რას წარმოადგენს ბიუჯეტური “მოსბერგი” – Maverick 88?

20200307_165532

საქართველოში 12 კალიბრის თოფი “Maverick 88″ საკმაოდ კარგად ცნობილი იარაღია. მისი იმპორტი მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად ხორციელდება და თუ დააპირებთ მის შეძენას, “მავერიკს” ადვილად იპოვით, როგორც მაღაზიებში ასევე მეორადი იარაღის ბაზარზე.  ამერიკაში ის იყიდება 200-250 დოლარად, საქართველოში მისი ფასი მერყეობს 900-დან 700 ლარამდე. კონსტრუქციულად “მავერიკი” არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “პომპის” Mossberg 500-ის “ბიუჯეტური” ვერსია. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც “მოსბერგ 500″ არ განეკუთვნება ელიტარული იარაღის კატეგორიას, მაშინ რას წარმოადგენს “მავერიკი”, ისედაც ბიუჯეტური თოფის უფრო ბიუჯეტური ვერსია?

დავიწყოთ იმით, რომ თოფს ნამდვილად უშვებს “მოსბერგი”, თუმცა თოფები იწყობა სხვა საწარმოში, იგლ პასში, ტეხასის შტატი, მავერიკის საგრაფოში, საიდანაც წამოვიდა ეს სახელი (Maverick, მავერიკ, ქართულად ნიშნავს არაორდინარულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს), ხოლო ერთ-ერთი მიზეზი დაბალი ფასისა გახლავთ ის, რომ გამოყენებული ნაწილების უმეტესობა დამზადებულია მექსიკაში. ორივე თოფი, “მოსბერგ 500″ და “მავერიკ 88″ მექანიკურად და ვიზუალურად პრაქტიკულად იდენტურებია და მხოლოდ რამდენიმე განსხვავებაა. ყველაზე თვალში საცემი არის მცველი, რომელიც “მავერიკზე” განლაგებულია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე, სასხლეტის წინ. ნაკლებად თვალში საცემი არის ტიბჟირი, რომელიც პერმანენტულად დაფიქისირებულია რკინის ზოლურებთან, რომლებიც თავის მხრივ აკავშირებენ ტიბჟირს და საკეტს. “მავერიკის” რესივერი ასევევ არ არის წინასწარ გაბურღული ოპტიკის სამაგრის დასაყენებლათ. მეტი განსხვავება მექანიკურ მოწყობილობაში არ არის.

გარდა ამისა, ასევე განსხვავდება დეტალების დამუშავების ხარისხი. “მოსბერგთან” შედარებით, “მავერიკის” რკინის დეტალები ბევრად უფრო უხეშად არის დამუშავებული, რის გამოც საკეტის და გადატენვის მექანიზმიც ისე რბილად არ მუშაობს, როგორც ტიპიურ “მოსბერგში”. ყველა “მავერიკი” აღჭურვილია შავი პლასტმასის ფურნიტურით და სულ ახალ მოდელებზე ეს პალსტმასა საკმაოდ იაფფასიანად გამოიყურება. მიუხედავად ვიზუალური და ტექნიკური მსგავსებისა, თუ მაგალითად ლულა და საკეტი თავსებადია ორ თოფს შორის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები თავსებადი არ არის.

ჩვენი ტესტირების ობიექტი არის მოდელი “security”, რომელიც აღჭურვილია 47 სანტიმეტრიანი ცილინდრული არაქრომირებული ლულით. როგორც “მოსბერგ 500″-ზე, ქანჩი რომელიც აფიქსირებს ლულას, შესრულებულია ლულაზე და წინიდან ეჭირება მილისებრ მჭიდს, რომელიც თავის მხრივ იტევს 5 ვაზნას. ლულა ოქსიდირებულია, ალუმინის რესივერი დაფარულია შავი პრიალა დაფარვით. საკეტი მეტალის არის და არ არის დაფარული დამცავი დაფარვით. ჩემი დაკვირვებით “მოსვერგებზე” გამოიყენება უფრო უკეთესი დაფარვები.

20200307_165550

ლულის ფიქსაციის ასეთი მეთოდი გამორიცხავს მჭიდის ტევადობის გაზრდას.

თოფის სამიზნი მოწყობილობები შედგება ტრადიციული, ალტუნის მრგვალი კორასგან.  იარაღის წონა სავსე მჭიდით 2.8 კგ-ია, სიგრძე 97.5სმ, ლულის სიგრძე 47სმ. მოკლედ, როგორც ხვდებით “მავერიკ 88″ არის ყველაზე საბაზისო “პომპა” რომელიც შეიძლება წარმოიდგინოთ. არაფერი ზედმეტი, მაგრამ საჭირო რაღაცეებიც არ არის გათვალისწინებული, მაგალითად საღვედეები, რაც უკვე ტიპიურია ბვერად უფრო ძვირადღირებული ამერიკული იარაღებისთვის.

კონსტრუქციის აღწერილობა, რომ გავაგრძელოთ, თოფის საკეტი ძალიან გავს საქართველოში პოპულარული თურქული პომპების საკეტს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა დაფუძნებულია იტალიური FABARM SDASS-ის კონსტრუქციაზე. ორივე შემთხვევაში საკეტი იყენებს ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავ ბჯენს, რომელიც ზემოქმედებს ლულის კუდზე შესრულებულ კილოსთან. მოძრავ ბჯენს ასევე იყენებს “მავერიკი”. ეს პოპულარული სქემაა და ჯონ მოზეს ბრაუნინგმა პირველმა დააპატენტა თოფი ასეთი მოძრავი ბჯენით ჯერ კიდევ 1897 წელს.

უპირატესობა “ფაბარმის” ტიპის მექანიზმის გამომდინარეობს ჩემი აზრით იმაში, რომ შესაძლებელია ლულის მოხსნის შემდეგ, ტიბჟირი, ზოლურები საკეტის მატრებელი (ეს ყველა გაერთიანებული ერთ მოდულში) და საკეტი, განაცალკევოთ რესივერისგან, რაც მოსახერხებელია წმენდისთვის. “მავერიკის” შემთხვევაში ეს რომ გააკეთოთ ჯერ უნდა მოხსნათ ლულა, შემდეგ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, რის შემდეგაც უნდა ამოიღოთ ქვევიდან საკეტის “მატარებელი” და ვაზნის ინტერცეპტორები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ წინიდან საკეტის ამოღებას რესივერიდან.  ინტუიციურად “მავერიკს” ვერ დაშლით და მითუმეტეს ვერ ააწყობთ, საჭირო იქნება ისნტრუქციის წაკითხვა ან შესაბამისი ვიდეოს ნახვა. დიახ, “მავერიკი” თითქოს უფრო რთულია, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ექვემდებარება რემონტს, რამე რომ გამოვიდეს მწყობრიდან. გამონაკლისი არის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის რესივერში ფიქსაციის მეთოდი. თუ “ფაბარმში” ის ფიქსირდება ორი შტიფტით, “მოსბერგებში ის უკნიდან ფიქსირდება შტიფტით ხოლო წინიდან შესაბამისი ბჯენებით, რესიცერში ამოჭრილ კილოებში. მე პირადად არ მინახავს და არ მსმენია ასეთი შემთხვევის შესახებ, მაგრამ ამბობენ, რომ ეს პლასტმასის ბჯენები ტყდება და თოფის გამოყენება ხდება შეუძლებელი, უნდა გამოიცვალოს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსო. “მოსბერგ 590a1″-ში ეს კორპუსი მაგალითად არის ლითონის.

ისევე როგორც “ფაბარმში”, მჭიდიდან ამოღებული ვაზნის დაფიქსირება მიწოდების პროცესში არ ხდება, მაგრამ “მავერიკში” მაინც გამოირიცხება ვაზნის გაჭედვა საკეტსა და სავაზნის კიდეს შორის, რაც ადვილად მიღწევადია ბევრი თურქული “ფაბარმის” კლონით, თუ ლულას საკმარისად დაბლა დახრით მიწისკენ. მარტივმა ექსპერიმენტმა დაადასტურა ჩემი სიტყვები. თურქული “ჩერჩილი” ვაზნა მიწოდების მცდელობისას გაჭედა, “მავერიკმა” არა.

ზოგადად, რომ გადახედოთ “მავერიკის” მიმოხილვებს დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღი სარგებლობს კარგი რეპუტაციით და საკამოდ გავრცელებულია. ამის მიზეზი პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ფასი. 200 დოლარად თქვენ პრაქტიკულად მართალია იღებთ “მოსბერგ 500″-ის ბიუჯეტურ ვერსიას, მაგრამ მიანც “მოსბერგ 500″-ს. თქვენ განკარგულებაშია ორმაგი საიმედო ექსტრაქტორი, ალუმინის მსუბუქი რესივერი, რომელიც არ იჟანგება, ვაზნების მისაწოდებელ ღია ფანჯარას, რომლის წყალობით მჭიდი ბევრად ადვილად და სწრაფად ივსება ვაზნებით. თოფის კონსტრუქცია ასევე ძალიან მარტივია, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და მჭიდის გარდა ზამბარები არსად აღარ არის. განსხვავებით “რემინგტონ 870″-სგან ეჟექტორი არ არის პერმანენტულად დამაგრებული რესივერში, არამედ დამაგრებულია ხრახნით, რაც უზრუნველყოფს მის მარტივ გამოცვლას. “რემინგტონის” შემთხვევაში დაგჭირდებათ იარაღის ხელოსანი, ისიც იმ პირობით რომ მას ექნება სპეციალური ინსტრუმენტი.  

20200307_164310

დაშლილი “მავერიკის” ყველა დეტალი ხელმისაწვდომია წმენდისთვის და ინსპექტირებისთვის, მათ შორის ვაზნის მიწოდების მექანიზმის ყველა ელემენტი. მეორეს მხრივ “ფაბარმის” სისტემა უფრო სწრაფად და ინტუიციურად  იშლება და იწყობა. 

“მავერიკის” დანიშნულება არის სახლის დაცვა. როგორც მინიმუმ ყველა მოდელის, რომელიც იყენებს შედარებით მოკლე ლულებს. გამოყენების ეს ფილოსოფია გულისხმობს, რომ თოფის გამოყენება მოხდება უკიდურესად ახლო მანძილებზე. ასეთ მანძილებზე “მავერიკი” იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც ყველაზე “დანავაროტებული” თაქტიკური “პომპა” მაგალითად იგივე FABARM-ის წარმოების, რომლის ფასიც სამჯერ ოთხჯერ უფრო მეტია.

ჩვენ შევეცადეთ, რომ გვენახა სად გადის ასეთი ტიპის თოფის ეფექტურობის ზღვარი და საკმაოდ დამაფიქრებელი შედეგები მივიღეთ. 50 მეტრიდან არც ერთი “სლაგი” სამიზნეს არ მოხვდა. აღმოჩნდა, რომ ასეთ მანძილზე ცდომილება დამიზნების და მოხვედრის წერტილებს შორის იმხელაა, რომ ყველა ტყვია ხვდება სამიზნის მარჯვნივ. თუ 7 მეტრიდან სტანდარტული 9-ნი კარტეჩის მთლიანი მუხტი აღმოჩმნდა სილუეტის ცენტრში, რაც ერთგვარი გარანტიაა, რომ სამიზნე გამოვა მწყობრიდან,  25 მწტრიდან 9-დან მხოლოდ სამი ჭურვი მოხვდა სამიზნეს, რაც არც ისე კარგი შედეგია. 50 მეტრზე 24 გრამიანი “ფოსტერები” სტაბილურად ხოლო 34 გრამიანი  ”ბრენეკეს” მაგვარი ტყვიების ნახევარი, ხვდებოდა სამიზნეს აყირავებული, რაც ნიშნავს რომ 50 მეტრის იქით რაიმე სიზუსტეზე საუბარი იქნებოდა ზედმეტი. ასეთ მანძილზე მოხვედრის საშუალო წერტილი იცვლებოდა ვაზნის ცვლილებასთან ერთად მაგრამ ვერტიკლაური ცდომილება იყო მეტ-ნაკლებად სტაბილური და მოხვედრის საშუალო წერტილი იყო დაახლოებით 80სმ-ით მაღლა. სტანდარტული კორა თარაზოს შემთხვევაში ეს ადვილად გამოსწორდებოდა, მაგრამ მრგვალ კორას ვერაფერს ვერ მოუხერხებ.

20200307_141853

00 კარტეჩით სროლის შედეგი, 7 მეტრზე შედეგი კარგია, 25 მეტრზე შედეგი ნაკლებად შთამბეჭდავია.  15 მეტრიდან ტყვიით სროლისას (ხელიდან) სიზუსტე მისაღებია.  კარგად ჩანს, რომ მოხვედრების უმეტესობა მაღლა და მარჯვნიც არის.  

10-15 მეტრიდან დამიზნება ხდებოდა ღვიძლის მიდამოში რომ მოხვედრები ყოფილიყო სილუეტის მასის ცენტრში. აქ ასევე თავს იჩენს პრობლემა, რომელიც უკავშირდება მარტივი მრგვალი ლატუნის კორის გამოყენებას. თოფზე შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობების გამოყენება გაძლევთ საშულებას ადვილად მიაღწიოთ ერთგვაროვან დამიზნებას, რაც ძნელად მისაღწევია მხოლოდ მრგავლი კორას გამოყენების დროს. დაუმატეთ ამას საშუალო ლულა, საშუალო სასხლეტი და მიიღებთ თოფის ეფექტური გამოყენების 25 მეტრიან ზღვარს, რაც მეორეს მხრივ სრულად შეესაბამება თოფის დანიშნულებას. სახლის დასაცავად 25 მეტრიანი ეფექტური სროლის მანძილი საკმარისზე მეტია.  თოფის შესაძლებლობების ტესტირებისას ჩვენ სპეციალურად ვიყენებდით ყველაზე ხელმისაწვდომ თურქულ ვაზნებს, ამიტომ განსხვავებული/უკეთესი ხარისხის ვაზნებით შედეგი იქნება ალბათ უფრო უკეთესი.

თავისებურება გლუვლულიანი თოფების იმაში მდგომარეობს, რომ მუხტის ცვლილებას მოყვება რადიკალური ცვლილებების მოხვედრის საშუალო წერტილში, შეღწევაში და გაშლაში, ამირტომ თუ სერიოზულად ხართ განწყობილი და გინდათ სროლა 25 მეტრის იქით, მოიმარაგეთ ფული და დრო, იმიტომ რომ ბევრი ექსპერიმენტირება შეიძლება დაგჭირდეთ, სანამ იპოვით ოპტიმალურ კომბინაციას. ეს არ ეხება მარტო ბიუჯეტურ თოფებს, ეს ეხება ყველა თოფს ზოგადად.

რაც შეეხება ნადირობას, მე არაერთხელ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, ჩემი ყველაზე საინტერესო და რეზულტატიური ნადირობები მწყერზე იყო ყველაზე უბრალო “პომპებით”. ერთხელ სადღაც წალკასთან, ვიყავით სანადიროთ და მე თან მქონდა ჩემი საბჭოთა წარმოების ИЖ-58, თუ არ ვცდები ტრადიციული ჩოკ+ნახევარჩოკი ლულებით. ეს ძალიან კარგი თოფია, მსუბუქი და გამძლე. ეს იყო ჩემი პირველი ნადირობა მწყერზე და თოფიც მქონდა კლასიკური, სანადირო იარაღი. პირველივე გასროლით მწყერი პირდაპირი გაგებით დაიშალა ჰაერში და მარტო მისი ერთი თათი ვიპოვე, მერე რამდენიმე აცილებაც იყო. მეორე დღეს “იჟი” დავტოვე ბანაკში და წავიღე ზუსტად ასეთი “მავერიკი”. ნადირობაც ბევრად უფრო რეზულტატიური მქონდა. ვიცი ეხლა გამოცდილ მონადირეებს გაეღიმებათ ამის წაკითხვაზე მაგრამ, რა გინდათ? შორს ვერ გაისვრით მაგრამა ხლო მანძილებზე მწყერს ცოტა შანსი ექნება. თავდაცვა, პრაქტიკა და შესაძლებლობა იარო ყველაზე პოპულარულ ნადირობებზე, ჩემი აზრით კარგი ნაკრებია ბიუჯეტური იარაღისთვის. ვისაც არ აქვს საშუალება ყველაფრისთვის ცალკე იარაღი იქონიოს, ასეთი “პომპა” სთავაზობს გარკვეულ მოქნილობას. მოთხოვნა პომპებზე ჩემ სიტყვებს ადასტურებს, ყველა მაღაზიას ასორტიმენტში აქვს ასეთი თოფები.

“მავერიკის” ტესტირებისას მოხდა ერთი ნაკლებად სასიამოვნო ინციდენტი. თურქული მუხტით სროლისას, რომელიც იყენებს სამ სფერულ ჭურვს პლასტმასის კონტეინერში (Yaf Tripple Slug), საკეტი იჭედებოდა (არ ვიცი რატომ). როდესაც საკეტი არ იხსნება, გამოსავალი არის კონდახის მიწაზე დარტყმა, რომ დარტყმისგან ინერციამ გახსნას საკეტი. ინერციამ გახსნა საკეტი და ამოატეხა პლასტმასის ნაწილი ტიბჟირზე. ეს მასიური ფეილი ადასტურებს, რომ პლასტმასა “მავერიკებზე” არის საკმაოდ საშუალო და ამიტომ მას ჭირდება მოფრთხილება. დაზიანება მეტ წილად კოსმეტიკურია,  მაგრამ მაინც საწყენია, მითუმეტეს იმის გამო რომ, ჩამოტყდა პლასტმასა ყველაზე სქელ ადგილას. მე გადავამოწმე და სათადარიგო ტიბჟირი არ ღირს ძვირი, ფურნიტურის მთელი კომპლექტი ჯდება სადღაც  40 დოლარი.

20200307_164328

დაზიანებული ტიბჟირი. 

ასევე გადატენვისას მოხდა ისეთი ტიპის დაბრკოლება, რომლის ახსნა საკმაოდ ძნელია. საკეტის გახსნისას ვაზნა მჭიდიან ამოხტა გარეთ. როგორც არ ვეცადე შემდგომ, ასეთი რამე ვერ გავიმეორე. ვაზმა ან ამოხტა საექსტრაქციო ფანჯრიდან ან ვაზნის მისაწოდებელმა ხონჩამ ვერ მოასწრო ჩამოწევა და მჭიდმა ვაზნა გარეთ გადმოაგდო. როგორც აღვნიშნე იგივე დაბრკოლების იმიტირება მე ვერ შევძელი და არც მომდევნო გასროლების დროს ასეთი რამე აღარ გამეორებულა. გარდა ხსენებული თურქული “სამ ტყვიანი” მუხტისა იარაღმა მოინელა ყველა ვაზნა მათ შორის გადატენილი. სავაზნე 76მმ-ნია, მაგრამ მეეჭვება ვინმემ შეძლოს ე.წ. “მაგნუმ” ვაზნების გამოყენება აუტანელი უკუცემის გამო. სტანდარტული 34 გრამიანი ვაზნების გამოყენებისას უკუცემა ატანის ზედა ზღვარზეა თოფის მცირე წონის გამო და ძალიან რბილი “ბალიში” კონდახზე საქმეს დიდად არ შველის.

ბოლოს ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რომელია უფრო უკეთესი, რომელიმე თურქული “ფაბარმის” კლონი 500-600 ლარად თუ “მავერიკი” 700-900 ლარად?  მე მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თურქული თოფების შესრულება ბევრად უკეთესია, ლულა და სავაზნეც ქრომირებულია, ზოგი მოდელი ასეთ ფასში მოდის შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობებით და სხვა რამეებით რაც “მავერიკს” არ გააჩნია, მაგალითად თუნდაც საღვედეებით (ჩემ 400 ლარად ნაყიდ “ჩერჩილს” საღვედეები უყენია). ამავე დროს თურქული თოფები გამოდგომაზეა, მაგრამ მათი ხარისხი  წლიდან წლამდე უმჯობსდება. “მავერიკი” მეორეს მხრივ გამოცდილი კონსტრუქციაა, თუმცა თოფის ტესტირებამ და ინციდენტმა ტიბჟირთან დაგვიდასტურა, რომ “მავერიკს” ბევრი აკლია ეტალონურ 590A1-მდე, რომელიც ჩემი აზრით არის საუკეთესო 12 კალიბრის პომპა.  ასევე მე არ მომწონს რომ “ფაბარმის” სქემაში შესაძლებელია ადვილად ინიცირება მდგომარეობის, რომლის დროსაც ვაზნა გაიჭედება. ის, რომ “ფაბარმის” კლონები უფრო ადვილად იშლება, არ არის კრიტიკული ასეთი ტიპის იარაღებისთვის, რომლებსაც ხშირი წმენდა არ ჭირდებათ.  მოკლედ ყველა ფაქტორი მე ჩამიგითვალეთ, ხოლო საბოლოო არჩევანი თქვენზეა.

20200307_165440

“მოსბერგის” სისტემის საფირმო “ღია” დასატენი ფანჯარა.

dg9009

პრაქტიკულად ერთი და იგივე ტიპის და რაოდენობის ვაზნების გასროლის შემდეგ არ არის ძნელი მიხვდეთ, რომელი ლულა არის ქრომირებული და რომელი არა.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. “Maverick 88″ არის ყველაფერში მინიმალისტური თოფი, რომელიც იყენებს კარგად გამოცდილ “მოსბერგ 500″-ის კონსტრუქციას. სამწუხაროდ მისი ფასი საკმაოდ მაღალია, იმის გამო რომ თოფი იწყობა ამერიკაში. ვინც არ ენდობით თურქულ მწარმოებლებს, მაშინ “მავერიკი” იქნება ფასით თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი. უბრალოდ დარწმუნდით რომ თოფი მუშაობს და დააკვირდით რა შედეგს იღებთ იმ ვაზნებით, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. “Maverick 88″ არის თოფი რომელსაც, როგორც წესი ყიდულობენ ყოველი შემთხვევისთვის და ამიტომ არ უნდათ ბევრის დახარჯვა.

o-matic



დატოვეთ კომენტარი