თავდაცვითი კალიბრების მოკლე მიმოხილვა

კარგია, რომ დისკუსიები, „ყველაზე მაგარ“ და საუკეთესო კალიბრზე წარსულს ჩაბარდა. კარგია, რომ სასროლოსნო საზოგადოებაში არის ცნობილი ტყვიის ეფექტურობის განმსაზღვრელი ჯადოსნური ფორმულების არასრულყოფილებაზე.  კარგია, რომ მსროლელები დღეს ფოკუსირებულები არიან საკითხებზე რომლებსაც მართლა აქვთ მნიშვნელობა, როდესაც საქმე ეხება საჭირო კალიბრის არჩევანს. ცუდია, რომ ჩვენამდე ამ ტენდენციას ჯერ არ მოუღწევია. არა და დღეს, როდესაც ხელმისაწვდომია (მეტ ნაკლებად საქართველოშიც)  ინფორმაციის სწრაფი გაცვლის  საშუალებები, შესაძლებელია საკმარისი მონაცემების მოგროვება პრაქტიკულად ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ინფორმაცია ამა თუ იმ მიღწევების, წარმატებების და პირიქით წარუმატებლობების/პრობლემების შესახებ ძალიან მალე ვრცელდება სამართალდამცავების საზოგადოებაში და შესაბამისად ხდება ცნობილი ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც. თუ იარაღის სპორტული დანიშნულებით გამოყენებაში სამოქალაქო სექტორი უსწრებს სამხედროებს და სამართალდამცავებს, როდესაც საქმე ეხება უშუალოდ სროლას ცოცხალ სამიზნეებზე ამ მხრივ უკანასკნელი ორი უფრო წინ წასულები არიან. გარდა ამისა სამხედროებსაც და სამართალდამცავებსაც აქვთ საშუალება დააგროვონ დიდი მოცულობის ინფორმაცია (იარაღის და ამუნიციის პრაქტიკული გამოყენების შესახებ), მოახდინონ მისი სისტემატიზება და ანალიზი (მართალია არა ყველა და არა ყოველთვის ამას აკეთებს). მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი რაც მათთვის ხდება ცნობილი ავტომატურად ხდება ცნობილი უბრალო მოქალაქეებისათვის, მაგრამ საკმაოდ  დიდი ინფორმაციის ნაკადთან გვაქვს საქმე. საჭიროა მხოლოდ მისი წაკითხვა და გაანალიზება. საერთო ტენდენციებიც ძალიან მკაფიოდ იკვეთება.  აშშ-ში ამუნიციის ეფექტურობის განსაზღვრის საკითხებზე საკმაოდ ბევრი სპეციალიზებული სამსახური მუშაობს. ბევრ სერიოზულ სამართალდამცავ სტრუქტურას აქვს ამუნიციის ტესტირების საკუთარი პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამა თუ იმ კალიბრის ვაზნის მეტ ნაკლებად ადეკვატურ შეფასებას. ასეთი ფორმატის ტესტირების ჩატარება ცალკეული მსროლელისთვის იქნება საკმაოდ პრობლემატური და დაკავშირებული დიდ ხარჯებთან, შესაბამისად მასშტაბური ტესტირებები რჩება ფუფუნებად, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მსხვილი ძალოვანი სტრუქტურებისთვის. აქიდან გამომდინარე ნამდვილად აზრი აქვს დავაკვირდეთ რას იყენებენ სამხედროები და უფრო საინტერესოა რას იყენებენ სამართალდამცავები. მასად აიუბი მაგალითად სთავაზობდა კალიბრის და „მუხტის“ (მუხტი, load, კონკრეტული ვაზნა, ტყვიის წონით, ტყვიის ტიპით და საწყისი სიჩქარით) არჩევისას დაინტერესებულ პირს შეესწავლა ის თუ რა კალიბრის და რა მუხტებს ხმარობს ესა თუ ის პოლიციური სამსახური. ეს არის იოლი და ხანდახან ერთადერთი მისაღები გზა კალიბრის და მუხტის არჩევის. ბევრს არ აქვს დრო იკითხოს მსხვილი ნაშრომები ტერმინალურ ბალისტიკაზე ან გაეცნოს რეალური შეტაკებების საკმაოდ ტევად სტატისტიკურ მასალებს. ამ შემთხვევაში მიბაძვა სამართალდამცველებისთვის არის ყველაზე მარტივი გზა. მათ აქვთ საშუალება გამოცადონ უამრავი კალიბრი და მუხტი და აირჩიონ საუკეთესო, მათ შორის გამომდინარე ამა თუ იმ მუხტის რეალური გამოყენებიდანაც გამომდინარე. დიახ შედეგები მიღებული ქუჩაში და ლაბორატორიაში ხშირად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგრამ ამ მეთოდსაც აქვს თავისი ნაკლოვანებები. არის პოლიციური სამსახურები და პოლიციური სამსახურებიც. ერთია რას ხმარობს აშშ-ში ნიუ ჰემფშირის პოლიცია და მეორეა რას ხმარობენ ასე ვთქვათ სხვა ქვეყნების სამსახურები, თუ გნებავთ ლიმას პოლიციის სამსახური. მაგალითად ვენესუელას პოლიცია მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში პატრულირებისას ურიგებს თავის თანამშრომლებს ჯავშანგამტან ამუნიციას, რომლის გამოყენებითაც ადვილია მანქანაში მყოფი სამიზნეების განადგურება. საკითხავია რამდენად ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარაკასის პოლიციის მაღალჩინოსნებს აქვთ სერიოზული არგუმენტები ასეთი მიდგომის სასარგებლოდ. მეორეს მხრივ აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ტესტირების პროტოკოლი (ჩემი აზრით ერთ ერთი საუკეთესო ასეთი პროტოკოლი) ითვალისწინებს სროლას ბარიერების გავლით (შუშა, ავტომანქანის კარი და ა.შ.) თუმცა არასდროს მათ არ გაუკეთებიათ რეკომენდაცია გამოყენებულიყო ჯავშანგამტანი ამუნიცია. ქართული პოლიცია, ჯერ არც დაინტერესებულა ეფექტური კალიბრის არჩევით და იყენებს ყველაზე ალბათ არაეფექტურ კალიბრს და მუხტს, 115 გრანიან მსუბუქ 9მმ-ან ვაზნებს სტანდარტული საწყისი სიჩქარით და  მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით. ეს მუხტი შესანიშნავია პრაქტიკისთვის, ის იაფია და ნაკლებად ტვირთავს იარაღის კონსტრუქციას, მაგრამ ცუდი არჩევანია საბრძოლო/თავდაცვითი როლებისთვის. ცხადია ზემოაღნიშნული მეთოდი ჩვენ შემთხვევაში არ მუშაობს.

ეს მორიგი სტატია სთავაზობს მკითხველს პოპულარული  თავდაცვითი კალიბრების მოკლე მიმოხილვას, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების დასახელებით ისევე, როგორც მოკლე ექსკურსს იმ იარაღის ტიპებში, რომლებისთვისაც აღწერილი კალიბრები არიან ტიპიური. თანაც ეს გაკეთებულია ჩვენი ქვეყნის რეალიებიდან გამომდინარე. ეს სტატია გარკვეული გამონაკლისია იმ წესიდან, რომლის მიხედვითაც ბლოგზე არ იწერება არაფერი ადგილობრივ თემატიკაზე. ვითვალისწინებ რა, რომ ბლოგის მკითხველისთვის ეს თემა საინტერესო იქნება, ხოლო ადგილობრივი ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია, ვინაიდან ის რაც არის ჩვენთან და რაც არის იქ ძალიან განსხვავდება.

პრაქტიკულად ნებისმიერი წიგნი ან ნაშრომი, რომელიც ეხება თავდაცვისთვის ვარგისი კალიბრის არჩევას/გარჩევას იწყება „მოკლე“ 9მმ-ნი ვაზნების აღწერით, რომელიც სახელდება, როგორც თავდაცვისთვის მინიმალური ადეკვატური კალიბრები. ამ კატეგორიაში გადის ორი ვაზნა: .380ACP (9mm Kurz, 9X17mm) და 9მმ მაკაროვი (9X18mm). საქართველოში ხელმისაწვდომია ორივე კალიბრი და ორივე კლაიბრზე გათვლილი იარაღი. ორივე კალიბრები თითქმის ყოველთვის მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით არიან წარმოდგენილი. „კურცის“ ენერგია შეადგენს მაქსიმუმ 260 ჯოულს (თანამედროვე თავდაცვითი მუხტების ენერგია აღწევს 300 ჯოულს) ხოლო 9მმ მაკაროვის 300 ჯოულს. უკანასკნელი ძალიან იშვიათად ხელმისაწვდომია ექსპანსიური ტყვიით. ასეთი ვაზნა არ გამოირჩევა საიმედო ექსპანსიით, მაგრამ, როგორც წესი ის საიმედოდ მუშაობს ძველ მაკაროვის პისტოლეტებში, რომლებიც იქმნებოდა მხოლოდ გარსით დაფარული ტყვიებისთვის. მიზეზი ასეთი გამონაკლისის არის მაკაროვში ვაზნის მიწოდების სქემა, რომელიც მინიმალურად იხრება და მოკლე მანძილს გადის მჭიდიდან სავაზნემდე. სწორედ ეს უზრუნველყოფს ექსპანსიური ვაზნების საიმედო გამოყენებას მაკაროვის პისტოლეტებში, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ ძველი გამოშვების პისტოლეტებს ხშირად ჭირდება მოდიფიკაციები, რომ გახდეს შესაძლებელი ექსპანსიური ვაზნების გამოყენება. მიუხედავად ამისა საიმედო ფუნქციონირების შემოწმება მაინც აუცილებელია. დავამატებ მხოლოდ, რომ საკითხავი ეფექტურობის გამო, ასეთი ტიპის ვაზნების გამოყენება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მაკაროვის ექსპანსიური ვაზნები არიან ვერცხლისფერი მასრებით და მოწითალო ფერის გარსით დაფარული ტყვიით. საქართველოში .380 კალიბრის სხვადასხვა მწარმოებლის ვაზნებია ხელმისაწვდომი, მაგრამ სულ ყველა მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით არიან აღჭურვილები.

სროლაში პირველიც და მეორეც ძალიან კომფორტულია, მინიმალური უკუცემა აქვთ და იძლევიან სწრაფი და ზუსტი სროლის საშუალებას, საშუალო ზომის იარაღიდან. ეს არ ეხება Walther PPK-ს და მის კლონებს. ეს იარაღი საკმაოდ არაკომფორტულია სროლისას. მეორეს მხრივ ორივე კალიბრის ვარიანტში არსებული ჩეხური CZ 83 არის ძალიან ეფექტური და დაბალანსებული იარაღი. მისი დიდი მასა ,  შესანიშნავი ერგონომიკა და კარგი სამიზნე მოწყობილობები იძლევა საშუალებას ისროლოთ სწრაფად და ძალიან ზუსტად. CZ 83 არის საუკეთესო არჩევანი ამ კალიბრში, თუმცა ფასიდან გამომდინარე მაკაროვის პისტოლეტი ალბათ მაინც კონკურენციის გარეშეა. საქართველოში ცხელი მოკლე 9მმ-ნი ვაზნები ხელმიუწვდომელია.  მაკაროვის ვაზნა ღირს 1.3 – 2 ლარი. 9მმ კურცის ფასი 2-3 ლარს.

საზღვარგარეთ ხელმისაწვდომია მიკრო პისტოლეტები გათვლილები მოკლე 9მმ-ან ვაზნაზე. სულ ცოტა ხნის წინ  ასეთ პაკეტში თუნდაც მოკლე 9მმ-ნი ვაზნის „ჩატევება“ გადაულახავ ინჟინრულ პრობლემას წარმოადგენდა. რიგი მწარმოებლების უშვებს ამ კალიბრების „ცხელ“ ვაზნებს ექსპანსიური ტყვიებით, რომლებიც საუკეთესო არჩევანია.

9მმ ლუგერი (9X19 Luger, 9X19 Para, 9X19mm). ყველაზე გავრცელებული პისტოლეტის კალიბრია მსოფლიოში. ტყვიის ტიპიური წონა ვარირებს 115 გრანიდან 158 გრანამდე. რიგი ავტორების ეჭვქვეშ აყენებს ამ კალიბრის ვაზნის ეფექტურობას და პრაქტიკულად თვლის მას მინიმალურ დასაშვებ კალიბრად თავდაცვისთვის ან ასეტად მას საერთოდ არ თვლის. მიუხედავად ამისა „ლუგერი“ ფართოდ არის გავრცელებული სამართალდამცავ სტრუქტურებში, რჩება NATO-ს სტანდარტულ კალიბრად და დიდი პოპულარობით სარგებლობს კერძო მსროლელებში. მიზეზები ამისი მარტივია. ვაზნა ღირს ძალიან იაფი, ხელმისაწვდომია მრავალი „მუხტის“ ვარიანტში დაწყებული „ბიუჯეტური“ მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებიანი და დამთავრებული მაღალტექნოლოგიური და ძვირი „მუხტებით“, როგორიც არიან Mag-Safe, Federal Hydra-shock ან Glaser Safety Slug. ეტალონურ მუხტებად ითვლება +P და +P+ კლასის 115 და 124 გრანიანი გარსით დაფარული ჩახვრეტილ თავიანი ტყვიებით. ცნობილი თავისი დაბალი ეფექტურობის გამო 147 გრანიანი ექსპანსიური ვაზნების კონსტრუქცია შეიცვალა და დღეს ისინი უზრუნველყოფენ მეტ ნაკლებად საიმედო ექსპანსიას და ადეკვატურ შეღწევადობას.  ყველა ამ ტიპის ვაზნა საქართველოში ხელმიუწვდომელია. თუმცა პერიოდულად მაღაზიებში ამოყვინთავენ ხოლმე ექსპანსიური ვაზნების მცირე პარტიები (10-30 ცალი), მაგრამ ყუთების გარეშე ძნელია დადგენა რა ტიპის „მუხტთან“ გვაქს საქმე.

იარაღი გათვლილი ლუგერზე ფართოდ არის ხელმისაწვდომი საქართველოში და გაყიდვაში არსებული ახალი და მეორადი პისტოლეტების 99% სწორედ ამ კალიბრზეა გათვლილი. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე მაღალი კლასის ამუნიცია გაყიდვაში არ გვხვდება. ხელმისაწვდომია, მხოლოდ სტანდარტულ საწყის სიჩქარიანი, მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით და ორ წონაში, 115  და 124 გრანი. ეს კიდე არის ყველაზე ცუდი არჩევანი ამ კალიბრისთვის. 9მმ ლუგერის ტყვიის ფორმა არ უზრუნველყოფს ადეკვატური ჭრილობის არხის შექმნას. მისი ფორმის გამო ის აზიანებს ძალიან ცოტა ქსოვილს და აქვს ტენდენცია ასხლეტის მსხვილი ძვლებისგან. არის ზედმეტი შეღწევის და რიკოშეტის რისკიც. დადებითი მხარე არის ის, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი პისტოლეტი  საიმედოდ მუშაობს ასეთი ტიპის ვაზნებთან. 9მმ ლუგერზე გათვლილი პისტოლეტების მოდელების გამა ძალიან დიდია, ჯიბის მიკრო პისტოლეტებიდან ერთ რიგიანი 6 ვაზნიანი მჭიდებით დაწყებული და ნამდვილ სპორტულ ბლასტერებამდე 120 მმ-ნი ლულებით და 20 ვაზნიანი მჭიდებით დამთავრებული. შესაძლებელია ამ კალიბრზე პისტოლეტის არჩევა, რომელიც იქნება თხელი, მსუბუქი და ექნება შთამბეჭდავი ტევადობის მჭიდი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს ვაზნა პრაქტიკულად მუდამ ხელმისაწვდომია საქართველოში, მაშინ როდესაც პრაქტიკულად ყველა სხვა კალიბრის ვაზნების მომარაგებაში მე მახსოვს საკმაოდ ხანგრძლივი წყვეტები.  9მმ ლუგერის ფასი საქართველოში შეადგენს 2-2.5 ლარს ერთ ცალში.

ალბათ საუკეთესო 9მმ-ნი პისტოლეტი, Glock 19. წონა 595 გრამი, მცირე გაბარიტები, 15 ვაზნიანი მჭიდი და შესანიშნავი სროლისუნარიანობა.

.38 Smith&Wesson Special. (9.1x29mmR) ტყვიის წონები ვარირებს 125 გრანიდან 180 გრანამდე. ყველაზე ტიპიური წონა 158 გრანია. ენერგია სტანდარტული ვაზნის შეადგენს მაქსიმუმ 300 ჯოულს. +P კლასის ვაზნის შემთხვევაში ის იზრდება 370 ჯოულამდე.  ძალიან ბევრს შეცდომით გონია, რომ მასრის სიგრძიდან გამომდინარე ეს ძალიან ძლიერი ვაზნაა, მაგრამ თავდაპირველად ის გათვლილი იყო შავ დენთზე, რის გამოც საჭირო იყო დიდი მოცულობის მასრის გამოყენება.  ამ კალიბრის თავისებურება არის ის, რომ დაბალი საწყისი სიჩქარის გამო ამ კალიბრში შესაძლებელია გარსის გარეშე ტყვიების გამოყენება. რბილი ტყვია და დაბალი სიჩქარე განაპირობებს კარგ ექსპანსიას პრაქტიკულად ფრაგმენტაციის გარეშე, რის გამოც ტყვია ინარჩუნებს მასას და უზრუნველყოფს ადეკვატურ შეღწევას. გარდა ამისა ეს კალიბრი ცნობილია იმით, რომ აქვს ძალიან დიდი ტექნიკური სიზუსტე. ეტალონურად ითვლება +P კლასის 158 გრანიანი ჩახვრეტილი თავიანი ტყვია  (ე.წ FBI Load, სახელი გაჩნდა მას მერე რაც, ბიურომ მიიღო ამ ტიპის მუხტი შეიარაღებაში ეგრევე, რაც ვინჩესტერმა ის გამოუშვა 1972 წელს).  ასეთი „მუხტი“ ან მისი ექვივალენტი, ხელმიუწვდომელია საქართველოში. ხელმისაწვდომია სტანდარტული სიჩქარის 158 გრანიანი ტყვიები მთლიანად გარსით დაფარული ან ნახევრად გარსით დაფარული ბრტყელი ტყვიის თავით. ასეთ მუხტის ენერგია დიდად არ აღემატება მაკაროვის ვაზნას და თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელი მინიმუმ სამჯერ (მაქსიმუმ რვაჯერ) იაფიც ღირს, თავდაცვის მიზნებისთვის .38 კალიბრის იარაღზე არჩევანის შეჩერება ყოველგვარ აზრს კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ .38 spec-ის ზოგ მუხტს, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთან ექნება შედარებით უკეთესი ტერმინალური ბალისტიკა (ტყვიის უფრო ეფექტური ფორმის გამო). ეს კალიბრი ტრადიციულად გამოიყენება „მოკლეცხვირიან“ რევოლვერებში და შედარებით ნაკლებად პოპულარულ, უფრო გრძელ ლულიან და დიდ ჩარჩოიან რევოლვერებშიც. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზნა სუსტია, უნდა ვივარაუდოთ, რომ შედარებით დაბალი ხარისხის რევოლვერიც ამ კალიბრზე იქნება მეტ ნაკლებად საიმედო და რესურსიანი.  .38 სპეშელის ფასი საქართველოში შეადგენს 3-4 ლარს.

.38-ზე გათვლილი ტიპიური იარაღი. ამ შემთხვევაში Taurus 85.

 

.357 SIG. (მეტრიკული აღნიშვნა 9X22mm) 9მმ-ნი ვაზნა, რომელიც შეიქმნა 1993 წელს იმისთვის, რომ მიღებულიყო .357 მაგნუმის ენერგეტიკა სტანდარტული გაბარიტების ავტომატურ პისტოლეტებში. გარდა ამისა ეს პირველი კალიბრია, რომელიც ატარებს SIG-ის სახელს. ის ასევე პირველი კომერციულად წარმატებული ვაზნაა ბოთლის ფორმის მასრით. წონა ვარირებს 64 გრანიდან (ფრაგმენტირებადი ტყვია) 147 გრანამდე. ტყვიის ტიპიური წონა შეადგენს 125 გრანს. 125 გრნიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე აღწევს 430 მ/წ-ში. ენერგია კი აღწევს 780 ჯოულს. ეს კალიბრი საქართველოში პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი და მისი დეტალური განხილვაც აზრს კარგავს.  საზღვარგარეთ მას ზომიერი პოპულარობა გააჩნია. პისტოლეტები ამ კალიბრზე გათვლილი, გაბარიტებით არ განსხვავდება .40 და 9მმ-ნი პისტოლეტებისაგან.

.40 Smith&Wesson. (მეტრიკული აღნიშვნა 10X22mm) შექმნილი, როგორც შუალედური ვარიანტი 9მმ ლუგერსა და .45ACP-ს შორის. ის თავიდანვე იქმნებოდა, როგორც პოლიციური კალიბრი (მის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ) და თავიდანვე ითვალისწინებდა ექსპანსიური ტყვიების გამოყენებას. წონები ვარირებს 115 გრანიდან 185 გრანამდე. სიჩქარე ვარირებს შესაბამისად 390-დან 290 მ/წ-მდე. ენერგია შეადგენს 550-დან 650 ჯოულს. ეტალონური მუხტი არის 180 გრანიანი გარსით დაფარული ჩახვრეტილთავიანი ტყვია საწყისი სიჩქარით 290 მეტრი წამში. ამ ვაზნამ გამოჩენისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

.40 დაფუძნებულია უფრო ძლიერ 10mm Auto-ზე, ხოლო სმიტ&ვესონის და ვინჩესტერის ინჟინრებმა მუხტის შემცირებასთან ერთად მასრის გაბარიტებიც შეამცირეს, როს გამოც შესაძლებელი გახდა ამ ახალი კალიბრის გამოყენება 9მმ-ან ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტებშიც. შესაბამისად პისტოლეტი გათვლილი ამ ვაზნაზე ზომით არ აღემატება გაბარიტებით 9მმ-ან მოდელებს (ახალი პისტოლეტების შემთხვევაში, ძველი მოდელების პისტოლეტების საჭიროებდნენ კონსტრუქციის გადახედვას უფრო ძლიერი ვაზნის “მოსანელებლად”)  სამაგიეროდ ის გათვლილია 10მმ-ან ძლიერ ვაზნაზე. უნდა ავღნიშნო, რომ ტყვიის ფორმა ამ კალიბრის იარაღში ყოველთვის არის ბრტყელი თავით, რის გამოც თუნდაც მთლიანად  გარსით დაფარული ტყვიას მაინც შედარებით უკეთესი ტერმინალური ბალისტიკა ექნება ვიდრე შედარებისთვის ანალოგიური სიმძლავრის კალიბრის მრგვალთავიან ტყვიას. ნაკლებია მსხვილი ძვლებისგან რიკოშეტის ალბათობაც. საქართველოში 9მმ-ანი პისტოლეტების შემდეგ ყველაზე ხშირად სწორედ ამ კალიბრის იარაღი გვხვდება. ჩემი აზრით თავდაცვისთვის ეს კალიბრი საქართველოში ერთ ერთი საუკეთესო არჩევანია. უკუცემა ცხადია უფრო დიდია ვიდრე ლუგერის შემთხვევაში, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ არის ძნელად ასატანი. მინუსები ჩვენი რეალობიდან გამომდინარე არის ფასი და ხელმისაწვდომობა. როგორც ვაზნების ასევე მათზე გათვლილი იარაღის. რეალურად მე აქ გაყიდვაში არ მინახავს არც ერთი ამ კალიბრის ვაზნა ექსპანსიური ტყვიით. ზოგადად ამ კალიბრის მინუსები არის ზედმეტი მგრძნობიარობა ტყვიის მასრაში ჯდომის სიღრმეზე, რაც იწვევს წნევის მკვეთრ ზრდას და ასევე ის, რომ ეს ვაზნა არ გამოირჩევა დიდი ტექნიკური სიზუსტით. “რელოუდისას” ის ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

ერთი ცალი .40 Smith&Wesson საქართველოში ღირს 3-4 ლარი.

.357 Smith&Wesson Magnum. (მეტრიკული აღნიშვნა 9X33mmR) ეს ვაზნა რევოლვერებისთვის არის განკუთვნილი. წონა ვარირებს 110 გრანიდან 158 გრანამდე.  ენერგია შეადგენს 500-დან 800 ჯოულამდე. 158 გრანიანი ბრტყელთავიანი ტყვია, რომლითაც ეს ვაზნა თავდაპირველად იყო აღჭურვილი, არ უზრუნველყოფდა ადეკვატურ ეფექტურობას და ხასიათდებოდა ზედმეტი შეღწევით. მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა მას მერე რაც კომპანია Super-Vel-მა გამოუშვა 110 გრანიანი ექსპანსიური ვაზნა, ხოლო ეტალონურ მუხტს წარმოადგენს 125 გრანიანი ვაზნა ჩახვრეტილთავიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე შეადგენს 440 მ/წ-ში. აშშ-ში ეს მუხტი განიხილება ყველა დროის საუკეთესო „შემაჩერებლად“. მეტსაც ვიტყვი, 125 გრანიან .357 მაგნუმს ეძახიან „ჯადოსნურ ტყვიას“, „ელვის ეფექტს“ და „ქუჩების მეფეს”. უდავოდ ის ითვლება ეტალონურ თავდაცვით მუხტად. ხოლო რეპუტაცია, რომელიც მას გააჩნია შეიძლება აღწერილ იქნას, როგორც ლეგენდარული. ამას ამყარებს მდიდარი სტატისტიკური მონაცემებიც, რომლებიც ბევრ წყაროში არის გამოქვეყნებული. ცხადია ეს ყველაფერი მიიღწევა გარკვეული საფასურის გადახდით. უკუცემა ძალიან ძლიერია, ხმა ძალიან მაღალია, ცეცხლის ბურთი ჩანს მზიან ამინდშიც ხოლო ბინდში სროლისას ის უბრალოდ აბრმავებს მსროლელს. ზუსტი და სწრაფი სროლა შესაბამისად პრობლემატურია. ამ იარაღის ეფექტური გამოყენება შეუძლია მხოლოდ კარგად მომზადებულ მსროლელს. „მოკლეცხვირიან“ რევოლვერში .357 მაგნუმი მოითხოვს მსროლელისგან კიდე უფრო სერიოზულ მომზადებას. სრული ზომის რევოლვერში .357 მაგნუმის მოთოკვა შედარებით ადვილია. მაგრამ სრული ზომის .357 კალიბრის რევოლვერი წარმოადგენს 1 კგ-ის წონის, დიდი გაბარიტების მქონე იარაღს, რომლის ტევადობა არ აღემატება მაქსიმუმ 8 ვაზნას, ხოლო ტიპიური ტევადობა არის 6 ვაზნა. ასევე აღსანიშნავია, რომ .357 მაგნუმზე გათვლილ იარაღში შესაძლებელია უფრო სუსტი .38 Special კალიბრის ვაზნების გამოყენებაც. ამ კალიბრის იარაღი საქართველოში წარმოდგენილია ძირითადად ბრაზილიური ტაურუსის რევოლვერებით, რომლებსაც შედარებით ზომიერი ფასი აქვთ და ასეთივე „ზომიერი“ ხარისხი. ახალი და ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი 1500 ლარი ღირს.

.357 მაგნუმის ვაზნის ფასი შეადგენს 3-4 ლარს.

.44 Remington Magnum (10.9X32mmR). იშვიათად მაგრამ გაყიდვაში ჩნდება ხოლმე რევოლვერები გათვლილი ამ გოლიათურ კალიბრზე. თავიდანვე მე ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ მე ვიზიარებ იმ აზრს, რომლის მიხედვითაც .44 მაგნუმი ითვლება სპორტულ/სანადირო ვაზნად. მისი ენერგია აჭარბებს 1000 ჯოულს. იარაღი გათვლილი მასზე არის ძალიან მსხვილი და მძიმე. .44 მაგნუმი ითხოვს მსროლელისგან უმაღლეს ოსტატობას. მე მიჭირს დავასახელო სამართალდამცავი ან სპორტსმენი (საბრძოლო დისციპლინებში მოასპარეზე, IPSC, IDPA, PPC), რომელიც იყენებდა ამ კალიბრის იარაღს. არსებობს შედარებით მსუბუქი და შედარებით კომპაქტური .44 კალიბრის რევოლვერები მაგრამ, თუ დაუჯერებთ ექსპერტებს სროლა ასეთი მოდელებიდან არის სერიოზული გამოცდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ არის ხალხი, რომელიც ჩათვლის, რომ .44 მაგნუმი არის კარგი არჩევანი თავდაცვის იარაღისთვის, მითუმეტეს როდესაც ჩვენი კანონმდებლობით მისი ტარება ისედაც იკრძალება (დასაშვებია გარკვეული „ელიტარული“ კატეგორიებისთვის, რომლებიც არა აუცილებლად გადიან საცეცხლე მომზადებას და რაც ჩემი აზრით წარმოადგენს დისკრიმინაციის ძალიან უშნო ფორმას). სანამ ვინმე არჩევანს შეაჩერებს ამ უდავოდ უძლიერეს კალიბრზე, მე მხოლოდ შეგახსენებთ, რომ საჭიროა დარწმუნდეთ, რომ შეძლებთ იარაღის არა თუ ეფექტურ გამოყენებას არამედ საერთოდ სროლას. ხმას და ლულის ალს ჯერ არავინ არ მოუკლავს, ჯობია მოარტყა „გეკოთი“ ვიდრე ააცილო მაგნუმით, თუმცა არის აღწერილი შემთხვევები, როდესაც ბოროტმოქმედი მომენტალურად ნებდებოდა მას მერე რაც მას ესროდნენ და ააცილებდნენ მაგნუმებს. საჭიროა ერთხელ მაინც ისროლოთ .357 ან .44 მაგნუმი, რომ მიხვდეთ რასთან გაქვთ საქმე.  ცხადია ასეთი „ემოციური შოკის“ სერიოზულ ფაქტორად აღთქმა იქნება არასწორი. თუ მსროლელს შეუძლია გაუმკლავდეს .44 მაგნუმს მაშინ სახლის დაცვისთვის ის იქნება კარგი იარაღი. თუ შეიცვალა და გახდა შესაძლებელი მისი ტარება, .44 ნადირობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ცხოველზე, რომელიც საქართველოში ბინადრობს.

.45 ACP. (11.43×23mm). ლეგენდარული ამერიკული კალიბრი, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია მსახურობს. ბევრი თვლის, რომ M1911A1 კალიბრით .45 არის საუკეთესო საბრძოლო იარაღი. საბრძოლო ალბათ კი, თავდაცვითი ალბათ არა. დიდი მასა, ტარის სისქე და ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლტი მექანიზმი მაინც და მაინც არ არის სასურველი თვისებები თავდაცვითი იარაღისთვის.  .45 ACP არის შედარებით დაბალწნევიანი კალიბრი, რის გამოც სრული ზომის პისტოლეტიდან სროლა არის საკმაოდ კომფორტული. ტყვიის წონა ვარირებს 180 გრანიდან 230 გრანამდე. ენერგია აღწევს 720 ჯოულს ყველაზე ცხელი მუხტის შემთხვევაში (185 გრანიანი +p კლასის). ამ ტყვიის შექმნამდე მისმა ავტორებმა საკმაოდ სრულყოფილი (იმ დროისთვის) ტესტირებები ჩაატარეს და ასე შექმნეს ამ კალიბრის ვაზნის საბოლოო ვარიანტი. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იყენებდნენ მხოლოდ გარსით დაფარულ ტყვიებს ჩვენი რეალობებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ კალიბრის თანამედროვე თავდაცვითი მუხტები ხელმიუწვდომელია. რაც მე მინახავს გაყიდვაში მხოლოდ არის კლასიკური მუხტი: 230 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია საწყისი სიჩქარით 245 მ/წ-ში. ასეთი მუხტის შემთხვევაშიც იარაღი ამ კალიბრზე გათვლილი იქნება საკმაოდ ეფექტური იარაღი და ბევრად უფრო უკეთესი არჩევანი ვიდრე იგივე 9მმ ლუგერი. სრული ზომის პისტოლეტები გათვლილი ამ კალიბრზე საკმაოდ გაბარიტულებია და საკმაოდ განიერი ტარები აქვთ. ცხადია მჭიდის ტევადობა იშვიათად აღემატება 10-12 ვაზნას.  ფასის და ხარისხის შეფარდებით საუკეთესო იარაღი ამ კალიბრში ჩემი აზრით ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩეხური CZ 97. გარდა ამისა თუ გაქვთ ამ კალიბრის იარაღი, ჯობია მოიმარაგოთ ვაზნები, ვინაიდან ამ კალიბრის შოვნა საკმაოდ ძნელია.

კალიბრები, რომლებიც არ მოხვდა მიმოხილვაში. .22lr, ცნობილი ჩვენთან, როგორც „გეკო“. შედარებით იაფი, სუსტი, სავარჯიშო ვაზნა. არ შეიძლება განხილულ იქნას საბრძოლო/თავდაცვით კალიბრად.

5.45ПСМ. კურიოზული კალიბრი რუსეთიდან. წარმოადგენს ფრანგული 5მმ კლემანის ასლს. დაბალი ენერგეტიკა (სასაცილო 137 ჯოული), ზედმეტი შეღწევადობა და არადამაკმაყოფილებელი ტერმინალური ბალისტიკა, არ გვაძლევს საშუალებას ჩავთვალოთ ეს ვაზნა თავდაცვით კალიბრად. გარდა იმისა მისი ფასი შეადგენს 15-დან 25 ლარამდე რაც უკვე ჩვენი ქართული კურიოზია. მე ვიცი არა ერთი და არა ორი შემთხვევა, როდესაც ადამიანი „დახვრეტილი“ ამ პისტოლეტიდან საკუთარი ფეხით მისულა საავადმყოფოში.

6.35 Browning (.25Auto). ანემიური, მცირეკალიბრიანი ვაზნა, გათვლილი ჯიბის არასრულყოფილ პისტოლეტებზე. ენერგია შეადგენს საწყალ რაც არადამაკმაყოფილებელია თავდაცვითი იარაღისთვის.  თუ გაქვთ ასეთი პისტოლეტი, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჩეხური Sellier&Bellot-ის წარმოებული გარსით დაფარული ვაზნები. მათ აქვთ შემცირებული მუხტი და ეფექტურობით ის არ აღემატება ე.წ. „გეკოს“. შეღწევადობა ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე სხვა მწარმოებლის იგივე კალიბრის ვაზნების შემთხვევაში.

7.62TT. არადამაკმაყოფილებელი ხარისხის იარაღი გათვლილი ამ კალიბრზე, ზედმეტი შეღწევადობა და მუდმივი წყვეტა ამ ვაზნებით მომარაგებაში ასევე არ გვაძლევს საშუალებას აღვიქვათ ის სერიოზულ მოთამაშედ, თუნდაც საქართველოს პირობებში. მუხტები ექსპანსიური ვაზნებით საქართველოში არ იყიდება და საზღვარგარეთაც დიდი იშვიათობაა.  99% პრობლემების პისტოლეტებში, რომლებიც მე შემხვედრია და გამიგია უკავშირდება სწორედაც TT-ს პისტოლეტებს და მის კლონებს და მათ ამუნიციას.  ეს ჩემი აზრია, მაგრამ საქართველოს რეალობიდან და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მე ამ კალიბრს არ ურჩევ არავის. თუმცა გავიმეორებ არაფერს TT ნამდვილად ჯობია.

7.65 Browning (.32 ACP). ასევე მოძველებული ვაზნა არის. მთლიანად გარსით დაფარული ტყვია არის ანემიური და პირდაპირ ვიტყვი არაფრის მაქნისი. საზღვარგარეთ ხელმისაწვდომია ცხელი მუხტები მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყიდება საქართველოში.

ასევე გამოტოვებულია 10მმ აუტო (პრაქტიკულად არ გვხვდება საქართველოში) და რევოლვერის კიდე უფრო იშვიათი  კალიბრი .41 მაგნუმი, რომელიც ასევე არ გვხვდება საქართველოში.

რუსეთში წარმოებული ვაზნები უცხო კალიბრებზე. მე მიმაჩნია, რომ რუსული ვაზნები უნდა გამოიყენებულ იქნას მხოლოდ რუსულ იარაღში. უცხოური იარაღი უბრალოდ არ არის გათვლილი ასეთი ტიპის პროდუქციაზე. მასრები  არის რკინის, რაც ზედმეტად ტვირთავს ექსტრაქტორებს, რომლებიც გათვლილია უფრო რბილი მეტალებისგან დამზადებულ მასრებზე. ხშირად ვაზნები გარედან იფარება ლაკ-გერმეტიზატორით. ისროლეთ ერთი ორი მჭიდი ასეთი ვაზნებით და იარაღი შიგნიდან ამოთხვრილია ამ ლაკის ნარჩენებით. სიზუსტე საშუალოა, ექსპანსიური ვაზნები არ იშლება. ფასი იგივეა რაც უცხოური წარმოების ამუნიციაზე, რის გამოც მე არავის არ ურჩევ რუსული „ლუგერების“ ან სხვა ვაზნების შეძენას. გარდა ამისა დენთი, რომელსაც იყენებენ რუსული მწარმოებლები არის დაბალი ხარისხის, ჭუჭყიანია (ანუ ზედმეტად აბინძურებს იარაღს) და არასტაბილური წვა აქვს რაც გამოიხატება, როგორც საწყისი სიჩქარეების მნიშვნელოვან ცვლილებაში და ასევე იწვევს წნევის ხტომებს, რასაც მოყვება იარაღის ზედმეტი ცვეთა. რუსულ ტირებში დაგროვდა სტატისტიკა ასეთი ვაზნების გამოყენებისას. პისტოლეტებში ტყდება საბრძოლო ბჯენები, იბზარება საკეტები და მწყობრიდან გამოდიან სხვა დატვირთული დეტალები. იარაღი აქ არაფერ შუაში არ არის. ანალოგია, რომ გამოვიყენოთ ავტო-სამყაროდან: არავინ არ ჩაასხავს 280 ცხენის ძალიან Subaru Impreza WRX STI-ში АИ-76 ბენზინს.   დაუმატეთ ამას საკითხავი ხარისხის კონტროლი და წარმოების დაბალი კულტურა.  მოკლედ მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს შეიძინოთ რუსული წარმოების ამუნიცია თუ ხელმისაწვდომია უცხოური წარმოების. გამონაკლისი არის მხოლოდ .22 კალიბრის ვაზნები. როგორც წესი რუსული და საბჭოთა გამოშვების ეს ამუნიცია ძალიან სტაბილურად მუშაობს. საუკეთესო ჯგუფები, რომელიც მე მიმიღია მცირეკალიბრიანი იარაღიდან მიღწეული იყო სწორედაც, რომ რუსული და ძველი საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამუნიციით.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება? რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, საუკეთესო იარაღი თუ გავითვალისწინებთ იარაღის ფასს, ამუნიციის ფასს და ასორტიმენტს, ბალისტიკურ მონაცემებს, იმ ფაქტს, რომ გამორიცხულია სასროლოსნო პრაქტიკა, გამორიცხულია ტარება, გამოდის, რომ .357 მაგნუმი საშუალო ან დიდი ზომის რევოლვერში არის ყველაზე ეფექტური თავდაცვის საშუალება. მას მოყვება .40S&W-ზე გათვლილი იარაღი. ეს ორი კომბინაცია უზრუნველყოფს  ამუნიციის ძალიან მწირი არჩევნის პირობებში ადეკვატურ დაცვას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ახალბედა მსროლელი გაცილებით უკეთეს რეზულტატს აჩვენებს პისტოლეტით ვიდრე რევოლვერით, მაშინ რჩება მხოლოდ .40S&W.

ლოგიკურია ისიც, რომ თუ ხელმიუწვდომელია ექსპანსიური ტყვიები, რჩება მხოლოდ კალიბრის გაზრდა. .45ACP კარგი არჩევანია მაგრამ უკუცემა მაინც საკმაოდ დიდია (იარაღიც გაბარიტულია და ყველას არ მოუხდება) და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მისი „მოთოკვა“ იქნება შეუძლებელი. საბოლოო ჯამში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იარაღის მფლობელმა უნდა შეძლოს ზუსტი და სწრაფი სროლა თავისი იარაღიდან. .44 მაგნუმი იქნება უვარგისი თუ მსროლელს არ შეუძლია ამ კალიბრის იარაღიდან სროლას. სწორედ ეს არის უმთავრესი.

ერთ დროს (და ალბათ ეხლაც) პოლიციის თანამშრომლებში იყო მოდური ჯავშანგამტანი ტყვიებით „მარიაჟობა“. ერთხელ „სანებართვოში“ გადავაწყდი ორ „თანამშრომელს“. ერთს ქონდა ბელგიური Five-seveN, მეორეს რუსული „გიურზა“, როგორც ჩანს ასლან აბაშიძის არსენალებიდან წამოღებული. ორივეს ქონდა საკმაოდ სახალისო დისკუსია, იმაზე თუ ვისი პისტოლეტი უფრო მეტს ხვრიტავს. ბელგიური პისტოლეტის მჭიდში იყო მოთავსებული ცისფერ თავიანი ჯავშანგამტანი ვაზნები SS190, ხოლო გიურზაში რუსული ასევე ჯავშანგამტანი 7N21.  ჩემი აზრით ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რაიმე საღ მიდგომას კალიბრების და იარაღის არჩევის მხრივ მანდ ადგილი არ აქვს.

სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც სასროლოსნო საქმე მკვდარია, არა კლინიკურად არამედ უკვე ბიოლოგიურად მკვდარი. ხოლო იარაღი და ამუნიცია ღირს ყველაზე ძვირი ვიდრე სადმე დანარჩენ მსოფლიოში. მე აღმოვაჩინე რომ ჩვენნაირი ფასები არის მხოლოდ ჰაიტის კუნძულზე სადაც “გლოკი” მაღაზიაში ღირს 2000 დოლარი. შესაბამისად ჩვენთან ვერც ისვრი, ვერც ატარებ, ვერც ვარჯიშობ, ვერც ყიდულობ… რჩება მხოლოდ იმპროვიზირება. ეს სტატია, მოგაწვდით მინიმალურ ინფორმაციას კალიბრების შესახებ და დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი.

ეს სურათი, რომელიც მე სპეციალურად ამ საიტისთვის გადავიღე ზუსტად ასახავს იმას რის თქმაც მინდა. ეს ტყვიები ამოღებულია სველი თიხისნაირი მასიდან, რომელიც წარმოადგენდა ცოცხალი ქსოვილების იმიტატორს. მარცხნიდან მარჯვნივ პირველი სამი ტყვია არის 9მმ ლუგერი, პირველი მთლიანად გარსით დაფარულ ტყვიას ფორმა პრაქტიკულად არ შეუცვლია. მეორე არის უხარისხო რუსული ექსპანსიური ტყვია. ტყვია საერთოდ არ გაიშალა და ყველაზე პატარა შეღწევა ქონდა. მესამე არის 147 გრანიანი ვინჩესტერის მაღალი კლასის ტყვია Ranger SXT (წარსულში ცნობილი როგორც Black Talon). თავის დროზე ეს იყო პირველი ტყვია, რომელიც იყენებდა დამატებით ჭრილობის მიყენების მექანიზმს, ჭრას. ეს მიიღწეოდა სქელი „ბრჭყალების“ მეშვეობით, რომლებიც კარგად ჩანან სურათზე. ამ შემთხვევაში სახეზეა შესანიშნავი ექსპანისა და ადეკვატური შეღწევა. სულ ბოლოს არის .45 ACP მთლიანად გარსით დაფარული ტყვია, რომელმაც მოხვედრისას ასევე არ განიცადა დეფორმაცია. სურათი ერთის მხრივ აჩვენებს რამხელა სხვაობა შეიძლება იყოს ერთი კალიბრის სხვა და სხვა მუხტს შორის და ასევე ადასტურებს იმას, რომ ექსპანსიური ტყვია შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი, თუნდაც ის იყოს უფრო მცირე კალიბრის. ამ სურათი ნახვის შემდეგ ამ ოთხიდან საუკეთესო არჩევანი იქნება Winchester-ის მუხტი.

 



4 Responses to “თავდაცვითი კალიბრების მოკლე მიმოხილვა”

  1. dato says:

    ძალიან დამაჯერებელი და ძალიან საჭირო სტატიაა. ამ ბოლო დროს გვანებივრებ შესანიშნავი ნაშრომებით! დიდი მადლობა ლევან! ისევ მოუთმენლად ველით “გემრიელ” მასალას.

  2. გიორგი says:

    დიდი მადლობა ლევან.
    თქვენ ალბათ ისედაც იცით მაგრამ, ზოგი მკითველისთვის შესაძლოა საინტერესო მასალა იქნება სხვადასხვა მუხტების ეფექტურობაზე.

    http://www.youtube.com/user/tnoutdoors9/videos?view=0&flow=grid&sort=da

  3. zura says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან, თბილისში ზოგიერთ მაღაზიაში რომ 9მმ ლუგერის გადატენილი(reload) ვაზნები იყიდება რამდენად არი საშიშროება რომ იარაღი მწყობრიდან გამოიყვანოს(ჭარბმა დენთმა)?
    2. მაკაროვის (ფოლადის გულარიან) ვაზნებს უპირატესობა ხომ არ აქვთ სტანდარტულ ლუგერთან შედარებით (რამდენადაც ვიცი ტყვიის გულარები აქვთ) შეღწევადობის და ასხლეტის ნაკლები შესაძლებლობით(მაგ.ძვალზე).?

  4. alx says:

    stayr-1912 – ზე რისი თქმა შეგიძლიათ, ან მის ვაზნებზე და კალიბრზე?

დატოვეთ კომენტარი