Parabellum–ი და 1907 წლის დიდი გამოცდები სპრინგფილდში

მოგეხსენბად ჩემი ბლოგი არის დამოუკიდებელი პროექტი და აქიდან გამომდინარე მე აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ჩემი აზრის გამოხატვაში. ალბათ ასევე იმის გამო, რომ მე არ დავეძებ პოპულარობას მასებში, ჩემთვის არ არის პრობლემა გამოვთქვა „არაპოპულარული“ აზრები და შესაბამისად, არც ის არის პრობლემა, რომ დავწერო ნეგატიური სტატიები იარაღზე, რომელიც მე არ მომწონს ან ჩემი აზრით არ არის კარგი.  ნეგატიურ სტატიებს „ფუ ეს რა ნაგავი იარაღია“ ჟანრიდან, თქვენ ვერსად ვერ წაიკითხავთ (ლიტერატურაში), იმიტომ, რომ იარაღის მწარმოებლები ეგრევე უჩივლებენ იმ გამოცემას, სადაც ასეთი მეამბოხე ავტორი მოღვაწეობს. როდესაც დაახლოებით 1990 წელს მასად აიუბმა დაწერა სტატია იმ დროისთვის ახალ და უჩვეულო ავსტრიული გლოკის პისტოლეტებზე, მან ყურადღება გაამახვილა, რამოდენიმე მისი აზრით სუსტ მხარეზე, რაც ამ პისტოლეტებს გააჩნდა. ამას მოყვა დიდი სკანდალი, რომლის შედეგად გლოკის აშშ-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ვალტერმა („ის“ კარლ ვალტერი არ გეგონოთ), გამოითხოვა Gun Magazine-დან (სადაც გამოქვეყნდა ეს სტატია) 7 ციფრიანი თანხის ოდენობის კონტრაქტი სარეკლამო მომსახურებაზე. და შეპირდა, რომ მანამდე სანამ ჟურნალი არ დაითხოვებდა მასად აიუბს ის კონტრაქტს არ განაახლებდა. (მასად აიუბი ჟურნალში დარჩა, ხოლო გლოკმა მომდევნო წლებში “დამოუკიდებლად” გამოსაწორა იმ ნაკლოვანებების უმეტესობა, რაზეც აიუბი წერდა). მე ცხადია, ასეთი რამეები არ მემუქრება, ხოლო ცალკეული მოდელების ქომაგების სიძულვილს ადვილად ავიტან. ალბათ, ვინც კითხულობთ ჩემ ბლოგს შეამჩნევდით მე ძალიან თავშეკავებული ვარ რუსული/საბჭოთა იარაღების მიმართ, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მათთან გაცილებით მეტი პრობლემა მქონდა ვიდრე უცხოურ იარაღთან და პირდაპირ ვიტყვი არ მესმის ტიგრების/სვდ-ეების, მაკაროვების და საიგების პატრონების ფანატიზმამდე დასული აღრთოვანება მათი იარაღებით. მე თუ მკითხავთ, ნორმალური მუშა ინსტრუმენტებია, რომლებიც მთლიანობაში უკვე აღარ ვარგიან იმაში, რისთვისაც იყვნენ შექმნილები და ვერ უძლებენ შედარებას ანალოგიური დანიშნულების უცხოური წარმოების იარაღებთან. ფორდი მოდელი ტ იყო ძალიან კარგი მანქანა მეოცე საუკუნის დასაწყისში, დღეს ის უკვე მხოლოდ ისტორიის ნაწილია და მისი, როგორც ავტომობილის შეფასება დღევანდელი კრიტერიუმებით უაზროა. ასე და ამრიგად ამ სტატიაში მე მინდა ავხსნა ჩემი „გრილი“ დამოკიდებულობა ლუგერის პისტოლეტების მიმართ, საუბარია Luger  P08-ზე ასევე ცნობილზე, როგორც პარაბელუმი (შემდგომში მე ამ სტატიაში მას ამ “მეტსახელით” მოვიხსენიებ). ამ იარაღის შეფასებას მე არ ვაპირებ დღევანდელი სტანდარტებით, იგივე მიზეზით რა მიზეზიც ავხსენი ფორდის მაგალითზე, ეს იქნებოდა აბსოლუტურად უაზრო. უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას პისტოლეტის კონსტრუქციის თავისებურებებზე.

უნდა ავღნიშნო, რომ ყველაფერს, რასაც მე აქ დავწერ არის მხოლოდ ჩემი პირადი აზრი, რომელიც დაფუძნებულია, როგორც ჩემ პირად გამოცდილებაზე ასევე სპეციალურ ლიტერატურაზე, რომელშიც იწერებოდა პარაბელუმზე. მე ძალიან კარგად ვიცი და მესმის ის როლი, რაც პარაბელუმმა ითამაშა მოკლელულიანი იარაღის განვითარების პროცესში. ძალიან მოკლედ, რომ ავხსნა, პარაბელუმი იყო პირველი, საკმარისად კომპაქტური და მსუბუქი ავტომატური პისტოლეტი, რომელიც ამასთანავეე იყო ძალიან ერგონომიული და მოსახერხებელი. ამ იარაღმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ეფქტური, საიმედო და ამავე დროს კომპაქტური პისტოლეტის მასობრივი წარმოება.

დავიწტოთ იქიდან, რომ დღევანდელი პარაბელუმები არ არის საიმედო იარაღი. რატომ დღევანდელი? იმიტომ, რომ მათი წარმოება შეწყდა 1942 წელს (ამერიკაში წარმოებული კომერციული პარაბელუმების მცირე პარტიები არ ითვლება). ამ პერიოდში იარაღი ძველდება, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტი პოპულარულია კოლექციონერებში და იარაღის მოყვარულებში ის უბრალოდ ინახება მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მათ შორის მიუხედავად მისი ტექნიკური მდგომარეობისა. ეს კი განაპიორბებს იმას, რომ ასრსებობს დიდი რაოდენობით ტექნიკურად გაუმართავი და გაცვეთილი იარაღების.  ზოგადად ჩვენ ქვეყანაში არსებული პარაბელუმების დიდი ნაწილი არის სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაში, გაამოცვლილი ნაწილებით, უხეშად რესტავრირებული ან სრულადაც მწყობრიდან გამოსულები. მე გაგიმხელთ საიდუმლოებას, არც იდეალურ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი პარაბელუმი არ გამოირჩეოდა დიდი საიმედოობით. ჩემი აზრით მის დიზაინში არის სერიოზული ნაკლოვანებები, რასაც ეწირება პირველ რიგში პისტოლეტის საიმედოობა. საიმედოობა კი ის კრიტერიუმია, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო თუ თავდაცვით პისტოლეტებში. არაფერი არ არის ცუდი იმაში, რომ იქონიოთ კოლექციაში პარაბელუმი, მაგრამ მიანიჭოთ მას თავდაცვის იარაღის ფუნქცია უკვე სერიოზული შეცდომაა. რატომ? იმიტომ, რომ პარაბელუმი ჭედავს სროლისას. ეს არის აქსიომა ცნობილი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს მჭიდრო ურთიერთობა ამ პისტოლეტთან. რონალდ ბარმაისტერი 1966 წლის Gun Digest-ში წერს: მე ჯერ არ მქონია ლუგერი, რომელიც არ ჭედავდა. ეგრევე თუ 50 გასროლის შემდეგ, მაგრამ მე ჯერ არ მინახია ლუგერი, რომელიც გაისროდა 500 ვაზნას პრობლემის გარეშე. იგივეს იმეორედ ტიმოტი ჯეი მალინი თავის წიგნში “100 საუკეთესო პისტოლეტი”: უცნაურია ასეთმა არასაიემდო იარაღმა, როგორ მოიპოვა კარგი რეპუტაცია პირველი მსოფლიო ომის სანგრებში. და კიდემრავალი ასეთი ციტატის მოყვანა შეიძლება ხალხისგნა, რომელსაც ჩვენზე მეტი ესმოდა იარაღებში.

სპეციალურ ლიტერატურაში სახელდება სამი ძირითადი მიზეზი პარაბელუმების არასაიმედოობის.

1. ვაზნის მიწოდება. ზედა ვაზნა მჭიდში, არის შორს განლაგებული სავაზნისგან, როდესაც საკეტი აწვდის ვაზნას, ის გადის გრძელ გზას, პრაქტიკულად ასწრებს მოძრაობაში მყოფ სავაზნეს, რომელსაც აქვს გარდა ამისა საკმაოდ ბასრი კუთხეები. ყველაფერი ეს ქმნის საკმაოდ არასაიმედო  მიწოდების სქემას.

2. საკეტის მოწყობილობა. დახურვისას, პარაბელუმის საკეტი ინარჩუნებს მხოლოდ მცირე ნაწილს ზამბარის ძალის, რომელიც ეხმარება მას დაიხუროს საკეტზე. ანუ ის იკეტება არა პირდაპირ ზამბარისგან მიღებული ენერგიით არამედ პრაქტიკულად იკეტება უფრრო მეტად ინერციის ძალით. ჩვეულებრივ „კლასიკურ“ პისტოლეტებში ზამბარა საკეტის დახურვის მთელი ციკლის დროს, თავიდან ბოლომდე გადასცემს საკეტს თავის ძალას. პარაბელუმში ასე არ ხდება. ძლიერი ვაზნების გამოყენების შემთხვევაშიც, როდესაც ჩაკეტვის სისტემა საკმარისს იმპულსს იღებს, რომ შემდგომ ენერგიულად დააბრუნოს უკან საკეტი და მოახდინოს ჩაკეტვა, დიდი ალბათობით გაიჭედება ბოლოში, თუ იარაღი დაბინძურებულია, ან ვაზნა მაგალითად ცოტათი დეფორმირებულია ან ცდება სპეციფიკაციებს. აქიდან გამომდინარე სუსტი ვაზნები უფრო მალე აიძულებენ პარაბელუმს გაიჭედოს, ვიდრე  სხვა კლასიკური კონსტრუქციის პისტოლეტის შემთხვევაში.

3. ექსტრაქცია. პარაბელუმის ექსტრაქტორი არის განლაგებული 12 საათზე, ეჟექტორი 4 საათზე, ხოლო საექსტრაქციო ფანჯარა ზევით არის 12 საათზე (თუ უყურებთ პისტოლეტს უკნიდან). პირველად, როდესაც ეს ვნახე ჩემი თვალით, დიდიხანი თავს ვიფხანდი.  ექსტრაქციისას მასრა ეჯახება პისტოლეტის ლულის ჩარჩოს, აირეკლება და შემდგომ ტოვებს  იარაღს.  ასეთი ექსტრაქციის სქემა არ შეიძლება ჩაითვალოს საიმედოთ.

ამ სკრინშოტიდან კარგად ჩანს ექსტრაქორის და ეჟექტორის “არაბუნებრივი” განლაგება.

მთლიანობაში ეს სამი ფაქტორი, განაპირობებდა პისტოლეტის საკმაოდ არასაიმედო მუშაობას. ძველ გაცვეთულ იარაღში ეს პრობლემები მხოლოდ იზრდება. გარკვეული პერიოდი პარაბელუმი წარმოადგენდა საუკეთესო ხელის იარაღს, მაგრამ უკვე 1911 წელს, როდესაც ბრაუნინგის პისტოლეტმა მიაღწია თავის საბოლოო ფორმას, პარაბელუმმა დაკარგა თავისი აზრი.

თემიდან გამომდინარე არც თუ ისე უმნიშვნელო იქნებოდა გაგვეხსენა აშშ–ში 1907 წელს ჩატარებული პისტოლეტების და რევოლვერების დიდი გამოცდები. გამოცების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო იარაღი უნდა მიღებულ ყოფილიყვნენ აშშ–ის შტატების შეიარაღებული ძალების მიერ. 1907 წლის 15 იანვარს  საგამაოცდო კომისიას, რომელსაც უნდა აერჩია საუკეთესო პისტოლეტი, წარუდგინეს 9 მოდელის მოკლელულიანი იარაღი, 8 მწარმოებლის მიერ დამზადებული. 3 იყო რევოლვერი, 6 იყო პისტოლეტი. მათ შორის იყო ბრაუნინგის პისტოლეტი, რომელიც მომავალში გახდება ლეგენდარული M1911 და ასევე პარაბელუმი – სულ ორი ცალი გათვლილი .45ACP ვაზნაზე. ტესტირების პროგრამა ითვალისწინებდა პისტოლეტების ყოველმხრივ შესწავლას, დაწყებული დაშლა აწყობის სიმარტივიდან და დამთავრებული სროლებით გართულებულ პირობებში. ტესტირებების დროს, პარაბელუმი საკმაოდ მალე გამოეთიშა ასპარეზობას ვინაიდან, გამოცდებმა გამოავლინა დიდი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა პისტოლეტის ჩაკეტვის სქემას. საჭირო იყო, ძალიან ძლიერი ვაზნები, რომ საკეტს მიცემოდა საკმარის ინერციას ბოლომდე ჩასაკეტად. ნასროლი იყო, როგორც  აშშ–ში დამზადებული ვაზნები, რომლის “ირგვლივ” იქმნებოდა საგამოცდო პისტოლეტები (და რომლებიც წინასწარ დაეგზავნა ყველა მსურველს, ვისაც სურდა კონკურსში მონაწილეობის მიღება),  ასევე დამზადებული გერმანიაში სპეციალურად პარაბელუმისთვის და სპეციალურად ამ გამოცდებში გამოყენებისთვის. ტესტირებისას სულ გასროლილ იქნა 1022 ვაზნა , და ძლიერი გერმანული ვაზნების გამოყენებისას, რაიმე გაუმჯობესებას საიმედოობაში ადგილი არ ქონია. სულ დაახლოებით 50–ზე მეტ დაბრკოლებას ქონდა ადგილი (ირაღის ბრალი), აქიდან სამი ძირითადი ტიპის, ვაზნა იჭედებოდა ლულის ჩარჩოსა და საკეტს შორის, საკეტი არ იხურებოდა ბოლომდე, ვაზნა ყირავდებოდა და იჭედებოდა ცხვირით მაღლა. უმეტესობა დაბრკოლებების მოხდა მაშინ, როდესაც სროლა ხორციელდებოდა დაბინძურებული იარაღიდან.  კომისიამ ცალკე აღნიშნა პისტოლეტის ინოვაციურობა და მოსახერხებელი ოფციები (კონკრეტულად მჭიდის ღილაკი, რომელმაც შემდგომ გადაინაცვლა გამარჯვებულ  ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტზე), მაგრამ ამავე დროს აადგინა, რომ პარაბელუმი არადამაკმაყოფილებელია საიმედოობის მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ბრაუნინგის პისტოლეტმა დაასრულა წარმატებით ტესტირების პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ადგილზე გასული პისტოლეტის მწარმოებელმა, Savage-მა უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე,  კომისიამ დართო ნება, გერმანელებს მეორე ტურში მონაწილეობაზე და სთხოვა მათ დამატებით  200 პისტოლეტის მიწოდება. გერმანელებმა ჩათვალეს, რომ 200 პისტოლეტის მათთვის უჩვეულო .45 კალიბრზე წარმოება არ იქნებოდა მიზანშეწონილი და ასევე უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე.  საბოლოოდ ტესტირების ბოლო რაუნდში, გავიდა მხოლოდ ბრაუნინგის პისტოლეტი და  Savage-ის მიერ წარმოდგენილი პისტოლეტი, რომელიც დააბრუნეს კონკურსში ლუგერის გამოთიშვის შემდეგ. ტესტირება დასრულდა ბრაუნინგის გამარჯვევით როდესაც, თავად 56 წლის ჯონ ბრაუნინგმა გაისროლა ორი დღის განმავლობაში 6000 ვაზნა დაბრკოლების გარეშე, საგამოცდი პისტოლეტიდან და ამით წერტილი დასვა ამ შეჯიბრებაში.

სამწუხაროდ მეორე გერმანული პისტოლეტი, რომელიც ლუგერის გარდა იყო წარმოდგენილი – კონსტრუქტორ ბერგმანის მიერ, ჩამოვიდა აშშ–ში სერიოზული დეფექტით. ჩახმახს არ ქონდა საკმარისი ძალა, რომ გასროლა განხორციელებულიყო. ამის გამო პისტოლეტი ეგერევე მოხსნეს კონკურსიდან, ერთი ვაზნის გასროლის გარეშეც. პისტოლეტს არ ახლდა, არც ერთი ტექნიკოსი ბერგმანის წარმოებიდან ან უბრალოდ წარმომადგენელი. უცნაური და არასერიოზული დამოკიდებულების მაგალითი, გერმანელებისგან, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ პედანტურობით და თანმიმდევრულობით…….

პარაბელუმის კიდევ ერთი ნაკლია, მცველის განლაგება. შეუძლებელია იარაღის ამოღებისას, მისი სწრაფი გამორთვა ერთი ხელით. საჭიროა ან მეორე ხელის დახმარება ან ჭერის შეცვლა იმისთვის, რომ დიდმა თითმა შეძლოს მისი გამორთვა. საკეტი, რომელიც გასროლისას უშლის ხედვას, მაინც და მაინც დიდ პრობლემას არ მქნის, ხოლო საკეტის მდგომარეობა ადვილად კონტროლირდება.

საინტერესო ფაქტი: ორი .45 პარაბელუმის პისტოლეტიდან, რომლებიც 1907 წელს ჩავიდა აშშ–ი ერთი, როგორც ჩანს განადგურდა ტესტირებების შემდეგ, ხოლო მეორე, ერთადერთი ქარხნული .45 კალიბრის პარაბელუმი, დღეს ინახება აშშ–ში, კერძო კოლექციაში და მისი ფასი შეადგენს დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს.

რა შეიძლება დავამატოთ უკვე ნათქვამს?  რა თქმა უნდა ლუგერის ეს პისტოლეტი არის იარაღის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. რა თქმა უნდა მას თუ ის კარგ ორიგინალურ მდგომარეობაშია აქვს დიდი საკოლექციო და თუ გნებავთ სიმბოლური ღირებულება.  მაგრამ, ისიც არის ფაქტი, რომ 1911 წელს შექმნილი M1911 დღემდე მოაღწია მინიმალური ცვლილებებით და ეხლაც წარმოებაშია, ხოლო Luger P08, რომლის წარმოება შეწყდა 1942 წელს, დღეს წარმოადგენს მხოლოდ საკოლექციო ექსპონატს და არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საბრძოლო ან თავდაცვის ეფექტური იარაღი

1907 წლის კონკურსზე წარმოდგენილი ავტომატური პისტოლეტები. სურათები აღებულია ტესტირების ორიგინალური დასკვნიდან.



2 Responses to “Parabellum–ი და 1907 წლის დიდი გამოცდები სპრინგფილდში”

  1. jurkha says:

    მშვენიერი და ძალიან საინტერესო სტატიაა. როგორც ყოველთვის.
    დიდი მადლობა ბატონო ლევან.

  2. კაკი says:

    მთლიანად ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს პარაბელუმის არასაიმედოობაში,მე თვითონ მაქვს გამოცდილი ამ იარაღის არასაიმედოობა…ისე საკეტის სქემას რაც შეეხება მართლაც ინერციის ძალით იკეტება ლულაზე საკეტი და მაგიტომაც იწვევს გაჭედვას ეს პისტოლეტი,თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო ის რომ მასეთი ჩაკეტვის სქემა უზრუნველყოფს იარაღის კონსტრუქციის ხანგრძლივ მუშაობას და მაგიტომაცაა ეგ იარაღები მესამე საუკუნეა ისვრის უკვე… რადგან საკეტის შეჯახება თითქმის არ ხდება ლულაზე ამიტომ ეს იარაღს სიცოცხლისუნარიანობას საგრძნობლად უხანგრძლივებს…რაც შეეხება ექსტრატორსა და მის განლაგებას ესეც ძალიან ცუდად აქვს ამ იარაღს,გერმანელებიდან არის გასაკვირი მასეთი არაეფექტური სისტემის შექმნა თორემ სხვა ქვეყნის რომ იყოს ეგ იარაღი მაშინ არც გამიკვირდებოდა…

დატოვეთ კომენტარი