გამორჩეული “მოკლეცხვირიანებს” შორის – S&W Mod 40 “Centennial”

download

ამერიკელებისთვის  საყვარელ მოკლეცხვირიან რევოლვერებში ბევრია ტექნიკურად ან ისტორიით გამორჩეული მოდელი, მაგალითად კოლტის “Detective Special”, 25 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული თავდაცვითი იარაღი აშშ-ში ან S&W Mod 60, პირველი რევოლვერი მთლიანად დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული რევოლვერი ასევე არის  .38 კალიბრის S&W “Centenial”, რომლის წარმოებაც დაიწყო 1952 წელს. ამ რევოლვერის ისტორია, უფრო სწორად კონცეფციის ისტორია, რომლის მიხედვითაც ეს რევოლვერი შეიქმნა, იწყება ჯო ვესსონის (სმიტ&ვესონის დამფუძნებლის დ.ბ. ვესსონის შვილი) კონსტრუქციის S&W  Safety Hammerless Double Action-იდან, რომელიც იყო ალბათ პირველი რევოლვერი შექმნილი სპეციალურად ფარული ტარებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ქონოდა დეტალები, რომლებიც რამეს წამოედებოდა და მის სწრაფ ამოღებას ხელს შეუშლიდა და ასევე მისი კონსტრუქცია ითვალისწინებდა ავტომატურ მცველს, რომელიც გამორიცხავდა გასროლას თუ მსროლელს არ ეჭირა რევოლვერი ხელში. ტიპიურ რევოლვერში ყველაზე გამოშვერილი დეტალი, ჩახმახი, მთლიანად იყო დამალული ჩარჩოში.  ევროპაში ასევე გამოდიოდა “ბულდგოგის” და “ველოდოგის” სახელებით ცნობილი რევოლვერები დამალული ჩახმახებით, მაგრამ მათი წარმოება დაიწყო 1890-ან წლებში ხოლო სმიტ&ვესონმა გამოუშვა თავისი რევოლვერი 1887 წელს და ამიტომ პირველობა სწორედ მას უნდა ეკუთვნოდეს.

14553357_1S&W  Safety Hammerless Double Action. სახელიდან გამომდინარე ეს იყო, ორმაგი მოქმედების რევოლვერი, დამალული ჩახმახით და რევოლვერისთვის უჩვეულო მცველით, რომელიც განლაგებული იყო ტარზე. 

მოგვიანებით, როდესაც სმიტ&ვესონმა შეწყვიტა “გადასატეხი” რევოლვერების წარმოება და გადავიდე რევოლვერებზე მთლიანი ჩარჩოთი, ჯო ვესონის კონცეფცია დავიწყებას მიეცა, მანამ სანამ ერთხელ, სადღაც ლათინურ ამერიკაში  მოხდა ინციდენტი თავდასხმით ამერიკელზე, სახელად   რექს ეფლგეითი. თუ აქამდე მისი სახელი არ გაგიგონიათ, მოკლედ მოგიყვებით, რომ თავისი მნიშვნელობით იარაღის და მისი თავდაცვისთვის გამოყენების განვითარების პროცესში, ეფლგეითის  როლი, დიდად არ ჩამოუვრადება ჯეფ კუპერის როლს. სახელგნათქმული სტრატეგიული ოპერაციების სამსახურის (დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს წინადმორბედი) ინსტრუქტორი საბრძოლო მომზადებაში, რექს ეფლგეითი იყო ხელჩართული ბრძოლების, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ექსპერტი. ინციდენტი მასზე თავდასხმით მოხდა ლათინური ამერიკის რომელიღაცა ქვეყანაში ყოფნისას  (დიდი ალბათობით მექსიკააში) მისი ყოფნის დროს, მას თავს დაესხა მაჩეტეთი შეიარაღებული ყაჩაღი. იარაღი, რომელიც ეფლგეითმა გამოიყენა იყო .38 S&W კალიბრის ჯო ვესონის “სეიფთი ჰამმერლესი”. ის გადაურჩა თავდასხმას, მაგრამ იმედგაცრულებული დარჩა ვაზნის დაბალი ეფექტურობით. შეგახსენებთ, რომ  .38 S&W იყენებდა 146 გრანიან მრგვალთავიან ტყვიას საწყისი სიჩქარით სულ რაღაც 200 მ/წ-ში. ამის შედეგად  რექს ეპლგეითი დაუკავშირდა კარლ ხელსტრომს, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობდა კომპანია სმიტ&ვესსონს და სთხოვა მას, რომ შეექმნა კომპაქტური რევოლვერი კალიბრში .38 Special იგივე კონცეფციით რაც მისი ძველი რევოლვერი. იდეა მოწონებულ იქნა და ახალი რევოლვერი წავიდა წარმოებაში 1952 წელს. ეს იყო სმიტ&ვესსონის არსებობის მეასე წელი, ამიტომ იარაღს მიენიჭა სახელი “ცენტენიალ” (ასწლეული).  ბაზად აღებული იყო სმიტ&ვესონის  რევოლვერი Chiefs Special, რომელიც იყენებს ე.წ. J ზომის ჩარჩოს. ეს რევოლვერი უკვე 2 წელია რაც გამოდიოდა და აქვე უნდა ითქვას, რომ სმიტ&ვესონმა საკმაოდ დააგვიანა J-frame-ის გამოშვება, რითიც 25 წელის სარგებლობდა კოლტი, რომელიც წარმატებით ყიდდა კომპქტურ “Detective Special”-ს. დიდი დაგვიანებით გამოჩენილ J-frame-ის რევოლვერებს უნდა გაეწიათ კონკურენცია კოლტის რევოლვერისთვის. J-frame-ის ოჯახის რევოლვერების საფირმო ნიშნები იყო მოკლე ლულა (48მმ), მცირე ზომები და 5 ვაზნიანი დოლურა, რის გამოც ეს რევოლვერი იყო უფრო მსუბუქი და კომპაქტური ვიდრე კოლტის ანალოგიური ტიპის “დეტექტივ სპეშელი”, თუმცა იმის ხარჯზე რომ დოლურა ერთით ნაკლებ ვაზნას იტევდა, ხუთი სმიტ&ვესონში, კოლტის 6 ვაზნის საწინააღმდეგოდ.

m40centenial

Smith&Wesson Mod 40 .38 Special კონცეფტუალურად ზუსტად იმეორებდა S&W  Safety Hammerless Double Action-ს. 1957 წლიდან, როდესაც სმიტ&ვესონი გადავიდა მოდელების ციფრულ დასახელებებზე და “ცენტენიალი” გახდა Mod 40 ხოლო მისი ალუმინის ჩარჩოიანი ვარიანტი Mod 42.

ახალი რევოლვერი იყენებდა მთლიანად ფოლადის კონსტრუქციას. მისი ცარიელი წონა 600 გრამია და 650 გრმი 5 ვაზნით ალუმინისი მასრით.  დოლურა როგორც უკვე აღვნიშნე 5 ვაზნიანია, რის გამოც კილოები დოლურას საკეტისთვის ამოჭრილია არა სავაზნეების ზევიდან არამედ მათ შორის, რაც განაპირობებს დოლურას გამძლეობას. დამატებით რევოლვერის ძალოვანი კონუსი, ის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს გასროლილი ტყვიის “მიღებას” მთლიანად ჩამალულია ჩარჩოში რაც უზრუნველყოფს ამ დეტალის დიდ რესურსს. რევოლვერი გამოვიდა კომპაქტური, საიმედო და ძალიან მოსახერხებელი. მისი წარმოება გაგრძელდა 1974 წლამდე მაგრამ წარმოების პერიოდში ის მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. რისი მიზეზიც იყო მხოლოდ ორმაგი მოქმედების სასხლეტი, მისი შეყენების ფუნქციის გარეშე და ასევე მცველი, რომელიც უჩვეულო იყო რევოლვერებზე.

swcolt

კოლტმა, სმიტ&ვესონის კონკურენტმა გაიაზრა ასეთი კონცეფციის პოტენციალი მაგრამ მიუდგა მას განსხვავებულად. “დეტექტივ სპეშელი” აღიჭურბა გარსაცმით, რომელიც ხრახნებით მაგრდებოდა ჩარჩოზე, შენარჩუნებული იყო ჩახმახის შეყენების ფუნქციაც. სმიტ&ვესონმა ჩაინიშნა ეს და გამოუშვა საპასუხოდ თავისი “Bodyguard”-ი, სახეშეცვლილი ჩარჩოთი და ასევე ჩახმახის შეყენების შესაძლებლობით. 

რაც შეეხება მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, იმ დროისთვის მხოლოდ რექს ეფლგეიტს ესმოდა, რომ ორმაგი მოქმედების რეჟიმი არის ერთადერთი, რომლიც გამოყენებაც იყო შესაძლებელი ახლო შეტაკებაში…. პოლიცია და ჯარი კვლავ ასწავლიდა სპორტული ტიპის სროლას ჩახმახის წინასწარი შეყენებით და დანარჩენებიც იგივეს იმეორებდნენ.

“ცენტენიალის” წარმოება შეწყდა 1974 წელს. მაგრამ მოგვიანებით, უკვე 80-ებში, პისტოლეტების გამოყენების ტაქტიკა სწრაფად ვითარდებოდა და იხვეწებოდა, ყველა ხვდებოდა, რომ რეალურად ერთადერთი რეჟიმი სროლის რევოლვერებიდან იყო ორმაგი და მხოლოდ ორმაგი მოქმედების რეჟიმი. ამან ბუნებრვია გამოიწვია ინტერესის გაღვივება “ცენტენიალთან” მიმართებაში, რომელიც უცბად გახდა ყველაზე სასურველი რევოლვერი ყველა სერიოზული მსროლელისთვის, უბრალოდ ის აღარ გამოდიოდა. მასად აიუბის მიხედვით, 80-ების ბოლოს, სმიტ&ვესონმა მოიწვია მცირე ჯგუფი ადამიანების, რომლებიც წერდნენ იარაღებზე, იმისთვის რომ მოესმინა მათი აზრი იმის შესახებ თუ რა იარაღების წარმოებაზე უნდა ეფიქქრა სმირ&ვესსონს. ამ შეხვედრაზე ყველამ ერთხმად მოითხოვა “ცენტენიალის” დაბრუნება. 1990 წელს სმიტ&ვეესონმა გამოუშვა მოდელი 640. წარსულს ჩაბარდა სახელურის მცველი, ხოლო გაუმჯობესებული ფოლადის წყალობით, რევოლვერიდან შესაძლებელი გახდა +p კატეგორიის მუხტების გამოყენება. ეს რევოლვერი დღემდე გამოდის და პირველ “ცენტენიალთან” ერთად ითვლებიან ერთ-ერთ საუკეთესო, პრაქტიკულ, მოკლეცხვირიან რევოლვერებად.

image13-1024x1024

სამწუხაროდ, საქართველოში არასდროს არ ხდებოდა დიდი სამეულის, კოლტის, რუგერის და სმიტ&ვესსონის რევოლვერების იმპორტი, მეტ ნაკლებად დიდი რაოდენობით ან ასორტიმენტით. ამან განაპირობა ჩემი არაჯანსაღი ინტერესი რევოლვერების მიმართ, რის გამოც მე შანს არ ვუშვებდი მეყიდა ნებისმიერი რევოლვერი, რომელზეც მე ხელი მიმიწვდებოდა. მაგრამ “სმიტი” არასდროს არ მქონია, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვიხსენებ, როდესმე მენახა ის აქ გაყიდვაში ახალის ან მეორადის. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ერთ დღეს შევიარე იარაღების მაღაზია “დიანაში” და ჯერ დავინახე უამრავი ძველი გამოშვების კომპაქტური პისტოლეტი და რევლვერი და მათ შორის “გამოვიჭირე” “ცენტენიალის” ნაცნობი ფორმები. იქვე იდო მსუბუქი “ბოდიგარდები”, პირველი რევოლვერი ალუმინის ჩარჩოთი – კოლტ “კობრა” და სხვა საინტერესო იარაღი მაგრამ ჩემი ყურადღება იყო მიჯაჭვული “ცენტენიალზე”.  ფასიც კარგი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ რევოლვერი მეორადი იყო და ატარებდა ცვეთის ნიშნებს. სწრაფი შემოწმება ლულის არხის და სავაზნეების დამარწმუნა რომ იარაღიდან ბევრი ნასროლი არ იყო. მერე ტიპიური მოკლე “ჩეკ ლისტი” მეორადი რევოლვერის შემოწმების. რა თქმა უნდა ფუნქციონალური შემოწმება და დათვალიერება აშკარა დეფექტების აღმოსაჩენად. რევოლვერი ატარებდა ტარებისგან ცვეთის კვალს მაგრამ მექანიკურად ნაკლი ვერ ვუპოვე, ამიტომ საღამოს უკვე ეს რევოლვერი მედო მაგიდაზე დაშლილი და გაზმადებული წმნენდისთვის

P1130628

გამომდინარე იქიდან, რომ რევოლვერი ყოფილი პოლიციური იარაღია (როგორც მე განმიმარტეს მაღაზიაში) მას არ მოყვა არც ყუთი და არც ინსტრუქცია. იარაღს ეტყობა ცვეთა მაგრამ ეს ცვეთა “ბუნებრივია” და არა უხეში მოპყრობის შედეგი. 

რევოლვერი კარკად გამოიყურებოდა, ყველა კუთხე იყო “გადათეთრებული” ტარებისგან, ცოტა ნაკაწრებიც ქონდა მაგრამ, ყველაზე მეტად მადარდებდა სალოყეების მდგომარეობა და ასევე რა იამლებოდა მათ ქვეშ. სალოყეები კაკლისგან არის დამზადებული, სმიტ&ვესონის მედალიონებით, რომლებიც პრაქტიკულად ბოლომდე გადაპრიალდნენ ტარებისგან.  ლაკი იქერცლებოდა, მცირე დაზიანებებიც იყო და პატარა ბზარი ერთი სალოყის ზედა ნაწილში. მაგრამ ასაკიდან გამომდინარე (რევოლვერის სერიულ ნომერს აქვს  L პრეფიქსი რაც ნიშნავს რომ რევოლვერი გამოშვებულია 1968 წლიდან 1974 წლამდე ) და იმის გათვალისიწნებით, რომ რევოლვერი აშკარად არ იდო სეიფში და მას სულ ატარებდნენ, სალოყეებმა ექსპლუატაციას კარგად გაუძლეს. რაც მთავარია მათი მოხსნის შემდეგ მე ვერ ვიპოვე მათ ქვეშ ჟანგის კვალი. სალოყეების ქვეშ ხდება ჭუჭყის აკუმულირება რომელიც იწოვს ნესტს და ოფლს ხელიდამ და ეს ყველააფერი  ხელს უწყობს სალოყების ქვეშ  ჩარჩოზე კოროზიის გაჩენას. ის ფაქტი, რომ კოროზია არ იყო, მეტყველებდა იმაზე, რომ იარაღიდან ინტენსიურად არ ისროდნენ და გარეგანი ცვეთის ნიშნები იყო მხოლოდ ტარებისგან. ჩემი აზრით რევოლვერს ბევრს ატარებდნენ მაგრამ ძალიან ცოტას ისროდნენ, იმიტომ რომ ასევე ლულის და სავაზნეების არხები იყო როგორც ახალ რევოლვერში. მე ნამდვილად გამიმართლა, იმიტომ რომ დახლზე მხოლოდ ერთი “ცენტენიალი” იდო და არჩევანიც არ იყო. რევოლვერში მე გადავიუხადე 1650 ლარი და უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში ასეთი “ცენტენიალები” როგორც წესი მეტი ღირს, კარგ მდგომარეობაში და ორიგინალური ყუთით მისი ფასი 800-900 დოლარს აღწევს, ხოლო ვარიანტი ნიკელის დაფარვით 1500 დოლარამდეც შეიძლება ღირდეს .

P1130813

“ცენტენიალის” მინიმალისტური სამიზნი მოწყობილობები.  

gripscentenial

ტარებისგან მთლიანად გადაპრიალდა სმიტ&ვესონის მედალიონებიც ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე მე მოვაცილე ძველი ლაკი და დავამუშავე სალოყები სპეციალური ზეთით. შედეგით კმაყოფილი დავრჩი. 

P1130644

სახელურის მცველი, რომელიც ითიშება, როგორც კი კარგად მოკიდებთ ხელს რევოლვერს. საინტერესოა, რომ სახელურის სალოყეების მოხსნის შემდეგ აღმოაჩენთ რომ ჩარჩო და მცველი გაბურღულია ისე, რომ სურვილის შემთხვევაში შეიძლება მანდ პინის მოთავსება და მცველის “გაუქმება”. ასეთი რამე დღეს წარმოუდგენელია სამყაროში, სადაც იარაღები გალამაზებულია გამაფრთხილებელი წარწერებით და ათასნაირი დაცვის მექანიზმებით. ეს მცველი და დამახასიათებელი კუზიანი ჩარჩო, რომელშიც ჩამალულია ჩახმახი განაპირობებს ამ რევოლვერის დამახასიათებელ ადვილად ცნობად იერსახეს. 

P1130814

ბოლოსკენ შევიწორებული (tappered) ლულა, რომელიც ჩარჩოში დამატებით დაფიქსირებულია პინით. ეს პინი 80-ან წლებში შეეწირა წარმოების “რაციონალიზაციას” და ეხლა ახალი სმიტ&ვესსონის რევოლვერების ლულები პინით ჩარჩოში აღარ ფიქსირდება.

რევოლვერი გაიწმინდა, აიწყო, განახლებულმა სალოყეებმა დაიკავეს თავისი ადგილი და დაგვრჩა მხოლოდ დაგვედგინა რამდენად ადეკვატურია მოკლეცხვირიანი რევოლვერი და რა პოტენციალი გააჩნია მას, როგორც თავდაცვით იარაღს. დავიწყოთ ერგონომიკით. კუზიანი ჩარჩოს ფორმის გამო, იარაღი ძალიან ღრმად ზის ხელში და ეს ხელს უწყობს კონტროლს უკუცემაზე. სახელურის მცველი საერთოდ არ გაწუხებს და მუშაობს როგორც საჭიროა. სასხლეტი გრძელი სვლით არის და ნამდვილად არ არის ბუმბულივით მსუბუქი, მაგრამ ის არის რბილი და ერთგვაროვანი, რაც მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სასხლეტის წონა და სვლა, როგორც მინიმუმ პისტოლეტებში….

უნდა იცოდეთ რომ მიუხედავად მარტივი კონცეფციისა, რევოლვერიდან სროლა მიჩვევის გარეშე რთულია. სასხლეტზე დაჭერისას მოძრაობაშიმ მოდის უამრავი დეტალი, რომელიც უზრუნველყოფს, დოლურას საკეტის გახსნას, დოლურას გადატრიალებას და ისევ ჩაკეტვას, ჩახმახის შეყენებას და შემდგომ მის გათავისუფლებას რომ მან დაარტყას ამაალებელს. ამიტომ სასხლეტი არის შედარებით მძიმე და გრძელი სვლით. რა თქმა უნდა შესაძლებელია ყოველი გასროლის წინ ჩახმახის შეყენება, მაგრამ რეალურ თავდაცვით სიტუაციაში ამის ფუფუნება არ გექნებათ, თანაც “ცენტენიალი” მხოლოდ ორმაგი მოქმედების არის და ჩახმახის შეყენებაც ვერ მოხდება.

ჯგუფებზე სროლას აზრი არ ქონდა, ამ ეტოაზე  საჭირო იყო დაგვედგინა რამდენად ეფექტური იარაღი არის თავდაცვით დისტანციებზე და შესაძლებელია თუ არა ისროლო სწრაფად და მიიღო ადეკვატური მორტყმები სილუეტის ტიპის სამიზნეებზე. 7 მეტრიდან სიზუსტე იყო ადეკვატური, თუმცა მორტყმები დაჯგუფდა მარჯვნივ. სიზუსტემ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. რევოლვრმა უპრობლემოდ ისროლა როგორც 158 გრანიანი მუხტები ასევე CCI-ს +p ტიპის მხტები 139 გრანიანი ექსპანსიური ტყვიით. თანაც განსხვავება მოხვედრის წერტილში პრაქტიკულად არ იყო. რევოლვერები, განსაკუთრებით მოკლეცხვირიანები გამოირჩევიან იმით, რომ მუხტის ცვლილებისას იცვლება მოხვედრის საშუალო წერტილიც.  საშუალო სიზუსტე 7 მეტრიდან იყო 3.9 სმ რაც ადეკვატურია.

მიუხეადავად ასაკისა და ნამსახურეობისა “ცენტენილი” მუშაობს, ისვრის და ისვრის ზუსტად და ნახევარი საუკკუნის მერეც  მზად არის  ემსახუროს პატრონს. ერთადერთი რაც გასათვალისწინებელია, ალუმინის მასრები იცვლიან ფორმას გასროლის შემდეგ და მათი ექსტრაქციისთვის საჭიროა ენერგიული დარტყმა ეჟექტორ ღერძზე ან შეიძლება საჭირო გახდეს ხელით მათი ექსტრაქცია. უკუცემა იყო რბილი.  თუნდაც +p მუხტის გამოყენებისას უკუცემა ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ იყო მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში სასხლეტიც ეტყობა დარბილდა, იმიტომ რომ სროლა იყო საკმაოდ კომფორტული და ადვილი.

reloadm40

მოკლე ლულით განპირობებულ მოკლე ეჟექტორ ღერძს სვლა არ ყოფნის, რომ ბოლომდე ამოაგდოს მასრები. რევოლვერის მოკრძალებულ გაბარიტებთან ერთად ეს ართულებს მის სწრაფ გადატენვას.

უფრო დეტალურ მიმოხილვას მოკლელულიანი რევოლვერების ექსპლუატაციის შესახებ მე შემოგთავაზებთ ცალკე სტატიაში, სადაც უფრო დეტალურად და სიღრმისეულად გავაანალზიბეთ მოკლეცხვირიან რევოლვერებს, ბალისტიკას, მუხტებს და გამოყენების ტაქტიკას. იმიტომ, რომ მოკლეცხვირიანი რევოლვერი და ვაზნები რომლებსაც ის იყენებს აბსოლუტურად განსხვავებული ხილია და ამიტომ ითხოვს აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის .38 კალიბრის ვაზნები არც დეფიციტშია და არც ძვირი ღირს. ვაზნების ფასი მერყეობს 1.5 ლარიდან კლასიკურ მუხტებში, 4 ლარამდე მაღალი ხარისხის თავდაცვით მუხტებში.

სტატია ამ რევოლვერზე იქნებოდა არასრული, რომ არ მეთქვა ორი სიტყვა კალიბრზე, რომელზეც არის გათვლილი “ცენტენიალი” – .38 Special-ზე. წლების წინ .38 Special იყო მთავარი “პოლიციური” კალიბრი და სხვათაშორის არა მარტო ამერიკაში. წლების წინ ტიპიური მუხტი იყო 158 გრანინაი მრგვალთავიანი ტყვია გარსის გარეშე, საწყისი სიჩქარით ცოტათი უფრო მეტით ვიდრე 250 მ/წ-ში. ეს მუხტი იყო სუსტი 4 ინჩიან რევოლვერებისთვისაც ხოლო მოკლეცხვირიანებში  საერთოდ არ იყო ადეკვატური, დაბალი საწყისი სიჩქარის და ტყვიის ფორმის გამო, რომელიც კარგად ხვრიტავდა სამიზნეს და აგრძელებდა ფრენას. დაბალი ტერმინალური ეფექტურობა და ზედმეტი შეღწევა იყო სერიოზული პრობლემა, რომლის გააზრებას სამართალდამცავებს პრაქტიკულად დაჭირდათ ათწლეულები.

ნიუ იორკის პოლიციის ვეტერანი ჯიმ სირილო იხსენებს შემთხვევას, როდესაც ბოროტმოქმედს ესროლეს თავში 5 ვაზნა, მოკლეცხვირიანიდან და  ახლო მანძილიდან. მართალია მან შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე საკუთარი ფეხით მივიდა სასწრაფო მანქანასთან. სირილო ასევე აღწერს როგორ მოიხოცა არშემდგარმა ყაჩაღმა ცხვირი საიდანაც გადმოვარდა .38 კალიბრის ტყვია. არც ერთ ტყვიას არ ეყო ენერგია, რომ გაეხვრიტა თავის ქალა. ამის მიზეზი თავისთავად ნაწილობრივ იყო სროლის კუთხეც, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა, ტყვიის თავის ფორმა და დაბალი ენერგია. ის ასევე იხსენებს, რომ ხელმღვანელობის ბრძანების დარღვევით იყენებდა ცხელ მუხტებს ექსპანსიური ტყვიებით, რომლებიც მაშინ განიხილებოდა როგორც ეგზოტიკა და აკრძალული/არაჰუმანური ტექნოლოგია.

ელმერ კიტი, ჯეი.დ. ჯონსი,  ჯიმ ხარვი, ლი ჯურასი იყვნენ პიონერები, რომლებიც მუშაობდნენ ახალი, უფრო ეფექტუირ კონსტრუქციის ტყვიებზე. მაგრამ პირველმა ლი ჯურასმა აქცია ეს ყველაფერი წარმატებულ კომერციულ პროექტად. მან პირველმა შექმნა მაღალი ეფექტურობის სპეციალიზირებული თავდაცვითი მუხტები პოპულარული კალიბრებისთვის მათ შორის .38-თვის. რეცეპტი არ იყო მარტივი. მეტი დენთი/მეტი წნევა, მსუბუქი ექსპანსიური ტყვია “აყირავებული” გარსით, სადაც ტყვიის ძირი მთლიანად დაფარულია გარსით ხოლო ტყვიის ცხვირი ღია არის. ჯურასმა და  მის მიერ დაარსებულმა “super vel”-მა მოახდინეს მინი რევოლუცია თავდაცვითი მუხტების წარმოებაში და მალე მას აყვნენ მსხვილი კომპანიებიც. დღეს პრემიუმ კლასის ვაზნების განუყოფელი ნაწილი არის მაღალტექნოლოგიური ტყვია კონტროლირებადი ექსპანსიით, მაგრამ არც ისე დიდიხნის წინ ეს ასე არ იყო და ვისაც ესმოდა ტყვიის კონსტრუქციის მნიშვნელობა ოპტიმალური ტერმინალური ეფექტურობისთვის, პრაქტიკულად კუსტარულად ამზადებდნენ და ცდიდნენ ვაზნებს, მათ შორის როგორც სირილო, თავისი ნიუ იორკის ბინის  სარდაფში.

პირველი სპეციალიზირებული და მაღალმაჩვენებლიანი .38 Special მუხტები შექმნილი ამერიკელი ძალოვანი სტრუქტურებისთვის, ცნობილია როგორც “treasury load” შექმნილი ამარიკის სახელმწიფო ხაზინისთვის  და  ასევე “FBI load” შექმნილი გამოძიებათა ფედერალური ბიუროსთვის. აქიდან პირველი იყო ალბათ ყველაზე პირველი ოფიციალური +p+ კატეგორიის ვაზნა დამზადებული ქარხნული წესით და ლი ჯურასის რეცეპტით. ორივე მუხტს ქონდა იდენტური დანიშნულება, რადიკალურად გაზრდილიყო ვაზნის ეფექტურობა და შემცირებულიყო ზედმეტი შეღწევა, რომელიც ახასიათებდა მრგვალთავიან ტყვიას. პირველი იყო მაღალ წნევიანი მუხტი 110 გრანიანი ექსპანსიური ტყვიით (ორ ინჩიან ლულაში 300 მ/წ-მდე სიჩქარით და ენერგიით 325 ჯოული) მეორე იყო პირველთან შედარებით დაბალწნევიანი და იყენებდა შედარებით ნელ და მძიმე 158 გრანიან ექსპანსიურ ტყვიას. ორივე ეს მუხტი წარმატებით გამოიყენებოდა მრავალი წელი და დღემდე წარმოადგენენ ერთგვარ სტანდარტს.  მოგვიანებით სხვა მწარმოებლებმაც დაიწყეს ანალოგიური, მაღალტექნოლოგიური მუხტების გამოშვება, მათ შორის ოპტიმიზირებულების კომპაქტური რევოლვერებისთვის.

olin+p+

სახელმწიფო ხაზინა  და მასში შემავალი საბაჟო და საიდუმლო სამსახურების .38 კალიბრის სპეციალურ ამუნიციას ამზადებდა ვინჩესტერი. ამ მუხტის წნევები ცილდებოდა დასაშვებ ნორმებს და ამ ვაზნების გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ ახალი გამოშვების ფოლადის რევლვერებში. მსუბუქი, ალუმინის ჩარჩოიანი რევოლვერები უბრალოდ ვერ უძლებდნენ დატვირთვას. ფოლადის რევოლვერები ასევე შედარებით მალე გამოდიოდნენ მწყობრიდან. გამაფრთხილებელი წარწერა ვაზნის ყუთებზე ამომწურავ ახსნას და გაფრთხილებას მოიცავდა. ეს ვაზნები განკუთვნილი იყო მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის. 

ცხელი მუხტების გამოჩენამ უფრო დახვეწილი კონსტრუქციის ტყვიებით ეგრევე დაუბრუნა აქტუალურობა მოკლეცხვირიან რევოლვერს. თავად დაფიქრდით, კომპაქტური იარაღი, რომელიც პრაქტიკულად. იმალება ხელში, საიმედო, ვაზნით, რომლის ტყვიის საწყისი სიჩქარე მინიატურული ლულიდან იქნება სადღაც 280 მ/წ-ში და ენერგიით 315 ჯოული, მაგალითად CCI Blazer 130gr JHP +P, რომელიც ეხლა ღირს  სულ რაღაც 1.90 ლარი. არსებობს კიდე უფრო ცხელი მუხტებიც. ასევე .38 Special არის ცნობილი თავისი თანდაყოლილი სიზუსტით, მაგრამ ასეთი ფორმატის იარაღში ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

დიახ 5 ვაზნა არის ცოტა, ასევე რევოლვერს აქვს უამრავი შეზღუდვა, ნელი გადატენვა, სასხლეტი გრძელი სვლით, რუდიმენტარული სამიზნი მოწყობილობები, მაგრამ რამდენიმე კვირა “ცენტენიალთან” და ხვდები, რატომ არის ამ ფორმატის იარაღი დღემდე ასეთი პოპულარული, პოპულარული პოლიმერული პისტოლეტების ეპოქაში სადაც პრაქტიკულად ჯიბის პისტოლეტებიც 15 ვაზნას იტევენ და აქვთ დიდი, კარგად ხილვადი სამიზნი მოწყობილოები. მიზეზი პირველი არის საიმედოობა. თუ რამე ეტევა დოლურაში “ცენტენიალი” მას გაისვრის. ტყვიის წონას, ფორმას, მასრის სიგრძეს, მუხტის სიმძლავრეს მნიშვნელობა არ აქვს.  ავტომატური პისტოლეტები, განსაკუთრებით მიკრო მოდელები, ძალიან სენსიტიურები არიან მუხტებთან მიმართებაში, რევოლვერის შემთხვევაში ეს პრობლემა არ არის. რევოლვერი მარტივია, მხოლოდ ორ რამეზე უნდა იფიქროთ, დოლურას საკეტელა და სასხლეტი. მარტივი კიდე ნიშნავს ეფექტურს. რევოლვერი მუდამ მზად არის გამოყენებისთვის და იქნება ასე ერთი საუკუნე თუ ჟანგი მას ფიზიკურად არ გაანადგურებს. არ უნდა იდარდო ზამბარების და მჭიდის კონდიციაზე. უფრო ელეგანტუი იარაღი უფრო ცივილეზბული ხანისთვის თუ გნებავთ. რა თქმა უნდა ამერიკელეები ძალიან დიდი პატივს ცემენ ისტორიას და ტრადიციებს და მოკლეცხვირიანი რევოლვერი არის ისეთივე ტრადიციული ამერიკული იარაღი როგორიც არის ბერკეტიანი ვინჩესტერი, რაც ყველაფერ ზემოაღნიშნულთან ერთად განაპირობებს სტაბილურ მოთხოვნას მოკლეცხვირიან რევოლვერებზე.

სხვათაშორის ასევე მივხვდი რატომ აქამდე მეშლებოდა სულ ამ რევოლვერის სახელი, რომელსაც მე ჯიუტად მოვიხსენიეებდი, როგორც “სენტინელს” (ინგლ. მცველი) და არა, როგოც “ცენტენიალ”. საქმე იმაშია, რომ ჩემ პირველ წიგნში იარაღებზე, ჟუკის ენციკლოპედიაში ამ რევოლვერის სახელი არის შეცდომით მითითებული, როგორც “სენტინელი”. ასევე მე დავაკვირდი, რომ ბევრ არაამერიკულ რესურსზე ამ მოდელის რევოლვერების ლულის სიგრძე არის მითითებული არასწორად, როგორც 54 მმ. სინამდვილეში რევოლვერის ლულის სიგრძე არის 48მმ, გაზომილი ისე როგორც ეს ხდება რევოლვერში, დახურული დოლურას წინა ზედაპირიდან ლულის ბოლომდე.

ტრადიციული დასკვნისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, ვინაიდან დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ რევოლვერი ერგონომიულია, კომპაქტური, როგორც ჩანს საიმედო და სიზუსტით რომელიც შეესაბამება და ალბათ აღემატება კიდევაც მის დანიშნულებას.  მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი რევოლვერი აშკარად არ ისვენებდა სეიფში, ის მაინც ბრწყინვალე ტექნიკურ მდგომარეობაშია, რაც ადასტურებს ჩემ სიტყვებს, რომ რევოლვერების ერთადერთი მტერი ჟანგია.

P1130667



დატოვეთ კომენტარი