კვირის იარაღი: Ithaca MAG-10 Roadblocker

Roadblock

1975 წელს ამერიკულმა კომპანია Ithaca Gun Company-მ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი 10 კალიბრის ნახევრად-ავტომატური გლუვლულიანი თოფი, რომლის ძირითადი დანიშნულება იყო ბატებზე ნადირობა. შეგახსენებთ, ეს იყო 1975 წელი, და ჯერ 13 წელი იყო დარჩენილი მანამდე სანამ ამერიკული “მოსბერგი” და “ფედერალი” ერთობლივად წარმოადგენდნენ 12 კალიბრის ვაზნას 89მმ-ნი მასრით, ამიტომ ბუნებრივია, რომ იმ პერიოდისთვის თოფებს რომელთა ვაზნის  “სასარგებლო ტვირთამწეობა” 50 გრამზე  მეტი იქნებოდა, ხოლო სროლის მანძილი 50 მეტრზე მეტი, ქონდა ვიწრო მაგრამ თავისი ადგილი მონადირეების არსენალში. შესაბამისად “იტაკას” სურვილი გამოეშვა ნახევრად ავტომატური თოფი ასევე იყო ლოგიკური და გასაგები. ახალი თოფი სახელით MAG-10  გამოვიდა ძალიან მასიური და მძიმე (5.5კგ). მას კონსტრუქციაში გააჩნდა უკუცემის შემცირების მექანიზმი, რომელიც წარმოადგენდა დენთის აირების სისტემის ნაწილს. თოფი მთლიანად იყო დამზადებული მაღალი ხარისხის მათ შორის უჟანგავი ფოლადისგან (მხოლოდ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული იყო ალუმინის). ავტომატიკის სქემა მუშაობდა დენთის აირების ენერგიის გამოყენების ხარჯზე. დენთის აირების ნასვრეტი განლაგებული იყო სულ რაღაც 20 სმ-ში სავაზნისგან, რამაც თვითონ სისტემის კონსტრუქციასთან ერთად განაპირობა ლულისქვეშა მჭიდის დაბალი ტევადობა, რომელიც სულ რაღაც 2 ვაზნას შეადგენდა. საკეტის ჩაკეტვა ხდებოდა ერთი ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავი ბჯენით, რომელიც შედიდოდა შესაბამის კილოში. კილო განლაგებული იყო ლულაზე წამოცმულ მანჟეტზე. მთლიანობაში, თოფი მართვის ელემენტების განლაგებით, მოვლა-შენახვის რეგლამენტით, კონსტრუქციით და გამოყენების პრინციპებით პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდებოდა ტიპიური ნახევრად-ავტომატური თოფისგან, რაც იყო კარგი.  ასეთი სიმძლავრის იარაღები ყოველთვის იყო სპეციალიზირებული იარაღი, რომელიც არ გამოირჩეოდა ისეთი უნივერსალურობით, როგორიც მაგალითად უმეტესობა 12 კალიბრის თოფების, ამიტომ მათი გამოყენება ხდებოდა ძირითადად გარეულ ინდაურზე და ბატებზე სანადიროდ, თანაც მაშინ, როდესაც სროლის დისტანცია აღემატებოდა 50 მეტრს. ასეთ შემთხვევაში მძლავრი 10 კალიბრის ვაზნა ზრდიდა წარმატებული ნადირობის ალბათობას.  იარაღის წონა და და გაბარიტები ბუნებრივია დიდ როლს არ თამაშობდა, ხოლო 10 კალიბრის იარაღი უნდა ყოფილიყო მძიმე, წინააღმდეგ შემთხვევაში უკუცემა ხდებოდა აუტანელი. მსუბუქი მუხტები კიდე  ვერ ახერხებდნენ ამ კალიბრის პოტენციალის სრულ რეალიზებას.

198o წელს MAG-10-ის სანადირო ვარიანტებს 81სმ-ნი ლულებით დაემატა “პოლიციური” მოდელი 56სმ-ნი ლულით, რომელიც არის ცნობილი მეტსახელით “Roadblocker”. რამდენადაც ცნობილია “იტაკას” არასდროს ფორმალურად არ გამოუყენებია სახელი “roadblocker”. ერთ-ერთი ვერსიით ეს სახელი ამ თოფს შეარქვეს ტეხასის გზატკეცილების პატრულის თანამშრომლებმა, რომლებიც ცდიდნენ MAG-10-ის პოლიციურ ვარიანტს, და განიხილავდნენ ამ თოფებს, როგორც ეფექტურ იარაღს მანქანაში მყოფი ბოროტმოქმედების წინააღმდეგ.

იმ პერიოდში გლუვლულიანი თოფები ჯერ კიდევ იყო ყველაზე გავრცელებული “გრძელი” იარაღი პოლიციის შეიარაღებაში ამიტომ MAG-10-ის პოლიციური ვარიანტის გამოჩენა იყო ლოგიკური. ახალი თოფის წონა შემცირდა დაახლოებით 4.8 კგ-მდე მაგრამ თოფი მაინც იყო ბევრად უფრო მძიმე და გრძელი ვიდრე იმ პერიოდის ტიპიური პოლიციური 12 კალიბრის თოფები. გარდა ამისა 2 ვაზნიანი ტევადობა იყო დიდი მინუსი იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ პოლიციური სამსახურები კრძალავდნენ თოფის ტარებას ვაზნით სავაზნეში. ამის შედეგად თქვენ იღებდით პრაქტიკულად ორლულიანი თოფის შესაძლებლობებს უფრო რთულ იარაღში. მაგრამ ეს არ იყო პოლიციური 10 კალიბრის “იტაკას” ერთადერთი ნაკლი. უკუცემა, მიუხედავად ყველაფრისა მაინც იყო დიდი და უბრალოდ აუტანელი იმისთვის ვისაც არ ქონდა გამოცდილება მძლავრი იარაღებიდან სროლის. გარდა ამისა ტესტირებებმა მათ შორის 1985 წელს ჩატარებული ჟურნალ Soldier of Fortune-ის მიერ აჩვენა, რომ იარაღი არ შეესაბამება სამხედრო/პოლიციური იარაღისთვის არსებულ საიმედოობის სტანდარტებს.  ტესტირებისას იარაღმა რამოდენიმეჯერ გაჭედა, ხოლო დაბრკოლების აღმოფხვრას ჭირდებოდა დიდი დრო, რაც განპირობებული იყო იარაღის კონსტრუქციით. ნაწილობირვ ეს იყო იმის ბრალი, რომ 10 კალიბრის იარაღი უფრო სწრაფად ბინძურდებოდა და საჭიროებდა უფრო ხშირ და საფუძვლიან წმენდას. საჭირო იყო უფრო საფუძვლიანი ცვლილებები და არა მხოლოდ ლულის დამოკლება. MAG-10-ის პოლიციური ვარიანტები არ გამოირჩეოდნენ შესრულების მაღალი ხარისხით, თუმცა სანადირო ვარინატების შესრულება იყო უკეთესი. სამაგიერდო MAG-10-ს ქონდა როტაციული ჭედვით დამზადებული ლულა, რომლის არხის პოლირება ხელით ხდებოდა, რისი წყალობითაც ლულის არხი იყო სარეკსავით პრიალა, თვისება, რომელსაც დღეს იშვიათად წააწყდები ამერიკულ თოფებში. “Roadblocker”-ი, კომერცილი თვალსაზრისით იყო წარუმატებელი პროექტი.  ძირითადი მიზეზი რის გამოც ამ თოფმა და ალბათ ზოგადად 10 კალიბრის თოფებმა ვერ ნახეს პოპულარობა იყო შედარებით მარგინალური უპირატესობა 12 კალიბრის თოფებზე, რაშიც ასეთი იარაღის მფლობელს უწევდა მაღალი ფასის გადახდა, როგორც გადატანითი ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. დიდ წონას და უკუცემას ასევე მოყვებოდა გაზრდილი ხარჯები ტყვიაწამალზე. 1985 წელს ერთი 10 კალიბრის ვაზნა ჯდებოდა ერთ დოლარზე მეტი. ფასით ეს ვაზნა უტოლდებოდა სამოქალაქო იარაღისთვის ისეთი ეკზოტიკურ კალიბრებს როგორც არის მაგალითად .50BMG. თვითონ “Roadblocker”-ის ფასი შეადგენდა 700-800 დოლარს, რაც რომ გადმოვანგარიშოთ დღევანდელ ფასებზე გამოდის დაახლოებით 1900 დოლარი, რაც არ არის ცოტა თოფში ასეთი უბრალო შესრულებით.

MAG-10 ის წარმოება შეწყდა 1989 წელს და მხოლოდ განსაკუთრებულ ენთუზიასტებს და ექსპერტებს ახსოვთ რომ “იტაკა” უშვებდა ასეთ იარაღებს. ამერიკულმა “რემინგტონმა” გამოისყიდა წარმოების უფლებები და თვითონ უშვებს MAG-10-ის საკუთარ ვარიანტს სახელწოდებით SP-10, რომელიც კონსტრუქციულად იგივე თოფია, რამდენიმე ცვლილებით, რომლებიც მიზნად ისახავდა პირველ რიგში საიმედოობის გაზრდას. ახალი SP-10 იყიდება დაახლოებით 1000 დოლარად, იდეალურ მდგომარეობაში მეორადი MAG-10, 1400-1800 დოლარად, ხოლო ბევრად უფრო იშვიათი “Roadblocker”-ის ფასი შეიძლება მეტიც იყოს. მიზეზი რის გამოც 10 კალიბრის თოფები ჯერ კიდევ იყიდება არის ის, რომ პირველ რიგში გართობის ფაქტორი დიდია, ეკზოტიკურ და გამორჩეულ იარაღს ყოველთვის ყავს თავისი მყიდველი და ასევე არსებობს მოსაზრება, რომ გასროლისას დიდი კალიბრის ლულაში (10 კალიბრის თოფის ლულის დიამეტრი 19.3 – 20.25 მმ-ს შეადგენს) დიდი მოცულობის საფანტის და კარტეჩის დაჯგუფება იძლევა უკეთეს ჩამონაშალს ვიდრე უფრო ვიწრო 12 კალიბრის ლულაში, რაც ხდის 10 კალიბრს სპეციალიზირებულ ინსტრუმენტად იმათთვის ვისთვისაც ასეთი პატარა უპირატესობაც კი არის მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთი ხალხის წყალობით 10 კალიბრი არ კვდება, ხოლო მწარმოებლები აგრძელებენ ამ კალიბრზე იარაღის გამოშვებას.  მაგალითად 10 კალიბრის ნახევრად-ავტომატს ასევე უშვებს “ბრაუნინგი”.



დატოვეთ კომენტარი