დაუბერებელი კლასიკა – Beretta 92

fdsfs35612

Beretta 92 ალბათ ჩემი ცხოვრების ბოლომდე დარჩება ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელ იარაღად. რამდენადაც მე არ უნდა ვუჭერდე მხარს ჯერ კიდევ სამურაების წავლებას, რომ არ შეიძლება მეომარი იყოს ზედმეტად ემოციურად მიჯაჭვული რომელიმე იარაღზე, უნდა ვაღიარო რომ მე მიყვარს ზოგადად იარაღი, უფრო მეტად ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი და ბუნებრივია მაქვს ჩემი პრეფერენციები და მათ შორის არის ეს იტალიური და ალბათ უკვე კლასიკური პისტოლეტიც.  თავდაპირველად მე აქ გავრცელებული ხმების გამო თავს ვიკავებდი ამ პისტოლეტის შეძენისგან, ჭედავსო, ისაო ესაო, მაგრამ მას მერე რაც 2009-ში ვიყიდე კარგად ნაცვეთი 92FS Stainless, მე ვიცოდი რომ ეს იარაღი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა ჩემი ფავორიტი იარაღების სიაში. გარდა ამისა ჩემი როგორც 80-90 წლების თაობის წარმომადგენლისთვის ეს პისტოლეტი ასოცირდება VHS ეპოქასთან, ნაქირავებ ვიდეო კასეტებთან, “სმერწელნი არუჟიესთან” და “კრეპკი არეშეკთან”, სადაც მთავარი გმირები “ბერეტებით” დარბოდნენ და ისროდნენ ხოლო სპეციფიური დიზაინის გამო არავის არ გაუჭირდებოდა ამ პისტოლეტის ამოცნობა თუნდაც ცალი თვალით, ერთ კადრში.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მე მქონდა ამ მოდელის რამდენიმე პისტოლეტი: შესანიშნავი 92FS Stainless; რამდენიმე სტანდარტული 92FS; M9A1 და ორი 92FS Trident Edition, აქიდან ერთი „ტრაიდენტი“ ეხლაც მაქვს. ასევე ამ პისტოლეტს მე მივუძღვენი რამდენიმე სტატია ჩემ ბლოგზე და ეს ნაშრომიც არის ერთგვარი ჯეროვანი დაფასება ამ შესანიშნავი იარაღის, იმის ფონზე, რომ 30 წლიანი სამსახურის შემდეგ ეს იარაღი მოხსნილ იქნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებიდან.

ბევრისთვის უცნობია, ბევრიც არ დამეთანხმება, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცეცხლსასროლი იარაღების ისტორია არის ერთი გრძელი სია სულელური და აბსურდული გადაწყვეტილებების, რის შედეგადაც იხარჯებოდა გადასახადის გადამხდელების მილიონები უპერსპექტივო და ხანგრძლივ პროგრამებში, მორალურად მოძველებული, უვარგისი იარაღი ხვდებოდა შეიარაღებაზე და ყველაზე მაღალ ფასს ამ შეცდომებში იხიდიდა ამერიკელი ჯარისკაცი რომელიც ბრძოლაში მიდიოდა ნედლი იარაღით ან საერთოდ საჭირო იარაღის გარეშე. ამის კარგი მაგალითია 1886 წელს დანიური კრაგ-იორგენსენის შაშხანის შეირაღებაში მიღება, რომელიც საბრძოლო თვისებებით ჩამოუვარდებოდა კონკურსში მონაწილე მაუზერის და ლის შაშხანებს, მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სროლა ცალი ვაზნის ჩადებით, მჭიდის „გამოთიშვით“, დაზოგავდა ტყვიაწამალს და არჩევანიც გაკეთდა მორალურად მოძველებულ იარაღზე. პირველივე საომარმა კონფლიქტმა ესპანეთთან აჩვენა, რომ კრაგის შაშხანა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა საბრძოლო თვისებებით ესპანელების შეიარაღებაში მყოფ მაუზერებს. კრაგმა გასტანა შეიარაღებაში სულ რაღაც 12 წელი, რაც არ არის ბევრი ფეხოსნის ძირითადი საბრძოლო იარაღისთვის. 1959 წელს ამერიკამ მიიღო შეიარაღებაში მორიგი „ახალი“ საბრძოლო შაშხანა M14 (პრაქტიკულად გაუმჯობესებული 30-ნი წლების M1 Garand), რომელიც უკვე იმ დროს იყო მორალურად მოძველებული და საბრძოლო თვისებებით ჩამოუვარდებოდა სტოუნერის რევოლუციურ AR-10-ს და ბელგიურ FN FAL-ს, რომლებიც ასევე განიხილებოდნენ ჯარის მიერ. M-14 შეიარაღებაში მიღებამდე და მიღების შემდეგაც ჯარი წარმატებით საბოტირებდა AR-10-ის პროგრამას და ასევე ახალი პერსპექტიული მცირეკალიბრიან ვაზნის შექმნის მცდელობებს. შედეგად M-14 გახდა შაშხანა რომელიც რეკორდულად მოკლე პერიოდი იმყოფებოდა შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. სულ რაღაც 5 წელი.  შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოჩენილი დაუდევრობის და გულგრილობის გამო, პერსპექტიული შაშხანის და მცირეკალიბრიანი ვაზნის (5.56 კალიბრის M16) შეიარაღებაში მიღებაც გაიწელა და დაშვებული უმრავი შეცდომის გამო,  ჯარისკაცები წავიდნენ ომში ნედლი იარაღით, თანაც ისე რომ არავის მათთვის არ უსწავლია ახალი იარაღის მოვლა-მომსახურება (შეცდომა რომელსაც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიმეორებს ჩვენი საკუთარი თავდაცვის უწყება).  მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ დადებით მხარეს განეკუთვნებოდა ის, რომ ამერიკელები საქმიანად უდგებოდნენ ურთიერთობებს სხვა ქვეყნის მწარმოებლებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობას მიიღებდნენ.ანალოგიური ისტორიების მოყოლა შეიძლება ძალიან ბევრ იარაღზე, რომელიც მიღებული იყო ამერიკელების მიერ შეიარაღებაში და უფრო მეტზე, რომელიც მიღებული არ იყო, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ცილდება ამ სტატიის მიზნებს.

არ აცდა თავისი წილი პრობლემების ჩვენი სტატიის გმირსაც, Beretta 92FS-ს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი, რომელიც წინ უძღვოდა ამ პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებას, პრინციპში ჩატარდა სამართლიანად და შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს მართლაც საუკეთესო პისტოლეტი კონკურსზე წარმოდგენილებს შორის, პროცესი გამოდგა ხანგრძლივი და ძვირადღირებული. პისტოლეტის ჯარში ათვისებასაც არ ჩაუვლია უპრობლემოდ. პისტოლეტის მსახურობის ადრინდელ ეტაპზე ორი რამე მოხდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა Beretta 92-ის რეპუტაცია, მაგრამ იარაღი და მისი მწარმოებელი არაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ თავისი როლი ითამაშა შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულმა კორუფციამ, ბიუროკრატიამ და თანდაყოლილმა არაეფექტურობამ. პირველი პრობლემა უკავშირდებოდა პისტოლეტის საკეტის დაზიანების შემთხვევებს, რაც გამოწვეული იყო არასტანდარტული (ზედმეტად მაღალ წნევიანი) ვაზნების გამოყენებით, რომელიც შეძენილი იქნა ცალკე, სანამ დაზუსტდებოდა მოთხოვნები ახალი ტიპის ტყვიაწამლის მიმართ. შეგახსენებთ, რომ იტალიური პისტოლეტი იყო პირველი 9მმ-ნი პისტოლეტი მიღებული შეიარაღებაში ამერიკაში. ასევე გარკვეულ სპეც-დანიშნულების ნაწილებში პისტოლეტებზე კუსტარულად მაყუჩების დაყენებამ ზედმეტად დაამძიმა პრობლემის ხარისხი და სწორედ ამნდ მოხდა რამდენიმე შემთხვევა რასაც მოყვა მსროლელების ტრავმირება საკეტის ნამსხვრევებით. რა თქმა უნდა ასეთი რამეები (კონსტრუქციის თვითნებური ცვლილება, ექსპლუატაციის წესების დარღვევა, ზედმეტად ცხელი ვაზნები) ცილდებოდა იმ პარამატრებს რაზეც გათვლილი იყო პისტოლეტი და ბუნებრივია წარმოიშვა პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი არაფერ შუაში არ იყო, Beretta-მ შიატანა ცვლილებები კონსტრუქციაში. ასე რომ საკეტის გატეხვის შემთხვევაშიც მსროლელის დაზიანება უკვე გამორიცხული იყო. ასევე გამოვიდა მოდელები გაძლიერებული, ვიზუალურად გასქელებული საკეტებით, მაგრამ ეს მეტ წილად იყო სარეკლამო ხრიკი ვიდრე პრაქტიკული საჭიროებით განპირობებული ცვლილება. პისტოლეტები ასეთი საკეტით არასდროს არ იყო შეძენელი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ.

berettam9787

როდესაც ჯარი როგორც იქნა ჩამოყალიბდა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს 9მმ-ნი ვაზნა მას მერე პრობლემა საკეტების დაზიანებასთან არასდროს კვლავ აღარ წარმოჩენილა. მეორე შემთხვევა უკავშირდება ჯარის „თანხების დაზოგვის“ მცდელობას რის შედეგადაც მოხდა შესყიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალების (მაგალითად ლულის ჩამკეტი ბჯენის და მჭიდების) სხვა მწარმოებლებისგან. თანხების დაზოგვას თავდაპირველად ადგილი ნამდვილად ქონდა, მაგრამ რის ფასად? პისტოლეტებმა უბრალოდ შეწყვიტეს მუშაობა. აღმოჩნდა, რომ მჭიდების რესურსი შემცირებულია, ქვიშიან ჰავაში ეს მჭიდები არ მუშაობდნენ საიმედოთ, ხოლო ბჯენები ნაადრევად გამოდიოდნენ მწყობრიდან. პრობლემის იდენტიფიკაციის და გამოსწორების შემდეგ, საჩივრებიც საიმედოობაზე და რესურსზე შეწყდა. Beretta 92FS/M9 30-წელზე მეტი იყო შეიარაღებაში და ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯარი საბოლო ჯამში მიმხვდარიყო რა არის საჭირო იმისთვის, რომ პისტოლეტების „პარკი“ ყოფილიყო მუშა მდგომარეობაში, მაგრამ ამ პერიოდისთვის პისტოლეტები უკვე იმდენად დაძველდნენ, რომ მათი შენახვა სახელმწიფოს სულ უფრო ძვირი უჯდებოდა, ამიტომ მიღებული იყო ლოგიკური გადაწყვეტილება ახალ პისტოლეტზე კონკურსის გამოცხადების. თავის მხრივ „ბერეტაც“ პატარ-პატარა ცვლილებებით კიდე უფრო ხვეწავდა პისტოლეტის კონსტრუქციას, რომელმაც საბოლოო ჯამში მიიღო რეპუტაცია  ზუსტი იარაღის უმაღლესი შესრულებით, რომელიც პრაქტიკულად არასდროს არ ჭედავდა. ვიზუალურად ეს ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევი იყო, მაგრამ პირველ რიგში ამ ცვლილებების წყალობით რადიკალურად იზრდებოდა პისტოლეტის რესურსი. რა თქმა უნდა ბერეტაში იცოდნენ იმ პრეტენზიების შესახებ, რომლებიც ქონდათ მომხმარებლებს მისი პისტოლეტების მიმართ. მათი უმეტესობა უკავშირდებოდა პისტოლეტის ზომას, წონას, ერგონომიკას, უნივერსალური სამაგრის არ არსებობას და ასე შემდეგ ამიტომ დროდადრო სპეციალურ საიუბილეო მოდელებთან ერთად გამოდიოდა პისტოლეტებს სხვადასხვა შესრულებით, ზოგი წარმატებული როგორც Elite II ან Vertec, ზოგიც არც ისე როგორიც მაგალითად სპეციფიური დიზაინის მქონე 90-two . სპეციალურად აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის გარდა FS მოდელისა ბერეტამ შექმნა ორი განსაკუთრებული იარაღი Beretta M9A1, წვრილმანებში დახვეწილი შესანიშნავი იარაღი, რომლის ძირითადი ვიზუალური განსხვავება იყო ჩარჩოზე შესრულებული MIL-STD 1913 ტიპის სამაგრი და ასევე რადიკალურად განახლებული M9A3, რომელიც უნდა გამხდარიყო ახალი პისტოლეტი რომელიც შეცვლიდა M9-ს (ასეთი ინდექსი მიენიჭა მას შეიარღებაში მიღების შემდეგ). M9A3 იყო ბერეტას მცდელობა ეპასუხა ყველა იმ საჩივარზე, რომელიც ოდესმა გამოთქმულია Beretta 92-ის მიმართ და ასევე მოერგო ის ახალ მოთხოვნებს რომელიც წამოაყენა ჯარმა. ცვლილებების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა: შეთხელებული ტარი, რომელიც ერგებოდა უმეტესობა მსროლელის ხელს; ადვილად ხილვადი ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობები; ლულა მაყუჩის დაყენების შესაძლებლობით. მცველი საკეტზე შენარჩუნებულ იქნა, მაგრამ შეიცვალა მისი გამორთლ მდგომარეობაში განლაგების კუთხე, რაც გამორიცხავდა მის შემთხვევით ჩართვას საკეტის გადაკვრის დროს.  რა თქმა უნდა პისტოლეტი აღჭურვილი იყო უნივერსალური სამაგრით და ასევე კომპლექტდებოდა 17 ვაზნიანი გაზრდილი საიმედოობის მჭიდებით. ყველაფერი ეს შეფუთული ლამაზ ქვიშის ფერ დაფარვაში. ჩემი აზრით M9A3 არის კვინტესენციური იარაღი, რომელშიც თავმოყრილია Beretta 92-ის ექსპლუატაციის მრავალწლიანი გამოცდილება და როგორც სხვა მოდელებში ნაცადი ასევე ახალი გადაწყვეტილებები. ბერეტას ჩანაფიქრით M9A3 უნდა ყოფილიყო ლოგიკური არჩევანი რომელიც ჩაანაცვლებდა მოძველებულ M9-ებს ზედმეტი დამატებითი ხარჯების გარეშე, რომელიც უკავშირდებოდა მეიარაღეების გადამზადებას, ტექნიკური/სასწავლო მასალების განახლებას და ასე შემდეგ.  მაგრამ  ჯარმა უარი თქვა ამ პისტლეტის განხილვაზეც კი და მიიღო შეიარაღებაში SIG P320. თანამედროვე პისტოლეტი, შექმნილი ყველა „მოდური“ ტრენდის შესაბამისად.  მოდულური, პლასტმასის ჩარჩოთი, შიდა დამრტყმელით…. და ქვიშის ფერში.

m9a3111

ბერეტა უშვებდა 92-ე მოდელის სხვადასხვა მოდიფიკაციებს, სადაც ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა ტექნიკური და დიზაინერული გადაწყვეტილებებით, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილებებმა თავი მოიყარეს სწორედაც რომ M9A3-ში.

Lucky Gunner-ის “Beretta 92″-თვის მიძღვნილ ვიდეოში აღნიშნეს ზუსტი ტენდენცია, რომელიც ასახავს ამ პისტოლეტის ამჟამინდელ მდგომარეობას. რეპუტაციის, იერსახის და ფასის გამო 92-ე მოდელი მოწონთ დამწყები მსროლელების გარკვეულ რაოდენობას, მისი პოპულარობა კლებულობს თანამედროვე „ფეშენ-ტაქტიკურ-იუთუბ“ წრეებში და უკვე შემდგომ აღმოაჩენთ, რომ ბევრი ავტორიტეტული ადამიანი იარაღების და სროლის სამყაროდან ძალიან აფასებს ამ კლასიკურ იტალიურ პისტოლეტს და უპირატესობას ანიჭებს მას სხვა ანალოგიური ტიპის 9მმ-ან პისტოლეტებთან შედარებით. მათ შორის არიან მასად აიუბი, კენ ჰაკატორნი, ერნსტ ლანგდონი, ბილ უილსონი (Willson Combat-ის დამფუძნებელი და ბერეტას იარაღების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კოლექციონერი).  ბერეტას ფასიც არ არის ტყუილა ნახსენები. აშშ-ში ახალი სტანდარტული ბერეტა 92 ღირს 500-600 დოლარის ფარგლებში. მეორადები შეასაბამისად კიდე უფრო ნაკლები. მე მეეჭვება 500 დოლარად ნახოთ იარაღი უკეთესი შესრულებით ან თუნდაც უკეთესო საბრძოლო თვისებებით ან საბრძოლო ბიოგრაფიით ვიდრე Beretta 92. ფასი დაბალია იმიტომ, რომ როდესაც ამდენიხანი უშვებ იარაღს და ყიდი ასეთი რაოდნეობით, მისი შექმნის და წარმოების ათვისების ხარჯები დიდიხანია ამოღებულია და ამიტომაც შესაძლებელია ფასის დაწევა. საქართველოში ახალი ბერეტას ფასი იწყება 1900-2000 ლარიდან და ანალოგიურად მე გამიჭირდება დავასახელო ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, რომელიც ამ ფასში იქნებოდა მასზე უკეთესი.

მაგრამ ამავე დროს რამდენადაც მე, სხვა მსროლელებს და კიდე ძველი სკოლის იარაღის გურუებს არ უნდა მოგვწონდეს ეს პისტოლეტი, ეჭვგარეშეა, რომ თუნდაც რადიკალურად განახლებული, “Beretta 92″ მაინც არის 60-ნი 70-ნი წლების იარაღი. მთლიანად მეტალის, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, გარედან განლაგებული ჩახმახით, საკეტზე განლაგებული მექანიკური მცველით. არაფერი ეს უკვე აღარ გვხვდება იარაღებში, რომლებსაც ეხლა უშვებენ მწარმოებლები. თუნდაც პისტოლეტის იერსახეც არის მოძველებული, უამრავი კუთხით, ღილაკებით და ბრკეტებით. დიახ, ნებისმიერი იარაღის მოყვარულისთვის “Beretta 92″-ის დიზაინი ისეთივე ნაცნობი და საყვარელი იქნება, როგორც ავტომოყვარულისთვის 60-ნი ლების ფორდ მუსტანგის ან პორშე 911 ფორმები, მაგრამ რეალობა ის არის, რომ უმეტესობა მაინც წავა და იყიდის ჰიუნდაი ელანტრას.

ასე, რომ P320-ის გამარჯვება იქნებოდა ლოგიკური და სამართლიანი, რომ არა ერთი ნიუანსი. ამჯერად ჯარმა ისევ მიქარა და მიიღო ნაჩქარები გადაწყვეტილება, კონკურსის ბოლომდე დასრულების გარეშე. ეტაპი, რომელიც გულისხმობდა კონკურსანტი პისტოლეტების გამოცდას, იმის დასადგენად თუ რომელი პისტოლეტის არის საუკეთესო იარაღი, უბრალოდ არ ჩატარდა. როგორც ჩანს გადამწყვეტი გახდა SIG Sauer-ის რადიკალურად დაბალი ფასი. ასე, რომ ჯარი როგორც ხედავთ „ტრადიციას“ არ ღალატობს. ერთის მხრივ გადაწყვეილება მიღებულ იქნა სწრაფად, დაიზოგა ასევე საკმაოდ ბევრი ფული, დრო  მაგრამ ამავე დროს კონკურსის ძალიან მნიშვნელოვან  ეტაპზე ითქვა უარი. დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად შეძლებს SIG Sauer-ი ასეთ დაბალ ფასში კონტრაქტის პირობების შესრულებას.

ზემოთ ხსენებულ ბილ ვილსონს და ერნსტ ლანგდონს უკავშირდება ისტორია, რომელმაც თუ შეიძლება ასე ითქვას გააღვიძა ინტერესი ამ კლასიკური პისტოლეტის მიმართ. 2014 წელს ბილ ვილსონი დაუკავშირდა ერნსტ ლანგდონს და ორივემ გადაწყვიტეს კასტომიზირებული “Beretta 92″-ების გამოშვება, რომლებსაც ექნებოდათ ერნსტ ლანგდონის მიერ დახვეწილი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები (უკანასკნელი სპეციალიზირდებოდა ამ პისტოლეტების გაუმჯობესებაზე და საასპარეზო იარაღის დონემდე მიყვანაზე) და ასევე რიგი სხვა დამატებითი ოფციების. პირველი პისტოლეტი, რომელიც მათ გამოუშვეს იყო მოდელი Brigadier Tactical, სრული ზომის მოდელი 92, უნივერსალური სამაგრით, გაძლიერებული საკეტით და დეკოკერით ნაცვლად მცველისა, როგრც G მოდელებში. მას მოყვა მოდელი 92G Compact Carry, კომპაქტური პისტოლეტი ასევე დეკოკერით ნაცვლად მცველისა.  2017 წელს მათ დაემატა ალბათ „Beretta“-ს და „Willson Combat“-ის  საუკეთესო პრაქტიკული მოდელი “Сenturion Tactical”, რომელიც არის ერთგვარი ჰიბრიდი, Brigadier Tactical-ის სრული ზომის ჩარჩო, კომპაქტური საკეტით და მოკლე ლულით.

BerrettaCenturion123

WC-ის საფირმო დაფარვა, კასტომიზირებული საასპარეზო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, კენ ჰაკატორნის დიზაინის გაუმჯობესებული სამიზნე მოწყობილობები, ხელით მორგებული დეტალები, ახალი ქრომ-სილიკონის ზამბარების კომპლექტი, დამოკლებული ლულით დამცავი გვირგვინით, დამშვენებული WC-ის საფირმო ტარის  G-10-გან დამზადებული სალოყეებით Сenturion Tactical ალბათ არის 92-ე მოდელის ევოლუციის პიკი.

ახალ პისტოლეტებს WC-ს აწვდის Beretta, და WC-ს საწარმოში ხდება მათი „გადაკეთება“, გარდა ამისა ნებისმიერს შეუძლია გაუგზავნოს თავისი პისტოლეტი „გადასაკეთებლად“ და ასევე WC ყიდის დეტალებს, რომლის საშუალებით შეგიძლიათ თავად გააუმჯობესოთ თვქენი პისტოლეტი. ფასიდან გამომდინარე, რომელიც არ ცდება 1200-1300 დოლარს მთლიანად WC-ის მიერ გაუმჯობესებულ ახალ პისტოლეტში, ამ სერიის პისტოლეტები ალბათ არიან ერთ-ერთი თუ არა ყველაზე საუკეთესო 9მმ-ნი ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმიანი პისტოლეტები მსოფლიოში.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ Beretta 92-ის ევოლუცია წავიდა სწორი გზით, როდესაც აქცენტი კეთდებოდა პისტოლეტის ერგონომიკის და საბრძოლო თვისებების გაზრდაზე, რასაც თან ახლდა პისტოლეტის იერსახის გაუმჯობესებაც. ეს განსაკუთრებულად ნათლად ჩანს მისი “ისტორიული” კონკურენტის P226-ის ევოლუციასთან შედარებით, სადაც აქცენტი პირველ რიგში კეთდებოდა ვიზუალურ მხარეზე, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ე.წ. ლეგიონის სერიის პისტოლეტებამდე, რომლებიც უფრო “ტირის  სათამაშოების” კატეგორიას განეკუთვნებიან ვიდრე საბრძოლო იარაღს. რად ღირს თუნდაც რაღაც “ელიტარულ” კლუბში წევრობის ბილეთი, რომელიც ამ პისტოლეტებს მოყვებათ. ვერც ერთი სერიოზული ადამიანი ამ ამრკეტინგულ სვლას ვერ შეაფასებს ღიმილის გარეშე.  ნაწილობრივ ეს ალაბთ იმის ბრალია, რომ ორივე კომპანიამ აირჩია  განვითარების განსხვავებული გზები (SIG-ს სათავეში ჩაუდგა დევიდ კოენი, რომელიც მანამდე იყო “ტაურუსის” თავკაცი)  და ასევე იმით, რომ “ბერეტას” დახვეწაში ბოლოს ჩაერთო მძიმე არტილერია, ძველი სკოლის ექსპერტების, ერნსტ ლანგდონის და ბილ ვილსონის სახით და ბუნებრივია საბოლოო პროდუქტი უნდა ვივარაუდოთ არის ახლოს იდეალთან.

7e07c28fd7fcac1c78dad276e7aa



2 Responses to “დაუბერებელი კლასიკა – Beretta 92”

  1. Როდესაც beretta m9 a3 აწერია para patented ამის მნიშვნელობა მაინტერესებს? Იმდენად ცუდად ჩამესმის ეს სიტყვა, რომ იგი ჩემთვის დაბალ ხარისხთან და არასაიმედოობასთან ასოცირდება!! Თუ შეგიაძლიათ მიპასუხეთ?

  2. Shooter says:

    ნიშნავს რომ კონსტრუქცია დაცულია პატენტით

დატოვეთ კომენტარი