სურათები ინტერნეტიდან

არასდროს არ ენდოთ სურათებს ინტერნეტიდან, კონკრეტულად სურათებს, რომლებიც მაგალითად ასახავენ მწყობრიდან გამოსულ იარაღს. ასეთ სურათს რატომღაც ხშირად იყენებენ ინტერნეტ „ექსპერტები“, რომ დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.  ეს აპრიორი უკიდურესად იდიოტური ტაქტიკაა, დაახლოებით იგივეა რომ ატვირთოთ სადმე დამტვრეული მერსედესის სურათი და ამით შეეცადოთ დაამტკიცოთ, რომ BMW უკეთესი მანქანაა. ამას არავინ არ აკეთებს ავტო-მოყვარულთა ფორუმზე, არ მესმის იარაღის მოყვარულთა ფორუმებზე ეს რატომ ხდება.

მაგალითისთვის, ეს სურათი გამოდგება მაკაროვის აპოლოგეტებისთვის.  სურათზე არის  არც მეტი არც ნაკლები 15 გლოკის დამტვრეული საკეტი! ნამდვილი განძი ინტერნეტ
„ექსპერტისთვის“ და „ჯოკერი“ ნებისსმიერ კამათში ფორუმებზე. ასეთი სურათის ნახვის მერე ყველაზე დიდი „გლოკოფილიც“ დაგნებდებათ. ვერდიქტი ნათელია: გლოკი ნაგავი იარაღი ყოფილა! სინამდვილეში ეს სურათი სულ სხვა ისტორიის ნაწილია. კი ნამდვილად სურათზე 15 დამტვრეული გლოკის საკეტია.  საინტერესო კიდე არის ის, რომ ეს არის გასაქირავებელი გლოკები ისრაელის ერთ ერთ ყველაზე სერიოზულ სასწავლო ცენტრში, რომელიც ამზადებს როგორც „ძალოვნებს“ ასევე კერძო პირებს. ერთ გლოკზე თვეში მოდის 10-15 ათასი გასროლა. ყველა ამ გლოკიდან გასროლილია 200 000-ზე  (დიახ ორასი ათასზე) მეტი ვაზნა. გარდა ამისა ამ იარაღებზე რამე იცვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის დეტალი ბოლომდე მწყობრიდან გამოდიოდა. სავარაუდოთ დამაბრუნებელი ზამბარები, რომ გამოცვლილიყო დროზე და არა მანამ სანამ ისინი შუაზე გატყდებოდნენ  ეს გლოკები კიდე უფრო დიდხანს გაძლებდნენ. „ადრე თუ გვიან ჩვენთან ყველა იარაღი გამოდის მწყობრიდან, უბრალოდ გლოკები უფრო დიდხანს ძლებენ ვიდრე სხვები“ ეს არის აღნიშნული სასწავლო ცენტრის უფროსი ინსტრუქტორის სიტყვები.

ასე, რომ მარტო სურათი არაფერს არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია ის ისტორია, რომელიც სურათის უკან დგას. ინტერნეტში იპოვით დამტვრეულ მაკაროვსაც და 2000 დოლარიან Les Baer 1911-საც.

კიდევ ერთი ილუსტრაცია, რომელიც გამოდგება იმ ექსპერტებისთვის ვინც თვლიან, რომ პლასტმასი არის სუსტი და ტყდება. დიახ სურათზე ნამდვილად არის გლოკის დამტვრეული ჩარჩო. მიზეზი არ გაინტერესებთ? არა მიზეზი არ არის პლასტმასის სისუსტე. გლოკზე რიგ რიგობით ადრე თუ გვიან მწყობრიდან გამოდის ბევრი დეტალი, უბრალოდ პლასტმასის ჩარჩო პრაქტიკულად არასდროს არ  ტყდება.  სკდება ლულები, იმტვრევა საკეტის სარკეები, ტყდება საბრძოლო ბჯენები, ტყდება „პინები“ და ზამბარები. ჩარჩო? ის პრაქტიკულად არ იცვითება. მაშ რამ გატეხა ის? მიზეზი მარტივია, სტანდარტულ გლოკ 19-ში ჩადეს გლოკ 19C-ს ლულა, ანუ ლულა აღჭურვილი კომპენსატორით. დენთის აირებმა ვერ იპოვეს გასაქცევი გზა 19-ის მთლიანი საკეტიდან (19C-ს საკეტი აღჭურვილია ფანჯრებით) და ამოტეხეს პლასტმასა. პლასტმასის სისუსტე არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა უნდა ვივარაუდოთ რომ ფოლადის ჩარჩო ასეთ ექსპერიმენტს გაუძლებდა მაგრამ ფოლადის და პოლიმერების შედარება უკვე სხვა თემაა და აქ უკეთესი უარესი არ არსებობს. არის ორი ტიპის მასალ, რომელიც გამოდგება იარაღიც ჩარჩოს დასამზადებლად და ორივეს აქვთ თავიანთი პლუსები და მინუსები.

ვიმეორებ დანგრეული იარაღის სურათი ჯერ არაფერს არ ნიშნავს თუ არ არის ცნობილი ის რამაც აქამდე მოგვიყვანა – კატასტროფის მიზეზი ან მიზეზები.

რაც შეეხება ფორუმებს, კამათებს და დისკუსიებს, მე 13 წელი ვარ ფორუმების აქტიური მომხმარებელი. თუმცა ბოლო წლებში ჩემი ინტერესი ფორუმებისადმი საკმაოდ შემცირდა. დღეს მე პრაქტიკულად პერიოდულად ვპოსტავ ორ-სამ პრაქტიკულად დახურულ ფორუმზე სადაც ძალიან ვიწრო წრე საუბრობს ერთმანეთში (არც ერთი ეს ფორუმი არ არის ქართული). ჩემი აზრი ფორუმებზე? კარგია და შეიძლება სახალისოც და სასარგებლოც იყოს მაგრამ ზომიერი დოზებით.  თუმცა ფორუმების და ინტერნეტ-ბატალიები არის გზა, რომელიც ალბათ თითქმის ყველა რამით გატაცებულმა უნდა გაიაროთ და მოგიწევთ გავლა. მეც ეს გზა გავიარე. ამავე დროს ფორუმი არის საოცარი საშუალება კონტაქტის ხალხთან, რომელიც სუნთქავს იგივე ჰაერით რაც თქვენ, თუნდაც ცხოვრობდეს თქვენგან რამოდენიმე ათას კილომეტრში.  უბრალოდ ნუ შეეხდებით შეცვალოთ სამყარო ფორუმებზე „პოსტვით“ და ყველაფეერი კარგად იქნება.



დატოვეთ კომენტარი