საბრძოლო იარაღის არალეტალური ალტერნატივა

არც ისე დიდიხნის წინ ჩვენ პრესაში აქტიურად განიხილებოდა პოლიციის მიერ ე.წ. “არალეტალური  იარაღის” შეიარაღებაში მიღება და შესაბამისი კანონში ცვლილებების პაკეტი. მოგეხსენებათ ყველა ის საშუალება, რომელსაც იყენებს პოლიცია უნდა გაწერილი იყოს კანონში პოლიციის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიციას აქვს უფლება ეს საშუალებები გამოიყენოს. სიმართლე გითხრათ ეხლა იმ ცვლილებების შინაარსობრივი ანალიზის სურვილი მე არ მაქვს, ისევე როგორც უნდა ვაღიარო, რომ ამ ტიპის იარაღები და საშუალებეები არასდროს არ ყოფილა ჩემი ინტერესების სფეროში, მაგრამ მაშინ ამ საკითხმა მიიქცია ჩემი ყურადღება იმით, რომ ხსენებული ტექნიკური საშუალებები მოიხსენიებოდა, როგროც “არა-ლეტალური” იარაღი. პირდაპირ ვიტყვი, ჩემი აზრით ტექნიკურად არასწორია უწოდო “არა ლეტალური” FN-ის წარმოების პნევმატურ მარკერს FN-303-ს, რომელიც ისვრის რეზინის ან პლასტმასის ჭურვებს და ახლო მანძილიდან შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება ადამიანისთვის. ამ იარაღმა და საერთოდ ნებისმიერმა კინეტიკურმა ე.წ. “არა-ლეტალურმა” იარაღმა, შეიძლება გარკვეული ალბათობით გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი უბრალოდ ასეთი სისტემები არ იქმნება, როგორც ლეტალური იარაღი და შესაბამისად ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა არის მცირე, მაგრამ გავიმეორებ ეს არ არის გამორიცხული. სწორედ ამიტომ ტექნიკურად უფრო სწორია ასეთ იარაღს უწოდო “ნაკლებად ლეტალური”. თავის მხრივ უფრო “ჰუმანური” საშუალებები, როგორიც არის წიწაკის აეროზოლი, სხვადასხვა ტალღური სისტემები შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ “არალეტალურ” იარაღად, იმიტომ რომ მათი გამოყენებით სსიკვდილის გამოწვევა პრაქტიკულად შეუძლებელია. პრობლემა იმაშია, რომ იმ ზღვარს რომელიც გადის ლეტალურ, არა-ლეტალურ და ნაკლებად ლეტალურ იარაღებს შორის არავინ არ ავლებს,  ხოლო ასეთი საშუალებების მომხმარებლები ეყრდნობიან მათი მწარმოებლების რეკომენდაციებს და ინსტრუქციებს.

ჩვენ უკვე მოგიყევით ისრაელში, .22lr კალიბრის კარაბინების გამოყენებაზე “ნაკლებად ლეტალური”  იარაღის როლში. ცეცხლსასროლი, თუნდაც მოკრძალებული სიმძლავრის იარაღის გამოყენებას მოყვა მსხვერპლი, ნეგატიური გამოხმაურება, უფლებადამცველი ორგანზიაციების პროტესტი, რამაც აიძულა ებრაული მხარე მოეხდინა ამ იარაღის ხელახალი კლასიფიკაცია, ამჯერად ლეტალურ ცეცხლსასროლ იარაღად. ეს მაგალითი არის კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად არეულია კლასიფიკაცია და რამდენად არაერთგავროვანი შეხედულებები და მიდგომები არსებობს როგორც ამ იარაღის კლასიფიკაციის ასევე მისი გამოყენების და შემდგომი ეფექტურობის შეფასების მხრივ. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად რუსეთში, მიღებულია სტანდარტი, რომლის მიხედვითაც  იარაღი კლასიფიცირდება როგორც “ტრავმატული” არის 91 ჯოული.  ანუ ასეთი იარაღიდან ნასროლი ჭურვის ენერგია არ უნდა აღემატებოდეს 91 ჯოულს.

ჩემი აზრით “უკონტაქტო” საშუალებები, როგორიც არის აეროზოლები, სხვადასხვა ტალღური მოწყობილობები და უფრო ეკზოტიკური საშუალებები, ისეთი როგორიც მაგალითად წებოვანი ქაფი ან თუნდაც ელექტროშოკერები, შეიძლება ჩაითვალოს როგორც უკვე ვთქვი ჭეშმარიტ “არა-ლეტალურ” იარაღად, იმიტომ რომ მათი გამოყენებით სიკვდილის გამოწვევა შეუძლებელია თუ “სამიზნეს” არ აქვს რაღაც სამედიცინო კონდიცია ან გარდაცვალება გამოწვეული იქნა რაიმე ქმედებებით რაც მოყვა ასეთი საშუალების გამოყენებას. მაგალითად ელექტროშოკერის გამოყენებისას “სამიზნე” დაეცა დაარტყა თავი და მოკვდა (ელექტროშოკერების თემას ჩვენ კიდე დავუბრუნდებით ამ სტატიაში).  ასევე მწვავე ალერგიამ წიწაკაზე შეიძლება გამიწვიოს სიკვიდილი ასეთი აეროზოლის გამოყენებისას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ძალის გამოყენებას ადამიანის წინააღმდეგ ყოველთვის შეიძლება მოყვეს სიცოცხლის მოსპობა ხოლო კინეტიკური “ნაკლებად ლეტალური” იარაღი ამ მხრივ ყველაზე სახიფათოა.

თავისთავად ტერმინი “ნაკლებად ლეტალური” იარაღი გაჩნდა 90-ან წლებში აშშ-ი. სომალიში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების დროს გენერალმა ენტონი ზინმა პირველად წარმოადგინა კონცეფცია საპოლიცია საშუალებების გამოყენების შეიარაღებული ძალების მხრიდან, იმისთვის რომ მომხდარიყო მსხვერპლის შემცირება მშვიდობიანი მოსახლეობის შორის. აშშ-ში 1996 წლიდან  ”ნაკლებად ლეტალური” იარაღის სამხედრო პროგრამა მიმდიანარეობს დღემდე  და  დღეისთვის მაგალითად აშშ-ს შეიარაღებული ძალები იყენებენ 50-მდე სახეობის “ნაკლებად ლეტალური”  იარაღის და ამუნიციის სახეობას (ამერიკელები გამოიყენებენ ტერმინს “არა ლეტალური”, რაც ალბათ განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით). აშშ-ის შეიარაღებული ძალები გეგმავენ ასეთი იარაღის გამოყენებას ჰუმანიტარული, სამაშველო ოპერაციების და პანდემიის დროს.

ცხადია “ნაკლებად ლეტალური” და “არა ლეტალური” იარაღის სხვადასხვა სახეობები ასევე ხელმისაწვდომია სამართალდამცავებისთვის და უბრალო მოქალაქეებისთვის. სამართალდამცავებისთვის “ნაკლებად ლეტალური” საშუალებების გამოყენება ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ვინაიდან განსხვავებით ჯარისგან, სიცოცხლის გადარჩენა არის მათი მთავარი ამოცანა.  ყველაზე მასიურად ასეთი იარაღების გამოიყენება ხდება მასობრივი არეულობების დროს. ბოლო დროს “ტეიზერების” და სხვა ელექტროშოკური მწოყობილობების ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლო გახადა მათი მასიური გამოყენება, რამაც მნიშვნნელოვნად შეამცირა პირველ რიგში დაზიანებების ხარისხი და ასეთი შემთხვევების რაოდენობა დაკავებებისას, როგორც პოლიციელებს ასევე ეჭვმიტანილებს შორის. მაგალითად აგრესიული ეჭვმიტანილის დასაკავებლად ადრე მოხდებოდა მასზე ფიზიკური ზემოქმედება, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით რაც ზრდიდა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ალბათობას და ასევე დიდი რისკს ატარებს პოლიცილებისთვის, რომლებმაც შეიძლება ასევე მიეღოთ ჭრილობები. მეორეს მხრივ “ტეიზერი”, ელექტროშოკული “პისტოლეტი” რომელიც ისვრის სადენებს და იწვევს სამიზნის პარალიზებას, აძლევს საშუალებას პოლიციელს გაანეიტრალოს საფრთხე მასთან ფიზიკური კონტაქტის და ზედმეტი მიახლოების გარეშე.

N0UzQUFGMDBCQkU0MEVERTBDODI6ZjcxYTM3MjJkZThhZGE2MDlkM2EzMGY4OTBmNTEzM2M6Ojo6OjA=

პოლიციური ხელკეტი, “ნაკლებად ლეტალური” იარაღის ერთ-ერთი პირველი ტიპი, რომელიც მე-18 საუკუნიდან გამოიყენება სამართალდამცავების მიერ.

თვაის მხრივ უბრალო მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია ძირითადად სამი ტიპის “ნაკლებად ლეტალური” იარაღის სახეობა. აეროზოლები, ელექტროშოკერები და ე.წ. ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი. ყველა ამ საშუალებას გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები. მაგალითად  თავდაცვითი აეროზოლების საკმაოდ ფართო არჩევანი არსებობს. ის როგორც წესი იაფია, მის შესაძენად არ არის საჭირო ნებართვა. აეროზოლის ხმარება შეუძლია ალბათ ყველას. არსებობს როგორც მცირე მოცულობის აეროზოლები (25მლ), რომელიც ჩაეტევა ქალის პატარა ჩანთაში, ასევე 600მლ-მდე და მეტი მოცულობის. ბოლო დრომდე აეროზოლების ყველაზე დიდ მინუსად ითვლებოდა დამოკიდებულება ქარზე, თუ ქარი სახეში გიბერავთ დიდი ალბათობით თქვენც აღმოჩნდებით “დაზიანების ზონაში’, თქვენც და ირგვლვი მყოფები. არც ისე დიდიხანია რაც გამოჩნდა საშუალებები რომლებიც აფრქვეევენ არა აირს ან სითხეს არამედ გელს ან ქაფს, რომელიც არ ორთქლდება, ეწეპება კანზე თავდამსხმელს და მისი ჩამორეცხვა შედარებით ძნელია.  თავისთავად ცხადია, რომ ასეთი საშუალებები უფრო გამოიყენება საყოფაცხოვრებო კონფლიქტების დროს, რომელიც მაგალითად გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ან თქვენ თავს დაგესხათ ზედმეტად აგრესიული მძღოლი, უკმაყოფილო თქვენი მანქანის მართვის სტილით, “გოპნიკი” ან ე.წ. “კაი ბიჭი” რომელსაც უნდა 5 ლარი რომ პახმელიაზე გამოვიდეს და არ გშორდებათ.  მოტივირებული (წინააღმდეგ, ყაჩაღი, მკვლელი, მძარცველი) და თან შეიარაღებული აგრესორის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი ალბათ ნაკლებად გამოდგება, მაგრამ სხვა თუ არაფერი არ არის მოგიწევთ “იომოთ” იმით რაც გაქვთ.

defense-gadget

შედარებით ახალი ტიპი თავდაცვითი საშუალების, რომელიც იყენებს წიწაკას არის პნევმატური “პისტოლეტები”, რომლებიც წნევით ისვრიან წიწაკის სითხეს, როგორც მაგალითად Kimber Pepper Blaster, ან ბურთულებს, როგორც პეინტბოლის იარაღი, იმ განსხვავებით რომ წიწაკის შემცველი ნივთიერება ბურთის შიგნით არის მოთავსებული. სურათზე არის SALT gun, რომელიც ისვრის ბურთებს  შიგნით წიწაკის აირით , რომელიც სკდება სამიზნეში მოხვედრისას. თითო ბურთულა ქმნის 20-25 სმ-ის დიამეტრის აირის ღრუბელს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ თითო ასეთ ბურთულას შეუძლია ადამიანის 15 წუთით მწყობრიდან გამოყვანა.  მისი ღირებულება 300-400 დოლარს შეადგენს. 

ელექტროშოკერების განხილვა ცალკე სტატიის თემას წარმოადგენს, ამიტომ მოკლე აღწერილობით შემოვიფარგლებით. დავიწყოთ ყველაზე მარტივი და იაფი მოწყობილობით, კონტაქტური ელექტროშოკერით. კონტაქტური ელექტროშოკერი გულისხმობს იმას, რომ უნდა შეხვიდეთ აგრესორთან კონტაქტში, იმისთვის რომ მიადოთ მას შოკერი და გადასცეთ დენის იმპულსი. აღნიშნული ეწინააღმდეგება თავდაცვის წესს, რომელიც გულისხმობს მანძილის მოგებას, იმიტომ რომ რაც უფრო შორს ხართ საფრთხისგან მით უფრო უსაფრთხოდ ხართ. სამაგიეროდ ასეთი “შოკერი” შედარებით იაფია და ასევე არ ითხოვს გაფორმებას. საქართველოში ასეთი შოკერების ფასი იწყება 100 ლარიდან. სიმძლავრე უნდა იწყებოდეს მინიმუმ 500 000 ვოლტიდან, უფრო სსტი შოკერი გამოდგება მხოლოდ მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად. კონტაქტური “შოკერების” მილიონი ვარიანტი და შესრულება არსებობს და ამიტომ კონკრეტული მოდელის ყიდვამდე ჯობია მოიძიოთ და წაიკითხოთ სტატიები და მიმოხილვები და მხოლოდ ამის მერე ჩამოყალიბდეთ რა ტიპის კონტაქტური “შოკერი” გჭირდებათ თქვენ.

მეორე ტიპის შოკერებს განეკუთვენება დისტანციური მოქმედების მოწყობილობები, როგორიც არის მაგალითად ე.წ. “ტეიზერი”, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეკუმშული აირის ენერგიის გამოყენებით ესროლოთ მოწინააღმდეგეს ორი ელექტროდი 7-10 მეტრის მანძილზე. მინუსების ასეთი სისტემის არის ის რომ ის პრაქტიკულად ერთჯერადია ანუ მხოლოდ ერთი გასროლა გაქვთ, რომლის მერე უნდა გამოცვალოთ კარტრიჯი, და ასევე ფასი, რომელიც ძალიან მაღალია და 500 დოლარს აღწევს.  ეხლა “ტეიზერებს” ეძახიან პრაქტიკულად ნებისმიერ შოკერს მაგრამ “Taser International” (ეხლა უკვე უბრალოდ Axon) არის ამერიკული კომპანია, რომელმაც პირველად შესთავაზა საზოგადოებას ე.წ. დისტანციური ელექტროშოკერი. მართალია მათი პროდუქცია ღირს უფრო ძვირი ვიდრე ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მაგრამ ამ ფასში თქვენ მოგდით საკმაოდ მაღალტექნოლოგიური საშუალება, აღჭურვილი ლაზერული დამიზნების სისტემით, ფარნით და სულ ბოლო მოდელიდან შეიძლება ორი გასროლის წარმოება გადატენვის გარეშე. ტეიზერი თავიდან იყო წოდებული, როგორც არა-ლეტალური იარაღი მაგრამ შემდგომ კომპანიამ მას უწოდა “ნაკლებად-ლეტალური”.  2017 წელს სააგენტო “როიტერსის” გამოძიებამ დაადგინა რომ 2000 წლების დასაწყისიდან ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა “ტეიზერის” ზემოქმედების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ “ტეიზერს” იყენებს აშშ-ის პოლიციური სამსახურების 90%, 16 წლის განმავლობაში 1000  ლეტალური შედეგი ნიშნავს, რომ სტატისტიკურად ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა “ტეიზერის” გამოყენების შემთხვვაში არის ძალიან დაბალი, დაახლოებით 0.3%. მეორეს მხრივ აშშ-ის იუსტიციის დეაპარტამენტის კვლევებმა დაადასტურეს, რომ “ტეიზერის” გამოყენება ამცირებს ფიზიკური ზიანის მიყენების რისკს დაკავების დროს, როგოც დამნაშავესთვის ასევე სამართალდამცავისთვის.

tazer-taser-x2-black-kit-600_grande

უახლესი Taser X2 Defender. მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე, როგორც კონტაქტური “შოკერის”, გასროლის წარმოების გარეშე. მისი ფასი 1400 დოლარია.

შესაძლებელია საბრძოლო იარაღში “ნაკლებად ლეტალური” ამუნიციის გამოყენება და ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი არის 12 კალიბრის თოფი. მიზეზი მარტივია, 12 კალიბრის მასრაში საკმარისი ადგილია რომ დაეტიოს საკმარისი ზომა-წონის ჭურვი. ძალიან ბევრი ტიპის “ნაკლებად ლეტალური” 12 კალიბრის ამუნიცია არსებობს. რეზინის “კარტეჩი”, რეზინის ტყვიები. ყველაზე “ბრუტალური” საშუალება არის, პოლეთილენის ტომარაში მოთავსებული 9 ნომერი საფანტი ე.წ. bean-bag ტიპის ვაზნა. ასეთი ჭურვის საწყისის სიჩქარე 90-100 მ/წ-ის. გასროლის დროს ის იშლება დაახოლებით 6 კვ.სმ-ის სიგანეზე  და ძლიერ დარტყმას აყენებს სამიზნეს. არსებობს ასევე თვითნაკეთი არალეტალური ვაზნების რეცეპტები, რომლებიც შეიძლება მოიძიოთ ინტერნეტში. მათ შორის არის ვაზნის დატენვაც მარილით (დიახ ეს შესაძლებელია), მაგრამ ჩემი აზრით ქარხნული ვაზნების გამოყენება უფრო მიზანშეწონილია. თუ რამე წავიდა არასწორედ ყველაფერი დაბრალდება ვაზნის მწარმოებელს. თვითნაკეთი ვაზნის გამოყენებას შეიძლება მოყვეს არასასურველი სამართლებრივი შედეგები. ქარხნული წარმოების “ნაკლებად ლეტალური” ვაზნების არჩევისას მოქმედებთ იგივე პრინციპით რაც იარაღის ან ტყვიაწამლის არჩევისას. ინტერნეტში  ნახულობთ მიმოხილვებს, ტესტირების შედეგებს და ასე შემდეგ.  ჩემი აზრით ვისაც აქვს 12 კალიბრის თოფი ასევე უნდა ქონდეს მომარაგებული “ნაკლებად ლეტალური” ვაზნებიც.  წვრილი საფანტი ახლო მანძილზე (და თავდაცვა ხდება სწორედ ასეთ მანძილებზე)  ლულას ტოვებს როგორც ერთიანი ჭურვი და ეფექტის იქნება შესაბამისი. როგორც ისრაელის მაგალითი გვასწავლის საბრძოლო იარაღის ვაზნები, თუნდაც სუსტი არის ლეტალური და მათი გამოყენება სამართლებრივად ჩაითვლება როგორც  ლეტალური ძალის გამოყენება.

შემდეგი ჩვენ სიაში “არა ან ნაკლებად ლეტალური საშუალებების” არის ე.წ. ცეცლსასროლი ტრავმატული იარაღი, აგებული როგორც საბრძოლო ცეცხლსაროლი იარაღი იმ განსხვავებით, რომ ტყვიის ნაცვლად გამოიყენება რეზინის ჭურვი წვრილი საფანტი ან ცრემლმდენი აირი. დამატებით (გააჩნია რეგულაციებს კონკრეტულ ქვეყანაში) ასეთი იარაღის ლულები შეიძლება იყოს აღჭურვილი ტიხრებით, რომელშიც გაძვრება რეზინის ბურთი მაგრამ შეუძლებელი იქნება მყარი ჭურვის გამოყენება. ბუნებრივია ეს ზომა მიმართულია იმაზე, რომ არ მოხდეს ამ იარაღის “კონვერტაცია” საბრძოლოში. რეალურად ეს “დაცვის მექანიზმები” არ მუშაობს და  სინამდვილეში ტრავმატული იარაღის გადაკეთება გახდა ჩვეულებრივი ამბავი იმ ქვეყნებში სადაც საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი ხელმიუწვდომელია მაგრამ ხელმისაწვდომია ე.წ. “ტრავმატული” იარაღი რომელიც მუშაობს  იგივე პრინციპით.  ასეთი იარაღი ხშირად მზადდება იაფი შენადნობებისგან და ალბათ განურჩევლად მწარმოებლისა, თითქმის ყოველთვის გათვლილია ეპიზოდურ გამოყენებაზე და ვერ უძლებს ხანგრძლივ ექსპლუატაციას. ეს შემიძლია დავადასტურო პირადი გამოცდილებითაც. მაგალითად როდესაც იდეაში კარგი ხარისხის ტრავმატული „ზიგ ზაუერი“ უბრალოდ დაიშალა ჩემ ხელებში, ძალიან ხანმოკლე ექსპლუატაციის შემდეგ, პრაქტიკულად მისი სახლიდან გატანის გარეშე. ამავე პისტოლეტმა ერთხელ გაისროლა თავისით, ტექნიკურ გაუმართაობის გამო, საბედნიეროდ არავინ არ დაშავდა.  ხოლო როდესაც მე გადავწყვიტე მისი გამოყენება, როგორც სავარჯიშო ირაღის ის უბრალოდ დაიშალა. ჯერ ამოტყდა საკეტის სარკე (ადგილი საიდანაც გამოდის ნემსა)  და ბოლოს გაიბზარა საკეტი. ეს ყველაფერი, ვიმეორებ სროლის გარეშე.  ასეთი შემთხვევები, ვგულისხმობ არასანქიონირებულ გასროლებს, მოუვიდათ ჩემ მეგობრებსაც და კვლავ საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა.  მე მინახავს სხვა ანალოგიური იარაღები, რომლებიც პრაქტიკულად ერთჯერადი იარაღების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ჩემ წრეში ასეთი იარაღები აღარავის არ აქვს.  გარდა ამისა, შეხედეთ ამ იარაღს ასეთი კუთხით, პისტოლეტი ისედაც სუსტი იარაღია და როგორ გგონიათ ეხლა 124 გრანიანი ექსპანსიური ტყვია, რომ შეცვალოთ რეზინის ბურთით ან წვრილი საფანტის მწიკვით, მიიღებთ ეფექტურ თავდაცვის საშუალებას? ვიღაცა იტყვის, შიშველ ხელებს ხომ ჯობია მაინც? არ ვიცი, შეიძლება ჯობია. ერთი ვიცი რომ შიშველი ხელი არ გაისვრის თავისით ვაზნის მიწოდებისას და არ ჩამოიღებს სარკეს მისაღებ ოთახში. რუსეთში სადაც ასეთი იარაღები ძალიან გავრცელებულია მათ ჭკუაზე მოყვანას ეძღვნება მრავალგვერდიანი თემები თემატურ ფორუმებზე და ეს დამატებითი თავის ტკივილია ასეთი იარაღის პატრონისთვის. მიზეზი ამისა არის ტრავმაული ამუნიციის არასტანდარტული ფორმები და ბევრად დაბალი წნევა, რომელიც იქმნება ლულაში. პრაქტიკა ადასტურებს რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ნახო იარაღი რომელიც ჯეროვნულად ადაპტირებულია ტრავმატული ვაზნების გამოყენებისთვის და მას არ დაჭირდება დაქლიბვა და მორგებები. ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით, რომ არავინ, მწარმოებლების ჩათვლით არ აღითქვავს ასეთ იარაღს სერიოზულად.  

ხანდახან ისეთ ქვეყნებში სადაც აკრძალულია საბრძოლო იარაღი,  საკმაოდ საინტერესო კონცეფციები ჩნდება. ჩემი აზრით რუსეთი დღეს უშვებს ტრავმატული იარაღის ყველაზე დიდ ასორტიემნტს და რამდენიმე ტიპი ასეთი იარაღის ჩემი აზრით გამოდგება,  როგორც ეფექტური თავდაცვის საშუალება თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეზღუდულია. მაგალითად ორ ან ოთხ გასროლიანი ტრავმატული პისტოლეტები, რომლებიც იყენებენ ორ ან ოთხ ლულიან შეკვრებს და დამაზიანებელ ელემენტად იყენებენ 10-11 გრამიან მყარი რეზინის ჭურვს. შედარებისთვის 9მმ-ნი რეზინის ბურთის წონა სულ რაღაც 0.7 გრამია. ასეთი იარაღი მაგალითად არის რუსული წარმოების ОСА ПБ-4-1. “ოსადან” ნასროლ 11 გრამიან ჭურვს ექნება სიჩქარე 110 მ/წ-ში, ხოლო ენერგია – შთამბეჭდავი 80 ჯოული. შედარებისთვის ტიპიური 9მ-ნი რეზინის ჭურვის ენერგია, რომელიც გამოიყენება ტრადიციული კონსტრუქციის პისტოლეტებში იქნება ორჯერ ნაკლები – 40 ჯოული. ამასთანავე „ოსა“ რომელიც არ იყენებს მოძრავ ნაწილებს იქნება 100%-ით საიმედო, სილუმინისგან და მეტალის ფხვნილისგან დამზადებული “კვაზი-პისტოლეტისგან” განსხვავებით.  ეფექტიც ასეთი ჭურვისგან იქნება გაცილებით მეტი ვიდრე 0.7 გრამიანი რეზინის “ფურთხისგან”. ტიპიური თავდაცვის მანძილებისთვის მისი სიზუსტე არის ადეკვატური. ჩემი აზრით „ოსა“ და სხვა ანალოგიური კონსტრუქციის იარაღი ბევრად უკეთესი თავდაცვის საშუალებაა ვიდრე რეზინის ან საფანტის „ტრავმატები“. საქართველოში რომ იყიდებოდეს ასეთი საშუალებები მე მაგათ ვიყიდიდი, უბრალოდ თავს ნუ მოიტყუებთ, ეს არ არის „არალეტალური“ იარაღი.  80 ჯოული საკმარისია სასიკვდილო ჭრილობის მისაყენად. თავში ნასროლი ასეთი ჭურვი გარანტირებულად მიაყენებს უმძიმეს ტრავმებს და დიდი ალბათობით გამოიწვევს სიკვდილს. ასეთი იარაღის გამოყენება ითხოვს მომზადებას.

ტექნიკური და ნაწილობრივ სამართლებრივი ნიუანსების განხილვის შემდეგ, მოდით გადავიდეთ “არა-ლეტალური” იარაღის ტაქტიკურ ასპექტებზე.  თუ ჩემ ბლოგს ყურადღებით კითხულობთ ან უბრალოდ კარგად ერკვევით თავდაცვის ასპექტებში, უნდა იცოდეთ, რომ თავდაცვის ობიექტის უმთავრესი მიზანია თავდასხმის ობიექტის სწრაფი განეიტრალება იმისთვის, რომ მან შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები. ხოლო ამის გარანტიას იძლევა მხოლოდ მომენტალური სიკვდილი. თუნდაც მძიმედ დაჭრილს, თუნდაც სასიკვდილოდ დაჭრილ თავდამსხმელს სანამ ის მოკვდება ან გაითიშება ჯერ კიდევ შეუძლია ზიანის მიყენება. სწორედ ამიტომ “ნაკლებად-ლეტალური” იარაღი ხდება “ნაკლებად ეფექტური თავდაცვის საშუალება”. მაგრამ გააჩნია საფრთხეს. საფრთხეები, რომლის წანააღმდეგ გამოიყენება ლეტალური და არა ლეტალური იარაღი იწყება მაგალითად მაწანწალა ცხოველებიდან და მთავრდება ორგანიზებული შეარაღებული ბანდიტური დაჯგუფებით.  ასე, რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ “არა-ლეტალური” იარაღი არ არის ალტერნატივა “ლეტალური იარაღის”. ის ხშირად არის არასრულფასოვანი მაგიერი და გადაფარავს მხოლოდ შესაძლო საფრთხეების ნაწილს. მას აქვს თავისი გამოყენების ნიშა, მაგრამ ამ ნიშის იქეთ მისი გამოყენება არაეფექტურია და შეიძლება უკუეფექტიც ქონდეს.

განსხვავებით სამართალდამცავებისგან, რომლებიც თითქმის ყოველთვის იტოვებენ ლეტალური იარაღის გამოყენების ოფციას, უბრალო მოქალაქეებს შეიძლება ეს ოფცია საერთოდ არ ქონდეთ და მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დამოკიდებული საშუალებებზე, რომლებსაც სახელმწიფო აღიარებს როგორც ნებადართულს გამოყენებისთვის, ანუ დამოკიდებული მეტ წილად იმ საშუალებებზე, რომლებზეც მე მოგიყევით. მაგალითად რუსეთში, თადაცვითი ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალულია და შესაბამისად მოქალაქეები შეზღუდულები არიან საშუალებებით, რომლებიც რუსეთის კანონმდებლობით კლასიფიცირდება როგორც “შეზღუდული დაზიანების იარაღი”. ამ კლასში შედის რამოდენიმე ტიპის იარაღი, მათ შორის “გაზის”, ლულის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი, ტრავმატული ცეცხლსასროლი იარაღი და ასე შემდეგ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ასეთი საშუალებები საერთოდ არ არის კლასიფიცირებული და პრინციპში არც იყიდება. 10-15 წლის წინ საფანტის და “გაზის” იარაღები უხვად იყიდებოდა, მაგრამ როგორც კი მათი ფლობა და გამოყენება ისევე შეიზღუდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, მათი გაყიდვები პრაქტიკულად შეწყდა. ამჯერად საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ იაფ-ფასიანი წიწაკის აეროზოლები და კონტაქტური ელექტროშოკები.

ასევე ჩემი აზრით ხშირად იგნორირებული საკითხია ასეთი ტიპის იარაღების გამოყენებაში მომზადება. ეს საკითხი წარმატებით იგნორირდება, როგორც სამართალდამცავების ასევე უბრალო მოქალაქეების მხრიდან.  როგორც ყველა იარაღი, “ნაკლებად ლეტალური” იარაღიც ითხოვს მის ცოდნას, მის გამოყენებაში მომზადებას და პროცედურების დაცვას. წიწაკის აეროზოლის გამოყენება ქარიან ამინდში მაგალითად არ შეიძლება, ხოლო ქარი თუ თქვენ სახეში გიბერავთ წიწაკის აირებისგან თქვენ უფრო დაზარალდებით ვიდრე აგრესორი. პნევამტური გამშვებები, ყუმბარტმტყროცნები, რეზინის ვაზნების არასწორ გამოყენებას მოყვება მძიმე დაზიანებები და ფატალური შედეგიც. ზოგი ასეთი იარაღი რეგულირებადია რაც აძლევს მსროლელს შესაძლებლობას აირჩიოს სასურველი ენერგია რა ენერგიითაც მოხდება ჭურვის გასროლა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის სურათები რომელსაც ასეთი პნევმატური მარკერიდან ესროლეს. ის გადარჩა მაგრამ ჭრილობები იყო უმძიმესი. პოლიციის მიერ “ნაკლებად ლეტალური” იარაღების გამოყენება წამების მიზნით ასევე არის რეალური პრობლემა, რომელიც მათ შორის გამომდინარეობს უცოდინრობიდან ასეთი იარაღის შესაძლებლობების შესახებ.  სამწუხაროდ მცდარი მოსაზრება, რომ „ტრავმატი“ არალეტალურია, იწვევს მფლობელის მხრიდან მის უფრო თამამ გამოყენებას, რასაც შეიძლება მოყვეს არასასურველი შედეგი.  ისევ “ტეიზერის” გამოყენების თემას რომ დავუბრუნდეთ, აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება აშშ-ში ხშირად ხდებოდა მაშინ როდესაც გამოძახების მიზეზი იყო სამედიცინო დახმარება, ანუ “ტეიზერს” იყენებდნენ შფოთიანი ავადმყოფების, ძლიერი ნერვული აშლილობის მქონე ან ფსიქიურად დაავადებული ადამიანების “დასაწყნარებლად”.  ნაწილ ასეთ და სხვა შემთხვევებს მოყვა სასიკვდილო შედეგი და დაზარალებულების მხარემ უჩიოდა სახელმწიფოს. ამის წყალობით დაზარალებულებმა მიიღეს მინიმუმ 172 მლნ დოლარი კომპენსაციების სახით. 2013 წელს კომპანიამ გამოსცა რეკომენდაცია, არ გამოიყენონ მისი იარაღი ასეთი “სამიზნეების” წინააღმდეგ, თუმცა ცხადია ტექნიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების შემუშავება იმათი ვალდებულებაა ვინც იყენებს ამ საშუალებებს და არა იმისი ვინც ასეთ საშუალებებს უშვებს.  ასე, რომ “ნაკლებად ლეტალური” იარაღი ისევე ითხოვს მომზადებას და მის ცოდნას როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ “არა ლეტალური” საშუალებები არ უნდა მოხვდეს ბავშვების ან სხვა პირების ხელში.

ჩემი აზრით არჩევანის გაკეთება ამა თუ იმ თავდაცვის საშუალებაზე იქნება ეს დამოკლებული 12 კალიბრის ნახევრად-ავტომატური თოფი თუ წიწაკის 50მლ-ნი “სპრეი”, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი და იმ საფრთხეებზე, რომელიც მას შესაძლებელია, რომ ემუქრება. კარგია, რომ ყოველთვის თან გქონდეს თავდაცვის საშუალება, რომელიც მოგცემს საშუალებას თავი დააღწიო საფრთხეს ლეტალური ძალის გამოყენების გარეშე მაგრამ, სამწუხაროდ ტექნოლოგიების განვითარების ამ ეტაპზე მაღალი ეფექტურობის “არა ლეტალური” ალტერნატივები ძალიან ძვირია, გაბარიტულია, გულისხმობს საფრთხესთან ახლოს ყოფნას ან უშუალო კონტაქტს და ხშირად არაეფექტურია ან საერთოდ უძლურია ერთროულად რამდენიმე აგრესორის წინააღმდეგ. გარდა ამისა ფარულად ატარო პისტოლეტი და “ტეიზერი” ან კონტაქტუირ “შოკერი” პრაქტიკულად შეუძლებელია. მანქანაში, სხვა საქმეა. ასევე ჩანთაში. დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ ‘არა ლეტალური” იარაღის გამოყენების შემდეგ გაცილებით ნაკლები წვალება და ახნსა-განმარტებების მიცემა დაგჭირდებათ სამართალდამცავებისთვის ვიდრე ვთქვათ, რომ განახორციელოთ გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუნდაც რომ  საერთოდ არავის არ მოარტყათ. იგივე აქტუალურია ამ საშუალების გამოყენებისას მაწანწალა ცხოველის თავდასხმის მოსაგერიებლად. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო სადაც საგამოძიებო და სასამართლო სისტემები კვლავ საბჭოთა კავშირში იმყოფებიან, სადაც თავდაცვის უფლება განიხილებოდა პრაქტიკულად დანაშაულად და ეს სისტემები ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან კრიმინალურ ელემენტს და კანონმორჩილ მოქალაქეს.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელითაც მინდა ეს მოკლე მიმოხილვა დავასრულო. ქვეყანაში სადაც უხვად არის არალეგალური იარაღი, ტრავმატული იარაღის გამოყენება, რომელიც არაფრით არ განსხვავდება საბრძოლო იარაღისგან და თქვენს მიერ ნატყორცნი რეზინის “ფურთხის” საპასუხოდ, შეიძლება მოფრინდეს მთლიანად გარსით დაფარული 7 გრამიანი ჭურვი რომელიც თანაც მოფრინავს 20-ჯერ უფრო დიდი ენერგიით. მე ვიცი ბევრი შემთხვევა, როდესაც გაზის/საფანტის იარაღის დემოსნტრირებას და გამოყენებას მოყვა საპასუხო ცეცხლი საბრძოლო იარაღიდან და ეს ძალიან ცუდათ დასრულდა „ტრავმატის“ პატრონისთვის ხოლო მისი გამოყენება შემდგომი გარჩევის დროს იყო მოწოდებული, როგორც მტკიცებულება ლეტალური იარაღის გამოყენების მართლზომიერების.

არის თუ არა “არა ლეტალური” იარაღი ალტერნატივა? ამ ეტაპზე არა, მაგრამ “არა ლეტალური” იარაღის იგნორირებაც არ არის კარგი ვინაიდან ეს სეგმენტი სწრაფად ვითარდება და სულ უფრო უკეთესი და ეფექტური საშუალებები ჩნდება და მათი ადგილი მლიძებნება ნებისმიერი ადამიანის არსენალში, რომელიც სერიოზულად უდგება საკუთარი და თავისი ახლობლების უსაფრთხოების საკითხს. გამონაკლისია ალბათ მხოლოდ ცეცხლსასროლი ტრავმატული იარაღი, რომელიც ჩემი აზრით არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო და ეფექტურ თავდაცვის საშუალებათ.



დატოვეთ კომენტარი