ოპტიკა მოკლელულიან იარაღზე

DesperadoWildeyMagnum-2

პირველად პისტოლეტი აღჭურვილი ოპტიკური სამიზნით მე ვნახე ფილმში Desperado, როდესაც „ელ მარიაჩე“ სახლის სახურავიდან დაუმიზნებს ოპტიკით აღჭურვილ Wildey Magnum-ს ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტ ბუჩოს. მე მაშინ 16 წლის ვიყავი და მეგონა რომ “ბინოკლი” პისტოლტზე იყო აი ძალიან მაგარი რამე. წლების განმავლობაში მე არ მტოვებდა იდეა ასეთი პისტოლეტის აწყობის  და როგორც იქნა თითქმის 18 წლის შემდეგ მე გავხდი მცირეკალიბრიანი პისტოლეტის პატრონი რომელზეც მე თვითონ დავაყენე ოპტიკური სამიზნე. ბუნებრივია მალევე გამიჩნდა სურვილი ორი სიტყვა დამეწერა ამ თემაზე.

გამადიდებელი ოპტიკური სამიზნე იარაღში გამოიყენება შორ მანძილებზე ზუსტი სროლისთვის, სადაც ყურადღება მახვილდება ერთ და ზუსტ გასროლაზე,  ხოლო მეორეს მხრივ პისტოლეტი/რევოლვერი გამოიყენება ახლო მანძილებზე სროლისთვის და როგორც წესი ამ იარაღებს არ მოეთხოვებათ ქირურგიული სიზუსტე მაგრამ მოეთხოვებათ ვაზნების დიდი მარაგი და შესაბამისად დიდი საცეცხლე ძალა. მიუხედავად ამისა სასროლოსნო სამყაროში არსებობს ჯგუფი, რომელიც ამ ორ თითქოს შეუთავსებელ რამეს წარმატებით უთავსებს ერთმანეთს და როგორც ჩანს ძალიან კმაყოფილებიც არიან მიღებული შედეგებით. ეს სტატია არის მოკლე ექსკურსი ამ საკითხში რომელიც ეხება ოპტიკის გამოყენებას მოკლელულიან იარაღში, პისტოლეტებში და რევოლვერებში (კოლიმატორების გამოკლებით იმიტომ რომ ეს ცალკე თემაა). მე შევეცდები პასუხი გავცე ყველაზე ტიპიურ შეკითხვებს, რომელიც შეიძლება საშუალო სტატისტიკურ იარაღის მოყვარულს გაუჩნდეს ამ თემასთან დაკავშირებით. იმედია პასუხები იქნება ამომწურავი და თქვენ შეგექმნებათ წარმოდგენა ამ საკითხზე ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ.

რისთვის გამოიყენება ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი პისტოლეტები? ალბათ პირველ რიგში რეკრეაციული/არაფორმალური/გასართობი სროლისთვის, შემდეგ ნადირობისთვის და შემდეგ სპორტისთვის. რიგ-რიგობით რომ ჩამოვყვეთ ყოველივე აღნიშნულ სფეროს საქმე იმაშია, რომ ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი პისტოლეტიდან/რევოლვერიდან სროლა ძალიან გიტაცებს და ძალიან აზარტულია. ცნობილია, რომ პისტოლეტი ძალიან ძნელი სასროლი იარაღია და ოპტიკური სამიზნის დაყენებით ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ შედეგენს, რომლებიც აქამდე მიუღწეველი გვეჩვენებოდა. შესაძლებელი ხდება ისეთ მანძილებზე სროლა და ისეთი სიზუსტით რაც წარმოუდგენელი იქნებოდა სხვა შემთხვევაში. რა თქმა უნდა ოპტიკა არ ზრდის ბალისიტკურ მონაცემებს მაგრამ სიზუსტე იზრდება ძალიან სერიოზულად. გარდა ამისა მოკლელულიანი იარაღი ოპტიკით მიმზიდველად გამოიყურება, ის კომპაქტურიცაა, მსუბუქიც, იტევს ბევრ ვაზნას ვიდრე უმეტესობა კარაბინების. ამავე დროს სროლა ასეთი იარაღიდან ითხოვს ოსტატობის მაღალ დონეს. ნადირობას რაც შეეხება არის მთელი კატეგორია მოკლელულიანი იარაღით მონადირეების, ისევე როგორც არის კატეგორია შვილდით მონადირეების, ცალმუხტიანი შავ დენთზე გათვლილი თოფებით მონადირეების და ასე შემდეგ. რატომ მოკლელულიანი იარაღი სანადიროდ? პრაქტიკული თვალსაზრისით ის უფრო მსუბუქია და კომპაქტური, მისი თრევა ისეთი დამღლელი არ არის როგორც კარაბინის მაგრამ ალბათ მთავარი მიზეზი არის მაინც გამოწვევა, სირთულე და სიხარული მათი დაძლევისგან. არის ხალხი ვინც დღემდე შუბით ნადირობს….  და ბოლოს როგორც უკვე ავღნიშნე არსებობს მთელი რიგი სპორტული დისციპლინების, სადაც გამოიყენება ოპტიკით აღჭურვილი პისტოლეტები და რევოლვერები.

რა პისტოლეტი გამოდგება ოპტიკის დასაყენებლად. ცხადია ე.წ. სამსახურეობრივი და თავდაცვითი პისტოლეტები ნაკლებად. ეს პისტოლეტები მიუხედავად იმისა, რომ კარგი სიზუსტით გამოირჩევიან არ იქმნებოდნენ ზე-ზუსტი სროლისთვის, მათზე ოპტიკის დაყენება ითხოვს რთულ სამუშაოებს და ძალიან ძვირი ჯდება. ასევე არ გამოდგება კომპაქტური პისტოლეტებიც, ჩვენ გვინდა პისტოლეტი/რევოლვერი მაქსიმალური თანდაყოლილი სიზუსტით და კარგი ტრაექტორიით ანუ ლულა უნდა იყოს ოპტიმალური სიგრძის რომ მოხდეს კონკრეტული კალიბრის ბალისტიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება. გარდა ამისა კარგი ტრაექტორია ნიშნავს ნაკლებ შესწორებებს დამიზნებაში ან ოპტიკურ სამიზნეში (ამას მნიშვნელობა აქვს უფრო ნადირობისას). ამისთვის გამოდგება რევოლვერები, რომლებიც ადვილად მოდიფიცირდებიან ოპტიკის დასაყენებლად. შესაბამისად ოპტიკით აღჭურვილ იარაღების კლასში რევოლვერი პირველ ადგილზეა და სანადიროდ ისინი აბსოლუტური ლიდერებიც არიან. რევოლვერის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ პლატფორმას, რომელიც ადვილად „იღებს“ ოპტიკას, გააჩნია ნებისმიერი სიგრძის ლულა, აქვს უფრო ძლიერი კალიბრები ვიდრე პისტოლეტისთვის, კარგი ერგონომიკა და კარგი სასხლეტი. რევოლვერი დომინირებს ნადირობაშიც სწორედ ამ მიზეზების გამო.

460xvr

S&W .460  XVR წარმოადგენს სპეციალიზირებულ სანადირო/სპორტულ რევოლვერს, რომელიც ქარხნული წესით გამოდის და შექმნილია ოპტიკის გამოყენებისთვის

შემდეგ უკვე მოდის ყველასთვის საყვარელი .22 კალიბრი. ამ კალიბრის პისტოლეტებზე ოპტიკა ძალიან ხშირად ყენდება. იაფი, ხელმისაწვდომი, შესანიშნავი თანდაყოლილი სიზუსტით, ჩუმი და გარდა ამისა ხელმისაწვდომია უამრავი მოდელი ამ კალიბრის იარაღის უკვე ინტეგრირებული პიკატინის ტიპის სამაგრით. ასეთ იარაღზე ოპტიკის დაყენება ძალზედ ადვილია.  კომბინაცია მცირეკალიბრიანი პისტოლეტი + ოპტიკა იდეალურად გამოდგება მცირე ცხოველებზე სანადიროთ, გასართობი სროლისთვის. რეკრეაციული სროლისთვის, გართობის ფაქტორით ვერაფერი ვერ შეედრება ასეთ იარაღს და დამიჯერეთ რასაც ვიძახი მე თვითონ მაქვს ესეთი იარაღი. ასევე პოპულარულია პისტოლეტები გრძივად მოძრავი საკეტით ე.წ. „ბოლტები“, პრაქტიკულად ეს არის შაშხანა რომელსაც არ აქვს კონდახი და აქვს ძალიან მოკლე ლულა. გათვლილი ძლიერ შაშხანის კალიბრზე (არამხოლოდ) ეს იარაღი გამოირჩევა კომპაქტურობით და მცირე მასით რის გამოც ამ კლასს ყავს თავისი მოყვარულთა წრე, რომელიც წარმატებით იყენებს ამ იარაღს, როგორც სანადიროთ ასევე გასართობი/რეკრეაციული სროლისთვის. ბოლოს კანდიდატებს შორის დაგვრჩა ორი ტიპის იარაღი, ცალმუხტიანი პისტოლეტები და ავტომატური პისტოლეტები.

neosoptics

ავტორის კუთვნილი Beretta Neos ქარხნულად აღჭურვილია პიკატინის სამაგრით. ოპტიკის დასაყენებლად საჭირო იყო მხოლოდ ოპტიკის და რგოლების შეძენა. 

შემდეგ კლასში ცალმუხტიან პისტოლეტებში უკვე კარგახანია დომინირებს Thompson Center Contender, რომელიც ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველა კალიბრში რომელიც შეიძლება წარმოიდგინოთ. ის არ ღირს ძვირი, ის მუშა იარაღია და ადვილად მოდიფიცირდება.  ავტომატურ პისტოლეტებში თავის მხრივ წარმოდგენილია ცნობილი და ლეგენდარული “უდაბნოს არწივი“ და ასევე ნაკლებად ცნობილი ამ სტატიაში უკვე ნახსენები “უაილდი“. ავტომატური პისტოლეტის კონსტრუქციიდან გამომდინარე ოპტიკის დაყენება მასზე ითხოვს პროფესიონალ ოსტატს და მაღალი სიზუსტით დამზადებული სამაგრის არანაკლებ სიზუსტით დამაგრებას. თავის კონსტრუქციის გამო და ასევე კალიბრის გამო აღნიშნული ორი პისტოლეტი შედარებით ადვილად “იღებენ” ოპტიკას, ხოლო „უდაბნოს არწივი“ დაწყებული .50 კალიბრის Mark VII მოდელიდან აღჭურვილია სრული ზომის პიკატინის სამაგრით. ყენდება ოპტიკაც სამსახურეობრივ, თავდაცვით პისტოლეტებზეც მაგრამ ჩემი დაკვირვებით პირველი “კლიენტები” ოპტიკის არიან რევოლვერები და .22 კალიბრის პისტოლეტები.

რა ოპტიკა გამოდგება პისტოლეტზე დასაყენებლად? პირველ რიგში ცხადია მნიშვნელობა აქვს ფოკუსის მანძილს ანუ რა მანძილზე ოკულარისგან უნდა იყოს დაშორებული თვალი. ცხადია ტრადიციული ოპტიკური სამიზნეები არ გამოდგება. საჭიროა ეს მანძილი იყოს ბევრად გრძელი რომ შეძლოთ პისტოლეტის გაშლილ ხელებში ჭერა და თან დამიზნება. სწორედ გრძელი ფოკუსის მანძილი არის ის რაც განასხვავებს მოკლელულიანი იარაღისთვის განკუთვნილ ოპტიკურ სამიზნეებს.  სამწუხაროდ გრძელი ფოკუსი მნიშვნეოვნად ამცირებს ოპტიკური ხელსაწყოს თვისებებს. როგორც წესი პისტოლეტის ოპტიკები ნაკლებ შუქს ატარებენ განსხვავებით მოდელებისგან, რომლებსაც ფოკუსის მანძილი ტრადიციული აქვთ. ოპტიკას განკუთვნილს მოკლელულიანი იარაღებისთვის აქვს შემცირებული ხედვის კუთხეც, რომელიც როგორც წესი  ორჯერ ნაკლები არის ანალოგიური გადიდების შაშხანისთვის განკუთვნილი ოპტიკური სამიზნის ტიპიურ ხედვის კუთხეზე.

დღეს ძალიან ბევრი კომპანია უშვებს სამიზნეებს ასეთი მახასიათებლებით, მოკლელულიან იარაღებში გამოსაყენებლად ხოლო თავის დროზე ამერიკული კომპანია Bushnell იყო პირველი ვინც გასული საუკუნის 60-ან წლებში გამოუშვა ოპტიკური სამიზნე (მოდელი Phantom 1.3 გადიდებით) სპეციალურად პისტოლეტისთვის.  ის, რომ ოპტიკა განკუთვნილია პისტოლეტისთვის არის მითითებული პროდუქტის დასახელებაში რაც გაგიადვილებთ სასურველი მოწყობილობის გამორჩევას. უმეტესობა სამიზნეების არის 2-დან 4-მდე გადიდებით, თუმცა არის უფრო მძლავრი მოდელებიც. სამიზნეები არის როგორც ფიქსირებული ასევე ცვალებადი გადიდებით.  ცხადია ოპტიკური სამიზნის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე თუ რა იარაღზე აყენებთ და რა მანძილზე აპირებთ სროლას და რა თქმა უნდა რას ესვრით. რაც უფრო დიდია გადიდება მით უფრო მცირეა ხედვის კუთხე და სამიზნის პოვნა ოპტიკით რთულდება. ჩემი აზრით .22 კალიბრის პისტოლეტისთვის ძალიან კარგი გადიდებაა 2.5. ეს არის კარგი კომპრომისი გადიდებასა და ხედვის კუთხეს შორის. მაგალითად თუ იარაღი საჭიროა მცირე ცხოველებზე სანადიროთ და სროლის მანძილი აღემატება ას მეტრს მინიმალური გადიდება იქნება ალბათ 7. რაც შეეხება მწარმოებელს, გასართობი სროლისთვის გამოდგება იაფი ჩინური მოდელებიც (რომელთა ხარისხი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ხოლო ფასი კვლავ ძალიან ხელმისაწვდომია). თუ იარაღს უფრო სერიოზული დანიშნულება აქვს მაშინ ცხადია ეკონომია არის სისულელე და უნდა იყიდოთ პრემიუმ კლასის ოპტიკური მოწყობილობა. .22 კალიბრის იარაღი იმით არის კარგი, რომ მისი უკუცემა არ დაანგრევს ოპტიკას თუნდაც იაფიანს და თუ ოპტიკა ნორმალურად არის აწყობილი ის დიდხანს მოგემსახურებათ. თუ კალიბრია უფრო დიდია გამოდგება მხოლოდ პრემიუმ კლასის ოპტიკა ვინაიდან პისტოლეტის უკუცემა ადვილად დაანგრევს დაბალხარისხიან ოპტიკას იმიტომ რომ იმპულსი უკუცემის მოკლელულიან იარაღში არის ძალიან ძლიერი.  მაგალითად Burris იყენებს მოწყობილობას სახელით Posi-lock, რომელიც ჩართვისას ბლოკავს სამიზნე ბადეს და გამორიცხავს მის დაძვრას ადგილიდან ძლიერი უკუცემის დროს. ნუ შეგეშინდებათ ამ ტერმინის „პრემიუმ კლასის ოპტიკა“. თუ პრემიუმ კლასის შაშხანის ოპტიკის ფასი იწყება ალბათ 1500 დოლარიდან, პისტოლეტის საუკეთესო მოდელის ოპტიკის ფასი გაცილებით ნაკლებია და მერყეობს 300-დან 500 დოლარამდე. .22 კალიბრის იარაღისთვის შესაძლებელია ოპტიკის შეძენა 50 დოლარიდან 150 დოლარის ფარგლებში. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოპტიკა ცვალებადი გადიდებით ღირს უფრო მეტი ვიდრე ფიქსირებული გადიდებით. გადიდების შეცვლით იცვლება ფოკუსის მანძილი რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა გადიდებისას იარაღი უნდა დაიჭიროთ თვალისგან სხვადასხვა მანძილზე. მაღალი გადიდებისას უნდა დაიჭიროთ უფრო ახლოს ხოლო დაბალი გადიდებისას პირიქით უფრო შორს თვალისგან. ალბათ ხვდებით ეს თავისებურება როგორი სერიოზული გამოწვევა შეიძლება იყოს მსროლელისთვის ნადირობის დროს. ოდნავ აგერია “ზუმი” და ვერ დაიჭირე პისტოლეტი სწორ მანძილზე და უბრალოდ ვერ დაუმიზნებ სამიზნეს.

ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემის აზრით იმისთვის რომ მიაღწიოთ მართლა შთამბეჭდავ რეზულტატებს ოპტიკიანი პისტოლეტიდან სროლისას საჭიროა ყველა შემთხვევაში საყრდენის გამოყენება. ანუ დაივიწყეთ ტრადიციული სროლის ტექნიკა პისტოლტიდან, ის ნაკლებაად გამოგადგებათ. პირველი რაც შევამჩნიე ასეთი პისტოლეტიდან სროლისას იყო ის, რომ თუნდაც 2.5 ჯერადი გადიდებით საშუალო მანძილებზეც კი სამიზნე ბადე დაისეირნებდა სამიზნეზე იქეთ აქეთ საკმაოდ დიდი ამპლიტუდით. ძალაუნებურად ცდილობ დაიწყო კომპენსირება ამ ქაოტური მოძრაობების რაც ძალიან მალე ღლის კუნთებს და თვალებს. ერთის მხრივ ეს კარგია იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ რამდენად არასტაბილური პლატფორმაა ადამიანი და ასევე ოპტიკაში ხედავთ ნებისმიერ შეცდომას სასხლეტზე დაჭერისას მაგრამ მეორეს მხრივ ეს ამცირებს სროლის კომფორტს და ღლის მსროლელს. ამიტომაც ჩემი აზრით ოპტიკა პისტოლეტზე ისევე როგორც ოპტიკა შაშხანაზე ყოველთვის ითხოვს სტაბილურ სასროლოსნო პოზიციას და საყრდენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მაღალ შედეგებს და სროლა გახდება სასიამოვნო გართობა. შაშხანა პატიებს მსროლელს სასხლეტთან უხეშ მოპყრობას, იმიტომ რომ როგორც წესი შაშხანა უფრო სტაბილურია თუნდაც მასის და კონდახის გამო რომელიც მხარზეა მიბჯენილი, მეორეს მხრივ პისტოლეტი სასხლეტის დამუშავების ტექნიკის  ბევრად უფრო მომთხოვნია და ამიტომაც ოპტიკიანი პისტოლეტი არის კარგი საშუალება კიდევ უფრო გაზარდოთ თქვენი ოსტატობა და დახვეწოთ უნარ ჩვევები  სწრაფი და ზუსტი სროლისთვის იმიტომ რომ ნებისმიერი შეცდომა გამოიხატება იმაში რომ სამიზნე ბადე უფრო აქტიურად და უფრო განიერად იმოძრავებს სამიზნეზე.

revacc

რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს ასეთი იარაღი? ამაზე წარმოდგენას მოგცემთ ეს სურათი. 25 მეტრზე ტყვია ტყვიაში ხოლო 50 მეტრზე ძალიან კარგი ჯგუფები. იარაღი არის Smith&Wesson 686 კალიბრი .357 Magnum, ოპტიკა Bushnell Elite 3200 2-6X32. სურათის წყარო thetruthaboutguns.com

stabshooting

სტაბილურობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც საქმე ეხება ზუსტ სროლას ოპტიკიანი იარაღიდან.  ეს მიიღწევა სპეციალური სასროლოსნო პოზიციებიდან სროლას და ნებისმიერი საყრდენის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებით.  ხელიდან ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი პისტოლეტიდან სროლა არც ისეთი გასართობია როგორც ზოგს შეიძლება ეგონოს. 

ოპტიკის დაყენებას მოკლელულიან იარაღზე ცხადია აქვს თავისი მინუსები. თუ თქვენ დააყენეთ ოპტიკა პისტოლეტზე, რომელსაც უკვე აქვს პიკატინის სამაგრი და რამე არ მოგეწონათ თქვენ ოპტიკას უბრალოდ მოხსნით და გადაებთ გვერძე, ხოლო თუ თქვენ მნიშვნელოვნად გადააკეთეთ პისტოლეტი ან რევოლვერი რომ დააყენოთ მასზე ოპტიკა და მერე აღმოაჩინეთ რომ უფრო მეტი წააგეთ ვიდრე მოიგეთ მაშინ შარში ხართ, იმიტომ რომ გახვრეტილ ჩარჩოს ვერ დაუბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობას. მაშ ასე მინუსებს განეკუთვნება პირველ რიგში ოპტიკის, როგორც დამიზნების ხელსაწყოს კონსტრუქციიდან გამომდინარე შეზღუდვები რაც უკავშირდება დამიზნების სისწრაფეს და ხედვის შეზღუდულ კუთხეს. სწრაფი სროლა რამდენიმე სამიზნეზე ოპტიკიანი პისტოლეტიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. იმისთვის, რომ პისტოლეტი სწრაფად მოათავსოთ ხედვის ხაზზე ისე, რომ სამიზნე ბადე მკაფიოდ და სრულად (ბნელი რკალების გარეშე) გამოჩნდეს საჭირო იქნება ხანგრძლივი პრაქტიკა. ოკულარი საკმაოდ პატარა არის და ფოკუსის მანძილი გრძელია რის გამოც ბადის მკაფიოდ დანახვა შესაძლებელია თუ პისტოლეტი და ოპტიკა ზუსტად გასწორდება  ხედვის ხაზთან. როგორც ოპტიკით აღჭურვილი შაშხანის შემთხვევაშიც სროლა მოძრავ სამიზნეზე იქნება გართულებული.  გარდა ამისა ოპტიკა მატებს მასას და გაბარიტებს. ჩვეულებრივი ბუდეს გამოყენება ხდება შეუძლებელი ხოლო პოვნა რამე გამოსადეგი ტარების საშუალების იქნება დიდი პრობლემა. პისტოლეტი გამძლე იარაღია და იტანს უხეშ მოპყრობას მაგრამ ოპტიკური სამიზნე თუნდაც პრემიუმ კლასის ასეთი თვისებებით ვერ დაიტრაბახებს.  ოპტიკას და განსაკუთრებით მის ლინზებს ჭირდება მოფრთხილება. ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ ოპტიკის დაყენება პისტოლეტზე/რევოლვერზე უნდა ემსახურებოდეს ძალიან კონკრეტულ სპეციფიურ მიზნებს. ასეთი იარაღის ფლობის მსურველს კარგად უნდა ესმოდეს რა უნდა მას და რა ჭირდება ამისთვის. რა თქმა უნდა ეს არ ეხება .22 კალიბრის პლინკერებს სადაც ყველააფერი გაცილებიტ ადვილია და იაფიც არის.  ჩემი ღრმა რწმენით ოპტიკიანი .22 კალიბრის პისტოლეტი არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ მსროლელმა დახვეწოს ზუსტი სროლისთვის აუცილებელი  უნარ ჩვევები.

900po

ბოლო დროს ზუსტი დეტალების წარმოება იმდენად განვითარდა, რომ შესაძლებელი გახდა ძალიან ბევრი რთული პრობლემის ადვილად გადაჭრა. კომპიუტერების და СNС დაზგების გამოყენებით ერთი თითის დაჭერით შესაძლებელია მაღალი სიზუსტით ნებისმიერი სირთულის დეტალის დმაზადება.პირველ სურათზე “ტაურუსის” პისტოლეტი PT1911 უკვე აღჭურვილი იყო სამაგრით რომელიც განკუთვნილია ფარნის დასაყენებლად მაგრამ მასზე ყენდება ალუმინის სამაგრი რომელზეც ზევიდან ყენდება ოპტიკა. თუ თქვენი პისტოლეტი არ არის აღჭურვილი ასეთი სამაგრით, არც ეს არის პრობლემა. ქვედა პისტოლეტზე (SA M1911A1) ჯერ დაყენდა Surefire-ის სამაგრი, რომელზეც დაყენდა ოპტიკის კრონშტეინი და უკვე მაგაზე ოპტიკური სამიზნე. ამ იარაღების პატრონის აზრით ეს საკმაოდ სანდო სამაგრებია (ორივე მეთოდი არ ითხოვს ოსტატის ჩარევას)  მაგრამ მისივე სიტყვებით ხელით დაჭერისას ოპტიკა მოძრაობს დრეკადი სამაგრის გამო. ჩემი აზრით ასეთი ოპტიკის დაყენების სქემები გამოუსადეგარია.



დატოვეთ კომენტარი