ჩვენი ტესტი – Savage B22 FV-SR Magnum

ბოლო დროს საქართველოში Savage-ის შაშხანების ძალიან ბევრი მოდელი გახდა ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს უმეტესობა იმპორტიორების გადავიდა ჩრდილო ამერიკიდან იარაღების შემოტანაზე, ამიტომ საქართველოში გაჩნდა ისეთი ტრადიციული ამერიკული მწარმოებლების იარაღები, რომლებიც აქამდე არასდროს არ შემოტანილა, ყოველ შემთხვევაში ასეთი რაოდენობით და ასორტიმენტით.

მე უკვე კარგახანია მინდოდა ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანა, რომელიც არ იქნებოდა .22lr კალიბრის, შესაბამისად განვიხილავდი .17hmr და .22wmr კალიბრებს. აქიდან უფრო ვიხრებოდით პირველისკენ, მაგრამ სანამ მე ვფიქრობდი, რაღაც ნაწილი იარაღების ამოიყიდა და იმ კონფიგურაციის შაშხანა, რაც მე მინდოდა, დარჩა მხოლოდ ერთი ცალი და მხოლოდ .22wmr კალიბრში.

სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რამდენად სახალისოა მცირეკალიბრიანი ბენჩრესტი/ვარმინტინგი, სადაც ხალისს არ გიკლავს დიდი ხარჯები და არც სასროლეთი არ გაქვს საძებნელი ან შორს სასიარულო. იმის თქმა მინდა, რომ  მცირეკალიბრიანი იარაღის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით ხელმისაწვდომია. ამიტომ მე მინდოდა იარაღი რომელიც გამოდგებოდა, როგორც კარგი პლატფორმა კომპაქტური და ზე-ზუსტი შაშხანის ასაწყობათ მაგრამ ამავე დროს მინიმალური ხარჯებით.

67618049_2883303595044473_3379610096211329024_n

საწყის პლატფორმად არჩეული იქნა Savage B22 FV-SR, გრძივად მოძრავი საკეტით, 16 ინჩიანი სქელი ლულით, როტორული 10 ვაზნიანი მჭიდით და პლასტმასის, ახალი სტილის კონდახით. ეს მოდელი ასევე ქარხნიდან არის აღჭურვილი პიკატისნის სამაგრით, რომელიც რესივერზეა განლაგებული. მისი წონა მოკრძალებული 2.2 კგ-ია. ზომები კომპაქტურია, იარაღის სრული სიგრძე 864მმ-ია. ეს მოდელი გამოდის 2017 წლიდან.

magsavage22

Savage ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანები იყენებენ როტორულ მჭიდს. ეს მჭიდი მიუხედავად 10 ვაზნიანი ტევადობისა მთლიანად იმალება იარაღის შიგნით. აღსანიშნავი, რომ ეს კომპანია როტორულ მჭიდებს იყენებდა ჯერ კიდევ თავის 1895 წლის შაშხანაში. მჭიდი ცოტა რთულად იტენება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს პროცესი უფრო ადვილდება. 

სქელი 412მმ სიგრძის ლულა (ბიჯი 1:16) ასევე იძლევა საშუალებას გამოიყენოთ სხვადასხვა ლულის მოწყობილობები (ხრახნის ტიპი 1/2-28). SR შაშხანის დასახელებაში ნიშნავს Supressor Ready, გამზადებული მაყუჩისთვის.  კონდახი ერგონომიული და მოსახერხებელია, თუმცა ზედმეტად მსუბუქია, არამყარი და დიზაინი ჩემი აზრით გადატვირთულია ზედმეტი ელემენტებით. ამავე დროს სასხლეტის დამცავი კავი საკმაოდ სქელი და განიერია რაც გამორიცხვას მის დაზიანებას რამეზე დარტყმისგან.  შაშხანა აღჭურვილია Accu-trigger-ით, რაც გაძლევთ საშუალებას დაარეგულიროთ სასხლეტის სიმძიმე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სტოკის და რესივერის განცალკევება და ერთი ხრახნის გადაჭერა. დამატებითი მცველი განლაგებული სასხლეტზე გამორიცხავს შემთხვევით გასროლას, მაგალითად ძლიერი დარტყმისგან.

 Savage-B17V-22-of-29

მცველი განლაგება ერთნაირად მოსახერხებელია ნებისმიერი მხრიდან სროლისას. ეს და როტორული მჭიდი აშკარა გაუმჯობესებაა Savage-ის წინა თაობის მცირეკალიბრიან შაშხანებთან შედარებით. 

hkhk745

ასე გამოიყურება ფოლადის რესივერი და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. რესივერი და როგორც ჩანს საკეტი არის საერთო სამივე კალიბრისთვის (.22lr, .17HMR. .22WMR) ხოლო ლულა მაგრდება რესივერში ქანჩით რომელიც უნდა ეცნოს ამ კომპანიის ცენტრალური აალების შაშხანების მფლობელებს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ლულის და საკეტის თავის გამოცვლით შეცვალოთ შაშხანის კალიბრი.  პიკატინის სამაგრი დამაგრებულია რესივერზე ოთხი ხრახნით და ოპტიკის დაყენებდამდე სასურველია რომ შეამოწმოთ რამდენად მყარად გადაჭერილია ეს ხრახნები. 

ორი სიტყვით უნდა მოვყვე .22wmr (Winchester Magnum Rimfire), რომელიც არის ერთადერთი კომერციულად წარმატებული წრიული აალების .22 კალიბრის ვაზნა, შექმნილი მეოცე საუკუნეში.  ის საკმაოდ ძლიერია, 30 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე არც მეტი არც ნაკლები 700 მ/წ-ს აღწევს და ენერგია შეადგენს 440 ჯოულს. ეს ნიშნავს, რომ .22lr-თან შედარებით მაგალითად 100 მეტრზე .22wmr კალიბრის ტყვიას ექნება ზებგერითი სიჩქარე, უკეთესი შეღწევა და საიმედო ექსპანსია. თავისი გამოჩენის მომენტისთვის, 1959 წელს ის იყო ყველაზე ძლიერი წრიული აალების ვაზნა. მისი დანიშნულება: ზუსტი და ძლიერი წრიული აალების ვაზნა, რომელიც მისცემდა მონადირეებს საშუალებას ესროლათ 125 იარდამდე მანძილზე ისეთ ცხოველებზე, რომელთა წონა აღწევს სადღაც 10 კგ-ს. ამ კალიბრის ტყვიაც ბევრად უფრო ეფექტურია და სრულყოფილი ვიდრე უბრალოდ ტყვიისგან ჩამოსხმული ჭურვი დაფარული სპილენძის თხელი ფენით, როგორც .22lr-ის შემთხვევაში. ამიტომ პირველის შემთხვევაში ტყვიების არჩევანიც უფრო დიდია, გათვლილი ნადირობისთვის, სპორტული სროლისთვის, მეტი შეღწევისთვის და ასევე თავდაცვისთვის. .22 wmr-ის ფასიც შესაბამისად უფრო დიდია და იწყება სადღაც 1 ლარიდან ანუ ორჯერ უფრო ძვირია ვიდრე .22lr.

22lr-vs-22

.22wmr .22lr-თაბ შედარებით

 ერთ-ერთი პლიუსი მცირეკალიბრიანი იარაღის არის ის, რომ ის ნაკლებად მოთხოვნადია “პერიფერიული” მოწყობილობების მიმართ. ნორმნალური ხარისხსი რინგები, ოპტიკა, ბიპოდი ან სხვა მოწყობილობები, გაძლევენ საშუალებას მიაღწიო ძალიან კარგ სიზუსტეს, გაერთო და ამავე დროს არ გაფრინდე კოსმოსში ხარჯების მხრივ. ჩემი ჩანაფიქრიც იყო, მენახა თუ შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით მიიღო ზუსტი მცირეკალიბრიანი იარაღი.

ოპტიკა არჩეულ იქნა UTG 3-9×42 “მილ-დოტ” ბადით. ოპტიკას 280 ლარში მოყვა ასევე ამავე კომპანიის რინგები და flip-up ხუფები. ამ მოდელზე აყენია TF2+ ტიპის დოლურები, რომლებიც არის ძალიან კარგი. გეძლევა საშუალება ეგრევე შეიტანო შესწორებები, ამავე დროს დოლურები ფიქსირდება, რომ არ მოხდეს მათი შემთხვევით დაძრა და ასევე მათ გააჩნია რესეტის ფუნქცია, ანუ განულების შემდეგ დოლურებს დაარესეტებთ (დააყენებთ ნოლებზე) და მერე უკვე თუ დაგჭირდათ, შესწორების შესატანად გამოყენებთ სკალებს. თუმცა ჩემი გამოცდილებით ასეთი ოპტიკის ზედმეტი “წვალება” არ ღირს, ჯობია დააყენოთ საჭირო “სეთინგები” და მერე გამოიყენოთ ერთი და იგივე გადიდება და შესწორებები შეიტანოთ ბადის მეშვეობით.

შაშხანის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა რომ კონდახი არის ძალიან მსუბუქი ხოლო ბედინგი იქნება პრობლემური. რესივერს არ აქვს უკუცემის ბჯენი (recoil lug) ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, რომელსაც “ჩააწვენდით” ეპოქსიდის “საწოლში” (როგორც ცენტრალური აალების შაშხანებში), რაც ასეთი ტიპის სტოკზე ეგრევე გაძლევს ადვილად შესამჩნევ გაუმჯობესებას. ამიტომ ის ნაწილი სადაც რესივერის წინა ნაწილი ჯდება კონდახში ამოივსო ეპოქსიდით. ასევე სტოკის წინა ნაწილი იყო თხელი და ბიპოდის დაყენებისას ეს დეტალი მოქმედებდა, როგორც ზამბარა და იარაღი იწყებს ხტუნაობას სროლის დროს. გარდა ამისა ლულასა და სტოკს შორის ხრახნებით იყო დაყენებული ხუფი რომელი ედებოდა ლულას. ეს ხუფი მე მოვხსენი და გადავაგდე ხოლო სტოკის წინა ნაწილი ამოვავსე ეპოქსიდით და მეტალის ფხვნილით. სტოკის ეს ნაწილი არის აღჭურვილი თხელი ტიხრებით და საჭიროა ამ ტიხრების გახვრეტა რომ ეპოქსიდმა ამოავსოს სტოკი და გაზარდოს მისი სიხისტე. ძირითადი მიზანი ამ გაუმჯობესების არის ერთი, რესვიერი და ლულა მოთავსდეს მყარ “შასიში” და სროლის დროს გამოირიცხოს ვიბრაციები, ლულის კონტაქტი სტოკთან და სტოკის დეფორმაცია. ერთადერთი გზა ამის მიღწევის ახალი სტოკის ყიდვის გარეშე არის, ქარხნულ სტოკში სიცარიელეების ეპოქსიდით ამოვსება. შეიძლება ჩათვალოთ რომ ეს ზედმეტია ასეთი კალიბრის შემთხვევაში, მაგრამ თუ იყიენებთ მაგალითად ბიპოდს დაინახვათ, რომ მცირე დაწოლაც საკმარისია რომ სტოკი გადაიბრიცოს.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მეთოდი როგორ იმუშავებს, იმიტომ რომ მაგალითად მე წამიკითხავს, რომ გლოკის პოლიმერი ცუდად იღებს ეპოქსიდს, მაგრამ .22 კალიბრის შემთხვევაში წესით პრობლემები არ უნდა იყოს. წლების წინ მე გამოვცადე პლასტმასის კონდახის “გაუმჯობესების” ეს მეთოდი .308 კალიბრის Savage Hog Hunter-ზე და შედეგი იყო ძალიან კარგი. ასევე მივიღე საგრძნობი გაუმჯობესება სიზუსტეში 5.56 კალიბრის “Mossberg”-ის შაშხანაზე. მასალების მიხედვით ასეთი მოდიფიკაცია დაგიჯდებათ 18 ლარიდან 50 ლარამდე.

ბიპოდი, რომელიც მე დავაყენე შაშხანაზე არის “ხარისის” ჩინური კოპია. როგორც უკვე აღვნიშნე ჩემი მიზანი იყო ხარჯების აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანა და ამიტომ ორიგინალური “ხარისის” ყიდვა თავიდანვე გამოირიცხა. მისი ჩინური ასლი  არის მყარი კონსტრუქციის და ღირს ორიგინალის მეხუთედი. ბიპოდი არ არის უპრობლემო, ყველაზე მოკლე პოზიციაში ფეხებში არის ლუფტი ამიტომ ფეხები სულ უნდა იყოს გაშლის ბოლოს წინა პოზიციაზე, მაგრამ მთლიანობაში ხარისხი მისაღებია და მცირეკალიბრიანი მსუბუქი შაშხანისთვის საკმარისი.

P1120988

პროექტის დასრულების შემდეგ ხარჯების მხრივ მივიღეთ შემდეგი სურათი. ახალი შაშხანა გაფორმებით 1200 ლარი, ბიპოდი – 70 ლარი, ოპტიკა და რინგები 280 ლარი, ეპოქსიდი და მასალები 25 ლარი. ჯამში სროლისთვის გაზმადებული შაშხანა დაჯდა 1575 ლარი.

იარაღი შედარებით ადვილად გასწორდა, მაგრამ შესწორებების შეტანისას მიუხედავად მოკლე მანძილისა გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები, რაც არ არის გასაკვირი იაფიან ოპტიკაში. ჩემი გამოცდილებით თუ ჩინური სკოპი თავიდანვე არ აღმოჩნდა რაღაც დეფექტით, ის როგორც წესი მუშაობს (მცირეკალიბრიან იარაღზე). UGT-ის ოპტიკა ნორმალური ხარისხის არის და გამოხმაურებები მეტ წილად პოზიტიურია მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი წესი მარტივია, როგორც კი ასეთი ოპტიკა გასწორდება, მისი ხელის ხლება აღარ ღირს და თუ გაგიმართლათ ეს ოპტიკა ზეროს არ დაკარგავს. ასევე აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მომწონს ამ მწარმოებლის სკოპებში, aye relief-ი, რომელიც არის ძალიან მოკლე და თვალი უნდა ძალიან ახლოს მიიტანო ოკულართან რომ მიიღო კარგი გამოსახულება. წინა “ფლიფ-აპი” მზისგან ისე დარბილად რომ თავისით დაიშალა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩინელები ჯერ კიდევ შორს არიან იმისგან რომ გამოუშვან იაფი მაგრამ ხარისხიანი ნივთები….

როგორც ვვარაუდობდი უკუცემა დიდად არ განსხვავდება .22lr-სგან. გასროლის ხმა უტოლდება .22lr კარაბინიდან CCI Stinger-ის გასროლის ხმას, რაც კარგია, იმიტომ რომ ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობთ სროლის დროს.

უნდა აღვნიშნო რომ პირველი სროლა განხორციელდა უკვე ნაწილობრივ “დაბედინგებული” რესვიერით მაგრამ სტოკის ეპოქსიდით ამოვსების და ბიპოდის გარეშე.  სროლა ხორციელდებოდა 50 მეტრზე, საყრდენად იყო გამოყენებული ჩვეულებრიივი მორი. პარალელურად ხდებოდა საწყისი სიჩქარის გაზომვა.

ჯგუფები 50 მეტრზე სროლისას, წოლიდან საყრდენით: CCI V-max, 30gr – 2.3 სმ CCI Gamepoint, 40gr – 2.8 სმ   ყველაზე კარგი ჯფუფი მივიღეთ Fiocchi-ს უცნობი ბრენდისგან, რომლის ჯგუფიც არც კი გავზომეთ იმიტომ რომ ეს იყო ეტალობური სიზუსტე, მორტყმულები პრაქტიკულად ეხებოდა ერთამენთს.

22WMRACC

50 მეტრზე ნასროლი 5 გასროლიანი ჯგუფი Fiochi-ს ვაზნებით.

საწყისი სიჩქარეები: CCI V-max, 30gr – 677 მ/წ  (მწარმოებლის მითითებული სიჩქარე – 670 მ/წ) CCI Gamepoint, 40gr – 568 მ/წ (მწარმოებლის მითითებული სიჩქარე 570 მ/წ ) ყველაზე ნელი გამოდგა უცნობი მუხტი Sellier&Bellot-ისგან, რომელმაც აჩვენა 470 მ/წ. (ჩემი ვარაუდით ეს იყო მუხტი 45 გრანიანი ტყვიით და აქიდან შედარებით დაბალი სიჩქარე). ჯგუფიდან ჯგუფამდე მოხვედრის საშუალო წერტილი ოდნავ იცვლებოდა მაგრამ მე დავაბრალე ეს სხვადასხვა მუხტის გამოყენების ფაქტორს.

104939159_102167237330HG23631_o

ასე გამოიყურება სამიზნე 100 მეტრზე სროლის შემდეგ. უჯიდურესი სიცხის და არაკომფორტული პოზიციის მიუხედავად ჯგუფები მაინც ნორმალური იყო. სროლა ისევ ხორციელდებოდა წოლიდან, საყრდენით (ბიპოდის გარეშე). პრობლემა იმაში იყ, რომ მიუხედავად ჩემი მცდელობებისა შემეტანა ზუსტი შესწორებები, მოხვედრის საშუალო წერტილი არ ხვდებოდა მწვანე წრეში.  ყველა გარდა მარცხება ჯგუფისა ნასროლია CCI Maxi-mag-ით. 

მესამე რენჯ სესიაზე სერიოზული პრობლემები წარმოიშვა სიზუსტის შენარჩუნებასთან.  პირველივე გასროლების შემდეგ (100 მეტრზე) დაფიქსირდა ორი სერიოზული ფლაირი, რომლებიც მოხვდნენ ორივე 30-40 სმ-ით მარჯვნივ და დაბლა. აირია ასევე მოიხვედრის საშუალო წერტილიც, რომელიც არ იყო კონსისტენტური სერიიდან სერიამდე. თავიდან მე ეს დავაბრალე სტანდარტული ა2 ტიპის ალმქრობს, რომელიც დავაყენე ლულაზე, მაგრამ მისი მოხსნის შემდეგაც სიტუაცია არ გამოსწორდა. იმისთვის რომ გამერკვია რა მოხდა, იდეაში 100 მეტრზე განულებული იარაღით მე გადავინაცვლე 50 მეტრიან რენჯზე და ამჯერად მოხვედრის წერტილმა გადაინაცვლა მარჯვნივ თანაც ქარის მიმართულების საპირისპიროდ. ამან დამარწმუნა, რომ პრობლემა იმალებოდა ოპტიკაში. იმიტომ რომ სტანდარტულმა გადამოწმებამ არ გამოავლინა სხვა პრობლემები და მუხტების გამოცვლამაც დიდი ეფექტი ვერ გამოიღო.  საერთდ როდესაც ასეთი ქაოტური გაფანტვა არის, უნდა ეძებო ჯერ ადვილად შესამჩნევი მიზეზები, მაგალითად მორყეული ოპტიკის სამაგრი, ვიზუალური დეფექტი ლულის გამოსასვლელზე, დაშვებული ხრახნები და ა.შ.  შემდეგ უნდა გამოცვალო მუხტი (სასურველია სხვა ტიპის/წონის ტყვიით).  ამიტომ ჩემ შემთხვევაში რჩებოდა მხოლოდ ერთი ვარიანტი, დეფექტური ოპტიკა. მეორე დღეს შაშხანაზე მე დავაყენე Primary Arms-ის კლასიკური სკოპი 3-9 გადიდებით და 30 მილიმეტრიანი მილით.

მეოთხე რენჯ სესიაზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შაშხანა ადვილად გასწორდა, სამი გასროლის შემდეგ უკვე სამიზნეში ვიყავი და საბოლოო გასწორებამაც უპრობლემოდ ჩაიარა. Primary Arms-ის ოპტიკის შესწორების მექანიზმი მუშაობდა ზუსტად.  სიზუსტე დიდად არ განსხვავდებოდა წინა შედეგებისგან, იმ გამონაკლისით, რომ არ იყო ფლაიერები და მოხვედრის საშუალო წერტილი არ იცვლებოდა.

50mmwmr

50 მეტრზე საშუალო სიზუსტემ სხვადასხვა მუხტების გამოყენებით, შეადგინა სადღაც 2 სმ. მოხვედრის საშუალო წერტილი განსხვავდება იმიტომ რომ პროცესში ხდებოდა შაშხანის გასწორება.

100mwmr

100 მეტრზე სროლისას იმპროვიზირებული პოზიციიდან (უბრალოდ გადავიწიე 100 მეტრზე და დავწექი მიწაზე), მივიღე ნორმალური ჯგუფი. 100 მეტრზე ტყვიის ვარდნამ შეადგინა სადღაც 8-9სმ იმ პირობით რომ იარაღი განულებულია 50 მეტრზე. .22lr კალიბრის მაღალი სისწრაფის ვაზნის გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იქნებოდა 20-25 სმ.

ოთხი რენჯ სესია საკმარისია, რომ ჩემი პირველადი აზრი მოგახსენოთ ამ იარაღზე. დავიწყოთ იმით, თუ რა არ მომწონს მასში. ობიექტურად ეს იარაღი ასეთი თხელი და მსუბუქი კონდახითაც გამოდგება რეკრეაციული სროლისთვის და ამასთან მე პრეტენზია არ მაქვს. გინდა შაშხანა ზუსტი სროლისთვის იყიდე B22 “ბოიდის” ან ლამინატის სტოკით.  ”Savage”-ს აქვს სპეციალიზირებული მოდელები ზუსტი სროლისთვის, რომლებიც ბევრად უკეთესია და ფასიც შესაბამისია. ყველაზე ბევრი შენიშვნა მაქვს როტორულ მჭიდთან. მისი დატენვა თავიდან ცოტა მოუხერხებელია. არ მომწონს რომ საკეტელა, რომელიც აფიქსირებს მას იარაღში განლაგებულია მჭიდზე, თანაც ადრინდელ მოდელებზე ეს დეტალი უბრალოდ მოღუნული პლასტმასის ფირფიტაა, რომელიც მუშაობს, როგორც ბრტყელი ზამბარა. ეს ჩემი აზრით ცალსახად არასწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მე ნეტში ვერ ვნახე ჩივილები ამ დეტალზე.  ახალ მჭიდზე (ჩემ იარაღზე ასეთი აყენია) ეს საკეტელა არის პლასტმასის, დამაგრებული შტიფტით. კონსტრუქცია უკეთესია ვიდრე თავდაპირველი, მაგრამ ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა ამ მექანიზმის უფრო სხვანაირად შესრულება და რომ ის ყოფილიყო შაშხანის და არა მჭიდის კოსნტრუქციის ნაწილი, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.

დაშლა აწყობა ადვილია, გახსენი საკეტი, კარგად დააჭირე სასხლეტს და სკაეტი გამოვა უკან. აწყობისას საკეტი უნდა გაასწორო მოათავსო რესივერში და დააჭირო სასხლეტს რომ მისცე საკეტს საშუალება მოთავსდეს რესივერში. თუ საკეტის ორი ნაწილი ერთმანეთს არ გაუსწორე ის რესივერში არ შეეტევა. ითხოვს მიჩვევას და ყურადღებას, მაგრამ განსაკუთრებულად არ გაღიზიანებს. მე მინახია შაშხანები, რომლებიც უფრო მარტივად იწყობოდა….

ეხლა რა მომეწონა. უკვე ქარხნულად დაყენებული ოპტიკის გრძელი სამაგრი, კარგი სასხლეტი რეგულირების ოფციით, მოსახერხებელი მცველი, დიდი ტევადობა და ის ფაქტი რომ მჭიდი გარეთ გამოშვერილი არ არის. ვაზნების მიწოდება იმდენად კარგია, რომ საკეტის დახურვისას ვერ ხვდები ხდება თუ არა ვაზნის მიწოდება თუ ხურავ ცარიელ სავაზნეზე. იარაღმა უპრობლემოდ მოინელა ვაზნები, მრგვალთავიანი,  ჩახვრეტილთავიანი და პლასტმასის წვერიანი ტყვიებით. ექსტრაქცია ასევე პოზიტიურია. დაახლოებით 100 ვაზნაზე არანაირ შეფერხებას ადგილი არ ქონდა. მხოლოდ პირველი რენჯ სესიის დროს მოხდა ორი მტყუნება, არ მოხდა ამაალებლის აალება, რაც მე დავუკავშირე ძველ/საკონსერვაციო ზეთს საკეტის შიგნით. მას მერე ეს პრობლემა არ გამეორებულა.  იარაღი მსუბუქი და შედარებით კომპაქტურია, მეტალის დეტალების დაფარვა ხარისხიანია. დიზაინი ლამაზია და თანამედროვე. დარჩა მხოლოდ მისი შემოწმება ახალი სკოპით.

პრინციპში ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტი ბიუჯეტური და ზე-ზუსტი მცირეკალიბრიანი შაშხანის აწყობის, გამოვიდა წარუმატებელი. მიზეზი პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ არის ჩინური წარმოების დეფექტური ოპტიკა. Primary Arms-ის სკოპმა გადაგვარჩინა, მაგრამ ამან აწია შაშხანის საბოლოო ღირებულება 1800 ლარამდე.  ნებისმიერ შემთხვევაში მკითხველმა უნდა გამოიტანოს მხოლოდ ერთი დასკვნა ამ ისტორიიდან, ჩუნური იაფფასიანი ოპტიკა არის ლატარეა (პირველ ცდაზე მე მერგო ბილეთი მოგების გარეშე) და რომ არ ღირს ოპტიკაზე ეკონომია. ზუსტი სროლა არის მეცნიერება ერთგვაროვნებაზე (c) Flint და უნდა გამოირიცხოს ყველაფერი რაც ამ ერთგვაროვნებას არ უზრუნველყოფს. განიხილავ შაშხანის ყიდვას რომ მერე ზედ ოპტიკური სამიზნე დააყენო? მაშინ გაამრავლე შაშხანის ფასი ორზე, რომ ზუსტად მიხვდე რა ხარჯებთან გექნება საქმე. თუ სერიოზულად ხართ განწყობილი, ოპტიკაც თქვენ განწყობილბას უნდა შეესაბამებოდეს.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Savage B22 FV-SR უპირველეს ყოვლისა არის ბიუჯეტური შაშხანა (აშშ-ში მისი ფასი 300 დოლარია), რომლის დანიშნულებაც არ არის ზე-ზუსტი სროლა. თავის მხრივ .22WMR არის მაგნუმ კლასის სანადირო ვაზნა, რომელიც ასევე არ იქმნებოდა ზე-ზუსტი სროლისთვის. მიუხედავად ამისა, ზომიერი ინვესტიციით, შესაძლებელია მიიღო მსუბუქი, კომპაქტური შაშხანა, 1.5MOA სიზუსტით, თანაც ყველაზე ხელმისაწვდომი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში. იარაღს რამე სერიოზული ნაკლი, როგორც ასეთი არ გააჩნია, ხოლო პლიუსებს განეკუთვნება, როტორული 10 ვაზნიანი მჭიდი, უსაფრთხო და კარგი Accu-trigger, გრძელი პიკატინის სამაგრი, ლულა ხრახნებით სხვადასხვა ლულის მოწყობილობებისთვის, ძალიან კარგი საკეტის მექანიზმი.

19665330_491401234535372_8402991324901793184_n



დატოვეთ კომენტარი