AR-15-ის მჭიდები, ექსპლუატაცია, მოვლა და თავისებურებები.

ნომერ პირველი მიზეზი პრობლემების AR-15-ში გახლავთ მჭიდები. სწორედ არასათანადო მდგომარეობაში მყოფი მჭიდები არის მიზეზი უმეტესობა პრობლემების, რომლებსაც შეიძლება ადგილი ქონდეს AR-15-ის შემთხვევაში. თხელი ალუმინისგან დამზადებული იარაღის ეს ნაწილი მოითხოვს ყურადღებას. AR-15-ის სტანდარტულ 30 ვაზნიანი ალუმინის მჭიდს აქვს თავისი დიდი პლუსებიც, ის არის ძალიან მსუბუქი, კომპაქტური და იაფიც ღირს. მაგრამ უყურეთ ასეთ მჭიდებს, როგორც სახარჯ მასალას, ანუ ადრე თუ გვიან ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებში მათი გამოცვლა შეიძლება გახდეს აუცილებელი. ყველა მჭიდი უნდა იყოს მარკირებული, ისე, რომ მათმა პატრონმა გამოარჩიოს თავისი მჭიდები სხვისისგან და პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, მწყობრიდან გამოსული მჭიდი ამოიღოს ექსპლუატაციიდან.  შესაძლებელია სხვა მჭიდების გამოყენებაც, მაგალითად Magpul P-mag-ზე არის კარგი გამოხმაურებები, მაგრამ პანაცეა არ არსებობს. AR-15-ის მჭიდები არის ამ სისტემის ყველაზე სუსტი წერტილი. ამიტომაც ამ სუსტი წერტილის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის ცოდნა არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში AR-15-ის მჭიდები უნდა იყოს დანომრილი, მონიშნული და მკაცრად აღრიცხული. საჭიროების გარეშე არ არის რეკომენდირებული მათი ზედმეტად დატვირთვა, მიწაზე ძალით დაგდება გადატენვებისას, სავსე მჭიდების დაგდება, მაგათზე ფეხებით სირბილი და ასე შემდეგ. გაფუჭებული მჭიდი უნდა განადგურდეს, იმიტომ, რომ ის უნდა მოხდეს ვინმე სხვა მსროლელის ხელში. განსაკუთრებით ეს ეხება მჭიდებს, რომელთა ექსპლუატაცია ჯარში ან პოლიციაში ხდება  სადაც მჭიდის გამო გაჭედილ იარაღს შეიძლება მოყვეს იარაღის პატრონის სიკვდილი. ამავე დროს შესაძლებელია გაფუჭებული მჭიდის გამოყენება სავარჯიშო მიზნებისთვის, იმისთვის რომ ძალით აიძულოთ AR-15 გაჭედოთ და ივარჯიშოთ იარაღის სწრაფი მწყობრში დაბრუნებაში, დაბრკოლების სწრაფი აღმოფხვრის გზით. ბუნებრივია ასეთი მჭიდი უნდა იყოს შესაბამისად მარკირებული. რამდენად მისაღენია ეს პრაქტიკა თქვენთვის, თქვენი გადასაწყვეტია.

ავტორის კუთვნილი სამოქალაქო AR-15 და მჭიდი მარკირებული პერმანენტული მარკერით. ორი ასო ნიშნავს მჭიდის მწარმოებელს ხოლო ციფრი მის ნომერს. მჭიდი არის სტანდარტული ალუმინის ე.წ. GI mag.

მჭიდების მდგომარეობის შემოწმება ხდება დათვალიერებით და ტესტირებით.

დათვალიერება გულისხმობს მჭიდების ვიზუალურ ინსპექტირებას რაიმე დაზიანებების/დეფექტების გამოსავლენად. დაჟეჟილობები, ბზარები, დეფორმაციები. პრობლემური მჭიდის ნიშნებია ასევე, ვაზნების ამოვარდნა მჭიდიდან, როდესაც მჭიდის ტუჩები არ იჭერენ ზედა ბოლო ვაზნას. ჩაატარეთ შემდეგი ტესტი: ჩადეთ მჭიდში 20 ვაზნა, დაიჭირეთ ხელში ვერტიკალურად და დაარტყით ხელი ქვევიდან მჭიდის ძირს. თუ ზედა ბოლო ვაზნა ამოხტა, მჭიდის ტუჩების გეომეტრია დარღვეულია. პრობლემებზე მიუთიტებს ასევე მჭიდის გაჭედვა იარაღში, ან როდესაც ის არ ვარდება გარეთ თავისუფლად. ეს  მეტყეველებს იმაზე, რომ მჭიდის კორპუსი დეფორმირებულია. ტუჩების გასწორებას აზრი არ აქვს, ისევე, როგორც მჭიდის კორპუსის. ასეთი მჭიდები ამოღებულ უნდა იქნან ექსპლუატაციიდან.  ტუჩების მდგომარეობის შემოწმება ხდება მათი გაზომვით (მეიარაღის მიერ) და ვიზუალური დათვალიერებით. დაჭეჭყილი ადგილები, ბზარები (განსაკუთრებულად მჭიდის უკანა მხარეს), შესამჩნევი დეფორმაცია, მიუთიტებს პრობლემებზე. გაითვალისწინეთ, რომ ახალი პლასტმასის მჭიდები შეიძლება თავიდან არ ამოვარდეს თავისუფლად და ეს დროთა განმავლობაში გამოსწორდება. ზოგი პლასტმასის მჭიდი არ შეესაბამაბეა სპეციფიკაციებს და ოდნავ სქელია. სქელი საღებავი მჭიდზე და იარაღზე ასევე შეიძლება გამოიწვიოს მჭიდის დარჩენა იარაღში მჭიდის ამოგდების ღილკაზე დაჭერის მიუხედავად. 

შეიძლება, რომ მჭიდმა არ გაიაროს ინსპექტირება ზემოაღნიშნული კრიტერიუმებით მაგრამ მაინც იმუშაოს. საქმე იმაშია, რომ ალბათობა პრობლემების შექმნის ასეთ მჭიდებში მაინც არის და თუ ხართ მოსამსახურე (ჯარისკაცი, პოლიციელი) თავიდანვე უნდა უზრუნველყოთ თქვენი აღჭურვილობის სრული მზადყოფნა და დეფექტური მჭიდები არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაიღოთ ბრძოლაში, იმისთვის რომ დაბრკოლების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. მე არ ვიცი რა პროცედურები არის ჩვენ ძალოვნებში დეფექტური მჭიდების ჩაბარების/გამოცვლის მხრივ ან როგორ ხდება დეფექტური მჭიდების გამოვლიენება, მაგრამ თუ ეს პროცესი არ არის დალაგებული და მომსამსახურეები არ იღებენ ადეკვატურ ინფორმაცია მჭიდების ექსპლუატაციაზე და დეფექტური მჭიდების გამოვლენაზე მაშინ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ორივე ალუმინის მჭიდს აქვს შესამჩნევი დაზიანებები. დაჭეჭყილი ტუჩი (1) და დეფორმირებული მჭიდის ხუფი. ორივე ეს მჭიდი დაზიანდა ტესტირების ფარგლებში და ორივე ეს მჭიდი მუშაობდა. ალბათობა იარაღის გაჭედვის მათ გამო არის დიდი. ასეთი მჭიდები ექსპლუატაციდან უნდა ამოღებულ იქნას.  სტანდარტული ალუმინის მჭიდები არც ისე სუსტები არიან, როგორც ამას ზოგი თვლის ან ინტერნეტში წერენ.

სუსტი ზამბარა ან მიმწოდებელი, რომელიც იხრება მჭიდის შიგნით ასევე იწვევენ პრობლემებს. ყველაზე ხშირი დაბრკოლება არის როდესაც საკეტი ზევიდან აწვება ვაზნას კედელზე და არა ძირზე, რაც იწვევ ვაზნის დეფორმაციას და იარაღის გაჭედვას. მიზეზი არის ის, რომ მჭიდის ზამბარას არ ყოფნის ძალა, რომ საკმარისად მალე აწიოს ვაზნა და საკეტი ასწრებს მას და ეჯახება ნახევრად ამოწეულ ვაზნას ზევიდან და არა უკნიდან. დეფორმირებული ვაზნის გამოყენება არ შეიძლება! თუ მჭიდის ვიზუალურად კარგ დმგომარეობაშია მაშინ მჭიდის ზამბარა უნდა გამოიცვალოს და მოხდეს მჭიდის ტესტირება. მიმწოდებელს რაც შეეხება, ზოგი მოდელი ისეთი ფორმის არის რომ შეიძლება გადაიხაროს მჭიდის შიგნით  გაიჭედოს, გამოიწვიოს ზედმეტი ხახუნი ან ვაზნის არასწორი განლაგება მიწოდებისას. ამის გამო ვაზნის დროული აწევა არ მოხდება და ადგილი ექნება იგივე დაბრკოლებას ან უბრალოდ არ მოხდება საერთოდ ვაზნის მიწოდება.

ტესტირება სროლით გულისხმობს ორ ეტაპს. ჯერ მჭიდში იდება მხოლოდ ხუთი  ვაზნა და ასე ხდება სროლა. თუ მიმწოდებელი იხრება, ეს გამოიწვევს ვაზნის გამოსვლას მჭიდიდან კუთხით, მას დაეჯახება საკეტი და მოხდება დაბრკოლება.  შემდეგ მჭიდი იტენება ბოლომდე 30 ვაზნით და ხდება ხუთი გასროლა, შემდეგ ისევ იტენება ბოლომდე და ისევ ხუთი გასროლა და ასე რამოდენიმეჯერ.  თუ ზამბარა სუსტია, მას არ ეყოფა ძალა აწიოს 30 ვაზნა და მოხდება დაბრკოლება.


bolt-over base malfunction.  საკეტმა ზევიდან გადაიარა ვაზნაზე და გაჭედა ის. ვაზნა დეფორმირებულია. სუარათის წყარო ar15.com.

თუ ადგილი აქვს ორმაგ მიწოდებას, როდესაც ზედა ვაზნა დაძრულია სავაზნისკენ და ქვედა მას გაყვა და გაჭედა აან მხოდა ერთდროულად ორი ვაზნის გამოსვლა მჭიდიდან,  მაშიინ ყველაზე დიდი ალბათობით ამაში დამნაშავეა პრობლემური ტუჩები.

ყველაზე საიმედო ტესტირების მეთოდია სროლა. აქიდან გამომდინარე აზრი აქვს სროოლებისას მეთოდურათ გაატაროთ იარაღში ყველა მჭიდი, რომ დარწმუნდეთ, რომ ყველა მუშაობს. მას შემდეგ რაც სროლები დაადასტურებენ, რომ ყველა მჭიდი მწყობრშია აზრი აქვს გადახედოთ მათი გამოყენების განრიგს და ვთქვათ ვარჯიშში დატვირთოთ რამოდენიმე მჭიდი, ხოლო დანარჩენი შეინახოთ რეალური “შუხერისთვის”. იდეალურ შემთხვევაში ყველა მჭიდი უნდა იყოს მარკირებული, გაცემული ცალკეულ მეომარზე და მიწერილი კონკრეტულ იარაღზე. ყველა მჭიდის მუშაობა უნდა იყოს მკაცრად აღწერილი. დეფექტური მჭიდის გამოცვლა უნდა ხდებოდეს მარტივად და ეგრევე მოთხოვნის შესაბამისად. თუ ეს ასე არ ხდება, მაშინ შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაწყობა მჭიდების. მჭიდში, რომლის ტუჩებიც დაზიანდა შეიძლება იყოს კარგი ზამბარა, რომლის გამოყენება შესაძლებელია სხვა მჭიდში სუსტი ზამბარით. მჭიდების კორპუსის (და ტუჩების) რემონტი არ ხორციელდება!

თავისთავად ტესტირება ხდება სუფთა, დაზეთილი და დამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი იარაღით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრკოლებები შეიძლება მოხდეს არა მჭიდის გამო. ანალოგიურად უნდა დარწმუნდეთ, რომ გამოყენებული ამუნიცია შეესაბამება სპეციფიკაციებს და ვაზნები დეფეტქების გარეშეა.  ახალი მჭიდების ტესტირებაც არის კარგი პრაქტიკა. ბრაკისგან არავინ დაცული არ არის.

მჭიდი ფაქიზი დეტალია და მას უნდა მოფრთხილება. კარგი მწარმოებლის ალუმინის და პლასტმასის მჭიდები მუშაობენ. ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სურათზე არის სამი კარგი პლასტმასის მჭიდი, Tango Down, Pmag და Tapco. სამივე გასკდა, როდესაც ისინი დააგდეს ბეტონის ზედაპირზე, ტუჩებით ძირს  2.5 მეტრის სიმაღლიდან. სტანდარტულმა ალუმინის მჭიდებმა ამ ტესტ გაუძლეს. სურათის წყარო Shotgun News magazine.

მსხვრევადობა პლასტმასის მჭიდების ახალი თემა არ არის. უფრო მეტიც რეკომენდირებულია მხოლოდ შავი ფერის მჭიდების შეძენა ვინაიდან ის ფხვნილი, რომელიც ემატება სასურველი ფერის მისაღებად, ამცირებს პლასტმასის სიმკვრივეს. ეს არის ინსაიდერული ინფორმაცია მაგპულიდან და მისი გადამოწმება შეუძლებელია.

მოკლედ ჩემი რეკომენდაციაა ნაკლებად უყუროთ რეკლამას და უსმინოთ ჭორებს. სტანდარტული ალუმინის მჭიდები კარგად მუშაობენ, მათთვის Magpul-ი უშვებს ისეთ მიმწოდებლებს რომელიც არ იხრება მჭიდის შიგნით. გაუფრთხილდეთ მათ, აკონტროლოთ მათი დმგომარეობა და პერიოდულად შეამოწმოთ ისინი. არც Pmag-ებზე არ არის ცუდი გამოხმაურებები და ისევე როგორც ზოგ სხვა მოდელებზე. მათი მიმოხილვა არ წარმოადგენს ამ სტატიის მიზანს.  ჩემი არჩევანი იქნება სტანდარტული ალუმინის 30 ვაზნიანი მჭიდი “მაგპულის” მიმწოდებლით. ეს მჭიდები კარგად მუშაობენ. მეორე ადგილზე გავიყვანდი “მაგპულის” Pmag-ს მაგრამ მე არ მომწონს, რომ ის გარანტირებულად ტყდება თუ ის ვაზნებით სავსე დააგდეთ საკმარისი სიმაღლიდან მყარ ზედაპირზე. ასეთ დაგდებას არც მჭიდის პატრონი გაუძლებს, ხოლო მჭიდი ასეთი ბზარით მაინც ფუნქციონირებს მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ეს არის ხარვეზი.  სხვა მხრივ ეს მჭიდები დღეს ყველაზე პოპულარულია და ძალიან კარგი რეპუტაცია აქვთ.  ამის მიზეზი ფასიც არის. ასეთი მჭიდები 12-15 დოლარი ღირს. იყიდე ბევრი და თუ რომელიმე გატყდა უბრალოდ გადააგდე და დაივიწყე. სამოქალაქოებს და პოლიციურ სამსახურებს ჩემი აზრით შესანიშნავად მოემსახურება 20 ვაზნიანი ალუმინის მჭიდები, რომლებიც გაცილებით უფრო საიმედოები არიან ვიდრე 30 ვაზნიანები.

MagPul anti-tilt follower. ცალის ფასი დაახლოებით 2-3 დოლარი არის. თუ მჭიდი მწყობრიდან არის გამოსული მას არ არის აუცილებელი გააყოლოთ ასეთი მიმწოდებელი. მოხსენით და გადააყენეთ ის სხვა მჭიდში სადაც არ არის “ანტი-ტილტ” მიმწოდებელი. რა თქმა უნდა შეამოწმეთ მიმწოდებელის მდგომარეობა.

მჭიდის მოვლას, რაც შეეხება აქ ყველაფერი მარტივად არის. მჭიდი უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს ჭუჭყისგან. თავიდან ალუმინის მჭიდები იქმნებოდა როგორც პრაქტიკულად ერთჯერადი დეტალები. მას მერე რაც დადსტურდა, რომ ეს არც ისე იაფი გზა არის, მჭიდის კონსტრუქცია შეიცვალა, ისე რომ გახდა შესაძლებელი მისი დაშლა და მომსახურება.

გაუყარეთ სახრახნისი მჭიდის ხუფს, დინჯათ ამოწიეთ ეს მხარე და გამოწიეთ ხუფი გარეთ (მწვანე ისრის მიმართულებით) . მეორე ხელით გეჭიროთზამბარა ისე, რომ ის არ ამოხტეს გარეთ (მჭიდის ძარის “ეშვები” წესით ზამბარას მაინც დაიჭერენ შიგნით). შემდეგ ამოიღეთ მიმწოდებელი.

დაზეთვა მჭიდის არ არის საჭირო. თუმცა იმისთვის, რომ დაიცვათ ზამბარა კოროზიისგან, შესაძლებელია ის გაწმინდოთ ზეთიანი ტილოთი. ზეთი მჭიდის შიგნით გამოიწვევს ჭუჭყის, ქვიშის და მტვერის დაგრივებას. აქცევ მას წებოვან მასად და  ადრე თუ გვიან გამოიწვევს პრობლემებს. ალუმინის მჭიდი ისედაც დაფარულია სპეციალური დაფფარვით, რომელიც ამცირებს ხახუნს და ასრულებს ზეთის ფენის ფუნქციას. აწყობისას დააკვირდით რომ მიმწოდებელი და ზaმბარა სწორედ არის განლაგებული.

რაც შეეხება ტევადობას, კარგი ხარისხის მჭიდი გათვლილია  30 ზუსტად  ვაზნაზე და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ნაკლები ვაზნების ჩალაგება. ერთადერთი რაც შეიძლება არ მოგეწონოთ არის ძალა, რომელიც საჭიროა რომ ბოლომდე სავსე მჭიდი მოათავსდეს იარაღში. თუ ეს გიქმნით დისკომფორტს, მაშინ დატენეთ მხოლოდ 28 ვაზნა და შეიმუშაევთ ჩვევა ტევადობის გადამოწმების. დააჭირეთ თითი ზევიდან ვაზნებს და დაიმახსოვრეთ 28 ვაზნის შემტხვევაში რა ძალა არის საჭირო რომ დააწვეთ და რამდენზე ჩადიან ვაზნები დაბლა. 30 ვაზნაზე მეტის ჩატენვა მჭიდში თავისთავად არის სისულელე.

AR15-ის მჭიდის ზამბარები მზადდება ჩვეულებრივი ფოლადისგან, უჟანგავი ფოლადისგან და chrome silicone-სგან დამზადებული (ფოლადის ნაირსახეობა, რომელიც მე არ ვიცი როგორ არის ქართულად). უკანასკნელი საუკეთესო მასალა არის და მისგან დამზადებულ ზამბარებს უფრო დიდი რესურსი აქვთ ვიდრე პირველ ორს, თუმცა მეორე უკეთესად უძლებს კოროზიას. წესით ზამბარის მასალა უნდა იყოს მითითებული დოკუმენტაციაში, რომელიც მჭიდებს მოყვება.

PS

სამწუხაროდ ჩვენ ჯარში და პოლიციაში არავის თავი არ ტკივა უნიფიცირების და სტანდარტების გამო. მე მინახია ჩვენი მჭიდები და ისინი ბევრნაირია, ზოგში იყო მაგპულის მიმწოდებელი, ზოგში არა. არც ერთი არ იყო მარკირებული. განსხვავდებიან მწარმოებლები და სპეციფიკაციები. ასეთ მდგომარეობაში მეომარი რას მიიღებს არსენალში კაცმა არ იცის ისევე, როგორც ეს მძიმე ტვირთად აწვება მეიარაღეებს. ასეთ მდგომარეობაში მატერიალური ნაწილის ცოდმა მოეთხოვება ყველას და იმედია ეს სტატია რამეში მაინც მათ დაეხმარება.

 

 



2 Responses to “AR-15-ის მჭიდები, ექსპლუატაცია, მოვლა და თავისებურებები.”

  1. ლაშა says:

    გამარჯობა ლევან,გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩავატარო,არ გავწმინდო იარაღი მანამ სანამ არ ექნება შეფერხება,უკვე ნასროლი მაქვს 450 ვაზნა,ვნახოთ შედეგებს მოგახსენებ

  2. Shooter says:

    გამარჯობა,

    საინტერესოა სადამდე გაძლებს. ველოდები შედეგებს :)

დატოვეთ კომენტარი