ექსპერტის იარაღის განმარტება

რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი ფეისბუქზე, იარაღის სამყაროში ორი საკმაოდ ცნობილი ადამიანის მიმოწერას. განხილვის თემა იყო Glock 42, უფრო კონკრეტულად ის თუ რატომ მოწონს ყველას ასე ეს პატარა პისტოლეტი. საბოლოო ჯამში დისკუსიის ყველა მონაწილე (და მათთან ერთად, მთლიანად სასროლოსნო საზოგადოება) შეთანხმდნენ, რომ Glock 42 არის ყველასთვის კომფორტული პისტოლეტი. დაახლოებით იგივე დასკვნა ამ პისტოლეტზე ჩვენც გამოვიატანეთ.  Glock 42 არის პრაქტიკულად ჯიბის (ულტრა კომპაქტური)  პისტოლეტი, რომლიდანაც შესაძლებელია თუნდაც მთელი დღის განმავლობაში კომფორტულად მიზანში სროლა. იქვე ახსენეს Glock 43, რომელიც კონცეპტუალურად იმეორებს Glock 42-ს. ულტრა კომპაქტური, თხელი პისტოლეტი, ერთ რიგიანი მჭიდით, გათვლილი უფრო მძლავრ ვაზნაზე და შესაბამისად ცოტათი უფრო გაბარიტულია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან კომპაქტურია. ორივე პისტოლეტი არ უჩივის გაყიდვებს და ძალიან პოპულარულია.

დისკუსიის მონაწილეებმა ეგრევე აღნიშნეს, რომ Glock 43-ს აქვს საკმაოდ ხისტი უკუცემა. “Glock 43 არის ექსერტის იარაღი!” -  ასეთი დასკვნა გამოიტანა დისკუსიის მონაწილემ, მაიკლ ბეინმა Shooting Gallery-ის უცვლელმა წამყვნამა. ამ ტერმინმა, “ექსპერტის იარაღი”,  დამაფიქრა იმაზე თუ რას ნიშნავს საერთოდ და არსებობს თუ არა ისეთი რამე, რასაც შეიძლება დაერქვას ექსპერტის იარაღი. ექსპერტის იარაღი პირველ რიგში, ალბათ ჩემი აზრით, არის იარაღი, რომლის ეფექტური გამოყენება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ მსროლელს. რატომ? შევეცდები ავხსნა. მაგალითად, არის H&K USP Expert,  ექსპერტის იარაღი? მიუხედავად დასახელებისა ჩემი აზრით არა. ამ პისტოლეტიდან კარგად სროლას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი. დიახ საასპარეზო სასხლეტი, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები და უშველებელი „მაგველი“ მისცემს ექსპერტ მსროლელს უპირატესობას, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად ისროლო ამ პისტოლეტიდან ექსპერტი მსროლელი ნამდვილად არ უნდა იყო.  მეორეს მხრივ ექსპერტის იარაღად უდაოდ ჩაითვლება მსუბუქი .44 მაგნუმის კალიბრის რევოლვერები, ცნობილი როგორც ე.წ.  ‘მთის რევოლვერები“.  მთის რევოლვერის კონცეფცია დაიბადა პრინციპში პირველ მასობრივი წარმოების და საკმარისად ძლიერი და ამავე დროს გამძლე რევოლვერთან ერთად. საუბარი მაქვს Smith&Wesson Model 29-ზე. ამ დიდმა და მძლავრმა .44 კალიბრის რევოლვერმა, რომელიც დღემდე გამოდის საკმაოდ გრძელი გზა გაირა და ერთ-ერთი მისი ყველაზე პრაქტიკული და პოპულარული ვარიანტია, სწორედ მთის რევოლვერის ფორმატი. საშუალო სიგრძის კონუსური ფორმის “მსუბუქი” ლულა, კუთხეებიანი სრული ზომის სახელური გამოარჩევს მას “მაგნუმების” სხვა მოდელებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ ტექნიკურ ლიტერატურაში რევოლვერის სახელურს უწოდებენ სარეცელს (ложе, stock) და არა სახელურს ან ტარს. “სმიტ&ვესონის” მიზანი იყო შექმნილიყო ზომიერად მსუბუქი რევოლვერი, რომელიც არ დაღლიდა ადამიანს ფეხით ხანგრძლივი ლაშქრობისას, მაგრამ ამავე დროს ექნებოდა სერიოზული საცეცხლე ძალა. მოგვიანებით ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ასეთი რევოლვერის წონის დამატებითი შემცირება სპეციალური შენადნობების გამოყენებით.

163414_01_lg_1

Smith&Wesson 329PD Airlite არის 21-ე საუკუნის მთის რევოლვერი. ის იყენებს ალუმინის ჩარჩოს და ტიტანის დოლურას, რისი წყალობით რევოლვერის წონა დავიდა 714 გრამამდე (!!!). ეს იარაღი არის “ექსპერტის იარაღის” საუკეთესო მაგალითი, იმიტომ, რომ მხოლოდ ექსპერტი მსროლელი შეძლებს ამ რევოლვერის მოთვინიერებას.  ყურადღებას იქცევს მასიური ხის სარეცელი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან უხდება რევოლვერს ასევე აძლევს მსროლელს საშუალებას აკონტროლოს იარაღი ხელში, რომელსაც უძლიერესი უკუცემის იმპულსი აქვს. ფარული ტარების შესაძლებლობა მთის რევოლვერში არ არის პრიორიტეტული, კომფორტული და საიმედო ჭერა უფრო მნიშველოვანია. 

ულტრა კომპაქტური დიდი კალიბრის პისტოლეტები და რევოლვერები, იგივე Glock 43 ან მაგალითად მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული .357 კალიბრის „მოკლე ცხვირიანი“ რევოლვერი, მძლავრი და მსუბუქი შაშხანები გრძივად მოძრავი საკეტით, ორ ლულიანი “ექსპრესები”,  არიან ექსპერტის იარაღები. ასევე მაგალითად მხოლოდ ექსპერტი მსროლელი შეძლებს ავტომატური (ჯერებით მსროლელი) პისტოლეტის მოთვინიერებას და ეფექტურად გამოყენებას. ზოგადად ჯერებით მსროლელი ნებისმიერი ხელის იარაღის მოთვინიერებას შეძლებს მსროლელი მხოლოდ სერიოზული მომზადებით, ანუ ექსპერტი.

დაუშვებელი, არიფული შეცდომაა იფიქრო, რომ გაზრდილი საცეცხლე ძალა (დიდი კალიბრი, მაღალი ტევაოდობა) კომპენსირებას გაუკეთებს სროლის უნარების არ არსებობას. ასეთივე შეცდომაა იფიქრო, რომ დიდი საცეცხლე ძალის მქონე იარაღის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა დიდი ფიზიკური ძალა ან ძლიერი აღნაგობა. ინტერნეტი სავსეა ვიდეოებით სადაც სუსტი აღნაგობის მანდილოსნები ეფექტურად იყენებენ მძლავრ ცეცხლსასროლ იარაღებს. მთავარია სწორი ტექნიკა, რომელიც მიიღწევა და ნარჩუნდება რეგულარული ვარჯიშებით.

ასე, რომ ექსპერტის იარაღად შეიძლება ჩაითვალოს მეტ წილად სპეციალიზირებული იარაღები,  საცეცხლე ძალასთან შედარებით მცირე წონის და გაბარიტების მქონე, რომელთა ეფექტური გამოყენება საჭიროებს პრაქტიკას და უნარების გარკვეული დონის არსებობას. რა თქმა უნდა იგივე Glock 43 არ არის ისეთი რთული გამოსაყენებლად როგორც მსუბუქი .44 კალიბრის რევოლვერი, მაგრამ იმისთვის რომ ეფექტურად გამოიყენოთ 500 გრამიანი 9×19 კალიბრის პისტოლეტი ვიწრო და მოკლე ტარით, დაგჭირდებათ პრაქტიკა და სროლის უნაკლო ტექნიკა. ექსპერტის იარაღი არ პატიებს შეცდომებს. როგორც წესი ასეთ იარაღს აქვს შეზღუდული ტევადობა, რაც ყოველ გასროლას უფრო ძვირფასს ხდის. რაც უფრო ნაკლები ვაზნების რაოდენობაა მით უფრო ნაკლები შანსებია შეცდომების (აცილების) გამოსწორების.

მე უკვე აღვნიშნე, რომ სამთო რევოლვერზე, რომელიც თანაც მსუბუქი მასალებისგან არის დამზადებული, კომფორტული სრულფასოვანი ტარი არის აუცილებლობა, იმისთვის რომ შეძლოთ იარაღის გაკონტროლება. საქმე იმაშია, რომ იარაღებში, რომლებიც განკუთვნილია ფარული ტარებისთვის, მწარმოებელი ყოველთვის ცდილობს ტარის გეომეტრიული ზომების შემცირებას, იმიტომ, რომ ფარული ტარებისას, ტარი არის პისტოლეტის ან რევოლვერის ყველაზე რთულად “შესანიღბი” ნაწილი. მოკლე და ვიწრო ტარი განაპირობებს ორ სერიოზულ პრობლემას. პირველი პრობლემა არის უკვე ნახსენები შემცირებული მჭიდის ტევადობა, რაც ნიშნავს, რომ აცილების შემთხვევაში შეცდომის გამოსწორების შანსები მცირდება. მეორე პრობლემა არის იარაღის მართვის სირთულე. არასრულყოფილი ჭერა ხელს გიშლით უკუცემის უკეთეს კონტროლში და იარაღის დამიზნების ხაზზე შენარჩუნებაში. თავისთავად როლს თამაშობს ასევე მოკლე საკეტი, რაც ნიშნავს მოკლე სამიზნე ხაზს (მანძილს კორასა და თარაზოს შორის), რაც ასევე ამცირებს იარაღის თანდაყოლილ სიზუსტეს. ყველა ეს შეზღუდვა უნდა დაძლეულ იქნას სროლის ექსპერტის დონის უნარებით, რომელიც უკავშირდება უკუცემის კონტროლს და მაღალი სიზუსტის მიღწევას.

20170727_SSA_GMW_Grip00028_1-750x375

მოკლე და ვიწრო ტარი უკვე არის გამოწვევა მსროლელისთვის, დაუმატეთ ამას იარაღის მსუბუქი წონა და ძლიერი კალიბრი, თქვენ მიიღებთ იარაღს, რომლიდანაც ზუსტ და სწრაფ სროლას შეძლებს მხოლოდ გამოცდილი მსროლელი, ისიც გარკვეული პრაქტიკის და იარაღთან მიჩვევის ეტაპის შემდეგ.

იმისთვის რომ მოხდეს ამ ნაკლოვანებების კომპენსირება საჭირო იქნება,  როგორც პრაქტიკა ასევე ტექნიკის ადაპტაცია. იარაღის ჭერის შეცვლა, ჭერის ძალის გაზრდა, იდაყვების ჩაკეტვა, აგრესიული წინ გადახრილი დგომი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მიაღწიოთ ადეკვატურ კონტროლს იარაღზე. სწორედ ამიტომ იარაღები, რომლებიც საჭიროებენ ყველაფერ ამას შეიძლება ჩაითვალონ ექსპერტის იარაღებად.

womande

მძლავრი კალიბრი, ყოველთვის არ არის ექსპერტის იარაღის ელემენტი. სახელგანთქმული პისტოლეტი Desert Eagle იყენებს მათ შორის ზე-ძლიერ .50AE კალიბრს, მაგრამ კონსტრუქციული თვისებების და დიდი მასის გამო, ამ პისტოლეტიდან სროლას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი. თუმცა ბევრს არ მოერგება ზედმეტად მსხვილი ტარი და არ მოეწონება გასროლის მაღალი ხმა.

ვიღაცა ალბათ გაიფიქრებს, რომ მერე რა, მე მაკმაყოფილებს ჩემი Glock 17-ით ან СZ85-ით, კი ბატონო, მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს, რომ ვისაც უწევს იარაღის თავის “კისერზე თრევა” უპირატესობას ანიჭებს კომპაქტურ და მსუბუქ იარაღებს. გავიხსენოთ თუნდაც, როგორ მისტიროდნენ გამომძიებლები “მაკაროვების” მოხსნას შეიარაღებიდან და Jericho 941-ზე გადაიარაღებას. უბრალოდ ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად ფიქრობდნენ პისტოლეტების სროლისუნარიანობაზე ან ჩათვლებზე სროლაში რომელიც არ არსებობს.  ზოგს უბრალოდ უდევს იარაღი, როგორც სტატუსის სიმბოლო და არც უფიქრდება შეძლებს თუ არა ზუსტად და სწრაფად სროლას ამ სტატუსის სიმბოლოდან. ჩემი აზრით იარაღის მფლობელისთვის ასეთი ქარაფშუტობა უნდა იყოს მიუღებელი.



კომენტარები გათიშულია.