მფლობელის თვალით – Walther PPS

კომპანია Carl Walther Gmbh წარმოადგინა ახალი კომპაქტური პოლიციური პისტოლეტი Walther PPS, 2007 წელს, გამოფენა IWA Outdoor Classics-ზე. სპეციალური სარეკლამო სლოგანი ასე იკითხებოდა: იფიქრე თხლად (Think Thin). სლოგანის ასეთი არჩევანი აიხსნებოდა იმით, რომ ახალი პისტოლეტი ინდექსით PPS (Polizei Pistole Schmal, Police Pistol Slim, პოლიციური პისტოლეტი თხელი) იყო ძალიან თხელი სხვა ანალოგიურ მოდელებთან შედარებით. შექმნილი ევროპული ქვეყნების პოლიციური სამსახურებისთვის, ეს პისტოლეტი ასევე მალე მოხვდა ჩრდილო ამერიკის ბაზარზე კომპანია Smith&Wesson-ის მეშვეობით. გარდა ამისა პისტოლეტი ლიცენზიით გამოდის პოლონეთში, სადაც მას აწარმოებს Fabryka Broni Radom. კონკრეტულად ჩვენი იარაღი აშშ-დან არის ჩამოტანილი და შესაბამისად საკეტზე მარჯვენა მხარეს არის იმპორტიორი კომპანიის დამღა.

ყოველი პისტოლეტის შექმნის უკან დგას რაღაც იდეა, რომლის წარმატებულმა განხორციელებამ უნდა განაპირობოს საერთო პროექტის წარმატებულობა. PPS-ი იდეაში უნდა ყოფილიყო ისეთივე კომპაქტური და მსუბუქი, როგორც კლასიკური Walther PPK/S და ამავე დროს უნდა ყოფილიყო გათვლილი გაცილებით უფრო ძლიერ 9X19 კალიბრზე და უფრო მეტიც, უნდა გაეძლო +P ტიპის უფრო ძლიერ ვაზნების გამოყენება.  2001 წელს ამ პროექტის განსახორციელებლად კომპანია ვალტერმა დაიქირავა ვილი ბუბიცი (Wilhelm Bubits), ავსტრიელი კონსტრუქტორი, რომელიც ადრე მუშაობდა კომპანია გლოკში და ასევე არის Steyr M სერიის პისტოლეტების ავტორი. შეიძლება ამით აიხსნება PPS-ის ბევრი მზგავსება ავსტრიულ გლოკებთან.

ინსტრუქცია, რომელიც მოყვება პისტოლეტს გვაფრთხილებს, რომ + P ტიპის ვაზნების გამოყენება დააჩქარებს იარაღის ცვეთას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პისტოლეტში ასეთი ტიპის ვაზნების გამოყენება ნებადართულია. ჩემი აზრით ზედმეტ ცვეთაზე დარდი არ ღირს, სავარჯიშო სროლები შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული ტიპის ვაზნებით ხოლო ტარებისას მჭიდში უკვე იქნება უფრო ძლიერი „საბრძოლო“ ვაზნები. ასევე აქიდან გამომდინარეობს, რომ პატარა პისტოლეტს ექნება საკმაოდ დიდი რესურსი სტანდარტული ვაზნების გამოყენების შემთხვევაში. ეს კიდე კარგი ამბავია, იმიტომ, რომ როგორც წესი პისტოლეტები ან რევოლვერები, რომლებიც წარმოადგენენ ულტრა მსუბუქ და კომპაქტურ მოდელებს, ხშირად აღწევენ ასეთ კომპაქტურობას დაბალი რესურსის და კონსტრუქციის საერთო გამძლეობის ხარჯზე. მათი პრინციპი არის: ატარე დიდიხანი ისროლე ცოტახანი. დავამატებ, რომ რამდენადაც ჩემთვის დღეს ცნობილია,Walther PPS და Kimber Solo არიან ამჟამად ორად ორი მაღალი კლასის ულტრა კომპაქტური პისტოლეტები გათვლილი +P ტიპის ვაზნებზე.  თუ 9X19 თქვენთვის არ არის საკმარისი PPS-ი ხელმისაწვდომია ასევე .40S&W კალიბრში. საინტერესოა გამოჩნდება თუ არა ეს იარაღი .45 კალიბრში (ACP ან უფრო მოსახერხებელი GAP)?

მარცხნიდან მარჯვნივ: ნამდვილი ჯიბის პისტოლეტი Cz92, ძალიან პატარა მაგრამ გათლილი ანემიურ კალიბრზე; Walther PPS და FN High Power MkIII. სურათიდან ჩანს, რომ გერმანული პისტოლეტი გვერდითი პროექციიდან ნაკლებად ჯდება სუბ–კომპაქტურ კლასში, მაგრამ მისი სისქე 27მმ (საკეტის დამშვების ჩათვლით) არის ერთ ერთი ყველაზე მცირე, 9მმ–ან პისტოლეტებში.

კლასებს რაც შეეხება, PPS-ი არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაღალი კლასის იარაღი, ხარისხიანად დამზადებული პისტოლეტი. შეიძლება იფიქროთ რომ ვალტერისგან სხვას არც უნდა ველოდოთ, მაგრამ მაგალითად მოდელი P22 ნამდვილად არ იმსახურებს ატაროს ამ კომპანიის სახელი.  ყველა დეტალი PPS-ში არის უნაკლოდ დამზადებული, ხოლო რკინის დეტალები დაცულია Tennifer-ით, იგივე ტიპის „დაფარვით“ რაც ავსტრიული გლოკის სისტემის პისტოლეტებში. მაღალტექნოლოგიური დაფარვა არის ის სასიამოვნო რამ, რაც გამოარჩევს მაღალი დონის იარაღებს, ხოლო ასეთი ტიპის დაფარვებს აქვთ დიდი მნიშვნელობა, როდესაც საქმე გვაქს იარაღთან, რომელიც მუდამ უნდა იყოს ტანზე დამაგრებული. PPS-ი ნამდვილად არის პრემიუმ კლასის თავდაცვითი იარაღი.


დაშლისას აღმოვაჩენთ „შიგნეულობებს“, რომლებიც ძალიან წააგავს გლოკისას. პლასტმასის ჩარჩოში ზის ფოლადის „ჩონჩხი“, რომელზეც მოძრაობს საკეტი. ანალოგიური გადაწყვეტილება გამოყენებულია ავსტრიულ Steyr M სერიის პისტოლეტებში და რუსულ „ვიკინგშიც“.

P99, რომლის გავლენა ასევე იგრძნობა ვალტერის ახალ პისტოლეტში, ყოველთვის ითვლებოდა ერგონომიულ იარაღად და თანაც კარგი დიზაინით, რომელზეც ჩეზარე მორინი მუშაობდა. როგორ ჩანს გერმანელმა  (და ერთმა ავსტრიელმა) ინჟინრებმა ახალი სტანდარტი შესთავაზეს კონკურენტებს და შეძლეს შეექმნათ ულტრა თხელი კომპაქტური პისტოლეტი და ამ მიზნის მიღწევას არ შეწირეს არაფერი, ალბათ გარდა მჭიდის ტევადობისა. ჩვენ დღეს მივეჩვიეთ, რომ როგორც წესი ძლიერ კლაიბრზე გათვლილი სუბ-კომპაქტური პისტოლეტები არიან შექმნილი სრული ზომის პისტოლეტების ბაზაზე, „მოჭრილი“ ტარით და ლულა/საკეტით. ასეთი კლასის წარმოშობას თავის დროზე ხელი შეუწყო აშშ-ში 1994 წელს ფედერალურ დონეზე მიღებულმა შეზღუდვამ სამოქალაქო იარაღის  მჭიდის ტევადობაზე (მაქსიმუმ 10 ვაზნა). პირველი მერცხალი იყო Glock 26, ხოლო დღეს, როდესაც ეს შეზღუდვა ისტორიას ჩაბარდა, პრაქტიკულად ყველა მსხვილი მწარმოებელი მაინც სთავაზობს თავისი სრული ზომის პისტოლეტების ე.წ. „სუბ-კომპაქტურ“ მოდიფიკაციებს. ასეთ პისტოლეტებში ტარი და საკეტი ლულით კი არის მოკლე მაგრამ ორ რიგიანი მჭიდის გამო, ეს პისტოლეტები გამოირჩევიან საკამოდ დიდი სისქით, და ამიტომ ბოლომდე ვერ ჯდებიან ე.წ. ჯიბის პისტოლეტის ან ულტრა კომპაქტური პისტოლეტის გატეგორიაში. სწორედ ამ მხრივ PPS-ი გამოირჩევა, და კონკურენციას უწევს პისტოლეტებს, რომლებიც არც ისე მრავალფეროვან კლასს ქმნიან, მაგრამ ამაზე ცოტათი მოგვიანებით.

PPS-ის სითხელე კარგად ჩანს ამ სურათიდან სადაც მის გვერდით სხვა 99მმ-ნი „მსუბუქი წონოსანია“ – FN High Power. უკანასკნელი ამის გამო არ კარგავს აქტუალურობას 1935 წლიდან.

ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ერთი შეხედვით უჩვეულო და მოუხერხებელი ფორმის პისტოლეტი, რომელიც თითქოს არ შეიძლება იყოს კომფორტული სროლაში ამავე დროს ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს. არ ვიცი მიმართეს თუ არა გერმანელება ჯადოქრებს დახმარებისთვის მაგრამ ეს ბრტყელი დაკუთხული პისტოლეტი შესანიშნავად ჯდება ხელში, და თანაც პრაქტიკულად ნებისმიერი ზომის ხელში. ამას ასევე რა თქმა უნდა ხელს უწყობს ორი ცვლადი ტარის უკანა პანელი. კომპლქტში მოყვება ასეთი ორი ცალი, პატარა და დიდი ზომის. თუ ეს არ აღმოჩნდება საკმარისი, რომ მოირგოთ პისტოლეტი, მინიმუმ ორი კომპანია უშვებს რეზინის ტარზე ჩამოსაცმელ სახელურებს. უკანა პანელის მოხსნის შემთხვევაში იარაღიდან სროლის განხორციელება ხდება შეუძლებელი. ინსტრუქციის მიხედვით რეკომენდირებულია პისტოლეტის ყოველი დაშლის წინ პანელის მოხსნა, იმიტომ, რომ მისი მოხსნისას ხდება დამრტყმელის ავტომატური დაშვება, რაც წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას.  ჯადოქრები ტყვილა არ ვახსენე, იმიტომ, რომ სროლისას უკუცემა არის …. არ არის. ის უბრალოდ არ იგრძნობა, რაც არის ძალიან უჩვეულო ასეთი კლასის პისტოლეტებისთვის. სროლისას პისტოლეტი კონტროლირებადია და არანაირი დისკომფოტი არ წარმოიშვება. P99-სგან PPS-ს ერგო ტარის კუთხე და მისი ფორმა, როდესაც ხელი საკმაოდ ღრმად „ზის“ პისტოლეტში. ბევრი მსროლელი თვლიდა, რომ P99-ის ტარის ზედა ნაწილი, რომელიც დაბლა არის ჩამოწეული და კაუჭის ფორმას იმეორებს, ტკენდა ხელს ძლიერი ვაზნების გამოყენებისას. P99-ის სმიტ&ვესონის მოდიფიკაციას ამის გამო ტარის ფორმა შეცვლილი აქვს, PPS-შიც ასევე ეს „კაუჭი“ აღარ არის. მზგავსება P99-თან ასევე გამოჩნდება თუ ძალიან კარგად დააკვირდებით PPS-ის საკეტის დიზაინს. ტარის ფორმა, ლულის დაბალი ღერძი და ასევე ალბათ ძლიერი ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარა განაპირობებენ იმას, რომ უკუცემა არის უმნიშვნელო.  უნდა ავღნიშნო, რომ ერგონომიკა და „სროლისუნარიანობა“  იყო ყველაზე დიდი სიურპრიზები ამ პატარა პისტოლეტში. შესანიშნავ სიზუსტეს ასევე ხელს უწყობს ძალიან კარგი საკეტი, უჩვეულოდ მოკლე სვლით და მოკლე “რესეტით”. შემიძლია ვთქვა, რომ PPS-ის სასხლეტი არის ერთ ერთი საუკეთესო, რომელიც მე შემხვედრია თავდაცვით პისტოლეტებში.

არა და როდესაც მე პირველად ვნახე PPS-ის სურათი, მე ის ძალიან არ მომეწონა. გავიხსენე რა ვალტერ P22 და ცუდი სიტყვებით მოვიგონიე კომპანია Umarex-ი, რომელმაც ვალტერის კომპანია შეიძინა. აღმოჩნდა, რომ მე ვცდებოდი და ასეთი გულუბყვილო გარეგნობის ქვეშ სერიოზული მებრძოლი იმალებოდა. ვინ წარმოიდგენდა? სხვათაშორის ანალოგიური რეაქცია მე ვნახე არა ერთ სხვა სტატიაში, რომელიც ამ პისტოლეტს აღწერდა. ინტერნეტში არსებული გამოხმაურებები მხოლოდ პოზიტიურია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სულ მალე ამ პისტოლეტს სერიოზული რეპუტაცია ექნება.

 

დიდი ზომის ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარა, ერთ ერთი მიზეზია, რომელიც განაპირობებს PPS-ის მსუბუქ უკუცემას.

დაუბრუნდეთ იარაღის აღწერას. სამიზნე მოწყობილობები განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებენ და კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ იმაში, რომ საქმე გვაქს არა კურიოზთან, არა “ერზაც-პისტოლეტთან” არამედ სერიოზულ საბრძოლო ინსტრუმენტთან. განსხვავებით ბევრი სხვა თანამედროვე პისტოლეტებისაგან, PPS-ს “ყუთიდან” უყენია რკინის და არა პლასტმასის და თანაც დიდი ზომის სამიზნი და საჭვრეტი. ისინი საიმედოთ დამაგრებულია საკეტზე, აქვთ მომრგვალებული ფორმები, რის გამოც დამიზნება ადვილია ხოლო მათი ფორმიდან გამომდინარე გამორცხულია, რომ ისინი პისტოლეტის ამოღებისას წამოედონ რამეს (ტანსაცმელს ან ეკიპირების ელემენტებს).  თუმცა ალბათ ასეთი ტიპის იარაღზე რამე XS Express Big Dot მაგვარი სამიზნე მოწყობილობები უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ სამიზნე მოწყობილობებს სადაც დამიზნების ელემენტები განლაგებულია ვერტიკალურად, მაგ. ადრინდელი King Combat Sights (მოგვიანებით სტანდარტული Sig Sauer-ის პისტოლეტებში), Heinie Straight Eight ან უკვე ნახსენები Express Big Dot. მიმაჩნია, რომ ასეთი სამიზნე მოწყობილობები გაცილებით უფრო სწრაფი დამიზნების საშუალებას იძლევა. მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.

მჭიდებს ვალტერის პისტოლეტებისთვის უკვე დიდი ხანია აწარმოებს იტალიური კომპანია Mec-Gar, რომელიც საქმეშია 1965 წლიდან და მთლიანად კონცენტრირებულია მხოლოდ მჭიდების წარმოებაზე.მათი მჭიდები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადება. მჭიდის კორპუსის დაფარვა უზრუნველყოფს შესანიშნავ ანტიკოროზიულ დაცვას და ამცირებენ ხახუნის ძალას. PPS-ის მჭიდები სამი ტევადობის არის, 6, 7 და 8 ვაზნიანი (მოაკელით თითო ვაზნა თუ პისტოლეტის კალიბრია .40 S&W). განსხვავება გარდა ამისა არის მჭიდის ძირებში. ყველაზე კომპაქტური 6 ვაზნიანი ბოლომდე შედის ტარში, ხოლო დანარჩენი ორის ქუსლები წარმოადგენენ ტარის გაგრძელებას, რაც ხელს უწყობს იარაღის კომფორტულ ჭერას.  მჭიდის ღილაკი (ბერკეტი, სასხლეტის დამცველი რკალის ქვევით განლაგებული) ისეთივეა, როგორც ბოლო თაობის P99-ში.

PPS-ი იშლება ისევე, როგორც გლოკის პისტოლეტები. ოდნავ გამოქაჩეთ უკან საკეტი, ერთდროულად დაწიეთ დაბლა ჩარჩოზე,  გვერდებიდან განლაგებული ორი ღილაკი და გაუშვით საკეტი წინ. ის თავისუფლად მოცილდება ჩარჩოს. თავისთავად ცხადია დაშლამდე ამოიღეთ მჭიდი. დარწმუნდით, რომ სავაზნეში არ დარჩა ვაზნა და იარაღის დამრტყმელი დაშვებულია. ტარის უკანა პანელის მოხსნა დაშლამდე, უზრუნველყოფს დამრტყმელის უსაფრთხო დაშვებას. შეგიძლიათ არ მოხსნათ ის და ისე დაშალოთ იარაღი. გაითვალისწინეთ, რომ მოხსნილი პანელით პისტოლეტი არ გაისსვრის. კიდევ ერთი  მექანიზმი, რომელიც იცავს იარაღს არაავტორიზირებული მომხმარებლისგან.

რაც შეეხება PPS -ის ძირითად ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს ისინი შემდეგია: წონა ცარიელის 550 გრ; კლასიკური ხრახნებიანი ლულის სიგრძე 81მმ; სიგანე, შესაშური 27მმ; ავტომატიკის სქემა, მოდიფიცირებული ბრაუნინგის არის, სადაც ლულის და საკეტის გახნსა ხორციელდება ლულის დაწევით. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი წინასწარი შეყენებით, (როგორც გლოკზე, დამრტყმელი შეყენებულია ნაწილობრივ და სასხლეტზე დაჭერისას ხდება მისი ბოლომდე შეყენება). სასხლეტზე განლაგებულია მცველი, საკეტის უკანა მხარეს კი დამრტყმელის შეყენების ინდიკატორი. ზევიდან, რომ დახედოთ იარაღს, შეიძლება დაინახოთ ვაზნა, რომელიც მოთავსებულია სავაზნეში. ეს შესაძლებელია მხოლოდ კარგი განათების პირობებში და მე სხვა ტიპის ინდიკატორები მირჩევნია მაგალითად  ისეთი, რომლის გაკონტროლება შეიძლება სიბნელეშიც,  შეხებით. თუმცა ასეთი დაცვის მექანიზმი, რომელიც PPS-ზე არის, არ მოითხოვს დამატებით დეტალებს და სულ არაფერს ნამდვილად ჯობია. PPS-ის ფასი ამერიკულ ბაზარზე შეადგენს 500–დან 600 დოლარამდე.

PPS-ის უსაფრთხოების სისტემები: 1) მცველი სასხლეტზე; 2) დამრტყმელის მცველი; 3) სავაზნის ინდიკატორი (ჩანს ვაზნის ვერცხლისფერი მასრა ); 4) ბლოკირატორი ტარის უკანა ნაწილში (პანელი მოხსნილია); 4) დამრტყმელის მდგომარეობის ინდიკატორი (შეყენებულია). 5) ზოგი მოდელი შეიძლება იყოს აღჭურვილი მჭიდის მცველით, რომელიც გამორიცხავს გასროლას თუ იარაღში ის არ არის მოთავსებული. ამ შემთხვევაში ისრით ნაჩვენებ დეტალზე იქნება ასო „M“. დაცვის ასეთი მრავალფეროვანი სისტემებით ბევრი სრული ზომის პისტოლეტი ვერ იტრაბახებს!

აქვს თუ არა PPS-ს კონკურენტები? უდაოდ აქვს, მაგრამ მე არ შევადარებდი მას სხვა პისტოლეტებს, რომლებსაც აქვთ ორ რიგიანი მჭიდები. ნებისმიერი სუბ-კომპაქტური პისტოლეტი ორ რიგიანი მჭიდით სისქეში საკმაოდ დიდი არის და თუ კომპაქტურ მოდელში ეს სისქე ნაკლებად ქმნის პრობლემებს, სუბ-კომპაქტებში იგივე უკვე გაცილებით უფრო ნეგატიურ როლს თამაშობს.  PPS-ი თავის მხრივ განეკუთვნება სხვა კლასს, სუბ-კომპაქტურ პისტოლეტებს ერთ რიგიანი მჭიდით და ამიტომ ის წარმოადგენს პისტოლეტის ტიპს, რომელიც შეიძლება პირობითად ჩაითვალოს ე.წ. ჯიბის პისტოლეტად. ამ კლასში კი არც ისეთი დიდი არჩევანია. 9X19 ძლიერი ვაზნაა და ეს მოითხოვს კონსტრუქციას, რომელიც ითვალისწინებს ავტომატიკის სქემას მოძრავი ლულით (თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ეკზოტიკურ  მოდელს, მაგ. Detonics Pocket 9, Sardius SD9). საკმარისად კომპაქტური და ამავე დროს საიმედო 9მმ-ნი (და ზევით) პისტოლეტის წარმოება საკმაოდ რთული ამოცანაა. აქიდან გამომდინარე ამ კლასში ძალიან ცოტა მოდელი არის წარმოდგენილი. ნომერ პირველი კონკურენტებია ალბათ Kahr PM სერიის პისტოლეტები და უკვე ნახსენები Kimber Solo. პირველი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომპაქტურია ცნობილია იმით, რომ საჭიროებს პერიოდს სანამ პისტოლეტი საიმედო ფუნქციონირებას დაიწყებს, ამავე დროს არის საკმაოდ მოუხერხებელი ერგონომიკით ხოლო მოდლები კალიბრში .40 და .45 ცნობილია დაბალი გამძლეობით.  მეორე, კიმბერ სოლო ჯერ ახალი მოთამაშეა მაგრამ ის თითქმის ნახევარი სანტიმეტრით უფრო სქელია ვიდრე  ვალტერი. დრო გვაჩვენებს გახდება თუ არა კიმბერის პატარა პისტოლეტი სერიოზული მოთამაშე. კიდე ალბათ შეიძლება ვახსენოთ Kel-tec-ის პისტოლეტი PF-9, მაგრამ ამ კომპანიის პისტოლეტები ალბათ არ განეკუთვნება პრემიუმ კლასის თავდაცვით იარაღს, რის გამოც მე არ შევადარებდი მას ვალტერის პისტოლეტს. თუმცა კელ–ტეკის 9მმ–ნი მოდელები ძალიან კომპაქტურებია. არის სხვა მოდელებიც, მაგრამ სულ ყველა ცნობილია საკითხავი ერგონომიკით, ითხოვენ კონკრეტულ ვაზნებს (ზოგი საერთოდ გათვლილია ერთ კონკრეტულ ბრენდზე) და გააჩნიად სხვა შეზღუდვები. ამ მხრივ PPS-ს ასეთი შეზღუდვები საერთოდ არ აქვს და ეს და ასევე ის, რომ PPS-ი არის ოქროს შუალედი მიკრო–პისტოლეტებს და ორ რიგიან სუბ–კომპაქტებს შორის გამოარჩევს მას სხვა კონკურენტებისგან.  მე მიჭირს დავასახელო ამ პისტოლეტის ზუსტი ანალოგი. ალაბათ შეიძლება ითქვას, რომ PPS-ი მაინც უფრო არის ერთ რიგიანი კომპაქტური (და არა სუბ–კომპაქტური) 9მმ–ნი პისტოლეტი.  ბოლოს მახსენდება მხოლოდ Springfield EMP, რომელიც იდეით წააგავს ვალტერის პისტოლეტს მაგრამ არის 250 გრამით მძიმე და 6 მმ უფრო სქელი ან Sig Sauer P938 რომელიც გამოჩნდა პირველად 2012 წელს, მხოლოდ 450 გრამს იწონის და მხოლოდ 1 მმ–ით უფრო განიერია ვიდრე PPS-ი.  უკანასკნელზე ჯერ რამის თქმა ძნელია, მაგრამ უდაოდ PPS-მა ალბათ შექმნა ცალკე კლასი, და სულ მალე უფრო მეტი კომპაქტური ერთ რიგიანი პისტოლეტები გამოჩნდება.

Shooterscentral.ge-ს დასკვნა. პისტოლეტი Walther PPS ჩემი აზრით შეიძლება ჩაითვალოს ერთ ერთ საუკეთესო პისტოლეტად, რომელიც ამ კომპანიას ოდესმე გამოუშვია. მისი პატარა სისქე და კარგად გათვლილი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ამ იარაღის ფარული ტარების მაღალ კომფორტულობას ამავე დროს მას არ გააჩნია პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა ან თავისებურება ექსპლუატაციაში, რომლის შესახებ უნდა იფიქროს მისმა მფლობელმა. ეს არის იდეალური პისტოლეტი ფარული ტარებისთვის, რომელიც ერთდროულად კარგი იქნება, როგორც დამხმარე/მეორე იარაღი, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი იარაღის როლშიც გამოდგება, თუ რა თქმა უნდა ერთ რიგიანი მჭიდი არ წარმოადგენს თქვენთვის პრობლემას. უპირველეს ყოვლისა ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს ძალიან კარგი ერგონომიკა და სიზუსტე. ამ მხრივ PPS არ ჩამოუვარდება სრული ზომის პისტოლეტებს. ნაკლოვანებებში შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ ორი  ნიუანსი, ბლოკირატორი/მცველი რომელიც მუშაობს უკანა პანელთან ერთად. მე წინააღმდეგი ვარ ასეთი უნიკალური და თავისებური კონსტრუქციის მოწყობილობების გამოყენებას, თუმცა ეს მე ვარ და სხვამ შეიძლება სხვანაირად იფიქროს.  მეორე ნაკლი ალბათ არის ის, რომ 7 და 8 ვაზნიან მჭიდებს აქვთ საკმაოდ მსხვილი ქუსლები, რომლებიც ტარის ნაწილის როლს ასრულებენ. ამის გამო მათი მაგალითად ჯიბეში ტარება შეიძლება გართულდეს. გარდა ამისა სათადარიგო მჭიდები საკმაოდ ძვირია. იმ არჩევნიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოშია მე მიჭირს დავასახელო PPS-ის რეალური კონკურენტი.

PPS-ი მაკაროვის წინააღმდეგ. პირველი 200 გრამით ნაკლებს იწონის ხოლო 9Х19 +P ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე 9X18 ПМ. სურათის ავტორი Foxbat.



One Response to “მფლობელის თვალით – Walther PPS”

  1. dato says:

    ძალიან საინტერესო და სრულყოფილი სტატიაა,ნამდვილი პროფესიონალის შექმნილი. ინტერესით დაველოდები სხვადასხვა კლასის იარაღის მიმოხილვას.მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ,ამისთვის გულწრფელი მადლობა ლევან.

დატოვეთ კომენტარი