იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის პრაქტიკული ასპექტები

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გადავაწყდი თემას, რომელშიც ერთი‑ერთი ქართულენოვანი ფორუმის წევრები განიხილავდნენ იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის წესებს.

თემაში გამოქვეყნდა უკვე კარგად ცნობილი უსაფრთხოების წესები, მაგრამ, როგორც ჩანს, რამდენიმე წევრმა ინიციატივა გამოიჩინა და ეს წესები საკუთარი შეხედულებისამებრ გადააკეთა. შედეგად კი საკმაოდ ჭრელი და გაუგებარი ტექსტები მივიღეთ.

ბუნებრივია, ამ ფაქტის გამო გამიჩნდა მორიგი სტატიის იდეა, რომელსაც უსაფრთხოების წესებსა და პრაქტიკული თვალსაზრისით მათი მნიშვნელობის ახსნას ეძღვნება.

რა შეიძლება ითქვას ახალი უსაფრთხოების წესებზე? ალბათ, არაფერი, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.  პრობლემა ისაა, რომ დღეს ვინც ამ წესების შესწავლას მოისურვებს, წააწყდება უამრავ გამოცემას. ხშირად წესები იცვლება, გამომდინაარე იქიდან, თუ ვინ და სად აქვეყნებს მათ. ეს ყოველივე კი ქმნის გაუგებრობას. უფრო მეტიც, ზოგიერთი ასეთი „მოდიფიცირებული“ და კონკრეტულ გარემოს მორგებული წესი შეიძლება არ მოერგოს კონკრეტული მსროლელის გარემოს. წესთა ერთობლიობა ქმნის კოდექსს, კოდექსში შემავალი ყველა წესი კი დაცული უნდა  იყოს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. აქ კიდე ერთი პრობლემა ჩნდება: რაღაცა მოთხოვნებს ვასრულებ, რაღაცას – ვერ, ესე იგი – კოდექსი არ სრულდება. თუ შედარებით ჩამოყალიბებულ ფორუმელებს აქვს გარკვეული პრობლემები უსაფრთხოების წესების განმარტებისას, ესე იგი – გარკვეული პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარევაბაში მცირედი წვლილის შეტანა ამ ბლოგის საშუალებით შესაძლებელია.

ამ სტატიის მიზანს არ წარმოადგენს ისტორიული ექსკურსი, თუ საიდან გაჩნდა და როგორ ვითარდებოდა ეს წესები; უბრალოდ აღვნიშნავ, რომ სრულყოფილი, სპეციალიზებული უსაფრთხოების კოდექსი ჩამოყალიბდა 1902 წელს, როდესაც ინგლისელმა Mark Hanbury Beaufoy-მ დაწერა პირველი ვრცელი ნაშრომი, ერთგვარი  მონადირის ეთიკის კოდექსი, სახელად „მამის რჩევა“.  მასში განხილული იყო იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის თემაც. საზოგადოებამ წიგნი მოიწონა. მალევე იარაღის მწარმოებლებმა დაიწყეს ამ ნაშრომის ციტირება იმ ბროშურებსა და ბუკლეტებში, რომლებიც მოჰყვებოდა მათ მიერ გაყიდულ იარაღს. ცხადია, ეს წესები თავიდან მორგებული იყო ნადირობასა (ავტორი მონადირე გახლდათ) და სპორტულ სროლას. აშშ-ში თავდაცვითი იარაღის გამოყენების კულტურის განვითარების დაწყებისთანავე ჯეფ კუფერმა (ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ ამ პროცესში)  სროლის ახალი სტილის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა დაიწყო. გაჩნდა კერძო სკოლები და სასწავო ცენტრები, პარალელურად იხვეწებოდა საცეცხლე მომზადების მეთოდიკა ძალოვან სტრუქტურებში.  ბუნებრივია, ამას თან მოჰყვებოდა უსაფრთხოების ტექნიკის დახვეწა. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა მცირე განსხვავებებით 10 უსაფრთხოების წესის კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისა და სხვების უსაფრთხოებას იარაღთან ურთიერთობისას. ის განსხვავებები, რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად გამოწვეულია ამ წესების ადაპტირების მცდელობით იარაღის გამოყენების განსხვავებული გარემოების გათვალისწინებით, მაგ.: ნადირობა; სპორტული სროლა, თავდაცვა და ასე შემდეგ. უბრალოდ, ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული 10‑წესიანი ფორმატი, რომელშიც უცვლელია 4‑5 წესი, ხოლო დანარჩენი ადაპტირებულია კონკრეტლ გარემოსთან.

ამ 10‑წესიანი ფორმატის გარდა არსებობს უფრო უნივერსალური კოდექსი, ცნობილი, როგორც ოთხი ძირითადი უსაფრთხოების წესი.  ეს ოთხი წესი არის ყველასთვის მინიმალური, აუცილებელი და შესრულებადი ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში. ისინი თავის დროზე ჩამოაყალიბა ჯეფ კუპერმა, რათა ოთხივე მათგანი მისაღები ყოფილიყო ყველა შეიარაღებული ადამიანისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად კუპერის ოთხი ძირითადი წესი წარმოადგენს იარაღთან უსაფრთხოების ტექნიკის არსს. ეს წესები ნამადვილად უნივერსალურია და მათი შესრულება აუცილებელია ტირში, პოლიგონზე, ნადირობისას, ბრძოლაში და ასე შემდეგ, მოკლედ, ყველგან და ყოველთვის.

რატომ „დარჩა“ ათიდან მხოლოდ ოთხი? წესები იმისთვისაა, რომ შესრულდეს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა სპეციფიკიდან გამომდიანრე,  10‑წესიანი კოდექსისი ნაწილი ყოველთვის არ სრულდება ან ვერ სრულდება. აი, მაგალითად, ყველამ ან თითქმის ყველამ კარგად ვიცით წესი, რომლის მიხედვითაც, თუ ჩახმახი დაეცა და გასროლა არ მოხდა, უნდა დაველოდოთ 5‑10 წამი (ზოგი ინსტრუქცია ითვალისწინებს 2‑წუთიანი ლოდინის რეჟიმს), შემდეგ გავხსნათ საკეტი და ამოვაგდოთ დეფექტური ვაზნა. პრაქტიკულ სროლასა და თავდაცვით სროლაში ამ წესის შესრულება შეუძლებელია, ხოლო დაბრკოლება სროლისას სწორდება ელვის სისწრაფით. თავისთავად ცხადია, რომ ტირის პირობებში სასურველია ეს 10 წამი დაიცადოთ, არაფერი მოხდება, მაგრამ საბრძოლო კურსის დროს 10‑წამიანი დაბრკოლება ნიშნავს, რომ შეიარაღებულ შეტაკებაშიც იმავეს გაიმეორებთ და შედეგიც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.  გარდა ამისა, თუ იარაღს თავდაცვისთვის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებთ, უმჯობესია მიაჩვიოთ საკუთარი თავი მომენტალურად აღმოფხვრათ დაბრკოლება დეფექტური ვაზნის მომენტალური ამოგდებით და ახალი ვაზნის ჩანაცვლებით, მათ შორის, ტირის პირობებშიც. ისიც უნდა დავამატო, რომ ათასობით გასროლიდან მხოლოდ ერთხელ მქონდა შემთხვევა, როდესაც 7.62X25 კალიბრის ვაზნები (ძველი და დაობებული) ისროდნენ ერთი ან ნახევარი წამის დაგვიანებით. თანამედროვე ვაზნების შემთხვევაში ასეთი რამ თითქმის არ ხდება. კიდევ ერთი ანალოგიური მაგალითის მოყვანა შემიძლია: მონადირის ეტიკეტის მიხედვით, რაიმე ბარიერის გადალახვა უნდა ხდებოდეს განმუხტული იარაღით, მოთხოვო ჯარისკაცს ბრძოლის დროს იგივე შეასრულოს, უბრალოდ სისულელეა. იარაღი უნდა იყოს მცველზე და მცველის სწორ გამოყენებას და მის აუცილებელ არსებობას იარაღში სამხედროები ოდითგანვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

აქიდან გამომდინარე, ჩვენც უნდა განვასხვავოთ ზოგადი და აუცილებელი წესები, რომლებსაც მე მაგალითად ვუწოდებ ოქროს წესებს და კონკრეტულ სპეციფიკური წესები. ისინი გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ (ეს წესები თავად უნდა შეიმუშაოთ) და ასევე წესები, რომლებიც უკავშირდება თქვენ კონკრეტულ იარაღს, რადგან ურიცხვი ტიპის და მოდელის იარაღი არსებობს. ყველა ტიპს აქვს თავისი უსაფრთხოდ მოპყრობის წესები, რომლებიც გამომდინარეობს მათი კონსტრუქციიდან, ტიპიდან და დანიშნულენიდან. მაგალითად, ძველი ერთმაგი მოქმედების რევოლვერები ყოველთვის იტენება 5 ვაზნით, 6-ის ნაცვლად, ჩახმახის დაწევა ხდება  ცარიელ მექვსე სავაზნეზე და ასე ხდება იარაღის ტარება. ეს იმიტომ, რომ ასეთი ტიპის იარაღი არ არის აღჭურვილი მოწყობილობით, რომელიც კეტავს ჩახმახს, სანამ სასხლეტზე არ იქნება დაჭერილი თითი, როგორც ეს თანამედროვე რევოლვერებშია განხრორციელებული. მსგავსი იარაღი ასე უნდა ვატაროთ: 5 ვაზნა დოლურაში და ჩახმახი დაწეული ცარიელ ვაზნაზე. აღნიშნული წესი დაარღვია ლეგენდარულმა ამერიკელმა სამართალდამცავმა და განფაიტერმა უაიტ ერპმა. მას სალუნში გამოუვარდა რევოლვერი ბუდიდან, დაეცა და გაისროლა. ტყვია ჭერს მოხვდა და იქვე ჩარჩა. იმ დროს ამისთვის მას პასუხს არავინ მოსთხოვდა. დღეს ასეთი ინციდენტი შეიძლება სერიოზული სანქციების მიზეზი გახდეს. ზემოაღნიშნული წესი, რომ შესრულებულიყო, არაფერი მოხდებოდა.

შესაბამისად, ყოველი მსროლელის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების კონსტიტუცია უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი ნაწილისგან. პირველი არის 4 ზოგადი უსაფრთხოების წესი (ქვევით განვიხილავთ), კონკრეტული სპეციფიკური უსაფრთხოების წესები და წესები, რომლებიც გამომდინარეობს თქვენი იარაღის კონსტრუქციიდან. ერთ სტატიაში ყველაფრის დაწერა და ახსნა შეუძლებელია. საჭიროა, იარაღის მფლობელებმა საღად იაზროვნონ და ყურადღებით გაანალიზონ ის გარემო, სადაც უწევთ იარაღთან ურთიერთობა.

დამატებით, გარდა ზემოაღნიშნული უსაფრთხოების წესებისა, არსებობენ ცალკე  წესები სპორტში, სპორტულ დისციპლინებში, ტირებში, სანადირო მეურნეობებში, სამსახურებში, რომელთა პერსონალი შეიარაღებულია, და ბოლოს, სპეციალურ კანონებში (რაც, ჩემი აზრით, უკვე მიზანშეუწონელია თითქმის ყოველთვის). ყოველი მათგანის ცოდნა და შესრულება ასევე სავალდებულოა, ისევე, როგორც მოძრაობის წესების ცოდნა სავალდებულოა ავტომობილის მძღოლისთვის. ყველა შემთხვევაში, ყველგან და ყოველთვის სავალდებულოა შესრულდეს კუპერის ოთხი ძირითადი წესი.

ამ სტატიის ფორმატში შესაძლებელია განვიხილოთ კუპერის ოთხი წესი სათითაოდ და ვრცლად. პირადად მე მომწონს ე.წ. TAB+K ფორმულა/რედაქცია კუპერის წესებისა (ადვილად დასამახსოვრებელი, აბრევიატურა იკითხება, როგორც ღილაკი „ტაბ“ კომპიუტერის კლავიატურაზე ან „ტაბ“ + კ ღილაკი).  ავხსნი წესებს შეძლებისდაგვარად დაწვრილებით და მაგალითების გამოყენებით, რომ ბოლომდე და კარგად გვესმოდეს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა შეიძლება მოჰყვეს ამ წესების უგულებელყოფას.

T= Treat every firearm as if it is loaded. ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი წესი. დაუკვირდით, რას ამბობს ის. მოეპყარი იარაღს ისე, თითქოს ყოველთვის დატენილია. ეს წესი თავიდან სხვანაირად ჟღერდა: ყველა იარაღი ყოველთვის დატენილია. ყველა იარაღი ყოველთვის არ არის დატენილი და უკვე არასწორი თეზისის შესრულება თავიდანვე არალოგიკურია. აზრი ასე თუ ისე გასაგებია, ბევრი სპეკულირება აქ არ ღირს, თუმცა 2003 წელს კუპერმა თავად შეცვალა ეს წესი იმით, რაც ამ აბზაცის დასაწყისშია დაწერილი. მანამდე მთელი რიგი ექსპერტები არაერთხელ აკრიტიკებდნენ ამ მოსაზრებას უკვე ახსნილი მიზეზის გამო.  ეს პირველი წესი არის უსაფრთხოების  ქვაკუთხედი. იგი არ გულისხმობს რაღაც კონკრეტულ ქმედებას ან ამ ქმედების არჩადენას. ის გკარნახობთ, ასე ვთქვათ, მენტალურ მდგომარეობას და მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ, იაზროვნოთ საღად და იყოთ მობილიზებული, როდესაც ხელში იარაღი გიჭირავთ. თქვენ დაუმიზნებთ დატენილ იარაღს მეგობარს ხუმრობის მიზნით? დაუმიზნებთ საკუთარ თავს? საჭიროების გარეშე დააჭერთ სასხლეტს? არა. ესე იგი, იმავეს გაკეთება ცარიელი იარაღით ანალოგიური სისულელეა. ჩემთვის პირადად, პირველ რიგში, ეს წესი გამოიხატება „ლულის დისციპლინაში“, არც დატენილი და არც ცარიელი იარაღით არასდროს დავუმიზნებ სხვა ადამიანს (თუ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არ წარმოადგენს საფრთხეს, რომელსაც მე უნდა გავუმკლავდე). ასევე – არასდროს დავაჭერ სასხლეტს, სანამ ვათვალიერებ ან ვამოწმებ იარაღს. მისი ვიზუალურად დათავლიერებისას, საკუთარი იქნება ეს თუ სხვისი იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ დავრწმუნდები იმაში, რომ იარაღი განმუხტულია, სასხლეტის შემოწმებისას, როდესაც თითს ვაჭერ მას და იმავე დროს არ ვარ ტირში და სროლას არ ვაპირებ, შინაგანად ვგრძნობ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა იმის გამო, რომ არ იცოდა, იარაღი დატენილი იყო თუ არა. ამიტომ, თუ იარაღს მუდამ ისე მოეპყრობით, თითქოს იგი სულ დატენილია, მსგავის სულელური შეცდომისგან დაზღვეული იქნებით. ანალოგიური მაგალითი შეიძლება მოიყვანოთ ცივ იარაღთან მოპყრობისას. ხელში რომ აიღოთ პლასტმასის დანა, რომელიც ნამდვილს ჰგავს, ან დანა, რომელსაც ჯერ საერთოდ არ აქვს პირი, მაინც მოგერიდებათ ხელზე მისი დასმა, რატომ? იმიტომ, რომ გამჯდარი გვაქვს სტერეოტიპი: დანა ჭრის და ეს მტკივნეულია.  ამას ემატება ისიც, რომ აქამდე ხელი ბერვჯერ გაგიჭრიათ და იცით, ეს მტკივნეული და არასასიამოვნოა. ზუსტად ასეთივე სტერეოტიპი უნდა გამოიმუშაოთ იარაღთან დაკავშირებით. უკეთესი იქნება, თუ ამას წინასწარ გაითავისებთ, სანამ იარაღი თქვენს ხელში „თავისით“ გაისვრის. თუ არავინ დაშავდება, მერწმუნეთ, ეს ინციდენტი ერთხელ და სამუდამოდ ჩაწერს ამ წესს თქვენს გონებაში, მაგრამ თუ ვინმე დაშავდა? ალბათ, თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება, სამწუხაროდ, არასასიკეთო მრივ…

A = Always point the muzzle in a safe direction. ლულა ყოველთვის მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით. ამ წესის თანახმად, არასდროს დაუმიზნოთ იარაღი იმას, რის განადგურებასაც არ აპირებთ (აღნიშნული წესის სხვა რედაქციებიც არსებობს, მაგრამ აზრი ერთი და იგივეა): ლულის მიმართულება მუდმივად უნდა აკონტროლოთ! მათ შორის, ტაქტიკური ვარჯიშის შესრულებისას, რეალურ შეტაკებაშიც. განსაკუთრებულად ეს აქტუალურია სხვადასხვა ტაქტიკური მანევრების შესრულების დროს, სადაც ბევრი შეიარაღებული ადამიანი ვიწრო სივრცეშია თავმოყრილი. არ არსებობს აბსოლუტურად უსაფრთხო მიმართულებები, მიწაში ან ჰაერში მიწიდან ასხლეტილი ტყვია ან ნამსხვრევები სახიფათოა, ჰაერში ნასროლი ტყვია უკან ბრუნდება და რა იცით, ვის მოხვდება. ალბათ, ერთადერთი აბსოლუტურად უსაფრთხო მიმართულება არის სამიზნისკენ/მტრისკენ გაშვერილი ლულა. მოკლედ, არსებობს, მხოლოდ ნაკლებად სახიფათო მიმართულებები. საჭიროა, მუდმივად აკონტროლოთ სიტუაცია თქვენ ირგვლივ, ლულის მიმართულება და იარაღის მდგომარეობა. სად იყურება მაგალითად თქვენი პისტოლეტის ლულა ტაქტიკური გადატენვისას? წინ, მტრის/სამიზნის მიმართულებით, თუ გვერდით, სადაც შეიძლება იდგეს თქვენი თანამებრძოლი ან უდანაშაულო პირი, ვის დაცვასაც ცდილობით? მნიშვნელოვანია ამ წესის დაცვა გადაადგილებისას, შენობაში დინამიური შეღწევის დროს, სადაც თითქოს ქაოსურად ხდება ყველაფერი, მაგრამ ტაქტიკური ჯგუფების პროფესიონალი ოპერატორები არასდროს მოქმედებენ ისე, რომ ლულა მიუშვირონ თანამებრძოლს. არსებობს სხვა გაგებაც, როგორიცაა უსაფრთხოების კუთხეები. იგი აქტუალურია ტირებში ან სასროლოსნო შეჯიბრებებში (სადაც უსაფრთხოების კუთხეები წინასწარ არის განსაზღვრული). უსაფრთხოების კუთხე არის ყველაზე პატარა კუთხე საკუთარი ძალებსა და მტრის მიმართულებას შორის, რომელიც გამორიცხავს თავისიანის დაზიანებას შემთხვევითი ტყვიით. გარდა ამისა, სროლის წესებში არის მითითებული მანძილი და უსაფრთხო სროლის კუთხეები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ჯარისკაცებისათვის. თუ სამხედრო მოსამსახურე ხართ და არაფერი გსმენიათ სროლის უსაფრთხო კუთხეებზე, ესეიგი, თქვენი მომზადებისას სერიოზული შეცდომაა დაშვებული.

 

მაგალითი: ერთი ვიდეორგოლი მაქვს ნანახი ინტერნეტში. მსროლელი ისვრის იარაღს თავის წინ მოშორებით განლაგებულ სამიზნისკენ, შემდეგ ტრიალდება 180 გრადუსით, გადაატარებს იარაღს კამერის ოპერატორს და დაიწყებს უკან, გაურკვეველ სროლას. რა სისულელეა! ამისი გაკეთების არანაირი საჭიროება არ იყო. რატომ უნდა განალაგო ორი სამიზნე ერთმანეთის საპირისპიროდ და ჩადგე შუაში? რატომ ქმნი ხელოვნურად საშიშ სიტუაციას? ამას პრაქტიკული სროლის სამყაროში უსაფრთხოების კუთხის გატეხვა ჰქვია. უსაფრთხოების კუთხის „გატეხვა“ პრაქტიკულ სროლაში ავტომატურად იწვევს დისკვალიფიკაციას. პრაქტიკული სროლა იყო, არის და იქნება იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის შესწავლის და შესრულების ავანგარდში. „ველური“ სასროლეთის პირობებში (სასროლეთი, რომელიც არ არის მოწყობილი, ანუ საქართველოს პირობებში) სროლის ადგილის სექტორებად დაყოფა და სროლის უსაფრთხოების კუთხეების მკაფიო განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ! მწარედ უნდა მოგხვდეთ, თუ უსაფრთხოების კუთხეს გატეხთ ან ტაქტიკური ვარჯიშისას ლულას გადაატარებთ თანამებრძოლს და ამას თქვენი მეთაური ან ინსტრუქტორი დაინახავს.  ალბათ, გარკვეული კატეგორია ამის წაკითხვისას იფიქრებს: მოიცა რა! ბრძოლაში ისეთი რამეები ხდება, ვის სცალია, აკონტროლოს, საით არის მიშვერილი ლულა?! ბატონებო, შეიარაღებული პროფესიონალი იმით განსხვავდება შეიარაღებული დილეტანტისაგან, რომ ის არის სპეციალურად მომზადებული, ნებისმიერ პირობებში იმოქმედოს ეფექტურად და უსაფრთხოდ თანამებრძოლების მიმართ. იცით, რით განსხვავდება პროფესიონალური ტაქტიკური ჯგუფების სავარჯიშო ვიდეორგოლები და ქართული  სპეცრაზმების ვიდეორგოლები? პირველნი ამ წესს ან ყოველთვის იცავენ, ან მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიცვან, ხოლო მეორენი ისე იქცევიან, თითქოს არასდროს გაუგიათ ამ წესის შესახებ. თან იმ დროს, როდესაც ამის შესრულება ძალიან ადვილია. ამის დასადასტურებლად მთელი რიგი „სკრინშოტების“ მაქვს მოყვანილი.

 

ჩვენ ვიდეორგოლებზე ტაქტიკური ჯგუფების წევრები გარდა უსაფრთხოების წესების დარღვევისა პრაქტიკულად მთლიანად უგულებელყოფენ იარაღის მაღლა ჭერას, მაქსიმუმ ქვევით ან გვერდით აქვთ გაშვერილი იარაღი, რაც, როგორც სურათებიდან ხედავთ, ყოველთვის არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ასევე, რასაც დავაკვირდი, იარაღი ვარჯიშის პრაქტიკულად ყველა ეტაპზე (მათ შორის, გადაადგილებისას) ყოველთვის აქვთ low ready მდგომარეობაში, ხოლო ლულები დასეირნობენ ყველა მიმართულებით. ეს აგრეთვე წარმოქმნის დამატებით პრობლემებს უსაფრთხოების მხრივ. ქვედა მარჯვენა სურათზე მებრძოლი უმიზნებს პირდაპირ კამერის ოპერატორს, ამ ვიდეოს სხვა კადრებში ოპერატორი სროლის დროს მსროლელის წინ დგა. თუ გახსოვთ, ანალოგიური სარეკლამო სიუჟეტის გადაღებებისას ერთერთი ტელეკომპანიის ოპერატორი დაიღუპა. ქვედა მარცხენა სურათზე მიმდინარეობს სროლა საბრძოლო ვაზნებით, ხოლო მებრძოლები ერთმანეთს გატენილ და შეყენებულ პისტოლეტებს უშვერენ…..


აქ სკრინშოტების სერიაში ჩანს ამ წესის შესრულების მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებულ ვიდეორგოლებიდან, ხოლო მარცხენა ზედა სურათი აჩვენებს ჯგუფის წევრის აშკარა შეცდომას, რამაც გამოიწვია ამ ვიდეოს მაყურებლების უარყოფითი კომენტარები. მთელი ვიდეოს განმავლობაში, ვარჯიშისას ჯგუფი იდეალურად იცავს ამ უსაფრთხოების წესს, გარდა ერთი მემრძოლისა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მომზადების დონეს, რომლის დემონსტრირებას სხვა ჯგუფის წევრები ახდენენ. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ არაფერი განსაკუთრებული ასეთ შეცდომებში არ არის, ცდებიან აქაც, ცდებიან იქაც, განსხვავებულია მხოლოდ მასშტაბები და ის ფაქტი, რომ ვიღაც სწავლობს შეცდომებზე, ვიღაცა არა.

ვისაც ჰგონია, რომ ველოსიპედის გამოგონებას ვცდილობ, ნახეთ ეს საკმაოდ ძველი ვიდეორგოლი, სადაც ვარჯიშობენ აშშ-ის საზღვაო ძალების სპეცრაზმელები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ  როგორ გადაადგილდება პირველი მსროლელი MP5-ით, რა მდგომარეობაშია იარაღი გადაადგილებისას და ასევე ყურადღებით უყურეთ ვიდეოს დანარჩენ ნაწილს და ინსტრუქტორის ბრიფინგს.

 

ცნობილმა ექპსერტმა და ინსტრუქტორმა ენდი სტენფორდმა ტაქტიკური ჯგუფების წევრებს, რომლებიც იყენებენ პისტოლეტს, შესთავაზა იარაღის ჭერის მეთოდი. იგი მაქსიმალურად უსაფრთხო ლულის მიმართულებას იძლევა, თუნდაც საკმაოდ მჭიდრო საბრძოლო წყობაში. სურათზე .. position suhl (პორტუგალიურიდან მიმართულება სამხრეთი) არის ასახული. შესწორება: აღნიშნული ტექნიკის ავტორია ინსტრუქტორი მაქს ჯოზეფი, რომელმაც ეს ტექნიკა შეიმუშავა ბრაზილიაში წვრთნებზე ყოფნისას. ენდი სტენფორდს აღწერილი აქვს ეს თავის წიგნში Surgical Speed Shooting.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. იარაღის განმუხტვისას, ყოველთვის შეუძლებელია ჩახმახის დაწევა ხელით, იმიტომ რომ იარაღი არ არს აღჭურვილი დეკოკერით, ხოლო ჩახმახი იარაღის შიგნითაა (მაგალითად, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები), ან ჩახმახის მაგივრად იარაღი აღჭურვილია დამალული დამრტყმელით (მაგალითად, Glock-ის პისტოლეტები). ასეთ შემთხვევაში უსაფრთხო ბარიერი სასურველია, სადაც მიუშვერთ იარაღის ლულას და დააწვებით ჩახმახს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ იარაღი განმუხტულია. იგივე ფაქტორი მნიშვნელოვანი, თუ თქვენ სახლში მშრალად ვარჯიშობთ, იმას, რასაც პირობითად განმუხტულ იარაღს ესვრით, უნდა შეძლოს გააჩეროს ამავე იარაღიდან ნასროლი ტყვია. ერთადერთი სამარცხვინო ინციდენტი, რომელიც შემემთხვა, სწორედ ამ წესს უკავშირდება. მისმა დაცვამ არ გამოწვია არანაირი დაზიანება, გარდა დაზარალებული თავმოყვარეობისა. ანუ კიდევ ერთხელ მარტივად რომ ავხსნა: ფანჯარაზე, რომელიც ეზოში იყურება, მშრალი ვარჯიშისთვის განკუთვნილი სამიზნე არ უნდა ჩამოკიდოთ.

განმუხტვის პროცედურა, რომელიც მოიცავს სასხლეტზე დაჭერას, მოითხოვს ამისთვის სპეციალურ ადგილს და მოწყობილობას, ეს უკანასკნელი საჭიროების შემთხვევაში დაიჭერს ტყვიას. თუ ასეთი რამე არ არის ხელმისაწვდომი, ლულა სასხლეტზე დაჭერისას მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას უნდა იყოს მიშვერილი.

სურათზე არის ასახული .. weapon clearing station.

მაგალითი: რამდენიმე წლის წინ მივემგზავრებოდი აშშ-ის ერთ‑ერთ სასწავლო დაწესებულებაში. ამის გამო მომიწია საელჩოში მისვლა. შესასვლელთან გუშაგმა (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე) გაურკვეველი მიზეზით დააპირა ავტომატის განმუხტვა, გააკეთა ეს არასწორედ, რის გამოც ვაზნა ჩარჩა სავაზნეში. გუშაგმა ჩახმახის დაწევა მოახდინა, როგორც ეს ხდება ანუ სასხლეტზე დაჭერით. ამას, ბუნებრივია, მოჰყვა ჩემ თვალწინ ჰაერში გასროლა. ეს მაგალითი ადასტურებს, რომ ხანდახან იარაღი, რომელიც წესით ცარიელი უნდა იყოს, ცარიელი არ არის, რის გამოც ის ისვრის მაშინ, როდესაც თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ ის არ უნდა ისროდეს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წესი დაირღვა, მეორე წესის შესრულებამ  (მიშვერა შედარებით უსაფრთხო ადგილისაკენ) გამორიცხა ვინმეს დაშავება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად რა ვარიანტები არსებობს? როგორც უკვე აღვნიშნე, უსაფრთხო ბარიერი (რომელიც არ გამორიცხავს გასროლას, მაგრამ გამორიცხავს ზარალს) და აკრძალვა ჩახმახის დაწევის სასხლეტზე დაჭერით. იყოს შეყენებული, მერე რა? საკმარისია, ვაზნა სავაზნიდან ამოიღოთ და გააქტიუროთ მცველი.  როგორც ვიცი, ბევრი პოლიციური სამსახური აშშ-ში იყენებს ასეთ პრაქტიკას მათი AR15-ის შენახვისას და აქამდე არც ერთი უნებლიე გასროლა არ მომხდარა, იმიტომ რომ სასხლეტზე დაჭერა საერთოდ არ ხდება.

B = Be certain of your target and what’s beyond it. დარწმუნებული იყავით, თუ რას ესვრით და რა არის სამიზნის უკან. ეს წესი შედგება ორი უმთავრესი ნაწილისგან. პირველი – უნდა დარწმუნდეთ, რას ან ვის ესვრით. ვიღაც ეპარება თქვენს ჭიშკარს და ამიტომ კარების გავლით ესვრით მას? ეს სისულელეა. სამიზნე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, როგორც საფრთხე, რომელიც წარმოადგენს რეალურ საშიშროეებას. ანალოგიური მაგალითი შეგვიძლია მოვიხმოთ ნადირობის სამყაროდან: ნამდვილი მონადირე არ ესვირს ყველაფერს, რასაც დაინახავს, ის ყურადღებით არჩევს სასურველ სამიზნეს. როგორ გააკეთებთ ამას, თქვენზეა დამოკიდებული. პოლიციელები ხოცავენ ბავშვებს სათამაშო პისტოლეტებით, რადგან ჰგონიათ, რომ ესვრიან შეიარაღებულ ბოროტმოქმედებს. შეცდომები ხდება  და ამას ვერ გაექცევით, მაგრამ შესაძლებელია შეცდომის დაშვების ალბათობის შემცირება.  თქვენი მხივ მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ, რომ დარმწმუნდეთ – ნამდვილად ესვრით იმას, რისი განადგურებაც გინდათ, რაც წარმოდგენს პირდაპირ და უშუალო საფრთხეს. ალბათ, ამ ოთხი წესიდან ამ წესისი ეს ნაწილი შესასრულებლად ყველაზე რთულია და, საერთოდ, სამიზნის იდენტიფიკაცია არის ცალკე და ძალიან დიდი თემა. ამ წესის მეორე ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის სამიზნის უკან, სად გავარდება ტყვია თუ აცდა სამიზნეს ან გახვრიტა იგი? პოლიგონის ან „ველური“ სასროლეთის პირობებში, ასევე ნადირობისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სასროლეთის პირობებში ტყვია უნდა ხვდებოდეს ბარიერს, რომელიც მას გარანტირებულად გააჩერებს და გამორიცხავს მის ფრენას და მოშორებით რამის დაზიანებას, აგრეთვე რიკოშეტს. ხანდახან  წარმოუდგენელი ფაქტებიც ხდება. მაგალითად, რაც ზემოთ მოყვანილ  ვიდეორგოლშია ასახული. ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, რათა ჩვენმა ტყვიამ მხოლოდ ის „გააკეთოს“, რაც ჩვენ გვინდა და არაფერი მეტი. ძალიან კარგი და სასარგებლო წესია, სროლისას, გარდა სმენისა და თვალების დაცვისა, ასევე ჩაიცვათ მსუბუქი ჯავშანჟილეტი, მით უმეტეს, თუ სროლა ხდება ახლო მანძილიდან, არაუსაფრთხო გარემოში, საეჭვო კამპანიაში, სადაც ბევრი გამოუცდელი მსროლელია. ჩვენთან, გარკვეულ სტრუქტურებში, მტკივნეულმა გამოცდილებამ აიძულა სროლების ჩატარება ყოველთვის სრულ დამცავ აღჭურვილობაში.

მაგალითი: კომპანია „მაგპულის“ სასწავლო ვიდეოში (Art of dynamic shotgun) ამ საფრთხის შესანიშნავი დემონსტრირება განახორციელეს. ინსტრუქტორებმა სამიზნის უკან მოათავსეს სტანდარტული სისქის კედელი, მის მიღმა კი – დამატებით სამიზნე, რომელიც წარმოადგენს უდანაშაულო ადამიანს და იმალება კედლის იქით. სტუდენტებმა გაისროლეს 12 კალიბრის თოფიდან “00″ კარტეჩით, იდეალურად მოარტყეს სამიზნეს 7 მეტრის მანძილიდან, მაგრამ ხუთი ჭურვი სამიზნეს აცდა და მოხვდა კედელს, გახვრიტა ის და ერთ‑ერთი „უდანაშაულოს“ გვერდში აღმოჩნდა. 7 მეტრი იდეალური მანძილია კარტეჩისთვის, გასროლა იყო ზუსტი, ყველაფერი სწორედ შესრულდა, მაგრამ მაინც „უდანაშაულო“ „დაზარალდა“.

ასევე შეიძლება დაუკავშიროთ ამ წესს ვაზნების ტიპის სწორი არჩევანი.  არა კალიბრისა და ტყვიის კონსტრუქციის/ტიპით, გამომდინრე იქიდან, რომელი უფრო ეფექტურია ბიოლოგიური არსებების წინააღმდეგ, არამედ ავარჩიოთ ვაზნა და, თუ გნებავთ, იარაღიც უსაფრთხოების მიხედვით.  თუ ცხოვრობთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, დიდი სიმძლავრის კალიბრის კარაბინი ფოლადის გულიანი ტყვიებით ალბათ არ იქნება კარგი არჩევანი. ასევე არ იქნება კარგი არჩევანი ზაფხულში ღია ადგილას ან ტყეში მგეზავი ვაზნების გამოყენებაც. ამის საუკეთესო დასტურია ერთ‑ ერთი პატარა პოლიგონი, რომელიც ჩემი სახლის ფანჯრებიდან ჩანს (არ დავაკონკრეტებ, რომელ სამსახურს ეკუთვნის ის). შაშრშან იქ რამდენიმეჯერ გაჩნდა ცეცხლი, ბინოკლში კარგად ჩანდა,  პოლიგონის  „მცხოვრებლები“ როგორ  დარბოდნენ და აქრობდნენ ცეცხლს. რამდენიმეჯერ სახანძრო სამსახურის გამოძახება და საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია გახდა საჭირო. ხანძრების კვალი ახლაც კარგად ეტყობა პოლიგონის მიმადებარე ტყეს (ეს სტატია თითქმის მზად იყო, როდესაც ჩემს თვალწინ სროლას იმავე პოლიგონზე, ერთდროულად სამ ადგილზე ცეცხლის გაჩენა მოჰყვა და ისევ სახანძრო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო). ასევე მინდა ანალოგიის მოყვანა ნადირობის სამყაროდან.  არავინ წავა სანადიროდ ფრინველზე აფრიკული შტუცერით. ასეთ დროს არა მარტო იარაღს, არამედ შესაბამის ტყვიაწამალსაც საგანგებოდ არჩევენ. თავდაცვის იარაღის, კალიბრის, ვაზნის ტიპის არჩევისას საჭიროა იარაღის გამოყენების ყველა გარემოებისა და სცენარის გათვალისწინება.

ამავე საკითხს ასევე შეიძლება დავამატოთ ტყვიის ზედმეტი შეღწევის პრობლემა (over penetration), რომელიც არსებობს და უკავშირდება მთლიანად გარსით დაფარული ტყვიების გამოყენებას. პრობლემა აქტუალურია ჩვენთან, სადაც ყველა ძალოვანი სამსახური იყენებს ასეთი ტიპის ტყვიით აღჭურვილ ვაზნებს, ხოლო ექსპანსიურ ტყვიებს ჩვენთან მხოლოდ „დუმ-დუმის“ სახელით იცნობენ და დარწმუნებული არიან, რომ მათი გაყიდვა და გამოყენება აკრძალულია. ბატონებო, FMJ ტიპის ვაზნების გამოყენება სამართალდამცავი სამსახურების მიერ უკვე დიდი ხანია, რბილად რომ ვთქვათ, მოვეტონია და დროა ეს პრობლემაც მოგვარდეს. დავამატებ მხოლოდ, რომ ზედმეტი შეღწევის ან, თუ გნებავთ, გახვრეტის საფრთხე, მაინც არსებობს (მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად გაზვიადებულია), რადგან თავის დროზე ამ ფაქტორით სამართალდამცავები ამართლებდნენ ექსპანსიური ტყვიების შემოღებას.

K = Keep your finger outside the trigger guard until ready to shoot. და ბოლოს, ადგილით,  მაგრამ არა მნიშვნელობით. თითი უნდა იყოს სასხლეტის გარეთ სანამ არ დააპირებთ გასროლას. თუ ამ ოთხ წესს განვალაგებთ არა დასახელების,  არამედ მნიშვნელობის მიხედვით, იგი იქნება მნიშვნელობით მეორე ამ სიაში. ეს არის მარტივი, ადვილად გასაგები  და შესასრულებელი წესი. თითი შორს სასხლეტიდან! არანაირი ზედმეტი ფილოსოფია არ არის საჭირო. თითი არის პატარა, მისი მოტეხვა ადვილია, სუსტად არის დაცული, იგი შეიძლება ამოძრავდეს რეფლექსურად, სპაზმის შედეგად, თუნდაც პატრონს ეს საერთოდაც არ სურდეს. ამიტომაც ეს პატარა, ფაქიზი სხეულის ნაწილი უნდა მოთავსდეს იარაღის სასხლეტზე უკიდურესად ბოლო მომენტში, სროლის დამთავრების შემდეგ კი ისევ მოცილდეს მას. ამ მარტივი წესის შესრულება გამორცხავს ალბათ 99.9%  ყველა ე.წ. „უნებლიე“ გასროლის შემთხვევას.

მაგალითი: ერთ‑ერთი ჩრდილო ამერიკული ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის სპეცრაზმი ახორციელებდა დინამიურ შეღწევას ბინაში, სადაც იმყოფებოდა განსაკუთრებულად საშიში დამნაშავე.  ასაფეთქებელი მუხტი აღმოჩნდა უფრო მძლავრი, რამაც გამოიწვია ძლიერი აფეთქება. ტაქტიკური ჯგუფის ერთ‑ერთი წევრის რექცია ბუნებრივი იყო ძლიერ ხმაზე, მან შეკუმშა ოროვე ხელი, ხოლო ვინაიდან თითი იარაღის სასხლეტზე ედო, ამას მოჰყვა გასროლა. გასროლილი ტყვია ხელში მოხვდა წინ  მდგარ პოლიციელს, რომელსაც კონვულსიის გამო ასევე დაეჭირა თითი სასხლეტზე, 12 კალიბრის თოფიდან გასროლილი კარტეჩი მოხვდა კარებს და კარების უკან მდგომ ფეხმძიმე ქალს. რატომ მოვიხმობ აშშ‑ის მაგალითს? იმიტომ, რომ, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, არ მინდა იმ შემთხვევების შესახებ გიამბოთ, რომლებიც ჩვენთან ხდება (მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მეხება). პრაქტიკულ სროლაში ამ წესის შესრულებას უდიდეს ყურადღებას აქცევენ. საკმარისია ეს წესი დაირღვეს, დისკვალიფიკაცია გარანტირებულია. გადარბენაას, გადატენვისას, სამიზნიდან სამიზნეზე გადართვისას – თითი სასხლეტზე არ დევს და მორჩა.


სკრინშოტი ერთ ერთი ქართული ვიდეოდან, მსხვილი პლანით ჩანს აშკარა შეცდომა, თითი სასხლეტზეა მაშინ როდესაც მსროლელმა შეწყვიტა სროლა, იარაღი აღარ უმიზნებს მოწინააღმდეგეს და მსროლელი მზად არის გადატენვისთვის.  დაიმახსოვრეთ, თითი არის სასხლეტზე მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ხართ გასროლის განხორციელების პროცესში!

არსებობს საპირისპირო მაგალითი: ცნობილი ფოტოსურათი ერაყიდან, სადაც დაჭრილი ჯარისკაცი გამოყავთ შენობიდან. ისინი იცავენ მარტივ უსაფრთხოების წესს. ჯარისკაცს თითი არ უდევს სასხლეტზე. მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილია 7 ტყვიით და 43 ნამსხვრევით. თუ ეს შესაძლებელია მსგავს რთულ სიტუაციაში, არანაირი მიზეზი არ არსებობს ზემოაღნიშნული წესი არ შესრულდეს პოლიგონის პირობებში, მით უმეტეს, სარეკლამო რგოლებისას. სხვაობა მხოლოდ ადეკვატურ მომზადებაშია.

ძალიან მარტივად შევაჯამებ ამ წესს: მისი შესრულება დაგიცავთ ე.წ. უნებლიე გასროლისგან, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, იარაღი თავისით არ ისვრის. კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი, მოვლილი, თანამედროვე იარაღი თავისით არასდროს გაისვრის. დღეს იარაღის მწარმოებელი კომპანიები ყველა ზომას ხმარობენ, რათა გამორიცხონ გასროლა, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მსროლელი აჭერს თითს სასხლეტს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, გარანტირებულია მრავალმილიონიანი სარჩელი, რომელიც სასამართლო დიდი ალბათობით მოსარჩელეს სასარგებლოდ დააკმაყოფილებს. ასევე ყველა ძალოვან სტრუქტურას აქვს თავისი ტესტირების პროტოკოლები ან ხმარობენ სხვას, რომელშიც ყოველთვის გათვალისწინებულია ე.წ. ვარდნის ტესტი, ამ დროს მოწმდება, რამდენად დაცულია იარაღი გასროლისგან, თუნდაც ძალიან ძლიერი დარტყმის შედეგად. იმავეს ახორციელებს პრაქტიკულად ყველა იარაღის პატიოსანი და სერიოზული მწარმოებელი, მანამ სანამ იარაღი მოხვდება გაყიდვაში.

რაც შეეხება უნიკალურ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ გარემოდან, სადაც გიწევთ ცხოვრება. ეს არ არის უმაღლესი მათემატიკა და ყველაფერი გაცილებით მარტივია. მაგალითად, თუ ხშირად გიწევთ სასროლეთზე სიარული, გარკვეული წესები უნდა დაიცვათ ტრანსპორტირებისას: არასდროს დატოვოთ მანქანა ღია, როდესაც მასში იარაღი დევს, თუნდაც 2 წუთით სახლისთვის პურის საყიდლად გადადიოდეთ.  იარაღი საბარგულში (თუ მანქანა უნივერსალია ან „ჯიპის“ ტიპისაა) არ უნდა ჩანდეს გარედან, რომ არ მოხდეს ამით ქურდობის პროვოცირება.

კიდე ერთი მაგალითი: თუ მონადირე ხართ, საერთო ნადირობისას, შესვენების დროს ყოველთვის ბოლომდე განმუხტეთ იარაღი. ვინმეს დაუკითხავათ რომ მოუნდეს თქვენი იარაღის ნახვა, ამ უსაფრთხოების წესით იარაღიდან გასროლა მაინც შეუძლებელი იქნება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ერთი პოლიციური დეპარტამენტი აშშ-ში არ რთავს ნებას პოლიციელებს, ატარონ საპატრულო მანქანებში 12 კალიბრის თოფები ვაზნით სავაზნეში. ამ კონსტრუქციის თოფებში არსებობს მცირე  შანსი, რომ ძლიერი დარტყმის შედეგად მოხდეს გასროლა. თუ მანქანა ავარიაში მოხვდა, დარტყმის სიძლიერის გამო  შესაძლებელია მოხდეს გასროლა.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. მთავარია, იფიქროთ, გაანალიზოთ, აწონ-დაწონოთ ყველაფერი და საღად იაზროვნოთ. უბედური შემთხვევები თავისით არ ხდება. მათ კონკრეტული მიზეზები აქვს. უმეტესობა გამოწვეულია მსროლელის მიერ ამ ოთხიდან ერთერთი ან რამდენიმე უსაფრთხოების წესის დარღვევით. მართალია, ხანდახან ხდება ისეთი რაღაცეები, რომელთა წინასწარმეტყველება შეუძლებელია ერთი შემთხვევა, ჩემ თვალწინ მოხდა, რისი მიზეზიც იყო. ჩაჟანგული და გაჭედილი ნემსა გლუვლულიან საიგაშია. ვაზნის მიწოდებისას მოხდა გასროლა და შედეგად გაფუჭდა ჭერი ბინაში.  მეეჭვება, რომ უფრო ინტენსიურ მოვლას გამოერიცხა ნემასას გაჭედვა (კალაშნიკოვის სისტემის იარაღის საკეტი არც ისე ადვილად იშლება, საჭიროებს ორ ინსტრუმენტს და მას უბრალოდ ხშირად არ შლიან გასაწმენდად), თუმცა პროფილაქტიკური ინსპექტირება უდავოდ გამოავლენდა პრობლემას. აქიდან ჩვენ გადავდივართ უსაფრთხოების კონსტიტუციის მესამე ნაწილზე, რომელიც ასე ჟღერს: იცოდე შენი იარაღი. ცოდნაში იგულისხმება, როგორც ტექნიკური მოწყობილობის ცოდნა, ასევე კონკრეტულად თქვენი იარაღის, მისი ტექნიკური მდგომარეობის, თუ გნებავთ, თავისებურებების ცოდნა.  აღსანიშნავია, რომ დაბალი კლასის იარაღი უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს და უფრო დიდი ალბათობით შეექმნება პრობლემები, თუ მომსახურება არ არის სრულყოფილი. ასევე საკმაოდ ბევრი პრობლემა უკავშირდება კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენებას. საიგის მაგალითი რომ გავაანალიზოთ, გამოიხატება შემდეგი ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავს ასეთ პრობლემას მომავალში. ესენია: 1) პერიოდული პროფილაქტიკური იარაღის ინსპექტირება; 2) ჩახმახის არდაწევა, რაც გამორიცხავს დაწოლას ნემსაზე და მის გამოწეულ მდგომარეობაში გაჭედვას;  3) იარაღის წმენდის რეგლამენტის გადახედვა, და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საკეტის და ნემსას წმენდისას.

მაგალითი საიგის მონაწილეობით გვეუბნება, რომ იარაღის რეგულარული დათვალიერება, ძირითადი ელემენტების ინსპექტირება აუცილებელია, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა კომპონენტი კარგად მუშაობს. თუ არ გესმით სხვაობა ჩახმახსა და სასხლეტს შორის, თუ ვერ ხვდებით, რა განსხვავებაა  გადაბმულ და თავისუფალ საკეტებს შორის და გგონიათ, რომ თუ მჭიდს დაზეთავთ, ვაზნები იქიდან უკეთესად ამოვა, მაშინ დროა, შეისწავლოთ ზოგადად იარაღის მოწყობილობა, მუშაობის პრინციპები და მისი მოვლა-მომსახურების თავისებურებები.

კიდევ ერთი მაგალითი: ერთ‑ერთ ტირში მსროლელი ისროდა Taurus PT92-იდან, ხოლო მის გვერდზე მსროლელი – Beretta 92-ით. ტაურუსი პრაქტიკულად ბერეტას კლონია. თუ ექსპერტი არ ხართ, მათი გარჩევა საკმაოდ ძნელია. მსროლელი ტაურუსით დაინტერესდა, როგორ ახერხებს მსროლელი ბერეტათი ჩახმახის ასე სწრაფად დაშვებას. მეორე მსროლელმა აუხსნა, რომ საკმარისია მცველის ღილაკს დაბლა დააწვეთ და ჩახმახი თავისით დაიწევა და თან ამის დემონსტრირებაც მოახდინა. შემდეგ დააწვა სასხლეტს და აჩვენა,  რომ ის თავისუფლად მოძრაობს, ვინაიდან მცველმა იგი გამოთიშა. ტაურუსზე მცველის დაბლა დაწევა ნიშნავს მცველის გამორთვას, ხოლო იარაღი შეყენებული რჩება და გამზადებულია სროლისთვის. მსროლელი ნახულს ზედმიწევნით  იმეორებს, შედეგად კი დღეს ამთავრებს საოპერაციოში – ნახვრეტით ფეხში. ეს იყო ორი, ერთი შეხედვით, იდენტური იარაღი და უბედური შემთხვევა გამოწვეული თითქოს და უმნიშვნელო დეტალით (აღნიშნული შემთხვევა აღწერილია მასად აიუბის ერთ‑ერთ სტატიაში).

მოდით, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობთ, რამდენმა თქვენგანმა იცით, როგორ ხდება, მაგალითად, პისტოლეტში ჩახმახის სწორი დაშვება? სწორია დაშვება, როდესაც თითით იჭერთ ჩახმახს, ათავისუფლებთ მას სასხლეტზე დაჭერით, გიჭირავთ ის თითით და უშვებდ სასხლეტს. ყურადღბა გაამახვილეთ ერთ მომენტზე:  სასხლეტს უშვებთ მაშინ, როდესაც ჩახმახს დაწევთ ისე, რომ ის გაათავისუფლოთ, ხოლო მისი ბოლომდე მიწევა მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც სასხლეტს თითს აუშვებთ. რატომ? რადგან  თითი რომ აგიცდეთ და სასხლეტი ნემსას დაეცეს, მცველი გამორიცხავს მის მიღწევას ამაალებლამდე, იმიტომ რომ სასხლეტს თითი უკვე არ აჭერს, ეს აქტუალურია თანამედროვე იარაღისთვის, იარაღის ძველ მოდელებზე ნემსას მცველი ან სხვა მცველი, რომელიც გამორიცხავს დარტყმას ამაალებელზე სასხლეტზე დაჭერის გარეშე, შეიძლება უბრალოდ არ იყოს გათვალისწინებული. აქიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იცოდეთ თქვენი იარაღი!  კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ: თავდაცვის იარაღში (და პრინციპში ყველა სხვა იარაღშიც) თავი შეიკავეთ რაიმე მოდიფიკაციებისგან, რომელიც უკავშირდება იარაღის მექანიზმებს, ყველაზე უფრო დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს და მის „გაუმჯობესებას“. ჩემს ხელში ათობით ასეთმა იარაღმა გაიარა და ყველა პირდაპირ ყუთიდან იყო გამზადებული გამოყენებისთვის. ყველას ჰქონდა ადეკვატური სასხლეტები. არც ერთი არ საჭიროებდა გაუმჯობესებას და სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რისთვისაც იარაღია განკუთვნილი.  უბრალოდ თავი შეიკავეთ პოლირებებისგან, ქლიბვისგან და ა.შ.

მაგალითი: ჩემი ერთი ნაცნობი გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებდა თავის მცირეკალიბრიან კარაბინით. შედეგად, მან ისე დაარეგულირა სასხლეტი, რომ ის თავისუფლდებოდა საკეტის დაკეტვისას. იარაღი შეუმოწმებლად წაიღო სასროლად. საკეტის დაკეტვისას მოხდა გასროლა, რაც დიდი სიურპრიზი იყო გვერდზე მდგომებისა და იარაღის პატრონისთვის. თუ ასე ძალიან გინდათ თქვენს ჭკუაზე მოიყვანოთ სასხლეტი და ვერ ისვენებთ, სანამ სასროლად წახვალთ, დარწმუნდით, რომ იარაღი მუშაობს ისე, როგორც საჭიროა და არ არის მწყობრიდან გამოსული. ასეთი მიდგომით გაფუჭებული კი არა ერთი იარაღი მინახავს.

არის გამონაკლისებიც, როგორც წესი იაფ და დაბალი ხარისხის იარაღებში. შორს რომ არ წავიდეთ, პატარა გერმანული მცირეკალიბრიანი რევოლვერები Weihrauch HW 22 გამოირჩეოდნენ იმდენად მსუბუქი სასხლეტით, რომ თითქმის ყველას, ვინც აიღო ის ხელში, პირველად და ხანდახან  მეორე ჯერზეც, იარაღი უბრალოდ „უვარდებოდა“. კიდევ კარგი, იარაღი სამიზნისკენ იყო მიმართული! ასეთი ტიპის სასხლეტით იარაღის გაყიდვა დიდი შეცდომაა.

სტატიის დასასრულს ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აშშ–ში NRA-მ (National Rifle Association) 1988 წლიდან შემოიღო ქცევის წესები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იარაღთან ურთიერთობის გამოცდილება და წააწყდნენ მას უპატრონოდ მიტოვებულს ან სადმე იპოვეს. წესები ასე ჟღერს:

წესი 1: გაჩერდი!

წესი 2: არ მოკიდო ხელი!

წესი 3: დატოვე ადგილი!

წესი 4: აცნობე უფროსებს!

და ბოლოს, გარდა ტყვიის მოხვედრით გამოწვეული ჭრილობებისა, შეიძლება სროლამ ჯანმრთელობას სხვა ტიპის ზიანი მიაყენოს. ზოგი უფრო გრძელვადიანი ზემოქმედების შედეგად. ხანგრძლივი სროლით აისახება ჯანმრთელობაზე. თუმცა, მხედველობის,  სმენის დაცვასა და სხვა საკითხებს  სამომავლოდ ცალკე სტატიაში განვიხილავთ.

ეს ყველაფერი, რაც ეხლა თქვენ წაიკითხეთ მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც შეეხება იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობას, მაგრამ აღსანიშნავია მთავარი: აქ ახსნილი ოთხი ძირითადი წესის შესრულება უზრუნველყოფს იმას, რომ უნებლიე გასროლას (მათ შორის, ყველაზე საოცარი არაჩვეულებრივი მიზეზების გამო)   არ მოჰყვეს სავალალო შედეგები (ვინმეს დაჭრა ან სიკვდილი), დანარჩენი კი რაც არ უნდა საწყენი, ნერვების მომშლელი, გამაღიზიანებელი იყოს, ზოგჯერ დამამცირებელიც კი, მაინც უმნიშვნელო ინციდენტია, რომელსაც შემდეგ სიცილით  უამბობთ  თქვენს მეგობრებს.

P.S. სტატიაში განხილული თემა გამომდინარეობს ჩემი შეხედულებებიდან, ცოდნიდან, გამოცდილებიდან. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც დავწერე, მნიშვნელოვანი და მართალია: უსაფრთხოების წესები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იარაღის და უსაფრთხო სროლის კულტურა პრაქტიკულად არ არსებობს, სწორედაც საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ ამის გამოსწორება და ასევე ვასწავლოთ სხვას. არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება და საკუთარი შთაგონების და ფანტაზიის გამოყენება, ყველაფერი დაწერილია და უფრო მეტია ვიდრე თქვენ მოასწრებთ წაკითხვას და ამიტომაც გირჩევთ ეხლავე დაიწყოთ ამ საკითხის შესწავლა. ამავე დროს, მე არ შეიძლება ვიცოდე ყველაფერი და გავითვალისწინო ყველანაირი სიტუაცია, ამიტომ მივესალმები ნებისმიერ გამოხმაურებას ამ სტატიაზე, შემოთავაზებას და კრიტიკას.

 

 



3 Responses to “იარაღთან უსაფრთხოდ მოპყრობის პრაქტიკული ასპექტები”

  1. giga says:

    gamarjoba levan,

    albat urigo ar iqneba,rom amave statiis bolos daceriliko iaraghis da vaznebis usafrtxod shenaxvis cesebi.

  2. გია says:

    გამარჯობათ ლევან

    ყველაფერი კარგად წერია, არის რაღაც თავისებურებები, რომლებიც თქვენს მოსაზრებებს გამოხატავს, რაც ძალიან მისასალმებელია…
    უფლებას ვიტოვებ, რადგან სტატია განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის, მივაწოდო ჩემს სტუდენტებს კრიმინალისტიკის სკოლაში, როგორ დამატებითი საკითხავი და გასათვალისწინებელი სასწავლო მასალა…
    თუ რაიმე დაგაინტერესებთ მეილზე მომწერეთ მზად ვარ გემსახუროთ…
    პატივისცემით გია.
    ბოდიშით თუ შეიძლება გვარი მომწეროთ, ბლოგზე ვერ ვნახე… სტატიის ავტორი, რომ დაუფიქსირო…

  3. Shooter says:

    გამარჯობა, მიაწოდეთ რა თქმა უნდა მე არ მაქვს პრობლემა, პირიქით რაც უფრო ფართო აუდიტორია იქნება მით უფრო უუკეთესი. ჩვენ კურსიც გვაქვს უსაფრთხოებაში, PP პრეზენტაცია და ნარატივი, რომელსაც ვუკითხავთ მსსურველებს. თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ მეილზე levano9x19@gmail.com

    დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

დატოვეთ კომენტარი