Cz92 და 6.35/.25ACP

პერიოდულად გაყიდვაში ჩნდება ხოლმე მიკრო პისტოლეტები, ბრაუნინგის 1906 წლის მოდელის პირდაპირი შთამომავლები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფასი მაგათზე ძალიან ხშირად 1000 ლარს აღემატება, რაც ჩემი აზრით მეტყველებს იმაზე, რომ ამ პისტოლეტების ფასი, როგორც ჩანს არ განისაზღვრება მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით. საქმე იმაშია, რომ ამ ტიპის იარაღი და რაც მთავარია კალიბრი 6.35 აბსოლუტურად გამოუსადეგარ კომბინაციას წარმოადგენს თავდაცვისთვის. სწორედ გამიგეთ, სულ არაფერს ყველაზე სუსტი იარაღი ჯობია, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ არჩევანზე, მაშინ  ამ კალიბრზე გათვლილი ჯიბის იარაღის არჩევა იქნებოდა დიდი შეცდომა. შევეცდები ავხსნა რატომ.

აღნიშნული კალიბრის “ევროპული”  სახელი არის 6.35x16mmSR (ჩრდილო ამერიკული სახელწოდება .25ACP), რაც ნიშნავს, რომ მისი ტყვიის დიამეტრი არის 6.35მმ, მასრის სიგრძე 16მმ-ია და მას გააჩნია რკალი, რომლის დიამეტრი მასრის დიამეტრს აღემატება, როგორც ეს ხდება რევოლვერის ვაზნების შემთხვევაში. SR  ითარგმნება როგორც Semi-rim, ანუ ე.წ. “ფლანეცი” (закраина гильзы) დიდად არ აღემატება მასრის დიამეტრს.  ამ ვაზნის გამომგონი არის თავად გენიალური ჯონ ბრაუნინგი, ხოლო შექმნა ის მან 1905 წელს თავისივე კონსტრუქციის პისტოლეტისთვის, რომელმაც შემდგომში წარმოშვა მთელი კლასი თხელი, პატარა და მსუბუქი ჯიბის პისტოლეტების. ლაპარაკი მაქვს უკვე ნახსენებ 1906 წლის ბრაუნინგზე, რომლის წარმოება დაიწყო 1905 წელს აშშ-ში სახელით Colt Vest-pistol. გარდა იმისა, რომ პისტოლეტი გამოვიდა კარგი/საიმედო ბრაუნინგის კონსტრუქცია იმდენად მარტივი იყო, რომ მისი კოპირება დაიწყეს მთელს მსოფლიოში, ხოლო რეკორდსმენები ბრაუნინგის პისტოლეტის კოპირებაში ალბათ იყვნენ ესპანელები, რომლებიც არანახული რაოდენობის 1906 წლის მოდელის კოპიებს და მოდიფიკაციებს უშვებდნენ. გაიხსენეთ ჟუკის მწვანე ენციკლოპედია. რამხელა ნაწილი უკავია მანდ სწორედ ესპანური პისტოლეტების მოდელების სურათებს და სულ ყველა მათგანი მეტ ნაკლებად იმეორებს ბრაუნინგის პისტოლეტს. ჩეხური პისტოლეტი CZ 92 ერთ ერთი უკანასკნელია ამ პრაქტიკულად მკვდარი კლასიდან.

ასეთ კომპლექტში იყიდება ახალი ჩზ92. პლასტმასის კეისი, პისტოლეტი, ორი მჭიდი  და ინსტრუქცია,

 

ვაზნის აღწერილობას, რომ დაუბრუნდეთ დავამატებ, რომ 6.35 არის სუსტი ვაზნა. უფრო მეტიც,  ის ძალიან სუსტია. 3 გრამიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე  არის 220 მტერი წამში, ხოლო ენერგია შეადგენს 88 ჯოულს (მონაცემები ეხება ამ კალიბრის ტიპიურ მუხტს). ჩემ ბიბლიოთეკაში მე მაქვს  ერთ ერთი ყველაზე საფუძვლიანი ნაშრომი, რომელშიც მიმოხილულია პისტოლეტების და რევოლვერების სხვა და სვხა კალიბრები (ევან მარშალის და ედვინ სანოუს წიგნი Street Stoppers). ამ წიგნის ერთი თავი ეძღვნება ე.წ. ჯიბის პისტოლეტების  კალიბრებს. წიგნის ავტორებმა შთამბეჭდავი ნაშრომი მოამზადეს და მათ შორის ამ ნაშრომში შედის ცალკეული შეტაკებების ანალიზი გამოყენებული ტყვიაწამლის მხრივ. მეთოდი, რომელიც გამოყენებულ იქნა მარტივია. აღებულია მხოლოდ შეტაკებები, რომლის შესახებ არის დოკუმენტირებული მონაცემები. ითვლება მხოლოდ მორტყმა მასის ცენტრში და ბოლოს აღებულია  მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ადგილი ქონდა სამიზნეში ერთ მორტყმას. თავისთავად ეს რეზულტატები დაყოფილია კალიბრების და ამუნიციის ტიპის/ბრენდის  მიხედვით. ეს კალიბრი საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ მთლიანად გარსით დაფარული მრგვალთავიანი ტყვიებით ხოლო წიგნის მიხედვით ასეთი ტიპის ერთი გასროლით შეჩერების ალბათობა არის მხოლოდ 25%. ანუ სავარაუდოთ 100 მორტყმიდან მხოოლოდ 25 შემთხვევაში მოხდება თავდამსხმელის გაჩერება. სულ აღრიცხულია 4500-მდე ამ კალიბრის გამოყენების შემთხვევა. 25% არის ბევრი თუ ცოტა? მაგალითად ასეთი მაჩვენებელი შეესაბამება მრგვალთავიან სტანდარტული სიჩქარის მქონე .22lr-ს (ნუ ეძახით ამ კალიბრს “გეკოს”!!!), ხოლო იგივე კლაიბრის მაღალი საწყისი სიჩქარით ჩახვრეტილთავიანი ტყვიის  ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენს 34%-ს. შედარებისთვის მოვიყვან ერთ ერთი ეტალონური .45 კალიბრის “მუხტის” მაჩვენებელსაც. ის შეადგენს 94%-ს და ეკუთვნის ამერიკული კომპანია “ფედერალის” 230 გრანიან  Hydra Shock-ს.

ვაზნების შეძენისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ . ჩეხური კომპანია Sellier&Bellot-ის 6.35 კალიბრის ვაზნები არის ძალიან სუსტი. მე პირადად ჩავატარე ტესტი, როდესაც გასროლები განხორციეელდა თიხისებრ მასალაში და ჩეხურმა ტყვიამ ანახა ორჯერ ნაკლები შეღწევა ვიდრე იუგოსლავიური წარმოების (Prvi Partizan) ტყვიამ.  ასე, რომ ამ ვაზნების გამოყენება პისტოლეტში, თავდაცვისთვის არ არის მიზანშეწონილი. თუმცა ძველ/გაცვეთილ იარაღში სწორედ ასეთი, შემცირებულ მუხტიანი ვაზნები უნდა გამოიყენოთ.

თუ ვინმე კვლავ (შეცდომით) თვლის რომ მისთვის 6.35 არის საკმარისი მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ Cz 92 უკანასკნელი მოდიფიკაცია მართლაც მაქსიმუმია, რის მიღებაც შეიძლება ასეთი კლასის იარაღიდან.  პისტოლეტი კომპლექტში მოდის ორი მჭიდით (რაც იშვიათობაა), გააჩნია მოსახერხებელი ერგონომიული ტარის (რაც ასევე იშვიათობაა) და აქვს მჭიდის ღილაკი იქ სადაც უფრო მოზრდილ პისტოლეტებს (ესეც იშვიათობაა).

Cz92 გამოირჩევა, როგორც დაბალი წონით და კომპაქტურობით ასევე ხელმისაწვდომი ფასით (დაახლოებით 250 დოლარი ნორმალურ ქვეყანაში) . იგივე კალიბრზე გათვლილი Beretta 950 Jetfire ასევე წარმოებაშია, აშკარად უკეთესი იარაღია მაგრამ ფასიც შესაბამისად არის 30-40% მეტი.

კატალოგში Сz წერს, რომ 92-ე მოდელი შექმნილია თავდაცვისთვის მოკლე მანძილებზე და პისტოლეტის მთელი კონცეფცია ადაპტირებულია ამ დანიშნულების მიხედვით. პისტოლეტი არის მხოლოდ ორმაგი მოქმედების, თავისუფალი საკეტით და არ გააჩნია მცველი, რომ ის იყოს მუდამ მზად სროლისთვის.  პისტოლეტი აღჭურვილია მჭიდის მცველით რის გამოც გასროლის განხორციელება ამოღებული მჭიდით შეუძლებელია.

მისი შექმნის ისტორიას რაც შეეხება, 92-ე მოდელი დაფუძნებულია იგივე მწარმოებლის 45-ე მოდელზე, რომელიც სახელიდან გამომდინარე 45 წლიდან გამოდიოდა და კონსტრუქციის მიხედვით პრაქტიკულად იგივე პისტოლეტია. 45-ე მოდელის ავტორები არიან ორი ჩეხი კონსტრუქტორი, იან კროტოხოვილი და ვაცლავ პოლანკა. Cz 45 იყო კომერციულად წარმატებული, გაიყიდა დაახლოებით 30 ქვეყანაში და  ჩეხოსლოვაკიაში მიღებული იყო შეიარაღებაში, პოლიციის სხვა და სხვა დანაყოფებში  და ასევე შეიარაღებულ ძალებში სადაც იყო გარკვეული კატეგორიების ოფიცრების და სერჟანტების საშტატო პისტოლეტი.  92 წელში პისტოლეტმა გაიარა მცირე მოდერნიზაცია, მჭიდის ღილაკმა გადაინაცვლა ტარის ძირიდან მის ზედა ნაწილში, შეიცვალა ტარის პანელების ფორმა და ახალ პისტოლეტს მიენიჭა ინდექსი Cz 92. ამჯერად პისტოლეტი გამოდის ორივე ტიპის მჭიდის ღილაკით და კიდე უფრო დახვეწილი ტარით. დაფარვებს რაც შეეხება ადრინდელი მოდელები იყო ოქსიდირებული (შავი ფერის), ხავერდოვანი ნიკელირებით (ღია ბრინჯაოს ფერის) და სულ ბოლო მოდელები უკვე იღებება შავ და მოვერცხლისფრო ფერებში.

Vzor 45 (მოდელი 45) ასევე ცნობილი, როგორც Cz 45.

Cz 92-ის მოკლე ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები შემდეგია: ლულის სიგრძე 63.5მმ, წონა ცარიელის 310 გრ, ხოლო დატენილის 410 გრ, სისქე ლულ რაღაც 24მმ. მჭიდის ტევადობა 8 ვაზნა. პისტოლეტი ჩარჩო ალუმინისგან არის დამზადებული. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მხოლოდ ორმაგი მოქმედების. პისტოლეტი მაქსიმალურად გამარტივებულია, მას არ გააჩნია ხელის მცველები და არც ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ  საკეტის ღიად დატოვების საშუალება.

პისტოლეტის დასაშლელად უნდა უკან გამოწიოთ საკეტი, სანამ ლულის ბჯენი გაუსწორდება პაზს საკეტში (1). შემდეგ უნდა დაატრიალოთ ლულა საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ(2) გაწიოთ საკეტი წინ (3). შემდეგ ლულა და საკეტი განცალკევდებიან (4).  ამის მერე შესაძლებელია პისტოლეტის გაწმენდა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პირველი “თაობის” Cz 92-იც გამოირჩევა კარგი სროლისუნარიანობით. მე მქონდა საშუალება მესროლა რამოდენიმე ჯიბის პისტოლეტიდან, მათ შორის ახალი და ძველი Cz92-ის მოდელებიდან, ასევე ბრაუნინგის 1906 წლის მოდელიდან. განსხვავებით ბრაუნინგისგან ჩზ92 უკეთესად ზის ხელში თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არის ჩახმახით და მხოლოდ ორმაგი მოქმედების სწრაფი და ზუსტი სროლა პრობლემატურია. ბრაუნინგის პისტოლეტი იყენებდა დახურულ დამრტყმელს და ამის გამო  სასხლეტიც ბევრად უფრო მსუბუქი იყო.

ეს ჯგუფი ნასროლია ხელიდან, 7 მეტრზე. ისრით ნაჩვენებია დამიზნების წერტილი. შეჯგუფება ოდნავ მარცხნივ არის, რაც გამოწვეულია მძიმე სასხლეტით და პატარა ტარით, როს გამოც იარაღი საიმედოთ დაფიქსირება ხელში პრობლემატურია.  არც ისე ცუდია პისტოლეტისთვის, რომელსაც საერთოდ არ აქვს სამიზნე მოწყობილობები. პისტოლეტი არის ადრინდელი Сz 92, ხავერდოვანი ნიკელირებით (satin nickel).  მჭიდის ღილაკი ტარის ძირშია.

რაც შეეხება ერგონომიკას, “მოზრდილი” მჭიდის ხუფის  და აშკარად გაუმჯობესბებული ტარის ფორმის გამო “განახლებული” პისტოლეტი უკეთესად ზილს ხელში. ღარი, რომელიც ამოჭრილია საკეტის ზედა მხარეს მეტ ნაკლებად ზუსტი სროლის საშუალებას იძლევა 10 მეტრამდე მანძილზე. საკეტი ადვილად მოძრაობს და დიდი ძალა ვაზნის სავაზნეში მიწოდებისთვის საჭირო არ არის. საკეტი საკმაოდ დიდი და თავისუფალია ყოველგვარი ღილაკებისგან, რაც ასევე აღნიშნული ოპერაციის შესრულებას აადვილებს. მთლიანობაში გამომდონარე თავისი ზომებიდან ალბათ “განახლებულ” Cz 92-ს აქვს საუკეთესო ერგონომიკა. პისტოლეტის კონსტრუქცია არ გამოირჩევა სირთულით.


ეს უკვე განახლებული Сz 92-ია. დაფარვა არის ვერცხლისფერი საღებავი. მჭიდის ღილაკმა შეიცვალა ადგილმდებაროება, ტარი უფრო ერგონომიული არის მაგრამ სისქეც მომატებული აქვს. მჭიდს აქვს პლასტმასის ქუსლი.

რამოდენიმე წლის წინ ჩემთვისუცნობმა პიროვნებებმა შექმნეს ქართული ჯიბის პისტოლეტი სახელად “ზგ”. ამ პისტოლეტზე უკვე ჩემ ბლოგზე მე ვწერდი ადრე. გამომდინარე კალიბრიდან, აღნიშნული იარაღის სერიოზულად აღთქმა შეუძლებელია. დღეს ჯიბის პისტოლეტები არსებობენ ანუ წარმოებაში არიან, უბრალოდ მათი კალიბრი გაიზარდა მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებელ .32ACP-მდე და მეტ ნაკლებად ადეკვატურ .380ACP-მდე (9X17). გამოხმაურებების მიხედვით პისტოლეტებიდან სროლა რთულია და არასასიამოვნო. თუმცა ეს პისტოლეტეები არ იქმნება ტირებისთვის და პლინკინგისთვის (არაფორმალური/გასართობი სროლა), ეს პისტოლეტები არის უკანასკნელი შანსის იარაღი. ამ კლასისი ერთ ერთი საუკეთესო წარმომადგენელი არის ამერიკული Seecamp, რომელიც პრაქტიკულად ხელით იწყობა, გათვლილია კონკრეტულ თავდაცვით მუხტზე (Winchester SilverTip) და მსურველებმა უნდა რამოდენიმე კვირა “იდგნენ” რიგში, რომ ეს პისტოლეტი მიიღონ.

ერთ დროს ამერიკაში მოქმედი Cz Custom, რომელიც სთავაზობს თავის კლიენტებს მოდიფიცირებულ/გაუმჯობესებულ CZ-ეს პისტოლეტებს, გამოუშვა მცირე რაოდენობით გაუმჯობესებული Cz 92 სახელით Baby Pro-tek. პისტოლეტს გააჩნია სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობები, განსხვავებული დაფარვა და ოდნავ შეცვლილი საკეტი.

 



დატოვეთ კომენტარი