დაბრუნება 10/22-თან

ვაჭერ სასხლეტს და უკვე მეხუთეჯერ ვხედავ რომ პლასტმასის ბოთლი ხტება ადგილიდან და სადღაც ვარდება. მორიგი მცდელობა გასროლით  თავსახურის მოხსნის მთავრდება უშედეგოდ. ხუთივე გასროლა მოხვდა პლასტმასის 0.3 ლიტრიანი “ბორჯომის” ბოთლს პირდაპირ ყელში მაგრამ ჩემდა სამწუხარდ არა თავსახურში! ეტყობა ვერტიკალური შესწორება დამიზნებაში შემაქვს არასწორად. მერე მეორე მსროლელი იღებს კარაბინს და იგივე მანძილიდან, 25 მეტრიდან, ორივე გასროლით არტყავს 2 ცარიელ 9მმ-ან ცარიელ მასრას. ერთის მხრივ მე მიხარია, რომ ჩემ მორიგ იარაღს, რუგერ 10/22-ს შეუძლია ასეთი სიზუსტის გამოვლენა, მეორეს მხრივ მშურს და მიწევს აღიარება რომ ასაკთან ერთად მხედველობა არ უმჯობესდება.  და არა, ჩვენი იარაღი არ იყო აღჭურვილი ოპტიკით…..

მე არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ ამერიკელებს ხშირად უყვართ კლასიკური ამერიკული იარაღები არა იმიტომ რომ უკანასკნელები გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებული თვისებებით არამედ უბრალოდ იმიტომ რომ….  ამერიკულია.  ჩემთვის ის ფაქტი, რომ იარაღი ამერიკიდან არის, თავისთავად ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ხანდახან გადამეტებული მოლოდინებიც მაქვს, რასაც მერე მცირე იმედგაცრუება მოყვება, როდესაც იარაღი, რომელზეც ასე “აფანატებს” მთელი ამერიკა, ისეთი კარგი არ აღმოჩნდება.   თუმცა ხანდახან  მჭირდება მეტი დრო რომ იარაღზე შევიქმნა ობიექტური აზრი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკაზე და მცირეკალიბრიან შაშხანებზე, თავში შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ორი იარაღი: მარლინ 60 (მისი მოსახსნელ მჭიდიანი ვარიანტი მარლინ 795) და რუგერ 10/22. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში უამრავი კარგი .22 კალიბრის კარაბინი გამოდიდოდა, ეს ორი (სამი) უდაოდ ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია. პირველად მე რუგერი 10/22 რამდენიმე წლის წინ ჩავიგდე ხელში, მთლიანობაში მოხიბლული დავრჩი ამ იარაღით და პოზიტიური მიმოხილვაც გამოვაქვეყნე.  თუმცა გამიჭირდებოდა მეთქვა, რატომ არის მაინცდამაინც 10/22 ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მცირეკალიბრიანი კარაბინი.  სინამდვილეში, 10/22 არის ალბათ საერთოდ, ყველა დროის ყველაზე პოპულარული სამოქალაქო კარაბინი, რომელიც 1964 წლიდან იქნა 5 მილიონ ერთეულზე მეტი გამოშვებული. ეს კიდე საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია.

ეხლა, გარკვეული დროის მერე და მეორე 10/22-ის გაცნობის შემდეგ, შემიძლია გამოვთქვა, მოსაზრება, რომ ჩემი აზრით 10/22-ის პოპულარობას განაპირობებს არა რაიმე კონკრეტული თვისებები არამედ ამ თვისებების ჰარმონიული შეთავსება ერთ იარაღში. 10/22 არის მარტივი, საიმედო, ერგოინომიული კარაბინი, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. მაგრამ ამის გარდა, მას აქვს ასევე უნიკალური თვისებები რაც გამოარჩევს მას სხვებისგან. ყველაფერი ეს მთლიანობაში, დიდი ალბათობით ხდის მას საუკეთესო .22 კალიბრის ნახევრად-ავტომატურ კარაბინად.

o-matic


ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი კარაბინი გამოირჩევა თავისი უნივერსალურობით, ის გამოდგება სანადიროდ, რეკრეაციული სროლისთვის, სროლის უნარების დასახვეწად ხოლო უკიდურეს შემთხვევაში თავის დასაცავადაც. ეს ყველაფერი მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის,  ხელმისაწვდომობის, ეკონომიურობის და  ეფექტურის სროლის მაღალი  ტემპის წყალობით. 

დიახ, კიდევ ერთხელ, როგორც პირველ მიმოხილვაში აღვნიშნავ, რომ 10/22-ს გააჩნია მარტივი კონსტრუქცია, რაც ეხლა უკვე იშვიათად გვხვდება თანამედროვე .22 კალიბრის იარაღში. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი (შიდა ჩახმახით)  აწყობილია შტიფტებზე, მარტივად იშლება და იწყობა, მისი სრული გაწმენდა ან დეტალის გამოცვლა არის ადვილი. კარაბინი შედარებით ადვილად იშლება, თუმცა ხშირი წმენდა .22 კალიბრის იარაღს არ ჭირდება, ამიტომ დაშლის სიადვილე კრიტიკული არ არის. იარაღი ისეთია, რომ რამე რომც გაფუჭდეს, მის გამოსაცვლელად საჭირო იქნება მხოლოდ ახალი დეტალის ყიდვა. მწყობრიდან გამოსული დეტალის მოხსნას და ახლით შეცვლას არ დაჭირდება რამე რთული ინსტრუმენტები. ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომია. საწერთოდ იმის ალბათობა, რომ რამე გაფუჭდება არის საკმაოდ მცირე.  10/22-ს პრაქტიკულად არ აქვს სუსტი წერტილები, რომლებიც ქმნიან რაიმე  პრობლემას, თუნდაც ხანგრძლივი ექსპლუატაციის დროს. მე მაგალითად არასდროს არ დამავიწყდება, როდესაც ერთხელ გადმოვიღე სეიფიდან მარლინ 795 და შიგნიდან გადმოიყარა რაღაც პლასტმასის ნაფლეთები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა იყო პლასტმასის ბუფერის ნარჩენები, რომელიც დროთა განმავლობაში უბრალოდ დალპა და დაიშალა. 10/22-ში ასეთი რამე არ მოხდება. ზოგი დეტალი საერთოდ ისეთია, რომ მათი დაზმადება კუსტარულად არ იქნება ძალიან რთული, რაც არც თუ ისე უმნიშვნელოა იარაღისთვის, რომლიდანაც ბევრს ისვრიან ქვეყანაში სადაც სათადარიგო დეტალები საერთოდ არ იყიდება. კონსტრუქციული სიმარტივე განაპირობებს საიმედოობას, ხოლო 10/22 ცნობილია თავისი საიმედოობით.  როგორც J.B. Wood-მა დაწერა თავის წიგნში “Troubleshooting your rifle and shotgun”: – “რაც შეეხება შესაძლო პრობლემებს, კონკრეტულად ამ იარაღზე (10/22) რამის დაწერა არ იქნება რთული, იმიტომ რომ, როგორც წესი ამ იარაღს არასდროს არაფერი არ ჭირს. ვაზნის მიწოდების სქემა განსაკუთრებულად კარგია, რის გამოც ეს იარაღი პრაქტიკულდ არასდროს არ ჭედავს”.

ვაზნებით კვების სისტემა ამ იარაღს მართლაც კარგი აქვს და რა თქმა უნდა ყველაზე დიდ როლს აქ თამაშობს როტორული ტიპის მჭიდი, რომელიც გარდა იმისა, რომ მშვენივრად ასრულებს თავის ფუნქციას, საიმდოთ აწვდის ვაზნებს, ასევე გააჩნია გამძლე კონსტრუქცია და სქელი რკინის ტუჩები, რომელიც არასდროს არ იცვითება ან დეფორმირდება. ასევე მისი კონსტრუქცია უზრუნველეყოფს იმას, რომ მჭიდი მთლიანად იმალება იარაღში და არ არის გარეთ გამოშვერილი. კვების ასეთი სისტემა არის ის რაც გამოარჩევს 10/22-ს სხვებისგან. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, ეს არის ამ იარაღის ყველაზე დიდი უპირატესობა.  გამძლე საიმედო კვების სისტემა, რომელიც თან არ არის გარეთ გამოშვერილი, არაფერს არ წამოედება და არ აფუჭებს იარაღის იერსახეს.  ეს სისტემა უკეთესია ვიდრე  მჭიდი რიგში განლაგებული ვაზნებით (უფრო გამძლე, მჭიდი არ არის გარეთ გამოშვერილი) და ბევრად უკეთესია ვიდრე ლულის ქვეშ განლაგებული მილისებრი მჭიდი მარლინ 60-ზე, სადაც იმისთვის რომ კარაბინი განმუხტოთ სროლის შემდეგ (მჭიდი არ არის ბოლომდე დაცლილი) უნდა გადმოყაროთ ვაზნები ხელში, რაც გულისხმობს, რომ უნდა დაუმიზნოთ ხელს დატენილი კარაბინი და მხოლოდ ამის შემდეგ ამოაგდოთ ვაზნა სავაზნიდან. მაგრამ ესეც სულ არ არის, იმიტომ რომ კიდე ერთი ვაზნა რჩება შიგნით გამზადებული მიწოდებისთვის, ამიტომ საკეტი ორჯერ უნდა გადაკრათ რომ ეს მეორე ვაზნაც ამოაგდოთ. რამე აგერევათ და მოხდება არასანქცირებული გასროლა. მარლინის და რუგერის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცირეკალიბრიანი კარაბინი არის რემინგტონ Nylon 66, რომელიც აღარ გამოდის. იქ მილისებრი მჭიდი შეტრიალებულია, და იარაღი იტენება კონდახიდან, ეს ეფექტურად ამცირებს უსფრთხოების პრობლემას მაგრამ არ არსებობს ინდიკატორი, რომელიც გეუბნება როდის არის მჭიდი  სავსე და ამიტომ ყოველთვის ან მეტს ან ნაკლებს ჩადებთ შიგნით, ხოლო ზეპირად დამახსოვრება რამდენი ვაზნა იდო, რამდენი ისროლეთ და რამდენი დაუმატეთ უბრალოდ შეუძლებელია, ასე რომ ვაღიაროთ, რომ 10/22-ის კვების სისტემა არის საუკეთესო. ვიღაცა იტყვის, რომ 10/22-ის მჭიდები უფრო გაბარიტულია, მაგრამ ეს ეხლა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, იმიტომ რომ 3-4 მჭიდისთვის ადგილის პოვნა არ იქნება რთული და მეტი უბრალოდ არც არის საჭირო.

1022rotor

მყარი კონსტრუქციის, სქელი ფოლადის მჭიდის ტუჩების და როტორული მექანიზმის წყალობით ეს მჭიდები პრაქტიკულად უკვდავია და რუგერის გარდა ამ მჭიდებს თავის იარაღებში იყენებენ სხვებიც, მაგალითად Volquartsen და Thompson Center. 

10/22-ის პოპულარობა და გავრცელებულობა განაპირობებს “აფტერმარკეტ” აქსესუარების გართო (ყველაზე ფართო) არჩევანს და 10/22-ის მოდიფიცირების/კასტომიზაციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. თანაც ეს ყველაფერი საერთოდ არ დაგიჯდებათ ძვირი. რამდენად ეს აქტუალურია საქართველოსთვის ეხლა, მე არ ვიცი, მაგრამ ობიექტური ფაქტია, რომ 10/22-ს გააჩნია კასტომაიზინგის შეუზღუდავი შესაძლებლობები. ვიკიპედიას ციტირება, რომ მოვახდინოთ, შესაძლებელია 10/22-ის აწყობა, რომელშიც არ იქნება არც ერთი “რუგერის” წარმოების ნაწილი.

16099

იარაღი, რომელსაც მე დავუყენებდი გვერძე 10/22-ს არის მოსბერგ 702, რომელიც ასეთივე მარტივია, საიმედო და გამძლე, მაგრამ იკვებება კლასიკური კონსტრუქციის მჭიდიდან რომელიც არ არის ისეთი გამძლე და თანაც არის გარეთ გამოშვერილი.  ზოგი თვლის რომ ეს დაბალხარისხიანი იარაღია, მაგრამ ავტორის აზრით ფასი-ხარისხით ის ერთ-ერთი საუკეთესო “პლინკერია”. 

რა თქმა უნდა მე ვერ ვიტყოდი უარს 10/22-ის მსუბუქ კასტომიზაციაზე. წინა პატრონმა გააკეთა საუკეთესო ინვესტიცია და დააყენა კარაბინზე შესანიშნავი დიოპტრიული სამიზნი მოწყობილობები დამზადებული Tech Sight-ის მიერ. ამიტომ მე მხოლოდ დავამოკლე მჭიდის ღილაკი, რომ შემცირებულიყო მჭიდის დაკარგვის ალბათობა ტყეში ხეტიალისას, დამატებით დავაყენე საღვედეს გასაყრელი ხრახნები და შევღებე პლასტმასის კონდახი. კიდე მე გავაპრიალე დამრტყმელ-სასხლეტი დეტალები, თუმცა უნდა დავაკონკრეტო, დეტალების გაპრიალება, როგორც ასეთი იშვიათად იძლევა რაიმე ხილვად შედეგს, თუ არ მოხდა დეტალების იმ ზედაპირების მორგება, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ, ეს კიდე ითხოვს კარგად გაწაფულ ხელს, თვალს და საჭირო ინსტრუმენტებს.  ნებისმიერ შემთხვევაში 10/22-ს აქვს ნორმალური სასხლეტი პირდაპირ ყუთიდან და მისი გაუმჯობესების გადაუდებელი აუცილებლობა უბრალოდ არ არსებობს.

P1110639

ყველაზე კარგი ინვესტიცია, რომელსაც იმსახურებს ნებისმიერი მცირეკალიბრიანი კარაბინი არის კარგი სამიზნი მოწყობილობები. გნებავთ ოპტიკა და გნებავთ კარგი “რკინები”.  Tech Sights-ის მიერ დამზადებული მოდელი TSR200, გაძლევთ საშუალებას ადვილად შეიტანოთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური შესწორებები, ხოლო დიოპტრის დიამეტრი იდეალურია .22lr-თვის ტიპიურ მანძილებზე სასროლად, მათ შორის ცუდი განათების პირობებში. 

ასევე, რაც ძალიან მომწონს მცირეკალიბრიან კარაბინებში, არ არის საჭირო არაფერი განსაკუთრებული იმისთვის, რომ იარაღმა ისროლოს ზუსტად. მე არ გამოვრიცხავ, რომ იქნება ბევრი ადამიანი ვინც ისურვებს სქელპროფილიან ლულებს, ბედინგს, ძცირადღირებულ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულს, ლაპინგს, ჯადოს, ვუდუს და ა.შ. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი არ არის საჭირო, რომ მიიღოთ მაღალი სიზუსტე მცირეკალიბრიანი კარაბინიდან. კარგი ხარისხის ლულა და კარგი სასხლეტი იქნება საკმარისი, რაც პრინციპში დაგიდასტურეთ ამ სტატიის პირველ აბზაცში. ჩვეულებრივი “სტოკ” პლინკერი შეიძლება იყოს საოცრად ზუსტი, იმის გარეშეც რის გარეშე წარმოუდგენელია მაღალი სიზუსტის მიღება ცენტრალური აალების იარაღიდან.

67625612_10214184801629433_4286905109809463296_o

მიუხედავად იმისა, რომ 10/22-ს არ გააჩნია “მიკრო-ღარიანი” ლულის არხი, როგორც მარლინებს, როგორც წესი 10/22 ყოველთვის გამოირჩევა კარგი სიზუსტით, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

ყველა გამოცდილმა მსროლელმა იცის, რომ მცირე-კალიბრიანი ნახევრად-ავტომატების პრობლემური საიმედოობა გამომდინარეობს .22lr ვაზნის კონსტრუქციული თავისებურებებიდან. გარდა ამისა საწყისი სიჩქარე, ტყვიის წონა და ფორმა იმდენად განსხვავდება , რომ ადრე თუ  გვიან ეგრევე მიაგნებთ მუხტს, რომელსაც თქვენი კარაბინი არ “მოინელებს”. მაგალითად Federal Champion არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი .22 კალიბრის მუხტი, რომელიც დღეს იყიდება საქართველოში. ის ასევე გამოდგა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, რაც არ არის გასაკვირი. მძიმე (40გრ) და სტანდარტულ სიჩქარიანი მუხტები, ყოველთვის ყველაზე კარგ სიზუსტეს აჩვენებენ. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ, როგორც ჩანს არარსებობს ნახევრად-ავტომატი, რომელიც იმუშავებდა საიმედოდ ამ მუხტთან. დენთის მუხტი იმდენად სუსტია, რომ ერთი მჭიდის დაცლაც არ მოხდა ისე, რომ არ მომხდარიყო დაბრკოლება ექსტრაქციისას ან ვაზნის არ მიწოდება მჭიდიდან, იმის გამო რომ არ იყო საკმარისი ენერგია გადატენვის ციკლის ბოლომდე შესასრულებლად. ასე, რომ ამ მუხტის სიზუსტით სარგებლობა რჩება მექანიკური გადატენვის მექანიზმის მქონე იარაღების პატრონების პრივილეგიად. Federal Champion და LVE “Сурок” შედის შავ სიაში მუხტების, რომლებიც არ არის რეკომენდირებული ნახევრად-ავტომატებისთვის.   სხვა მუხტებით 10/22-მა დაამტკიცა თავისი რეპუტაცია, როგორც უკიდურესად საიმედო იარაღის.

ბოლოში უნდა აღვნიშნო, რომ უბრალოდ დასანანია, რომ 10/22 არ არის ისე გავრცელებული საქართველოში, ჩემი დაკვირვებით მარლინი 60/795 ბევრად უფრო ხშირად გვხვდება ისევე, როგორც სხვა მოდელები, მაგალითად მოსბერგ 702 და ა.შ. მიზეზი ამისა არის, ის, რომ 10/22-ს იმპორტირება საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანიო რაოდენობით პრაქტიკულად არასდროს არ მომხდარა. ასე, რომ ამჯერად შეიძლება ითქვას, რომ 10/22 ნამდვილად არის საუკეთესო მცირეკალიბრიანი ნახევრად-ავტომატური კარაბინი, რომელიც მე ოდესმე მჭერია ხელში და იმის გათვალისიწნებით, რა მიმართულებით მიდის ამ კლასის იარაღების ევოლუცია, მეეჭვება 10/22-მა ეს ტიტული ოდესმე დაკარგოს.



2 Responses to “დაბრუნება 10/22-თან”

  1. Giorgi says:

    გამარჯობა, მაინტერესებს 10/22-ის ფასი და სად მირჩებთ შეძენას?

  2. Shooter says:

    ამ ეტაპზე მხოლოდ მეორად ბაზარზე თუ ნახავთ რამეს. რამდენადაც ვიცი მაღაზიებში არ არის

დატოვეთ კომენტარი