწყვიტა ამ პისტოლეტის სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვა. იმ მომენტისთვის ეს იდეა ჩანდა როგორც არც ისე კარგი, იმიტომ, რომ ახალი პისტოლეტი შეიძლება მისაღები იყო ჯარისთვის, მაგრამ არც ისე მისაღები ჩანდა სამოქალაქო მსროლელის თვალსაზრისით. აგიხსნით რატომ. 19X, ასეთი ინდექსი მიენიჭა ახალ მოდელს, არის მარტივი ენით, რომ ავხსნა, კომპაქტური გლოკ 19-ის საკეტი, სრული ზომის გლოკ 17-ის ჩარჩოზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სრული ზომის ჩარჩოს, შედარებით გრძელი სახელურით, ანუ დეტალით რომელიც ყველაზე რთულად იმალება ფარული ტარების დროს და ამავე დროს ვამოკლებთ ლულას, საკეტს და შესაბამისად სამიზნი ხაზის სიგრძეს, მაშინ როდესაც ფარული ტარებისთვის საკეტის/ლულის სიგრძე ისეთ დიდ როლს არ თამაშობს. გარდა ამისა, 19X-ს არ გადმოყვა MHS-ის ყველაზე განსხვავებუი ოფცია, ორმხრივი მექანიკური მცველი, რის გამოც ეს პისტოლეტი არ შეიძლება ჩაითვალოს რომ არის „იმ“ გლოკის სამოქალაქო ვერსია და შესაბამისად მას შეიძლება ქონდეს გარკვეული საკოლექციო/ისტორიული ღირებულება. ჩემი აზრით, 19X არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მოდელი და ყველაზე უჩვეულო გლოკი. ის ასევე აბსოლუტურად უნიკალური იყო, იმიტომ რომ ასევე იყო პირველი გლოკი, რომელიც ქარხულად გამოდიოდა არა შავი ფერის საკეტით. ყველა 19X-ის საკეტი, ჩარჩო და მჭიდები არის ქვიშის ფერის. ის ქარხნულად კომპლექტდებოდა სამი მჭიდით აქიდან ორი ცალი იყო დამაგრძელებლით, რაც ზრდიდა მათ ტევადობას 19 ვაზნამდე. ყველა 19X ასევე არის აღჭურვილი Meprolight-ის წარმოების რკინის სამიზნი მოწყობილობებით ტრიტიუმის მწავნე ფერის მანათობელი ელემენტებით. როგორც ბონუსი,  მას ასევე ერგო თამასის გასაყრელი ტარის ძირში, რომლის მოხსნაც შესაძლებელია. მოწყობილობა და იარაღის სახელმძღვანელო მას ისეთივე აქვს, როგროც მე-5 თაობის გლოკებს მაგრამ ის არ არის მეხუთე თაობის გლოკი, როგორც ეს ბევრს შეცდომით გონია, თუნდაც იმიტომ რომ 19X-ში შეუძლებელია მოათავსო ქარხნული გლოკის მე-5 თაობის მჭიდი, იმიტომ რომ ტარის ძირი არის განსხვავებული ფორმის.  გლოკ 19X არის დამოუკიდებელი მოდელი ისევე როგორც ბევრი სხვა ახალი გლოკი, რომელიც ყველა იყენებს მე-5 თაობის გადაწყვეტილებებს. 

frames45x

 

ტარის ფორმის გამო, მე-5 თაობის მჭიდები არ მიდის 19X-ში. წინა თაობების მჭიდები 19X-ში მუშაობს უპრობლემოდ.

წარსულს ჩაბარდა გლოკის ნაქები დეტალების თავსებადობაც, რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ გლოკს დაემატა ახალი განსხვავებული მოდელები და ასევე კონსტრუქცია რადიკალურად გაუმჯობესდა/შეიცვალა დაწყებული 42 მოდელიდან. ამიტომ დეტალების და აქსესუარების შეკვეთისას უნდა დარწმუნდეთ რომ ის მიდის კონკრეტულად თქვენ გლოკზე. იმიტომ, რომ საკმარისია დაშალოთ 19X და მიხვდებით რომ ძალიან ბევრი დეტალი შიგნით განსხვავდება წინა თაობებში გამოყენებული დეტალებისგან.

 wrwewe54654

გადარგვალებული საკეტი, ორმხრივის საკეტის შემაკავებელი, ერთი პინი გაყრილი ჩარჩოში ნაცვლად ორისა, ტარი ამობურცულობების გარეშე, ტიპიური ელემენტებია რაც ახასიათებს მე-5 თაობის გლოკებს და ასევე გადმოყვა 19X-ს. შიგნით პისტოლეტმა განიცადა არანაკლები ცვლილებები.  მეხუთე თაობაში შენარჩუნებილია ტარის ჩანართების დაყენების შესაძლებლობა და ასევე მჭიდის ღილაკი მისი გადაყენების ოფციით. 

პირადად მე, სანამ ვიყიდიდი ჩემ 19X-ს, რამდენჯერმე ვისროლე ამ პისტოლეტიდან ტირში და რა დასამალია დეტალი, რომელიც ყველაზე უფრო მომწონდა ამ პისტოლეტში იყო საკეტის დაფარვა, რომელიც არის ე.წ. „დამწვარი ბრინჯაოს“ ფერი. ეს დაფარვა არ გავს არაფერს რასაც გლოკი აქამდე ან მას მერე იყენებდა და ის აკეთილშობილებს ამ პისტოლეტს და უფრო ესთეტიურად, ჩემთვის მაინც მომხიბვლელია ვიდრე გლოკების ტრადიციული შავი დაფარვა. პლასტმასის „სტრაიკერები“ არ არის ის ტიპის იარაღი სადაც შენ ეძებ სილამაზეს და ესთეტიკას, მაგრამ საკეტის ასეთი დაფარვას, კონტრასტულ შავ დეტალებს, ქვიშის ფერის ჩარჩოს და რკინის „ტრიტიუმებს“ გადაყავთ ეს პისტოლეტი out of the box ტაქტიკური პისტოლეტების კატეგორიაში, სადაც ასევე იმყოფებიან მაგალითად FNX 45 Tactical და Beretta 92A3, თუმცა ფასი 19X -ზე საქართველოში თითქმის ორჯერ ნაკლებია, მართალია იმის ხარჯზე რომ 19X-ზე არ გვაქვს დაგრძელებული ლულა გარე ხრახნებით.   ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის 19X-ის ფასი უკვე გაცდა 2500 ლარს მაგრამ ჩემი აზრით კომპლექტაციის გათვალისწინებით 19X არის ყველაზე ხელმისაწვდომი „პირდაპირ ყუთიდან“ ტაქტიკური პისტოლეტი, ტრენდულ ქვიშის ფერში. ყველა ამ მიზეზის გამო მე ჩავთვალე რომ 19X იქნებოდა კარგი არჩევანი მორიგი მიმოხილვისთვის.

156810851_159739105877397_4684774383221856591_n

ასე გამოიყურება კომპლექტაცია, რა კომპლექტაციითაც  19X იყიდება საქართველოში. მჭიდის მიმწოდებლები არ არის ნარინჯის ფერი როგორც მე-5 თაობაში, არამედ შავია. 

წარწერა USA საკეტზე და სხა დამღები იუწყება, რომ ეს პისტოლეტი გამოშვებულია აშშ-ში, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ქარხანა ამერიკაში არის ზუსტი ასლი ავსტრიული ქარხნის, იგივე დაზგები, იგივე პროცედურები, იგივე ხარისხის კონტროლი, მასალებიც კი რომლისგანაც მზადდება პისტოლეტები (ყველა დეტალი გამოყენებული გლოკებში მზადდება საკუთარი ძალებით და გლოკი არაფერს არ უკვეთავს გარე მიმწოდებლებს) ასევე არის ავსტრიიდან იმპორტირებული აშშ-ში.  ასე, რომ თუ ვინმე ცდის შეგტენოთ ასვტრიული გლოკი უფრო ძვირად, თამამად შეგიძლიათ უარით გაისტუმროთ.

ეხლა რაც შეეხება 19X-ის „ჰიბრიდულ“ კონსტრუქციას. ასეთი გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა სრული ზომის ჩარჩოზე მოკლე საკეტის დაყენებაში, განპირობებული იყო მოთხოვნებით, რაც წაყენებული იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა კონცეფცია ახალი არ არის, პირველ რიგში ვიხსენებ Steyr-ის თანამედროვე C9-A1-ს და თუნდაც უფრო ადრინდელ Colt 1911 Commander-ს. ორივე ეს იარაღი იყენებდა სრული ზომის ჩარჩოს და მოკლე საკეტს, მოკლე ლულით. უფრო ადრე განფაიტერები აშშ-ში უპირატესობას ანიჭებდნენ მათ შორის კოლტის 1873 წლის რევოლვერს, დამოკლებული ლულით, იმიტომ რომ ამის გამო მათი ამოღება ბუდიდან უფრო სწრაფი იყო.   პირადად ჩემთვის გლოკ 19 ბევრ რამეში იყო იდეალური გარდა იმისა, რომ მისი ტარი თავისი ამოაბურცული ადგილებით უბრალოდ საერთოდ არ იყო მორგებული ჩემ ხელზე, რის გამოც წლების განმავლობაში მე ვექსპერიმენტირებდი მჭიდის ხუფებით, ტარის მოდიფიკაციით და პრინციპში ვფიქრობდი, რომ ალბათ მე-5 თაობის გლოკ 19 იქნებოდა საუკეთესო გლოკი, რომელიც ოდესმე გამოსულა და ჩემთვის იდეალური არჩევანი. მაგრამ საბოლოო ჯამში ბლოგის ინტერესებიდან გამომდინარე მე ავირჩიე უფრო საინტერესო გლოკის მოდელი.

19x vs 19

19X-ის წონა ცარიელი მჭიდის გარეშე – 625 გრამია, ხოლო 20 115 გრანიანი ვაზნით ზუსტად 945 გრამი. ეს საერთოდ არ არის ბევრი ასეთი ზომების პისტოლეტისთვის ამხელა ტევადობით. მე მესმის რატომ არის 19X ასეთი პოპულარული, გარდა იმისა, რომ ის არის ყველაზე განსხვავებული ის ასევე არის საკმაოდ პრაქტიკული იარაღია და გამოირჩევა ძალიან კარგი სროლისუნარიანობით.

რაც შეეხება საკეტის დაფარვას, როგორც ვხვდები ეს არის PVD  (Physical Vapor Deposition) ტიპის დაფარვა.  ეს არის საკმაოდ მაღალტექნოლოგიური პროცესი, რომლის ახსნა ქართულად მე გამიჭირდება, მაგრამ ამ ტიპის დაფარვა უზრუნველყოფს ძალიან გამძლე დამცავი ფენის წარმოშობას რკინის ზედაპირზე, რომელიც გამოირჩევა კარგი მდგრადობით ცვეთის და კორიზიის მიმართ. მე ნანახი მაქვს ეს პისტოლეტები ტირში და მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ამ პისტოლეტებიდან მრავალ ათას ვაზნას ისროდნენ დიდი ხნის განმავლობაში, საკეტებს ცვეთა/ნაკაწრები არ ეტყობოდა.

სროლაზე და ფუნქციონირებაზე რამის დაწერა ზედმეტია. ეს ტიპიური გლოკია, საიმედო, ცოტათი მძიმე სასხლეტით, მაგრამ ამ პისტოლეტიდან პირველი 5 გასროლა 15 მეტრიდან იყო ტყვია ტყვიაში. 5-ვე გასროლა არა თუ ახლოს იყო ერთმანეთთან არამედ  გააკეთეს ერთი ნახვრეტი სამიზნეში, მართალია ოდნავ მარცხნივ და დაბლა, რაც ერთი შეხედვით არის ტიპიური სურათი ახალბედა მსროლელის შემთხვევაში. ჩვენ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პისტოლეტი მართლაც ისვრის პატარა აცდენით და საჭირო გახდა თარაზოს რეგულირება. პისტოლეტმა უპრობლემდ მოინელა 115 და 124 გრანიანი ვაზნები, ასევე საკმაოდ ცხელი Black Hills-ის +P მუხტები Hornady-ის XTP ექსპანსიური ტყვიით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხტს აშკარად ქონდა მკვეთრად გამოხატული გაზრდილი გასროლის ხმა, ლულის ალი და უკუცემა, მოხვედრის წერტილი არ შეცვლილა. Magtech-ის ვაზნებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ამ მწარმოებლის 9მმ-ნი მუხტი 124 გრანიანი FMJ ტყვიით არ გამოირჩევა კარგი სიზუსტით, სიზუსტე აბსოლუტურად მისაღებია მაგრამ უბრალოდ ბევრი სხვა ჩეხური და ამერიკული მუხტი უფრო ზუსტია. დანარჩენში შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩით. არანაირ დაბრკოლებას ან პრობლემას ადგილი არ ქონია, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი გლოკების შემთხვევაში.

რა შეიძლება თქვა ამ პისტოლეტზე ჩვენი ქვეყნის კონტექსტში? ის ეხლა ალბათ არის ყველაზე ძვირადღირებული გლოკი, რომელიც იყიდება საქართველოში, მაგრამ ამ ფასში თქვენ მოგდით გლოკი, რომელიც არის პრაქტიკულად უნიკალური, მოყვება სამი მჭიდი აქიდან ორი გაზრდილი ტევადობის და არ უნდა იდარდოთ სამიზნი მოწყობილობების გამოცვლაზე. სასხლეტი ამ პისტოლეტებზე არის უფრო „,მკაფიო“ რაც არის ახალი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დამსახურება და ასევე ალბათ დამცავი დაფარვის, რომლითაც დაფარულია ამ მექანიზმის  დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის დეტალები (რაც არ გვხვდება სხვა პისტოლეტებზე). 19X იყენებს ნებისმიერ მჭიდებს გარდა მე-5 თაობის გლოკის მჭიდებისა, რაც პრინციპში გამოსწორებადია ქლიბით და დიდი ნაკლი არც არის. ჩემი აზრით 19X იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. შეიძლება ის შექმნილია ერთი შეხედვით არალოგიკური კონცეფციით, მაგრამ სროლა ამ პისტოლეტიდან ნამდვილად კომფორტული, ადვილი და სასიამოვნოა.

4343x

X სერიას მოყვა გაგრძელება Glock 43X-ის სახით. კონცეფცია უცვლელია, სუბ-კომპაქტური პისტოლეტი, შედარებით გრძელი ტარით. 

ასე, რომ მიუხედავად ფასისა ის რჩება ყველაზე ხელმისაწვდომ combat ready ტაქტიკურ პისტოლეტად საქართველოში, ყველა მისი ანალოგი მინიმუმ 1500 ლარით მეტი ღირს. ერთადერთი რაც ამ პისტოლეტს არ აქვს არის ლულა მაყუჩის დაყენების ოფციით რაც ალბათ ჩვენ პირობებში ნაკლებად კრიტიკულია. თუ თქვენ პრობლემა არ გაქვთ ქვიშის ფერთან,  პისტოლეტის არჩევის შემთხვევაში ნამდვილად არ შეცდებით. თუ არ მოგწონთ ფერი, ანალოგიური პისტოლეტი არის გლოკ 45, რომელიც თითქმის იგივეა რაც 19X, მაგრამ მცირე განსხვავებებით და რკინის სამიზნი მოწყობილობების გარეშე.  ჩემი აზრით 19X იმსახურებს მაღალ შეფასებას. ამ მოცემულობით, ჩემი აზრით ეს დღეს საუკეთესო გლოკია.



3 Responses to “ყველაზე უჩვეულო გლოკი – Glock 19X”

  1. besik buturishvili says:

    გამარჯობა, თუ გექნება დრო და საშუალება იქნებ გლოკ 45-ის მიმოხილვა გააკეთო. მადლობა :)

  2. Shooter says:

    შევეცდები

  3. besik buturishvili says:

    გაიხარე :) თავის დროზე 7-8 წლის წინ ძალიან გამომადგა სტატია CZ p-07 Duty-ზე და შევიძინე, ახლა ამ გლოკმა დამაინტერესა და თუ ჩათვლი, რომ საინტერესო იარაღია ძალიან წამადგება გადაწყვეტილების მიღებაში :)

დატოვეთ კომენტარი