რედაქტორის სვეტი 02.03.2013

რამოდენიმე კვირის წინ ვნახე ერთი ვიდეოკლიპი ინტერნეტში, რომელშიც კარგად ცნობილი ინსტრუქტორი აღწერდა (იუმორით) იარაღის მფლობელების ტიპებს. მე ვიფიქრე, რომ სახალისო იქნებოდა ანალოგიური მასალის მომზადება და წარმოგიდგენთ ჩემ ვარიანტს. სტატია თუ მას ასე შეიძლება ეწოდოს, დაწერილია ექსპრომტით, მაგრამ იუმორის გარდა კლიპშიც და ამ “ნაშრომშიც” არის გარკვეული გზავნილები, რომლის გადმოცემაც სურთ ავტორებს. დავიწყოთ:

ჯგუფი პირველი, არის ალბათ ყველაზე მრავალრიცხოვანი. საშუალო-სტატისტიკური ქართველი იარაღის მფლობელები. პრეფერენციები იარაღის არჩევაში ყველაზე ნაკლებად უკავშირდებიან იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკურ და სხვა მონაცემებს. ეს იმიტომ, რომ იარაღი მაგათთვის არის ჯადოსნური ტალისმანი, აქსესუარი, სათამაშო ან რაღაცა, რაც მათ არ უნდათ და ძალით შეტენეს, როგორც საჩუქარი ან ვთქვათ ტაბელური იარაღი. ამ ჯგუფში არიან ადამიანები რომლებიც თვლიან, რომ საკამრისია სახლში დადო იარაღი და ბოროტი ძალები, აჩრდილები,  ბოროტი სულები და მაჯლაჯუნები თქვენ არ გაგეკარებიან. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სახლში რაღაც იარაღი უნდა “ეგდოს”. ენ-რაოდენობის მაკაროვები, ტტ-ები, ნაგანები, (იმიტომ, რომ იაფია ხოლო მაჯლაჯუნებს აფრთხობს თვით იარაღის არსებობის ფაქტი და არა იარაღიდან ნასროლი ტყვიის სიზუსტე და ენერგია ჯოულებში) ინახება ასე ოჯახებში სადაც არავინმა არ იცის, როგორ უნდა მათგან სროლა, მათი ექსპლუატაცია, მოვლა და შენახვა. ასეთი იარაღები პერიოდულად “ისვრიან” ქეიფების, ზეიმების, “მეჟდუსაბოიჩიკების”, ახალი წლების დროს და ასეთივე შესაშური პერიოდულობით ასეთი ტალისმანების პატრონების  მსხვერპლი ხდებიან უდანაშაულო ადამიანები.  ენ-რაოდენობის ტაბელური იარაღი გაიცემა ხალხზე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ მის გამოყენებაზე და არც აინტერესებდეთ, ხის სათამაშო თუ 9მმ-ნი სერვის პისტოლეტი თვისობრივად მათთვის არ განსხვავდებიან. კრეტინიზმის აპოფეოზად მიმაჩნია, რომ კანონი საქართველოში გამოყოფს მთელ კატეგორიებს ჩინოვნიკების, რომლებსაც  თანამდებობასთან ერთად ავტომატურად ეძლევათ უფლება მოკლე-ლულიანი იარაღის ტარების, მაშინ როდესაც უბრალო მოქალაქეს ეს უფლება არ აქვთ. ჩემი აზრით ეს არის ერთ ერთი ყველაზე დისკრიმინაციული, უაზრო, კრეტინული და იდიოტური პრაქტიკა, რომელიც არსებობს დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა შეიცვალოს! ამ პრაქტიკას ძალინ ცუდი სუნი ასდის.

მერე მოდიან “კოლექციონერები”.  რაც შეეხება იარაღის, როგორც მაგარ და “დერზკ” აქსესუარს, მაშინ საქმეში ერთვებიან “კოლექციონერები”. იარაღი ძვირია, ჩვენ აღმოსავლური მენტალიტეტის ხალხი ვართ და შესაბამისად მაგარი იარაღი სტატუსის ნიშანიც არის. აქაც ტტმ-ს, ჯოულებს და სასხლეტის თვისებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ბრენდი, ფასი, და ინდივიდუალური ყველა კოლექციონერისთვის შეხედულება იმაზე თუ რას წარმოადგენს მათ თვალში “მაგარი სტვოლი”. ჩემთვის რჩება გამოცანად, რა კრიტერიუმებით აფასებენ კოლექციონერები მათი აზრით კარგ იარაღს მაგრამ ეს შეფასება ხდება მას მერე, რაც იარაღი გაივლის რიგ ფილტრებს, ფასის და წარმოშვების მხრივ (იმიტომ, რომ ყველაფერი აზიური, აღმოსაცლეთ ევროპული და ხელმისაწვდომი მათთვის ღირებულებას არ წარმოადგენს).  შესაბამისად, რატომ მოწონს “კოლექციონერს” ზიგი და არ მოწონს HS9 რჩება გამოცანად. და ეს უფრო როგორც ქალური ლოგიკა რჩება გამოცანად მამაკაცებისთვის დარჩება გამოცანად ჩემთვის. ყველაზე მძიმე შემთხვევაა, როდესაც დიდი ან ძვირი ნიშნავს კარგს.  გამომდინარე იქიდან, რომ “კოლექციონერისთვის” იარაღის სროლა და მაგალითად ბოულინგი თვისობრივად და ემოციურად ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ისინი, როგორც წესი ნაკლებად ფიქრობენ პრაქტიკაზე, ტაქტიკაზე, სწორ დგომზე, იარაღის ჭერაზე. სროლა იარაღს ცვითავს და ნაკაწრი პისტოლეტზე განიხილება, როგორც პირადი ტრაგედია. “კოლექციონერისთვის” ახალი სათამაშო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უკეთესი დრო სპლიტებს შორის ან უკეთესი შედეგი სამიზნეზე. არიან ადამიანები, რომლებიც აგროვებენ იარაღს, რომელიც მათთვის არის, რაღაც  ნიშვნელოვანი ისტორიულ არტეფაქტებს. კოლექციონერის გზა ჩემი აზრით არის მცდარი გზა, რომელსაც იარაღის მფლობელი არ უნდა გაყვეს. ბოლო დროს წარმოიშვა სახიფათო ტრენდი ფორუმებზე, ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღის ყიდვის, რომ მთელმა ფორუმმა დააღონ პირები და აღიარონ “კოლექციონერი” ღმერთად, რაც ჩემი აზრით სრული კატასტროფაა.  ასეთივე ტრენდია დღეს საქართველოში პისტოლეტი FN Five-seveN, რომელიც ჩემი აზრით არის ყოვლად გამოუსადეგარი იარაღი კალიბრის გამო, მაგრამ მაინც იყიდება სამმაგ და ოთხმაგ ფასებში და “კოლექციონერებში” გასაგები მიზეზების გამო პოპულარობით სარგებლობს. მე მაგალითად მარტივი ადამიანი ვარ, მუშა 9მმ-ნი კომპაქტი არის ყველაფერი რაც მე მჭირდება  :) .

შემდეგი ჯგუფის წარმომადგენლები მე პირდაპირ ვიტყვი –  მაღიზიანებენ. პირობითად უწოდოთ მათ “რემბოები”. ყოფილი და მოქმედი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ვეტერანების ან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მინიმალური გამოცდილება (ხანდახან არც ისე მცირე) რამე შარში ყოფნის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.  ის ფაქტი, რომ მათ აქვთ საბუთი ან ფორმა და იარაღი ავტომატურად ხდის მათ სერიოზულ ექსპერტად. ტოდ ჯარეტი? ბილ ვილსონი? ეგ ვინ ჩემი ფეხები არიან? აი მე ვიცი ყველაფერი, მე ვარ რაც ვარ! სამწუხაროდ მათ იმდენად აბრმავებთ ასეთი შეხედულებები საკუთარ თავზე, რომ ისინი არ იციან სად არიან, რა არიან, რა შეუძლიათ და გამომდინარე აქიდან ახასიათებთ ავტომატურად უარის თქმა ნებისმიერი ფორმით რამის სწავლებაზე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ატარებს “ქსივას” ან ფორმას მაგათვის არის არარაობა. ჭიანჭველები, რომლებიც უბრალოდ არ შეიძლება რამე იცოდნენ. შესაბამისად პოლემიკაში შესვლა ასეთ ხალხთან პრაქტიკულად უაზროა, რამის სწვალა/ახსნა მათთვის ასევე უაზროა. ცუდია ის, რომ ასეთი ხალხი თავისი ზღაპრებით წამლავენ ახალგაზრდებს და მცდარ ინფორმაციას აწვდიან მათ. ცუდია, რომ ასეთი ხალხის შეცდომებს ეწირებიან სხვები. არის ასეთი კატეგორია, რომელიც მე არ მომწონს, ადამიანები, რომლებიც იძახიან სისულელეებს მაგრამ ძალიან დამაჯერებლად იგივე ახასიათებთ ჩვენ “რემბოებს”. მითები და ზღაპრები მაკაროვზე, რომლის ტყვია ეგრევე აგდებს და M16 სულ ჭედავს, სწორედ მაგათგან მოდის  და ვრცელდება.  სამწუხაროდ გარკვევა იმაში რა შეუძლია მაკაროვის ვაზნას,  რატომ ჭედავს ავტომატი, რაშია პრობლემა, რაშია გამოსავალი, ცილდება მათ კომპეტენციას და შესაძლებლობებს, ბოლოს და ბოლოს უბრალოდ ეს მათ არ აინტერესებთ. იმიტომ, რომ თუ რაღაცა გაინტერესებს, მიდიხარ დეტალებში და დეტალები ეს ისეთი წვრილმანებია რომლებიც “რემბოებს” ნაკლებად აღელვებს. რაც შეეხება მათ შესაძლებლობებს, ის ლიმიტირებულია ერთი სისტემით/იარაღით, რომელსაც ისინი მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებლად ფლობენ (იმიტომ, რომ ვაზნები მანდ მუქთაა და სროლა პრობლემას არ წარმოადგენს, გინდა არ გინდა რაღაცას მაინც მოახერხებ) ან მათ უბრალოდ საერთოდ არ იციან იარაღის გამოყენება, იმიტომ რომ სროლას სწავლა უნდა და სწავლა მათ არ უყვართ იმიტომ, რომ თვლიან, რომ ყველაფერი იციან. მანკიერი წრე შეკრულია და სწორ გზას აცდენილიც ხარ.  რა უჯდება სახელმწიფოს ასეთი “რემბოების” შენახვა ცალკე თემაა. მათი არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალოვნებში უკიდურესად სერიოზული პრობლემებია საცეცხლე და თეორიული მომზადების ორგანიზებაში.

ჯგუფი მესამე. პირობითად უწოდოთ მათ “დაინტერესებულები”. მათ აერთიანებთ ერთი რამ. ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და პერფექციონიზმი, ინტერესი სროლისადმი და იარაღისადმი. ყველაფერი იწყება გაცვეთილი თემებით, რკინის პისტოლეტები ჯობია თუ პლასტმასის? მაკაროვი მართლა მაგარია? და მაუზერი როგორია? ადამიანი იწყებს სტატიების კითხვას, ურთიერთობს ფორუმებზე, ყიდულობს ჟურნალებს, წიგნებს მერე იარაღს და ცდილობს ისწავლოს მისი გამოყენება. მას მუდმივად ებადება შეკითხვები და ის ცდილობს იპოვოს ამ შეკითხვებზე პასუხი. ეს გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი აგროვებს ინფორმაციას და ავითარებს თავის უნარჩვევებს იმისთვის, რომ უკეთესად ისროლოს და იცოდეს რაც შეიძლება მეტი.  ეს უკვე არის რაღაცის დასაწყისი. ასეთი ადამიანი დგას გზის დასაწყისში, რომლის სიგრძე არის მთელი ცხოვრება.  ეს  გზა საქართველოს პირობებში არის ურთულესი და მე ვიცნობ თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ამ გზას გაყვნენ. რთულია ეს გზა, იმიტომ, რომ ის უკავშირდება დიდ ხარჯებს, დიდ რისკებს და მოითხოვს ძალიან ბევრ დროს, მოთმიენას და შრომას.  ჩვენ ქვეყანაში იარაღის კულტურა არ არსებობს, არ არსებოს ტირები, შეჯიბრებები, სასროლოსნო სკოლები, ინსტრუქტორები. ასეთ პირობებში რამეს მიაღწიო უნდა იყო ნამდვილი ფანატი. ბევრს ვიცნობ, ვინც დაადგა ამ გზას და მერე უბრალოდ ვერ გაქაჩა და ჩამოცილდა დისტანციას. საწყენია, მაგრამ გასაგები. ვიმეორებ ეს გზა არის ძალიან რთული. მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი ჩავრთო ამ ჯგუფში მონადირეების თუ არა მაგრამ მათ და სპორტსმენებს მე მაინც ცალკე გამოვყოფ. “დაინტერესებულები” მონადირეებისგან და სპორტსმენებისგან განსხვავებით ხედავენ მთელ სასროლოსნო სამყაროს მთლიანობაში და ირჩევენ თავისთვის ყველაზე საინტერესოს, შემდგომ შეიძლება გახდენენ მონადირეებიც და სპორტსმენებიც, აირჩიონ თავისი სპეციალიზაცია (შაშხანა, თოფი, პისტოლეტი) მაგრამ ისინი ხედვას და ინტერესს არ კარგავენ ყველაფრისადმი რაც ისვრის. თავის საქმეში ცნობის მოყვარეობის და პერფექციონიზმის (ანუ სწრაფვა სრულყოფილებისკენ) გამო მაღალ შედეგებსაც აღწევენ (როგორც წესი) და საბოლოო ჯამში გადავლენ მეხუთე ჯგუფში. მე დღეს ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან და ეს ძალიან მახარებს.

ჯგუფი მეოთხე. მონადირეები, ისევე როგორც სპორტსმენები ორიენტირებულები არიან შედეგზე. პირველებს უნდათ ნადავლი, მეორეებს მაღალი სპორტული შედეგი და არიან ვიწროსპეციალიზირებული ტიპები. მათი ჩემი აზრით  ინეტრესთა სფერო საკმაოდ ვიწროა.  მე ვიცი ერთი ძალიან სერიოზული ვეტერანი სპორტსმენი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პატრიკ ფლენიგანი ასე სწრაფად ისვრის თოფიდან იმიტომ, რომ მისი თოფი იყი ავტომატური ანუ ჯერებით ისროდა, რაც უბრალოდ ნონსენსია. ეს არის სწორედ ამ ვიწროსპეციალიზაციის და ვიწრო ხედვის მაგალითი. გარდა ამისა სპორტსმენები ჩვენთან უკვე აღწერილი მიზეზების გამო ძალიან ცოტანი არიან, და ვინც გვყავს სახელმწიფოსგან არ ღებულობენ იმ ყურადღებას და მხარდაჭერას, რომელსაც იმსახურებენ. ეს ღრმად იდიოტური პრაქტიკა უნდა შეწყდეს, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელების პოსტების დეპუტატების და თანამდებობის პირებზე გადანაწილების. ამ პრაქტიკისი ბუნება მე საერთოდ არ მესმის და თუ ვინმე ამიხსნის მადლობელი ვიქნები. მონადირეებს უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება მე არ მგონია, რომ საქართველოში ბევრია ნამდვილი მონადირე. უფრო მეტია ალბათ ბრაკონიერი და მავნებელი, ასე, რომ მე აქ ახალს და განსაკუთრებულს ვერ დავწერ ვერაფერს. მე უბრალოდ არ ვიცნობ ნამდვილ მონადირეს. ადამიანს, რომელიც იცავს კანონს და უფრთხილდება ბუნება. არ ვიცნიბ და არც გამიგია ასეთის არსებობის შესახებ. ასეთი მდგომარეობის მიზეზი არის გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების სუსტი მუშაობა.

და ბოლოს ჯგუფი მეხუთე. პროფესიონალები. ამას ჯგუფს მე ვერ უწოდებ, იმიტომ, რომ მეგულება მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მე ვთვლი იყო ნამდვილი პროფი. მე მას რამოდენიმე წლის წინ პირველად შევხვდი, სიმართლე გითხრათ სულ ორჯერ შევხვდი ის ყიდდა ოპტიკურ სამიზნეს, რომლის შესაბამისად შეძენა მინდოდა მე და ასე მოხდა ჩვენი შეხვედრა. ეს იყო საკამოდ უკვე ასაკში მყოფი კაცი, მომუშავე შსს-ს სტრუქტურაში და როგორც ჩანს სერიოზული საბრძოლო გამოცდილებით. ძალიან სასიამოვნო ურთიერთობაში, დინჯი და ზრდილობიანი, მას ქონდა ენციკლოპედიური ცოდნა იარაღის და სასროლოსნო საქმის. 20 წუთი მასთან საუბარი საკმარისი იყო, რომ მე გამეგო, რომ ადამიანს კარგად ესმის იარაღი და სროლა. ყველაფერი შენ ვერ გეცოდინება, მაგრამ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაძლევს საშუალებას თავად გაანალიზო ყველაფერი და მიხვიდე სწორ დასკვნებამდე, შპარგალკების დახმარების გარეშე. ეს ასხვავებს პროფესიონალს. მე სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად კარგი მსროლელი იყო ის მაგრამ, იმის გათვალისწინებით რაც მე ვნახე და მოვისმინე გარკვეული სიმაღლეები ამ საქმეში მას მიღწეული ექნებოდა. თუ ასეთი ხალხი რაღაც რაოდენობით “ბინადრობს” ჩვენ ძალოვნებში მაშინ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის. პროფესიონალი სამოქალაქოებში ვერ გამოვლინდება, იმიტომ რომ არ არსებობს არენა, რომელზეც ეს მოხდება მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “დაინტერესებულებმა” უნდა ყურები ჩამოყარონ. მისწრაფება სრულყოფილებისკენ არის ის რაც მათ გადაარჩენს და დაეხმარებათ დაძლიონ ყველა პრობლემა მიაღწიონ სიმაღლეებს და გახდენ პროფესიონალები. ეს წოდება არ არის, ეს უფრო არის რაღაც მდგომარეობა, როდესაც გარკვეული დოგმები ხდება გათვითცნობიერებული. სასროლოსნო საქმეს აქვს დასაწყისი მაგრამ არ აქვს დასასრული. გზა “დაინტერესებულიდან” “პროფესიონალამდე” და ზევით არის ჩემი აზრით  ერთადერთი სწორი იარაღის გზა. დაუწესეთ საკუთარ თავს მაღალი პლანკები. საკმარისი შრომის მერე თვქენ შეიძლება ვერ გახდებით ჯერი მიშალეკი ან ბობ მუნდენი მაგრამ ძალიან ახლოს მიხვალთ მაგათთან და აჯობებთ ყველას თქვენს ირგვლივ და გაახალისებთ და გაამდიდრებთ თქვენ ცხოვრებას. იარაღი არ არის სათამაშო, მათ შორის სამოქალაქო-თავდაცვითი იარაღი მ მოგონილია იმისთვის, რომ კარგმა ადამიანებმა დაიცვან თავი ცუდი ადამიანებისგან, რაც შეიძლება ნიშნავდეს სხვისი სიცოცხლის წართმევა. და თქვენ უნდა იყოთ ფიზიკურად, მორალურად მზად ამისთვის. ამიტომ არის საჭირო პრაქტიკა. ეს არის ნომერ პირველი და უმთავრესი მიზეზი, რატომ ვარჯიში და პრაქტიკა არის აუცილებელი. როგორც ზემოაღნიშნული ვიდეოკლიპის ავტორი იძახის: ბრძოლაში უმართლებს იმას ვინც მეტს ვარჯიშობს

პს

ყველაფერი რაც მე დავწერე არის ჩემი პირადი აზრი. ყველაფერი რაც მე დავწერე შეიძლება იყოს მცდარი. შეხედეთ რედაქტორის ამ სვეტს იუმორით. წარმატებებს გისურვებთ.

“Owning a handgun doesn’t make you armed any more than owning a guitar makes you a musician.” -Jeff Cooper



8 Responses to “რედაქტორის სვეტი 02.03.2013”

  1. leva says:

    კარგი სტატიაა ლევან, იუმორის რა გითხრა და მწარე სიმართლე კი გამოგივიდა, განსაკუთრებით ,,რემბოებისათვის”

  2. gio says:

    გეთანხმებით, ბატონო ლევან, 100%-ით. კარგი სტატიაა და რაც მთავარია რეალობას ასახავს.

  3. jurkha says:

    ნამდვილად ასახავს რეალობას, შესანიშნავია.

  4. გიორგი says:

    მადლობა ბატონო ლევან თქვენი ბლოგისთვის.
    გეთანხმებით რომ საქართველოში უცნაური სიტუაცია ჩამოყალიბდა იარაღთან მიმართებაში და საჭიროა ამ ვითარების შეცვლა.
    ხომ არ გიფიქრიათ პეტიციის დაწერა? სოციალური ქსელები და თქვენი კავშირები, ჩემი აზრით, საკმაო რაოდენობის ხელმოწერებს უზრუნველყოფს.

  5. giorgi says:

    aset simartles presashi ver caikitxav

  6. Shooter says:

    madloba gamoxmaurebisatvis :)

  7. კახა says:

    ძალიან მომეწონა

  8. რატი says:

    ვეთანხმები გიორგის აზრს, პეტიციის შესახებ. კანონმდებლობის უაზრობა საქართველოში წლებია გრძელდება და ალბათ საკითხში გარკვეულმა ხალხმა უნდა ითავოს მოთხოვნების წამოყენება და საზოგადოებასთან საუბარი. მხარდაჭერა ნამდვილად საკმარისად ექნება ამგვარ ინიციატივას.

დატოვეთ კომენტარი