ოცდათვრამეტი სპეციალური

.38 Smith&Wesson Special (ასევე ცნობილი, როგორც .38 Special, .38 Spl, .38 Spc ან უბრალოდ .38) წარმოადგენს ცენტრალური აალების რევოლვერის ვაზნას. მისი მეტრიკული აღნიშვნა არის 9×29.5mmR.

 

ძნელად დასაჯერებელია მაგრამ ჭეშმარიტად ამერიკული, კლასიკური .38 Special თითქმის 70 წელი იყო სტანდარტული კალიბრი უმეტესობა აშშ-ის პოლიციური სამსახურების შეიარაღებაში.  ჩრდილო ამერიკაში მან დათმო თავისი პოზიციები მხოლოდ გასული საუკუნის 90-ან წლებში, როდესაც აშშ-ის შეირაღებულ ძალებს მიბაძეს პოლიციელებმაც და 9მმ-ნი მაღალი ტევადობის პისტოლეტები გახდა პოლიციური იარაღის ახალი პარადიგმა.  შექმნილი 1898 წელს და თავდაპირველად გათვლილი შავი დენთის გამოყენებაზე .38 Special-ს დაჭირდა 20 წელი სანამ მომხმარებლები შეაფასებდნენ დაბალ უკუცემას, რომელსაც წარმოქმნიდა ეს ვაზნა და მაღალ თანდაყოლილ სიზუსტეს, რაც ახასიათებდა მას. ამის შემდეგ და დღემდე ის კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულ რევოლვერის ვაზნად მსოფლიოში.

ისტორია

ვაზნის შექმნამ განაპირობა მისი წინამორბედის – .38 Long Colt-ის არადამაკმაყოფილებელმა სამსახურმა ფილიპინებზე სადაც იბრძოდა ამერიკული სამხედრო კონტინგენტი. მოგეხსენებათ, რომ იგივე კონფლიქტში მიღებულმა მწარე გაკვეთილებმა დააჩქარეს მეორე ლეგენდარული კალიბრის – .45 ACP-ს შექმნა. .38  შეიქმნა კომპანია Smith&Wesson-ის მიერ და როგორც უკვე აღვნიშნე პირველი .38 Special-ის ვაზნები იყენებდნენ შავ დენთს, რამაც განაპირობა საკმაოდ დიდი სიგრძის მასრის გამოყენება. დაახლოებთ ორი წლის შემდეგ მწარმოებლები გადავიდნენ უკვამლო დენთის გამოყენებაზე, რის შედეგად მისი ბალისტიკური მაჩვენებლებიც შესაბამისად გაიზარდა. სულ პირველი მუხტი იყენებდა 158 გრანიან, მრგვალთავიან გარსის გარეშე ტყვიას საწყისი სიჩქარით 230 მ/წ-ში. ადრინდელი „პოლიციური“ მუხტები (პირველი სპეციალიზებული .38-ის მუხტი) იყენებდნენ 200 გრანიან მძიმე და გრძელ ტყვიას. ითვლებოდა, რომ მძიმე ტყვია ყირავდებოდა ქსოვილებში შეღწევისას და უფრო მძიმე დაზიანებებს იწვევდა. პრინციპში ამ გადაწყვეტილებით დაიწყო 100 წლიანი უწყვეტი .38 კალიბრის ევოლუცია, იმიტომ, რომ როგორც ჩანს არავინ და არასდროს არ იყო ბოლომდე მისით კმაყოფილი.  უკვე 30-ან წლებში გაჩნდა შედარებით კიდე უფრო მძლავრი და მინიმუმ ერთი სპეციალიზებული მუხტიც, რომელიც იყენებდა სპილენძის ან მეტალის გარსით დაფარულ ტყვიებს, რის გამოც გაიზარდა ამ ტყვიის შეღწევადობა მკვრივ ობიექტებში. აღნიშნული საჭირო იყო შედარებით სქელი, ავტომობილის ძარის კომპონენტების გასახვრეტად. ბუნებრივია ასეთი მოთხოვნა წამოვიდა ამერიკელი სამართალდამცავებისგან, რომელიც უჩიოდნენ იმ ფაქტს, რომ ბოროტმოქმედები უპრობლემოდ გაურბოდნენ მათ ავტომობილებში, ხოლო .38 Special-ს არ გააჩნდა საკმარისი ენერგია, რომ გაეხვრიტა ძარა და მიწვდომოდა მანქანაში მჯდომ სამიზნეებს. ამავე პერიოდს ემთხვევა, როგორც უკვე ავღნიშნე შედარებით უფრო ძლიერი და სწრაფი მუხტების გამოჩენა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო სამი წონის ტყვით; 110, 150 და 158 გრანი. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი სიჩქარე იზრდებოდა, კიდევ დიდიხანი ტყვია რჩებოდა ყველაზე ნაკლებად ეფექტურ ვარიანტში, მრგვალთავიანი გარსის გარეშე (LRN, Lead Round Nose)…..

პოლიციურ სამსახურებთან ერთად .38 Special-მა ნახა სამსახური შეიარაღებულ ძალებშიც. აშშ-ს ის ემსახურა ორივე მსოფლიო ომში, კორეაში და ვიეტნამში. გარკვეული პერიოდი (1956 – 1961) ეს იყო საკმაოდ ანემიური მუხტი ოფიციალური ინდექსით M41 – ვაზნა 130 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით და საწყისი სიჩქარით სულ რაღაც 220 მეტრი წამში. ასეთი სუსტი მონაცემები განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ამ ვაზნას ისვროდნენ სმიტ&ვესონის და კოლტის რევოლვერებიდან, რომლებსაც ქონდათ ალუმინისგან დამზადებული დოლურები. ამის გამო თავდაპირველად შეიარაღებაში მიღებული 158 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიები საწყისი სიჩქარით 260 მ/წ-ში „ანგრევდნენ” მსუბუქ „სმიტებს“ და „კოლტებს“.  ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ შესყიდულიყო ადეკვატური რევოლვერები, გადაწყდა უფრო სუსტი ვაზნების შეძენა. ბუნებრივია, რომ გამოხმაურებები იყო ძალიან ნეგატიური და მალევე სმიტ&ვესონის მე-12 მოდელმა და Colt Aircrewman-მა დატოვეს სამსახური და განადგურდნენ. შეიარაღებაში კი დაბრუნდა “სმიტ&ვესონის” მოდელი 10, ფოლადისგან დამზადებული დოლურათი. ხოლო130 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე გაიზარდა 290 მეტრ წამამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ  თავისი სამსახურის პერიოდში .38 Special გამოდიოდა უამრავი ტიპის ტყვიით, დაწყებული ჯავშანგამტანი და მგეზავი ტყვიებით  და დამთავრებული ცილინდრული ტყვიებით, რომლებსაც ენერგია ყოფნიდათ მხოლოდ სუფთა მრგვალი ნახვრეტების გასაკეთებლად ქაღალდის სამიზნეებში. ერთი პერიოდი სამხედრო მფრინავებს ქონდათ ავარიულ კომპლექტში .38 კალიბრის რევოლვერები სასიგნალო ვაზნებით, რომლის მეშვეობითაც მათ უნდა ენიშნათ საკუთარი მდებარეობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ვაზნა განკუთვნილი იყო რევოლვერისთვის, ასევე ის გამოიყენებოდა გრძელლულიან იარაღში, ძირითადად ჰენრის კონსტრუქციის ბერკეტიან შაშხანებში და ასევე პისტოლეტებში.

 

გარკვეული კონფიგურაციის .38 Special კალიბრის მუხტები (ტყვია მთლიანად დამალულია მასრაში, SWC Semi Wad Cutter) გამოიყენებოდა სპორტულ პისტოლეტებში. სურათზე არის სპორტული S&W მოდელი 52.2. ამის მიზეზი იყო ასეთი ტიპის ვაზნის მაღალი სიზუსტე.

საკითხავი ეფექტურობა

როგორც ჩანს მთლიანად გარსით დაფარული ტყვიის არაეფექტურობის შესახებ კონსერვატიულ შეიარაღებულ ძალებშიც კი ხვდებოდნენ. მაგრამ საერთაშორისო კონვეცნია კრძალავდა სხვა ტიპის ტყვიის გამოყენებას, თუმცა უსაფრთხოების პერსონალისთვის, რომელიც იცავდა ობიექტებს აშშ-ის კონტინენტურ ნაწილზე ხელმისაწვდომი იყო ვაზნა რბილი თავით, რომელიც შედარებით ეფექტურ მუხტს წარმოადგენდა.

 

.38 Special -ის ბოლო და ყველაზე ძლიერი ვარიანტი, რომელიც იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. 130 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე იყო 340 მ/წ.

მანამ სანამ შეიარაღებული  ძალები დაიწყებდნენ .38 Special-ის ეფექტურობაზე ფიქრს უკვე 30-ან წლებში პრაქტიკოსები აღნიშნავდნენ ამ კალიბრის არაადეკვატურობას პოლიციური სამსახურისთვის. მართალია პოლიციელ ინსტრუქტორებს უყვარდათ .38 Special-ი იმის გამო რომ დაბალი უკუცემის და მაღალი თანდაყოლილი სიზუსტის გამო კურსანტების მომზადება იყო ადვილი, მაგრამ საველე/საბრძოლო პირობებში .38 Special ღებულობდა დიდი რაოდენობით საყვედურებს, რაც გამოიხატებოდა უფრო ადეკვატური მუხტის მუდმივ ძიებაში. ელმერ კეიტი იყო პირველი ვინც ხმამაღლად აკრიტიკებდა ამ კალიბრს. იგივეს იმეორებდნენ ისეთი ავტორიტეტები, როგორებიცაა ინგლისელები გენერალ-მაიორი ჰორაციო კიტჩნერი და პოლკოვნიკი ჯორჯ ფოსბერი (ოდნავ სახეშეცვლილი.38 Special ასევე ინგლისში მოხვდა და ბუნებრივია ძველი სკოლის სამხედრო მეთაურები ამას ეწინააღმდეგებოდნენ). თქვენ შეიძლება ეს გვარები არაფერს არ გაუბნებოდეთ მაგრამ დამიჯერეთ სამივე ამ გვარს დიდი ადგილი  უკავია იარაღის და სამხედრო საქმის ისტორიაში. ასევე პარალელურად მუშაობდა ჰატჩერ-ლაგარდის კომისია, რომელმაც უკვე 1904 წელს დაადგინა, რომ ციტატა: „არც ერთი კალიბრი არ უნდა განიხილებოდეს შეიარაღებაში მისაღებად გარდა ,45-სა“. მიუხედავად ამისა ტენდენცია გრძელდებოდა  და .38 სულ უფრო ფართოდ ვრცელდებოდა. პოლიციური სამსახურების შემთხვევაში, ზოგჯერ ეს იყო ნაბიჯი წინ როდესაც .38 Special ცვლიდა უფრო სუსტ და არაეფექტურ ვაზნას მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის ცვლიდა ბევრად უფრო ეფექტურ კალიბრს მათ შორის მაგალითად, როდესაც 30-ან წლებბში აშშ-ს სასაზღვრო  პატრულმა ჩააბარა .45 კალიბრის კოლტის M1917 რევოლვერები და გადავიდა უფრო სუსტ .38-ზე.

1959 წლამდე პრაქტიკულად არავის არც უცდია შეეფასებინა .38 Special-ის ეფექტურობა, მანამ სანამ ყოფილმა პოლიციელმა, პროფესორმა ალენ ბრისტოუმ არ დაიწყო შესწავლა იმ შემთხვევების, როდესაც პოლიციელი დაიჭრა ან დაიღუპა მოვალეობის შესრულებისას. მისი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა 1961 წელს ავტორიტეტულ გამოცემაში „კრიმინალისტიკა, სისხლის სამართალი და პოლიციური მეცნიერება“ პრინციპში არ ეხებოდა კალიბრის ეფექტურობის შესწავლას. მიზანი იყო შესწავლილიყო ის გარემოებები, რის გამოც პოლიციის ოფიცერი დაიღუპა. მაგრამ დასკვნები, რომლებიც მან გამოიტანა პირდაპირ ეხებოდა .38 Special უფრო სწორედ კი მის დაბალ ეფექტურობას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სულ უფრო ბევრი პოლიციელი იღუპებოდა შეიარაღებულ შეტაკებებში იმის გამო, რომ .38 ვერ აჩერებდა საკმარისად ეფექტურად ბოროტმოქმედებს.  შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება 60-ან წლებში და იმ დროს ბალისტიკა და ტყვია-წამლის წარმოება არ იყო საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომა ადეკვატურად ეპასუხათ ამ გამოწვევაზე ან მომხდარიყო ტყვია-წამლის ადეკვატური შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება. მას მერე, რაც .38-ის არაეფექტურობაზე ლაპარაკი უკვე აღარ იწვევდა უხერხულობას, ნაწილი პოლიციური სამსახურების დაუბრუნდა ძველ და გამოცდილ .45 კალიბრის პისტოლეტებს ხოლო ტეხასის შტატის, ქალაქ ამარილოს პოლიციის დეპარტამენტი იყო პირველი, რომელიც გადავიდა ახალ და ძლიერ კალიბრზე – .41 რემინგტონ მაგნუმზე. ამ კალიბრის შექმნის უკან იდგნენ უკვე ნახსენები ელმერ კეიტი და ბილ ჯორდანი, ორივე გამოცდილი მოკლელულიანი იარაღის ხმარებაში რეალური სამყაროს პირობებში.  ასევე კარგ ალტერნატივას წარმოადგენდა „.357 მაგნუმი“, რომელიც იძლეოდა საშუალებას ვარჯიშები ჩატარებულიყო იაფი და ლმობიერი .38 Special-ით მაგრამ იარაღი პოლიციელებს ეტარებინათ ძლერი .357 მაგნუმის ვაზნებით. სამწუხაროდ .41 კალიბრის იარაღი იყო დიდი და მძიმე, უკუცემა და ხმა ძალიან დიდი ხოლო ადრინდელი .357 მაგნუმებს ახასიათებდათ ზედმეტი შეღწევადობა რაც არ იყო სასურველი პოლიციელებისთვის. ვერც ერთმა ვერ შეძლო .38-ის შეცვლა მანამ სანამ საქმეში არ ჩაერთო 9X19…… .41 კალიბრს რაც შეეხება მისი მამები იყვნენ გამოცდილი მსროლელები, რომლებსაც არ ქონდათ პრობლემა ამ კალიბრის მორჯულებაში, რის თქმაც არ შეიძლებოდა იმ დროისთვის საშუალო სტატისტიკურ პოლიციელზე. გარდა ამისა სმიტ&ვესონმა მოარგო ამ კალიბრს უფრო სუსტი/მსუბუქი მოდელები, რამაც გამოიწვია მთელი რიგი ტექნიკური პრობლემების ამ იარაღის საიმედოობასთნ და რესურსთან. დღეს .41 რემინგტონ მაგნუმი რჩება პოპულარული მხოლოდ გამორჩეულ მსროლელთა ვიწრო წრეში.

აშშ-ში გამოძიებათა ფედერალური ბიურო ყოველთვის იყო ავანგარდში ახალი იარაღის, კალიბრების და ტაქტიკის შემუშავებაში და 70-ნი წლების დასაწყისში ბიური მთელი თავის რესურსებით ჩაერთო .38 Special-ის ეფექტურობის ამაღლებაში. ამის შედეგად გაჩნდა ბევრის მიერ აღიარებული, როგორც საუკეთესო თავდაცვითი მუხტი  ცნობილი სახელით FBI load. ის წარმოადგენს 158 გრანიან ტყვიას საწყისი სიჩქარით დაახლოებით 250 მ/წ-ში. ტყვიის ტიპს  რას შეეხება ეს იყო ტყვია გარსის გარეშე, ბრტყელი თავით და მასში ექსპანსიური ჩაღრმავებით (lead semi wad cutter hollow point). მისი წარმოება ეგრევე დაიწყეს „ვინჩესტერმა“,“ რემინგტონმა“ და „ფედერალმა“.  ეს მუხტი ოპტიმიზირებული იყო ტიპიური .38 კალიბრის იარაღში გამოყენებისთვის და იმ პერიოდში ასეთი ტიპიურ იარაღად ჯერ ჯერობით რჩებოდა იყო 3-4 ინჩიანი ლულით აღჭურვილი რევოლვერები. ამ მუხტს დღემდე აქვს კარგი რეპუტაცია, თუმცა მას მერე უფრო უკეთესი ალტერნატივები არის ხელმისაწვდომი, რომლებიც უკეთესად მუშაობენ ყველაზე გავრცელებულ .38 კალიბრის იარაღში- „მოკლე-ცხვირიან“ რევოლვერებში.

 

.38 ტიპიური მუხტები სხვა და სხვა ტიპის ტყვიებით.

მუხტები ოპტიმიზირებული მოკლე-ცხვირიანი“ რევოლვერებისთვის

როდესაც პისტოლეტებმა საბოლოოდ გამოდევნეს რევოლვერები პოლიციიდან და შეიარაღებული  ძალებიდან, მწარმოებლებისთვის ყველაზე გაყიდვადი მოდელები გახდა „მოკლე -ცხვირიანი“ რევოლვერები, კომპაქტური იარაღები 2 ინჩიანი ლულებით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ციფრები, რომლებსაც მწარმოებლები აწერენ თავიანთ ვაზნების კოლოფებს, გამომდინარეობს ტესტირებებიდან, რომლებშიც გამოყენებულია სტანდარტული 4 ინჩიანი ლულები. ცნობილია რომ 2 ინჩიანი ლულიდან ასეთი ვაზნების სროლა იწვევს საწყისი სიჩქარის სერიოზულ შემცირებას, რომელიც შეიძლება 30% აღწევდეს, რაც დამეთანხმებით ძალიან ბევრია. მეორეს მხრივ ცნობილია, რომ კონკრეტული ექსპანსიური ტყვიის “გაშლისთვის” საჭიროა მინიმალური საჭირო სიჩქარე. საწყისი სიჩქარის შემცირებამ 2 ინჩიანი ლულიდან სროლისას იწვევდა არადამაკმაყოფილებელ და არა საიმედო ექსპანსიას რაც ასევე შეეხო ე.წ. “FBI Load”-ს. მაგრამ 70-ან წლებში როდესაც ბიურომ ეს მუხტი მოიგონა .38 კალიბრის რევოლვერები ჯერ კიდევ პოპულარული იყო სამსახურეობრივი იარაღის როლში ხოლო  მას მერე რაც გახდა ცხადი, რომ ამ კალიბრის “კლიენტები” ძირითადად არიან „მოკლე-ცხვირიანი“ კომპაქტური რევოლვერები, მწარმოებლებმა უპასუხეს გამოწვევას სპეციალური მუხტების გამოშვებით, რომლებიც ოპტმიზირებული იყო თავიდანვე სპეციალურად მოკლე ლულებიდან სასროლად.  შესაბამისად შერჩეული დენთები, უფრო რბილ გარსიანი ტყვიები და უფრო აგრესიული ექსპანსიური ღრმულები უზრუნველყოფდნენ. ამ სპეციალიზებული მუხტების ტიპიური წარმომადგენლებია მაგალითად Winchester PDX1 +P, 130 გრანიანი გარსით დაფარული ექსპანსიური ტყვიით.  საწყისი სიჩქარე 2 ინჩიანი ლულიდან არის 260 მ/წ-ში. ტექნოლოგიურ წინ სვლას ასევე ხელს უწყობდა 86 წელს მაიამიში მომხდარი შეტაკება ორ მძარცველსა და FBI-ს აგენტების ჯგუფს შორის. ამ შემთხვევამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა სამართალდამცავებზე, იარაღის და ტყვია-წამლის მწარმოებლებზე.  უკანასკნელებმა დაიწყეს მეტი ყურადღების მიქცევა მათი პროდუქციას ტერმინალურ ბალისტიკაზე ისევე, როგორც გაჩნდა პროტოკოლები ვაზნების უფრო რეალისტური გამოცდებისთვის საიდანაც ისევ და ისევ FBI-ს ტესტირების რეგლამენტი ითვლება ყველაზე სრულყოფილ ვარიანტად.

მოდით პირდაპირ  ვთქვათ .38 არასდროს არ ყოფილა ვაზნა, რომელსაც ქონდა კარგი „შემაჩერებლის“ რეპუტაცია და ამ ფაქტს ვერ გაექცევით. ერთ ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები ევან მარშალი და ედვინ სანოუ თავის ცნობილ წიგნში Street Stoppers სხვა კალიბრებთან შედარებით აღნიშნავენ, რომ .38 ყველაზე დაბალი ეფექტურობით გამოირჩევა (.38 შედარებულია 9X19, .357 Magnum, 40S&Wდა .45ACP-თან).  გასაკვირი ეს თუმცა არ არის, .38 ამათ შორის ყველაზე სუსტია. საინტერესოა, რომ 1996 წლის გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ ე.წ. FBI Load არის ყველაზე ეფექტური მუხტი.  ეს ფაქტი ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ იმ პერიოდისთვის ეს მუხტი იყო გაცილებით უფრო გავრცელებული და უფრო სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი. ნებისმიერ შემთხვევაში რჩევები საუკეთესო ამ კალიბრის მუხტის შესახებ ძალიან განსხვავებულია.  სამაგიეროდ მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც “ცხელი” მუხტების გამოყენება ძველი გამოშვების იარაღში არ ხდება. იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენი იარაღი ვარგისია თუ არა +P ტიპის ტყვია-წამლისთვის, გაეცანით იარაღის ინსტრუქციას ან მიწერეთ მწარმოებელს.

კარგი ნაწილი

რა განაპირობებს .38-ის პოპულარობას? რელოუდინგის აღჭურვილობის გაყიდვებში ამ ვაზნას მეექვსე ადგილი უკავია აშშ-ში, ხოლო იგივე ქვეყანაში გაყიდვაში არის 100-ზე მეტი ქარხნული წესით წარმოებული სხვა და სხვა .38 კალიბრის მუხტი.  ამას განაპირობებს პირველ რიგში ამ კალიბრის „რბილი ხასიათი“. თუ არ ისვრით ყველაზე “ცხელ” მუხტებს, მსუბუქი იარაღიდანაც უკუცემა არის ძალიან რბილი. .38-ის თანდაყოლილი სიზუსტე არის ძალიან კარგი. რელოუდინგის აღჭურვილობა და კომპონენტები ადვილად ხელმისაწვდომია.  ორი დიდი კომპანია სმიტ&ვესონი და ტაურუსი უშვებს ურიცხვი რაოდენობის რევოლვერების მოდელებს, რომლებიც გათვლილია ამ კალიბრზე. ზოგი მოდელი პრაქტიკულად ხელის გულზე ეტევა და დღემდე სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც დამხმარე, სათადარიგო იარაღი.

ალბათ ნაწილობრივ .38-ის პოპულარობა აიხსნება ვაზნის პრეზენტაბელურობითაც. გაუთვითცნობიერებულისთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ მარჯვნივ და მარცხნივ სიმძლავრით პრაქტკიკულად იდენტური ვაზნები ალაგია. ძალიან ბერვს ვისაც ბლოგის ავტორი გაესაუბრა გაოცებულები დარჩნენ, როდესაც გაიგეს ციფრები. მათ უბრალოდ ეგონათ, რომ დიდი ვაზნა შესაბამისად დიდი ენერგიის მქონეა.

ასევე მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რევოლვერის ეფექტური გამოყენება ბევრ პრაქტიკას საჭიროებს ითვლება, რომ ის საუკეთესო არჩევანია ქალი მსროლელებისთვის. დედამიწის მშვენიერ ნახევარს  ნამდვილად მოწონს .38 კალიბრის რევოლვერები, ამას მეც დავადასტურებ.  რბილი უკუცემა და ადვილი ათვისებაში, როგორც მინიმუმ გარანტირებულია, რომ ქალბატონი ყოველთვის გაისვრის რევოლვერიდან და არ დაავიწყდება მაგალითად მცველის გათიშვა ან იარაღი გაჭედავს იმის გამო რომ მსროლელს ის საკმარისად მყარად არ უჭირავს სუსტ ხელებში. მაგრამ სამწუხაროდ ამავე დროს მაგალითად სიზუსტე წარმოდგენს სერიოზულ პრობლემას.  შესაბამისი მუხტით .38 კალიბრის რევოლვერი შეიძლება იყოს ეფექტური თავდაცვის ინსტრუმენტი, მაგრამ ობიექტური სიმართლეა, რომ რევოლვერი როგორც თავდაცვის იარაღი ვერ შეედრება პისტოლეტს.

.38 კალიბრის რევოლვერები დღეს არიან ძალიან კომპაქტურები და მსუბუქი. დატენილი „ცხელი“ მუხტებით გამოცდილ ხელებში ეს საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტია. ფაქტია უბრალოდ ის, რომ რევოლვერიდან სწრაფ და ზუსტ სროლას ბევრი პრაქტიკა უნდა.

5 ვაზნიანი Smith&Wesson 360PD იწონის სულ რაღაც 330 გრამს და გათვლილია +P კლასის მუხტებზე. კარგი სამიზნე მოწყობილობები, მსუბუქი წონა, კომაქტურობა და კარგი სასხლეტი ქმნის საკმაოდ კარგ ინსტრუმენტს ფარული ტარებისთვის.

მაგალითად ამ სტატიის პირველ სურათზე არის ასახული ადრე ავტორის კუთვნილი ტაურუსი მოდელი 85 3 ინჩიანი ლულით.  ეს იარაღი ოდნავ უფრო დიდია ვიდრე “მოკლე-ცხვირიანი” რევოლვერი მაგრამ ის ასევე უფრო ზუსტია, კომფორტული სროლაში, ხოლო გრძელი ლულა ზრდის .38 კალიბრის ეფექტურობას.  HKS-ის სწრაფდამტენში მოთავსებულია .38 კალიბრის Sellier-Bellot-ის ვაზნები, მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით.   ორიგინალური ხის ტარი შეცვლილია ბევრად უფრო მოსახერხებელი  Hogue Monogrip-ით. ჩემი აზრით ეს არის დღეს ყველაზე სრულყოფილი კომბინაცია (ამ კონკრეტული მუხტის გამოკლებით), რომელსაც შეიძლება ადამიანი ფლობდეს.

ცხრილში .38 პირობითი აღნიშვნაა პოპულარული 9მმ-ნი კალიბრების.

.38 აშშ-ის გარეთ

სამწუხაროდ ჩემთვის ნაკლები არის ცნობილი .38 კარიერაზე მსოფლიოს სხვა კუთხეებში. რევოლვერები ამ კალიბრში ერთ დროს ნამდვილად იყო პოპულარული ევროპაში. აზიაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ კალიბრის იარაღს დღემდე იყენებს ჰონ-კონგის და სინგაპურის პოლიცია. იაპონიაში რიგი პოლიციური სამსახურების ასევე დღემდე შეიარაღებულია ადგილობრივი წარმოების  .38 კალიბრის რევოლვერებით.

ვაზნები ხელმისაწვდომი საქართველოში

თბილისში .38-ის ასორტიმენტი გაცილებით უფრო მდიდარია ვიდრე იგივე 9X19-ის მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მუხტი მათ შორის არ არის. როგორც წესი ეს არის სტანდარტული სიჩქარის მქონე 158 გრანიანი ტყვიით აღჭურვილი ვაზნები. ჩეხური Sellier-Bellot-ის მთლიანად გარსით დაფარული ტყვია ყველაზე ცუდი არჩევანი იქნება. სამხრეთ აფრიკაში გადატენილი 158 გრანიანი, რბილი ბრტყელ-თავიანი ტყვიით ცოტათი უკეთესი იქნება, შემაჩერებელი ეფექტის მხრივ. ასევე შემხვედრია ტყვიის მრგვალთავიანი ვაზნები, რომლებიც ასევე ცუდი არჩევანი იქნება თავდაცვითი იარაღისთვის.

და ბოლოს

მთლიანობაში მე არ ვარ რევოლვერების დიდი მოყვარული და ჩემი მოსაზრება არის ალბათ სუბიექტური, მაგრმა მე დარწმუნებული ვარ, რომ რევოლვერის გამოყენების სფეროდ რჩება მხოლოდ სპორტი, ნადირობა და ასეთი იარაღის მფლობელის ესთეტიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. როგორც საბრძოლო/თავდაცვითი იარაღს მე მას რეკომენდაციას არ გაუწევს.  მაგრმა ამავე დროს უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოს პირობებშიც რევოლვერის მხარეზე არის რამდენიმე ფაქტორი. ეს არის შედარებით უფო ეფექტური მუხტების არსებობა, რომლებიც ბევრად უკეთესია  ვიდრე ნებისმიერი 9X18 ან .380ACP კალირბის საქართველოში ხელმისაწვდომი მუხტი. დღეს ასევე გონივრულ ფასად შესაძლებელია მაღაზიაში ახალი რევოლვერის შეძენა. ბოლოს მხოლოდ დავამატებ იმას, რომ საბოლოო ჯამში მომზადება, პრაქტიკა არის მთავარი. “ცუდად” მორტყმული .38 ჯობია მიზანს აცილებულ .45-ს. უბრალოდ სანამ ენდობთ საკუთარ თავს ნებისმიერ იარაღს დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მისი ეფექტური გამოყენება.



დატოვეთ კომენტარი