ПСМ მფლობელის თვალით

- წარმოგიდგენთ შესანიშნავ სტატიას საბჭოთა მცირეკალიბრიან პისტოლტზე, რომელიც მოამზადა კოლეგამ  ვახო მეზურნიშვილმა და ამიტომაც სტატია ქვეყნდება ისეთი ფორმით რომლითაც მე ის მომაწოდა, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. ჩემი აზრით შესანიშნავი ნაშრომია და  ძალიან მიხარია, რომ ბლოგს ყავს ახალი თანა-ავტორი. 

Shooter

დღეს საქართველოში ხშირად შევხვდებით რუსული წარმოების პისტოლეტებს. ინტერნეტ გვერდებზე მუდმივად იდება განცხადებები, სადაც მოქალაქეები ყიდიან რუსულ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელთა უმეტესობა ტოკარევის სისტემის პისტოლეტი ТТ,  მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ПМ და ნაგანის სისტემის 1895წლის რევოლვერია. ამბოლოდროს გასაყიდად ხშირად ამოტივტევდება ხოლმე რუსული პისტოლეტები ПСМ (пистолет самозарядный малогабаритный) (თვითდამტენი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი). (ხშირად საქართველოში ამ აბრევიატურას არასწორად თარგმნიან, როგორც пистолет системы макарова).

ჩემი პირველი შეხვედრა პესეემის სისტემის პისტოლეტთან მოხდა 1992 წელს, როდესაც ბაბუაჩემმა პოლკოვნიკმა შალვა გეორხელიძემ (იმ დროისათვის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ) წამიყვანა თავის მეგობართან და კოლეგასთან. რამოდენიმე ხანი მოწყენილი ჯდომის შემდეგ უფროსების სალაპარაკო თემა გავხდი მე იმ მიზეზით, რომ 10 წლის პატარა ბავშვი შეყვარებული ვიყავი ცეცხლსასროლ იარაღზე. ბაბუაჩემის კოლეგამ გადაწყვიტა ჩემთვის ეჩვენებინა მისი კუთვნილი პისტოლეტი და გავიდა ოთახიდან მის გამოსატანად. სულმოუთმენლად ველოდებოდი თუ როდის შემოვიდოდა გვერდით ოთახში გასული ბაბუჩემის მეგობარი, რომელსაც თუ სწორად მახსოვს რაჟდენი ერქვა. შემოვიდა თუ არა ოთახში მაშინვე დავინახე ვერცხლისფერი ალუმინის სახასიათო ტარი და შევყვირე ვა პესეემი! იმდროს ბევრ ცეცხლსასროლ იარაღს არ ვიცნობდი. ძირითადად მხოლოდ ბაბუაჩემის კუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტით ვერთობოდი ხოლმე, მაგრამ მქონდა ცნობილი ა.ბ. ჟუკის ცნობარი, რომელიც ძირითადად იმ გვერდზე იყო გადაშლილი, რომელზეც ჩემი ნატვრა „სტეჩკინის სისტემის პისტოლეტი“ ეხატა, ხოლო მის ქვემოთ კი პესეემი. სწორედ ამ ცნობარიდან ვიცნობდი პესეემს.  მახსოვს მთელი საათი ვატრიალებდი მას, შემდეგ დავშალე დავათვალიერე მექანიზმი, ცხვირსახოცით გავწმინდე და ხელისკანკალით დავუბრუნე მფლობელს. რატომღაც იმ დღის მერე პესეემიც ჩემი ოცნების საგანი გახდა. 2013 წლის მარტის თვეში ჩემმა ერთერთმა მეგობარმა, დამირეკა და მთხოვა გავყოლოდი იარაღის შესაძენად. შევედით იარაღის მფლობელის სახლში, მან გამოიტანა ორი ცალი პსტოლეტი ეს იყო ვალტერის მოდელი PPK 7,65-მმ ბრაუნინგის ვაზნაზე და ПСМ ადრეული გამოშვება. რომელს აიღებდი აქედან? შემეკითხა ჩემი მეგობარი. რათქმაუნდა პირველი ვალტერ პეპეკა ავიღე ხელში. ტარი ხისგან ჰქონდა გამოთლილი თან ძალიან უნიჭოდ, როდესაც ვიკითხე თავის ქარხნულ ტარს რა მოუვიდათქო მფლობალმა მიპასუხა, რომ გატყდა და გადააგდო. ეტყობოდა, რომ ვალტერი დაჟანგებული იყო და შემდეგ ე.წ „ნულავოი“ შკურკით გაეშკურკათ. დაშლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ლულა კოროზიით იყო დაფარული. შემდეგ ავიღე პესეემი ვიზუალურად ძალიან კარგ მდგომარეობაში. დავშალე, დავათვალიერე. მექანიზმი იდეალურად იყო შენახული. მეგობარს შევეკითხე თუ რისთვის უნდოდა პისტოლეტი. უბრალოდ მინდა მქონდეს არც სროლას ვაპირებ და არც თავდაცვასო. მე პესეემს ავიღებდითქო ვუპასუხე. რამოდენიმე წუთის შემდეგ გავიგე, რომ ეს პესეემი ჩემთვის უნდოდა საჩუქრად. ემოციებით აღსავსე სიხარულით დავიძარი მომსახურების სააგენტოში მის გადასაფორმებლად. ეს იყო ჩემი პირველი ცეცხლსასროლი იარაღი. ასე ამისრულდა ერთერთი ბავშვობის ოცნება, რომლის შესახებაც გადავწყვიტე დამეწერა პატარა სტატია.

პისტოლეტის შექმნის ისტორია

1969 წელს ქალაქ ტულის სპორტულ-სანადირო იარაღის ცენტრალურ საკონსტრუქტორო კვლევით ბიუროს(ЦКИБ СОО), დაევალა  საბჭოთა კავშირის არმიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სპეცდანაყოფების მუშაკებისათვის  ახალი პისტოლეტის შემუშავება. პისტოლეტი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო იმ ოპერატიული თანმშრომლებისათვის, რომლებსაც უწევდათ იარაღის ფარული ტარება. აქედან გამომდინარე იარაღი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მცირე გაბარიტების მქონე. მოთხოვნებში მითითებული იყო, რომ პისტოლეტის სისქე არ უნდა აჭარბებდეს ასანთის კოლოფს, ანუ იგი უნდა ყოფილიყო სისქეში 17-18მმ. გარდა ამისა პისტოლეტს გვერდებზე არ უნდა ჰქონოდა არცერთი გამოშვერილი დეტალი, რომელიც იარაღის სწრაფად ამოღებისას გამოიწვევდა კაბურაზე ან ტანისსამოსზე წამოდებას და რაიმე შეფერხებას.   ვინაიდან ინჟინრები შეზღუდულები იყვნენ გაბარიტებში, პისტოლეტის  კონსტრუქცია რაც შეიძლება მარტივად უნდა შესრულებულიყო. კონსტრუქტორები შეჩერდნენ თავისუფალი საკეტის მოქმედების პრინციპზე. პისტოლეტის მცირეგაბარიტულობამ განაპირობა, აგრეთვე ის ფაქტორიც, რომ იგი უნდა ყოფილიყო წვრილკალიბრიანი და მასში უნდა გამოყენებულიყო ისეთი სიძლიერის ვაზნა, რომელზეც უპრობლემოდ იმუშავებდა თავისუფალი საკეტის პრინციპი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პისტოლეტის შექმნის პირველ ეტაპს წარმოადგენდა  სათანადო ვაზნის შერჩევა. იმ პერიოდისათვის რუსეთში გავრცელებული იყო 2 სახის მცირეკალიბრიანი  ვაზნა, რომლებიც პისტოლეტებში გამოიყენებოდა:

 1. 6,35მმ-იანი კოროვინის პისტოლეტის ვანზა  (სახელწოდება 6,35мм ТК). იგი ბრაუნინგის 6,35მმ-ანი ვაზნის (ცნობილია აგრეთვე როგორც .25ACP) მოდიფიცირებული ვარიანტს წარმოადგენდა და მისგან განსხვავდებოდა მხოლოდ უმნიშვნელოდ მომატებული დენთის მუხტით. ბრაუნინგის 6,35მმ-ანი ვაზნები გამოიყენება მთელ რიგ ჯიბის პისტოლეტებში, რომლებიც ბრაუნინგის 1906 წლის მოდელის ბაზაზეა აწყობილი. კოროვინის პისტოლეტი ТК შეიარაღებაში მიიღეს 1926 წელს. ТК ითვლება პირველ თვითდამტენ (ავტომატურ) პისტოლეტათ, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიარაღებაში მიიღო.

2. 5,6მმ-ანი წრიული აალების  ვაზნები .22 მოკლე (.22 Short) და .22 გრძელი შაშხანის (.22 LR Long Rifle) . ( საქართველოში ამ ვაზნას ხშირად შეცდომით უწოდებენ „გეკოს“ ვაზნებს.  ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ საბჭოთა კავშირში მსგავსი ვაზნები პირველად შემოიტანა გერმანულმა კომპანიამ Genschow & Co, შემოკლებით GeCo).

არც 5,6მმ წრიული აალების და არც 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა არ აკმაყოფილებდა სამხედროების მოთხოვნებს, რადგანაც 6,35 მმ-ანი ვაზნა ძალზედ სუსტი იყო როგორც შეღწევადობის(პენეტრაციის – ჭავლური ენერგია), ასევე შემაკავებელი (შემაჩერებელი) ენერგიით. 5,6მმ-ანი წრიული აალების ვაზნები, კი ძირითადად   განკუთვნილი იყო სპორტული პისტოლეტებისა და შაშხანებისათვის, ხოლო მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას მისი ენერგია იყო საკმაოდ მცირე.  საჭირო გახდა შეექმნათ ახალი ვაზნა.

ახალი ვაზნის შექმნა დაევალა  ქალაქ კლიმოვსკის ზუსტ მანქანამშენებლობის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (ЦНИИТОЧМАШ). კოლექტივს  ხელმძღვანელობდა  კონსტრუქტორი ა.ი. ბოჩინი (А.И.  Бочин). ამ პერიოდში ინსტიტუტის დირექტორი იყო ვ.მ საბელინიკოვი (В.М. Сабельников). სწორედ მისი ინიციატივით მოხდა დავალების გაცემა.

denisova bochini

წამყვანი ინჟინერი, რომელსაც ვაზნა უნდა შეემუშავებინა იყო  ქალბატონი ანტანინა დიმიტრის ასული  დენისოვა  (А.Д. Денисовa).

 კოლექტივში შედიოდნენ აგრეთვე  ლ.ს. ნიკოლაევი (Л.С. Николаев) და  გ.პ. შამინი (Г.П. Шамин) – კაფსულ-მაალებლის შემუშავება.  ვაზნა უნდა ყოფილიყო ცენტრალური აალების და მას შემოკლებული კოდური სახელი МПЦ (малогабаритный пистолетный центрального боя) უწოდეს.  თავდაპირველად კონსტრუქტორები ცდილობდნენ ისევ 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის გადამუშავებას, მაგრამ ექსპერიმენტები ცუდ შედეგს აჩვენბდა. ზუსტად ამავე პერიოდში და იმავე კვლევით ინსტიტუტში კიდევ ერთმა ქალბატონმა, ლიდია ბულავსკაიამ  (Лидия Ивановна Булавская),  წარმატებით დაასრულა მუშაობა ახალ შუალედურ (ავტომატის-მოიერშე შაშხანის) ვაზნაზე, რომლის ტყვიის კალიბრიც იყო 5,45. ეს ვაზნა დღეს ცნობილია, როგორც 5,45Х39 და კალაშნიკოვის მთელ რიგ ავტომატებში (AK-74, АКС-74, АКС-74У) და ხელის ტყვიამფრქვევებში (РПК-74, РПКС-74) გამოიყენება.

 comparacio

  1. 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა;
  2. 5,45მმ-ანი МПЦ ;
  3. 5,6მმ-ანი წრილული აალების ვაზნა .22LR.

ანტანინა დენისოვამ სწორედ ამ კალიბრზე შეაჩერა არჩევანი და შეიმუშავა ახალი  ვაზნა 5,45Х18 МПЦ, რომელიც ფორმით ძალიან ჰგავდა ავტომატის დაპატარავებულ ვაზნას.  მისი მასრა იყო ბოთლისებური, ხოლო ტყვიას ჰქონდა წვეტიანი თავი და ბოლოში დაბრტყელებული (წაკვეთილი) ფორმის იყო, რათა შემცირებულიყო მისი რიკოშეტირება.  არსებობს მოსაზრება, რომ ლიდია ბულავსკაიამ 5×18მმ-ანი კლემანის (ცნობილია აგრეთვე როგორც 5მმ-ანი ჩაროლა ანიტუა, რადგანაც გამოიყენებოდა ამავე დასახელების ესპანურ პისტოლეტში) ვაზნა აიღო საფუძვლად.

br mpcmasra tyvia

სურათზე მოცემულია 5მმ-ანი ჩაროლა-კლემანის ვაზნა და წრიული აალების .22LR ვაზნა.

ვაზნის შექმნისას კონსტრუქტორებს მიზნად ჰქონდათ შეემუშავებინათ ისეთი ტიპის მცირეკალიბრიანი და მცირეგაბარიტიანი ვაზნა, რომელიც შესძლებდა 9მმ-იანი მაკაროვის (9Х18მმ ПМ) და 9х17მმ ბრაუნინგი მოკლე (9mm. Courtz) იდენტურ ეფექტურობას.  კონსტრუქტორებმა ცადეს სხვადასხვა ტიპის ტყვიების გამოყენება და საბოლოო ჯამში შემუშავებულ იქნა ორი ძირითადი სახის ტყვია:  2,4 გრამიანი  კომბინირებული გარსიანი ტყვია-ფოლადის გულარით Пст (Пуля стальная)  ცნობილია როგორც ინდექსით 7Н7 და 2,6 გრამიანი გარსიანი მთლიანად ტყვიის გულათი ПСО (Пуля свинцовая оболочечная) შემდგომ კი (Патрон спортивно-охотничий) უწოდეს. უფრო დეტალურად ვაზნების შესახებ შემდგომ ვისაუბრებთ.

1972 წელს გაიმართა კონკურსი, რათა შერჩეულიყო საუკეთესო მცირეგაბარიტიანი პისტოლეტი  უშიშროებისა და შსს-ს ოპერატიული თანამშრომლებისათვის, აგრეთვე საბჭოთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი რანგის შემადგენლობისათვის.

 კონკურსში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ 2 პისტოლეტი რომელთა კალიბრიც იდენტური იყო და ორივე მათგანში გამოიყენებოდა 5,45х18 МПЦ ტიპის ვაზნა.

konstruqtorebi

- ტულის კონსტრუქტორების ტ.ი ლაშნევის (Т.И. Лашнев),  ა.ა. სიმარინის (А.А. Симарин)  და ლ.ლ. კულიკოვის (Л.Л. Куликов) ქმნილება ПСМ (пистолет самозарядный малогабаритный), რომელიც უკვე დასრულებული სახით 1971 წელს იყო მზად.

- ინჟინერ-კონსტრუქტორ ვ. ბაბკინის (В. Бабкин) პისტოლეტი БВ-025, იგი წარმოადგენდა მაკაროვის სისტემის (ПМ) შემცირებულ ვარიანტს;

 148_01

 ვ. ბაბკინის სისტემის 5,45მმ-ანი პისტოლეტი БВ-025 (სასაჩუქრე მოპირკეთებით)

გამოცდების შედეგად  გამოვლინდა ПСМ-ის უპირატესობები. იგი გამოირჩევოდა საიმედოობით და საცდელი გასროლებისთვის დამზადებული პირველი პარტიის 150 ვაზნის გასროლისას არცერთი შეფერხება არ ჰქონია. პისტოლეტი კარგად ფუნქციონირებდა აგრეთვე დაბინძურებული მექანიზმით და პირველივე ცდების დასრულებისას  ერთხმად იქნა აღიარებული გამარჯვებულად, რაც ძალიან იშვიათი იყო იმდროისათვის. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პისტოლეტი საკონკურსო სროლისას გამოირჩევოდა ძალიან მაღალი სიზუსტით.

კონკურენტი ბაბკინის პისტოლეტი  БВ-025 რიგი მაჩვენებლებით ჩამოუვარდებოდა პესეემს, კერძოდ: არ იყო საიმედო და ხშირად წარმოიქმნებოდა შეფერხებები, რაც პისტოლეტის ავტომატიკის არასრულფასოვან მუშაობაზე მიუთითებდა. აგრეთვე პისტოლეტის გაბარიტები აჭარბებდა მოთხოვნებს და მარცხენა მხარეს გაჩნდა მაკაროვის სისტემის იდენტური დროშისებური მცველი, რომელიც გამოშვერილი იყო პისტოლეტიდან.

1972 წლის აგვისტოში პესეემი ოფიციალურად იქნა მიიღებული სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო უშიშროებისა და საბჭოთა კავშირის შეიარაღებული  ძალების მიერ, ხოლო მისი სერიული წარმოება 1974 წელს დაიწყო იჟევსკის იარაღის ქარხანამ.

პესეემის მექანიზმი და დეტალები.

პესეემის მექანიზმი თითქმის იდენტურია მაკარვის სისტემის პისტოლეტისა. მისი ავტომატიკა დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის პრინციპზე. დამრტყმელი მექანიზმი არის ღია ჩახმახით და სროლა წარმოებს როგორც დაშვებული ჩახმახის ავტომატური შეყენებით (ე.წ. ორმაგი მოქმედება) ასევე წინასწარ შეყენებით. პისტოლეტის ჩარჩო არის ძალიან ბრტყელი და მასზე მყარად არის ჩამაგრებული უძრავი ლულა. ლულის ჩამაგრება ხდებოდა დაპრესვის მეთოდით. ლულაზე ჩამოცმულია დამაბრუნებელი ზამბარა. პისტოლეტის დაშლა ხდება მაკაროვის სისტემის იდენტურად სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ქვევით დაწევით. თუკი პისტოლეტში მოთავსებულია მჭიდი, იგი ბლოკავს დამცავ რგოლს და შეუძლებელია მისი დაშლა. რაც შეეხება პისტოლეტის ტარს ადრეულ მოდელებში იგი არის დამზადებული მთლიანად დურ-ალუმინისაგან, რომელიც ფრეზირების მეთოდით კეთდებოდა და დაფარულია შავი ნიტრო საღებავით. საღებავი დროთა განმავლობაში იცქვლიფება. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა პესეემი რაც კი მინახავს არის მთლიანად ალუმინისფერი, რაც ჩემი აზრით უფრო ლამაზად გამოიყურება.

 Untitled 

ადრეული პესეემის ალუმინის ტარი. სურათზე ჩანს გადაქერცლილი საღებავი. თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მარჯვენა ქვედა კუთხეში არის მხოლოდ ერთი ნასვრეტი რომლითაც ტარი ღერძის მეშვეობით მაგრდება პისტოლეტის ჩარჩოზე და არ არის ნასვრეტი ქამრის (თასმის) ყულფისათვის. ეს იმით აიხსნება, რომ ტარი არის პირველი პარტიიდან.

ახალ მოდელებში 90-ანი წლების დასაწყისიდან ტარის ლოყები გაიზარდა სისქეში 20მმ-მდე და მზადდება პლასტმასისაგან უფრო ზუსტად კი პოლიამიდისაგან (მისი ფაქტურა წააგავს ძალიან მყარ რეზინას), რომელიც მთლიანადაა ჩამოსხმული. პოლიამიდის ტარი ბევრად უფრო მოსახერხებელია, რადგანაც უკეთესად ხდება მასზე ხელის მოჭიდება. გარდა ამისა მილიციის მუშაკები უჩივოდნენ იმ ფაქტს, რომ ალუმინის ტარი ცივ კლიმატურ პირობებში ხელის მტევანზე შეხებისას დამატებით დისკომფორტს ქმნიდა.

პისტოლეტს გააჩნია დროშისებური ფორმის მცველი. მცველი ახდენს საცემის ბლოკირებას ისე, რომ ჩახმახი ვერ შეძლებს მასზე დაწოლას (დარტმას), აგრეთვე ახდენს სასხლეტი კავის ბლოკირებას და საკეტის ბლოკირებას. შემართული ჩახმახის შემთხვევაში მცველზე დაყენება ახდენს ჩახმახის ავტომატურ დაშვებას ანუ მოქმედებს, როგორც „დეკოკერი“ (decocker). მცველი ისეა განთავსებული, რომ ხელის ერთი მოძრაობით შესაძლებელია პისტოლეტის მცველიდან მოხსნა და ჩახმახის შეყენება საბრძოლო მდგომარეობაში.

პისტოლეტის საკეტი ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ რჩება უკანა პოზიციაში, რომლის დასაბრუნებლადაც საკმარისია მჭიდის გამოღებ, ასაკეტის ოდნავ მოქაჩვა უკან და ხელის გაშვება, ან კიდევ იგივე ოპერაციის შესრულება მხოლოდ სავსე სავაზნე მჭიდის მოთავსებით. პისტოლეტს არ გააჩნია ცალკე ბერკეტი საკეტის დასაბრუნებლად, რადგანაც ეს გამოიწვევდა გამოშვერილ დეტალს.

ძალიან მალე პესეემმა დადებითი გამოხმაურება მიიღო სამართალდამცავი ორგანოებიდან, რაც პირველ რიგში იმით აიხსნებოდა, რომ მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მერე, პესეემი ბევრად კომპაქტური და მოსახერხებელი იყო სატარებლად.

პისტოლეტს გააჩნია მარტივი სამიზნე მოწყობილობა. წინა სამიზნე წარმოადგენს საკეტის მთლიან ნაწილს ხოლო უკანა სამიზნე (ე.წ. კორა) არის ცალკე დეტალი და დამაგრებულია საკეტზე „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრით. პესეემის უკანა სამიზნე, როგორც მაკაროვის პისტოლეტში, მარკირებულია კოდებით.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ПСМ-ები ოფიციალურად მოხსნილია ФСБ -ს და ФСО-ს შეიარაღებიდან, იგი მაინც რჩება რუსეთის ფედერაცის შეიარაღებული ძალების გენერალიტეტის შეიარაღებაში. გარდა ამისა 1998 წელს პისტოლეტი შეიარაღებაში მიიღეს რუსეთის ფედერაციის სასამართლოს აღმასრულებლებმა, აგრეთვე პროკურატურამ პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. 2005 წლის დეკემბერში  პესეემი შევიდა რუსეთის ფედერაციის სასაჩუქრე იარაღის ჩამონათვალში.

1992 წელს იჟევსკში დაწყებულ იქნა კომერციული პესეემების გამოშვება სახელწოდებით «ИЖ-75», რომელიც კლასიფიცირდებოდა, როგორც სპორტულ-სავარჯიშო პისტოლეტი, თუმცა არაფრით არ განსხვავდებოდა სამხედრო პისტოლეტისგან. ადრეული პესეემებისგან განსხვავებით მისი ტარი მზადდება პლასტმასისგან (პოლიამიდისაგან) და სისქეში დაახლოვებით 20 მმ-დეა.  ИЖ-75 დღესაც გამოდის იჟევსკის მექანიკურ  ქარხანაში «Ижевский механический завод» (ИЖМЕХ).

არსებობს პესეემის ბაზაზე აწყობილი პისტოლეტი  «Байкал» МР-441. იგი აწყობილია იჟ-75 ბაზაზე და მისგან განსხვავდება ტარის ლოყებით, სამიზნე არის რეგულირებადი, როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად და განკუთვნილია ბრაუნინგის 6,35მმ-ან ვაზნაზე (.25 ACP). პისტოლეტი შექმნეს იმ იმედით, რომ ექსპორტზე გავიდოდა დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა ისევე როგორც პესეემის პისტოლეტი, იგიც აშშ-ს მიერ პოლიტიკური მიზეზებით აღიარებულ იქნა როგორც უკანონო და აკრძალული იარაღი აშშ-ს ბაზრისათვის.

 

კომპ

იარაღის ბუდე (კაბურა) და კომპლექტაცია.

 

 5,45х18 მმ-ანი პისტოლეტის ვაზნა (МПЦ) (Малокалиберный Пистолетный Центрального воспламенения).

ხშირად ისმის მოსაზრება, რომ პესეემის ტყვია ხვრეტს ჯავშანჟილეტს. 80-იანი წლების ბოლოს პესეემის სისტემის პისტოლეტები არალეგალურად მოხვდა გერმანიაში, სადაც როგორც ცნობილია პოლიციელები და სპეცსამსახურები ოფიციალურად გაფრთხილებულ იყვნენ, რომ ქვეყანაში გამოჩნდა პესეემები, რომელიც საშიშ იარაღს წარმოადგენდა, სწორედ იმ მოტივით, რომ შეეძლო მათ აღჭურვილობაში არსებული ჯავშანჟილეტების გახვრეტა.  შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს ყველაფერი? ამბობენ ვაზნის შემქნელებს თავდაპირველად სულაც არ ჰქონიათ ჩაფიქრებული ის ფაქტი, რომ ტყვიას უნდა გაეხვრიტა ჯავშანჟლეტი. საცდელი სროლებისას აღმოაჩინეს, რომ პირველი და მეორე კლასის ჯავშანჟილეტები, რომლიც დამზადებულია კევლარის ქსოვილისაგან ვერ უზრუნველყოფდა ტყვიის შეკავებას. როგორც ცნობილია ტყვიის პენეტრაციას (შეღწევადობას) განაპირობებს სამი ძირათადი ფაქტორი: 1. ტყვიის საწყისი სიჩქარე; 2. მისი ფორმა; 3. მასალა რომლისგანაც იგი მზადდება. პესეემის ტყვიის საწყისი სიჩქარე არ აღემატება 9მმ-მაკაროვის (9х18მმ) ტყვიის სიჩქარეს და ლულიდან გამოსვლისას  შეადგენს საშუალოდ 315 მეტრს წამში. ჯავშანჟილეტი რომელიც უზრუნველყოფდა მაკაროვის ტყვიის შეკავებას უძლური აღმოჩნდა პესეემის ტყვიის მიმართ, არა იმიტომ, რომ მისი საწყისი სიჩქარე მაღალი იყო, არამედ ტყვიის ფორმის გამო. პესეემის 5,45 მმ-ანი ტყვია, მისი წაწვეტებული ფორმის გამო კევლარის ქსოვილის ქარგებს გვერდით წევს, რის შედეგადაც ძვრება მასში და დარჩენილი ენერგიით უზრუნველყოფს სხეულის დაზიანებას. აქედან შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ თუკი ჯავშანჟილეტი დამზადებულია არა კევლარისაგან იგი ვერანაირად ვერ შეძლებს მის გახვრეტას. ერთერთი წამყვანი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩარლი კატშოუ (Charlie Cutshaw) 1990-ანი წლების დასაწყისში წერს, რომ დასავლეთის ექსპერტების გამოცდების თანახმად, პესეემიდან ნასროლი 5,45მმ-ანი ვაზნა ხვრეტს კევლარის 30-45 ფენას და ინარჩუნებს იმდენ ენერგიას, რომ შეუძლია გახვრიტოს 10-15მმ ფიჭვის დაფა. სხვათაშორის იგივე ავტორი წიგნში „The New World of Russian Small Arms and Ammo“ წერს, რომ 5,45х18 ვაზნის მასრა არის იგივე მაკაროვის მასრა, რომლის ყელიც შევიწროვებულია 5,45მმ-დე, რაც სრული სისულელეა. პესეემის ვაზნის  მასრუს დიამეტრი ბევრად უფრო წვრილია ვიდრე მაკაროვის 9х18მმ-ანი ვაზნის მასრა.

 

ვაზნების მოდიფიკაცია

სულ არსებობს 5,45მმ-ანი პესეემის შემდეგი სახის ვაზნა:

образцовиe

  • 5,45х18 სანიმუშე ვაზნა – რომელსაც ტყვიის თავზე აქ
    ვს თეთრი ფერის მარკირება(ახალი ვარიანტი) ან თეთრი წრე(ძველი ვარიანტი) და განკუთვნილია საატესტაციო ცდებისათვის. ტყვიას გააჩნია ფოლადის გულარი (Пст).

 распил пст

 2.    5,45х18 ვაზნა 7H7 – მთლიანად გარსიანი ტყვია ფოლადის გულათი Пст (Пуля стальная). ფოლადის მარკა Ст. 10,15,20 ან 25.

ტყვია შედგება ბიმეტალისა და ტომპაკის (თუთია) შენადნობის გარსისაგან, რომელშიც ჩაპრესილია ფოლადის გულა ტყვიის პერანგით. ფოლადის გულა მოთავსებულია ტყვიის წინა ნაწილში, ხოლო მის უკან კი მთლიანი ტყვიის შენადნობი. რას ნიშნავს ინდექსი 7H7 ეს არის რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს მიერ ( ГРАУ – Главное ракетно-артиллерийское управление) მიერ მინიჭებული ინდექსი. სადაც 7 – ნიშნავს ქვეითთა საბრძოლო მასალას, ასო Н -ნომენკლატურას და მეორე 7 კი ტყვიის კოდს. კაფსულ-მაალებლის გვერდები მასრის ფსკერთან მთელ პერიმეტრზე დაფარულია წითელი ლაკ- ჰერმეტიზატორით. აგრეთვე ლაკ-ჰერმეტიზატორით დაფარულია მასრის ყელში ტყვის ჩასმის ადგილი. თუმცა არსებობდა აგრეთვე შავი ფერის ლაკ-ჰერმეტიზატორიანი ვაზნებიც.

markireba PSt

ტყვიის ჩამაგრება მასრის ყელში ხდება სამ ადგილას წერტილოვანი ჩაჭყლეტვის (кернение) მეთოდით. მაქსიმალური წნევა სავაზნეში არ აღემატება 127-130 მ/პასკალს (1270-1300 bar).

საცდელი ვაზნების წარმოება თავდაპირველად დაიწყო  №711 ქ.კლიმოვსკის საშტამპო ქარხანამ.  იმდროინდელი ვაზნისმასრა იყო ფოლადის და თუთიით ხდებოდა მისი მოპირკეთება. ტყვიას კი ჰქონდა უფრო კონუსისებური ფორმა.

 sacdeli

საცდელი ტყვია კონუსისებური ფორმით

შემდგომ უკვე მოხდა მისი სერიული წარმოების დაწყება  ქალაქ იურუზანის №38 ქარხანაში და მისი მასრა ლატუნისგან მზადებოდა. ადრეულ სერიულ ვაზნებს არ გააჩნდათ არანაირი მარკირება.  1991 წელს ქარხნის დახურვის შემდეგ, წარმოება გადავიდა ტულის ვაზნების ქარხანაში №539 (ТПЗ – Тульский патронный завод).  აღნიშნული ვაზნების მარკირება ხდებოდა მასრის ფუძეზე ერთი წერტილოვანი დამღით. 1992 წლამდე ვაზნები 7Н7 იმუხტებოდა სფეროსებური დენთით СФ040, ხოლო 1993 წლიდან დენთის მარკა იყო ПСН 850/4,37.

 3.    5,45х18 ვაზნა მთლიანად გარსიანი ტყვიის გულათი ПСО.

 damgebi 1

ტყვია შედგება ბიმეტალისა და ტომპაკის შენადნობის გარსისაგან, რომელშიც მოთავსებულია მთლიანად ტყვიის გულა. დღეს წარმოებაში არის მხოლოდ მსგავსი ტიპის ვაზნები. ადრეულ ვარიანტებში მასრის ფსკერზე მარკირება არის ერთი ცალი წერტილის სახით.  ხოლო თანამედროვე კომერციულ ვარიანტებში მარკირება ვაზნაზე ან 5,45х18 WOLF ან 5,45х18 TPZ (Tulski Patronni Zavod). კაფსულ-მაალებლის გვერდები მასრის ფსკერთან მთელს პერიმეტრზე დაფარულია წითელი ლაკ- ჰერმეტიზატორით. აგრეთვე ლაკ-ჰერმეტიზატორით დაფარულია მასრის ყელში ტყვის ჩასმის ადგილი. საქართველოშიც სწორედ აღნიშნული ტიპის ვაზნებია გაყიდვაში რომლის ფასიც 15-30 ლარს შეეადგენს, რაც ძალიან სასაცილო და აბსურდულია.

4.    საცდელი-ექსპერიმენტალური ვაზნები

საცდელი ვაზნა გარსის გარეშე სფეროსებური ტყვიით. აღნიშნული ვაზნა სერიულად არ გამოსულა. სავარაუდოდ იგი იქმნებოდა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო სასწავლო-სავარჯიშო სროლები. უბრალოდ მეტი ახსნა მე ვერ მოვუძებნე მას.

5.45x18_pso sacdeli

5.45x18_wood_box

პისტოლეტის ვაზნების МПЦ  საშტატო სამხედრო შეფუთვა ხდებოდა ხის ყუთებში, რომელშიც მოთავსებული იყო 4032 ცალი ვაზნა. ყველა ხის ყუთში იდო ორი ცალი ცინკის ყუთი და  თითო ასეთ ყუთში კი 2016 ცალი ვაზნა მუყაოს კოლოფებში 36 ცალად.

დღეს 5,45×18მმ ვაზნა გარდა პესეემის სისტემის პისტოლეტისა გამოიყენება მარგოლინის ბაზაზე აწყობილ თვითდამტენ პისტოლეტში «Дрель»და ავტომატურ პისტოლეტში ОЦ-23 «Дротик».  ამჟამად პესეემის ვაზნა არ გამოიყენება არცერთ ქვეყანაში და მისი წარმოება ხდება მხოლოდ რუსეთში. საინტერესოა ერთი ფაქტიც.

545x18-PSM 1

რუსულ ფორუმებზე წავაწყდი ინფორმაციას სადაც, ერთერთი წევრი წერდა, რომ ვაზნები 7Н7 იწარმოებოდა თბილისში, საავიაციო ქარხანაში და შემდეგ მოხდა ჩარხების ევაკუაცია, რომლის ჩატანაც სამხედროებმა შეძლეს ზუგდიდამდე და შემდეგ მათი კვალი იკარგება. რამდენად შეესაბამება აღნიშნული ფაქტი სიმართლეს ვერ გეტყვით.

TTM Vazna

 პესეემის მოდიფიკაციები

ზოგადად ПСМ-ებს ყოფენ ორ ძირითად კატეგორიად: ადრეული სამხედრო ვარიანტი ალუმინის ტარით  და ახალი ვარიანტი პლასტმასის (პოლიამიდის) ტარით, მაგრამ მსგავსი დაყოფით არ დავკმაყოფილდები და ცოტა უფრო ვრცლად მინდა შევეხო ამ თემას.

პესეემები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:

images1

    ადრეული გამოშვება  სამხედრო ვარიანტი – ალუმინის ტარით – არ გააჩნია ქამრის გასაყრელი ნასვრეტი (ყულფი), ჩახმახი გახვრეტილია შუაში, საკეტს ზევით გააჩნია საფეხურისებრი მოპირკეთება და მის უკანა სამიზნეს გვერდებზე გააჩნია დამცავი ჯებირები, რათა ამოღებისას  არ გამოედოს ტანისსამოს ან კაბურას. ლულა ქრომირებულია და ჭრილების (ხრახნების) რაოდენობა არის 6. არსებობს ასეთივე პესეემები, რომელიც სასაჩუქრედ გამოდიოდა და გააჩნია გრავირება.

-         ადრეული გამოშვება სამხედო ვარიანტი  ალუმინის ტარით – ალუმინის ლოყას მარცხენა მხრიდან გააჩნია ნასვრეტი (ყულფი) ქამრის გასაყრელად. ჩახმახი აღარაა გახვრეტილი (თუმცა მცირე პარტიაზე მაინც გვხვდება გახვრეტილი), საკეტზე გაქრა სფეხურისებრი მოპირკეთება და უკანა სამიზნეც გამარტივდა (აღარ გააჩნია ჯებირები). ლულა ქრომირებულია და ჭრილების (ხრახნების) რაოდენობა არის 6. სწორედ ასეთია ჩემი კუთვნილი პესეემი.

-         ახალი გამოშვება პოლიამიდის ტარით სამხედრო ვარიანტი –  ლულა ქრომირებულია და ჭრილების (ხრახნების) რაოდენობა არის 6. გამოვიდა 90იანი წლების დასაწყისში. გარდა ტარის ლოყებისა ახალ პესეემებში არის ერთი პატარა სხვაობა. სასხლეტი კავის დამცავი რგოლი უფრო წაკვეთილია ვიდრე ადრეულ პესეემებში.

 images

-         კომერციული ვარიანტი მარკირებით „იჟ-75“ პოლიამიდის ტარით.  ლულა ქრომირებულია და ჭრილების რაოდენობა მწარმოებლის ცნობით არის 6, მაგრამ მე საქართველოში მინახავს 4 ჭრილიანები. არსებობს მოსაზრება, რომ 4 ჭრილიანი ლულა არის  კალაშნიკოვის 5,45მმ  დაბრაკული ლულები, რომლებიც დაჭრეს და გამოიყენეს პესეემებში.

 

რომელი პესეემია ხარისხით ყველაზე კარგი?

ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ადრეული პესეემები ყველაზე ხარისხიანია. მათი დეტალები შესრულებულია აკურატულად, როგორც საათის მექანიზმი და არ ეტყობა მანქანა დანადგარების დამუშავების კვალი. ლულის დაფარვა არის ქრომირებული (ალბათ ასეთი პისტოლეტისათვის ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი ვაზნის სიძვირიდან გამომდინარე მფლობელი ვერ გაცვითავს ლულას). რამდენადაც ცნობილია ადრეული სამხედრო პესეემები გადიოდა ერთერთ ყველზე მაღალ ხარისხის კონტროლს, რაც იმით აიხსნება, რომ იგი სპეც სამსახურებისათვის და გენერალიტეტისათვის იყო განკუთვნილი.

ახალი პესეემები პოლიამიდის ტარით შეიძლება შგხვდეთ საკმაოდ მაღალი ხარისხით დამზადებული. თუმცა მე მინახავს რამოდენიმე კომერციული ვარიანტი იჟ-75 რომელიც უხარისხოდ იყო შესრულებული, შიდა დეტალები უხეშად დამუშავებული. ხოლო გამოყენებული ფოლადი ძალიან დაბალი ხარისხის, რაც  ხშირ შემთხვევაში ხდება მცველის გატეხვის მიზეზი.  თუკი გადაწყვეტთ მის შეძენას დააკვირდით ლულას რათა ნახოთ რამდენი ჭრილი გააჩნია 6 თუ 4. როგორც ავღნიშნეთ 4 ჭრილიანები არის კალაშნიკოვის დაბრაკული ლულა და მსგავსი ლულით აღჭურვილი პისტოლეტის სიზუსტე საგრძნობლად დაბალია.

 smert-psm-r_01 1

უხარისხო ფოლადისაგან დამზადებული გატეხილი მცველი

 

პესეემის კრიმინალური ისტორია

90-ან წლებში რუსეთში დაქირავებული მკვლელების (ქილერების) ხელში ყველაზე გავრცელებულ იარაღს წარმოადგენდა ტეტეს სისტემის პისტოლეტები და მაყუჩიანი პესეემები. როგორც რუსული ფორუმებიდან გახდა ჩემთვის ცნობილი ძირითადად მაყუჩიანი პესეემები წარმოადგენდა ტრავმატული და გაზის პესეემების გადაკეთებულ ვარიანტს. ტრავმატული და გაზის პისტოლეტის ლულას ცვლიდნენ მცირეკალიბრიანი 5,6მმ-ანი შაშხანის (ТОЗ-8 / ТОЗ-16,17) ლულით,  ჩარხავდნენ სავაზნეს ისე, რომ შეეძლო 5,45х18 ვაზნის მიღება, ლულას იღებდნენ უფრო გრძელს ვიდრე სტანდარტულად გააჩნდა პესეემს და მის ბოლოში აკეთებდნენ ხრახნს მაყუჩის დასამაგრებლად.

 TTM Pist

დასკვნა

პისტოლეტი არის ყველაზე ბრტყელი თვითდამტენი პისტოლეტი და არ გააჩნია არცერთი გამოშვერილი დეტალი. შესაბამისად იმ პირებისათვის ვისაც ესაჭიროება იარაღის შეუმჩნეველი და ფარული ტარება საუკეთესო ვარიანტია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გაბარიტების პისტოლეტისათვის იგი არის ძალიან ზუსტი. მე პირადად არცერთი პისტოლეტიდან არ მისვრია ისე ზუსტად, როგორც პესეემიდან.

აქვს ძალიან პატარა უკუცემა რაც მცირე კალიბრიდან და ვაზნის დაბალიმპულსურობიდან გამომდინარებს. შესაბამისად სწრაფსროლაც უფრო მაღალია. მიუხედავად პატარა ვაზნისა, პისტოლეტის ხმა მე პირადად ძალიან მაღალი მეჩვენება. მსხვილკალიბრიანი პისტოლეტებიდან სროლისასაც არ მექმნება ისეთი დისკომფორტი, როგორიც მექმნება პესეემის სროლისას თუკი არ მიკეთია დამცავი ყურსაცვამი.

რაც შეეხება სასხლეტ კავს, რბილად მოძრაობს, როგორც წინასწარ შეყენებული ჩახმახით ასევე თვითშეყენების (ორმაგი მოქმედებით) შემთხვევაში. ცოტათი მოუხერხებელია მასზე თითის დაჭერა, რადგანაც მისი დამცავი რგოლი ცოტა პატარაა.

პისტოლეტის უარყოფითი მხარეები:

ჩემი აზრით პისტოლეტის მთავარი უარყოფითი მხარე მდგომარეობს მის ვაზნაში. როდესაც პესეემები გამოჩნდა შეიარაღებაში, სამართალდამცავები ცდილობდნენ ტაბელური მაკაროვები ჩაებარებინათ და გამოეტანათ ახალი პესეემები. თუმცა ზუსტად 3 თვის შემდეგ თანამშრომელთა უმეტესობა ისევ ითხოვდა უკან მიეღო მაკაროვი. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ტყვია ვერ უზრუნველყოფდა ადამიანის შეჩერებას, რაც სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოწინააღმდეგე 2-3 ტყვიის მორტყმის შემდეგ მაინც აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას.  ამ პერიოდში გამოიცა სპეციალური მითითებები, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლებს ასწავლიდნენ თუ კონკრეტულად ორგანიზმის რა ნაწილებში უნდა განეხორციელებინათ დამიზნება, რომ მწყობრიდან გამოეყვანათ მოწინააღმდეგე. ხშირად პესეემს უწოდებენ თვითმკვლელობის იარაღს მაღალჩინოსნებისათვის. ისტორიას ახსოვს ბევრი ფაქტი, როდესაც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებმა ზუსტად პესეემით ჩაიდინეს თვითმკვლელობა. ასეთი ფაქტი საქართველოშიც არაერთხელ მომხდარა პესეემით.

მცველი ცოტათი პატარაა და რთულად მოძრაობს, თუმცა ძალიან კარგადაა ჩაფიქრებული მისი მოხსნის დროს ერთი მოძრაობით ჩახმახის თითით შემართვა.  კიდევ ერთი უარყოფითი მომენტი, რომელიც ახასიათებს პესემის მცველს არის ის, რომ იგი იმდენად ახლოსაა ჩახმახთან, რომ შემართული მდგომარეობაში პისტოლეტის მცველზე დაყენებისას ხდება ცერა თითზე ჩახმახის დარტყმა, რაც პირადი გამოცდილებით ძალიან მწარეა. არსებობს ხუმრობა, რომ პირველი პესეემის მფლობელებს ზუსტად ამ სახასიათო ტრავმით ხვდებოდნენ.

რაც შეეხება პისტოლეტის არასრულ დაშლას, მისი განხორციელება ძალიან მარტივია, მაგრამ სრული დაშლის შემთხვევაში იწყება ნამდვილი თავსატეხი. უამრავი წვრილი ღერძები, რომლებიც ფაქიზად უნდა გამოვიღოთ საათის მექანიზმს წააგავს. ალუმინის ტარის მოხსნა არის საშინლად რთული, რადგანაც ცერა თითით უნდა დააწვე სავაზნე მჭიდის დამჭერ ღილაკს და თან ზუმბას მეშვეობით უნდა გამოაგდო დამჭერი ღერძი.

პისტოლტის ტარი მოკლეა და ნეკა თითი რჩება ტარის დაბლა. საჭიროა გაკეთდეს მჭიდის ბოლოში ქუსლი, რომელიც უზრუნველყოფს იარაღის საიმედო დაჭერას. ასეთი ქუსლები მე არ მინახავს საბრძოლო პესეემებზე, ტრავმატულებზე და გაზის პესეემებზე კი ყველას პლასტმასის ქუსლი აქვს.

ვაზნის დეფიციტურობა და მააღალი ფასი თითქმის უსარგებლოს ხდის პისტოლეტს. ყველაზე იაფი რაც მინახავს მაღაზიაში არის 15 ლარი ერთ ცალ ვაზნაში, ხოლო ყველაზე ძვირი 42 ლარი. ვაზნის სიძვრირე იმით აიხნება, რომ მხოლოდ ერთი ქარხანა უშვებს მას რუსეთში და არ ხდება მისი ექსპორტი.

საქართველოში პესეემების ფასი დღეის მდგომარეობით მერყეობს 900 ლარიდან 1500ლარამდე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც აძაგებენ მას და ზოგიც კი პირიქით ამბობს, რომ ერთერთი საუკეთესო პისტოლეტია. ზოგადად პესეემის მიმართ ტენდენცია რადიკალურობით გამოირჩევა. ან ვერ იტანენ, ან გიჟდებინ მასზე. საშუალო ვარიანტი არ მინახავს. ევროპის ქვეყნებში პესეემების საწყისი ფასი აუციონებზე შეადგენს 1500-2000 ევროს რომლითაც ძირითადად კოლექციონერები არიან.

პესეემი არის  საბჭოთა კავშირის ერთერთი უცნაური პირმშო. ჩემთვის კი პესეემი ბავშობის ასრულებული ნატვრაა და ალბათ არასოდეს არ შეველევი მას.

 Фото0268

ჩემი კუთვნილი პესეემი (გამოშვების თარიღი 1985 წელი)

 



2 Responses to “ПСМ მფლობელის თვალით”

  1. levani says:

    magari lamazi fistoletia sxva araferi

  2. ლადო says:

    მაგარი იარაღია და მაგარი სტატია.

დატოვეთ კომენტარი