Glock 21 Gen2 და სხვა .45 კალიბრის გლოკები

1990 წელს გლოკმა წარმოადგინა თავისი პირველი .45 კალიბრის პისტოლეტი დარქმეული როგორც “გლოკ 21″. შექმნილი 10მმ-ნი გლოკ 20-ის ბაზაზე (“გლოკ 21″ რამდენიმე თვით გვიან “დაიბადა” “გლოკ 20″-ზე) რაქტიკულად სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის ახალი სრული ზომის .45 კალიბრის “გლოკი” აგებული იყო უფრო დიდი ზომის ჩარჩოს და საკეტის გამოყენებით. ასევე ახალი პისტოლეტი იყენებდა ორ-რიგიან მჭიდს, რომელშიც ჩადიოდა 13 ვაზნა და როგორც ყველა „გლოკი“ მანამდე, გამოირჩეოდა ტრადიციული სიმარტივით და საიმედოობით. რა გასაკვირია, ეს პისტოლეტი ეგრევე გახდა კომერციულად წარმატებული პროექტი.

glock-21-and-glock-17

ამ სურათიდან კარგად ჩანს სხვაობა ზომებში სტანდარტულ 9×19, .357SiG და .40S&W კალიბრის და .45ACP, 10mm Auto “გლოკებს” შორის.  

უნდა აღინიშნოს, რომ .45ACP არასდროს არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით აშშ-ის საზღვრებს გარეთ, ის პრაქტიკულად არსად არ იყო შეიარაღებაშიც მიღებული, ხოლო სამოქალაქო ბაზარზე სარგებლობდა პოპულარობით იარაღის მოყვარულების ძალიან ვიწრო წრეში. მეორეს მხრივ აშშ-ში, .45ACP ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ პოპულარული და გავრცელებული კალიბრი. ის იყო ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილი, ეროვნული სიამაყე თუ შეიძლება ასე ითქვას. „გლოკ 21-ის“ გამოჩენამდე, აშშ-ში ამ კალიბრში მხოლოდ M1911 ტიპის პისტოლეტი და მისი მოდიფიკაციები იყო პოპულარული და გავრცელებული. M1911 იყო თხელი, ერგონომიული, მაგრამ ვაზნების გარეშე იწონიდა 1100 გრამს და იტევდა 7+1 ვაზნას. „გლოკ 21“ იწონიდა იგივეს მაგრამ 13+1 ვაზნასთან ერთად. დაუმატეთ ამას ტრადიციული გლოკისთვის სიმარტივე, გამძლეობა, საიმედოობა და მიხვდებით რატომ გახდა მოდელი 21 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „გლოკი“ და ყველაზე ფართოდ გავრცელებული .45 კალიბრის პოლიციური იარაღი აშშ-ში.

ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გაგვეცნო ეს იარაღი როდესაც ერთ დღეს ჩვენ პრაქტიკულად შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში სწორედ ისეთი „გლოკი“, რომელმაც ასე მოხიბლა ამერიკელები 90-ნი წლების დასაწყისში, საქართველოსთვის იშვიათი,  მეორე თაობის „გლოკ 21“. ისტორია როგორ მოხვდა ეს პისტოლეტი ჩვენთან იმსახურებს მოყოლას. ამ იარაღს მე წავაწყდი თბილისის ერთ-ერთ იარაღების პატარა მაღაზიაში სადაც შემთხვევით შევიარე. რა თქმა უნდა დიდმა გლოკმა ეგრევე მიიპყრო ჩემი ყუარდღება. ის ფაქტი რომ ის მეორე თაობის იყო დამარწმუნა, რომ ეს პისტოლეტი უნდა აუცილებლად ჩემი გამხდარიყო, თანაც მე ყოველთვის ვთვლიდი რომ ერგონომიკის თვალსაზრისით მეორე თაობის „გლოკებს“ საუკეთესო ფორმის ტარები აქვთ. იარაღი არ იყო ახალი არამედ იყო, რასაც ჩვენ ვეძახით „ხელებში ნაწვალები“ თანაც კარგად ნაწვალები. მას აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა, ჩარჩოზე ამოკაწრული იყო, როგორც ჩანს წინა მფლობელის სახელი – „იკა“, ასევე ხელში აღებისთანავე აღმოჩნდა რომ საკეტი ბოლომდე უკან არ მიდიოდა და რაღაც ხრაშუნი ისმოდა, რაც მეტყველებდა იმაზე რომ დიდი ალბათობით ან დამაბრუნებელი ზამბარა ან მისი ღერძი იყო გატეხილი. როდესაც როგორც იქნა საკეტი მოვხსენი და შევამოწმე იარაღის მდგომარეობა დავრწმუნდი რომ გარდა გატეხილი დამაბრუნებელი ზამბარის ღერძისა პისტოლეტის ძირითადი მექანიზმები იდეალურ მდგომარეობაში იყო და ნასროლი ამ იარაღიდან სავარაუდოთ იყო ძალიან ცოტა ვაზნა.  ხანმოკლე და გაცხარებული ვაჭრობის შემდეგ (როგორ ძმაო, პისტოლეტი გაფუჭებულია და დააკელი!) მე ეს იარაღი მერგო 1300 ლარად რაც იმ დროისთვის იყო ძალიან კარგი ფასი “გლოკში” ასე, რომ ცალკე მადლობა იმ მაღაზიის ხელგაშლილ მეპატრონეს.

p1000231

ჩვენი “გლოკ 21″, რომელიც მიუხედავად ცვეთის ნიშნებისა, ჩვენ თვალში ისეთივე ლამაზი იყო, როგორც სულ ახალი ხელუხლებელი იარაღი

სახლში მიტანის თანავე დავიწყე ფიქრი რა მექნა გატეხილი ზამბარის რერძისთვის. „გლოკ 21“ იყო პირველი “გლოკი” რომელშიც დამაბრუნებელ ზამბარა და ღერძი ერთ მოწყობილობაში იყო გაერთიანებული, შემდგომში ასეთი მოწყობილობები გახდა სტანდარტული დანარჩენი “გლოკებისთვის”. ვინაიდან ზამბარა საღი იყო მე უბრალოდ გადავწყვიტე, პირველ ეტაპზე ფოლადის ღერძის დამზადება და მორგება საკუთარი ძალებით. ნახევარ საათში პისტოლეტი უკვე იყო პირობითად საბრძოლო მდგომაროებაში. პირობითად იმიტომ, რომ მას კვლავ აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა.

hf8900

პისტოლეტის მწყობრში დაბრუნების პროცესი. მეტალის ღერძში ითხოვენ 20-30 დოლარს. მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით ეს ღერძი ნახევარ საათში დამზადდა რკინის ჯართისგან. 

კიდევ პისტოლეტს ქონდა დაკაწრული საკეტის ხუფი. როგორც ჩანს მისი ამოძრობით ცდილობდნენ პისტოლეტის დაშლას და ამ პროცესში ხუფი სერიოზულად დაკაწრეს. ახალი ხუფი მე ისედაც მქონდა გადანახული და ამიტომაც ეს დეტალიც ეგრევე გამოვცვალეთ. უკანა სამიზნე მოწყობილობის „გამოთლა“ და „გაშავება“ არ იყო დიდი პრობლემა, საჭირო იქნებოდა ქლიბით ბევრი მუშაობა, ამიტომაც ჩვენ წავედით იოლი გზით. უბრალოდ შევუკვეთეთ უკანა სამიზნე მოწყობილობა და ბარემ ახალი ზამბარაც თავისი ღერძით. ჩვენ ავირჩიეთ გლოკის რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც გლოკი აყენებს სპორტულ მოდელებზე. ჩვენ არ ვიცოდით რა სიმაღლის იყო უკანა სამიზნე მოწყობილობა და ამიტომაც რეგულირების შესაძლებლობა მოგვცემდა საშუალებას პისტოლეტი ზუსტად მიგვესროლა.ჯამში ეს ყველაფერი დაჯდა 45 დოლარი რაც იმ დროს შეადგენდა 70 ლარს. დამატებით ჩვენ ასევე ამოვიყვანეთ ნაკაწრები და გავაქრეთ „იკა“. სანამ ახალ ნაწილებს ველოდებოდით საკეტი დავფარეთ შავი ფერის Duracoat-ის საღებავით. ორ კვირაში როდესაც ნაწილები ჩამოვიდა, დიდი გლოკი ბზინავდა როგორც ახალი.

twoglocks21

აღდგენის პროცესი კარგი შედეგით დასრულდა. 

გლოკების დიდი უპირატესობა არის ის რომ წლების განმავლობაში მოდელიდან მოდელმადე ამ პისტოლეტების კონსტრუქცია დიდად არ იცვლებოდა. ამიტომ ახალი დამაბრუნებელი ზამბარა და უკანა სამიზნე მოწყობილობა ეგრევე დადგნენ თავის ადგილას.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პისტოლეტი იყო მეორე თაობის, ის ოდნავ განსხვავდებოდა უფრო თანამედროვე გლოკებისგან.

ჩარჩოს გარდა ასევე ყურადღებას იქცევდა 90 გრადუსიანი ექსტრაქციის ფანჯარა, ექსტრაქტორი სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორის გარეშე და ასევე საკეტის დაფარვა, რომელიც არ იყო ტიპიური შავი ფერის დაფრქვევა, არამედ უფრო გავდა ე.წ. პარკერიზაციას. თხელი, ხავერდოვანი და მუქი რუხი ფერის. მიუხედავად ასაკისა პისტოლეტს არსად არ ქონდა ჟანგის კვალი, რამაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ თუ საქმე გვაქვს „ტენიფერთან“ შეიძლება კოროზიაზე არ ვიდარდოთ ხოლო ზედაპირის შავი დაფარვა გლოკებზე არის სუფთა კოსმეტიკური დეტალი.

p1000190

პისტოლეტის ძირითადი მექანიზმები იყო იდეალურ მდგომარეობაში. ოქტაგონალური ლულა იყო სარკესავით სუფთა. .45 კალიბრის გლოკებში პოლიგონალური ხრახნები არის ოქტაგონალური და არა ჰექსაგონალური რისი მიზეზიც არის ლულის გაზრდილი დიამეტრი და ოქტაგონალური (ანუ რვა) ხრახნები საჭიროა რომ მოხდეს ტყვიის საკმარისი ობტურაცია ლულის არხში. დანარჩენში, როგორც სურათიდან ხედავთ .45 კალიბრის გლოკი არაფრით არ განსხვავდება სხვა “გლოკებისგან”. 

როდესაც იარაღი დაბრუნდა მწყობრში და სრულად შეკეთდა ჩვენ მოგვეცა საშუალება იარაღი სათანადოდ შეგვეფასებინა.  დიახ, ნამდვილად „გლოკ 21“ მსხვილი იარაღია მაგრამ არც 13+1 .45 კალიბრის ვაზნა არ არის სახუმარო, თანაც პისტოლეტში, რომელიც ადვილად შთანთქავს .45 კალიბრისთვის დამახასიათებელ ისედაც დინჯ მაგრამ ძლიერ უკუცემას. დანარჩენში ის ტიპიური “გლოკია”. მარტივი, უბრალო, არაფერი ზედმეტი. მეორე თაობის გლოკ 21-ს სახელური მე მომეჩვენა იდეალური, თუმცა ჩემი აზრით სისქით ის დასაშვების ზედა ზღვარზეა და არ მოეწონება ადამიანებს პატარა ხელებით. “გლოკში” ამის შესახებ იცოდნენ და მესამე თაობის გლოკ 21-ის ჩარჩო უფრო დათხელდა, დაემატა პიკატინის სამაგრი. შემდეგ გამოჩნდა მოდელი SF კიდე უფრო თხელი ჩარჩოთი პიკატინის სტანდარტის სამაგრით და ორმხრივი მჭიდის ღილაკით. ეს ორივე ოფცია წარსულს ჩაბარდა და ახალი მესამე თაობის გლოკ 21SF, რომლის გამოცდის საშუალბა ჩვენ მოგვიანებით მოგვეცა, შერჩა მხოლოდ შეთხელებული სახელური.  21-ე მოდელის ევოლუციის უკანასკნელ საფხურს წარმოადგენს მეოთხე თაობის მოდელი 21, რომელიც ამჯერად იყენებს ტარის ცვლად პანელებს, უფრო დიდი ზომის მჭიდის ღილაკს და ორ ზამბარიან დამაბრუნებელ მექანიზმს. გარდა მოდელი 21-სა, გლოკმა გამოუშვა კომპაქტური მოდელებიც. 1997 წელს როდესაც დაიწყო “გლოკის” ახალი სათაო ოფისის მშენებლობა დოიჩ-ვაგრამში, გლოკმა გამოუშვა გლოკ 21-ის სუბ-კომპაქტური ვარიანტი, მოდელი 30. ეს იყო კომპაქტური ორ რიგიანი . 45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც იწონიდა სულ რაღაც 750 გრამს ცარიელი, ქონდა 96მმ-ნი ლულა და იტევდა 10 .45 კალიბრის ვაზნას. “გლოკ 30″ ასევე გახდა ძალიან პოპულარული იარაღი და ცნობილმა ექსპერტმა პიტერ კოკალისმა უწოდა მას იდელაური თვდაცვითი პისტოლეტი. მისი სტატია “გლოკ 30″-ზე, რომელიც გამოქვეყნდა “Soldier of Fortune” ჟურნალში, იყო ის სტატია საიდანაც მე პირველად გავიგე “გლოკის” არსებობაზე, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალაზრდა ვიყავი. მას მერე “გლოკ 30″ რჩება ჩემი სურვილების სიაში და ოდესმე მე მას შევიძენ და ამჯერად თვითონ დავწერ მასზე სტატიას.

შემდეგი .45 კალიბრის სიახლე გლოკისგან გამოჩნდა 1999 წელს, როდესაც გამოშვებული  გლოკის პისტოლეტების  რაოდენობამ  2 მლნ ცალს მიაღწია. ეს იყო “თხელი” მოდელი 36, ერთ რიგიანი მჭიდით, რომელიც იტევდა 6 .45 კალიბრის ვაზნას. ის იყო 4მმ-ით უფრო თხელი ვიდრე “გლოკ 30″, ქონდა პროპორციულად თხელი სახელური იწონიდა სულ რაღაც 635 გრამს ცარიელი ხოლო ლულის სიგრძე “გლოკ 30″-ის იდენტური იყო (96მმ). მოდელ 42/43-ის გამოჩენამდე ეს პისტოლეტი იყო კონსტრუქციულად ყველაზე განსხვავებული “გლოკი”.  ეს მოდელი არ იყო ისეთი გავრრცელებული, როგორც მოდელი 21 ან 30, მაგრამ მას გაუჩნდა თავისი ერთგული ფანატების ვიწრო წრე. 2012 წელს ჟურნალ “American Rifleman”-ის სტატიაში, რომელიც მიეძღვნა ამ პისტოლეტს, მას უწოდეს გლოკის მარკეტინგული გამოცანა.

g3611

სანამ 2015 წელს დიდი ზარ-ზეიმით გლოკი წარმოადგენდა ულტრა-კომპაქტურ მოდელებს 42 და 43-ს, გლოკს უკვე კარგახანია ქონდა იგივე კონცეფციით შექმნილი “გლოკ 36″.  

.45ACP კალიბრის “გლოკების” ოჯახის უახლესი წარმომადგენელი არის მხოლოდ მეოთხე თაობის ვარიანტში წარმოდგენილი “ტაქტიკურ/პრაქტიკული” მოდელი 41, რომელიც შექმნილია იგივე კონცეფციით რაც კარგად ცნობილი მოდელები 34 და 35. ეს არის გრძელ-საკეტიანი მოდელი რომელიც იყენებს სტანდარტულ 21-ის ჩარჩოს მაგრამ გრძელ საკეტს შესაბამისად გრძელი ლულით, რომლის სიგრძე შეადგენს 135მმ-ს ნაცვლად 117 მმ-სა “გლოკ 21″-ში. ის ასევე ხელმისაწვდომა MOS კონფიგურაციაში, ანუ მასზე შესაძლებელია ოპტიკის დაყენება.

g41-hero-mos

MOS (Modular Optic System) წარმოდგენილი 2015 წელს არის გლოკის პასუხი პისტოლეტებზე ოპტიკური სამიზნეების დაყენების ტრენდზე. ის გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ პისტოლეტი ქარხნულად შესრულებული ოპტიკის სამაგრით.  

გლოკში მუდმივად ცდილობდნენ .45 კალიბრის პისტოლეტების ზომების შემცირებას მაგრამ პისტოლეტი აგებული დიდი .45 კალიბრის ვაზნის ირგვლივ ვერ იქნებოდა ისეთივე კომპაქტური როგორც 9მმ-ნი პისტოლეტი. ამიტომაც  2004-ში ტყვიაწამლის მწარმოებელმა Speer-მა გლოკის დაკვეთით შექმნა ახალი „დამოკლებული“ .45 კალიბრის ვაზნა, .45 GAP, რომლის ბალისტიკა იყო პრაქტიკულად იდენტური .45ACP-სი, მაგრამ ის იყო უფრო მოკლე და შესაბამისად შესაძლებელი იყო მისი ჩატევა სტანდარტული ზომის გლოკში, თეორიულად….. სინამდვილეში ახალი “გლოკები” (37, 38, 39) კი იყენებდნენ უფრო თხელ სტანდარტულ ჩარჩოებს, მაგრამ საკეტი იყო მსხვილი. დამატებითი საფასური ჩარჩოს ზომების შემცირებაში გახდა მჭიდის ტევადობის შემცირება, რომელიც სრული ზომის “გლოკ 37″-ის შემთხვევაში შეადგენს 10 ვაზნას. თავდაპირველად ახალ ვაზნას და პისტოლეტებს დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ,  მგრამ ახალი “გლოკები” ბოლომდე არ იმეორებდნენ სტანდარტუული “გლოკების” ზომებს შეუძლებელი ხდებოდა ერთნაირი ბუდეების გამოყენება. ესეიგი ვერ მოხდებოდა პოლიციური სამსახურებისთვის 9მმ-ნი და .40 კალიბრის პისტოლეტების გამოსყიდვა და ჩანაცვლება .45 კალიბრის ახალი გლოკებით (ბიზნეს მოდელი რომელიც გლოკმა დანერგა და რომლის წყალობითაც ამ კომპანიამ შეიარაღა ამერიკელი სამართალდამცავების 65%). გასტონ გლოკის ამბიციური იდეა, შეექმნა სტანდარტული გლოკის ზომის .45 კალიბრის პისტოლეტი რომლის ვაზნაც ატარებდა მის სახელს პრინციპში დასრულდა წარუმატებლობით. გლოკის მორიგი მინი-რევოლუცია არ შედგა. ფიზიკის კანონების წინააღმდეგ ვერ წახვალ. დიდი და შესაბამისად მძიმე საკეტი იყო აუცილებელი რომ მისი მოძრაობის სიჩქარე დარჩენილიყო დასაშვებ ფარგლებში შედარებით მაღალწნევიანი ვაზნის გამოყენებისას. ინტერესი ახალი ვაზნის და ახალი გლოკების მიმართ მალევე გაქრა. ამჯერად მხოლოდ გლოკი აგრძელებს ამ კალიბრის იარაღის გამოშვებას, ხოლო დანარჩენმა მწარმოებლებმა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია უკვე შეწყვიტეს ამ კალიბრზე გათვლილი იარაღების წარმოება.  რას იზამ? მხოლოდ ის ვინც არაფერს არ ცდილობს არასდროს არ მარცხდება.  გლოკის წარუმატებლობამ ახალ ვაზნასთან მეტ წილად შეუმჩნევლად ჩაიარა, მითუმეტეს ახალი ულტრა-კომპაქტური გლოკების (42, 43) ხმაურიანი და წარმატებული ბენეფისის ფონზე.

45gapvs45acp

.45GAP დარჩა ჩვენი მზერის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობა ამ პისტოლეტების საქართველოში გაიყიდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარის, რომ ჩვენ დაგვეხარჯა ფული ამ ეგზოტიკის მიმოხილვაზე.  მეორეს მხრივ ჩვენ გვქონდა საშუალება შეგვედარებინა .45ACP კალიბრის G21 Gen2 და G21SF Gen 3. ჩემი აზრით დიდი ხელებისთვის მეორე თაობის გლოკი იდეალურია, მაგრამ მესამე თაობის SF მოდელი უფრო კომპაქტურია, მოერგება უფრო მეტ ადამიანს და ამასთანავე სამაგრი ჩარჩოზე კარგი ოფციაა. ოცნებებში ბოლომდე რომ გადავარდეთ, მეორე თაობის G21SF სამაგრით ჩარჩოზე იქნებოდა ჩემთვის იდეალური გლოკის პისტოლეტი, მაგრამ სად არის რომ ეგეეთი გლოკი?

სროლისუნარიანობა .45 კალიბრის გლოკების არის ის რამაც ასევე განაპირობა ამ პისტოლეტების წარმატება. .45-ის რბილი, დროში გაწელილი უკუცემა დამატებით დარბილებული გლოკის პოლიმერის ჩარჩოთი და გადაცემული მსროლელის ხელში შედარებით სქელი ტარით, აქცევს სროლას ამ პისტოლეტიდან უკიდურესად კომფორტულ მე ვიტყოდი სასიამოვნო პროცესად. .45ACP ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის პოტენციალით, დაუმატეთ ამას პოლიგონალური ლულა, კონსტრუქციის სიმარტივე, დამზადების მაღალი ხარისხი და თქვენ მიიღებთ მასობრივი წარმოების პისტოლეტს რომელსაც აქვს საბრძოლო იარაღის საიმედოობა და  საასპარეზო იარაღის სიზუსტე.

p1220724

ჩვენი მეორე დიდი “გლოკი”, Glock 21SF, ოდნავ დათხელებული ჩარჩოთი გამოირჩევა შესაშური ერგონომიკით, ამასთანავე უნივერსალური სამაგრი ჩარჩოზე შესაძლებელს ხდის ფარნის ან ლაზერული სამიზნის გამოყენების. წარწერა ჩარჩოზე SF ადვილად იძლევა ამ მოდელის პისტოლეტის იდენტიფიკაციის საშუალებას. 

ჩვენი ორივე .45 კალიბრის გლოკი გამოდგა ძალიან ზუსტი. 15 მეტრიდან ჯგუგები შეადგენდა 2.5-3 სმ-ს. ეს ძალიან კარგი მაჩვენებეელია, მიუხედავად იმისა, რომ გლოკის სტანდარტული სასხლეტი და სამიზნე მოწყობილობები არ არის შექმნილი ზუსტი/საასპარეზო სროლისთვის. აღსანიშნავია, რომ პატარა .45 კალიბრის “გლოკები” ისეთივე ზუსტი იარაღების რეპუტაციით სარგებლობენ როგორც დიდი “გლოკები”.

მე შეგნებულად არ ვწერ .45 კალიბრის ვაზნების ეფექტურობაზე. ამ მხრივ .45-ის შესაძლებლობები სხვადასხვა მითების წყალობით ზედმეტად გადაფასებულია. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პისტოლეტის კალიბრი .45 ხანდახან მუშაობს კარგად სამიზნის წინააღმდეგ და ხანდახან ამას ვერ ახერხებს. როგორც უკვე მე ადრე ვიძახდი, ნომინალურ კალიბრს არ აქვს გადამწყვეტი გავლენა ვაზნის ეფექტურობაზე თუ საქმე გვაქვს ტიპიურ პისტოლეტის კალიბრებთან. მთავარია ტყვიის კონსტრუქცია და რამდენად კარგად ეს კონსტრუქცია  გარდაქმნის ენერგიას დაზიანების მექანიზმში. თუმცა ამავე დროს უნდა დავამატო, რომ თუ ხელმისაწვდომია მხოლოდ გარსით დაფარული ტყვიები, მაშინ ალბათ უმჯობესია ასეთი ტყვია იყოს მაქსიმალური დიამეტრის. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის კარგი ხარისხის .45 კალიბრის ვაზნა ჯდება ორჯერ უფრო ძვირი ვიდრე 9×19 კალიბრის ვაზნა. პისტოლეტისთვის, რომელიც ინახება სახლში ასეთი სხვაობა არ არის გადამწყვეტი.

დამატებით რამის დაწერა “გლოკებზე” შეუძლებელია, რომ არ დავიწყო იმის გამეორება რაც ისედაც არაერთხელ მაქვს დაწერილი ჩემი ბლოგის ვირტუალურ ფურცლებზე. გლოკი გლოკია. იაფი, გამძლე, მუშა. თუ “დიდი” ჩარჩოს ერგონომიკა და შედარებით მსხხვილი გაბარიტები  არ გიქმნით უხერხულობას, .45 კალიბრის გლოკი იქნება საუკეთესო გლოკი რომელსაც თქვენ ხელში აიღებთ. ჩვენმა მეორე თაობის “გლოკ 21″-მა მალე იპოვა ახალი პატრონი, რომელიც შემოთავაზებული ფასით არ დარჩა უკმაყოფილო, მაგრამ პერიოდულად მე მახსენდება ეს შესანიშნავი იარაღი და ვნანობ, რომ ცოტათი უფრო დიდხანს არ გავიჩერე.



დატოვეთ კომენტარი