Taurus PT-92 – “ბესტსელერი” ბრაზილიიდან

მინდა გამოგიტყდეთ, რომ  მე განსაკუთრებულად თბილი გრძნობები მაქვს ბერეტა 92-ის მიმართ. ჩემ ასეთ განწყობას პრინციპში იზიარებს ძალიან ბევრი სხვა მსროლელიც, რომლებიც თვლიან, რომ ბერეტა 92-ს უკავია განსაკუთრებული ადგილი სხვა ურიცხვ 9მმ-ან პისტოლეტს შორის. ამიტომაც როდესაც გამიჩნდა საშუალება ახლოს გამეცნო იტალიური პისტოლეტის ბრაზილიური კლონი მე ერთის მხრივ ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი და ამავე დროს მინდოდა რომ ტაურუსი PT-92 გამომდგარიყო კარგი იარაღი. სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი იმიტომ, რომ ბერეტა 92 ცნობილია დამზადების უმაღლესი ხარისხით, რომლის გამეორებას ბრაზილიელები ჩემი მოლოდონების მიხედვით ვერ შეძლებდნენ და შესაბამისად ტაურუსი იქნებოდა უარესი ვიდრე ბერეტა, მაგრამ რამდენად?  მეორეს მხრივ მე ძალიან მიყვარს ბრაზილია, პორტუგალიური ენა და ყველაფერი რაც ამ ლამაზ ქვეყანასთან ასოცირდება და გარდა ამისა პისტოლეტი რომელიც ორჯერ ნაკლები ღირს საქართველოში ვიდრე ორიგინალური 92, იქნებოდა ჩემთვის კარგი შენაძენი.

ჩვენი ტესტირების ობიექტი არის Taurus PT-92, 9მმ-ნი, შავი ფერის დაფარვით, შავი პლასტამსის ტარის პანელებით და ადრინდელი 15 ვაზნიანი მჭიდებით. მოდელი 99 არის იგივე რაც 92, მაგრამ რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობებით. მოდელი 100 არის იგივე 92, გათვლილი .40S&W-ზე.

PT-92 მაინც ალბათ არ არის ბერეტას კლონი/კოპია კლასიკური გაგებით.  საქმე იმაშია, რომ ქარხანა სადაც ეს პისტოლეტი იწყობა აშენებულია ბერეტას მიერ და დაკომპლექტებულია ამავე კომპანიის მომზადებული ტექნიკური პერსონალით. 1980 წელს, როდესაც ბერეტამ შეასრულა ყველა ვალდებულება გათვალისიწნებული კონტრაქტით ბრაზილიის სახელმწიფოსთან მას წესით და რიგით უნდა დაეშალა ქარხანა და გადაეტანა დაზგა-დანადგარები იტალიაში, რაც არ იყო მიზანშეწონილი და გარდა ამისა ჯდებოდა ძალიან ძვირი. ასე, რომ 1980 წელს, ბრაზილიურმა კომპანიამ Forjas Taurus-მა უბრალოდ შეიძინა ეს ქარხანა ბერეტასგან და როგორც ღია წყაროები იუწყება ასევე დატოვა სამსახურში ყველა ის ადამიანი ვინც მანამდე იქ მუშაობდა. წარმოებამ გადაინაცვლა სან პაოლოდან, პორტო ალეგროში სადაც ტაურუსის სხვა საწარმოები იყო განლაგებული. გადმობარგებიდან  უკვე ორ კვირაში ქარხანამ გამოუშვა პირველი PT-92.

წლების განმავლობაში PT-92 განიცდიდა გარკვეულ ცვლილებებს. 91 წელს, მცველს დაემატა დეკოკერის ფუნქცია და შეიცვალა სამიზნე მოწყობილობების ფორმა.  90-ების ბოლოს შეიცვალა ტარის და საკეტის დიზაინი. 2005 წლიდან ყველა PT-92 გამოდის უნივერსალური პიკატინის ტიპის სამაგრით ჩარჩოზე.

ამჟამინდელი სტანდარტული PT-92. PT გაიშიფრება, როგორც Pistola Taurus (ტაურუსის პისტოლეტი). ახალი პისტოლეტი იყიდება მუყაოს საფირმო ყუთში და მას მოყვება ორი მჭიდი, ლულის საწმენდი ჯაგრისი, ინსტრუქცია და ინტეგრირებული უსაფრთხოების საკეტის გასაღები).

ბუნებრივია მას მერე რაც მე პირველად ავიღე ტაურუსი ხელში, მე დავიწყე მისი შედარება იტალიურ ორიგინალთან. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ PT-92 გამოირჩევა ბერეტასგან გარკვეულ დეტალებში. მთავარი განსხვავება არის მცველის განლაგება.  უმეტესობა ბერეტა92-ის მოდიფიკაციაზე ის განლაეგბულია საკეტზე, რაც ბევრი გამოცდილი მსროლელის ნეგატიური გამოხმაურებების მიზეზი იყო. მცველის თითით გათიშვა ისევე ადვილია, როგორც ძალაუნებირად საკეტის გადატენვისას მისი ჩართვა. გარდა ამისა ჩემი მოკრძალებული აზრით ბერეტა 92-ის საკეტი იყო ზედმეტად რთული  და ძნელად იშლებოდა წმენდისთვის. სიმართლე გითხრათ მე არც გამიბედავს მისი დაშლა, უბარლოდ მეშინოდა დამეზიანებინა, რომელიმე ნაწილი ამ ძვირადღირებულ იარაღზე. PT-92-ის საკეტი ამ მხრივ არის უმარტივესი კონსტრუქციის. გარდა ამისა მცველი, რომელიც ჩარჩოზეა განლაგებული ასევე ასრულბს დეკოკერის როლს.  დეკოკერი კიდე არის ყვეელაზე იოლი, სწრაფი და უსაფრთხო საშუალება დაუშვათ სასხლეტი. მისი არ არსებობა კატასტროფა და ნაკლი არ არის, მაგრამ მისი არსებობა ძალიან აადვილებს ცხოვრებას მსროლელისთვის და უნებლიე  გასროლის საშიშროებას მნიშვნელოვნად ამცირებს. უმნიშვნელოდ განსხვავებულია ასევე საკეტის დიზაინი. დამატებით უნდა ავღნიშნო, რომ მცველის ჩართვა შესაძლებელია ჩახმახის ნებისმიერ მდგომარეობაში ყოფნისას (შეყენებული, ნახევრად შეყენებული, დაშვებული). მე მიმაჩნია, რომ ორმაგი მოქმედების პისტოლეტში მცველი საერთოდ ზედმეტია, მაგრამ თუ ის არსებობს მაშინ ის უნდა ირთვებოდეს მხოლოდ შეყენებულ ჩახმახზე (როგორც მაგალითად ჩზ75-ის შემთხვევაში). მცველი PT-92-ზე ორმხრივია. დამატებით პისტოლეტი აღჭურვილია დამრტყმელის ავტომატური მცველით (ქვედა სურათი, დეტალი 1.7)

ამ სურათიდან ჩანს რამდენად მარტივი კონსტრუქცია აქვს PT-92-ის საკეტს ბერეტას იგივე დეტალთან შედარებით.

რა გასაკვირია არის განსხვავება შესრულებაშიც. PT-92-ს არ აქვს ტოვებს იმ მექანიკური სრულყოფილების შთაბეჭდილებას, რომელსაც ტოვებს ბერეტა 92.  მე არ ვიძახი რომ PT-92 არის ცუდი, პირიქით, უბრალოდ ის არ არის ბერეტა. მეორეს მხრივ PT92-ს პრაქტიკულად არ გააჩნია ჩარხების დატოვებული კვალები, ის კარგად აწყობილია, საკეტის და ლულის მუქი ოდნავ ნაცრისფერი დაფარვა მას სერიოზულ იერსახეს აძლევს. მთლიანობაში PT-92 ტოვებს ძალიან კარგ შთაბეჭდილებას. დაშლისას შთაბეჭდილებები არ ფუჭდება. განსხვავებით ბერეტასგან, დამაბრუნებელი ღერძის აქ არის ფოლადის. ეს პატარა მაგრამ სასიამოვნო წვრილმანია. მართალია 80-ნი წლების მერე ბერეტა და ტაურუსი სხვა და სხვა გზებით წავიდნენ, რაც გამოიხატა იმაში, რომ ტექნიკურად პისტოლეტები მეტ ნაკლებად განსხვავდებიან, მაგრამ მათი ოპერატორის თვალსაზრისით, ორივე იარაღი პრაქტიკულად იდენტურია. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი არის ორმაგი მოქმედების, ხოლო ავტომატიკის სქემა არის იგივე რაც ბერეტა 92-ში, რომელსაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ვალტერ პ38-ის სქემა.

მჭიდები კარგი ხარისხის ჩანს. ხუფები პლასტმასისგან არის დამზადებული.  ამ კონკრეტულ იარაღს მოყვა 15 ვაზნიანები, თუმცა ახალი მჭიდები არის 17 ვაზნიანი. გარდა ამისა იტალიური კომპანია MecGar უშვებს 18 ვაზნიან მჭიდებს, რომლებიც სტანდარტული სიგრძის არის. შესაძლებელია ასევე ბერეტა 92-ის მჭიდების მოდიფიცირება, რომ შესაძლებელი გახდეს მისი გამოყენება ბრაზილიურ პისტოლეტში.

სროლისას პისტოლეტი ავლენს ყველა იმ თვისებას რის გამოც მე ასე მიყვარს ბერეტა 92. მოკლე “სწრაფი” სასხლეტი, მოკლე “რესეტი”, უკუცემის არ არსებობა, პისტოლეტი არ დახტის ხელში, სამიზნე მოწყობილობები რჩება სამიზნეზე, რის გამოც სწრაფი და ზუსტი სროლა ძალიან ადვილია. პისტოლეტი იწონის 920 გრამს ვაზნების გარეშე და ასეთი მასა ადვილად ახშობს უკუცემას.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს PT-92-ის სასხლეტი. პისტოლეტი არის ორმაგი მოქმედების. ორმაგი მოქმედების რეჟიმში სასხლეტის სხვლა შეადგენს  1.8 სმ-ს. წონა არის დაახლოებით 4 კგ. ერთმაგი მოქმედების რეჟიმში წონა შეადგენს 2.3 კგ-ს. სასხლეტი არის რბილი და ერთგვაროვანი ორივე რეჟიმში. რამდენიმე კვირის წინ მე მომიწია სხვა ტაურუსიდან სროლა. ეს იყო .45 კალიბრის PT-845, რომელსაც ასევე ქონდა ძალიან სასიამოვნო სასხლეტი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კარგი სასხლეტი უნდა იყოს დამახასიათებელი ყველა ტაურუსის პისტოლეტისთვის. ხოლო ბიუჯეტურ პისტოლეტზე ასეთი სასხლეტის “აღმოჩენა” ყოველთვის არის ორმაგად სასიამოვნო და კარგი სიზუსტის საწინდარი.

ახალი ტაურუსები აღჭურვილია უსაფრთხოების საკეტით. პისტოლეტი იკეტება გასაღებზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის უნებართვო გამოყენებას. სურათის წყარო www.shootingillustrated.com

ხელიდან სროლისას, 15 მეტრის მანძილზე ჯგუფების სიგანე იშვიათად ცილდებოდა 6 სმ-ს. ეს არ არის ყველაზე კარგი შედეგი, რომელიც მე მინახავს, მაგრამ არც ყველაზე ცუდი არის. მე მეტს მოველოდი მაგრამ ჩემი აზრით პისტოლეტი საჭიროებს მიჩვევას. უფრო სწორედ მიჩვევას საჭიროებს მისი სამიზნე მოწყობილობები. უკანა სამიზნე მოწყობილობის ღარი ჩემი აზრით არის ზედმეტად განიერი ხოლო სამიზნე მოწყობილობები უნდა იყოს უფრო დიდი და ადვილად ხილვადი. სამწუხაროდ ტაურუსს გადმოყვა ბერეტა92-ის წინა სამიზნის კონსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს საკეტის განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად რომ დააყენოთ ახალი “მუშკა” საჭირო გახდება ხელოსნის ჩარევა. უკანა სამიზნე მოწყობილობის რეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ჰორიზონტალურ სიბრტყეში (მოდელ 99-ს აქვს რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა). სროლის დროს არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. გაითვალისწინეთ, რომ მჭიდის გარეშე სროლა (სავაზნეში ცალი ვაზნა) პრაქტიკულად ავტომატურად ნიშნავს დაბრკოლებას. მასრის ექსტრაქცია არ მოხდება. აღნიშნული ახასიათებს მის წინადმორბედ ვალტერ პ38-ს და ასევე რამდენიმე სხვა პისტოლეტს, მაგალითად Steyr M9-ს. ეს ნაკლი არ არის მაგრამ ვალდებული ვარ ამის შესახებ გაცნობოთ.  პისტოლეტის გრძელი, 5 ინჩიანი ლულა (6 ხრახნი, ბიჯი 1:9.75) უზრუნველყოფს 9მმ-ნი ვაზნის სრული პოტენციალის გამოყენებას.

პისტოლეტი არ იყო ბოლომდე სწორედ მისროლილი და ისროდა დაახლოებით 3 სმ-ით მარჯვნივ. ეს არ არის ბევრი მაგრამ მაინც ცდომილებას ადგილი აქვს და საჭიროა ამის აღნიშვნა. გამომდინარე იქიდან, რომ უკანა სამიზნე მოწყობილობა მოძრავია, შესწორების შეტანა არ წარმოადგენს პრობლემას თუ არ იჩქარებთ და ყველაფერს ფრთხილად და დაკვირვებით გააკეთებთ.

შეიძლება PT92-ს არ აქვს ისეთი მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე, როგორიც აქვს მაგალითად ჩზ75-ს და მის კლონებს, მაგრამ სამაგიეროდ გამოყენებული ჩაკეტვის სქემა უზრუნველყოფს უნაკლო მუშაობას დაყენებული მაყუჩით. ამ მხრივ ბერეტა 92 და PT92-იც ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო პლატფორმებია (გარდა იარაღებისა თავისუფალი საკეტით).

ზოგადად PT-92 არის ტაურუსის ალბათ ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული პისტოლეტი. ბუნებრივია მის პოპულარობას უზრუნველყოფს გარკვეულწილად ბერეტა 92-ის შესანიშნავი რეპუტაცია მაგრამ ეს ასევე იმის ბრალია, რომ PT-92 ნამდვილად არის ვირივით მუშა პისტოლეტი. გარდა ამისა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს პისტოლეტი არის ერთადერთი ტაურუსის პისტოლეტი, რომელიც მიღებულია შეიარაღებაში ბრაზილიის გარეთ. კონკრეტულად კი პარაგვაიში, დომინიკანას რესპუბლიკაში, ინდონეზიაში, ლიბიაში და არგენტინაში. დიახ ხანდახან მე წავაწყდები ხოლმე ინტერნეტში საჩივრებს ამ პისტოლეტზე, რაც უკავშირდება უფრო ხარისხის კონტროლს ვიდრე იარაღის მექანიკურ ან საექსპლუატაციო თვისებებს. ტაურუსი არ არის ბერეტა და ბიუჯეტური იარაღის შემთხვევაში ხარისხის კონტროლის საკითხი ყოველთვის მწვავედ იდგება. ამიტომაც PT-92-ის შეძენისას სასურველია ირაღის დეტალური დათვალიერება და შემოწმება სროლით, იმისთვის, რომ თავი დაიზღვიოთ არასასიამოვნო სიურპრიზებისგან.

ავტორის აზრით PT-92-ის მოდიფიკაცია დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან არ გამოირჩევა ესთეტიურიბით და მას ზედმეტად “მყვირალა” იერსახე აქვს.

რამის დამატებით თქმა PT-92-ის ექსპლუატაციაზე ძნელია, გამომდინარე იქიდან, რომ ბერეტა 92-ზე რამდენიმე სტატია დევს ბლოგზე. PT-92 იშლება და იწმინდება ისევე ადვილად, როგორც ბერეტა 92 ხოლო საკეტის მომსახურება კიდე უფრო ადვილია. უმეტესობა ბუდეების, რომელიც მიდის ბერეტაზე წავა ტაურუსზეც.

როგორც ბერეტა 92, PT-92 არის დიდი და მძიმე პისტოლეტი. ის ნაკლებად გამოდგება ფარული ტარებისთვის, გაგიჭირდებათ ამხელა პისტოლეტის დამალვა ტანზე, მაგრამ, როგორც სამსახურეობრივი იარაღი ის დღესაც გამოდგება. როგორც სახლის დაცვის იარაღი ის ასევე წარმოადგენს კარგ ალტერნატივას. მისი ფასი თბილისში შეადგენს 1600 ლარს (აშშ-ში 450 დოლარს), ხოლო მეორადის შეძენა შესაძლებელია 1200-1300 ლარად. მას აქვს ყველაფერი, რაც უნდა ქონდეს თანამედროვე პისტოლეტს. 17 ვაზნა მჭიდში + 1 სავაზნეში, აღჭურვილი კარგი ტაქტიკური ფარნით, PT-92 წარმოადგენს სერიოზულ ინსტრუმენტს.  ფასიდან გამომდინარე PT-92 ჯდება ბიუჯეტური იარაღის კატეგორიაში და ჩემი აზრით კარგ ალტერნატივას წარმოადგენს ამ კლასში სხვა “მოთამაშეებთან” შედარებით (Stoeger P8000, Steyr M, Jericho 941).

 



3 Responses to “Taurus PT-92 – “ბესტსელერი” ბრაზილიიდან”

  1. დიტო says:

    ამ მოდელის ჩარჩო ალუმინისაა თუ ფოლადის? სხვადასხვა საიტებზე ზოგან ალუმინს წერენ ზოგან ფოლადს და თქვენი პასუხი მაინტერესებს. წინასწარ გიხდით მადლობას

  2. Shooter says:

    aluminis aris. kvela taurusi PT92 ramdenadats chemtivs tsnobilia aris aluminis charchoti

  3. goga says:

    Turqul beretas(girsan) xarisxiT jobia?

დატოვეთ კომენტარი