M1911A1 – ლეგენდა გრძელდება

სანამ საუბარს უშუალოდ დავიწყებდით ბრაუნინგის კონსტრუქციის ამ ცნობილ პისტოლეტზე ალბათ კარგი იქნებოდა ერთი ორი სიტყვა დაგვეწერა იმაზე თუ როგორ იქმნებოდა ის. “ორი სიტყვა” შექმნის ისტორიაზე იქნება საკმარისი, რომ სტატია გამოვიდეს უფრო სრულყოფილი, თუმცა უფრო ვრცელი ინფორმაცია M1911-ის შექმნაზე ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტით და აზრი არ აქვს სხვისი არაერთხელ მონაყოლის კიდევ ერთხელ ჩემ ბლოგზე გამეორება. ავღნიშნავს, რომ გენიალური ამერიკელი იარაღის კონსტრუქტორის ჯონ მოზეს ბრაუნინგის ლეგენადრული პისტოლეტის ისტორია იწყება ცოტათი უფრო ადრე ვიდრე 1911 წელი. ალბათ M1911-ს ისტორია იწყება 1906 წლიდან, როდესაც კიმპანია კოლტმა დაიწყო 1905 წლის მოდელის ავტომატური პისტოლეტის გაყიდვები. .38 კალიბრის კოლტის პისტოლეტებს ახასიათებდათ შესრულების მაღალი ხარისხი მაგრამ როდესაც სამქე მივიდა აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი პისტოლეტის შეძენამდე, საკითხავი ერგონომიკის გამო სამხედროებს ადრინდელი კოლტები არ მოეწონათ, თუმცა პრინციპული გადაწყვეტილება რომ არმიის ახალი იარაღი უნდა იყოს პისტოლეტი და არა რევოლვერი და თანაც .45 კალიბრის უკვე მიღებული იყო და ბრაუნინგმა შესაბამისად გადააკეთა თავისი პისტოლეტი ამ ახალ კალიბრზე. საერთოდ ითვლება, რომ პისტოლეტი საუკეთესოა იმ კალიბრში, რომელზეც ის თავიდანვე იყო გათვლილი და ბედის ირონიაა იმაში, რომ ყველაზე ცნობად და პოპულარულ  .45 კალიბრის იარაღს საფუძვლად უდევს 9მმ-ნი  პისტოლეტი. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ პისტოლეტი გამოვიდა ასეთი თხელი და ასეთი ელეგანტური ფორმებით.

1905 წლის კოლტი. დააკვირდით ორ შტიფტს ჩარჩოს წინა მხარეში განლაგებულებს. ეს პისტოლეტი იყენებდა ორ რგოლს ლულის გადაბმისთვის.  შემდგომ ბრაუნინგმა 1911-ში გამოიყენა სქემა მხოლოდ ერთი რგოლით.

ამ პერიოდისთვის ლუის ლა გარდმა და ჯონ ტომპსონმა უკვე დაასრულეს თავიანთი გამოცდები და შეთანხმდენ რომ მომავალი პისტოლეტის კალიბრი უნდა იყოს .45 (11.43მმ), 230 გრანიან მრგვალთავიან გარსით დაფარულ ტყვიით (თავდაპირველად 200 გრანი) და საწყისი სიჩქარით 245 მ/წ-ში. შესაბამისად ახალი პისტოლეტი, რომელიც გახდებოდა სტანდარტული პირადი იარაღი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში უნდა ყოფილიყო გათვლილი სწორედაც, რომ ამ ვაზნაზე.  ჯონ ბრაუნინგს დაჭირდა თითქმის 6 წელი რომ მომავალ 1911-ს საბოლოო იერსახე მიეღო თუმცა წინასწარი ცდების დროს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკვე თვლიდა კოლტის პისტოლეტებს საუკეთესო კანდიდატებად. მომავალი 1911-ის კონსტრუქცია ნელ ნელა იხვეწებოდა და ბოლო დეტალი, რომელიც მას შეემატა იყო სახელურის მცველის დამატება ვინაიდან სამხედროები თვლიდნენ რომ ბრძოლის დროს ერთი ხელით ჩახმახის დაწევა არ იქნებოდა უსაფრთხო. ბრაუნინგის პისტოლეტმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა კონკურსში და მიღებულ იქნა შეიარაღებაში. პირველი პარტიის მიწოდება კოლტმა განახორციელა 1912 წლის 4 იანვარს. ერთი პისტოლეტის ფასი შეადგენდა 14.25 აშშ-ის დოლარს.  რა დროსაც 1911 წლიდან 1923 წლამდე პისტოლეტს არ განუცდია არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება მის კონსტრუქციაში.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის ეფქტურობის დასადგენად ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა რიგი პრობლემა 1911-თან, რომელიც გადაწყვეტას ითხოვდა. კვლევიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემდეგი ცვლილებები შევიდა 1911-ის კონსტრუქციაში: შეიცვალა საბრძოლო ზამბარის დამჭერი, მას გაუჩნდა დახრილი ზურგი რამაც აღმოფხვრა დაბლა სროლის ტენდენცია; სასხლეტი დამოკლდა რომ უკეთესად იყოს მისაწვდომი სხვადასხვა ზომის ხელის პატრონებისთვის; სამიზნე  მოწყობილობები უფრო ხილვადი გახდა; ტარის ფორმა გაუმჯობესდა ისე რომ ჩახმახი აღარ „კბენდა“ მსროლელს ხელზე; ოდნავ შეიცვალა ჩარჩოს ფორმაც, რომ თითი უკეთესად წვდებოდეს სასხლეტს. სტანდარტულ აღნიშვნას 1911-ს დაემატა ინდექსი A1, რომელიც სამი წლის შემდეგ გახდება ოფიციალური დასახელება მოდიფიცირებული პისტოლეტის. როგორც ხედავთ ტექნიკური ხასიათის ხარვეზები პისტოლეტს არ აღმოაჩნდა, რაც მეტყველებსს იმაზე, რომ ჯონ ბრაუნინგმა შესანიშნავად გაართო თავი თავის საქმეს.

M1911-ის სქემა. სამწუხაროდ მე არ ვიცი ბევრი დეტალის ქართული დასახელება, შემიძლია მხოლოდ უცნობი სიტყვა პირობითად ვთარგმნო და ბრჭყალებში მოვაქციო.

რას წარმოადგენს პირველი ე.წ. სამთავრობო მოდელი ტექნიკურად?  ეს არის სრული ზომის პისტოლეტი  აღჭურვილი 7-8 ვაზნიანი მოსახსნელი ერთ რიგიანი მჭიდით, ფოლადისგან დამზადებული ჩარჩოთი და საკეტით. ლულის სიგრძე არის 5 ინჩი (125მმ). წონა 1100 გრამი. ჩაკეტვა ხორციელდება ორი საბრძოლო ბჯენის მეშვეობით, რომელიც განლაგებულია სავაზნის წინ ლულის ზედა მხარეს. ლულის გადაადგილებას უზრუნველყოფს დეტალი, რომელიც დამაგრებულია ლულაზე შტიფტით და აკავშირებს მას საკეტის შემაკავებლის ღერძთან. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის. აღსანიშნავია, რომ განკუთვნილი სამხედრო სამსახურისთვის პისტოლეტი იქმნებოდა განსხვავებული ფილოსოფიით, რომელიც გულისხმობდა მაქსიმალურად გამარტივებულ კონსტრუქციას, მოვლის და მომსახურების სიადვილეს. მაგალითად ტარის ხრახნები ისეთი ფორმის იყო, რომ შესაძლებელია იყო მათი დაშვება გასროლილი .45 კალიბრის მასრის გამოყენებით. ღერძის, რომელიც განთაბვსებულია არხში მცველსა და საკეტის შემაკავებელს შორის, გამოყენება შესაძლებელია შტიფტების ამოსაგდებად. იარაღი ადვილად იშლება ბოლომდე, რაც იმ დორის პისტოლეტებისთვის იყო დიდი იშვიათობა.

წლების განმავლობაში სამთავრობო მოდელი იყო ერთადერთი ხელმისაწვდომი მოდელი. კოლტის გარდა მას რიგი სხვა კომპანიებიც უშვებდნენ, რაც გამოწვეული იყო დიდი მოთხოვნით ამ პისტოლეტზე ომების დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს 1911-ს დეფიციტმა ასევე წარმოშვა საკმაოდ საინტერესო რევოლვერების ჯგუფი, რომლებიც ასევე გათვლილი იყო .45 კალიბრის პისტოლეტის ვაზნაზე. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და ბევრი კომპანია დღემდე სთავაზობს მომხმარებლებს რევოლვერებს პისტოლეტის ვაზნაზე.   „სამთავრობო“ მოდელი  იყო ხელმისაწვდომი  კალიბრში .45ACP და ასევე ბრიტანეთისთვის დამზადდა .455-ზე გათვლილი მოდელი. ბრიტანული .455 პრინციპში ბალისტიკურად იდენტურია .45ACP ვაზნიის და ზედმეტად დაწვრილებით მის აღწერას აზრი არ აქვს. ვიზუალურად .455 კალიბრის პისტოლეტები არ განსხვავდებიან ორიგინალური მოდელისგან და მათი გამორჩევა შესაძლებელია მარტო დამღების მეშვეობით.  უკვე 1929 წელს  კოლტმა გამოუშვა სამთავრობო მოდელი გათვლილი კალიბრზე .38 Super ხოლო 1931 წელს ისევ კოლტი უშვებს 1911-ს გათვლილს მცირეკალიბრიან .22lr-ზე. ახალ პისტოლეტს უწოდეს „ეისი“ (Ace) მაგრამ დაბალი საიმედოობის გამო ეს იარაღი არ გახდა კომერციულად წარმატებული და ვერ ჰპოვა გავრცელება. გაცილებით უფრო წარმატებული იყო მოდელები “სუპერ ეისი” და კოლტის მიერ შექმნილი ნაკრები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო .45 კალიბრის პისტოლეტის გადაწყობა .22 კალიბრის ვაზნების სასროლად. შემდეგ  გაცილებით უფრო გვიან ჩნდება 1911-ები, სხვა კალიბრებზეც. მათ შორის ძლიერ “10მმ აუტოზე” და სხვა პოპულარულ კალიბრებზე. მიუხედავად ამისა . 45 რჩება ყველაზე პოპულარულ კალიბრად 1911-ის შემთხვევაში.

1911-ის ევოლუციის შემდეგი ეტაპი იწყება, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  კერძო ხელებში მოხვდა უამრავი ომ გამოვლილი 1911-ები და უბრალო მსროლელებს საშუალება მიეცათ ხელმისაწვდომ ფასად შეეძინათ უამრავი ჩამოწერილი 1911 და თავად შეეფასებინათ ამ იარაღის საბრძოლო და სამომხმარებლო თვისებები. ცხადია სამოქალაქო მსროლელებს არ აკმაყოფილებდათ მხოლოდ ერთი სსრული ზომის მოდელი და  იარაღის ოსტატები არსებული მოტხოვნილების დასაკმაყოფილებლად მასიურად ჭრიდნენ და ამოკლებდნენ სამთვარობო მოდელებს და მათ ბაზაზე აწყობდნენ პისტოლეტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ უკეთესი ხარისხით, შედარებით მცირე გაბარიტებით და მასით. მაგრამ პირველი ვინც გამოუშვა 1911-ის „ოფიციალური“ კომპაქტური მოდიფიკაცია იყო ისევ კომპანია კოლტი, რომელმაც 1950 წელს შესთავაზა მომხმარებელს ერთდროულად კომპაქტური და მსუბუქი მოდიფიკაცია, წოდებული სამეთაურო მოდელად. ამ პისტოლეტს გააჩნდა ალუმინის მსუბუქი ჩარჩო და შედარებით მოკლე 4.25 ინჩიანი ლულა. მსუბუქ მოდელს ეწოდა მსუბუქი სამეთაურო მოდელი (Lightweight Commander), საბრძოლო სამეთაური მოდელი (Combat Commander) იყო ასეთივე კომპაქტური პისტოლეტი მაგრამ ფოლადის ჩარჩოთი.  გაცილებით უფრო გვიან, 1985 წელს, კოლტმა ასევე გამოუშვა სუბ კომპაქტური ოფიცრის მოდელი, რამაც შექმნა კიდევე ერთი ოფიციალური 1911-ის წონითი კატეგორია (მანამდე სუბ კომპაქტურ მოდელებსს მხოლოდ ცალკეული ოსტატები შეკვეთით ამზადებენ). სამეთაურო მოდელს კოლტი უშვებს დღემდე, უწყვეტად უკვე 60 წელზე მეტი. ევოლუციის შემდეგი ეტაპი დაემთხვა 1988 წელს, როდესაც ამჯერად კანადურმა კომპანია პარა-ორდნანსმა წარმოადგინა კიდევ ერთი მოდიფიკაცია, პისტოლეტი განიერი ჩარჩოთი, რომელიც იტევდა ორ რიგიან მჭიდს. კიდე უფრო მოგვინებით ჩნდება 1911-ები ნაწილობრივ პლასტმასის ჩარჩოთი გათვილი მაღალი ტევადობის ორ რიგიან მჭიდებზე, განკუთვნილი სპორტული შეჯიბრებებისთვის. პირველი ასეთი პისტოლეტი დააზმადა ამერიკულმა STI-იმ.

1911-ის ნაირსახეობები

გარდა იმისა, რომ ჩნდებოდა უფრო მსუბუქი და მოსახერხებელი 1911-ის მოდიფიკაციები ასევე იყო მცდელობები 1911-ის ტრადიციული ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გაუმჯობესების ან საერთოდ მისი შეცვლის სხვა ტიპის მექანიზმით. 1911-ის ერთმაგი მოქმედების სასხლეტი,  შესაძლებელია არის საუკეთესო სასხლეტის კონსტრუქცია, რომელიც ოდესმე ყოფილა რომელიმე პისტოლეტზე და რომელიც ყოველთვის იყო ის რაც ყველაზე მეტად მოწონდათ და აფსებდნენ 1911-ის ფანატები. მიუხედავად ამისა, 1973 წელს ამერიკელი კონსტრუქტორი ლუის სიკემპი ქმნის ორმაგი მოქმედების სასხლეტის ნაკრებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ჩვეულებრივი 1911-ის გადაკეთება. ამ ნაკრებს ზომიერი წარმატება ხვდა წილად. 1990 წელს კოლტმა გამოუშვა მოდელი „დაბლ იგლ“ (Double Eagle), რომელიც მეტ წილად დაფუძნებული იყო სიკემპის კონსტრუქციაზე. „დაბლ იგლი“ არ იყო კომერციულად წარმატებული პისტოლეტი და 1997 წელს მისი წარმოება შეწყდა. 2000 წელს პარა-ორდნანსმა გამოუშვა ალბათ ერთადერთი წარმატებული 1911 ტიპის პისტოლეტი, რომელსაც არ ქონდა ტრადიციული, ერთმაგი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. მათ მიერ შექმნილი მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი LDA, დღემდე ყენდება უმეტეს მოდელზე და გარკვეული პოპულარობით სარგებლობს. მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმები ერთ დროს გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა, როგორც პოლიციურ სამსახურებში ისევე უბრალო მოქალაქეებში. წოდებული ჯეფ კუპერის მიერ როგორც „არარსებული პრობლემის იდეალური გადაწყვეტა“ მათი გამოჩენა იყო მცდელობა იმ დროს პოპულარულ პისტოლეტებში გაუქმებულიყო ჩახმახის შეყენების ფუნქცია. კაბინეტებში მობინადრე ტაქტიკოსების აზრით შეყენებული ჩახმახი ხდიდა პისტოლეტს განსაკუთრებულად საშიშს და ეს რეჟიმი მათი აზრით უნდა გაუქმებულიყო. სწორედ ამ მოდას მოყვა მათ შორის გლოკის პისტოლეტების სწრაფი პოპულარიზება და უკვე შემდგომ სხვა ანალოგიური პისტოლეტების პოპულარობა.  პრაქტიკულად ყველა იმ დროს (90-ების ბოლო წლები) პოპულარული ჩახმახიანი, ორმაგი მოქმედების პისტოლეტები გამოდიოდა ასეთი ტიპის სასხლეტებით (მათ შორის ბერეტა 92, სმიტ&ვესონის პისტოლეტები, ხეკლერ&კოხ-ები და ზიგ-ზაუერები). მოდამ პრაქტიკულად განაპირობა ერთმაგი მოქმედების პისტოლეტების სიკვდილი სამხედროებში და სამართალდამცავებში, ხოლო სამოქალაქოები ყოველთვის თვალს ადევნებდნენ ტენდენციებს და შესაბამისად ინტერესი ერთმაგი მოქმედების პისტოლეტებზე შემცირდა სამოქალაქო ბაზარზეც. დღეს 1911-ის გარდა, ერთმაგი მოქმედების პისტოლეტების რამდენიმე მოდელს უშვებს „ზიგ-ზაუერი“ და მათი 220-ე მოდელი ძალიან წააგავს 1911-ის კონფიგურაციას.  შესაძლებელია, რომ 1911 დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არ არის ყველაზე გამძლე კონსტრუქციისს მქონე, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე საშუალო 1911-ის სასხლეტიც მაინც არის უფრო უკეთესი ვიდრე თანამედროვე პისტოლეტების მექანიზმების 99%.

Para-Ordnance PXT Cary. მხოლოდ ორმაგი მოქმედების სუბკომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტი.  პრაქტიკა ადასტურებს, რომ სუბკომპაქტური 1911-ები ამ სისტემის ყველაზე არასაიმედო წარმომადგენლები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ 1911-ის კონსტრუქცია 100 წლის განმავლობაში პრინციპიალურად არ შეცვლილა თანამედროვე 1911 და ის პისტოლეტი, რომლითაც ამერიკელები იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში არის განსხვავებული რამეები. 50-ნი წლების დასაწყისში, პოლკოვნიკმა ჯეფ კუპერმა კარგად განსაზღვრა თავის დროზე ის რაც ასე ესაჭიროებოდა  1911-ს, რომ ის უფრო ეფექტური იარაღი გამხდარიყო. სამთავრობო მოდელს მისი აზრით ჭირდებოდა უფრო მსუბუქი სასხლეტი, სავაზნე და „რამპა“ რომელიც უზრუნველყოფდა მაღალი კლასისი თავადაცვითი მუხტების გამოყენებას და უფრო ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები. საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა ეს ყველაფერი (ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯეფ კუპერმა პირველმა შექმნა თანამედროვე თავდაცვითი სროლის სკოლა და ყველაფერს რასაც ის იძახდა ბევრი ხალხხი ყურადღებით ისმენდა)  და შემდეგი წლების განმავლობაში  1911-ის კონსტრუქციის დახვეწაში იარაღის ოსტატებმა უდიდესი როლი ითამაშეს. როგორც უკვე ვთქვი სწორედ მათ დაასწრეს კოლტს და მიხვდნენ რამხელა მოთხოვნა არსებობდა უფრო მსუბუქ და კომპაქტურ 1911-ზე. სანამ 1932 წელს, დიდი, სპორტული ტიპის სამიზნე მოწყობილობები გამოჩნდებოდა კოლტის მაღალი კალსის 1911-ზე – National Match მოდელზე, King Gun Works უკვე აყენებდა ასეთებს შეკვეთით. იგივე კომპანნიამ შესთავაზა მსროლელებს დიდი ზომის უფრო მოსახერხებელი მცველის ფორმაც. დღეს ყველაზე იაფი და „დამწყები“ 1911-ები აღჭურვილია კარგი, მსხვილი, ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობებით და ერგონომიული მცველებით.

ამერიკელი იარაღების ოსტატი არმანდ სვენსონი იყო პირველი ვინც შექმნა ორმხრივი მცველის კონსტრუქცია. ეს ოფცია დღეს არის სტანდარტი მაღალი კლასის 1911-ებზე. ასევე ოსტატებს ეკუთვნით ტარის ერგონომიული „კუდის“ ე.წ. „წავის კუდის“ კონსტრუქცია, რომელსაც ჯეფ კუპერი, 1911-ის ყველაზე დიდი და ცნობილი მოყვარული სინამდვილეში ამ დეტალის სპეციფიური ფორმის გამო მას უწოდებდა იხვის ნისკარტს.

ერთი პერიოდი იმისთვის, რომ 1911-ს ემუშავა ექსპანსიური ტყვიით აღჭურვილ ვაზნებთან საჭირო იქნებოდა იარაღის ოსტატთან მიტანა, რომელიც დაამუშავებდა “რამპას” და სავაზნეს, რომ იარაღს საიმედოთ „მოენელებინა“ ჩახვრეტილთავიანი ტყვიები, ხოლო ბილ ლაუდრიჯი იყო ერთადერთი ოსტატი, რომელიც მუშაობდა კოლტის ალუმინის ჩარჩოებთან, რისთვისაც იყენებდა გასაიდუმლოებულ მეთოდკიას. მოგეხსენებათ ალუმინის ჩარჩოების ზედაპირის დამუშავება ხდებოდა იმისთვის, რომ ზედა ფენა უფრო მყარი ყოფილიყო და უკეთესად გაეძლო ცვეთისთვის, ამიტომაც უბრალოდ ზედმეტი მეტალის მოხსნა და გაპრიალება აქ არ მუშაობდა. მას მერე რაც ასეთი ტიპის ამუნიცია გახდა ფართოდ გავრცელებული და სტანდარტული, ყველა მწარმოებელმა მიიღი ზომები რათა მათ იარაღს საიმედოთ ემუშავა ასეთ ამუნიციასთან ყოვლეგვარი გადაკეთებების გარეშე.

საექსტრაქციო ფანჯრის ფორმა ასევე შეიცვალა. ის გახდა უფრო განიერი, რამაც გააუმჯობესა ექსტრაქცია. სანამ ამას კოლტი განახორციელებდა, იგივეს აკეთებდნენ ოსტატები მსროლელების მოთხოვნით.

მცველის ფორმა გაუმჯობესდა და ძვირიან მოდელებში ის თითქმის ყოველთვის ორმხრივია.  ასევე ხელმისაწვდომია „დაბალი“ მცველები, რომელთა ავტორია იარაღების ოსტატი ამერიკიდან რობი ბარკმანი. ასეთი მცველები პოპულარულია კომპაქტურ და მუბუქ მოდელებზე, სადაც მაღალი ჭერა აუცილებელია იარაღის უკეთესი კონტროლისთვის.

უკეთეს კონტროლს და კომფორტულ ჭერას ასევე უზრუნველყოფს სქელი და განიერი ტარის მცველები, რომლებიც გახდა პოპულარულია 70-ან წლებში. ერგონომიკის მხრივ ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯი წინ ადრინდელი, პატარა და ვიწრო მცველებთან შედრებით, რომლითაც აღიჭურვებოდა ადრინდელი 1911-ები.

თანამედროვე 1911-ები თეორიულად უფრო უსაფრთხო იარაღები არიან ვიდრე ადრე. პრაქტიკულად ყველა თვადაცვითი/სამსახურეობრივი მოდელი აღჭურვილია დამრტყმელის ბლოკირატორით, რომელიც კეტავს დამრტყემლს და გამორიცხავს გასროლას თუ სასხლეტზე დაჭერა არ მომხდარა. დამრტყმელის ბლოკირატორი (შვარცის კონსტრუქციის) პირველად გაჩნდა 1983 წელს კოლტის მარკ 80/IV მოდელებში. თუმცა ამავე დროს ის ოფცოები რაც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას თავიდანვე იყო გათვალისწინებული ბრაუნინგის მიერ. ეს არის დისკონექტორი, რომელიც გამორიცხავს გასროლას თუ საკეტი ბოლომდე არ არის დახურული და ჩახმახის ნახევრად შეყენების საშუალება.  კომპანია კიმბერში ჩათვალეს, რომ სასხლეტის თვისებები არ უნდა იცვლებოდეს ბლოკირატორის გამო და შესთავაზეს მომხარებელს მოდელები,რომელშიც ბლოკირატორი ითიშება არა სასხლეტზე თითის დაჭერით არამედ ტარის მცველზე დაწოლით.

ამ სურათიდან კარგად ჩანს 1911 ევოლუციის შედეგები. პირველი იარაღი (მარცხნივ) არის თანამედროვე Springfield TRP Operator (ფასი აშშ-ში 1400 დოლარი), ხოლო მარჯვნივ სტანდარტული M1911A1. დააკვირდით რა გამოარჩევს TRP-ს ორიგინალური მოდელისგან: ტარის მცველის ფორმა (1) უზრუნველყოფს კომფორტულ ჭერას და სროლას; ჩარჩოზე განლაგებულ პიკატინის სამაგრი (2) უზრუნველყოფს ფარნის და ლაზერული დამიზნები ხელსაწყოების დაყენებას; რეგულირებადი დიდი ზომის სამიზნე მოწყობილობები (3) აადვილებს დამიზნებას; ტარის “ძაბრი” (4) აადვილებს ტარში მჭიდის მოთავსებას; საკეტის წინა ნაწილზე განლაგებულ ჭრილები (5) უზრუნველყოფს საკეტის კომფორტულ და საიმედო გადატენვას; ორმხრივი მცველი (6)  ირაღი ერთნაირად მოსახერხებელია მარცხენა და მარჯვენა ხელიდან სროლისთვის, და გადიდებულ საექსტრაქციო ფანჯარა (7) უფრო საიმედო ექსტრაქციისათვის.  შიგნით იმალება მაღალი სიზუსტით და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან დამზადებული დეტალები და რეგულირებადი სასხლეტი. ერთი სისტემა მაგრამ ორი ძალიან განსხვავებული იარაღი.

ამ გაუმჯობესების სიის გარძელება კიდე დიდიხანი შეიძლება. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ყველა ეს მცდელობა მიზნად ისახავდა გაუმჯობესდეს პისტოლეტის სამომხმარებლო თვისებები. ბევრი ოსტატი ეცადა გაეუმჯობესებინა პისტოლეტის ტექნიკური მხარე მაგრამ დრო ადასტურებდა ჯონ ბრაუნინგის გადაწყვეტილებების სისწორეს და ყველა ოსტატი დამარცხდა მცდელობებში შეექმნათ უფრო უკეთესი ტექნიკური  გადაწყვეტილებები ვიდრე შექმნილი თავის დროზე გენიალური ბრაუნინგის მიერ.

ოსტატების გარდა წარუმატებლობა განიცადეს დიდმა კომპანიებმაც. 1970 წელს კოლტმა შეცვალა „ბუშინგის“ ფორმა. ახალი კონსტრუქციის დეტალის ოთხი საცეცით ასრულებდა ზამბარის ფუნქციას და აუმჯობესებდა საკეტის და ლულის ჩაკეტვას და უზრუნველყოფდა უკეთეს სიზუსტეს. სამწუხაროდ ეს დეტალი არ გამოირჩეოდა საიმედოობით, ხშირად ტყდებოდა და კოლტი მალევე დაუბრუნდა ბრაუნინგის „ბუშინგის“ ოროგინალურ კონსტრუქციას. სურათის წყარო: www.sightm1911.com

თუ გავაგრძელებთ თანამედროვე და ადრინდელი 1911-ის შედარებას  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1911 იქმნებოდა პრაქტიკულად მე-19 საუკუნის ტექნოლოგიებით. დეტალების მორგება ადრინდელ 1911-ში იყო საშუალო, ხარისხიც მერყეობდა. დღეს სიტუაცია არის შეცვლილი და ჩემი ღრმა რწმენით დღევანდელი საწყისი დონის 1911-იც ბევრად უკეთესი პისტოლეტებია (თუ გამოყენებულია ხარისხსიანი მასალები და სწორი ტექნოლოგიები) ვიდრე ადრინდელი ორიგინალური ამერიკული 1911-ები. ამერიკულს იმიტომ ავღნიშნავ, რომ დღეს 1911-ის კარგ კლონებს უშვებს ბრაზილია, ჩინეთი, თურქეთი, ფილიპინები და რიგი სხვა ქვეყნების. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე დაზგა დანადგარები გაცილებით მეტი სიზუსტით ამზადებენ დეტალებს, პროპორციულად გაიზარდა 1911-ების სიზუსტე, საიმედოობა და რესურსი. რა განაპირობებს 1911-ს მაღალ თანდაყოლილ სიზუსტეს, რის გამოც ეს იარაღი პრაქტიკულად კონკურენციის გარეშეა ხარის თვალში სროლის შეჯიბრებებში? პირველ რიგში ალბათ თვითონ ვაზნა. .45ACP არის დაბალწნევიანი ვაზნა ასევე ცნობილი თავისი მაღალი თანდაყოლილი სიზუსტით, ხოლო ტყვია, რომელსაც ის ისვრის არის  მძიმე და შედარებით ნელი. როგორც ჩანს დაბალი წნევის გამო იარაღი სროლის დროს განიცდის ნაკლებ დეფორმაციას და რხევას, მთლიანად ფოლადის კონსტრუქცია ასევე ახშობს რხევას და უკუცემას. .45-ის რბილი ხასიათი ასევე დიდხანს ინახავს პისტოლეტს და 1911-ის ფოლადის ლულის საკეტის და ჩარჩოს რესურსი მრავალ ათას ვაზნას უძლებს. ნაწილობრივ ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თავის დროზე კოლტმა შეწყვიტა 9X19 და .38 Super-ზე გათვლილი მსუბუქი, სამეთაურო მოდელის გამოშვება. ერთ ერთი ვერსიით ეს ორი „ცხელი“ 9მმ-ნი ვაზნები ზედმეტად ტვირთავდნენ ალუმინის ჩარჩოს და იარაღის რესურსი მნიშვნელოვნად მცირდებოდა. .45 სიდინჯეს და სიზუსტეს დაუმატეთ პისტოლეტის შესანიშნავი ერგონომიკა, ლულის დაბალი ღერძი, სასხლეტის კოსნტრუქცია რომელიც უზრუნველყოფს მოკლე და ერთგვაროვან სვლას, ტარის ოპტიმალური კუთხე და მიიღებთ ყველა საჭირო ინგრიდიენტს ზუსტი სროლისთვის. საჭირო ხდება მხოლოდ ოსტატის ჩარევა, რომელიც მოარგებს დეტალებს და ყველაზე ზუსტი ავტომატური პისტოლეტი მზად არის.

პისტოლეტი ასევე ადვილად იშლება ბოლომდე რაც თავისი დროისთვის ასევე იყოს ძალიან იშვიათი. კონსტრუქცია მარტივი და გასაგებია.

ისიც  უნდა ავღნიშნო, რომ პროგრესს უარყოფითი შედეგებიც მოყვა. მაგალითად მწარმოებლები ცდილობენ გააიაფონ წარმოება და გაზარდონ მოგება და ამისთვის ხშირად გამოიყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც იარაღს არ უხდება. სამწუხაროა რომ ასეთ ხრიკებს მიმართვაენ არა მარტო ახალი და წვრილი კომპანიები არამედ მსხვილი მწარმოებლები ძალიან კარგი რეპუტაციით. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ყოველთვის ამას არ აქვს პირდაპირი გავლენა საიმედოობაზე და რესურსზე. დაგისახელებთ რამდენიმე მაგალითს, რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ. მაგალითად ამერიკული „კიმბერი“ უშვებს მოდელს „გრანდ რეპტორ ორი“ (Grand Raptor II), რომელიც ღირს 1500 დოლარზე მეტი. ეს არის ძალიან ლამაზი და მაღალ დონეზე შესრულებული პისტოლეტი. სამწუხაროდ ასეთი ფასის იარაღზე საბრძოლო ზამბარის დამჭერი არის პლასტმასის დეტალი, რომელიც შეღებილია ისეთი საღებავით, რომ გარედან ჩანდეს, როგორც ფოლადი. ასეთი კლასის იარაღში, ასეთი მწარმოებელი ასეთ ეკონომიას არ უნდა მიმართავდეს. ზოგ შემთხვევაში კი ზარალდება საიმედოობაც. მაგალითად ბრაზილიური „ტაურუსი“ თავიანთ PT 1911-ში იყენებს ლითონის ჩამოსხმის ტექნოლოგიით (MIM) დამზადებულ ექსტრაქტორებს და ეს დეტალი ითვლება ამ იარაღის ყველაზე სუსტ წერტილად. მე მაქვს ასეთი იარაღი, რომლის ექსტრაქტორი ჯერ კიდევ ჯანზეა მაგრამ ცალკე, ყოველი შემთხვევისთვის მე მაქვს შენახული „ვილსონ კომბატის“ ფრეზირებული სათადარიგო ექსტრაქტორი. ასევე ზოგი მწარმოებელი იყენებს ჩამოსხმულ საკეტს და ჩარჩოს (მაგ: კანადური „პარა-ორდნანსი“). თუმცა ითვლება რომ ფრეზირებით დამზადებული ჩარჩო და საკეტი უმჯობესია და უფრო უკეთესი ხარისხის დეტალებია. ერთ დროს „კიმბერში“ შეეცადნენ შეეცვალათ ექსტრაქტორის კონსტრუქცია უფრო იაფი გარე ექსტრაქტორით, რომელიც დღეს ყენდება ავტომატური პისტოლეტების უმეტესობაზე.  საჩივრების რაოდენობა იყო იმდენად დიდი, რომ მალევე კომპანია ისევ დაუბრუნდა ტრადიციულ შიდა ექსტრაქტორს. გარდა ტექნიკური წვრილმანებისა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ 1911-ის არჩევისას, ასევე გაითვალისწინეთ, რომ არის დიდი რაოდენობით უბრალოდ ცუდი ხარისხის 1911-ები, როდესაც მცირე წარმოებები ცდილობენ აიტაცონ ტენდენცია და „მოჭრან“ ფული. მაგალითი ამისა არის მაგალითად ამერიკული AMT Hardballer (1911-ის კლონი). სხვათაშორის სწორედ ეს პისტოლეტი უჭირავს არნოლდ შვარცენეგერს ფილმში „ტერმინატორ 2“ და პრინციპში ეს როლი კინოში იყო ყველაზე დიდი წარმატება ამ პისტოლეტის. რეალურ სამყაროში, დამზადებული უხარისხო უჟანგავი ფოლადისგან ეს პისტოლეტი კლასიფიცირდება, როგორც „ნაგავი 1911“.  ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს კარგი და ცუდი 1911-ები. არსებობს ქარხნული წესით დამზადებული, კონტროლ გავლილი პროდუქცია, არსებობს კვალიფიციური ოსტატების აწყობილი იარაღები და არსებობს იარაღები, რომლებსაც აწყობენ გაურკვეველი კომპონენეტებისგან, არაკვალიფიციური თვითნასწავლი პირები თავიანთ სარდაფებში. შესაბამისად გამოხმაურებებიც არის კარგიც და ცუდიც. შესაბამისად ორივე ტიპის გამოხმაურებები ძალიან ბევრია და მათზე დაყრდნობით რამე აზრის გამოტანა ძალიან ძნელია.  1911-ის პისტოლეტის იმდენი ნაირსახეობა გამოდის, რომ ამ შემოთავაზებების ყველა დეტალში გარკვევა არის ძალიან ძნელი. გარდა ამისა უამრავი კომპანია უშვებს დეტალებს, დეტალების ნაკრებებს, რომლისგანაც იწყობა იარაღები. 1911 დღემდე არის პისტოლეტი, რომლისთვისაც ყველაზე ბევრი არაქარხნული დეტალი და აქსესუარი გამოდის.  და ამიტომაც ეს სტატიაც იწერება იმისთვის, რომ მკითხველს ქონდეს საშუალება გაერკვიოს იმაში თუ რა ხდება 1911-ის სამყაროში და მიიღოს ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვან ნიუანსებზე, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. შეუძლებელია ერთ სტატიაშუ აღწერო, 1911-ის სრული ისტორია და ევოლუციის ყველა საფეხური. მე შევეცადე ყურადღება გამემახვილებინა ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალებზე.

გარდა ასე ვთქვათ წონითი კატეგორიებისა, რომელზეც მე ზევით დავწერე, ზოგადად 1911-ები იყოფიან ასევე მათი დანიშნულების მიხედვით. წარმოიდგინეთ სწორი ხაზი, ერთ ბოლოს არის სიზუსტე, მეორე ბოლოს არის საიმედოობა და ყველა 1911-ის მოდელი სადღაც ამ ორ წერტილს შუა არიან განლაგებული.  ამერიკელი იარაღების ოსტატი ფრენკ პაჩმაირი იყო პირველი ვინც დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა გავლენა ქონდა პისტოლეტის სიზუსტეზე  დეტალების მორგებას და დაშვებებს დეტალებს შორის. ის იყო ასევე ერთ ერთი პირველი ვინც დაიწყო 1911-ების „გაზუსტება“.  რაც უფრო ნაკელბი დაშვებებია დეტალებს შორის მით უფრო ზუსტია 1911. იმისთვის, რომ 1911-გან მიიღოთ მაქსიმალური სიზუსტე უნდა მოხდეს ლულის, საკეტის და „ბუშინგის“ მორგება და შემდეგ უკვე საკეტის და ჩარჩოს ერთმანეთის მიმართ მორგება. მაგალითისთვის დაშორება „ბუშინგსა“ და ლულას შორის სტანდარტულ საბრძოლო/სამსახურეობრივ 1911-ში იქნება დაახლოებით .005 დუიმი. იგივე დაშვება 1911-ში რომელიც განკუთვნილია ზუსტი სროლისთვის და აწყობილია ოსტატის მიერ, შეიძლება იყოს  .0001 დუიმი. ზოგი ასეთი მოდელი საჭიროებს წმენდას ყოველი 50 გასროლის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი წყვიტავს მუშაობას, მაგრამ გაწმენდილი და დაზეთილი ასეთი პისტოლეტი ისვრის 3.5სმ-ან ჯგუფებს 50 მეტრზე.  ოსტატებს შორის არის გარკვეული სტანდარტული დაშვებები, რომლებიც გამოიყენება სხვა და სხვა დანიშნულების იარაღის აწყობისას. ბუნებრივია, რომ ხარის თვალში სროლისთვის განკუთვნილი 1911 არ გამოდგება თავდაცვისთვის ან სამსახურეობრივი იარაღის როლისთვის. თუმცა ამავე დროს სტანდარტული კარგი ხარისხის 1911 იქნება უფრო ზუსტი ვიდრე ნებისმიერი 9მმ-ნი თანამედროვე პისტოლეტი. მაგალითად  მე შემიძლია გითხრათ რომ ჩემი კუთვნილი .45 კალიბრის „Taurus PT 1911” არის ყველაზე ზუსტი იარაღი, რომელიც მე მქონია.

1911-ის ფასებს რაც შეეხება, საწყისი დონის პიტოლეტები დამზადებული აშშ-ს გარეთ ღირს 500 დოლარიდან 600 დოლარამდე. ქარხნული ამერიკული მწარმოებლების საბაზისო მოდელების ფასი იწყება 800 დოლარიდან. პრემიუმ კლასის 1911-ს ფასი არის 1000-1500 დოლარი. “ჰაი-ენდ” 1911-ების ფასი იწყება 1500 დოლარიდან და აღწევს 3000 დოლარს, ხოლო სპეციალიზირებული სპორტული მოდიფიკაციები დამზადებული შეკვეთით შეიძლება ღირდეს 7-8 ათასი დოლარი.

მძიმედ მოდიფიცირებული 1911 (2011) განკუთვნილი სპორტული შეჯიბრებებისთვის - Limcat Custom Products-ის Razorcat. ფასი აშშ-ში 6500 დოლარი.

1911-ზე ჩემი პირადი შთაბეჭდილებების თემა რომ განვავრცო, სიმართლე გითხრათ დიდიხანი მე არ მჯეროდა 1911-ის უნიკალურობის და გამორჩეულობის და მე ნამდვილად  არ ვთვლიდი რომ ის იყო საუკეთესო პისტოლეტის დიზაინი. მე ვაღიარებდი რა მის კარგ ერგონომიკას და სხვა დადებით თვისებებს მაგრამ მე არასდროს არ ვიყავი 1911-ის ფანატი. მე მქონდა არც ისე სასიამოვნო გამოცდილება ისარელში გამოშვებულ 1911-ის მოდიფიკაციებთან კონკრეტულად კი „ბულ მ5“-თან (BUL M5 Ultra-X), რომელიც თავიდანვე იყო ძალიან პრობლემური და არასრულყოფილი პისტოლეტი. სამუშაოები, რომელიც მე მაგ იარაღზე ჩავატარე იმისთვის რომ მას ემუშავა იყო რთული და საკმაოდ ხარჯიანი. მე დამჭირდა ძალიან დიდი მოცულობის ლიტერატურის წაკითხვა, ხანგრძლივი სასწავლო ვიდეო ჩანაწერების ყურება და კონსულტაციები ჩემ უცხოელ მეგობრებთან, იმისთვის, რომ გავრკვეულიყავი იმაში თუ როგორ მუშაობს 1911. სამუშაოების არასრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: მჭიდის მიმწოდებლების გადაკეთება, ახალი ჩახმახის, „შეპტალოს“ და ტარის მცველის მორგება, სამიზნე მოწყობილობების გადაკეთება. საბოლოო ჯამში პისტოლეტი ამუშავდა და ისროდა შესაშურ ჯგუფებს (პრაქტიკულად ერთი ნახვრეტი 12 მეტრზე) და ეს მიუხედავად ძალიან მოკლე ლულისა. ამან მე დამაფიქრა 1911-ის რეალურ პოტენციალზე. ბუნებრივია მე ჭურში არ ვზივარ და ამომწურავი თეორიული ინფორმაცია მქონდა 1911-ებზე მაგრამ საჭირო იყო თავად დავრწმუნებულიყავი ყველაფერში. ერთი ორ “ბულთან” ურთიერთობა და არც ისე სასიამოვნო გამოცდილება არ მაძლევდა მე უფლებას გამევრცო ეს ნეგატიური გამოცდილება ზოგადად ყველა 1911-ზე, თუმცა გარკვეულწილად ჩემთვის ხდებოდა გასაგები რა იყო ამ სისტემისთვის დამახასიათებელი სუსტი მხარეები. მაგრამ სუსტ მხარეებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჯერ მხოლოდ კარგი მხარეები განვიხილოთ. არც ისე დიდიხნის წინ მე როგორც იქნა ჩამივარდა ხელში კლასიკური სქემის მქონე პისტოლეტი, ბრაზილიური „ტაურუსი პტ1911“, რომელიც პრაქტიკულად ბოლომდე იმეორებს კალსიკურ სამთავრობო მოდელს. აი ეს პისტოლეტი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს ბიუჯეტურ მოდელს, თუმცა ამავე დროს გაჯერებული ძვირიანი მოდელების ოფციებით, გახდა ერთ ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემთვის. გავიმეორებ იმას რაც უკვე აქ ერთხელ ვთქვი, “პტ 1911″ არის ყველაზე ზუსტი და ერგონომიული იარაღის რომელიც მე ოდესმე მქონია. მას აქვს საუკეთესო სასხლეტი და სიზუსტით ის უკან იტოვებს ყველა იმ ათეული მოდელის პისტოლეტს რომელიც მე აქამდე მქონია. ჩემთვის ეგრევე გახდა გასაგები, რატომ ყავს ამ იარაღს ამდენი ფანატი.  აქ მინდა შევჩერდე და ორიოდე სიტყვა ვთქვა გამოყენების ფილოსოფიაზე. ანუ რაში იყენებთ იმ იარაღს რაც თქვენ გაქვთ, თუ თქვენი გამოყენების ფილოსოფია და იარაღის დანიშნულება ერთმანეთს არ ემთხვევა მაშინ ჩნდება პრობლემები.  შევეცდები ავხსნა რას ვგულისხმობ. ჩვენ ოპერებს დღემდე ძალიან მოწონთ „მაკაროვი“. ის მინიმალურ მოვლას ითხოვს, საიმედოა და უფრო კომფორტულია ყოველდღიური ტარებისთვის. ანუ ყოველდღე სათრევად ის ურჩევნიათ „იერიხოსაც“ და HS9-საც. მაგრამ, როდესაც საქმე მიდის შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მაკაროვი თავისი მიკროსკოპიულო სამიზნე მოწყობილობებით, მძიმე სასხლეტით და სუსტი, პრაქტიკულად მრგვალი, გარსით დაფარული ტყვიით არის საშინელი არჩევანი. თეორეტიკოს რემბოებს უყვართ „მაკაროვი“ იმიტომ რომ მათ უბრალო არავინ არ თხოვს სამიზნეს წინ დგომას და მაღალი შედეგის ჩვენებას. სიმბოლური როლის შესასრულებლად კი ის იდეალურია.  იგივენაირად, რომ გავაანალიზოთ 1911, ერთის მხრივ სამთავრობო მოდელი არის მძიმე და დიდი იარაღი, რომლის ყოველ დღე ტარება საკმაიოდ რთულია. ის იწონის 1100 გრამს ვაზნების გარეშე. მჭიდი ერთ რიგიანია და იტევს 8 ვაზნას. დღევანდელი სტანდარტებით ის მორალურად მოძველებულია და ეს არის ფაქტი. მაგრამ, ამავე დროს ყველა სხვა მაჩვენებლით ის ან ერთ რიგში დაგას ან ბერად ჯობნის სხვა პისტოლეტებს.  იარაღი გახარებთ თქვენ ქირურგიული სიზუსტით, ხოლო ერგონომიკა არის იდეალური. ჩემი აზრით 1911 არის ყველაზე ერგონომიული პისტოლეტი, რომელიც მე ოდესმე მჭერია ხელში. პრინციპში 1911-ის  ერგონომიკას არავინ არ აყენებს ეჭვქვეშ, მათ შორის 1911-ის აპოლოგეტები. ის არის ალბათ ერთადერთი პისტოლეტი, რომელზეც მე ვწვდები მჭიდის ღილაკს, საკეტის შემაკავებელს და მცველს ისე რომ ჭერას არ ვიცვლი. ლულის ღერძი როგორც ავღნიშნე არის დაბალი, რის გამოც ლულის ხტომა არის მინიმალური ხოლო დამატებით დიდი წონა ადვილად ახშობს უკუცემას. ტარის კუთხე არის იდეალური, და დახუჭული თვალებით რომ 1911 წარმოსახვით სამიზნეს დაუმიზნოთ და თვალი გაახილოთ დაინახავთ რომ სამიზნეს ზუსტად უმიზნებთ. მასად აიუბმა ერთხელ დაწერა რომ სანამ სიტყვა ერგონომიკა საერთოდ გაჩნდებოდა ჯონ ბრაუნინგმა უკვე იცოდა ეს რა იყო. არ შემიძლია არ დავეთანხმო მას, იმიტომ რომ 1911 ნამდვილად არის ერგონომიკის ეტალონი. 100 მეტრზე სროლა? არანაირი პრობლემა. ერთადერთი რაც გზღუდავთ ამ ნაძილზე სროლისას იქნება თქვენი თვალის შესაძლებლობები და თქვენი უნარი ზუსტი სროლის. იარაღი თავისმხრივ მოგყვებათ თავისუფლად, მთავარია თქვენ თქვენზე დაკისრებული ფუნქცია შეასრულოთ.  მე მივიღე ეს ოდენ სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამწყები დონის, ბიუჯეტური 1911-სგან.  შესაძლებელია წარმოიდგინოთ რა ზღაპრული იარაღები იქნება მაღალი კლასის 1911-ები, „Les Baer“ ,  „Ed Brown” ან „Nighthawk“. 1911 არის გამოცდილი მსროლელის პროფესიონალური ინსტრუმენტი. ის მოითხოვს ცოდნას და დისციპლინას. დარწმუნებული ვარ 99% ამ ტექსტის წამკითხავების სასტიკად არ დამეთანხმება, თუ მე ვიტყვი რომ 1911-ის ტარების პჩვეულებრივი პრაქტიკა გულისხმობს ვაზნას სავაზნეში, შეყენებულ ჩახმახს და ჩართულ მცველს. ზუსტად ასეთი ფორმატით ტარებისთვის შექმნა ბრაუნინგმა ეს იარაღი. ზოგადად შემდეგი „მზადყოფნის“ მდგომარეობია მირებული 1911-თან მიმართებაში: მდგომარეობა 0: ვაზნა სავაზნეშია, ჩახმახი შეყენებულია, მცველი გამორთულია; მდგომარეობა 1(cocked and locked): ვაზნა სავაზნეშია, ჩახმახი შეყენებულია, მცველი ჩართულია; მდგომარეობა 2: ვაზნა სავაზნეშია, ჩახმახი დაწეულია;მდგომარეობა 3: სავაზნე ცარიელია, ჩახმახი დაწეულია, სავსე მჭიდი იარაღშია;მდგომარეობა 4: სავაზნე ცარიელია, ჩახმახი დაწეულია, იარაღში მჭიდი არ დევს. ტექნიკურად მდგომარეობა 1 არის საუკეთესო ბალანსი სისწრაფესა და უსაფრთხოებას შორის მაგრამ ის სასტიკად აშინებს ხალხს, რომლებსაც არ ესმით როგორ არის 1911 მოწყობილი.

მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს სამართალდამცავებში და სამხედორებში 1911 სარგებლობს დიდი პოპულარობით.  და გარდა ამისა უნდა გავითვალისწინოთ რა ის ფაქტი, რომ 1911 აშშ-ს გარეთ ძალიან ზომიერი პოპულარობით სარგებლობდა. მიზეზი ამისა არის ვაზნა და იარაღის გაბარიტები. 1911 წელს საშუალო ადამიანი უფრო პატარა და სუსტი იყო ვიდრე დღეს. ყველას არ მოწონდა პისტოლეტის დიდი ზომა და ეკზოტიკური კალიბრი. ფეირბარნის და საიკსის წიგნში Shooting to Live ნახსენებია, რომ აზიელი პოლიციელები (წიგნში აღწერილია შანხაის პოლიციის გამოცდილება) რთულად ითვისებდნენ .45 კალიბრის 1911-ებს და ხშირად მათი შეიარაღება იყო უფრო მსუბუქი და კომპაქტური კოლტის 1903 წლის მოდელი, გათვლილი უფრო სუსტ ვაზნაზე (.380ACP ან .32ACP).   როდესაც მე ვკითხე ჩემ ებრაელ მეგობრებს რა პოზიციები უჭირავს 1911-ს ისრაელში, მივიღე ასეთი პასუხი: იარაღი ძვირია, ვაზნები ძვირია, ნაწილები ცოტაა, რამდენჯერაც დავაპირებთ 1911-ის ყიდვას, ვამთავრებთ მორიგი გლოკის შეძენით. 9მმ-ან 1911-ის ასლებს უშვებდნენ დიდი რაოდენობით ესპანეთში, მაგრამ სამწუხაროდ ეიბარის პროდუქცია იყო ძალიან დაბალი ხარისხის. გარდა ამისა 9მმ-ნი 1911-ს არ აქვს ისეთი რეპუტაცია იტყუარი იარაღის, როგორც .45 კალიბრის  1911-ს. ზოგადად პირველი ქვეყანა სადაც დაიწყო 1911-ის ლიცენზირებული წარმოება იყო ნორვეგია. 1919 წლიდან 30-ნი წლების დასაწყისამდე ნორვეგიაში დამზადდა დაახლოებით 20 000 პისტოლეტი. მოდამ ორმაგი მოქმედების დახურულ დამრტყმელოიან პისტოლეტებზე გამოდევნა 1911 პოლიციური სამსახურების შეიარაღებიდან. მე არ მეგულება აშშ-ში არც ერთი პოლიციური დეპარტამენტი, რომელიც შეიარაღებული იყოს 1911-ით. ამავე დროს მე ვერ ვიტყვი, რომ 1911-ის შესანიშნავი საბრძოლო თვისებები ოფიციალური სტრუქტურების მიერ არ არის  დაფასებული საერთოდ. მინიმუმ ორი ძლიერი სამხედრო სპეციალური დანიშნულების დანაყოფი კვლავ იყენებს 1911-ებს. ერთი არის აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სადაზვერვო  ნაწილები და ასევე არმიის სპეც რაზმი, რომელსაც უფრო იცნობენ “დელტას” სახელით. საზღვაო ფეხოსნები ოდიდგნავე იყენებდნენ 1911-ებს, ჯერ საკუთარი მეიარაღეების აწყობილ და მოდიფიცირებულ 1911A1-ებს და ეხლა უკვე „კიმბერის“ მიერ სპეციალურად მათთვის, მათი სპეციფიკაციებით დამზადებულ ახალ პისტოლეტებს.  აშშ-ში ასევე ორი ძლიერი სამართალდამცავი დანაყოფი იყენებს 1911-ებს. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მძევლების გათავისუფლების ჯგუფები და ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის SWAT დანაყოფი. ორივე იყენებს 1911-ებს. პირველს აწვდის იარაღებს Springfield Armory, მეორეს “Kimber“-ი.  იქ სადაც გაბარიტებს და მასას არ აქცევენ ყუარადღებას მაგრამ ითხოვენ მაღალ სროლისუნარიანობას 1911 ჯერ კიდევ დომინირებს. ლაპარაკი მაქვს ცხადია დინამიური სროლის დისციპლინებზე და არა ამრტო. 1911, თავის თვისებების გამო სსპორტულს დისციპლინებში დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს და წარმოდგენილია როგორც ასე ვთქვათ აკადემიურ დისციპლინებში (ზუსტი სროლა სტატიკური პოზიციიდან, ხარის თვალში სროლა) ასევე დინამიური სროლის დისციპლინებში (IPSC, IDPA, Steel Shooting, Bianchi Cup  და ასე შემდეგ). სპორტსმენებს მოწონთ 1911 სროლისუნარიანობა და ასევე ის რომ ხელმისაწვდომია 1911-ის დიდი არჩევანი, უამრავი ნაწილი და აქსესუარი და რა თქმა უნდა ბევრი კარგი ოსტატი, რომელიც სპეციალიზირდება 1911-ების გაუმჯობესება/მოდიფიცირებაზე. ხანდახან გამარჯვებულების სიებში (დისციპლინები სადაც ასპარეზობენ მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული იარაღებით) გაიელვებს “გლოკი” ან „CZ” მაგრამ ლომის წილი გამარჯვებების მოდის სწორედაც, რომ 1911-ზე, რომელიც რჩება ნომერ პირველ პლატფორმად სპეციალიზირებული იარაღის შექმნისას. გარკვეული დასტური 1911-ის გამორჩეულობის ასევე არის შემდეგი ფაქტიც. ალბათ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ფართოდ არის გავრცელებული სხვა და სხვა სასროოლოსნო დისციპლინები, რომლებშიც გამოიყენება სტანდარტული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც არის ან იყო შეიარაღებაში.  წლების განმავლობაში გრძელი იარაღი ასეთ შეჯიბრებებში იცვლებოდ. ჯერ იყო სპირნგფილდის 1903 წლის მოდელის შაშხანა, შემდეგ გარანდის კონსტრუქციის შაშხანა, შემდეგ M14 შემდეგ კი M16, მხოლოდ 1911 კვლავ რჩება ძირითად პისტოლეტად, რომელიც გამოიყენება შეჯიბრებებში სადაც ასპარეზობენ პისტოლეტით. სამოქალაო სექტორს რაც შეეხება მანდ 1911 არის ცალკე კულტი. და ასეთი პისტოლეტის ფლობა ითვლება ვალდებულებად, ყველას აქვს 1911 ან ყველა ნატრულობს ასეთის ფლობას. გარდა შესანიშნავი საბრძოლო და სამომხმარებლო თვისებებისა ამ იარაღს აქვს უდიდესი ისტორია და რაც მთავარია განსხვავებით პარაბელუმებისგა, ვალტერებისგან, ტტ-ებისგან და ნაგანებისგან, 1911 ყოველთვის იყო ასე ვთქვათ კარგი ბიჭების ხელში. იმაზე არაფერს არ ვიტყვი, რომ 1911 ბევრად უკეთესი იარაღია ვიდრე უკანასკნელები. მე შემიძლია დაგარწმუნოთ თქვენ, რომ  აურა და ქარიზმა რომელიც 1911-სგან იგრძნობა არ დაგტოვებთ თქვენ გულგრილს, ისევე როგორც არ ტოვებს გულგრილს არც ერთ იარაღის მოყვარულს. მისი განსაკუთრებულობა, დამსახურება, ისტორია, მიღწევები იგრძნობა, საკმარისია ხელში აიღოთ ის ან თუნდაც უბრალოდ ზედ დახედოთ.

და სტატიის ბოლოს ყურადღება გავამახვილოთ 1911-ის ნაკლოვანებებზე. მასაზე და გაბარიტებზე უკვე ვთქვით, ისევე როგორც ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმზე. მაგრამ გარდა ამისა სხვა ნიუანსებიც არსებობს. პისტოლეტის ავტომატიკის სქემა იყენებს გადაწყვეტილებას, რომელიც დიდიხანია აღარ გამოიყენება. კონკრეტულად ლულის მოძრაობის უზრუნვლეყოფა  აჭვის რგოლის მეშვეობით. ეს რგოლი საკმაოდ პატარა დეტალია და მაგრდება ლულაზე ასევე პატარა და წვრილი შტიფტით. ე.წ. მოდიფიცირებული ბრაუნინგის სქემა იყენებს დახრილი ფორმის კუთხეების, რომელბიც არ ცდება, უფრო გამძლეა და აუფრო ადვილად მზადდება.  უმეტესობა პისტოლეტების იყენებს ბჯენებს, რომლებიც შესრულეებულია სავაზნესთან ერთად და იკეტება საექსტრაქციო ფანჯრის ერთ მხარეზე, როგორც პირველად ეს განხორციელადა „ზიგ-ზაუერ“ 220-ში. ეს მეთოდი უფრო ტექნოლოგიურია, იაფია და გაცილებით უფრო საიმედოა ვიდრე პისტოლეტის (1911-ის) საკეტის შიგნით განლაგებული ბჯენები. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი კომპანია აწარმოებს პისტოლეტებს და დეტალებს, როგორც წესი არც ერთი დეტალი 1911-ის არ არის drop-in დეტალი. ანუ მას უბრალოდ ვერ დააყენებ იარაღზე და როგორც წესი საჭირო არის მისი მორგება. მორგების გარდა შეიძლება საჭირო გახდეს დეტალის თვისებების შეცვლა. ექსტრაქტორის ტუნინგი, რომელიც ასრულებს ორ ფუნქციას, ის უზრუნველყოფს მასრის ამოღებას სავაზნიდან და ამავე დროს თვითონ ასრულებს ზამბარის როლს. იგივე ეხება ეჟექტორს, რომელიც მოკლდება და ეცვლება ფორმა იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ოპტიმალური ექსტრაქცია.  საექსპლუატაციო თვისებებს რაც შეეხება, სასურველი იქნებოდა რომ ჩართულ მცველზე შესაძლებელი იყოს საკეტის მოძრაობა და იარაღის განმუხტვა ან ვაზნის მიწოდება სავაზნეში. პისტოლეტი შედარებით ძნელად იშლება. არაფერი განსაკუთრებული მის დაშლაში არ არის მაგრამ შეკუმშულ დამაბრუნებელ ზამბარაზე ბუშინგის  წამოცმამ შეიძლება ცოტათი გაგაწვალოთ. ცხადია უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც უკვე ავღნიშნე ეს პისტოლეტი იქმნებოდა მე-19 საუკუნის ტექნოლოგიებით. არ შეიძლება იყო ზედმეტად ხისტი მისი შეფასებისას და უნდა აღინიშნოს, რომ ის იყო საუკეთესო პისტოლეტი თავის დროზე და დღემდე რჩება ერთ ერთ საუკეთესოდ. დღემდე მას უშვებს რამდენიმე ათეული კომპანია აშშ-ში და დანარჩენ მსოფლიოში და დღეს ის რაოდენ პარადოქსალურიც ეს არ უნდა იყოს უფრო პოპულარულია ვიდრე ოდესმე.

ერთი თვალის გადაველბითაც ჩანს რამდენად უსწრებდა M1911 თავის დროს და თავის კონკურენტებს.

 

 



One Response to “M1911A1 – ლეგენდა გრძელდება”

  1. jurkha says:

    ძალიან მაგარი სტატიაა ბატონო ლევან, ყოველმხრივად საინტერესო და შემეცნებითი, დიდი მადლობა. P.s ჩემი ოცნების პისტოლეტია.

დატოვეთ კომენტარი