.22lr კალიბრის იარაღის მოვლაზე და მომსახურებაზე

არსეობს გარკვეული ნიუანსები, რის გამოც მცირეკალიბრიანი იარაღის (წრიული აალების .22lr ვაზნაზე გათვლილის) მოვლა/მომსახურება განსხვავდება სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებისგან. ასეთი განსხვავებების არსებობა განპრიობებულია, როგორც ვაზნის ასევე ამ ვაზნაზე გათვლილი იარაღების კონსტრუქციული თავისებურებებით. მაგალითად უმეტეს შემთხვევაში მცირეკალიბრიანი ტყვია არის ყოველგვარი გარსის გარეშე, რაც ნიშნავს რომ თუ ლულის არხის ზედაპირი არ არის სათანადოდ გაპრიალებული ტყვიის ნადები გახდება რეგულარულად მოსაცილებელი. ასევე მცირეკალიბრიანი ვაზნა დაფარულია დამცავი საფოხის თხელი ფენით, რომელიც ასევე გროვდება იარაღის შიგნით და საჭიროებს რეგულარულ მოცილებას. ვაზნის მასრა თხელია, შესაძლებელია ასეთი ვაზნა თითებით “გადატეხოთ’. თავის მხრიც მცირეკალიბრიანი იარაღიც, გამოყენების ფილოსოფიიდან გამოდმინარე იქმნებოდა სხვაგვარად.  კონსტრუქციის სიმარტივე, იოლი, ისნტრუმნეტების გარეშე დაშლა/აწყობის შესაძლებლობა არ წარმოადგენდა პრიორიტეტს. ხშირად ასეთი იარაღების (განსაკუთრებულად ახალ მოდელებში) კონსტრუქცია შედგება ბევრი დეტალისგან. აქიდან გამომდინარე ხშირი დაშლა ასეთი იარაღების მაინცდამაინც არ არის რეკომენდირებული. ასევე ხშირად საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენება, ხრახნების მოხსნა, რაც დამეთანხმებით იშვიათად არის საჭირო ტიპიური ტაქტიკური, თავდაცვითი ან თუნდაც სანადირო იარაღის შემთხვევაში. ხშირად მცირეკალიბრიანი იარაღი მზადდება, მოდით ასე ვთქვათ იაფი მასალების გამოყენებით, პირველ რიგში პლასტმასების და მსუბუქი შენადნობების გამოყენებით, ყველგან სადაც ეს შესაძლებელია.  იშვიათად ხდება დეტალების წრთობა, რაც ასევე ზრდის მათი დაზიანების რისკს.  ჩემი ჩანაწერები ადასტურებენ, რომ 90% ყველა დაბრკოლების, რომელიც განიცადეს ჩემმა იარაღებმა, მოდის სწორედაც, რომ მცირეკალიბრიან იარაღზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, .22 კალიბრის იარაღი შეიძლება იყო საიმედო. მე ერთხელ ნახევრად-ავტომატური კარაბინის Mossberg 702-ის ტესტირებისას, წმენდის გარეშე ვისროლე 2000 ვაზნა დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში და იარაღს არ გაუჭედია, შემდეგ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე გავწმინდე და  ვისროლე კიდე 2000, პრაქტიკულად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. 4000-ზე მეტ გასროლაზე მოხდა მხოლოდ 10 დაბრკოლება, აქედან თუ მეხსიერაბა არ მღალატობს 8 შემთხვევა მოდის ერთ კონკრეტულ მუხტზე, რომელიც ამ კარაბინს უბრალოდ არ მოეწონა.

არსებობს ასევე არასწორი მოსაზრება, რომ მცირეკალიბრიანი იარაღი საერთოდ არ საჭიროებს წმენდას. ასეთი გულუბყვილო დამოკიდებულება ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ მცირეკალიბრიანი იარაღი მეტწილად გამოიყენება რეკრეაციული სროლისთვის, გასართობად, და ამიტომ თუ იარაღმა დაიწყო გაჭედვა, ამას მსროლელისთვის მძიმე შედეგი არ მოყვება. რა თქმა უნდა ესეც ვარიანტია, ისროლო სანამ იარაღი არ გაივსება ჭუჭყით და არ დაიწყებს გაჭედვას.  მხოლოდ ამის მერე გაწმინდოთ. ჩემი აზრით უმჯობესია უზრუნველყოთ, რომ იარაღი ისროდეს ყოველთვის და რომ პროცესში ის არ გააფუჭოთ. როგორ, ამას ამ სტატიაში მოგიყვებით.

უმეტესობა მსროლელების, იცის წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც იარაღი უნდა გაიწმინდოს ყოველი სროლის შემდეგ. ეს კარგი წესია, მაგრამ არის გამონაკლისები. თუ იარაღს იყენებთ ხშირად, მაგალითად ნადირობის სეზონის დროს, ყოველი ნადირობის მერე იარაღის დაშლა და წმენდა ალბათ იქნება ზედმეტი. მცირეკალიბრიანი იარაღის შემთხვევაში აქაც გარკვეული ნიუანსებია.  თუ თქვენ იყენებთ მაგალითად საბჭოთა მცირეკალიბრიან შაშხანა ТОЗ-8-ს, მისი ხშირი წმენდა არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ იარაღი ძალზედ მარტივია.  თუ თქვენ ისვრით გერმანული GSG-522-დან, დამიჯერეთ ამ იარაღის წმენდა მალე მოგბეზერდებათ, იმიტომ რომ მისი დაშლა საკმაოდ რთულია.  ასე, რომ  პირველი რჩევა იქნება შემდეგი:  არ არის აუცილებელი ყოველი სროლის შემდეგ იარაღის დაშლა და გაწმენდა. მცირეკალიბრიანი ვაზნა კოროზიული არ არის, რაც ნიშნავს რომ სროლის შემეგ კოროზიული მარილებისგან წმენდა აუცილებლობას არ წარმოადგენს.  .22 კალიბრის ლულები ასევე არ არის დაცული ქრომით და უნდა ვივარაუდოთ, რომ ისეთი ხისტი ზედაპირი არ აქვთ როგორც ცენტრალური აალების ვაზნებზე გათვლილ იარაღში, შესაბამისად ხშირი/ზედმეტი წმენდით დაზიანების ალბათობაც მაღალია. არსებობს ასეთი ხშირად გამეორებული თქმულება, რომ გაცილებით მეტი ლულა ფუჭდება არასწორი წმენდით ვიდრე ბევრი სროლით. გარდა ამისა, თუ დასაშლელად საჭიროა ხრახნების დაშვება და მოჭერა, ადრე თუ გვიან ეს ხრახნები დაზიანდება. ხსენებულ GSG-522-ზე, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიწყოთ იარაღის დაშლა უნდა მოხსნათ ორი ხრახნი, რომელიც რბილი მეტალისგან არის დამზადებული და მე არ მინახია არც ერთი მეორადი ასეთი იარაღი, რომელსაც ქონოდა საღი, დაზიანებების გარეშე ხრახნები.

P1010365

ავტორის კუთვნილი Browning Buckmark Target ავტორის მიერ დაყენებული B-square-ის უივერის სამაგრით და Gamo-ს კოლიმატორით. იმისთვის რომ ეს პისტოლეტი დაიშალოს საჭიროა ორი ზევიდან განლაგებული ხრახნის დაშვება, ლულა იარაღზე დამატებით არის დაფიქირებული კიდევ ერთი ხრახნით. არ უნდა იყო პროფესორი, რომ მიხვდე, ამ ხრახნების ხშირი მოხსნა-დაყენება ადრე თუ გვიან გააფუჭებს ან ხრახნებს ან იარაღს. ამიტომ ბუნებრივია წმენდის ციკლები უნდა იყოს დაყვანილი აუცილებელ მინიმუმამდე. ეს პისტოლეტი არის მთლიანად ფოლადის, ხარისხიანად დამზადებული, ამიტომ არის მძიმე და ძვირადღირებული. 

522breach

არის წმენდის თვალსაზრისით კიდე უფრო „რადიკალური“ მაგალითები, მაგალითად გერმანული GSG-522 ტიპის კარაბინები, რომელთა საკეტის მოდული „შეკრულია’ 11 ხრახნით. მისი დაშლა საერთოდ არ არის რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ.

DSC00993

კიდევ ერთი მაგალითი, რომ თანამედროვე იარაღების დიდი ნაწილი არ არის გათვლილი ხშირ წმენდაზე არის Walther G22. სურათზე ის თითქოს დაშლილია გასაწმენდად, მაგრამ რესივერი, საკეტი და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კვლავ არის დახურული და საჭიროა დამატებით მისი დაშლა. ასეთი იარაღის სრულად გაწმენდას ყოველი სროლის შემდეგ, შეძლებენ მხოლოდ  ნამდვილი ფანატიკოსები, მაგრამ პროცესში აუცილებლად დაკარგავენ საკეტის შემაკავებლის ან მჭიდის მცველის ზამბარებს ან რამე სხვა პატარ დეტალს, რომელიც ამ იარაღს უხვად აქვს. 

რაც შეეხება კონსტრუქციულ სირთულეს, ყველაზე მაგრად გამაკვირვა ამერიკული Savage 64-ის კონსტრუქციამ (იარაღი კანადაში იწარმოება). ამ იარაღიდან საკეტს საერთოდ ვერ მოხსნიდი ლულის რესივერიდან მოხსნის გარეშე. ლულა კიდე  ფიქსირდებოდა მასიური ხრახნით. „სერიოზულ“ იარაღში საკეტის მოხსნა მისი წმენდის მიზნით არის ჩვეულებრივი რამ, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ამისთვის საჭირო იყოს ლულის და სალულე კოლოფის განცალკევება. მცირეკალიბრიან იარაღებში ასეთი უცნაური გადაწყვეტილებები არ არის იშვიათი, რისი მიზეზიც არის მწარმოებლის სურვილი შეამციროს იარაღის თვითღირებულება. მაგალითად აშშ-ში თანამედროვე „პლინკერების“ (მცირეკალიბრიანი იარაღი შექმნილი გასართობი სროლისთვის) იშვიათად ცდება 200 დოლარს. ნორმად ითვლება მსუბუქი შენადნობების და პლასტმასების მასიური გამოყენება. ეს არ არის კარგი იარაღის რესურსის თვალსაზრისით, სამაგიეროდ ასეთი იარაღი არის ხელმისაწვდომი პრაქტიკულად ყველასთვის.  საქართველოში რატომღაც 150 დოლარიანი იარაღიც 800-1000 ლარში იყიდება…..

jw22boltdis

ნახევრად-ავტომატები, როგორც წესი საკმაოდ ძნელად იშლება, არ აქვს მნიშვნელობა ეს კარაბინია თუ პისტოლეტი, ძველი თუ ახალი გამოშვება. იარაღები მექანიკური გადატენვით პირიქით. მაგრამ არის გამონაკლისებიც, როგორც ეს Norinco Jw-21, ბერკეტიანი საკეტით. იარაღის დასაშლელად საჭიროა ხრახნის მოხსნა. ხრახნიც და რესივერიც დამზადებულია რბილი მეტალისგან, ხრახნეის დაზიანება ადვილია, ზედმეტი გადაჭერა იწვევს რესვიერის დეფორმაციას იმ დონემდე, რომ საკეტი შიგნით იჭედება რესივერის კედლებში. 

მცირეკალიბრიან პისტოლეტებს რაც შეეხება აქ ორი უკიდურესობა გვაქვს. ტრადიციული კონსტრუქციის “რკინის” პისტოლეტები, რომლებიც ისევ და ისევ რთულად იშლებიან (Ruger .22, Browning Backmark, МЦМ) და ხანდახან საკმაოდ ძვირიც ღირს ან თანამედროვე “ტაქტიკური” პისტოლეტები (Walther P22, SIG Mosquito, GSG 1911), რომლებიც გვანან საბრძოლო იარაღს, ასევე ადვილად იშლებიან, მაგრამ დამზადებულები არიან ყველაზე იაფი მასალებისგან და დამზადების ხარისხიც ხშირად არის დაბალი.

DSC06133

ავტორის კუთვნილი SIG Mosquito Sport, რამდენადაც კარგად გამოიყურებოდა იმედენად ცუდათ იყო შესრულებული და თანაც არასაიმედო. მასალების ხარსხზე და შესრულებაზე მეტყველებს ის, რომ დაგრძელებული ცხვირი, ფიქსირდებოდა ხრახნით პირდაპირ ლულაზე (!!!), პატარა გადაჭერა და ლულის არხი შიგნიდან ამოიბურცა იმ ადგილში სადაც ხრახნი გარედან აწვებოდა ლულის კედელს. არა მე არ მეშლება არაფერი, იმიტომ რომ დიაგნოზი დამიდასტურა იარაღების ოსტატმა, რომლის კომპეტენციაში მე ეჭვი არ მეპარება. 

DSC00289

თუ გსურთ მოკლელულიანი მცირეკალიბრიანი იარაღი, რევოლვერი ბევრ უპირატესობას გთავაზობთ. ის ინელებს ყველა ვაზნას. საჭიროებს მინიმალურ მოვლას. უბრალოდ ერთ ხარისხიან მცირეკალიბრიანი  რევოლვერის მოდელზე მოდის 5 უხარისხო, იაფი და ხანდახან სახიფათო მოდელი. მაგალითად ეს Arminius HW-22, გარდა იმისა, რომ ორი-სამი დოლურას მშრალად გატრიალებით (სასხლეტზე დაჭერა ვაზნების გარეშე) სავაზნეები დეფორმირდებოდა დამრტყმელისგან, მას ერთმაგ რეჟიმში ქონდა იმდენად მსუბუქი სასხლეტი, რომ საკმარისი იყო ოდნავ მასზე შეხება და ეგრევე ხდებოდა გასროლა. 

ყველაფერი ეს მოგიყევით, იმიტომ, რომ დაგიდასტუროთ, რომ მცირეკალიბრიან იარაღში  ხშირი ხელების ფათური შეიძლება დამთავრდეს დეტალების დაკარგვით ან იარაღების ნაადრევი მწყობრიდან გამოსვლით. გამოსავალი რა თქმა უნდა არის, როგორც უკვე აღვნიშნე,  მოვლა-მომსახურების რეგლამენტის ცვლილება. წმენდა რაღაც რაოდენობა ვაზნების გასროლის შემდეგ ან თუ იარაღის გამოყენება ხდება რეგულარულად, დროის გარკვეულ პერიოდებში. თავად შეამჩნევთ როდის ეწყება იარაღს პრობლემები და ამის მხიდვით დაადგენთ, როდის უნდა გაწმინდოთ. ზოგი იარაღი როგორც ხსენებული  Mossberg 702 არ არის პრეტენზიული, ზოგი პირიქით, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ნებისმიერი იარაღი წმენდის გარეშე გაისვრის 400-500 ვაზნას ყოველგვარი პრობლემის გარეშე. უმეტესობა გაისვრის ბევრად მეტს. ბუნებრივია თუ ერთხელ გამოიყენეთ იარაღი და მეტს აღარ აპირებთ არ იქნება ურიგო გაწმინდოთ ის თუნდაც ერთი სროლის შემდეგ, მაგრამ თუ ისვრით რეგულარულად წმინდეთ რაღაც რაოდენობა ვაზნების ან რაღაც დროის პერიოდის გავლის შემდეგ. იმისთვის რომ ხრახნების, შტიფტების დაზიანება არ მოხდეს, ყოველთვის გამოიყენეთ შესაბამისი ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ხრახნების დაზიანება საკმაოდ ადვილია. იარაღის მწარმოებლები იყენებენ სპეციალური ზომების ხრახნების და დაზიანების შემთხვევაში მოგიწევთ მისი საზღვარგარეთიდან შეკვეთა. ასე, რომ თუ იარაღის დასაშლელად საჭიროა ინსტრუმენტები გამოიყენეთ ისეთი ინსტრუმენტები, რომელბიც ზუსტად ერგება ხრახნებს, შტიფტებს და სხვა დეტალებს.

შესაძლებელია იარაღის გაწმენდა საერთოდ მისი დაშლის გარეშეც. გახსენით საკეტი, დააფიქსირეთ ის ღია მდგომარეობაში. გამოიყენეთ დახრილი მცირე ზომის ჯაგრისები რომ გაწმინდოთ საკეტის სარკე და განსაკუთრებულად ადგილი ექსტრაქტორის კბილის ქვეშ და მის ირგვლივ. ასევე გაწმინდეთ ის ადგილი რესივერში სადაც არის დამაგრებული ლულა და სადაც საკეტი ეჯახება ლულას/სავაზნეს. ხანდახან მიწოდებისას ხდება ტყვიის აპარსვა და ნარჩენები სწორედ მანდ გროვდება. ეს წმენდა როგოც წესი საკმარისია რომ იარაღმა იმუშაოს ძალიან დიდი ხანი ყოველგვარი დაშლის გარეშე.

cl22

ადგილები რომლებსაც უნდა მიაქციოთ “ღია საკეტით წმენდისას”. ექსტრაქტორი – უნდა მოძრაობდეს თავისუფლად და არ უნდა იყოს მის ქვეშ დაგროვილი ჭუჭყი, სარკე საკეტის უნდა იყოს სუფთა, სავაზნის ირგვლივ არ უნდა იყოს დაგროვებული ჭუჭყი და ტყვიის აპარსული ნაწილაკები, დამრტყმელის წვერი არ უნდა იყოს დეფორმირებული.

ხშირად მესმის ასეთი კითხვები, რა ზეთს ვხმარობ, რომელია უკეთესი, უარესი.  მე წლებია ვხმარობ Safariland-ის BreakFree LP-ს და როდესაც ის დამთავრდება, ვიყიდი, რომელიმე სხვა პოპულარული ბრენდის პროდუქტს და არ ვიფიქრებ არჩევანზე ზედმეტად დიდხანს.  მცირეკალიბრიან იარაღში გამოიყენეთ თხელი ზეთი და მხოლოდ მოძრავი ნაწილების დასაზეთად. ზედმეტად ბლანტი ზეთი და პრინციპში ნებისმიერი საფოხი იკრავს ჭუჭყს, ამიტომ თავი შეიკავეთ ზეთის ზედმეტად “ლიბერალურად” გამოყენებისგან. მე მაგალითად ამიტომ არასდროს არ ვიყენებ ზეთებს სპრეი ქილებში. ამის ნაცვლად გამოდგება პატარა ფუნჯი, რომლითაც ხდება მოძრავ ნაწილებზე ზეთის დამცავი ფირის დატანა.

რაც შეეხება მცირეკალიბრიანი იარაღის ლულის მოვლას, აქაც იგივე პრინციპი გამოიყენეთ, წმინდეთ მაშინ როდესაც არის ამის უკიდურესი საჭიროება.  ლითონის ჯაგრისები და აგრესიული ქიმია გამოიყენეთ მაშინ როდესაც ვიზუალურად ატყობთ, რომ ლულა გაბიდნულია ტყვიის ნადებით და ან მოხდა სიზუსტის მკვეთრი დეგრადაცია. მე ერთხელ ვიყიდე Rossi-ს მცირეკალიბრიანი რევოლვერი, საღამოს (შუქი საჭიროა რომ დაინახოთ ყველა დეტალი), თანაც დეტალური ინსპექტირების გარეშე. სახლში მიტანის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ლულა გაბიდნული იყო ტყვიით ისე, რომ თავდაპირველად მეგონა, რომ ლულის არხი ბოლომდე შეჭმულია კოროზიით. სპილენძის ჯაგრისის რამდენიმე გატარება და ლულა იყო როგორც ახალი. მცირეკალიბრიანი იარაღის ლულების რესურსი არის ძალიან, ძალიან დიდი. 60-50 წლის “ტოზები” აბსოლუტურად საღი და პრიალა ლულებით ამის საუკეთესო დასტურია. ლითონის ჯაგრისების გამოყენებისას მე ასევე ვიცავ ერთ წესს, არასდროს არ ვატარება ლულაში ჯაგრისს ლულის ბოლოდან, მხოლოდ სავაზნის მხრიდან და გავმეორდები მხოლოდ თუ ამის უკიდურესი საჭიროება არსებობს. სხვა შემთხვევებში, მშრალი ჩვრის გატარება რომ ლულის არხიდან მოაცილოთ დენთის წვის პროდუქტები და ტყვიის ნაწილაკები არის სავსებით საკმარისი. ლულების მწარმოებელ Lilja-ს საიტზე რეკომენდირებულია .22lr კალიბრის საასპარეზო ლულის წმენდა ლითონის ჯაგრისით ერთხელ, 200-300 გასროლის შემდეგ, მაგრამ ცხადია აქ საუბარია ტოპ კლასის საასპარეზო ლულაზე, რომელიც დიდი ალბათობით დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადისგან.  პლინკერზე ნორმალური ლულის არხით რომელიც არ იკეთებს დიდ ნადებს ეს მაჩვენებელი თამამად შეგიძლიათ გაზარდოთ 800-1000 ვაზნამდე, მაგრამ რაც უფრო მეტი მით უკეთესი. პლინკერზე 300 გასროლის მერე ლული ლითონის ჯაგრისით გამოხეხვა გარანტირებულად შეამცირებს ლულის რესურსს. ლულის წმენდისას ყურადღება მიაქციეთ ადგილს სადაც მთავრდება სავაზნე და იწყება ხრახნები, სწორედ მანდ ხდება ტყვიის ნადების აკუმულირება, რაც განპირობებულია ტყვიის კონსტრუქციით.

ყოველთვის გამოიყენეთ კარგი ხარისხის ნაკრები შექმნილი სპეციალურად მცირეკალიბრიანი იარაღისთვის. შომპოლი უნდა იყოს ერთიანი (არა დასაშლელი) რბილი მეტალის ან იდეალურ შემთხვევაში დამცავი პლასტმასის ან რეზინის გადაკვრით. მცირეკალიბრიანი იარაღის ლულების გასაწმენდად მე ვიყენებ მეორად ჯაგრისებს, რომლებიც მანამდე გამოვიყენე .223 კალიბრის იარაღის ლულის გასაწმენდად. ასეთი ჯაგრისი დარბილებულია მაგრამ მაინც კარგად აცილებს რბილ ტყვიას და ამით მე დამატებით ვიცავ ლულას ზედმეტი წმენდით განპირობებული  “სტრესისგან”. ახალი ნაკრების შეძენისას იყიდეთ ნაკრები გათვლილი ზუსტად  .22lr-ზე და არა რამე სხვა .22 კალიბრზე. ამას აქვს მნიშვნელობა. თუ გიწევთ შომპოლის გატარება ლულის ბოლოდან, გამოიუენეთ სპეციალური დამცავი (muzzle protector), რომ არ მოხდეს ლულის გამოსასვლელის დაზიანება.

სხვადასხვა “მაღალტექნოლოგიური” საწმენდი სითხეების გამოყენების ზედმეტობას მცირეკალიბრიან იარაღში, ასევე ადასტურებს ერთი პატარა ინციდენტი, როდესაც ასეთმა გამხსნელმა, “გახსნა” საღებავი, რომლითაც იყო შეღებილი ჩემი კარაბინი.  პლინკერები არ იფარება ზე-გამძლე დაფარვებით. მათი უმეტესობა მარტივად იღებება საღებავით, რომელსაც გამხსნელი ადვილად აზიანებს.

7141CNXF0JL._SY355_

ერთი შეხედვით კარგ ვარიანტს მცირეკალიბრიანი გრძელლულიანი იარაღის მოსავლელად წარმოადგენს ე.წ. „ბოარ სნეიკი“ მაგრამ მე ის არასდროს არ გამომიყენებია და ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი.

მჭიდი დიდ როლს თამაშობს იარაღის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულად ნახევრად-ავტომატურ იარაღში. მცირეკალიბრიანი იარაღების მჭიდების მოსმახურება არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა იარაღების მჭიდების მოვლა-მომსახურებისგან. მჭიდი არ იზეთება, ის უბრალოდ უნდა იყოს სუფთა. ხშირად, განსაკუთრებულად ახალ იარაღებზე მჭიდის დაშლა შეუძლებელია, რაც ოდნავ ართულებს მის მოვლას. იმისთვის რომ ჭუჭყის და წვის პროდუქტების დაგროვება შიგნით არ მოხდეს უბრალდო რენჯზე ყოველი გასვლის შემდეგ გაწმინდეთ ის მშრალი ტილოთი, რაც უნდა იყოს საკმარისი.

ადრე მე მეგონა, რომ კარგი იდეა იყო სროლის წინ ვაზნების გაწმენდა. თანაც ადრე უფრო ხშირად გვხვდებოდა საბჭოთა კავშირში წარმოებული ვაზნები, უხვად დაფარული პარაფინის და “პუშსალოს” ნარევით. გარკვეული დროის შემდგ ეს ნივთიერება ხმება და იქერცლება, რაც აბინძურებს იარაღს. თანამედროვე წარმოების ვაზნებზე ასეთი რამ უკვე იშვიათია მაგრამ ვაზნები  მაინც დაფარულია, დამცავი საფოხით. მაგრამ მის მოცილებას აზრი არ აქვს. პირიქით ამან შეიძლება შექმანს პროლემები. საფოხი უზურნველყოფს ხახუნის შემცირებას ლულის არხის გავლისას რაც ლოგიკურია, ამცირებს სპილენძის ნადებს ლულაში. სხვადსხვა მწარმოებელი იყენებს სხვადასხვა რეცეპტებს, მაგალითად რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ბრიტანული Eley თავისი მაღალი კლასის საასპარეზო ამუნიციაში Tenex იყენებს ფუთკრის სანთლის და გრაფიტის ნაზავს. ის ძვირია მაგრამ ვაზნაც გამოიყენება პროფესიონალურ შეჯიბრებებში და ამიტომაც მათ უღირთ მისი გამოყენება. ამერიკულმა CCI-მ რადიკალურად გადაწყვიტა ნადების წარმოქმნის პრობლემა და გამოუშვა ვაზნები, სადაც ტყვია დაფარულია პოლიმერის გარსით. გაყიდვაში ეს ვაზნა მოხდა 2017 წელს და როგორც ჩანს სხვა მწარმოებლები არ ჩქარობენ იგივე გზით წასვლას. გარდა ამისა საფოხის გამოყენება აუცილებელია იმისთვის რომ დენთის მუხტი დაცული იყოს ნესტის ზემოქმედებისგან. მცირეკალიბრიანი ვაზნის რბილი ტყვია თავისუფლად ზის თხელ მასრაში და „გერმეტიკი“ არ გამოიყენება, შესაბამისად ნესტისგან დაცვა ხდება სხვა მეთოდებით.  უნდა ითქვას, რომ პარაფინით დაფარვა რეალურად მუშაობდა იმიტომ, რომ ერთხელ ჩვენ ვისროლეთ 300-მდე 70-ან წლებში გამოშვებული ვაზნა და პრინციპში რაიმე სერიოზული პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ იარაღი სულ ამოივსო წებოვანი მასით. რა თქმა უნდა შენახვის პირობებზე ბევრი არის დამოკიდებული და თუ პირობები დაცული არ იყო, ვერანაირი პარაფინი საქმეს  ვერ უშველის და თქვენ მიიღებთ „მკვდარ“ ვაზნებს. მე მინახია ახალი წარმოების ვაზნების ლოტებიც, ნაყიდი მაღაზიაში, რომლებიც ვერ ისროდნენ ზუსტად, გასროლიდან გასროლამდე ხმა და უკუცემა საგრძნობლად იცვლებოდა რაც მეტყველებდა, იმაზე  რომ ვაზნები დაინესტა ტრანსპორტირებისას ან აქ შენახვისას და აალება და  დენთის წვა იყო არასტაბილური. ამიტომ ხელიდან .22 კალიბრის წრიული აალების ვაზნების ყიდვა სარისკოა, ხოლო თუ მიაგენით მაღაზიაში კარგ ვაზნებს, იყიდეთ ეს ვაზნები ბევრი და მოიმარაგეთ. თუ ჩემს მიერ ნაყიდ იარაღს წინა პატრონმა მოაყოლა ვაზნები, მაგ ვაზნებს ვიყენებ პირველ რიგში. შეძენილ ვაზნებს მე ვინახავ პლასტმასის კონტეინერში, რომლებიც კაპიკები ღირს. შეიძლება დავუდო სილიკონის პაკეტებიც, რომლებიც ჰაერიდან იწოვენ ნესტს.

22-LR-909

ვაზნები მრგვალთავიანი ტყვიით, როგორც წესი ყველაზე საიმედოთ მუშაობენ, როგორც ახალ ასევე ძველი გამოშვების იარაღებში. ძველი გამოშვების იარაღებში არ უნდა გამოიყენოთ ზედმეტად ცხელი მუხტები და ასევე დიდი ალბათობით ვაზნები არასტანდარტული ფორმის ტყვიით, მიწოდებისას წარმოქმნიან პრობლემებს. რკინის მასრა, როგორც ჩანს დაბალი წნევების გამო არ ქმნის არანაირ პრობლემებს და არ იწვევს ექსტრაქტორის კბილის ცვეთას ან რამე სხვა ექსტრაქციასთან დაკავშირებულ პრობლემას. მასრაზე საფოხის არსებობა იდეაში ხელს უწყობს რბილ ექსტრაქციას, მაგრამ ისევ და უსევ დაბალი წნევების გამო რაიმე სერიოზულ ეფექტზე საუბარი ალბათ ზედმეტია. 

ვაზნებზე საუბარი, რომ გავაგრძელოთ,  ვაზნები .22lr კალიბრის იარაღისთვის განსხვავდება წონით, საწყისი სიჩქარით ტყვიის ფორმით, მასრის მასალით. ტყვიის ტიპი, წონები და მასრის მასალა სტატიის შინაარსიდან გამომდინარე ინტერესს არ წარმოადგენს მაგრამ საწყისი სიჩქარე პირიქით და აგიხსნით რატომ. არსებობს ოთხი ტიპის .22lr კალიბრის ვაზნა, ე.წ. „საბსონიკი“ სიჩქარით 320 მ/წ-მდე, სტანდარტული სიჩქარიანი (standard velocity) – 330-340მ/წ-ში, მაღალ სიჩქარიანი (High Velocity)- 400 მ/წ-მდე, და გიპერ-სწრაფი (Hyper Velocity) – 400 მ/წ-ზე ზევით საწყისი სიჩქარით. ძველი გამოშვების იარაღში, განსაკუთრებულად იარაღებში, რომლებიც იყენებენ საკეტის გარსაცმებს მსუბუქი შენადნობებისგან უნდა გამოიყენოთ მხოლოდ „საბსონიკები“ ან ვაზნები სტანდარტული საწყისი სიჩქარით, იმიტომ რომ მაშინ ზე-სწრაფი ვაზნები არ არსებობდა და იარაღი შეიძლება არც იყოს გათვლილი გაზრდილ წნევებზე. თანამედროვე იარაღში გამოიყენება ნებისმიერი ტიპის .22lr კალიბრის ვაზნა (თუ ინსტრუქციაში სხვა რამ არ არის მითითებული). ჩემი დაკვირვებით, ძალიან იშვიათად ზე-სწრაფი ვაზნები აჩვენებენ კარგ სიზუსტეს. ამიტომ მიზანში ან გასართობი სროლისთვის გამოდგება „საბსონიკები“ ან სტანდარტული ვაზნები, რომლებიც თან უფრო იაფიც ღირს.  არსებობს მოსაზრება რომ ზე-სწრაფი ვაზნების ტყვიები, იმის გამო რომ დაფარულია სპილენძის შემცველი დაფარვით (დიდი სიჩქარის გამო ხრახნებიდან მოწყვეტის გამორიცხვისთვის) მათი გამოყენება ძველ იარაღში კონკრეტულად საბჭოთა წარმოების “ტოზებში” იწვევს ლულის ნაადრევ ცვეთას. რამდენად ეს მოსაზრება შეესაბამება სიმართლეს ჩემთვის უცნობია, რაიმე ამის დადასტურება მე ვერ მოვიპოვე. მაგრამ მე გამიგია და მინახია ძველი იარაღები დაზიანებული საკეტებით და რესივერებით თანამედროვე “ცხელი” ვაზნების გამოყენების გამო. მე არ მიყვარს ეს სწრაფი და ზესწრაფი ვაზნები. გასროლის ხმა მეტია, სიზუსტე, როგორც წესი ნაკლები, დატვირთვა იარაღზე მეტი, ეს ვაზნები უფრო ძვირიც ღირს. მათ გამოყენებას აქვს აზრი თუ იარაღი გამოიყენება ნადირობისას რამე შედარებით მსხვილ ნადირზე, ახლო მანძილებზე ან შეიძლება მოგიწიოთ იარაღის თავდაცვისთვის გამოყენება. მაშინ ცხადია რაც უფრო ცხელი მუხტია ალბათ მით უკეთესიც არის.

20140419_173115

Walther P22 არის თანამედროვე პისტოლეტი, მაგრამ საკეტი აქვს მსუბუქი შენადნობისგან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რაიმე შეზღუდვა ვაზნის ტიპზე ამ პისტოლეტს არ გააჩნია, მე მაინც მოვერიდებოდი გიპერ-სწრაფი ვაზნების გამოყენებას. ზოგ ახალ პისტოლეტს მოყვება რამდენიმე დამაბრუნებელი ზამბარა, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სიჩქარიანი ვაზნების გამოყენებისას, რაც პრინციპში ადასტურებს ჩემ მოსაზრებას.

არის კიდე ვაზნები, რომლებიც მაგალითად გათვლილია სპეციალურად შაშხანაზე ან პირიქით პისტოლეტზე, რაც როგორც წესი წერია ვაზნების კოლოფზე. ორივე ვაზნის გამოყენება შეიძლება ორივე ტიპის იარაღში. სხვაობა არის დენთში, რომელიც შეიძლება იყოს გათვლილი სწრაფ წვაზე ოპტიმალური მაჩვენებლების მისაღწევად მოკლე პისტოლეტის ლულაში და პირიქით ნელ წვაზე, გრძელ ლულაში. პისტოლეტში მუხტის გამოყენება რომელიც გათვლილია შაშხანაზე მაქსიმუმ გამოიწვევს უბრალოდ ზედმეტ დაბინძურებას არდამწვარი დენთის ნაწილაკებით და შეიძლება არასტაბილურ სიზუსტეს.

უმეტესობა თანამედროვე და ბევრი ძველი გამოშვების მცირეკალიბრიანი იარაღი იყენებს რესივერებს მსუბუქი შენადნობისგან. ნაწილი ამ იარაღების იყენებს დამატებით პლასტმასის ბუფერებს. ასეთი ბუფერები შემხვდა Mossberg 702-ში, Marlin 795-ში, ასევე პისტოლეტებში, მაგალითად უკვე ხსენებულ Browning Buckmark-ში. ბუფერი იცავს რესივერს  ფოლადის საკეტის დარტყმისგან. ბუფერი არის დეტალი შეზღუდული რესურსით. ამას მე მივხვდი, როდესაც ერთ დღეს, ჩემი Marlin 795-დან გადმოიყარა ბუფერის ნატეხები. დრომ, ზეთმა და ექსპლუატაციამ დაარბილა და დაშალა ეს ნაწილი. იარაღი გაისვრის ბუფერის გარეშეც, მაგრამ დარტყმა მოვა ან რესივერზე ან რამე სხვა დეტალზე, რომელიც ასევე ადრე თუ გვიან დანებდება. ასე, რომ  მეორადი იარაღის შეძენისას გაარკვიეთ უნდა იყოს და არის თუ არა შიგნით ბუფერი და რა მდგომარეობაშია ის.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ ასევე გამომდინარეობს წრიული აალების ვაზნის კონსტრუქციიდან. თუ ცენტრალური აალების ვაზნის ამაალებელი განლაგებულია მასრის ცენტრში, წრიული აალების ვაზნის შემთხვევაში დამრტყმელი ურტყავს ვაზნას რკალში. თუ ვაზნა არ დევს სავაზნეში, დარტყმა მოდის სავაზნის კედელზე. იმაზე რომ ძალიან ბევრ იარაღში ლულები და სავაზნეები დამზადებულია შედარებით რბილი მეტალისგან, მეტყეველბს ისიც, რომ საკმაოდ ხშირად მინახავს მეორად მცირეკალიბრიან იარაღში დამრტყმელისგან დაზიანებული სავაზნეები. მაგალითად გერმანული წარმოების Arminius-ის მცირეკალიბრიან რევოლვერზე საკმარისი იყო რამდენიმე დაჭერა სასხლეტზე ცარიელი დოლურათი, რომ მომხდარიყო სავაზნეების ისეთი დეფორმაცია რომელიც შეუძლებელს ხდიდა ვაზნების ექსტრაქციას და საჭირო ხდებოდა დეფორმაციის გასწორება მრგვალი ქლიბით. იმისთვის, რომ გამორიცხოთ ასეთი დაზიანება, მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ მშრალად სროლა ან გამოიყენოთ ვაზნის იმიტატორები ან თუნდაც უკვე გასროლილი მასრები თუ სხვა არაფერი ხელთ არ გაქვთ. ისიც გაითვალისწინეთ რომ საბრძოლო ზამბარები იარაღებში, როგორც წესი ძალიან ძლიერია და მათი შეყენებულ მდგომარეობაში გაჩერება არ გამოწივევს მათ დასუსტებას ამიტომ არ არის აუცილებელი ჩახმახის/დამრტყმელის დაშვება.  ზოგ იარაღზე შესაძლებელია ჩახმახის/დამრტყმელის დაშვება ისე რომ დამრტყმელმა არ დაარტყას სავაზნის რკალს. უმეტესობა შაშხანაზე გრძივად მოძრავი სკაეტით, დაჭერილ სასხლეტზე საკეტის დახურვას მოყვება დამრტყმელის უსაფრთხო და ავტომატური დაშვება. გაეცანით იარაღის ინსტრუქცია, სადაც კონკრეტული პროცედურა შეიძლება იყოს აღწერილი. ჩახმახიანი პისტოლეტების გამოყენებისას გამოიყენეთ სქელი რეზინის/საშლელის

rwrwer

ტიპიური დაზიანება მიყენებული დამრტყმელით

მცირეკალიბრიან იარაღში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მტყუნება არის ვაზნის არგავარდნა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ვაზნის თანდაყოლილი ნაკლი (ამაალებელი ნივთიერება ჩაწეპებულია მასრის რკალში და ცუდათ უძლებს ნესტს და ვიბრაციას) ასევე ჭუჭყის დაგროვება საკეტსა და სავაზნეს შორის (უფრო ნახევრად ავტომატურ კარაბინებში) რაც არ აძლევს საკეტს ბოლომდე წინ მისვლის საშუალებას და შესაბამისად არ აძლევს დამრტყმელს საშუალებას კარგად “მიწვდეს” მასრას. შეიძლება დროთა განმავლობაში დამრტყმელის თავი დაბლაგვდეს და საჭირო გახდეს მისი წვერის დათხელება.

strikerim

მე მგონია, რომ არაფერი არ გამომრჩა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ რამეს რაც იქნებოდა ყურადღება მისაქცევი ან შემიქმნიდა მე პრობლემებს, რომლის შესახებაც მე მომინდებოდა მოყოლა. დავამატებ მხოლოდ, რომ მე ხანდახან მესმის როგორ ვიღაცა “ლანძღავს” .22lr-ს მისი არასაკმარისი სიმძლავრის გამო. ეს ვაზნა არ იქმნებოდა ოთხფეხა თუ ორფეხა მტაცებლების დასაგდებად. ის იქნებოდა, სხვა როლისთვის.  იაფი და ხელმისაწვდომი, ჩუმი და მსუბუქი ვაზნა-იარაღის კომბინაცია, კომბინცია ყველასთვის, მონადირისთვის მცირე ნადირზე სანადიროდ, სპორტსმენისთვის მიზანში სრლისითვის, მსროლელისთვის უნარების შესანარჩუნებლად და დასახვეწად, მამისთვის რომ ასწავლოს შვილს სროლა. ყველა ამ როლში ის ამდენი წლის მერე კვლავ იდეალური და საუკეთესოა.  ფენომენალური ვაზნა, რომელიც იმსახურებს პატივისცემას.



2 Responses to “.22lr კალიბრის იარაღის მოვლაზე და მომსახურებაზე”

  1. Zorbeg says:

    ბოარ სნეიკს რაც შეეხება, იმენა მაგას არა, მარა ბაწარზე მაქვს მობმული მარლა (როცა ბინძურდება, პერიოდულად ვცვლი ხოლმე) და მაგას ვატარებ ლულაში წმენდისას. იდეალუად წმენდს. მარლინის მიკროგრუვინგზე მაინც მეშინია შომპოლის გამოყენება.

  2. jeff says:

    მდლობა საინტერესო და ამომწურავი სტატიისთვის
    როგორც ვიცი დიდი გამოცდილება გაქვთ არ-15 ის ოჯახი ექსპლუატაციის
    კარგი იქნება არ-ის წმენდის თავისებურებეზეც თუ დაიწერება მსგავსი სტატია
    რა ქიმიას ხმარობთ
    როგორ იწმინდება, ლულა, საკეტი, ბუფერი და ა.შ
    ალმქრობს თუ ხსნიდით ყველა წმენდაზე

დატოვეთ კომენტარი