იარაღის წმენდის რამდენიმე პრაქტიკული ასპექტი

მე პერიოდულად ვიღებ ხოლმე შეკითხვებს იარაღის წმენდასთან დაკავშირებით, რომელია ყველაზე საუკეთესო წმენდის მეთოდი, რომელისა საუკეთესო ხსნარი, რომელი ზეთი წმინდავს უკეთესად და ასე შემდეგ. ამ თემაზე, როორც წესი გაცხარებული დისკუსიები მიმდინრეობს ფორუმზე. მიზეზი დისკუსიების არის მარტივი, წმენდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ეფექტურ მეთოდს პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ გამოცდილებას იარაღთან და ბუნებრივია მათი წმენდის მეთოდის  ნებისმიერ კრიტიკას იღებენ საკუთარ თავზე და იწყება “ტიტანების” ვირტუალური შერკინება. ბუნებრივია, რომ სამოქალაქო იარაღის და მათი მოვლის საშუალებების ნაირსახეობებიდან გამომდინარე, იარსებებს უამრავი წმენდის მეთოდი, უამრავი.   ზოგი უკეთესი, ზოგი ნაკლებად უკეთესი, ზოგი უფრო სწრაფი ზოგი უფრო ნელი. პრობლემა არის ის რომ უმეტესობა იარაღის მფლობელს უბრალოდ შეიძლება არ ქონდეთ ტექნიკური საშუალებები რომ უბრალოდ დარწმუნდეს რომ მაგალითად მათი იარაღის ლულა არის ნამდვილად სუფთა ან თუნდაც უფრო სუფთა (ნაკლებად ბინძური) ვიდრე წმენდამდე. სხვადასხვა იარაღი სხვადასხვა ხარისხით ბინძურდება, მოითხოვს წმენდის განსხვავებულ რეგლამენტს და საწმენდ საშუალებებს. ამიტომაც (ეხლა რასაც წაიკითხავთ არის ამ სტატიის დედააზრი) საკუთარი იარაღის წმენდის რეგლამენტის შექმნა არის მთლიანად დამოკიდებული ამ იარაღის მომხმარებელზე/მფლობელზე და უნდა ითვალისწინებდეს იარაღის  კონსტრუქციის თავისებურებებს, კალიბრს, გამოყენების სიხშირეს, პირობებს რა პირობებშიც ხდება იარაღის ექსპლუატაცია.

აღნიშნული სტატია ეხება რამდენიმე პრაქტიკულ ასპექტს და წარმოადგენს ჩემ ხედვას და დაფუძნებულია ჩემ ცოდნაზე და გამოცდილებაზე ანუ რაც მუშაობს ჩემთვის შეიძლება არ მუშაობდეს სხვისთვის. ეს სტატია უბრალოდ მოგცემთ მეტ ინფორმაციას და საფიქრალს და ის ნამდვილად არ წარმოადგენს იარაღის წმენდის სახელმძღვანელოს.

პირველი და ჩემი აზრით უმთავრესი/უნივერსალური წესი იარაღის წმენდის არის შემდეგი: ფანატიზმის გარეშე. საქმე იმაშია, რომ გაცილებით მეტი იარაღი ფუჭდება არასწორი წმენდით ვიდრე ექსპლუატაციის შედეგად. ტოქსიკური სპეციალიზირებული ქიმიის ხშირი გამოყენება, ლულების გაუთავებელი ხეხვა (ეს განსაკუთრებულად ეხება ზუსტი შაშხანების პატრონებს), სხვადასხვა არა სპეციალიზირებული ქიმიის და (რკინის) საწმენდი ჯაგრისების გამოყენება, ყველაფერი ეს დიდი საფრთხეს ატარებს იარაღისთვის. იარაღი უნდა იწმინდებოდეს მინიმალური საჭირო რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს მის საიმედო მუშაობას. უბრალოდ დაიმახსოვრეთ ზედმეტი  წმენდა არის ცუდი.

წმენდის ციკლებს რაც შეეხება, აქაც მოქმედებს გარკვეული პრინციპი. რაც უფრო დიდიხანია იარაღი გაუწმენდავი, როგორც წესი მით უფრო ძნელია მისი გაწმენდა. ამიტომ იარაღი უნდა იწმნინდებოდეს სროლის შემდეგ. ასევე არ არის აუცილებელი ყოველთვის გამოიყენოთ ერთი და იგივე წმენდის მეთოდი. საუკეთესოდ მუშაობს მსუბუქი წმენდა, ინტერვალებში სროლის დროს და გარკვეული ვაზნების დაწვის შემდეგ უფრო საფუძვლიანი წმენდა. მე ვიცნობდი ადამიანს, რომელიც თავის თოფს წმენდდა მხოლოდ ერთხელ  სანადირო სეზონის დასრულების შემდეგ. დღეს ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ თანამედროვე ვაზნები ძალიან სუფთაა და მათი შემადგენლობა ისეთია, რომ მინიმალური საფრთხე შეუქმნას იარაღს. კოროზიული ვაზნების გამოყენებისას ასეთ მიდგომას მოყვებაოდა გარანტირებული იარაღაის გაფუჭება.

ქრომმა შეინახა სკს-ის დგუშის ნაწილი, მაგრამ ოქსიდირებამ ვერ დაიცვა მეტალი კოროზიისგან, რომელიც გამოწვეულია კოროზიული ვაზნების გამოყენებით. მე არ მინახია თანამედროვე იარაღი დაზიანებული კოროზიით თანამედროვე არაკოროზიული ვაზნების გამოყენების შედეგად, მაგრამ მინახია უამრავავი მათ შორის ახალი იარაღი, რომელიც შეჭმული იყო იმის გამო, რომ პატრონმა დროზე არ გაწმინდა ის კოროზიული ვაზნების სროლის შემდეგ.

წესი მეორე: ერიდეთ არასპეციალიზირებულ ქიმიას. მიზეზი ამისა არის მარტივი. ქიმია რომელიც გამოიყენება საწმენდად არის ტოქსიკური. ის უნდა შლიდეს რბილ ლითონებს, რომელიც რჩება ლულაში, ასევე დენთის და ამაალებლის წვის პროდუქტებს. სხვა და სხვა მწარმოებლები სხვადასხვა ფორმულებს იყენებენ მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ნაწილი ამ ნივთირებების ასევე აგრესიულია იმ რკინის მიმართ რომლისგანაც იარაღი არის დამზადებული. მაგალიტად ლულის საწმენდი სითხე “7.62″ იმდენად ტოქსიკურია, რომ მისი გამოყენებისას ის ლულაში არ უნდა დარჩეს 15-25 წუთზე მეტი. სულ 15 წუთითაც რომ გააჩეროთ, წლების განმავლობაში ამ აგრესიული ხსნარის გამოყენება მაინც დაეტყობა ლულას. პრობლემა უარესდება იმით, რომ ასეთი ხსნარები ზემოქმედებაში შედიან დაფარვებთან, რომლითაც რკინის დეტალები იფარება. მაგალითად პოპულარული ლულაში ნადების მოსაცილებელი სითხე “რობლა” ცუდათ ზემოქმედბს ოქსიდირებასთან. ამგვარი პრობლემებისგან თავი რომ დაიცვათ უნდა წაიკითხოთ ეტიკეტი. ასე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას თუ როგორ მოიხმაროთ ეს სითხე და რა შემეთხვევებში ის არ უნდა გამოყენოთ (შეუთავსებელი მეტალები, ქრომი, ნიკელი და ასე შემდეგ). არასპეციალიზირებული ქიმია, რომლის მწრმოებლები არ გულისხმობდნენ მის გამოყენმებას იარაღის წმენდისთვს ასეთ გამაფრთხილებელ ინფორმაციას არ იძლევიან. ამიტომაც საყრდენი დისკების საწმენდი აეროზოლების, ე.წ. “კარბ კლინერების” და სხვა “გამხსნებელბის” გამოყენებისას დიდი, ვომეორებ დიდი სიფრთხილეა საჭირო. შორს რომ არ წავიდეთ ორ შემთხვევას დაგისახელებთ, რომელიც მე მომივიდა და იმედია ჩემი მაგალითიდან რამეს ისწავლით.

შემთხვევა პირველი: მცირეკალიბრიანი შაშხანის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გაიწმინდა ე.წ. “კარბ კლინერით”, აეროზოლით რომლითაც იწმინდება ავტომანქანის საწვავის მიწოდების სისტემა. მე უბრალოდ დამეზარა მისი დაშლა და ვიფიქრე რომ აეროზოლი ადვილად გამორეცხავდა ჭუჭყს. შედეგად საღებავი, რომლითაც იყო შეღებილი იარაღის დეტალები დაზიანდა და მექანიზმი ისეთი ხრაშუნით მუშაობდა, რომ საჭირო გახდა სრული მისი დაშლა და დეტალების წმენდა/გაპრიალება.

შემთხვევა მეორე, როდესაც ტაფების/გაზქურების სახეხი ფხვნილით გაიწმინდა რევოლვერი, რომლის დოლურა იყო დენთის ნამწვავის სქელი ფენით დაფარული. დოლურა გაიწმინდა ძალიან ადვილად მაგრამ ფხვნილი მოხვდა დოლურას ღერძზე და რევოლვერის მექანიზმში. ეფექტი იყო იგივე რაც რომ შიგნით ქვიშა ჩაგეყარათ. საჭირო გახდა რევოლვერის ბოლომდე დაშლა და გამორეცხვა.

აბრაზივების გამოყენებას რაც შეეხება, ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომებია მაგალითად უკვე ნახსენები ქვაბების სახეხები. ეს ფხვნილები შეიცავენ აბრაზივებს და კარგად ხეხავენ ქვაბებს და ტაფებს. მე წარმატებით ვიყენებდი ასეთ სახეხებს საიგების, ვეპრების და ტიგრების დგუშების გასაწმენდად. ნამწვავს აცილებს ძალიან კარგად მაგრამ მათი მოხვედრა იარაღის მექანიზმის შიგნით ნიშნავს, რომ მექანიზმი ბოლომდე უნდა დაიშალოს და გამოირეცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი ისეთი ხრაშუნით იმუშავებს თითქოს შიგნით ერთი მუჭა ქვიშა იყოს ჩაყრილი. საერთოდ აბრაზივების გამოყენებისგან უნდა ეცადოთ რომ თავი შეიკავოთ. ძალიან ადრე ლულების საწმენდად გამოიყენებოდა დაფშვნილი აგური. ყირიმის ომის დროს, ერთ ერთი რუსი ისტორიკოსი წერდა, რომ რუსული ჯარის თიოფების ლულეები ისე იყო გაცვეთილი ასეთი წმენდისგან, რომ ტყვია თავისუფლად ვარდებოდა ლულის არხში. ეს გაფრთხილება, რომელიც ჩვენამდე მოაღწია, გვასწავლის,რომ აბრაზივების გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ზე ზუსტი მსროლელები იყენებენ სპეციალიზირებულ აბრაზიულ პასტებს ლულის არხებისთვის, ნამდვილი ჯიგიტები ყიდულობენ ანალოგიურ პროდუქტებს ავტომობილებისთვის განკუთვნილს. მე არ ვარ მომხმრე მათი გამოყენების მაგრამ ზე ზუსტი სროლის სამყაროში ამ პასტების გარდა ბევრი სხვა რამე ხდება რისი ლოგიკურად ახსნა ძნელია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სპეციალიზირბული ქიმიის შეძენა არ წარმოადგენ დიდ პრობლემას, იარაღის მომხმარებლებში მაინც არსებობს კატეგორია, რომელიც იგნორირებას უკეთებს ამ მრავალფეროვნებას. თუმცა ობიექტური რომ ვიყო ისიც უნდა ავღნიშო, რომ ჩვენი მაღაზიებიც პრაქტიკულად იგნორირებას უკეთებენ ლულის საწმენდ სითხეებს. ზეთები იყიდება ათასნაირი მაგრამ ლულის საწმენდი სითხეები პრაქტიკულად არ იშოვება. კიდე უფრო ობიექტურები, რომ ვიყოთ ზოგ ადამიანს უბრალოდ უჭირს გაერკვიოს პროდუქციის მრავალფეროვნებაში და შესაბამისად უჭირს არჩევანის გაკეთება, ამიტომაც მიმართავს ნაცად ხერხებს. არა და ლულის საწმენდი სპეციალიზირებული სითხე არის ისეთივე საჭირო რამე ნებისმიერი იარაღის მფლობელისთვის, როგორიც იარაღის იარაღის ზეთი.  მოგეხსენებათ ყველაზე აგრესიული პროცესები  ვითარდება სწორედ ლულაში, გასროლის დროს. საშუალო კალიბრის შაშხანაში დენთის წვის ტემპერატურა 3000 გრადუსზე მეტია. ყოველი გასროლის შემდეგ ლულაში რჩება დენთის და ამაალებლის წვის პროდუქტები. თუ ამაალებელი კოროზიულია, ამას ემატება კოროზიის გამომწვევი მარილები. ტყვიის გარსი, ისევე როგორც პლასტმასის კონტეინერი ან სუფთა ტყვია ასევე ტოვებს ლულაში ძნელად მოსაშორებელ ნადებს. ასეთი ნივთიერებების ლულიდან მოსაშორებლად საჭიროა სპეციალური ხსნარები (bore cleaners, bore solvents), რომლებიც შლიან დენთის წვის პროდუქტებს, გამოაქვთ კოროზიული მარილები და რეაქციაში შედიან რბილ მეტალებთან, რომლებიც რჩება ლულაში.   წლების განმავლობაში მე ვხმარობ Hoppes #9, რომლის “არომატი” ჩემთვის ისეთივე ძვირია და ნაცნობი, როგორც ალბათ ქალებისთვის Channel #5. ეს კარგი უნივერსალური საწმენდი ხსნარია. ის არ არის ძალიან ტოქსიკური და ამავე დროს არ ყარს, ისე რომ სახლიდან ყველა გარბის, როდესაც მე იარაღებს ვწმინდავ. არსებობენ სპეციალიზირებული ხსნარები, რომლებიც კონკრეტული ტიპის “ჭუჭყის” მოსაშორებლად არის განკუთვნილი და შესაბამისად უფრო ეფექტურია. გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა ხსნარების, რომლებიც აცილებენ რბილი ლითონების ნადებს მზადდება წყალზე. წყალი იწვევს კოროზიას ამიტომაც აქ მუშაობს პირველი წესი: ფანატიზმის გარეშე.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ქიმიის შეძენისას ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია/ეტიკეტი. როგორც უკვე ავღნიშნე ზოგი საწმენდი სითხე იოლად აცილებს ოქსიდირებას ანუ იარაღის დაფარვას, ზოგის გამოყენება არ შეიძლება ქრომირებულ ლულაში, ზოგის გაჩერება შესაძლებელია მაქსიმუმ 10-15 წუთი ლულაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყოველთვის ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე დაწერილ ინფორმაციას.

WD40-ს ბევრი მსროლელი ხმარობს. ის შეიქმნა 1953 წელს იმისთვის რომ შეემცირებინა კოროზია ბირთვული ქობინით აღჭურვილ ბალისტიკურ რაკეტებში. ის იცავდა რკინის დეტალებს ნესტისგან და გამოდევნიდა წყალს, რომელიც პატარა ღარებში გროვდებოდა. 1958 წლიდან ის ხელმისაწვდომია ყველასთვის და მას მათ შორის იარაღის მოვლისთვის, წმენდისთვის იყენებენ. 15%-ით ის ზეთისგანაც შედგება ანუ ზეთის თვისებებიც გააჩნია. საწმენდად მე მას არც ისე ხშირად ვიყენებ სწორედ ამ ზეთის გამო, რომელიც რჩება ზედაპირზე და წმენდის შემდეგ ამ ფენის მოცილებაც ხდება საჭირო.

მანამ სანამ ასეთი ქიმია გამოჩნდებოდა, მონადირეები (სხვებს არ ქონდათ იარაღის ფლობის უფლება) ხმარობდნენ სხვა და სხვა ხერხს. მაგალითად ცხელი წყლით რეცხვა.  ცხელი წყალი და საპონი ასრულებს პრაქტიკულად იგივე როლს რაც ნამწვავის მოსაშორებელი სითხე დღეს. ცხელი წყლით ლულის წმენდა ადვილია, ამავე დროს სწრაფია და ალბათ იაფიც არის. მაგრამ მე ვერ მივცემ რეკომენდაციას ამ მეთოდის ხშირ გამოყენებას რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში დიდი სიფრთხილე და ყურადღება არის საჭირო. სიფრთხილე საჭიროა იმისთვის, რომ წყალი არ დაგროვდეს ძნელად მისაღწევ ადგილებში (რკინა ხურდება ცხელი წყლისგან და იწვევს წყლის აორთქლებას ზედაპირიდან მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში და ადგილებში ეს ასე არ ხდება). ყოველი ასეთი წმენდის მერე პატრონი ვალდებულია შეამოწმოს რამდენიმე დღის განმავლობაში ლულის და სხვა რკინის დეტალების ზედაპირი, იმისთვის, რომ კოროზიის შემთხვევაში დროულად მიიღოს ზომები. ასევე მაგალითად სანადირო თოფის ლულების წმენდისას შესაძლებელია წყალი დაგროვდეს “პაიკის” ქვეშ ან სამიზნე პლანკის შიგნით და გამოიწვიოს კოროზია, რომელიც არ გამოჩნდება მანამ სანამ უკვე გვიანი არ იქნება. მე ვიყენებ რეცხვის მეთოდს, როდესაც ხელში ჩამივარდება ხოლმე ძალიან ჭუჭყიანი დიდი ხნის გაუწმენდავი იარაღი. მაშინ ცხელი წყალი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ქიმია არის აუცილებელი და საუკეთესო გზა იარაღი სწრაფად და ხარისხიანად გაიწმინდოს ნადებისგან, ჭუჭყისგან, სხვადასხვა ზეთებისგან, მაგრამ მე ამას ვაკეთებ ძალიან იშვიათად თუ სხვა გამოსავალი არ არის. კოროზიის ალბათობა ძალიან დიდია, როგორი ცხელიც არ უნდა იყოს წყალი, ის მაგალითად  პისტოლეტის ჩარჩოს შიგნით მაინც რჩება ხოლმე. დღეს ეს პრობლემები, რომლებიც იდგა ადრე  აღარ არსებობენ (ისევე როგორც შავი ვოლგა ფარდებით უკანა საქარე მინაზე დიდიხანია არ ითვლება მაგარ მანქანად) ამიტომაც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში/იარაღში მე ვიყენებ (და თქვენც იგივეს გირჩევთ) მხოლოდ სპეციალიზირებულ ქიმიას.

ეს არის გლოკ 19, რომელიც აი ასეთ მდგომარეობაში გადმომეცა. ყველაზე უცნაური იყო მწვანე სუბსტანცია დამრტყმელზე, მაშინ როდესაც არსებობს წესი, რომელიც კრძალავს ზეთის წასმას დამრტყმელზე და დამრტყმელის არხში. იარაღი გაირეცხა და რამდენიმე წუთში იყო აბსოლუტურად სუფთა. თანამედროვე იარაღი უკეთესად იტანს წყლის ზემოქმედებას და კოროზიის რისკი მინიმალურია. ძველ იარაღში ეს პროცესი ჩემი აზრით არ არის რეკომენდირებული.

არასპეციალიზირებული ქიმიის თემა რომ გავაგრძელოთ საბჭოთა კავშირში პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. ტრანსფორმატორული ზეთი. მას, როგორც საფოხს ისე იყენებდნენ და ასევე იყენებდენ ირაღის საწმენდად. ზოგ გონია, რომ რახან ძველი მონადირეები იყენებდნენ მას ესეიგი ეს მართლა რაღაც ჯადოსნური სითხეა. სინამდვილეში საქმე ცოტა სხვა გვარად არის. პირველ რიგში არავინ საბჭოტა კავშირში ამ ზეთს არ ყიდულობდა. მას უბრალოდ იპარავდნენ ტრანსფორმატორებიდან. მუქთა კიდე როგორც ცნობილია ძმარიც ტკბილია. მიყრუებულ ადგილებში ეს ხშირად იყო ერთადერთი წყარო ზეთის მიღების. ეს ზეთი ასრულებს სითბური და ელექტრო იზოლატორის როლს. ის არ არის განკუთვნილი არც საფოხად გამოყენებისათვის და მითუმეტეს არც რამის საწმენდად. ითვლება, რომ ეს ზეთი იწოვს ნესტს ჰაერიდან, რაც ასევე არ არის კარგი. ეს არის მთელი საიდუმლოება ამ ზეთის, უფრო სწორედ არანაირი საიდუმლოება არც არის. გასაგებია, რომ თოფი ალბათ არ გაფუჭდება მისი გამოყენებით, მაგრამ დღეს ამ ზეთის გამოყენების არანაირი საჭიროება არ არსებობს. უკეთესი პროდუქტებია ხელმისაწვდომი და რომლებიც მუქთა არ არის მაგრამ  არც ღირს ძვირი. მეც მიდევ ლიტრიანი კასტროლის სინთეტიკური მანქანის ზეთი. ის მიდევს მე იმიტომ, რომ პირველ რიგში მენანება მისი გადაგდება და თუ მოხდა აპოკალიფსისი და კაცობრიობის დასასრული, ის მე დიდიხანი მეყოფა იარაღების დასაზეთად. ზოგი ასეც შვება, მაგრამ ხარჯი იარაღის ზეთზე არის ზღვა წვეთში, სხვა ხარჯებთან შედარებით. ეკონომიას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს.

სანამ ნავთობპროდუქტებისგან შექმნილი საფოხები შეიქმნებოდა, ადამიანები ხმარობდნენ ცხოველის ცხიმებს. მაგალითად ვეშაპის ტვინთან განლაგებული ჯიკვლებიდან (Physeter macrocephalus იგივე კაშალოტი) ამოღებულ ზეთს, რომელიც საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა იარაღის დასაზეთად. ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ დღეს აუცილებელია ტრანსფორმატორის ზეთით ლულის წმენდა და ნიკორას ბეკონით მექანიზმების დაზეთვა.  გაცილებით უკეთესი პროდუქტებია ხელმისაწვდომი.

 

იმპროვიზაცია ხანდახან მუშაობს კარგად, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. გრილის/მაყალის საწმენდი სპლილენძის ჯაგრისი ძალიან კარგად წმინდავს მაგალითად უჟანგავი რკინისგან დამზადებულ დეტალებს, მე მას ვიყენებდი ჩემი .22 კალიბრის რევოლვერის საწმენდად, რომელიც მთლიანად უჟანგავი რკინისგან იყო დამზადებული ….

…ეს კიდე იმპროვიზაციის ცუდი შედეგი, მფლობელმა ცადა გაეშრო იარაღი  ელექტრო ღუმელში. წარსულ ცხოვრებაში ეს იყო 9მმ-ნი Sig Pro.

წესი მესამე: წმენდის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს იარაღის დანიშნულებას და მის ექსპლუატაციის პირობებს. მაგალითად შორს მსროლელი ზე ზუსტი შაშხანის ლულა და პისტოლეტის ლულა იწმინდება სხვადასხვანაირად. ასევე ექსპლუატაციიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ქიმიური საშუალებების გამოყენება. პისტოლეტიდან 20-30 გასროლის შემდეგ ძლიერი საწმენდი ხსნარების გამოყენება აუცილებელი არ არის. სწრაფი მაღალწნევიანი კალიბრების შაშხანის ტყვიები მეტ ნადებს ტოვებენ ლულაში და პირიქით. პისტოლეტის ლულა ისე ვერასდროს ვერ დაბინძურდება ნადებით (გარსით დაფარული ტყვიებით გამოყენებისას), რომ  მოხდეს სიზუსტის კლება ამიტომაც განსაკუთრებულად აგრესიული ქიმიის გამოყენებას აზრი არ აქვს. ზე ზუსტი მსროლელებისთვის სუფთა ლულას აქვს დიდი მნიშვნელობა და ამიტომაც წმენდა მათთვის არის მთელი ფილოსოფია და ისინი როგორც წესი ძალიან ბევრ სხვა და სხვა ტიპის სითხეს იყენებენ.

ლითონის ჯაგრისების გამოყენება. რბილი ლითონისგან დამზადებული ჯაგრისები კარგი და ეეფქტური ინსტრუმენტებია ლულის (და არა მხოლოდ ლულის) საწმენდად. მაგრამ მათი გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს. ლულის წმენდის თემა არსად არ დგას ისე აქტუალურად, როგორც ზე ზუსტ მსროლელებში. აქ კიდე ორი ბანაკი არსებობს. ერთი, რომელიც იყენებს ასეთ ჯაგრისებს და მეორე რომელიც არ იყენებს. თქვენი გადასაწყვეტია გჭირდებათ თუ არა მათი გამოყენება, უბრალდო დაიმხასოვრეთ ორი რამე, ლითონის ჯაგრისები არ გამოიყენება ლულის საწმენდ ქიმიასთან, იმიტომ რომ ქიმია შედის რეაქციაში ჯაგრისთან და არბილებს აფუჭებს მას, და ასეთი ჯაგრისის ლულაში გატარებისას ის უნდა გაატაროთ ბოლომდე და არ შეუცვალოთ მას მოძრაობის მიმართულება როდესაც ის ლულის შიგით არის, რომ არ მოხდეს ჯაგრისის დაზიანება. ზოგი მსროლელი ატარებს მას მხოლოდ ერთი მიმართულებით, სავაზნიდან ლულის ბოლოსკენ, ხსნის მას და იმეორებს ციკლს.

ერთადერთი ხერხი შეამოწმოთ ლულის წმენდის ხარისხის და ზოგადად ლულის არხის მდგომარეობა არის ბოროსკოპი. ვიზუალური ლულის დათვალიერებას რაც შეეხება, ეს არ არის საიმედო მეთოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წლები ხეხოთ ლულა და გეგონოთ, რომ ყველაფერი კარგად არის და სინამდვილეში ლულა ისევ ბინძური რჩება. მაგალითად ძველი სამხედრო ლულა შეიძლება იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ ის უბრალოდ “შეჭამს” ლითონის ჯაგრისებს და ქიმიის გამოყენმებისას ის შევა რეაქციაში ჯაგრისის ნარჩენებთან და თქვენ შეცდომით ჩათვლით რომ ლულა იწმინდება ნადებისგან  მაშინ როდესაც ეს ასე არ არის. ჩემი გამოცდილებით ძველი სამხედრო იარაღის წმენდა კოროზიული ვაზნების გამოყენების შემდეგა რის ყველაზე რთული წმენდა, რომელიც შეიძლება წარმოიდგინო. ბოროსკოპს რაც შეეხებ მე ის არ მაქვს, იმიტომ რომ არ მჭირდება. იარაღი, რომელსაც მე ვიყენებ ისვრის ერთნაირად, ბინძური და სუფთა ლულით ხოლო ქიმია რომელიც მე მაქვს და წმენდის ციკლი უზრუნველყოფს ლულის და სხვა დეტალების ადეკვატურ დაცვას. გარდა ამისა უნდა ავღნიიშნო, რომ თანამედროვე ამუნიცია იყენებს იმდენად სუფთა დენთებს და ამაალებლებს და ლულები დამზადებულია ისეთი ხარისხის ფოლადისგან, რომ მათი დაზიანება იმის გამო რომ დროულად არ გაწმინდეთ ძალიან ძნელია.

ბოროსკოპი აუცილებელია ზე ზუსტი მსროლელებისთვის, რომლებიც გარდა იმისა რომ გააკონტროლებენ ლულის არხის მდგომარეობას ასევე გააკონტროლებენ წმენდის ეფექტურობას და თავს დაიზღვევენ ზედმეტი ლულის ხეხვისგან.

ლულის წმენდის თემა, რომ გავაგრძელოთ პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რას ვებრძვით ლულის შიგნით.  ეს არის ზეთის/საფოხების ნარჩენები, ნამწვავი, როგორც ზედაპირული ასევე ის რომელიც ლულის რკინის შიგნით ზის, სპილენძი, რომელიც რჩება ლულაში ტყვიის გავლის შემდეგ, ტყვია, რომელიც რჩება ტყვიის ჭურვების გამოყენებისას, ძირითადად მცირეკალიბრიან იარაღში (.22lr) და თოფებში. ყველა ამ ნადების მოსაშორებლად არსებობს სპეციალიზირებული ქიმია. რა ღირს კარგი სპეციალიზირებული ქიმია? პასუხი არის მარტივი: კაპიკები. მაგალითად იარაღის ზეთის ფასი იწყება ხუთი დოლარიდან. Hoppes #9 450მლ ღირს 11 დოლარი. ნადების მოსაცილებელი ხსნარი Robla მე მაქვს უკანასკნელი 3 წელი და ის მხოლოდ  200 მილი ლიტრია.  ერთ ერთი საუკეთესო ხსნარი ნამწვავის მოსაშორებლად არის M Pro7. 236 მილილიტრიანი სპრეი ჯდება 12 დოლარი. რაიმე ეკონომია აქ ყოველგვარ აზრს მოკლებულია. გასგებია, რომ არის ხალხი, რომელიც დაღმართში მოძრაობისას ძრავს თიშავს საწვავის ეკონომიის მიზნით, მაგრამ მგონი თქვენც დარწმუნდით, რომ ხარისხიანი ქიმია არ ღირს ძვირი.

და ბოლოს წესი მეოთხე: გაუფრთხილდით იარაღს და საკუთარ ჯანმრთელობას. თვალების და სასუნთქის დაცვა აუცილებელია. ქიმია არის ტოქსიკური და ამიტომაც გარკვეულ საფრთხეს ატარებს ადამიანისთვის. სასურველია რეზინის ხელთათმანების გამოყენება. თუ ხელზე ღია ჭრილობები გაქვთ რეზინის ხელთათმანების გამოყენება აუცილებელია. ასევე უნდა გაუფრთხილდეთ თვალებს და დაიცვათ ის საწმენდი საშუალებების მოხვედრისგან. იარაღი უნდა იწმინდებოდეს კარგად განიავებულ ოთახში, რომ არ მოხდეს მავნე აირების ჩასუნთქვა და მოწამლვა.

პს

ძალიან დიდი ხნის წინ მე წავიკითხე ერთი წიგნი, რომელიც აღწერდა რამდენიმე მეგობარ საზღვაო ფეხოსნის ცხოვრებას, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის კამპანიაში. იქ აღწერილია ერთი სცენა, როდესაც ახალგაზრდა და ამბიციური ლეიტენანტი ხელში ატრიალებს M1911-ს და “აწვალებს” კითხვებით იარაღის მოვლის საუკეთესი მეთოდზე ბებერ და გამოცდილ სერჟანტს. ბოლოს სერჟანტი მოუტრიალდება და ეტყვის ასეთ სიტყვებს: საუკეთესო ხეხრი მოუარო იარაღს არის ნაკლებად მოკიდო მას შენი ბინძური ხელები.



5 Responses to “იარაღის წმენდის რამდენიმე პრაქტიკული ასპექტი”

  1. jurkha says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა ბატონო ლევან, დიდი მადლობა, რომ ქვენ გამოცდილებას დაუზარებლად გვიზიარებთ, აქვე მინდა რომ გკითხოთ ბალისტოლის უნივერსალურ ზეთზე რას ფიქრობთ.

  2. dato says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან. მაინტერესებს ლუგერის 9 მილიმეტრიანი ბრაზილიური , ისრაელის და ამერიკული ვაზნები კოროზიულია რომელიმე თუ არა? წინასწარ გიხდით მადლობა.

  3. Shooter says:

    გამარჯობა. ბალისტოლი არის კარგი ზეთი, რომელშიც არის საწმენდი მინარევებიც და თუ სხვა არაფერია საწმენდადაც გამოდგება. მე ადრე სულ მაგას ვხმარობდი მაგრამ მერე უფრო უკეთეს პროდუქტზე გადავედი.

  4. Shooter says:

    არც ერთი არ არის კოროზიული. თანამედროვე პისტოლეტის ვაზნები პრაქტიკულად არც ერთი არ არის კოროზიული.

  5. მადლობა საინტერესო და საჭირო სტატიისთვის

დატოვეთ კომენტარი