ვაზნების როტაცია

ამ მოკლე სტატიაში მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც ჩვენ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. საქმე ეხება ე.წ. ვაზნების როტაციას, ანუ თქვენ თავდაცვის იარაღში მოთავსებული ამუნიციის პერიოდულად გამოცვლას/როტაციას. ეს პრაქტიკა მიღებულია პროფესიონალებისთვის, თუმცა საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელისთვის ამის შესახებ ცოტა, რამ არის ცნობილი. მაგალითად ამერიკულ ფორუმზეც ამაზე თემა, რომ გახსნათ ბევრი თანაფორუმელი უბრალოდ ვერ მიხვდება რაზეა საერთოდ საუბარი. თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოდ, ის ვინც თვლის, რომ იარაღში ვაზნები არ უნდა იდოს, იარაღი უნდა ინახებოდეს დალუქულ შვიდ საკეტზე ჩაკეტილ სეიფში, ხოლო ვაზნები ცალკე დალუქულ სეიფში შეუძლია ეს სტატია აღარ წაიკითხოს. იმიტომ რომ, რასაც ეხლა მე აქ დავწერ ასეთი მკითხველისტვის იქნება საშინელი ერესი და მკრეხელობა.  ყველა დანარჩენს ვინც ხვდება თავდაცვის იარაღის ზუსტ დანიშნულებას და ფლობს ასეთს ეს სტატია დააინტერესებს. ასევე ეს სტატია საინტერესო იქნება იმისთვის, ვისთვისაც იარაღის ტარება სავალდებულოა. კონკრეტულად რაშია ეხლა საქმე? საქმე კი იმაშია, რომ ვაზნები, რომელიც თქვენ გაქვთ მოთავსებული იარაღში, იარაღის ტარებისას და ექსპლუატაციისას და გარკვეული პროცედურების შესრულებისას (დატენვა/განმუხტვა) განიცდიან გარკვეულ დატვირთვებს, და დროთა განმავლობაში ამის შედეგად ვაზნა ზიანდება და  მწყობრიდანაც გამოდის. რას ნიშნავს მწყობრიდან გამოსული ვაზნა რეალურ შეტაკებაში იმედია არ საჭიროებს დამეტებით ახსნას. რატომ განიცდის ვაზნა ასეთ დატვირთვებს? იარაღი პერიოდულად იტენება და პირიქით. მორიგეობის დასრულების შემდეგ, იარაღის არსენალში ჩაბარებისას, მშრალი ვარჯიშებისას, როდესაც იარაღი ჯერ უნდა განიმუხტოს და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ისევ დაიტენოს და ა.შ. ამის გამო დროის ხანმოკლე პერიოდში პირველი რამოდენიმე ვაზნა მჭიდში გადის დატენვის განმუხტვის მრავალ ციკლს.  მაგრამ ეს სულ არ არის.

ცნობილია ვაზნების სამი ყველაზე გავრცელებული დაზიანების მიზეზი.

1. ზეთი და ხანდახან საწმენდი ხსნარების ზემოქმედება ვაზნაზე. ზეთს აქვს თვისება გაიპაროს ყველაზე წვრილ ნაპრალებშიც კი. თუ ვაზნას აქვს მუდმივი კონტაქტი დაზეთილ ნაწილებთან დროთა განმავლობაში ზეთი აღწევს მასრის შიგნით და დენთი კარგავს თავის თვისებებს. უკეთეს შემთხვევაში ამას მოყვება ბალისტიკის დეგრადაცია, უარეს შემთხვევაში გასროლა ან არ მოხდება ან ტყვია ლულაში გაიჭედება. ეს პრობლემა აქტუალურია, როგორც პისტოლეტებისთვის ასევე გარკვეულ წილად რევოლვერებისთვისაც.

2. ვაზნის ხშირი მიწოდებისას მისი დაზიანება. ყოველთვის, როდესაც თქვენ ტენით იარაღს - ათავსებთ ვაზნას სავაზნეში, ტყვია და მასრა განიცდიან დატვირთვებს, როდესაც ტყვია ეჯახება feed ramp-ს და შემდგომ ტოვებს მჭიდს და ცურდება სავაზნეში. ასეთი დარტყმების შედეგად ტყვია შეიძლება დაიძრას მასრაში, უფრო ღრმად ჩაჯდეს მასში ან თუნდაც გამოიწვიოს მასრის კედლების დაზიანება. ვაზნის სავაზნეში ხელით მოთავსება წყვიტავს ამ პრობლემას, მაგრამ წარმოქმნის მეორე პრობლემას. ექსტრაქტორის კბილი ეჯახება მასრის რკალს და ახტება მას. ხშირი გამეორების შემთხვევაშო რკალი ზიანდება, იქმნება საფრთხე არასრული ექსტრაქციის. ხოლო ტყვიის მასრაში ზედმეტი შეღწევა გამოიწვევს გასროლისას წნევის ზრდას, რაც გვემუქრეება დეტონაციით და იარაღის განადგურებით ან მნიშვნელოვანი დაზიანებით. ეს განსაკუთრებულად აქტუალურია მაღალ წნევიანი კალიბრებისთვის (მაგალითად .40S&W, .357 SIG).

 3. ავტომატურ პისტოლეტებში, ყოველთვის, როდესაც მჭიდს ათავსებთ იარაღში, ზედა ვაზნა ეჯახება ქვევიდან საკეტს. ადრე თუ გვიან შესაძლებელია ამის შედეგად ვაზნა დაზიანდეს და მწყობრიდან გამოვიდეს.

ზოგი ვაზნა უფრო მალე განციდის დეფორმაციას ვიდრე სხვა. პირველი ვაზნა არის PMC-ის 9მმ-ნი ექსპანსიური ტყვიით, მას მერე რაც რამოდენიმე თვე იყო პირველი ვაზნა მჭიდში და რამოდენიმეჯერ თავსდებოდა სავაზნეში საკეტის მოძრაობით. მის გვერძე იგივე ტიპის ახალი ვაზნა. ტყვია აშკარად უფრო ღრმად ზის. ვაზნის გამოყენება  არ შეიძლება.

სათადარიგო მჭიდში მოთავსებული ვაზნები ასევე განიცდიან გარკვეულ მავნე ზემოქმედებას. ეს შეიძლება იყოს ნესტი, ოფლი და ასე შემდეგ.  ხანგრძლივი მათი შენახვა ასეთ პირობებში ასევე არ არის მიზანშეწონილი.

“აფეთქებული  Glock 22, მიზეზი იგივე, რაც პირველ სურათზე, დააკვირდით ვაზნას მჭიდში, ტყვია აშკარად ჩვეულზე უფრო ღრმად ზის მასრაში. იარაღი ეკუთვნოდა საწყობის მცველს აშშ-ში. ყოველ დღე ის ტენიდა იარარს და დღის ბოლოს განმუხტავდა. ამან გამოიწვია ტყვიის მასრაშო დაძვრა. საწვრთნელი სროლების დროს ასეთ ვაზნაში წნევამ მაქსიმალურ დასაშვებ დონეს გადააჭარბა და იარაღი განადგურდა. სურათის წყარო The Gun Zone.

ილუსტრაციების ნახვის შემდეგ ალბათ გასაგებია, რომ წამოწეული პრობლემა რეალური და აქტუალურია. ჩვენი არასრულყოფილი ქვეყნის პირობებში განსაკუთრებულად აქტუალური. კარგი თავდაცვითი ვაზნები დიდი იშვიათობაა საქართველოში, ბუნებრივია ვისაც ასეთი ვაზნები აქვთ სურთ, რომ ისინი მუდმივად ქონდეთ იარაღში, მაგრამ მათი ხანგრძლივი გამოყენება წარმოშობს უფრო დიდ პრობლემას ვიდრე არადამაკმაყოფილებელ ტერმინალურ ეფექტს FMJ ვაზნების გამოყენებისას . ვიცი შემთხვევები და მინახია მჭიდები სადაც მხოლოდ ზედა 2-3 ვაზნა იყო რაიმე ექსპანსიური ტიპის ტყვიებით, ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივი გარსით დაფარული (FMJ) ტყვიებით. რაიმე როტაციაზე საერთოდ ზედმეტი იყო ფიქრი.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა, როგორ შეიძლება რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გამოშვებული მარავალი ათწლეულების წინ გამოშვებული ვაზნების გამოყენება შესაძლებელია ყოველგვარი პრობლემის გარეშე ხოლო თანამედროვე ვაზნები თურმე ასეთი საფრთხეების ქვეშ დგას. პასუხი მარტივია:  სწორედ შენახული ვაზნები ათწლეულებსაც გაუძლებს და უფრო მეტ ხანსაც, მაგრამ იარაღში მოთავსებული ის ხვდება პოტენცილურად ყველაზე არასასურველ, მძიმე გარემოში, ზეთის, ოფლის, ნესტის, შესაძლებელია საწმენდი ხსნარების ზემოქმედება, დარტყმები და ვიბრაცია. ყველაფერმა ამან შეიძლება გამოიწვიოს უშუალოდ ვაზნის დაზიანება ან დენთის თვისებების, როგორც შეცვლა ისევე საერთოდ მათი დაკარგვა.

გარდა იმისა, რაც ავღწერე იშვიათად მაგრამ შესაძლებელია, რომ ვაზნა გამოვიდეს მწყობრიდან თავისი კონსტრუქციის გამო. მაგალითად პირველი თაობის Winchester Silver Tip-ების ტყვია დაფარული იყო ლაკის ნაირსახეობით. სიცხეში მოხვედრისას ლაკი დნებოდა და შედიოდა კონტაქტში დენთთან, რის გამოც ვაზნა ხდებოდა ფუჭი. იშვიათად მაგრამ ასეთი შემთხვევებსაც აქვს ადგილი.  ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ვაზნას აქვს ძალიან მცირე სენახვუის ვადა. მაგალითად .22lr კალიბრის ვაზნები, სადაც არანანირ გერმეტიკი არ გამოიყენება და დენთი პრაქტიკულად დაუცველია მავნე ზემოქმედებისგან. იგივე შეიძლება ითქვას გლუვლულიანი იარაღის  ვაზნებზე.  ზოგი “ფანაატი” იყენებს ფრჩხილების ლაკს დამატებითი დაცვისთვის ნესტისგან ან ზეთისგან, მაგრამ რამდენად ეს ეფექტურია ჩემთვის უცნობია.

თანამედროვე ვაზნები, არის ძალიან სრულყოფილი პროდუქტი. ვგულისხმობ პატიოსან კარგი რეპუტაცციის მქონე მწარმოებლებს, ალბანურ, ეგვიპტურ, რუსულ არაკონდიციურ ვაზნებს რა თქმა უნდა არ ვთვლით. როგორც, წესი კარგი ვაზნების აბსოლუტური უმეტესობა დაცულია სხვა და სხვა “გერმეტიკის” ნაირსახეობებით, რომლებიც იცავეენ ვაზნას მასში ნესტის ან ზეთის შეღწევისაგნ, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხანგრძლივ ზემოქმედებას ისინი ვერ გაიძლებენ, ხოლო თუ ტყვია მასრაში დაიძრა ესეიგი ჰერმეტიულობაც დიდი ალბათობით დაირღვევა.

გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ამუნინიციის რეგულარული როტაცია. ანუ სროლის დროს, იყენებთ ვაზნებს, რომლებმაც გარკვეული პერიოდი გაატარეს იარაღში. ამუნიციის მარაგის არსებობის შემთხვევაში ისვრით ყველაზე დიდიხნის წინ შენახულ ვაზნებს. რეგულარულად ვიზუალურად ამოწმებთ ვაზნებს მჭიდებში.  ყველაფერი ეს პრაქტიკულად გამორიცხავს არაკონდიციური ვაზნების გამოყენების ალბათობას. ვაზნების როტაცია ასევე სავალდებულოა და რეგლამენტირებულია სერიოზულ ძალოვან/სამართალდამცავ სტრუქტურებშიც.

და ბოლოს, ტყვიაწამლის საუკეთესო მწარმოებლებიც არ არიან დაზღვეული ბრაკისგან. Federal-ის ამ ვაზნაში ამაალებეელი გვერდით არის ჩასმული. კიდევ ერთი მიზეზი გადაამოწმოთ თქვენი თუნდაც სულ ახალი ვაზნები, რომ ასეთი თუნდაც ძალიან იშვიათი პრობლემა გამორცხოთ. სურათის წყარო The Gun Zone.



One Response to “ვაზნების როტაცია”

  1. jurkha says:

    დიდი მადლობა ბატონო ლევან ფრიად სასარგებლო და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისათვის.

დატოვეთ კომენტარი