“ნაწილი”

US Army Marksmanship Unit, აშშ-ის საარმიო ზუსტი სროლის ნაწილი (შემოკლებულად უბრალოდ „ნაწილი) შეიქმნა 1956 წელს ამერიკის პრეზიდენტის დუაიტ ეიზენხაუერის განკარგულებით. “ნაწილის” ფუნქცია განსაზღვრული იყო, როგორც ზუსტი სროლის უნარების განვითარება შეიარაღებულ ძალებში და აშშ-ის წარდგენა საერთაშორისო შეჯიბრებებზე სროლაში,  თუმცა არაფორმალურად ნაწილი შეიქმნა იმისთვის, რომ ამერიკელებს დაემარცხებინათ საბჭოთა კავშირის სპორტსმენი მსროლელები. მოგეხსენებათ ეს ის დროა, როდესაც ზღვარი საბრძოლო და სპორტულ სროლას შორის ჯერ კიდევ მკაფიო არ არის და სპორტულ მათ შორის ოლიმპიურ დისციპლინებში გამოიყენებოდა პრაქტიკულად საბრძოლო იარაღი, ხოლო საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად 1928 წლიდან არსებობდა შეიარაღებულ ძალებთან ასოცირებული სპორტული კლუბები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის მიერ კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდის მიზნით.

„ნაწილი“ განლაგებულია ფორტ ბენინგში, ჯორჯიას შტატში და ადრე არსებობდა ასევე „ნაწილის“ სამი რეგიონალური „განყოფილება“, რომელიც 80-ან წლებში გაუქმდა. სამწუხაროდ პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სასროლოსნო მომზადება არ ვითარდება მუდმივად, არამედ არის პერიოდები როდესაც მომზადების დონე მაღალია, რაც განპირობებულია დახვეწილი სასწავლო პროგრამების არსებობით, დაფინანსებით და ა.შ. და არის პერიოდები, როგორც წესი მაშინ როდესაც ჯარი არ მონაწილეობს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, როდესაც ხდება მოდით ასე ვთქვათ „ინტერესის შემცირება” საბრძოლო მომზადებისადმი, ეს ტენდენცია განსაკუთრებულად კარგად ჩანს სნაიპინგის განვითარების ევოლუციის მაგალითზე. ომის დროს ინეტერსი სნაიპინგის მიმართ იზრდება, იხარჯება ფული სკოლებზე, კურსებზე, მომზადებაზე იარაღზე და აღჭურვილობაზე ხოლო ხნგრძლივი მშვიდობის პერიოდში ფული და დრო იხარჯება გაზონების გალამაზებაზე და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე და შემდეგ ომს ჯარი ხვდება ზუსტი სროლის უნარების მქონე ჯარისკაცების გარეშე, და ყველაფერი იწყება თავიდან.  80-ან წლებში სწორედ ასეთი პერიოდი იყო რა დროსაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში პრაქტიკულად არაფერი არ ხდებოდა საინტერესო გარდა აუცილელები საბაზისო სასროლოსნო მოზმადებისა და სწორედ ამ დროს მოხდა „ნაწილის“ მკვეთრი შემცირება.

„ნაწილი“ წარმოადგენს სახმელეთო ძალების (არმიის) შენაერთს, მისი წევრების არჩევა ხდება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებიდან, რომლებიც გამოავლენენ განსაკუთრებულ ნიჭს და უნარებს. ძალიან იშვიათად ნაწილში აყავთ პირდაპირ, როგორც იტყვიან ქუჩიდან. არ არის აუცილებელი, რომ მსახურობდე „ნაწილში“ იმისთვის, რომ ასპარეზობდე „ნაწილის“ სახელით, ასეთი მსროლელები დაყვებიან „ნაწილს“ “გასტროლებზე” რამდენიმე სეზონი და შემდეგ უბრუნდებიან თავიანთ შენაერთენს და გადასცემენ მიღებულ გამოცდილებას სხვებს. სამხედრო მოსამსახურისთვის შესაძლებელია მთელი კარიერის გატარება „ნაწილში“ თუ ექნებათ ამის სურვილი და შეინარჩუნებენ ოსტატობის იმ დონეს, რაც აუცილებელია რომ იასპარეზო „ნაწილის“ სახელით.

1186_10152024032849734_843345420_n

ნაწილის ემბლემით შავი კეპის ტარების უფლება აქვთ მხოლოდ “ნაწილის” ყველაზე საუკეთესო მსროლელებს.

„ნაწილის“ მსროლელები, მონაწილეობენ უამრავ შიდა, საერთაშორისო და „უწყებათაშორისო“ შეჯიბრებაში. ამისთვის „ნაწილი“ დაყოფილია 7 სექციად ან როგორც მათ არაფორმალურად უწოდებენ – გუნდად. ესენია საბრძოლო შაშხანის, საბრძოლო პისტოლეტის, სამოქმედო (action) სროლის, საერთაშორისო შაშხანის (აქ შედის პნევმატური შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანა, 300-მეტრიანი შაშხანა კალიბრით 8მმ-მდე), საერთაშორისო თოფის (ტრაპი, ორმაგი ტრაპი და სკიტის დისციპლინები) და საერთაშორიოს პისტოლეტის (პნევმატური პისტოლეტის,  ღია პისტოლეტის, სწრაფის როლის პისტოლეტის და სპორტული პისტოლეტის დისციპლინები) სექციები. დაახლოებით 2012 წლიდან „ნაწილს“ დაემატა მეშვიდე „პარაოლიმპიური“ სექცია სადაც ასპარეზობენ ბრძოლის ველზე დაჭრილი ვეტერანები.  ყველა სექციას ხელმძღვანელობს ცალკე მწვრთნელი და სექციეები დაკომპლექტებულია სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც ასევე არიან ინსტრუქტორები თავის დისციპლინებში. საბრძოლო პისტოლეტის და შაშხანის სექციები იყენებენ სტანდარტულ ან მოდიფიცირებულ იარაღებს, რომლებსაც იყენებს ან იყენებდა ამერიკის შეიარაღებული ძალები, მაშინ როდესაც სხვა სექციები იყენებენ იარაღებს, რომლებიც რეგლამენტით დაშვებულია შესაბამის სპორტულ შეჯიბრებებზე. თუ საერთაშორისო სექციები დაკავებულია მეტ წილად საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობით, რომლებიც ტარდება შესაბამისი ფედერაციების ეგიდით, საბრძოლო შაშხანის და პისტოლეტის სექციები წარმოადგენენ მეტ წილად არმიის ზუსტი სროლის ლაბორატორიას, რომლებიც ამზადებენ შეიარაღებული ძალებისთვის სროლის ინსტრუქტორებს, თავად მონაწილეობენ სასწავლო კურსებში და ასწავლიან სროლას სხვადასხვა სკოლებში და კურსებზე, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობებში. 2009-2012 წლებში „ნაწილს“ ქონდა საკუთარი „წარმომადგენლობა“ ავღანეთში სადაც ის მონაწილეობდა ადგილობრივი ძალების წვრთნის პროგრამებში. გარდა ამისა „ნაწილი“ განიხილება როგორც არმიაში რეკრუტების მოზიდვის მძლავრი ინსტრუმენტი და აქტიურად გამოიყენება ამ როლში.

45uuuu

სამოქმედო სროლის სექცია წარმოადგენს არმიას დინამიური სროლის დისციპლინებში როგორიც არის ტრი-განი.

გარდა შესაბამისი სექციებისა, „ნაწილს“ გააჩნია საკუთარი ბოლომდე აღჭურვილი იარაღების სახელოსნო (Custom Shop) სადაც ხდება ინდივიდუალურად მორგებული, სპეციალიზირებული იარაღების და სასროლოსნო აქსესუარების დამზადება.  15 კაცისგან შემდგარი ეს სახელოსნო გარდა იმისა, რომ ამზადებს უმაღლესი დონის იარაღს და აქსესუარებს ასევე ჩართულია კვლევით და საცდელ საქმიანობაში, რომლის მიზანია მათ შორის სხვადასხვა შენაერთების მებრძოლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სპეციალიზირებულ იარაღში. სნაიპერული M14 და M21, 6.8 SPC, Mk12, მხოლოდ ნაწილია იმ პროექტების, რომლებიც განხორციელდა „ნაწილის“ იარაღის ოსტატების მიერ. სახელოსნოს ნაწილს ასევე წარმოადგენს ვაზნების დამზადების სექცია, რომელიც ამარაგებს მსროლელებს უმაღლეის ხარისხის საასპარეზო ტყვიაწამლით.

20597278_10155815865789734_1866203022746454603_n

ტყვიების ორმაგი გადარჩევა, როდესაც ხდება სათითაოდ ყველა ტყვიის გაზომვა და აწონვა ისედაც  საუკეთესო (ერთგვაროვანი) ლოტებიდან და შემდგომ ამ გადარჩევიდან, გადარჩევა კიდე უფრო ხისტი ნორმებით და ასე არჩეული კომპონენტებიდან ვაზნების აწყობა “ნაწილის” ოსტატების მიერ იძლევა ექსტრაორდინარულ შედეგს თუმცა ითხოვს ბევრ დროს და წვალებას. ეს ჯგუფი ნასროლია დაზგიდან 1000 მეტრზე. 

ზუსტი სროლის ლაბორატორია, ჩემპიონების სამჭედლო, ასე უწოდებენ ამ ნაწილს და ნამდვილად დამსახურებულად. გარდა იმისა, რომ „ნაწილის“ მსროლელები არიან წარმატებული და გამოცდილი მსროლელები, მაგალითად დაარსებიდან დღემდე „ნაწილის“ მსროლელებს მოპოვებული აქვთ 24 ოლიმპიური ჯილდო, საბრძოლო შაშხანის და პისტოლეტის სექციებს აყავთ სროლის ოსტატობა საშტატო და მოდიფიცირებული საბრძოლო იარაღიდან პრაქტიკულად მიუღწეველ სიმაღლეებზე. მაგალითად ერთ-ერთი დისციპლინა გულისხმობს სროლას მოდიფიცირებული M16A2-დან 25 სანტიმეტრიან სამიზნეზე რომელიც განლაგებულია 1000 იარდის (914 მეტრი) დაშორებით, თანაც მხოლოდ რკინის სამიზნე მოწყობილობებით! თავისთავად ოლიმპადაზე და საერთაშორისო ჩემპიონატებზე აშშ-ის წარდგენა გულისხმობს რომ „ნაწილის“ მსროლელები არიან საუკეთესოები მსოფლიოში. შეიძლება ითქვს „ნაწილი“ არის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც გადასცემს „ოლიმპიურ“ სასროლოსნო ოსტატობას მებრძოლებს, და გარკვეულწილად აწესებს ოსტატობის სტანდარტს პრაქტიკულად მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის. წელს მაგალითად “ნაწილმა” გაიმარჯვა შიარაღებული ძალების საერთო ჩემპიონატზე კუანტიკოში, ვირჯინია, რომელსაც მასპინძლობს ასევე სახელგანთქმული აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის შეიარაღების საწვრთნელი ბატალიონი. “ნაწილმა” აიღო გუნდური პირველი ადგილი და მოიგო 13-დან 10 ინდივიდუალურ დისციპლინაში და მოხსნა რეკორდი რომელიც 23 წელი იყო მიუღწეველი.

1280px-thumbnail

მსროლელი სურათზე ისვრის 500 მეტრზე, დგომიდან. იარაღიდან, რომლითანაც მას მოუწევს ბრძოლაში წასვლა და რკინის სამიზნეებით. სწორედ ეს არის ნამდვილი ოსტატობა და არა ქოლგების ჩრდილში შეკრება და გამორკვვა ვის უყენია ყველაზე ძვირადღირებული სკოპი და ყველაზე ბოლო გამოშვება საასპარეზო სასხლეტი. უკანა პლანზე ჩანს მოდიფიცირებული M14. უწყებათაშორის შეჯიბრებებზე სხვადასხვა სახეობებს შორის გამოიყენება მხოლოდ ის იარაღი, რომელიც იმყოფება ან იმყოფებოდა შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში.  იარაღები მეტ წილად “სტოკია”, გამოიყენება მხოლოდ საასპარეზო ლულა, სასხლეტი და თავისთავად უმაღლესი ხარისხის ვაზნები. ტიბჟირის ქვეშ შეიძლება “დამალული” იყოს ტყვიის წონები უკეთესი ბალანსისთვის. 

როგორც უკვე აღვნიშნე, „ნაწილი“ განლაგებულია „ფეხოსნების სახლად“ წოდებულ ფორტ ბენინგში. ამან განაპირობა „ნაწილის“ განსაკუთრებული კავშირი ერთ-ერთ საბრძოლო დანაყოფთან, სახელგანთქმული 75-ე რეინჯერთა პოლკის მესამე ბატალიონთან, რომელიც 1998 წლიდან ასევე განლაგებულია ფორტ ბენინგში. უკვე რამოდენიმე წელია რაც რეინჯერების ბატალიონებში შექმნილია ცალკეული სნაიპერების დანაყოფები, (თითო ბატალიონზე), რომლებიც არიან უშუალოდ ბატალიონის ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში. ამან მისცა საშუალება ბატალიონს მოეხდინა რესურსების კონსოლიდაცია და უკეთესი სასწავლო პირობების უზრუნველყოფის. თუ ადრე როტაცია კადრების იყო საკმაოდ მაღალი, ამჯერად სნაიპერები წლების განმავლობაში რჩებოდნენ სნაიპერულ ოცეულში, ხვეწავდნენ უნარებს და წარმოადგენდნენ ღირებულ აქტივს ბატალიონისთვის. ასევე განსხვავებით სპეციალური დანიშნულების ნაწილებისგან, სადაც სნაიპერები ასრულებენ მრავალ ფუნქციას სადაც სნაიპინგი ერთ-ერთია, რეინჯერები და მათთან ერთად საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სკაუტი სნაიპერები თავიდან ბოლომდე აქცენტირებულნი არიან მხოლოდ სნაიპინგზე და მხოლოდ ამ როლში გამოიყენებიან. შესაბამისად მესამე ბატალიონის სნაიპერებს აქვთ საშუალება პრაქიკულად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშონ და ისწავლონ მსოფლიოში საუკეთესო მსროლელებთან, ვისთანაც ერთად ისინი „იყოფენ“ სასროლეთს. სულ „ნაწილის“ განკარგულებაში შვიდი სასროლეთია. ამ დამთხვევამ განაპირობა მესამე ბატალიონის სნაიპერების მომზადების უპრეცენდენტოდ მაღალი  დონე ანალოგიური დანიშნულების შენაერთებს შორის. მესამე ბატალიონის სნაიპერები ასევე დაყვებოდნენ “ნაწილს” სპორტულ ტურებში და თავად დაიწყეს მონაწილეობის მიღება შეჯიბრებებში სადაც რეგულარულად იმარჯვებდნენ, კონკურენციას უწევდნენ და ხშირად ამარცხებენ ელიტარული სპეციალური დანიშნულების  ნაწილების სნაიპერებს. როგორც მესამე ბატალიონის ერთ ერთმა სნაიპერმა აღნიშნა მისი მსახურობის დროს ფორტ ბენინგში, მასზე იყო მიმაგრებული სამი სნაიპერული შაშხანა, კარაბინი და პისტოლეტი. მხოლოდ ერთი სასწავლო კურსის დროს მის „რემინგტონზე“ ლულა ორჯერ გამოიცვალა. ინტენსიურ სწავლებას ასევე ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ფორტ ბენინგი განლაგებულია დიდი ქალაქებისგან მოშორებით, და როგორც მე-3 ბატალიონის ერთ-ერთმა ვეტერანმა აღნიშნა, მანდ არის საუკეთესო პირობები რომ გახდე საუკეთესო მსროლელი, თუმცა იმის ფასად რომ პრაქტიკულად იმათ ვინც იქ მსახურობს არ აქვთ პირადი ცხოვრება, როგორც ესეთი.



კომენტარები გათიშულია.