1905 წლის ბრაუნინგის პისტოლეტის და .25 ACP-ს მიმოხილვა

ვინ იცის როგორ განვითარდებოდა იარაღის წარმოების ისტორია რომ არა ერთი შეხვედრა ჰარტ ბერგსა და ჯონ მოზეს ბრაუნინგს შორის ქალაქ ჰარტფორდში აშშ. ჰარტფორდი, ქალაქი რომელიც ყველა იარაღის მოყვარულისთვის უნდა იყოს ცნობილი იმით რომ სწორედ მანდ იყო დაფუძნებული კომპანია კოლტი, რომელზეც იმ დროს მუშაობდა ნიჭიერი კონსტრუქტორი ჯონ მოზეს ბრაუნინგი. ჰარტ ბერგი იყო ბელგიური სინდიკატის FN-ის წარმომადგენელი რომელიც საქმიანი ვიზიტით ეწვია აშშ-ს. აღნიშნული სინდიკატი დაფუძნდა 1889 წელს და გააერთიანა 13 ბელგიელი იარაღის მწარმოებელი ხოლო ჰარტ ბერგის მიზეზი ამერიკაში ჩასვლის იყო მოლპარალაბები ველოსიპედების წარმოების განვითარებაზე აშშ-ში და სწორედ ამ ვიზიტის დროს შეხვდა ის ჯონ ბრაუნინგს. უნდა განვმარტოთ ის გარემოებები რომლებმაც განაპირობეს ეს ისტორიული შეხვედრა იმიტომ რომ ამ გარემოებემა განაპირობეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობის დაწყება. იმ პერიოდში ბრაუნინგი უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა კოლტი მისი ახალი .32 კალიბრის პისტოლეტის წარმოების მიზანშეწონილობაში, ხოლო FN-ის დაინტერესება ველოსიპედების წარმოებით იყო განპირობებული იმ ფაქტით, რომ მათ შეასრულეს ბელგიის არმიის დაკმაყოფილება საკმარისი რაოდენობის 1889 წლის მოდელის მაუზერის შაშხანებით (რაც იყო FN-ის დაფუძნების მიზეზი) და 1894 წელს შეკვეთის შესრულების შემდეგ გერმნაული DWM-გან ნაყიდი ახალი საწარმოო ხაზები პრაქტიკულად არ იყო დატვირთული წარმოებით, რის გამოც FN-ი გადავიდა ველოსიპედების, ავტომობილების და ტყვიაწამლის გამოშვებაზე. ხსენებული შეხვედრისას ბერგმა და ბრაუნინგმა  დაინახეს ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ წინაშე იშლებოდა. 1897 წლის 17 ივლისს FN-ის პრეზიდენტმა შარლ დე მარმოლმა და ჯონ ბრაუნინგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც FN-ს გადაეცემოდა ექსკლუზიური უფლება ბრაუნინგის 7.65 კალიბრის პისტოლეტის წარმოებაზე და გაყიდვაზე (გარდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის და კანადისა). 1900 წლის მოდელის ბრაუნინგის პისტოლეტს  უდიდესი კომერციული წარმატება ხვდა წილად. ის იყო მარტივი, კომპაქტური და საიმედო პისტოლეტი. ამის პარალელურად ბრაუნინგი მუშაობდა ურიცხვ სხვა იარაღის მოდელებზე, თოფებზე, კარაბინებზე და პისტოლეტებზე. გამოდმინარე იქიდან რომ მისი იდეები უსწრებდნენ დროს და უბრალოდ იმ პერიოდში არ არსებობდა ისეთი ვაზნები რომლებიც მას ჭირდებოდა ის ასევე ყველაფერთან ერთად თავად ქმნიდა ახალ კალიბრებს. ასე გაჩნდა მაგალითად .45 ACP და .32 ACP. ბრაუნინგი მუშაობდა როგორც FN-ის ასევე Colt-ის ინტერესებში, ხოლო ამ ორმა კომპანიამ ეფექტურად გაიყვეს ბაზარი მაქსიმალური მოგების მიზნით. ბოლომდე უცნობია ვის ეკუთვნოდა იდეა ახალი კომპაქტური ჯიბის პისტოლეტის შექმნის, FN-ის ხელმძღვანელობას თუ თავად ბრაუნინგს, მაგრამ 1905 წელს FN-მა მიიღი უფლება ახალი 6.35 (.25) კალიბრის ჯიბის პისტოლეტის წარმოებაზე და გაყიდვაზე ხოლო იმავე წელს კოლტმა წარუდგინა საზოგადოებას პირველი ბრაუნინგის კონსტრუქციის .45 კალიბრის პისტოლეტი. ახალი ჯიბს .25 კალიბრის (6.35მმ) დაპატენტებული იქნა 1905 წელს მაგრამ ის ასევე ცნობილია როგორც ბრაუნინგის 1906 წლის მოდელი.

 browning_1906_first_model

1905 წლის ბრაუნინგის პისტოლეტი. ადრინდელი გამოშვება

1908 წელს კოლტმა მოიპოვა უფლება ამ პისტოლეტის წარმოების და გაყიდვის აშშ-ის ტერიტორიაზე და პისტოლეტს ეწოდა „კოლტის 1908 წლის მოდელი ჯიბის პისტოლეტი“. (Colt 1908 Vest Pocket Pistol).

 Colt_Model_1908_.25_auto

კოლტი უშვებდა 1908 წლის მოდელის პისტოლეტს 1946 წლამდე და სულ დაახლოებით ნახევარი მილიონი ცალი იქნა გამოშვებული.

ტექნიკურად 1905 წლის ბრაუნინგის პისტოლეტი არის კომპაქტური ავტომატური პისტოლეტი, თავისუფალი საკეტით. ლულა მოსახსნელია და ფიქსირდება იარაღში სამი ბჯენის საშუალებით, რომელიც შედის შესაბამის ჭრილებში ჩარჩოში. პისტოლეტი იყენებს დახურულ დამრტყმელს, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პისტოლეტი აღჭურვილი იყო ავტომატური ტარის მცველით, რომელიც ითიშება მას მერე რაც ტარს ხელს მოკიდებთ. პისტოლეტი მთლიანად ფოლადისგან იყო დამზადებული და მისი წონა იყო მოკრძალებული 350 გრამი. მოსახსნელი ერტ რიგიანი მჭიდი ფიქსირდებოდა პისტოლეტში ტარის ქვევით განლაგებული ჩამკეტით და იტევდა 6 ვაზნას. ლულის სიგრძე 53მმ-ს შეადგენდა.

0_492_fn_browning_standard_1906,_6,35_mm

FN-ის გამოშვების 1905 წლის მოდელი. ამჯერად აღჭურვილი მექანიკური მცველით. პირველ მსოფლიო ომამდე გამოშვებულ იქნა ნახევარი მილიონი პისტოლეტი. 1931 წელს ამ რიცხვმა ერთ მლიონს გადააჭარბა.

ბრაუნინგი გაწაფული იყო სამხედრო იარაღის შექმნით და კარგად ესმოდა რომ მარტივი იარაღი უფრო საიმედო იქნებოდა, ისევე როგორც მას კარგად ესმოდა როგორ სირთულეს წარმოადგენდა საველე პირობებში იარაღის წმენდა ან რთული იარაღის ათვისება ჯარისკაცის მიერ. სწორედ ამიტომ თუნდაც სამოქალაქო დანიშნულების „ბრაუნინგი 1905“ გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით და იშლებოდა ინსტრუმენტების გარეშე.

9.1

მოხსენით იარაღს მჭიდი, დარწუნდით რომ სავაზნე ცარიელია, დააფიქსირეთ საკეტი უკანა მდგომარეობაში, დაატრიალეთ ლულა რომ მისი ბჯენები გამოვიდეს ჩარჩოსთან კონტაქტისგან, გაწიეთ საკეტი წინ და ის მოცილდება ჩარჩოს. ამოიღეთ ლულა, დამრტყმელი და მისი ზამბარა. ჩარჩოს მოაცილეთ დამაბრუნებელი ზამბარა თავის ღერძით. იარაღი მზად არის გასაწმენდათ და დასაზეთად.   

პისტოლეტმა ეგრევე ჰპოვა აღიარება, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მომდევნო წლებში მისი უამრავი ულიცენზიო ასლიც გამოდიოდა, აქიდან ცხადია ყველაზე ბევრი ასეთი ასლი და ამ პისტოლეტზე დაფუძნებული ანალოგიური კონსტრუქციის იარაღი გამოდიოდა ესპანეთის ეიბარში. „ბრაუნინგ 1905“-ის ყველა ევოლუციურ განშტოების  განხილვას ცალკე წიგნი დაჭირდება ამიტომ ჩვენ მიმოვიხილავთ მხოლოდ ამ პისტოლეტის ოფიციალური მწარმოებლების მიერ განხორციელებულ მოდიფიკაციებს.

1908 წელს კოლტმა ოდნავ შეცვალა პისტოლეტის კონსტრუქცია და აღჭურვა ის ბრაუნინგის კონსტრუციის მექანიკური მცველით, რომელიც ამავე დროს აფიქსირებდა საკეტს უკანა მდგომარეობაში, რაც აადვილებდა მის დაშლას. ამ გადაწყვეტილებამ ასევე გადაინაცვლა FN-ის მიერ წარმოებულ პისტოლეტებზე.

1916 წელს კოლტმა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით აღჭურვა პისტოლეტი ტანსლის კონსტრუქციის მჭიდის მცველით. ანუ იარაღი არ გაისროდა თუ მჭიდი არ იყო მასში მოთავსებული. ბელგიელებმა ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვეს.

ბელგიაში 1905 წლის მოდელი გამოდიოდა ორ ძირითადი შესრულებით, შავი ოქსიდირებით და ნიკელით დაფარული. FN სთავაზობდა პისტოლეტს დამატებით ექვსი შესრულების ვარიანტით, რომელიც გულისხმობდა გრავირებას, ძვირფასი მეტალებით ინკრუსტაციას და იშვიათი მასალებისგან დამზადებული დეკორატიული სალოყეების დაყენებას.

1931 წელს წარმოებაში მოხვდა რადიკლაურად სახეშეცვლილი პისტოლეტი, რომლის ავტორიც იყო დიდიე სევი, „ბრაუნინგ ჰაი პაუერის“ და “FN FAL” კონსტრუქტორი.  პისტოლეტის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა ტარის მცველი რამაც კიდე უფრო შეამცირა პისტოლეტი მასა (275 გრამამდე). ორმხრივი მექანიკური მცვეელი განლაგდა სალოყეს ქვეშ ტარზე, დამაბრუნებელი ზამბარა ამჯერად გახდა ორმაგი (ერთი მეორეზე ჩამოცმული). შეიცვალა ასევე პისტოლეტის იერსახე და სამიზნე მოწყობილობების დიზაინი.  შეცვლილი ჩარჩოს წყალობით, რომელზეც აღარ იყო განლაგებული ტარის მცველი და დამრტყმელის სიგრძის დამოკლებით პისტოლეტის სიგრძე შემცირდა 114 მმ-დან 102 მმ-მდე. პისტოლეტი უსაფრთხოების ხარისხი ასევე გაიზარდა იმით, რომ შეყენებულ მდგომარეობაში დამრტყმელის უკანა ნაწილი გამოდიოდა გარეთ რაც აუწყებდა მსროლელს რომ პისტოლეტი იმყოფებოდა შეყენებულ მდგომარეობაში.

11076_original

1931 წლის  FN Baby. ეს პისტოლეტი გამოდიოდა 1983 წლამდე. გამოშვებული იქმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ერთეული. თავდაპირველად პისტოლეტს უწოდებდნენ „ბები ბრაუნინგს“.

1931 წლის მოდელის ბრაუნინგი გამოდიოდა სამი ძირითადი შესრულებით, სტანდარტული შავი ოქსიდირებით, ე.წ. „რენესანსის“ მოდელი და ასევე მსუბუქი მოდელი, რომელიც დამზადებული იყო „ჰიდუმინიუმისგან“ (Hi-Du-Minium შემოკლებული High Duty Aluminium Alloys), მსუბუქი შენადნობისგან, რომლისგანაც მაგალითად „როლს როისი“ ამზადებდა თავის თვითმფრინავის ძრავებს.

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც განაპირობა ამ პისტოლეტის ბედი მოხდა 1969 წელს, როდესაც აშშ-ში შევიდა ძალაში კანონი იარაღზე კონტროლის შესახებ, რომელმაც პრაქტიიკულად აკრძალა პისტოლეტების იმპორტი აშშ-ს ტერიტორიაზე და ბუნებრივია ამან იმოქმედა FN-ზე და „ბები ბრაუნინგების“ წარმოება ჯერ შემცირდა შემდეგ წარმოება გაგრძელდა საფრანგეთში Manufacture d’Armes de Bayonne-ს მიერ  და ბოლოს წარმოება საერთოდ შეწყდა.

გამომდინარე იქედან, რომ ეს პისტოლეტები პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ში მის წარმოებას შეეცადნენ ადგილობრივი კომპანიები. ერთ-ერთი იყო Bauer Firearms, მიჩიგანის შტატიდან, რომელმააც ასევე შეწყვიტა არსებობა 1984 წელს. მათ მიერ დამზადებული პისტოლეტები იყო „ბრაუნინგის“ ზუსტი ასლები იმ განსხვავებით რომ საკეტი და ჩარჩო მზადდებოდა ჩამოსხმის მეთოდით, უჟანგავი ფოლადისგან. ბაიონეში FN-ის საკუთრებაში არსებული ქარხნის დახურვის შემდეგ მეორე ამერიკულმა კომპანიამ დაიწყო პატარა „ბრაუნინგების“ წარმოება და ეს იყო PSA (Precision Small Arms) კოლორადოდან, რომელმაც შეიძინა ამ იარაღის წარმოების უფლებები, დარჩენილი ნაწილები და განაახლა წარმოება, მათ შორის დაიწყო საერთაშორისო გაყიდვები FN-ის სახელის გამოყენებით. PSA არის მცირე წარმოება, რამდენადაც ცნობილია მხოლოდ ერთი ოსტატი ახორციელებს ამ პისტოლეტების ხელით აწყობას თუმცა ნაწილების დამზადება ხდება თანამედროვე დაზგების გამოყენებით. PSA-25 აბსოლუტურად იდენტურია 1931 წლის „ბები ბრაუნინგის“ და გამოდის უამრავი შესრულებით და გაფორმებით, დამზადებული ფოლადისგან, ალუმინისგან ან უჟანგავი ფოლადისგან.

psa25

უნაკლო PSA-25. მაგრამ ფასი…. რომელიც საბაზისო მოდელში 800 დოლარიდან იწყება. ორიგინალური კოლტების და ბრაუნინგების ფასი აშშ-ში იწყება 350-400 დოლარიდან თუ პისტოლეტი კარგ მდგომარეობაშია.

როგორც უკვე აღვნიშნე .25 ACP (6.35x15SR) შეიქმნა სპეციალურად 1905 წლის მოდელის ბრაუნინგისთვის. ეს ვაზნა შეიქმნა, როგორც უკეთესი ალტერნატივა .22LR-ის, იმისთვის რომ მას საიმედოთ ემუშავა მოკლელულიან ავტომატურ პისტოლეტში. ამისთვის განსხვავებით .22lr-გან, .25ACP არის ცენნტრალური აალების ვაზნა და უკვე ამიტომ უფრო საიმედოა, ტყვია დაფარულია გარსით რაც უზრუნველყოფს მეტ შეღწევას იმის ხარჯზე რომ არ ხდება ტყვიის ფრაგმენტაცია ან დეფორმაცია, ხოლო მასრა არის „ნახევრად-რკალიანი (Semi Rimed), რაც ზრდის მის საიმედოობას პისტოლეტში გამოყენებისას.  .25 კალიბრის „კლასიკური“ მუხტი არის 50 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია, საწყისი სიჩქარით 230 მ/წ-ში და ენერგიით 88 ჯოული. თანამედროვე მუხტის მაგალითი არის Cor-Bon-ის ვაზნა 35 გრანიანი ტყვიით, საწყისი სიჩქარე შეადგენს 340 მ/წ-ში ხოლო ენერგია 127 ჯოულს. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალიზირებული .25 კალიბრის ვაზნები საქართველოში პრაქტიკულად არ გვხვდება, არჩევანი შეზღუდულია „კლასიკუირი“ მუხტებით. ამას შემიძლია მხოლოდ ის დავამატო რომ არსებული მუხტებიდან ავტორის გამოცდილებით ყველაზე ძლიერი არის იუგოსლავიური „პრივი პარტიზანის“ წარმოებული .25 კალიბრის ვაზნები, ხოლო ყველაზე სუსტი ჩეხურ Sellier&Bellot-ის ვაზნები. წლების წინ CZ-92-ის ტესტირებისას იუგოსლავიურმა ვაზნამ ორჯერ მეტი პენეტრაცია აჩვენა ქსოვილის იმიტატორში ვიდრე ჩეხურმა ვაზნამ. ჩეხური ვაზნის ასეთი მოკრძალებული მონაცემები სავარაუდოთ აიხსნება იმით რომ, ამ კალიბრის გამოყენება ხდება მეტ წილად ძველი იარაღებში და მაღალწნევიანი ვაზნების გამოყენება არ იქნებოდა უსაფრთხო და ამიტომ ჩეხებმა ხელოვნურად შეამცირეს მათ მიერ წარმოებული ვაზნების სიმძლავრე. ტერმინალური ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ექსპანსიური ვაზნების გამოყენება არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ ვაზნას უბრალოდ აქ აქვს საკმარისი სიმძლავრე რომ უზრუნველყოს ადეკვატური შეღწევა ტყვიის გაშლლის შემდეგ. .380 ACP-ის (9mm Kurz) ენერგია თუნდაც სტანდარტულ ვაზნაში არის 270 ჯოული რაც სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ტიპიური  .25ACP  კალიბრის ტყვიის ენერგია. მაღალსიჩქარიანი .22LR კალიბრის ტყვიის ენერგია მერყეობს 200 ჯოულის ფარგლებში მაგრამ მოკლე ლულიდან რა თქმა უნდა ეს ციფრი იქნება შემცირებული.  ერთი პერიოდი ითვლებოდა რომ საუკეთესო ტყვია .25ACP კალიბრისთვის, არის მოკლე მთლიანად სპილენძისგან დამზადებული, რომელიც შეღწევისას არ აყირავდებოდა და მაქსიმალურ შეღწევას აჩვენებდა. ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით მთლიანად სპილენძისგან დამზადებული პისტოლეტის ვაზნების ტყვიები ახალი რეგულაციებით აშშ-ში ითვლება ჯავშანგამტანად და მათი გაყიდვა კერძო პირებზე აიკრძალა, ბუნებრივია ამან შეწყვიტა ამ მიმართულებით სამუშაოები თუმცა ვაზნა ასეთი ტიპის ტყვიით ერთი პერიოდი გამოდიოდა აშშ-ში.

.25ACP პრაქტიკულად არ გამოყენებულა რაიმე სხვა ტიპის იარაღში გარდა ჯიბის პისტოლეტებისა და ამის მიზეზი პირველ რიგში არის მისი ფასი, რომელიც ბევრად უფრო მეტია ვიდრე  .22LR-ის ფასი.

თანამედროვე რეალიებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა .25 კალიბრის ჯიბის პისტოლეტი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სერიოზული თავდაცვის საშუალება. ზოგ სტატიაში რომელიც ეხება .25 კალიბრის პისტოლეტებს, წერია რომ მათი მცირე ზომის და მისაღები ფასის გამო ამ იარაღის ტარება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ტანსაცმელში ჩაცმული და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არ შეიძლება იმის იგნორირება, რომ .25 არის უბრალოდ ძალიან სუსტი ვაზნა. ამავე დროს ამ კალიბრის პისტოლეტები არ გამოირჩევიან კარგი ერგონომიულობით, სროლისუნარიანობით და დახვეწილი სამიზნე მოწყობილობებით, რის გამოც დაბალი უკუცემა, გასროლის ხმა და ლული ალი დიდად სროლის ეფექტურობას არ უწყობენ ხელს და ზუსტი სროლა ასეთი პისტოლეტებიდან საკმაოდ რთულია.

dffdsfsddfasdfasdafsdfs

.25 კალიბრის „ბერეტტა“ .380 კალიბრის „კელ-ტექ“-თან შედარებით. განსხვავება გაბარიტებში აშკარაა, ისევე როგორც კალიბრის სიმძლავრეში. 

დიახ ბევრიც თვლის რომ .25 ACP არ არის ხელწამოსაკრავი კალიბრი, მაგრამ ჩემი აზით ამ კალიბრის იარაღი არის ბოლო შანსის თავდაცვითი იარაღი, რომლის ეფექტური გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სასაუბრო დისტანციებზე, მსუბუქად ჩაცმული „ადვვილი“ სამიზნეების წინააღმდეგ, ხოლო არჩევანი მასზე უნდა გააკეთოთ თუ ცხოვრობთ ან მუშაობთ ისეთ გარემოში სადაც თავდასხმის ალბათობა მინიმალურია და არ გულისხმობს რამდენიმე თავდამსხმელს. ამავე დროს .25 ACP სულაც არ არის სათამაშო კალიბრი და ისეთივე სიფრთხილეს ითხოვს როგორც მსხვილ კალიბრიანი იარაღი. .25 კალიბრის ვაზნებს დღეს უვებს ყველა მსხვილი მწარმოებელი ხოლო იარაღებს ამ კალიბრზე გარდა მცირე წარმოებებისა ასევე უშვებს Cz, Beretta, Taurus.

გამოყენებული ვაზნის ტიპიდან გამომდინარე .25 კალიბრის კარგი პისტოლეტი და თუ ის  მითუმეტეს FN-ი, Colt-ი ან PSA არის, იქნება უფრო საიმედო ვიდრე .22LR პისტოლეტი, ექნება უფრო ნაკლები ლულის ალი და ხმა ვიდრე ცხელ .22LR ან ჩვეულბრივ .22WMR-ს, ერთი და იგივე ლულის სიგრძის შემთხვევაში, ხოლო განსხვავება ენერგიაში იქნება მინიმალური. გაითვალისწინეთ, რომ კოროზიით დაზიანებული ლულიდან სროლისას თუ არ ხდება ტყვიის საკმარისი ობტურაცია ტყვიის ენერგია შეიძლება კატასტროფულად შემცირდეს ისეთ ზღვრამდე, რომ იარაღი გახდეს საერთოდ არაეფექტური.

სიზუსტეს რაც შეეხება თუნდაც ყველაზე პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობებით, როგორიც არის 1905 წლის მოდელზე (ღარი საკეტის ზედა ნაწილში) 10-15 მეტრიდან სილუეტში გარტყმა არ არის პრობლემა. ასე რომ იცოდეთ თქვენი იარაღის შესაძლებლობები და რეგულარულად ივარჯიშეთ მის გამოყენებაში.

54_174

1905 წლის „ბრაუნინგიდან“ სროლისას, უხერხულობას ქმნის პისტოლეტის ტარის ფორმა და ტარის მცველი. პისტოლეტს მაგრად უნდა წაავლოთ ხელი და როგორც ყველა ანალოგიური გადაწყვეტილების მქონე პისტოლეტი, ის მგძნობიარეა ჭერის მიმართ. დიდი ხელების პატრონს ეს არ მოეწონება. 



One Response to “1905 წლის ბრაუნინგის პისტოლეტის და .25 ACP-ს მიმოხილვა”

  1. Giga says:

    ინფოს სახით დავამატებ, რომ XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ დასაჯილდოვებლად და სასაჩუქრედ კონტრაქტით შეისყიდა გარკვეული რაოდენობა ნიკელით დაფარული ბრაუნინგის 1905 წლის მოდელის პისტოლეტები. მცირე რაოდენობა საქართველოშიც არის. მათი გამორჩევა შესაძლებელია საკეტის წინა მხარეს დასმული ორი ერთმანეთზე გადადებული შაშხანების დამღის მეშვეობით, რომლებიც ძალიან გავს მოსინის შაშხანას:)).

    P.S. სურათს ვერ ვდებ.

დატოვეთ კომენტარი