FN Herstal FNP-9

ბელგიური სამხედრო/პოლიციური პისტოლეტი FNP-9 შეიძლება ითქვას არის თანემედროვე სერვის-პისტოლეტის ტიპიური წარმომადგენელი. მას აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს ამ კლასის იარაღს: პოლიმერის ჩარჩო, დიდი ტევადობის მჭიდი, კარგი ხარისხის დიდი სამიზნე მოწყობილობები, კარგი ერგონომიკა, უნივერსალური სამაგრი და საშუალება პისტოლეტი მოირგოს კონკრეტულმა მომხმარებელმა. ეს მიიღწევა ორმხრივი სასხლეტის დამშვებით, გადასაყენებელი მჭიდის ღილაკით და ცვლადი ორი სხვა და სხვა ზომის ტარის პანელებით.  გარდა ამისა იარაღს აქვს ისეთი რამეები, რაც მე ძალიან მომეწონა, ესენია საკმაოდ და ალბათ ყველაზე დიდი „მაგველი“ ამ კლასის იარაღებში, და საკეტის კონსტრუქცია, რომლის დაშლაც (ექსტრაქტორის და დამრტყმელის ამოღება) შესაძლებელია მარტივი ინსტრუმენტის გამოყენებით.

პისტოლეტი 2003 წლიდან გამოდის როგორც FN-ის ამერიკულ ქარხანაში (სამხრეთ კაროლინაში) ასევე ბელგიაშიც. თავდაპირველად სამოქალაქო ვერსიის სახელი უნდა ყოფილიყო Browning Pro-9, ხოლო სამხედრო/პოლიციური მოდელის FN FNP-9, თუმცა ეხლა ყველაფერი იერია და ორივე სახელით ეს პისტოლეტი თავისუფლად იყიდება სამოქალაქო ბაზარზე.  პისტოლეტი არის ბელგიური პოლიციის გარკვეული დანაყოფების შეიარაღებაში, ასევე კომპანიამ გადასცა 27 პისტოლეტი ლუიზიანას შტატის ერთ ერთი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტს, მას მერე რაც მათი პისტოლეტები განადგურდა ხანძრის შედეგად. მეტი ინფორმაცია ამ პისტოლეტის შეიარაღებაში მიღების შესახებ მე ვერ მოვიპოვე.

როდესაც კომპანია ქმნიდა ამ პისტოლეტს (ის დაფუძნებულია უფრო ადრინდელ მოდელზე FN Forty Nine-ის ბაზაზე) აქცენტი კეთდებოდა პისტოლეტის გამოყენებაზე პოლიციელების და სამხედროების მიერ. ამის გამო პისტოლეტი არის შექმნილი საკმაოდ დიდი გამძლეობის მარაგით, არის მარტივი და საიმედო. შესაძლებელია მათ შორის ჩარჩოში კრიტიკული მნიშვნელობის ელემენტების გამოცვლა იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს პიტოლეტის ექსპლუატაციის ვადა. გამოყენებულია ბრაუნინგის ჩაკეტვის სისტემა, სადაც ლულა იკეტება მასრების საექსტრაქციო ფანჯარის ერთ მხარეზე (პირველად ეს სქემა განხორციელდა Sig Sauer P220-ში) . მჭიდი ორ რიგიანია და იტევს 16 ვაზნას, თუმცა ზოგი მოდელი კომპლექტდება 10 ვაზნიანი მჭიდებით. ლულა კლასიკური ხრახნებით არის და როტაციული ჭედვის მეთოდით მზადდება. თავისი სქემით FNP-9 ძალიან წააგავს ზიგ ზაუერის მოდელებს, Pro-ს და 250-ს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების არის, გარეთ განლაგებული ჩახმახით. პისტოლეტი აღჭურვილია ორმხრივი ჩახმახის უსაფრთხო დაშვების ღილაკით. არაავტომატური მცველი ამ პისტოლეტზე არ არის, თუმცა არსებობს მოდიფიკაციები სადაც ის გათვალისწინებულია.  არსებობს ასევე ამავე პისტოლეტის მოდიფიკაციები, ერთმაგი და მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით. ჩარჩოს წინა ნაწილში განლაგებულია უნივერსალური სამაგრი. არაფერი განსაკუთრებული, რაც გამოარჩევს ამ პისტოლეეტს პრინციპში არ არის. ყველაფერი ნაცნოიბია, უკვე ბევრჯერ აქამდე ნანახი სხვა მოდელებში. მიუხედავად ამისა მე ვერ ვიტყოდი რომ პისტოლეტი არის უბრალო, მაგრამ ამავე დროს მას აქვს ლაკონური, მარიტივი დიზაინი და კონსტრუქცია, რომელიც შედგება დროით გამოცდილი გადაწყვეტილებებისგან. ყურადღებას იქცევს მხოლოდ დამზადების მაღალი ხარისხი და რკინის დეტალებზე ინსტრუმენტების ნაკვალევის არ არსებობა. არც გარედან და არც შიგნიდან. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, კომპანია Fabrique Nationale d’Herstal და მისი ამერიკული შვილობილი კომპანია FNH USA, LLC (დაფუძნებული 1998 წელს) არიან ერთ ერთი ყველაზე სერიოზული მოთამაშეები ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებლებს შორის, და ქარხანაში, რომელიც ამ პისტოლეტებს აშშ–ში აწყობენ ასევე აწყობენ M4-ებს, და ტყვიამფრქვევებს M240 და M249–ს, რომლებითაც აშშ–ის შეიარაღებული ძალები არიან შეიარაღებული. ზედმეტია იმის თქმა, რომ ხარისხის კონტროლი არის უმაღლეს დონეზე, რაც განაპირობებს საბოლოო პროდუქტის აბსოლუტურ სრულყოფილებას.

პისტოლეტის გაცნობის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ FNP-9 არის მარტივი სამუშაო ინსტრუმენტი, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. პისტოლეტის დანარჩენი ტტმ-ები შემდეგია: წონა სავსე 16 ვაზნიანი მჭიდით 980გრ; წონა ცარიელის 760გრ; ლულის სიგრძე 100მმ; სამიზნე ხაზის სიგრძე 152მმ. პისტოლეტი ასევე გამოდის კალიბრებში: .40S&W; .357SIG; .45ACP. არსებობს სტანდარტული და კომპაქტური მოდელები და ასევე ტაქტიკური მოდელი ხელმისაწვდომი მხოლოდ .45 კალიბრში.

FNP-9 პისტოლეტები საკმაოდ იაფი ღირს მეორად ბაზარზე აშშ-ში და საფასურში შედის სიმპატიური ყუთი FN-ის ლოგოთი, საკეტით, ინსტრუქციით, გამოსაცვლელი თხელი ტარის უკანა პანელით და რაც მთავარია 3 მჭიდით.

ახალი პისტოლეტი FNX, სავარაუდოთ ჩაანაცვლებს FNP სერიის მოდელებს, თუმცა საიტზე ჯერ ჯერობით ორივე ამ სერიის პსიტოლეტებია განთავსებული. მიუხედავად ვიზუალური მსგავსებისა სხვაობები საკმაოდ დიდია და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლულის ღერძის შემცირებული სიმაღლე. ასევე FNX–ს აქვს 4 ცვლადი ტარის პანელი და პიკატინის სტანდარტის უნივერსალური სამაგრი. გარდა ამისა პისტოლეტი ბოლომდე ორმხრივი კონტროლის ელემენტებით არის აღჭურვილი. თუ FNX ბოლომდე ჩაანაცვლებს FNP-ს (მჭიდები ორ პისტოლეტს შორის არ არის ცვლადი), მეორად ბაზარზე უკანასკნელი კიდე უფრო გაიაფდება და იქნება ალბათ ერთ ერთი საუკეთესო მოდელი ფასის და ხარსხის შეფარდებით.


ახალი პისტოლეტი FNX არის რებრენდინგის შედეგი და FN-ის მცდელობა გააუმჯობესონ გაყიდვები. სურათის წყარო tactical-life.com

FNP-ს დაშლა ხდება ისევე, როგორც ზიგ-ზაუეის პისტოლეტების. საკეტი იკეტება გახსნილ მდგომარეობაში (აღნიშნული გამორიცხავს ვაზნის ჩარჩენას სავაზნეში). ჩარჩოზე მარცხნივ განლაგებული შესაბამისი ბერკეტის დაწევის შემდეგ ათავისუფლებთ საკეტს და ის ცილდება ჩარჩოს.  შემდეგ ხსნით ზამბარას და იღებთ საკეტიდან ლულას. ისევ და ისევ არაფერი განსაკუთრებული პისტოლეტი დაშლა-აწყობაში არ არის.

ნაწილობრივ დაშლილი პისტოლეტი გამზადებული წმენდისთვის.

პისტოლეტის საკეტი დამზადებულია უჟანგავი რკინისგან. მე მიმაჩნია, რომ პისტოლეტები პოლიმერის ჩარჩოთი და საკეტით უჟანგავი რკინისგან საუკეთესოდ იტანენ  ყოველდღიურ ექსპლუატაციას. არა არის არანაირი დაფარვა საჭირო, შესაბამისად არ მოხდება მისი ცვეთა და არ შემცირდება იარაღის რკინის ნაწილების დაცვის ხარისხი.

სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი. თუ ვაზნა სავაზნეშუ იმყოფება წითელი ფერის ინდიკატორი ხდბა ხილვადი.

ტარის დიზაინი წააგვას ამავე კომპანიის ყველაზე ცნობილ პისტოლეტს FN High Power MkIII-ის ტარს. თუმცა მისი დიზაინი გამორიცხავს ხელის კანის მოყოლას ჩარჩოსა და სასხლეტს შორის, როგორც ეს ხდება ხოლმე ჰაი პაუერის შემთხვევაში. ერგონომიკის თვალსაზრისით FNP-9 რა თქმა უნდა არის დიდი ნაბიჯი წინ ჰაი პაუერთან შედარებით და ეს ცხადია არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ  ამ პისტოლეტებს შორის 70 წლიან სხვაობას ასაკში. ტარი საკმაოდ სქელია და ალბათ არა ყველაზე მოსახერხებელი მაგრამ ცვლადი ტარის პანელი შეიძლება ბევრს გამოადგეს და მისცეს საშუალება იარაღი უკეთესად მოირგოს. ტარის პანელის ფიქსაციის მეთოდი ღიმილს იწვევს, ბანალური ხრახნი გაყრილი ტარში აფიქსირებს მას თავის ადგილას. მარტივი და ეფექტური გადაწყვეტილებაა, თუმცა ალბათ არც ისე ელგენატური.

რამე განსაკუთრებულ უარყოფითი მხარეები ან ნაკლოვანებები პისტოლეტს ჩემი აზრით არ აქვს, და საშუალო სტატისტიკური მომხმარებლისთვის ეს პისტოლეტი, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იქნება. იმათ ვინც ცოტათი წინ წაწეული მსროლელები არიან, ალბათ არ მოეწონებათ ზედმეტად მძიმე სასხლეტი (ორმაგი მოქმედების რეჟიმში მისი ძალა შეადგენს 4.5კგ-ს ინსტრუქციის მიხედვით თუმცა სინამდვილეში გაცილებით მძიმე გეჩვენებათ). გარდა ამისა მიუხედავათ დიდი მაგველისა, პისტოლეტი მაინც და მაინც კარგად არ იქცვა მჭიდის გამოცვლისას. ამის მიზეზი არის ტარის შიდა მხარეს არსებული ამობურცული პლასტმასის ზოლები, რომლებმაც იდეაში უნდა შეამცირონ ხახუნის ძალა ტარის შიდა ზედაპირსა და მჭიდის კედლებს შორის, მაგრამ სინამდვილეში მათი არსებობა ითხოვს მჭიდის მოთავსებისას კუთხის ზუსტ შენარჩუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მჭიდი გაიჭედება ტარში და ეს არის ერთადერთი ასეთი პისტოლეტი, რომელშიც ამის გაკეთება გახდა შესაძლებელი. მე არ მგონია, რომ ეს არის ნაკლოვანება, ალბათ უფრო თავისებურებაა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ტარში მოთავსება უმჯობესია განხორციელდეს ორ მოძრაობაში და არა ერთ მოძრაობაში, როგორც ამას სპორტსმენი მსროლელები აკეთებენ.  ანუ ჯერ უნდა მოათავსოთ მჭიდის თავი ტარის ძირთან და დარწმუნდეთ, რომ ორივე ერთმანეთის მიმართ გასწორებულია და შემდეგ ერთი მოძრაობით შეაგდოთ ის ბოლომდე ტარში. ასევე ლულის ღერძი შედარებით მაღლა არის განლაგებული, თუმცა მისი განლაგება და ამასთან დაკავშირებული პისტოლეტის კონტოლირებადობის პრობლემა არის ჩემი აზრით გადაჭარბებული. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად ბრუნდება იარაღი პირვანდელ მდგომარეობაში, გასროლის შემდეგ. აქ კიდე ტარის ფორმა, იარაღის ჭერა და მსროლელის მომზადების დონე უფრო დიდ როლს თამაშობენ, თუმცა ეს ჩემი აზრია და მე მას არავის თავზე არ ვახვევ. მეტი არაფერი განსაკუთრებული და ყურადღების მიმქცევი ამ პისტოლეტში არ არის.  რა თქმა უნდა გამოვლენილი თავისებურება მჭიდის გამოცვლასთან იყო ცოტა გამაღიზიანებელი. თუ აცხადებთ პრეტენზიას, რომ იცით რა თვისებები უნდა ქონდეს პისტოლეტს და ასეთ კარგ საჩუქარს აკეთებთ დიდი სპორტული ტიპის მაგველის სახით, ბოლომდე უნდა დარწმუნდეთ რომ მიზანი მიღწეულია, ტარის შიდა ზედაპირის დიზაინმა ჩემი აზრით მაგველის უპირატესობები გააქარწყლა. არ არსებობს იდეალური პისტოლეტი და ნებისმიერ მოდელს ექნება დადებითი და უარყოფითი მხარეეები.

დიდი ზომის მაგველი არის კარგი გადაწყვეტილება თუმცა ამის გამო მჭიდებს აქვს საკმაოდ გაბარიტული ქუსლები, რამაც შეიძლება გაართულოს სათადარიგო მჭიდების ფარული ტარება. ასევე სურათზე ჩანს ცვლადი ტარის პანელი და ხრახნი, რომელიც აფიქსირებს მას ადგილზე.

დამატებით რამის დაწერა ამ პისტოლეტზე ძნელია. ისევ და ისევ უნდა ავღნიშნო მარტივი გამოცდილი გადაწყვეტილებები, ლაკონური დიზაინია ზედმეტობების გარეშე რაც ერთობლიობაში ქმნის კარგ სამუშაო ინტრუმენტს. რაიმე განსაკუთრებული, რაც დამატებით აღწერილობას საჭიროებდეს უბრალოდ არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოდელი ნაკლებად არის ცნობილი საქართველოში, ფასი მაგაზე თუ ის გამოჩნდა მაგალიტად მეორად ბაზარზე ვერ იქნება მაღალი. ჩემი პისტოლეტი იგივე ფასი კატეგორიაში მოხვდა, სადაც „ბინადრობენ“ იერიხოები და მეორადი ჩზ-ეები. მაგრამ მაგათგან შედარებით ეს ჩემი აზრით გაცილებით უფრო უკეთესი იარაღია.  ინტერნეტში მხოლოდ კარგი გამოხმაურებები არის ამ პისტოლეტზე, რაიმე ნეგატიურის მოძებნა მე ვერ მოვახერხე. სხვა და სხვა ტესტირებებისას, რომელთა შედეეგები დევს ინტერნეტში,  პისტოლეტებიდან გაისროლეს 2-3 ათასი სხვა და სხვა  ტიპის ვაზნები, +P კატეგორიის ჩათვლით და საიმედოობა იყო საუკეთესო. სიზუსტე ასევე სხვა და სხვა მიმოხილვებიდან აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი ჩანს ასეთი კლასის იარაღისთვის.  ის შეადგენს საშუალოდ 5-დან 8 სმ-მდე 25 მეტრზე.

თანამედროვე პისტოლეტის უპირატესობას წარმოადგენს ასეთი მარტივი წმენდის პროცედურა. პოლიმერის ჩარჩო ხოლო ლულა და საკეტი დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან იძლება პისტოლეტის გარეცხვის საშუალებას. ამ შემთხვევაში ამის მიზეზი გახდა ზეთის გამოყენება, რომელიც შეიცავდა ტეფლონს. ინსტრუქციის მიხედვით ეს არ იყო რეკომენდირებული, ასე რომ ყოველთვის, ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია. უკუჩვენება ტეფლონის მინარევებიან ზეთზე მე პირველად შემხვდა იარაღის ინსტრუქციაში.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. შედარებით ახალი და საქართველოში ნაკლებად ცნობილი პისტოლეტი FNP-9, არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სერვის-პისტოლეტი. ის ატარებს ყველა იმ თვისებას რაც ასეთ იარაღს უნდა ქონდეს, არის მოსახერხებელი ცაციებისთვის. მისი დამზადების ხარისხი არის მაღალი და ამით ის არ ჩამოუვარდება სხვა პრემუმ-კლასის თავდაცვით სამსახურეობრივ პისტოლეტებს. კომპლექტში ერთი მჭიდით მეტი არის კარგი დანამატი. რაიმე აშკარა მინუსები იარაღს არ გააჩნია. გამომდინაარე იქიდან, რომ ეს პისტოლეტი ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად არის ცნობილი, შესაძლებელია მისი შეძენა საკმაოდ დაბალ ფასად, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სიმბოლურად ასეთი კლასის იარაღაში.

 

PS  არ არის საჭირო უმაღლესი მათემატიკის ცოდნა და სამეცნიერო ხარისხები იმისთვის, რომ დაადგინოთ რა კანონების მიხედვით იგება თანამედროვე სერვის–პისტოლეტები. ესენია დიდი ტევადობის მჭიდი, საშუალება ტარის სხვა და სხვა ზომის ხელებზე მორგების,  პოლიმერებისგან დამზადებული ჩარჩო, დიდი ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები, უნივერსალური სამაგრი, მინიმალური ღონისძიებები იმისთვის, რომ პისტოლეტი იყოს გამოსაყენებელი ორივე ხელიდან სროლისთვის, აქცენტი სიმარტივეზე, მოდულურობაზე, მომსახურების სიადვილეზე და რა თქმა უნდა ერთი სისტემის პისტოლეტის მნიმუმ სტანდარტული ზომის და კომპაქტურ შესრულებაში ხელმისაწვდომობა. ჩამოთვლილის გარდა სხვა მოთხოვნებიც არსებობს, მაგალითად კოროზიისგან სრულყოფილი დაცვა და ასე შემდეგ.  ამის ფონზე გასაკვირია უსახელო და აქამდე უნახავი ახალი ქართული პისტოლეტის გამოჩენა, რომელიც, როგორც ჩანს გამოფენილი იყო თბილისში რუსთაველის გამზირზე მოწყობილ გამოფენაზე. სურათიდან ჩანს 1935 წლის ბრაუნინგ ჰაი პაუერის გადაკეთებული მოდელი, რომელზეც მიდუღებული იყო პიკატინის სამაგრის იმიტაცია, და ამასთანავე პისტოლეტი იყო იმდენად გადაპრიალებული, რომ არც ერთი სწორი კუთხე არ იყო შენარჩუნებული ისევე, როგორც ამის შედეგად გაქრა ორიგინალური ბელგიური წარწერები, რომლებიც made in georgia–მ შეცვალა. ყუარდღებას იქცევდა ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმი და მიკროსკოპული სამიზნე მოწყობილობები, რომელიც მას პირველი თაობის (ანუ პირველად 1935 წელს გამოშვებულ ) ჰაი პაუერისგან ერგო. იყო ეს ხუმრობა თუ ვინმეს შეცდომა რომ ეს არტეფაქტი მოხვდა გამოფენაზე მე არ ვიცი, მაგრამ არ მინდა ვიფიქრო, რომ ის რაც იქ  ვიტრინაში იდო ნამდვილად არის ქართველი კონსტრუქტორების ხედვა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული პისტოლეტი.

 

საუკეთესო სურვილებით,

Shooter

 



One Response to “FN Herstal FNP-9”

  1. dato says:

    ძალიან საინტერესო სტატიაა–ლევანის “საფირმო” სტილში. მადლობა დიდი! ლევან,ეს იარაღი შეიძინეთ თუ “გასარჩევად” ჩაგივარდათ ხელში?(თუ თქვენია,გილოცავთ!) და კიდევ–რა კალიბრებში გამოდის? სურათებზე რაც გავარჩიე, მხოლოდ .40s&w ტყიებთან ერთად არის გადაღებული. სიამოვნებით დაველოდები შემგეგ სტატიებს. ღმერთმა “მუზა” არ მოგაკლოთ!

დატოვეთ კომენტარი