გლოკის ნაკლი?

ვინც ჩემ ბლოგს ხშირად კითხულობთ ალბათ შეამჩნევდა, რომ მე ვარ გლოკის პისტოლეტების დიდი მოყვარული და სტატიებიც, რომელიც ამ იარაღს ეხება საკამოდ ბევრი მაქვს დაწერილი. ეს სტატიაც ეხება გლოკის პისტოლეტებს მაგრამ ამჯერად მე მინდა ჩვეულებრივი ქებისგან თავი შევიკავო და შევეხო თემას, რომელზეც უნდა დაფიქრდეს ყველა გლოკის პატრონი ან ის ვისაც სურს ამ იარაღის შეძენა.

ის რის გამოც აფასებენ გლოკს არის მისი მუდმივი მზადყოფნა გასროლის განხორციელებისთვის, მას არ აქვს მცველები, რომლის გამორთვა დაგავიწყდება და ის უმარტივესი კონსტრუქციის არის. პირველი გასროლიდან ბოლო გასროლამდე სასხლეტის სვლა და წონა ერთნაირია.

ჩემი აზრით პისტოლეტის ტარების ერთადერთი მეთოდია ვაზნით სავაზნეში.  როდესაც პისტოლეტი მზად არის ეგრევე ცეცხლის გახსნისთვის. ბევრს ალბათ ეს იდეა სისულელედ მოეჩვენება, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, იარაღი უნდა იყოს მუდმივად მზად გამოყენებისთვის. მე ვიცნობ ხალხს, რომელიც თვლის რომ სახლის დაცვის იარაღი უნდა ინახებოდეს ჩაკეტილ სეიფში და ვაზნები კიდე ცალკე უნდა იყოს გადამალული. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სახლში გქონდეთ ალმქრობი, რომელიც იქნება დაცლილი (წნევიანი ბალონი ხომ სახიფათოა?!) ხოლო მისი დასატენი აპარატურა ავტოფარეხში ან სარდაფში გქონდეთ შენახული. სისულელეა არა? ცეცხლი რომ გაჩნდება ეს მოწყობილობა იქნება საჭირო ეგრევე ხოლო წუთები/წამები რაც დაგჭირდებათ რომ ალმქრობი/იარაღი მოიყვანოთ საბრძოლო მდგომარეობაში, იქნება სხვაობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. იცით, რომ უმეტესობა შემთხვევაში საშუალო სტატისტიკური ადამიანი ვერც ასწრებს იარაღის ამოღებას, თუ მას ბოროტმოქმედი თავს ესხმება დანით 1-2 მეტრის მანძილიდან. ვაზნის მიწოდების მოსწრებაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. თან ერთი ხელი ასეთი თავდასხმებისას კრიტიკულ როლს თამაშობს თავდამსხმელის მოგერიებაშიო და გეხმარებათ, რომ მეორე ხელით იარაღი ამოიღოთ.

თავდასხმისას ასეთ ტიპიურ სიტუაციაში არავინ არ მოგცემთ დროს და საშუალება გადატენოთ საკეტი.

პრობლემა კი არა და თავისებურება რომელზეც მე მინდა მოგიყვეთ სწორედ ამაში მდგომარეობს.  გლოკის სტანდარტული სასხლეტი, რომელიც ყენდება ყველა მოდელში გარდა სპორტული მოდელებისა იწონის 2.5 კგ-ს. მისი სვლის სიგრძე დაახლოებით 1.2 სმ. შედარებისთვის ტიპიურ ორმაგი მოქმედების რეჟიმში სასხლეტის საშუალო წონა არის 4.5-5.5 კგ ხოლო სვლის სიგრძე დაახლოებით 2სმ.  აქედან გამომდინარე თეორიულად ორმაგი/ერთმაგი პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში უფრო უსაფრთხო არის ვიდრე გლოკი იგივე მდგომარეობაში.

ეს ჩემი აღმოჩენა არ არის (მე ვიცი ბევრს აღიზიანებს ის ფაქტი რომ ვიღაცას მათზე მეტი ესმის და ამის გამო დაკარგული აქვთ სულიერი სიმშვიდე) და დაახლოებით 80-ნი წლების ბოლოს მსოფლიოს ყველაზე დიდმა პოლიციურმა სამსახურმა, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა გადააწყო შეიარაღებაში მიღებული გლოკები, მოდულების გამოყენებით, რომელსაც ეწოდა ნიუ იორკის სასხლეტი ზამბარა (New Yorker trigger spring).

New Yorker trigger spring. 1 უზრუნველყოფს წონას 2.5-4.9 კილოგრამამდე, მეორე 3.5-5 კგ-მდე. მარცხენიდან პირველი არის ქარხნული ზამბარა.  დასაყენებლად არ არის საჭირო ხელოსანი. სურათის წყარო ar15.com

მიზეზი გადაწყობის დასახელდა ორი. პირველი, რომ ასეთი სასხლეტი უფრო გავდა რევოლვერის სასხლეტს ორმაგი მოქმედების რეჟიმში რაც აადვილებდა გადასვლას ახალ იარაღზე ოფიცრებისთვის, რომლებიც აქამდე რევოლვერებით იყვნენ შეიარაღებული. ხოლო მეორე მიზეზი იყო ის, რომ ასეთი სასხლეტი ამცირებდა უნებლიე გასროლის რისკს, რა შემთხვევებიც დაფიქსირდა გლოკის შეირაღებაში მიღების შემდეგ.

„ქუჩის“ გლოკებზე დამძიმებული სასხლეტების პოპულარიზებას ახდენდა და ახდენს ასევე ბევრი ცნობილი ექსპერტი მათ შორის ჩემს მიერ არაერთხელ ციტირებული მასად აიუბი. ჯეფ კუპერი პირიქით მიიჩნევდა რომ მძიმე სასხლეტი და ზოგადად გლოკის სასხლეტის კონსტრუქცია არის ნაკლული კონსტრუქცია და მხოლოდ ციტატა: გორილას თუ მოეწონება გლოკის დამძიმებული სასხლეტი. ამ ხალხს კარგად ესმის რომ იდეალურსა და რეალურ სამყაროს შორის სხვაობა უზარმაზარია.

საქმე იმაშია, რომ იდეალურ სამყაროში თუ თქვენ ყოველთვის იცავთ იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესებს, გლოკი ისევე უსაფრთხოა როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი. რეალურ სამყაროში ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი მექანიკურად, გაუთვითცნობიერებლად თუ საკუთარი სისულელის გამო ამ წესებს არღვევს და ამის გამო ისჯება.

მაგალითისთვის მოგიყვებით ორ რეალურ შემთხვევას. აშშ, პოლიციელი ქალი დაბრუნდა სახლში და დადო ჩანთა შემოსასვლელში, რომელშიც იდო გლოკ 26 ვაზნით სავაზნეში. მან სთხოვა ქმარს ამოეღო რაღაცა ჩანთიდან და ქმარმა ჩაყო ხელი შიგნით და შეეცადა მოეძებნა სასურველი ნივთი. მან შემთხვევით დაავლო ხელი გლოკს ისე რომ ვერ მიხვდა ეს რა იყო, თითი მოხვდა სასხლეტზე, იარაღმა გაისროლა და ქმარი ადგილზე გარდაიცვალა.

მეორე შემთხვევა ასევე მოხდა აშშ-ში. ფორუმის წევრმა, სადაც ასევე მე ვიყავი დარეგისტრირებული, გახსნა თემა სადაც ბოდიში მოიხადა რომ გაქრა „ეთერიდან“ რამდენიმე კვირით და ატვირთა სურათი, რომელზეც იყო დასახიჩრებული მამაკაცის ხელი და მოყვა რომ ორი კვირა ინტენსიურ თერაპიაში გაატარა, იმიტომ რომ საკუთარი .40 კალიბრის გლოკიდან ხელი გაიხვრიტა. როგორ? გლოკი ვაზნით სავაზნეში ედო საძინებელთან მაღვიძარას გვერძე. როდესაც მაღვიძარამ დარეკა, მან შეეცადა ის გამოერთო, ამის მაგივრად ხელი იარაღის სასხლეტზე მოხვდა რასაც გასროლა მოყვა და ხელის დაზიანება.

რეალურ სამყაროში შეიძლება დადგეს ისეთი წარმოუდგენელი სიტუაცია, რომელსაც ვერანაირად ვერ გაითვალისწინებთ ამიტომაც არის ზე მნიშვნელოვანი არა მარტო დაიცვათ უსაფრთხოების წესები არამედ მუდმივად იყოთ ყურადღებით და არ დაკარგოთ უნარი საღი აზროვნების.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გლოკი ისროდა უხარისხო ბუდის გამოც, როგორც ამ სურათზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავმოყვარეობა უფრო დაზარალდა ვიდრე ჯანმრთელობა.

ხაზგასმით დავწერ, რომ მე არ ვიძახი, რომ გლოკი უფრო ნაკლებად უსაფრთხოა ვიდრე სხვა იარაღი. ყველა შემთხვევაში გლოკმა გააკეთა ის რასაც აკეთებს ყოველთვის, სასხლეტზე დაჭერისას მან გაისროლა. ხოლო ის რომ სასხლეტზე დაჭერა მოხდა ამაში გლოკის კონსტრუქციის ბრალი არის. მაგრამ რეალური სამყაროს პირობებში გლოკის სტანდარტული და მითუმეტეს მსუბუქ სასხლეტიანი დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს მეტი თანდაყოლილი რისკი აქვს იმისა, რომ დადგება „არა საშტატო“ სიტუაცია. ამავე დროს დამძიმებული სასხლეტი რეალურად ამცირებს ასეთი შემთხვევების დადგომის ალბათობას. რა თქმა უნდა მექანიკურ დამცველზე დაყენებული იარაღი უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ასეთი იარაღი როგორც წესი უფრო რთულია, სქელია ხოლო მიზეზი რის გამოც გასტონ გლოკმა უარი თქვა ასეთ მცველზე იყო მარტივი: გაცილებით მეტი პოლიციელი იღუპებოდა და იჭრებოდა იმის გამო რომ ავიწყდებოა მცველის გამორთვა გასროლის წინ  ვიდრე უნებლიე გასროლისგან.

გლოკი ითხოვს მკაცრ დისციპლინას და კარგ ბუდეს (როგორც იდეაში ნებისმიერი მოკლელულიანი იარაღი). დაუშვებელია ამ იარაღის ვაზნით სავაზნეში ქამარში გაყრილი (მექსიკუარდ) ტარება ან მანქანის სავარძლის ქვეშ შეგდება ან ზურგჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად ჩაგდება. ამის გაკეთება წესით და რიგით არ ღირს არც ერთ პისტოლეტთან.

თუ ვინმეს მაინც აქვს შიში ასეთი მდგომარეობაში გლოკის ტარების, გთავაზობთ გარკვეული პერიოდი ატაროთ გლოკი ცარიელი სავაზნით და შეყენებული დამრტყმელით. დააკვირდით დადგება თუ არა სიტუაცია, როდესაც მოხდება უნებლიე სასხლეტზე დაჭერა და თანაც მიეჩვევით იარაღის ასეთ მდგომარეობას. თუ თვლით რომ გლოკის სასხლეტის კონსტრუქცია თქვენთვის მიუღებელია უბრალოდ იყიდეთ სხვა იარაღი, რომელიც თვლით რომ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.

 



დატოვეთ კომენტარი