მფლობელის თვალით – Norinco JW21A

დღევანდელი მოკლე მიმოხილვის ობიექტი არის ჩინური Norinco-ს წარმოების მცირეკალიბრიანი შაშხანა JW-21A. ეს საკმაოდ საინტერესო და ჩვენი ქვეყნისთვის უჩვეულო იარაღია, ბერკეტიანი საკეტით, რომლის იმპორტი საქართველოში მოხდა დაახლოებით ალბათ 2004 წელს, ამ კომპანიის მცირეკალიბრიანი იარაღების სხვა მოდელებთან ერთად. როგორც ჩანს შემოტანილი პარტია საკმაოდ დიდი იყო, იმიტომ რომ “ნორინკოს” იარაღები იყიდებოდა ძალიან ბევრ მაღაზიაში, თანაც საკმაოდ დიდიხნის განმავლობაში, სანამ ნელ-ნელა მარაგი არ ამოიყიდა და ამჯერად ეს იარაღები მხოლოდ მეორადი იარაღების ბაზარზე თუ შეგვხვდება. მეც იმ დროს შევიძინე მოდელი JW25, რომელიც ვიზუალურად იყო გერმანული “Mauser KKW” ტიპის კარაბინის იდენტური და შემდგომ ჩავიდინე უდიდესი სისულელე, როდესაც ამ მშვენიერ პატარა კარაბინს შევუცვალე გარეგნობა კონდახის სულელური მოდიფიცირებით. იარაღით პრინციპში კმაყოფილი ვიყავი, უბრალოდ ვაზნების მიწოდება ხდებოდა შეფერხებით, ცუდად მორგებული მოსახსნელი მჭიდის გამო. სხვა პრეტენზია, როგორც მახსოვს მე ამ იარაღთან არ მქონია.  უკვე მაშინ მე თვალი დავადგი მოდელ JW21-ს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი შეძენის შესაძლებლობა მხოლოდ თითქმის 13 წლის შემდეგ მომეცა.

“ნორინკოს” პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოში მეტ წილად მათი პისტოლეტებით და ჩვენი მომხმარებელი არ იცნობს კარგად ამ პროდუქციას. როგორც ჩანს, თავის დროზე “ნორინკომ”, გადაწყვიტა შეემატებინა მის მიერ წარმოებული სამოქალაქო იარაღების ნომენკლატურას, ასევე მცირე კალიბრიანი კარაბინების მთელი სამოდელო რიგი.  ამისთვის კომპანია წავიდა უკვე კარგად ნაცადი მეთოდით და უბრალოდ “დააკოპირა” დასავლური წარმოების მოდელები, რომლებსაც თავის დროზე უშვებდა ან უშვებენ ეხლაც, მათ შორის “ვინჩესტერი”, “მაუზერი” “ბრნო”, “ბრაუნინგი”.   ჩვენი მიმოხილვის ობიექტი, JW21, წარმოადგენს სწორედ, რომ ამერიკული “ვინჩესტერ 9422″-ის პრაქტიკულად ზუსტ ასლს, მცირე გარეგნული სხვაობებით. იარაღი მთლიანად დამზადებულია “ძველი სკოლის” ტრადიციებით, ხისგან და ფოლადისგან, ყველა რკინის დეტალი ფრეზირებულია. იარაღში არ გამოიყენება ამჟამად პოპულარული მსუბუქი შენადნობები, ჩამოსხმული დეტალები და პლასტმასა. ეს არის პირველი რაც იქცევს ყურადღებას, როდესაც ეცნობი ამ ოჯახის ჩინურ იარაღებს. არ არის დიდი საიდუმლოება, რომ დღევანდელი “პლინკერები”, ანუ მცირეკალიბრიანი იარაღი გასართობი სროლისთვის, მზადდება მაქსიმალურად ტექნოლოგიურად და იაფად. ამის წყალობით მომხმარებელს აქვს საშუალება იყიდოს პრინციპში მუშა და საიმედო კარაბინი 150-200 დოლარად (ვგულისხმობ აშშ-ს ბაზარს). ჩვენთან სამწუხაროდ ახალი ასეთი იარაღები ღირს 1000 ლარი ფარგლებში და ფასით ახლოს დგას ცენტრალური აალების კარაბინებთან.

Fig-1

“Norinco”-ს წარმოების მცირეკალიბრიანი შაშხანების მოდელების რიგი

მე არ ვარ შენადნობების, ახალი ტექნოლოგიების და პლასტმასების გამოყენების წინააღმდეგ, თუ ეს ყველაფერი გამოიყენება გონივრულად და ამას არ მოყვება იარაღის საბრძოლო თვისებების, გამძლეობის და რესურსის შემცირება.  სამწუხაროდ ხანდახან ხდება პირიქით. მაგალითად წლების განმავლობაში, რაც კონკრეტულად ბერკეტიანი კარაბინები გამოდიოდა , მათ მწარმოებლები და მათ შორის “ვინჩესტერიც” ცდილობდნენ წარმოების გაიაფებას მეტი მოგების მიზნით. მაგალითად ისევ ვინჩესტერის მაგალითი რომ ავიღოთ, თავის ზე-პოპულარულ 1894 წლის მოდელით, 60-ან წლებში მათ უარი თქვეს ფრეზირების მეთოდით დამზადებულ სალულე კოლოფებზე და გადავიდნენ უფრო იაფი და ტექნოლოგიური მეთოდით დამზადებულ კოლოფებზე.  მექანიზმის ნაწილები, რომლებიც ასევე თავიდან მზადდებოდა ფრეზირებით, შეიცვალა ნაშტამპი დეტალებით.  შედეგად ჩვენ მივიღეთ უფრო ცუდი იარაღი, რომელიც არ იყო იმდენად გამძლე, საიმედო და ლამაზი, როგორც ადრინდელი მოდელები. უკვე შემდგომ როდესაც ცხადი გახდა რომ ახალი ვინჩესტერები ისე კარგად არ იყიდებოდა კომპანიამ გადადგა რიგი ნაბიჯების რომ პროდუქტი გაუმჯობესებულიყო. მიუხედავად ამისა დღეს, 1964 წლამდე გამოშვებული ვინჩესტერების ფასი ბევრად უფრო მაღალია შემდგომ წლებში გამოშვებულ ვინჩესტერ “1894″-ებზე. ეს ასაკის და საკოლექციო ღირებულების გამო არ არის, ეს არის იმიტომ რომ 64 წლამდე გამოშვებული “მ1894″-ები უბრალოდ უკეთესი იარაღებია. ამ მხრივ ჩვენი “ნორინკო” გამოირჩევა იმით, რომ მეტ წილად დამზადებულია იგივე ტექნოლოგიებით რაც ადრინდელი “ვინჩესტერები”. ფრეზირება და ფოლადი, მეტი არაფერი. უკვე სხვა საქმეა შესრულების ხარისხი. გარედან იარაღი კარგად გამოიყურება, შავი მოსევადება ხარისხიანი და ლამაზი ფერის არის, მიუხედავად იმისა, რომ რკინის დეტალების ზედაპირი არ არის იდეალურად გაპრიალებული. ხის დეტალები დაფარულია სქელი პრიალა ლაკით, რომელიც უადგილო იქნებოდა თანამედროვე იარაღზე მაგრამ უხდება “ნორინკოს” “რეტრო” იერსახეს. კონდახის კონკრეტულად ჩვენ კარაბინს ქონდა ორი გარედან შესამჩნევი წუნი, კონდახი იყო დეფორმირებული იმ ადგილში სადაც ის უერთდება რკინის რესივერს, და წინა სამიზნე მოწყობილობა არ იჯდა სწორად თავის ღარში. მცდელობა მისი ადგილიდან დაძვრის დასრულდა მისი დეფორმაციით. გამომდინარე იქიდან რომ მის დასაძრავად მინიმალური ძალა გამოვიყენეთ, უნდა დავასკვნათ რომ უბრალოდ ფოლადი ძალიან რბილია. გარეგნული დათვალიერებით მეტი პრეტენზია პრინციპში ჩვენ არ გვქონდა. მიუხედავად ყველაფრისა იარაღი გავმეორდები ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელია.

ეხლა რაც შეეხება ტექნიკურ აღწერილობას, JW25 იყენებს ბერკეტიან საკეტს, გარედან განლაგებული ჩახმახით, იკვებება ლულისქვეშა მილისებრი მჭიდიდან, რომელშიც ჩადის 15 ვაზნა. ექსტრაქცია ხდება გვერდიდან, როგორც თანამედროვე ბერკეტიან კარაბინებში. ლულის სიგრძე შეადგენს 515 mm-ს, სრული სიგრძე 995 მმ. ლულა არის 6 ღარიანი, ბიჯით 1:350. კარაბინის  წონა შეადგენს 2.7 კგ-ს. ასევე შესაძლებელია მასზე ოპტიკის დაყენება “მერცხლის კუდის” ტიპის სამაგრზე რომელიც რესივერზეა შესრულებული ან შესაძლებელია სტანდარტული რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენება.

1408622094.72

Norinco JW21A. ასეთ კონფიგურციაში მოხვდა ის საქართველოში. შემდგომ მოდელებს შეიძლება ქონდეთ განსხვავებული სამიზნე მოწყობილობები და ხის ფურნიტურა.

ბევრმა არ იცის რომ ეს იარაღი ითვლება “ასაწყობ” (take down) კარაბინად, ანუ ის იშლება ორ ნაწილად მისი ტრანსპორტირების ან შენახვისთვის. იმისთვის რომ იარაღი ორ ნაწილად დაშალოთ უნდა დაუშვათ დიდი ხრახნი გაყრილი რესივერის უკანა ნაწილში და იარაღი ორად გაიყოფა. იდეაში ეს უნდა აადვილებდეს მის შენახვას და ტრანსპორტირებას მაგრამ მეტალის დეტალები რომლებიც ჩნდება თოფის “დანაწევრების” შემდეგ იმდენად ბასრი კუთხეებით არის რომ ისინი ადვილად გაჭრიან ან დააზიანებენ შალითას ან ზურგჩანთას.

JW21twoparts

ორად დაშლილი JW21. ამ მოდელზე უკვე აყენა კლასიკური “პარტრიჯის” ტიპის  უკანა სამიზნე მოწყობილობა. 

კარაბინის ყველაზე უჩვეულო ნაწილი, რა თქმა კიდე არის ლულის-ქვეშა მჭიდი. ასეთი მჭიდები განეკუთვნება ალბათ ყველაზე ძველი ტიპის მჭიდის კონსტრუქციას და გვხდება იარაღებზე, რომლებიც მე-17 საუკუნეშია დამზადებული. ალბათ პირველი ასეთი მჭიდის კონსტრუქცია რომელიც იყენებდა ზამბარას მაგრამ იყო განლაგებული კონდახში, გამოყენებული იყო სპენსერის სისტემის შაშხანაში 1860 წელს. 1873 წელს ასეთი მჭიდი გამოყენებული იყო უკვე ბერკეტიან ამავე წლის ვინჩესტერის სისტემის შაშხანაში, რომელზეც ამჯერად მჭიდის მილი განლაგდა ლულის ქვეშ. მჭიდის კონსტრუქცია ერთდროულად რთული მაგრამ დახვეწილი და ეფექტიანი. მილის შიგნით მოთავსებულია უფრო მცირე დიამტერის მილი, შიდა ზამბარით. იმისთვის რომ იარაღი დატენოთ, უნდა ამოწიოთ პატარა მილი გარეთ, და სპეციალური ფანჯრიდან, დიდ მილში, ერთი მეორეს მიყოლებით ჩაალაგადოთ ვაზნები, შემდეგ პატარა მილი უნდა ჩასვათ შიგნით და ვაზნები მოთავსდება ამჯერად პატარა მილის შიგნით და შეკუმშავენ ზამბარას, რომელიც განახორციელებს მის მიწოდებას.

ვაზნებით კვების ასეთი მეთოდის პლიუსებია, შედარებით დიდი ტევადობა, მჭიდი გარეთ გამოშვერილი არ არის, გამორიცხულია მისი შემთხვევით დაკარგვა, შესაძლებელია მისი შევსება ვაზნებით. მინუსებს განეკუთვნება დატენვის დიდი დრო და არც თუ ისე მოსახერხებელი პროცედურა. მცირეკალიბრიან იარაღს არ ეხება, მაგრამ ასეთ იარაღში არ შეიძლება თანამედროვე კონსტრუქციის ვაზნების გამოყენება წვეტიანი ტყვიებით, იმიტომ რომ გასროლისას ტყვიის წვეთმა შეიძლება დაარტყას ამაალებელს, რაც გამოიწვევს ვაზნების დეტონაციას, იარაღის განადგურებას და დიდი ალბათობით მსროლელის დაშავებას.  დღესდღეობით ასეთი კონსტრუქცია გამოიყენება მხოლოდ ბერკეტიან შაშხანებში და გლუვლულიან თოფებში მხოლოდ, რომლებიც არ იყენებენ წვეტიან ტყვიებს. რა თქმა უნდა თუ საქმე არ გვაქვს რეტრო მოდელთან, თანამედროვე იარაღებში ლულისქვეშა მჭიდის ზამბარა მოთავსებულია უშალოდ მჭიდში და ვაზნებით შევსება ხდება არა წინიდან, არამედ სავაზნის მხრიდან, რაც ბევრად უფრო მოსახერხებელია.

Fig-2 (1)

დატენვის პროცედურა ილუსტრირებული კარაბინის ინსტრუქციაში 

ჩვენ კარაბინს ასევე გააჩნია მექანიკური მცველი, რომელიც განლაგებულია ჩახმახის უკან, და პრინციპში საკმაოდ მოსახერხებელია, ის პოზიტიურად მუშაობს და ჩართვის დროს კეტავს ჩახმახს, არ აძლევს მას უკან დაძვრის საშუალებას და ამით ასევე ცხადია შეუძლებელი ხდება ვაზნის მიწოდება. ეს კარგია იმიტომ რომ გადაადგლებისას რამეს რომ წამოედოთ, საკეტი არ გაიხსნება თავისით. ეს მცველი ბევრად უკეთესია ვიდრე სალულე კოლოფში გვერდიდადნ  “გაყრილი” მცველი რომელიც გამოიყენებოდა ჯერ ვინჩესტერის და შემდგომ მარლინის თანამედროვე “ლევერ განებზე”. მინუსი ნორინკოს მცველის განლაგების ის არის რომ ის იქ იმყოფება სადაც ხანდახან ლევერ განებზე აყენებენ სპორტულ, დიოპტრიულ სამიზნე მოწყობილობას. ეხლა ეს საქართველოს შემთხვევაში ნაკლებად აქტუალურია, იმიტომ რომ თუ მოხდება სამიზნე მოწყობილობის გაუმჯობესება ეს მოხდება ოპტიკის დაყენებით და არა დიოპტრის მონტაჟით. უსაფრთხოების დამატებით საშუალებას წარმოადგენს გარედან განლაგებული ჩახმახის ნახევრად შეყენების ფუნქცია.

თვითონ ბერკეტის (და შესაბამისად კონდახის ფორმა) ოდნავ განსხვავდება “ვინჩესტერ 9422″-დან, მისი გამოყენება ადვილია და არ ითხოვს ზედმეტი ძალის დატანებას და შეუფერხებლად მუშაობს. რკინის სამიზნე მოწყობილობები დახვეწილი და ფუნქციონალურია. წარმოადგებს ე.წ. buckhorn ტიპის. უკანა სამიზნე მოწყობილობა რეგულირდება სიმაღლეში, წინა ჰორიზონტალურ სიბრტყეში. წინა სამიზნე მოწყობოლობა აღჭურვილია თითბერის მრგვალი ბურთულათი, უკეთესი ხილვადობისთვის. კიდევ ერთი თანამედროვე და ალბათ კარდი ცვლილება ნორინკოში არის მასრების გვერდითი ექსტრაქცია  და არა ზევით 12 საათის მიმართულებით, როგორც ადრინდელ ბერკეტიან შაშხანებში.

თუ გარედან “ნორინკო” საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება, შიგნიდან დათვალიერების შემდეგ შთაბეჭდილებები უკვე არ არის ისეთი პოზიტიური. ყურადღებას იქცევს შიგნიდან რკინის და ხის დეტალების საშინელი დამუშავების ხარისხი. საკეტის დეტალებს არაუშავს, მაგრამ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ისეთია, თითქოს ტექნიკური სასწავლებლის ოროსანმა ისინი ხელით გამოთალა. გამონაკლისი არის ლულა, რომლის დამუშავების ხარისხი ვიზუალურად კარგია და ლულის არხიც ძალიან სუფთა არის. ყველაზე გასაკვირი რაც იყო, რომ მაგალითად ბერკეტის სახელურის და რიგი  სხვა დეტალების გეომეტრია აშკარად დარღვეული იყო, რაც მეტყველებდა იმაზე რომ ეს დეტალები მზადდებოდა ალბათ ძალიან ძველ დაზგებზე, საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის ოსტატების მიერ.

1727

“ვინჩესტერ 9422″ რომლის ბაზაზეც შეიქმნა JW21. ეს მოდელი გამოდიოდა 1972 წლიდან 2005 წლამდე. სულ გამოშვებული იყო 600 000 ერთეულზე მეტი. 

აქვე უნდა ვთქვა, რომ “ვინჩესტერ 9422″ და შესაბამისად მისი ჩინური ასლიც, იყენებენ საკმაოდ რთული კონსტრუქციის საკეტებს. “ნორინკოს” საკეტი შედგება ორი სეგმენტისგან, საკეტის გულისგან და ჩარჩოსგან. საკეტის გულში განლაგებულია დამრტყმელი, ექსტრაქტორი და მჭიდიდან ვაზნის ამოღების მექანიზმის ნაწილები. საკეტის ჩარჩოში განლაგებულია მხოლოდ დამრტყმელის სექცია. დიახ, იარაღს დამრტყმელი ორად აქვს გაყოფილი.  ბერკეტი სწორედ საკეტის ჩარჩოზე ზემოქმედებს, რომელიც მასზე განლაგებული დახრილი ჭრილის წყალობით ქვევით წევს გულს და ასე ხსნის და “მოათრევს” უკან მას. საკეტის გული და ჩარჩო დაკავშირებულია საკეტის გულში  გაყრილი შტიფტით. მე ძალიან გამიჭირდება ზუსტად აღვწერო გადატენვის სქემის მუშაობა, ამიტომ შემოვიფარგლები მოკლედ აღწერით, რომ მიხვდეთ მუშაობის ზოგად პრინციპს. ბერკეტის გახსნისას, საკეტი იწყებს უკან მოძრაობას და ხდება ერთდროულად ექსტრაქცია გასროლილი მასრის და ახალი ვაზნის ამოღება მჭიდიდან. ამასთან ერთად ხდება ასევე გარედან განლაგებული ჩახმახის შეყენება. ბერკეტის დაკეტვისას საკეტი იწყებს წინ მოძრაობას რა დროსაც დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდულში განლაგებული ენა იწევა ზევით და უზრუნველყოფს ახალი ვაზნის მიმართვას სავაზნეში. ბერკეტის ჩაკეტვისას საკეტის იკეტება რესივერის ზედა კედლში განლაგებულ ბჯენზე. ამის მერე იარაღი მზად არის გასროლისთვის.

bolt jw21

საკეტის უკანა ნაწილზე შესრულებული ჭრილი უზრუნველყოფს წინა საკეტის გახსნას, გადახრით ვერტიკალურ სიბრტყეში. ჩაკეტვის ეს სქემა ძალიან ძლიერი და გამძლეა. სურთზე ასევე კარგად ჩანს დეტალი, რომელიც აკავშირებს ბერკეტს და საკეტის ჩარჩოს. 

პრინციპში თუ არ ჩავთვლით ზედმეტად რთულ საკეტს, იარაღი არ არის რთული კონსტრუქციის. დაშლისთვის საჭიროა ხრახნის დაშვება რომელიც აერთებს ერთმანეთს კარაბინის ორ ნახევრას.  ხდება საკეტის მოდულის ამოღება. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული რჩება კონდახის “ნახევრაზე” და ადვილად მისაწვდომა წმენდისთვის  ასევე შესაძლებელია ლულის გაწმენდა სავაზნის მხრიდან რაც გამორიცხავს ლულის გამოსასვლელის დაზიანებას. აწყობა იარაღის ასევე ძალიან ადვილია. გადააბით ერთმანეთს საკეტის ორივე სეგმენტი, შეაცურეთ რესვიერში, მიუერთეთ კარაბინის უკანა ნაწილი (დამრტყმელსასხლეტი მექანიზმი ბერკეტით და კონდახით), დაუჭირეთ ფიქსატორი ხრახნი და იარაღი აწყობილია. ხრანხს არ ჭირდება ზედმეტი ძალა გადაჭერისას. ეს გამოიწვევს რესივერის შეკუმშვას და შეუძლებელი გახდება საკეტის გახსნა. “ნორინკო”-ს დეტალები, როგორც ჩანს არ არის ნაწრთობი და საკმაოდ რბილია, ამიტომ ნუ დაატანთ დიდ ძალას მის დაშლა-აწყობას.

ჩემი გამოცდილებით მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან “ნორინკოს” მცირე-კალიბრიანი კარაბინები საშინლად გამოიყურება და ხანდახან აქვთ პრობლემები ვაზნების მიწოდებისას, ლულები ამ იარაღებზე ძალიან კარგია და როგორც წესი ეს იარაღები კარგი სიზუსტით გამოირჩევა. მე მქონდა მოდელი JW25, JW-27 და ეს ბერკეტიანი კარაბინი უკვე ჩემი მესამე “ნორინკოა”. პირველ ორ კარაბინს ქონდა პრობლემური მჭიდები, რის გამოც საჭირო გახდა მჭიდების მოდიფიცირება, იმისთვის რომ ვაზნის მიწოდების კუთხე გამხდარიყო ოპტიმალური. დანარჩენის მხრივ ეს იარაღები მუშაობდნენ უპრობლემოდ.

გამომდინარე იქიდან, რომ JW21 არ იყენებდა მჭიდებს და იყო უფრო რთული, არსებობდა ვარაუდი რომ პრობლემებიც თუ ისინი არსებობდნენ, იქნებოდა ასეთივე რთული. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ იარაღი აგებული იყო ძველებურად, მხოლოდ რკინის დეტალებით, რაც ნიშნავდა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა დეტალების შეკეთება/გადაკეთება.

მოლოდინი გამართლდა და რენჯზე პირველივე  ვიზიტის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ კარაბინი ბოლომდე გამართულ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. გამოიკვეთა ორი პრობლემა, შეფერხება ექსტრაქციის დროს და მიწოდებისას ხდებოდა ტყვიის თავის დაზიანება. შეფერხება ექსტრაქციის დროს, როდესაც მასრა იჭედება სავაზნეში, როგორც წესი გამოწვეულია სავაზნის მდგომარეობით. ზედმეტი დაბინძურება, დეფორმაციები მის კედლებზე ან პრობლემა დამახასიათებელი მცირეკალიბრიანი იარაღისთვის, როდესაც “მშრალი” სროლისას დამრტყმელი ურტყავს სავაზნის კიდეს და იწვევს მის დეფორმაციას, რაც შემდგომ ხელს უშლის მის ექსტრაქციას სავაზნიდან. დეფორმაცია ადვილად გასწორდა ქლიბით, სავაზნის ბასრი კიდეების კუთხეები ოდნავ დამრგვალდა მრგვალი ქლიბით, მაგრამ სავაზნის კედლებზე ძლიერი განათების ქვეშ, ჩანდა ინსტრუმენტის კვალი. რაც სავარაუდოთ იყო ქარხნული, უმნიშვნელო მაგრამ დეფექტი. საკუთარი ძალებით, ხელნაკეთი ინსტრუმენტით, როგორც შემეძლო გავაპრიალე შიგნიდან სავაზნის კედლები. ყველას გაფრთხილებთ, სავაზნეში და “მის ირგვლივ” ქლიბით მუშაობას შეიძლება მოყვეს იარაღის ისეთი დაზიანება, რომ საჭირო გახდება ლულის გამოცვლა ასე რომ გაითვალისწინეთ ეს და კითხეთ საკუთარ თავს, გიღირთ თუ არა ასეთ რისკზე წასვლა და ხომ არ ჯობია მიმართოთ ხელოსანს. ამ შემთხვევაში ჩარევა ეფექტური გამოდგა და პრობლემებიც პრაქტიკულად გაქრა. დამატებით შემოწმდა მჭიდის მილის არხის მდგომარეობა და აღმოჩნდა რომ ის გაჩარხულია ან უხეშად ან ადგილი ქონდა კოროზიას, იმიტომ რომ ზედაპირი იყო ძალიან უხეში. კიდევ ერთი უცნაური რამ რაც შევამჩნე, იყო რეზინის საფენი მოთავსებული რესივერის და ლულის შეერთების ადგილში. დანიშნულება ამ დეტალის ჩემთვის უცნობი დარჩა.

კარაბინის სუზუსტეს რაც შეეხება, სროლა ხორციელდებოდა სულ რაღაც 30 მეტრზე, ღია სამიზნეების გამოყენებით და შესაძლებელია პრინციპში სამიზნეში ერთი ნახვრეტის გაკეთება, რაც ადასტურებს ჩემ დასკვნას, რომ “ნორინკოს” აქვს კარგი ხარისხის ლულები. სასხლეტი იყო აბსოლუტურად მისაღები, ერთ-საფეხურიანი, რბილი სვლით. საუკეთესო შედეგი მიღებული იქნა ССI Minimag-ით, რომელიც არის ერთ-ერთი ყველზე ძლიერი .22 კალიბრის მუხტი, რომელიც იყიდება საქართველოში. იაფი “Eley Sport” ასევე გამოდგა მისაღები.

26941517_576706576004837_974375596_o

30 მეტრიდან საუკეთესო ჯგუფი ССI Minimag-ით. 

გარდა ხსენებული და მოგვარებული პრობლემებისა, რომელიც უკავშირდებოდა ვაზნების ექსტრაქციას, უნდა აღვნიშნო, რომ 50 ვაზნაზე სამჯერ მოხდა ვაზნის არ მიწოდება. ასევე ყურადღება მივაქციე იმას, რომ მასრა იყო ძლიერად დეფორმირებული დამრტყმელის მიერ. ჩემი ვარაუდით საბრძოლო ზამბარა უბრალოდ ძალიან ძლიერია. შესაძლებელია ამის გამოც იყო სავაზნის კიდე დაზიანებული. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მიწევს აღიარება, რომ პირველი ტესტირება დასრულდა ნეგატიური შედეგით. სიზუსტე კარგია, მაგრამ საიმედოობა არის უმთავრესი.

ვიღაცა იტყვის, რომ 30 მეტრი არასერიოზული მანძილია და კიდე ხშირად მესმის ასეთი ოცნებით აღსავსე კითხვა: რა მანძილზე მიაქვს? და ტონიდან მესმის რო ადამიანი ელოდება პასუხს, 200-300 მეტრი ძმაო!  რეალობა ის არის, რომ .22-ის ეფექტური და ტიპიური გამოყენების მანძილი არის 50 მეტრამდე. კი შესაძლებელია 200 მეტრზეც სროლა მაგრამ ტყვია მიფრინავს ნელა, არის მსუბუქი და ვარდნა და გადახრა ქარისგან იქნება მიშვნელოვანი. მონადირე თავს აარიდებს ასეთ მანძილზე სროლას, ცხოველის/ფრინველის დაჭრის და დაკარგვის საფრთხის გამო, გასართობად კიდე ეს მანძილები ძალიან შორია. გაცილებით უფრო აქტუალური კითხვაა, შეძლებთ დგომიდან თქვენ და თქვენი იარაღი “მოხსნათ” 25 მეტრიდან 12 კალიბრის ცარიელი მასრა? 50 მეტრზე ოპტიკით 20 თეთრიანი? სწორედ ამისთვის არის შექმნილი .22, დახვეწოთ სროლის უნარი და მოინადიროთ პატარა ზომის გარეული ფრინველი. ნადირობისას ტიპიური კარაბინის სიზუსტის და სამიზნის ზომების გათვალისწინებით, ამას ასევე დამატებბული “ეთიკური გასროლის” ვალდებულება და მინიმალური საჭირო ენერგია, .22lr-ის გამოყენების ეფექტური მანძილი იქნება 100 მეტრი. დაჟინებული მსროლელი კარგი იარაღით შეძლებს “ქაღალდზე” შედეგის მიღებას 250 მეტრამდე მანძილზე (თუ ქარმა ხელი შეუწყო). ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ისე, რომ არ გაკოტრდეთ და ორი-სამი კილომეტრის რადიუსში არ აცნობოთ ყველას თქვენი არსებობის შესახებ. მეტს ამ კალიბრს ნუღარ მოთხოვთ.

მიმოხილვის მიწურულს მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა გადატენვის სქემაზე, რომელსაც იყენებენ ტიპიური მცირეკალიბრიანი კარაბინები. ყველაზე გავრცელებული არის გრძივად მოძრავი საკეტი, ასეთი სქემა არის საიმედო, უზრუნვლეყოფს პრაქტიკულად ნებისმიერი მუხტის გამოყენებას. მინუებს განეკუთვნება, როგორც წესი მცირე ტევადობის მჭიდი (ტიპიურად 5 ვაზნა) და გადატენვის დაბალი სისწრაფე. მეორე სქემა არის, ნახევრად-ავტომატური გადატენვა, თავისუფალი საკეტით.  მჭიდები შედარებით დიდი ტევადობის არის (ტიპიურად 10 ვაზნა), სწრაფსროლა მაღალია, მაგრამ მუხტების გამოყენების თვალსაზრისით ასეთი იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს ხუშტურიანი.  ასევე ყინვაში, როდესაც ენერგია მუხტის კლებულობს, პირდაპირ პროპორციულად მცირდება ანხევრად-ავტომატური იარაღის საიმედოობაც. შუალედურ ადგილს მათ შორის იკავებენ იარაღები, პირობითად პირდაპირ მოძრავი საკეტით, ბერკეტით ან გრძივი საკეტით. გადატენვა ხდება ერთ სიბრტყეში მოძრაობით. ასეთი იარაღები ზომიერად სწრაფია და ამავე დროს ინარჩუნებენ საშუალებას გამოიყენონ ნებისმიერი მუხტები. ამჯერად ასეთი გადატენვის სქემით საქართველოში წარმოდგენილია პრაქტიკულად მხოლოდ სამი იარაღით, ერთი არის ჩვენი “ნორინკო” ბერკეტით,  რუსული წარმოების იარაღი პირდაპირი საკეტით, “სობოლი” და ასეთივე საკეტის მქონე ავსტრიული ISSC-ის მცირეკალიბრიანი კარაბინი. ორი უკანასკნელის ფასი აღემატება 1000 ლარს. “ნორინკოს” ფასის დადგენა რთულია, იმიტომ რომ შემოთავაზებები პრაქტიკულად არ არის, მაგრამ ჩემი ვარაუდით ფასი უნდა მერყეობდეს 600-800 ლარს შორის. პირადად მე, რომ ვირჩევდე კარაბინს ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის, ალბათ ავირჩევდი იარაღს “პირდაპირი” საკეტით, მათ შორის არ ვიტყოდი უარს ბერკეტიან კარაბინზე, იმის პირობით რომ ის იქნებოდა ხარისხიანი და იმუშავებდა საიმედოთ. “ნორინკოზე” ამას ვერ ვიტყვით. იარაღის დახვეწა და ნაკლოვანებების გასწორება კარგი ხელოსნისთვის არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას და ალბათ JW21 ჩაითვლებოდა კარგ ბაზად მომავალი უნივერსალური კარაბინისთვის მაგრამ დამაფიქრებელია ფოლადის ხარისხი და რამდენად გამძლე გამოდგება კარაბინი გრძელვადიან პერსპექტივაში. რა თქმა უნდა არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათობა და ალაბათ ესეც არის, რომ შეიძლება სხვას ჩემზე მეტად გაუმართლოს და შეხვდეს კარგად აგებული კარაბინი. არ არის გამორიცხული რომ ახალი გამოშვების კარაბინები უფრო უკეთესებიც არის, იმიტომ რომ ჩინელები სწრაფად პროგრესირებენ. დღეს გამოშვებული ჩინური მანქანები ათი თავით უკეთესია ვიდრე მანქანები გამოშვებული 2004 წელს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია B მოდელი საქართველოში არ შემოსულა. მე ჩემი მხრიდან შემოგთავაზეთ გულწრფელი მიმოხილვა, იარაღის რომელიც მე თავად შევიძინე და გამოვცადე. სხვას შეიძლება ქონდეს განსხვავებული გამოცდილება.

იარაღი მე მალევე გავასხვისე და არც ვაპირებდი მიმოხილვის დაწერას, რის გამოც მეტ წილად მომიწია ინტერნეტიდან სურათების გამოყენება, იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ მოვასწარი ჩემი კარაბინის სურათების გადაღება. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ გასართობი იარაღისთვის ყველა აღწერილი ნაკლი და თავისებურება უმნიშვნელოა, მაგრამ მე გადავწყვიტე იარაღი გამესხვისებინა. შესაბამისად არც უფრო შორ მანძილებზე არ მისვრია, ისევე როგორც არ შევამოწმე შესაძლებლობა უფრო მოკლე .22 კალიბრის ვაზნების (.22 Short, .22 Long) გამოყენების, რომლებსაც ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით ეს კარაბინი უპრობლემოდ აწვდის მჭიდიდან სავაზნეში, რასაც ვერ ახერხებს ვერც ერთი სხვა კარაბინი, რომელიც საქართველოში იყიდება.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. “ნორინკო JW21A” მიუხედავად იმისა, რომ დაფუძნებულია პოპულარულ და მუშა ამერიკულ “ვინჩესტერზე”, ცუდი შესრულების გამო შეიძლება გამოდგეს ან არ გამოდგეს მუშა მუშა იარაღი. კარგი ხარისხის ლულის გამო, კარაბინი იქნება დიდი ალბათობით ზუსტი, მაგრამ შეიძლება გახდეს საჭირო ჩარევა, რომ იარაღმა იმუშაოს საიმედოთ. ამავე დროს მოკრძალებულ მყიდველი იღებს “ძველი სკოლის” ხისგან და ფოლადისგან დამზადებულ იარაღს, ვიზუალურად ლამაზს, რომელსაც ასევე გააჩნია სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობები, ოპტიკის დაყენების შესაძლებლობა და თუნდაც საღვედე (დეტალი, რომელიც “რატომღაც” იშვიათად გვხვდება თანამედროვე პლინკერებზე). იარაღის შეძენა რეკომენდირებულია თუ ის ღირს 700 ლარზე ნაკლები და პოტენციური მყიდველი იცნობს კარგ ხელოსანს. იარაღი შეიძლება იყოს რეკომენდირებული, მხოლოდ გასართობი სროლისთვის.



დატოვეთ კომენტარი